martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ოპტინელი წმიდა მამების სწავლებები

 

წმ. ლეონ ოპტინელი

 

ჩვენს დროში ღმერთი მოღვაწეებს ისეთ გაჭირვებებს არ უგზავნის, როგორსაც ძველ მოღვაწეებს უგზავნიდა, რადგან ვერ იტვირთავენ; და არც იმ ნიჭებს უბოძებს, ძველად რომ უბოძებდა, რათა თავი არ აიმაღლონ.

 

ახალდამწყები ჩვეულებრივ შემთხვევებშიც მუდმივად მზვაობრობს.

 

ეს სიმართლეა, ვინც გინდა იყოს, მოღვაწე თუ მმარხველი, მაგრამ საკუთარი ნებით მცხოვრები და თავისი თავის დამმოძღვრავი, მასში განმტკიცებას და კეთილ განსჯას ვერ იხილავ.

 

არა იმდენად ბერული გამოცდილება და ხელოვნება მოქმედებს, რამდენადაც შემკითხველის რწმენა და სასოება მოიზიდავს ჩვენზე ღვთის მადლს.

 

ღირს მამას (ლეონიდეს) ერთმა მოწაფემ ჰკითხა: „მამაო! როგორ მოიპოვეთ ასეთი სულიერი ნიჭები, რომლებსაც ჩვენ თქვენში ვხედავთ?“ ბერმა უპასუხა: „იცხოვრე უფრო უბრალოდ, ღმერთი არც შენ მიგატოვებს“. შემდეგ დაამატა: „ლეონიდე ყოველთვის უკანასკნელი იყო სავანეებში, წინამძღვრის არც ერთ დავალებაზე არასოდეს უთქვამს უარი. ხდებოდა ხოლმე, რომ დიდი დღესასწაულების მწუხრზე სხვები ტაძრისკენ მიიჩქაროდნენ, ხოლო ლეონიდეს ხუტორში გზავნიდნენ სტუმრების ცხენებისთვის თივის მოსატანად, შემდეგ კი დაღლილსა და უჭმელს კლიროსისკენ გზავნიდნენ გალობისთვის, და ისიც უდრტვინველად ემორჩილებოდა. ეცადე შენც ასე იცხოვრო და ღმერთი შენც გამოგიჩენს წყალობას“.

 

ვერ ვხედავ მოუთმენელ გაჭირვებებს. როცა გაჭირვებაა, ღვთის შეწევნასაც ვიღებ მათ გადასატანად. შეუძლებელია მათგან სრულიად განთავისუფლება, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მემკვიდრეობასავით დაგვიტოვა ისინი. რამეთუ თვითონ ივნო ჩვენთვის. და წმიდა მოციქულებმაც, მოთმინებისა და გაჭირვებების აუცილებლობის შესახებ მრავალ სწავლებას შორის ესეც დაწერეს: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმე 14,22). ამიტომ, ჩვენით არ ვეძებოთ გაჭირვებები, ხოლო ღვთის ნებას დავემორჩილოთ. როგორი გაჭირვებების გამოგზავნასაც ინებებს, ყველაფერი მადლობით მივიღოთ.

 

 

წმ. მაკარი ოპტინელი

 

საჭიროა შეგახსენოთ, არა შესაშინებლად, არამედ გასაფრთხილებლად: ყოველთვის არ გექნებათ ისეთი თაბორი, როგორიც დასაწყისში გქონდათ; საჭიროა გოლგოთაზე ყოფნაც. სულიერი სიხარული ჯვრის გარეშე მტკიცე არ არის, ყოველ კეთილ საქმეს ან წინ უძღვის ან შემდგომ მოსდევს განსაცდელი; ამის გარეშე ის მტკიცე ვერ იქნება.

 

ღვთის სიყვარული ღვთის მცნებების აღსრულებაშია და არა გონების აღტაცებაში, როგორც შენ გგონია. ეს სულაც არ არის შენი საზომი. უმჯობესია, შენი უძლურება დაინახო, დამდაბლდე და თავი ყველაზე უარესად ჩათვალო...

 

ყველა თქვენი შეცოდების მიზეზი და ფესვი ამპარტავნებაა; მისი განშტოებებია: აღზვავება, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე, ხალხის გაკიცხვა, შეურაცხყოფა და განკითხვა.

 

კიდევ მწერთ, რომ ვერ ხედავთ თქვენში მზვაობრობასა და ამპარტავნებას და გსურთ მათი ნიშნების ცოდნა. თვით ის, რომ ვერ ამჩნევთ საკუთარ თავში ამ ვნებებს, არის იმის ნიშანი, რომ მათ უპყრიათ თქვენი სული, წყვდიადით აქვთ იგი შემოსილი... ამის აშკარა მოწმობაა „კიბის“ 23-ე თავში, როგორ მოძღვრავდა სულიერად ბრძენი ბერი ძმას, რომ არ ეამპარტავნა, ის კი, გონებით დაბნელებული, პასუხობდა: შემინდე, მამაო, ჩემში არ არის ამპარტავნება. ბერი განაგრძობდა: ყველაზე მეტად მაგ სიტყვებით ამტკიცებ შენს ამპარტავნებას, როდესაც ამბობ, არ არის ჩემში ამპარტავნებაო. ბასილი დიდის სიტყვით სიბნელე სინათლის არყოფნაა. სულიერ საგნებშიც, სიმდაბლის ნათლის არყოფნისას ამპარტავნების სიბნელე ფარავს სულს.

 

მზვაობრობა და ამპარტავნება ერთი საფუარისგანაა, განსხვავება კი ასეთია: მზვაობრობა უბიძგებს (კაცს) გამოაჩინოს თავისი კეთილმსახურება ან გონიერება, დიდად აფასებს ხალხის აზრს, უყვარს ქება, მიდრეკილია კაცთა გულების მოგებისაკენ, ეშინია კაცობრივი ცრუ სირცხვილისა და ა.შ. ხოლო ამპარტავნება თავს ამჟღავნებს მრისხანების დაბერვებით, მღელვარებით, მოყვასის აბუჩად აგდებით, განკითხვით და დამცირებით, აღაზვავებს სულს თვითრჯულობით და საკუთარ საქმეთა და გარეგან თუ შინაგან ღირსებათა გამო ქედმაღლობით.

 

სიმდაბლისა და ამპარტავნების ნიშნები დაე შემდეგი იყოს შენთვის: მეორე ყველას კიცხავს, საყვედურობს და მათში სიშავეს ხედავს, ხოლო პირველი მხოლოდ თავის სიცუდეს ხედავს და ვერ ბედავს ვინმეს განკითხვას.

 

იტანჯება სხეული, სულიც იტანჯება; სული რწმენით რომ ყოფილიყო განმტკიცებული, სხეულიც შეძლებდა განმტკიცებას სულის სიმშვიდისას. შეძრწუნებული სული კი სხეულზეც მოქმედებს და სნეულება ძლიერდება.

 

 

წმ. მოსე ოპტინელი

 

გამოცდილებამ მასწავლა ამგვარი წესი: როცა საჭიროა ვინმეს საყვედური გამოვუცხადო ან შენიშვნა მივცე, საჭიროა ჯერ გულში ვილოცო მისთვის. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ის ძმა არ მიიღებს შენიშვნას, მაგრამ თუ ილოცებ მისთვის, ხედავ – მოულოდნელად შენიშვნასაც მშვიდად იღებს და გამოსწორებაც ხდება.

 

 
წმ. ანტონი ოპტინელი

 

სულიერი სიმშვიდე მოიპოვება ღვთის ნებისადმი სრული მინდობით.

 

ჩვენ მოცემული გვაქვს ძალაუფლება ცოდვების მიტევებისა და არა ცოდვებზე ნების მიცემისა.

 

დიდად სათნოა ღვთისთვის, რაც კურთხევით აღესრულება; ამიტომ ისე ვიცხოვროთ, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი კურთხევით იყოს.

 

თქვენ რომ ყოველთვის ჯანმრთელი, ყველაფრით კმაყოფილი და განსვენებული ყოფილიყავით, შეიძლება სხვებივით გაფანტული ცხოვრებისკენ წასულიყავით და ამა სოფლის გემოვნებით გეცხოვრათ. მაგრამ ღმერთი ყველაფერს წინასწარ ხედავს და როგორც მოწყალე მამა გვიცავს ყოველივე უსარგებლოსგან და იმისგან, რაც მისთვის სათნო არაა. ამიტომაც ნუ შეძრწუნდებით და ნუ გამოეძიებთ, რატომ ხდება არა ის, რაც გვინდოდა, არამედ ის, რაც არასოდეს გვდომებია; რამეთუ ღმერთმა უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის სასარგებლო – სიჯანსაღე თუ უძლურება. ხოლო ჩვენი ვალია, ბავშვური მორჩილებით ყველაფერი მივიღოთ ზეციერი მამისგან... და ვიმეოროთ: „მამა ჩვენო, იყავ ნება შენი!“ ან ისე ვთქვათ ხოლმე, როგორც ერთი ღვთივგანბრძნობილი ბერი ამბობდა: „მოვიდა ჩემთან სნეულება, დიდება შენდა, უფალო! ჩემი სნეულება გაძლიერდა, დიდება შენდა, უფალო! ჩემი სნეულება უკურნებელი გახდა, დიდება შენდა, უფალო! რამეთუ ჩემთვის შენთან ზეცაში ყოფნა სჯობს მიწაზე ადამიანებთან ყოფნას“.

 

ცხადია, უფრო იოლი იქნებოდა მაძღარი მუცლით და რბილი ბუმბულის ლეიბით, გადავბრუნებულიყავით, და – პირდაპირ უნათლეს სამოთხეში; მაგრამ იქ გზა ჯვრიდან მიდის, რამეთუ ცათა სასუფეველი არა ერთი და ორი, არამედ მრავალი ჭირით მიიღწევა!.. მე და შენ კი ძალიან უძლურები ვართ, გაფიქრებაც კი გვაშინებს ჯვარცმაზე, რკინის ლურსმნებზე და ლახვარზე! ღვთის გულისათვის ალმაცერად შემოხედვა, ცივი მიღება და თხოვნაზე უარი მაინც მოვითმინოთ, თუნდაც ამ მცირე ხარისხებიდან დავიწყოთ ჩვენი ჯვარცმა; და ღმერთი მოწყალეა, ჩვენც შევაღწევთ ცათა სასუფეველში დიდი ტანჯულების კვალდაკვალ!

 

 
წმ. ილარიონ ოპტინელი

 

თუკი გრძნობ, რომ მრისხანებამ მოგიცვა, მდუმარება დაიცავი და ნურაფერს იტყვი მანამდე, სანამ განუწყვეტელი ლოცვითა და თავის გაკიცხვით არ დამშვიდდება შენი გული.

 

სწორად გესმის ის, რომ თუკი შენს გულს დაამშვიდებ შენზე განრისხებულის მიმართ, მაშინ უფალი მის გულსაც აუწყებს შენთან შერიგებას.

 

თავის ქების აზრები რომ მოგივა, შენს ცოდვებს უნდა შეხედო და გახსოვდეს, რომ ღვთის შეწევნის გარეშე ჩვენ ვერაფერ სასიკეთოსა და სასარგებლოს ვერ გავაკეთებთ; ჩვენი მხოლოდ უძლურებები და ცოდვებია.

 

 
წმ. ამბროსი ოპტინელი

 

სიყვარული, ცხადია, ყველაფერზე აღმატებულია. თუკი ხედავ, რომ სიყვარული არ გაქვს, მაგრამ გინდა, რომ გქონდეს, მაშინ აკეთე სიყვარულის საქმეები, თუნდაც თავიდან სიყვარულის გარეშე. უფალი დაინახავს შენს სურვილსა და მცდელობას და ჩაგიდებს გულში სიყვარულს. მთავარია, როცა შენიშნავ, რომ სიყვარულის წინააღმდეგ შესცოდე, მაშინვე მოინანიო მოძღვრის წინაშე.

 

თავი უნდა აიძულო, თუნდაც ნების საწინააღმდეგოდ, მტრებს რაიმე სიკეთე გაუკეთო, მთავარი კი ისაა, სამაგიერო არ გადაუხადო მათ და სიფრთხილე გამოიჩინო, არ აწყენინო უგულებელმყოფელი და დამამცირებელი გამომეტყველებით.

 

ამბობდა ბერი (წმ. ამბროსი): „ერთმა ძმამ ჰკითხა მეორეს: ვინ გასწავლა იესოს ლოცვა? – მან კი უპასუხა: ეშმაკებმა. ეგ როგორ? – აი ასე: ისინი ცოდვილი აზრებით მოსვენებას მიკარგავენ, მე კი სულ ვლოცულობდი და ვლოცულობდი. ასე მივეჩვიე ლოცვას“.

 

ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.

 

როცა სიკეთეს აკეთებ, მხოლოდ ღვთისთვის უნდა აკეთო, ამიტომ არავითარი ყურადღება არ უნდა მიაქციო ადამიანთა უმადურობას.

 

ნუ გეყვარება სხვების ნაკლოვანებების მოსმენა – და შენ შეგიმცირდება ნაკლოვანებები.

 

როცა გაწყენინებენ, არასოდეს იკითხო: „რატომ“ და „რისთვის“? წმიდა წერილში ეს არსად წერია. იქ პირიქითაა ნათქვამი: თუკი მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენაც მიუშვირე, ანუ გაიხსენე შენი მრუდი საქმეები და დაინახავ, რომ ღირსი ხარ სასჯელისა.

 

როცა ვინმეს განკითხვას დაიწყებ, უთხარი შენს თავს: „ორგულო! აღმოიღე პირველად დვირე თუალისაგან შენისა“ (მათე 7,5).

 

მოწყინება – იგივე სიზარმაცეა. მოწყინებისგან სხეულითაც უძლურდები და სულითაც. აღარც შრომა გინდა, აღარც ლოცვა, ეკლესიაში დაუდევრად დადიხარ და ადამიანი მთლიანად დაუძლურებულია.

 

თუკი გმობის აზრები მოვლენ, თავი დაიდანაშაულე ამპარტავნებაში და მაგ აზრებს არანაირი ყურადღება არ მიაქციო.

 

ძველ ქრისტიანებს მტერი ტანჯვით განსცდიდა, ხოლო აწინდელებს – სნეულებებითა და გულისსიტყვებით.

 

შექებას სარგებლობა არ მოაქვს, ძალიან ძნელი გადასატანია შექება.

 

ჯილდოს აქ არ უნდა ელოდო, არამედ ღვთისაგან ზეცაში.

 

ეკლესიაში საუბარი არ შეიძლება, ეს ბოროტი ჩვევაა. ამის გამო გვეგზავნება ჭირნი.

 

 
წმ. ანატოლი ოპტინელი (ზერცალოვი)

 

თუკი გსურს იხარო გამოუთქმელი სიხარულით, მაშ მოითმინე ის გაჭირვებები, რომლებიც ღვთისაგან გეგზავნება, და არ ინანებ.

 

მტერი ვერაფერს დათესავს იქ, სადაც სულიერ მამას ყველაფერს უმხელენ.

 

სიძვის აზრი და შიში ჩვენი ამპარტავნების გამო დაიშვება ხოლმე. გაკიცხე საკუთარი თავი და ეცადე არ შეხედო იმას, ვისგანაც ცდუნდები – და გაივლის განსაცდელი.

 

გმობის აზრები მრავლდებიან და ძლიერდებიან ამპარტავნებისგან და სხვების განკითხვისგან.

 

ყველაფერი სიმდაბლით აკეთე, გახსოვდეს უფლის სიტყვა: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი“ (ლუკ. 17,10). მთავარია – თავი არ აიმაღლო და არ იფიქრო, რომ შენი ცხოვრება სხვებისას სჯობს; პირიქით, იფიქრე, რომ უარესია. თუკი ასე ივლი კეთილმსახურების გზით, შეუმჩნევლად აღმოჩნდები ცათა სასუფევლის ბჭეში.

 

შენ იცი, რომ ბოროტი არ ჭამს, არ სვამს და მას არ სძინავს – მაგრამ მაინც უფსკრულში ცხოვრობს, რადგან სიმდაბლე არ გააჩნია. ყველაფერში დაემორჩილე ღვთის ნებას – აი შენი ღვაწლი; ყველას წინაშე დამდაბლდი, ყველაფერში თავი დაიდანაშაულე, მადლიერებით ზიდე სნეულებები და გაჭირვებები – ეს ყოველგვარ ღვაწლს აღემატება!

 

შენი გალობა უნდა იყოს არა მამლის ყივილივით, არამედ ანგელოზებრივი, ანუ ღრმა სიმდაბლით, შიშით, სიყვარულითა და თავის გაკიცხვით – ასეთი გალობა ჭეშმარიტია და ღვთისთვის სათნოა. ხოლო მზვაობრული, რომელიც არა ღვთის, არამედ ხალხის მოსაწონადაა – ასეთი მამლის ყივილზე უარესია.

 

 

წმ. იოსებ ოპტინელი

 

წმიდა მამებს მუდმივად ახსოვდათ, რომ აქ მცირეჟამიერი სტუმრები არიან, ამიტომაც ნაკლებად ზრუნავდნენ თიხაზე, რომელიც მალე იქცევა წუთხად, მატლების საჭმლად; ... ყოველმხრივ აჭირვებდნენ ხორცს, ამდაბლებდნენ მარხვით, მღვიძარებით, ლოცვით; ამის საშუალებით სულიც მდაბლდებოდა. პირველის გარეშე ვერ იქნება მეორე.

 

ჯერ კიდევ ცოცხლები რომ ვართ, იმას ნიშნავს, რომ უფალი ითმენს ჩვენს ცოდვებს და ელოდება ჩვენს გამოსწორებას, ხოლო ვინც სჯულიერად იღვაწებს ცხონებისათვის, მას უფალი იმ დროს წაიყვანს, როცა ის ღვთის წყალობის ღირსი გახდება. ზარმაცები და დაუდევრები სიკვდილს მას შემდეგ მიჰყავს, როცა ისინი არანაირ იმედს აღარ იძლევიან მათი ცხონების შესაძლებლობისა. ჩვენ მოცემული გვაქვს თავისუფლება, ავირჩიოთ მარადიული სიხარული ან მწუხარება; ვისწრაფოთ პირველის ასარჩევად.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო დაგსაჯათ უფალმა. შეიძლება ეგრეც არის, და შეიძლება თქვენი რწმენის გამოსაცდელად. უფრო ორივე მიზეზის გამო. თუმცა, როგორც გინდა იყოს, თქვენზე მოწევნულ დროებით სასჯელში ღვთის წყალობა და სიყვარული უნდა დაინახოთ. რამეთუ ყოვლადმოწყალე ღმერთს სურს დროებითი გაჭირვებებით გვიხსნას მარადიული და უსაშინლესი ტანჯვისგან, რომელზე დაფიქრებაც კი საშინელია. ამიტომ მართალ იობთან ერთად უღაღადეთ უფალს: „იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე!“ (შდრ. იობ. 1,21).

 

ცათა სასუფეველი მხართეძოზე წამოწოლილებს არ ეძლევათ, არამედ მხოლოდ მშრომელებს და განსაცდელთა მომთმენებს.

 

 

წმ. ბარსანოფი ოპტინელი

 

ბევრი ქურდი გამოჩნდა ჩვენთან. ისინი კი არა, ჯიბეში რომ ძვრებიან ან სახლებს ძარცვავენ, არა, ეს ქურდები უფრო ბოროტები და საშიშები არიან. ისინი პიჯაკებით მოდიან ჩვენთან, მაღალფარდოვან ფრაზებს ამბობენ და ბოლოს ყველაზე მთავარს გვპარავენ – რწმენას. როცა კაცს რწმენას მოპარავენ, ის თავის მასწავლებლებს ეკითხება: „ეხლა როგორ ვიცხოვრო?“ ისინი პასუხობენ: „იცხოვრეთ გონებით“. ხოლო გონება კი, როგორც ცნობილია, რწმენის გარეშე ყოველთვის კარგი მრჩეველი არ არის, და კაცი იწყებს თავისი ხორცის სურვილების მიყოლას და უფრო და უფრო ქვემოთ ეცემა.

 

მარხვა ორგვარია – შინაგანი და გარეგანი. პირველი არის დაცვა მხედველობისა, სმენისა და ყველა ჩვენი გრძნობისა ყოველივე ბილწისა და უწმინდურისგან. მეორე არის თავშეკავება სახსნილო საკვებისაგან. ორივე მარხვა მტკიცედაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

 

იცით ეშმაკს როგორი ტაქტიკა აქვს? მან იცის, რომ რომელიმე ადამიანს მეტ-ნაკლებად მძიმე ცოდვა აქვს და ყველაფერს აკეთებს, რომ მან ეს ცოდვა არ მოინანიოს. ამ მიზნით ბოროტი ყველანაირად ცდილობს, დაამციროს ცოდვის სიმძიმე ამგვარი აზრების შთაგონებით: „ეს არ არის მნიშვნელოვანი, ღმერთი გაპატიებს“ და ა.შ. იმასაც ცდილობს, რომ კაცმა დაივიწყოს ეს შეცოდება. როდესაც კაცი შეძლებს როგორღაც უთხრას მოძღვარს აღსარებაში ეს ცოდვა, მაშინ ეშმაკი ყველანაირად აზვიადებს ცოდვის სიმძიმეს, შთააგონებს, რომ ეს ცოდვა იმდენად დიდია, რომ ღმერთი მას არასოდეს მიუტევებს. ცდილობს ადამიანი ურვამდე და სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს. ნახეთ როგორი ცბიერია მტერი. მან მშვენივრად იცის, რომ აღსარებით ყველა ცოდვა აღიხოცება, ამიტომაც არ უშვებს კაცს აღსარებამდე, მაგრამ თუკი ის აღსარებას იტყვის, მაშინ მტერი ყველანაირად აცბუნებს...

 

მონაზვნობა ნეტარებაა, რაც კი შესაძლებელია ქვეყნად ადამიანისთვის; ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერია. ეს იმიტომ, რომ მონაზვნობა იძლევა შინაგანი ცხოვრების გასაღებს. ნეტარება ჩვენშია, მხოლოდ მისი აღმოჩენაა საჭირო. სრული ნეტარება ზეცაშია, მომავალ ცხოვრებაში, მაგრამ მისი ქვედა საფეხური მიწაზეა. იმ ცხოვრებაში ის მხოლოდ გრძელდება.

 

 
წმ. ანატოლი ოპტინელი (პოტაპოვი)

 

უბრალოდ, წრფელად, მთელი სულით ევედრე უფალს; სიწრფელის გამო უფალი გულისმიერ ლოცვას მოგანიჭებს; ევედრე, ევედრე და მოგანიჭებს.

 

მწერთ, რომ გსურთ ხშირად ეზიაროთ ჩვენი უფლის ხორცისა და სისხლის წმიდა საიდუმლოს. კარგი საქმეა, მხოლოდ საჭიროა ეზიაროთ სათანადო კრძალულებით და ეკლესიური წესის მიხედვით მომზადებულნი.

 

ძნელი იქნებოდა ქვეყნად ცხოვრება, არავინ რომ არ ყოფილიყო ჩვენი დამხმარე ცხოვრებაში გასარკვევად... მაგრამ ჩვენს ზემოთ ხომ თვით ყოვლისმპყრობელი უფალია, თვით სიყვარული... მიენდე უფლის ნებას და უფალი არ გაგაწბილებს. მიენდე არა სიტყვით, არამედ საქმით... იმიტომაც გაძნელდა ცხოვრება, რომ ადამიანებმა ის თავიანთი ჭკვიანობებით დახლართეს, რომ დასახმარებლად ღვთის ნაცვლად საკუთარ ჭკუას მიმართავენ და მხოლოდ მას ეყრდნობიან... ნუ გეშინია ნურც სიმწარის, ნურც სნეულებების, ნურც ტანჯვის, ნურც ნებისმიერი გამოცდის – ეს ყოველივე ღვთის მოხედვაა შენდა სასარგებლოდ...

 

 
წმ. ნიკონ ოპტინელი

 

წმიდა წიგნებსა და წმიდა საგნებს კრძალვით უნდა მოვეპყრათ. უპირველესად ღვთის შიში უნდა გვქონდეს, ის გვასწავლის მოკრძალებას, ის ყოველგვარ სიკეთეს გვასწავლის.

 

ლოცვის დროს ამაღლებული შეგრძნებების ძიება არ არის სასარგებლო. საჭიროა მხოლოდ წარმოთქმული სიტყვების აზრს დავუკვირდეთ, ყურადღებით ვილოცოთ, და მაშინ, დროთა განმავლობაში უფალი მოგვანიჭებს სულიერ გაცისკროვნებასაც და გულის ლმობიერებასაც.

 

საჭიროა ზაქეს მსგავსად გულწრფელად მოვიძულოთ ჩვენი ცოდვა, მთელი სულით მოვინდომოთ გამოსწორება და შევიყვაროთ ცოდვის საწინააღმდეგო სათნოება, შევიყვაროთ სჯული ღვთისა.

 

შვილებო, სულიერი მოძღვრისა არც უნდა გეშინოდეთ და არც უნდა გრცხვენოდეთ. მოძღვარმა ყველაფერი იცის, ყველა ცოდვა იცის, რადგან მასთან ერთი კი არა, ასობით ადამიანი ამბობს აღსარებას, მას ვერანაირი ცოდვით ვერ გააკვირვებ, რაც გინდა დიდი და მძიმე იყოს იგი. პირიქით, ყველა, ვინც რომელიმე მძიმე ცოდვას აღიარებს, ჩემში განსაკუთრებულ მზრუნველობას აღძრავს მისი სულის მიმართ, და მე არასოდეს შემიცვლია და ვერ შევცვლი ჩემს დამოკიდებულებას სულის მიმართ, როგორი ცოდვებიც არ უნდა აღიაროს მან; პირიქით, უფრო მეტად ვგულშემატკივრობ მას, ვწუხვარ, ვზრუნავ მისი განკურნებისა და გადარჩენისთვის. ამიტომაც ეცადეთ არაფერი დამალოთ, ეცადეთ სრულად თქვათ აღსარება.

 

ცდებიან, ვინც ცხოვრებისგან სიმსუბუქესა და განსვენებას ელის და დაეძებს, – ცხონებისათვის აუცილებელია გაჭირვება, მოკლება, სიძნელე. თუკი ცხოვრება ასე ცვალებადი და სწრაფწარმავალია, რატომღა უნდა მიემსჭვალო მას?

 

განსაცდელნი და ჭირნი ააშკარავებენ ადამიანის სულის მდგომარეობას. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ისინი გამოცდასავითაა. ჭირნი გვიცავენ თავის განდიდებისგან.

 

ყოველთვის გახსოვდეთ სულიერი ცხოვრების კანონი: თუკი შეცბუნდები სხვა ადამიანის რომელიმე ნაკლოვანებით და განიკითხავ, შემდგომ შენც იგივე გელოდება და იმავე ნაკლოვანებით ევნები.

 

თუკი ყოველი საქმე, სიტყვა და აზრი ჩვენზე ბეჭედს ასვამს, მაშ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ თავი ყოველგვარი საზიანოსგან დავიცვათ.

 

თუკი სხეულს მაამებლურად ვეპყრობით, მისი მოთხოვნილებები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ისე, რომ სულის ყოველგვარ მოძრაობას თრგუნავენ. მაშინ ჩვენ აღარ გვაინტერესებს მაღალი სულიერი საკითხები, მთელი ჩვენი ინტერესი მხოლოდ მიწიერისკენაა მიმართული, ვნებების დაკმაყოფილებისკენ და ხორციელი გულისთქმებისკენ. საცოდავია ამ დროს ადამიანი, თუმცა ძალიან ხშირად ვერ აცნობიერებს ამას. ამის საპირისპიროდ, მმარხველი კაცი ასე ვთქვათ ფხიზლდება, ზნეობრივად უმჯობესდება. ცხადია, თუკი მარხვას არ ახლავს ლოცვა და სულიერი შრომა, მას ფასი თითქმის არა აქვს. მარხვა მიზანი კი არ არის, არამედ საშუალებაა, შესაწევნელია, რომელიც ლოცვასა და სულიერ სრულყოფას გვიმსუბუქებს.  

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა