martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს

 

ბოროტ სულთა ზემოქმედებით ხიბლში ჩავარდნისა და თვითცდუნებისკენ მიდრეკის მწარე ხვედრი მოელის მათ, ვინც ოცნებობს – მიაღწიოს მაღალ ლოცვით მდგომარეობას და ამასთანავე აქვს არა ჭეშმარიტი, არამედ ხორციელი, მშვინვიერი მოშურნეობა. ასეთ მოღვაწეებს ეშმაკი იოლად აბამს თავის მახეში. არასწორი ლოცვითი წვრთნა განუყრელად უკავშირდება თვითცდუნებას, საიდანაც აღმოცენდება ეშმაკისეული ხიბლი.

არასწორი ლოცვისთვის ნიშანდობლივი ხიბლის სხვადასხვა სახეს ძალზე დაწვრილებით განიხილავს მღვდელთმთავარი ეგნატე ნაშრომში "ბერის საუბარი მოწაფესთან იესოს ლოცვის შესახებ". წარმოგიდგენთ ამ სტატიის ძირითად აზრებს:

"ყველა სახე ეშმაკისეული ხიბლისა, რაც მოღვაწეს ემუქრება, ჩნდება იქიდან, რომ ლოცვას საფუძვლად არ უდევს სინანული; რომ სინანული არ გახდა ლოცვის სათავე, სული, მიზანი...

სინანული და თითოეული მისი შემადგენელი: სულის შემუსვრილება და ტკივილი, გულისმიერი გლოვა, ცრემლები, თვითგანკითხვა, სიკვდილის, ღმრთის სამსჯავროს, მარადიული სატანჯველის ხსოვნა და წინასწარ განცდა, ღმრთის თანამყოფობის განცდა, ღმრთის შიში – აი, უძვირფასესი, თავდაპირველი და ძირითადი ნიჭები ღმრთისა – საწინდარნი უმაღლეს და საუკუნო ნიჭთა. თვინიერ მათი შეძენისა შემდგომ ნიჭთა შეძენა შეუძლებელია. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს: "რაოდენ აღმატებულიც არ უნდა იყოს ჩვენი ღვაწლი, თუ ვერ მოვიპოვებთ გულშემუსვრილებას, ამაო და ცრუ იქნება ჩვენი ღვაწლი" (სიტყვა 7)...

ყველაზე სახიფათოა არასწორი ლოცვა, როდესაც მლოცველი თავისი წარმოსახვის უნარით აგებს ოცნებებს და ქმნის სურათებს, რომელთაც თითქოს წმიდა წერილიდან იღებს, სინამდვილეში კი ისინი წარმოიქმნება საკუთარი მდგომარეობიდან, დაცემიდან, ცოდვილობიდან და თვითცდუნებიდან. მლოცველი ამ სურათებით ასაზრდოებს თავის თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობას, გონებამაღლობას, ამპარტავნებას და თავს იტყუებს...

წმიდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი მეოცნების ლოცვას და მის შედეგებს ასე აღწერს: "ის ზეცისკენ აღაპყრობს ხელებს, თვალებსა და გონებას, წარმოიდგენს საღმრთო განგებულების საიდუმლოებებს, ზეციურ სიკეთეებს, წმიდა ანგელოზთა დასებს, წმიდანთა სავანეებს – მოკლედ, თავისი წარმოსახვით შემოკრებს ყოველივეს, რაც საღმრთო წერილიდან სმენია. ამაზე ფიქრობს ლოცვის დროს, შეჰყურებს ზეცას და ამით სულს ღმრთაებრივის ნდომითა და სიყვარულით აღიგზნებს; ზოგჯერ ცრემლს ღვრის და გოდებს. ასე თანდათან ეუფლება მის გულს მზვაობრობა, გონებით კი ამას ვერ ხვდება: ჰგონია, რომ მისი ასეთი მდგომარეობა არის საღმრთო მადლის ნიჭი – მისსავე სანუგეშოდ მოვლინებული – და ღმერთს ევედრება, ღირსყოს მარად ამ მდგომარეობაში ყოფნისა. ეს ხიბლის ნიშანია. ასეთი კაცი, თუნდაც სრულ მდუმარებას იცავდეს, ვერ ასცდება გონებისეულ სიშმაგესა და სიგიჟეს. და თუ ეს არ დაემართა, მაინც ვერასდროს შეიძენს სულიერ აზროვნებას, სათნოებებს ან უვნებობას. ასე ჩავარდნენ ხიბლში ისინი, რომელთაც ხორციელი თვალებით იხილეს ნათელი და ბრწყინვალება, ყნოსვით შეიგრძნეს კეთილსურნელება, ყურებით ესმოდათ ხმები. ზოგი მათგანი ეშმაკეული გახდა, ჭკუიდან შეიშალა და აქეთ-იქით აწყდებოდა. სხვებმა ნათლის ანგელოზად გარდასახული ეშმაკი შეიწყნარეს, ხიბლში ჩავარდნენ, ძმათა რჩევას საერთოდ არ ათხოვეს ყური და ბოლომდე ასეთებად დარჩნენ. ზოგმა ეშმაკის ჩაგონებით თავი მოიკლა; ზოგიც უფსკრულში გადაიჩეხა ან თავი დაიხრჩო. ვინ მოთვლის ნაირგვარ, ამოუცნობ ცდუნებებს, რასაც ეშმაკი კაცთა ხიბლში ჩასაგდებად იყენებს?"... (ფილოკალია, ტ. 1)

ჩვენი თავისუფალი ნება იხრება, მიილტვის ყოველგვარი ხიბლისკენ, რადგან ხიბლი სიამოვნებას ჰგვრის ჩვენს თავდაჯერებულობას, ცუდმედიდობასა და ამპარტავნებას" (1, ტ. 1, გვ. 230-259).

მღვდელთმთავარი ეგნატე გვაწვდის შეგონებით მაგალითებს ამგვარი ეშმაკისეული ხიბლისა, რასაც ლოცვის დროს განვითარებული მეოცნებეობა იწვევს:

"ერთი პეტერბურგელი მოხელე განსაკუთრებული ძალიხმევით აღასრულებდა ლოცვით ღვაწლს და ამის გამო შეიგრძნო რაღაც უჩვეულო. და აი, სულიერი რჩევისათვის მან მიაშურა მონასტერს და ერთ სულიერ მოძღვარს – მონაზონს თავისი ხილვების შესახებ უამბო: რომ ლოცვის დროს მუდამ ხედავს ხატებიდან გადმოსულ ნათელს, გრძნობს კეთილსურნელებას, პირში უჩვეულო სიტკბოებას და ა. შ. მონაზონმა მოუსმინა მოხელეს და ჰკითხა: "თავის მოკვლაზე ხომ არ გიფიქრია?" – "როგორ არა, ერთხელ გადავეშვი კიდეც ფონტანკაში, მაგრამ ამომათრიეს".

გაირკვა, რომ მოხელე მიმართავდა წმიდა სვიმეონის მიერ აღწერილ ლოცვის სახეს, აღიგზნებდა სისხლსა და წარმოსახვას – ამ დროს კი კაცი გაძლიერებული მარხვისა და მღვიძარების უნარს იძენს. ნებაყოფლობით არჩეულ თვითცდუნებას ეშმაკმა თავის მხრივ დაუმატა ამ მდგომარეობის მონათესავე ქმედება – და ადამიანური თვითცდუნება გადაიზარდა აშკარა ეშმაკისეულ ხიბლში. მოხელე ხორციელი თვალებით ხედავდა ნათელს, ასევე ხორციელად შეიგრძნობდა კეთილსურნელებასა და სიტკბოებას. სრულიად საპირისპირო რამ არის და მთლიანად სულიერ სფეროს განეკუთვნება წმიდანთა ხილვები და მათი ზებუნებრივი მდგომარეობა, რასაც მოღვაწე აღწევს მხოლოდ მას შემდეგ, რაც საღმრთო მადლით სულიერი თვალები აღეხილება.

ბერმა სცადა, დაერწმუნებინა მოხელე, რომ მიეტოვებინა ლოცვის სახე, რომელსაც მიმართავდა, აუხსნა ამ მეთოდის და მისით გამოწვეული მდგომარეობის მცდარობა. მოხელე რჩევას გააფთრებით აღუდგა წინ: "როგორ უარვყო აშკარა მადლი!" ის საცოდავი სასაცილოც კი ჩანდა. მაგალითად, მან მონაზონს ჰკითხა: "ცოდვა ხომ არ არის, როცა მეტისმეტი სიტკბოებისაგან პირი ნერწყვით მევსება და იატაკზე წვეთავს?"

სწორედ ასეა: ეშმაკისეულ ხიბლში ჩავარდნილნი საკუთარი თავის მიმართ სიბრალულს აღძრავენ, რადგან თავს აღარ ეკუთვნიან და გონებითა და გულით ბოროტი, განგდებული სულის ტყვეობაში იმყოფებიან. ამასთან, სასაცილოდაც გამოიყურებიან – ისინი ასეთად აქცია ბოროტმა სულმა, რომელიც დაეუფლა მათ, აცდუნა ცუდმედიდობითა და გონებამაღლობით და დამცირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. მოხიბლულნი ვერ აცნობიერებენ თავიანთ ტყვეობას და ვერც უცნაურ ქცევას, რაოდენ ცხადიც უნდა იყოს ეს ტყვეობა და უცნაური ქცევა...

როცა მოხელე წავიდა, სხვა მონაზონმა, რომელიც საუბარს ესწრებოდა, ბერს ჰკითხა: "საიდან მოგივიდათ აზრად, მისთვის თვითმკვლელობის მცდელობაზე გეკითხათ?" მან მიუგო: "როგორც ღმრთისსათნო გლოვის დროს დგება სინდისის უჩვეულოდ დამშვიდების წუთები და ეს არის მგლოვარეთა ნუგეშისცემა, ისე ეშმაკისეული ხიბლით გამოწვეული ცრუ ტკბობის დროს დგება წუთები, როცა ამ ხიბლს თითქოს ფარდა ეხდება და მას იგემებენ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. საშინელი წუთებია! აუტანელია მათი სიმწარე და ამით წარმოქმნილი სასოწარკვეთილება. ხიბლისგან გამოწვეული ამ მდგომარეობის მიხედვით მოხიბლულისთვის ერთობ იოლი უნდა იყოს მისი ამოცნობა და ზომების მიღება თავის განსაკურნებლად, მაგრამ ვაი, რომ ასე არ ხდება! ხიბლის სათავე არის ამპარტავნება, მისი ნაყოფი – უკიდურესი ამპარტავნება. მოხიბლულს თავი საღმრთო მადლის ჭურჭლად მიაჩნია და სძაგს მის გადასარჩენად მოყვასთაგან მიღებული გაფრთხილებები. ამასობაში ძლიერდება სასოწარკვეთილებით გამოწვეული შეტევები, რაც ბოლოს ჭკუიდან შლის კაცს და ისიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს..."

"ერთხელ შემემთხვა ისეთი რამ, – მოგვითხრობს მღვდელთმთავარი ეგნატე, – რაზეც ღირს ყურადღების გამახვილება. მესტუმრა ათონელი მღვდელსქემმონაზონი, რომელიც რუსეთში შესაწირის შესაგროვებლად იყო ჩამოსული; როცა ჩემს მისაღებ სენაკში დავსხედით, მან მითხრა: "ილოცე ჩემთვის, მამაო, მე ბევრი მძინავს და ბევრს ვჭამ". როდესაც ამას მეუბნებოდა, შევიგრძენი მისაგან გამომავალი მხურვალება, ამიტომაც მივუგე: "შენ არც ბევრს ჭამ და არც ბევრი გძინავს. სხვა რაიმე უჩვეულო ხომ არ გჭირს?" და ჩემს შიდა სენაკში შევიპატიჟე. მე წინ გავუძეხი და როცა კარს ვაღებდი, ფიქრებით ღმერთს შევევედრე, რათა ჩემს დამშეულ სულს სარგებელი მიეღო ათონელი მღვდელსქემმონაზვნისგან, თუ ის ღმრთის ჭეშმარიტი მონა იყო. მე, მართლაც, რაღაც განსაკუთრებული შევნიშნე მასში. შიდა სენაკში ჩვენ ისევ ჩამოვსხედით სასაუბროდ და ვთხოვე: "წყალობა ჰყავ, მასწავლე ლოცვა. შენ ამქვეყნად მონაზონთა უპირველეს ადგილას, ათასობით მონაზონთა შორის ცხოვრობ: ასეთ ადგილას და მონაზონთა ასეთ მრავალრიცხოვან საკრებულოში უეჭველად იქნებიან უდიდესი მლოცველნი, რომლებმაც იციან ლოცვითი საქმის საიდუმლოება, რასაც ასწავლიან მოყვასთ, როგორც ამას იქმოდნენ გრიგოლ სინელი, გრიგოლ პალამა და ბევრი სხვა ათონელი მნათობი". მღვდელსქემმონაზონი მაშინვე დამთანხმდა, ყოფილიყო ჩემი მოძღვარი და ჰოი, საშინელებავ! მან უდიდესი მგზნებარებით დამიწყო აღგზნებითი და ოცნებითი ლოცვის მეთოდის სწავლება, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ. ვხედავდი, რა საშინლად იყო განხურვებული, უდუღდა სისხლი და გამძაფრებული ჰქონდა წარმოსახვა. იგი საკუთარი თავით კმაყოფილი და აღტაცებული იყო, თვითცდუნებითა და ხიბლით შეპყრობილი. მე, როგორც მოწაფემ, დავაცადე ლაპარაკი და ნელ-ნელა შევახსენე წმიდა მამათა აზრები ლოცვის შესახებ, მივუთითე "ფილოკალიაზე" და ვთხოვე – ჩემთვის აეხსნა ეს სწავლება. ათონელი მონაზონი სრულიად დაიბნა და მე მივხვდი, რომ ის საერთოდ არ იცნობდა მამათა სწავლებას ლოცვის შესახებ!

საუბარი განვაგრძე: "მამაო! როცა პეტერბურგში იცხოვრებ, არა და არ დაბინავდე ზემო სართულზე, ოთახი აუცილებლად ქვემო სართულზე აიღე". – "რატომ?" – გაუკვირდა ათონელს. – "იფიქრე, რა მოხდება, თუ ანგელოზები მოულოდნელად შენს აღტაცებას და პეტერბურგიდან ათონზე გადაყვანას მოისურვებენ – ზემო სართულიდან რომ წაგიყვანონ და ხელიდან გაუვარდე, ხომ სასიკვდილოდ დაიმტვრევი, თუ ქვედა სართულიდან – მხოლოდ დაიჟეჟები". – "წარმოიდგინე, – მიპასუხა ათონელმა, – რამდენჯერ მიფიქრია ლოცვად მდგომს, რომ ანგელოზები ამიყვანენ და ათონზე დამსვამენ!"

აღმოჩნდა, რომ მღვდელსქემმონაზონი ატარებდა ჯაჭვებს, თითქმის არ ეძინა, ცოტას ჭამდა, სხეულში ისეთ მხურვალებას გრძნობდა, რომ ზამთრობით თბილი სამოსი არ სჭირდებოდა. საუბრის დასასრულს აზრი დამებადა, შემდეგნაირად მოვქცეულიყავი: ვთხოვე ათონელს, რათა მან, როგორც მმარხველმა და მოღვაწემ, თავის თავზე გამოსცადოს წმიდა მამათაგან მოცემული მეთოდი, რის თანახმადაც ლოცვის დროს გონება სრულად უნდა განეშოროს ყოველგვარ ოცნებას, ყურადღება მთლიანად ლოცვის სიტყვებს მიაპყროს, მათში ჩაიკეტოს და მათით შემოიზღუდოს; ამ დროს გონებას, როგორც წესი, თანადგომას უწევს ცოდვათა გამო მწუხარე გული... "როცა ამას შენს თავზე გამოცდი, – ვუთხარი ათონელს, – შემატყობინე გამოცდილების შედეგი; თავად ჩემთვის ძნელია ამის გაკეთება მოუცლელობის გამო!" ათონელი ხალისით დაეთანხმა ჩემს წინადადებას.

რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა და მითხრა: "ეს რა მიყავი?" – "მაინც რა მოხდა?" – ვკითხე მე. – "როგორც კი ვეცადე, ყურადღებით მელოცა და გონება ლოცვის სიტყვებში ჩამეკეტა, ყველა ჩემი ხილვა გაქრა და მათ ვეღარ ვიბრუნებ". ამის შემდგომ ათონელ ბერთან საუბრის დროს აღარ შემინიშნავს ის თვითდაჯერებულობა და კადნიერება, რაც მასში აშკარად ჩანდა პირველი შეხვედრის დროს. ეს, ჩვეულებრივ, ნიშანდობლივია თვითცდუნებულთათვის, რომელთაც ეჩვენებათ, რომ წმიდანები არიან, ან სულიერად წარემატებიან. ათონელმა ჩემი მოკრძალებული რჩევის მოსმენის სურვილიც კი გამოთქვა. როდესაც დავარიგე, გარეგანი ცხოვრების წესით სხვა მონაზვნებისაგან არ გამოირჩეოდეს, რადგან ასეთი განსხვავება იწვევს გონებამაღლობას, მან მოიხსნა ჯაჭვები და გადმომცა.

ერთი თვის მერე იგი ისევ მესტუმრა და მიამბო, რომ სხეულში მხურვალება გაუნელდა, უკვე თბილი სამოსი სჭირდება; რომ უფრო მეტი სძინავს. ამასთან დასძინა, რომ ათონის მთაზე ბევრი, ვინც სახელი გაითქვა, როგორც წმიდანმა, იყენებს ლოცვის სწორედ ამ ხერხს და მას სხვასაც ასწავლის..."

"ყურადღებიანი ლოცვა მოითხოვს თავგანწირვას, რასაც ცოტანი თუ ბედავენ. საკუთარ თავში ყურადღებით ჩაკეტილი, საკუთარი ცოდვილობის ხილვით ღრმად დამწუხრებული, მრავალსიტყვაობის და, საერთოდ, შთაბეჭდილების მოხდენისა თუ მსახიობობის უნარსმოკლებული კაცი რაღაც უცნაურ, ამოუცნობ, ყოველმხრივ არასრულფასოვან ადამიანად ეჩვენებათ მათ, ვინც მისი საიდუმლო ღვაწლის შესახებ არაფერი იცის. განა ადვილია საზოგადოებრივ აზრთან განშორება! როგორ შეიცნოს ერმა ჭეშმარიტი მლოცველი, როცა თავად ამ მოღვაწეობას საერთოდ არ იცნობს? სულ სხვაა თვითცდუნებული! ის არ ჭამს, არ სვამს, არ სძინავს, ზამთრობით მხოლოდ ანაფორით დადის, ატარებს ჯაჭვებს, აქვს ხილვები, ყველას ასწავლის და ამხელს კადნიერი უტიფრობით, სრულიად უსამართლოდ, უმიზნოდ და უაზროდ, სისხლისმიერი, ნივთიერი, ვნებითი განხურვებით. და ამის მიზეზია ეს სამწუხარო, დამღუპველი აგზნებულობა. პირდაპირ წმიდანია! ოდითგანვე შეიმჩნევა საზოგადოების ინტერესი და ლტოლვა ასეთების მიმართ.

მოღვაწეთა უმრავლესობა, რომლებიც დასავლეთის ეკლესიამ უდიდეს წმიდანებად აღიარა მას შემდგომ, რაც თავად გამოეყო აღმოსავლეთის ეკლესიას და განეშორა მას სულიწმიდა, ზემოხსენებული მეთოდით ლოცულობდა და, რა თქმა უნდა, ხილვებიც ცრუ ჰქონდათ. ეს ვითომ წმიდანები საშინელ ეშმაკისეულ ხიბლში იყვნენ...

ხიბლით შეპყრობილი ლათინი მოღვაწენი ყოველთვის აგზნებულად იქცეოდნენ უჩვეულო ნივთიერი, ვნებითი განხურვების გამო. ასეთ მდგომარეობაში იყო იეზუიტების ორდენის დამაარსებელი ეგნატე ლოიოლა. მისი წარმოსახვა იმდენად იყო აღგზნებული და გავარჯიშებული, რომ მარტოოდენ მონდომებითა და ერთგვარი დაძაბვით მის თვალწინ გადაიშლებოდა ჯოჯოხეთი ან სამოთხე. ეს ხილვა მარტოოდენ კაცის წარმოსახვით არ ვლინდებოდა – აქ მოქმედებდნენ დემონები, რომლებიც თავიანთ დიდ ძალისხმევას უმატებდნენ ადამიანის სუსტ უნარს – ხდებოდა ქმედებების გაერთიანება და ურთიერთშევსება, რასაც საფუძვლად ედო კაცობრივი თავისუფალი ნება, რომელმაც აირჩია და გაითავისა მცდარი მიმართულება..."

მღვდელთმთავარი აღწერს არასწორი ლოცვის სხვა სახესაც:

"როგორც გონების არასწორ ქმედებას მივყავართ თვითცდუნებამდე და ხიბლში გვაგდებს, ზუსტად ასეთივე შედეგი მოსდევს გულის არასწორ ქმედებასაც. უგუნური ამპარტავნებით არის აღსავსე ჩვენი სურვილი და მისწრაფება: ვიხილოთ სულიერი ხილვები ვნებათაგან განუწმედელი, სულიწმიდით განუახლებელი და აუღორძინებელი გონებით; ასეთივე ამპარტავნებითა და უგუნურებით არის აღსავსე ჩვენი გულის სურვილი და ლტოლვა: დატკბეს წმიდა, სულიერი, საღმრთო განცდებით მაშინ, როცა სრულიად მოუმზადებელია ასეთი ტკბობისათვის. როდესაც გული ლამობს, იგემოს საღმრთო სიტკბოება, სხვა საღმრთო შეგრძნებები და ვერ აღმოაჩენს მათ თავის თავში, იგი აცდუნებს, ატყუებს და ღუპავს თავის თავს, რადგან შედის სიცრუის სამფლობელოში, უკავშირდება ეშმაკებს, ექცევა მათი გავლენისა და ძალაუფლების ქვეშ. დაცემულ მდგომარეობაში მყოფი გულის ყველა შეგრძნებიდან მხოლოდ ერთი შეგრძნებაა უხილავი ღმრთისმსახურებისთვის გამოსადეგი: მწუხარება საკუთარ ცოდვებზე, დაცემაზე, წარწყმედაზე, რასაც გლოვა, სინანული, სულის შემუსვრილება ეწოდება...

ყველასთვის ცნობილია, რა სულიერი უბედურება ეწვიათ იუდეველ მწიგნობრებსა და ფარისევლებს მათი არასწორი სულიერი განწყობის გამო: ისინი არა მხოლოდ განეშორნენ ღმერთს, არამედ გააფთრებულ მტრებად მოეკიდნენ მას და ღმრთისმკვლელებად იქცნენ. ასეთივე უბედურებას მოიწევენ ლოცვითი მოღვაწენი, რომლებიც თავიანთ მოღვაწეობას მოაკლებენ სინანულს და მოინდომებენ ტკბობისა და აღფრთოვანების განცდას. ამით ისინი იღრმავებენ დაცემას, უცხო ხდებიან ღმრთისათვის, უკავშირდებიან სატანას და სულიწმიდის მიმართ სიძულვილის სენი იპყრობთ მათ. საშინელია ამგვარი ხიბლი. იგი სულისთვის ისეთივე დამღუპველია, როგორც პირველი, ოღონდ ნაკლებად თვალსაჩინოა. იგი იშვიათად მთავრდება სიგიჟითა და თვითმკვლელობით, მაგრამ სრულად ხრწნის გონებასაც და გულსაც. მას წმიდა მამებმა უწოდეს "ცრუ წარმოდგენა" და ამით დაახასიათეს მისგან შექმნილი მდგომარეობა გონებისა. ამ ხიბლით შეპყრობილი საკუთარ თავზე "ცრუ წარმოდგენას" იქმნის, რომ ფლობს მრავალ სათნოებასა და ღირსებას, და რომ უხვად ებოძა სულიწმიდის ნიჭები. "ცრუ წარმოდგენა" არ აძლევს კაცს საშუალებას, მიიღოს თავის მიერ წარმოდგენილი" – ამბობს წმიდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი. ვინც წარმოიდგენს, რომ არის უვნებო, ვერასდროს განიწმიდება ვნებათაგან; ვინც წარმოიდგენს, რომ მადლით აღსავსეა, ვერასდროს მიიღებს მას; ვინც თავს წმიდანად წარმოიდგენს, ვერასდროს მიაღწევს სიწმიდეს. ამ ხიბლით დაავადებულებს ახასიათებთ უჩვეულო მედიდურობა: ისინი თითქოს ტკბებიან საკუთარი თავით, თვითცდუნებით, რასაც მადლმოსილ მდგომარეობად მიიჩნევენ; გამსჭვალულნი არიან გონებამაღლობითა და ამპარტავნებით, თუმცა ისინი თავმდაბალ ადამიანებად ეჩვენება ბევრს, ვინც მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მსჯელობს და შედეგის მიხედვით შეფასება არ ძალუძს...

არ არსებობს ცხონება სინანულის გარეშე. სინანულს კი ღმერთი მხოლოდ მათ უბოძებს, რომლებიც მის მისაღებად გაყიდიან მთელ თავიანთ ქონებას, ანუ უარყოფენ ყველაფერს, რაც მცდარად შეითვისეს "ცრუ წარმოდგენის" მეშვეობით.

ძალზე ხშირად გვხვდებიან "ცრუ წარმოდგენის" ხიბლის სენით შეპყრობილნი. ამ ხიბლში იმყოფება ყველა, ვინც სულის შემუსვრილებას არის მოკლებული, საკუთარ თავს რაიმე ღირსებას ან დამსახურებას მიაწერს, განუხრელად არ მისდევს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, არამედ თვითნებურად, თავისი შეხედულებისამებრ, ან უცხო რჯულის თანახმად განიხილავს რომელიმე დოგმატს ან გადმოცემას.

ამიტომ ფხიზლად უნდა ვაკვირდებოდეთ საკუთარ თავს, რათა არ მივიწეროთ რომელიმე კეთილი საქმე, საქებარი თვისება ან განსაკუთრებული ბუნებრივი უნარი, თვით მადლისმიერი მდგომარეობა, მაშინაც კი, თუ ასეთი პატივი გვერგო. ერთი სიტყვით, არ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ თავად რაიმე ღირსება გაგვაჩნია.

... რა თქმა უნდა, არსებობს საღმრთო მადლით ბოძებული სულიერი მდგომარეობანიც, როდესაც განიცდება სულიერი სიტკბოება და სიხარული, ცხადდება ქრისტიანული საიდუმლონი, გულში შეიგრძნობა სულიწმიდის მყოფობა და ქრისტეს მოღვაწე სულიერ ხილვათა ღირსი ხდება. მაგრამ ასეთ მდგომარეობას აღწევენ მხოლოდ ისინი, ვინც ეზიარა ქრისტიანულ სრულყოფილებას, მანამდე კი სინანულით განიწმიდა და მოემზადა. სინანულის თანდათანობითი მოქმედება – გამოვლენილი სიმდაბლის სხვადასხვა სახით, განსაკუთრებით კი სულიერი სიგლახაკითა და გლოვით აღვლენილი ლოცვით – ნელ-ნელა აცლის ძალას ცოდვის გავლენას ადამიანზე. ამისთვის დიდი დროა საჭირო... ვნებებთან ბრძოლა ძალზე სასარგებლოა – ყველაზე უფრო ასე მიიღწევა სულის სიგლახაკე. როცა ვნებები ძალზედ დასუსტდება, რაც ყველაზე ხშირად სიცოცხლის მიწურულს ხდება, თანდათანობით გამოვლინდებიან სულიერი მდგომარეობანი, რომლებიც უსასრულოდ განსხვავდებიან "ცრუ წარმოდგენით" შეთხზულ მდგომარეობათაგან. სულიერ ნიჭთა ბოძება ხდება საღმრთო სიბრძნით, რომელიც თვალყურს ადევნებს – ამ ნიჭის მიმღებმა სიტყვიერმა ჭურჭელმა შეძლოს მისი ძალის დატევნა ისე, რომ თავს ზიანი არ მიაყენოს. ღვინო ახალი განხეთქს თხიერთა ძველთა! (იხ. მათ. 9, 17). შეიმჩნევა, რომ ამჟამად, შესაბამისად იმ დაუძლურებისა, რამაც საერთოდ ქრისტიანობა მოიცვა, სულიერ ნიჭთა ბოძება ხდება უდიდესი ზომიერებით. ეს ნიჭები აკმაყოფილებენ მხოლოდ იმას, რაც ცხონებას ესაჭიროება. ხოლო "ცრუ წარმოდგენა", პირიქით, უზომო სიუხვითა და სისწრაფით არიგებს თავის "ნიჭთ".

სულიერ მდგომარეობათა საერთო ნიშანია ღრმა სიმდაბლე, რასაც ახლავს საკუთარი თავის მიჩნევა ყოველ მოყვასზე უარესად, მათ მიმართ სახარებისეული სიყვარული და კეთილგანწყობა, სწრაფვა – დარჩეს ყველასთვის უცნობად, განეშოროს ამ სოფელს..." (1, ტ. 1, გვ. 230-258).

მეუფე ეგნატეს ამ ერთობ მნიშვნელოვანი, ღრმა, საფუძვლიანი ნაშრომიდან შემოგთავაზეთ მხოლოდ ზოგიერთი ნაწყვეტი, რათა გადმოგვეცა უზოგადესი დახასიათება იმ საშიშროებებისა და შესაძლო გადახრებისა, რაც ლოცვით გზაზე გვხვდება. მათ, რომლებიც მოისურვებენ, უფრო ღრმად შეიცნონ ხიბლის მიზეზი, აუცილებლად მთლიანად უნდა წაიკითხონ თავად ეს ნაშრომი.

აქვე აღვნიშნავთ კიდევ ერთ საოცარ რამეს, რაც გვაიძულებს, ვიყოთ უფრო ფრთხილნი სულიერ ცხოვრებაში.

წმიდა მამათაგან, ალბათ, არავინ იკვლევდა ხიბლის ბუნებასა და მის სხვადასხვა სახეს ისე გამოწვლილვითა და დაკვირვებით, როგორც მღვდელთმთავარი ეგნატე. მან სრულად გამოიყენა ძველი მონაზვნობის გამოცდილება, რათა სააშკარაოზე გამოეტანა ეშმაკის ნაირგვარი ოსტატური ხრიკები, გაეფრთხილებინა მათგან ბოლო დროის ქრისტიანები, რომელთაც მოუწევთ სულიერი ბრძოლა განსაკუთრებულ საცდურთა პერიოდში, როცა აუცილებელია განსაკუთრებული გონიერება და სიფრთხილე, რომ არ დაიღუპონ. მაგრამ, აი, დასტური იმისა, რომ მხოლოდ ცოდნა, გულის სიმდაბლის გარეშე, ვერ დაგვეხმარება ამ საშიშროების თავიდან აცილებაში. აღმოჩნდა, რომ ეშმაკებს შეუძლიათ თავად სინანულისა და თავმდაბლობის შესახებ სწავლებაც კი დაამახინჯონ და გამოიყენონ ცდუნებისათვის.

ახლახან ასეთი შემთხვევა მოხდა: ჩვენს მონასტერს ესტუმრა ერთი მონაზონი, რომელმაც მანამდე რამდენიმე წელი გაატარა უდაბურ ადგილებში, განდეგილთა შორის. იგი მორჩილი იყო ერთი ბერისა, რომელიც გლოვის უჩვეულო მეთოდს მიმართავდა და მან ეს თავის მოწაფესაც ასწავლა (იმ უდაბნოში კიდევ რამდენიმე მონაზონი იზიარებდა ამ სწავლებასა და გამოცდილებას). მონაზონი თავის გამოცდილებას უყვებოდა მონასტრის ძმობას, მგზნებარედ საუბრობდა სინანულით გლოვის მნიშვნელობაზე; რომ ეს არის მონაზვნის უმთავრესი საქმე; რომ მხოლოდ გლოვაშია ცხონება და ა.შ. იგი ზეპირად იმოწმებდა წმიდა მამათა მრავალ გამონათქვამს ცრემლის შესახებ, განსაკუთრებით ეყრდნობოდა მღვდელთმთავარ ეგნატეს სწავლებას გლოვისა და სინანულის შესახებ; შეუცდომლად ახსოვდა მისი ზოგიერთი წერილი. ზოგადად მონაზონმა გადმოგვცა ფართო, საფუძვლიანი, ჩამოყალიბებული სწავლება გლოვაზე, რაც ნამდვილად ძალზე ჰგავდა წმიდა მამათა სწავლებას ამავე თემაზე; იგი არწმუნებდა მონაზვნებს, რომ გლოვისთვის საჭიროა, ძალა დაატანო თავს; რომ ცრემლები გვეძლევა განსაკუთრებული ლოცვითი შრომით, საკუთარი თავის უარყოფისა და თავგანწირვის ღვაწლით და ა. შ. ძმები, რომლებიც მონაზონს უსმენდნენ, მის სიტყვებს ეთანხმებოდნენ, თუმცა მის ასეთ მგზნებარებას მაინცდამაინც არ ენდობოდნენ. ბოლოს მან შესთავაზა, ეჩვენებინა სინანულით გლოვის ის მეთოდი, რასაც იმ უდაბნოს ბერები მიმართავდნენ; მაგრამ გამოირკვა, რომ ამისთვის საჭიროა: მოშორდე სავანეს, წახვიდე მთებში, რათა მონასტრის დანარჩენი ძმობა არ შეშფოთდეს. ამან იმდენად დააეჭვა მონაზვნები, რომ მათ უარი თქვეს ასეთი უცნაური გამოცდილების გაცნობაზე.

საუბარი დამთავრდა. მონაზონი სადღაც წავიდა სასეირნოდ, სხვები თავიანთ საქმეს შეუდგნენ. უცებ მონასტრის ირგვლივ მთებიდან მოისმა რაღაც უცნაური ყმუილი, სისხლისგამყინავი ღმუილი, კვნესა, ოხვრა. ამ ხმებს ხევებიდან, კლდე-ღრეებიდან ექო ეხმიანებოდა. ძმებმა სამუშაო მიატოვეს და დაბნეულნი სმენად იქცნენ. მაშინვე ვერც მიხვდნენ, რომ ეს იყო გლოვის მონაზვნისეული მეთოდი, და რომ იგი ამგვარად წარმოთქვამდა იესოს ლოცვას. სადღაც უკაცრიელ უდაბნოში, კლდეებსა და მთას შეფენილ ტყეებს შორის ჩაკარგულ, ურთიერთისგან ძალზე დაშორებულ პაწაწინა სენაკებში მცხოვრები ის მონაზვნები, რომელთა რიცხვსაც ჩვენი სტუმარი ეკუთვნოდა, გამოსცემდნენ ასეთ სასოწარკვეთილ ბღავილს, ყოველდღე რამდენიმე საათს აყრუებდნენ არემარეს კვნესითა და ქვითინით, უხვად ღვრიდნენ ცრემლს, ბოლოს კი ქანცგაწყვეტილნი ეცემოდნენ. და ასეთი ისტერიული საქმიანობა, დაფუძნებული საკუთარი ნერვების აღგზნებასა და თვითტკბობაზე, მათ წმიდა მამათაგან ნასწავლ ჭეშმარიტ სინანულის მოღვაწეობად ეჩვენებოდათ[1].

რაოდენ საოცარია, რომ ხიბლის ასეთმა უმძლავრესმა ფორმამ ბუდე მოიწყო იქ, სადაც თითქოს ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქ მახსენდება, სულიერი ხედვით როგორ იხილა ანტონი დიდმა ამქვეყნად ეშმაკის მიერ დაგებული ყველა მახე და შესძახა: "ვაი, კაცთა მოდგმას! ვინ შეძლებს ამ მახეთაგან თავის დაღწევას?" ამაზე პასუხი მიიღო: "მათ გადაურჩება სიმდაბლე – მას ისინი ვერც კი ეკარებიან" (6, გვ. 43).

 

 

წიგნიდან: არქიმანდრიტი ლაზარე, “სულის ფარული სნეულებანი“

 

 

 

ამავე თემაზე:

სწავლანი ხიბლის შესახებ

 

 

[1] მღვდელთმთავარ ეგნატეს, მართლაც, აქვს ასეთი რჩევები გლოვის შესახებ, რაც რამდენადმე ჰგავს ამ "ბერთაგან" ნასწავლს. ასე მაგალითად, მის პირველ ტომში, სტატიაში "ცრემლთა შესახებ" წერია: "ძლიერი აღნაგობის მონაზონთათვის დასაშვებია და სასარგებლო გლოვისა და ცრემლთაღვრის უფრო მეტი იძულება; მათ, განსაკუთრებით მოღვაწეობის დასაწყისში, ლოცვის სიტყვები უნდა წარმოთქვან მტირალი ხმით, რათა ცოდვითი ტკბობისაგან სასიკვდილო ძილით შეპყრობილი სული გააღვიძოს ამ ხმამ და თავადაც გლოვის განცდა დაეუფლოს. ასე გოდებდა ძალმოსილი დავითი: მობდ სულ-თქუმითა გულისა ჩემისათა (ფს. 37, 9)... ხმამაღალი ლოცვისა და გლოვისათვის აუცილებელია განმარტოება თუნდაც სენაკში ეს არ უნდა ხდებოდეს ძმათა თანდასწრებით. წმიდა მამათა ცხოვრებებიდან ჩანს, რომ ისინი, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა, ხმამაღლა გლოვობდნენ, და მათი ხმა, ზოგჯერ მათდა უნებლიედ, სენაკის გარეთაც გაისმოდა. თუმცა ისინი გულმოდგინედ ზრუნავდნენ, რომ მათი ყოველი საქმე საიდუმლოდ დარჩენილიყო..."

რასაკვირველია, ეს არის წმიდა მამათაგან გადმოცემული სწავლება. მაგრამ რაოდენ სახიფათო საბაბად შეიძლება გვექცეს იგი, თუ ამ სწავლებიდან გამოვარჩევთ მხოლოდ გარეგნულს; თავმდაბლობისა და ცოდვებით გამოწვეული შემუსვრილების გარეშე მივეცემით ნერვიულ, სისხლისმიერ, ისტერიულ საქმიანობას; გახელებულ, აღგზნებულ მოძრაობებს გავიხდით თვითმიზნად, დავტკბებით ამ მდგომარეობით და თავს მივიჩნევთ ძველ მამათა მსგავს უდიდეს მოღვაწედ.

  

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა