martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

აჭარელი მოწამეები

 

საეკლესიო გადმოცემით სულიწმიდის მოფენის შემდეგ იესო ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვის რომელ ქვეყანაში ექადაგა სახარება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც ისურვა, მათთან ერთად ეყარა წილი და აი, მას წილად ხვდა ივერია. მარადის ქალწულმა სიხარულით მიიღო თავისი ხვედრი და განიზრახავდა საქართველოში წამოსვლას, მაგრამ ღვთისგან ეუწყა: ,,ნუ განეშორები იერუსალიმს, წილხვდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ”. მაშინ ღვთისმშობელმა ანდრია მოციქულს დაავალა ივერიის მკვიდრთა მოქცევა, შემწედ და ნუგეშად კი მიმადლა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახე იყო აღბეჭდილი.

ქრისტეს ნათელი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევა პირველად საქართველოს ძირძველ კუთხეს – აჭარას მოეფინა. ,,ქართლის ცხოვრების” თანახმად, ანდრია მოციქული ,,შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების და იწყო ქადაგება სახარებისა... მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინა ურწმუნოთაგან და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნივე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასუენა ხატი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღესაცა დაუწყუედელად აღმოსდის”. ყოველი მხრიდან შემოიკრიბნენ ამ კუთხის მცხოვრებნი და ,,ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინა მღუდელნი, და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა. და აღაშენეს ეკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა”. როდესაც წმიდა მოციქულმა წასვლა დააპირა, აჭარის მკვიდრნი შეევედრნენ მას: ,,უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა აქა დაგუისუენე, სასოდ და მცველად ჩვენდა”. მაშინ წმიდა ანდრიამ შექმნა მსგავსი ზომის ფიცარი, დაადვა ღვთისმშობლის ხატს და მეყსეულად გამოისახა მასზე უცვლელი სახე ხატისა. ეს ხატი სიხარულით შეიწყნარეს და დაასვენეს ღვთისმშობლის ეკლესიაში. აჭარაში იქადაგა იესო ქრისტეს კიდევ ერთმა მოწაფემ, მატათამ და იგი აქვე, გონიოს ციხე-სიმაგრეშია დაკრძალული.

წმიდა მოციქულთა მიერ აჭარაში დათესილმა ჭეშმარიტი სარწმუნოების მარცვლებმა დროთა მანძილზე უხვი ნაყოფი გამოიღო. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აჭარაში დაიწყო ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და მათი რიცხვი ამ კუთხეში უფრო მეტი იყო, ვიდრე საქართველოს სხვა, ტერიტორიით მასზე აღმატებულ მხარეებში. გადმოცემით, აქ იკერებოდა მთელი დასავლეთ საქართველოს მღვდელმსახურთა შესამოსელი; ფართოდ იყო გაშლილი საეკლესიო-მწიგნობრული მოღვაწეობა. როგორც ქვეყნის განაპირა კუთხეს, აჭარას ხშირად უწევდა მტრის თავდასხმების მოგერიება და, ამგვარად, იგი ოფლითა და სისხლით ემსახურებოდა დედა-საქართველოს და წმიდა ეკლესიას.

მრავალი ტკივილი უგემია საქართველოს. ამ ღვთივ-კურთხეულ მიწაზე არ დარჩენილა კუთხე, რომელსაც არ დასცემიან უსჯულო მომხდურნი, არ გაუვერანებიათ მისი აყვავებული ბაღ-ვენახები, მიწასთან არ გაუსწორებიათ ზეცად ხელაღპყრობილი ეკლესია-მონასტრები, არ დაუწიოკებიათ ქალები და ბავშვები და რწმენისა და მამულისათვის თავდადებულ გმირთა სისხლით არ განუპოხიათ მიწა. სხვებთან ერთად ეს მწარე სასმისი შესვა აჭარამაც. XVI საუკუნეში ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომისა და შემდგომი ზავის შედეგად სამცხე, აჭარა და ჭანეთი ომში გამარჯვებულ ოსმალეთს ერგო. თურქებმა ეს კუთხეები საქართველოს მოსწყვიტეს და ოსმალეთის პროვინციებად გამოაცხადეს.

უსჯულო მტერმა კარგად იცოდა, რომ ქართველი ერის ძლიერება ქრისტიანულ სარწმუნოებას ეფუძნებოდა, მისით სულდგმულობდა და ამიტომ ყოველ ღონეს მიმართავდა აჭარის მკვიდრთა გასამაჰმადიანებლად: ,,რომელ ხორცეულ ენას შეუძლია, რომ წარმოსთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი. ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზედ გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზედ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზედ სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ”... (ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი).

და აი, სამსაუკუნოვანი ტანჯვის შემდეგ აჭარა დედა-საქართველოს კალთას დაუბრუნდა. ეს მოხდა 1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად. დიდი სიყვარულით შეხვდა თბილისი და მთელი საქართველო აჭარის წარგზავნილთ. შეხვედრაზე გრ. ორბელიანმა ასეთი სიტყვა წარმოთქვა: ,,ბატონებო! რას მოასწავებს ჩვენი აქ შეყრილობა? რა გვიხარიან? რას ვდღესასწაულობთ? კრება ესე წარმოგვიდგენს მას სანახავსა, როდესაც ერთი დედისა შვილნი, შავი ბედითა განშორებულნი, დიდს ხანს ერთმანეთისათვის დაკარგულნი, მოულოდნელად შეხვდნენ, იცნეს ერთმანეთი და გადაეხვივნენ გულითადის სიყვარულით... დღეს ჩვენ შორის ვხედავთ დაშორებულთა ძმებს და მოხარულნი ვმადლობთ ღმერთსა და ვევედრებით, რომ შეერთება ესე ჩვენი იყოს უკუნითი უკუნისამდე შეურყევლად და დღეის იქიდამ ლხინშიაც, ჭირშიაც უნდა ვიყვნეთ ჩვენ ერთად, ვითარცა ერთნი დედა საქართველოს შვილნი”.

ახლა კი უფრო დაწვრილებით გიამბობთ აჭარაში თურქთაგან წამებულ მამათა და დედათა ღვაწლის შესახებ, რომელიც საქართველოს ისტორიის მემატიანემ ზაქარია ჭიჭინაძემ აღწერა თავის ნაშრომში ,,ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში”. ალბათ სიმბოლურია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათ ხსენებას სულთმოფენობის დღესასწაულზე აღასრულებს; სულიწმიდის მადლი პირველად ხომ სწორედ აჭარიდან მოეფინა საქართველოს.

 

აჭარისა და ხულოს მოწამენი

ოსმალნი ლაზისტანში შემოვიდნენ და მთლად დაიჭირეს იქაურობა, მაქრიალის ციხეში ფეხი გაიმაგრეს; იქიდამ აჭარლებზედ მოინდომეს გამოლაშქრება და გამაჰმადიანება. აჭარელებმა მაშინვე თავიანთი დიდი კაცები შეკრიბეს და ლაპარაკი დაიწყეს, თუ საქმეს რა ვუყოთ, რა გვარ მოვაგვაროთო. დიდკაცებმა უთხრეს, რომ ჩვენ ძალი არა გვაქვს, ტყუილად წავიხდენთ თავს, ამიტომ უმჯობესი იქნება, რომ ჩვენ წავიდეთ იქა და მაჰმადიანობა გამოუცხადოთ. ხალხის უმეტესი ნაწილი უარზე დადგა: ჩვენ მათ ვერ ჩავბარდებით, და გინდ რომ ჩავბარდეთ, სჯულს მაინც არ გამოვიცვლითო. ასეთი პირობა გავგზავნოთ, რომ ჩვენ თქვენი დიდი ერთგულები ვიქნებით, ხარჯს გადავიხდით, მხოლოდ გთხოვთ, რომ სჯულს კი ნუ შეგვაცვლევინებთო. ამ გარდაწყვეტილების წაღება იქ ვერავინ ვერ გაბედა, ოსმალნი პასუხს უცდიდნენ. ბოლოს ორმა მღვდელმა წაიღო ეს ამბავი და მივიდნენ მაქრიალში. იქ ამათი ამბავი მოისმინეს ოსმალთ და პასუხად მოგვცეს, რომ არ შეიძლებაო, ოსმალთ ხელში ყველა მუსლიმანი უნდა იყოს, ქრისტიანი არ შეიძლებაო. ეს ამბები იქიდგან მღვდლებმა კი არ მოიტანეს, არამედ ოსმალოს კაცებმა, მღვდლებს მაშინათვე თავები დასჭრეს. ამის შემდეგ კიდევ წავიდნენ მოსალაპარაკებლად მღვდლები, მაგრამ იქ ნებას არ აძლევდნენ, იჭერდნენ ამათ და თავებს აყრევინებდნენ...

ს. აგარის მაჰმადიანთ დევაძეების გვარში დარჩენილი

 

ოსმალთ აჭარა მაგრა დაიმორჩილეს. მერე გამაჰმადიანება დაუწყეს, მაგრამ საქმე ერთობ გაუჭირდათ. აჭარელებს ოსმალთაგან მოციქულები მოუვიდათ და მაჰმადიანობა განუცხადეს; მოციქულები უკან დააბრუნეს, თან გააყოლეს თავიანთი მოციქულებიც და შეუთვალეს ასე:

– ჩვენ გვიმსახურეთ ისე, როგორც გენებოთ, ხოლო სჯულს თავი დაანებეთ, ჩვენ ჩვენს სულს არ დავჰკარგავთ, არ გავმაჰმადიანდებით.

ქართველების ასეთი უარი ოსმალოს ფაშას ძლიერ ეწყინა. მალე ტრაპიზონიდგან ოსმალოს ჯარი მოვიდა და კახაბერში ომი ატყდა. ომში ოსმალნი დაეცნენ, აჭარელნიც ბევრნი გაწყდნენ; ბოლოს ოსმალთ ხერხი მოიგონეს და ხალხის ფულით შესყიდვა დაიწყეს. პირველად შეისყიდეს სოფ. ერგე, ბათუმის ზემოდ, კახაბრისა და აჭარის შუა და პირველად სოფ. ერგეს ხალხი გამაჰმადიანდა. აქედან წავიდნენ აჭარისაკენ და დაიწყეს მეცადინეობა, მაგრამ ვერსად რა მოახერხეს, ვერც თხოვნით და ვერც შიშით ვერავინ გაამაჰმადიანეს... („აჭარა“ ერქვა დღევანდელი აჭარის ერთ-ერთ კუთხეს).

აქედან წავიდნენ მერისში. მაშინ სოფ. მერისში 700 კომლი სცხოვრობდა. ოსმალთ მერისელთაც აცნობეს გამაჰმადიანება... მერისელთ უარი უთხრეს:

– არ გავთათრდებით, გინდა დაგვხოცეთ და მაგას კი ვერ ვიზამთ!

რამდენიმე დღის შემდეგ ამათში ჩხუბი გაიმართა. ს. მერისის მცხოვრებთ რიცხვი მთლად გაწყდა; შვიდას კომლში მხოლოდ ერთი გვარის რამდენიმე ოჯახი გადარჩა. დანარჩენნი: კაცი, ქალი, მოხუცი, ახალგაზრდა და ყმაწვილი გამწყდარან მთლად სჯულისათვის ბრძოლაში.

...ოსმალნი წასულან ხულოში. მაშინ იქ ერთი დიდი მღვდელი მჯდარა და ერთიც ქართველი თავადისშვილთაგანი. ოსმალთ ამათთვისაც განუცხადებიათ გამაჰმადიანების ამბავი.

– ფადი-შაჰის ბრძანება მოვიდა და გეცხადებათ, რომ თქვენ უნდა გამაჰმადიანდეთ... დიდმა მღვდელმა და თავადმა ფადი-შაჰის ბრძანება ხალხს აცნობეს, მაგრამ ხალხმა თქვა:

– არ გვინდა, არ გავმაჰმადიანდებით, დავიხოცებით და მაგას კი არ ვიზამთო.

მეორე დღის საღამოს შეშინებული დიდი მღვდელი და თავადი ხულოდგან სხვაგან გაიქცნენ და დაიმალნენ. ხალხი უპატრონოდ დარჩა და ამიტომ მათში დიდი შლილობა მოხდა. ოსმალთ ბევრი აღარ აცალეს და პირველ ბრძანებისთანავე დაუწყეს გამაჰმადიანება და ფადი-შაჰის ბრძანების ასრულება, მაგრამ მათ ერთობ ძვირად დაუჯდათ; ზეგნელები ცხარედ იბრძოდნენ სჯულის გამო და თითქმის მთლად გაწყდნენ.

ნაამბობი სოფ. ზვარელ 80 წლის სელიმ აღა-იშიოღლისგან და მაჰმადიან თურმანიძისგან

 

აჭარაში გათათრების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზედ მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ; ამ მოხუცებულებს ყოველთვის და ყველგან სულ ქრისტიანობაზედ ჰქონდათ ლაპარაკი. ახალგაზრდებს ყოველთვის იმას ელაპარაკებოდნენ, რომ ეგების ოდესმე თქვენის ძველების სჯულზედ გადახვიდეთ თქვენაო. ასეთ მოხუცებულთ რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა; ამათ თურმე მოლა-ხოჯებს გაუჭირეს საქმე. ბოლოს მთავრობისგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაათათრეთო, თუ არ გათათრდნენ, მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულნი შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, საპატიმროებში ხოჯები მიუგზავნიათ და ხოჯებს ლოცვები დაუწყიათ. ზოგიერთი მოხუცებულები მიუზიდნიათ მაჰმადიანობაზედ და ზოგნი კი ვერა. ვინც ვერ მოაქციეს, ესენი აჭარწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც სდგას. ამ ხიდზედ დაუდვიათ თავ-საკვეთი, მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ, თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენო. ეს საქმეები მომხდარა... 1790 წლებში.

ჩაქვისთაველის ღრმად მოხუც ყად ს. ჩიჯძავაძის ნაამბობი

 

ჩაქვისა და კინტრიშ-ქობულეთის მოწამენი

მე პატარა ვიყავი, ასე 6-10 წლისა ვიქნებოდი, როცა ოსმალები ბათუმის აქეთ წამოვიდნენ და ციხის ძირს მოადგნენ. ციხის ძირთან დიდძალი ხალხი გაუწყვიტეს ოსმალთ, მაგრამ ბოლოს მაინც გაჭირდა საქმე, ოსმალთა გვძლიეს და ციხის ძირს გადმოვიდნენ... მთელი კინტრიშ-ქობულეთის მამაკაცები ერთ ალაგას დაიბარეს და გამაჰმადიანება გამოუცხადეს. ხალხმა შესძახა:

– არ შეგვიძლიან, ჩვენ არ გავმაჰმადიანდებით, დავიხოცებით და მაგას კი არ ვიზამთ!

ოსმალთ არ ჰქმნეს, არ შეისმინეს თხოვნა. ამ ჩხუბის დროს გუგუნავა, დუმბაძე და ჭყონია მაჰმადიანებად აღმოჩნდნენ; ესენი წინადვე გამაჰმადიანებულიყვნენ ოსმალთ შესყიდვით. ამათ იყვირეს:

– ბიჭო, ჩვენ გავმაჰმადიანდით და რა დაგვაკლდა? არაფერი. გირჩევთ გამაჰმადიანდეთ თქვენცა, თორემ ბევრი დაიხოცებით, ხონთქარი ძლიერია. ხალხმა მაინც არ ჰქნა. ოსმალთ მოთავე კაცები დაიჭირეს და ამათ სთხოვდნენ, რომ ხალხს გამაჰმადიანება ურჩიეთო. ამათ არ ჰქნეს და იმ დროის გამაჰმადიანებული თავდგირიძეები დიდად ლანძღეს. ამაზედ ჩხუბი ასტყდა და ეს კაცები ერთი კვირის შემდეგ ჭახათის ზემოთ, ტყეში დაარჩეს და ეს დამრჩვალები რამდენიმე დღეს თოკით ეკიდნენ ხეებზე. დიდი შლილობა მოხდა, დიდი სისხლის ღვრა; ოსმალნი ქრისტიანებს აქ არ აყენებდნენ და არც სხვაგან უშვებდნენ; ჩვენები კიდევ არ მაჰმადიანდებოდნენ და ამიტომ დღე და ღამე ხალხის ხოცვა იყო, დედაკაცებისა და ბავშვების ტირილი და დიდი უბედურება.

ოსმალთ ბევრი ხალხი დახოცეს. მალე ჭახათისკენ, გემის საბამისკენ ქვის სარჩობელა და თავ-საკვეთი გააკეთეს და იქ ძლიერ ბევრი ხალხი ჩამოარჩეს, მაგრამ მაინც არ იქნა, ოსმალთ ვერ შეაშინეს აქაურები. ამ დროს ბებიაჩემი ხელმეორედ გაიქცა ოზურგეთისკენ და მეც თან წამიყვანა. მაშინ ვიქნებოდი 13 წლისა. მე და ერთი ჩვენსავით გამოქცეული ქობულეთელი ჯაში გრ. გურიელის პაპასთან დაგვაყენეს და ბებიაჩემი ბატონ გურიელს ეხვეწებოდა, რომ ეს ბიჭი არავის მისცეთ, რომ არ გამიმაჰმადიანონო. ბებიაჩემი კი ისევ შინისაკენ დაბრუნდა და სთქვა: სადაც ჩვენები დაიხოცებიან, მეც იქ უნდა მოვკვდეო. ოსმალთ ხალხის გაუმაჰმადიანებლობა არ ჰქნეს და ამის გამო დიდძალი ხალხიც დახოცეს: საქმე გაჭირდა. ბოლოს რამდენიმე მღვდელი და კაცი სიმონ გურიელთან მოვიდნენ და შველა სთხოვეს. სიმონმაც პირობა მისცა და ეს მალე სტამბოლში წავიდა, მეც მოსამსახურეთ თან წამიყვანა; მასთან სხვა თავადებიც იყვნენ. ამათ ხონთქართან მორიგება ჰქმნეს და ნება აიღეს, რომ ქობულეთის და ჩაქვის ქართველები არ გაამაჰმადიანონო. ამიტომ მალე წამოვიდნენ და აქაურ ფაშებთან ხონთქრის ბრძანება ჩამოიტანეს და საქმე გაათავეს. ყველა დამშვიდდა, ყველა თავის სახლ-კარის გაკეთებას და გამაგრებას შეუდგა; ყველამ შეიტყო, რომ მორიგება მოხდა და ხონთქარმა ნება დაგვრთა, რომ ქრისტიანებად ვიქნეთო. ჩემი ბებია გადმოვიდა გურიაში და მეც უკან წამიყვანა ბატონისაგან, რადგანაც გამაჰმადიანების შიში აღარ გვაქვს ბატონის წყალობითაო. მეც წაველ, ჩვენსას წასვლა ძლიერ მიხაროდა.

რადგანაც ჩვენში გამაჰმადიანებულნი აქა-იქ იყვნენ, ამიტომ ოსმალის ფაშებმა აჭარიდან ხოჯები და მოლები გამოგზავნეს ჩვენში და ესენი ალოცებდნენ ახალ გამაჰმადიანებულ ქართველებს. მალე აქა-იქ სოფელ-სოფელ ჯამეების კეთება იწყეს, ჩვენ ხალხს ამაზე ძლიერ მოსდიოდათ ჯავრი. ხოჯა რომ ,,ლაილაჰეს” სათქმელად ავიდოდა ჯამეზე და დაიწყებდა ძახილს, ჩვენები ამაზე დიდად ჯავრობდნენ და ამბობდენ:

– რას ყვირის ეგ უსჯულო, ეგაო და სხვანი. ხშირად ქვას, ტალახს და ხის ნაჭრებს ესროდნენ ხოლმე და გააჩუმებდნენ... თათრებსა და ქრისტიანებში ჩხუბი იმართებოდა ხოლმე და ერთმანეთს ხოცავდნენ. ქართველებს სჯულიდგან გასულები ძლიერ ეჯავრებოდათ. ხოჯა-მოლებმა ხონთქართან იჩივლეს, რომ გურჯები ჯამეებს გვიქცევენ, გვაგინებენ, ,,ლაილაჰეს” თქმას არ გვაცლიან და ახალ გამაჰმადიანებულთაც ხოცავენო. ამიტომ ხონთქრის ბრძანება მოვიდა ასე: რაც გურჯები არიან მანდა, ყველანი გაამაჰმადიანეთ და ვინც არ გამაჰმადიანდეს, დახოცეთ და ერთ კაცსაც ნუ დასტოვებთ გაუმაჰმადიანებლად, რომ საქმე მორჩეს და მოისვენოსო... ბრძანებასთან ერთად დიდი ჯარიც გამოეგზავნათ.

ოსმალნი ბრძანების აღსრულებას მალე შეუდგნენ და დაიწყეს ხალხის ხელმეორედ ხოცვა. ერთი სარჩობელაც ძველ ქობულეთში გააკეთეს, ყოველ სოფელს გარშემო ჯარი შემოუყენეს და დაუწყეს გამაჰმადიანებაზედ ლაპარაკი, მაგრამ ხალხმა უარი უთხრა და ამაზედ ჩხუბიც ატყდა; დიდძალი ხალხი დაიხოცა, ძლიერ ბევრნი აქეთ-იქით გაიქცნენ, ბევრნი დაიღუპნენ, მაგრამ მაინც ბევრი გაამაჰმადიანეს და ბევრი დარჩა ქრისტიანებად.

დიდი ამბები მოხდა, ქრისტიანებს ძლიერ გაუჭირდათ საქმე; აქ აღარავის უშვებდნენ, რომ ქრისტიანად დაშთენილიყვნენ და ყველას ხოცავდნენ. ეს რომ ნახეს და აღარც ძალა ჰქონდათ ბრძოლისა, მაშინ ყველანი გამაჰმადიანდნენ, ისე რომ აღარსად სოფელში კაცი არ დარჩენილა გაუთათრებელ მოხუც ქალებს გარდა. ჩვენც მაშინ გავმაჰმადიანდით, მე მაშინ ვიქნებოდი 16-17 წლისა.

თუმცა გავმაჰმადიანდით, მაგრამ ეკლესიებს და ხატებს კი პატივს ვსცემდით... ეს ამბები ხოჯებმა ხონთქარს აცნობეს და მალე იქიდგან ბრძანება მოვიდა, რომ ეკლესიები ან დააქციეთ და ან ჯამეებად გადააკეთეთო. ჩვენში ეს ამბები წინადვე შეიტყეს. ამიტომ ერთ დღეს, დილა ადრიან, მამაჩემმა გააღვიძა თავისი ძმები, მეც გამეღვიძა, რადგანაც მაშინ ბევრი ვაი-ვაგლახისაგან ძილი გამკრთალი გვქონდა. მამაჩემმა თავისი ძმები და მეც აჭყვის მთავარანგელოსის ეკლესიაში წაგვიყვანა. ეკლესიის კარები გააღეს, შიგ ბევრი რამ იყო: წიგნები, ხატები, ფული, ჯვრები და სხვანი, ყველა ესენი ერთად შეკრიბეს და ეკლესიის ზეით ერთი დიდი ორმო გათხარეს და შიგ ჩააწყეს, ზევიდამ ხეები დააყარეს და მერე მიწა მიაყარეს და იქ დამარხეს, რომ ოსმალთ არ წაიღონო. ზევიდან კიდევ პატარა ღობე შემოავლეს, რომ ნადირი ან სხვა ვინმე არ მივიდეს იმ ალაგზე და არ დაიპილწოსო. ეს საეკლესიო ნივთები დღევანდლამდე იქ მარხიაო. ადგილიც დამანახვა.

ნაამბობი ს. აჭყვისთაველის 120 წლის ქამჯარაძისაგან

 

ჩვენი ხალხის გამაჰმადიანება, შენი ჭირიმე, დიდის წვალებით მომხდარა... სოფელ ჩაქვის ხალხი გამაჰმადიანების გამო მთლად გაწყვეტილა ოსმალთან ბრძოლაში; ყველას პირზედ ის ეკერა, რომ არ გავმაჰმადიანდებით და არაო. ამის გამო ოსმალებს მთელი ჩაქვი გაუწყვეტიათ, მაგრამ მაინც ვერაფერი გაუწყვიათ: თვით ჩვენი ძველები იტყოდნენ და მეც მოვსწრებივარ იმ კაცებს, რომ კინტრიში გაამაჰმადიანეს, ქობულეთსა და ჩაქვის ხეობაში კი ჩუმად ინახავდნენ ქრისტიანობასა, რადგანაც ხალვაშენების და გორგაძნეების გვარში მღვდლებს ჩუმად ინახავდნენო. ამათ მღვდლები საერო ტანსაცმლით ჰყავდაო, ამათაც ბოლოს ოსმალებმა შეუტყეს და ერთ დღეს კინაღამ დახოცეს ყველანი. როგორც ამბობენ, ჩვენი ძველები ქრისტიანობაზედ ძალიან მაგრა მდგარან, ძლიერ ბევრი უშრომიათ მის შენახვაზედ და ბევრიც უწვალნიათ და უტანჯნიათ გამაჰმადიანების გამო. ვერ ნახავთ ვერც ერთ ოჯახს ჩვენი ძველებისას, რომ იქ გათათრების გამო დიდი სისხლი არ იყოს დაღვრილი.

მოხუცი მჟავანაძის ნაამბობი

 

ლივანას მოწამენი

ოსმალებმა ლივანა დაიჭირეს, ლივანა არ ემორჩილებოდა, ამისათვის ლივანელებმა ბევრი სისხლი დაღვარეს. ლივანაში ოსმალთა კაცები გამოგზავნეს და მორჩილება ითხოვეს. ლივანელთ უარი შეუთვალეს და ამათ შეკრეს ჩხალის ხეობა, გაამაგრეს ამ ხეობაში მდებარე თამარ მეფის ციხე, გაამაგრეს მაქრიალის გზები და მოემზადნენ ოსმალთა საჩხუბრად. გაიმართა ჩხუბი, ორსავე მხარეს ბევრი ხალხი გაწყდა, ჩვენები სჯობნიდნენ ოსმალთ, ჩვენის მხრიდგან ქალებიც ომობდნენ თურმე. ბოლოს საქმე მაინც გაჭირდა, ლივანელნი იძლივნენ, ოსმალთ გაიმარჯვეს და ლივანა აიღეს, მალე ხარჯიც დაადეს ლივანელებს...

პირველ ხანებში ოსმალნი ოსტატურად მოექცნენ ხალხს, ხარჯს გარდა გამაჰმადიანება არავის უთხრეს, ამაზედ ძალას არ ატანდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ კი დაატანეს ძალა, მაგრამ ვერაფერი ჰქნეს. ამბობენ, რომ ერთს დღეს მარადიდში ოთხას კაცს მოსჭრეს თავი გამაჰმადიანების გულისთვისაო. მარადიდის დიდი ეკლესიაც დააქციეს და მარადიდის ხიდიც დასწვეს, რომ ხალხი აჭარაში არ გაქცეულიყო...

ნაამბობი სოფ. ნადარბაზევის მცხოვრებ მაჰმადიან მოხუც თიკანაძის მიერ – იგივე სოფიოშვილი

 

ბევრი ჩხუბი მოხდა ლივანაში, ბევრი სისხლი დაიღვარა ქართველებისა, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალთ დაიმორჩილეს და ყველანი გაამაჰმადიანეს. ვინც არ გამაჰმადიანდა და წინააღმდეგობდნენ, ისინი დაიჭირეს და მაქრიალის ციხეში სულთან სელიმს მოჰგვარეს. სულთან სელიმმა იმათ ჰკითხა:

– რატომ არ მაჰმადიანდებით თქვენა, რატომ არ გინდათ, რომ ჩვენი წმინდა სჯული მიიღოთ?

ხალხმა უარი განუცხადა:

– ვერა, ვერ მივიღებთ. ჩვენ ქართველები ვართ, ქრისტიანები და ასეც უნდა დავიხოცნეთ; სხვა რაც გენებოთ, ის გვთხოვეთ, ერთგული მონობა და სხვანი, მაგრამ სჯულს კი ვერ გამოვიცვლით.

– მაშ ყველას თავები მოგეჭრებათ, – უთხრა სულთანმა.

– ნება თქვენი გახლდეს, მიუგო ხალხმა. სულთან სელიმმა საჩქაროდ ბრძანება გასცა, მოვიდნენ ჯალათები და მტკიცე ქართველ ქრისტიანები მიიყვანეს მაქრიალის ციხის თავ-საკვეთთან, და ყველას მოსჭრეს თავები, მერე ტანი ზღვაში გადაჰყარეს; და თავებს კიდევ სარებზედ აგებდნენ და ახმობდნენ სხვადასხვა ადგილებში შესვლის დროს ქრისტიან ქართველების შესაშინებლად.

ნაამბობი სოფ. ჩხალელის ჰაჯი ხოჯასაგან

 

ლივანაში, ბორჩხის ზემო, ჩხალის ხეობაში, ძველად ქალების მონასტერი ყოფილა. გამაჰმადიანების დროს თათრებს მოლოზნებისათვის ხმა არ გაუციათ. მღვდლები და ბერები კი სულ გამოურეკიათ. რამდენიმე დღის შემდეგ ამ მონასტერს დასცემიან თათრები და მონასტერი მთლად გაუძარცვავთ და მოლოზნებიც სულ მოუტაცნიათ; ერთი მოხუცი დედა მოლოზონი კი დაუტოვებიათ. მოტაცებული მოლოზნები ტრაპიზონში გაურეკიათ და ზოგი იქ დაუყიდნიათ თათრებზე და ზოგი სხვაგან. მონასტერში დარჩენილი მოხუცი მოლოზონი მონასტერს არ შორდებოდა; იმან დიდი გაჭირვება გამოიარა, ხშირად თავდასხმა და გაძარცვაც, მაგრამ მაინც აქაურობას არ შორდებოდა. ნაცვლად ამისა, იგი ოჯახებში დადიოდა და ახალ გამაჰმადიანებულ ქართველ ქალებს ქრისტიანობაზედ დარიგებას აძლევდა...

ეს ამბები ლივანის ბეგმა შეიტყო. ამან მოლოზონს განუცხადა, რომ მაგ ალაგს თავი დაანებე, თორემ მოგკლავენო. მოლოზონმა შეუთვალა:

– სიკვდილი ყველგან დამხვდება, მე აქედგან არსად წავალ, ამ ეკლესიას უნდა ვუპატრონოო.

რამდენიმე დღის შემდეგ ამ ქალების მონასტერს ოსმალები დაეცნენ. მოხუცი მოლოზონი მოჰკლეს და თუ რამე ჰქონდა, ისიც ყველაფერი მოსტაცეს. ამ დროს ქალებში ჩუმი ქრისტიანები კიდევ ყოფილან და ამათ ძალიან უგლოვნიათ მოკლული მოლოზონი და თვით ამ ქალებსვე დაუმარხავთ მიცვალებული.

ლივანაში ყველა ლაპარაკობდა ამ 30 წლის წინად, რომ მარადიდში, ბორჩხაში და ამის ზევით თავსაკვეთი კოშკები იყო გამართული და იქ თავებს სჭრიდნენ, არჩობდნენ იმ ქრისტიან ქართველებს, რომლებიც არ მაჰმადიანობდნენო. აქ ბევრი ქალებიც დაურჩვიათ და თავი მოუჭრიათ ხოლმე და ტანი ჭოროხში ჩაუგდიათ. უწყიან, რომ ერთხელ სოფ. წითურეთის კოშკსაც კი ხმარობდნენ საპატიმროდ და თავსაკვეთად.

დევესქელის ხეობაში ნაამბობი სოფ. პეტრულის მამასახლისისაგან

 

ლივანის გამაჰმადიანება ყველაზე მეტად კახაბრისა და ჩაქვის სოფლებს ეწყინა. ქართველნი ძლიერ სწუხდნენ ამაზედ. ბევრს მღვდელს მოსდიოდა ჯავრი, რომ ამდენი ხალხი გაამაჰმადიანეს; ამ დროს მახინჯაური გურიას ეკუთვნოდა და აქ სულ ქრისტიანობა იყო; ქრისტიანებს თავიანთი ეკლესიაც ჰქონდათ, მღვდლად ყოფილა ვიღაც კეკიძე. ამას ხალხში გამოუცხადებია, რომ მე მარადიდში უნდა გადავსახლდე, იქაურს დიდს ეკლესიას უნდა ვუპატრონოთო.

მღვდელი გადასახლდა მარადიდში. ოსმალთ შეიტყეს, მარადიდში ყოფნა აღუკრძალეს, მღვდელი შეწუხდა. მაშინ აქ სცხოვრებდნენ მახინჯაურელი ხალვაშენები, რომლებმაც კეკიძე მღვდელს ფაშასთან დახმარება აღმოუჩინეს, თხოვნა მისცეს ფაშას და ფაშამ ახალ გამაჰმადიანებულთა პატივსაცემად მღვდელს ნება მისცა მარადიდში დარჩენისა და მხოლოდ ეკლესიის პატრონობისა, სხვა არაფერი. თუ ვნახეთ, რომ ამ ეკლესიაში, ან გარეშე ვინმეს ალოცებს, მაშინ იცოდეს, ცოცხალი არ დარჩებაო! ამ დროს საიდუმლო ქრისტიანთ რიცხვი აქ დიდი ყოფილა. ესენი თურმე ძლიერ ჩუმად დაიარებოდნენ მღვდელთან და ლოცულობდნენ. მღვდელი აქეთ ბარე 30 წელიწადს დარჩენილა და ამას ბევრს გამაჰმადიანებულებში მტკიცე საფუძველზე დაუმყარებია ქრისტიანობა. გამაჰმადიანებულთ ისე შეაყვარა ქრისტიანობა, რომ ესენი მღვდელს ეუბნებოდნენ:

– ჩვენ თავებს დავიკლავთ და ქრისტიანობას კი არ დავტოვებთო! ეს ამბები მარადიდის ხოჯამ შეიტყო. ამან შეკრიბა ყოველისფერი დაწვრილებით და აცნობა ფაშას; ფაშამ კაცები გაგზავნა მღვდლის დასაჭერად და მასთან წასაყვანად. მღვდელს კეკიძეს ეს ამბავი საიდუმლო ქრისტიანებმა წინადვე აცნობეს. მღვდელი ერთ ღამეს მარადიდიდამ გაიქცა, მაქრიალისკენ წავიდა. თან გამოუდგნენ ფაშისაგან გამოგზავნილი კაცები. ამათ მაქრიალში დაიჭირეს, თავი მოჰკვეთეს უღვთოდ. ამით გათავებულა მარადიდში ქრისტიანობის საქმე.

მარადიდში ახმედ ეფენდი-ხალვაშის ნაამბობი

 

ქვედა მარადიდში ერთხელ ასეთი შემთხვევა მოხდა: ხოჯას დაუჭერია ხალხი ღორის ხორცის ჭამაზედ. ამაზედ დიდი დავიდარაბა ამტყდარა. ხალხი სამართალში მიუციათ და ბოლოს აღმოჩენილა, რომ ესენი ჩუმად ქრისტიანები ყოფილან. მათ თავიანთი მღვდელიც ჰყოლიათ. მღვდელი ერის კაცის ტანთსაცმლით ყოფილა; ამათ ღორის ხორციც უჭამიათ, ღვინოც უწურიათ და მით ზიარებულან კიდევაც. ამ ამბების შეტყობის შემდეგ მთელი ეს ხალხი მიურეკიათ ჭოროხის ნაპირზედ, ამათში ქალებიც ყოფილან ბევრნი; უკან ხმალ ამოღებული ოსმალები დასდგომიან და მოლებს დაუყვირნიათ:

– სთქვით, რომ დღეიდან თათრები ხართ, ქრისტიანობაზე ხელს იღებთ და ღორის ხორცს აღარ სჭამთო.

– არ შეგვიძლიანო, დაუყვირნიათ ერთად ყველას.

ოსმალებს მიუგია:

– რაკი არ შეგიძლიათ, მაშ შედით მაგ ჭოროხში და ვინც შიგ გაცურდება, გაღმა გავა, ის დარჩება ქრისტიანად, ვინც არ შევა, იმას ხმალი დახვდება უკან. ამაზე ბევრნი შეშინებულან და განუცხადებიათ, რომ დღეიდგან ნამდვილი მაჰმადიანები ვიქნებით და ყველაფერს ბრძანებას შევასრულებთო. ვინც წინააღმდეგნი ყოფილან, ისინი სულ შესულან ჭოროხში; ჭოროხი ამ დროს დიდი ყოფილა და ყველა ეს საბრალოები შიგ დამხრჩვალან და ერთიც არ გასულა გაღმა. ამ დროს ქვედა მარადიდში 50 კომლი იყო და ყველა ესენი ჭოროხში ისე დაიღუპნენ ქრისტიანობის გულისათვის, რომ სოფელში 5 კომლიღა დარჩაო და აი ამ მიზეზით მოისპნენ ამ სოფლის მცხოვრებნიო. შემდეგ თურმე დასცინოდნენ მათი შთამომავალნი, რომ ჩვენმა ძველებმა ღორის ხორცის ჭამის გულისათვის თავები ჭოროხში დაიხრჩვესო... ჩვენ კარგათ ვიცით, რომ მარადიდელნი ქრისტიანობის გულისათვის ოსმალების წინ ეწამნენ, დაიტანჯნენ, მათგან დედაკაცებიც კი ებრძოდნენ ოსმალებს და გათათრების გულისთვის სისხლს ღვრიდნენ...

სოფ. მერისელის ქართველ მაჰმადიანის მოხუცის ერისთავის ნაამბობი და სხვების

 

მაჭახელის მოწამენი

ლაზისტანის ოსმალნი ლივანაში შემოვიდნენ და აქედგან მაჭახელში. მაჭახელი მათ მაგრად და გულადად დახვდა; მაჭახლის ხალხი მეტად მაგარი და გაუტეხავი ხალხი იყო: ესენი ადვილად არ ჩაბარდნენ მაჰმადიანებს, ბევრი იჩხუბეს, მაგრამ ბოლოს მაინც ვერაფერი გააწყეს და ჩაჰბარდნენ ოსმალებს. ოსმალთ მაჭახლელებს გამაჰმადიანებაც გამოუცხადეს; ეს ამბავი მაჭახლის ხალხს დიდად ეჯავრა. ამის გამო დაიწყეს ჭოჭმანობა და ბოლოს ოსმალოს წინააღმდეგ ჩხუბი ასტეხეს, გამაჰმადიანება არ გვინდაო. ოსმალთ ამაზედ ძლიერ ბევრი მაჭახლელები დახოცეს. მაჭახლელებიც ბევრს ხოცავდნენ ოსმალთ, მაგრამ საქმე მაინც მაჭახლელებს გაუჭირდათ, რადგანაც ოსმალნი თოფ-იარაღით იყვნენ და მაჭახლელებს კი არაფერი ჰქონდათ. ბევრი ხოცვის შემდეგ ოსმალთ სისხლის ღვრას თავი გაანებეს. ამათ სხვა ნაირის ოსტატობით დაუწყეს გამაჰმადიანება. ვინც არ მაჰმადიანდებოდა, იმას დიდს ხარჯს ადებდნენ, სამართალში უკან აყენებდნენ, მოწმად არსად იღებდნენ, უბრალო დანაშაულობის გამო სჯიდნენ, სულ უბრალო საქმის გამო მამულებს ართმევდნენ და იმ პირებს აძლევდნენ და ჰმატებდნენ, ვინც ახლად იყვნენ გამაჰმადიანებულნი.

მაჭახელში ძველად საკმარისად გამოჩენილი აზნაურის გვარი იყო ძნელაძეების გვარი. ესენი სცხოვრებდნენ სოფელ ძნელიეთსა და ბაზარეთში. აქ დაბარებულ იქმნა ჩვენი ძველების ერთი უფროსი ძნელაძე, დიდის მამულ-დედულის პატრონი. ამას გამოუცხადეს გამაჰმადიანება იმ პირობით და იმ საჩუქრებით, როგორც სხვები გამაჰმადიანდნენ. ძნელაძემ უთხრა:

– მე არც გავმაჰმადიანდები და არც თქვენი საჩუქარი მინდა, ქრისტიანობას მაჰმადიანობაზედ არ გავცვლი. ეს არას დროს არ იქნება. მე ამას ნუღარ მეტყვით, თორემ ჩხუბი მოხდებაო. ოსმალთ ძლიერ ეწყინათ და უთხრეს:

– კარგი, მაგრამ ბევრს შეგანანებთო.

ძნელაძემ მიუგო:

– ნება თქვენი გახლდესთ! რამდენსამე ხნის შემდეგ ოსმალთ აუტეხეს დავა, დაუწყეს ცილისწამება, ჰბრალდებოდა ტყუილად კაცის კვლა, გაქუცვა, ახალ გამაჰმადიანებულების შეწუხება და სხვანი. თავს მართლულობდა, მაგრამ უბრალოდ. ოსმალნი ძალიან სჩაგრავდნენ. ასეთი ბრძოლის გამო მას ხელიდგან წაუვიდა თავისი მამულების უმეტესი ნაწილი. ოსმალნი ეუბნებოდნენ:

– გამაჰმადიანდით და ყველაფერს გაპატიებთ, ყველაფერს გაჩუქებთ.

ძნელაძე ეტყოდა:

– გვარად ძნელაძე ვარ და საქმითაც ძნელაძე უნდა ვიქმნე. მე, აი ეს ყელი და ენა რომ მომჭრათ, მაინც არ იქმნება, არ გავმაჰმადიანდები. რათ უნდა გავთათრდე, ჩვენმა სჯულმა რა დაგიშავათ, რა გიყოთ, მე ვერ ვიზამ, ჩვენ ფიცი გვაქვს მიცემული, რომ ვიდრე ძნელაძეებს პირში სული გვიდგია, მინამ ჩვენ ჩვენს სჯულს და ქვეყანას არ ვუღალატებთ. სხვებს თუ ნებავთ ჩემს სოფლელებს გამაჰმადიანდნენ, მე ნურავინ მერიდებაო. ამ კაცის მეგვარეებს და მოყმეებს დიდი მორიდება ჰქონდათ ამ პირისა; ამისი ჰრცხვენოდათ და ვერ მაჰმადიანდებოდნენ. რამდენისამე ხნის შემდეგ ესენიც გამაჰმადიანდნენ. მალე გამაჰმადიანდნენ ამ კაცის ძმები და შვილებიც, მაგრამ ეს არ გამაჰმადიანდა. ამის გამო შეებრძოლა იგი ოსმალთ და ამ ბრძოლის დროს მთლად დაჰკარგა თავისი მამულები და დარჩა ცარიელი. გაღარიბდა, გაღატაკდა, მაგრამ თათრობა მაინც არ მიიღო. ასეთს სიღატაკეში მყოფი ავად გახდა, სიკვდილზედ მივიდა. ამ დროს მაჭახელი მთლად გამაჰმადიანებული იყო, მღვდლები აღარსად იყვნენ, იქიდგან გარეკეს და ეკლესიებიც დაანგრიეს. ზოგი ჯამედ გადააკეთეს.

სიკვდილის წინა ძნელაძემ შვილები დაიბარა და უთხრა:

– ეს არის, ვთავდები, ვჰკვდები, აქ ბევრი ვეწვალე, ბევრი ვიტანჯე, ჩემის სჯულის გულისათვის დავჰკარგე ყველაფერი, ჩემი მამა პაპის მამული ოსმალებმა წამართვეს შარებით და მისცეს იმათ, ვინც ადვილად გამაჰმადიანდნენ, თავიანთ სჯულს გადაუდგნენ, საქართველოს უმტრეს და თათრებს მიემხრნენ, მით დაღუპეს მაჭახელი. ეხლა მე ვჰკვდები, ვჰკვდები დიდის მწუხარებით და ჩემი მამა-პაპის სჯულზედ, რომელიც მე დიდის ტანჯვით შევინახე. ეხლა ჩემი მწუხარება ის არის, რომ ჩემის სიკვდილის შემდეგ ჩემი დამარხვა, ვაი თუ ქრისტიანულის, ქართულის, ჩემის მამა-პაპის წესით არ მოხდეს! თქვენ გამაჰმადიანებული ხართ და მაჰმადიანურად დამმარხავთო. სიკვდილის დროს ბევრი იტირა მან, ბევრი ეხვეწა თავის ნათესავებს, რომ ქრისტიანულად დამმარხეთო. ამათ ფიცი მისცეს, რომ მღვდელს მოვიყვანთ და ისე დაგმარხავთო. ამ დაპირების შემდეგ ძნელაძე გარდაიცვალა.

მიცვალებულის ძნელაძის ნათესავები წავიდნენ ართვინში და იქიდან მღვდელი მოიყვანეს. მღვდელმა უწირ-ულოცა და როცა მიცვალებული წაიღეს, მაშინ ზოგიერთ ახალ გამაჰმადიანებულებმა უყვირეს:

– მღვდელო, უნათე, მღვდელო უნათეო და სხვანი. წაიღეს და აი, ამ პატარა ეკლესიაში დამარხეს.

ნაამბობი სოფ. ბაზარეთში და ძნელიეთში მოხუცებულ მაჰმადიანის ძნელაძის და სხვა მოხუცებულ მაჰმადიანებისაგან

 

სხალთის ხეობის მოწამენი

ამ ხეობაზედ ქართველებს დიდი ხანია შეუნახავთ თავი ქრისტიანობით, მაგრამ ბოლოს გამაჰმადიანებულან... დარჩა გაუმაჰმადიანებელი მხოლოდ სოფელი ყინჩაური. ყინჩაურელებმა დიდხანს იმაგრეს თავი ქრისტიანობით; ამისი მიზეზი იყო სოფ. ყინჩაურის მღვდელი, რომელიც მეტად მწიგნობარი ყოფილა, მქადაგებელი და ქრისტიანობის მოყვარე. ეს მღვდელი ამაგრებდა თავის ხალხს, ეს მღვდელი წინამძღვრობდა მათ... თავის სოფლის ხალხს გარდა სხვა სოფლის ახალს გამაჰმადიანებულს ქართველებშიაც კი ჰქადაგებდა ქრისტეს სჯულს, მათ ასმენდა და არცხვენდა საიდუმლოდ, რომ თქვენ ოსმალოს ბრძანებას დაემორჩილეთ ჩვენი ბეგიების მოტყუებით და სჯული გამოიცვალეთ, გამაჰმადიანდითო. რიგიანი ქართველი სჯულს არ გამოიცვლისო, თქვენ არავინ დაგხოცდათ და თუ დაიხოცებოდით, ეს უკეთესიც იქნებოდა და სჯულიდან კი ხელი არ უნდა აგეღოთო... ამ მღვდლის მეოხებით ბევრი ახლად გამაჰმადიანებული ქართველი მობრუნდა მამაპაპის სჯულზედ და საიდუმლოდ დაიწყეს ქრისტიანობის აღსარება.

ნაამბობი სხალთის უსუფ ყარა მემედ ოღლი ბოლქვაძისა

 

სოფელ ვაიოს და ქედის მოწამენი

ქრისტიანობისათვის დიდი ტანჯვა და ვაება სოფ. ვაიოს ხალხს გამოუცდია. ზოგნი ამბობენ, რომ ,,ვაიო” მიტომ დაერქვა იმას, რადგანაც გამაჰმადიანების დროს ხალხი სულ ,,ვაის” ჰყვიროდაო... ზოგნი ამბობენ, რომ როცა ქართველებს ამაჰმადიანებდნენ, მაშინ ბევრნი არ გამაჰმადიანდნენ და ცოცხალნი დარჩნენ, თავიანთს ნათესავებს ჰგლოვდნენ და ტიროდნენ და ჰყვიროდნენ, ,,ვაიო, ვაიო”, და ამიტომ დაერქვაო.

ვაიოს შემდეგ, სატანჯველ ალაგად ქედა ყოფილა დანიშნული. პირველ ხანებში, ვინც არ თათრდებოდა, დაიჭერდნენ, ქედაში მიიყვანდნენ, პარასკევ დღეს, ლოცვის დროს, ჯამეში შეიყვანდნენ, ვინც თათრობას მიიღებდა, ის ცოცხალი შთებოდა, ვინც არა და იმას კარში გამოიყვანდნენ და ლოცვის შემდეგ ხეზე ჰკიდებდნენ და ახრჩობდნენ. დამხრჩვალები სამ დღეს ეკიდნენ ხეზედ და ახლად გათათრებულ ქართველებს აყურებინებდნენ, ერთ ჯუმა (პარასკევი) დღეს, ქედაში 50 კაცი და დედაკაცი ჩამოჰკიდეს ხეებზედ და დაახრჩეს სჯულის გამო, 1765 წლებს.

დევრიშ ბეგ ბეჟანიძის ნაამბობი

 

დანდალოს მოწამენი

აჭარაში გათათრების გამო ყველაზედ დიდი ბრძოლა დანდალოს ხალხმა გამოიარა. ამათი გმირობის საქმეები ყველასათვის საკვირველი და სამაგალითო ყოფილა. მთელი დანდალო მკაცრად დადგა ოსმალოს წინააღმდეგ სჯულის გამოცვლის გამო, თვით დედაკაცებმაც კი აიღეს ხმალ-ხანჯალი ხელში და ოსმალოს წინააღმდეგ გამოვიდნენ საბრძოლველად. ამათ გარდაწყვიტეს, რომ ან მამა-პაპის სჯულზედ უნდა დავრჩეთ და ან უნდა გავწყდეთო, ჩვენი გათათრება არ შეიძლებაო. ამათ დაიწყეს ბრძოლა, საკვირველი საქმე დაჰმართეს ოსმალთ, ოსმალნი ათასობით დახოცეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალნი მოერივნენ, რადგანაც ამათ მოიშველიეს ახალ გათათრებულნი ქართველნი. დანდალოს ერი დამარცხდა და ამ დამარცხებით მთლად გაწყდა ხალხი, გაწყდა ისე, რომ არსად ერთი კაციც არ დარჩენილა, ქალი, ბავშვი და სხვანი მთლად დახოცეს, გაწყვიტეს... და ვინც დარჩა, ისინიც ოსმალში გარეკეს.

ქართველთ მაჰმადიანთ ავალიანთ გვარში დარჩენილი სოფ. დანდალოში

მასალა მომზადებულია ზაქარია ჭიჭინაძის წიგნის – ,,ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში” მიხედვით.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა