martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

ეპისკოპოსი პეტრე

 

დამოძღვრა და ნუგეშისცემა სნეულების

 ჟამს და სიკვდილის წინ

 

მოციქულის სწავლებით (რომ. 5, 12) ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი – შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებებთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.

 

სნეულება, როგორც ღვთისგან მოვლენილი სასჯელი, ყოველ ადამიანს ჰგვემს, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები სისასტიკით; ზოგიერთი დაავადება იმდენად ულმობელია, რომ სხეულთან ერთად სულსაც მოაუძლურებს, სიცოცხლეს სამძიმოს ხდის და გადასცემს მას საშინელებათა დედოფალს – სიკვდილს, რომელიც თითოეულ ადამიანს, თვით სულით ძლიერსაც კი, ძრწოლას ჰგვრის.

 

ამიტომ ჩვენი ვალია ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ სნეულების ჟამს, რათა მისი სიმძაფრე შევამსუბუქოთ, სულისთვის სასარგებლოდ ვაქციოთ, უნდა ვიცოდეთ, რისი აღსრულება გვმართებს, რომ სიკვდილის უზომოდ არ გვეშინოდეს და მას ზედმეტი შფოთის გარეშე შევხვდეთ.

 

სნეულს ავადმყოფობის ჟამს რამდენიმე აუცილებელი მოვალეობის აღსრულება მართებს: 1) ღმერთის; 2) ადამიანებისა და 3)საკუთარი თავის მიმართ.

 

1. სნეულს:

 

ა) მართებს ყოველი სნეულება მიიღოს, როგორც ცოდვათა გამო ღმერთისგან წარმოგზავნილი მისაგებელი, რომელიც კურნავს, განწმენდს და განამტკიცებს სულს. სნეულება სათნოებებში სრულყოფის საშუალებაა. ამიტომ მართებს (სნეულს) დაითმინოს იგი ღმრთის ნების მორჩილებით, სიმდაბლით, საკუთარი ცოდვების შეცნობით, სინანულით, მადლიერებით მამობრივი შეგონებისათვის, რომლის მიზანია გულის გამოსწორება და გადარჩენა.

 

ბ) ჯანმრთელობის აღსადგენად სამედიცინო საშუალებებით სარგებლობის დროს დაჟინებით არ უნდა სურდეს, უთუოდ და სწრაფად გამოჯანმრთელდეს. კურნების იმედი უნდა დავამყაროთ არა წამალზე, არამედ – ღმერთზე, რომელიც თავად ანიჭებს წამალს საკურნებელ ძალას და განაგებს ავადმყოფობას. ამიტომ იმედი მხოლოდ ღმერთზე უნდა დავამყაროთ და სრულად უნდა მივენდოთ მის ნებას ყოველივეში, რაც და როგორც მოგვეწევა მოწყალე ღმერთის მიერ, რომელიც ყოველივეს ჩვენს სასარგებლოდ იქმს, უკეთ იცის, გაახანგრძლივოს ავადმყოფობა სულის სასარგებლოდ, თუ განგვკურნოს.

 

გ) ვინაიდან სნეულების ჟამს თავისმოყვარება და ვნებები უძლურდებიან, სინდისის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის, სულიერი შეგრძნებები ფხიზლდება, გონება იწმინდება, ავადმყოფი უკეთ განსჯის გრძნობისმიერი სიამოვნებების არარაობას, რომლებიც ჯანმრთელ მდგომარეობაში აცდუნებენ, თავისკენ იტყუებენ. მას უკეთ შეუძლია ცოდვის სიბილწე შეიგრძნოს; სნეულების ჟამს სასარგებლოა ხშირი მსჯელობა ამის შესახებ, სიკეთის კეთება უნდა განვიზრახოთ და მტკიცედ გადავწყვიტოთ – დავთმოთ ცოდვილი სურვილები და გამოვსწორდეთ.

 

დ) გამოჯანმრთელების შემთხვევაში გვმართებს ვმადლობდეთ ღმერთს, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მომნიჭებელს. გვმართებს აღვასრულოთ ავადმყოფობის დროს მიღებული სასიკეთო გადაწყვეტილებები და წარვემატოთ სათნოებებში.

 

2. ადამიანებთან დამოკიდებულებაში:

 

ა) სნეული უნდა ფრთხილობდეს, რომ მშობლები, ნაცნობები, ექიმები, მომსახურენი არ შეურაცხყოს მოუთმენლობით, დრტვინვით, სიჯიუტით, ჩივილებით, სიანჩხლით.

 

ბ) პირიქით, მართებს მოთმინება, სიმშვიდე, მორჩილება, გაწეული სამსახურისთვის მადლიერება.

 

გ) ასევე უნდა გამოავლინოს კეთილი განწყობა, სითბო, ქრისტიანული სიყვარული უცხოების, მტრებისა და იმათ მიმართაც, ვისი ნახვაც არ სიამოვნებს.

 

3. საკუთარი თავის მიმართ:

 

ა) ავადმყოფს მართებს ჯანმრთელობის აღსადგენად არ უგულებელყოს რიგიანი სამედიცინო საშუალებები, მაგრამ ამაზე შფოთით და გადაჭარბებით არ უნდა ზრუნავდეს.

 

ბ) უპირველეს ყოვლისა და უმეტესად მართებს ზრუნვა სულის ზნეობრივი განკურნებისთვის, სულისთვის მარადიული ხსნის დამკვიდრებისთვის, რაც მომავლისთვის არ უნდა გადადოს.

 

გ) არ მიეცეს მოუთმენლობას, სულმოკლეობას, სიკვდილის შიშს, სასოწარკვეთილებას, დრტვინვას, რადგან ეს ყოველივე უფრო მეტად ამძაფრებს სნეულებას. უნდა დაიცვას და გამოავლინოს კეთილგანწყობილება, რომლის შენარჩუნებას უნდა ვეცადოთ დამრიგებლური საუბრებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოცვა ღვთის მიმართ, რომ მან შეუმსუბუქოს ტანჯვა ან მიანიჭოს მოთმინება ავადმყოფობის მოთმენისთვის და განკურნოს, თუკი ეს სათნოა მისთვის და სასარგებლო ავადმყოფისთვის. დავიმშვიდოთ თავი იმაზე ფიქრით, რა მიზნით უშვებს უფალი სნეულებას, რა სარგებელი მოაქვს სნეულისთვის, ვინც გონივრულად ითმენს მას.

 

განსჯისა და ნუგეშისათვის სასარგებლოა წმინდა მოსაგრეთა ცხოვრებებიდან გავიხსენოთ, როგორ მოეწია ზოგიერთ მათგანს სნეულება, რა აზრის იყვნენ მის შესახებ და როგორ ითმენდნენ მას.

 

ერთი ბერი ამბობდა: "როდესაც შენს სხეულს უძლურება მოიცავს, სულმოკლეობას ნუ მიეცემი. თუკი უფალს ნებავს, ხორციელ უძლურებაში იყო, მაშინ ვინ ხარ, რომ წყრომით იღებ ამას? უფალი ხომ ყოველმხრივ ზრუნავს შენზე! ნუთუ მის გარეშე არსებობ? ამიტომ მოითმინე და ევედრე, რომ მოგანიჭოს უმჯობესი, ანუ ის, რაც ნებავს, – მოთმინებით იჯექი და სიყვარულით შეიტკბე ის, რაც გაქვს".

 

თეოდორეს, პახომი დიდის მოწაფეს, ძლიერ აწუხებდა თავის ტკივილი და სთხოვა აბბა პახომის, რომ ლოცვით შეწეოდა სნეულებაში. აბბამ უპასუხა: ნუთუ ფიქრობ, შვილო ჩემო, რომ ვინმეს ღმერთის დაშვების გარეშე მოეწევა სნეულება ან ვნება? ამიტომ აიტანე სნეულება და მოითმინე თავმდაბლობით. როდესაც ღმერთი ინებებს, მოგანიჭებს ჯანმრთელობას. ხოლო, თუ მოისურვებს ხანგრძლივად გამოგცადოს, მადლობელი იყავ იობის მსგავსად, რომელიც ღმერთს განადიდებდა, და ქრისტესგან დიდ ნუგეშს მიიღებ. კარგია თავშეკავება და ლოცვა, მაგრამ სნეული უფრო აღმატებულ ჯილდოს მიიღებს, თუკი დიდსულოვანი და მომთმენი იქნება. ღმერთზე მეტად წამალზე ნუ დაამყარებ იმედს, თითქოს უფალს კურნების მონიჭება არ შეეძლოს.

 

წმინდა ათანასე დიდი ეახლა წმინდა ნიფონტს, რომელიც სასიკვდილო სარეცელზე იწვა და დაეკითხა: მამაო, ჰპოვებს ადამიანი რაიმე სარგებელს სნეულებისგან? წმინდა ნიფონტმა მიუგო: "როგორც ოქრო განიწმინდება ცეცხლში ჟანგისგან, ისევე სნეულების დამთმენი ადამიანი განიწმინდება ცოდვებისაგან".

 

პირგიის ლავრის ბერი, სახელად მიროგენი, იმდენად მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა, რომ წყალმანკით დაავადდა. როდესაც სხვა ბერები მასთან მიდიოდნენ, რათა მისთვის ემკურნალათ, ის მუდამ იმეორებდა: მამანო! ილოცეთ, რომ ჩემი შინაგანი ადამიანი არ დაავადდეს მსგავსი სნეულებით. რაც შეეხება ჩემს ამჟამინდელ ავადმყოფობას, ღმერთს ვევედრები, რომ სწრაფად არ გამათავისუფლოს მისგან, რადგანაც, რაც უფრო მეტად ვევნებით გარეგანად, მით მეტად ძლიერდება შინაგანი ადამიანი.

 

წმინდა სვინკლიტიკია ამბობდა: მრავალფერი ხრიკი აქვს ეშმაკს: ვერ მოასწრო ადამიანის სიღატაკით შერყევა, რომ უკვე მის ცდუნებას სიმდიდრით ცდილობს. ვერ სძლია შეურაცხყოფითა და ცილისწამებით და მის წინააღმდეგ უკვე ქება-დიდებით იარაღდება. ვერ აცდუნა სიამოვნებებით და თავს ესხმის, რომ ავნოს იძულებითი შრომით (მწუხარებებით).

 

თუკი ადამიანი ეშმაკს სიმტკიცით ამარცხებს, ეშმაკი სნეულებას უგზავნის. გამოითხოვს უფლებას და მძიმე სნეულებით ჰგვემს იმისთვის, რომ სულმოკლე ადამიანები ღმერთის სიყვარულში მოუძლურდნენ. ამიტომ იტანჯება სხეული ხან ძლიერი ცხელებით, ზოგჯერ კი წუხს აუტანელი წყურვილით.

 

თუკი ცოდვილი ხარ, ავადმყოფობით გატანჯულმა მოიგონე მომავალი სასჯელი, მარადიული ცეცხლი, ტანჯვა სამსჯავროს შემდეგ, ნუ იქნები სულმოკლე ამჟამინდელ განსაცდელში, არამედ გიხაროდეს, რომ ღმერთმა მოგინახულა და გაიმეორე ეს შესანიშნავი სიტყვები: "სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკუდილსა არა მიმცა მე" (ფს. 117, 18).

 

თუკი რკინა ხარ, მაშინ ცეცხლი (სნეულებისა) განგწმენდს. თუკი მართალი ხარ და დაავადდი, მაშინ უდიდესის ნაცვლად აღმატებულს მიიღებ. თუკი ოქრო ხარ, მაშინ (მწუხარებათა) ცეცხლით განიწმინდები. შენს ხორცს სატანის ანგელოზი ტანჯავს (2 კორ. 12, 7); გიხაროდეს იმის ხილვა, თუ ვის მიემსგავსე: წმინდა პავლეს პატივის ღირსი შექმნილხარ.

 

თუკი ციებით ან ცხელებით იტანჯები, გახსოვდეს რას ამბობს წმიდა წერილი: "განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად" (ფს. 65, 12). თუკი მოგეწია პირველი, სასოებდე, რომ მიიღებ მეორესაც. როდესაც სათნოებებში წარმატებას მიაღწევ, გაიმეორე მართლის სიტყვები: "გლახაკ და დავრდომილ ვარი მე" (ფს. 68, 29). ეს ორმხრივი განსაცდელი სრულგყოფს. რადგან ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "ჭირსა ჩემსა განმივრცე მე" (ფს. 4, 1).

 

როდესაც სნეულება გვამძიმებს, არ უნდა დავმწუხრდეთ, რომ ტკივილებისა და წყლულების გამო ვერ ვკითხულობთ ფსალმუნებს. სნეულებანი და წყლულები ხორციელი გულისთქმების აღმოფხვრას ემსახურება, ხოლო მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვებრძანა. თუკი ამ ვნებებს სნეულებაც აღმოფხვრის, ნუღარ ვიშფოთებთ. უდიდესი ღვაწლია – დაითმინო ავადმყოფობა და ღმერთს სამადლობელი გალობანი აღუვლინო.

 

თუკი მხედველობა დავკარგეთ, თვალებს ვეღარ აღვაპყრობთ მედიდურად, რადგან აღზვავების იარაღი წაგვერთვა (ამავე დროს სხვადასხვა საგნის მიმოხილვით გამოწვეული გონებაგაფანტულობისაც) და უფლის დიდებას შინაგანი თვალით ვიხილავთ.

 

თუკი სმენა დაგვეხშო, მწუხარებას ნუ მივეცემით, რადგან აღარ გვაქვს ამაო ყურთასმენა (მასთან ერთად მრავალი გასართობიცა და განსაცდელიც). სნეულებამ მთელი სხეულიც რომ მოიცვას, სამაგიეროდ, ჩვენი შინაგანი ადამიანი ჯანსაღდება.

 

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის: "სნეულება ზოგ შემთხვევაში გვეგზავნება ცოდვათაგან განსაწმენდად, ხოლო ზოგჯერ – მზვაობრობის სიმდაბლით აღსაკვეთად. როდესაც სახიერი ღმერთი იხილავს, რომ ადამიანი სულიერ ღვაწლში მცონარეა, მის ხორცს სნეულებით დაამდაბლებს, როგორც სასიხარულო ღვაწლით. ზოგჯერ კი სულსაც განწმენდს არაწმინდა ვნებებისა და გულისთქმებისაგან" (კიბე, 26, 55).

 

წმინდა ისააკ ასური გვასწავლის: "როდესაც დაუძლურდები, წარმოთქვი: ნეტარია, ვინც ღირსი გახდება ღმერთმა გამოსცადოს იმით, რის გამოც ცხოვრებას დაიმკვიდრებს. სენს ღმერთი სულის განსაკურნებლად წარმოგვიგზავნის. ერთ-ერთი წმინდანის სიტყვებია: "შემინიშნავს, რომ იმ მონაზონზე, რომელიც უფალს ღმრთივსათნოდ არ ემსახურება, არ იღვწის მოშურნედ სულის ხსნისთვის და მცონარეა სათნოებების აღსრულებაში, ღმერთი უსათუოდ დაუშვებს განსაცდელს, რათა არ დარჩეს მცონარე და ამის გამო უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს.

 

ღმერთი იმიტომ უშვებს განსაცდელს ზარმაც ადამიანზე, რომ მან იფიქროს განსაცდელებზე და არა – ამაოზე. ღმერთი ამას მის მოყვარეებს მოუვლენს, რათა გულისხმისყოფაში ჩააგდოს, განაბრძნოს და განსწავლოს თვისი ნებისაებრ. და როდესაც შეჰღაღადებენ, არ შეისმენს მათ ხმას იქამდე, ვიდრე სნეულებით დაუძლურებულნი უეჭველად შეიცნობენ, რომ ეს განსაცდელი დაუდევრობისა და სიზარმაცის გამო მოეწიათ".

 

წმინდა ბარსანოფი დიდი გვასწავლის: "სხეულის ჯანმრთელობაც და სნეულებაც ღმერთზეა დამოკიდებული, რომელიც ბრძანებს: "მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ხელსა ჩემსა" (2 რჯლ. 32, 39). ამდენად, როდესაც ღმერთი ინებებს, გვანიჭებს ჯანმრთელობას მკურნალთა ხელით, ზოგჯერ კი – თავისი სიტყვით.

 

ტანჯვის გახანგრძლივება თუ შემოკლება ღმერთის განგებით ხდება. ამიტომ ისინი, ვინც სრულად მიენდვნენ ღმერთს, არ ზრუნავენ საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთი თავისი ნებით აღასრულებს მათთვის სასარგებლოს".

 

"თუკი ადამიანი შეჭამს რაიმეს რწმენით (რომ ეს საზრდელი არაფერს ავნებს), მაგრამ დაავადდება, მაშინ არ უნდა მიეცეს იჭვნეულობასა (და სულმოკლეობას), რადგან ღმერთმა იცის, რომ ეს სნეულება მას მრავალი სულიერი ვნებისაგან გამოიხსნის და ამ ტანჯვაში ტოვებს. მან უნდა მოიგონოს მოციქულის სიტყვები: "რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები" (2 კორ. 12, 10). ნუ იფიქრებს, რომ ამგვარი რამ საზრდელისაგან დაემართა, არამედ ეს ღმერთის დაშვებაა, რადგან ღმერთის ბრძანების გარეშე სარგებლობას ვერც ის მოუტანდა, რაც საღად და სასარგებლოდ მიაჩნია".

 

წმინდა ბარსანოფი ამგვარად ანუგეშებდა სულმოკლე ავადმყოფ ძმას: "შვილო ჩემო, დავითმინოთ განსაცდელი მადლობით, რათა საღმრთო მოწყალება ჩვენზე უხვად გადმოვიდეს. ნუ დავმძიმდებით (მწუხარებით), რათა ნაღველმა არ მოგვინადიროს (და არ მოგვაშთოს), რადგან ეს წარწყმედის დასაწყისია. გახსოვდეს, შვილო, "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს" (მთ. 24, 13).

 

შვილო ჩემო, ავადმყოფობა გამოსაცდელად გვეძლევა, ხოლო გამოცდა გამოცდილებას გვძენს. "რომელი ღუაწლსა არა გამოცდილ არნ, მან მცირედ თუ რაჲმე უწყინ" (ზირ. 34, 10). "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ – სასოებასა. ხოლო სასოებამან არა არცხვინის" (რომ. 5, 3,4).

 

დაე, ნუ მოაუძლურებს მტერი შენს ღმრთივსათნო განწყობას და ნუ შეარყევს შენს რწმენას ყოვლადწმიდა სამების მიმართ. მიპასუხე, იმდენად იტანჯე, რომ ასე მოუძლურდი? მოიგონე მოციქულის სიტყვები: "არღა სისხლთამდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი" (ებრ. 12, 4-8). თუკი მადლობით ითმენ განსაცდელს, მაშინ უკვე შვილი ყოფილხარ, ხოლო თუკი უძლურებას გამოავლენ, მაშინ სიძვით ნაშობი იქნები" (პას. 619).

 

ღმერთი სნეულებას ერთ შემთხვევაში ცოდვათა სასჯელად წარმოგვიგზავნის, სხვა შემთხვევაში – ვნებათა დასაძლევად, ხოლო ზოგჯერ – იმისთვის, რომ აგვარიდოს ცოდვა, რომელშიც, ჯანმრთელნი რომ ვყოფილიყავით, ჩავვარდებოდით უზრუნველობისა და თავის განდიდების გამო. სნეულება ზოგ შემთხვევაში მცონარების გამო გვეძლევა, რათა გამოვფხიზლდეთ უზრუნველობაში ჩავარდნილნი და ვიზრუნოთ სულის გადარჩენაზე. ზოგჯერ ეს ხდება ჩვენი რწმენისა და მოთმინების გამოსაცდელად, რათა მომავალ ცხოვრებაში დიდი ჯილდო მივიღოთ.

 

თითოეულს ამხელს საკუთარი სინდისი, თუ რისთვის ევნება სნეულებით; ჩვენთვის, უძლურთათვის, სასარგებლოა ვიფიქროთ, რომ ავადმყოფობა მოგვეწია ჩვენი ცოდვებისა და გაუფრთხილებლობის გამო, რადგან არ ვზრუნავთ სულის ხსნასა და ღმერთის სათნოყოფაზე. საკუთარი ნებით არ ვისურვეთ მივახლოვებოდით ღმერთს ლოცვითა და მისი მცნებების აღსრულებით. და ღმერთი ავადმყოფობის გზით გვაიძულებს მოვიგონოთ ის და გვიხმობს თავისკენ, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს" (ფს. 31, 9).

 

არც ერთ შემთხვევაში არ გვმართებს მივეცეთ სულმოკლეობასა და დრტვინვას: ღმერთს დრტვინვა განარისხებს და ავადმყოფობას ამძიმებს, ხოლო ღმრთისადმი მადლიერება, რომ გულისხმისყოფაში მოგვიყვანა, უკეთ აღძრავს ჩვენში კეთილ განწყობილებასა და სიმშვიდეს და მოგვიპოვებს ღმერთის უდიდეს წყალობას. არ უნდა ვიფიქროთ სხვებზე, რომ სნეულება ცოდვების გამო შეხვდათ, რათა არ ჩავვარდეთ განკითხვაში და არ შეურაცხვყოთ ისინი. ამგვარი აზრი და ეჭვი აღმოფხვრის ჩვენში მოყვასის სიყვარულს. უმჯობესია ვიფიქროთ, რომ სნეულება რწმენისა და სათნოების გამოსაცდელად მოევლინათ. ბრმის შესახებ მაცხოვარი ბრძანებს: "არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა" (ინ. 9, 3). ამგვარი მიდგომა სხვების მიმართ თანაგრძნობით განგვაწყობს.

 

პალესტინაში, ღაზას სიახლოვეს მდებარე აბბა სერიდოს მონასტერში ერთი ძმა დაავადდა. მას ძალა აღარ შესწევდა აეტანა ტანჯვა და სთხოვა დიდ ბერს, მამა ბარსანოფის, შეწეოდა ლოცვით. წმინდა ბარსანოფიმ მიუგო: "უფლის მიერ საყვარელო! შენდამი ქრისტეს მიერი სიყვარულის გამო გაგიმხელ ღმრთის საიდუმლოს. შენ უწყი და დარწმუნებულიც ხარ, რომ დღე და ღამ ვევედრები უფალს, რათა გვიხსნას ბოროტისგან და თავის მარადიულ სასუფეველში დაგვამკვიდროს. და როდესაც ჩვეულებისამებრ შევევედრე შენთვის ღმერთს, მან მიბრძანა: "დაუტევე, მსურს გამოვცადო მისი სულის სარგებლობისთვის. დაე ხორციელი ვნებით განცხადდეს, როგორი მოთმინება აქვს და ვედრებისა და ღვაწლის სანაცვლოდ რას დაიმკვიდრებს".

 

მამა ბარსანოფის ხორციელი ძმა მასთან მონასტერში ხანდაზმულობაში მივიდა და ამ სოფელს განეშორა. იგი წყალმანკით დაავადდა და დიდ ბერს ევედრებოდა მისი გამოჯანმრთელებისთვის ელოცა. წმინდა ბარსანოფიმ ამგვარად უპასუხა: "ეს სნეულება იმისთვის მოგევლინა, რომ უნაყოფო არ წარდგე ღვთის წინაშე. თუკი დაითმენ და მადლობას აღუვლენ ღმერთს – კეთილ ღვაწლად შეგერაცხება, რადგან მცირე ხანს დაჰყავი მონაზვნურ ხარისხში. ნაწილობრივ იმიტომაც მოგეწია ეს განსაცდელი, რომ მიიჩნიე, თითქოს მე, უბადრუკი, და შენ რაღაცას წარმოვადგენთ – მე, როგორც დიდი ადამიანი, შენ კი, როგორც ამ ადამიანის ძმა. ნუთუ არ იცი, რომ ჩვენ ადამისმიერი ცოდვის შვილები, მიწა და ფერფლი ვართ. მადლობდე ღმერთს, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდი".

 

ერთმა ბერმა დიდ ბერს, მამა ბარსანოფის სთხოვა ელოცა აბბა სერიდოს გამოჯანმრთელებისთვის. წმინდა ბარსანოფიმ მიუგო: "ჩემი სულიერი შვილის (აბბა სერიდოს) გამოჯანმრთელებისთვის ლოცვა აქ მყოფ რამდენიმე წმინდანსაც შეეძლო, მას ერთი დღითაც რომ არ ეავადმყოფა და აღსრულდებოდა კიდეც ამგვარად; მაგრამ მაშინ ის მოთმინების ნაყოფს ვერ მიიღებდა. ნუთუ მან არ უწყის, რა დავითმინე მე? მრავალფერი სნეულებანი და განსაცდელები, ვიდრე ამ კეთილსაიმედო ნავსაყუდელში დავმკვიდრდებოდი. ეს სნეულება ფრიად სასარგებლოა მისთვის, რათა ჰპოვოს მოთმინება და მადლიერება".

 

სწორედ ამ მიზეზის გამო, როგორც აბბა სერიდომ ძმებს გაუმხილა მათივე სარგებლობისთვის, თუმცა ცხელებით ფრიად ევნებოდა, მაგრამ ღმერთს არ ევედრებოდა კურნების მონიჭებას ან სნეულების შემსუბუქებას, მხოლოდ მოთმინებისა და მადლიერების მინიჭებას ითხოვდა.

 

აბბა სერიდოს ზოგადცხოვრებულთა მონასტრის რამდენიმე ბერმა ჰკითხა დიდ ბერ ბარსანოფის: "როგორც გაგვანდე, ევედრებოდი ღმერთს, რომ ნეტარი აბბა სერიდო დაეტოვებინა ამქვეყნად შენს შემდეგ, მაგრამ რატომ წაიყვანა აბბა შენზე ადრე უფალმა, რომელიც აღასრულებს მის მოშიშთა ნებას? რატომ ფარავს ღმერთი ზოგ შემთხვევაში წმინდანთაგან თავის საქმეებს? და რატომ გამოაჩნდა აბბა სერიდოს აღსასრულის წინ სხეულზე წყლულები?"

 

წმინდა ბარსანოფიმ უპასუხა: "როგორც ერთხელ უთხრა (უფალმა) აბბა ანტონი დიდს: "ეს ღვთის განგებაა, შენ ვერ მისწვდები მას", – ამგვარადვე უნდა გულისხმავყოთ ამ შემთხვევაშიც. რაც შეეხება წყლულებს და აბბა სერიდოს აღსასრულს, ის ადამიანთაგანაც და ღმერთისგანაც ზომაზე აღმატებულად განდიდდა. მამა სერიდო რომ არ გაეღმერთებინათ (რადგან ის ჭეშმარიტად ეზიარა სული წმიდასა და სრულყოფილებას), ღმერთმა ამ გზით (სნეულებით) ჩააქრო ადამიანური დიდება, რათა სრულად გამოვლენილიყო ღმრთისმიერი დიდება.

 

ასეთი საზომის მიღწევის შემდეგ მას აღარ შეეძლო მიწიერ საგნებზე ზრუნვა, ხოლო სანამ ადამიანთა შორის იყო, არ შეეძლო საზრუნავებისგან თავის დახსნა. ღმერთმა ის ამიტომ წაიყვანა. რაც შეეხება ჩვენს ვედრებას, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ სწორედ ისე მოხდებოდა, როგორც ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ აღესრულა ღვთის ნება, რადგან ცხონების განგებულება აღმატებულია (ჩვენს განზრახვებზე). ადამიანი არ უნდა ცდილობდეს გამოიკვლიოს მიუწვდომელი, არამედ ყოველი გულისსიტყვა და ყოველი კეთილი საქმე უნდა მიანდოს ძალაუფლების მქონეს, რათა ყოველივე მისი ნებისაებრ აღსრულდეს".

 

დიდ ბერს ერთი ძმა დაეკითხა, უნდა ვიმკურნალოთ თუ არა ავადმყოფობის ჟამს. წმინდა ბარსანოფიმ მიუგო: "ისინიც, ვინც ექიმებს მიმართავენ და ისინიც, ვინც არ მიმართავენ მათ, ასე იქცევიან (ყოველ შემთხვევაში უნდა იქცეოდნენ) ღმრთისადმი მინდობით. ვინც მიმართავს, ისინი ამბობენ: უფლის სახელით მივანდობ თავს ექიმებს, რათა მათი საშუალებით ღმერთმა კურნება მომივლინოს. ხოლო ვინც არ მიმართავს, ღმრთისადმი სასოებით არ მიმართავს და ის კურნავს მათ. ამდენად, თუკი მიმართავ (მკურნალთ), არ შესცოდავ, ხოლო როდესაც არ მიმართავ, თავს ნუ აიმაღლებ. იცოდე, თუნდაც ექიმს მიმართო, აღესრულება ის, რაც ღმერთს ნებავს. თუკი გსურს, გონებაში გქონდეს წმინდა ილია წინასწარმეტყველის სიტყვები: "ცხედარსა მაგას ზედა, რომელსა აღხედ, არა გარდამოხდე მაგიერ, არამედ მაგას ზედა სიკუდილითა მოჰკუდე" (4 მეფ. 1, 4), – და მაშინ უზრუნველად (და უშფოთველად) იქნები".

 

ამ დარიგებიდან ჩანს, რომ ყოველი მძიმე ავადმყოფობის დროს უმჯობესია სიკვდილს ველოდებოდეთ. მის შესახვედრად წინასწარ უნდა მოვემზადოთ, აღსარება ვთქვათ და ვეზიაროთ ქრისტეს წმიდა საიდუმლოებს. მაშინ შევძლებთ შფოთის გარეშე შევეგებოთ სიკვდილს, ხოლო მოულოდნელი სიკვდილი ყოველთვის შიშის მომგვრელია. როდესაც ადამიანს მძიმე სენი შეეყრება, სიკვდილის შიშით ევედრება ღმერთს, კიდევ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე და სინანულსა და გამოსწორებას აღუთქვამს. ღმერთი ამ პირობით გამოიხსნის ავადმყოფობისაგან და უხანგრძლივებს სიცოცხლეს, მაგრამ თუკი იცის, რომ ის ვერ გამოსწორდება, მაშინ სიკვდილს უგზავნის. ყოველ ადამიანს სიკვდილი მისთვის საუკეთესო დროს ეგზავნება, რათა მარადისობაში გადაინაცვლოს, როდესაც ამისთვის მზად არის. ზოგს მშვიდი აღსასრული ეგზავნება, ზოგს – სასტიკი, საზარელი, იმის მიხედვით, თუ რა არის მისი მარადიული ცხოვრებისთვის უმჯობესი. მოწევნული სნეულებისა და სიკვდილის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანის ცოდვიანობაზე ან სიმართლეზე, ღმერთის სათნოყოფაზე, რათა განკითხვის ცოდვაში არ აღმოვჩნდეთ. თუმცა წმიდა წერილის დამოწმებით, ზოგადად "სიკუდილი ცოდვილთაჲ ბოროტ არს" (ფს. 33, 22), ხოლო "პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაჲ" (ფს. 115, 6), მაგრამ მრავალი გამონაკლისიც არსებობს – ზოგჯერ ცოდვილიც მომკვდარა გარეგანი შფოთის გარეშე, ხოლო მართალს მოწევნია საზარელი სიკვდილი. მაგრამ ამით შეუძლებელია ვიმსჯელოთ პირველის ღმრთის-სათნოობაზე და მეორის ცოდვიანობასა და წარწყმედაზე. გზანი და მსჯავრნი უფლისანი მიუწვდომელია ჩვენთვის. მათ წინაშე მხოლოდ კრძალვა გვმართებს, ხოლო მათი შეცნობა შეუძლებელია.

 

წმინდა ათანასე დიდი გვასწავლის: მრავალი მართალი აღსრულებულა ბოროტი სიკვდილით, ხოლო ცოდვილნი – მშვიდად, ანუ უმტკივნეულოდ. ამის დასამტკიცებლად ის შემდეგ შემთხვევას მოგვითხრობს: უდაბნოში ერთი სასწაულთქმედებით განთქმული ბერი ცხოვრობდა მოწაფესთან ერთად. ერთ დღეს მოწაფეს საქმეზე მოუხდა ქალაქში წასვლა, რომელსაც ბოროტი და უღმერთო მმართველი განაგებდა, და ნახა, რომ მას დიდი პატივით კრძალავდნენ და მის კუბოს უამრავი ხალხი მიაცილებდა. როდესაც უდაბნოში დაბრუნდა, წმინდა მამა აფთრისგან დაგლეჯილი დახვდა. მან მწარედ დაიტირა ბერი და ღმერთს ამ სიტყვებით მიმართა: ღმერთო, როგორ დიდებულად აღესრულა ის ბოროტი მმართველი, ხოლო ამ წმინდა კაცს, სულიერ მოძღვარს, რად მოევლინა ესოდენ მწარე აღსასრული? როდესაც ის გლოვობდა და ლოცულობდა, წარმოუდგა ღვთის ანგელოზი და უთხრა: რად დასტირი ბერს? იმ ბოროტ მმართველს ერთი კეთილი საქმე ჰქონდა აღსრულებული, რისთვისაც ჯილდოდ მიემადლა დიდებული დაკრძალვა, ხოლო იმ ცხოვრებაში აღარაფერი ეღირსება, გარდა უღმერთო ცხოვრებისთვის განკითხვისა. ხოლო შენი მოძღვარი პატიოსანი ბერი იყო, ყოველივეთი სათნოეყოფოდა ღმერთს; ის ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული, მაგრამ როგორც კაცს, ერთი მცირე შეცოდება ჰქონდა, რომელიც მწარე სიკვდილით შეენდო და ამ ცხოვრებიდან განწმენდილი განვიდა.

 

როგორც გადმოგვცემენ, ორმა წმინდა ბერმა აღსრულების შემდეგ გამოცხადებით შეიტყო, რომ მიწაზე მათი თანამოღვაწე ძმა სიძვით დაეცა. ისინი ღმერთს ევედრებოდნენ, რომ მის დასაგლეჯად ლომი ან სხვა მხეცი წარეგზავნა, რათა ამგვარი სასტიკი აღსასრულით ცოდვისაგან განწმენდილი მათი ნეტარების ადგილზე დამკვიდრებულიყო.

 

ერთხელ ერთი ადამიანი მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო. ერთნი ამბობდნენ, რომ ცოდვათა გამო დაიღუპა, სხვები ამბობდნენ, რომ შემთხვევითობა იყო. ნეტარი ალექსანდრე ამის შესახებ ევსევი დიდს დაეკითხა. ევსევიმ უპასუხა: ვერც ერთ მათგანს ვერ შეუცვნია სიმართლე. თითოეულ ადამიანს საქმეთა მიხედვით რომ მიეზღოს, მაშინ მთელი ქვეყნიერება დაიღუპებოდა. ეშმაკი არ არის გულთამხილავი. როდესაც ის დაინახავს, რომ ადამიანი სიკვდილს უახლოვდება, ბადეებს განფენს მის საცდუნებლად, რათა სიკვდილს შეამთხვიოს; საჩხუბრად აღძრავს მას ან რაიმე სხვა, მცირე ან დიდ ბოროტ საქმეს ჩააგონებს.

 

ეშმაკის მანქანებით, ზოგჯერ სუსტი დარტყმით ან სხვა უმნიშვნელო მიზეზით კვდება ადამიანი. ზოგჯერ იგი აღძრავს ადამიანს ადიდებული მდინარე გადალახოს ან სხვა განსაცდელში ჩაითრიოს ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე. ხდება, რომ ვიღაცას უწყალოდ სცემენ ან იარაღით ჭრიან და არ კვდება, სხვები კი სუსტი დარტყმითაც გარდაიცვლებიან. თუკი ადამიანი დიდ ყინვაში შორ გზას გაუდგება, როცა საშიშროება სრულიად ცხადია და გაიყინება, ის თავად იქნება დამნაშავე საკუთარ სიკვდილში, მაგრამ თუკი კარგ ამინდში გაემგზავრება, გზაში უამინდობა წამოეწევა, თავშესაფარი არ ექნება და დაიღუპება, ეს იქნება ტანჯული აღსასრული. თუკი ადამიანი საკუთარი ძალებისა და სიმარჯვის იმედით ადიდებულ და აბობოქრებულ მდინარეში შეიჭრება და დაიხრჩობა, ის თვითონ იქნება დამნაშავე საკუთარ სიკვდილში (და განისჯება, როგორც თვითმკვლელი). თუკი ადამიანი ხედავს, რომ მდინარე დამშვიდებულია, სხვები მშვიდობიანად გადადიან და თავადაც წავა მათ კვალდაკვალ, ამ დროს ეშმაკის მანქანებით წაბორძიკდება და დაიხრჩობა, ეს ადამიანი ტანჯული სიკვდილით აღესრულება (პროლოგი, 23 მარტი).

 

როდესაც ცოდვილნი სასტიკი სიკვდილით კვდებიან, ტანჯული აღსასრულის გამო ცოდვები მიეტევებათ ან მომავალი სატანჯველი შეუმსუბუქდებათ. ხოლო როდესაც მართალს მოეწევა მოულოდნელი, ტანჯული აღსასრული, მას აღმატებული ჯილდო ელის მომავალ ცხოვრებაში.

 

წმინდა ათანასე დიდი ამბობს: მრავალმა მართალმა ცხოვრება ხანგრძლივ, მძიმე სნეულებაში გაატარა, ხოლო ცოდვილები ზოგჯერ მშვიდად და სწრაფად, ანუ ტკივილების გარეშე კვდებიან. წმინდა გრიგოლი გვასწავლის: ხშირად ღმრთისმოსავ ადამიანებს დიდი მწუხარება და სიმძიმილი ატყდებათ თავს სიკვდილამდეც და სიკვდილის ჟამსაც. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ რაღაც პატარა ცოდვები აქვთ და მათგან უნდა განიწმინდონ. აგრეთვე, არ არსებობს ცოდვილი, რაიმე კეთილი საქმე რომ არ გაეკეთებინა, რისთვისაც მშვიდი აღსასრული მოევლინება. მაგრამ რაკი აქ ჯილდოს სრულად მიიღებს, მომავალ ცხოვრებაში მით უფრო მკაცრად განისჯება ცოდვებისთვის (პროლოგი, 30 აპრილი.).

 

თესალონიკის ერთ-ერთ მონასტერში ერთმა ქალწულმა ეშმაკის მანქანებით მოთმინება დაკარგა, დატოვა მონასტერი, დაბრუნდა ერში და რამდენიმე წელი ბილწებით გაატარა. შემდეგ გონს მოეგო, გამოსწორება გადაწყვიტა და თავის მონასტერში სინანულით დაბრუნდა, მაგრამ მიაღწია თუ არა მონასტრის კარიბჭეს, უსულოდ დაეცა. ერთ ეპისკოპოსს ღმერთმა უჩვენა მისი აღსასრული. მან იხილა, რომ ანგელოზები მივიდნენ და წაიყვანეს მისი სული, ხოლო ეშმაკები უკან მისდევდნენ და ეკამათებოდნენ. წმინდა ანგელოზები ამბობდნენ: ის ამდენი წელი "გვემსახურებოდა და მისი სული ჩვენია". ეშმაკები ამბობდნენ: ის მონასტერშიც სიზარმაცით დამკვიდრდა და "როგორღა ამბობთ, რომ შეინანა?" ანგელოზებმა მიუგეს: "ღმერთმა იხილა, რომ იგი გულით და გონებით სიკეთისკენ მოიქცა, ამიტომაც შეიწირა მისი სინანული. სინანული მის თავისუფალ ნებაზე იყო დამოკიდებული, ხოლო სიცოცხლეს ღმერთი განაგებს". შერცხვენილი ეშმაკები უკუიქცნენ.

 

ღირსმა ათანასე ათონელმა სახელი გაითქვა ღმრთისმოშიშებით, სიწმინდითა და სასწაულთქმედებით, მაგრამ ღმერთმა, ჩვენთვის მიუწვდომელი განგებით, გარეგნულად საზარელი აღსასრული მოუვლინა. მას წინასწარ განეცხადა, რომ ხუთ მოწაფესთან ერთად ტაძრის სვეტი დაეცემოდა. წმინდა ათანასემ ამის შესახებ მინიშნებით უთხრა ძმებს უკანასკნელ საუბარში, თითქოს ემშვიდობებოდა მათ, შემდეგ ხუთ რჩეულ მოწაფესთან ერთად ნაგებობის თავზე ავიდა და მყისვე გადმოქცეულმა შენობამ მოიყოლა.

 

საღმრთო ისტორია მოწმობს, რომ ისრაელის უსჯულო მეფე აქაბის დროს, მისი მხილების მიზნით, ღმერთის წინასწარმეტყველმა საჭიროდ ჩათვალა მის წინაშე გასისხლიანებული წარმდგარიყო და ამისთვის, ღვთის ბრძანებით, შემხვედრ კაცს უთხრა: მცემე. იგი ღმრთის კაცის მიმართ კრძალვის გამო ბრძანებას არ ასრულებდა. წინასწარმეტყველმა უთხრა: "იმისთვის, რომ არ შეისმინე ღვთის სიტყვა, როგორც კი წახვალ ჩემგან, ლომი დაგგლეჯს". ასეც მოხდა: განშორდა თუ არა ეს კაცი წინასწარმეტყველს, ლომი შემოხვდა და დაგლიჯა (3 მეფ. 20, 35-36). ნეტარი პეტრე დამასკელი შენიშნავს, რომ ეს მოხდა არა ღვთის რისხვის გამო, არამედ სხვათა სარგებლობისათვის. არა იმიტომ, რომ ეს კეთილი ადამიანი ღირსი იყო ჩვეულებრივი სიკვდილით არ მომკვდარიყო სხვა ადამიანების მსგავსად, არამედ ღმრთის სიტყვის თანახმად მხეცს უნდა დაეგლიჯა და ამგვარი საზარელი სიკვდილის გამო მიეღო გვირგვინი.

 

აბბა გერონტი მოგვითხრობდა: "სამი მოსაგრე ვმოღვაწეობდით მკვდარი ზღვის იქით, ბისიმონტის მახლობლად. ჩვენ მთაში მიმოვდიოდით, ხოლო სხვა მოსაგრე ჩვენს ქვევით ზღვის ნაპირზე იარებოდა. ერთხელ მას სარკინოზები შეხვდნენ, რომლებიც იმ ადგილებში მოგზაურობდნენ. ისინი მოსაგრეს გაცდნენ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უკან დაბრუნდა და მას თავი მოკვეთა. ჩვენ მაღალი მთიდან ყველაფერს ვხედავდით და მეუდაბნოე დავიტირეთ. მოულოდნელად ციდან ფრინველი დაეშვა და სარკინოზი მაღლა აიტაცა, შემდეგ გაუშვა. ის მიწაზე დაენარცხა და ნაწილებად დაიშალა". აქედან ცხადია, რომ, თუმცა უფალმა დაუშვა მოსაგრე სარკინოზს მოეკლა ჩვენთვის უცნობი საღმრთო განგებით, მაგრამ მკვლელი თავადაც სიკვდილით დაისაჯა.

 

მამა აღათონიკე, წმინდა საბას ლავრის იღუმენი, თავის შესახებ მოგვითხრობდა: "ერთხელ რუმელში წავედი, რათა განდეგილი მამა აბბა პიმენი მომენახულებინა. როდესაც ვიპოვე, ჩემი გულისთქმების შესახებ მოვუყევი. როცა დაღამდა, მან მღვიმეში გამიშვა. მაშინ ზამთარი იყო, ღამით ძალიან ციოდა და გავითოშე. ბერი დილით მოვიდა და სიცივის შესახებ რომ შევჩივლე, მითხრა: მე არ გავყინულვარ, საყვარელო შვილო! ამის გაგონებამ გამაკვირვა, რადგან ტანზე არაფერი ემოსა და ვკითხე: წყალობა მიყავ და მითხარი, როგორ მოხდა, რომ არ გაიყინე? მან მომიგო: მოვიდა ლომი, ჩემს გვერდით დაიძინა და მათბობდა. მაგრამ უწყოდე, ძმაო, მხეცები შემჭამენ. რატომ? – დავეკითხე. – იმიტომ, რომ როდესაც სამშობლოში ვცხოვრობდი და ცხვრებს ვმწყემსავდი, ჩემმა ძაღლებმა ერთი მწირი დაგლიჯეს. მისი გადარჩენა შემეძლო, მაგრამ არ მივეშველე, მივატოვე და ძაღლებმა დაგლიჯეს. იცოდე, რომ მეც ასეთი აღსასრული მელის. სამი წლის შემდეგ სწორედ იმგვარად მოხდა, როგორც ბერმა იწინასწარმეტყველა. იგი მხეცებმა დაგლიჯეს". აქედან ცხადია, თუმცა ბერი ღმრთისმოშიში იყო, ღმერთს სათნოეყოფოდა, მომავლის შეცნობის ნიჭიც მიემადლა, მაგრამ ღმერთმა სასტიკი სიკვდილი წარმოუგზავნა, რათა ცოდვისაგან განწმენდილიყო. ტანჯული აღსასრულის გამო წარსულის ცოდვები შეენდო და ცათა სასუფევლის დამკვიდრების ღირსი გახდა.

 

ამიტომ სიკვდილის ხარისხის მიხედვით არ შეიძლება ვიმსჯელოთ ადამიანი ღმრთის სათნო იყო თუ არა. მან ჩვენზე უკეთ უწყის, ვის როგორი აღსასრული წარმოუგზავნოს – მშვიდი, უმტკივნეულო, თუ სასტიკი და მტკივნეული. ღმერთი რასაც აღასრულებს, მხოლოდ სასიკეთოდ, ადამიანის მარადიული ხვედრის შესამსუბუქებლად იქმს.

 

წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "თუკი ხედავ, რომ მართალს ბოროტი აღსასრული მოევლინა, ნუ დაეცემი სულიერად, რადგან უბედურება ბრწყინვალე გვირგვინს უმზადებს. ღმერთი ზოგიერთს მიწაზევე სჯის, რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს ან სრულიად გაათავისუფლოს მისგან. როდესაც ხედავ, რომ ვიღაც ხომალდთან ერთად დაინთქა ზღვაში, სახლის ნანგრევებში მოყვა, მდინარეში დაიხრჩო ან სხვაგვარი მძლავრებით აღესრულა, სხვები კი, მასავით ან მასზე მეტად ცოდავენ და ცოცხლები და უვნებელნი არიან, – ნუ შეშფოთდები და ნუ იტყვი – ერთნაირად შემცოდენი რატომ ერთნაირადვე არ მოკვდნენ? ღმერთი ზოგიერთს სხვისი ხელით სიკვდილს მოუვლენს, რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბუქოს, ან მის ცოდვილ ცხოვრებას წყვეტს, რათა უსჯულოების გამრავლებით უფრო დიდი სასჯელი არ დაიმსახუროს. სხვას კი ამგვარ სიკვდილს არ უგზავნის, რათა პირველის მაგალითით განსწავლული, გამოსწორდეს. თუკი ისინი არ სწორდებიან, დამნაშავეა არა ღმერთი, არამედ მათი უზრუნველობა" (საუბ. მე-3 ლაზარეს შესახებ).

 

როგორც ჩანს ამ მიზნით დაუშვა უფალმა მოულოდნელი აღსასრული გალილეველებისა, რომლებიც პილატემ დაახოცინა და აგრეთვე სილოამის გოდოლით მოწყვეტილთა, რომელთა შესახებ მაცხოვარი ბრძანებს: "ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ? გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრეთვე სახედ ყოველნი წარწყმდეთ. ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანამდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს? გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრეთ წარსწყმდეთ" (ლკ. 13, 1-5).

 

ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დაიიმედებს თავს, რომ მას არ მოევლინება მოულოდნელი სიკვდილი. ის ანაზდად რომ არ მოგვეწიოს და ძრწოლა არ მოგვგვაროს, მის შესახვედრად წინდაწინვე უნდა ვემზადოთ.

 

მზადება სიკვდილისთვის 

საკმარისი არ არის სიკვდილისთვის მოვემზადოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი გვიახლოვდება ან გვემუქრება, არამედ მთელი ცხოვრება, მუდმივად უნდა ვემზადებოდეთ მშვიდი აღსასრულისთვის. მზადება შეიძლება იყოს ადრეული და უახლოესი.

 

ადრეული სამზადისი სიკვდილისთვის 

მთელი ცხოვრება, ვითარცა ერთი დღე, და თანაც, როგორც უკანასკნელი, უნდა იყოს მუდმივი, მოშურნე სამზადისი სიკვდილისთვის. ამისთვის აუცილებელია: 1) ერთის მხრივ, განვიშოროთ წინააღმდეგობები; 2) მეორეს მხრივ, გამოვიყენოთ ყოველგვარი საშუალება მშვიდი აღსასრულის მოპოვებისთვის.

 

1) წინააღმდეგობები, რომლებიც ხელს უშლის მშვიდ სიკვდილს და უნდა განვაგდოთ, შემდეგია:

 

ა) ცოდვილი ცხოვრება, სინანულისა და გამოსწორების გადადება მომავლისთვის.

 

ბ)სიკვდილის დავიწყება, ხანგრძლივი სიცოცხლის სურვილი არა იმ მიზნით, რომ სათნოებაში წარემატო.

 

გ) ავადმყოფობისა და სიკვდილის წინაშე გადამეტებული შიში.

 

დ) ღმრთის მოწყალებისა და საკუთარი კეთილი საქმეების უგუნური მოიმედეობა, ღმრთის მართლმსაჯულების დავიწყება.

 

ე) გადამეტებული სულიერი შფოთი, საღმრთო მართლმსაჯულებისა და მომავალი სატანჯველის წინაშე შიში.

 

2) მშვიდი აღსასრულის მოსაპოვებლად შეიძლება შეგვეწიოს:

 

ა) სიწმინდის დაცვა და მშვიდი სინდისი, ყოველი ნაკლისა და სისუსტის გამოსწორება, კეთილი ზნის ჩამოყალიბება.

 

ბ) მუდმივი ხსოვნა და ფიქრი სიკვდილზე, რომელიც უეჭველად მოვა, მაგრამ წინასწარ არ ვიცით, როდის. ხშირად უნდა დავფიქრდეთ მიწიერ სიკეთეთა ამაოებაზე, ამქვეყნიური ცხოვრების ხიფათსა და უბადრუკობაზე, მომავალი ცხოვრების ჯილდოთა და სიხარულთა უპირატესობაზე.

 

გ) [ფიქრი] ღმერთის უსაზღვრო მოწყალებაზე ადამიანთა მიმართ, უფალ იესო ქრისტესთან ყოფნის სურვილი, ღმრთის სახიერებით მარადიული ნეტარების მოპოვების იმედი.

 

დ) მუდმივი, ქმედითი მცდელობა გამოასწორო ცხოვრება, მუდმივი სიფხიზლე და სიკვდილის მოლოდინი, ყოველი დღე უნდა ჩათვალო უკანასკნელად, რათა მშვიდად, უდრტვინველად შეხვდე სიკვდილს ნებისმიერ დღეს.

 

3) მაცხოვარი ხშირად იგავებით ასწავლიდა სიფხიზლეს გადარჩენის საქმეში: იგავით მონების შესახებ, რომელთაც მოულოდნელად მოუხმო უფალმა ანგარიშისთვის; მოწვეული სტუმრებისა და მონების იგავით, რომლებიც ბატონის დაბრუნებას ელიან საქორწინო ნადიმიდან; ათი ქალწულის შესახებ იგავით, რომლებიც სიძის გამოჩენას ელიან და სხვ. (მთ. 25, 1-13, 19; ლკ. 12, 26-40; 16, 2 და მთ. 24, 42-51). მოგვიწოდებდა მზადყოფნისკენ ნებისმიერ დღეს და ჟამს შევხვდეთ უფალს სიკვდილთან ერთად. ამისთვის აუცილებელია:

 

ა) ხშირად დავეკითხოთ ჩვენს სინდისს, არის თუ არა სუფთა, მშვიდი, რომ არ ეშინოდეს სიკვდილისა.

 

ბ) ამისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ მძიმე ცოდვებთან განშორება, თუკი არაფრად მიგვაჩნია მცირე შეცოდებანი. ღვთის წინაშე ამგვარად ვერ გამართლდება ადამიანი; აუცილებელია ხშირი სინანულით განვიწმინდოთ გული ვნებებისგან, აღვაგზნოთ მასში სიყვარული: ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ვეზიაროთ ქრისტეს წმიდა საიდუმლოებს იმგვარი განწყობით, როგორც ვისურვებდით ზიარებას სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში...

 

გ) ყოველდღიურად იმაზე ფიქრით უნდა დავიძინოთ, რომ შეიძლება ძილისაგან გაღვიძებულნი იმქვეყნად აღმოვჩნდეთ. ამიტომ საწოლში ისე უნდა ჩავწვეთ, თითქოს კუბოში ან საფლავში ვწვებოდეთ, ღმრთისადმი მხურვალე ლოცვით.

 

ერთი სიტყვით:

 

დ) რაც გსურს და გმართებს, რომ სიკვდილის ჟამს აღასრულო, მის დადგომამდე დიდი ხნით ადრე აღასრულე. ხშირად დაეკითხე საკუთარ თავს: დღეს რომ აღესრულო, ამ ღამით, როგორ წარდგები მართლმსაჯული ღმერთის წინაშე?

 

ვინც საკუთარი გადარჩენის სადარაჯოზე ამგვარად ფხიზლობს და ცდილობს ღმრთისმოშიშებით იცხოვროს, მას ღმერთმა უეცარი სიკვდილი რომც წარმოუგზავნოს, მოუმზადებელს არ მოეწევა; უეცარი სიკვდილი უბედურება არ არის იმ შემთხვევაში, როდესაც მას წინ კეთილი ცხოვრება უძღოდა.

 

სამზადისი მოახლოებული სიკვდილის შესახვედრად 

როდესაც ღმერთი მძიმე ავადმყოფობით ან უეცარი დაუძლურებით გვაუწყებს სიკვდილის მოახლოებას, განსაკუთრებული გულმოდგინებით გვმართებს სამზადისი მის შესახვედრად.

 

1) ავადმყოფმა უნდა სთხოვოს ექიმსა და ახლობელ ადამიანებს, რომ დროულად გააფრთხილონ სიკვდილის საშიშროების გამო, ვიდრე სულიერი ძალები საბოლოოდ დატოვებენ და ცნობიერება ტანჯვისაგან დაებინდება, რათა შეძლოს აღსარების თქმა სიმშვიდით, სინდისის უკეთ განწმენდა, ზიარება, ზეთის კურთხევის საიდუმლოში მონაწილეობა და ამის შემდეგ დამშვიდებული სულით სრულიად მიენდოს ღვთის ნებას.

 

ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს სასურველია რამდენჯერმე თქვას აღსარება და ეზიაროს, რაც სიცოცხლის უკანასკნელი წუთისთვის არ უნდა გადადოს. როდესაც ტკივილებისა და სიკვდილის შიშით, უფლის სამსჯავროს წინაშე ძრწოლით სული აღშფოთებულია, დაუძლურებულია, გონება დაბინდულია, ადამიანი კარგავს სინანულისა და აღსარების თქმის უნარს, ვერ ახერხებს კეთილმოშიშებით ზიარებას. ამის გამო მრავალი ადამიანი გარდაცვლილა უზიარებლად.

 

2) ადრევე უნდა მოაგვარო ოჯახური საქმეები, შეადგინო ანდერძი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით; ყველას შეურიგდე, მტრებს შეუნდო პირადად ან დაუსწრებლად, გულით უნდა მიუტეო მათ ყოველივე. ამის შემდეგ მიწიერზე აღარ უნდა იზრუნო, არამედ მხოლოდ იმაზე, თუ როგორ შეეგებო სიკვდილს და წარდგე ღვთის სამსჯავროზე.

 

3) სიკვდილის წინ ეშმაკი განსაკუთრებული გაბოროტებით ესხმის თავს ადამიანს, აღუძრავს სასოწარკვეთილებას, ურყევს რწმენას, სასოებასა და სიყვარულს ღვთის მიმართ, სულს აშფოთებს ჩადენილი ცოდვების გახსენებით, ეჭვს აღუძრავს ღმერთის გულმოწყალების მიმართ, აშინებს მარადიული სატანჯველის წარმოდგენით, ცდილობს შეაძრწუნოს სასოწარკვეთილებით, რაც არის სულის სიკვდილი.

 

ამ დროს ავადმყოფმა განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა ილოცოს ღვთის მიმართ, რომ მან განუმტკიცოს რწმენა, სასოება, სიყვარული მის მიმართ, არ დაუშვას, რომ მტერმა დაამძიმოს თავისი მანქანებით, დათრგუნოს სასოწარკვეთილებით, შეაშფოთოს ეჭვით, შიშით. სულის ნუგეშისცემისა და განმტკიცებისთვის სასარგებლოა ღმრთისმოშიშ ადამიანთან საუბარი, კითხვა ან მოსმენა წმიდა წერილიდან დამამშვიდებელი ადგილებისა (ასეთები მრავლადაა ფსალმუნებში, მაგალითად, ფს. 6, 17, 21, 24, 26, 30, 31, 37, 40, 41, 42, 49, 50, 61, 62, 68, 72, 76, 83, 93, 101, 114, 117, 118, 142 და სხვ.). მომაკვდავისთვის განსაკუთრებით სანუგეშოა მოისმინოს მაცხოვრის გამოსათხოვარი საუბარი მოწაფეებთან: "ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი, გრწმენინ ღმრთისაჲ და გრწმენინ ჩემდა მომართ. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკუეთუ არა, გარქუმცა თქუენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი. და უკუეთუ წარვიდე და განგიმზადო თქუენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქუენ თავისა ჩემისა თანა, რაჲთა სადაცა მე ვიყო, მუნცა თქუენ იყვნეთ" (ინ. 14, 1-17) და სხვ.

 

სასარგებლოა, ხშირად ვიკითხოთ სულის განტევების ლოცვა (კურთხევანიდან) და სავედრებელი კანონი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიმართ ცოდვილის აღსარებისთვის, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისი და სხვა სავედრებელი ლოცვები. როდესაც მტერი გაშფოთებს ჩადენილი ცოდვების გახსენებით, შიშს გგვრის ღვთის სამსჯავროს მოგონებით და ცოდვების გამო სასჯელით, ღმერთის ულმობელობის წარმოდგენით სურს სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს მომაკვდავი, ამ დროს თავი უნდა გაიმხნევო ღმერთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობაზე ფიქრით. მას ყველას გადარჩენა სურს, ფიცითაც კი გვარწმუნებს, რომ არ სურს ცოდვილთა წარწყმედა, არამედ მოქცევა და ცხონება მათი (ეზეკ. 33, 11).

 

ღმერთმა ადამიანთა მიმართ თავისი სიყვარული იმით დაამტკიცა, რომ წარმოგზავნა თავისი საყვარელი ძე ცოდვილთა ცხონებისთვის (ინ. 3, 16), დაუშვა მისი ვნება და სიკვდილი, რათა ამით გამოეხსნა მორწმუნენი ცოდვისა და მარადიული წარწყმედისაგან.

 

მოციქული გვიჩვენებს ღმერთის ადამიანთა მიმართ სიყვარულის დიდებულებას და ამბობს: "ძნიად ვინმე მართლისათჳს მოკუდის, ხოლო კეთილისათჳს, ვინ უწყის, ნუუკუე და იკადრისცა ვინმე სიკუდილი. ხოლო გამოაცხადა თჳსი იგი სიყუარული ჩუენდა მომართ ღმერთმან, რამეთუ ვიდრე-იგი ცოდვილღა ვიყვენით, ჩუენთჳს მოკუდა. რაოდენ უკუე უფროჲს აწ, განმართლებულ რაჲ ვართ სისხლითა მისითა, განვერნეთ ჩუენ მის მიერ რისხვისაგან! უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რაჲ-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა!" (რომ. 5, 7-10).

 

... არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღმერთის გულმოწყალებას, ოღონდ თავად ადამიანი არ გამედგრდეს ცოდვებში, არამედ შეინანოს, დაუტეოს, მოიძაგოს, თავმდაბლად ითხოვოს შენდობა.

 

როდესაც მორწმუნე მღვდლის წინაშე აღიარებს ცოდვებს და შეენდობა, ღმერთიც მიუტევებს. ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. მაცხოვარი ეუბნებოდა მოციქულებს, მათი სახით კი მათ მემკვიდრეებს: "მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ. 20, 23). "რაოდენნი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა" (მთ. 18, 18).

 

წმინდა იოანე მახარებელი ამბობს: "უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ყოვლისაგან სიცრუისა" (1 ინ. 1, 9). თუკი ღმერთი ჩვენსკენ არის, მაშ ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე?

 

თუკი ღმერთმა უდიდესი რამ მოგვცა – მისცა ძე თვისი ყოველი ჩვენგანისთვის, მასთან ერთად ნუთუ უმცირესს, ცოდვათა შენდობასა და ცათა სასუფეველს არ მოგვანიჭებს? "ვინ არს მაბრალობელ რჩეულთა მათ ღმრთისათა? ღმერთი არს განმამართლებელ. და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი-იგი მეოხ არს ჩუენთვის" (რომ. 8, 31-34).

 

თვით უდიდესი მოსაგრეები ძრწოდნენ, როდესაც სიკვდილის ზღვარს უახლოვდებოდნენ, მაგრამ შემდგომში გამოჩნდა, რომ ისინი ღმერთმა განამართლა და განადიდა ცათა სასუფეველში. თუმცა ჩვენ არ აღგვისრულებია მათი მსგავსი ღვაწლი, მაგრამ ღმერთი ყველასგან არ ითხოვს ღვაწლს. ის გვთხოვს შემუსვრილ, მდაბალ, მორჩილ და მის ერთგულ გულს (ეს. 66, 22), ანუ თავმდაბლობას, ცოდვათაგან განდგომას, ღმრთისადმი სიყვარულსა და სათნოებებს.

 

უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ, რადგან ეს დამახასიათებელია დაცემული, უძლური, შერყვნილი ადამიანური ბუნებისთვის, არამედ განგვსჯის ცოდვების უნანელობისათვის.

 

წმინდა ისააკ ასური ამბობს: ნუ დავმწუხრდებით მაშინ, როდესაც ცოდვით ვეცემით, არამედ ვიმწუხაროთ მაშინ, როდესაც ვრჩებით ცოდვაში, რადგან ეცემიან თვით სრულყოფილნიც, ხოლო ცოდვაში გამედგრება – არის სრული სიკვდილი. წუხილი, რასაც დაცემის გამო განვიცდით, მადლის მეოხებით ღვაწლად შეგვერაცხება.

 

ვინც სინანულის იმედით მეორედ შესცოდავს, ის ღმერთის წინაშე მზაკვრულად იქცევა. მას მოულოდნელად მოეწევა სიკვდილი და ვერ მოესწრება იმ დროს, როდესაც სათნოებების აღსრულებას ფიქრობდა. თუკი აღარ შეგვიძლია რაიმე ღვაწლის აღსრულება ან ცოდვათა გამოსწორება, მაშინ ვიმწუხაროთ მათ გამო, თავი დავიმდაბლოთ ღვთის წინაშე. ხოლო სიმდაბლეს, წმინდა ისააკ ასურის სიტყვით, ჩვენი ხსნა კეთილ საქმეთა გარეშეც შეუძლია.

 

"უწყოდე, – ამბობს ის, – წინააღდგომა (ეშმაკის მანქანებისა) არ არის შენი და შენს სათნოებათა მიერ აღსრულებული საქმე, არამედ ამას მადლი აღასრულებს, რომელიც ხელის გულზე გატარებს, რათა არ შეცბუნდე. იგლოვე, ცრემლი დაღვარე და შეუვრდი (ღმერთს), როდესაც შენს ცოდვით დაცემებს იგონებ, რათა ამგვარად გათავისუფლდე და ამ გზით მოიპოვო სიმდაბლე (საკუთარი თავის განკითხვა, დამდაბლება).

 

ამგვარად, სასოს ნუ წარიკვეთ და თავის დამდაბლებით გამოითხოვე ცოდვათა მიტევება. სიმდაბლე სათნოებათა აღსრულების გარეშეც მრავალ ცოდვას აღხოცს და, პირიქით, სიმდაბლის გარეშე საქმეებიც უსარგებლოა, მრავალ ცუდ რამეს შეგვამთხვევენ (ანუ შეუძლიათ ზესთამჩენობაში, ცუდადმზვაობრობასა და ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ).

 

შენს მიერ ჩადენილი უსჯულოება მისატევებელი გახადე სიმდაბლით. ის დასცემს ცოდვათა სიმაგრეს. მის დასამკვიდრებლად აუცილებელია მუდმივად წუხდე გონებით (თავს იმდაბლებდე ღმერთისა და ადამიანების წინაშე, თავს მიიჩნევდე უცოდვილესად, ყველაზე უარესად). თუკი მოვიპოვებთ სიმდაბლეს, ღმერთის შვილები შევიქნებით მისი მეოხებით და ის კეთილი საქმეების გარეშეც წარგვადგენს ღვთის წინაშე. სიმდაბლის გარეშე კი ამაოა ყოველი ჩვენი საქმე და სათნოება.

 

ღმერთს სურს, რომ შევიცვალოთ გულისსიტყვები. გულისსიტყვას შეუძლია გაგვხადოს უკეთესიც და უარესიც. მას შეუძლია ჩვენ, უძლურნი, ღვთის წინაშე წარგვადგინოს და იგი იმეტყველებს ჩვენს შესახებ".

 

წმინდა აბბა დოროთე ამბობს: "სიმდაბლე საღმრთო მადლს მოიზიდავს სულში. ის იფარავს გულს ყოველგვარი ვნებისგან და განსაცდელისგან. მას (ღვაწლის გარეშე) ძალუძს ჩვენი დამკვიდრება ცათა სასუფეველში, ოღონდ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ თანდათან, როგორც ფსალმუნთმგალობელი ამბობს: "იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომაჲ ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი" (ფს. 24, 18).

 

ამგვარად, თავი მცირედ დავიმდაბლოთ და გადავრჩებით. თუკი როგორც უძლურთ, შრომა არ შეგვიძლია, ვეცადოთ თავი მაინც დავიმდაბლოთ (ანუ ვაღიაროთ ჩვენი უძლურება, ნაკლი, ცოდვები, დანაშაული ღვთის წინაშე, შევთხოვოთ მას წყალობა, შეწევნა, მივიჩნიოთ თავი ცოდვილად, ყოველგვარი ბედნიერების უღირსად, საკუთარი თავი ყველა ადამიანზე უარესად მივიჩნიოთ). გვწამდეს ღმერთის გულმოწყალებისა, რომ იმ მცირედისთვის, რასაც სიმდაბლით აღვასრულებთ, დავმკვიდრდებით იმ წმინდანებთან, რომელთაც მრავალი იღვაწეს და ღმერთს ემსახურნენ.

 

თუმცა უძლურნი ვართ და არ ძალგვიძს ვიტვირთოთ ღვაწლი, მაგრამ ნუთუ არც თავის დამდაბლება შეგვიძლია? თავი დავიმდაბლოთ და ღმერთი გადაგვარჩენს, როგორც გამოთქვა მეფსალმუნემ: "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე" (ფს. 114, 6).

 

წმინდა იოანე კიბისაღმწერელი გვასწავლის, რომ სიმდაბლეს ძალუძს სული ცოდვათა უფსკრულიდან აღმოიტაცოს. სიმდაბლემ შეძლო მანასეს უკურნებელი წყლულების კურნება. თუკი მხოლოდ ამპარტავნების გამო, სხვა ვნებების გარეშე, განვარდა ის (ეშმაკი) ზეციდან, მაშასადამე, სიმდაბლით, სხვა სათნოებათა დაუხმარებლად, შესაძლებელია იქ აღსვლა. "ვცოდე წინაშე უფლისა", – შეჰღაღადა ერთ დროს ნეტარმა სიმდაბლემ (მეფისა დავითისა), როდესაც მხილებულ იქნა მრუშებასა და კაცის კვლაში, და მყისვე ესმა: "და უფალმანცა მიგიტევნა ცოდვანი შენნი" (2 მეფ. 12, 13).

 

ჩვენც ვევედროთ უფალს სიმდაბლითა და გულშემუსვრილებით ცოდვათა შენდობისა და შეწყალებისთვის...

  

 

ტომსკისა და სემიპალატინსკის ეპისკოპოსი პეტრე, 1889.

“Наставление и утешение в болезни и предсмертное время”.

თარგმნა თამარ ერისთავმა

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა