martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 8

სხვა საეკლესიო საკითხები

17. რატომაა, რომ ზოგიერთი მოძღვარი დაუშვებლად მიიჩნევს თანამედროვე უხამსი მოდის მიხედვით ჩაცმას, როკ-მუსიკით გატაცებას, მსახიობობას, კარატეს და იოგას ვარჯიშებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, უზნეო შინაარსის სერიალების ან მხატვრული რელიგიური ფილმების ყურებას, მწვალებლური და უზნეობის შემცველი ლიტერატურის კითხვას და ა. შ., სხვები კი ამბობენ, რომ თანამედროვე ყოფიდან გამომდინარე, ქრისტიანები დათმობებზე უნდა წავიდნენ და ზედმეტი აკრძალვები ადამიანებს ეკლესიისკენ გზას გადაუღობავს?

თუ გადავხედავთ მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას, ვნახავთ, რომ იგი არასოდეს ცვლიდა არც თავის მრწამსს და არც ზნეობრივ სწავლებას, რადგან მისი საფუძველი უფალ იესო ქრისტეს მოძღვრებაა, რომელიც დროის ზემოქმედებას არ ექვემდებარება. წმ. ათანასე დიდი ამბობს: „ღმერთს უნდა ვემსახუროთ და არა დროებას“.[1] დასავლეთის ერეტიკოსები, რომლებმაც მრევლის შენარჩუნების მიზნით სიახლეების შეტანა დაიწყეს, იქამდე მივიდნენ, რომ სასულიერო პირებად ქალები დაუშვეს და სოდომური ცოდვა ნორმად გამოაცხადეს.

რაც შეეხება ჩამოთვლილ საკითხებს:

გამომწვევი და უსირცხვილო ჩაცმულობა, რაც დამახასიათებელია თანამედროვე მოდისთვის, უმეტეს შემთხვევაში იწვევს ცოდვის აზრებს და გრძნობებს, როგორც მასში, ვისაც ამგვარად აცვია, ასევე მათში, ვინც მას შეხედავს; არადა ქრისტიანის მთავარი მიზანი სულის ცოდვებისგან განმწმენდა და მოყვასის შეწევნა უნდ იყოს. ურცხვი გარეგნობით ადამიანი ბილწავს და აზიანებს საკუთარ სულსაც და მოყვასსაც აცდუნებს, ხოლო უფალი გვაფრთხილებს: „ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური“ (მათ. 18,7). სქემიღუმენი საბა ოსტაპენკო წერდა: „ნუ მიბაძავთ მოდას! ის ადამიანებს მოკრძალების დაკარგვას აიძულებს. მოციქული პავლე ამბობს, რომ ქალმა თავი უნდა შეიმკოს არა თმების წნულებით, არა სამოსით, არამედ სიმდაბლით, სიმშვიდით და მორცხვობით. ამიტომაც დედებმა უნდა იზრუნონ, რომ მათი ქალიშვილები სახლშიაც კი მოკრძალებით იცვამდნენ, ხოლო ტაძარში, და მით უფრო მონასტერში, განსაკუთრებით მოკრძალებული სამოსით დადიოდნენ, რომ არავინ დააბრკოლონ და უფალი არ განარისხონ“.[2] წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შესახებ ამბობს: „იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივითა სიწმიდითა, კრძალვითა, მორიდებითა და სიმდაბლითა. ყოველი ქრისტიანე ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძვიდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისასა“.[3] იგივე მამა გვმოძღვრავს: „საღმრთო წერილი ხშირად ამხილებს ქრისტიანეთა ქალთა, რათა იგინი არ იყვნენ მსურველნი და მეძიებელნი ამაოთა სამკაულთა. გამოცდილ არს და ვიცით ყოველთა, თუ რა დიდი მიდრეკილება აქვს ქალსა სამკაულისადმი, იმ ზომად, რომელ გარეგანსა სამკაულსა უმეტესად პატივს-სცემს იგი და ეძიებს, ვიდრე შინაგანსა ღირსებასა; მაშასადამე არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურთიერთ შორის კავშირი: ერთი ნაკლულევანება მოიზიდავს მეორესა, ერთი ცოდვა მოიყვანს მეორესა. რისთვის იცხებს ქალი ფერსა და უმარილსა? არა მისთვის, რათა მოაწონოს თვისი პირი-სახე მჭვრეტელთა მისთა? გარნა რათ უნდა ეძიებდეს ამას ქალი? ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ქალი არ იქმს ამას, არამედ ამაოების მოყვარე და თავის მომწონი. „მორცხვედ და ღირსებით შემკობად“ ასწავლის პავლე მოციქული ქალთა, და არა ფერის ცხებასა“.[4]

როკ-მუსიკას არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა და აშკარაა, რომ ის ადამიანის სულში უკეთურ გრძნობებს აღძრავს, მაშინაც კი, თუ სიმღერის ტექსტში არაფერია მკრეხელური და ამორალური (რაც იშვიათობაა). ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით, მრავალი თანამედროვე ჟანრის მუსიკის „ვარსკვლავი“ უზნეობის ან ცრუმორწმუნეობის პროპაგანდისტია.

მსახიობობა დაგმობილია დიდი სჯულისკანონით (მოციქ. კან.18; კართაგ. კან.45, 63; ლაოდიკ. კან.54; ტრულის კან.24,51), როგორც ქრისტიანული ზნეობისთვის შეუფერებელი ცხოვრების წესი. ზოგი ფიქრობს, რომ უწინ უზნეო სანახაობები იმართებოდა და ამიტომ კრძალავდნენ მსახიობობას, დღეს კი შესაძლებელია ქრისტიანმა მსახიობებმა სიკეთე და სიწმინდე იქადაგონ. რადგან წმიდა კრებების მონაწილე მამებმა მსახიობობას ასეთი უარყოფითი შეფასება მისცეს, ჩანს დარწმუნებით იცოდნენ, რომ ის პროფესია, რომლის არსი სიყალბე, მაყურებელთაგან ქების ძიება, უცხო გრძნობების, განცდებისა და ვნებების ხელოვნურად გათავისება, სხვადასხვა ზნეობის ადამიანებთან (მსახიობებთან) კადნიერი ურთიერთობა, სხვა პიროვნებებად გარდასახვა და სხვა მანკიერებებია, ქრისტიანის სულისთვის საზიანო იქნებოდა. ქრისტიანის მიზანი სიწრფოების, უზაკველობის, სიწმინდის, სიმდაბლის, ნიღბებისა და მოჩვენებითობის გარეშე ცხოვრების მიღწევაა, მსახიობობა კი თავისი არსით ამ სათნოებების წინააღმდეგ სვლაა, ის სწორედ სხვადასხვაგვარი ნიღბების უზადოდ მორგების ხელოვნებაა. უფალმა იესო ქრისტემ დაგმო მისი თანამედროვე მსახიობი ფარისევლების სულიერი მდგომარეობა და შეაქო მოციქული ნათანაელი – „ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“ (იოან. 1,47). წმ. ბასილი დიდი მარხვის შესახებ ქადაგებაში საუბრობს ფარისევლური, თვალთმაქცური მარხვის მანკიერებაზე და ამბობს: „ორგული (თვალთმაქცი) ის არის, ვინც სანახაობაზე უცხო სახეს იმოსავს; მონაა და ხშირად ბატონის სახეს იღებს, გლახაკია და თავს მეფედ წარმოაჩენს. ამის მსგავსად, ამ ქვეყანაზეც მრავალნი, როგორც თეატრში, თამაშობენ თავის ცხოვრებას, გულში ერთს ატარებენ და ხალხის წინაშე სხვას წარმოადგენენ“.[5] იგივე მამა სხვა ადგილას ამბობს: „განეშორე გაქნილ და მრავალსახოვან ზნეს. ისწრაფე ჭეშმარიტებისკენ, გულწრფელობისა და უბრალოებისკენ“.[6] ჩვენი თანამედროვე, წმ. ალექსი ბერი (შუშანია) ამგვარად საუბრობს ხსენებულ მანკიერებაზე: „ვეცადოთ, ძმანო, ლიტონობას, სიწრფოებას და უმანკოებას, რაცა ვართ ისე გამოვსჩნდეთ, ე.ი. ბუნებით რაცა ვართ, ისე ვიყოთ ყოველთა მიმართ“.[7]

 გასართობ სანახაობებთან დაკავშირებით, სჯულისკანონის ცნობილი განმმარტებელი ეპ. ნიკოდიმოს მილაში 6-ე მს. კრების 51-ე კანონის განმარტებაში წერს: „ამ კრების 24-ე კანონით სამღვდელო პირებს მღვდლობიდან განკვეთის სასჯელით ეკრძალებათ თეატრში მისვლა და თეატრალური წარმოდგენების ყურება; ხოლო ამ კანონით (51-ე) ზოგადად ქრისტიანებს ეკრძალებათ კომიკური, საცირკო და საბალეტო წარმოდგენები; ამ კანონის წინააღმდეგ შეცოდებისთვის სამღვდელო პირს ემუქრება განკვეთა (ხარისხიდან), საეროს კი – განყენება (ზიარებიდან). ზონარა (ცნობილი ბიზანტიელი განმმარტებელი, 12-ე ს. – მთარგმნ. შენ.) ამის საფუძვლად, ამ კანონის განმარტებაში, მიუთითებს ქრისტიანული ზნეობის ამაღლებულობაზე, რომელიც ამით (უზნეობაში მონაწილეობით – მთარგმნ. შენ.) შეურაცხყოფილ იქმნება: „სახარებისეული ცხოვრების სიმკაცრე ითხოვს, რომ მორწმუნენი ცხოვრობდნენ არა თავაშვებულად და გაფანტულად, არამედ როგორც წმინდანებს შეეფერება; ამიტომ ეს კანონი კრძალავს ყველაფერს, რასაც უცილობლად შემოაქვს სულში გაფანტულობა, ადუნებს და არყევს მის განწყობას, აღძრავს უგუნურ სიცილ-ხარხარს; ამ ყველაფრის გამოწვევა შეუძლია მასხარათა წარმოდგენებს... “.[8] ზონარა შემდეგ აგრძელებს: „(ეს კანონი) აგრეთვე კრძალავს სცენაზე როკვას. ხოლო სცენა მოჩვენებითობა და თვალთმაქცობაა; ამიტომაც თვალთმაქც ადამიანებს, რომლებიც ხან მონად წარმოაჩენენ თავს და ხან ბატონად, სცენურებს ეძახიან. ამგვარად კანონი კრძალავს როგორც მასხარათა წარმოდგენებს, ასევე სცენაზე როკვას, მამაკაცების შესრულებით იქნება (შეუფერებლად რომ ტრიალებენ და თავაწყვეტილნი არიან როკვისას), თუ ქალების, რომლებიც მაყურებელს თავშეუკავებლობისკენ უბიძგებენ“.[9] ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას აზუსტებს, რომ ისჯებიან არა ისინი, ვინც რამდენჯერმე დასწრებია ამ სანახაობებს, არამედ – ვინც ამაზე მიჯაჭვულია და ვისთვისაც იქ სიარული მუდმივი საქმეა.[10] იმ ქრისტიანებს, ვინც სულის ცხონებაზე ნაკლებად ზრუნავენ და წუთისოფლის გასართობებს ემონებიან, წმ. თეოფანე დაყუდებული ასე შეაგონებს: „ცოტაღა დაგვრჩენია. მოვა ჟამი, უფლის წინაშე წარვდგებით, და რას ვეტყვით? რომ ვიცით ცეკვა, ფრანგულად ლაპარაკი, კარგად ვაფასებთ თეატრალურ პიესებს? – ჰოი უბედურება! მაშინ აქეთ-იქით მივაწყდებით, მაგრამ გვიან იქნება... მოგვეც, უფალო, წუთი, მოგვეც წუთი... შევინანოთ...“.[11]

აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბოლო დროს შემოსული ვარჯიშები, რომლებიც განკუთვნილია თავდაცვის ან ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, დაფუძნებულია აღმოსავლურ წარმართულ ფილოსოფიებზე და წარმატების საწინდარად ადამიანის ე.წ. უხილავი ენერგიების მართვას სახავს, რაც ქრისტიანისთვის სრულიად მიუღებელია, რადგან ამგვარი მცდარი სულიერი განწყობა იწვევს ყველაზე საშიში ვნების, ამპარტავნების გაღვივებას და ბოროტ სულებთან დაახლოებას, მათთვის საკუთარ სულზე ძლაუფლების მიცემას. სინამდვილეში ის არაჩვეულებრივი ძალები, რომლებსაც გამოცდილი კარატისტები, კუნგფუისტები, იოგები და ა.შ. ფლობენ, არ არის ადამიანური წარმომავლობის, რადგან ღვთის მსახურები ღვთის ძალით სასწაულთმოქმედებენ, ხოლო ეშმაკის მსახურები, ეშმაკის ძალით ახდენენ ცრუ სასწაულებს, თუმცა შეიძლება დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სიკეთის მსახურები არიან; როდესაც ბოროტის მიერ მოხიბლულები წმიდა მამათა ლოცვით ეშმაკის ტყვეობისგან თავისუფლდებოდნენ, ისინი მაშინვე კარგავდნენ თავიანთ ზებუნებრივ შესაძლებლობებს; არაერთი ასეთი მაგალითია აღწერილი პატერიკებში და წმინდანთა ცხოვრებებში. ზოგი ფიქრობს, რომ აღმოსავლური სწავლებების მხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშებს შეასრულებს და სულიერ მხარეს ყურადღებას არ მიაქცევს, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ამგვარი ვარჯიშები თავისი არსით მცდარი სულიერებიდან მომდინარეობს, კავშირშია მასთან და სახეზეა სულისა და სხეულის ურთიერთ ზემოქმედება.

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ძირითადად ჩასახული ცოცხალი ნაყოფის მოკვდინებას იწვევს ან ონანიზმის ცოდვას უტოლდება, ამიტომ ორივე შემთხვევაში სულისთვის ფრიად საზიანოა.

სერიალები და სხვა გასართობი გადაცემების უმრავლესობა იმისთვის იქმნება, რომ ადამიანებში წარმართული ცხოვრების წესი დაამკვიდრონ, ყველაზე ბილწი ცოდვების ლეგალიზაციით, ხოლო მხატვრული რელიგიური ფილმები, სადაც მსახიობები წმინდანების და თვით მაცხოვრის როლს თამაშობენ, ადამიანებში ყალბ რელიგიურ წარმოდგენებს ქმნიან. თუ ქრისტიანი გასართობებს დაემონება, ყოველდღიურად საათობით უზნეობის ყურებით და სმენით სულს შეიბილწავს, როდისღა შეძლებს ვნებებთან შებრძოლებას და სულიერ განწმენდას? ღმერთმა სიცოცხლე მოგვანიჭა ლოცვისთვის, სიკეთის კეთებისთვის, სიწმინდისკენ მისწრაფებისთვის და არა უხამსობით სულის შებილწვისთვის. როგორც წმ. ალექსი ბერი (შუშანია) ამბობს: „ერთადერთი უმთავრესი სიკეთე ადამიანისათვის არის ბრძოლა თავის თავთან, რომელიც შეიცავს ყოველ ვნებათაგან თავის დაცვას. კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისაგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს“.[12]

რაც შეეხება არამართლმადიდებლურ ლიტერატურას, სწორედ ისაა ერთი მთავარი მიზეზთაგანი იმისა, რომ ახალგაზრდები ეკლესიის მიმართ ნდობას კარგავენ და ურწმუნოების და უზნეობის ჭაობში იძირებიან. თავიდან ცნობისმოყვარეობით იწყებენ, მაგრამ როგორც წმიდა მამები ამბობენ, წაკითხული ტექსტი ადამიანის სულზე შეუმჩნევლად ახდენს ზემოქმედებას. ამგვარად, არაერთმა გაუფრთხილებელმა მორწმუნემ აღმოაჩინა, რომ ეკლესიის სწავლება მისთვის უცხო და მიუღებელი გახდა. ამიტომაც ურჩევს ეკლესია თავის შვილებს, იკითხონ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები. საერო ლიტერატურიდან ის უნდა ვიკითხოთ, რაც ჩვენს მრწამსსა და ზნეობას არ ეწინააღმდეგება და რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია. მწვალებლური წიგნები უფრო მეტად სარწმუნოებას უქმნის საფრთხეს, ხოლო თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა (გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) – ზნეობას. როგორც წმ. პეტრე დამასკელი შეგვაგონებს: „რომელ სიტყვაშიც განისწავლება კაცი, იმ სიტყვის სულს ითვისებს, თუმც ვერ ხედავს ამას გამოუცდელი“.[13] წმ. მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „ყველა ერეტიკული წიგნი თავდაპირველად სარწმუნოების მიმართ დაეჭვების გულისსიტყვებს აღძრავს. „უფრთხილდი მწვალებლური სწავლებების კითხვას, რადგან ყველაზე ხშირად ეს ამხედრებს გმობის სულს შენს წინააღმდეგ“ – ამბობს წმინდა ისააკ ასური (სიტყვა 56). მოქმედებს გმობის გულისსიტყვები ვინმეში? შეერყა ვინმეს ნდობა მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, რომელიც არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია ქრისტესი? გახდა ვინმე „უნივერსალური“ ქრისტიანი, რომელიც თავისი გულდაჯერებით, ან უფრო სწორად, ქრისტიანობის სრული უმეცრებით, თანაბრად მიეკუთვნა ყველა აღმსარებლობას, და ამის გამო არც ერთ მათგანს? – იცოდე, ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ერეტიკული წიგნების კითხვამ ან ერესით დაავადებულებთან საუბრებმა“.[14]

ამასოფლის წინაშე დათმობების საცდურთან დაკავშირებით ცნობილი ბერძენი სასულიერო მწერალი, არქიმანდრიტი ქერუბიმი (†1979) წერდა: „ეკლესიისთვის უაღრესად დიდ საშიშროებას, მწყემსებისთვის კი ყველაზე მზაკვრულ მახეს წარმოადგენს ამასოფლის განუწყვეტელ ცვალებადობასთან შეგუება. ეკლესიის მწყემსებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ, იმდენად რამდენადაც ისინი უნდა გაუძღვნენ თავიანთ სამწყსოს და არა სამწყსო – მათ“.[15]

 

[1] წმ. ათანასე დიდი, წერილი დრაკონტის მიმართ.

[2] Схиигумен Савва, Полное собрание проповедей и поучений, Советы и наставления схиигумена Саввы, М. 2009.

[3] წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი, მოკლე სიტყვა ღვთისმშობლის მიძინებასა ზედა. ტ.2, გვ.322.

[4] წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი, მოძღვრება ხარების დღესა, ჩყჲდ წელსა. ტ.1, გვ.115.

[5] წმ. ბასილი დიდი, მარხვის შესახებ, პირველი სიტყვა.

[6] წმ. ბასილი დიდი, „ექვსთა დღეთა“, მეშვიდე საუბარი.

[7] წმ. ალექსი ბერის მოძღვრებანი, გარეგან მაჩვენებლობისათვის, გვ. 126. თბ. 2002.

[8] Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, епископа Далматинско-Истрийскаго. Т.1, стр.536.

[9] Правила Святых Вселенских Соборов с толкованиями, М.1877, стр.452.

[10] „ – “ стр. 453.

[11] Епископ Феофан, Письма о христианской жизни, п. 11, О приготовлении к покоянию.

[12] წმ. ალექსი ბერის მოძღვრებანი, ბრძოლა თავის თავთან, გვ. 95. თბ. 2002.

[13] Преподобный Петр Дамаскин, Творения, кн.1, О рассуждении, гл.24. Добротолюбие, Т.3.

[14] Святитель Игнатий Брянчанинов, Понятие о ереси и расколе. ч.3.

[15] არქიმანდრიტი ქერუბიმი, თანამედროვე მთაწმინდელი მამები, ნაწ.4.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა