martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ეკლესიური ცხოვრებისა და საეკლესიო წესებისათვის

თავი 3

აღსარება

11. როგორ ვებრძოლოთ ცოდვებს?

თუ ქრისტიანი თავდაუზოგავად შეეცდება ქრისტიანულ ცხოვრებას, მიჰყვება წმიდა წერილისა და წმიდა მამების სწავლებებს, ის თანდათანობით გათავისუფლდება ცოდვებისაგან, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება სიკვდილამდე. პირველ რიგში სასურველია ღვთისმოშიში, გამოცდილი მოძღვრის მოძებნა და მისი რჩევებით სარგებლობა. ქრისტიანი უნდა ამბობდეს აღსარებას, ყოველ კვირას და დიდ დღესასწაულებზე უნდა ეზიარებოდეს (თუ არ არსებობს ხელის შემშლელი მიზეზი), კითხულობდეს წმიდა წერილს და მამათა სწავლებებს, ლოცულობდეს იესოს ლოცვით, ცდილობდეს ყველა მცნების დაცვას, მტრებს უნდა მიუტევებდეს, შეურაცხყოფას და დაცინვას მოთმინებით უნდა იტანდეს, ცდილობდეს წყენის დავიწყებას და ლოცულობდეს მათთვის, ვინც აწყენინა, გაჭირვებულებს შეძლებისდაგვარად ეხმარებოდეს, ყველას ემორჩილებოდეს, თუკი ამ მორჩილებით უფლის მცნება არ ირღვევა, უნდა ეცადოს გულწრფელობას და კეთილი საქმისა და ნებისმიერი ღვაწლის ფარულად აღსრულებას.

ადამიანებში არსებობს მიდრეკილებები სხვადასხვა ცოდვებისაკენ. იმისთვის, რომ ეს მიდრეკილებები ცოდვებში არ გადაიზარდოს, საჭიროა ლოცვით შევეწინააღმდეგოთ სულში ცოდვილი აზრების შემოსვლას. წმ. მაკარი ოპტინელი ამბობს: „შეეწინააღმდეგეთ აზრის პირველ შემოტევას, შემუსრეთ ჩვილნი ბაბილონისა (შდრ. ფს. 136, 8-9 - მთარგმნ. შენ.), სანამ ისინი ჯერ კიდევ ჩვილნი არიან – შემუსრეთ ლოცვითა და სიმდაბლით; როცა გაიზრდებიან, გოლიათები გახდებიან და ძნელი იქნება მათთან შეწინააღმდეგება“;[1] ხოლო წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ასე გვმოძღვრავს: „ძალიან სასარგებლოა იესოს ლოცვის ხმამაღლა აღსრულება მაშინ, როდესაც გაძლიერებულად გვიტევენ ხორციელი გულისთქმისა და მრისხანების აზრები და ოცნებები, როცა მათი მოქმედებით სისხლი ხურს და დუღს, როცა გული სიმშვიდესა და სიწყნარეს კარგავს“.[2]

ცოდვილ აზრებს იწვევენ და აძლიერებენ გრძნობის ორგანოებით მიღებული შთაბეჭდილებები, ამიტომ ქრისტიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს დაიცვას გრძნობის ორგანოები ცოდვის გამომწვევი საგნებისგან (ცოდვიანი სანახაობები, სიმღერები, საუბრები, ვნების გამომწვევი საჭმელ-სასმელი, კადნიერი შეხება), რომ არ დაუშვას მათი საშუალებით სულში ცოდვის შემოსვლა. წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: „ყოველ გრძნობას აქვს თავის საგანთა წრე, სასიამოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნოთი სული ტკბობას განიცდის და ამის მიჩვევით წარმოშობს საკუთარ თავში მათ მიმართ გულისთქმას. ყოველი გრძნობის მიერ ამგვარად სულში რამდენიმე გულისთქმა ანუ სიყვარული და ძლიერი მიდრეკილება ჩაინერგება. ყველა მათგანი სულში იმალება და ჩაჩუმებულია, როცა მათი აღგზნებისთვის მიზეზი არაა. ხოლო აღიგზნებიან ზოგჯერ მათ საგნებზე ფიქრით, მაგრამ უმეტესად და უძლიერესად მაშინ, როცა მათი საგნები წარმოდგება გრძნობათა წინაშე და განიცდება მათგან“.[3]

ქრისტიანი ყოველთვის უნდა იხსენებდეს, რომ ღმერთი ხედავს მის საქმეებს და აზრებსაც, გულში უნდა ლოცულობდეს, განსაკუთრებით ცოდვიანი აზრების ან შთაბეჭდილებების შემოტევისას, ნანობდეს, თუ ცოდვისგან იძლია რაიმე სახით, და ზოგადად, ყველაფერში უნდა იხელმძღვანელოს ეკლესიის სწავლებით და მოძღვრის რჩევებით. ჩვენს დროში, როდესაც ადამიანებს სისუსტის გამო მკაცრი მოღვაწეობა თითქმის აღარ შეუძლიათ, ღმერთი განსაკუთრებით შეგვეწევა სნეულებებით და სხვა გაჭირვებებით, რომელთა მადლიერებით მოთმენას სულისთვის უდიდესი სიკეთე მოაქვს. როგორც წმ. ნილოს სინელი გვასწავლის: „მწუხარებები მადლიერებით მოითმინე, რომ მათით განიწმინდოს ყველა შენი შეცოდება“.[4] ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანს მუდმივად ახსოვდეს, რომ ღმერთი ხედავს ყველაფერს, რაც მის გულში ხდება. წმ. ესაია განდეგილი ამბობს: „იმის შეგრძნება მოიპოვე, რომ შენს ყოველ საქმეს ღმერთი ხედავს. დაუშვებელია, ჩუმად გულში ისეთ საქმეებზე იფიქრო, რომელთა გაკეთებაც ხალხის წინაშე გრცხვენია“.[5]

როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, მთავარი სათნოება, რომელიც სძლევს ყოველგვარ ცოდვას და ბოროტებას, არის სიმდაბლე, რომლის გარეშე ნებისმიერი მოღვაწეობა უფასურდება; ამიტომ ქრისტიანის ნებისმიერი საქმიანობა, სულიერიც და ხორციელიც, სიმდაბლით უნდა იყოს შეზავებული. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის: „როგორ მოვიპოვოთ მაცხოვნებელი სიმდაბლე და განვაგდოთ დამღუპველი ზვაობა სიამაყისა? სიმდაბლის გზა ამგვარია: მარადის მას უნდა ვეძიებდეთ და იმ საქმეებს უნდა აღვასრულებდეთ, რომელთაც სიმდაბლე მოაქვთ; არც ერთი უბრალო (მდაბალი, უნდო) საქმე არ უნდა მივიჩნიოთ საზიანოდ, რამეთუ სული თავისსავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკეთებს, ის აღიბეჭდება მასზე. დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და საკვებიც, და სარეცელიც, და სახლიც, და ჭურჭელიც – იყოს უბრალო, თავმდაბლური და მათში ზედმეტი არაფერი იპოვებოდეს; და სიტყვაც, და საგალობელიც, და მოყვასისადმი მიმართებაც დაე, იყოს უფრო მეტად მოკრძალებული, ვიდრე ქედმაღლური; დაე, უცხო იყოს შენთვის სოფისტურად შელამაზებული მეტყველება, ზედმეტად ტკბილხმოვანი გალობა, ამაყი და გაბედული საუბარი, – არამედ მოიკვეთე ყველანაირი მედიდურობა; მეგობართან კეთილი იყავი, მსახურთან – მშვიდი, თავხედებთან – ძვირუხსენებელი, მდაბლებთან – კაცთმოყვარე; ანუგეშე ბედკრულები, მოინახულე ავადმყოფები; ნურც ერთ ადამიანს ნუ შეიძულებ, სიხარულით მიესალმე ყველას, გაცისკროვნებული სახით უპასუხე; იყავი ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, გულისხმიერი; ნუ შეიქებ საკუთარ თავს და სხვასაც ნუ გახდი იძულებულს, შენზე ილაპარაკოს; ნუ შეიწყნარებ ურიგო სიტყვას; რამდენადაც შესაძლებელია, დაფარე შენი უპირატესობა; როცა შესცოდავ, ყოველთვის შეასმინე საკუთარი თავი და ნუ ელოდები, როდის გამხილებენ სხვები, რათა მიემსგავსო მართალს, რომელიც „თავისა თვისისა შემასმენელ იქმნის პირველსავე სიტყუასა“ (იგავ. 18,17), და აგრეთვე იობს, რომელიც ამბობს: „არა შევიკდიმე სიმრავლესა წინაშე ერისასა, ვითარმცა არა აღვიარე წინაშე მათსა“ (ცოდვა) (იობ. 31,34); მკაცრად ნურავის უსაყვედურებ, ნუ ამხილებ ნაჩქარევად, ვნებისგან აღძრული, რამეთუ ეს ქედმაღლობის ნიშანია; ნუ განიკითხავ მცირე შეცოდებისთვის, თითქოსდა შენ დიდად მართალი იყო; შეცოდებულები შეიწყნარე, სულიერად გამოასწორე ისინი, როგორც მოციქული გვირჩევს: „ეკრძალე თავსა შენსა, ნუ უკუე შენცა განიცადო“ (გალ. 6,1); იმგვარადვე შეეცადე, არ იყო განდიდებული ადამიანების მიერ, როგორც სხვები ცდილობენ იყვნენ განდიდებულები, – თუ, რა თქმა უნდა, გახსოვს, რომ ქრისტე თვითნებურ განდიდებას ხალხის წინაშე და ხალხისავე დასანახად სიკეთის კეთებას ღმრთის მიერ მონიჭებული სასყიდლის დაკარგვას უწოდებს. რამეთუ ასეთებზე ნათქვამია: „მიუღებიეს სასყიდელი მათი“ (მათ. 6,2). ასე რომ, ნუ დაუკარგავ სასყიდელს საკუთარ თავს; ხალხის თვალში განდიდების მიზნით ნურაფერს გააკეთებ, ვინაიდან ღმერთი ყოვლის მხილველია. მის წინაშე ეძიე დიდება და იგი დიდებულ სასყიდელსაც მოგანიჭებს. მაგრამ შენ პირველობის ღირსი გახდი? ხალხი შენ მიმართ ყურადღებას იჩენს და განგადიდებს? გაუთანასწორდი შენს ხელქვეითებს, როგორც წერილი ამბობს: „ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ“ (1პეტ. 5,3). ნუ მიემსგავსები საერო ხელისუფალთ, რამეთუ ვისაც პირველობა უნდა, მას უფალმა ყველას მონობა უბრძანა (მარკ. 10,44)“.[6]

წმ. ანტონი დიდი ამბობს: „იცოდე: სიმდაბლე ისაა, რომ ყველა ადამიანი შენზე უმჯობესად მიგაჩნდეს და დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე მეტად ხარ დამძიმებული ცოდვებით“; „ნუ იმზვაობრებ. გულში ნუ მიმოაქცევ თავის საქებარ აზრებს, ნუ წარმოთქვამ სატრაბახო სიტყვებს: მე ესა და ეს გამიკეთებია, მე ასეთი და ისეთი გაჭირვებები გადამიტანია, მე არავინ შემიწუხებია, არავინ შემიშფოთებია. ამ ყველაფრით შედის [სულში] მზვაობრობა,  და ვინც ასეთი ან მსგავსი გულისსტიყვებითაა დასნეულებული, ის ეშმაკისა და უწმინდური სულების სადგომი გამხდარა“.[7] წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ანტონი დიდის შესახებ ერთ-ერთი მონათხრობის განმარტებაში წერს: „სიმდაბლის სიღრმე ამავდროულად არის წარმატების სიმაღლე. სიმდაბლის უფსკრულში ჩასვლით, ზეცად ავდივართ; ვინც ზეცაში ასვლას სიმდაბლის გარეშე ცდილობს, ის ამპარტავნებისა და დაღუპვის უფსკრულში ვარდება“.[8]

თუ ადამიანი არ ებრძვის დიდებისმოყვარებას და საქმეებს ხალხის დასანახად აღასრულებს, მის გულში ამპარტავნების ვნება ძლიერდება, რომელიც თავნებობაში, ტრაბახში, მრისხანებაში, მოყვასის განკითხვაში და შეურაცხყოფაში გამოვლინდება. წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი წერს: „როდესაც საკუთარ თავს დიდად ვაფასებთ და დიდი წარმოდგენა გვაქვს მასზე, ბუნებრივია, სხვებს ზემოდან ვუყურებთ, განვიკითხავთ და უგულებელვყოფთ მათ, რადგან გვეჩვენება, რომ ჩვენ შორს ვართ იმ ნაკლოვანებებისგან, რომლებისგანაც, როგორც გვგონია, სხვები არ არიან უცხონი“.[9] წმიდა წერილი და წმიდა მამები შეგვაგონებენ, რომ აუცილებელია შევეწინააღმდეგოთ განკითხვის სურვილს, რაც საკუთარ ცოდვებზე და ნაკლოვანებებზე დაფიქრებით მიიღწევა. წმ. სერაფიმე საროველი ამბობს: „რატომ განვიკითხავთ ჩვენს ძმებს? იმიტომ, რომ საკუთარი თავის შეცნობას არ ვცდილობთ. ვინც თავის შეცნობით არის დაკავებული, მას არ სცალია სხვებს რაიმე შეამჩნიოს“.[10] როგორც წმიდა მამები ამბობენ, განკითხვას მადლის დაკარგვა მოსდევს და რა ცოდვისთვისაც სხვას განვიკითხავთ, ჩვენც იმავე ცოდვაში ჩავვარდებით. წმ. ნილოს სინელი შეგვაგონებს: „თუნდ დაინახო, რომ კაცი ვინმე უწმინდურთაგან ყველაზე ბილწია და მზაკვართაგან ყველაზე მზაკვარია, მაინც ნუ განიკითხავ, და მაშინ არც ღმერთი მიგატოვებს და ბოროტ სულთა ტყვეობაში არ ჩავარდები“.[11] 

ქრისტიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, სიძულვილს სიყვარულით უპასუხოს, ბოროტება სიკეთით დაამარცხოს, განსაცდელს მოთმინებითა და ღვთის დიდებით აღუდგეს წინ. წმ. პიმენი დიდი ამბობს: „ბოროტება ბოროტებას ვერ მოსპობს. თუკი ვინმე ბოროტებას გიკეთებს, შენ მას სიკეთე გაუკეთე, რომ კეთილი საქმით მოსპო სიბოროტე“.[12] წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ზადონელი ასე შეგვაგონებს: „ჭეშმარიტი სიკეთე არის საკუთარი თავის დამარცხება; იმის მონდომება, რაც ღვთის ნებაა და არა იმისი, რაც ჩვენს ხრწნად ბუნებას სურს; საკუთარი ნების დამორჩილება ღვთის ნებისადმი, და დამარცხება სიკეთით ბოროტებისა, სიმდაბლით – სიამაყისა, სიმშვიდითა და მოთმინებით – მრისხანებისა, სიყვარულით – სიძულვილისა. ეს არის ქრისტიანული გამარჯვება, უფრო დიდებული, ვიდრე ხალხებზე გამარჯვება. ამას ითხოვს ღმერთი ჩვენგან: „ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას“ (რომ. 12,21).[13]

 

[1] Собрание писем блаженной памяти Оптинского старца иеросхимонаха Макария в 6 томах, Т.1, стр. 574, 1862 г.

[2] Святитель Игнатий Брянчанинов, Аскетические опыты, Т.1, О молитве Иисусовой, отд.3.

[3] წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, უხილავი ბრძოლა, ნაწ.1, თ.21.

[4] Преподобный Нил Синайский, Творения, ч.3, стр. 338. М. 1858.

[5] Святитель Игнатий Брянчанинов, Отечник, Авва Исаия, гл.316, стр.165, М.2011.

[6] წმ. ბასილი დიდი, „სიმდაბლსათვის“. ძვ. ქართ. თარგმანი იხ.: „ბასილი კესარიელის „სწავლათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი“, გვ.197, თბ. 1983.

[7] Еп. Игнатий Брянчанинов, Отечник, Антоний Великий, гл.169, 176. М. 2011, стр. 22-23.

[8] „ – “, гл.199, стр. 31.

[9] წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი, უხილავი ბრძოლა. ნაწ.1, თ.45.

[10] Преподобный Серафим Саровский, Духовные наставления инокам и мирянам. Наст. 21, О прощении обид.

[11] Преподобный Нил Синайский, письма. М. 2000 г. стр. 348.

[12] Еп. Игнатий Брянчанинов, Отечник, СПб., 1903, стр. 345.

[13] Симфония по творениям святителя Тихона Задонского. Загорск, 1981. стр. 610.

 

შემდეგი

სარჩევი

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა