martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 9

პავლე ტყვეობაში. მოციქულის მოგზაურობა რომში.

 

იერუსალიმში მისვლიდან მეორე დღესვე პავლე იაკობთან, იერუსალიმის ეპისკოპოსთან, წავიდა. შეიტყვეს რა მისი დაბრუნების შესახებ, პრესვიტერებიც იქ მივიდნენ და მოციქულმა დამსწრეთ დაწვრილებით უამბო ყოველივე, რაც ღმერთმა მისი ხელით აღასრულა წარმართებთან. ყველა ადიდებდა უფალს და ხარობდა. მაგრამ მორწმუნეებმა პავლეს არ დაუმალეს, რომ იერუსალიმში მასზე ძლიერ იყვნენ განრისხებულნი; რომ იგი ყველა მოშურნე იუდეველს მთელი არსებით სძულდა. თავად მორწმუნეთა შორისაც ბევრი მას ძველი რჯულის დამარღვევლად მიიჩნევდა და უკმაყოფილებას არ მალავდა. მოსეს რჯულის წეს-ჩვეულებები ყველაზე მეტად იერუსალიმში მცხოვრებ იუდეველ ქრისტიანებს ჰქონდათ შეთვისებული. მიუხედავად კრების დადგენილებისა, რომ რჯულის წესების აღსრულება მოქცეული წარმართებისთვის სავალდებულო არ უნდა ყოფილიყო, იუდეველები მაინც ვერ ურიგდებოდნენ წარმართობიდან მოქცეულებთან თავიანთ გათანაბრებას; მათ ეროვნულ სიამაყეს მტკივნეულად შეურაცხყოფდა აზრი, რომ ამ უკანასკნელებსაც შეეძლოთ გადარჩენა იუდეური რჯულის მიღების გარეშე. ამ ღრმად ჩაკირული მიკერძოების გადალახვა და აქამდე საძულველი ხალხის ძმებად აღიარება მხოლოდ დიდი ქრისტიანული სიყვარულით იყო შესაძლებელი. მაგრამ ასეთი სულიერი გმირობა იუდეველთაგან ცოტას თუ ხელეწიფებოდა. იერუსალიმელ ქრისტიანთა უმრავლესობა აღაშფოთა იმანაც, რომ პავლემ მოქცეულ წარმართებს იუდეური წეს-ჩვეულებების შესრულება არ მოსთხოვა. მათ ჩათვალეს, რომ მოციქული მამათა რჯულს განუდგა.

იაკობმა და პრესვიტერებმა პავლეს ურჩიეს, მონაწილეობა მიეღო ზოგიერთი იუდეველის მიერ დადებული აღთქმის აღსრულებაში – წასულიყო მათთან ერთად და გადაეხადა „კაცად-კაცადისა მათისათვის შესაწირავი“.[1] ეს იუდეველებს დაუმტკიცებდა, რომ პავლე რჯულის წესებს არ უგულებელყოფდა. მოციქული ხალისით დაეთანხმა ძმების რჩევას – თავად იგი მზად იყო მამათა ჩვეულებების დასაცავად, მაგრამ უსამართლობად თვლიდა მათი შესრულების დაკისრებას უცხოტომელებზე, რომელთათვისაც ამ წესებს არ ჰქონდათ ისეთი შინაარსობრივი დატვირთვა, როგორიც იუდეველებისთვის.

პავლე შეუერთდა აღთქმის დამდებ ადამიანებს, აცნობა ამის შესახებ მღვდლებს და მკაცრად დაიცვა ყოველივე, რაც წესით მოეთხოვებოდა. მაგრამ მისდამი რისხვა იმდენად ძლიერი იყო, რომ შვიდდღიანი აღთქმის განსრულებამდე ეფესოდან მოსულმა იუდეველებმა, ტაძარში დაინახეს თუ არა იგი, ხალხი აუმხედრეს, ხელი დაადეს და შესძახეს: „კაცნო, ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთვის და სჯულისა და ადგილისა ამისთვის ძვირსა ზრახავს და ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ“ (საქმე 21,28). პავლეს არც კი აცალეს, თავი დაეცვა – შეიპყრეს, ტაძრიდან გამოათრიეს და მოკვლა დაუპირეს. ათასისთავმა კლავდიუს ლისიამ ქალაქში ამბოხი რომ შეიტყო, მეომრებთან ერთად მოვიდა და გამძვინვარებულ ბრბოს ხელიდან გამოჰგლიჯა მოციქული. ათასისთავის ყველა მცდელობა, გაეგო, თუ რატომ განურისხდნენ პავლეს, ამაო გამოდგა – ისეთი ხმაური და ღრიანცელი იდგა, რომ შეუძლებელი იყო საქმის გარკვევა. მაშინ ათასისთავმა ბრძანა, მოციქული ჯაჭვებით შეეკრათ და ციხესიმაგრეში წაეყვანათ. დატყვევებულს გამძვინვარებული ბრბო უკან მიჰყვებოდა და მისძახოდა: სიკვდილი მაგას!

ციხესიმაგრის შესასვლელთან პავლემ ითხოვა, რამდენიმე სიტყვა ეთქვა. მას ნება დართეს და კიბის თავზე მდგომმა მიმართა საკუთარ ხალხს. უამბო, რომ სიჭაბუკის დროს იგი მამათა რჯულის ერთ-ერთი ყველაზე მოშურნე დამცველი იყო; აღუწერა, თუ როგორ სძულდა და დევნიდა ქრისტეს მიმდევრებს; თუ თავად უფალი როგორ გამოეცხადა მას დამასკოს გზაზე და აუწყა ჭეშმარიტება; როგორ დაბრმავდა და ანანიამ უფლის ბრძანებით განკურნა იგი. სიტყვის დასასრულ გაიხსენა, თუ იერუსალიმის ტაძარში ლოცვის დროს როგორ გამოეცხადა მას უფალი და უთხრა, რომ იუდეველები მის მოწმობას ქრისტესთვის არ შეიწყნარებდნენ და წარმართებთან წასვლა უბრძანა.

აქამდე მას ჩუმად და ღრმა გულისყურით უსმენდნენ, მაგრამ როგორც კი პავლემ ახსენა სიტყვა „წარმართები“, ხალხი კვლავ უკიდურესად აღელდა და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ათასისთავი შეჰყურებდა საშინელ ამბოხს, მაგრამ ვერ ხვდებოდა მის აზრს, რადგან იუდეველი არ იყო. მან ბრძანა, ციხეში შეეყვანათ პავლე, ეგვემათ და დაეკითხათ იმის გასაგებად, თუ რით დაიმსახურა ხალხის ასეთი საშინელი რისხვა. მეომრებმა მოციქული წაიყვანეს და მეთაურის ბრძანების შესასრულებლად იწყეს მზადება; ამ დროს პავლემ მათ ჰკითხა: „უკუეთუ კაცისა ჰრომისა და უბრალოჲსაჲ ჯერ-არს თქუენდა ტანჯვად?“ (საქმე 22,25). ამის გამგონე ათასისთავს შეეშინდა, რადგან შეიძლებოდა, რომის მოქალაქის შებორკვაც კი ძვირად დასჯდომოდა. მართალია არ ესმოდა, თუ რას სდებდნენ მოციქულს ბრალად, მაგრამ მღვდელთმთავრების შეკრება მაინც ბრძანა და მეორე დღეს პავლე სინედრიონის სამსჯავროზე მიიყვანა.

მაგრამ სინედრიონის შეკრებაზეც არანაკლები მიკერძოებით მოეკიდნენ პავლეს. მან რამდენიმე სიტყვის თქმა ძლივს მოასწრო, რომ მღვდელთმთავარმა ანანიამ ბრძანა – „პირსა ცემაჲ მისი“. როდესაც პავლემ უთხრა: „კაცნო ძმანო, მე ფარისეველი ვარ და ძე ფარისეველისაჲ, და სასოებისათვის და აღდგომისა მკუდართაჲსა მე ვისაჯები“ (საქმე 23,6), კრება ახმაურდა. სინედრიონის წევრებიდან ზოგი იყო ფარისეველი და აღიარებდა მკვდრეთით აღდგომასა და სამომავლო ცხოვრებას, ზოგი კი სადუკეველი, რომელიც ერთსაც უარყოფდა და მეორესაც. ატყდა დავა. ფარისევლებმა პავლეს დაცვა დაიწყეს, მაგრამ ამას ისეთი ღრიანცელი მოჰყვა, რომ ათასისთავს შეეშინდა, პავლე არ გაეგლიჯათ და მისი ისევ ციხეში წაყვანა ბრძანა.

ამ მღელვარებამ და საფრთხემ მოციქული სულიერად ვერ გატეხა – მას ძლიერი მეოხი და ნუგეშინისმცემელი ჰყავდა. ღამით გამოეცხადა უფალი და უთხრა: „ნუ გეშინინ, პავლე, რამეთუ, ვითარცა-ეგე სწამე ჩემთვის იერუსალემს, ეგრეთცა ჯერ-არს შენდა ჰრომესცა შინა წამებაჲ“ (საქმე 23,11).

ამასთან იუდეველთა გაბოროტება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორმოც კაცზე მეტმა შეჰფიცა ურთიერთს – სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, არც ეჭამათ და არც ესვათ. მათ თავიანთი განზრახვის შესახებ მღვდელთმთავრებს შეატყობინეს, რომლებიც სადუკეველთა სექტას ეკუთვნოდნენ და არანაკლებ იყვნენ გაგულისებულნი მოციქულზე. მათ გადაწყვიტეს, კვლავ სინედრიონის წინაშე წარედგინათ პავლე, თითქოს მისი საქმის შემდგომი განხილვისთვის, და გზაში მოეკლათ. მაგრამ მოციქულის ერთმა ნათესავმა ეს განზრახვა შეიტყო და შეთქმულება ათასისთავ კლავდიუს ლისიას გაუმხილა. ამ უკანასკნელს ძალიან შეეშინდა, რადგან პატიმრის სიკვდილის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მას დაეკისრებოდა და იმავე ღამეს მრავალრიცხოვანი დაცვით პავლე კესარიაში გააგზავნა იუდეის პროკურატორ ფელიქსთან, რომელსაც წერილით შეატყობინა, რომ უგზავნის კაცს, რომელსაც იუდეველები რაღაც საკითხებს ედავებიან და ბრალს სდებენ. ათასისთავი ასევე ატყობინებდა თავის გადაწყვეტილებას – საქმე განსახილველად პროკურატორისთვის გადაეცა და უახლოეს დღეებში ბრალმდებლების გამოგზავნასაც შეჰპირდა. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ფელიქსმა ბრძანა, პავლე მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ.

მალე კესარიაში ჩავიდნენ მოციქულის ბრალმდებლები, რომელთა შორის მღვდელთმთავარი ანანიაც იყო. მან თავის საბრალდებო სიტყვაში პავლეს უწოდა ბილწი, გალილეველთა მწვალებლობის წინამძღვარი, შფოთის აღმძვრელი. პავლე მტკიცედ პასუხობდა, რომ ემსახურება უფალს, ბრალმდებლები კი ღვთისადმი თაყვანისცემის ასეთ გზას მწვალებლურს უწოდებენ. მას სწამს ყოველივე, რაც რჯულსა და წინასწარმეტყველებებშია დაწერილი, სასოებს ღმერთს, მოელის მართალთა და ცოდვილთა მკვდრეთით აღდგომას და იღვწის, რათა უმწიკვლო სინდისი ჰქონდეს უფლისა და კაცთა წინაშე.

ფელიქსი, რომაელი პროკურატორი, წარმართი იყო და ამ ნათქვამიდან საქმის არსს ვერ ჩასწვდა. მან, იერუსალიმის ათასისთავის მსგავსად, ეს ყოველივე იუდეური რჯულის საკითხებთან დაკავშირებულ ფუჭ უთანხმოებად მიიჩნია, პავლე უდანაშაულოდ სცნო და საქმის განხილვა გადადო; თან ბრძანა – მოციქულისთვის ედარაჯათ, მაგრამ არ შეეზღუდათ და შესაძლებლობა მიეცათ, თავის ნაცნობებს შეხვედროდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ პავლემ ეს შეღავათიც ღვთის სიტყვის საქადაგებლად გამოიყენა.

თავად ფელიქსმა მოისურვა გაეგო, თუ რას წარმოადგენდა პავლეს ნაქადაგები სწავლება. რამდენიმე დღის შემდეგ უხმო და თავის მეუღლე დრუსილასთან ერთად მოუსმინა. მოციქული იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა სიმართლეზე, მოთმინებასა და მომავალ სამსჯავროზე, რომ ბიწიერი ცხოვრების მიმდევარ ფელიქსს შეეშინდა. ბედნიერი იქნებოდა, გამოღვიძებული სინდისის ხმისთვის რომ დაეგდო ყური, მაგრამ მან პავლეს მოსმენა სხვა დროისთვის გადადო და უკან გააბრუნა. ანგარებისმოყვარე ფელიქსმა იცოდა, რომ პავლე უდანაშაულო იყო და მაინც მთელი ორი წელიწადი პატიმრობაში ჰყავდა მისგან გამოსასყიდის მიღების იმედით. როდესაც ფელიქსი შეცვალეს და მისი ადგილი მეორე პროკურატორმა ფესტოსმა დაიკავა, მან იუდეველთა საამებლად ისევ ტყვეობაში დატოვა მოციქული.

პავლეს მტრებმა სთხოვეს იერუსალიმში მყოფ ფესტოსს, მოციქული მათთან გაეგზავნა განსასჯელად და ჩუმად განიზრახეს, გზაში მოეკლათ იგი. მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ფესტოსი მათ თხოვნას არ დაეთანხმა და ურჩია, თავად ჩასულიყვნენ კესარიაში. ისინი მართლაც ჩავიდნენ, მაგრამ მოციქულის გასამტყუნებლად ვერაფერი დაასაბუთეს. თავად პავლემ გამოიყენა თავისი, როგორც რომის მოქალაქის, უფლება და განაცხადა, რომ სურდა კეისარს განესაჯა იგი, რითაც ბოლო მოუღო მტრების ხრიკებს.

ფესტოსი იძულებული იყო, დათანხმებოდა მოციქულის სრულიად კანონიერ მოთხოვნას, მაგრამ, სავარაუდოდ, თავი შეიკავა კეისართან ბრალდებულის გაგზავნაზე, რადგან არ შეეძლო აეხსნა, თუ რა ედებოდა პავლეს ბრალად. ამ დროს კესარიაში ჩავიდა იუდეველთა მეფე აგრიპა II, გარდაცვლილი ჰეროდე აგრიპას ძე. ფესტოსმა უამბო, რომ ტყვედ ჰყავდა ერთი ადამიანი, რომელმაც ძლიერ გააგულისა იუდეველები, თუმცა ვერაფრით ხვდებოდა მის დანაშაულს. პროკურატორის სიტყვებით, იუდეველები ედავებოდნენ პავლეს სარწმუნოების საკითხებზე და „იესუჲს ვისთვისმე მომკუდრისა, რომელსა იტყოდა პავლე ცხოველად“ (საქმე 25,19).

ასე ცოტა რამ იცოდნენ იმხანად რომაელებმა ახალი სწავლების შესახებ, რომელსაც მალე მთელი მსოფლიო უნდა გარდაექმნა.

აგრიპამ, რომელსაც ფესტოსზე უკეთ უნდა სცოდნოდა იუდეველთა შეხედულებანი, მოისურვა პავლეს ნახვა. მოციქულმა მეფისა და მისი დის, ბერენიკეს, წინაშე ჩამოთვალა თავისი ცხოვრების მთავარი მოვლენები; უამბო, თუ ადრე როგორ სძულდა ქრისტეს რჯული, მაგრამ სასწაულებრივმა ხილვამ მოაქცია და ახლა შეუორგულებლად მოელის მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომას; რომ ის უფალმა გაგზავნა წარმართებთან, რათა ისინიც სიბნელიდან სინათლისკენ, სატანას ტყვეობიდან ღვთისკენ შემობრუნდნენ, ქრისტეს რწმენით მიიღონ ცოდვათა მიტევება და განწმენდილებთან ჰქონდეთ წილი: „არარას გარეშესა ვიტყვი წინაჲსწარმეტყუელთა თქუმულისასა, რომელსა ეგულებოდა ყოფად, და მოსესსა, ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკუდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მითხრობად ერთა და ნათესავთა“.

წარმართ ფესტოსს სიგიჟედ მოეჩვენა სიტყვები მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომაზე, საუბარი შეაწყვეტინა პავლეს და ჭკუიდან შეშლილი უწოდა.

“– არა ვბორგი, მხნეო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისა სიტყუათა ვიტყვი: რამეთუ მეცნიერ არს ამისთვის მეფე, რომლისა მიმართცა კადნიერად ვიტყვი, რამეთუ დაფარვად მისა რაჲსამე ამათგანისა არა ვირწმუნო, რამეთუ არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ესე. გრწამსა, მეფე აღრიპა, წინაჲსწარმეტყუელთაჲ? ვიცი, რამეთუ გრწამს“ – მიმართა მეფეს პავლემ.

“– მცირედ-ღა მარწმუნო მე ქრისტეანე ყოფად“ – უთხრა მეფემ.

“– ვილოცავ ღმრთისა მიმართ მცირეთათვისცა და მრავალთა, არა ხოლო თუ შენდა, არამედ ყოველთა, რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ, ვითარცა მე ვარ, თვინიერ კრულებათა ამათ“ – მიუგო პავლემ.

ყველანი წამოდგნენ. მეფე მოეთათბირა დამსწრეებს და ფესტოსს უთხრა, რომ პავლე საერთოდ არ იმსახურებდა სიკვდილსა და ტყვეობას. მისი გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა, თავადვე რომ არ მოეთხოვა კეისრისაგან მსჯავრი. ამიტომაც გადაწყვიტეს, მოციქული რომში გაეგზავნათ (იხ. საქმე 26, 22-29).

პავლეს მოგზაურობა რომში ხანგრძლივი და მძიმე იყო. ასისთავი, რომელსაც იგი ჩააბარეს, კეთილად ეპყრობოდა. როდესაც ნავი მიადგებოდა კუნძულებსა და ნავსადგურებს, ასისთავი ნებას რთავდა პავლეს, შეხვედროდა მორწმუნეებს, რომლებიც ყველგან სიყვარულით ეგებებოდნენ მოციქულს. ნავზე დაახლოებით 276 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ პავლეს მეგობრებიც: არისტარქე მაკედონიელი და მოციქული ლუკა, ავტორი წიგნისა „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“.

წმინდა ლუკას უნდა ვუმადლოდეთ ცნობებს პავლეს ცხოვრების შესახებ. იგი ზედმიწევნით აღწერს ამ მოგზაურობასაც: იქნება ეს თავსდამტყდარი საშინელი ქარიშხალი, თუ ნავის ჩაძირვა მელიტეს (ახლანდელი მალტის) მახლობლად. ცხადია, უფლის ხელი იცავდა საფრთხეში ჩავარდნილ მქადაგებლებს. ქარიშხლის დროს, როდესაც ნავზე მყოფებმა გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს და სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, პავლეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ის და მისი თანამგზავრები გადარჩებოდნენ. თოთხმეტი დღის განმავლობაში უგზოუკვლოდ დააქანებდა ზღვა ნავს და არავინ იცოდა, საით აეღოთ გეზი. პავლე ხალხს ამხნევებდა და გადარჩენას ჰპირდებოდა. ბოლოს ნავი მეჩეჩზე დაჯდა და ცხვირით ქვიშაში ჩაეფლო. მეომრებს ტყვეების გაქცევისა შეეშინდათ და მათი დახოცვა გადაწყვიტეს, მაგრამ ასისთავმა არ დაანება, რადგან პავლეს გადარჩენა სურდა. მან ყველას საშუალება მისცა, როგორც შეეძლოთ, ისე ეშველათ საკუთარი თავისთვის; მგზავრები წყალში გადახტნენ, ზოგმა გაცურვა დაიწყო, ზოგიც ნავის ნამსხვრევებსა და ფიცრებს ჩაეჭიდა. ბოლოს ყველამ მშვიდობით მიაღწია ხმელეთს.

კუნძულის მოსახლეობამ სტუმართმოყვარება გამოიჩინა მათ მიმართ და ნაპირზე ცეცხლი გააჩაღა. მგზავრებიც მიუსხდნენ კოცონს და გათბნენ. როდესაც პავლემ შესაკეთებლად ფიჩხი აიღო, იქიდან გამოძვრა იქედნე ანუ შხამიანი გველი და ხელზე შემოეხვია. ამის დანახვაზე იქაურებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „კაცის-მკლველი სამე არს კაცი ესე, რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა“ (საქმე 28,4). მაგრამ პავლემ მშვიდად მოიქნია ხელი, ცეცხლში ისროლა გველი და თავად უვნებელი დარჩა. ამან იმდენად განაცვიფრა იქაურები, რომ მოციქული ღმერთად მიიჩნიეს. ამავე კუნძულზე პავლემ სასწაულებრივად განკურნა მმართველის მამა; მოახდინა მრავალი სასწაული, ბევრი იხსნა სნეულებათაგან, რისთვისაც იქაურები მას დიდი პატივით ეპყრობოდნენ.

მელიტეში სამთვიანი ყოფნის შემდგომ მგზავრებმა ნავით სიცილიისკენ გაცურეს, შემდეგ ჩავიდნენ პუტეოლში, ნეაპოლის მახლობლად; იქ პავლემ და მისმა მეგობრებმა მოინახულეს მორწმუნენი და რომს გაემგზავრნენ. როგორც კი დედაქალაქს მიუახლოვდნენ, იქაური ქრისტიანები დასახვედრად გამოვიდნენ, რამაც ძალიან გაახარა პავლე. რომში ასისთავმა მოციქული პრეფექტს ჩააბარა, რომელმაც ნება დართო, ცალკე ეცხოვრა მცველთან ერთად და შეხვედროდა მას, ვისაც მოისურვებდა.

ამრიგად, აღსრულდა პავლე მოციქულის დიდი ხნის სურვილი რომის მონახულებისა. ჯერ კიდევ 58 წელს სწერდა იგი რომაელებს: „მოწამედ ჩემდა არს ღმერთი, რომელსა ვჰმსახურებ სულითა ჩემითა სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ხსენებასა თქუენსა ვჰყოფ; მარადის ლოცვათა შინა ჩემთა ვევედრები, რაჲთა აწღა თუ სამე წარმემართოს მე ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა“ (რომ. 1,9-10). 61 წელს ღმერთმა ისმინა მისი ვედრება – პავლე ჩავიდა რომში, როგორც ტუსაღი. ახლა უკვე მისი წყალობით თავისუფლად შეაღწევდა ღვთის სიტყვა რომის მოსახლეობის ყველა ფენაში და ამ წარმართული ქალაქის ღრმა წყვდიადს ნათლითა და სიხარულის იმედით გააცისკროვნებდა.

სამი დღის შემდეგ პავლემ მოუხმო რომის წარჩინებულ იუდეველებს,[2] უამბო, თუ როგორ სდევნიდნენ მას იერუსალიმში, რამაც იძულებული გახადა, კეისრის სამსჯავრო მოეთხოვა. რომის იუდეველებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და მოისურვეს, ქრისტიანულ სწავლებას გასცნობოდნენ.

დანიშნულ დღეს მივიდნენ პავლესთან და ისიც „ასწავებდა და მიუთხრობდა სასუფეველისათვის ღმრთისა და არწმუნებდა მათ იესუჲსთვის სჯულისაგან მოსესა და წინაჲსწარმეტყუელთა განთიადითგან ვიდრე მიმწუხრადმდე“ (საქმე 28,23). მაგრამ ძნელი იყო იუდეველების დარწმუნება, რომ მათ მიერ ჯვარცმული იესო ნამდვილად მესია იყო, რომლისგანაც უამრავ სიკეთეს ელოდნენ. პავლე დაამწუხრა მათმა სიბრმავემ და გაიხსენა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისხმა-ჰყოთ, და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ. რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს, ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისხმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნნე იგინი“ (საქმე 28,26-27; ეს. 6,9-10). იუდეველთა გაჯიუტების მხილველმა პავლემ საქადაგებლად წარმართებს მიმართა.

“ხოლო პავლე დაადგრა მუნ ორ წელ ყოვლად თვისითა სასყიდლითა და შეიწყნარებდა ყოველთა, რომელნი მოვიდოდეს მისა, ქადაგებდა სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავებდა უფლისა იესუ ქრისტესთვის ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად“ (საქმე 28,30-31).

ამ სიტყვებით მთავრდება ლუკა მახარებლის თხრობა მოციქულთა საქმეებზე. შემდგომ ცნობებს მოციქულთა შესახებ დავიმოწმებთ ნაწილობრივ მათივე ეპისტოლეებიდან, ნაწილობრივ კი ისტორიული წყაროებიდან.

 

 

[1] აქ საჭიროა გარკვეული განმარტება: იუდეველებს წესად ჰქონდათ, დაედოთ აღთქმა, რომლის აღსრულებაც უწმინდეს მოვალეობად ითვლებოდა. იგულისხმება ნაზორეველობის აღთქმა, რომლის თანახმად, აღთქმის დამდები იზრდიდა თმას, მარხულობდა, უარს ამბობდა სასმელზე და დაწესებული ვადის განმავლობაში გარკვეულ რიტუალებს ასრულებდა. ამის შემდგომ ტაძარში განსაწმენდელ მსხვერპლს სწირავდა. დაშვებული იყო სხვათა მიერ დადებულ აღთქმებში მონაწილეობის მიღება და საჭირო ხარჯების საკუთარ თავზე აღებაც, რაც პავლესაც ურჩიეს. ზოგიერთი მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცავდა აღთქმას, რომელიც მის მაგიერ მშობლებმა დადეს – მაგ. ძველ აღთქმაში სამსონი, სამოელი.

 

[2] იუდეველები რომიდან იმპერატორმა კლავდიუსმა გააძევა. ისინი იქ მისი სიკვდილის შემდეგ დაბრუნდნენ.

 

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა