martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 65

პაპობა X-XI საუკუნეებში.

 

წინა თავებში ვნახეთ, თუ როგორ ვრცელდებოდა ქრისტიანობა ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნებში, როგორ იმორჩილებდა რომის ეკლესია ახალ-ახალ მიწებს და განავრცობდა თავის მმართველობას. ახლა ყურადღება გადავიტანოთ რომსა და რომის მღვდელთმთავრებზე.

ნიკოლოზ I, რომელმაც ესოდენ აამაღლა პაპის ტახტის მნიშვნელობა, და მისი მემკვიდრეების – ადრიანე II და იოანე VIII (ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მათ შესახებ) შემდგომ პაპობის ისტორიაში დადგა სამარცხვინო ხანა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ასორმოცდაათი წლის განმავლობაში რომის ტახტზე ორმოცდაათამდე პაპი გამოიცვალა – თითქმის ყველა უუნარო, მანკიერი ან სახელგატეხილი. ისინი ხან ურთიერთმოქიშპე იტალიურ დაჯგუფებებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ხანაც გერმანელ იმპერატორებზე და ტახტს მხოლოდ გარეშე ძალის მხარდაჭერით ინარჩუნებდნენ. გამარჯვებული დაჯგუფების ნებაზე იყო დამოკიდებული მათი ჩამოგდება ან შეცვლა. მაგრამ, მიუხედავად რომის მღვდელთმთავართა ასეთი ზნეობრივი დაცემისა და უსუსურობისა, თავად პაპობის ინსტიტუტი ძალას იკრებდა. სულ უფრო მკვიდრდებოდა აზრი, რომ პაპის ტახტს აქვს უფლება, იყოს მსოფლიოს მსაჯული და გადაწყვიტოს მეფეთა კურთხევა. თითქოს ეს უპირატესობა თავად ქრისტემ მიანიჭა პეტრე მოციქულსა და მის მემკვიდრეებს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რაც მეტად ეცემოდნენ პაპები ზნეობრივად, მით უფრო ჯიუტად იჩემებდნენ ამ პრივილეგიებს. ეს გასაგებიცაა, მათ თავიანთი სისუსტის ნიღბად სჭირდებოდათ უდავო ავტორიტეტი. აუცილებელი იყო ეს უფლებები წარმოეჩინათ ღვთივბოძებულად და რომის ტახტის კუთვნილებად, დამოუკიდებლად იმ ადამიანის პიროვნული თვისებებისაგან, ვისაც იგი ეკავა.

ყველაფერი ხელს უწყობდა რომის მღვდელთმთავრის მმართველობის გაძლიერებას. სასულიერო დასის უმრავლესობა მხარს უჭერდა პაპის „ღვთივბოძებულ უფლებას“, რადგან თავადაც მას ეყრდნობოდა საერო ხელისუფლებასთან უთანხმოების დროს. მეთაურები და ტახტის მაძიებლები ცდილობდნენ პაპის ლოცვა-კურთხევით განემტკიცებინათ თავიანთი, ხშირად საეჭვო, მოთხოვნები, სამაგიეროდ კი სამსახურსა და მორჩილებას ჰპირდებოდნენ. ახალმოქცეულებს რომის მღვდელთმთავრის უზენაესობის გარდაუვალობას უნერგავდნენ.

ზოგჯერ ცალკეული პიროვნებები ან დაჯგუფებები იმაღლებდნენ ხმას პაპის გადაჭარბებული მოთხოვნების წინააღმდეგ, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა. ასეთ წინააღმდეგობას რომის მღვდელთმთავარს ძირითადად გალიის სასულიერო დასი უწევდა, რომელსაც არ სიამოვნებდა მისი უზენაესობის აღიარება. მაგალითად, როდესაც პაპი ადრიანე II ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა ფრანკთა მეფე შარლ II მელოტს (840-876 წწ.), მას გამოექომაგა ჰინკმარ რეიმსელი. ეს ის პიროვნებაა, ვინც ნიკოლოზ I ედავებოდა, დამაჯერებლად ამტკიცებდა მსოფლიოს მმართველობაზე პაპის მოთხოვნის უსაფუძვლობას და ამხელდა დეკრეტალიების სიყალბეს. ამ დაპირისპირებაში თავად შარლმა დაუთმო პაპს, რადგან იმპერატორობა სურდა და მისი თანადგომა ესაჭიროებოდა; ამის შემდეგ ჰინკმარი და ზოგი სხვა ეპისკოპოსი ვერაფერს გახდნენ: მეფის თანხმობით პაპმა საფრანგეთში დანიშნა თავისი ნაცვალი (ვიკარიუსი), ეპისკოპოსი, რომელიც ვალდებული იყო, ყველა საეკლესიო საქმე რომთან შეეთანხმებინა. შარლ მელოტის მორჩილება იმპერატორის გვირგვინით დაჯილდოვდა 875 წელს. აღასრულა რა ეს ცერემონიალი, იოანე VIII, საჯაროდ განაცხადა, რომ პაპის ტახტი გვირგვინს ანიჭებდა მეფეს ღვთივბოძებული უფლების ძალითა და ღვთის ნებით.

ოღონდ თვითონ რომის კათედრა, რომელის მღვდელმთავრებმაც გვირგვინის დადგმის უფლება მიისაკუთრეს, დიდი ხნის განმავლობაში სათამაშო იყო ძალაუფლების მაძიებელ დაჯგუფებათა ხელში. მეფის გვირგვინის მოხელთებას ცდილობდნენ სპოლეტოს, ფრიულისა და ტოსკანის ჰერცოგები. ისინი რიგრიგობით ექცეოდნენ ხელისუფლების სათავეში, რასაც მათი მომხრეების აღზევება და მტრების დამცრობა მოსდევდა. გამარჯვებული ფრთა ნიშნავდა პაპს. მფარველის წარუმატებლობის შემთხვევაში მას აძევებდნენ. რომში საშინელი არეულობა სუფევდა. ყოფილა შემთხვევები, როცა ერთდროულად რამდენიმე პაპი ჰყავდა ეკლესიას. ერთი მხარის დროებით გამარჯვებას მეორისგან საშინელი შურისძიება მოსდევდა. მაგალითად, პაპმა სტეფანე VI (ან VII) თავისი წინამორბედისა და დიდი ხნის მტრის – ფორმოზუსის გვამი ამოათხრევინა, პაპის სამოსით შემოსა და გაასამართლა; შემდეგ შეაჩვენა, მიცვალებულს სამი თითი მოჰკვეთა და ასე დასახიჩრებული ტიბრში გადააგდებინა. თავად სტეფანე ხალხმა გამოასალმა სიცოცხლეს. ეს მოხდა დაახლოებით 891 წელს. გაიმარჯვა ტოსკანის ჰერცოგების ფრთამ.

მაშინ დადგა პაპობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პერიოდი. თავგამოდებული მომხრეებიც კი დღესაც უხერხულობას ვერ მალავენ მასზე საუბრის დროს. ძალაუფლება მოექცა გარყვნილი დედაკაცების მაროციასა და მისი ორი ასულის, მაროცია უმცროსისა და თეოდორას ხელში. ფაქტობრივად ისინი დაეპატრონნენ ტახტს, რომელზედაც თავიანთი სურვილისამებრ ნიშნავდნენ და აგდებდნენ პაპებს. აურაცხელ სიმდიდრეს იხვეჭდნენ საეკლესიო თანამდებობების გაყიდვით. იყვნენ პაპები, რომლებიც ტახტზე ისხდნენ რაღაც ოთხი-შვიდი თვის განმავლობაში, ზოგი მათგანი მოწამლეს, ზოგმაც ტყვეობაში დაასრულა სიცოცხლე. რომის მღვდელთმთავართა კარზე გაბატონდა გარყვნილება, ვერაგობა და სხვა წრეგადასული მანკიერებანი, ხდებოდა საზარელი დანაშაულები. პაპებს ტახტის შენარჩუნება მხოლოდ ამ გახრწნილი დედაკაცების წინაშე მლიქვნელობითა და მათთვის ქრთამის მირთმევით შეეძლოთ.

ასეთი სამარცხვინო მმართველობა ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს (904-964 წწ.) გრძელდებოდა. ბოლოს პაპის ტახტზე ავიდა იოანე XII, მაროციას 18 წლის ვაჟი. მას თავიდან ოქტავიანე ერქვა; იგი პირველი პაპი იყო, რომელმაც გადაირქვა სახელი, რაც მოგვიანებით ტრადიციად დამკვიდრდა. ბინძური და გარყვნილი ცხოვრებით მან თავის წინამორბედებზე მეტად გაუტეხა სახელი პაპის წოდებას. იტალიის მეფე ბერენგარიუსის მიერ შევიწროებულმა იოანემ საშველად უხმო გერმანიის მეფე ოტონ I, რომელმაც ჩაახშო მღელვარება. სამაგიეროდ, 962 წელს უღირსი პაპისგან მიიღო გვირგვინი. მაგრამ, როგორც კი ოტონი წავიდა, პაპმა თავის მფარველს უღალატა და მტრებს შეეკრა. მოულოდნელად იმპერატორი დაბრუნდა და შეშინებულმა პაპმა თავს გაქცევით უშველა. იმპერატორმა წმინდა პეტრეს ტაძარში კრება მოიწვია პაპის განსასჯელად, თუმცა თავად მაინც მას მიემხრო და მრავალი ბრალმდებლისგან დაიცვა. „ის ჯერ ყმაწვილია, იქნებ გამოსწორდეს“ – ეუბნებოდა დამსწრეებს.

მაგრამ იოანეს არც სინანული გამოუხატავს და არც თავმდაბლობა. კრებაზე არ გამოცხადდა, მოიშველია თავისი „ღვთივბოძებული უფლება“ და კრების მესვეურებს შეჩვენებით დაემუქრა. ამასობაში მის წინააღმდეგ საშინელი, ერთი მეორეზე უარესი ბრალდებები გაისმა: ამხელდნენ გარყვნილებაში, სიწმინდეთმგმობელობაში. ამბობდნენ, რომ ვატიკანში მოწყობილ ერთ-ერთ აღვირახსნილ ღრეობაზე მან სატანის სადღეგრძელო შესვა; რომ თამაშის დროს მოსაგებად წარმართთა ღმერთებს უხმობდა. გადაწყდა უღირსი მღვდელთმთავრის დამხობა! ოტონის გავლენით აირჩიეს ახალი პაპი, ლეონ VIII (ადრე ერისკაცი).

აქ ოტონმა დრო იხელთა და ისევ წამოაყენა დასავლელი იმპერატორების ძველი მოთხოვნა – თავად ყოფილიყვნენ უზენაესი ხელისუფალნი რომში. ამასთან, რომაელებს მოსთხოვა, შეეფიცათ მისთვის – არ დაედგინათ პაპი იმპერატორის თანხმობის გარეშე. ოტონი რომში დიდხანს ვერ დარჩა, საკმარისი იყო მისი წასვლა, რომ დაჯგუფებები ისევ გამოვიდნენ ასპარეზზე. მაროციამ ხელმეორედ მოახერხა, ტახტზე აეყვანა იოანე, რომელიც მალევე მოკლეს. შემდეგ პაპი გახდა ბენედიქტე V, რომელიც დაბრუნებულმა იმპერატორმა სანტ-ანჯელოს ციხეში ჩაამწყვდია და ლეონ VIII მეორედ დაადგინა რომის მღვდელთმთავრად.

ოტონის მემკვიდრეებმაც ასევე მოითხოვეს პაპის არჩევის უფლება, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ყველა ის პრივილეგია, რაც ოდესღაც კარლოს დიდმა მიითვისა, მათაც ეკუთვნოდათ. მაგრამ სხვა საქმეების გამო ისინი იტალიას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევდნენ, ამიტომაც ვერ ახერხებდნენ თავიანთი მოთხოვნების გატანას. თუ რომაელები ფიცს გატეხდნენ, გერმანიის იმპერატორები ქალაქს დამსჯელებად ევლინებოდნენ და მაშინ, მათი თანხმობის გარეშე დადგინებულ პაპს ხანმოკლე დიდების სანაცვლოდ მკაცრი ტყვეობა ან სასტიკი გვემა ელოდა. მაგალითად, არქიეპისკოპოსი იოანე პიაჩენელი, რომელმაც პაპის ხარისხს ოტონ III თანხმობის გარეშე მიაღწია, არა მარტო დაატუსაღეს, არამედ თვალები დასთხარეს და ენა ამოჰკვეთეს.

ოტონ I შემდგომ კიდევ დიდხანს გრძელდებოდა შფოთი და არეულობა რომში. პაპებიც გამარჯვებული დაჯგუფებების ნება-სურვილით იცვლებოდნენ: პაპი იოანე XIII იმპერატორმა დაატყვევა, ბენედიქტე VI ამბოხებულებმა მოუღეს ბოლო, დომნუს II, როგორც ვარაუდობენ, მოკლა თავისმა მემკვიდრემ, ძალაუფლების მაძიებელმა ბონიფაციუს VII. ამ უკანასკნელმა ისეთი საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურა, რომ იძულებული შეიქნა, რომს გასცლოდა, სადაც მის სანაცვლოდ სხვა აირჩიეს. ბონიფაციუსი კონსტანტინოპოლში წავიდა და იქიდან ისე უხვად არიგებდა საფასურს მომხრეების მოსასყიდად, რომ მაინც მოახერხა ტახტის მეორედ დაკავება. ბონიფაციუს VII სიკვდილის შემდგომ ხალხი დიდხანს უარს აცხადებდა მის დასაფლავებაზე.

იტალიაში შექმნილ ამ ვითარებას დაერთო საფრანგეთთან უთანხმოებაც, სადაც ისევ დაიწყო პაპის გაკიცხვა და მის მიერ მითვისებული უფლებების უარყოფა. ამ დავას წინ შემდეგი მიზეზი უძღვოდა: 987 წელს საფრანგეთში არსებობა შეწყვიტა კაროლინგების დინასტიამ და მეფედ გამოცხადდა ჰუგო კაპეტი (987-996 წწ.), რომლის კორონაცია რეიმსში მოეწყო. ტახტის დაპატრონება მოინდომა ლოტარინგიის ჰერცოგმაც, რომელსაც მხარს უჭერდა რეიმსის არქიეპისკოპოსი არნულფი. ერთი შეხედვით, საფრანგეთში თითქოს პაპი დიდი ხნის წინ დაივიწყეს – მას არავინ ეკითხებოდა საეკლესიო საქმეებს. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ტახტი სადავო გახდა, კაპეტმა პაპს მიმართა თანადგომისთვის. მან, თავის ერთგულ ეპისკოპოსებთან ერთად, იოანე XV მისწერა მორჩილებითა და პატივისცემით აღსავსე წერილი, სრულად აღიარა მისი, როგორც ეკლესიის თავის, უზენაესობა და ბოდიში მოუხადა, რომ დიდხანს არ მიუმართავს საეკლესიო საქმეების თაობაზე; ბოლოს კი მეფემ და ეპისკოპოსებმა სთხოვეს რომის მღვდელთმთავარს, ეღიარებინა ჰუგო კაპეტი, ამასთან ჩამოეგდო არნულფი და დაენიშნა რეიმსის ახალი არქიეპისკოპოსი. კაპეტის მეტოქემაც პაპს მიმართა ლოცვა-კურთხევისთვის. ამ უკანასკნელს ორივე მათგანის ეშინოდა და დიდხანს არ სცემდა პასუხს.

ამასობაში ჰუგომ გაიმარჯვა ლოტარინგიის ჰერცოგზე და ტახტი დაიკავა. რადგან ძალაუფლება პაპის გარეშე ჩაიგდო ხელთ, გადაწყვიტა, საეკლესიო საქმეებიც მის გარეშე მოეგვარებინა: მოიწვია კრება, რომელმაც ჩამოაგდო მეფისთვის არასასურველი არქიეპისკოპოსი და მის ადგილას დანიშნა მაშინდელი ცნობილი მეცნიერი ჰერბერტი. ამ კრებაზე ბევრმა გაკიცხა პაპი. გალიის ეპისკოპოსებმა, ჰერბერტისა და ორლეანის არქიეპისკოპოსის მეთაურობით, თამამად და გადაჭრით უარყვეს პაპის მოთხოვნა, ყოფილიყო მსოფლიოს განმგებელი.

– ნუთუ, ეკლესიის ყველა კანონი და დადგენილება შეიძლება დაარღვიოს და თვითნებურად შეცვალოს ერთმა პიროვნებამ?! – კითხულობდნენ ისინი.

ორლეანის არქიეპისკოპოსმა კრებას მიუთითა მთელ იმ გარყვნილებასა და უწესობაზე, რასაც უკანასკნელი პაპების დროს ჰქონდა ადგილი, და შესძახა:

– ნუთუ ასეთ გარყვნილ ურჩხულებს, საღვთო რჯულის ასეთ უმეცრებს უნდა მორჩილებდეს მსოფლიოს ყველა მღვდელი, მათ შორის ცოდნით, წმინდა და უმწიკვლო ცხოვრებით გამორჩეულნი?! ვინ არის ეს ოქროსა და ძოწეულში ჩაფლული, ამაღლებულ ტახტზე მჯდომი?! თუ მას სიყვარული არ გააჩნია და მარტო ცოდნით ქედმაღლობს, მაშინ ღვთის ტაძარში მჯდომი ანტიქრისტე ყოფილა. თუ არც სიყვარული აქვს და არც ცოდნა, მაშინ იგი მუნჯი კერპია ღვთის ტაძარში. მას დაელაპარაკო, ეს იგივეა, რომ ქვას რაიმე სთხოვო! იქნებ სჯობდეს, რჩევისთვის მივმართოთ სხვა ქვეყნებს, სადაც ბევრმა ღირსეულმა ეპისკოპოსმა ნამდვილად იცის ღვთის სიტყვა, განსხვავებით რომისგან, სადაც განისჯებიან არა სიმართლით, არამედ ოქროს ოდენობის მიხედვით?!

როდესაც პაპმა მომხდარის შესახებ შეიტყო, კრების გადაწყვეტილებანი გაუქმებულად გამოაცხადა, ყველა მონაწილე ეპისკოპოსს მღვდელმოქმედება აუკრძალა და საფრანგეთში თავისი ლეგატი გაგზავნა დამხობილი არნულფის აღსადგენად. დიდხანს და უტეხად იცავდა ჰერბერტი გალიის ეკლესიის უფლებებსა და თავისუფლებას; საერო და სასულიერო ხელისუფალთადმი მიწერილ წერილებში იგი ასაბუთებდა პაპის მოთხოვნების უსაფუძვლობას; აკრძალვის მიუხედავად განაგრძობდა მღვდელმოქმედებას, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, დაეთმო. პაპის სიტყვებს ისეთი ძალა ჰქონდა, რომ ხალხს არ სურდა მათი დარღვევა და ჰერბერტის მიერ აღსრულებულ ღვთისმსახურებას აღარ ესწრებოდა. მას, ვისაც აქამდე დიდ პატივს სცემდნენ, ახლა გაურბოდნენ, თითქოს შავი ჭირით ყოფილიყოს დაავადებული. ჰერბერტს სხვა გზა აღარ დარჩა – მან წოდება ჩამოგდებულ ეპისკოპოსს დაუთმო; თავად საფრანგეთის მეფეც შეურიგდა პაპს, რომელიც მას ანათემით ემუქრებოდა, და ყველა მისი მოთხოვნა შეასრულა.

ზემოხსენებული ჰერბერტი, იმპერატორ ოტონ III მოძღვარი, მოგვიანებით, 999 წელს, თავად გახდა პაპი და ეწოდა სილვესტრ II. მისი მმართველობა ხანმოკლე გამოდგა; არც ის ჩანს, დარჩა თუ არა საქმით ერთგული იმ მოსაზრებებისა, რასაც თავის დაწინაურებამდე გამოთქვამდა. ცნობილია, რომ მან პირველმა მიაქცია ყურადღება პალესტინის მძიმე ყოფას ურჯულოთა უღელქვეშ და იერუსალიმის სახელით დაწერა ეპისტოლე, სადაც ქრისტიანებს მოუწოდებდა, წმინდა მიწის გათავისუფლებისთვის ებრძოლათ.

ოტონ III სიკვდილის შემდეგ, რომელზეც დიდად იყო დამოკიდებული პაპების არჩევა, იტალიურმა ფრთამ ხელახლა მიისაკუთრა ძალაუფლება, პაპის ტახტს ისევ დაეპატრონა ბევრი უღირსი პიროვნება. ერთ-ერთი მათგანი, იოანე XIX, აღმოსავლეთის იმპერატორს გაურიგდა, რომ გარკვეულ საფასურად უარს იტყოდა პაპის ტახტის პრივილეგიების მოთხოვნაზე და აღიარებდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ისეთსავე უფლებებს აღმოსავლეთში, როგორითაც თავად სარგებლობდა დასავლეთში. ფასზეც შეთანხმდნენ, მაგრამ საქმე გახმაურდა და დასავლეთში აფეთქებულმა საერთო აღშფოთებამ ისინი აიძულა, შეეწყვიტათ მოლაპარაკებები.

ერთმა პაპმა კი ნამდვილად გაყიდა ტახტი – ეს იყო თეოფილაქტე, რომელიც ტახტზე 12 წლის ასაკში აიყვანეს ბენედიქტე IX სახელით. ამდენ უღირსთა შორის იგი იყო ერთ-ერთი ყველაზე უზნეო და უგარყვნილესი პაპი, რომელიც, მართალია, რომიდან განდევნეს და შეცვალეს სილვესტრ III (1045 წ.), მაგრამ ისევ მოახერხა პაპის ტახტის დაბრუნება გერმანიის იმპერატორ ჰენრიხ III (1039-1056 წწ.) დახმარებით. როდესაც მიხვდა, რომ ყველასგან მოძულებულს წოდების შენარჩუნება გაუჭირდებოდა, გადაწყვიტა, დიდ საფასურად გაეყიდა იგი. მყიდველიც გამოჩნდა – მღვდელი იოანე გრაციანე გახდა პაპი გრიგოლ VI. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ბენედიქტე IX ვერ ელეოდა ტახტს და ფულის მითვისებაც ეწადა. ამ არეულობის ფონზე ერთდროულად გამოჩნდა სამი პაპი: ბენედიქტე, სილვესტრი და გრიგოლი, რომელთაგან თითოეულს თავისი მომხრეები ჰყავდა. ბოლოს საქმე მოაგვარა გერმანიის იმპერატორმა ჰენრიხ III თავის ჯართან ერთად. მან პაპობის ყველა პრეტენდენტი მოაშორა ტახტს და კრება აიძულა, ეს პატივი გერმანელს, ბამბერგის ეპისკოპოსს, კლიმენტი II რგებოდა.

ჰენრიხ III მოთხოვნით კვლავ გამეორებულ იქნა არაერთგზის მიცემული და ასე ხშირად დარღვეული დაპირება – არ აერჩიათ პაპი იმპერატორის თანხმობის გარეშე. ამჯერად გერმანიის იმპერატორის სურვილით აირჩიეს კლემენტი II მემკვიდრენი: ლეონ IX, ვიქტორ II, სტეფანე IX, ნიკოლოზ II. ისინი პატიოსანი ადამიანები იყვნენ და კეთილსინდისიერად ცდილობდნენ სასულიერო დასის ზნეობრივ გამოსწორებას. დაიწყო რეფორმატორული მოძრაობა იტალიაში ღრმად ფესვებგადგმული საშინელი ბოროტების – „სიმონიის“ აღმოსაფხვრელად. მკითხველისთვის ცნობილია, რომ ასე ეწოდებოდა საეკლესიო ხარისხთა გაყიდვის პრაქტიკას. ეს ტერმინი უკავშირდება სიმონ მოგვის სახელს, რომელმაც მოციქულებს საფასური შესთავაზა სულიწმიდის ნიჭთა მისაღებად.

ახლა მთელი ძალისხმევა იქით იყო მიმართული, რომ სასულიერო პირთა შორის ამოძირკვულიყო დასავლეთის საქრისტიანოს დედაქალაქისთვის ნიშანდობლივი სამარცხვინო გარყვნილება და გამკაცრებულიყო ზნეობრივი მოთხოვნები. რეფორმატორულ მოძრაობას, გარდა პაპებისა, სათავეში ედგნენ კარდინალი დამიანე და ჰილდებრანდი, კლიუნის მონასტრის აბატი. ეს უკანასკნელი იყო ამ წამოწყების სული და გული.

ნებისყოფითა და გონიერებით დაჯილდოებული ჰილდებრანდი უკანასკნელი პაპების დროს ყველა საეკლესიო საქმეს განაგებდა. მას მთავარ მიზნად მიაჩნდა სამარცხვინო „სიმონიის“ აღმოფხვრა და სასულიერო დასის ზნეობრივი გაჯანსაღება; სრულად იზიარებდა რა ცრუ-ისიდორეს დეკრეტალიებში გამოთქმულ შეხედულებებს, მიიჩნევდა, რომ სასულიერო პირებს უპირატესობა ღვთისგან აქვთ მინიჭებული, ამიტომაც ისინი ერისკაცთაგან უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი ზნეობითა და ცხოვრების მკაცრი წესით. ჰილდებრანდი დაუნდობლად ებრძოდა საეკლესიო ხარისხებით სამარცხვინო ვაჭრობას და იმავდროულად მთელი ძალით იცავდა კლირიკოსთა უქორწინებლობას. ამ თავგამოდების შედეგად დასავლეთში უკვე ბევრმა კრებამ აუკრძალა სასულიერო პირებს ცოლის შერთვა. მაგრამ ეს წესი გამუდმებით ირღვეოდა და შეუვალ კანონად ვერ მკვიდრდებოდა. ზოგიერთი იტალიელი ეპისკოპოსი, მაგალითად, ტურინის მღვდელთმთავარი ხელს უწყობდა ქვეშევრდომი კლირიკოსების ქორწინებას. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ცოლიანი მღვდელი უფრო იოლად და სუფთად დაიცავდა ზნეობას, რითაც კეთილ მაგალითს მისცემდა მრევლს, ვიდრე უცოლო.

საერთოდ, უმაღლეს იერარქიას რამდენადმე ეშინოდა ამ საკითხზე მსჯელობის წამოწყება, რათა კიდევ მეტად არ ახდოდა ფარდა იტალიის სასულიერო დასის უზნეობას, რომელმაც ისედაც თითქმის დაკარგა ხალხის პატივისცემა. მაგრამ ახალმა ფრთამ, რომელსაც სათავეში ედგნენ ჰილდებრანდი და დამიანე, მკაცრ, გადამჭრელ ზომებს მიმართა. „სიმონიის“ მოსპობის ერთ-ერთ საშუალებად მათ კლირიკოსთა უქორწინებლობა (ცელიბატი) მიაჩნდათ; ფიქრობდნენ, რომ დაოჯახებულთათვის ძნელი იყო, არ ეზრუნათ რაიმეს შეძენასა და შემოსავლებზე. სასულიერო პირთა ქორწინებას, როგორც ერესს, ისე დაუწყეს დევნა. ერისკაცებს ეკრძალებოდათ ცოლიანი მღვდლის მიერ ჩატარებულ ღვთისმსახურებაზე დასწრება, მისი ხელიდან ზიარების მიღება. ზოგან ამის გამო სახალხო მღელვარებაც დაიწყო.

“სიმონიის“ ხშირი მიზეზი იყო საეკლესიო საქმეებში ჩარევა საერო ხელისუფლებისა, რომელიც განაგებდა საეკლესიო თანამდებობებს და დაუფარავად ყიდდა მათ; ამგვარი მოპყრობა კი მიუღებელი იყო, რადგან სასულიერო დასს, დეკრეტალიების მიხედვით, ეკუთვნოდა მაღალი, დამოუკიდებელი მდგომარეობა. ჰილდებრანდს სურდა, ზნეობრივად აემაღლებინა მღვდელმსახურნი და სრულიად გაეთავისუფლებინა საერო მეთვალყურეობისაგან; რომ თავად ეკლესიას (ანუ სასულიერო დასს, რაც დასავლეთში დამკვიდრებული ცნების თანახმად, ეკლესიასთან იგივდებოდა) ჰქონოდა საშუალება, საეკლესიო თანამდებობებზე თავისუფლად აერჩია მათგანვე ღირსეულად მიჩნეული ადამიანები.

თუმცა ცოტა ხნის წინ რომაელებმა კიდევ ერთხელ დადეს აღთქმა, არ აერჩიათ პაპი იმპერატორთან შეუთანხმებლად, მაგრამ ჰილდებრანდის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ პაპი ლეონ IX, რომელმაც საერო ხელისუფლებისგან მიიღო ხარისხი, დაითანხმა, ეკლესიას ხელახლა აერჩია იგი.

შემდგომ, ჰილდებრანდის გავლენით პაპმა ნიკოლოზ II გამოსცა ახალი დადგენილება, რომლის თანახმად, პაპი უნდა აერჩია არა ხალხს, არა სახელმწიფოს წარჩინებულ მოქალაქეებს, არამედ ეკლესიის უმაღლეს მოხელეებს – კარდინალებს.[1] მათი არჩევანი შემდგომ თანხმობით უნდა დაედასტურებინათ დანარჩენ სასულიერო დასს, ერსა და იმპერატორს (ეს იმ შემთხვევაში, „თუ იმპერატორს რომის ტახტისგან ჰქონდა მიღებული თავისი ხელისუფლება“). მოგვიანებით დადგინდა, რომ პაპიც კარდინალთა წრიდან აერჩიათ.

ამრიგად, ნაბიჯ-ნაბიჯ, რა თქმა უნდა, ბრძოლითა და დაბრკოლებათა გადალახვით, პაპობა სულ უფრო უახლოვდებოდა პატივისა და დამოუკიდებლობის იდეალს, რასაც მას ცრუისიდორეს დეკრეტალიები უსახავდა. ამ დიდებას სრულად მიაღწია ნიკოლოზ I მემკვიდრემ, ჰილდებრანდმა, როდესაც იგი 1073 წელს პაპი გრიგოლ VII გახდა.

 

[1] ასე იწოდებოდნენ საკათედრო ტაძრების მთავარი მღვდლები და დიაკვნები ჯერ კიდევ პაპ გრიგოლ I-ის დროიდან. მათ ევალებოდათ დანარჩენ სასულიერო პირებზე მეთვალყურეობა. XI საუკუნეში კარდინალებად იწოდებოდნენ პაპის ვიკარიუსები, ანუ მოადგილე ეპისკოპოსები, რომლებიც მის მაგიერ ყოველ კვირას ატარებდნენ ღვთისმსახურებას. თავდაპირველად ისინი შვიდნი იყვნენ: ოსტიის, პორტოს, წმინდა რუფინას, ალბას, საბინას, ტუსკულუმისა და პრეპესტას ეპისკოპოსები. პირველი მათგანი ადგენდა პაპს. თანდათან კარდინალთა რიცხვი გაიზარდა, ისინი იერარქიულობის წესით გაიყვნენ კარდინალ-ეპისკოპოსებად, კარდინალ-პრესვიტერებად და კარდინალ-დიაკვნებად. პაპი მათგან ირჩევდა ლეგატებს, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში აგზავნიდა გარკვეული დავალების შესასრულებლად.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა