martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 64

ქრისტიანული ეკლესია სკანდინავიის ქვეყნებში.

 

რაც შეეხება ჩრდილოეთის სხვა ქვეყნებს: დანიას, შვეციასა და ნორვეგიას, იქაც შეუპოვარი ბრძოლა მიმდინარეობდა ქრისტიანობასა და წარმართობას შორის. მიუხედავად ანსგარის თავდაუზოგავი შრომისა, მის შემდგომ კიდევ ასორმოცდაათ წელიწადს ბატონობდა კერპთაყვანისმცემლობა, თუმცა ხშირი იყო გაქრისტიანების შემთხვევებიც. არც ანსგარის მემკვიდრეებს, რიმბერტსა და უნის შეუწყვეტიათ აქ მოღვაწეობა.

IX-X საუკუნეებში ზღვისპირეთის ყველა ქვეყანას ეშინოდა ნორმანებისა, რომლებიც ყაჩაღურად ესხმოდნენ თავს და ანადგურებდნენ მთელ ოლქებს, იპყრობდნენ ქალაქებს, ზოგჯერ სახელმწიფოებსაც კი. ქრისტიანებთან ურთიერთობის შედეგად ნორმანებიც ხშირად ქრისტიანდებოდნენ. ასე მოიქცა როლონი, ნორმანთა მეთაური, რომელმაც დაიკავა შემდგომში ნორმანდიის სახელით ცნობილი საფრანგეთის ერთ-ერთი ოლქი. უამრავი საფრთხე და მოულოდნელობა, რასაც ნორმანები თავიანთი დაუდგრომელი ცხოვრების გზაზე აწყდებოდნენ, განაწყობდა მათ, ერწმუნათ უზენაესი არსება, რომლის ხელთაც იყო მათი სიკვდილ-სიცოცხლე. ისინი თანდათანობით რწმუნდებოდნენ, რომ ქრისტიანთა ღმერთს მეტად ძალუძს თავის მსახურთა დაცვა და გადარჩენა, ვიდრე იმ კერპებს, რომლებსაც ეთაყვანებოდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ. თავიდან ნორმანებს წინაპართა სარწმუნოებაზე უარი არ უთქვამთ – ქრისტე მიაკუთვნეს ღვთაებათა დასს, სანამ სრულად არ დარწმუნდნენ მამა-პაპათა სარწმუნოების სიყალბეში. ასე თანდათან ვრცელდებოდა ქრისტიანობა ნორმანებში და მათ მიერ დაპყრობილ მიწებზე.

ანსგარისა და მისი მემკვიდრეების დროს დანიის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი გაქრისტიანდა. X საუკუნის დასაწყისში დიდად გაძლიერდა დანიელთა მეფე ჰორმი (899-936 წწ.), რომელსაც სძულდა ქრისტიანობა. მან საქსები დაამარცხა, დაუკავშირდა წარმართ ობოტრიტებს და ყველგან ცდილობდა ახალი სარწმუნოების ჩახშობას. სხვაგვარად მოქმედებდა მისი ძე ჰარალდ ბლატანდი (950-986 წწ.), რომელიც დედამ ქრისტიანად აღზარდა. იგი ცდილობდა წარმართობის აღმოფხვრასა და ქრისტიანობის დამკვიდრებას, თუმცა ამისთვის ისეთივე მკაცრ მეთოდებს იყენებდა, როგორსაც მამამისი.

ამან ხალხი სიძულვილით განაწყო ახალი სარწმუნოებისადმი, რამაც ამბოხსა და არეულობებს დაუდო სათავე. ბოლოს ძლიერმა წარმართულმა ფრთამ ჰარალდის ძის, სვენდის (986-1014 წწ.) მეთაურობით, ძალაუფლება ხელთ იგდო. თვითონ ჰარალდი ბრძოლაში დაეცა 991 წელს და წარმართობა ისევ აღზევდა, თუმცა მცირე ხნით. მეფე სვენდის წინამძღოლობით დანიელებმა დაიკავეს ინგლისი და დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები. სვენდი დიდხანს არ დამტკბარა თავისი გამარჯვებით. იგი გარდაიცვალა ინგლისის ტახტზე ასვლიდან ერთი თვის შემდგომ. როგორც ისტორიკოსები გადმოგვცემენ, სიკვდილის წინ მან შეინანა ქრისტიანობისაგან განდგომა. მისი ძე კნუდ I დიდი (1018-1035 წწ.), რომელმაც თავისი მმართველობის ქვეშ გააერთიანა ინგლისი, დანია და ნორვეგია, სიკვდილამდე ზრუნავდა ქრისტიანობის დასამკვიდრებლად.

დაახლოებით იმავე პერიოდში მოიკიდა ფეხი ქრისტიანობამ შვეციაშიც. XI საუკუნის დასაწყისში მეფე ოლაფმა (1017-1033 წწ.) ინგლისიდან მიიწვია მახარებლები. მათი ერთგული მოღვაწეობის მიუხედავად, მაინც ძალიან ძლიერი იყო წარმართობა, რომელთა მთავარი ტაძარი უპსალაში მდებარეობდა. როდესაც მეფემ მისი დანგრევა მოინდომა, წარმართებმა სთხოვეს – აერჩია სახელმწიფოს საუკეთესო ნაწილი, იქ ეშენებინა ტაძრები და გაევრცელებინა ქრისტიანობა, მათთვის კი ხელი არ შეეშალა, რათა თაყვანი ეცათ თავიანთი ღმერთებისა და სალოცავებისთვის. მეფე დათანხმდა – სამეფოს დასავლეთ მხარეში, სკარში, პირველი ეპარქია დააარსა და ეპისკოპოსად ინგლისელი მიიწვია.

მისი მემკვიდრის დროს ქრისტიანობა სწრაფად გავრცელდა. წარმატება უფრო თვალსაჩინო იქნებოდა, ხელი რომ არ შეეშალა ბრემენის პატივმოყვარე არქიეპისკოპოს ადალბერტს, რომელიც ჩრდილოეთის პატრიარქის ტიტულზე ოცნებობდა და შვეციისგან მორჩილებას ითხოვდა. ამგვარი მოპყრობა შვედებში ამძაფრებდა თავისუფლების სულს და აძლიერებდა წარმართულ დაჯგუფებას.

ზემოხსენებული მემატიანე ადამ ბრემენელი შენიშნავს, რომ ერი კეთილგანწყობით უსმენდა სათნო ცხოვრებით გამორჩეულ მახარებლებს, მაგრამ მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომელთაც არ აინტერესებდათ, ახალმოქცეულები ჭეშმარიტ სიკეთეს შეიცნობდნენ თუ არა და რწმენას უკარგავდნენ თავისი ანგარებისმოყვარებით.

X საუკუნეში ნორვეგიაში ქრისტიანობის გავრცელებაზე ზრუნავდა უფლისწული ჰაკონი. იგი აღიზარდა ინგლისში, ღვთისმოსავი მეფის – ეთელსტანის კარზე. როდესაც ხალხმა ნორვეგიის მეფედ აირჩია, მან ტახტზე ასვლისთანავე მოისურვა კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვა. მაგრამ მის პირველ მცდელობას საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა, ამიტომ უკან დაიხია, დამალა თავისი სარწმუნოება და დათანხმდა კიდეც, მონაწილეობა მიეღო სახალხო, წარმართულ რიტუალებში. ჰაკონს ამგვარი ორგულობის გამო სინდისი არ ასვენებდა; მან რამდენჯერმე განაახლა თავისი მცდელობა, თუმცა კვლავ უშედეგოდ. ჰაკონმა მხოლოდ რამდენიმე ახლობელი გააქრისტიანა, სამაგიეროდ, დაკარგა ქვეშევრდომთა სიყვარული, რომლებიც ხედავდნენ, რომ მეფე თვალთმაქცობდა და იძულებით ასრულებდა წარმართულ ტრადიციებს.

მტრების შემოსევამ ჰაკონ კეთილი, როგორც მას უწოდებდნენ, და ერი შეარიგა და სამშობლოს დასაცავად გააერთიანა. ბრძოლაში დაჭრილმა მეფემ აღთქმა დადო, რომ გამოჯანმრთელების შემთხვევაში მიატოვებდა სამეფოს, წავიდოდა ქრისტიანულ მიწაზე და ცხოვრებას ლოცვასა და სინანულში გალევდა. მაგრამ იგი ჭრილობისგან გარდაიცვალა. მამულისთვის ბრძოლაში მეფის გმირულმა აღსასრულმა მის უბოროტეს მტრებსაც კი მოულბო გული – იგი ყველამ გულწრფელად იგლოვა. ჰაკონის ხსოვნამ ბევრი კეთილად განაწყო იმ სარწმუნოებისადმი, რომლის გასავრცელებლადაც მეფე ასე ზრუნავდა. მაგრამ წარმართულმა დაჯგუფებამ კიდევ დიდხანს შეინარჩუნა ძლიერება. ხოლო ზოგიერთი მმართველის მიერ კერპთაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული სასტიკი მეთოდები მხოლოდ ხალხს აბოროტებდა და ჭეშმარიტების გავრცელებას აბრკოლებდა.

ასეთ მკაცრ ზომებს მიმართა დანიის მეფე ჰარალდმა, როდესაც 967 წელს მცირე ხნით დაიპყრო ნორვეგია. მისმა სიმკაცრემ ხალხი აღაშფოთა, რითაც ისარგებლა ერთ-ერთმა იქაურმა მეთაურმა იარლ ჰაკონმა და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. იმ მღელვარე დროს ხელისუფლების მითვისება უფრო იოლი იყო, ვიდრე შენარჩუნება. ყოველი მხრიდან ჩნდებოდნენ მამაცი და თავზეხელაღებული, ტახტის მაძიებელი ნორმანი მეთაურები. მალე ერთი ასეთი დიდებისმოყვარეც მოევლინა ქვეყანას. ეს იყო ოლაფ ტრიუგვასონი (995-1000 წწ.).

ბობოქარმა და ცვალებადმა ცხოვრებამ ტრიუგვასონი ხან ინგლისში გადაისროლა, ხან საბერძნეთში, ხანაც ჩრდილოეთ გერმანიაში. ოლაფი ერთხანს რუსეთშიც (მთავარი ვლადიმირის დროს) ცხოვრობდა. როდესაც ქრისტიანობას გაეცნო და დარწმუნდა, რომ ქრისტიანთა ღმერთი ოდინსა და თორზე ძლიერია, მოინათლა და მტკიცედ დაისახა ორი მიზანი: ნორვეგიის ტახტის ხელში ჩაგდება და წარმართული კერპთაყვანისმცემლობის ამოძირკვა. ნორვეგიის დაპყრობა მისთვის იოლი გამოდგა იარლ ჰაკონისადმი საყოველთაო სიძულვილის ფონზე, მაგრამ ქრისტიანობის დამკვირდება ერთობ გაუძნელდა. ოლაფმა სახალხო კრებას აუხსნა, რომ ერისგან იგი ითხოვდა თავისუფალი ადამიანებისთვის ღირსეულ ქვეშევრდომობას; სთავაზობდა, დამორჩილებოდნენ ყოვლისშემძლე ღმერთს, ცისა და მიწის შემოქმედს, რომელსაც თავად სცემდა თაყვანს; რომელიც ერთგულ მსახურებს, სახიერების გამო, თავისი მხოლოდშობილი ძის ძმებად და ზეციური სასუფევლის თანამემკვიდრეებად გახდიდა. მაგრამ ოლაფის შეგონებებს ყური არავინ ათხოვა, მეფემაც დაიწყო ბომონების ნგრევა და ქვეშევრდომთა იძულება, მონათლულიყვნენ. დაახლოებით 1000 წელს იგი მოკლეს შვედებთან და დანიელებთან ბრძოლაში.

რამდენიმე წლის განმავლობაში ნორვეგიას უცხო ხელისუფალნი მართავდნენ, რომლებსაც აღმსარებლობის საკითხი დიდად არ აინტერესებდათ. ამ პერიოდში ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურება, ასევე არავინ ავიწროებდა წარმართებსაც და მათაც, ვინც ეთაყვანებოდა როგორც ქრისტეს, ისე ოდინსაც და თორსაც. 1017 წელს ნორვეგიაში გამეფდა ოლაფ ჰარალდსონი (1015-1028 წწ.), რომელმაც ინგლისიდან ჩამოიყვანა ეპისკოპოსი და მღვდლები. მანვე ქრისტიანობის დასამკვიდრებლად გამოიყენა გადამჭრელი და უმკაცრესი მეთოდები – მიმართავდა ხალხის წამებას, სიკვდილით დასჯას, ქონების ჩამორთმევას. ბევრი შიშის გამო ინათლებოდა. სამაგიეროდ, ფარულად იცავდა ძველ სარწმუნოებას და აღასრულებდა რიტუალებს. დროდადრო ხალხში მძაფრდებოდა ძველი კერპთაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობა, რასაც მღელვარება მოსდევდა.

ერთხელ, საშინელი შიმშილობის დროს, ახალმოქცეულებმა ჩათვალეს, რომ ისჯებოდნენ მამა-პაპათა ღმერთებისგან განდგომისთვის, აღადგინეს მრავალი დანგრეული ბომონი და დაიწყეს მსხვერპლშეწირვა ოდინის სახელზე. როდესაც ეს ოლაფს შეატყობინეს, მან მოიარა მთელი ქვეყანა, დაარბია წარმართული შეკრებები, დასაჯა ურჩნი და აღდგენილი ბომონების ადგილებზე ეკლესიები დააფუძნა. გადმოგვცემენ, რომ ერთხელ მოულოდნელად დაადგა თავზე ხალხმრავალ შეკრებას მთავარ ჰუდბრანდის მეთაურობით, რომელიც ხალხში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იგი ერს ოლაფის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა და „დიდი ღმერთის“ – თორის შემწეობას ჰპირდებოდა. იქვე მიეტანათ თორის ოქრო-ვერცხლით შემკული უზარმაზარი კერპი, რომელსაც მოწიწებით შემორტყმოდნენ წარმართები და ჰუდბრანდის სიტყვებს უსმენდნენ. სწორედ ამ დროს მათ მიუახლოვდა მეფე ოლაფიც თავის რაინდებთან ერთად.

– სად არის ქრისტიანთა ღმერთის ძლიერება? სად არის თავად ეს ღმერთი, რომელიც არავის არასდროს უნახავს? აი, ჩვენ კი გვყავს ხილული ღმერთი, დიდი თორი, რომლის წინაშეც ყველა უნდა ძრწოდეს, – რიხიანად ამბობდა ჰუდბრანდი.

მეფემ ნიშანი მისცა თავის ერთ-ერთ თანმხლებს, რომელიც სიმაღლითა და ძალით გამოირჩეოდა, და მანაც ერთი დარტყმით გადააყირავა და დაამსხვრია კერპი. იქიდან ამოცვივდნენ ვირთხები და ამოძვრნენ ქვეწარმავლები – გველები და ხვლიკები. ამის მხილველმა ხალხმა ძველი სალოცავის მიმართ რწმენა დაკარგა.

მაგრამ ხალხს არ უყვარდა ოლაფი. ამ საყოველთაო უარყოფითმა განწყობამ გაუადვილა დანიის მეფე კნუდ დიდს ნორვეგიის დაპყრობა. ოლაფი იძულებული გახდა, უცხოეთში ეძებნა თავშესაფარი. იგი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში მთავარ იაროსლავის კარზე; 1033 წელს რუსეთში დატოვა თავისი ვაჟი მაგნუსი, თავად კი სამშობლოში დაბრუნდა, რათა იგი კნუდისთვის წაერთმია. მის ლაშქარში მხოლოდ ქრისტიანები იყვნენ – ფარებსა და მუზარადებზე მათ ჯვრები ჰქონდათ გამოსახული. ბრძოლაში ოლაფი დაიღუპა. ხალხმა მას სიკვდილის შემდგომ მიაგო პატივი, როგორც მოწამეს. როდესაც ტახტზე მისი ვაჟი მაგნუსი ავიდა, მან ტაძარი ააგო წმინდა ოლაფის სახელზე, სადაც მეფის ნეშტს მიაგებდნენ პატივს. მისი ხსენების დღეა 29 ივლისი.

XI საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპის ჩრდილოეთში ქრისტიანობამ სწრაფად იწყო გავრცელება. თანდათანობით შეწყდა საბრძოლო და ყაჩაღური თავდასხმები, რითაც სახელი გაითქვეს დანიელმა და ნორმანმა მეთაურებმა, აგრეთვე გულადმა ვიკინგებმა ანუ „ზღვის მეფეებმა“, როგორც მათ ისტორია უწოდებს. „ქრისტიანული განათლების წყალობით მათ შეუყვარდათ მშვიდობა და ისწავლეს, როგორ დასჯერებოდნენ მცირედს“ – წერს ჩრდილოეთის ქვეყნების მემატიანე ადამ ბრემენელი.

კუნძული ისლანდია IX საუკუნის შუა წლებში ნორმანებმა დაიკავეს და თავიანთი კოლონია დააარსეს. გადმოცემა გვაუწყებს, რომ მისულებმა იქ აღმოაჩინეს კვალი ქრისტიანული სარწმუნოებისა, რომელიც მოშურნე ირლანდიელმა მახარებლებმა გაავრცელეს შორეულ ჩრდილოეთში. მოთარეშე წარმართების მმართველობამ კი იგი თანდათანობით ჩაკლა.

X საუკუნის შუა წლებში ჭეშმარიტი სარწმუნოებით განათლებულმა, წარსულში ცნობილმა ნორმანმა ავაზაკმა ტორვალდმა, სათავე დაუდო ახალ მქადაგებლობით საქმიანობას. ჯერ კიდევ წარმართად ყოფნის დროს იგი უპოვართა მიმართ თანაგრძნობას ამჟღავნებდა და ნაძარცვს ღარიბთა დასახმარებლად და ტყვეთა გამოსასყიდად ხარჯავდა. ერთხელ გერმანიაში იგი შეხვდა მოშურნე ეპისკოპოსს, ფრიდრიხს, რომელმაც ჭეშმარიტი სარწმუნოება ასწავლა. ტორვალდმა თავადაც გულწრფელად ირწმუნა და თავისი სამშობლოს გაქრისტიანებაც მოისურვა; ფრიდრიხი დაარწმუნა და მასთან ერთად გაემგზავრა ისლანდიაში. მათ მოღვაწეობას დიდი წარმატება არ მოჰყოლია. წარმართები კვლავ სდევნიდნენ ახალმოქცეულებს; სკალდები (სახალხო მომღერლები) ქრისტიანული სწავლების განმაქიქებებელ სიმღერებს თხზავდნენ. ისლანდიელთა უმრავლესობა კვლავ ძველ სარწმუნოებას იცავდა; მათ დაწვეს პირველი ქრისტიანული ტაძარი. მრავალი უშედეგო მცდელობის შემდეგ ტორვალდი იძულებული გახდა, დაეტოვებინა კუნძული.

ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა მოღვაწეობა ოლაფ ნორვეგიელისა, რომელიც X საუკუნის დასასრულს ისლანდიის მოქცევას შეეცადა. თანამემამულეთაგან დევნილი ახალმოქცეულები ხშირად იძულებულნი ხდებოდნენ, კუნძულს გასცლოდნენ და თავშესაფარი ნორვეგიაში ეძებნათ. მრავალი წლის შემდეგ გაქცეულთაგან ორი, როგორც მახარებელი, დაბრუნდა სამშობლოში და თან ჩაიყვანა მღვდლები. დაახლოებით XI საუკუნის შუა წლებში დაარსდა პირველი საეპისკოპოსო სკალჰოლმში. ადგილობრივმა მღვდლებმა, რომლებმაც მოსახლეობის პატივისცემა დაიმსახურეს, თანდათანობით ამოძირკვეს წარმართული წეს-ჩვეულებები, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ახალმოქცეულებიც კი იცავდნენ. XII საუკუნეში ადამ ბრემენელი ქებით იხსენიებს ისლანდიელ ქრისტიანებს, მათ მოკრძალებულ ყოფას, სტუმართმოყვარებასა და ურთიერთსიყვარულს.

ჩრდილოეთის კუნძულებს – ორკადასა და ფერას – მახარებლები მეფე ოლაფ ტრიუგვასონმა გაუგზავნა. კუნძულ გრენლანდიას ნორვეგიელი მახარებლები ეწვივნენ. ხოლო XI საუკუნის შუა წლებში იქ ბრემენელმა მღვდელთმთავარმა ადალბერტმა ეპისკოპოსი მიავლინა.

ყველგან ერთი და იგივე, თანაც მსგავსი თანმიმდევრობით მეორდებოდა: პირველი მქადაგებლების უდიდესი ძალისხმევა, შედეგად ხალხის გაღიზიანება, წარმართობის ჯიუტად დაცვა და მახარებელთა განდევნა. მაგრამ ნელ-ნელა მაინც მკვიდრდებოდა ქრისტეს სწავლება, რომელიც თავისთავად იწყებდა მოქმედებას მოქცეულთა გულებში და მათი საშუალებით სხვებსაც იზიდავდა.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა