martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 62

სლავების გაქრისტიანება. კირილე და მეთოდე და მათი მოწაფენი.

 

V-VI საუკუნეებიდან სლავები სულ უფრო ხშირად იხსენიებიან ქრონიკებში. მათი ზოგი ტომი დასახლდა ილირიასა და ძველი საბერძნეთის ნაწილში, ზოგნი, გერმანელთა ჩაგვრისგან ატილას მიერ გათავისუფლებულნი, ფართოდ მოედვნენ გერმანიას, დასახლდნენ ბალტიისპირეთში, ელბის (ლაბის) ჩრდილოეთ მხარეში, ახლანდელი გოლშტინიისა და მეკლენბურგის ნაწილში, განეფინენ დუნაის ნაპირებზე – ბავარიიდან და ტიროლიდან დაწყებული შავ ზღვამდე. საბერძნეთში ძველთაგანვე მკვიდრობდა მრავალი სლავი, რომლებიც დროთა განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეერივნენ. იმპერატორებმა ჰერაკლემ და მავრიკიოსმა სლავები მიიწვიეს ზოგიერთ ოლქში, სადაც მოსახლეობა ეპიდემიამ თითქმის გაწყვიტა. მათ დაიკავეს თრაკია, მაკედონია, თესალია, პელოპონესი, ილირია, დალმაცია და მდინარე სავასა და ადრიატიკის ზღვას შორის მდებარე ტერიტორიები.

თავდაპირველად მშვიდობიანი ახალმოშენეები და ხარკის თვინიერად გადამხდელნი, ხელისუფლებაზე დამოკიდებული სლავები იმპერიის დასუსტებასთან ერთად თანდათანობით მის მრისხანე და სახიფათო მეზობლებად გადაიქცნენ. უკვე VII საუკუნის ბოლოს ბულგარელებმა, ასპარუხის მეთაურობით, დამოუკიდებელი სამთავრო დააარსეს, რომელიც თანდათან განივრცო და გაძლიერდა. იგი იმპერიის ჩრდილო ნაწილის მყუდროებას არღვევდა და კონსტანტინოპოლსაც არაერთხელ დაემუქრა. პელოპონესი სრულად დაიკავეს სლავებმა ავარებთან ერთად. ილირიაში მცხოვრები სერბები და ხორვატები გამოეყვნენ ბიზანტიას და IX საუკუნის დასაწყისში ნაწილობრივ ფრანკთა ბატონობის ქვეშ მოექცნენ. პანონიაში, სადაც კარლოს დიდმა შემუსრა ავარების ბატონობა, აგრეთვე ბოპემიაში – დუნაის მარცხენა ნაპირზე – IX საუკუნეში გაძლიერდა მორავიელებისა და ჩეხების სლავური ტომი. მათი ენა ძალზე ჰგავდა დნეპრის, ბუგის, ვისლის, დვინის, დესნის, ოკას, ვოლგისა და ტბა ილმენის ნაპირებზე მცხოვრები სლავების ენებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი და ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა არც ჰქონიათ.

ცოტა რამ არის ცნობილი სლავების სარწმუნოებისა და ადათების შესახებ, რაც მრავალრიცხოვან სლავურ ტომებს ერთნაირი არ ექნებოდათ. ბევრი რამ მათ ადგილობრივ მცხოვრებთაგანაც გადაიღეს. მაგალითად, გერმანელებისა და სკანდინავიელთა გარემოცვაში მყოფი ბალტიისპირეთის სლავები დიდხანს კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მათი გაქრისტიანებაც ხდებოდა, როგორც, მაგალითად, ანსგარის დროს, მაგრამ განათლებამ მაინც დიდი დაგვიანებით შეაღწია მათთან.

სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში, საბერძნეთთან ახლოს, მცხოვრებ სლავებს ძალიან ადრე მიეცათ საშუალება, გასცნობოდნენ ქრისტიანობას. პირველი საუკუნეებიდანვე იხსენიებიან სკვითების ეპისკოპოსები, რომლებიც დუნაიზე, ქალაქ ტომში ცხოვრობდნენ. X საუკუნეში სკვითიის ეპარქია კონსტანტინოპოლის პატრიარქს ეკუთვნოდა. მთელი ის მხარე, დუნაის გაყოლებაზე, მჭიდროდ იყო დასახლებული სლავებით.

ძველი საბერძნეთის ოლქებში მცხოვრებმა სლავებმა იოლად შეითვისეს ბერძნული ტრადიციები და მათგანვე მიიღეს სარწმუნოება. ჰერაკლეს მიერ ილირიაში მოხმობილი სერბები და ხორვატები ჯერ კიდევ VII საუკუნეში მონათლეს რომაელმა მღვდლებმა; მათ თავიანთი არქიეპისკოპოსიც ჰყავდათ ჯერ თესალონიკში, შემდეგ სპოლეტოში. მართალია, მათ ქრისტიანები ერქვათ, მაგრამ წარმართულ ტრადიციებსა და ცრურწმენებს მაინც მისდევდნენ. დასავლელ სლავებთან დროდადრო ლათინი მისიონერები მოღვაწეობდნენ. მაგალითად, 845 წელს რეგენსბურგში თოთხმეტი ჩეხი ბელადი მოინათლა და ამ დროიდან ბოჰემია (ან ჩეხეთი) რეგენსბურგსიქეთ ეპარქიად ითვლებოდა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნვს, რომ ჩეხებმა რაიმე ისწავლეს ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ.

გერმანული ტომები, საქსები და ბავარიელები, რომლებიც კარლოს დიდს ებრძოდნენ, დასახმარებლად სლავებს უხმობდნენ. კარლოსი კი მათ გაქრისტიანებას ცდილობდა, რადგან ასე უფრო იოლად დაიმორჩილებდა, მაგრამ საქმე წარუმატებელი აღმოჩნდა: გაუგებარ ენაზე ნაქადაგები სარწმუნოება, როგორც უცხოთა მმართველობის იარაღი, სლავებმა არ მიიღეს. ორ ძმას, კირილესა (ერისკაცობაში კონსტანტინე) და მეთოდეს, ხვდა წილად, გამხდარიყვნენ ღვთის ნების აღმსრულებელნი, სლავები მოეხმოთ გადარჩენისკენ და მათში კეთილისმყოფელი განათლების საწყისები შეეტანათ. ეს IX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.

კონსტანტინე და მეთოდე თესალონიკში დაიბადნენ. მაკედონია, სადაც ეს ქალაქი მდებარეობს, სლავებით მჭიდროდ იყო დასახლებული, ამიტომაც სავარაუდოა, რომ მათ ბავშვობაშივე შეისწავლეს სლავური ენა. მათ მამას, ლეონს, ქალაქის ერთ-ერთ წარჩინებულს, ჰყავდა შვიდი შვილი, რომელთაგან უფროსი იყო მეთოდე, ხოლო უმცროსი – კონსტანტინე. უფროსმა სამსახური დაიწყო სლავური სამთავროს მმართველად, ხოლო კონსტანტინე, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა საოცარი ნიჭიერებითა და ცოდნისადმი სიყვარულით, მცირეწლოვანი მიქაელ III აღმზრდელის თხოვნით კონსტანტინოპოლში გაგზავნეს, სადაც მომავალ იმპერატორთან ერთად იზრდებოდა.

კონსტანტინოპოლის ზნეობრივი ყოფა იმხანად უმძიმესი იყო, მაგრამ მეცნიერებები წარმატებით ვითარდებოდა. ღვთისმოსავ კონსტანტინეს არ იტაცებდა სახიფათო საცდურები და მყარად მიჰყვებოდა მართალ გზას. სარგებლობდა ცნობილი ფოტიოსის გაკვეთილებით, შეისწავლა ბერძნული, ლათინური და ასურული ენები, იმდროინდელ მეცნიერებათაგან განსაკუთრებით შეიყვარა ფილოსოფია. ახალგაზრდა კონსტანტინემ უარი თქვა ქორწინებასა და პატივზე, რომელიც სამეფო კარზე ელოდა, რადგან სურდა სიცოცხლე ღმერთისთვის მიეძღვნა. რამდენიმე ხანს ბიბლიოთეკარის მოვალეობას ასრულებდა, შემდეგ ფარულად გაეცალა იქაურობას და მონაზვნად აღიკვეცა, თუმცა მეგობართა დაჟინებული თხოვნით კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და ფილოსოფიას ასწავლიდა.

კონსტანტინე ფილოსოფოსმა სახელი მალევე გაითქვა დედაქალაქში. ერთხელ, სარკინოზთა ემირისგან იმპერატორთან მივიდნენ ელჩები, რომლებმაც ქრისტიანობის შეურაცხყოფა დაიწყეს. მაშინ იმპერატორმა გადაწყვიტა, ბაღდადში სწავლული პიროვნება გაეგზავნა მათთან საპაექროდ და არჩევანი შეაჩერა კონსტანტინეზე, რომელიც მაშინ 24 წლის იყო. ახალგაზრდა ფილოსოფოსი ბაღდადში გაემგზავრა და ჩინებულად გაართვა თავი დავალებას. დაბრუნებული დასახლდა ოლიმპოს მთაზე თავის ძმასთან – მეთოდესთან ერთად, რომელმაც დიდი ხნის წინ მიატოვა სოფელი და მონაზვნად შედგა.

858 წელს იმპერატორს ეწვივნენ კავკასიელთა ტომის, ხაზარების, ელჩები, რომლებიც ახლანდელი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომთაბარეობდნენ. ელჩები სარწმუნოების საკითხებში გარკვევას ცდილობდნენ და იმპერატორს ეუბნებოდნენ: „ჩვენ გვაშფოთებენ ებრაელები და სარკინოზები – ყველა თავის რჯულს ადიდებს. გამოგვიგზავნე განსწავლული ადამიანები, რომლებიც გვეტყვიან, თუ რომელი სარწმუნოება არის უმჯობესი“.

ისევ მიმართეს კონსტანტინე ფილოსოფოსს, რომელმაც ხალისით მიიღო ხაზარებთან წასვლის დავალება და მეთოდეც დაარწმუნა, გაჰყოლოდა. ძმები თავდაპირველად დროებით დასახლდნენ ძველ ბერძნულ ქალაქ ქერსონესში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. იქ მათ შეისწავლეს ხაზართა ენა, ასევე ზედმიწევნით გამოიკვლიეს ებრაული წიგნები, რათა წარმატებით ეპაექრათ ებრაელებსა და სამარიტელებთან, რომლებსაც ხაზართა მიწაზე უნდა შეხვედროდნენ. ძველი გადმოცემის თანახმად, იქ გაიცნეს ერთი რუსი, თუ სლავი, რომელსაც რუსულ ენაზე გადათარგმნილი სახარება და ფსალმუნნი ჰქონდა; და კონსტანტინემაც ამ წიგნების საშუალებით შეისწავლა რუსული ენა.

ქერსონესში ყოფნისას მათ მნიშვნელოვანი მისიის შესრულება ხვდათ წილად. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ტრაიანეს დროს იქ აღესრულა მოციქულთა მოწაფე, რომის ეპისკოპოსი კლიმენტი, რომელიც შავ ზღვაში დაახრჩვეს. ხალხში არსებული გადმოცემის თანახმად, საუკუნეთა განმავლობაში, ყოველ წელიწადს, მისი სიკვდილის დღეს, ზღვა უკან იხევდა და მორწმუნეებს საშუალება ეძლეოდათ, ეხილათ მღვდელთმთავრის ნაწილები. კონსტანტინემ და მეთოდემ წმინდა ნაწილების აღმოყვანება მოისურვეს. მათი თხოვნით, ქერსონესის ეპისკოპოსმა გიორგიმ საზეიმო ლოცვა აღავლინა იმ ადგილის მახლობლად, სადაც ფსკერზე ჩაძირული კლიმენტის ნეშტი ესვენა. უცებ ზეციდან ნათელი გამობრწყინდა და წმინდა ნაწილები ზედაპირზე ამოტივტივდა. ისინი ზღვიდან ამოასვენეს და პატივით გადააბრძანეს ტაძარში.

ხაზართა ენა შეისწავლეს თუ არა, კონსტანტინე და მეთოდე საქადაგებლად წავიდნენ. მათი შრომა წარმატებული აღმოჩნდა – ბევრი მოაქციეს, თავად ხანიც კი მოინათლა. კონსტანტინემ პაექრობა გამართა სწავლულ ებრაელებთან, სამარიტელებთან, მაჰმადიანებთან, რომელთაც მჭევრმეტყველურად და ბრძნულად დაუმტკიცა ჭეშმარიტი სარწმუნოების უპირატესობა მათ სწავლებებთან შედარებით. ეს საუბრები ჩაიწერა მეთოდემ. ხანმა, კმაყოფილმა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ჰპოვა, მოისურვა მქადაგებელთა გულუხვად დასაჩუქრება, მაგრამ მათ ძღვენზე უარი თქვეს და ხაზართა ტყვეობაში მყოფი ყველა ბერძენის გათავისუფლება სთხოვეს. შემდეგ უკან დაბრუნდნენ და გზად კიდევ ერთ, სუროჟის (აზოვის) ზღვის მახლობლად მცხოვრებ წარმართულ ტომს უქადაგეს ქრისტიანობა.

მახარებლებს სიხარულითა და პატივით შეეგებნენ კონსტანტინოპოლში. მეთოდე პოლიქრონის იღუმენი გახდა. კონსტანტინე წმინდა მოციქულთა ტაძართან დასახლდა და ლოცვასა და ცოდნის შეძენას მიეცა. მალე უფალმა ახალი შრომისთვის უხმო მათ. სლავებში თანდათანობით მომწიფდა სურვილი, მიეღოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება; და მათ დახმარებისათვის ბიზანტიას მიმართეს.

ბულგარეთში, იმპერიასთან ხშირი ურთიერთობის წყალობით, დიდი ხნის წინ შეაღწია ქრისტიანული რწმენის სხივებმა. მით უფრო, რომ ამ ქვეყანაში სლავებს უკვე დახვდათ ბერძენთაგან მოქცეული, გაქრისტიანებული ხალხი. VIII საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლში მოინათლა ბულგარეთის ერთ-ერთი მთავარი, ხოლო IX საუკუნის დასაწყისში ბულგარელი თავადი ბოიანი მოწამებრივად აღესრულა სარწმუნოებისთვის, მანამდე კი მთელი ქვეყნის ახლო მომავალში მოქცევა იწინასწარმეტყველა. მისი შვილიშვილის ბორისის (ბოგორისის) დროს სარწმუნოების გასავრცელებლად იღვწოდა ერთი ბერძენი ტყვე, თეოდორე კუფარა. ამასობაში ბორისის და, რომელიც ბერძნებს ჰყავდათ დატყვევებული, ტყვეთა გაცვლის შედეგად კონსტანტინოპოლიდან სამშობლოში მოშურნე ქრისტიანად დაბრუნდა. მან სცადა თავისი ძმის მოქცევა და ამ საქმეში ღმერთი დაეხმარა: შიმშილობასა და სახადს მაშინვე მოეღო ბოლო, როგორც კი ბულგარელებმა ლოცვით შესთხოვეს ქრისტიანთა ღმერთს. ამან დაარწმუნა ბორისი ქრისტიანობის ჭეშმარიტებაში და საბერძნეთში ხალხი გაგზავნა მასწავლებელთა სათხოვნელად.

861 წელს მეთოდე ბულგარეთში ჩავიდა. ზოგი მემატიანე მოგვითხრობს, რომ მეთოდემ, როგორც დახელოვნებულმა ფერმწერმა, სამეფო სასახლის კედლებზე საშინელი სამსჯავროს სურათი გამოსახა, თან მეფეს აუხსნა მისი შინაარსი, რითაც საბოლოოდ დაარწმუნა იგი, გაქრისტიანებულიყო. ბორისი მოინათლა და ბიზანტიის იმპერატორის პატივსაცემად დაირქვა მიქაელი. მართალია, მისი ქვეშევრდომების ნაწილი დიდხანს უკმაყოფილო იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ მეფემ მამა-პაპათა სარწმუნოებას უღალატა; ამ მიზეზით ზოგჯერ არეულობასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ სარწმუნოება თანდათანობით მაინც მკვიდრდებოდა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფოტიოსმა წერილობით განუმარტა მეფეს ქრისტიანობის არსი, მსოფლიო კრებათა კანონები, ამასთან ბულგარეთში გაგზავნა არქიეპისკოპოსი და მღვდლები. კონსტანტინემ და მეთოდემ იქ ღვთის სიტყვა სლავურად იქადაგეს და შემდეგ სხვა ქვეყნებისკენ გაუდგნენ გზას. ბულგარეთის თაობაზე წამოჭრილ უთანხმოებათა შესახებ ჩვენ უკვე გიამბეთ.

დაახლოებით იმავე პერიოდში სხვა სლავებმაც მოინდომეს, გასცნობოდნენ ქრისტიანობას. ავართა სახანოს დაცემის შემდგომ წარმოქმნილი დიდი მორავია ქრისტიანულ სამთავროდ ითვლებოდა; იქ ლათინი მისიონერები მოღვაწეობდნენ. ზალცბურგის არქიეპისკოპოსს სლავთა მოქცევაზე ზრუნვა დაევალა (თუმცა ამის თაობაზე მას დიდხანს ედავებოდა პასაუს არქიეპისკოპოსი, რომელიც ამ მხარეს თავის საკუთრებად თვლიდა) და მანაც დააფუძნა მორავიელებისა და დუნაისპირეთის სხვა ხალხებისთვის საეპისკოპოსოები ოლომოუცში, ნიტრასა და ფაბიანაში (ვენაში). IX საუკუნის მთელი პირველი ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა დავა ორ არქიეპისკოპოსს შორის, თუ რომელ ეპარქიას ეკუთვნოდნენ სლავები და ვის უნდა აეკრიფა გადასახადი მათგან. ამ ხალხის ჭეშმარიტი მოქცევისთვის კი თითქმის არაფერი კეთდებოდა. უცხო ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურება ადამიანებს არ იზიდავდა, ქრისტიანულ რჯულსაც არავინ ასწავლიდა.

ამასობაში დიდი მორავიის სამთავრო სწრაფად იზრდებოდა სლავი მთავრების მმართველობის ქვეშ. კარლოს დიდის მემკვიდრე გერმანიის მეფეები მათ დამორჩილებას ცდილობდნენ, მაგრამ მორავიელ თავადთაგან უძლიერესმა როსტისლავმა (რასტიცმა) მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება. დიდი მორავია მძლავრ სახელმწიფოდ იქცა, მისი ტერიტორია ელბიდან კარპატებამდე იყო გადაჭიმული. როდესაც მორავიისა და პანონიის სლავებმა გაქრისტიანება მოისურვეს, მთავრებმა როსტისლავმა და სვიატოპოლკმა მორავიაში, აგრეთვე თავადმა კოცელამ პანონიაში 862 წელს გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ, მასწავლებლები გაეგზავნა მათთან. მათ მიერ წარგზავნილი ელჩები სთხოვდნენ იმპერატორს: „ჩვენი ქვეყანა მონათლულია და ერს ქრისტეს რჯულის დაცვა სურს, მაგრამ არ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც განგვიმარტავდნენ სარწმუნოებასა და წმინდა წიგნებს ჩვენს მშობლიურ ენაზე. გთხოვთ, იზრუნო ჩვენს გადასარჩენად და გამოგვიგზავნო ეპისკოპოსი და მასწავლებელი; ჩვენ ვიცით, რომ თქვენგან აღწევს კეთილი რჯული სხვა ქვეყნებში“.

გახარებულმა იმპერატორმა და პატრიარქმა უხმეს თესალონიკელ ძმებს და სლავებთან წასვლა შესთავაზეს. კონსტანტინე ხალისით დაეთანხმა, მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობდა. წმინდა საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად მან განიზრახა, სლავებისთვის ღვთის სიტყვა წერილობით მიეწოდებინა. ამიტომ ჰკითხა იმპერატორს:

– ამ ხალხებს აქვთ დამწერლობა?

– ჩემი მამა-პაპა ეძებდა მას, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, – მიუგო მან.

– როგორ მოვიქცეთ? მარტო ზეპირი ქადაგება ქვიშაზე ნაწერის ტოლფასია. თუ ანბანის შედგენას დავიწყებ, მეშინია, ერეტიკოსობა არ დამაბრალონ, – უთხრა ფილოსოფოსმა.

– ღმერთს შეევედრე და ის შეგაგონებს! – ასეთი იყო იმპერატორის რჩევა.

კონსტანტინემ წმინდა საქმის აღსასრულებლად მზადება ლოცვითა და ორმოცდღიანი მარხვით დაიწყო. მას ღრმად სწამდა სარწმუნოების უკეთ შეცნობისთვის დამწერლობის აუცილებლობა და სლავური ანბანის შედგენაზე დაიწყო მუშაობა. მას ეხმარებოდნენ მეთოდე და რამდენიმე მოწაფე, რომლებიც თან უნდა გაჰყოლოდნენ. როგორც კი ანბანი შექმნა, კონსტანტინემ სლავურ ენაზე ყოველდღიურ საკითხავებად გადათარგმნა ფრაგმენტები სახარებიდან და სამოციქულოდან. ზოგი მემატიანე გადმოგვცემს, რომ სლავურ ენაზე დაწერილი პირველი სიტყვები იყო იოანეს სახარების საწყისი მუხლი: „პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“.

ამ უდიდეს შრომას სიხარულით მიესალმა კონსტანტინოპოლის მთელი სასულიერო დასი. იმპერატორის დასწრებით ჩატარდა სამადლობელი პარაკლისი... 863 წელს კონსტანტინე, მეთოდე და რამდენიმე მათი მოწაფე გაემგზავრნენ სლავური მიწებისკენ და ფასდაუდებელი საჩუქარი – მშობლიურ ენაზე გადათარგმნილი საღვთო წერილი – წაუღეს. ზოგი ვარაუდით, გამგზავრების წინ კონსტანტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. დამშვიდობებისას იმპერატორმა მას მთავარ როსტისლავთან წერილი გაატანა: „ღმერთმა, რომელიც ყველას გვიბრძანებს ჭეშმარიტების შეცნობას, აღასრულა უდიდესი საქმე – მოგვივლინა დამწერლობა თქვენს ენაზე. შენთან ვაგზავნით პატიოსან მამას – კეთილმორწმუნე და ფრიად განსწავლულ ფილოსოფოსს, რომლის მიერაც უფალმა გამოგვიცხადა ეს დამწერლობა. იგი მოგართმევს ყოველგვარ ოქროსა და პატიოსან თვლებზე უძვირფასეს ძღვენს... ნებისმიერ ღვაწლს დაუზარებლად შეუდექი. როდესაც შენი ხელშეწყობით ქვეშევრდომები ღმერთს შეიცნობენ, შენც მიიღებ ჯილდოს ამა სოფლადაც და სამომავლო ცხოვრებაშიც“.

ძმები გზას გაუდგნენ. ზოგი ვარაუდით, მათ განვლეს ბულგარეთი, სადაც იქადაგეს, და ისე ჩავიდნენ მორავიაში. ველეგრადში მათ სიხარულით შეეგება მთავარი თავისი ხალხით. ძმები დადიოდნენ სხვადასხვა მხარეში, ასწავლიდნენ, ქადაგებდნენ, განმარტავდნენ ღვთის სიტყვას, ამეცადინებდნენ ბავშვებს, შემოიღეს სლავურ ენაზე ღვთისმსახურება. დაუღალავად შრომობდნენ და მოკლე ხანში სლავურად თარგმნეს ფსალმუნნი, ჟამნი, კურთხევანი, კონდაკი, დამასკელის ოქტოიხი და ძველი და ახალი აღთქმის საკითხავთა კრებული.

შემოინახა სლავური სახარების ძველი პირი, რომლის წინასიტყვაობაც ეკუთვნის ნეტარ მასწავლებელს, კონსტანტინე ფილოსოფოსს. ამ უძვირფასესი ძეგლიდან ჩანს, თუ როგორი გულმოდგინებით ცდილობდა იგი, რათა ახალმოქცეულებს მთელი სულითა და გულით, გონებით შეეცნოთ მაცხონებელი სიტყვები: „სლავებო, ისმინეთ ყველამ! სიტყვა – ღვთისგან მოვლინებული, სიტყვა – საზრდო ადამიანთა სულებისა, სიტყვა, რომელიც განამტკიცებს გულსა და გონებას... ღვთის სიტყვის გარეშე სული კვდება, განაღეთ კარნი გონებისანი, შეიწყნარეთ უფლის წიგნებისგან გამოჭედილი საჭურველი უმტკიცესი. მის ასოებში ვლინდება სიბრძნე ქრისტესი, რომელიც სულს განგიმტკიცებთ... [საღვთო წერილს] ვერ გულისხმაჰყოფთ არა უგუნურებისა გამო, არამედ იმიტომ, რომ უცხო ენაზე გაგონილი სიტყვა სპილენძის საყვირის ხმად ჩაგესმით... ვითარცა უსინათლო თვალი ვერშემძლებელია ხილვად ღვთის ქმნილებისა, ასევე საღვთო რჯულის არმცოდნის სული პირუტყვისას ემსგავსება... სული კაცისა განათლების გარეშე მკვდარია. ყოველი სული განიგდება საღვთო ცხოვრებისგან, თუ უფლის სიტყვას არ ისმენს“.

ოთხ წელიწადზე მეტ ხანს იღვწოდნენ წმინდა მქადაგებლები ხალხის განსანათლებლად და მათი შრომა ამაო არ ყოფილა – უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. მთავარმა კოცელამ წერა-კითხვა შეისწავლა და კონსტანტინეს ორმოცდაათი ყმაწვილის განათლება მიანდო. ღვთის სიტყვა მთელ ქვეყანას განეფინა...

ამით დიდად უკმაყოფილონი დარჩნენ გერმანელი და ლათინი ეპისკოპოსები, რომელთა ხანგრძლივ გარჯას პანონიასა და მორავიაში მცირედი წინსვლა თუ მოჰყვა. ეს ბუნებრივიც იყო, მათ ხომ საკუთარი ინტერესები და პაპის მმართველობის დამკვიდრება უფრო აწუხებდათ, ვიდრე ხალხის ჭეშმარიტად განათლება. ისინი ღვთისმსახურებას უცხო ენაზე აღასრულებდნენ, წმინდა წერილს არ განმარტავდნენ, ითხოვდნენ მხოლოდ ზერელე, სხვათა დასანახავად მოქცევას და არა ქრისტიანული რჯულის დაცვას. მაგალითად, ზემოხსენებულ ეპისკოპოსთა ოლქებში ნებადართული იყო მრავალცოლიანობა და წარმართული მსხვერპლშეწირვა.

თესალონიკელი მახარებლების მისვლის შემდგომ ლათინმა ეპისკოპოსებმა საერთოდ დაკარგეს გავლენა ხალხზე, რომელმაც მაშინვე აქცია ზურგი მათ და მიაშურა სიყვარულითა და სიბრძნით დამმოძღვრავ მოღვაწეებს. შურით გაავებული ეპისკოპოსები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ კონსტანტინესა და მეთოდესთვის ჩირქი მოეცხოთ: უწოდებდნენ არიანელებს, ერეტიკოსებს, ხალხში გაავრცელეს აზრი, თითქოს ღვთის სიტყვა უნდა იკითხებოდეს მხოლოდ იმ სამ ენაზე, რითაც შესრულდა წარწერა მაცხოვრის ჯვარცმაზე მიმაგრებულ დაფაზე, ხოლო ის, ვინც სხვაგვარად მოიქცეოდა, ერეტიკოსი იყო. ბოლოს მქადაგებლებს პაპ ნიკოლოზთან უჩივლეს.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ფოტიოსმა დაადანაშაულა პაპი ბულგარეთში არამართებული ქცევისთვის, აგრეთვე, ამხილა რომის ეკლესიის ყველა გადახრა ძველი მართლმადიდებლობიდან. ძალაუფლებისმოყვარე პაპი შეაშფოთა ცნობამ, რომ აქამდე რომს დაქვემდებარებულ კიდევ ერთ ქვეყანაში გაისმა ბერძნული ლიტურგია, ახლა უკვე სლავურ ენაზე, და მახარებლები თავისთან, რომში, მიიწვია. კონსტანტინე და მეთოდე, უეჭველია, არ სცნობდნენ რომის მღვდელთმთავრის უზენაესობას, როგორც ეს დასავლეთში აღიარეს, მაგრამ რაკი ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებდა პაპს, როგორც პირველს თანასწორთა შორის, თანაც მხოლოდ მას შეეძლო, ბოლო მოეღო თავისი ქვეშევრდომი ლათინი ეპისკოპოსების ხრიკებისთვის მორავიაში, ძმები ხალისით გაემგზავრნენ და წაასვენეს წმინდა კლემენტის ნაწილები, აგრეთვე წაიღეს სლავურ ენაზე გადათარგმნილი წმინდა წიგნები.

გზად მახარებლებმა სლავურ ენაზე უქადაგეს დალმაციაში მცხოვრებ ტომებს. ვენეციაში ცხარე პაექრობა მოუხდათ ლათინ მონაზვნებსა და მღვდლებთან, რომლებიც კონსტანტინეს ასე მიმართავდნენ:

“როგორ გაბედე, სლავებისთვის წიგნები შეგედგინა და გესწავლებინა, როცა ამის ნება არ მოუციათ მოციქულებს, რომის პაპს, გრიგოლ ღვთისმეტყველს, იერონიმესა და ავგუსტინეს?! ჩვენ ვცნობთ მხოლოდ სამ ენას, რომლებზეც შეიძლება იწერებოდეს წიგნები ღვთის სადიდებლად: ებრაულს, ელინურსა და ლათინურს“. ფილოსოფოსის პასუხი ასეთი იყო: „განა წვიმას ყველას არ უგზავნის ღმერთი?! ნუთუ მთელს მსოფლიოს არ დაჰნათის მზე და ყველა ერთი ჰაერით არ ვსუნთქავთ?! გრცხვენოდეთ, მხოლოდ სამ ენას რომ აღიარებთ! მაშ, ვისაც ისინი არ ესმის, უბრძანებთ, დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ! თქვენ რომ გისმინოთ, გამოდის, რომ ღმერთი ან უძლურია და არ შეუძლია მისცეს ერთსაც ის, რასაც მეორეს უბოძებს, ანდა შურიანია, რადგან არ სურს [თანაბრად გასცეს]. ჩვენთვის ცნობილია მრავალი ერი, რომელიც ღმერთს მშობლიურ ენაზე განადიდებს... თუ არ გსურთ ეს შეიგნოთ, მაშინ წმინდა წერილიდან შეიცანით ღვთის ნება. დავითი ღაღადებს: „უგალობდით უფალსა ყოველი თესლები და აქებდით მას ყოველი ერი. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა“.

ამასობაში პაპი ნიკოლოზი, რომელმაც მახარებლებს უხმო, გარდაიცვალა. ადრიანემ, რომელიც აღმოსავლეთთან შერიგებით იყო დაინტერესებული, გადაწყვიტა ისინი უდიდესი პატივით მიეღო. როგორც კი შეიტყო, რომ რომს უახლოვდებოდნენ და წმინდა კლიმენტის ნაწილებს მოასვენებდნენ, თავად გაეშურა მათ შესახვედრად და ქალაქგარეთ შეეგება სასულიერო პირებისა და დიდძალი ხალხის თანხლებით – ყველას ანთებული სანთლები ეჭირა. პაპმა კონსტანტინესა და მეთოდეს მოწიწებით ჩამოართვა მოწამის ნაწილები და წმინდა კლიმენტის ტაძარში დაასვენა. ხოლო სლავურად თარგმნილი წიგნები რომის უძველესი ბაზილიკის – სანტა მარია მაჯორეს ტრაპეზზე აკურთხა.

კონსტანტინემ, თავისი და თავისი ძმის სახელით, შეადგინა სარწმუნოების აღსარება, სადაც აღიარა ნიკეა-კონსტანტინოპოლის სიმბოლოს დოგმატები და უარყო რომის მიერ შეტანილი სიახლეები. იგი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ამგვარად, აღვიარებ მე ჩემს მრწამსს მეთოდესთან – ჩემს ძმასა და ღვთის სამსახურში მარადიულ თანაშემწესთან – ერთად. ამ მრწამსშია ხსნა და სასოება! და ჩვენ, ორივე, მას გადავცემთ ჩვენს მოწაფეებს, რათა ამ რწმენით გადარჩნენ“.

პაპი კმაყოფილებით შეხვდა ამ მრწამსს, დაგმო ისინი, ვინც სლავური ენის გამოყენებას ებრძოდა და ბრძანა, აღესრულებინათ ღვთისმსახურება ორივე – ლათინურ და სლავურ ენებზე წმინდა პეტრესა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის, როგორც სლავურ მიწებზე პირველი მახარებლის, ტაძრებში. პაპმა მეთოდეს ხელი დაასხა პრესვიტერად და თავის ორ ეპისკოპოსს უბრძანა, მახარებელთა რამდენიმე მოწაფე მღვდლისა და დიაკონის ხარისხში აეყვანათ.

რომში ჩასვლიდან ცოტა ხნის შემდეგ კონსტანტინე მძიმედ დასნეულდა – გამუდმებულმა ჯაფამ დიდი ხანია შეურყია ჯანმრთელობა. როდესაც იგრძნო, რომ მალე გარდაიცვლებოდა, სქემაში აღიკვეცა კირილეს სახელით და მშვიდად შეუდგა სიკვდილისთვის მზადებას. დაახლოებით ორი თვე იავადმყოფა. მართალ მამას სიკვდილისა არ ეშინოდა, მას მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა – მისი აღსრულების შემდეგ არ შეწყვეტილიყო დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა სლავებთან. იგი დაჟინებით ევედრებოდაა ძმას, არ მიეტოვებინა ეს წმინდა საქმე, სიკვდილის წინ კი ასე დაუბარა: „ძმაო, მე და შენ თითქოს უღელში შებმული ორი ხარი ვართ ერთი სავარგულის მოსახნავად. აი, მე ადრე დავასრულე სამუშაო დღე და ხნულზე დავეცი. ვიცი, რომ ნატრობ ოლიმპოს მთაზე განმარტოებას, მაგრამ გევედრები, ნუ მიატოვებ ჩვენს საქმეს. ამით სათნო-ეყოფი ღმერთს“. შემდეგ თვალები ზეცად აღაპყრო და ილოცა თავის მიერვე მოქცეული ხალხებისთვის. დასასრულს ნეტარმა მასწავლებელმა დალოცა ყველა დამსწრე და უფალს 42 წლის ასაკში მიაბარა სული. ეს მოხდა 869 წლის 14 თებერვალს.

პაპმა და რომის სასულიერო დასმა საზეიმო პანაშვიდი გადაუხადეს მიცვალებულს. მეთოდეს სურდა, დედის ანდერძის თანახმად, საყვარელი ძმის ცხედარი სამშობლოში გადაესვენებინა, მაგრამ სასულიერო პირებმა პაპს სთხოვეს, ეს არ დაეშვა. ნეტარი კირილე დაკრძალეს წმინდა კლიმენტის ეკლესიაში, წმინდა ნაწილებთან ახლოს, რომელიც მან ზღვის ფსკერიდან აღმოიყვანა. უამრავმა ადამიანმა, საერო თუ სასულიერო პირმა, გააცილა სლავთა უდიდესი მასწავლებლის ცხედარი განსასვენებლამდე. მისი ნეშტი დღესაც რომში, წმინდა კლიმენტის ტაძარშია დასვენებული.

დრო გადიოდა... თითქმის ორი წელი სრულდებოდა, რაც სლავებს მასწავლებლები აღარ ჰყავდათ. მთავარმა კოცელამ რომში ელჩები გაგზავნა და პაპს სთხოვა, მეთოდე გამოეშვა. ადრიანეს პასუხი ასეთი იყო: „არა მარტო შენ, არამედ მთელს სლავურ ქვეყნებს ვუგზავნი ღვთისა და წმინდა პეტრე მოციქულისგან მოვლინებულ მასწავლებელს“.

პაპის დიდი სურვილი იყო, რომ სლავთა მოქცევა მისი, ანუ რომის დამსახურებად ჩათვლილიყო და არა საბერძნეთის. მან მეთოდე გაუშვა და სლავ მთავრებს მისწერა: „სიხარულით შევიტყეთ, რომ უფალმა შთაგაგონათ სურვილი, გეძებნათ ღმერთი და მანვე გიჩვენათ, რომ მისდამი სამსახური არა ოდენ რწმენით, არამედ კეთილი საქმეებითაც გმართებთ, რამეთუ „სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთაჲსა მკუდარ არს“ (იაკ. 2,20). თქვენ ითხოვეთ მასწავლებლები, საბერძნეთის იმპერატორმა კი ჩვენ შეგვატყობინა და თქვენთან გამოაგზავნა ნეტარი კონსტანტინე ფილოსოფოსი ძმასთან ერთად. ახლა ჩვენ უკან გიბრუნებთ ჩვენს შვილს, მეთოდეს, როგორც გონიერებითა და მართლმორწმუნეობით სრულყოფილ მამას, რათა მან გაგანათლოთ ღვთის შეწევნით კონსტანტინე ფილოსოფოსის მიერ თქვენს მშობლიურ ენაზე გადათარგმნილი საეკლესიო წიგნებით. თუკი ვინმე სხვაც შეძლებს წმინდა წიგნების თქვენს ენაზე ღირსეულად და მართლმორწმუნეობით თარგმნას, რათა იოლად შეძლოთ ღვთის მცნებათა შეცნობა, დაე, ეს საქმე წმინდა და კურთხეული იყოს ღვთისა და ჩვენი კათოლიკე, სამოციქულო ეკლესიის მიერ! დაე, აღსრულდეს სიტყვები წერილისა: „აღგიარებდენ შენ ერნი, ღმერთო, აღგიარებდენ შენ ერნი ყოველნი“ (ფსალმ. 66,3) და თუ ვინმე გაკადნიერდება და ეცდება ჭეშმარიტების გზიდან თქვენს გადაცდენას, დაგმობს თქვენს წიგნებსა და ენას, იგი ცრუმასწავლებლად მიიჩნიეთ“. მაგრამ პაპი მაშინაც ითხოვდა, რომ ღვთისმსახურებისას სახარება თავდაპირველად ლათინურად, შემდეგ კი სლავურად წაეკითხათ და ამ ბრძანების დამრღვევს ეკლესიიდან განკვეთით ემუქრებოდა.

მეთოდე პანონიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან ერთგულად შეასრულა ძმის უკანასკნელი თხოვნა – მთელი ცხოვრება და შრომა სლავებს მიუძღვნა. მეთოდე ასწავლიდა ყმაწვილებს, თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს, ადგენდა სლავ მღვდლებს; უდიდეს ყურადღებას აქცევდა, რომ საეკლესიო მსახურება ხალხისთვის გასაგები ყოფილიყო. ერსაც უხაროდა ღვთის სიტყვის გაგონება მშობლიურ ენაზე – ლათინთა მსახურება და მღვდლები კი საერთოდ მიივიწყა. ამან კიდევ უფრო გააბოროტა მეთოდეს მტრები, განსაკუთრებით ზალცბურგის ეპისკოპოსი, რომელიც სლავთა მასწავლებლების გამოჩენამდე მთელ ამ მხარეს თავის სამფლობელოდ თვლიდა. ახლა კი ხედავდა, დღითიდღე როგორ სუსტდებოდა მისი გავლენა. მალე გერმანელ ეპისკოპოსებს ძალის მოკრების საშუალება მიეცათ და ამით ისარგებლეს კიდეც.

როსტისლავი (846-870 წწ.) თავგამოდებით იცავდა დიდი მორავიის სამთავროს დამოუკიდებლობას იმპერატორ ლუდოვიკო გერმანელისგან (843-876 წწ.), რომელიც მის დაპყრობას ცდილობდა, მაგრამ მისი მცდელობები დიდხანს წარუმატებლად მთავრდებოდა. მეზობელი სლავები, სერბები და ჩეხები ეხმარებოდნენ როსტისლავს, რომელიც მალე ღალატის მსხვერპლი გახდა. მისმა ძმისწულმა სვიატოპოლკმა, ნიტრის მთავარმა, ფარული კავშირი გააბა გერმანელებთან და გადასცა როსტისლავი. მას იმპერატორის ბრძანებით თვალები დასთხარეს და სიცოცხლის ბოლომდე მონასტერში გამოკეტეს. გერმანელები სლავურ მიწას დაეპატრონნენ. ამით ისარგებლეს იქაურმა ეპისკოპოსებმა, მეთოდეს სამსჯავროზე უხმეს და სიკვდილით დაემუქრნენ. მეთოდემ მტკიცედ დაიცვა თავისი უფლება, ექადაგა ღვთის სიტყვა, ბოლოს კი ეპისკოპოსებს მიმართა: „თუმცა, როგორც გნებავთ, ისე მომექეცით. მე არაფრით ვჯობივარ მათ, ვისაც სიმართლის თქმისთვის მოწამებრივი სიკვდილი ერგო“. ეპისკოპოსებმა მაინც მიაღწიეს მეთოდეს შვაბიაში გადასახლებას.

ეს პატიმრობა ორ წელიწადს გაგრძელდა, თუმცა არაერთხელ მოითხოვა მისი გათავისუფლება პაპმა, რომელსაც მაინცდამაინც არ სიამოვნებდა სლავური ღვთისმსახურების გავრცელება, მაგრამ უფრო მეტად აღიზიანებდა ზალცბურგის ეპისკოპოსის თვითნებობა – იგი ხომ ერთპიროვნულად განაგებდა საეკლესიო საქმეებს პაპისადმი დაქვემდებარებულ ქვეყანაში. ბოლოს უკვე ადრიანეს მემკვიდრე, იოანე VIII ეკლესიიდან განკვეთით დაემუქრა ურჩ ეპისკოპოსებს და აუკრძალა მღვდელმოქმედება, სანამ მეთოდეს არ გაათავისუფლებდნენ. მხოლოდ მაშინ გამოუშვეს საპყრობილიდან მახარებელი, რომელიც, როგორც პანონიის ეპისკოპოსი, თავის ეპარქიას დაუბრუნდა.

ამ პერიოდისთვის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სხვაგვარად წარიმართა. ხალხი ვერ ეგუებოდა გერმანელთა ქვეშევრდომობას. ხოლო სვიატოპოლკმა (870-894 წწ.), რომელმაც თავისი ღალატის სანაცვლოდ მოსალოდნელი გასამრჯელო ვერ მიიღო, ამჯერად უკვე გერმანელები გაყიდა. იგი სათავეში ჩაუდგა სლავებს და გერმანელებთან სისხლიანი ომი წამოიწყო, რაც დიდი მორავიის დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

როგორც კი მორავიელებმა შეიტყვეს მეზობელ პანონიის მხარეში მეთოდეს დაბრუნების ამბავი, დაიწყეს ლათინი მღვდლების გაყრა და პაპს სთხოვეს მისი დადგინება მორავიის არქიეპისკოპოსად. იოანე VIII ეს სურვილი შეუსრულა, მეთოდე რომში მიიწვია, საიდანაც იგი მორავიის მწყემსთმთავრად დაბრუნდა.

მეთოდეს მოღვაწეობის წყალობით სლავური ღვთისმსახურება მორავიისა და პანონიის ფარგლებს გასცდა. მორავიელ სვიატოპოლკს დაუნათესავდა ჩეხეთის მთავარი ბორივოი. მალე ის და მისი მეუღლე ლუდმილა მეთოდემ მონათლა. თავადის მაგალითს ბევრმა მიჰბაძა და ამ ქვეყანაშიც გაისმა ხალხისთვის ესოდენ სასურველი ღვთისმსახურება სლავურ ენაზე. მეთოდეს მოწაფეებმა ღვთის სიტყვა პოლონეთშიც იქადაგეს და იქაც მრავალი გაქრისტიანდა.

VIII საუკუნეში ბიზანტიამ თითქმის დაკარგა თავისი გავლენა ადრიატიკის ნაპირებზე. ილირიისა და დალმაციის სლავებმა თავი საბერძნეთისგან დამოუკიდებლად მიიჩნიეს; ხორვატიასა და კარინტიის საგრაფოს ნაწილს საფრანგეთი დაეპატრონა. ამ მხარის ეკლესიები რომს ემორჩილებოდნენ და იქიდან იღებდნენ მღვდლებსა და ეპისკოპოსებს, მაგრამ ცოტა რამ იცოდნენ ქრისტიანობის შესახებ.

დაახლოებით IX საუკუნის შუა წლებისთვის ხორვატებმა მოიშორეს ფრანკების უღელი. სარკინოზთაგან ხშირი თავდასხმებით შეწუხებულ დალმაციას დაეხმარა ბერძენი იმპერატორი ბასილი მაკედონიელი, რომელმაც გაათავისუფლა არაბების მიერ ალყაშემორტყმული რაგუზა და ბარი. ამან გაზარდა საბერძნეთის იმპერიის მნიშვნელობა ადრიატიკის მთელ სანაპირო მხარეში. თანაც ილირიის სლავებში ხმა დაირხა, რომ მათი მონათესავე ტომები მშობლიურ ენაზე აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას და კითხულობდნენ საბერძნეთიდან მათთვის ჩამოტანილ საღვთო წერილს. თვითონ კირილემ და მეთოდემ მოინახულეს ეს მხარე, როდესაც რომში მიემგზავრებოდნენ და უქადაგეს დალმაციის სლავებს ცხოველმყოფელი სიტყვა.

878 წელს დალმაციამ უარი თქვა პაპის ქვეშევრდომობაზე და აღმოსავლეთის ეკლესიას შეუერთდა, იგივე გააკეთა ხორვატიამაც. სერბებმა კონსტანტინოპოლში მიავლინეს ელჩები და მღვდლების გამოგზავნა ითხოვეს. გავიხსენოთ, რომ ამ პერიოდში პაპს ბულგარეთის დამორჩილების იმედი საერთოდ გადაეწურა, ხოლო რუსები – ახალი სლავური ერი, რომელიც მაშინ იწყებდა საერო არსებობას, ქრისტიანულ განათლებას აღმოსავლური ეკლესიის დახმარებით ეზიარა.

დაახლოებით 866 წელს კიევის მთავრების, ასკოლდისა და დირის, წინამძღოლობით რუსთა რაზმების გამოჩენამ თავზარი დასცა კონსტანტინოპოლს, სადაც ერთი კიეველი ვაჭრის დაჩაგვრის გამო მათ საშინელი რბევა მოაწყეს დედაქალაქის მისადგომებთან და მის თავისუფლებას დაემუქრნენ. შეშინებულმა ხალხმა ლოცვა დაიწყო. პატრიარქმა ფოტიოსმა ჯვრით მსვლელობა მოაწყო და პარაკლისის შემდგომ ზღვაში ჩაუშვა კალთა ღვთისმშობლის საფარველისა, რომელიც ვლაქერნის ტაძარში ინახებოდა. უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა რუსების ხომალდები მიმოფანტა.

ეს უბედურება თავდამსხმელთათვის გადარჩენის დასაწყისი აღმოჩნდა. ღვთის ძალის ამგვარი გამოვლინებით გაოგნებულმა ასკოლდმა და დირმა, კიევში დაბრუნდნენ თუ არა, კონსტანტინოპოლს ქრისტიანი მასწავლებლების გამოგზავნა სთხოვეს. პატრიარქმაც მიავლინა ბერძენი ეპისკოპოსი, რომელმაც კიდევ უფრო კეთილად განაწყო მთავრები ქრისტიანული სარწმუნოებისადმი. მთავრებთან ერთად ბევრი მოინათლა და სარწმუნოებამ იწყო დამკვიდრება კიევში, რომელიც რუსული ქალაქების დედად ითვლება. რუსეთი მიჩნეული იქნა კონსტანტინოპოლის საეკლესიო ოლქის კუთვნილ ერთ-ერთ ეპარქიად. საბერძნეთსა და ბულგარეთთან ხშირი ურთიერთობის წყალობით კიევის ქრისტიანებისთვის მალე გახდა ცნობილი წმინდა წიგნები და ბერძნული საეკლესიო ტრადიციები. ასევე დამკვიდრდა მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურებაც.

ამ ყოველივემ, რა თქმა უნდა, პაპი შეაშფოთა. IX საუკუნის მეორე ნახევარში ის-ის იყო იკვეთებოდა უზარმაზარი სლავური სამყარო. ზოგი სლავური ერი ერთობ გაძლიერდა, სხვები თავისი ისტორიული არსებობის გარიჟრაჟზე იყვნენ. მათ ყოფას საფუძვლად დაედო ქრისტიანობა, ოღონდ არა რომიდან წამოსული მკვდარი ფორმალობა და მისდამი მონობის სიმბოლო, არამედ ცოცხალი ძალა – წინსვლისა და სულიერი თავისუფლების საწინდარი. პაპი ხედავდა, თუ მახლობლად როგორ ყალიბდებოდა მისგან დამოუკიდებელი ახალი დიდი სამყარო. რომის მღვდელთმთავარს ესმოდა, რომ ყველაფერი უნდა ეღონა, რათა ამ უზარმაზარი სივრცის ნაწილზე მაინც მოეპოვებინა მმართველობის შესაძლებლობა. გარკვეულწილად მან ეს მოახერხა კიდეც.

პაპი გერმანელი ეპისკოპოსებისგან გამუდმებით იღებდა საჩივრებს მეთოდეზე, რომელსაც მათი აზრით, მორავია რომის ტახტის დაქვემდებარებიდან გამოჰყავდა, ამკვიდრებდა სლავურად ღვთისმსახურებასა და ავრცელებდა სლავურ წიგნებს. რომის მღვდელთმთავრისთვის ძნელი იყო გადაჭრით მოქმედება – იგი ხან კრძალავდა ლიტურგიას „ბარბაროსთა“ ენაზე, როგორც თავად უწოდებდა სლავურს, ხანაც ნებას რთავდა, რადგან ეშინოდა, მორავია საერთოდ არ მიერთებოდა კონსტანტინოპოლის ოლქს. ლათინი ეპისკოპოსები დაჟინებით ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ შეხედულება, რომ წმინდა წერილის კითხვა რომელიმე ენაზე, გარდა ლათინურისა, ბერძნულისა და ებრაულისა, ცოდვა იყო. ამ ეგრეთწოდებული „პილატეს მიმდევრების“ ანუ სამენოვნების მომხრეთა უგუნური თვალსაზრისი მაინც გავრცელდა, მიუხედავად იმისა, რომ პაპმა იგი დაგმო. ლათინი ეპისკოპოსების მიზანი იყო ახალმოქცეულ ქვეყნებში სარწმუნოების შეცვლილი სიმბოლო შეეტანათ, მაგრამ მეთოდე მტკიცედ იცავდა ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს. პაპი მას ვერ გაკიცხავდა, რადგანაც თავადაც პატივს მიაგებდა ძველ სიმბოლოს და ამასთან ბულგარეთის ამბებიც ახსოვდა. ეს ყოველივე იძულებულს ხდიდა, მეთოდე დაენდო და მფარველობაც კი გაეწია მისთვის.

როდესაც ამ მხრივ ვერაფერს გახდნენ, ლათინი ეპისკოპოსები შეეცადნენ აღმოსავლეთის იმპერატორის ამხედრებას მეთოდეს წინააღმდეგ. მას რომის მხარდაჭერა დააბრალეს, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვიდათ. პირიქით – იმპერატორმა იხმო მეთოდე, პატივით მიიღო იგი, ხოლო მის მიერ ჩამოტანილი სლავურად ნათარგმნი წიგნები კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბულგარელებისთვის გამოიყენა. სახიფათო მგზავრობის შემდეგ მეთოდე დაბრუნდა თავის ეპარქიაში და უწინდელი მოშურნეობით განაგრძო საქმე, რისი გაკეთებაც მისმა ძმამ ვერ მოასწრო – თავისი მოწაფეების დახმარებით დაასრულა ბიბლიის თარგმნა (მაკაბელთა წიგნების გარდა). თუ კონკრეტულად სლავურ ენათაგან რომელზე იქნა გადათარგმნილი წმინდა წიგნები, ამის შესახებ მეცნიერები დღესაც დავობენ.

მეთოდემ თავისი უდიდესი შრომა დაასრულა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს, რომელსაც უდიდეს პატივს მიაგებდა და მის სახელზე საზეიმოდაც აღასრულა სამადლობელი პარაკლისი.

მეთოდეს დევნა არ შეუწყვეტიათ გერმანელ ეპისკოპოსებს, რომელთაც მოახერხეს მთავარ სვიატოპოლკის კეთილგანწყობის მოპოვება. მისი განსაკუთრებული ნდობა დაიმსახურა ცბიერმა და უზნეო გერმანელმა ვიჰინგმა. მან მიაღწია ნიტრას ეპისკოპოსობას და მეთოდესთან, როგორც არქიეპისკოპოსთან, ვიკარიუსის თანამდებობაზე დანიშვნას. თუმცა ვერც ამან ჩააცხრო მისი სიძულვილი. ბოლოს მან და რამდენიმე გერმანელმა ეპისკოპოსმა იმდენს მიაღწიეს, რომ მეთოდეს წინააღმდეგ განაწყეს პაპი, რომელმაც აკრძალა სლავურად ლიტურგიის ჩატარება და ამ ენაზე მხოლოდ ქადაგების ნება დართო. მეთოდე პირადად გაემგზავრა რომში, მაგრამ ვერაფერს გახდა – პაპის გადაწყვეტილებით სახარება ლათინურად ან ბერძნულად უნდა წაკითხულიყო.

რომიდან დაბრუნების შემდეგ მეთოდემ კიდევ ხუთ წელიწადს იღვაწა მორავიაში და 885 წელს, თექვსმეტწლიანი მღვდელთმთავრობის შემდეგ, უფალს მიაბარა სული. იგი გარდაიცვალა ველეგრადში. გადმოგვცემენ, რომ სიკვდილის წინ დაიბარა, მის შემდეგ არქიეპისკოპოსად დაედგინათ გორაზდი, რომელიც გააგრძელებდა მის საქმიანობას. გერმანელი ეპისკოპოსები კი მოუთმენლად ელოდნენ, როდის აღმოხდებოდა სული მეთოდეს, რომ მისი მოწაფეები გაეძევებინათ და მოურიდებლად გაჰყვიროდნენ: „შორს ჩვენგან გორაზდი! მისი სახით მეთოდე გაცოცხლდება. ჩვენ ვიჰინგი გვინდა!“

დაიწყო მეთოდეს თანამუშაკთა და მოწაფეთა დევნა – გორაზდი, კლიმენტი, ნაუმი, ანგელარიოსი, საბა ბორკილდადებულნი ჩაყარეს საპყრობილეში, გვემეს, შეურაცხყვეს, ბოლოს კი მეომართა თანხლებით მორავიიდან სხვადასხვა მხარეში განდევნეს.

როდესაც გერმანელებმა, ვიჰინგის მეთაურობით, ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, შეეცადნენ სლავთა დიდი განმანათლებლების ნაღვაწის განადგურებას. მართალია, მეთოდემ, სიკვდილის შემდეგ, ქვეყანას დაუტოვა ორასამდე თავის მიერვე განსწავლული მღვდელი, მაგრამ ისინი მალევე გააძევეს ან გადააყენეს. ეს ყოველივე ხდებოდა სვიატოპოლკის ზურგს უკან, რომლის მთელი ყურადღება გერმანელებთან და მადიარებთან დაუნდობელი ბრძოლებისკენ იყო მიპყრობილი. მადიარები – ეს შეუძვრელი წარმართები – თავისთან მიიხმო გერმანელთა მეფე არნულფმა (მოგვიანებით იმპერატორმა), როდესაც საკუთარი ძალებით მორავიის დამორჩილების იმედი დაკარგა.

გერმანულმა დაჯგუფებამ გამოიყენა არეულობა, ხელისუფლების არარსებობა მორავიაში და საეკლესიო საქმეებს დაეპატრონა. თითქმის თოთხმეტი წელიწადი ეს ქვეყანა მღვდელთმთავრის გარეშე იყო დარჩენილი. თავიდან ზალცბურგის ეპისკოპოსს სურდა ამ მხარის ხელში ჩაგდება, მაგრამ 899 წელს, სვიატოპოლკის მემკვიდრის მოიმირის დაჟინებული თხოვნით, პაპმა მორავიის ახალ არქიეპისკოპოსს დაასხა ხელი. დაახლოებით 906 წელს შუღლითა და ინტრიგებით დასუსტებული დიდი მორავიის სამეფოს ნაწილი შეუერთდა უნგრეთს, ანუ მადიარების ახალ სახელმწიფოს, ნაწილი კი მომძლავრებულ ბოჰემიას, ანუ ჩეხეთს.

მეზობელ ჩეხებშიც სარწმუნოების გავრცელებამ ძნელბედობის ქარცეცხლი გაიარა. აქ ერთმანეთს ებრძოდნენ სახალხო ფრთა, გერმანული და წარმართული დაჯგუფებები. ბორივოის შვილიშვილი ვიაჩესლავი ტახტზე ავიდა მამის სიკვდილის შემდეგ. ბებია ლუდმილას მიერ აღმოსავლური ეკლესიის ტრადიციებზე აღზრდილი ვიაჩესლავი სარწმუნოების უდიდესი დამცველი გამოდგა. მისი ძმა ბოლესლავი და დედა დრაგომირა წარმართულ დაჯგუფებას ემხრობოდნენ. ღვთისმოსავი ლუდმილა დრაგომირას ბრძანებით მოკლეს, ხოლო ვიაჩესლავი ღვიძლი ძმის ხელით დაეცა 935 წელს. ეკლესია პატივს მიაგებს წმინდა მოწამეების – ვიაჩესლავისა და ლუდმილას – ხსოვნას.

ბოლესლავმა (935-967 წწ.) ძმის სიკვდილის ფასად მთავრის ტახტი მოიპოვა. მოგვიანებით, სინდისის ქენჯნით გატანჯულმა, მიიღო ქრისტიანობა ლათინი მღვდლებისგან, რომლებმაც სლავურ ღვთისმსახურებას დევნა დაუწყეს. მთელ საეკლესიო საქმეებს უკვე გერმანელები განაგებდნენ, პაპმაც კრებებზე გამოაცხადა, რომ იკრძალებოდა სლავურ ენაზე ღვთისმსახურება. ჩეხეთსა და მორავიაში კიდევ დიდხანს ახსოვდათ მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურება და ინახავდნენ ამ ენაზე შექმნილ საეკლესიო წიგნებს.

დავუბრუნდეთ მეთოდეს მოწაფეებს...

სლავთა დიდი მასწავლებლების მიერ ჩაგდებული კეთილი თესლი განათლებისა დევნის დროს არ დაღუპულა – მან ფესვი სხვა ქვეყანაში გაიდგა, აღმოცენდა და ნაყოფიც უხვად გამოიღო. ის, რასაც ასე ხშირად ვაკვირდებოდით საეკლესიო ისტორიაში, ახლაც განმეორდა. კაცთა ბრმა მტრობამ ვერ შეაფერხა ღვთის საქმე – მქადაგებელთა განდევნამ ჭეშმარიტების უფრო ფართო და ნაყოფიერ გავრცელებას შეუწყო ხელი.

ჩვენ უკვე გიამბეთ, თუ როგორ ამღვრევდნენ ახალმოქცეული ბულგარელების რწმენას პაპის ხელქვეითები და ცდილობდნენ აღმოსავლელი მახარებლების ნაღვაწის განადგურებას. აგრეთვე, განვიხილეთ რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ატეხილი დავა ბულგარეთის თაობაზე. ბულგარელები მალე მიხვდნენ, რომ პაპის ერთადერთი მიზანი ქვეყნის დამორჩილება იყო და არა მათზე ზრუნვა, ამიტომ მათ საბერძნეთის ეკლესიასთან დაახლოება არჩიეს.

869 წელს კონსტანტინოპოლში მოწვეულ კრებაზე (პატრიარქ ეგნატეს თავმჯდომარეობით) ბულგარეთის ელჩებმა კითხვა დასვეს, თუ რომელ საეკლესიო ოლქს ეკუთვნოდა მათი მიწები.

– როდესაც დაეპატრონეთ ქვეყანას, სადაც ახლა ცხოვრობთ, სადაური მღვდლები დაგხვდათ? – ჰკითხეს მათ.

– იქ ბერძენ მღვდლებს შევხვდით, – მიუგეს ბულგარელებმა.

– გამოდის, რომ თქვენი ქვეყანა კონსტანტინოპოლის მიტროპოლიას ეკუთვნის! – იყო პასუხი.

ამ დასკვნას პაპის ლეგატები წინ აღუდგნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ – კრებამ, რომელმაც მათ ამდენი რამ დაუთმო, ამჯერად ბულგარეთზე უთხრა უარი. და წამოვიდა რომიდან ნიაღვარი პატრიარქ ეგნატეს წყევლა-კრულვისა, როგორც ადრე ფოტიოსს ატეხდნენ თავს. მაგრამ ეგნატემაც და მის შემდგომ ფოტიოსმა (მეორედ არჩეულმა) განაგრძეს დაწყებული საქმე ბულგარელთა მოქცევისა. მათთან გააგზავნეს არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე და მღვდლები. ქვეყანაში ბერძნული ეკლესიის ტრადიციები თანდათან დამკვიდრდა. მოსახლეობამ ქრისტიანული რჯული სწრაფად შეითვისა კირილესა და მეთოდეს მიერ ნათარგმნი წმინდა წიგნებისა და მეფე ბორისის მფარველობის წყალობით.

ძველ ბულგარულ მატიანეებში ლოცვით იხსენიება დიდი და წმინდა მამა, რომელმაც სლავებს მშობლიური ანბანის შექმნით ღვთის სიტყვის შეცნობის გზა გაუხსნა: „მანამდე სლავებს წიგნები არ ჰქონიათ, ისინი წარმართები იყვნენ, ხაზებისა და ნაჭდევების საშუალებით ითვლიდნენ და მკითხაობდნენ. ნათლისღების შემდგომ როცა დასჭირდებოდათ, სლავურ სიტყვებს რომაული და ბერძნული ასოებით წერდნენ. ასე გრძელდებოდა დიდხანს. შემდეგ კაცთმოყვარე ღმერთმა, ყოველივეს განმგებელმა, რომელმაც კაცთა მოდგმა უმეცრებაში არ მიატოვა... სლავი ერიც შეიწყალა და მას მოუვლინა კონსტანტინე ფილოსოფოსი, კირილედ წოდებული, კაცი მართალი და ჭეშმარიტების მოყვარული, და მან შეუქმნა სლავებს დამწერლობა“.

მეთოდეს მოწაფეებს, რომლებიც მორავიიდან გამოაძევეს, ბულგარეთში სიხარულით შეეგებნენ. სამეფო კარსა და დიდებულთა სახლებში მათ, როგორც საყვარელ მოძღვრებს, ისე ხვდებოდნენ და მათივე ხელმძღვანელობით ეუფლებოდნენ სლავურ დამწერლობას. ბულგარეთში დაარსდა შვიდი საკათედრო ტაძარი საეპისკოპოსო კათედრებით; მოეწყო მრავალი სასწავლებელი. მეთოდეს მოწაფეები: კლიმენტი, ნაუმი, ანგელარიოსი, საბა, გორაზდი დაუღალავად მიმოდიოდნენ ბულგარეთის ქალაქებსა და დაბებში, მოძღვრავდნენ ახალმოქცეულებს, თარგმნიდნენ ბერძნულ წიგნებს სლავურად. ბულგარეთი მათ მადლიერებით იხსენიებს და თავიანთ პირველმასწავლებლებთან ერთად განადიდებს საერთო სახელით „შვიდი მამა“.

ბულგარეთში განათლებამ განსაკუთრებულ სიმაღლეს მიაღწია ბორისის უმცროსი ვაჟის, სიმეონის (888-927 წწ.) დროს. მან კონსტანტინოპოლში მიიღო ბრწყინვალე განათლება, რისთვისაც ისტორიკოსები „ნახევრადბერძენს“ უწოდებენ; იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა ქვეყანაში სარწმუნოებისა და ცოდნის დამკვიდრებას. სიმეონმა დიდებით იმეფა, გააფართოვა სახელმწიფოს საზღვრები. მისი მეფობის პერიოდი ბულგარული დამწერლობის ოქროს ხანად ითვლება. სიმეონს ახარებდა წმინდა მამათა გარჯა ბულგარეთში განათლების გასავრცელებლად და ყოველმხრივ მფარველობდა მათ. თავადაც იღებდა მონაწილეობას იოანე ოქროპირის თხზულებებისა და სხვა წიგნების თარგმნაში.

ჩვენ ცოტა რამ ვიცით მეთოდეს მოწაფეთა ცხოვრებაზე. ყველაზე მეტი ცნობა შემონახულია კლიმენტის შესახებ, რომელიც პირველი სლავი ეპისკოპოსი იყო ბულგარეთში, კერძოდ ველიჩის ოლქში. ზოგიერთი ცნობით, მასვე მიეწერება გლაგოლიცად წოდებული ანბანის შექმნა, რომელიც რამდენადმე განსხვავდება ღირსი კირილეს მიერ შედგენილი დამწერლობის, ე.წ. კირილიცასგან. რუსები სლავურ წიგნებს კირილიცათი წერდნენ.

ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეში, ოხრიდის ოლქში, განსაკუთრებით სჭირდებოდათ მოშურნე ქრისტიანი მოძღვრები. თავდაპირველად იქ გორაზდი მოღვაწეობდა, შემდეგ კი კლიმენტი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იქ დარჩა. მისი თავდადებული შრომა შთამბეჭდავად აღწერა ერთ-ერთმა მისმა მოწაფემ და ჩვენც, უმჯობესია, მის სიტყვებს მივმართოთ: „მან შემოიარა ხსენებული ქვეყანა და იქადაგა ღვთის სიტყვა; ოლქებში შეკრიბა სამიათას ხუთასამდე რჩეული მოწაფე. იგი დიდ დროს მათთან ატარებდა. ჩვენც, რომლებიც ყოველთვის თან ვახლდით, ვხედავდით და ვისმენდით ყოველივეს, რასაც იგი აკეთებდა და საუბრობდა, უქმად მყოფი არასდროს გვინახავს. ასწავლიდა ბავშვებს: ზოგს ასოების მნიშვნელობას უხსნიდა, ზოგს დაწერილის შინაარსს, ზოგსაც ხელწერაში ავარჯიშებდა. შრომობდა ღამითაც, ლოცულობდა, კითხულობდა და წერდა წიგნებს. ზოგჯერ ერთდროულად წერდა და ასწავლიდა კიდეც ყმაწვილებს. თავის მოწაფეთაგან მან გამოზარდა წიგნისმკითხველნი, იპოდიაკვნები, დიაკვნები, მღვდლები. სამასამდე მათგანი ბულგარეთის სხვადასხვა ოლქში დაგზავნა. მისთვის სამაგალითო იყო დიდი მეთოდეს პიროვნება. ის და მისი საქმენი ყოველთვის თვალწინ ედგა, როგორც დიდოსტატი ფერმწერის სურათი, და მას ჰბაძავდა. იგი სიყმაწვილიდან მეთოდეს თანამგზავრი და მისი ღვაწლის თვითმხილველი იყო. როდესაც დაინახა, რომ ერი ვერ იგებდა წერილის შინაარსს, მეტიც, ბევრ ბულგარელ მღვდელს ბერძნული წიგნები არც ესმოდა, მქადაგებლობა ხომ საერთოდ არ არსებობდა ბულგარულ ენაზე, მან თავისი შრომით შემუსრა ბულგარელთა დამაბრკოლებელი უმეცრების კედელი და ახალ კორინთელთა ახალ პავლედ მოგვევლინა. ყველა დღესასწაულისთვის შექმნა მარტივი, იოლად გასაგები ქადაგებანი. მათი საშუალებით შეისწავლი სარწმუნოების საიდუმლოებს; გაეცნობი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქებას, მის სახელზე ეკლესიის მიერ მრავალგზის აღვლენილს დღესასწაულის დროს... შეიტყობ მისი (იოანე ნათლისმცემლის) თავის პოვნის ამბავს, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ცხოვრებას, მოწამეთა ღვაწლს. გწადია წმინდა მამათა კანონების გაცნობა? შენ მათ ბრძენი კლიმენტის მიერ ბულგარულად გადაწერილს იპოვი. ერთი სიტყვით, ღმერთისა და მისი წმინდანების განსადიდებელი და სულიერი სიმდაბლის მასწავლებელი ყველა საეკლესიო წიგნი ჩვენ, ბულგარელებს, კლიმენტიმ გადმოგვცა. როდესაც ბორისმა ბულგარეთი შვიდი საკათედრო ტაძრით განაშვენა, მაშინ კლიმენტიმაც მოისურვა ოხრიდში საკუთარი მონასტრის აგება. იქვე ააშენა ტაძარიც, სადაც მოგვიანებით არქიეპისკოპოსის ტახტი დაიდგა. იხილა რა მარტოოდენ ხელუხლებელი, უნაყოფო ტყეებით დაფარული ბულგარეთი, მან ბერძნული მიწებიდან ჩამოიტანა ნაყოფისმომცემელი (ჯიშები) და დამყნობით გააკეთილშობილა ველური ხეები“.

კლიმენტი გარდაიცვალა 916 წელს. მისი ხსენების დღეა 21 ივლისი.

ასეთი იყო კირილესა და მეთოდეს ღირსეული მემკვიდრეების კეთილისმყოფელი მოღვაწეობა. მათი ღვაწლითა და შრომით გავრცელდა სარწმუნოება და განათლება. მეფე სვიმეონის ეპოქის ცნობილი მეცნიერები არიან: იოანე ეგზარქოსი – იოანე დამასკელის თხზულებათა მთარგმნელი; კონსტანტინე ეპისკოპოსი, რომელმაც ბულგარელებს ათანასე დიდის, იოანე ოქროპირისა და ისიდორე პელუსიელის შრომები გააცნო; თეოდორე დუქსი, მღვდელი გრიგოლი; ბერი ხრაბრი, რომელიც გვაუწყებს ცნობებს სლავურ ქვეყნებში ქრისტიანობის საწყის პერიოდზე.

სლავი ხალხები წიგნებს ბულგარეთიდან იღებდნენ. მათ შორის იყვნენ რუსებიც, რომელთაც XI საუკუნის დასაწყისში, დიდი მთავრების ვლადიმირისა და იაროსლავის დროს მიიღეს სარწმუნოება და მასთან ერთად განათლებაც. „შვიდი მამისა“ და მათი მოწაფეების შრომის ნაყოფი უხვ და ცხოველმყოფელ ნაკადად შეიჭრა სლავურ ქვეყნებში. ამ ადამიანების მოღვაწეობის ხანა ბულგარული მწერლობის ისტორიაში ყველაზე ღირსშესანიშნავ პერიოდად ითვლება.

მათ შემდგომ, ბულგარეთის ძლიერებისა და დიდების დაცემასთან ერთად, საგანმანათლებლო მოღვაწეობაც მოიშალა. ჯერ კიდევ სვიმეონის დროს საბერძნეთის იმპერატორის, ლეონის, მიერ ბულგარელებთან საბრძოლველად მოხმობილმა მადიარებმა ამ ქვეყნის ნაწილი დაიპყრეს, ხოლო სიმეონის მემკვიდრის, პეტრეს (927-969 წწ.) მეფობის პერიოდში კიდევ უფრო შეავიწროვეს მოსახლეობა. ბულგარელებს აგრეთვე ებრძოდა მთავარი სვიატოსლავი. ამასობაში ქვეყნის შიგნით ატეხილი შუღლიც დაეხმარა მტრებს და მეფე სიმეონის სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ ბულგარეთი ბიზანტიას დაექვემდებარა.

მართლმადიდებლობა ბულგარეთში, რასაკვირველია, შენარჩუნებული იქნა. მეფე პეტრეს დროს ბულგარეთის ეკლესია საბერძნეთისგან დამოუკიდებელიც კი გახდა და თავისი პატრიარქი, დამიანე, ჰყავდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. იმავე პეტრეს დროს ბულგარეთში ჩნდება დიდი ქრისტიანი მოღვაწე, ღირსი იოანე რილელი, რომელიც ახალგაზრდობიდან განდეგილის ცხოვრებას მისდევდა. მოგვიანებით, როდესაც მის ირგვლივ მოწაფეებმა მოიყარეს თავი, მოაწყო რილის სავანე, რომელმაც კეთილისმყოფელი გავლენა იქონია ბულგარეთზე. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო საქმემ შესამჩნევად იწყო დასუსტება, ამას დაემატა პავლიკიანელთა ერესის გავრცელება ბულგარეთში. მისი მიმდევრები მრავლად იყვნენ თრაკიაში, განსაკუთრებით ქალაქ ფილიპოპოლისში. ერთი ბულგარელი მღვდელი, სახელად ბოგომილი, ერთგვარად ამ ცრუსწავლების მეორე დამამკვიდრებელი გახდა. ერესი სწრაფად მოედო მთელ ქვეყანას და მეზობელი სერბიის ზოგ ოლქშიც შეაღწია ბოგომილის ერესის სახელწოდებით.

ბულგარელთა ერთი შტო სამხრეთის გარდა დასახლდა ვოლგისა და კამის ნაპირებზე. ამ ხალხს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან, ფართოდ ვაჭრობდა აღმოსავლეთთან და დაახლოებით 920 წელს მიიღო მაჰმადიანობა. ეს სახელმწიფო თავის დაცემამდე (1241 წელს იგი დაიპყრეს თათარ-მონღოლებმა) ქრისტიანობისადმი მტრულად იყო განწყობილი.

პაპები არაფერს ერიდებოდნენ თავიანთი გავლენის დასამკვიდრებლად და დაკარგულის დასაბრუნებლად, რასაც ხშირად ახერხებდნენ კიდეც. მაგალითად, ხორვატია და დალმაცია ისევ რომს დაემორჩილა. 925 წელს სლავთა განმანათლებლების მშობლიურ ქალაქ თესალონიკში შემდგარმა კრებამ აკრძალა ლიტურგია სლავურ ენაზე. იგივე განმეორდა დალმაციის ქალაქ სპლეტში. მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრს ვერაფერს მიაღწიეს, რადგან რომში ასი წლის შემდეგაც აწუხებდათ ეს პრობლემა: მაგალითად, პაპმა გრიგოლ VII დალმაციის მთავარს გვირგვინი დაადგა მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი ყველა ეროვნულ ტრადიციას აღმოფხვრიდა.

ხალხი ვერ შეეგუა მშობლიურ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების გაუქმებას და სრულიად კანონიერად ითხოვდა მის აღდგენას, მაგრამ ამაზე უარს ეუბნებოდნენ; ერის თვალწინ იდევნებოდა ყოველივე მშობლიური, რაც მათში მტრობას აღძრავდა ლათინებისადმი. მცდარ გზაზე ერთხელ უკვე შემდგარი რომის ეკლესია კვლავ მიჰყვებოდა მას. მაგალითად, არ ითარგმნებოდა წმინდა წერილი და არც ღვთისმსახურება ტარდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე, რადგან არავინ აქცევდა ყურადღებას ახალმოქცეულთა ჭეშმარიტ განათლებას. სამაგიეროდ თანდათანობით დაწესდა და თითქმის დოგმატად იქცა საეკლესიო ენად მარტოოდენ ლათინურის გამოყენება, რასაც რომის ეკლესია იცავდა, როგორც ერთიანობის ხილულ ნიშანს. ამ საკითხში საპირისპირო პოზიცია ეკავა აღმოსავლეთის ეკლესიას.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თვალსაჩინო ადგილი დაიკავა ისტორიაში, რომის პაპები იქ თავიანთ მქადაგებლებს აგზავნიდნენ. განსაკუთრებული მონდომებით ისინი დიდი მთავრის, ვლადიმირის, რომისადმი დამორჩილებას ცდილობდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. 988 წელს კორსუნში (ქერსონესში) ვლადიმირი მონათლა ბერძენმა ეპისკოპოსმა.

პაპების მცდელობები უფრო წარმატებული გამოდგა სხვა სლავურ მიწებზე, რასაც მომდევნო თავში შევეხებით.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა