martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 61

ქრისტიანთა დევნა ესპანეთში.

 

ახლა ყურადღება მივაპყროთ ქვეყანას, სადაც დაწყებული IX საუკუნის შუა წლებიდან ქრისტიანებს მძიმე განსაცდელის დღეები ედგათ. როგორც ვიცით, VIII საუკუნის დასაწყისში ესპანეთის დიდი ნაწილი მაჰმადიანებმა დაიპყრეს, თუმცა ქრისტიანობის დევნა არ დაუწყიათ. კორდოვას ხალიფები მფარველობდნენ მეცნიერებას, განათლებას და საკმაო შემწყნარებლობას იჩენდნენ ქრისტიანი ქვეშევრდომებისადმი, რომლებიც გაცილებით უკეთ ცხოვრობდნენ ესპანეთში, ვიდრე მათი ერთმორწმუნენი აღმოსავლეთში. მართალია, თითოეულ მათგანს ყოველთვიურად გადასახადი უნდა გადაეხადა, სამაგიეროდ, კანონი ნებას რთავდა, აეგოთ ეკლესია-მონასტრები, თავისუფლად აღესრულებინათ ღვთისმსახურება, საკუთარ სამსჯავროზევე მოეგვრებინათ უთანხმოებანი... ოღონდ აკრძალული იყო მაჰმადიანთა გაქრისტიანება და მუჰამედის ლანძღვა. მაჰმადიანებსაც ქრისტეს შეურაცხყოფის უფლება არ ჰქონდათ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მუჰამედის მგმობელს კლავდნენ, ქრისტესას – სხეულებრივ სასჯელს აკმარებდნენ. ბევრ ქრისტიანს მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა სახელმწიფოში. მღვდლები და მონაზვნები შუამავლების როლს ასრულებდნენ მაჰმადიან და ქრისტიან მმართველებს შორის.

მალე ქრისტიანულ საზოგადოებაში რწმენისადმი ერთგვარმა გულგრილობამ იჩინა თავი. არაბების განათლების დონე უფრო მაღალი იყო და ქრისტიანი ყმაწვილებიც სიამოვნებით დადიოდნენ მათ სკოლებში, ამასთან არად აგდებდნენ საკუთარი რჯულისა და მამათა ნაწერების შესწავლას. ზოგი ესწრაფოდა, შეჰმატებოდა მმართველთა რიგებს და თავი დაეღწია გადასახადისგან. ამ მიზეზთა გამო გახშირდა ქრისტიანთა გამაჰმადიანების შემთხვევები.

სარწმუნოებისგან ამგვარი განდგომა, რასაკვირველია, მოშურნე ქრისტიანთა გულწრფელ აღშფოთებას იწვევდა. ზოგი მათგანი, განდგომილთა და გულგრილთა გასაკიცხად ხშირად ხმამაღლა საუბრობდა საკუთარ სარწმუნოებაზე, რაც მტრული შეტაკების მიზეზი ხდებოდა ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის. ეს უკანასკნელნი მონაზვნებსა და მღვდლებს ხან სიცილითა და ლანძღვით ხვდებოდნენ, ხანაც მათი ბავშვები უშენდნენ ქვებს. ზარების რეკვა, რითაც ქრისტიანებს ტაძრებში მისასვლელად უხმობდნენ, მუსლიმანთა აღშფოთებას იწვევდა.

ასევე მოშურნე ქრისტიანებსაც აძრწუნებდა, როგორ გაჰყვიროდა მოლა მინარეთიდან: „არ არის ღმერთი თვინიერ ალაჰისა. მუჰამედი კი წინასწარმეტყველია მისი!“ ამის გაგონებაზე მორწმუნენი პირჯვარს იწერდნენ და უზენაესს შესთხოვდნენ: „ნუ დადუმდები, ღმერთო, შემუსრე მტერნი შენნი!“

ამგვარმა მდგომარეობამ აფეთქებისთვის მოამზადა ნიადაგი. თავად ქრისტიანები ჯგუფად გაიყვნენ: ზომიერი ფრთა თვლიდა, რომ უფლისთვის მადლობა უნდა შეეწირათ იმ თავისუფლებისთვის, რითაც ურჯულოთა უღელქვეშ მოქცეულნი სარგებლობდნენ და თავი შეეკავებინათ მაჰმადიანთა გაღიზიანებისგან. უარი არ ეთქვათ სახელმწიფო თანამდებობებზე და კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად გამოეყენებინათ ქრისტიანული რჯულისთვის მისაღები ყველა საშუალება. მეორე, უკიდურესთა ფრთა სამარცხვინოდ მიიჩნევდა ამგვარ მიდგომას და მას სილაჩრედ, სულმოკლეობად, რჯულისგან განდგომადაც კი თვლიდა. ისინი მაჰმადიანურ ხელისუფლებაში უმცირეს მონაწილეობასაც კი ცოდვად თვლიდნენ. მათი აზრით, ჭეშმარიტი ქრისტიანის უწმინდესი მოვალეობა იყო, ყველგან, ყოველთვის დაუფარავად ეღიარებინა თავისი სარწმუნოება და მაჰმადიანობისადმი სიძულვილი. უკიდურესთა ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი ალვარეს კორდოველი ზომიერებს ეუბნებოდა: „თქვენ ნახევრადქრისტიანები ხართ. ურჯულოთა თანდასწრებით ლოცვას, პირჯვრის გადაწერასა და ქრისტეს ღმერთად აღიარებას ვერ ბედავთ... დღედაღამ გაისმის მინარეთიდან უფლის გმობა... ვაი სოფელსა ამას, ქრისტეს სიბრძნისგან ესოდენ განძარცულს!.. არავინ ჩანს, ვინც ღვთის ბრძანებით აღმართავს ჯვარს მთებისა და ბაბილონის კოშკების თავზე, შესწირავს ღმერთს სამწუხრო მსხვერპლს!“

გაჩნდა მსხვერპლიც, თუმცა ალვარესი ამგვარ შესაწირს არ გულისხმობდა. პირველი, ვინც ამ გარემოებაში ქრისტესთვის დაიღუპა, იყო მღვდელი, რომელიც ეკუთვნოდა ზომიერ და არა უკიდურეს ფრთას. ეს მოხდა 850 წელს. კორდოვის მღვდელმონაზონი პერფექტო მონასტრიდან გამოვიდა საყიდლებისთვის. გზად მუსლიმანებს გადაეყარა, რომლებმაც მასთან საუბარი გააბეს ქრისტიანობაზე, თან ჰკითხეს, რა აზრის იყო მუჰამედზე. მღვდელმონაზონმა უარი უთხრა პასუხზე და აუხსნა, რომ მათ შეურაცხყოფას ერიდებოდა. ისინი გაჯიუტდნენ, მოსთხოვეს – გულახდილად ეთქვა სათქმელი, თან დაჰპირდნენ, რომ მის სიტყვებს შეურაცხყოფად არ ჩათვლიდნენ და შურს არ იძიებდნენ. მაშინ პერფექტომ უპასუხა: მუჰამედი ერთ-ერთია იმ ცრუწინასწარმეტყველთაგან, რომელთა შესახებაც ხალხს აფრთხილებდა ქრისტე. ამის გამგონე მუსლიმანებმა ბოღმა არ გამოამჟღავნეს და მღვდელი მშვიდობიანად გაუშვეს, რათა საკუთარი დაპირება არ დაერღვიათ. გარკვეული ხნის შემდეგ კი დახვდნენ, შეიპყრეს და სამსჯავროს წარუდგინეს, როგორც მუჰამედის მგმობელი. პერფექტო საპყრობილეში ჩააგდეს და მოსთხოვეს – უკან წაეღო თავისი სიტყვები; მან უარი განაცხადა მობოდიშებაზე, პირიქით, დაადასტურა თავისი ნათქვამი და უშიშრად აღიარა თავისი სარწმუნოება, რისთვისაც იგი სიკვდილით დასაჯეს.

ამ ამბის შემდგომ მთელი სიმძაფრით გამოვლინდა მუსლიმანთა ფანატიზმი და ქრისტიანთა მზადყოფნა მარტვილობისთვის. კორდოველი ვაჭარი იოანე, რომელსაც მუჰამედის ლანძღვა დააბრალეს, სასტიკად გვემეს და სიკვდილით დასაჯეს. ერთი ყმაწვილი, სახელად ისააკი, სამსჯავროს წარუდგა და თავი მოაჩვენა, თითქოს მუჰამედის რჯულის ახლოს გაცნობა სურდა. როდესაც ამ ამბით გახარებულმა მსაჯულმა სცადა, აეხსნა მისი არსი, ისააკმა მათ წინასწარმეტყველს მატყუარა და მაცდური უწოდა. იგი სიცოცხლეს გამოასალმეს.

მარტვილობისთვის მზადყოფნის განწყობა დღითიდღე ძლიერდებოდა. ყმაწვილები, ქალწულები, მოხუცები თავიანთი ნებით მიდიოდნენ მსაჯულებთან; მეჩეთებში მოულოდნელად ცხადდებოდნენ ქრისტიანები და ხმამაღლა ჰგმობდნენ მუჰამედს. შორეული მონასტრებიდან, უდაბნოებიდან და ტყეებიდან ქალაქისკენ დაიძრა მონაზვნებისა და განდეგილების ნაკადი – ისინი ხმამაღლა გმობდნენ ცრუწინასწარმეტყველს და სიკვდილს ეგებებოდნენ. ამაოდ ცდილობდნენ ზომიერი ფრთის ზოგიერთი მღვდელი და ერისკაცი, შეეჩერებინათ ასეთი თავგანწირვა. ისინი უხსნიდნენ ხალხს, რომ თვითნებური მარტვილობა არ ითვლება ღვთისსათნო ღვაწლად; რომ ჭეშმარიტ ქრისტიანს ჰმართებს, თავმდაბლად და მოთმინებით ელოდოს უფლის ნების გამოვლინებას და თავი განგებ არ ჩაიგდოს საფრთხეში; რომ მტრებიც უნდა დაინდონ, ვითარცა მოყვასნი; რომ მოწამეობისადმი ასეთ დაუოკებელ სწრაფვაში უფრო მეტად ამპარტავნება მჟღავნდება, ვიდრე სიყვარული. ყველა ეს შეგონება ამაო გამოდგა. სამაგიეროდ, უზარმაზარი გავლენით სარგებლობდნენ მღვდელი ევლოგი და მისი მეგობარი, პავლე ალვარეს კორდოველი. ისინი ნებისმიერი მარტვილობის მომხრენი იყვნენ და მათი მგზნებარე სიტყვები კიდევ უფრო განაწყობდა ქრისტიანებს, ეძებნათ მოწამებრივი აღსასრული.

ბოლოს თავად ხალიფა აბდ-არ-რაჰმან II მიმართა ორ ესპანელ მიტროპოლიტს – სევილიისა და ტოლედოს არქიეპისკოპოსებს, და დაარწმუნა, გამოეყენებინათ სასულიერო ძალაუფლება, ქრისტიანებისთვის აეკრძალათ მაჰმადიანთა გამოწვევა და განგებ სიკვდილის ძებნა.

არც მიტროპოლიტების სიტყვებმა უშველა საქმეს...

სიკვდილის ძიება და შესაბამისად დასჯა გაგრძელდა. მშვიდობიან დროს ქრისტიანები და მუსლიმანები ქორწინდებოდნენ კიდეც; ასეთ ოჯახებში ბავშვს ზოგჯერ ქრისტიანული წესით ზრდიდნენ. ახლა მუსლიმანებმა დაიწყეს ქრისტიანობაზე მოქცეულთა დასმენა. მაგალითად, შერეული ქორწინების შედეგად დაბადებულსა და დედის მიერ ქრისტიანად აღზრდილ ქალწულ ფლორას ძმამ, თავგამოდებულმა მუსლიმანმა, დას მაჰმადიანობისგან განდგომაში დასდო ბრალი. ფლორას დასჯითა და მუქარით აიძულებდნენ, დაეგმო ქრისტე. იგი არ გატყდა, მაგრამ რადგანაც გაირკვა, რომ მუჰამედისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, გაუშვეს. ცოტა ხნის შემდეგ უკიდურესთა ფრთის ზეგავლენით ანთებული თავად გამოცხადდა მსაჯულებთან და ცრუწინასწარმეტყველი დაგმო. ფლორა ჯერ დილეგში ჩააგდეს, შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

როდესაც ტოლედოს მიტროპოლიტი მიხვდა, რომ სიტყვებით ვერაფერს გახდებოდა, ბრძანა საპყრობილეში დაემწყვდიათ მღვდლები, რომლებიც ქრისტიანებში მარტვილობის სურვილს აღვივებდნენ. მათ შორის ერთ-ერთი და მთავარი იყო ევლოგი. ტოლედოს მიტროპოლიტი იმავდროულად ცდილობდა დატყვევებული ქრისტიანებისთვის აეხსნა, რომ მათი საქციელი ეკლესიის მშვიდობას არღვევდა; რომ ბევრ ეკლესიაში მწყემსი აღარ დარჩა და მრავალ ქრისტიანს მოაკლდა საიდუმლოების აღსრულებისა და ღვთისმსახურებისგან ბოძებული ნუგეშინისცემა; რომ ქრისტიანის მოვალეობაა, იყოს მტკიცე აღმსარებელი სარწმუნოებისა და თვითნებურად არ ჩაიგდოს თავი საფრთხეში, განგებ არ ეძებოს სიკვდილი.

ქრისტიანებს საპყრობილიდანაც მიმართავდა ტყვეობაში მყოფი ევლოგი, აქებდა მათ ღვაწლს და კიდევ უფრო ამძაფრებდა მოწამებრივი აღსასრულისადმი მათ ლტოლვას. შეუპოვარი ბრძოლა გრძელდებოდა ზომიერ და უკიდურეს დაჯგუფებებს შორის. ბოლოს, ისევ აბდ-არ-რაჰმანის სურვილით, კორდოვაში მოწვეული იქნა კრება, რომელმაც გამოსცა ბრძანება: ქრისტიანებს ეკრძალებოდათ თვითნებურად, მოხმობის გარეშე, გამოცხადებულიყვნენ მაჰმადიან მმართველებთან საკუთარი რწმენის აღიარებისთვის.

მალე გარდაიცვალა ხალიფა აბდ-არ-რაჰმანი და მისმა მემკვიდრემ დაიწყო ქრისტიანების შევიწროება, გაათავისუფლა ისინი დაკავებული თანამდებობებიდან... ასევე ხშირი იყო ქრისტიანთა სიკვდილით დასჯა, რადგან მარტვილობისკენ მათი სწრაფვა არ ჩამცხრალა. უკიდურესი ფრთის სული და გული ევლოგი ტოლედოს არქიეპისკოპოსად აირჩიეს. ბოლოს, 859 წელს, იგი თავადაც წარდგა სამსჯავროს წინაშე. მუსლიმანურ ხელისუფლებას მისი გადარჩენა უნდოდა, რადგან პატივს სცემდნენ უზადო ცხოვრებისა და მრავალმხრივი განათლებისათვის, მაგრამ ევლოგი, რომელიც სხვებს აქეზებდა მოწამებრივი სიკვდილისაკენ, თავადაც გულწრფელად იყო ანთებული ამ სურვილით. მან დაუფარავად დაგმო მუჰამედი და თავი სასიკვდილოდ გაწირა.

ეს იყო ერთ-ერთი უკანასკნელი მსხვერპლი დევნისა, რომელიც შემდგომ მალე შეწყდა და ძლეულებსა და მძლეველთა შორის უწინდელი ურთიერთობებიც აღდგა. ამ დევნის შესახებ ცნობები მოცემულია ევლოგისა და პავლე ალვარეს კორდოველის ორ წიგნში, რომლებიც გაჯერებულია მოწამეთა მიმართ აღფრთოვანებული ქება-დიდებით.

მაჰმადიანებს მთელი ესპანეთი არ დაუპყრიათ; ასტურიის მთებში მამაცმა დონ პელაიომ (714-737 წწ.) შეძლო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და დაცვა. იგივე გააკეთა ბისკაის ყურესთან მისმა სიძემ, ალფონსომ (739-757 წწ.), რომელმაც მოგვიანებით ერთი კვერთხის ქვეშ გააერთიანა პელაიოსა და თავისი სამფლობელოები. მან მაჰმადიანებს შემდგომ წაართვა გალისიისა და კასტილიის ოლქის ნაწილი, რითაც უფრო გააფართოვა თავისი სამფლობელო. მისმა შვილიშვილმა ალფონსო II (789-842 წწ.) ასევე რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა ხალიფებზე. მანვე ააგო მრავალი ტაძარი, რომელთა შორის არის იაკობ მოციქულის სახელზე აგებული ბრწყინვალე ტაძარი სანტიაგო დე კომპოსტელა. ხოლო 829 წელს ესპანეთში გადაასვენეს იაკობ მოციქულის ნაწილები, რომელსაც ეს ქვეყანა თავის ზეციურ მფარველად დღესაც მიიჩნევს.

ალფონსოს მემკვიდრეებმა განაგრძეს ხალიფებთან ბრძოლა, რაც დაგვირგვინდა იმით, რომ IX საუკუნის ბოლოსთვის უკვე არსებობდა მაჰმადიანთაგან დამოუკიდებელი, ესპანეთის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. ხალიფებმა ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილშიც დაკარგეს ოლქები, რომელთაც ფრანკები დაეპატრონნენ. მთელი სამხრეთ ესპანეთი კი კიდევ დიდხანს დარჩა მუსლიმანთა ხელთ.

ესპანეთის ქრისტიანულ ეკლესიას მართავდნენ ქალაქების ეპისკოპოსები და სევილიისა და ტოლედოს მიტროპოლიტები. მათ საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნეს პაპისგან დამოუკიდებლობა.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა