martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 6

პავლესა და ბარნაბას პირველი სამოციქულო მოგზაურობა კვიპროსსა და მცირე აზიაში. მოციქულთა კრება იერუსალიმში.

 

პავლე და ბარნაბა ანტიოქიიდან იერუსალიმს გაგზავნეს და თან გაჭირვებული მოძმეებისთვის შემწეობა გაატანეს. მათ იქ რამდენიმე ხანი დაჰყვეს, შემდეგ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს ჭაბუკი მოწაფე, ბარნაბას ნათესავი იოანე მარკოზი. ღვთის მადლით ანტიოქიის ეკლესია სწრაფად იზრდებოდა და თავის წევრებად მრავალ ღვთისსათნო ადამიანს მიითვლიდა. წმინდა წერილში დასახელებულნი არიან წინასწარმეტყველნი და მასწავლებლები: ბარნაბა, სავლე, სიმონი (რომელსაც ნიგერსაც ეძახდნენ), ლუციუს კვირინელი, მანაილი. ერთხელ, ღვთისმსახურების დროს სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა პირით უბრძანა ბარნაბასა და სავლეს, მომზადებულიყვნენ განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად. მაშინ ძმობამ, ლოცვისა და მარხვის შემდგომ, ხელნი დაასხა მათ და სახარების საქადაგებლად სხვა ქვეყნებში მიავლინა.

აქ მითითებულია ძველ ეკლესიაში დაცული მმართველობის წესი: ბარნაბა და სავლე თავად სულიწმიდამ გამოარჩია, მაგრამ მათ მაინც ეკლესიისგან მიიღეს ხელდასხმა, რაც ნიშნავს კურთხევასაც და დადგინებასაც. ამასთან ისინი თავიანთი საქმის აღსასრულებლად ლოცვითა და მარხვით ემზადებოდნენ.

სულიწმიდით შთაგონებული ბარნაბა და სავლე გზას გაუდგნენ. მათ თან გაჰყვა და ემსახურებოდა იოანე მარკოზი. პირველად ბარნაბას სამშობლო, კუნძული კვიპროსი, მოინახულეს. მისი მცხოვრებნი წარმართთა ღმერთებს ეთაყვანებოდნენ, მაგრამ კუნძულის მმართველი სერგიუს პაულუსი დაინტერესდა ახალი სწავლებით და თავისთან უხმო მოციქულებს. ერთი იუდეველი, სახელად ბარიიესუ, რომელიც მოგვად ასაღებდა თავს, ცდილობდა, განზრახვა გადაეთქმევინებინა მისთვის, რადგან ეშინოდა, არ დაეკარგა ცბიერებით მოპოვებული გავლენა ხალხსა და მმართველზე. სავლემ მკაცრად გაკიცხა მზაკვარი იუდეველი ხალხის მოტყუების მცდელობისათვის: „და აწ ესერა Pელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე“(საქმე 13,11). უეცრად ცრუმოძღვარი დაბრმავდა და ხელის ცეცებით აქეთ-იქით აწყდებოდა. ამ სასწაულმა ყველა იქ მყოფს თავზარი დასცა და მმართველმაც ირწმუნა უფალი იესო. წმინდა წერილის ამ ადგილიდან სავლე მუდამ იხსენიება პავლედ, ამის მიზეზი უცნობია, მაგრამ ამიერიდან ჩვენც ასე ვუწოდებთ მას.

მოციქულები კვიპროსიდან გაემგზავრნენ მცირე აზიაში.[1] იოანე მარკოზმა მალე მიატოვა ისინი; სავარაუდოდ მას სირთულეების და ხიფათის შეეშინდა. წმინდა მოციქულები კი მზად იყვნენ, ყოველივე დაეთმინათ უფლის სიტყვისთვის. ისინი ყოველ ქალაქში თავდაპირველად სინაგოგებში ქადაგებდნენ, თუ იუდეველები არ შეიწყნარებდნენ ქრისტეს სწავლებას, მაშინ მიმართავდნენ წარმართებს. პისიდიის ანტიოქიაში ამ უკანასკნელთაგან მრავალმა მოუსმინა მათ და ირწმუნა, მაგრამ იუდეველებმა მოციქულებს დევნა მაინც დაუწყეს და ამ მხარიდან გააძევეს. საერთოდ, მოციქულები გამუდმებით გრძნობდნენ მტრობას იუდეველთაგან, რომლებიც მათში მოსეს რჯულის დამარღვევლებს ხედავდნენ და არ სურდათ, მაცხოვრის სიკვდილში თავი დამნაშავედ ეცნოთ. მეტიც, იუდეველთა ამპარტავანი ბუნება ვერ ეგუებოდა, რომ მათ წარმართები გაუთანაბრეს და ამ უკანასკნელთ გადარჩენისა და მარადიული ცხოვრებისკენ მოუწოდეს; ხოლო მრავალი კერპთაყვანისმცემელი, რომლებიც მიხვდნენ თავიანთი ადრინდელი კერპთმსახურების ამაოებას, სიხარულით იღებდა სწავლებას იესო ქრისტეთი გადარჩენის შესახებ. თავად რომის მმართველობას ჯერ კიდევ არ აშინებდა ქრისტიანული სარწმუნოების წარმატებები, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რა მნიშვნელობის მოვლენა ხდებოდა. ისინი მიეჩვივნენ აზრს, რომ იუდეაში სხვადასხვა სექტა გამუდმებით ეპაექრებოდა ურთიერთს და ქრისტიანულ სწავლებას დიდხანს აღიქვამდნენ, როგორც ერთ-ერთი მსგავსი ჯგუფის ნააზრევს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არც იმსახურებდა.

პისიდიის ანტიოქიიდან დევნილი მოციქულები იკონიაში მივიდნენ, სადაც მრავალი წარმართი და ელინი მოაქციეს; იქ საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ, გულმოდგინედ ქადაგებდნენ და ღვთის ძალით აღასრულებდნენ ნიშებსა და სასწაულებს. მაგრამ აქაც იუდეველებმა არ მოასვენეს, მთელი ქალაქი აღაშფოთეს და მოციქულების ქვებით ჩაქოლვა განიზრახეს. მაშინ მათ ლიკაონიის სხვა ქალაქებს – ლისტრას და დერბეს – მიაშურეს.

არსებობს გადმოცემა, რომ იკონიაში ყოფნის დროს პავლე მოციქულმა გააქრისტიანა წარმართი ასული, სახელად თეკლა. ქალწულმა მთელი გულით ირწმუნა და უარი განაცხადა ქორწინებაზე წარმართთან, რომელზეც დაწინდული იყო. ამის გამო საკუთარი ოჯახი გადაიმტერა – მას თავად დედამ დასდო ბრალი სამსჯავროზე, რის შედეგადაც ქალწულს ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. უფალმა სასწაულებრივად იხსნა იგი და თეკლამაც მთელი თავისი ცხოვრება ღვთის სამსახურს მიუძღვნა. იგი თავდაუზოგავად ქადაგებდა სახარებას, არად აგდებდა ნებისმიერ მუქარასა და დევნას. ანტიოქიაში მას მეორედ მიუსაჯეს სიკვდილი და ამჯერადაც იხსნა უფლის ძალამ. თეკლა ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა სელევკიის მახლობლად. მან ქადაგებითა და თავისი წმინდა ცხოვრების მაგალითით მრავალი წარმართი გააქრისტიანა. ეკლესია მას პირველმოწამესა და მოციქულთა სწორს უწოდებს და პატივს მიაგებს 24 სექტემბერს.

ლისტრაში პავლემ ქრისტეს სახელით განკურნა დაბადებიდან ხეიბარი. ამ სასწაულმა იმდენად გააოგნა წარმართები, რომ რამდენიმემ წამოიძახა კიდეც: „ღმერთნი მიმსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა“ (საქმე 14,11). ისინი მოციქულებს თავიანთი ღმერთების სახელებს უწოდებდნენ და მათ პატივსაცემად მსხვერპლის შეწირვაც კი მოისურვეს. მოციქულებმა ძლივს გადააფიქრებინეს ეს განზრახვა, განუმარტეს, რომ ისინი, მათივე მსგავსი ადამიანები, მოვიდნენ, რათა კერპთა თაყვანისცემას განაშორონ და ასწავლონ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა, რომელიც ადამიანებს ზეციდან მოუვლენს წვიმას და მოსავლიან ჟამს, აძლევს საზრდოს და სიხარულით აღუვსებს გულებს.

მოციქულები რამდენიმე ხანს დარჩნენ ლისტრაში და მოძღვრავდნენ ხალხს, მაგრამ ანტიოქიიდან იქაც მივიდნენ მათი მოძულე იუდეველები, დაუწყეს ლანძღვა და ცილისწამება. ამ ადამიანებს ზუსტად ისინი მიემხრნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოციქულებს აღმერთებდნენ – ქვებიც კი დაუშინეს მათ. შემდეგ მოსახლეობამ ცოცხალმკვდარი პავლე ქალაქგარეთ გაათრია, მაგრამ უფალმა ჯანმრთელობა დაუბრუნა მოციქულს, რომელიც მეორე დღეს ბარნაბასთან ერთად დერბეში წავიდა.

იქ მოციქულებმა საკმაოდ ბევრი მოწაფე შეიძინეს. არ შეუშინდნენ მტრების რისხვას და ისევ ლისტრაში, იკონიასა და პისიდიის ანტიოქიაში დაბრუნდნენ, რათა თავიანთი დარიგებებით განემტკიცებინათ ახალმოქცეულების რწმენა. თითოეულ ეკლესიაში მოციქულები ხელს ასხამდნენ პრესვიტერებს, რომლებსაც უნდა ეზრუნათ მორწმუნეებზე, დაემოძღვრათ ისინი და აღესრულებინათ ღვთისმსახურება. შემდეგ მარხვითა და ლოცვით ავედრებდნენ უფალს მის ახალმოქცეულ შვილებს და საქადაგებლად სხვაგან მიდიოდნენ... თავიანთი ღვთაებრივი მოძღვრის მაგალითს ჰბაძავდნენ, თავს არ ზოგავდნენ, მიჰყვებოდნენ მის დარიგებებს, დადიოდნენ ქალაქებსა და დაბებში და ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, ეწეოდნენ ქველმოქმედებას, ეხმარებოდნენ სნეულებსა და ტანჯულებს. თავი მთლიანად წმინდა საქმეს მიუძღვნეს – ცხოვრობდნენ ღვთის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ და არა საკუთარი თავისთვის.

პერგესა და ატალიაში ყოფნის შემდეგ პავლე და ბარნაბა დაბრუნდნენ სირიის ანტიოქიაში – იქ, საიდანაც გააგზავნეს. როცა მოძმეებს უამბეს, თუ როგორ აკურთხა უფალმა მათი შრომა, ყველამ გულით გაიხარა. მოციქულების ეს მოგზაურობა ერთ წელიწადს გაგრძელდა.

პავლე და ბარნაბა დიდხანს ცხოვრობდნენ ანტიოქიაში და გულწრფელად უხაროდათ, რომ უფალმა კერპთაყვანისმცემლებსაც მოუხმო და გადარჩენის გზა აჩვენა. მალე წარმართთა თაობაზე მორწმუნეთა შორის დავა ატყდა. იუდეიდან მოსული ზოგი მოძმე ამტკიცებდა, რომ ისინი ვერ გადარჩებოდნენ, თუ ჯერ მოსეს რჯულის წესს არ შეიწყნარებდნენ. პავლე და ბარნაბა ედავებოდნენ მათ, რადგან ესმოდათ, რომ მოსეს რჯულის წესები ქრისტეს ახალი რჯულის წინასახეს წარმოადგენდა, მის მისაღებად მომზადებას ემსახურებოდა და ახლა კი თავისი მნიშვნელობა დაკარგა. რჯულის წესების მიზანი იყო იუდეველთა გამიჯნვა სხვა ერებისგან და ამით ებრაელთა დაცვა კერპთაყვანისცემლობისგან; მაგრამ ახლა, როდესაც უფალმა წარმართებსაც მოუხმო გადარჩენისკენ, ასეთი განცალკევება საჭირო აღარ იყო. სიმშვიდისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად ანტიოქიის ეკლესიამ გადაწყვიტა, სხვა მოციქულებთან და მოძმეებთან ამ საკითხზე სათათბიროდ იერუსალიმში გაეგზავნა პავლე და ბარნაბა. პავლეს თან გაჰყვა მისი ახალგაზრდა მოწაფე, ელინთაგან მოქცეული ტიტე. გზად ისინი ყველა მორწმუნეს უამბობდნენ წარმართთა მოქცევის ამბავს.

იერუსალიმშიც არ ცხრებოდა კამათი კერპთაყვანისმცემელთა თაობაზე. ფარისეველთაგან მოქცეულნი ამტკიცებდნენ, რომ გაქრისტიანებულ წარმართებს უეჭველად მართებდათ მოსეს რჯულის ყველა წესის დაცვა, რასაც გადარჩენის აუცილებელ პირობად მიიჩნევდნენ. ამ საკითხზე სათათბიროდ შეიკრიბნენ მოციქულები და პრესვიტერები. ქრისტესშობიდან 50-ე წელს შედგა კრება, რომელსაც უძღვებოდა იერუსალიმის ეპისკოპოსი იაკობი. პეტრე წამოდგა და შეკრებილებს შეახსენა, რომ ღმერთმა პირველად მას უბრძანა, ექადაგა წარმართებისთვის და ისინი არაფრით განუსხვავებია იუდეველებისგან; მათაც გარდამოუვლინა სულიწმიდა და რწმენით განწმინდა მათი გულები. დასასრულ კი თქვა, რომ ყველას ცხონება მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს მადლით იყო შესაძლებელი. პავლემ და ბარნაბამ კრებას უამბეს იმ ნიშებსა და სასწაულებზე, რასაც უფალი მათი საშუალებით ახდენდა წარმართთა შორის. იაკობი თავად მკაცრად იცავდა რჯულს, მაგრამ მიემხრო თვალსაზრისს, რომ წარმართობიდან მოქცეულების დატვირთვა იუდეური წესებით არ იყო საჭირო – ისინი მათთვის მაინც არაფერს ნიშნავდნენ. ოღონდ მოეთხოვებოდათ ქრისტეს რჯულის აღსრულება, წმინდად და მართლად ცხოვრება – არ უნდა მიეგოთ სხვებისთვის ის, რასაც თავისთვის არ ისურვებდნენ.

ბოლოს ყველა შეთანხმდა და იერუსალიმის ეკლესიის სახელით დაიწერა წერილი-მიმართვა სირიაში, ანტიოქიასა და კილიკიაში მცხოვრები გაქრისტიანებული წარმართებისადმი. ამ წერილში მათ ძმები უწოდეს, დადგენილება გააცნეს და დასძინეს: „რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ (საქმე 15,28). აღიარებულ იქნა, რომ იუდეველებსა და წარმართობისაგან მოქცეულებს შორის სხვაობა არ არსებობს – ისინი ურთიერთისადმი სიყვარულით შეაკავშირა ერთადერთი მაცხოვრის რწმენამ, რომლის მიერაც მორწმუნეები ღვთის შვილნი ხდებიან. იუდეველთათვის, რომლებიც ასე დიდხანს თვლიდნენ თავს ღვთის ერთადერთ რჩეულ ერად, იოლი არ ყოფილა წარმართებთან თანასწორობის აღიარება. ეს შემდგომშიც ხშირად აღაშფოთებდა მათ. სიტყვები „ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა“ ჩართეს შემდგომ იმ კრებების დადგენილებებშიც, რომლებსაც, იერუსალიმის კრების მსგავსად, სადავო საკითხების გადასაჭრელად და ეკლესიაში შექმნილ სხვადასხვა გარემოებათა გამო იწვევდნენ.

იერუსალიმის ეკლესიამ გადაწყვიტა, ანტიოქიაში პავლესა და ბარნაბასთან ერთად იუდა და შილა გაეგზავნა, რომლებიც ასევე წინასწარმეტყველნი იყვნენ და მოციქულებს ეხმარებოდნენ. მათვე ჩაუტანეს და გააცნეს კრების დადგენილება ანტიოქიელ მორწმუნეებს, რომლებმაც იგი სიხარულით მიიღეს.

მაგრამ, მიუხედავად კრების დადგენილებისა, იუდეველ ქრისტიანებს გაუჭირდათ, თავიანთ შეგნებაში სრულად დაეძლიათ ადრინდელი განწყობა წარმართებისადმი. თავად პეტრე მოციქულისთვისაც კი რთული იყო წარმართთაგან მოქცეულებთან ურთიერთობა. მაგალითად, გალატელთა მიმართ ეპისტოლედან ვიგებთ, რომ ანტიოქიაში ჩასულმა პეტრემ არ მოისურვა ეჭამა გაქრისტიანებულ წარმართებთან ერთად, რადგან იუდეველთა საყვედურებს მოერიდა. ბარნაბამაც მის მაგალითს მიჰბაძა. მაშინ პავლე ორივე მათგანს დაუპირისპირდა და დაუმტკიცა, რომ ყველა, განურჩევლად, მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენით განმართლდება. ამ გარეგნულ უთანხმოებას არ დაურღვევია ძმური სიყვარულის გრძნობა მოციქულებს შორის, მაგრამ საჭიროებდა პავლე მოციქულისგან განმარტებას, რამაც მორწმუნეთა ერთობის განმტკიცებას შეუწყო ხელი.

 

[1] მცირე აზიას უწოდებდნენ ქვეყანას, განფენილს შავი ზღვის სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. ახლა მას ჰქვია ანატოლია და შედის თურქეთის შემადგენლობაში. მცირე აზიაში რომაელები ბატონობდნენ, მაგრამ იქაურ მაცხოვრებლებს ძირითადი ენა ბერძნული ჰქონდათ, რადგან მოსახლეობის ნაწილი წარმოშობით ბერძნები იყვნენ. მცირე აზია შედგებოდა 15 მხარისგან (პროვინციისგან), რომელთა სახელები ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში ხშირად გვხვდება. რადგანაც იქ ეკლესიის ისტორიის პირველივე დღეებიდან უმნიშვნელოვანესი მოვლენები მოხდა, ამიტომ საჭიროდ მიგვაჩნია, ჩამოვთვალოთ მცირე აზიის მხარეები და მათი მთავარი ქალაქები: ბითვინიის მხარე – ქალაქები ნიკეა, ქალკედონი და ნიკომიდია; პონტო – ამასია; პაფლაგონია – სინოპი; მისია – ტროადა და პერგამონი; ლიკია – პატარა და მირონი; პამფილია – ატალია და პერგე; პისიდია – პისიდიის ანტიოქია; კილიკია – ტარსოსი; კაპადოკია – კესარია; ლიკაონია – იკონია, ლისტრა და დერბე; ფრიგია – კოლოსი, ლაოდიკია, იერაპოლი; გალატია – ანკვირა; ლიდია – თეატირა, სარდისი, ფილადელფია; იონია – სმირნა, ეფესო, მილეტი; კარეა – კნიდოსი. ლიდიას და იონიას ერთად ზოგჯერ ასიას უწოდებდნენ. ეს სახელდება გვხვდება წიგნში "საქმე წმიდათა მოციქულთაჲ" (19,26-27).

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა