martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 55

პაპის ძალაუფლების გაფართოება IX საუკუნეში.

 

რომის მღვდელთმთავრის როლი სწრაფად გაიზარდა VII-VIII საუკუნეებში – მას შემდეგ, რაც მისი უპირატესობა აღიარეს ინგლისმა და მთელმა შუა ევროპამ. პაპის ძალაუფლების სფერო განსაკუთრებით IX საუკუნეში გაფართოვდა მრავალ გარემოებათა გამო. ხატთმბრძოლობის ერესმაც კი, რომელიც დასავლეთს თითქმის არ შეხებია, ხელი შეუწყო პაპების მმართველობის გაძლიერებას და დააჩქარა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილება, რომელიც დიდხანს მზადდებოდა.

იმპერიის დასავლეთი ნაწილის დაცემის შემდგომ რომის უზენაეს მმართველებად ბიზანტიის იმპერატორები ითვლებოდნენ. იუსტინიანეს დროიდან ისინი, თავიანთი წარმომადგენლის, რავენის ეგზარქოსის, საშუალებით განაგებდნენ იტალიის უდიდეს ნაწილს. რომში ჰყავდათ ნაცვალი, რომელიც ეგზარქოსს ემორჩილებოდა. პაპის არჩევაც იმპერატორის დასტურით ხდებოდა. როდესაც 537 წელს ველიზარიუსმა რომი აიღო, პაპი სილვერიუსი განდევნეს და იუსტინიანეს ნებით ის ვიგილიუსით შეცვალეს. მაგრამ აღმოსავლეთში არეულობის გაძლიერებას მოჰყვა იტალიაში შესუსტება იმპერატორის მმართველობისა, რომლის ყურადღებასა და ძალებს იზიდავდა ბრძოლები ხან გერმანულ, ხან სლავურ ტომებთან, ხანაც სპარსელებთან თუ მაჰმადიანებთან; ამიტომ მათ იტალიისთვის აღარ ეცალათ და არც შეეძლოთ დაეცვათ იქაური ქვეშევრდომები მტრების თავდასხმებისგან. ეს გამოიყენეს ლანგობარდებმა: დაიკავეს იტალიის ზოგიერთი ოლქი, რომლებიც ბიზანტიას ეკუთვნოდა და შიშის ზარს სცემდნენ ქვეყანას.

რამდენადაც სუსტდებოდა შორეული ბიზანტიის იმპერატორების როლი, იმდენადვე ძლიერდებოდა რომის ეპისკოპოსთა გავლენა იტალიაში, სადაც, მართალია, მათ სახელმწიფო ძალაუფლება არ გააჩნდათ, მაგრამ ხალხის დასაცავად და მძიმე ჟამს მათ დასახმარებლად ყველა საშუალება ჰქონდათ. პაპები დიდძალ ქონებას ფლობდნენ, V საუკუნიდან მათ საკუთრებაში იყო უამრავი მიწის ნაკვეთი... უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი გულუხვად ხარჯავდა სახსრებს ხალხის სასარგებლოდ: აპურებდა მათ შიმშილობის დროს, არ იშურებდა ფულს ტყვეების გამოსასყიდად, ზოგჯერ საკუთარი სახსრებით ინახავდა ლანგობარდების თავდასხმებისგან რომის მცველ ჯარს.

აღმოსავლეთიდან შველას აღარავინ ელოდა...

იტალია თანდათან მიეჩვია, მიემართა პაპის ტახტისთვის, როდესაც დახმარება და დაცვა სჭირდებოდა. ასე რომ, რომის ეპისკოპოსების ძალაუფლებამ ნელ-ნელა შეცვალა ბიზანტიის იმპერატორების მოჩვენებითი მმართველობა. პაპის შემოსავალი და ძალა დასავლეთში ქრიატიანობის გავრცელებასთან ერთად იზრდებოდა; ასევე ძლიერდებოდა მისი როლი სულიერების სფეროში, რადგან ახალმოქცეული ერები მას, როგორც ეკლესიის თავს, უცხადებდნენ მორჩილებას.

გასაგებია, ამგვარ ვითარებაში პაპებს გაფიქრებაც კი არ სიამოვნებდათ, რომ ბიზანტიის იმპერატორებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ ჯერ არ შეეძლოთ მათგან გამიჯვნა და ისევ ქვეშევრდომობას აგრძელებდნენ: განსაკუთრებით ლანგობარდებისგან იტალიის ოლქების დაცვის დროს დაუჭირეს მხარი იმპერატორის, როგორც იტალიის უზენაესი მეუფის, უფლებებს. ეს მოჩვენებითი თვინიერება პაპებს ხელს აძლევდა, რადგან მათთვის სახიფათო იყო ლანგობარდების გაძლიერება, რომელთა მმართველობაც გაცილებით მძიმე იქნებოდა, ვიდრე შორს მყოფი იმპერატორის ქვეშევრდომობა. რომის ეპისკოპოსებს ესმოდათ, რომ უნდა დალოდებოდნენ ხელსაყრელ დროს, რათა უსაფრთხოდ გაეწყვიტათ საერო კავშირი აღმოსავლეთის იმპერატორთან.

თუ აღმოსავლეთთან ურთიერთობა ასე მძიმე იყო, საეკლესიო კავშირები კიდევ უფრო გაუსაძლისად ეჩვენებოდა რომის ამაყ მღვდელთმთავარს, რომელსაც ეძლეოდა შესაძლებლობა, დასავლეთში გამხდარიყო ეკლესიის თავი, მეუფე და რჯულმდებელი.

მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა აღმოსავლეთი. ძველ საეკლესიო გადმოცემაზე დაყრდნობით, იგი არასდროს ხედავდა რომის ეპისკოპოსში ეკლესიის თავს და მუდამ უკუაგდებდა მის ყოველ მცდელობას, დაუმსახურებლად მიეთვისებინა უფლებები; სულ ცოტა ხნის წინ იყო, რომ პაპი ჰონორიუსი, როგორც ერეტიკოსი, დაგმო VI მსოფლიო კრებამ, რითაც დადასტურდა შემდეგი: საეკლესიო მმართველობა არის კრებითი და არ ეკუთვნის ერთ პირს. ძველი მიტროპოლიების იერარქები პაპის თანასწორად თვლიდნენ თავს და მხოლოდ მისი პირველობის პატივს ცნობდნენ. მათ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ პაპი მეტისმეტად გაძლიერდა დასავლეთის ახალმოქცეული ქვეყნების დამორჩილებით. აღმოსავლეთს ამ დროს მუსლიმანთაგან შევიწროებისა და ხატმბრძოლობის ვნებათაღელვის გამო გაჭირვების დღეები ედგა. დასავლეთის ახალმოქცეულ ერებსა და მათ ბელადებს სრულად სწამდათ პაპის გამოგონილი უფლებები და შვილებრივი მორჩილებით იდრეკდნენ ქედს მის წინაშე, როგორც ქრისტეს ნაცვალისა და მოციქულთა თავადის (ასე უწოდებდნენ პაპები პეტრე მოციქულს) მემკვიდრისა.

იმ დარღვევებში, რაც ეკლესიას ეხებოდა, აღმოსავლეთი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა დასავლეთს. ეკლესიის გადმოცემებისადმი უღრმესი პატივისცემიდან გამომდინარე, აღმოსავლეთი ზღუდავდა პაპის მოქმედების თავისუფლებას. მსოფლიო კრებათა განჩინებების ყოველგვარი დარღვევა, რაიმე სიახლის შემოტანა, თუ იგი არ ეთანხმებოდა ქრისტეს ეკლესიის სულს, აღმოსავლეთში ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას ხვდებოდა. აქ თითოეული წევრი მონაწილეობდა ნებისმიერი საკითხის განხილვაში, რაც ეკლესიას ეხებოდა; მის გადმოცემებსა და დადგენილებებს, რაც ყველა მორწმუნისთვის ძვირფასი იყო, სიყვარულითა და კრძალვით იცავდნენ.

ნაკლებად განათლებულ დასავლეთში, სადაც ეკლესიური ცხოვრება ის-ის იყო იწყებოდა, პაპს შეეძლო, თავისუფლად ემოქმედა: გამოეცა კანონები, გაეუქმებინა ან შეეცვალა ძველი დადგენილებები. რომაელ მქადაგებელთა მიერ მოქცეულ ერებს შთაუნერგეს, რომ ისინი ეკლესიის ქვეშევრდომები არიან და არა მისი წევრები. დასავლელ ღვითსმეტყველთა სწავლებით, ეკლესიას შეადგენს საკუთრივ სასულიერო დასი, რომლის წარმომადგენლებიც ერისკაცებზე გაცილებით მაღლა დგანან და თავისთავზე იღებენ მათ სულებზე ზრუნვას, ამიტომაც სასულიერო პირებს უფლება აქვთ, ერისკაცებისგან უპირობო მორჩილება მოითხოვონ. დასავლელი სასულიერო პირები სულ უფრო ცდილობდნენ ამ შეხედულების დამკვიდრებას, რათა გავლენა მოეპოვებინათ ერებზე, აქედან კი აურაცხელი სარგებელი მიეღოთ.

ეს ყოველივე დიდად იყო დაშორებული ქრისტიანული ეკლესიის სულს. გარდუვალი ხდებოდა განხეთქილება აღმოსავლეთთან, რომელიც გამუდმებული შფოთის, ჭეშმარიტებისგან ცალკეული პიროვნებების განდრეკისა თუ ერეტიკული შეხედულებებით გატაცების მიუხედავად, ერთგულად იცავდა ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებას. განხეთქილება შესაძლოა პაპებისთვის სასურველიც იყო, მაგრამ ისინი მაინც ამჯობინებდნენ, რომ საამისო ხელსაყრელი მიზეზი აღმოსავლეთიდან წამოსულიყო; აგრეთვე, დასავლეთშიც უნდა გაჩენილიყო საიმედო ძალა, რომელსაც პაპი დაეყრდნობოდა.

მას ამის შესაძლებლობა მალე მიეცა...

იმხანად აღმოსავლეთის იმპერატორების მმართველობა ისედაც შერყეული იყო იტალიაში და როდესაც მათ ერეტიკოსებად წარმოაჩინეს თავი, ამით კიდევ უფრო აიმხედრეს ხალხი. VIII საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა ფილიპიკემ რომს ბრძანება გაუგზავნა – ეკლესიებიდან მოეშორებინათ VI მსოფლიო კრების მამათა ხატები, ამან კი მოქალაქეთა მღელვარება გამოიწვია – მათ განაცხადეს, რომ არ ცნობდნენ ერეტიკოს იმპერატორს.

ხატების წინააღმდეგ ლეონ ისავრიელის ბრძანებამ უფრო გაამწვავა ვითარება – რომში იფეთქა ამბოხმა, შეიქნა საშიშროება, რომ ბოლო მოჰღებოდა ბიზანტიელი იმპერატორების მმართველობას იტალიაში, სადაც მათ ეკუთვნოდათ: რავენის საეგზარქოსო, რომის ოლქი, ნეაპოლი, ამალფი და გაეტა ოლქებითურთ, აპულეა, კალაბრია, სიცილია და მასთან ახლომდებარე კუნძულები.

ამ მღელვარებით სარგებლობა გადაწყვიტა ლანგობარდების მეფემ ლიუტპრანდმა. პაპმა გრიგოლ II, რომელსაც ამ უკანასკნელთა ბატონობისა ეშინოდა, ჩააწყნარა ხალხის მღელვარება და ამით ბიზანტიას შეუნარჩუნა მისი კუთვნილი ოლქები, მაგრამ იმავდროულად იმპერატორისადმი მიწერილ წერილებში მკაცრად გაკიცხა მისი საქციელი. ლეონ ისავრიელმა ამაზე უკმეხი პასუხი შემოუთვალა. რომსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობები ძალზე დაიძაბა.

თავის წინამორბედზე უფრო მკაცრად და თამამად მოქმედებდა პაპი გრიგოლ III. მან რომში მოიწვია კრება და ანათემას გადასცა ხატთმბრძოლნი; პასუხად ლეონ ისავრიელი დამხობით დაემუქრა, მაგრამ რომაელები გამოექომაგნენ თავიანთ ეპისკოპოსს, ჩამოაგდეს იმპერატორის ქანდაკება და მასთან ბრძოლა განიზრახეს. პაპმა შეაკავა გააფთრებული ხალხი, მაგრამ იტალიის ქვეშევრდომებს ნება დართო, არ გადაეხადათ ხარკი ერეტიკოსი იმპერატორისთვის. ლეონ ისავრიელმა იტალიელთა მღელვარების მოსათოკად ფლოტი გაგზავნა, მაგრამ იგი ადრიატიკის ზღვაში ქარიშხალს შეეწირა.

ამის შემდეგ იმპერატორმა პაპს იმით გადაუხადა სამაგიერო, რომ რომის მიტროპოლიას ჩამოაშორა სამხრეთ იტალია, ილირია, აქაიისა და პელოპონესის ეპარქიები და ისინი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ოლქს მიუერთა. ამით პაპმა დაკარგა შემოსავალი იმ მდიდარი მიწებიდან, რომლებიც ოდესღაც რომის ტახტს იუსტინიანემ და მისმა მემკვიდრეებმა უბოძეს. ამ დროს აღმოსავლეთის ეკლესიებში სასულიერო დასი მძიმე და გარდუვალი არჩევანის წინაშე დადგა: ან ერეტიკოსი იმპერატორის ნებისამებრ უნდა მოქცეულიყვნენ, ანდა გაეწირათ თავისუფლება და სიცოცხლე. რომის პაპს კი თითქმის უსაფრთხოდ შეეძლო ჭეშმარიტების დაცვა, რადგანაც იმპერატორის ძალაუფლება უშუალოდ მასზე არ ვრცელდებოდა. ამიტომ მას არა მხოლოდ დასავლეთის, აღმოსავლეთის ბევრი ჩაგრულიც მიმართავდა დასახმარებლად, რადგან მასში ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების ძლიერ ქომაგს ხედავდა.

მაგრამ ლანგობარდები ბიზანტიას ქალაქს ქალაქზე ართმევდნენ და რომსაც ემუქრებოდნენ... ამიტომ პაპმა გადაწყვიტა, დახმარებისთვის ფრანკთა ბელადისთვის მიემართა.

VIII საუკუნეში საფრანგეთის მეფეები მეროვინგების დინასტიიდან, ხლოდვიგის მემკვიდრენი, ნაკლებად ჰგავდნენ თავიანთ მებრძოლ წინაპარს. ისინი ბრძოლის ველზე ლაშქრის სათავეში მდგომნი არ გამოჩენილან; მარტოოდენ სახელით იყვნენ მეფენი – ქვეყნის მართვა არც აინტერესებდათ, მთელ თავიანთ ძალაუფლებას მთავარ დიდებულს – პალატის მერს (მაიორდომს) ანდობდნენ. ასეთი მერი იყო სარკინოზებზე გამარჯვებით სახელგანთქმული კარლოს მარტელი, რომელიც საფრანგეთს მტკიცე ხელით მართავდა და თვითნებურად განაგებდა ყველაფერს, ეკლესიის საქმეებსა და ქონებასაც კი.

სწორედ მას მიმართა პაპმა გრიგოლ III და სთხოვა დახმარება ლანგობარდების წინააღმდეგ, თან რომის პატრიცის წოდება მიანიჭა, რისი უფლებაც ჰქონდა მხოლოდ ბიზანტიის იმპერატორს. მაგრამ პაპმა ეს გარემოება არად ჩააგდო იმ იმედით, რომ დასაყრდენს ფრანკთა ძლიერ მეთაურთან იპოვიდა.

კარლოს მარტელმა არ მოისურვა, ზავი დაერღვია ლანგობარდებთან, და მათთან მოლაპარაკება წამოიწყო, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. იმავე 741 წელს აღესრულნენ პაპი გრიგოლ III და ლეონ ისავრიელი. ამ უკანასკნელის მემკვიდრე, კონსტანტინე კოპრონიმოსი, მამამისზე მეტი თავგამოდებით ემხრობოდა ხატთმბრძოლობის ერესს, რის შედეგად ბიზანტიასა და რომს შორის ურთიერთობა საერთოდ შეწყდა.

გრიგოლ III მემკვიდრემ, ზაქარიამ, მოახერხა ლანგობარდების მეფესთან მშვიდობიანი ურთიერთობა და მისგან საჩუქრადაც კი მიიღო ბიზანტიის იმპერატორისთვის წართმეული ოთხი ქალაქი. ასე გაჩნდა უშუალოდ რომის მღვდელთმთავრების სამფლობელოები იტალიაში. მაგრამ პაპებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა ზაქარიას მიერ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ფრანკთა მეთაურისადმი გაწეული სამსახური, რის შედეგადაც მათ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა. ამან კი დიდად შეუწყო ხელი პაპების აღზევებას.

კარლოს მარტელის ძემ, პიპინმა, მემკვიდრეობით მიიღო მამის ძალაუფლება და ხარისხი; მისმა მტკიცე მმართველობამ ფრანკებს თითქმის დაავიწყა, რომ ჰყავდათ კანონიერი მეფე ხილდერიკ III (743-751 წწ.). პიპინის სურვილი იყო, თავისი ძალაუფლებისთვის სამეფო ტიტულიც მიემატებინა, ოღონდ უმაღლესი სასულიერო პირის კურთხევით, რაც მის საქციელს ხალხის თვალში კანონიერ ქმედებად გამოაჩენდა; მან პაპს კაცი აახლა შეკითხვით: მას, ვისაც აქვს სამეფო ძალაუფლება, ეკუთვნის თუ არა სამეფო ტიტულიც?

ზაქარიამ თანხმობა შემოუთვალა, შემდეგ კი ფრანკები გაათავისუფლა კანონიერი მეფის წინაშე დადებული ერთგულების ფიცისგან (თავად მეფე იძულებით გამოკეტეს მონასტერში), მოსახლეობას უბრძანა, სამეფო ოჯახად კაროლინგები, ანუ კარლოს მარტელის მემკვიდრენი, ეღიარებინა. მეროვინგების შემცვლელ ამ დინასტიის წარმომადგენლებს ეკლესიის უფროსი და საყვარელი შვილები ეწოდათ. ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, პიპინის მეფედ მირონცხება აღასრულა გერმანიის მოციქულმა ბონიფაციუსმა.

752 წელს ლანგობარდები ისევ დაემუქრნენ რომს. პაპი სტეფანე III მას შემდეგ, რაც ამაოდ ევედრა შველას ბიზანტიის იმპერატორს, თავად გაემგზავრა საფრანგეთში დახმარების სათხოვნელად. იქ, წმინდა დიონისეს მონასტერში, პარიზის მახლობლად, პაპმა თავისი ხელით დაადგა სამეფო გვირგვინი პიპინს, სამაგიეროდ მისგან დაპირება მიიღო, რომ ლანგობარდებისთვის წართმეული მიწები რომის ტახტს გადაეცემოდა საჩუქრად.

754 წელს პიპინი მართლაც შეუძღვა იტალიაში ძლიერ ლაშქარს და ალყა შემოარტყა ლანგობარდების დედაქალაქს – პავიას. მათი მეფე თავდამსხმელებს დაჰპირდა საეგზარქოსოს გათავისუფლებას და პაპისთვის გადაცემას, მაგრამ როგორც კი პიპინი გაბრუნდა, ლანგობარდებმა ისევ შეუტიეს რომს. სასოწარკვეთილი პაპი წერილს წერილზე აგზავნიდა საფრანგეთში, ბოლოს პიპინს მისწერა თავად პეტრე მოციქულის სახელით, თითქოს ეს წმინდანი ევედრებოდა თავის საყვარელ შვილებს, ფრანკებს, გადაერჩინათ ქალაქი და მისი მემკვიდრეობა ნგრევისა და ძარცვისგან; სანაცვლოდ კი ჰპირდებოდა ზეციურ და მიწიერ სიკეთეებს, უარის შემთხვევაში კი მარადიული ტანჯვით აშინებდა. პიპინმაც, მეორედ გადალახა რა ალპები, სძლია ლანგობარდებს, დაადო ხარკი, წაართვა საეგზარქოსოს ოლქები, რაც საზეიმოდ აჩუქა წმინდა პეტრეს, ანუ პაპს, როგორც მის ნაცვალს.

იმპერატორმა კონსტანტინე კოპრონიმოსმა პიპინს მოსთხოვა ამ მიწების, როგორც თავისი საკუთრების, დაბრუნება. ამაზე პასუხად მიიღო, რომ ფრანკებს სრული უფლება აქვთ განაგონ ის, რაც იარაღის ძალით წაართვეს მტერს; რომ მათ სისხლი დაღვარეს პეტრესთვის და არა ბერძნებისთვის, ამიტომაც პიპინი არ აპირებს, მოციქულს წაართვას საკუთარ ცოდვათა მისატევებლად და სულის გადასარჩენად მირთმეული ძღვენი. ბიზანტიის იმპერატორს მეტი რა გზა ჰქონდა – დაკმაყოფილდა ასეთი პასუხით; მას ძალა არ შესწევდა, დაებრუნებინა დაკარგული მიწები, რომელთაც ამიერიდან ეწოდათ წმინდა პეტრეს საკუთრება ანუ საეკლესიო პროვინცია.

 პაპმა პიპინსა და მის ვაჟებს რომის პატრიცთა წოდება უბოძა, და ამით დაუფარავად მიითვისა აღმოსავლეთის იმპერატორის უფლებები. მას უკვე ფრანკთა მეფის ძლიერი მფარველობის იმედი ჰქონდა და აღარ ერიდებოდა კონსტანტინე კოპრონიმოსს. 755 წელს პიპინის ამ საჩუქრით დაიწყო პაპთა ძალაუფლების აღზევება.

ლანგობარდები საშიშ მეზობლებად დარჩნენ იქამდე, სანამ პიპინის ძემ, კარლოს დიდმა, საბოლოოდ არ მოუღო ბოლო მათ მმართველობას იტალიაში; შემდეგ მან თავის ტიტულს ლანგობარდების მეფის წოდებაც მიამატა და კიდევ უფრო გააფართოვა რომის ტახტის სამფლობელოები. პაპ ადრიანეს დროს კარლოსმა წმინდა პეტრეს საფლავზე საზეიმოდ დადო ჩუქების სიგელი, რითაც პაპის ტახტის მმართველობაში გადადიოდა რომის ოლქი და ადრე ბიზანტიისა და ლანგობარდების კუთვნილი რამდენიმე ქალაქი. ვარაუდობენ, რომ მათ რიცხვში იყო: ბოლონია, ფერარა, ანკონა; დანამდვილებით კი დღევანდლამდე არავინ იცის, თუ რა იყო ჩამოთვლილი პიპინისა და კარლოსის მიერ გაცემულ ჩუქების სიგელებში – ისინი ძალიან მალე დაკარგეს ან გადამალეს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა და თავად პაპებმა მიიღეს მონაწილეობა ამ დოკუმენტების გაქრობაში. მათი მიზანი იყო ამ აქტებისთვის სხვა მნიშვნელობა მიეცათ: დაემკვიდრებინათ აზრი, თითქოს პიპინმა და კარლოსმა კი არ აჩუქეს, არამედ „დაუბრუნეს“ ძველთაგანვე რომის ეპისკოპოსის კუთვნილი ოლქები და უფლებები. თავიანთი დიდების განსამტკიცებლად აგრეთვე გამოიგონეს „კონსტანტინე დიდის ჩუქების სიგელის“ არსებობა. უკვე კარლოსისადმი მიწერილ წერილში ადრიანე ახსენებს ამ საბუთს, რომლის მიხედვითაც კონსტანტინემ პაპ სილვესტრს და მის მემკვიდრეებს დაუთმო რომისა და მთელი იტალიის მართვა, ამის შემდეგ კი გადაწყვიტა აღმოსავლეთში ახალი დედაქალაქის დაარსება.

უცნობია, დაიჯერა თუ არა ეს არაკი კარლოს დიდმა. მაგრამ კონსტანტინეს მაგალითმა იგი ვერ აიძულა, პაპისთვის გადაეცა თავისი, როგორც ხელისუფალის, უფლებები იტალიის ოლქებზე, როგორც არ დათმო პიპინმა თავის დროზე. პაპებმა მხოლოდ ეგრეთწოდებული საეკლესიო პროვინციიდან მიღებული შემოსავლით სარგებლობისა და სასამართლო თანამდებობეზე დანიშვნაში მონაწილეობის უფლება მიიღეს. საკუთრივ მმართველობა, უმაღლესი ზედამხედველობა კი გადავიდა ნაცვალთა ხელთ, რომელიც ფრანკთა მეფეების დანიშნულნი იყვნენ რომსა და სხვა ქალაქებში. პაპებს, სხვა ქვეშევრდომების მსგავსად, სახელმწიფოსთვის ერთგულება უნდა შეეფიცათ.

ამრიგად, თავდაპირველად პაპები სულაც არ ყოფილან საეკლესიო პროვინციის სრული მფლობელნი და ხელისუფალნი – მათ ამას მხოლოდ მოგვიანებით მიაღწიეს. რაც შეეხება აღმოსავლეთის იმპერატორებს, პაპებმა მათგან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვეს; თავიანთი ახალი დიდებით შეგულიანებულნი თამამად ალაპარაკდნენ და ყოველ წელიწადს სულ უფრო მეტად იჩემებდნენ უპირატესობას მთელ ეკლესიაში. როდესაც 787 წელს პაპ ადრიანეს შეატყობინეს VII მსოფლიო კრების მოწვევის შესახებ და მონაწილეობა შესთავაზეს, მან თავის პასუხში აშკარად მოითხოვა საკუთარი უპირატესობის აღიარება და ბრძანა – მისთვის ილირია დაებრუნებინათ; უკმაყოფილება გამოთქვა პატრიარქად ტარასის დანიშვნის გამო და აღმოსავლეთს „ჭკუის სასწავლებლად“ მიუთითა პაპის ტახტისადმი ფრანკთა მეფეების მორჩილებაზე, რისთვისაც უფალმა ეს უკანასკნელნი გამარჯვებებით დააჯილდოვა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, მისი ეს მოთხოვნები აღმოსავლეთმა არ მიიღო.

გარდაიცვალა ადრიანე. მისმა მემკვიდრე ლეონ III, როგორც ერთგულმა ქვეშევრდომმა, საჩქაროდ აახლა წერილი კარლოსს და საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ძლიერ ხელმწიფეს მფარველობა სთხოვა. ეს მისთვის აუცილებელი იყო, რადგანაც ეპისკოპოსის ტახტი მას უბრძოლველად არ რგებია. პაპს ჰყავდა მოწინააღმდეგე – მრავალრიცხოვანი დაჯგუფება, რომელიც მას დამნაშავედ აცხადებდა და მალე თავის ძალაც აჩვენა. ერთხელ, საეკლესიო დღესასწაულის დროს, პაპს თავს დაესხნენ შეიარაღებული მტრები და უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს. ძლივს გადარჩენილი მღვდელთმთავარი სასწრაფოდ გაეცალა რომს და თავშესაფრის საძებნელად კარლოსთან გაეშურა, რომელიც იმხანად გერმანიაში, პადერნბორნის სეიმში მონაწილეობდა. იქ ჩავიდნენ პაპის ბრალმდებლებიც. კარლოსმა მოუსმინა მათ, მაგრამ ლეონს დაუჭირა მხარი და ისევ აიყვანა პაპის ტახტზე. ცოტა ხნის შემდეგ ამ საქმის საბოლოოდ განსახილველად თავად კარლოსი ჩავიდა რომში. იქ ეპისკოპოსებმა განაცხადეს, რომ პეტრეს ნაცვალის გასამართლება არ შეიძლებოდა, პაპმა კი საზეიმოდ დაიფიცა, რომ უდანაშაულოა და უსამართლოდ დასდეს ბრალი – ამით ყველა დაკმაყოფილდა. კარლოსმა მის მტრებს განდევნა და პატიმრობა მიუსაჯა.

ლეონ III კარლოსისთვის მადლობის გადახდის საშუალება მალევე მიეცა. დადგა 800 წელი – ქრისტესშობის დღესასწაული და იმავდროულად ახალი ასწლეულის დასაწყისი. კარლოსი წმინდა პეტრეს ტაძარში ლიტურგიას ესწრებოდა, რომლის დასრულებისთანავე პაპი მოულოდნელად მიუახლოვდა საკურთხეველთან მდგომ მეფეს და საზეიმოდ დაადგა საიმპერატორო გვირგვინი. კარლოსმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ამ საქციელმა გააოცა (არსებობს მრავალი სარწმუნო მოწმობა, რომ ეს მოულოდნელი სულაც არ ყოფილა – ყველაფერი წინასწარ, ჯერ კიდევ პადერბორნში დაგეგმილი გარიგება იყო მეფესა და პაპს შორის). ეკლესია ხალხით იყო სავსე... მათ რომის ეპისკოპოსის საქციელი ზეშთაგონებას მიაწერეს და შესძახეს: „გაუმარჯოს კარლოსს, ღვთისგან გვირგვინდადგმულ იმპერატორს რომისას!“

კარლოსი ფრიად კმაყოფილი დარჩა – ზუსტად ისე შეაფასეს მისი იმპერატორად კურთხევა, როგორც სურდა. მან, დასავლეთის მთელი იმპერიის მეუფემ, რომის ეპისკოპოსის ხელიდან მიიღო გვირგვინი, როგორც ღვთიური ძღვენი. მოგვიანებით ამ მოვლენიდან განსხვავებული დასკვნა გამოიტანეს პაპებმა, როცა უფრო მეტ ძალაუფლებასა და დიდებას მიაღწიეს. კარლოსის მეფედ კურთხევის მაგალითით ისინი ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მათ, და სხვას არავის, აქვს უფლება სამეფო გვირგვინის დადგმისა და წართმევისა.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა