martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 54

ხატთმბრძოლობის ერესი და VII მსოფლიო კრება.

 

ეკლესიას, ისედაც შევიწროებულს მაჰმადიანების თავხედობით, მოულოდნელად თავს დაატყდა ახალი ერესი – ხატთმბრძოლობა, რამაც თითქმის ერთი საუკუნე იბობოქრა და აღმოსავლეთ საქრისტიანოში უდიდესი არეულობა გამოიწვია.

როგორც აღვნიშნეთ, მაჰმადიანები გამუდმებით საყვედურობდნენ ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემლობას, რომ თითქოს განუდგნენ ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემაზე დამყარებულ ძველ ღვთისმსახურებას, სამაგიეროდ თაყვანს სცემენ სამ ღმერთს და აღმერთებენ კერპებს – ასე უწოდებდნენ წმინდა ხატებს. იუდეველები გულმოდგინედ იმეორებდნენ ამ უკანასკნელ ბრალდებას და უხაროდათ, რომ ქრისტიანთა შეურაცხყოფის საშუალება მიეცათ.

შესაძლოა, სულიერი ცხოვრებისა და განათლების დაცემის პერიოდში ხატს მდაბიონი ზოგჯერ აღმერთებდნენ კიდეც, მაგრამ ეკლესიის წმინდა მამები ყოველგვარი ცრურწმენისა და ჭეშმარიტებისგან გადახრის წინააღმდეგ ყოველთვის იმაღლებდნენ ხმას.

ამჯერად თვითონ იმპერატორებმა ჩაიფიქრეს წმინდა წესის აღმოფხვრა ძალაუფლებითა და იძულებით. მაგალითად, მაჰმადიანებზე სამხედრო გამარჯვებებით სახელგანთქმულმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741 წწ.) მოინდომა, ხატების განადგურებით „ცრურწმენისგან“ გაეწმინდა ეკლესია და ამ გზით გაექრისტიანებინა მაჰმადიანები და იუდეველები. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმინდა გერმანემ სცადა იმპერატორის დაყოლიება, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე; განუმარტა ხატთა თაყვანისცემის ნამდვილი მნიშვნელობა და გააფრთხილა, რომ არც იმპერატორს და არც პატრიარქს უფლება არ აქვთ, შეცვალონ ეკლესიის ტრადიციები. თავის მხრივ კი დასძინა, რომ სიკვდილი ერჩივნა ამ უკანონობისთვის ხელშეწყობას.

მეფემ არ შეისმინა პატრიარქის რჩევები და 728 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად იკრძალებოდა ხატების თაყვანისცემა ტაძრებსა და სახლებში. მამაცმა პატრიარქმა წინააღმდეგობის ნიშნად უარი განაცხადა თავის წოდებაზე, რის გამოც იგი შეურაცხყვეს, სცემეს და კონსტანტინოპოლიდან განდევნეს, ხოლო მის ადგილას დანიშნეს იმპერატორის სრული მორჩილი ანასტასი. ღრმად მოხუცი პატრიარქი გერმანე აღესრულა დევნულებაში, დაგვიტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თხზულება.

იმპერატორმა დეკრეტის გამოცემა არ იკმარა და ბრძანა: ტაძრებიდან და სახლებიდან გამოეტანათ და სახალხოდ დაეწვათ ხატები. ხალხი უკიდურესად აღშფოთდა. მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან საიმპერატორო სასახლის კარიბჭის თავს ამშვენებდა, ახლა უნდა გაენადგურებინათ. ხელისუფლისგან გამოგზავნილმა სამხედრო მოხელემ კედელს კიბე მიადგა და ბრძანების შესრულებას შეუდგა. ამაოდ ევედრებოდა ცრემლმომდგარი ხალხი, ხელი არ ეხლო წმინდა, ყველასთვის თაყვანსაცემი გამოსახულებისთვის – მეომარმა ხატს ურო მაინც დაჰკრა. მაშინ გამწარებულმა დედაკაცებმა კიბე გადააყირავეს და შემცოდე მეომარი სასიკვდილოდ დაშავდა. ამას მოჰყვა აჯანყება, რომელიც იარაღით ჩააქრეს; ბევრი ეჭვმიტანილი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ხალხმა ისინი ჭეშმარიტებისთვის მარტვილებად აღიარა და პატივს მიაგებდა მათ ხსოვნას.

ბრძანებისადმი ქვეშევრდომთა დაუმორჩილებლობით განრისხებულმა იმპერატორმა მიმართა უმკაცრეს ზომებს: განდევნას, ქონების ჩამორთმევას, პატიმრობას, წამებასა და სიკვდილით დასჯას. ლეონ ისავრიელმა დაანგრია სასწავლებელი, რომლის მოძღვრებიც არ იზიარებდნენ მის შეხედულებებს ხატების შესახებ, კონსტანტინოპოლში დაწვა უზარმაზარი ბიბლიოთეკა და მისი თორმეტი ბიბლიოთეკარი მარტო იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი ხელნაწერებში ხატთმბრძოლობის განმაქიქებელ გამონათქვამებზე მიუთითებდა.

მღელვარება გადაედო ყველა მხარეს, სადაც კი იმპერატორის ბრძანებამ მიაღწია. ზოგიერთი ეპისკოპოსი ლეონ ისავრიელისადმი მაამებლობისა თუ საკუთარი შეხედულების გამო ბეჯითად შეუდგა მისი ბრძანების შესრულებას, რამაც სახალხო მღელვარება უფრო გააღვივა, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთი მწყემსთმთავრებიც, რომლებიც უშიშრად იცავდნენ ეკლესიის ძველ წესებს.

რომის პაპმა გრიგოლ II დაგმო ხატთმბრძოლობის ერესი და იმპერატორი წერილით მკაცრად გაკიცხა მისი საქციელისათვის. ლეონმა მამხილებელი პაპის დამხობა გადაწყვიტა, მაგრამ მთელი რომი გამოექომაგა თავის მღვდელთმთავარს. იტალიის ბევრ ქალაქში განრისხებულმა ხალხმა დაამტვრია იმპერატორის გამოსახულება; მზად იყო, აერჩია ახალი ხელისუფალი და ისავრიელის წინააღმდეგ ებრძოლა. მაშინ პაპებმა – გრიგოლ II და გრიგოლ III შეაჩერეს მოსახლეობიდან გადასახადების აკრეფა იმპერატორისთვის. ჩვენ მოგვიანებით ვნახავთ, რაოდენ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა ამ ქმედებამ.

აღმოსავლეთს ხატთა თაყვანისცემის უძლიერეს დამცველად მოევლინა იოანე დამასკელი, მთელ საქრისტიანოში კეთილმსახურებით, მჭევრმეტყველებითა და განსწავლულობით სახელგანთქმული პიროვნება. მან ბავშვობიდანვე ბრწყინვალე განათლება მიიღო კალაბრიელი მონაზვნის, კოსმასგან, რომელიც მამამისმა გამოისყიდა ტყვეობიდან. იოანე შემდგომ ქალაქ დამასკოს მმართველი გახდა და ხალიფას სრული ნდობით სარგებლობდა. როგორც კი დამასკომდე მიაღწია ცნობამ ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ იმპერატორის ბრძოლის შესახებ, იოანემ კონსტანტინოპოლის ეკლესიას მისწერა რამდენიმე ეპისტოლე, სადაც დიდი შემართებით დაიცვა ქრისტიანთა უფლება – გამოესახათ განხორციელებული ქრისტე, თაყვანი ეცათ მაცხოვრისა და მისი წმინდანების გამოსახულებებისთვის, რაც კერპთაყვანისმცელობას სრულიადაც არ ნიშნავდა. მისმა ეპისტოლეებმა ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა კონსტანტინოპოლის ეკლესიის მოღვაწეებზე და გაამხნევა მართლმადიდებლები.

იმპერატორმა შეიტყო რა ეს ამბავი, ბინძური შურისძიება გადაწყვიტა – ხალიფას ცილისმწამებლური წერილი გაუგზავნა და აცნობა, თითქოს იოანეს იმპერატორისთვის დამასკოს გადაცემა შეეთავაზებინოს. ხალიფამ დაიჯერა ეს სიცრუე, რის გამოც მისთვის მარჯვენა ხელის მოკვეთა და თანამდებობის ჩამორთმევა ბრძანა. მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი შეწევნით დასჯის დროს მოკვეთილი მტევანი მკლავს შეეზარდა, რითაც იოანეს უდანაშაულობა დამტკიცდა. ხალიფა მიხვდა თავის შეცდომას და იოანეს თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ მან ამ პატივზე უარი განაცხადა, დატოვა დამასკო და დარჩენილი სიცოცხლე წმინდა საბას ლავრაში მკაცრ სამოღვაწეო ცხოვრებაში განასრულა.

ხატთმბრძოლობა გაგრძელდა ლეონ ისავრიელის მემკვიდრეების დროსაც. მისმა ძემ, კონსტანტინე V კოპრონიმოსმა 754 წელს მოიწვია თანამზრახველთა უკანონო კრება, რომელზეც დაიგმო ხატთა ნებისმიერი სახით თაყვანისცემა და მისი მიმდევრები შეადარეს არიოზის, ნესტორისა და ევტიქის მომხრეებს. აგრეთვე სახიფათო ცრურწმენად მიიჩნიეს მონაზვნობა, ღვთისმშობლის, წმინდანებისა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა. ამის შემდეგ ეკლესიის კედლებიდან ჩამოფხიკეს სახარებისეულ მოვლენათა გამოსახულებები და ისინი ბუნების, ნადირობისა და სხვა სურათებით შეცვალეს.

კონსტანტინეს ოცდათხუთმეტწლიანი (741-775 წწ.) მმართველობა ქრისტიანებისთვის საშინელ განსაცდელად იქცა; ბევრმა თავისი რწმენა მოწამებრივი სიკვდილით დაბეჭდა. ანდრია კრიტელი (არ უნდა აგვერიოს „სინანულის კანონის“ ავტორთან), ყველასგან პატივცემული განდეგილი, ჩაქოლეს იმისთვის, რომ იმპერატორი უშიშრად ამხილა გაუკუღმართებული შეხედულებებისათვის მხარდაჭერასა და სისასტიკეში. სტეფანე ახალი, ავქსენტიოსის მონასტრის იღუმენი, აწამეს და გადაასახლეს, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ გატეხეს. ბოლოს იგი მხეცურად მოკლეს, მისი სავანე კი დაარბიეს.

როგორც ყოველთვის ხდებოდა მსგავს ვითარებაში, სასტიკმა დევნამ ახლაც აღანთო მორწმუნენი თავგანწირვისთვის. მთელი ერი უდიდეს პატივს მიაგებდა დევნულ ეპისკოპოსებს; საპყრობილეები, სადაც ხატთა თაყვანისმცემლები იყვნენ დატუსაღებულნი, სამლოცველოებად გადაიქცა. იქ უამრავი ხალხი მიდიოდა და ცდილობდა წმინდა მოწამეთაგან კურთხევის მიღებას.

სახლებიდან და ტაძრებიდან გამოტანილ ხატებს მართლმადიდებლები ფარულად სცემდნენ თაყვანს: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა სადიდებლად გაისმოდა იოანე დამასკელის, კოსმა მაიუმელის, გერმანესა და სხვათა საგალობლები, რასაც ყველა აღფრთოვანებით იმეორებდა.

გაუთავებელი ამბოხისა და მღელვარების გამო ბევრმა მიატოვა სამშობლო და უსაფრთხოებას დასავლეთში ეძებდა. ზოგმა ეპისკოპოსმა მფარველობა სთხოვა იმხანად ძალზე ძლიერ რომის ეპისკოპოსს. ლატერანის კრებაზე რომის პაპმა სტეფანემ ანათემას გადასცა ხატთმბრძოლობა.

ლეონ II, კოპრონიმოსის ძემ, მამისა და პაპის მაგალითს მიჰბაძა და განაგრძო მორწმუნეთა დასჯა, მონასტრების ნგრევა, სახლების ჩხრეკა და გადამალული ხატების წვა; ცეცხლში ყრიდნენ წიგნებსაც, რომლებშიც რაიმე ხატს იპოვნიდნენ. საბედნიეროდ, ლეონი სულ ხუთი წელი იყო იმპერატორი, მემკვიდრის მცირეწლოვნების გამო მმართველობა გადავიდა მისი ქვრივი დედოფლის – ირინეს ხელში, რომელმაც აღადგინა ხატთა თაყვანისცემა.

ამ პერიოდში კონსტანტინოპოლის პატრიარქი იყო პავლე – კეთილი, მაგრამ უნებისყოფო ადამიანი, რომელიც ყველაფერს უთმობდა ხატთმბრძოლ იმპერატორს. იგი სინდისის ქენჯნას განიცდიდა, ამიტომ ლეონის სიკვდილისთანავე მიატოვა პატრიარქის ტახტი და ღარიბულ სენაკში დასახლდა. ირინეს ამაო ხვეწნას – ემართა ეკლესია, პავლე პასუხობდა, რომ უნდოდა მთელი სიცოცხლე ლოცვასა და სინანულში გაეტარებინა. მისი აზრით, ხატთმბრძოლობითა და დასავლეთთან ქიშპობით არეულ ეკლესიაში მშვიდობის აღდგენის ერთადერთი საშუალება მსოფლიო კრების მოწვევა იყო. მანვე ურჩია, პატრიარქად დაედგინათ ტარასი, სულის სიმტკიცითა და ღვთისმოშიშებით ცნობილი საერო მოხელე. ტარასი დიდხანს უარობდა, ბოლოს დაემორჩილა საერთო სურვილს იმ პირობით, რომ დაუყოვნებლივ მოიწვევდა მსოფლიო კრებას. „მე ვხედავ დარღვეულ და განყოფილ ეკლესიას ღვთისას; ვხედავ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ქიშპობას, ურთიერთმტრობას ნაცვლად მშვიდობითა და სიყვარულით ერთობისა“ – ამბობდა იგი.

დაუყოვნებლივ დაიგზანა წერილები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეპისკოპოსებთან, რომელთაც კონსტანტინოპოლში მსოფლიო კრებაზე დასასწრებად იწვევდნენ. მაგრამ შემდგომ იძულებულნი გახდნენ ქალაქი შეეცვალათ, რადგან კონსტანტინოპოლში კრების ჩატარება არცთუ უხიფათო იყო – ხატთმბრძოლთა დაჯგუფებას ზურგს უმაგრებდნენ მეომრები, რომლებმაც ალყა შემოარტყეს ტაძარს, სადაც სხდომები უნდა გამართულიყო; თან გაჰყვიროდნენ, რომ არ დაუშვებდნენ ტაძარში კერპების შეტანას. გადაწყდა კრების მოწვევა ნიკეაში. აქ 788 წელს გაიხსნა VII მსოფლიო კრება ტარასის თავმჯდომარეობით და 367 ეპისკოპოსის მონაწილეობით, რომელთა შორის პაპ ადრიანეს წარგზავნილებიც იყვნენ.

ხატთმბრძოლობის ეპოქაში საეკლესიო ურთიერთობანი თითქმის შეწყდა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. სამაგიეროდ, სხვადასხვა გარემოებათა გამო პაპების გავლენა ძალიან გაიზარდა დასავლეთში, რის შესახებაც შემდგომ თავში მოგითხრობთ. პაპმა ადრიანემ კრებაზე მიწვევის პასუხად იმპერატორს გაუგზავნა წერილი, საიდანაც ცხადად იკვეთებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოებათა პერიოდში, განსაკუთრებით კი ხატთმბრძოლობის დროს, რომის მღვდელთმთავრებში ჩამოყალიბებული მტკიცე თვითშეგნება, რომ პაპი არის უპირატესი და აქვს სხვა ეკლესიების მართვის უფლება, რადგან პაპები მოციქულთა თავის – პეტრეს მემკვიდრენი არიან. წერილში ჩამოყალიბებული მოთხოვნებიდან აშკარა იყო, რომ პაპს სურდა ძალაუფლების მითვისება, რაც უწინდებურად არ დაუშვა აღმოსავლეთმა.

კრებამ წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით უარყო ხატთმბრძოლობის ერესის ყველა დებულება და დაადგინა ხატთა თაყვანისცემა; ჯეროვანია „პატივი მივაგოთ წმინდა ხატებს და თაყვანი ვცეთ მათ არა როგორც ღმერთს, არამედ როგორც ღვთისა და მისი წმინდანების გამოსახულებას“.

კრების განჩინებანი ეცნობა ყველა ეკლესიას. რომმა სრულად შეიწყნარა იგი, მაგრამ, მიუხედავად პაპის სასულიერო ხელისუფლების მზარდი სიძლიერისა, მას წინააღმდეგობა გაუწიეს რამდენიმე ფრანგმა ღვთისმეტყველმა და თავად საფრანგეთის მეფემ, კარლოს დიდმა, რომლებმაც ფრანკფურტის კრებაზე უარყვეს VII მსოფლიო კრების რამდენიმე გადაწყვეტილება.

ხანმოკლე სიმშვიდის შემდგომ ხატთმბრძოლობის ერესი ისევ აღმოცენდა აღმოსავლეთში და მრავალი წლით ააღელვა ეკლესია. ეს იყო გაუთავებელი პოლიტიკური ქიშპობისა და გაურკვევლობის ხანა, რასაც დაერთო ბიზანტიის იმპერიის უაღრესი დაქვეითება – ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ქრისტიანული რწმენით განათლებული ქვეყანა ასე დაეცემოდა ზნეობრივად. საიმპერატორო კარზე და ერში გარყვნილება, სისასტიკე და ცრურწმენა გამეფდა. ბოროტმოქმედებას დასასრული არ უჩანდა, ირღვეოდა საერო და საეკლესიო სამართალი.

ერესისკენ მიდრეკილი იმპერატორები ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას და ეკლესიის დადგენილებათა შეცვლასაც ბედავდნენ; აშკარად უჭერდნენ მხარს ცრუსწავლებებს და დაუნდობლად სდევნიდნენ, ვინც მათ შეხედულებებს არ იზიარებდა. იმპერია უწესრიგობამ შეძრა, ალაგ-ალაგ ამბოხმა იფეთქა... ძალაუფლების მაძიებლები სარგებლობდნენ საყოველთაო უკმაყოფილებით, მომხრეებს იმრავლებდნენ და ტახტის ხელში ჩაგდებას ესწრაფოდნენ. გამარჯვებული ფრთა სასტიკად უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს; მორწმუნეთა სისხლი კი შეუწყვეტლივ იღვრებოდა ხან პოლიტიკური, ხანაც რელიგიური არეულობების დროს.

ეკლესიის სადიდებლად უნდა ითქვას, რომ მძიმე ჟამს მასში ყოველთვის ჩნდებოდნენ წმინდა მამები, რომლებიც ურყევი სიმტკიცითა და თავგანწირვით იცავდნენ ქრისტიანული სწავლების სიწმინდეს და თამამად იმაღლებდნენ ხმას უზნეობის წინააღმდეგ. მაგრამ უფლის მსახურთა ცხოვრება ამის გამო ტანჯვით იყო აღსავსე. VIII საუკუნესა და IX საუკუნის დასაწყისში მრავალი აღმსარებელი და მარტვილი ცხოვრობდა, რომელთაც მარადიული დიდება ერგოთ უფლისადმი ერთგული სამსახურის გამო. ერთ-ერთმა მათგანმა, თეოდორე სტუდიელმა, უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე (ირინეს ვაჟი), რომელმაც ცილისწამების საფუძველზე დაარღვია ქორწინება სათნო მეუღლესთან და უკანონოდ დაქორწინდა ახლო ნათესავზე. ეს მხილება დროული და აუცილებელი იყო, რადგანაც იმპერატორის ეს უღირსი საქციელი დამღუპველი მაგალითი აღმოჩნდა სასახლის კარისთვის.

მხილებულმა იმპერატორმა აითვალწუნა პატრიარქი ტარასი, რადგან უზნეობა მანაც უსაყვედურა, ხოლო თეოდორე, რომელიც მაშინ კონსტანტინოპოლის მახლობლად მდებარე სეკუდიანის მონასტრის იღუმენი იყო, სიმართლის თქმისათვის აწამებინა და ათ მონაზონთან ერთად თესალონიკში გადაასახლებინა.

კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ დედოფალმა ირინემ დააბრუნა თეოდორე, რომელიც სტუდიის მონასტრის იღუმენი გახდა. მის ირგვლივ შეიკრიბა ათასზე მეტი სულიერი მოძმე; თეოდორე მათ უდიდესი სიბრძნით მართავდა, ზრუნავდა განათლებაზე, მონასტერში გახსნა სკოლა ბავშვებისთვის... მაგრამ სასიკეთო შრომა ისევ შეაწყვეტინა დევნამ, რაც პავლიკიანელთა ერესის მომხრე იმპერატორმა ნიკიფორემ (802-811 წწ.) დაიწყო. თეოდორე ისევ დაატყვევეს. გავიდა ხანი... იგი ნიკიფორეს მემკვიდრემ დააბრუნა, მაგრამ ახლა მას დაუპირისპირდა იმპერატორი ლეონ V სომეხი (813-820 წწ.). ლეონი ყველა ღონისძიებას მიმართავდა ხატთმბრძოლობის აღსადგენად, მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა მსოფლიო კრების განჩინებანი და ისევ შეავიწროვა ხატთა თაყვანისმცემლები. თეოდორე უშიშრად მიმართავდა: „მეფეო, ნუ დაარღვევ ეკლესიაში მშვიდობას! მოციქულმა ბრძანა, რომ უფალმა ეკლესიას მისცა „რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი“ (ეფეს. 4,11), მაგრამ მას მეფეები არ უხსენებია. დაუთმე ეკლესია მწყემსებსა და მოძღვრებს. თუ არა და, დაიჯერე, თავად ზეციურმა ანგელოზმაც რომ მოგვთხოვოს ჩვენი სარწმუნოებისათვის მიუღებელი რამ, არც მას მოვუსმენთ!“

თეოდორეს შეგონებანი სულით ყრუ იმპერატორს არ ესმოდა. დევნა ძლიერდებოდა. ერთხელ, დღესასწაულის დროს, თეოდორემ მონასტრის ირგვლივ მოაწყო საზეიმო მსვლელობა ხატებით, რასაც თან ახლდა იოანე დამასკელის საგალობელი: „უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვცემთ, ქველის-მოქმედ...“

როდესაც ეს იმპერატორმა შეიტყო, წმინდანის გვემა ბრძანა, შემდეგ კი გადაასახლა შორეულ ქალაქში, სადაც ნესტიან და ბნელ საპყრობილეში დაამწყვდიეს. თეოდორეს მაშინაც არ შეუწყვეტია მართლმადიდებლობისთვის ბრძოლა, ჰქონდა მიმოწერა ჭეშმარიტების ერთგულ ეპისკოპოსებთან, ასწავლიდა, აიმედებდა და ანუგეშებდა ტანჯულ ქრისტიანებს. მისი სულიერი სიძლიერე ამ არეულობით დათრგუნულ პატრიარქ ტარასისაც ამხნევებდა. თეოდორე არაერთგზის აწამეს, აშიმშილეს, ერთი საპყრობილიდან მეორე, უფრო შორეულ და პირქუშ სატუსაღოში გადაიყვანეს. წმინდა აღმსარებელი ყველაფერს მოთმინებით იტანდა. თუმცა ხორცით უძლურება ერეოდა, მაგრამ სულიერი სიმტკიცე არ ღალატობდა. „ჩემთვის სულ ერთია, სად გამაგზავნიან. ღმერთი ყველგან არის, „უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და ყოველი სავსებაჲ მისი“; არსად დავდუმდები, როცა საჭირო იქნება სიმართლის დაცვა“, – ამბობდა იგი.

წმინდა თეოდორეს დევნულება მხოლოდ ლეონის სიკვდილის შემდგომ დასრულდა. იგი დააბრუნეს კონსტანტინოპოლში, მაგრამ ვერ აიტანა დედაქალაქში გამეფებული უზნეობა და განმარტოებულ ადგილას დასახლდა. წმინდანს – 68 წლის დამაშვრალსა და ნაწამებ მოხუცს – უფლის დიდებაში აღმოხდა სული 826 წელს. ხატთა თაყვანისცემისთვის ასევე იდევნებოდა ძმა მისი, თესალონიკის ეპისკოპოსი იოსები.

ხატთა თაყვანისმცემლების დევნა დაახლოებით ოცდახუთ წელიწადს გაგრძელდა. ლეონ სომეხის, მიქაელისა (820-829 წწ.) და თეოფილეს (829-842 წწ.) მმართველობის დროს დაემხო მონასტრები და განადგურდა უდაბნოს სენაკები, ბოლო არ უჩანდა მონაზვნებისა და ხატმწერთა წამებას. იმ დროს აღმოსავლეთიდან დევნულთაგან ბევრმა ჰპოვა თავშესაფარი იტალიაში. ბევრი მართლმადიდებელი გაქცევით ინარჩუნებდა სიცოცხლეს, მაგრამ უცხო ქვეყნებშიც კი ყოველთვის ვერ ემალებოდნენ გაავებულ მდევნელებს, რომლებიც წამებათა აქამდე უცნობ წესებსაც კი იგონებდნენ. მაგალითად, ორი ძმა, თეოდორე და თეოფანე, რომლებიც იერუსალიმის პატრიარქმა გამოაგზავნა იმპერატორ ლეონთან ჭეშმარიტების დასაცავად, სასტიკად აწამეს. მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ერთი სწავლებეს, მეორე კი წმინდანთა პატივსაცემად კანონებს წერდა. ლეონის ბრძანებით ისინი საპყრობილეში აშიმშილეს, ხოლო იმპერატორმა თეოფილემ მათ სახეებზე ამოაშანთვინა მკრეხელური სიტყვები. წამების დროს ისინი იმეორებდნენ: „დაწერე, მეფეო! საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს დაწერილს!..“

მონაზონი იოსები, წარმოშობით სიცილიელი, მართლმადიდებლებმა დასავლეთში გააგზავნეს დახმარების სათხოვნელად; იგი ავაზაკებმა შეიპყრეს და ხატმბრძოლებს გადასცეს, რომლებსაც დიდხანს ჰყავდათ გამოკეტილი საპყრობილეში, სადაც ის პატიმართა მანუგეშებელი და დამრიგებელი გახდა. ხატთმბრძოლობის ერესის დასრულების შემდეგ იგი გათავისუფლდა და დასახლდა კონსტანტინოპოლში; წერდა წმინდანთა განმადიდებელ საგალობლებს, ამიტომ შთამომავლობა მას იცნობს იოსებ მგალობლის სახელით.

იმპერატორი ლეონი დევნიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ნიკიფორესაც. ხოლო მომდევნო იმპერატორები მიქაელი და თეოფილე – პატრიარქ მეთოდეს, რომელიც ტანჯვა-წამების შემდეგ გადაასახლეს შორეულ კუნძულზე, სადაც მიწისქვეშა დილეგში ჩაამწყვდიეს ორ ავაზაკთან ერთად.

იმპერატორ თეოფილეს სიკვდილის შემდეგ მისმა ქვრივმა, თეოდორამ, დევნა შეწყვიტა და ყველა წმინდა დევნილი დააბრუნა გადასახლებიდან; მათ შორის იყო მეთოდეც. მისი თავმჯდომარეობით 842 წელს მოწვეულმა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, დაგმო ხატთმბრძოლობის ერესი და დაადგინა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დღესაც აღინიშნება დიდმარხვის პირველ კვირადღეს.

ასე დასრულდა ეს ერესი, რომელმაც ასი წლის მანძილზე მოსვენება დაუკარგა ეკლესიას და ხატებთან ერთად გაანადგურა მეცნიერება, მხატვრობა, განათლება... დაანგრია უთვალავი მონასტერი, დაწვა უძვირფასესი ხელნაწერები.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც წმინდანთა თაყვანისცემა დანაშაულად ითვლებოდა და იდევნებოდა, შეიქმნა იმ საეკლესიო საგალობელთა უდიდესი ნაწილი, რომელთაც დღესაც გალობენ ეკლესიაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ღვთისსათნო წმინდანთა სადიდებლად.

შთაგონებულ საგალობელთა ერთ-ერთი შემქმნელი იყო ეკლესიის მიერ განდიდებული იოანე დამასკელი, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, როგორც ხატთა თაყვანისცემის მოშურნე ქომაგზე. იოანე მონაზვნად შედგა წმინდა საბას ლავრაში, იერუსალიმის მახლობლად. გადმოცემის თანახმად, სავანეში მყოფთაგან თავიდან ვერავინ გაბედა მოწაფედ მისი მიღება, იმდენად იყო სახელგანთქმული. ბოლოს გამოჩნდა ერთი ბერი, რომელიც მის მოძღვრობას დათანხმდა და თავის ცნობილ მოწაფეს დაუწესა უმძიმესი მორჩილება – საერთოდ აუკრძალა მწიგნობრული მოღვაწეობა. იოანე უდრტვინველად დაემორჩილა ბერს.

ერთხელ იოანეს ვინმე მონაზონმა, რომელიც ძმის სიკვდილს დიდად გლოვობდა, თვალცრემლიანმა სთხოვა, შეემსუბუქებინა მისი მწუხარება და დაეწერა გარდაცვლილის მოსახსენიებელი საგალობელი. იოანემ დაარღვია მორჩილება და იქვე შეთხზა ტროპრები, რომელიც დღესაც იგალობება მიცვალებულთა წესის აგების დროს: „რომელი შუებაჲ სოფლისაჲ დაადგრების თKნიერ მწუხარებისა, რომელი დიდებაჲ ჰგიეს ქუეყანასა ზედა შეუცვალებელად; ყოველივე აჩრდილისა უუძლურეს არს, ყოველივე სიზმრისა უმაცთურეს არს; ერთი წამი, და ამას ყოველსა სიკუდილი უჩინო-ჰყოფს. არამედ ნათელსა პირისა შენისასა, ქრისტე, და სიტკბოებასა შენისა შუენიერებისასა, რომელი გამოირჩიე, განუსუენე, ვითარცა მხოლო კაცთმოყუარე ხარ“. „სადა არს სოფლისა ამის სიხარული და საწუთოჲსა საოცრება, სადა არს ოქრო, გინა ვეცხლი, სადა არს მონათა სიმრავლე და ამბოხი; აჰა ესერა ყოველივე იქმნა ავლ, ყოველივე ესე იქმნა მტუერ, ყოველივე ესე იქმნა სიზმარ და აჩრდილ. არამედ მოვედით და Pმა-ვყოთ უკუდავისა მიმართ მეუფისა: საუკუნეთა კეთილთა შენთა ღირს-ყვენ, უფალო, ჩუენგან მიცვალებულნი, და განუსუენე მათ დაუსრულებელსა მას შინა ნეტარებასა შენსა“.

როდესაც ბერმა ეს შეიტყო, იოანე თავისი სენაკიდან გააძევა. დიდი ხნის სინანულის ცრემლების ღვრისა და შენდობის თხოვნის შემდეგ ბერი დათანხმდა მის დაბრუნებას, მაგრამ სასჯელად სავანის ბინძური ადგილების გაწმენდა დაავალა. იმავე ღამით ბერს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, იოანესთვის არ დაეშალა სამწერლო მოღვაწეობა. ამ დროიდან უტკბილეს ნაკადად გადმოდინდა უფლის, ღვთისმშობლისა და წმინდანთა სადიდებელი საოცარი საგალობლები. ეკლესია იოანე დამასკელს უნდა უმადლოდეს საზეიმო სააღდგომო მსახურებას, უფლისა და ღვთისმშობლის მთავარი დღესასწაულების, სულთმოფენობისა და მრავალი წმინდანის მოსახსენიებელ კანონებს. მანვე შეადგინა რვა ხმად დაყოფილი საკვირაო მსახურებანი. იოანე დამასკელის მიერ შექმნილ საგალობელთა და ლოცვათაგან უმეტესობა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში ჩართეს ღვთისმსახურებაში. გარდა საგალობლებისა, მან შეადგინა „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“, „დიალექტიკა“, „წიგნი ერესების შესახებ“, მჭევრმეტყველური სიტყვები წმინდა ხატების მგმობელთა წინააღმდეგ. კოპრონიმოსის მიერ გაჩაღებული დევნის დროს იოანემ მცირე ხნით დატოვა სავანე და ისევ მოევლინა კონსტანტინოპოლს ხატების დამცველად. ტაძრის ამბიონიდან თვით კოპრონიმოსმა გადასცა იგი ანათემას, მაგრამ იოანე დამასკელმა ისევ განაგრძო ერესის უშიშრად მხილება. იგი გარდაიცვალა დაახლოებით 786 წელს.

იოანეს მეგობარმა და მასთან ერთად აღზრდილმა კოსმამ, მოგვიანებით მაიუმის ეპისკოპოსმა, ასევე მრავალი შესანიშნავი საეკლესიო საგალობელი დაწერა. იმხანად წმინდანთა სადიდებელ საგალობლებს წერდნენ: გერმანე კონსტანტინოპოლელი, თეოდორე სტუდიელი და მისი მოწაფენი: იოსებ მგალობელი, თეოფანე სიგრიანელი, იოსებ თესალონიკელი, მონაზონი დედა კასიანა და მრავალი სხვა. და ეს ხდებოდა ხატთმბრძოლობის მძიმე ეპოქაში, ტანჯვისა და სიკვდილით დასჯის მუქარის ქვეშ.

602-769 წლების ეკლესიის ისტორიის მემატიანედ ითვლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკიფორე I.

ხატთმბრძოლობით გამოწვეულ არეულობას იმხანად პავლიკიანელთაგან წამოწყებული მღელვარებაც დაერთო. მათი სწავლების ზოგიერთი დებულება გნოსტიკოსთა და მანიქეველთა სექტების მოძღვრებას ჰგავდა. ისინი უარყოფდნენ ეკლესიის საიდუმლოებს და წეს-ჩვეულებას, არ ცნობდნენ იერარქიას და ძველი აღთქმის არც ერთ წიგნს. უცნობია, საიდან მოდის ამ მიმდინარეობის სახელწოდება: ერთ-ერთი თავიანთი მასწავლებლის თუ პავლე მოციქულის სახელიდან, რომლის ეპისტოლეებსაც განსაკუთრებით პატივს მიაგებდნენ. ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ იმ პერიოდზე, როცა პავლიკიანელთა სწავლება უფრო გამოიკვეთა და ახალი სექტები წარმოშვა აღმოსავლეთ-დასავლეთში.

საეკლესიო და საერო ხელისუფალთაგან დევნილი პავლიკიანელები სასაზღვრო ოლქებში სახლდებოდნენ, სადაც უკავშირდებოდნენ სარკინოზებსა და იმპერიის სხვა მტრებს. ბევრნი დამკვიდრდნენ სომხეთში, სადაც წარმატებით გაავრცელეს თავიანთი ცრუსწავლება და იმპერიის მტრებსაც დაეხმარნენ, რის გამოც მათ დევნა დაუწყეს – მაგალითად, დედოფალ თეოდორას დროს ასი ათასამდე პავლიკიანელი გაწყვიტეს. მაგრამ სისასტიკემ მათში მხოლოდ გააძლიერა მტრობა მართლმადიდებლებისა და საბერძნეთის იმპერიისადმი, რომელსაც შემდგომში ხშირი თავდასხმებით მოსვენებას უკარგავდნენ.

დევნილ პავლიკიანელთა დიდმა ნაწილმა მცირე აზიას მიაშურა. სარკინოზების მხარდაჭერით მათ ააშენეს ციხე-ქალაქი ტეფრიკა და იქ გამაგრდნენ, საიდანაც მეზობელ ოლქებს VIII-IX საუკუნეებში ფართოდ მოჰფინეს თავიანთი ცრუსწავლება.

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა