martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 51

ბრიტანეთის ეკლესია. რომის ეკლესიის ბრძოლა ძველბრიტანულ ეკლესიასთან.

 

გავიდა ასი წელი ხლოდვიგის გაქრისტიანებიდან და პაპმა გრიგოლმა ხელი მიჰყო ანგლო-საქსების მოქცევას, რომლებმაც იმ დროისთვის ბრიტანეთში უკვე შექმნეს შვიდი პატარა სახელმწიფოს გაერთიანება, სახელწოდებით ჰეპტარქია. შვიდივეს მეფეები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. ერთმა მათგანმა – კენტის მეფემ ეტელბერტმა თავის ცოლს, ფრანკთა მეფის ასულს, ბერტას, უფლება მისცა, თაყვანი ეცა ჭეშმარიტი ღმერთისთვის ქრისტიანულ ტაძარში. გრიგოლმა ამ ხელსაყრელი გარემოების გამოყენება გადაწყვიტა და საქადაგებლად ინგლისში გაგზავნა ორმოცი ბენედიქტელი მონაზონი, რომელთაც წინამძღვრობდა მონაზონი ავგუსტინე. პაპმა მას გაატანა წერილი ფრანკთა მეფეებთან,[1] რომელთაც სთხოვდა, დახმარებოდნენ რომიდან ინგლისში მიმავალთ და გაეყოლებინათ თარჯიმნები. საფრანგეთში ჩასულმა მქადაგებლებმა ჯერ დაბრუნება გადაწყვიტეს, რადგან სირთულეებისა და საფრთხის შეეშინდათ, მაგრამ პაპის შეგონებებით გულმოცემულებმა გზა განაგრძეს.

597 წელს რომაელი მქადაგებლები ინგლისს მიადგნენ. კენტის მეფემ მათ ნება დართო, ეცხოვრათ ნაპირთან ახლოს, კუნძულზე, და მოსათათბირებლად დღე დაუნიშნა; ოღონდ თავის სასახლეში მათი მიღება ვერ გაბედა, რადგან ცრურწმენის გამო მათი „ჯადოქრობისა“ შეეშინდა და თავად გაემართა კუნძულზე, სადაც შეხვედრა ღია ცის ქვეშ უნდა გამართულიყო. მქადაგებლები საზეიმოდ შეეგებნენ. მსვლელობას წინ ვერცხლის დიდი ჯვარი და მაცხოვრის ხატი მიუძღოდა. შეხვედრის შემდეგ მათ გაქრისტიანებისკენ მოუწოდეს მეფეს და სანაცვლოდ ზეციური სასუფეველი და მარადიული ცხოვრება აღუთქვეს.

ეტელბეტრმა მოუსმინა მათ და უპასუხა: „თქვენი სიტყვები და აღთქმანი კარგია, მაგრამ ჩემთვის სრულიად ახალია. მე ვერ შევძლებ, დაუყოვნებლივ მივატოვო ტრადიციები და რწმენა, რომელიც ჩემთვის და ჩემი ქვეშევრდომებისთვისაც ძვირფასია. მაგრამ მჯერა, თქვენ აქ კეთილი განზრახვით ხართ მოსულები და მსურს, თავი კარგად იგრძნოთ. მე ყოველივე აუცილებლით მოგამარაგებთ, უფლებას მოგცემთ, მონათლოთ ყველა, ვინც თქვენს რწმენას შეიწყნარებს“.

მქადაგებლები დასახლდნენ ქალაქ კენტერბერში და მალე ღირსეული ცხოვრებით საერთო პატივისცემა დაიმსახურეს. გადმოცემის თანახმად, ისინი აღასრულებდნენ სასწაულებს და ლოცვით კურნავდნენ სნეულებს. ხალხი მოდიოდა მათი ქადაგებების მოსასმენად. ერთ დღეს ავგუსტინემ ათი ათასამდე ადამიანი მონათლა ძველ, ნახევრად დანგრეულ ქრისტიანულ ტაძარში. მალე ნათელ-იღო მეფე ეტელბერტმაც. მან საჯაროდ გამოაცხადა თავი ქრისტიანად, თანაც დასძინა, რომ ქვეშევრდომები ვალდებულნი არ არიან მიჰბაძონ მას – ყველას თავისუფლად შეუძლია აღიაროს ახალი ან ძველი სარწმუნოება. მეფემ მქადაგებლებს უბოძა მიწები. ავგუსტინემ პაპს შეატყობინა მიღწეული წარმარტებების შესახებ და თანაშემწეთა გამოგზავნა სთხოვა. „სამკალი ბევრია, მომკელი ცოტა“ – სწერდა იგი.

გრიგოლი ძალიან გაახარა საქმის წარმატებამ, ავგუსტინეს გაუგზავნა ომოფორი, როგორც არქიეპისკოპოსის ხარისხის ნიშანი, საეკლესიო ჭურჭელი, საღვთისმსახურო წიგნები და რამდენიმე თანაშემწე. თან აახლა საპასუხო წერილი, სადაც ავგუსტინეს აფრთხილებდა – წარმატებით არ ეამაყა, მხოლოდ ღმერთისთვის აღევლინა ქება-დიდება; გამოეჩინა ქრისტიანული მიმტევებლობა ახალმოქცეულებისადმი და უდიდესი სიფრთხილით მოჰკიდებოდა ქვეყნის ძველ ტრადიციებს; აუკრძალა, რომის სახელით დაერღვია ის ადგილობრივი წეს-ჩვეულებანი, რომელთა შენარჩუნება შეიძლებოდა რწმენისთვის ზიანის მიუყენებლად.

მალე გაქრისტიანდა კენტის სამეფოს მეზობელი სახელმწიფოც: იქ გაიგზავნა ერთი მქადაგებელი, რომელიც შემდგომ მთავარი ქალაქის, ლონდონის, ეპისკოპოსი გახდა. გრიგოლმა დაადგინა თორმეტი ეპისკოპოსი, რომელთაგან მთავარი იქნებოდა იორკის მღვდელთმთავარი. ხოლო ავგუსტინე, კენტერბერიის ეპისკოპოსი, უნდა ყოფილიყო თავი მთელი ინგლისის ეკლესიისა, რომელიც რომს დაექვემდებარებოდა.

ამ საზრუნავით დაკავებულ მქადაგებლებს თითქმის დაავიწყდათ, რომ ბრიტანეთის კუნძულებზე ოდითგანვე არსებობდა ქრისტიანული ეკლესია. ეს იყო ძველბრიტანული ანუ კალედონიის ეკლესია, რომელიც ნაკლებად ზრუნავდა ანგლო-საქსების მოქცევაზე, სამაგიეროდ ჰყავდა მრავალრიცხოვანი მიმდევარი კელტურ მოსახლეობაში. ეს უკანასკნელნი ძირითადად უელსში, ირლანდიასა და თანამედროვე შოტლანდიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ამ ეკლესიამ მოაქცია ჰებრიდისა და ორკნის კუნძულების მოსახლეობა. მონასტრებში ასწავლიდა ახალგაზრდებს და ბევრი მოშურნე მქადაგებელი და სწავლულიც გაზარდა.

ძველბრიტანულ ეკლესიას, რომელიც დიდხანს იყო საერთო ეკლესიური ცხოვრებისგან გამიჯნული, ჰქონდა ზოგიერთი თავისებური წესი. მაგალითად, იგი აღდგომას აღნიშნავდა მცირე აზიის ძველი ეკლესიების წესისამებრ, რაზედაც აღმოსავლეთმა დიდი ხნის წინ თქვა უარი; არ იცავდა საყოველთაოდ მიღებულ იერარქიულ წყობას. უმნიშვნელოვანესი მონასტრები, როგორიც იყო იონა, ბანგორი და სხვები, შეადგენდნენ ერთგვარ რელიგიურ თემებს, რომლებსაც წინამძღვრები ანუ უხუცესნი მართავდნენ მონაზვნური ცხოვრების საერთო წესდებისგან განსხვავებული წესებით. იონას მონასტრის წინამძღვარი, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, როგორც წმინდა კოლუმბას მემკვიდრეს, განაგებდა კალედონიის მთელ ეკლესიასაც. ის, თავის მონაზვნებთან ერთად, ადგენდა პრესვიტერებსა და ეპისკოპოსებს, აგრეთვე მითითებებს აძლევდა მქადაგებლებს, თუ სად და როგორ ეღვაწათ. დიდი მონასტრების წინამძღვრები საყოველთაო, ღრმა პატივისცემით სარგებლობდნენ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ავგუსტინეს მოღვაწეობა გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნებოდა, სათანადო ყურადღება რომ მიექცია ძველბრიტანული ეკლესიის სასულიერო დასისთვის და მათთან შეთანხმებით ემოქმედა, მაგრამ მან დაუკვირვებლობა და ამპარტავნება გამოიჩინა. საერთოდ, რომის გაგზავნილები დამპყრობლებივით იქცეოდნენ. ავგუსტინემ პაპის სახელით უბრძანა ბრიტანული ეკლესიის ეპისკოპოსებსა და მონაზვნებს, ეღიარებინათ ის ინგლისის მთელი ეკლესიის თავად და იმავდროულად სათათბიროდ მიიწვია.

ამ ბრძანებამ დიდად განაცვიფრა ბრიტანელები – ისინი დიდი ხნის ქრისტიანები იყვნენ და მიეჩვივნენ, ჰქონოდათ დამოუკიდებელი, საკუთარი წინამძღვრების მიერ მართული ეკლესია; ვერაფრით მიხვდნენ, უცებ რატომ უნდა დაქვემდებარებოდნენ მათთვის სრულიად უცხო რომს. ბანგორის მონასტრის წინამძღვარმა ბრიტანეთის სასულიერო დასის სახელით პასუხი გაუგზავნა ავგუსტინეს: „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, აღმოვუჩინოთ სიყვარული და ძმური, ქრისტიანული დათმობა ნებისმიერ ღვთისმსახურ ქრისტიანს, ყველა ეპისკოპოსს – რომის იქნება ის თუ სხვა. მაგრამ არ გვესმის, რა განსაკუთრებულ მორჩილებას გვთხოვთ მის მიმართ, ვისაც პაპს ან მამათა მამას უწოდებთ?!“

მაგრამ შვიდმა ბრიტანელმა ეპისკოპოსმა და რამდენიმე მონაზონმა, უპირატესად ბანგორის მონასტრიდან, გადაწყვიტა დანიშნულ თავყრილობაზე წასვლა. ძველი ინგლისის მემატიანე მოგვითხრობს: წასვლის წინ მათ ჰკითხეს ერთ ბრძენ განდეგილს, როგორ მოქცეულიყვნენ ავგუსტინესთან. მეუდაბნოემ ურჩია, დამორჩილებოდნენ არქიეპისკოპოსს, თუ ის ღვთის კაცი იქნებოდა.

– როგორ შევიტყოთ, არის თუ არა ის ღვთის კაცი? – ჰკითხეს მათ.

– თუ იგი, უფლის მსგავსად, მშვიდია და თავმდაბლი; თუ, როგორც მოწაფეს უფლისა, ქრისტეს უღელი ადგას, ის თქვენ სხვანაირ უღელს აღარ დაგადგამთ; მაშინ დაემორჩილეთ! –მიუგო მეუდაბნოემ.

როდესაც ისევ ჰკითხეს, როგორ ამოეცნოთ, თავმდაბალი იყო თუ არა ავგუსტინე, მეუდაბნოემ ასე უპასუხა: თუ თათბირზე მისულებს ავგუსტინე ფეხზე ადგომით მოგესალმებათ, მაშინ ის ღვთის კაცად ჩათვალეთ.

როდესაც ბრიტანელები შეკრებაზე მივიდნენ, ავგუსტინე არც წამომდგარა, მაშინვე მბრძანებლური კილოთი მოსთხოვა მათ, ეღიარებინათ მისი უპირატესობა და დახმარებოდნენ ანგლოსაქსების მოქცევაში. შეურაცხყოფილმა და უკმაყოფილო ბრიტანელებმა მიუგეს, რომ არ სურთ, რაიმე საერთო ჰქონდეთ მტრებთან მანამ, სანამ არ დააბრუნებდნენ წართმეულ მიწებს, და დასძინეს:

– ჩვენი თანასწორი ჩვენთან შეხვედრისას ფეხზე არც ადგა. არასდროს დავთანხმდებით მის მმართველობას.

– თუ ასეა და არ გსურთ მშვიდობა ძმებთან, მაშინ იომებთ მტრებთან. თუ არ გინდათ ჩემთან ერთად აჩვენოთ სიცოცხლის გზა საქსონელებს, მაშინ ისინი გახდებიან თქვენი სიკვდილის მაუწყებლები! – დაემუქრა ავგუსტინე.

მალე მისი მუქარა ასრულდა: ანგლოსაქსთა ერთ-ერთი მეფე, კერპთაყვანისმცემელი ედელფრიდი, უეცრად დიდი საომარი ძალებით თავს დაესხა მხარეს, სადაც ბანგორის მონასტერი იყო, დაამარცხა მთიელები, დაარბია სავანე და ორასამდე მონაზონი ამოხოცა. ახალმოქცეულები და რომის სასულიერო პირები ამ მოვლენას ავგუსტინეს წინასწარმეტყველების სასწაულებრივ ახდენად აღიქვამდნენ. ბრიტანელები კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თვითონ ავგუსტინემ წააქეზა მათი მტრები.

ამით უფრო გამძაფრდა დაპირისპირება ძველბრიტანულსა და რომის ეკლესიებს შორის. რომის სასულიერო დასი ძველბრიტანულ ეკლესიას ერეტიკულს უწოდებდა და ისეთივე მონდომებით ცდილობდა მის ამოძირკვას, როგორც კერპთაყვანისმცემელთა მოსაქცევად იბრძოდა. ბრიტანეთის სასულიერო პირებმა კიდევ უფრო ჯიუტად განაგრძეს საკუთარი ტრადიციების დაცვა. შედეგად ძველბრიტანული ეკლესია კიდევ მეტად ჩამოშორდა საერთო ეკლესიურ ცხოვრებას; თავად ბრიტანელებისა და მეომარი მთიელების გულებში სულ უფრო ღვივდებოდა დამპყრობთა მიმართ მტრობა და უცხო ეკლესიისადმი უნდობლობა.

რომაელ მქადაგებელთა სწრაფი წარმატება წარმავალი აღმოჩნდა. კენტის მშვიდი და ღვთისმსახური მეფის ეტელბერტის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. ასევე მოიქცნენ მეზობელი სამეფოს მემკვიდრეებიც. მეფეებს უამრავმა ხალხმა მიჰბაძა და მქადაგებლებს დევნა დაუწყო; ამ უკანასკნელთაგან ზოგი სულიერად დაეცა და იქაურობას გაეცალა. მაგრამ ავგუსტინეს მემკვიდრემ, ლავრენტიმ, დარჩენა გადაწყვიტა და მალე ისეთი ზეგავლენა მოიპოვა მეფეზე, რომ ჭეშმარიტ გზაზე დააბრუნა. მეორე მოშურნე მქადაგებელმა პავლინემ ქრისტიანი დედოფლის დახმარებით მოაქცია ნორტუმბერლანდის მეფე ედვინი, რომელმაც მოიწვია სახალხო კრება ანუ საბჭო, აუხსნა ქვეშევრდომებს თავისი გაქრისტიანების მიზეზები, აუწყა ახალი სარწმუნოების ძირითადი ჭეშმარიტებები და აზრი ჰკითხა. უმრავლესობამ აღიარა, რომ ახალი რჯული ძველზე უკეთესი იყო.

შეკრებაზე მყოფმა პავლინემ ჩამოაყალიბა ქრისტიანული აღმსარებლობა, დამსწრეებმა ყურადღებით მოუსმინეს და ერთხმად გადაწყვიტეს – მიეტოვებინათ ძველი ღმერთები და მიეღოთ ახალი სარწმუნოება. თავად უმაღლესმა ქურუმმა აღუთქვა შეკრებილთ კერპების განადგურება; პავლინემ მთელი სამეფო მოიარა და მონათლა ისინი, ვინც ქრისტე ირწმუნა.

მაგრამ არც ეს წარმატება გამოდგა მკვიდრი. ედვინი დაიღუპა მერსიის წარმართ მეფე პენდასთან ბრძოლაში და დროებით ისევ აღორძინდა კერპთაყვანისმცემლობა თანამდევი დევნითა და ძარცვით.

რომაელ გზავნილებზე წარმატებულად სხვა მქადაგებლები მოქმედებდნენ. ძველბრიტანული ეკლესიის სასულიერო დასმა ახლა დიდი მონდომებით მოჰკიდა ხელი ანგლოსაქსონურ სახელმწიფოებში მქადაგებლობას. ამ კეთილ საქმეს სათავე დაუდო ახალგაზრდა მეფე ოსვალდმა, მოკლული ედვინის ძმამ. ამ ჭაბუკმა მემკვიდრეობა დაკარგა და ჯერ კიდევ ბავშვმა თავი იონას მონასტერს შეაფარა, სადაც მონაზვნებმა აღზარდეს და ქრისტიანობისადმი სიყვარული შთაუნერგეს. როცა გაიზარდა, დაიპყრო ნორტუმბერლანდი და დაუყოვნებლივ მოიწვია მქადაგებლები ჩრდილოეთის მონასტრებიდან. ისინი ხალისით კი ჩავიდნენ, მაგრამ რამდენჯერმე მზად იყვნენ, ისევ მიეტოვებინათ დაწყებული საქმე, იმდენად რთული გამოდგა გაველურებული წარმართების გულებში ქრისტიანული სარწმუნოების შეღწევა. იონაში დაბრუნებული ერთ-ერთი მქადაგებელი ამბობდა: „ისინი ისე არიან გაკერპებულნი, რომ მათი მოქცევის იმედი აღარ არსებობს“.

ამ სიტყვებით გაოგნებულმა ერთ-ერთმა იქ მყოფმა პრესვიტერმა, აიდანმა შეჰყვირა:

“უფალო, ნუთუ მაშინაც არ გატყდებიან, როცა შენი სიყვარულის შესახებ ეუწყებათ. მე წავალ და ვამცნობ სახელს სახიერი იესოსი, რომელმან „ლელწამი განტეხილი არა შემუსროს“ (ეს. 42,3)“. შემდეგ მქადაგებელს მიუბრუნდა და უთხრა: „ძმაო, მეტისმეტად მომთხოვნი ხომ არ იყავი ახალბედების მიმართ? საჭიროა მათი კვება რძით, სანამ უფრო უხეში საკვების მისაღებად არ მომაგრდებიან“.

იონას უხუცესებმა აიდანი ეპისკოპოსად დაადგინეს და გადაწყვიტეს მისი მივლინება ნორტუმბერლანდში. ასე ჩავიდა იგი ოსვალდის სამეფოში, სადაც დიდი სიხარულით მიიღეს.

აიდანს ჯერ კიდევ არ ესმოდა ადგილობრივი ენა, მაგრამ თავად მეფე დაჰყვებოდა ყველგან და ერს უთარგმნიდა ეპისკოპოსის სიტყვებს. ორივე თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად და უდიდესი სიყვარულით იღვწოდა. მოკლე ხანში სრული წარმატებით დაგვირგვინდა მათი ზრუნვა: საქსონელების სასტიკ გულებზე სახარებისეულმა ჭეშმარიტებამ იზეიმა. აიგო ეკლესია-მონასტრები, სარწმუნოება მტკიცედ დამკვიდრდა მთელ იმ ვრცელ მხარეში. ოსვალდი კერპთაყვანისმცემლებთან ბრძოლაში მოკლეს. მან თავისი ხალხის გადარჩენისთვის ვედრებით მიაბარა სული უფალს. ერი მის ხსოვნას პატივს მიაგებს და წმინდანად აღიარებს.

ნორტუმბერლანდიდან მქადაგებლები სხვა სამეფოებშიც გადადიოდნენ, აუწყებდნენ სახარებას, აფუძნებდნენ ეკლესია-მონასტრებს, ამასთან იცავდნენ ძველბრიტანული ეკლესიის წეს-ჩვეულებებს. მათი საქმიანობა კიდევ უფრო გაფართოვდა, როცა ოსვალდის მემკვიდრე ოსვემ თავის სამფლობელოს მიუერთა სხვა სახელმწიფოები, რითაც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ მქადაგებლებს გზა გაეხსნათ და შესაბამისად სარწმუნოებაც სწრაფად გავრცელდა.

მაგრამ მათ წარმატებებს აღშფოთებითა და შურით შეჰყურებდნენ რომაელი მქადაგებლები, რომლებიც მყარად დამკვიდრდნენ ჰეპტარქიის მხოლოდ ერთ სახელმწიფოში – კენტში და გულისწყრომას ვერ ფარავდნენ, როცა ხედავდნენ პაპის ძალაუფლებისგან დამოუკიდებელი ეკლესიის განვრცობასა და გაძლიერებას.

რომაელი სტუმრებისგან ქედმაღლური და უღირსი მოპყრობით გაღიზიანებული ბრიტანელები უფრო დიდი მონდომებით იცავდნენ ადგილობრივ, ძველ ტრადიციებს. ამასთან ეროვნულ დამოუკიდებლობას ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთიანობაში მოიაზრებდნენ. ხალხს უყვარდა თავისი მქადაგებლები და ხალისითაც უსმენდა, რადგან ისინი უფრო მახლობლებად მიაჩნდა, ვიდრე რომაელები. მით უმეტეს, რომ ბრიტანელები გამოირჩეოდნენ უბრალოებითა და უანგარობით, რომაელი მქადაგებლები კი ხალისით იღებდნენ, ხშირად ითხოვდნენ კიდეც, ძღვენსა და მიწებს. პაპები მეფეებისადმი მიწერილ წერილებში ჰპირდებოდნენ ზეციურ და მიწიერ სიკეთეებს მათ, ვინც მფარველობას გაუწევდა რომის ეკლესიას და მორჩილებას მიაგებდა მის თავს – რომის ეპისკოპოსს. მცდელობას არ აკლებდნენ, გადაებირებინათ ბრიტანეთის უმაღლესი სასულიერო იერარქია და სიმდიდრესა და ძალაუფლებას ახარბებდნენ.

ძველბრიტანული და რომის ეკლესიების საუკუნოვანი ბრძოლის შესახებ საკმაოდ დაწვრილებით ცნობებს გვაწვდის ინგლისის ეკლესიის პირველი მემატიანე, მღვდელმონაზონი ბედა ღირსეული; იგი VIII საუკუნეში ცხოვრობდა და იმხანად ინგლისში უკვე დამკვიდრებული რომის ეკლესიის ერთგული იყო. ხალხის მეხსიერებაში შემონახულ გადმოცემებზე აგებული მისი მარტივი მონათხრობი სწორ წარმოადგენას გვიქმნის, თუ რა ხერხებს მიმართავდა რომი მისდამი ურჩი ადგილობრივი ეკლესიის დასაჩაგრავად და განსადევნად. ვფიქრობთ, ზედმეტი არ იქნება ამ მატიანედან ზოგიერთი ეპიზოდის გაცნობა, რადგან რომის წინააღმდეგ ამ საუკუნოვანმა ბრძოლამ ღრმა კვალი დააჩინა ბრიტანეთის ეკლესიას.

მეფე ოსვალდი გარდაიცვალა VII საუკუნის შუა წლებში და სამფლობელოები გადავიდა მისი ძმის – ოსვეს ხელში, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა იგი და ინგლისის ყველაზე ძალმოსილი მეფე გახდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი მფარველობდა ქრისტიან მქადაგებლებს, მაგრამ ყველაზე მეტად სახელმწიფოს საზღვრების გაფართოება აწუხებდა და მიზნის მისაღწევად ბოროტმოქმედებასაც არ ერიდებოდა. მაგალითად, მან მუხანათურად მოკლა მეზობელი მეფე, თავისი ნათესავი, და მის სამფლობელოს დაეპატრონა.

ამ დროს რომის ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებმაც მხოლოდ კენტში ჰპოვეს დასაყრდენი, შურით შესცქეროდნენ ბრიტანელი მქადაგებლების წარმატებებს, ცდილობდნენ მეფე ოსვეს გადაბირებას, რაც, მათი აზრით, მთელი ინგლისის დასამორჩილებლად გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა. მალე საამისო შესაძლებლობაც მიეცათ – თვითონ ოსვე ძველბრიტანული ანუ კალედონიის ეკლესიის წესებს იცავდა, ცოლი კი რომის ეკლესიისას. სასახლეში ცხოვრობდა მისი მოძღვარიც. მაშინ, როცა მეფე და კარისკაცები აღდგომას ზეიმობდნენ ძველბრიტანული ეკლესიის გამოთვლის თანახმად, დედოფალი და მისი მოძღვარი ისევ მარხვას იცავდნენ. ასე რომ, აღდგომას სასახლეში წელიწადში ორჯერ აღნიშნავდნენ. ამგვარად, თვით მეფის ოჯახში არსებობდა ორი დაპირისპირებული ეკლესიის ტრადიციები, რაც უთანხმოების მიზეზი ხდებოდა.

დედოფალსა და მის მოძღვარს მალე გამოუჩნდა ძლიერი და მონდომებული მეკავშირე – მოხერხებული და ჭკვიანი, მეფისთვის დიდად საყვარელი ინგლისელი ჭაბუკი უილფრიდი, რომელმაც რომში იმოგზაურა და იქიდან პაპის მხურვალე მიმდევრად დაბრუნდა. თუმცა ეს მოკავშირეობა მთლად უანგარო არ ყოფილა. მან ნახა, თუ როგორ სარგებლობდა ძალაუფლებითა და სიმდიდრით იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო დასი, რომელიც ამასთანავე სახელმწიფო საქმეებშიც მონაწილეობდა. დედოფალმა და მისმა მოძღვარმა უილფრიდსაც იმგვარივე პატივი აღუთქვეს, თუ მეფე ოსვეს სიმტკიცეს გატეხდა და რომს დაუმორჩილებდა.

უილფრიდმა მცდელობა არ დააკლო: გამუდმებით მართავდა პაექრობას სარწმუნოებრივ საკითხებზე, ბრიტანეთის ეკლესიას აბრალებდა ერეტიკოსობას, ადიდებდა პაპის ძალაუფლებას, მეფეს მიუთითებდა, რომ რომის მღვდელთმთავართან კავშირი მისთვის პოლიტიკურად სასარგებლო იქნებოდა. ქრისტიანი მეფის ყოყმანი – რომისკენ გადახრილიყო თუ არა, გააღრმავა მისმა ზნეობრივმა მდგომარეობამ, რადგან სინდისი აწუხებდა ჩადენილ დანაშაულებათა გამო. უილფრიდმა ამით ისარგებლა და კიდევ უფრო გაუმძაფრა შინაგანი შფოთვა და შიში მარადიული სასჯელისა; ამის შემდეგ კი დაარწმუნა, რომ არსებობდა მიტევების ერთადერთი გზა. აი, მისი სიტყვები:

“მხოლოდ პაპს აქვს უფლება და ძალა ასეთ დანაშაულებათა მიტევებისა, რამეთუ ეს უფლება მას თავად ღმერთმა გადასცა. გადარჩენის რა იმედი უნდა ჰქონდეს მეფეს, რომელიც მხარს დაუჭერს ერეტიკულ ეკლესიას?! მას ხომ არსებობის უფლებაც არა აქვს და არ აღიარებს პაპს, რომელსაც თავად უფალმა უბოძა შეკვრისა და განხსნის უფლება; რომელსაც, როგორც პეტრეს ნაცვალს, ხელთ უპყრია ზეციური სასუფევლის კარის კლიტენი და მხოლოდ მათ გაუღებს, ვინც მისი მორჩილია“.

ასეთმა გაუთავებელმა შეგონებებმა მეფეს რწმენა შეურყია, ამსოფლიური პატივის წადილიც რომისკენ ძალუმად იზიდავდა. მან გადაწყვიტა, სათათბიროდ შეეკრიბა ბრიტანეთის სასულიერო დასი, რომელიც შეშფოთებით ადევნებდა თვალს რომის მომხრეთა გაძლიერებას სასახლის კარზე და მათს მზაკვრობებს.

თათბირი გაიხსნა სტრინსგოლის მონასტერში.

– რადგანაც ერთი ზეციური სასუფევლისადმი ვსასოებთ, რატომ არ მივიღოთ ჩვენ ყველამ ერთი რჯული, ერთი ტრადიცია? – მეფემ მიმართა შეკრებილთ.

– ვინც მე ეპისკოპოსად დამადგინა, მასწავლა წმინდა რჯულის დაცვა; ისინი ღვთის ერთგული მსახურები არიან და არ უნდა შეურაცხვყოთ მათი სწავლება, რამეთუ ეს არის სწავლება კოლუმბასი, ნეტარი მოციქულის იოანესი და ყველა ეკლესიისა, რომელსაც იგი მეთვალყურეობდა, – უპასუხა ბრიტანელმა ეპისკოპოსმა კოლმანმა.

– ჩვენი სწავლება და ტრადიცია რომის სწავლება და ტრადიციაა, სადაც პეტრე და პავლე მოციქულებმა იქადაგეს. ამ რჯულს აღიარებენ გალიასა და იტალიაში, მთელს მსოფლიოში; მხოლოდ თქვენ – პიქტები და კალედონიელნი, უბადრუკ, შორეულ კუნძულებზე გადაკარგულნი, კადნიერდებით და მთელ მსოფლიოს ეწინააღმდეგებით? რატომ იმოწმებთ კოლუმბას სახელს? რაოდენ დიდი წმინდანიც უნდა იყოს იგი, განა შეიძლება ამჯობინოთ მოციქულთა თავს, ვისაც უფალმა უთხრა: „შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი“ (მათ. 16, 18-19)! – შეეპასუხა უილფრიდი.

ამ სიტყვებმა დამსწრეებზე დიდად იმოქმედა.

– შენ თავად მითხარი, კოლმან, მართალია, რომ უფალმა ამ სიტყვებით მიმართა პეტრეს? – ჰკითხა მეფემ.

– მართალია!

– შეგიძლია, დაამტკიცო, რომ თქვენს კოლუმბას ოდესმე მიუღია ამგვარი უფლება?

– არა, რა თქმა უნდა.

– მაშასადამე, მე მირჩევნია დავემორჩილო პეტრეს, რამეთუ მას უპყრია სასუფევლის კლიტენი. სხვაგვარად, როდესაც კარს მივადგები, არ გამიხსნიან, – უთხრა კოლმანს მეფემ.

ამრიგად, გამარჯვება რომს ერგო. კოლმანმა და მისმა თანამზრახველმა ეპისკოპოსებმა და პრესვიტერებმა მაინც განაცხადეს, რომ არ სურთ უღალატონ თავიანთ ტრადიციებს და არ აღიარებენ პაპის მმართველობას. მათ დატოვეს თათბირი და თავიანთ მონასტრებში გაბრუნდნენ: ვინ უელსის მთებში, ვინ შოტლანდიაში. თან გულში ჩაიმარხეს ახალი ტრადიციებისა და რომის მმართველობისადმი მტრობა, რაც დღითიდღე ღრმად იდგამდა ფესვებს.

უილფრიდი, რომისთვის გაწეული სამსახურის გამო, ნორტუმბერლანდის ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და ჯილდოდ უბოძეს ძველი მონასტრებისთვის ჩამორთმეული ვრცელი მიწები. მან, მართალია, გულმოდგინედ მიჰყო ხელი რომის ახალი წესების შემოღებას, მაგრამ ამავე დროს თავისი ქედმაღლობით შეურაცხყოფდა მისდამი დაქვემდებარებულ სასულიერო პირებს; მისი წრეგადასული ფუფუნება საყოველთაო აღშფოთებას იწვევდა. ამ პერიოდში ბევრი უღირსი ეპისკოპოსი იქნა დადგინებული, რომელთაც რწმენა და შეხედულებები ნაკლებ აწუხებდათ. გამოჩნდა ამ პატივის უამრავი მაძიებელიც, რომლებიც ურთიერთს ემტერებოდნენ. თვითონ უილფრიდიც მოგვიანებით განაწყენდა, რადგან ინგლისის პრიმასის, კენტერბერიის ეპისკოპოსის გათავისუფლებული ადგილი დაიკავა არა მან, არამედ რომიდან გამოგზავნილმა სწავლულმა, ბერძენმა თეოდორემ. უილფრიდი უკმაყოფილოთა რიცხვს შეემატა, რისთვისაც დაამხეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

მაგრამ მისი მცდელობები ამით არ დასრულებულა. ციხიდან გათავისუფლებულმა გააქრისტიანა და პაპს დაუქვემდებარა წარმართული სახელმწიფო სესექსი, ისევ დაიკავა იორკის ეპისკოპოსის ადგილი, რამდენჯერმე გაემგზავრა რომში, უქადაგა წარმართ ფრიზებს (ახლანდელი ჰოლანდიის ტერიტორია) და გარდაიცვალა განუსაზღვრელი სიმდიდრის პატრონი, მაგრამ ისევ ეპისკოპოსის წოდებააყრილი.

VIII საუკუნეში უკვე მთელი ინგლისი აღიარებდა პაპის მმართველობას; მისი მეფენი რომის ტახტის მორჩილი შვილები იყვნენ. ხშირად აგზავნიდნენ ძღვენს რომში, დაადგინეს გადასახადი პაპის სასარგებლოდ და მომლოცველებად მიდიოდნენ წმინდა პეტრეს საფლავზე.

ჩრდილოეთში ასე იოლად არ აღიარეს პაპის უზენაესობა. რომის მმართველობა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა მათკენ და ავიწროებდა თავის შეურიგებელ მოწინააღმდეგეებს. შოტლანდიისა და უელსის მთებში ახლაც ისეთივე მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ კათოლიკური რომის გავლენას, როგორითაც ოდესღაც წარმართულ რომს ებრძოდნენ. ძველბრიტანული ეკლესია არ დაემორჩილა პაპს და განაგრძო ხალხში ღრმა სიძულვილის დათესვა მოსულებისა და მათი მომხრეებისადმი, რომელთაც სარწმუნოების მოღალატეებს უწოდებდა. მქადაგებელთა საუბრებში, ხალხურ სიმღერებში ამხელდნენ ღალატით დაღდასმულ სამარცხვინო საქციელს იმ „დაქირავებული მწყემსებისა“, რომლებმაც თავიანთი ცხოვარნი „რომის მტაცებელ მგლებს“ მიჰყიდეს. გაღიზიანება ძალზე ძლიერი იყო: როდესაც VIII საუკუნის დასასრულს ერთმა ეპისკოპოსმა გაბედა ინგლისელებთან ერთად ეზეიმა აღდგომა, ამან ისეთი მღელვარება გამოიწვია, რომ მხოლოდ ძალის გამოყენებით მოახერხეს მისი ჩაცხრობა. ხალხმა მოკლა უელსის ერთ-ერთი მეთაური, რომელსაც რომის ტრადიციების ერთგულება დააბრალეს.

თანდათან აღიარეს რომის უპირატესობა ძველბრიტანული ეკლესიის ბურჯებმა – იონამ, ბანგორმა და სხვა მონასტრებმა. რომის მმართველობა, მართალია, სცნეს, მაგრამ მათში დარჩა უწინდელი წყურვილი წმინდა წერილის შესწავლისა და ქადაგებისადმი მოშურნეობა. ზოგიერთი მონაზონი, რომელმაც ბოლომდე უერთგულა ძველ ტრადიციებს და არ შეურიგდა რომის აღმსარებლობას, გაიხიზნა სამშობლოდან და თავისი გულმოდგინე მოღვაწეობა გერმანიის მიწებზე განაგრძო.

საერთოდ კი რომმა ვერასდროს მოახერხა, სრულად ეძლია ინგლისის ეკლესიის დამოუკიდებლობის სული. ისტორიის ყველა პერიოდში იმაღლებდნენ ხოლმე ხმას პაპის მიერ სიახლეთა შემოტანის წინააღმდეგ. სასულიერო პირთა უქორწინებლობას ხშირად უარყოფდნენ. რამდენჯერმე სცადეს, მშობლიურ ენაზე გადაეთარგმნათ წმინდა წერილი მაშინ, როცა რომს დაქვემდებარებულ ყველა ქვეყანაში წერილი აუცილებლად მხოლოდ ლათინურ ენაზე უნდა ეკითხათ.

ირლანდიის მონასტრებში ესოდენ ადრე დაწყებულ გონებრივ მოღვაწეობას უცებ ვერ ჩაახშობდა რომის გავლენა. VII-VIII საუკუნეებში, როდესაც მთელს დასავლეთ ევროპაში სამეცნიერო განათლების დონე მეტად დაბალი იყო, ინგლისის სავანეებში და მათთან გახსნილ სასწავლებლებში ბეჯითად ეწაფებოდნენ ცოდნას. ბედა ღირსეული – ინგლისის ეკლესიის მემატიანე – შეიძლება ჩაითვალოს უთვალსაჩინოეს წარმომადგენლად იმ კეთილმსახურებითი სამეცნიერო მიმართულებისა, რაც ინგლისელ მონაზონთა შორის იყო გავრცელებული.

ბედა აღიზარდა ვერმუტის მონასტერში და ადრეულ ასაკში შედგა მონაზვნად. იქიდან დაწყებული მთელი ცხოვრება მიუძღვნა ლოცვას, სამეცნიერო შრომასა და ყმაწვილების აღზრდას; თავად ასწავლიდა იაროუს მონასტერთან არსებულ სასწავლებელში; იცოდა ბერძნული, ლათინური, ებრაული ენები, ზედმიწევნით შეისწავლა წმინდა წერილი და დასავლეთში პირველმა სცადა მისი ინგლისურად თარგმნა. იოანეს სახარების თარგმნის დროს ბედა ღირსეული სასიკვდილო სენით დაავადდა. იგი სიხარულით შეეგება უფალთან თავისი განსვლის ჟამს და ბაგეებზე მისდამი სადიდებელი სიტყვებით აღესრულა 735 წელს, თავისი მოწაფეების გარემოცვაში.

ბედას მოწაფეებმა მისი შრომა განაგრძეს. ერთმა მათგანმა, ეგბერტმა, მოგვიანებით იორკის ეპისკოპოსმა, დააარსა ცნობილი იორკის სასწავლებელი, სადაც გაიზარდა მრავალი სწავლული და ღვთისმსახური – ღვთის სიტყვისა და ცოდნის დაუღალავი გამავრცელებელნი. ასეთი იყო ცნობილი ალქუინი, რომელიც ბედას სიკვდილის წელიწადს დაიბადა. მის შესახებ შემდგომ ვისაუბრებთ.

ახლა გიამბობთ სარწმუნოების გავრცელებაზე შუა ევროპაში: გერმანიაში, ბელგიასა და შვეიცარიაში. ყველა ეს ქვეყანა თავის სულიერ განათლებას დიდწილად უნდა უმადლოდეს ბრიტანეთის კუნძულებიდან გადმოსახლებულებს.

 

[1] საფრანგეთს ორი მეფე ჰყავდა, ქვეყანა გაყოფილი იყო აღმოსავლეთ – ავსტრაზია და დასავლეთ – ნოისტრია ნაწილებად. ავსტრაზიას ეკუთვნოდა ახლანდელი გერმანიის ნაწილი.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა