martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 50

ქრისტიანობის გავრცელება ბრიტანეთსა და გალიაში.

 

რომაელთაგან დაპყრობილმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში მოისმინა ღვთის სიტყვა. გადმოცემის თანახმად, პირველი მქადაგებლები იყვნენ მოციქულები – პეტრე და პავლე, არისტობულე და იოსებ არიმათიელი. ბევრი ვარაუდობს, რომ შემდგომში იქ აღმოსავლეთიდან ჩასულმა მქადაგებლებმა გაავრცელეს ქრისტიანობა. ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ მეტყველებს ფაქტი, რომ ბრიტანეთის ეკლესია დიდხანს ინარჩუნებდა მცირე აზიის უძველესი ეკლესიების ტრადიციებს. რომაელებს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეპყრათ ბრიტანეთი, მაგრამ ვერასდროს შეძლეს ქვეყნის ჩრდილოეთის მოსახლეობის დამორჩილება. უელსის მთებში (დასავლეთ ბრიტანეთი), კალედონიის ტყეებში (ჩრდილოეთ შოტლანდია), კუნძულ ერინაზე ანუ იბერნიაზე (თანამედროვე ირლანდია) ცხოვრობდნენ უძველესი მკვიდრნი ბრიტანეთისა: გაელები და კიმბრები (მათ პიქტების და სკოტების სახელით უფრო იცნობენ). ისინი მედგრად იცავდნენ თავიანთ დამოუკიდებლობას და ხშირად ესხმოდნენ თავს რომაელების მიერ დაკავებულ ოლქებს. ეს ტომები ქრისტიანობას თითქმის არ იცნობდნენ; თუ ოდესმე იქ იქადაგა ვინმემ, ისიც დავიწყებას მიეცა. ხალხს ძირითადად ქურუმები ანუ დრუიდები მართავდნენ, უღვივებდნენ მეომრულ სულს და დამპყრობლებისადმი სიძულვილს. თავისუფლებისმოყვარე მთიელებს ეზიზღებოდათ ბრიტები, რომლებიც რომაელებს დაემონნენ და მათი სამოქალაქო წესები მიიღეს. ისინი თავს ესხმოდნენ მათ ქალაქებსა და დაბებს, სასტიკად არბევდნენ და ანგრევდნენ, თან მიჰქონდათ მდიდრული ნადავლი და მიჰყავდათ ტყვეები – ნაწილს მონებად ყიდდნენ, ნაწილს მიწაზე ამუშავებდნენ.

V საუკუნის დასაწყისში მათ, სხვა ტყვეებთან ერთად, ხელში ჩაიგდეს თექვსმეტი წლის ყმაწვილი, სახელად პატრიკი; იგი ირლანდიაში წაიყვანეს, მონად დაუყენეს ერთ-ერთ ბელადს და მისი საქონლის მწყემსვა დაავალეს. პატრიკი ახლანდელი შოტლანდიის სამხრეთ ნაწილში დაიბადა, იყო დიაკონის ვაჟი და ქრისტიანულ რჯულზე აღზრდილი, მაგრამ ოჯახური სიმყუდროვის პირობებში თავისი სარწმუნოებისადმი დიდ გულმოდგინებას არ იჩენდა. როცა უბედურებაში ჩავარდა, მაშინ კი სარწმუნოება ერთადერთ ნუგეშად მოევლინა; დაიწყო გამუდმებით ლოცვა და თანდათან მგზნებარედ შეიყვარა უფალი. პატრიკი მოგვიანებით წერდა: „თექვსმეტი წლის ვიყავი და ღმერთზე არ ვფიქრობდი, თითქოს არაფერი მცოდნოდა მის შესახებ. მაგრამ უცხო ქვეყანაში უფალმა განაღო ჩემი სული წმინდა სარწმუნოებისთვის; გამახსენდა საკუთარი ცოდვები და მთელი გულით მივმართე გულმოწყალე ღმერთს, რომელმაც მომხედა განსაცდელში ჩავარდნილს, შეეცოდა ჩემი სიჭაბუკე და გამოუცდელობა, დამიცვა და მანუგეშა, როგორც მამამ შვილი“. ეს შთაბეჭდილება მას აღარც განელებია, პირიქით, ყოველდღე იდგამდა ფესვს მის სულში და ირლანდიის მომავალ მოციქულს ამზადებდა.

ექვსი წლის მონობის შემდეგ პატრიკი გაათავისუფლეს, შემდეგ კვლავ დაატყვევეს და გალიაში წაიყვანეს, სადაც ქრისტიანებმა გამოისყიდეს. ამ ძნელბედობის ჟამს მან მტკიცედ გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ღვთისადმი მსახურებისთვის მიეძღვნა. ჯერ გალია და იქაური მონასტრები მოინახულა. გალიის ჩრდილო ნაწილს – არმორიკას – უკვე მაშინ ეძახდნენ ბრეტანს იმ ბრიტანელთა გამო, რომლებიც იქ III საუკუნეში გადასახლდნენ. ქრისტიანობა თავისუფლად გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში და პატრიკმაც დიდი გამოცდილება შეიძინა იქაური მონასტრების გაცნობით. როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, მალევე მიატოვა ოჯახი და საქადაგებლად გაემგზავრა იმ მხარეში, სადაც მონად ჰყავდათ.

ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ პატრიკმა რომშიც იმოგზაურა, რათა პაპისგან აეღო კურთხევა ირლანდიაში სამოღვაწეოდ; მაგრამ მომდევნო მოვლენები ამ ვარაუდის მცდარობას ადასტურებს – იგი, უეჭველად, ლათინთა გვიანდელი გამონაგონი უნდა იყოს. პატრიკის სიკვდილიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი პაპი გრიგოლისთვის ბრიტანეთი უცნობი ქვეყანა იყო. არც პატრიკის სიცოცხლეში ჰქონდა პაპს ისეთი ძლიერი გავლენა, რომ მქადაგებელს შორეული ქვეყნიდან მისგან აეღო კურთხევა. არსებობს გადმოცემაც, თითქოს პატრიკამდე პაპმა ირლანდიაში საქადაგებლად პალადიუსი მიავლინა, მაგრამ მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობები საერთოდ არ შემოინახა. პატრიკის მოღვაწეობა კი უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა და იგი სამართლიანად ითვლება ირლანდიის განმანათლებლად.

მშობლიური ენისა და ტრადიციების ცოდნა დიდად დაეხმარა პატრიკს, რომელმაც ღვთის შეწევნით მოკლე ხანში მრავალი ადამიანი მოაქცია. დაემხო კერპები, დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. ქურუმები გადაემტერნენ პატრიკს, რადგან მისი ქადაგებები ხალხზე უწინდელ გავლენას აკარგვინებდა. რამდენჯერმე მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ პატრიკს არაფრის ეშინოდა – მისთვის მხოლოდ საღვთო საქმის აღსრულება იყო მნიშვნელოვანი.

ქადაგებით მიღწეული წარმატებების განსამტკიცებლად მან შეადგინა ირლანდიური ანბანი, გალიიდან გამოითხოვა წმინდა წერილის წიგნები, დააფუძნა რამდენიმე მონასტერი, სადაც უნდა აღზრდილიყვნენ დამრიგებლები და მქადაგებლები. პატრიკი სიკვდილამდე (დაახლ. 460 წლამდე) მუხლჩაუხრელად შრომობდა. იმდენად ნაყოფიერი იყო მისი მოღვაწეობა, რომ მოგვიანებით, როცა მთელ ბრიტანეთში ქრისტიანული განათლება კერპთაყვანისმცემლობამ თითქმის ჩაკლა, წმინდა სარწმუნოების საწყისები მხოლოდ ირლანდიაში დაიცვეს და განავითარეს. იქ დუღდა სულიერი ცხოვრება და გონებრივი მოღვაწეობა, მონასტრებში ეცნობოდნენ წმინდა წერილსა და მეცნიერებებს. შუა საუკუნეებში ირლანდიის მონასტრებში აღზრდილმა მქადაგებლებმა ჭეშმარიტების ნათელი მოჰფინეს მთელ ევროპას: გალიის ნაწილს, გერმანიას, შვეიცარიას, ჰოლანდიას. შორეული ირლანდია მთელ მსოფლიოში იდიდებოდა, მას „წმინდანთა კუნძულს“ უწოდებდნენ.

დაახლოებით 420 წელს რომს თავდასაცავად დასჭირდა ლაშქარი და ბრიტანეთიდან გამოიხმო თავისი ლეგიონები. მაშინ ბრიტანელებს კიდევ უფრო გაუჭირდათ ჩრდილოეთში მცხოვრებ მეომართა შეტევების მოგერიება და გადაწყვიტეს, საშველად მოეხმოთ მდინარე ელბის ნაპირებზე მცხოვრები ანგლო-საქსები. ისინი მამაცი და გაბედული მეზღვაურები იყვნენ და ხშირად მიადგებოდნენ ხოლმე ბრიტანეთის სანაპიროებს სავაჭროდ ან საძარცვად. ანგლო-საქსები ბრიტანეთში დაახლოებით V საუკუნის შუა წლებში გადასახლდნენ. მათ შეავიწროვეს და მთებში შეკეტეს ჩრდილოეთის მკვიდრნი და გაწეული დახმარებისთვის ითხოვეს სანაპირო ზოლის რამდენიმე ოლქი და კუნძული. მალე ბრიტანელები დარწმუნდნენ, რომ მათი სახით მოუხმეს დამპყრობლებს და არა მოკავშირეებს. ანგლო-საქსებმა მყარად მოიკიდეს ფეხი უცხო ქვეყანაში და თანდათან გაძლიერდნენ. მათ ნაჩუქარი მიწები აღარ იკმარეს, წინ წაიწიეს, ადგილობრივი ხალხი შეავიწროვეს და ერთიმეორის მიყოლებით დააარსეს რამდენიმე, ურთიერთთან მჭიდროდ დაკავშირებული მცირე სახელმწიფო. ბრიტანელთა ნაწილი მათ დამორჩილდა, ბევრიც არმორიკაში გაემგზავრა, სადაც მონათესავე ტომს შეეხიზნა; ზოგმა თავშესაფრის საძებნელად ჩრდილოეთსაც მიაშურა და ანგლო-საქსებისადმი საერთო სიძულვილმა ყოფილი მტრები შეარიგა. ჩრდილოეთ კალედონიისა და უელსის მთებში მცხოვრებლებმა არ ისურვეს დამორჩილება, როგორც ოდესღაც არ დაემონნენ რომის ძალაუფლებას და დიდხანს სასახელოდ ეომებოდნენ მომხდურს. მაგრამ უთანასწორო ბრძოლამ მათ ძალა გამოაცალა, ხოლო მტერს მეომართა სულ ახალ-ახალი ჯგუფები ემატებოდა. შედეგად თითქმის მთელი მხარე ანგლო-საქსების ხელში გადავიდა, გარდა უელსის ყველაზე მიუდგომელი, მთიანი ნაწილისა. ბრიტანეთს დაერქვა ინგლისი, ერთ-ერთი დამპყრობელი ტომის – ანგლების სახელის მიხედვით.

დამპყრობლები წარმართები იყვნენ. მათგან დამორჩილებული ტომების მტრული განწყობა დიდხანს აბრკოლებდა ანგლო-საქსების გაქრისტიანებას. თუმც თავად ბრიტანელებშიც რწმენა აშკარად დასუსტებული იყო.

V საუკუნის დასაწყისიდან ბრიტანეთის ეკლესიას პელაგიუსის ერესი მოედო. ჩრდილოეთის მთებში საერთო ეკლესიური ცხოვრებიდან გამიჯნულ ქრისტიანობას სულ უფრო ერწყმოდა კალედონიელთა უამრავი ლეგენდა, რასაც ასევე ხელს უწყობდნენ ქურუმები (დრუიდები) და სახალხო მომღერლები. მხოლოდ ირლანდიელთა დაუღალავი მოღვაწეობის წყალობით ხდებოდა სულიერი ცხოვრების შენარჩუნება ქვეყანაში. კალედონიის პიქტებს ღვთის სიტყვა უქადაგეს ნინიანემ, შემდეგ (565 წ.) ირლანდიელმა კოლუმბამ. ირლანდიის სანაპირო კუნძულებზე მოეწყო მონასტრები, განსაკუთრებით გამოირჩეოდა კუნძულ იონაზე დაარსებული ადგილობრივ მქადაგებელთა სულიერი მოღვაწეობის ცენტრი. აქ მონაზვნები სწავლობდნენ საღვთო წერილსა და მეცნიერებებს. კალედონიელი პიქტების მოციქული კოლუმბა კალედონიის მთელ ადგილობრივ ეკლესიას უძღვებოდა, იცავდა მცირე აზიის ეკლესიებიდან მომდინარე ძველ ტრადიციებს. მისი სიკვდილის შემდეგ ეს მოღვაწეობა მისმა მოწაფეებმა განაგრძეს.

ამ მონასტრებიდან მქადაგებლები სამხრეთისკენ მიეშურებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი, უილფრიდი, უელსიდან დადიოდა სამხრეთ ოლქებში, უქადაგებდა ქრისტიანობას და ნაწილი ანგლო-საქსებისა მოაქცია კიდეც. საერთოდ კი დამონებულებსა და დამპყრობლებს შორის გაუცხოება დიდი იყო, ხალხთა მტრობას მხარს უბამდა ბრიტანეთის სასულიერო დასიც და არაფერს აკეთებდა სარწმუნოების გასავრცელებლად. ასე გაგრძელდა თითქმის ასორმოცდაათი წელი.

ამასობაში მეზობელ ქვეყანაში, გალიაში, მნიშვნელოვანი მოვლენები დატრიალდა. ვიცით, რომ ამ ქვეყანამ ქრისტიანობა დიდი ხნის წინ მიიღო და იქ მრავლად იყო მონასტრები. ყველა დიდ ქალაქს ჰყავდა ეპისკოპოსი, რომლებიც მნიშვნელოვანი ძალაუფლებით სარგებლობდნენ. V საუკუნეში რომაელებმა დაკარგეს გალიაზე მმართველობა, მაგრამ ახლა მთელი ქვეყანა თითქმის წალეკეს უცხოტომელებმა: სამხრეთ ოლქებს დაეპატრონნენ ვესტგოთები და ბურგუნდიელები, საქსონელები კი ჩრდილოეთ ნაწილს, არ წყდებოდა ალემანებისა და ფრანკების თავდასხმები.

გალიის უდიდესი ნაწილის დამპყრობლები – ბურგუნდიელები და ვესტგოთები, არიანელები იყვნენ, თუმცა არ აწუხებდნენ და არ ავიწროებდნენ მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს. ეს უკანასკნელნი თავისუფლად უძღვებოდნენ ეკლესიას, რომლის საქმეებსაც პაპთან ათანხმებდნენ. პაპის გავლენა მნიშვნელოვნად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ოლქების უდიდესი ნაწილი არიანელთა ხელში მოექცა. ნიკეის მრწამსის აღმსარებელი მართლმადიდებლებისთვის ერთადერთი ძლიერი დასაყრდენი დასავლეთში პაპი აღმოჩნდა, რამაც მისი ძალაუფლება უფრო გაზარდა.

მართალია, არიანელები არ ავიწროებდნენ მართლმადიდებლებს, მაგრამ გალიის სასულიერო დასი მათგან თავის დასაღწევად სიხარულით იყენებდა პირველივე შესაძლებლობას. ერთი შეხედვით, გალიისთვის ყველაზე საშინელი ფრანკთა ბატონობა უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი კერპთაყვანისმცემლობას აღიარებდნენ და რამდენადაც ბრძოლებში თავს იჩენდნენ სიმამაცით, იმდენად დაუნდობელნი, მზაკვარნი და უზომოდ ანგარებისმოყვარენი იყვნენ. მათ საერთოდ არ იცოდნენ, რა იყო დანაშაული და არც ამით გამოწვეულ სინდისის ქენჯნას გრძნობდნენ. მიუხედავად ამისა, გალიაში ზუსტად ეს ფრანკები გახდნენ მოკავშირეები სასულიერო დასისა, რომელმაც გადაწყვიტა მათი საშუალებით დაეთრგუნა ერეტიკოსები და გაეძლიერებინა თავისი გავლენა.

იმხანად ფრანკების ბელადი იყო ძალაუფლებისმოყვარე და სასტიკი ახალგაზრდა კაცი მეროვინგების დინასტიიდან, სახელად ხლოდვიგი (481-511 წწ.). მას ცოლად ჰყავდა ქრისტიანი, სახელად კლოტილდა, რომელიც ხშირად მოუწოდებდა მეუღლეს, განდგომოდა კერპთაყვანისმცემლობას და ეღიარებინა ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ მისი სიტყვები, აგრეთვე ეპისკოპოსებისა, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ ფრანკების ბანაკს, ფუჭად იხარჯებოდა. თუმცა ხლოდვიგი თავისი ვაჟის მონათვლას დაეთანხმა, მაგრამ ბავშვი მალე გარდაიცვალა და მეფე კიდევ უფრო განეშორა ქრისტიანობას. ერთხელ, ალემანებთან ბრძოლაში, როდესაც გამარჯვების სასწორი აშკარად მტრის მხარეს იხრებოდა, ხლოდვიგმა აღთქმა დადო, რომ მოინათლებოდა, თუ კლოტილდას ღმერთი მას დაეხმარებოდა. ბოლოს გამარჯვება მას დარჩა და თავისი დანაპირები შეასრულა – 496 წელს იგი საზეიმოდ მონათლა რეიმსის ეპისკოპოსმა რემიგიუსმა. ბელადის მაგალითს მიჰბაძა სამი ათასამდე მისმა მეომარმა. პაპს შეატყობინეს ფრანკთა მეფის მოქცევა, ხოლო მეფემ შვილებრივი მორჩილების ნიშნად რომში მდიდრული ძღვენი გააგზავნა.

გაქრისტიანებამ მაინც ვერ მოახდინა გავლენა ხლოდვიგისა და მისი მეომრების სასტიკ ჩვევებზე. მათ ახალი რჯული მხოლოდ გარეგნულად, სულიერი მოქცევის გარეშე მიიღეს. გარემომცველი სასულიერო დასის სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ მათ თითქმის არც მოინდომეს ახალმოქცეულთა ჭეშმარიტი გაქრისტიანება, მათი მანკიერებები უყურადღებოდ დატოვეს, ძალაუფლებასა და შემოსავალს ანაცვალეს საკუთარი ზნეობრივი ღირსება და ქრისტიანული სწავლების სიწმინდე. ფრანკების ძლიერი ბელადის მოქცევა სასულიერო პირებს დიდ სარგებელს უქადდა და ისინიც ხალხზე თავიანთ გავლენას ხლოდვიგის მხარდასაჭერად იყენებდნენ. ასე რომ, მათი თანადგომით ფრანკებმა მალე თითქმის მთელი გალია დაიკავეს.

ხლოდვიგმა გაილაშქრა ბურგუნდიაზე და დაიპყრო მისი მიწები, სადაც გამარჯვებული მეომრები ხოცავდნენ უმწეო ადამიანებს, წვავდნენ სოფლებს, ძარცვავდნენ ტაძრებს. მიუხედავად ყველაფრისა, ეპისკოპოსებმა ეს ლაშქრობა „წმინდა ომად“ მონათლეს და ბურგუნდიის მეფეს მოუწოდეს, დაეგმო არიანული ცდომილება და მოქცეულიყო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ხლოდვიგმა ასევე დაამარცხა ვესტგოთები და მიწები წაართვა. ამ საქმეში მას ეპისკოპოსები ეხმარებოდნენ, რომლებიც ხალხს ფრანკთა მხარეზე აჯანყებისკენ მოუწოდებდნენ. ამრიგად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მთელი გალია დამარცხდა... შემდგომ მას საფრანგეთი დაერქვა.

ეკლესიას მამულები გადაეცა სხვადასხვა მხარეში. პაპი მის საქმეში ნაკლებად ერეოდა. მხოლოდ მღვდელთმთავარს, რომელსაც ეპისკოპოსობის ღირსად ჩათვლიდა, ოლქის სასულიერო დასზე მმართველობის ნიშნად ომოფორს უგზავნიდა.

ყველაზე დიდხანს საერო და საეკლესიო დამოუკიდებლობას იცავდა ბრეტანი. მან უარი განაცხადა ფრანკთა მეფისთვის ხარკის გადახდაზე, არ სცნო ტურის ეპისკოპოსის უფლებები, რომელიც, პაპის სახელით, ბრეტანის სასულიერო პირებისგან მორჩილებას მოითხოვდა. აქამდე ბრეტანელები მტკიცედ იცავდნენ ძველი ეკლესიის გადმოცემებს, რაც ზღვით მოსულმა თავდადებულმა მქადაგებლებმა გაავრცელეს მათ სამშობლოში. რაც შეეხება აღდგომის დღესასწაულის თარიღს, მონაზვნური ცხოვრების სახეს და სხვა ბევრ ტრადიციას, ისინი დანარჩენი გალიის წეს-ჩვეულებათა მსგავსი იყო. ბრეტანელებს ჰყავდათ პაპისა და სხვა ეპისკოპოსებისგან დამოუკიდებელი საკუთარი მღვდელთმთავრები.

ტურის არქიეპისკოპოსის მოთხოვნა, მას დამორჩილებოდა ბრეტანის ეკლესია, რა თქმა უნდა, უკუგდებული იქნა. თავის მხრივ, არქიეპისკოპოსმა ეკლესიიდან განკვეთა ბრეტანელები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება საკმაოდ გულგრილად მიიღეს – მათ არად უღირდათ ურთიერთობა მათთან, ვისაც უცხოელებად და თავიანთი მტრების მოკავშირეებად თვლიდნენ. მაგრამ ტანჯულ ბრეტანს ძვირად დაუჯდა დამოუკიდებლობის სიყვარული – ფრანკების გამანადგურებელ თავდასხმებს ბოლო არ უჩანდა. ეპისკოპოსები ფრანკების ბელადებს არწმუნებდნენ, რომ ურჩ ტომთან ბრძოლა წმინდა საქმე იყო, ლაშქარს ხშირად მოჰყვებოდნენ ცხენზე ამხედრებული, შეიარაღებული მღვდლები და მონაზვნები და თავიანთი მონაწილეობით ერთგვარად აკურთხებდნენ გამარჯვებულთა სისასტიკეს. ბოლოს ბრეტანიც დამორჩილდა და დაექვემდებარა რომის სასულიერო ხელისუფლებას, თუმცა ეს მხოლოდ IX საუკუნეში მოხდა.

ხლოდვიგი და მისი მემკვიდრენი ქრისტიანები მხოლოდ სახელით იყვნენ. მეროვინგების დინასტიის სისხლიანი მატიანე სავსეა გარყვნილებისა და დაუნდობლობის საზარელი სცენებით. მიუხედავად ამისა, პაპები ფრანკ მეფეებში ხელსაყრელ მოკავშირეებს ხედავდნენ და ამიტომ მათდამი უკიდურესი კეთილგანწყობით გამოირჩეოდნენ – უწოდებდნენ თავიანთ საყვარელ შვილებს, ეკლესიის პირმშოებს და ა.შ.

რა ბელადებიც ჰყავდათ, მეომრებიც ისეთნი იყვნენ. ტლანქმა და უწიგნურმა ფრანკებმა ქვეყანაში თითქმის მოსპეს რომის მმართველობის დროს აღორძინებული განათლების კვალი. წიგნიერებას ამრეზით უყურებდნენ, მათი მთავარი საქმე ბრძოლა და ყაჩაღობა იყო. ნადავლის ხელში ჩასაგდებად ფრანკები აკლდამების ძარცვასაც არ ერიდებოდნენ, სოფლებიდან ტყვეები მიჰყავდათ და მონებად ყიდდნენ; ცრურწმენებითა და გარყვნილებით ცხოვრობდნენ; დანაშაულთა გამოსყიდვას ეკლესიისთვის შესაწირის გაღებით ან მონასტრის აშენებით ცდილობდნენ. თავის მხრივ, ჭეშმარიტ რწმენას მოკლებული სასულიერო დასი საკმაოდ გულგრილად ეკიდებოდა ახალმოქცეული ფრანკების სისხლიან საქმეებს, ღალატს, ორგულობასა და უზნეობას.

სახელმწიფოში თანდათან იზრდებოდა სასულიერო დასის გავლენა: ეპისკოპოსები საკმაოდ ქმედითად მონაწილეობდნენ მმართველობაში. ზოგჯერ ყველაზე ურჩ მეთაურებს იმორჩილებდნენ ეკლესიიდან განკვეთის მუქარით. მაგრამ ერზე მათ უკვე აღარ ჰქონდათ ჯეროვანი კეთილისმყოფელი გავლენა. ხალხი ქრისტეს მსახურებად ვერ აღიქვამდა მათ, ვინც დაუნდობელ დამპყრობლებს შეეკრა, ჩაგრავდა მოსახლეობას და ნადავლით მდიდრდებოდა. ამრიგად, საფრანგეთში ქრისტიანობა დიდხანს ძალაუფლების იარაღად აღიქმებოდა, ამიტომაც არ გამოიღო ისეთი სასიკეთო ნაყოფი, როგორც სხვა ქვეყნებში.

რა თქმა უნდა, ეპისკოპოსთა შორის იყვნენ ქრისტეს ჭეშმარიტი მსახურნი, თავდადებული მქადაგებლები, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ, წარმართების მოსაქცევად იღვწოდნენ და სახარების საუწყებლად შორეულ ქვეყნებში მიდიოდნენ. განსაკუთრებით დედაკაცებში იგრძნობოდა რწმენის სიმტკიცე. იმხანად საფრანგეთის მაღალი წრეების ბანოვნები შეუდარებლად უფრო განათლებულნი იყვნენ, ვიდრე მამაკაცები, ქრისტიანულ რწმენასაც უფრო შეუბღალავად იცავდნენ. მათი საუკეთესო ნაწილი ხშირად ტოვებდა გარყვნილ საზოგადოებას და მონასტრებში ეძლეოდა ლოცვას, არიგებდა მოწყალებას. ბევრი მონასტერი საფრანგეთის მეფეთა ცოლებისა და ასულების მიერ არის დაარსებული. მათგან ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინოა კორბის სავანე პიკარდიაში – იგი VII საუკუნეში მოაწყო დედოფალმა ბატილდამ.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა