martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 49

წმინდა მოღვაწენი და საეკლესიო მწერლები აღმოსავლეთსა და დასავლეთში.

 

სხვადასხვა ერესი და განხეთქილება, რასაკვირველია, დიდად აბრკოლებდა ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებას. მქადაგებლები ზოგჯერ მთელ ერს ასნებოვნებდნენ ერეტიკული სწავლებით. მაგალითად, გოთები, რომლებმაც ჯერ კიდევ ვალენტის დროს მიიღეს არიანელობა, მტკიცედ იცავდნენ ამ გამრუდებულ აღმსარებლობას. მრავალრიცხოვანი გოთური ტომები, რომლებმაც მთელი დასავლეთი წალეკეს: ოსტგოთები და ვესტგოთები, სვებები, ალემანები, ბურგუნდიელები, ვანდალები და ლანგობარდები დიდხანს აღიარებდნენ არიანელობას. აღმოსავლეთში ამ ერესმა ძალა დაკარგა, სამაგიეროდ ნესტორისა და ევტიქის ერესებმა და მათგან წარმოქმნილმა უამრავმა სექტამ ბევრი ქრისტიანი განაშორა ჭეშმარიტებას. ცრუსწავლებათა მომძლავრებასა და გავრცელებას ზნეობის დაცემა მოჰყვა. საზოგადოებაში თავი იჩინა გარყვნილებამ, მტრობამ და შუღლმა გამოდევნა ქრისტიანული სიყვარული, ცრურწმენამ ჩაანაცვლა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თვით სასულიერო დასი მეტისმეტად გაიტაცა ანგარებისმოყვარებამ და ამსოფლიური სიამეებისადმი ლტოლვამ. ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა, ღირსი ისიდორე პელუსიელი წერდა: „ამჟამად სასულიერო წოდება ძალაუფლების საშუალებად იქცა. თავმდაბლობა ამპარტავნებამ შეცვალა, თავშეკავება – ფუფუნებამ, სახლზე მშვიდად ზრუნვა – თვითმპყრობელობამ. ერთნი ბედავენ მღვდლობის გაყიდვას, მეორენი კი ყიდულობენ“.

თითქმის მხოლოდ მონასტრებსა და უდაბნოთა სენაკებში შემორჩა ქრისტიანული სწავლების სიწმინდე. უდაბნოში მიისწრაფოდნენ ყველაზე ღირსეული და ნათელი პიროვნებები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ ქალაქების თავაშვებულ ცხოვრებას, მაგრამ ერში ფესვგადგმულ ბოროტებასა და მანკიერებასთან ბრძოლის შესაძლებლობასაც ვერ ხედავდნენ. უდაბნოში გარბოდნენ დიდგვაროვანი და მდიდარი მოხელეებიც, რომლებმაც მიწიერი სიდიადის ამაოება სრულად გამოსცადეს; იქით ილტვოდნენ სწავლულნი, ცნობილი ბრძენნი, რომლებიც ადამიანური ცოდნის სიღრმეს ჩასწვდნენ. უდაბნოს სიღრმიდან მოედინებოდა მათი ბრძნული სიტყვების ნაკადი და მოძღვრავდა ქალაქური ცხოვრების ჭაობში ჩაკარგულთ. უდაბნოდან მოისმოდა ხმა რჩევებისა და შეგონებებისა, შერიგებისა და სიცრუის მხილებისა. მაგალითად, ღირსმა ისიდორემ, ქალაქ პელუსიის (ეგვიპტე) მახლობლად მდებარე სავანის წინამძღვარმა, რომელიც მუდამ თვალყურს ადევნებდა ეკლესიის საქმეებს, უდაბნოდან ათასობით წერილი გაუგზავნა ეპისკოპოსებს, მხარეთა მმართველებს, მონაზვნებსა და იმპერატორსაც კი. ისინი შეიცავენ მხილებებს, შეგონებებს, სარწმუნოების ჭეშმარიტებათა ახსნას და ზნეობრივ დარიგებებს, ერეტიკოსთა გმობას და წმინდა წერილის განმარტებებს... ისიდორეს ცხოვრება, სიბრძნე და მრავალმხრივი განათლება მის აზრსა და სიტყვას უდიდეს ძალას ჰმატებდა და მის შეგონებებს ყველა პატივისცემით უღებდა გულს. ჩვენამდე მოაღწია ისიდორე პელუსიელის დაახლოებით 2000-მდე წერილმა. ისინი გამოირჩევიან ქრისტიანული სიბრძნითა და გადმოცემის დახვეწილი, ლამაზი სტილით. ღირსი მამა გარდაიცვალა დაახლოებით V საუკუნის შუა წლებში. ეკლესია მის ხსენებას აღნიშნავს 4 თებერვალს.

ისიდორეს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული თანამედროვე იყო ღირსი არსენი დიდი. ის, როგორც ისიდორე, მდიდარ და წარჩინებულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ სიყმაწვილიდანვე მოიძულა ამქვეყნიური სიკეთენი, მიიღო სასულიერო ხარისხი და სრულად მიუძღვნა თავი ლოცვასა და სწავლას.

იმხანად იმპერატორი თეოდოსი ღირსეულ დამრიგებელს ეძებდა თავისი ვაჟებისთვის და მას მიუთითეს არსენი დიაკონზე, როგორც რომის ერთ-ერთ ყველაზე განსწავლულ და კეთილმსახურ კაცზე. იმპერატორმა დაითანხმა არსენი, ხელი მოეკიდა ყმაწვილების აღზრდისთვის; მას თეოდოსი საკუთარ და თავისი ვაჟების მამას ეძახდა. არსენი უდიდეს ფუფუნებაში აღმოჩნდა, მაგრამ ის მაინც სამოღვაწეო ცხოვრებას ნატრობდა. ორმოცი წლის ასაკში აუსრულდა საწადელი – მან მიატოვა თვალისმომჭრელი ფუფუნება და გაეშურა სკიტეს სავანეში, სადაც თავმდაბალ მოწაფედ დაუდგა მეუდაბნოე იოანე მოკლეს, რომელმაც მკაცრი მორჩილებით მოიპოვა შინაგანი სიმტკიცე და სულიერი ცხოვრების გამოცდილება. გადმოცემის თანახმად, როდესაც იოანე პირველად მივიდა უდაბნოში, ბერმა, რომელსაც მორჩილად დაუდგა, მიწაში გამხმარი ჯოხი ჩაარჭო და უბრძანა – ყოველდღე მორწყე, სანამ ნაყოფს არ გამოიღებსო. იოანე თურმე სამი წლის განმავლობაში ასრულებდა ამ მითითებას, ბოლოს ჯოხი აყვავდა და ნაყოფი გამოიღო, რომელსაც ბერმა „მორჩილების ნაყოფი“ უწოდა.

იოანემ არსენიც თვითუარყოფის მკაცრი გზით წაიყვანა. მალე ეს უკანასკნელი მეუდაბნოეთაც აოცებდა ცხოვრების სიმკაცრითა და უღრმესი თავმდაბლობით. ის ესწრაფოდა მდუმარებასა და უპოვარებას, რჩევებს უხალისოდ იძლეოდა, მაგრამ თვითონ ყველაზე უბრალო ადამიანებისგანაც იღებდა დარიგებებს და მორჩილად ასრულებდა უფროსების ბრძანებებს. მუდამ ლოცულობდა და არასდროს ივიწყებდა სიკვდილს. ალექსანდრიის ძალაუფლებისმოყვარე პატრიარქმა თეოფილემ სიკვდილის წინ შესძახა: „რაოდენ ნეტარი ხარ შენ, აბბა არსენი, რომ მარადის გახსოვდა ეს საშინელი ჟამი“. ღირსი არსენის ხსენების დღეა 8 მაისი.

იმ პერიოდშივე ცხოვრობდა ღირსი ნილოსი, სიჭაბუკეში იოანე ოქროპირის ქადაგებათა მსმენელი. დიდგვაროვნებისა და უზარმაზარი სიმდიდრის წყალობით მას სასახლის კარზე ბრწყინვალე ადგილი ელოდა. ახალგაზრდობაში ნილოსი კონსტანტინოპოლის პრეფექტი იყო, მაგრამ ვერ აიტანა დედაქალაქის უზნეობა და ქარაფშუტობა, მიატოვა იგი და თავის ძესთან, ყმაწვილ თეოდულესთან, ერთად სინას ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა. დრო განუწყვეტელ ლოცვასა და წმინდა წერილის შესწავლაში გაჰყავდა, ცხოვრობდა საკუთარი ხელებით გამოთხრილ ვიწრო მღვიმეში და მცენარეთა ფესვებით იკვებებოდა. მან დაგვიტოვა თხზულებანი სულიერ ცხოვრებაზე და წმინდა წერილის განმარტებანი. უფალმა მეუდაბნოეს მძიმე განსაცდელი მოუვლინა: ერთხელ სინას სავანეს სარკინოზები დაესხნენ თავს და მისი ვაჟი ტყვედ წაიყვანეს; აპირებდნენ, ყმაწვილი მსხვერპლად შეეწირათ ვენერასთვის, მაგრამ ემესის ეპისკოპოსმა გამოისყიდა. მამას შვილი დაღუპული ეგონა და დიდხანს გლოვობდა, მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ იპოვა იგი.

ღირსი ნილოს სინელის ხსენების დღეა 12 ნოემბერი.

ეგვიპტეში ნიტრიის, სკიტესა და სხვა უდაბნოებს უდიდეს მოღვაწეთა დიდების შარავანდედი ედგა. აქ იღვწოდნენ: პაისი დიდი, მოსე შავი, პაფნუტი, ონუფრი დიდი, მარკოზ მოღვაწე. ამ უკანასკნელმა დაგვიტოვა მრავალი შეგონებითი ხასიათის თხზულება: „სინანულის შესახებ“, „ნათლისღების შესახებ“, „სულიერი სრულყოფის სხვადასხვა ხარისხის შესახებ“ და სხვა.

განსხვავებულად ვლინდებოდა წმინდა მოღვაწეთა ღვაწლი: ზოგჯერ მოყვასის სიყვარულით ისინი გამოდიოდნენ მკაცრი უდაბნოს სიღრმიდან და დროებით მიდიოდნენ ქალაქებში დამრიგებლებად და მქადაგებლებად. მაგალითად, იოანე მოკლემ როდესაც შეიტყო, რომ მისმა ერთმა ნაცნობმა დედაკაცმა, თაისიამ, სიღარიბის გამო გარყვნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი, უმალ გაეშურა ალექსანდრიაში, მის გადასარჩენად არ დაიშურა ცრემლები და შეგონებანი, რამაც ცოდვილის სულში უღრმესი სინანული გააღვიძა; თაისიამ გადაწყვიტა ყველაფრის მიტოვება და უდაბნოში წასვლა. უფალმა შეიწყნარა მისი მსხვერპლი და გზაში უეცარი, მშვიდი აღსასრული მოუვლინა.

სერაპიონ სინდონელმა თავისი სიცოცხლე მოყვასთა სულების გადარჩენას მიუძღვნა. მან ზეპირად იცოდა მთელი წმინდა წერილი, დადიოდა ქალაქებსა და დაბებში და ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ერთხელ მოხეტიალე მსახიობს, წარმართს, დაუდგა მსახურად და გააქრისტიანა, შემდეგ ასევე მოაქცია ერთი ერეტიკოსიც. მას არაფერი ებადა ერთი ხელი სამოსისა და სახარების გარდა. ბოლოს ეს უკანასკნელი საუნჯეც გაყიდა, რათა დახმარებოდა ერთ გაჭირვებულს, რომელსაც ვალების გამო ციხე ელოდა. „როგორ გაიმეტე სახარება?“ – ჰკითხა ერთმა ნაცნობმა. – „მე აღვასრულე მცნება, რომელსაც ეს წიგნი ყოველდღე მახსენებდა!“ – მიუგო მოღვაწემ.

VI საუკუნეში მონოფიზიტურმა ცრუსწავლებამ ეგვიპტის უდაბნოებსა და სავანეებშიც შეაღწია და შესამჩნევად შეასუსტა ღვთისმსახურების სული. ერესებმა კიდევ უფრო ძალუმად მოიცვა სირია, სადაც ეპისკოპოსთა უმეტესობა ნესტორს ემხრობოდა. ნესტორის ერთგულება დააბრალეს ამ ქვეყნის ერთ-ერთ თვალსაჩინო ეპისკოპოსს, ნეტარ თეოდორიტე კვირელს. ერთ დროს იგი მართლაც იცავდა ნესტორის აზრებს, მაგრამ შემდგომ განუდგა თავის ცდომილებებს. მისმა, როგორც ეპისკოპოსის, მოღვაწეობამ საერთო პატივისცემა დაიმსახურა: მოაქცია ბევრი წარმართი და ერეტიკოსი, თვითონ სიღატაკეში ღაფავდა სულს, მაგრამ გასცემდა ყველაფერს, რასაც შოულობდა, მშვიდად ითმენდა უსამართლო დევნას და ღმერთს ჰმადლობდა, რომ უდანაშაულოდ იტანჯებოდა. საღვთისმეტყველო საკითხებზე პაექრობებით აღგზნებულ გარემოში თეოდორიტე მუდამ მტრობისა და შუღლის ჩაცხრობას ლამობდა. იგი თავისი ეპოქის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო; გარდა წმინდა წერილის განმარტებებისა, დაგვიტოვა მნიშვნელოვანი თხზულებებიც, მათ შორის ასურეთის მოღვაწეთა ისტორია (“ღვთისმოყვარეთა ისტორია“) და 322-450 წლების საეკლესიო ცხოვრების მატიანე. ნეტარი თეოდორიტე აღესრულა 457 წელს.

ამავე პერიოდის მოვლენები, აგრეთვე, აღწერეს სოზომენემ და სოკრატემ, მომდევნო ეპოქისა (431-593 წწ.) კი გადმოგვცა ევაგრე სქოლასტიკოსმა.

სირიაში ბევრი უდიდესი მოღვაწე ცხოვრობდა. მათგან განსაკუთრებით ცნობილია წმინდა სვიმეონ მესვეტე. იგი დაბალ ფენას ეკუთვნოდა. ცამეტი წლიდან ღვთისადმი მსახურების აღთქმა დადო. ქრისტეს სიყვარულით ანთებულს ყოველ ჟამს ახსოვდა მაცხოვრის ვნებანი და კეთილნებობით უწესებდა საკუთარ თავს შრომასა და აკრძალვებს. ბოლოს, ანტიოქიის მახლობლად, ერთ მაღალ სვეტზე ავიდა, იქ დადგა და დღედაღამ ლოცულობდა. მეუდაბნოე მამებმა შეუთვალეს, ჩამოსულიყო სვეტიდან, რაკი ეჭვობდნენ, რომ სვიმეონმა ცხოვრების ასეთი წესი ამპარტავნების გამო ირჩია. მან დაუყოვნებლივ და უსიტყვოდ შეასრულა ბრძანება, რადგან მორჩილებას ყოველგვარ ღვაწლზე მაღლა აყენებდა. მაშინ მეუდაბნოე მამებმა არჩეული გზის გაგრძელების ნება დართეს, რადგან დარწმუნდნენ, რომ იგი მორჩილი იყო და ნამდვილად ემსახურებოდა ღმერთს. სვიმეონმა დაახლოებით ორმოცი წელი გაატარა სვეტზე და ბევრი მნახველი მიიზიდა: ზოგს მისი ქადაგების მოსმენა სურდა, ზოგსაც მისი ლოცვების წყალობით განკურნების იმედი ჰქონდა. მის მიერ მოქცეულ წარმართებს მოჰქონდათ კერპები, სვეტის ძირში ამსხვრევდნენ და თავიანთ ცდომილებებს აღიარებდნენ. სვიმეონმა მოაქცია მრავალი სპარსი, არაბი, ლიბანელი, ივერიელი; ქმედითად მონაწილებოდა ეკლესიის საქმეებში, აგზავნიდა ეპისტოლეებს, რომლებსაც კრძალვით კითხულობდნენ როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალნი. იგი – განდიდებული სასწაულებით – გარდაიცვალა V საუკუნის მეორე ნახევარში. მის მაგალითს მიჰბაძეს მისმა მოწაფემ დანიელ მესვეტემ და მოგვიანებით სვიმეონ უმცროსმა, რომელიც მოღვაწეობდა საკვირველ მთაზე, ანტიოქიის მახლობლად.

სირიის მონასტრები განთქმული იყო მკაცრი სამოღვაწეო ცხოვრებით, სანამ აქაც ცრუსწავლებების სენი არ მოედო. ერთ-ერთი ცნობილი მონასტერი იყო ე.წ. უძინართა სავანე, რომელიც წმინდა ალექსანდრემ მოაწყო ევფრატის ნაპირებზე. იქ დღედაღამ არ წყდებოდა უფლის დიდებისმეტყველება. აქედან ალექსანდრე კონსტანტინოპოლში გადასახლდა, სადაც ზღვის ნაპირზე დააარსა სტუდიის მონასტერი უძინართა ტიპიკონით, რომელიც მისმა მემკიდრემ ბითვინიაში გადაიტანა. იგი განსაკუთრებით აყვავდა ღირსი მარცელუსის წინამძღვრობის დროს, რომელმაც ალექსანდრეს მემკვიდრე იოანე შეცვალა.

სირიისა და პალესტინის სავანეებს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები, რომლებსაც ხან ტყვედ მიჰყავდათ მონაზვნები და ყიდდნენ, ხან წამებით ხოცავდნენ. ამით განსაკუთრებით ზარალდებოდა ღვთისმსახური მონაზვნებით განთქმული სირიის სავანეები. VI საუკუნეში მცხოვრებ მოღვაწეთაგან განსაკუთრებით ცნობილია იოანე სინელი ანუ კიბისაღმწერელი, ის სინას სავანის იღუმენი იყო და დაგვიტოვა უმნიშვნელოვანესი თხზულება „კიბე“, სადაც აღწერა სულიერი სრულყოფისკენ აღმავალი ხარისხები.

ასევე მრავალი კეთილმსახური მონაზონი გაზარდა ფარანის ლავრამ. მათ რიცხვს ეკუთვნის ექვთიმე დიდი, იერუსალიმსა და იერიქონს შორის მდებარე პალესტინის ლავრის დამაარსებელი. ექვთიმეს უმწიკვლო ცხოვრება, სიბრძნე, ღვთივბოძებული სასწაულქმედების ძალა უამრავ მნახველს იზიდავდა და მის მიერ დაარსებული სავანე მალე მთელს პალესტინაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ ცენტრად იქცა. ამას განსაკუთრებით შემდეგმა გარემოებამ შეუწყო ხელი:

სპარსეთთან ომის დროს, როდესაც ქრისტიანებს სასტიკად ავიწროებდნენ, ერთ სპარს მხედართმთავარს, სახელად აშპევეთს, შეეცოდა ისინი და მფარველობა გაუწია, რითაც სპარსეთის მეფის რისხვა დაიმსახურა. იგი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ბიზანტიის იმპერიაში ეძებნა თავშესაფარი. იმპერატორი გულთბილად შეხვდა მას და იმპერიას დაქვემდებარებულ სარკინოზთა ტომების მხედართმთავრად დანიშნა. აშპევეთის ვაჟი მძიმედ დასნეულდა, ექიმებმა ვერაფერი უშველეს და რამდენიმე წელიწადი იტანჯებოდა. საცოდავ მამას უკვე იმედი გადაეწურა, რომ ღმერთმა სასწაულებრივად მოუვლინა თავისი შემწეობა. ერთხელ თერებონმა (ასე ერქვა ჭაბუკს) ლოცვით შესთხოვა დახმარება ჭეშმარიტ ღმერთს; იმავე ღამეს ძილში გამოეცხადა კაცი მონაზვნის სამოსით და ჰკითხა: „ირწმუნებ ჭეშმარიტ ღმერთს, თუ მისი წყალობით განგკურნავ?“ – „ვირწმუნებ“ – მიუგო თერებონმა. – „მაშინ წადი პალესტინის ლავრაში და იქ მიპოვი, მე ექვთიმე ვარ“. ჭაბუკმა მამას უამბო სიზმარი, მანაც ღირსი ექვთიმეს სავანეში წაიყვანა სნეული შვილი, რომელიც მალე განიკურნა. მაშინ აშპევეთი, მისი ოჯახი და უამრავი სარკინოზი მოინათლნენ. აშპევეთმა მნიშვნელოვნად გააფართოვა სავანე და მოგვიანებით მონასტრის წინამძღვარიც გახდა.

ღირსი ექვთიმეს ერთ-ერთმა მოწაფემ, საბა კაპადოკიელმა, იერუსალიმის მახლობლად მდინარე კედრონის დამშრალ კალაპოტში მოაწყო დიდი სავანე, რომელსაც მოგვიანებით საბა განწმენდილის ლავრა ეწოდა. მეორე ცნობილმა მოღვაწემ, ღირსმა თეოდოსი დიდმა, იერუსალიმსა და ბეთლემს შორის დააარსა საერთო საცხოვრისის ტიპის ლავრა. საბაც და თეოდოსიც მტკიცედ იცავდნენ ჭეშმარიტებას ერესისკენ მიდრეკილი იმპერატორისაგან (ანასტასი) და თავიანთ სავანეებში ცრუსწავლების გავლენის შეღწევას ებრძოდნენ. ორივემ სახელი გაითქვა სასწაულმოქმედების ძალით. მათ შექმნეს განაწესი, რითაც პალესტინის მონასტრებში გარკვეული წესრიგი დაამყარეს. საბა წინამძღვრობდა განდეგილთა სავანეებს, რომელთაც რამდენიმე თვითონაც შეჰმატა. თეოდოსი საერთო საცხოვრისის ტიპის მონასტრების, ანუ კინობიების დამაარსებელი და მათი წინამძღვარი იყო.

ყველა ამ სავანეში მონაზვნები უმკაცრეს ცხოვრებას მისდევდნენ და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ. სადაგ დღეებში წმინდა საბას ლავრის მონაზვნები თავიანთ სენაკებში აღავლენდნენ ლოცვებს, კვირაობით, სადღესასწაულო და დღესასწაულის წინადღეებში საზოგადო ღვთისმსახურებისთვის იკრიბებოდნენ. საზეიმო მსახურება იწყებოდა წინადღით საღამოს და მთელი ღამე, გარიჟრაჟამდე, გრძელდებოდა. საბამ თავის სავანეში ააგო ოთხი ტაძარი, სადაც ბერძნულ, სირიულ, ქართულ, სომხურ და კოპტურ ენებზე აღესრულებოდა ღვთისმსახურება, რათა მონაზვნებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, გასაგებ ენაზე მოესმინათ იგი. ზოგიერთ მონასტერში არსებობდა ასეთი ტრადიცია: ორმოცდღიანი მარხვის დროს ძმობის წევრები მკაცრი პირობებით გამორჩეულ უდაბურ ადგილებში მიდიოდნენ, რაც ზოგჯერ იანვრის შუა რიცხვებიდან ბზობის კვირამდე გრძელდებოდა. ისინი იკვებებოდნენ მცენარეული ფესვებით, ნაყოფით და გამუდმებით ლოცულობდნენ.

ერთი პალესტინელი მონაზონი, სახელად ზოსიმე, ასეთი მოგზაურობის დროს საოცარ ადამიანს შეხვდა. გადაკარგულ პირქუშ გარემოში მან დაინახა დედაკაცი, წმინდა მოღვაწე, რომელსაც თითქმის ორმოცი წელი გაეტარებინა უდაბნოში და ლოცვითა და მარხვით ინანიებდა მანკიერი სიყმაწვილის ცოდვებს. მან ზოსიმეს თავისი ცხოვრების შესახებ შემდეგი უამბო:

იგი დაიბადა ალექსანდრიაში და სიყმაწვილიდანვე გარყვნილებაში ჩაეფლო. ერთხელ გაჰყვა მომლოცველებს, რომლებიც იერუსალიმში ჯვართამაღლების დღესასწაულზე მიდიოდნენ. მაგრამ ეკლესიაში შესვლა რომ დააპირა, კართან რაღაც უხილავმა ძალამ შეაჩერა და ვერაფრით შეძლო ზღურბლის იქით გადაბიჯება. მან უცებ შეიგნო, თუ რაოდენ ცოდვილ ცხოვრებას მისდევდა; მის გულში სინანულმა გაიღვიძა და თვალებიდან ცხარე ცრემლი წამოსცვივდა. ასე შეძრულმა შემწეობა სთხოვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მისი ხატის წინა აღთქმა დადო, რომ მიატოვებდა მანკიერ ცხოვრებას და ღვთისადმი მსახურებას მიუძღვნიდა თავს. ამის შემდეგ იგი დაუბრკოლებლად შევიდა ტაძარში და ემთხვია უფლის პატიოსან ჯვარს. უცებ ხმა მოესმა, რომელმაც იორდანეს გადალახვა უბრძანა. ისიც მდინარისკენ გაემართა, იორდანეს მეორე ნაპირზე გავიდა და უდაბნოს მიაშურა. იქ ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, მოუხდა მოღვაწეთათვის ნაცნობი უმძიმესი შინაგანი ბრძოლის გადატანა, ადრინდელ ტკბილ ცხოვრებაზე მოგონებების დაძლევა. მაგრამ მოღვაწე დაუღალავად ებრძოდა საცდურს, მიწაზე გართხმული ტირილითა და გულშემუსრვილებით ევედრებოდა უფალს შემწეობას. ბოლოს მისი ვედრება შესმენილ იქნა – მრავალწლიანი ტანჯვისა და უმძიმესი შინაგანი ბრძოლის შემდეგ განდეგილმა სიმშვიდე ჰპოვა და ჩაუწყნარდა სულში მძვინვარე ქარიშხალი.

ეს ამბავი რომ დაასრულა, განდეგილმა სთხოვა ზოსიმეს, მეორე წელს ისევ მოსულიყო და წმინდა ძღვენი მოეტანა. ზოსიმემ მას თხოვნა შეუსრულა და როდესაც მეორე წელს მის მოსანახულებლად უდაბნოში დაბრუნდა, იხილა, თუ განდეგილმა დედაკაცმა როგორ გადმოიარა ფეხით მდინარე იორდანე, შემდეგ ეზიარა და უკან წავიდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ზოსიმე კვლავ გაემართა უდაბნოში, მაგრამ ამჯერად მოღვაწე გარდაცვლილი დახვდა. ცხედრის გვერდით, ქვიშაზე წარწერა იყო: „მამა ზოსიმე, აქ დამარხე ცხედარი მდაბალი მარიამისა, გარდაცვლილისა პირველ აპრილს. დაე, მიწა მიწად იქცეს“. როგორც ვარაუდობენ, ეს მოხდა VI საუკუნის პირველ ნახევარში. ეკლესია პატივს მიაგებს ამ მოღვაწეს, რომელსაც მარიამ ეგვიპტელის (ძვ. ქართ. – მეგვიპტელი) სახელით იხსენიებს.[1]

სამოღვაწეო ცხოვრების სურვილმა დასავლეთშიც იჩინა თავი, თუმცა აღმოსავლეთთან შედარებით ეს მისწრაფება ნაკლებად განხორციელდა. მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს პატივს მიაგებს ღირს ალექსი ღვთისკაცს, რომში დაბადებულს. მან ჭაბუკობის წლებშივე მიატოვა სამშობლო, ოჯახი, ცოლი და დიდძალი ქონება, რათა ღმერთისთვის დაეთმინა სიღატაკე და მძიმე შრომა. იგი ჩავიდა ედესაში, ჩვიდმეტი წელიწადი ცხოვრობდა ღვთისმშობლის ტაძართან, დღედაღამ ლოცულობდა და მხოლოდ მოწყალებით ირჩენდა თავს. ერთხელ ზეციურმა ხმამ ტაძრის მსახურს აუწყა, რომ იქვე კარიბჭესთან მჯდომი ალექსი ღვთის რჩეული იყო. ეს ამბავი მორწმუნეთა შორისაც გავრცელდა. ალექსის შეეშინდა, ამას ამსოფლიური დიდების საცთური არ მოჰყოლოდა, ისევ რომში დაბრუნდა და კიდევ ჩვიდმეტი წელი გაატარა ღარიბულ ქოხში მამისეული მდიდრული სასახლის მახლობლად. იგი იმდენად იყო შეცვლილი, რომ მამამ ვერც იცნო. გარდაცვალების დღე ალექსის ღვთისგან ეუწყა. მან სიკვდილამდე ქაღალდზე დაწერა თავისი ცხოვრება და ამ ქარტიით ხელში აღესრულა. როდესაც ნაწერი წაიკითხეს და მისი ვინაობა გამჟღავნდა, იმპერატორმა ჰონორიუსმა, პაპმა და რომის მოსახლეობამ დიდი პატივით დაკრძალეს იმ მოღვაწის ცხედარი, რომელმაც ყოველგვარ მიწიერ სიკეთეს ღვთისადმი მდაბალი სამსახური არჩია. ასეთივე თავგანწირვისა და თვითაღკვეთის გზით ვიდოდა V საუკუნეში კონსტანტინოპოლში მცხოვრები ღირსი იოანე გლახაკი. მისი ხსენების დღეა 15 იანვარი, ღირსი ალექსისა – 17 მარტი.

როგორც აღვნიშნეთ, დასავლეთის ბევრი ეპისკოპოსი მისდევდა მონაზვნურ ცხოვრებას, მათ შორის იყო ნეტარი ავგუსტინეც; მან თავის სახლში დააარსა მონაზონთა საზოგადოება. კასიანე რომაელმა (ზოგიერთი მას ქერსონესში დაბადებულად თვლის) აღმოსავლეთში შეისწავლა დიდი მონაზვნების სულიერი გამოცდილება და გალიაში ჩამოიტანა იქაური მონასტრების განაწესები, რომლებიც აღწერა წიგნებში: „კინობიათა განაწესების შესახებ“ და „მამათა საუბრები“. გალიაში მრავალი მონასტერი დაფუძნდა, განსაკუთრებით სამხრეთში, მარსელის მახლობლად. დასავლეთში მონაზვნური ცხოვრების მთავარ ჩამომყალიბებლად და განმავითარებლად ითვლება ღირსი ბენედიქტე ნურსიელი.

ბენედიქტე დაიბადა V საუკუნის მეორე ნახევარში; განათლების მისაღებად რომს მიაშურა, დაიწყო მეცადინეობაც, მაგრამ მეგობრებისა თუ მასწავლებლების უზნეო ცხოვრებით შეწუხებული ქალაქს გაეცალა და დასახლდა რომის მახლობლად, სუბიაკოს უდაბნოში. დიდი ხნის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი იცოდა მხოლოდ ერთმა განდეგილმა, რომელიც მასთან იყოფდა მწირ ლუკმას. ბენედიქტეს მღვიმე შემთხვევით აღმოაჩინეს მწყემსებმა, ამის შემდეგ განდეგილმა ფართოდ გაითქვა სახელი სასწაულქმედების ძალითა და ქრისტიანული სიბრძნით; უამრავი ადამიანი მიდიოდა მასთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევისთვის.

ერთ-ერთი მონასტრის მონაზვნებმა თავიანთი წინამძღვრობა სთხოვეს ბენედიქტეს, რომელიც დიდხანს უარზე იყო – შიშობდა, ვაითუ მისი მკაცრი წესები არ მოსწონებოდათ საკმაოდ თავნება ცხოვრებას მიჩვეულ მონაზვნებს. ასეც მოხდა: როდესაც მან იტვირთა მონასტრის წინამძღვრობა და მკაცრი წესრიგიც დაამყარა, ძმობა აღშფოთდა და ერთმა მათგანმა მისი მოწამვლაც კი სცადა. მაშინ ბენედიქტე ისევ თავის მღვიმეს დაუბრუნდა უდაბნოში და გარკვეული ხნის შემდეგ გადასახლდა სამხრეთ იტალიაში, კამპანიაში, სადაც აქა-იქ ისევ იყო შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობა. კასინოს მთაზე, აპოლონის სადიდებლად სახელდებულ ტყეში, მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. ბენედიქტე იქვე, ძველი ციხე-სიმაგრის ნანგრევებში დასახლდა და დაიწყო ღვთის სიტყვის ქადაგება, რითაც მრავალი წარმართი მოაქცია. მან გაჩეხა აპოლონის ტყე და საძირკველი ჩაუყარა მთელ იტალიაში უმნიშვნელოვანეს მონტე-კასინოს მონასტერს. ბენედიქტემ შეადგინა მონაზონთა ტიპიკონი, რომელიც მოგვიანებით დასავლეთის მონასტრების უმრავლესობამ მიიღო. წმინდა მოღვაწე აღესრულა 343 წელს, მისი ხსენების დღეა 14 მარტი. მისმა დამ, მონაზონმა სქოლასტიკამ, დედათა სავანეებს შეუდგინა წესდება.

მონაზვნურ ცხოვრებას თავგამოდებული მომხრე ჰყავდა რომის ერთ-ერთი თვალსაჩინო მღვდელთმთავრის – პაპ გრიგოლ დიდის სახით. იგი წარმოშობით სახელოვანი და მდიდარი, კეთილმსახურებით ოდითგანვე განთქმული ოჯახიდან იყო. მას სამოღვაწეო ცხოვრება იზიდავდა, ამიტომ მიატოვა რომის პრეფექტის მაღალი თანამდებობა, ქონების უდიდესი ნაწილი დახარჯა შვიდი მონასტრის ასაგებად იტალიის სხვადასხვა ადგილას და თავად ერთ-ერთ მათგანში აღიკვეცა. მაგრამ მალე იძულებული შეიქნა, დამშვიდობებოდა მონასტრულ განმარტოებას.

გრიგოლი ჯერ ეკლესიის საქმეების გამო კონსტანტინოპოლს გააგზავნა პაპმა პელაგიუსმა, რომლის სიკვდილის შემდეგ იგი ერთხმად აირჩიეს მის ადგილზე. გრიგოლმა რა აღარ სცადა, რომ შემოთავაზებული წოდება არ მიეღო. კონსტანტინოპოლში იმპერატორ მავრიკიუსს (578-582 წწ.) მისწერა წერილი და სთხოვა, არ დაედასტურებინა მისი არჩევა. გარკვეულ ხანს მთებშიც იმალებოდა, მაგრამ არაფერმა გაჭრა და 590 წელს ის რომის ეპისკოპოსის ტახტზე ავიდა.

იტალიის ცხოვრებაში იდგა უმძიმესი პერიოდი: ბარბაროსები გაუთავებლად ესხმოდნენ თავს და არბევდნენ მის ოლქებს. ამას დაერთო ეპიდემია, შიმშილი, მიწისძვრები, წყალდიდობები... ამ განსაცდელში წმინდა გრიგოლი ყველა გაჭირვებულს მამად და მანუგეშებლად მოევლინა. მისი გულმოწყალება უსაზღვრო იყო, თავად უვლიდა ავადმყოფებს და პირადი მაგალითით რომის სასულიერო დასსაც ძალას ჰმატებდა; ზრდიდა მქადაგებლებს, ხშირად მოძღვრავდა ხალხს, მრავალი არიანელი ლანგობარდი ჭეშმარიტებისკენ მოაბრუნა, თავისი გავლენის წყალობით იტალიის გულქვა დამპყრობლების სისასტიკეს აცხრობდა.

გრიგოლს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ინგლისის მოქცევამ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ მონაზონი იყო, როცა მან ბაზრობაზე ნახა ტყვე ჭაბუკები, რომელთაც მონებად გაყიდვას უპირებდნენ. გრიგოლი გააოცა მათმა გარეგნულმა სილამაზემ, ჰკითხა ვინაობა და იყვნენ თუ არა ქრისტიანები. მათ უპასუხეს, რომ შორეული კუნძულიდან ჩამოყვანილი ანგლები არიან და არაფერი იციან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ. მას შემდგომ გრიგოლს ინგლისში ქადაგებაზე ფიქრი არ შორდებოდა. ბოლოს თავად მოისურვა იქ გამგზავრება, მანამდე კი ითხოვა – რომში მიეყვანათ ჭაბუკი ინგლისელები, რათა მათგან მქადაგებლები გამოეზარდა. როდესაც პაპი გახდა, თავისი დიდი ხნის გადაწყვეტილების განსახორციელებლად პირველივე ხელსაყრელი გარემოება გამოიყენა. ამის შესახებ დაწვრილებით შემდგომ თავში გიამბობთ.

შინაგანად უაღრესად თავმდაბალი გრიგოლი თავისთავს ქრისტეს მსახურთა-მსახურს უწოდებდა. იმხანად კონსტანტინოპოლის პატრიარქის წოდებას დაემატა „მსოფლიო“. ჯერ კიდევ გრიგოლის წინამორბედი, პელაგიუსი, არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას და არ სცნო ადგილობრივი კრება, რომელმაც პატრიარქს ეს ტიტული მიაკუთვნა. პაპმა გრიგოლმაც მისწერა პატრიარქ იოანე მმარხველს და მიუთითა საშიშროებაზე, რაც შეიძლება წარმოქმნილიყო ეკლესიაში ერთი ეპისკოპოსის უპირატესობის აღიარებით. იგი სწერდა: „თუ ის, ვისაც უწოდებენ მსოფლიო ეპისკოპოსს, ჩავარდება ცდომილებაში, გამოდის მასთან ერთად შეცდება მთელი ეკლესიაც“. ჩანს, პაპს არასწორად ესმოდა ამ ტიტულის მნიშვნელობა. ეს იყო მხოლოდ პატივისცემის გამოხატვა, რაც ადრეც გამოიყენებოდა დიდი მიტროპოლიების ეპისკოპოსების, მათ შორის პაპის, მიმართაც და არავის ჰმატებდა ძალაუფლებას. მაგრამ გრიგოლის ეს სიტყვები შეიძლება გამოდგეს რომის პაპების გვიანდელი ქმედებების მხილებად, რომლებმაც მიითვისეს ძალაუფლება და საკუთარ თავს მიაწერეს ეკლესიისთვის ესოდენ საშიში უცდომელობა.

დიდი მღვდელთმთავარი გულმოდგინედ იღვწოდა საეკლესიო ღვთისმსახურების უკეთ მოწყობისთვის. ის თავად ატარებდა გალობის გაკვეთილებს თავისსავე დაარსებულ სამგალობლო სკოლაში. მის მიერ შემოტანილი სამგალობლო კილო დღესაც ცნობილია „გრიგორიანული გალობის“ სახელით; შემოიღო პირველშეწირულის ლიტურგია დიდმარხვის დროს – ეს ტრადიცია უკვე არსებობდა აღმოსავლეთის ზოგიერთ ეკლესიაში. წმინდა გრიგოლი გარდაიცვალა 604 წელს და დაგვიტოვა რამდენიმე ღირსშესანიშნავი თხზულება: „საიდუმლოთა შესახებ“, „სამოძღვრო კანონი“, „ბიბლიის ზოგიერთი წიგნის განმარტებანი“, „საუბრები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სულის უკვდავებაზე“. ამ უკანასკნელი წიგნის გამო, რომლის კომპოზიცია აგებულია ორ პიროვნებას შორის საუბარზე, გრიგოლს „დიოლოღოსი“ ეწოდა.

იმხანად სასულიერო პირების საერთო საზრუნავად იქცა ღვთისმსახურების მკაცრი და ჩამოყალიბებული განაწესის დადგენა. ადგილობრივი ეკლესიების ბევრი ჩვეულება საერთო კანონად დადგინდა: მაგალითად, ანტიოქიის ეკლესიის ტრადიცია ყოველ ლიტურგიაზე სარწმუნოების სიმბოლოს წარმოთქმისა VI საუკუნეში ყველა ეკლესიამ დაამკვიდრა; მანამდე იგი მხოლოდ მოსანათლავად მომზადებულთა განსწავლისთვის იკითხებოდა ეპისკოპოსის მიერ. კლიროსმა და ერმა პატრიარქ ტიმოთეს სთხოვეს ნებართვა, ეგალობათ იგი ყოველ ლიტურგიაზე. ასევე მოხდა წმინდანთა ცხოვრებიდან საკითხავების შეცვლა მოკლე საგალობლებით იმ პიროვნების სახელზე, ვის ხსენებასაც აღნიშნავდნენ მოცემულ დროს. აღნიშნული საკითხავები შეიცავდა წმინდანთა ქებას და განსადიდებელი მოვლენის მოკლე გადმოცემას. მათ ეწოდათ კონდაკები და ტროპარები.

მრავალი კონდაკის ავტორია რომანოზ ტკბილადმგალობელი – მნათე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრისა კონსტანტინოპოლში. სიბრძნითა და უფლისადმი მხურვალე სიყვარულით შთაგონებული რომანოზი მთელ ღამეებს ლოცვაში ატარებდა. თავად ცუდად კითხულობდა და ეკლესიის მსახურები ხშირად დასცინოდნენ კიდეც. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა მას მოწყალების თვალით გადმოხედა – ერთხელ, ქრისტესშობის ღამეს, გამოეცხადა ძილში და გრაგნილი გადასცა. გაღვიძებულ რომანოზს გული უჩვეულო სიხარულით უძგერდა. ეკლესიაში მისულმა ცისკრის მსახურების დროს ამბიონზე უტკბილესი ხმით დაიწყო შთაგონებული საგალობელი: „ქალწული დღეს არსებად უზეშთაესსა შობს ჩუენთვის და ქუეყანა ქუაბსა შეუხებელისა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა თანა დიდებისმეტყველებენ, ხოლო მოგუნი ვარსკვლავისა თანა მოგზაურობენ, რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი“. ყველა გაოცებული ისმენდა მათთვის მანამდე უცნობი ჰიმნის სიტყვებს. რომანოზმა უამბო მათ, რაც შეემთხვა, შემდგომ კი გალობის საოცარი ნიჭი აღარ განშორებია. მან შეთხზა შთაგონებული კონდაკები საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულების, მარხვის შვიდეულებისა და წმინდანების მოსახსენებელი მსახურებებისთვის. გარდაიცვალა VI საუკუნის პირველ ნახევარში.

ბევრი სხვა მოღვაწეც წერდა საგალობლებს. მაგალითად, მრავალი ტროპარი ეკუთვნის ღირს ავქსენტიოსს, მეუდაბნოეს. პატრიარქი ანატოლი (V საუკუნე) ავტორია აღდგომის, სადღესასწაულო და წმინდა მოწამეთა სტიქარონებისა. იმპერატორმა იუსტინიანემ, რომელიც ღვთისმსახურების წესის გაუმჯობესებას დიდ ყურადღებას აქცევდა, თავადაც შექმნა ნესტორისა და ევტიქის ერესების მამხილებელი საეკლესიო საგალობელი: „მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღმრთისა^“. პატრიარქმა იოანე მმარხველმა დააწესა ქერუბიმთა საგალობელის გალობა. ამრიგად, ღვთისმსახურება სულ უფრო მშვენდებოდა დიდებული ჰიმნებით.

იუსტინიანემ ბევრი მდიდრული ეკლესია ააგო; ასევე აღადგინა წმინდა სოფიას ბრწყინვალე ტაძარი.[1] იოანე მმარხველმა 578 წელს თავი მოუყარა სახელმწიფო კანონებს, რაც ეკლესიას შეეხებოდა, აგრეთვე შეაგროვა მსოფლიო კრებათა დადგენილებები და გამოსცა ნომოკანონი ანუ სჯულისკანონი, რომლის მიხედვითაც წარიმართება საეკლესიო სამსჯავრო.

აღნიშნულ პერიოდში ბარბაროსები გაუთავებლად არბევდნენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ცოდნის მიღება ძირითადად მონაზონთა სავანეებში იყო შესაძლებელი. ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სახელგანთქმულ მამათა გარდა, აღსანიშნავია შემდეგი მოღვაწენი: აპოლინარიუს სიდონიუსი (მოგვიანებით კლერმონის ეპისკოპოსი), პროსპერ აქვიტანიელი; პაპი გელასი; აფრიკის ეპისკოპოსები ვიგილიუსი და ფულგენციუსი; ბოეციუსი; კასიოდორე (პირველი დიდებული თეოდორიხის დროს, მოგვიანებით კალაბრიის ერთ-ერთი მონაზონი, ისტორიული შრომების ავტორი); გრიგოლი ტურელი (ტურის ეპისკოპოსი – ფრანკთა პირველი ისტორიკოსი); მეუდაბნოე თეოდორე სიკიოტელი.

იუსტინიანეს დროიდან მოყოლებული, ისტორიკოსები ბიზანტიის იმპერატორებს უწოდებენ საბერძნეთის იმპერატორებს. ბერძნულმა ენამ კი სრულად განდევნა ლათინური, რომელიც მანამდე კონსტანტინოპოლში სახელმწიფო მმართველობის ენად ითვლებოდა. თანდათანობით გამოიკვეთა განყოფა აღმოსავლურ, ანუ ბერძნულ, სამყაროსა და დასავლურ, ანუ ლათინურ, სამყაროს შორის. ეს გაუცხოება განათლებასა და საეკლესიო ცხოვრებაზეც აისახა. დასავლეთის სასულიერო დასი სულ უფრო ეპატრონებოდა ძალაუფლებას და რელიგიისგან ქმნიდა „ეკლესიის ქვეშევრდომებზე“ ბატონობის იარაღს; მათთვის სარწმუნოება გახდა ზედაპირული მოვალეობა, რომელიც სულიერ მსხვერპლს არ ითხოვდა. აღმოსავლეთის ეკლესია ახალი ტომების გაქრისტიანების დროს ზრუნავდა, რომ მათ მშობლიურ ენაზე დაწერილი საეკლესიო წიგნები და ღვთისმსახურების ტიპიკონი ჰქონოდათ. დასავლელი მქადაგებლები ღვთისმსახურებას ყველგან ლათინურ ენაზე ამკვიდრებდნენ, რაც ხალხისთვის გაუგებარი იყო.

V-VI საუკუნეებში ქრისტიანობა კიდევ უფრო გავრცელდა. ამ პერიოდში დაიხურა უკანასკნელი წარმართული სკოლები, სადაც ნეოპლატონური ფილოსოფია ისწავლებოდა. იუსტინიანეს ბრძანებით გააუქმეს პლატონის აკადემია ათენში, ხოლო ფილოსოფიის მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტნენ. არც ამ ეპოქას ჩაუვლია ცრუწინასწარმეტყველთა გარეშე. მაგალითად, კვიპროსზე მრავალი იუდეველი მოიქცა, მაგრამ მათ შორის გამოჩნდა ვიღაც თაღლითი, რომელმაც თავი მკვდრეთით აღმდგარ მოსედ გაასაღა და ერს აღთქმულ მიწაზე დაბრუნება აღუთქვა. მან შეკრიბა ბრბო ზღვის მახლობლად მდებარე მთაზე, დაარწმუნა, რომ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაატარებდა და ყველას წყალში ჩახტომა უბრძანა. ზოგმა დაუჯერა და დაიხრჩო, გადარჩენილებმა თვითმარქვიას მოკვლა დააპირეს, მაგრამ ის მიიმალა. სწორედ მაშინ თითქმის ყველამ გადაწყვიტა გაქრისტიანება. არაბეთში მცხოვრები იუდეველები, ვიღაც ომერიტის მეთაურობით, რომელიც თავს მოსეს ძეს უწოდებდა, სასტიკად სდევნიდნენ ქრისტიანებს. ხოლო სამარიტელებმა და იუდეველებმა გადაწყვიტეს იმპერიისგან გამოყოფა, მეფედ ვინმე იულიანე გამოაცხადეს და საშინლად დაარბიეს პალესტინა. მათ დასაშოშმინებლად იუსტინიანემ უმკაცრესი ზომები გამოიყენა.

 

[1] მარიამ ეგვიპტელი მოიხსენიება დიდმარხვის მე-5 კვირას.

[2] წმინდა სოფია – ღვთის სიბრძნის სახელზე კონსტანტინოპოლში აგებული ტაძარი, დაიწვა იმპერატორ არკადიოსის დროს. აღდგენილი კიდევ ერთხელ დაიწვა იუსტინიანეს მმართველობის დასაწყისში, რომელმაც ხელახლა და უფრო მდიდრული ეკლესია ააგო.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა