martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 44

ეკლესია თეოდოსი დიდის დროს.

 

ამასობაში ქრისტიანობამ კიდევ უფრო ღრმად გაიდგა ფესვები. თეოდოსის ბრძანებით აღმოსავლეთში აიკრძალა წარმართული მსხვერპლშეწირვა, ყველა ოლქში დაანგრიეს ბომონები, მათ ადგილას კი ქრისტიანული ტაძრები აღმართეს. ბევრჯერ გამოაშკარავდა ქურუმთა თაღლითობაც, ამიტომ თვით წარმართებიც უკვე აღარ ენდობოდნენ მათ. მართალია, სირიის ზოგიერთ ქალაქში მოსახლეობის ნაწილმა ამბოხი მოაწყო თავიანთი ღმერთების დასაცავად და რამდენიმე ქრისტიანიც მოკლა, მაგრამ გაბრძოლება ძალიან სუსტი აღმოჩნდა. ქრისტიანთა რაოდენობა ყველგან აღემატებოდა წარმართებისას და დღითიდღე მატულობდა. მხოლოდ ალექსანდრიაში მოჰყვა მნიშვნელოვანი არეულობები ბომონების დანგრევას.

ეპისკოპოს თეოფილეს მიერ მხილებულმა და ამით გაგულისებულმა ალექსანდრიის წარმართებმა რამდენიმე ქრისტიანი შეიპყრეს, აწამეს და დახოცეს. ამან მთელი ქალაქი ააღელვა და ქუჩებში სისხლიანი შეტაკებები დაიწყო. სამოქალაქო ხელისუფლების ყველა მცდელობა ამ არეულობის ჩასაცხრობად ამაო გამოდგა. მეომართა რაზმის მეთაური, ეგვიპტის პრეფექტი, მეამბოხე წარმართებს უშედეგოდ არწმუნებდა, დანებებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის შესაბამისად მკაცრი დასჯით ემუქრებოდა. მეამბოხეები სერაპისის ტაძრის გალავანს შიგნით თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათზე ძალის გამოყენებას ვერავინ გაბედავდა, რადგან ამ ადგილს მთელი წარმართული ეგვიპტე თაყვანს სცემდა. მართლაც, პრეფექტმა ვერაფერი გააწყო და მომხდარის შესახებ თეოდოსის შეატყობინა.

სერაპისის ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი წარმართული ნაგებობა იყო. ის მაღალ, ხელოვნურად შექმნილ მთაზე იდგა და ყოველი მხრიდან გარს ერტყა ბრწყინვალე დერეფნები და შენობები, სადაც ქურუმები და სხვა მსახურნი ცხოვრობდნენ. ტაძრამდე ასსაფეხურიანი მარმარილოს კიბით ადიოდნენ. თავისი მდებარეობის გამო ტაძარი მიუდგომელ ციხესიმაგრეს ჰგავდა.

სერაპისის სახელი მდინარე ნილოსთანაც იყო დაკავშირებული. როგორც ვიცით, ეგვიპტის პაპანაქებაში წვიმა თითქმის არ მოდის და ამ მხარის მთელი წლიური მოსავალი დამოკიდებულია ნილოსის ადიდებასა და ნაპირებიდან მის გადმოსვლაზე. მდინარე ჩვეულებრივ აგვისტოსა და სექტემბერში ტბორავს ეგვიპტის მთელ დაბლობს და დარჩენილი შლამი ნიადაგის ნაყოფიერებას განაპირობებს. ეგვიპტე ხორბლით ამარაგებდა მცირე აზიის ნაწილსა და კონსტანტინოპოლს. მოუსავლიანობა სახალხო უბედურებად ითვლებოდა. ამიტომ სერაპისს მარტო ეგვიპტეში არ ეთაყვანებოდნენ – ალექსანდრიაში, მის პატივსაცემად აგებულ მდიდრულ ტაძარში, ნახავდით ეგვიპტელსაც, რომელიც სერაპისის სახით ნილოსს აღმერთებდა, ბერძენსაც, რომლისთვისაც იგივე კერპი ბუნების ნაყოფიერების განსახიერება იყო. ნილოსის თაყვანსაცემი რიტუალები ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც დიდხანს შემორჩა და მხოლოდ თეოდოსის დროს აიკრძალა. როგორ უნდა შეძრწუნებულიყვნენ წარმართები, როდესაც ეგვიპტის პრეფექტის საჩივარზე იმპერატორმა უპასუხა, რომ არ სურდა შური ეძია იმ ქრისტიანთა მოკვლისთვის, რომლებსაც მოწამებრივი აღსასრულის პატივი ერგოთ. მაგრამ ბრძანებდა, დაენგრიათ სერაპისის ტაძარი, ხოლო მისი ქანდაკება დაემსხვრიათ და ნატეხები ღარიბებისთვის დაერიგებინათ. ამ განკარგულებამ საშინლად განარისხა წარმართული ფრთა, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

დანიშნულ დღეს დიდძალი ხალხი გაჰყვა იმპერატორის განაჩენის აღსასრულებლად მიმავალ ეპისკოპოსსა და პრეფექტს. მეომრებმა ჯერ ტაძრის თაღების ქვეშ ყველა საიდუმლო გასასვლელი, ქურუმების საცხოვრისი, პტოლემეოსის მიერ შედგენილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს, ბოლოს თვით ტაძარში შევიდნენ, სადაც იდგა სერაპისის ქანდაკება, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში კრძალვასა და შიშს აღუძრავდა წარმართებს. ეს კერპი ჩამოსხმული იყო სხვადასხვა ლითონისგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ბრინჯაო) და მთლიანად აღკაზმული პატიოსანი ქვებით.

კერპის წინ შეჩერდა შიშით დაზაფრული ბრბოც. წარმართებს სჯეროდათ, რომ ვინც მას შეეხებოდა, ის დაუყოვნებლივ მოკვდებოდა, ამას კი მოჰყვებოდა მსოფლიოს ნგრევა და ყველა სტიქიონის პირველქმნილ ქაოსში დაბრუნება. დიდხანს ვერავინ ბედავდა ეპისკოპოსის ბრძანების ასრულებას და კერპზე ხელის აღმართვას. ბოლოს ერთმა მეომარმა შეჰბედა უროს დარტყმა... ელდანაცემი, დამუნჯებული წარმართები მის სიკვდილს ელოდნენ, მაგრამ რადგანაც ამას სერაპისის რისხვა არ მოჰყვა, გათამამებულმა მეომარმა კიბე მიადგა ქანდაკებას, აცოცდა მასზე, მიაღწია კერპის მხრებს და ურო თავში მაგრად ჩასცხო. თავი გადაგორდა, რასაც ყრუ გუგუნი მოჰყვა. და უცებ ძრწოლა საერთო ხარხარში გადაიზარდა, როდესაც ქანდაკებიდან – ამ მშვიდი თავშესაფრიდან – ვირთაგვები ხროვად ამოცვივდნენ და დამფრთხლები მთელს ტაძარს მოედვნენ. ახლა უკვე ყველა ეცა და ნამსხვრევებად აქცია ამდენ ხანს განდიდებული კერპი. ასე დასრულდა სერაპისის კულტი.

წარმართებს მაინც არ ასვენებდა შიში და ავისმოლოდინი – „რა იქნება მაშინ, თუ განრისხებული ღმერთი შეგინებული სიწმინდისთვის სამაგიეროს გადახდას განიზრახავს და ნილოსი აღარ ადიდდება?!“ დადგა სეზონიც და მთელი ეგვიპტე მოუთმენლად ელოდა ნილოსის ადიდებას, მაგრამ წყალი არ მატულობდა და ხალხმაც დრტვინვა დაიწყო. ეგვიპტის პრეფექტს მღელვარების შეეშინდა და იმპერატორს სთხოვა, მიეცა ნილოსის პატივსაცემად დადგენილი რიტუალის ჩატარების ნებართვა. თეოდოსიმ უპასუხა: თუ ეგვიპტის მოსავალი წარმართულ რიტუალზეა დამოკიდებული და მის საფასურად ჭეშმარიტი ღმერთის ღალატია საჭირო, მაშინ უმჯობესია ხორბლის გარეშე დავრჩეთო. უფალმა დააჯილდოვა მისი მტკიცე რწმენა – პასუხი ჯერაც არ იყო ალექსანდრიაში ჩასული, რომ ნილოსი ადიდდა და თანაც ისე, რომ ასეთი წყალუხვი ის არასდროს უნახავთ. რა თქმა უნდა, მოსავალიც დიდი მოვიდა. ამან წარმართების ცრურწმენა საერთოდ გააცამტვერა.

თეოდოსიმ, რომელიც ასე ექომაგებოდა ქრისტიანობას, მიაღწია კი ყველაზე რთულ გამარჯვებას – შეძლო, დამორჩილებოდა ქრისტეს და ქრისტიანული სარწმუნოების ძალით მოეთოკა თავისთავში ვნებათა მოძალება? პასუხს ამაზე მისი მმართველობის ზოგიერთი მოვლენა გაგვცემს.

საბრძოლო ხარჯების გამო თეოდოსიმ გადასახადი გაუზარდა ზოგიერთ ოლქს. ანტიოქიაში ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც უფრო გაამძაფრა ხარკის ამკრეფთა თვითნებურმა და სასტიკმა ქცევამ. 387 წელს იფეთქა აჯანყებამ და გაავებული ხალხი მუქარით მიიჭრა ქალაქის მმართველის სახლთან, იქიდან მოედნისკენ დაიძრა, დაამხო იმპერატორის, გარდაცვლილი დედოფლის, მათი ორი ვაჟის ქანდაკებები და ყიჟინითა და ლანძღვა-გინებით ათრია ქუჩებში.

ჯარმა ამბოხი ჩაახშო, მოთავენი შეიპყრეს. მთელი ანტიოქია ძრწოლამ მოიცვა, რადგან განრისხებული იმპერატორისგან კარგს არაფერს ელოდნენ. რამდენიმე კაცი მივიდა ღრმად მოხუც ეპისკოპოს ფლაბიანესთან და შეევედრა, წასულიყო კონსტანტინოპოლში და ეცადა, შეერბილებინა თეოდოსის სამართლიანი რისხვა.

წმინდა მოხუცი გზას გაუდგა... ანტიოქიის მცხოვრებლები – ავის მოლოდინით შეძრწუნებულნი – უცდიდნენ მოლაპარაკების შედეგს, მაგრამ პასუხი იგვიანებდა. ამ პერიოდში ანტიოქიაში მოღვაწეობდა მღვდელი, ახლახანს ხელდასხმული, რომელმაც უკვე მოასწრო დიდებისა და გავლენის მოპოვება მჭევრმეტყველებითა და უმწიკვლო ცხოვრებით. ეს იყო ცნობილი იოანე ოქროპირი. მარტო ის ამხნევებდა და ამშვიდებდა ერს, თუმცა არ ამართლებდა ანტიოქიელთა დანაშაულს. ოქროპირი ცდილობდა, ადამიანთა სულებში დაეძლია ყოველგვარი მიწიერის შიში, მათში ჩაენერგა სიმამაცე და სიმშვიდე, რასაც უფლისადმი მტკიცედ მსასოებელი ქრისტიანი უნდა ინარჩუნებდეს ნებისმიერი განსაცდელის დროს; შეახსენებდა ერთი, ყოვლადძლიერი ნუგეშინისმცემლის არსებობას და არწმუნებდა ადამიანებს, უფრო დანაშაულის ჩადენის შინებოდათ, ვიდრე ამის გამო დასჯისა, რადგან ქრისტიანს მხოლოდ ერთი – ღვთის რისხვა უნდა აძრწუნებდეს; არც სიკვდილის უნდა ეშინოდეს, რადგან ის მარადისობის დასაწყისია; ხალხს მოუწოდებდა – სინანულით, ცხოვრების გამოსწორებით, უფლის ნების აღსრულებით გამოეთხოვათ ღვთის წყალობა.

მთელი ერი იყრიდა თავს ტაძარში, სადაც იოანე ქადაგებდა. იმ დროს ცარიელდებოდა მოედნები, თეატრები, ცირკი, რაც ადრე ასე იზიდავდა ფუქსავატ ანტიოქიელებს. საერთო წუხილის შემსუბუქება მხოლოდ იოანეს ლოცვასა და შეგონებებს შეეძლო.

მალე ქალაქში საშინელი ხმები დაირხა. ამბობდნენ, რომ განრისხებულმა იმპერატორმა ანტიოქიისა და მისი მცხოვრებლების განადგურება გადაწყვიტა და ქალაქს უკვე მოუახლოვდნენ მეომრები, რომელთაც ამ საშინელი განაჩენის აღსრულება დაევალათ. ბევრმა თავის გადასარჩენად მიატოვა ანტიოქია. ბოლოს, როგორც იქნა, ჩამოვიდა მეფის ორი მოხელე დავალებით, ჩაეტარებინათ უმკაცრესი გამოძიება და გამოეცხადებინათ, რომ ანტიოქიას ჩამოერთვა დედაქალაქის უპირატესობები. დაიწყო ბრძანების შესრულება: სამსჯავროს გადასცეს წარჩინებული მოქალაქენი, მათ გამოსატეხად გამოიყენეს წამება, ქუჩებში გაისმოდა ჭირისუფალთა მოთქმა-გოდება.

იოანე უშიშრად მიდიოდა სამსჯავროზე დატყვევებულთა გასამხნევებლად და მსაჯულებს მათ შეწყალებას ევედრებოდა. ანტიოქიის შემოგარენში მცხოვრებმა მონაზვნებმა, როგორც კი ამ განსაცდელის შესახებ შეიტყვეს, მაშინვე ქალაქს მოაშურეს, უშიშრად გამოცხადდნენ სამსჯავროზე, დამნაშავეებს გამოექომაგნენ და მზად იყვნენ, მოძმეებისთვის თავიც გაეწირათ. ბოლოს მათ და იოანემ დაარწმუნეს მსაჯულები, არავინ დაესაჯათ, ვიდრე ელჩად გაგზავნილი ფლაბიანესგან პასუხი არ მოვიდოდა. „დამხობილი ქანდაკებები ისევ აღიმართება, მაგრამ თუ ღვთის ხატს სიკვდილს მიუსჯით, ვინ აღადგენს დაღუპულებს და ვინ დაუბრუნებს სულებს მათ სხეულებს?“ – ამბობდნენ ისინი.

ამასობაში ფლაბიანე კონსტანტინოპოლში ჩავიდა, იმპერატორთან მისულმა თავიდან მხოლოდ მდუმარებითა და ცრემლებით გამოხატა თავისი წუხილი ანტიოქიელთა დანაშაულის თაობაზე და ხელისუფალს მათი შეწყალება და მიტევება სთხოვა.

ახლოვდებოდა აღდგომა... ჩვეულების თანახმად, ამ დროს რამდენიმე პატიმარი უნდა გაეთავისუფლებინათ. ცოტა ხნის წინ თეოდოსიმ ოლქებში დააგზავნა განკარგულება ამის თაობაზე, სადაც აგრეთვე წერდა: „ნეტავ შემეძლოს მოვუხმო და სიცოცხლე დავუბრუნო გარდაცვლილებს ისე, როგორც ტუსაღებს ვუბრუნებ თავისუფლებას!“ ფლაბიანემ იმპერატორს შეახსენა ეს სიტყვები და დასძინა:

“ანტიოქია მოკვდა, მაგრამ შენი ერთი სიტყვა და წყვდიადსა და გლოვაში დაფლული ქალაქი აღდგება... დაამხეს შენი ქანდაკებები, მაგრამ შეგიძლია სხვა, უფრო უკეთესის აღმართვა. თუ შენს შეურაცხმყოფლებს მიუტევებ, თითოეული თავის გულში დაგიდგამს ძეგლს. ის ოქრო-ვერცხლზე ძვირფასი იქნება, რადგან კაცთმოყვარებითა და მოწყალებით იქნება შემკული“.

ფლაბიანემ შეახსენა იმპერატორს, თუ როგორ ლოცავდა თავის ჯვარმცმელებს ქრისტე, და მოვალეობები, რასაც ქრისტიანის წოდება აკისრებს ადამიანს; ბოლოს კი დასძინა:

“ახლა იუდეველებისა და წარმართების – მთელი სამყაროს მზერა შენსკენ არის მომართული და ელიან შენს განაჩენს. თუ ის კაცთმოყვარებითა და სიმშვიდით იქნება გამოტანილი, მაშინ ეს ადამიანები განადიდებენ ღმერთს და იტყვიან: აი, რა ძალა აქვს ქრისტიანულ სარწმუნოებას... და ბოლოს, მე შენთან მარტო ანტიოქიელთა სახელით არ მოვსულვარ. მე ჩვენმა უფალმა გამომგზავნა, რათა გითხრა: „უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან“ (მათ. 6,14). სხვა დესპანებს შენთან მოაქვთ ოქრო-ვერცხლი ან სხვა რამ ძვირფასი ძღვენი, მაგრამ, მეუფეო, მე შენთან მოვედი წმინდა რჯულით და გევედრები, მიჰბაძო უფალს, რომელსაც ყოველდღე შეურაცხვყოფთ, მაგრამ ის მაინც არ გვაკლებს თავის სიკეთეს“.

სულის სიღრმემდე შეძრულ იმპერატორს ცრემლები გადმოსცვივდა და ფლაბიანეს უთხრა:

“თუ სამყაროს მეუფე – ჩვენთვის დედამიწაზე გარდამომხდარი, მონის ხატის მიმღები და ვნებული – ევედრებოდა მამას თავის ჯვარმცმელთათვის: – „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“, როგორ შემიძლია, არ შევუნდო მათ, რომლებმაც თავიანთი მსგავსი ადამიანი შეურაცხყვეს?!“

ამის შემდეგ თეოდოსიმ მისწერა ანტიოქიელებს, რომ დაივიწყებდა მათ დანაშაულს და ამ დიდსულოვანი გადაწყვეტილებით დააბრუნა ფლაბიანე თავის სამწყსოში; მაგრამ მის ჩასვლამდე ანტიოქიაში უკვე ჩაეტანა შიკრიკს წერილი და მთელი ქალაქი ზეიმობდა. აღდგომის დღესასწაულზე იოანემ ხალხს განუცხადა, რომ იმპერატორმა მიუტევა და მსმენელები დაარწმუნა, თავიანთი მადლიერება კეთილი საქმეებითა და ღვთისმსახურებით დაედასტურებინათ.

როგორც ამ მოვლენიდან ვხედავთ, თეოდოსის შეეძლო ფრიად დიდსულოვანი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მის ღირსებებს ჩრდილავდა უკიდურესი სიფიცხე. ის ყოველთვის ვერ ახერხებდა წონასწორობის შენარჩუნებას.

ზემომოყვანილი მოვლენიდან სამი წლის შემდეგ აჯანყება მოეწყო თესალონიკში, სადაც ხალხმა დახოცა ქალაქის მმართველი და იმპერატორის მიერ გაგზავნილი რამდენიმე დიდებული. მომხდარის შესახებ შეატყობინეს მილანში მყოფ თეოდოსის, რამაც საშინლად განარისხა იგი. თავიდან ეპისკოპოსმა ამბროსიმ მოახერხა მისი მრისხანების დაცხრობა და თეოდოსიმ მას დამნაშავეთა შეწყალება აღუთქვა; მაგრამ ამბროსის წასვლის შემდეგ სხვათა რჩევებს აჰყვა – კარისკაცების წაქეზებით დაივიწყა დანაპირები და სასტიკი განაჩენი გამოუტანა ქალაქს. მისი ბრძანებით, მეომრებმა ალყაში მოაქციეს ცირკი, სადაც დიდძალი ხალხი იყო, და განურჩევლად ამოწყვიტეს შვიდი ათასამდე კაცი, ქალი და ბავშვი.

ამ ცნობამ ყველა ქრისტიანი შეაძრწუნა. დროებით მილანიდან გასულმა ამბროსიმ იმპერატორს წერილი მისწერა, სადაც მკაცრად გამოხატა თავისი და მთელი ეკლესიის აღშფოთება, მეფეს მოუწოდა სინანულისკენ და განუცხადა, რომ ამიერიდან ვეღარ შეასრულებდა სამღვდელო საიდუმლოებს იმპერატორის თანდასწრებით, რომელმაც ამდენი უდანაშაული ადამიანის სისხლი დაღვარა.

თეოდოსის სულში სინანულმა გაიღვიძა და რამდენიმე ხნის შემდეგ მაინც წავიდა მთავარ ტაძარში, მაგრამ კართან ეპისკოპოსი დახვდა და უფლის სახელით აუკრძალა შესვლა. ამაოდ ეხვეწებოდა იმპერატორი:

– დავითმაც ხომ შესცოდა, მაგრამ ღვთის წყალობა არ მოჰკლებია.

– შენ დავითს დანაშაულში ნუ ედრები, სინანულში მიჰბაძე! – უპასუხა ამბროსიმ.

– როგორ მოვიქცე?

– ისე, როგორც ყოველი მკვლელი. „არა არს თუალთღებაჲ ღმრთისა თანა“ (რომ. 2,11).

იმპერატორი გაეცალა იქაურობას. ის მთელი რვა თვის განმავლობაში არ შეუშვეს ეკლესიაში. ამგვარი განყენება ზოგჯერ რისხვას, უფრო მეტად კი წუხილს იწვევდა მასში. შობის დღესასწაულზე იგი ოხვრითა და ცრემლით ეუბნებოდა თავის კარისკაც რუფინუსს: „სახლი ღვთისა ღიაა უპოვართა და მონათათვის, მაგრამ დახშულია ჩემთვის!“ რუფინუსი შეეცადა ეპისკოპოსის დაყოლიებას, მაგრამ იგი შეუვალი იყო: „ხელისუფალს შეუძლია, სიცოცხლე წამართვას, მაგრამ უფლება არ აქვს საეკლესიო განჩინებათა შეცვლისა“. ბოლოს მან თეოდოსისგან მიიღო აღთქმა, რომ ოცდაათი დღის განმავლობაში საერთოდ არავის დასჯიდა სიკვდილით, და დაუშვა ტაძრის სტოაში. იქ დიდი იმპერატორი იდგა მონანულთა შორის, ღარიბული სამოსით, მკერდში მჯიღს იცემდა და ცრემლმომდგარი იმეორებდა ფსალმუნთმგალობლის ლოცვას: „მიეახლა სული ჩემი მიწასა; მაცხოვნე მე სიტყვისაებრ შენისა; გზანი ჩემნი გითხრენ შენ და ისმინე ჩემი, მასწავენ მე სიმართლენი შენნი“ (ფს. 118,25-26). ერს სიბრალულის ცრემლი სდიოდა და განიცდიდა იმპერატორთან ერთად, რომელსაც მთელი სიცოცხლე ტანჯავდა საკუთარი დანაშაულის განცდა.

თანამედროვეებმაც და მომდევნო თაობებმაც ღირსეულად შეაფასეს ეპისკოპოს ამბროსი მედიოლანელის სიდიადე, რომელმაც უშიშრად ამხილა ქრისტიანული კაცთმოყვარებისა და სამართლიანობის რჯულის დამრღვევი, აგრეთვე ღირსება იმპერატორისა, რომელიც დაემორჩილა ქრისტიანული ჭეშმარიტების ძალას და გულწრფელად და თავმდაბლად შეინანა.

თეოდოსის ყოფნა დასავლეთში ხელს უშლიდა წარმართებს: უკუგდებული იქნა მათი შუამდგომლობა, აღდგენილიყო გამარჯვების ქალღმერთის საკურთხეველი. თეოდოსი, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ჭაბუკ ვალენტინიანეზე, არწმუნებდა მას, ქრისტიანობის სასარგებლოდ ემოქმედა. მაგრამ, როგორც კი სახელმწიფო საქმეების გამო თეოდოსი აღმოსავლეთში გაემგზავრა, დასავლეთში მღელვარება დაიწყო. 392 წელს ფრანკმა არბოგასტმა აჯანყების დროშა ააფრიალა, ვალენტინიანე მოკლა და იმპერატორად რიტორი[1] ევგენიუსი გამოაცხადა. გამარჯვების ქანდაკება და საკურთხეველი ისევ აღმართეს რომში, ყველა ქალაქში გახსნეს წარმართული ბომონები და იწყეს მსხვერპლშეწირვა. ამბროსი იძულებული გახდა, მილანი დაეტოვებინა, ბოლონიაში გადასულიყო და იქიდან ეგზავნა ევგენიუსისთვის მკაცრი, მამხილებელი წერილები.

მალე ევგენიუსის ძალაუფლებას ბოლო მოეღო: თეოდოსიმ მასთან ბრძოლა გადაწყვიტა, ამისთვის ლოცვითა და მარხვით მოემზადა, 393 წელს გადალახა ალპები და აკვილეას მახლობლად შეხვდა ევგენიუსის მრავალრიცხოვან ლაშქარს. თეოდოსის ლეგიონებს კონსტანტინეს წმინდა დროშა მიუძღვოდა. ევგენიუსმა კი თავის მხედრობას წაუმძღვარა ჰერკულესის კერპი, რითაც სურდა წარმართული დაჯგუფების გულის მოგება, რომელიც ნამდვილად დიდ იმედებს ამყარებდა მასზე.

დაიწყო ბრძოლა. დიდხანს გამარჯვების სასწორი ევგენიუსისკენ იხრებოდა. მტრის აშკარა უპირატესობის მხილველი ყველაზე გამოცდილი მხედართმთავრები ურჩევდნენ თეოდოსის უკან დახევას, მაგრამ მან უარი განაცხადა: „როგორ, ნუთუ ჯვრიანი დროშა უკან დაიხევს ჰერკულესის კერპის წინაშე?!“ მან ღვთისადმი მტკიცე სასოებით განაგრძო ბრძოლა. უცებ ამოვარდა ძლიერი გრიგალი, მიმოფანტა მტრის რაზმები, მტვრით დაუბრმავა თვალები, ხოლო მათგან ნატყორცნი ისრები უკან დააბრუნა. ისინი დაიბნენ, ბოლოს იარაღი დაყარეს და გაიქცნენ. გამარჯვება თეოდოსის დარჩა. თვითონ ევგენიუსი ტყვედ იგდეს და მოკლეს, არბოგასტმა თავი ჩამოიხრჩო.

თეოდოსი რომში შევიდა, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთპიროვნული მმართველი. მან დიდსულოვნად აპატია ევგენიუსის ყველა მომხრეს, მაგრამ წარმართობას მისმა გამარჯვებამ სასტიკი დარტყმა მიაყენა.

აღმოსავლეთში უკვე გამოცხადებული ბრძანება, რომლის თანახმად მკაცრად იკრძალებოდა მსხვერპლშეწირვა და ყოველგვარი ჯადოქრობა, ახლა დასავლეთშიც გავრცელდა. გრაციანემ თავის დროზე ბომონებს ჩამოართვა კუთვნილი მიწები და ქურუმები დაუქვემდებარა ხელისუფლებას, რომელმაც მათი შენახვის ხარჯები იკისრა. მაგრამ თეოდოსიმ განაცხადა, რომ ქრისტიანობა არის იმპერიის მთავარი რელიგია და ამიტომ თავს უფლებას ვერ მისცემს, წარმართობას მოახმაროს სახელმწიფო შემოსავლების უმცირესი ნაწილიც კი. ამრიგად, ქურუმებს უკვე ხელისუფლება აღარ შეინახავდა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო წარმართობის ამოსაძირკვად.

მართალია, აკრძალული წარმართული რიტუალები კიდევ დიდხანს აღესრულებოდა იტალიის, გალიისა და სხვა პროვინციების ზოგიერთ კუთხეში, მაგრამ ისინი თანდათანობით აღმოფხვრა მონაზვნობის გავრცელება-განმტკიცებამ. თავად რომში კი ხელისუფლება ვერ ბედავდა წარმართული დღესასწაულების უცებ აკრძალვას, რადგან ხალხის აღშფოთებას ერიდებოდა და დღესასწაულების ხარჯებსაც თავად იხდიდა. შემდეგ, თანდათანობით, ეს დღესასწაულები დავიწყებას მიეცა. შედარებით იოლი აღმოჩნდა იმპერიაში ქრისტიანობის მთავარ რელიგიად გამოცხადება, წარმართთა საწინააღმდეგო განკარგულებების გამოცემა და მათი რიტუალების აკრძალვა, ვიდრე კერპთაყვანისმცემლობის აღმოფხვრა კაცთა შეგნებიდან. ბევრმა ახალი სარწმუნოება სულიერი აღორძინების გარეშე მიიღო, ბევრიც ქრისტეს აღიარებდა, მაგრამ გულში წარმართად რჩებოდა.

ქრისტიანებიც თითქმის აღარაფრით ჰგავდნენ იმ პერიოდის მორწმუნეებს, როცა მაცხოვრის აღიარება ადამიანს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა. მაგრამ ქრისტიანული რჯულის მიღება მაინც ამაღლებდა საზოგადოების შინაგან სიწმინდეს, განამტკიცებდა სამოქალაქო კანონმდებლობას და ამკვიდრებდა ზნეობრივ განათლებას.

რომში ხანმოკლე ყოფნის შემდგომ თეოდოსი მილანს გაემართა. ის დიდხანს ვერ ბედავდა წმინდა საიდუმლოებთან მიახლებას ევგენიუსთან ბრძოლაში დაღვრილი სისხლის გამო, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობისთვის იბრძოდა – ასეთი ღრმა მოკრძალება ჰქონდა მას ეკლესიის წმინდა საიდუმლოებისადმი. მილანში თავისთან იხმო ორი ვაჟიშვილი: არკადიუსი და ჰონორიუსი, რათა დაელოცა მოახლოებული სიკვდილის წინ. იმპერატორს ერთმა მეუდაბნოემ, იოანემ, რომელმაც ადრე ევგენიუსის ძლევა უწინასწარმეტყველა, აუწყა, რომ თავისი მეორე გამარჯვების შემდეგ მალევე აღესრულებოდა. ასეც მოხდა – 395 წელს, მას შემდეგ, რაც თავის ორ ვაჟს გაუყო იმპერია, რომის უკანასკნელი დიდი იმპერატორი ამბროსი მედიოლანელს ჩააკვდა ხელში.

ამ იმპერატორის ბიოგრაფიაში ცხადად ჩანს ქრისტიანობის მძლავრი გავლენა. მაშ რას შეეძლო სრული, ერთპიროვნული მმართველის მრისხანებისა და სიფიცხის მოთოკვა, თუ არა შინაგანი ზნეობრივი კანონის აღიარებასა და ქრისტიანობისადმი მორჩილებას?! ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ ჩააცხრო ანტიოქიელთადმი მისი სამართლიანი რისხვა ქრისტეს სახელმა და იგი მოწყალებად და დიდსულოვნებად შეუცვალა. მეორე შემთხვევაში ის მზვაობრობას აჰყვა და საშინელი დანაშაულიც ჩაიდინა, მაგრამ შემდგომში გულწრფელად შეინანა და დამორჩილდა ეკლესიის კანონს. თეოდოსი თავშეკავებულად ცხოვრობდა – არ იტაცებდა სიმდიდრე, საოცრად გულუხვი იყო ღარიბებისადმი და იოლად ივიწყებდა პირად წყენას. ცდილობდა, თავისი ვაჟები ქრისტიანულად აღეზარდა, რისთვისაც დამრიგებლად შეურჩია განსწავლულობითა და წმინდა ცხოვრებით ცნობილი არსენი, რომელიც რომში დიაკვნად მსახურობდა. სამწუხაროდ, ჭაბუკმა მემკვიდრეებმა მამისა და ღირსეული მოძღვრის იმედები ვერ გაამართლეს.

თეოდოსის ცოლი, დედოფალი ფლაცილა, თავმდაბლობითა და ღვთისმოშიშებით გამორჩეული ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო. ის არა მარტო ფულით ეხმარებოდა ღარიბებს, თავადაც ნახულობდა მათ და უვლიდა ავადმყოფებს. ზოგი ასეთ ქცევას შეუფერებლად უთვლიდა და არწმუნებდა, რომ დედოფლისთვის საკმარისია, ღარიბებს შემწეობით დაეხმაროს, შრომა კი მისი წოდებისთვის უკადრისი საქციელია. ამაზე ფლაცილა პასუხობდა: „ჯეროვანია, რომ იმპერატორი ხალხს გულუხვად ეხმარებოდეს ფულით. მაგრამ ჩემს პირად გარჯას მე ვუძღვნი უფალს, ვინც კეთილ-ინება, ჩემთვის დედოფლობა ებოძებინა“.

ეპისკოპოსი ამბროსი მედიოლანელი გარდაიცვალა თეოდოსის აღსრულებიდან სამი წლის შემდეგ. მას წინასწარ ეუწყა სიკვდილის მოახლოება და მეგობრებს მიმართა: „მხოლოდ აღდგომამდე დავრჩები თქვენთან“. მალე იგი შეუძლოდ შეიქნა, რამაც ქვეყანა ძლიერ დაამწუხრა. სტილიქონი, იტალიის მმართველი მცირეწლოვანი ჰონორიუსის დროს, ევედრებოდა ამბროსის, ღმერთისთვის ეთხოვა სიცოცხლის გახანგრძლივება, მაგრამ ეპისკოპოსის პასუხი ასეთი იყო: „მე ისე არ მიცხოვრია თქვენს შორის, რომ აქ დარჩენისა შემრცხვეს, მაგრამ არც სიკვდილის მეშინია, რადგან სახიერი მეუფე გვყავს“.

ამბროსიმ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გამუდმებულ ლოცვაში გაატარა და სიხარულით ელოდა წუთისოფლიდან განსვლას. სახეზე ისეთი ნათელი გადასდიოდა, რომ მისი შემხედვარე ახლობლები გაოგნებული იყვნენ. ეპისკოპოსი გარდაიცვალა დიდი შაბათის ღამეს, 397 წელს.

აღდგომის სასიხარულო დღეებში ქვითინი ისმოდა მილანის ქუჩებში – ამბროსის სახით ხომ ყველამ დაკარგა მოყვარული მამა და ბრძენი მოძღვარი. უამრავი ხალხი ეთხოვებოდა მის ცხედარს, რომელსაც უფალმა სასწაულქმედებისა და კურნების ძალა მიჰმადლა.

ჩვენ ვიხილეთ ამბროსის უცვალებელი სიმტკიცე იუსტინასთან, მაქსიმუსსა და თეოდოსისთან ურთიერთობაში; მაგრამ მას არანაკლებ ახასიათებდა გულმოწყალება, სიმშვიდე და უსაზღვრო ხელგაშლილობა. მან ღარიბებს დაურიგა მთელი თავისი ქონება; საეკლესიო მორთულობებსაც კი ყიდდა ბარბაროსთაგან დატყვევებულთა გამოსახსნელად. „ეკლესიას ოქრო შესანახად არა აქვს, არამედ იმისთვის, რომ ადამიანთა სასიკეთოდ გამოიყენოს“, – ამბობდა იგი.

ამბროსი ღვთისმსახურებას დასავლეთისათვის მანამდე არნახული ზეიმით აღასრულებდა. მანვე შეადგინა ლიტურგიისა და სხვა მსახურებათა განაწესი, რაც დიდხანს შემორჩა მედიოლანის ეკლესიას. დაგვიტოვა მრავალი სამოძღვრო თხზულება, საგალობლები, წმინდა წერილის განმარტებანი, წიგნები ქრისტიანული ზნეობის შესახებ...

 

[1] ძველ საბერძნეთსა და რომში მჭევრმეტყველების მასწავლებელი.

 

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა