martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 42

დასავლეთის ეკლესია გრაციანესა და ვალენტინიანე II დროს. ამბროსი მედიოლანელი, იერონიმე სტრიდონელი, მარტინ ტურელი, რომაელი მოღვაწენი, პავლინე ნოლანელი.

 

იმ დროს, როდესაც აღმოსავლეთში არიანელთაგან მართლმადიდებელთა დევნა იყო გაჩაღებული, დასავლეთის ეკლესია კეთილდღეობით ცხოვრობდა. ვალენტინიანე ზრუნავდა ქრისტიანობაზე, თუმცა არც წარმართებს ავიწროებდა – მათ თავისუფლად შეეძლოთ თავიანთი რიტუალების ჩატარება, მხოლოდ შელოცვები ეკრძალებოდათ. ვალენტინიანეს შემდეგ ტახტზე ავიდნენ მისი ვაჟები: გრაციანე და ჯერაც უმწიფარი ყრმა – ვალენტინიანე II. გრაციანემ აღმოსავლეთი თეოდოსის ჩააბარა, თვითონ მილანში დასახლდა და დასავლეთის პროვინციებს მართავდა. ის ქრისტიანულად იყო აღზრდილი, ხელმძღვანელობდა მილანის დიდი ეპისკოპოსის ამბროსის რჩევებით და კეთილსინდისიერად ცდილობდა, ყველა თავისი ქმედება ქრისტეს რჯულთან შეეთანხმებინა.

ამბროსი დაიბადა დაახლოებით 340 წელს. მამამისი, გალიისა და ესპანეთის პრეფექტი, წარმართი იყო, დედა და და – ქრისტიანები. დედის სიკვდილის შემდეგ ღვიძლმა დამ, მარცელინამ, ორი მცირეწლოვანი ძმა სიყვარულითა და მზრუნველობით აღზარდა. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, როგორც ეს მდიდარ და დიდგვაროვანთა ოჯახებში იყო მიღებული. იმ დროს სასწავლო საგანთა შორის განსაკუთრებით ფასობდა რიტორიკა. ამ ნიჭით დაჯილდოებულებს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობების დასაკავებლად გზა ხსნილი ჰქონდათ. ამიტომ ამბროსის მამამ ბედნიერების მაუწყებლად ჩათვალა ის, რაც მის ვაჟს ყრმობისას შეემთხვა:

ერთხელ ბავშვს ხის ქვეშ ჩაეძინა; უცებ ფუტკრების გუნდი დაესია, დაასხდნენ სახეზე და ისე შეცოცდ-გამოცოცდნენ ბავშვის გაღებული პირიდან, რომ არაფერი დაუშავებიათ მისთვის. მამამ მათი გაფანტვა ყველას აუკრძალა და ამ ამბიდან დაასკვნა, რომ მისი ძე დიდი ორატორი იქნებოდა, რაკი ფუტკარმა მის ბაგეებზე თაფლის სიტკბო დატოვა. მისი იმედი ნამდვილად აღსრულდა!..

ამბროსი სამოქალაქო მოღვაწეობისთვის ემზადებოდა, უკვე 25 წლისამ გაითქვა სახელი, როგორც რომის ყველაზე მჭევრმეტყველმა ვექილმა. პრეფექტმა პრობუსმა, ქრისტიანმა, მას ლიგურიის ოლქის მართვა ჩააბარა და ურჩია, ყოფილიყო მშვიდი და სამართლიანი მმართველი: „განაგე არა როგორც მსაჯულმა, არამედ როგორც ეპისკოპოსმა“. ამბროსი მილანში, თავისი ოლქის დედაქალაქში, ჩავიდა და მალე დაიმსახურა საყოველთაო სიყვარული.

რამდენიმე ხანში გარდაიცვალა მილანის ეპისკოპოსი, არიანელი ავქსენტი, და საჭირო გახდა მემკვიდრის არჩევა. მართლმადიდებლები და არიანელები შეიკრიბნენ საკათედრო ტაძარში და ცხარე კამათიც გააჩაღეს. ამბროსი, როგორც პრეფექტი, იქ წესრიგის დასაცავად მივიდა. უცებ, ამ აურზაურში გაისმა ბავშვის შეძახილი: „ამბროსი ეპისკოპოსია!“ ამას მოჰყვა ხალხის ერთსულოვანი ყიჟინა: „დაე, ამბროსი იყოს ეპისკოპოსი!“; ისინი შემოეხვივნენ და სთხოვეს, მიეღო ეს ხარისხი.

გაოცებულმა ამბროსიმ იუარა; შეახსენა, რომ ჯერ კიდევ მოუნათლავია, არ მომზადებულა ასეთი ხარისხისთვის და არ შესწევდა სხვათა სწავლებისა და დამოძღვრის უნარი. მაგრამ ერი თავისას გაიძახოდა. ბავშვის სიტყვები ადამიანებმა ღვთის ნიშნად ჩათვალეს და დარწმუნებულიც იყვნენ, რომ ამბროსი, ვინც პრეფექტის თანამდებობაზე მთელი ოლქის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, ღირსეული ეპისკოპოსი იქნებოდა.

გაგზავნეს ხალხი იმპერატორთან თანხმობისთვის, რაც აუცილებელი იყო, რადგან ამბროსის საერო თანამდებობა ეკავა. ამასობაში ამბროსი ძალ-ღონეს არ იშურებდა, თავი აერიდებინა წოდებისთვის, რაც ასე აშინებდა. ერთხელ ფარულად წავიდა კიდეც მილანიდან, მთელი ღამე იარა და დილით ისევ ქალაქის კარიბჭესთან აღმოჩნდა.

იმპერატორმა დაადასტურა ხალხის არჩევანი და ამბროსიც იძულებული შეიქნა, დათანხმებოდა. იგი მოინათლა, შვიდ დღეში გაიარა ყველა საეკლესიო ხარისხი და ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად 374 წელს.

ამბროსიმ მთელი თავისი ქონება ღარიბებს დაურიგა, მიატოვა ყოველივე ამსოფლიური საზრუნავი და სრულად მიუძღვნა თავი მსახურებას. ამასთან გრძნობდა, რომ მისი სასულიერო განათლება არ იყო საკმარისი, ამიტომ დაიწყო პრესვიტერ სიმპლიციანეს შეგონებათა მოსმენა და აღმოსავლეთის მამათა: ბასილის, გრიგოლისა და კირილე იერუსალიმელის თხზულებათა გულდასმით შესწავლა. აუცილებელი ცოდნა ამბროსიმ მალე შეიძინა. მისმა მჭევრმეტყველურმა ქადაგებებმა დიდძალი მსმენელი მიიზიდა. მღვდელთმთავარი მათ განაწყობდა ქრისტიანული მოღვაწეობისთვის და ცდილობდა, დაეცვა არიანელთა ცდომილებათაგან.

არიანელებს მფარველობდა დედოფალი იუსტინა, ვალენტინიანე I მეორე ცოლი, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი გავლენა მაინცდამაინც ძლიერი არ ყოფილა. ამბროსის უდიდეს პატივს მიაგებდა ვალენტინიანე, ხოლო მის ვაჟს, გრაციანეს, მამასავით უყვარდა ეპისკოპოსი, რომელიც ამავე გრძნობით პასუხობდა ჭაბუკ იმპერატორს, ახარებდა მისი სათნოებანი და ღვთისმოშიშება. მისთვის რამდენიმე წიგნიც დაწერა, მათ შორის: „სარწმუნოების შესახებ“ და „საიდუმლოთა შესახებ“.

ქრისტიანობისადმი გრაციანეს გულმოდგინებამ მალე დაუკარგა მოსვენება წარმართებს. მათი ფრთა საკმაოდ იყო დასუსტებული და თუკი სადმე მაინც შერჩენოდა რაღაც ძალა, ეს იყო რომში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა მოქალაქეებს იმპერიის უწინდელ სიდიადეს ახსენებდა. ქრისტიან იმპერატორებს ეშინოდათ ისედაც უკმაყოფილო რომის გაღიზიანება და უკიდურესი სიფრთხილით ეხებოდნენ იქ არსებულ საუკუნოვან ტრადიციებს. ამიტომ ქრისტიანობის გაძლიერების დროსაც რომის წარმართული გარემო გარეგნულად საკმაოდ მყარი იყო – ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს კერპთაყვანისმცელობა იყო გაბატონებული რელიგია. სენატის შენობაში იდგა კერპები და მათი საკურთხევლები, რომელთა წინაშეც სენატორებს, როდესაც ისინი წოდებას იღებდნენ, უნდა შეესრულებინათ წარმართული რიტუალები. ისტორიკოსთა ცნობით, იმდროინდელ რომში დაახლოებით 330 წარმართული ტაძარი იდგა, სადაც ქურუმები მსხვერპლშეწირვებს აღასრულებდნენ.

ქრისტიანი იმპერატორები უფრო უცნაურ დათმობებზეც მიდიოდნენ – ისინი ისევ მოიხსენიებოდნენ ძველთაგანვე დამკვიდრებული წოდებით: უზენაესი მღვდელთმთავარი (Pontifex Maximus), ხოლო სიკვდილის შემდეგ, წარმართული რომის ტრადიციის თანახმად, მათ საზეიმოდ აცხადებდნენ ღმერთებად.

იმ პერიოდში, რომელზეც ვსაუბრობთ, რომის წარმართულ დაჯგუფებას მთავრობდნენ ხასიათით მტკიცე და სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანები: პრეტექსტატე და სიმაქე. მათი ზეგავლენით რომის უწარჩინებულესი მოქალაქენი, ძველი პატრიციების შთამომავალნი, თავიანთ სამოქალაქო მოვალეობად თვლიდნენ, ყოველგვარი საშუალებით დაეჭირათ მხარი წარმართობისთვის და გამოეხატათ ერთგულება თავიანთი ღმერთებისადმი, რომლებმაც რომი, მათი აზრით, დიდებისა და ძალაუფლების მწვერვალზე აიყვანეს. ქრისტიანების სასარგებლოდ გამოცემულ ყოველ განკარგულებას კი დიდი წყენით ხვდებოდნენ.

გრაციანე, რაც დრო გადიოდა, მით უფრო ემტერებოდა წარმართობას; იღებდა ისეთ ზომებს, რაც მისმა წინამორბედებმა ვერ გაბედეს: მან ჩამოართვა ბომონებს კუთვნილი მიწები, გააუქმა უპირატესობები, რითაც სარგებლობდნენ ვესტალები (წარმართთა ქალღმერთის – ვესტას – მსახურნი), რომელთა მიმართ რომაელ წარმართებს დიდი პატივისცემა გააჩნდათ. ბოლოს კი ყველაზე სასტიკი დარტყმა მიაყენა რომაელებს – მისი ბრძანებით, სენატიდან გამოიტანეს გამარჯვების ქალღმერთის ქანდაკება, რომელიც იმპერიის ძველი დიდებისა და ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. აღშფოთებულმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, იმპერატორთან გაეგზავნათ წარმომადგენლები დიდებული ორატორის – სიმაქეს თაოსნობით და ეთხოვათ განკარგულების გაუქმება. გრაციანემ თხოვნა არ შეისმინა იმ მიზეზით, რომ შუაკაცები სენატის უმრავლესობას არ შეადგენდნენ. ღრმად შეურაცხყოფილმა წარმართებმა კიდევ ერთ მცდელობას მიმართეს: იმპერატორთან გააგზავნეს ქურუმები, რომლებმაც მას რიტუალური სამოსი მიართვეს. გრაციანემ საჩუქარი არ მიიღო და განაცხადა, რომ წარმართული მორთულობის ტარება უკადრისია ქრისტიანისთვის.

ასეთმა უდრეკმა რწმენამ ჭაბუკს დააკარგინა იმპერატორის ტახტიც და სიცოცხლეც. როდესაც წარმართებმა გრაციანეს გადაბირების ყოველგვარი იმედი დაკარგეს, მიემხრნენ მხედართმთავარ მაგნუს მაქსიმუსს, რომელმაც გალიაში ამბოხი მოაწყო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. გრაციანე, რომელიც მასთან საბრძოლველად გაემართა, მუხანათურად მოკლეს ლიონში, 383 წელს.

ტახტი დედამისის – იუსტინას მეურვეობის ქვეშ მყოფ ძმას, ვალენტინიანე II დარჩა. მაქსიმუსი, რომელიც გალიამ და ესპანეთმა აღიარა, უკვე აპირებდა იტალიისკენ გალაშქრებას, რათა იქაც დაემკვიდრებინა თავისი ძალაუფლება. შეშინებულმა დედოფალმა ამბროსის ყმაწვილი ვალენტინიანეს დასაცავად მაქსიმუსთან წასვლა სთხოვა. ამბროსიმ იტვირთა მძიმე დავალება, წავიდა ტრირში და ამბოხებულს წარუდგა როგორც უშიშარი და მამაცი მსახური ქრისტესი; არ დაფარა თავისი აღშფოთება გრაციანეს მკვლელობის გამო და მის მკვლელთან – ამჯერად მასპინძელთან – საეკლესიო ურთიერთობაზე უარი განაცხადა. მიუხედავად ყველაფრისა, მან მაინც მიაღწია მიზანს – მაქსიმუსმა გადაიფიქრა იტალიაზე თავდასხმა.

მილანში დაბრუნებულ ამბროსის წარმართების ახალ მზაკვრულ ჩანაფიქრთა მოგერიება მოუხდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ყმაწვილი ვალენტინიანე ძმაზე დამთმობი აღმოჩნდებოდა და ამიტომ გაუგზავნეს თხოვნა, გაეუქმებინა გრაციანეს მიერ გამოცემული მტრული ბრძანებები. რომის მაშინდელი პრეფექტის – სიმაქეს მიერ შედგენილი ეს თხოვნა, მართალია, ოსტატურად იყო დაწერილი, მაგრამ მასში აშკარად ჩანდა წარმართობის სისუსტე. როდესაც დევნული ქრისტიანები იმპერატორებს გადასცემდნენ აპოლოგიებს თავიანთი სწავლების დასაცავად, მათში იგრძნობოდა მტკიცე რწმენა ღვთისა. ქრისტიანებს არ აწუხებდათ საკუთარი სარგებელი; მზად იყვნენ, სიცოცხლე გაეღოთ რწმენისთვის და მხოლოდ ჭეშმარიტების გავრცელებაზე ზრუნავდნენ.

ახლა წარმართებს მოუხდათ აპოლოგიების მირთმევა. რომის სახელით მოსაუბრე სიმაქე მხოლოდ ევედრებოდა იმპერატორს, გაეთვალისწინებინა უდიდესი ქალაქის მხცოვანება, არ დაერღვია მისი ძველი ტრადიციები, შეენარჩუნებინა კერპთმსახურება, რისი წყალობითაც თითქოს რომი გაბატონდა მსოფლიოზე. სიმაქე გაურბოდა თავად წარმართობაზე, როგორც ჭეშმარიტებაზე, საუბარს.

ამბროსიმ დაწერა მხილება და მტკიცედ დაიცვა გრაციანეს განკარგულებანი: „ქრისტიანი სენატორები სხდომებს არ უნდა მართავდნენ წარმართული საკურთხევლის წინ. ვერავის ხელეწიფება ორი ბატონის მსახურად ყოფნა... იმპერატორი არავის შეურაცხყოფს, თუ ღმერთს ყველაფერზე მაღლა დააყენებს“. ვალენტინიანემ თხოვნაზე უარი უთხრა წარმართებს და გრაციანეს ბრძანებები ძალაში დატოვა.

ამის შემდგომ ამბროსის სხვა მტრებთან ბრძოლაც მოუხდა. იმპერატორის დედა, იუსტინა, გამუდმებით მფარველობდა არიანელებს, თუმცა გრაციანეს დროს მისი გავლენა უმნიშვნელო იყო. ერთხელ ის იყო მიაღწია ქალაქ სირმიუმში არიანელი ეპისკოპოსის დანიშვნას, რომ იქ ამბროსი ჩავიდა და გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შემდეგ იუსტინამ შეიძულა ამბროსი; ეს შუღლი ვერც მაქსიმუსთან ელჩობით გაწეულმა სამსახურმა შეარბილა. დედოფალმა ისარგებლა თავისი გავლენით ვაჟზე და დაარწმუნა, ამბროსისთვის მოეთხოვა არიანელებისთვის მილანის ერთ-ერთი ტაძრის დათმობა.

ამბროსიმ ამგვარ მზაკვრულ ჩანაფიქრს ასე უპასუხა: საკუთარი ქონება რომ მოეთხოვათ, სიხარულით გავიღებდი, მაგრამ ვერ დავთმობ ღმერთის კუთვნილსო! მრავალი წარუმატებელი მოლაპარაკების შემდგომ, იმპერატორის ბრძანებით, მეომრებმა ერთი ტაძარი მაინც დაიკავეს არიანელებისთვის. აღშფოთებულმა ხალხმა ერთი არიანელი პრესვიტერი შეიპყრო და მოკვლა დაუპირა. ამბროსი ამ დროს ღვთისმსახურებას აღასრულებდა და დიაკონი გაგზავნა არიანელის გამოსახსნელად. ეპისკოპოსის სახელისა და გავლენის წყალობით სახალხო მღელვარება მაშინვე დაცხრა, მაგრამ ხელისუფლებამ ბევრი მართლმადიდებელი დააპატიმრა.

იუსტინამ განაგრძო ინტრიგების ხლართვა არიანელთა სასარგებლოდ – უკან არაფერზე იხევდა. ეპისკოპოსი კი ყოველგვარი დაყოლიების მცდელობას თუ მუქარას ჩვეული მშვიდი, შეუძრველი სიმტკიცით ხვდებოდა. „ღვთის მონაპოვარს მე არ განვაგებ. თუ ჩემი სიკვდილია საჭირო, მზად ვარ საამისოდ. ხალხში არ ჩავიმალები, არც საკურთხეველს შევაფარებ თავს, უმჯობესია, საკურთხევლისთვის მოვკვდე!“ – ამბობდა იგი. ამბროსის უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ერთხელ მეომრები შეიჭრნენ ტაძარში და როცა დაინახეს, როგორ აღასრულებდა მსახურებას წმინდა მამა, უეცრად მუხლებზე დაეცნენ და განაცხადეს, რომ მოვიდნენ სალოცავად და არა მართლებთან საბრძოლველად.

ბოლოს ვალენტინიანემ შეწყვიტა დევნა, გაათავისუფლა ტუსაღები და მღელვარებაც მინელდა. როდესაც იმპერატორი კარისკაცებს ეპისკოპოსის ძალასა და გავლენაზე მიუთითებდა, მის სიტყვებში ერთგვარი წყენა იგრძნობოდა: „თქვენ მზად ხართ, მეც გადამცეთ ამბროსის“.

მეორე წელს, აღდგომის დღესასწაულის წინ, იუსტინამ განაახლა თავისი ხრიკები – იმ დროისთვის მან უკვე მიაღწია მილანში არიანელი ეპისკოპოსის აღიარებას და არიანელთათვის ღვთისმსახურების აღსრულების ნებართვაც მოიპოვა. დედოფალმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მათთვის ერთი ტაძრის დათმობა, მაგრამ ამბროსისგან ისევ მტკიცედ და გადაჭრით მიიღო უარი.

ვნების კვირის დიდებულ დღეებში, ხალხით გადაჭედილ ტაძარს, სადაც ეპისკოპოსი მსახურებდა, ალყა შემოარტყეს შეიარაღებულმა მეომრებმა და შიგნით შესაჭრელად მოემზადნენ. ასეთი ზომებით აპირებდა იუსტინა ამბროსის გატეხვას. მაგრამ მლოცველებმა დაივიწყეს საფრთხე, მთელი ღამის განმავლობაში ტაძრიდან ფეხი არ მოიცვალეს და ეპისკოპოსმაც მშვიდად და კრძალვით განაგრძო საზეიმო ღვთისმსახურება.

დიდხანს დგომით რომ არ დაღლილიყო ხალხი, ამბროსიმ ამ დროისთვის მილანის ეკლესიაში უკვე დანერგა ანტიფონური, ანუ ორ გუნდად გალობა, რომელიც აღმოსავლეთში დიდი ხნის დამკვიდრებული იყო; დაწერა ყოვლადწმიდა სამების სადიდებელი ჰიმნები. ამ პერიოდშივე უფალმა ამბროსის ძილში გაუმხილა დევნის დროს დაღუპული ორი წმინდა მოწამის: გერვასისა და პროტასის დაკრძალვის ადგილი. მოხდა მათი ნაწილების აღმოყვანება, რომელთა შეხებითაც ბევრი სნეული სასწაულებრივად განიკურნა; ამან უფრო აღანთო ქრისტიანთა მოშურნეობა და სიყვარული ეპისკოპოსისადმი. ბოლოს დევნაც შეწყდა და ქრისტიანთა სიხარული ამბროსიმ გამოხატა საზეიმო საეკლესიო საგალობელში: „შენ, ღმერთსა, გაქებთ!“

დევნის შეწყვეტის მიზეზი ის იყო, რომ მაქსიმუსი ხელახლა დაემუქრა იტალიას. შეშინებულმა ვალენტინიანემ ისევ ამბროსის მიმართა თხოვნით, მეორედ ეტვირთა ელჩობა. ამბროსი დათანხმდა, თუმცა მისთვის მეტისმეტად არასასიამოვნო იყო მაქსიმუსთან ხელახლა ურთიერთობა მას შემდეგ, რაც მისმა ერთმა შემდეგმა საქციელმა მთელი ეკლესია აღაშფოთა:

რამდენიმე წლით ადრე ესპანეთში გამოჩნდა პრისცილიანისტების ერესი – გნოსტიციზმისა და მანიქეველობის ერთგვარი ნაზავი. სწავლების დამაარსებელი პრისცილიანე იყო უზნეო, მანკიერი ყოფაქცევის ადამიანი, რომელიც თავგამოდებით ავრცელებდა თავის სწავლებას, რითაც მრავალი სული დაასნებოვნა ესპანეთსა და სამხრეთ გალიაში. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა მას მაქსიმუსთან უჩივლა და ამ უკანასკნელმაც, სარწმუნოების ქომაგის სახელის მოხვეჭის მიზნით, პრისცილიანესა და მის ოთხ მიმდევარს სიკვდილი მიუსაჯა. ამ გადაწყვეტილებამ შეაძრწუნა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი. მთელს გალიაში წმინდა ცხოვრებით სახელგანთქმული მარტინ ტურელი მაქსიმუსს შეევედრა განაჩენის გაუქმებას; აუხსნა, რომ საკმარისი იქნებოდა ერეტიკოსების განკვეთა ეკლესიიდან; გაუგონარი რამ მოხდებოდა, თუ საერო ხელისუფლება ქრისტიანობის სახელით სიკვდილით დასჯიდა ვინმეს მარტოოდენ ცრუ შეხედულებების გამო.

მარტინისა და სხვა ღირსეული ეპისკოპოსების ძალისხმევა ამაო გამოდგა და პირველად, 384 წელს, ქრისტეს სახელით სიკვდილით დასაჯეს ერეტიკოსები. საუბედუროდ, მსგავსი რამ მოგვიანებითაც არაერთხელ განმეორდა. მაგრამ იმჟამად ამ შემთხვევამ საყოველთაო აღშფოთება და ერესების გაძლიერება გამოიწვია. პრისცილიანე მისმა მიმდევრებმა მოწამედ შერაცხეს. მარტინ ტურელმა გაკიცხა მაქსიმუსი ქრისტიანობის სულისთვის მიუღებელი და ჭეშმარიტების შეურაცხმყოფელი საქციელისთვის. გალიაში ჩასულმა ამბროსიმ არ მოისურვა ერეტიკოსთა დასჯაში მონაწილე ეპისკოპოსებთან ურთიერთობა და მაქსიმუსთან თავისი გულისწყრომა გამოხატა.

მაქსიმუსმაც ამბროსი უწინდელი კეთილგანწყობით აღარ მიიღო, უსაყვედურა კიდეც, რომ რამდენიმე წლის წინ გადაათქმევინა იტალიაზე ლაშქრობა. ამჯერად მისი ელჩობა წარმატებით არ დაგვირგვინდა – მაქსიმუსმა ჯარი იტალიისკენ მაინც დაძრა. ვალენტინიანე და დედამისი თესალონიკში გაიქცნენ. თეოდოსიმ მხარი დაუჭირა ჭაბუკ იმპერატორს და დაამარცხა მაქსიმუსი, რომელიც შემდეგ საკუთარმა მეომრებმა მოკლეს. თეოდოსიმ ისევ დააბრუნა ტახტზე ვალენტინიანე, ეხმარებოდა რჩევებით, არწმუნებდა, დაეცვა ჭეშმარიტი სარწმუნოება. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს დარიგებები მან ყურადიღო, რადგან მისი მმართველობის პერიოდში უკვე არსად იხსენიება მისგან არიანელთა მფარველობა.

ამბროსის გავლენა ხალხზე სულ უფრო იზრდებოდა. ნათელმა ცხოვრებამ, ღვთის სამსახურისადმი მოშურნეობამ მას მთელ საქრისტიანოში გაუთქვა სახელი და მის სანახავად შორეული ქვეყნებიდან მოისწრაფოდნენ. მისი დამაჯერებელი შეგონებების მოსმენის შემდეგ ბევრი ურწმუნო მოიქცა. სხვათა შორის, ამ პერიოდში მას წილად ხვდა ბედნიერება, გადაერჩინა ნეტარი ავგუსტინე, რომლის შესახებაც დაწვრილებით შემდეგ თავში მოგითხრობთ. ამბროსიმ ბევრი თხზულება დაწერა ქრისტიანული ზნეობის შესახებ, განმარტა წმინდა წერილი, მასვე ეკუთვნის წერილები და შეგონებები. შეადგინა ლიტურგიისა და სხვა ღვთისმსახურებათა ტიპიკონი, ამასთან ცდილობდა, შეძლებისამებრ, დაახლოებოდა აღმოსავლურ წეს-ჩვეულებებს. საერთოდ იგი დიდხანს სწავლობდა აღმოსავლეთის დიდ მამათა თხზულებებს, რომელთა გავლენაც შეინიშნება მის ნაწერებში.

ამბროსიმ დააარსა რამდენიმე მონასტერი და თავის დას, მონაზონ მარცელინას, მიუძღვნა ნაშრომები მონაზვნობის შესახებ. ამ თემაზე იგი იმდენად შთამბეჭდავად და მიმზიდველად საუბრობდა, რომ ზოგიერთი დედა ასულებს უკრძალავდა ამბროსის ქადაგებების მოსმენას, მისი ზეგავლენით სამოღვაწეო ცხოვრებას რომ არ შესდგომოდნენ. იმჟამად აღმოსავლეთში ესოდენ ძლიერ გავრცელებულმა მონაზვნობამ დასავლეთშიც იწყო განვითარება. მონასტრები მოეწყო იტალიის სხვადასხვა მხარეში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე, გალიასა და ესპანეთში. ამბროსის გარდა სამოღვაწეო ცხოვრების განვითარებას ძლიერ უწყობდნენ ხელს: მარტინ ტურელი, პავლინ ნოლანელი, იერონიმე სტრიდონელი.

მარტინი პანონიაში დაიბადა, სიჭაბუკეში გალიაში მსახურობდა მეომრად. მაშინ ჯერ კიდევ მოუნათლავი იყო, მაგრამ კათაკმეველთა შორის ირიცხებოდა და ემზადებოდა ნათლისღებისთვის. მეგობართა შორის გამოირჩეოდა პატიოსნებით, სუფთა ცხოვრებითა და გულმოწყალებით. მის შესახებ შემდეგი გადმოცემა შემოინახა: ერთხელ, ქალაქ ამიენის კარიბჭესთან მას ღატაკი შემოხვდა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. მარტინი თავად ღარიბი იყო და ფული არ ჰქონდა, მაგრამ მოიხსნა მოსასხამი, შუაზე გადაჭრა და ნახევარი ღატაკს მისცა. იმავე ღამით ძილში იხილა ანგელოზებით გარშემორტყმული და განდიდებული უფალი იესო, რომელსაც ღატაკისთვის მიცემული მოსასხამის ნახევარი ემოსა. ამის შემდეგ მარტინი მალევე მოინათლა, მიატოვა სამხედრო სამსახური და ჰილარი პიქტავიელს (პუატიელს) დაემოწაფა. მთელი ცხოვრების განმავლობაში უშიშრად იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას ცრუსწავლებებისგან.

მარტინს შეუყვარდა მკაცრი სამოღვაწეო ცხოვრება, ეძებდა განმარტოებას, მაგრამ კეთილსმსახურებამ და სასწაულებმა მთელს ქვეყანაში გაუთქვა სახელი. იგი იძულებული გახდა, მიეღო ქალაქ ტურის ეპისკოპოსის ხარისხი, თუმცა ისევ თავმდაბალ მოღვაწედ დარჩა და გულმოდგინედ ცდილობდა მეზობელ ოლქებში წარმართობის ამოძირკვას. მან ბევრი ღვთისმსახური მოწაფე გაზარდა, მოაწყო რამდენიმე მონასტერი. პრისცილიანისტებისთვის განაჩენის გამოტანისას, როგორც ვნახეთ, ერესის მოძულე მარტინი თავად იცავდა ერეტიკოსებს საერო ხელისუფლების არაქრისტიანული სიმკაცრისგან. ქრისტიანმა ისტორიკოსმა, სულპიციუს სევერუსმა, დაწვრილებით აღწერა ცხოვრება და სასწაულები კეთილმსახური ეპისკოპოსისა, რომელსაც პირადად იცნობდა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იერონიმეს მოღვაწეობა და მისი გავლენა იმდროინდელ საზოგადოებაზე. იგი დაიბადა დაახლოებით 330 წელს პანონიისა და დალმაციის საზღვარზე მდებარე ქალაქ სტრიდონში. მშობლებმა, მდიდარმა და განათლებულმა ქრისტიანებმა, ვაჟი სასწავლებლად რომში გააგზავნეს. იქ იერონიმე ბავშვობისას შეძენილი ჩვევებით და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა: მონაწილეობდა ლოცვით შეკრებებში, კრძალვით დადიოდა მარტვილთა საფლავებზე. მაგრამ მოგვიანებით ის გაიტაცა მაღალი საზოგადოების საცდურმა; სიყმაწვილისთვის დამახასიათებელი მხურვალებითა და ვნებებით მიეძალა ხმაურიანი დედაქალაქის მდიდრულ გასართობებს. თუმცა იერონიმე მალე მიხვდა მიწიერ ტკბობათა ამაოებას, მოინათლა, მიატოვა რომი და სწავლასა და განმარტოებით ლოცვას მიჰყო ხელი.

შემდგომ იგი გაემგზავრა აღმოსავლეთში, რათა ქრისტიანული სარწმუნოება და წმინდა წერილი ბიბლიურ მოვლენათა განვითარების ადგილებზე შეესწავლა. მაგრამ საღვთო სიბრძნის ნათელს სრულად ჯერ არ გაეცისკროვნებინა მისი სული. მისთვის ციცერონისა და პლატონის თხზულებები უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ბიბლია, რომელიც მას უხეში ენით დაწერილად და გაუგებრად ეჩვენებოდა. მაგრამ თავს ძალა დაატანა და მონდომებით შეუდგა წმინდა წიგნების შესწავლას.

ერთხელ ანტიოქიაში ავადმყოფობის დროს მან იხილა, რომ მიიყვანეს ტახტთან, რომელზეც იჯდა ცოცხალთა და მკვდართა მსაჯული ღმერთი. მან ჰკითხა:

– შენ ვინ ხარ?

– მე ქრისტიანი ვარ! – ძრწოლით უპასუხა იერონიმემ.

– არ არის მართალი!.. შენ ციცერონელი ხარ და არა ქრისტიანი. სადაც არის საუნჯე შენი, იქვეა გული შენი, – მკაცრად შეეპასუხა იგივე ხმა.

ამ ხილვით გაოგნებული იერონიმე უკაცრიელ, პირქუშ უდაბნოში გაეშურა და იქ განმარტოებით ევედრებოდა ღმერთს, გაენათლებინა მისი სული ჭეშმარიტების ნათლით, ებოძებინა წმინდა წიგნების შეცნობის უნარი. მას ძალიან გაუჭირდა განდეგილობა, თვალწინ ედგა ამსოფლიური სიამენი, მოგონებები მდიდრულ რომზე, რაც მის განმარტოებულ ლოცვას ამღვრევდა და სულში მიძინებულ ვნებებს აღვიძებდა. ცხარე ცრემლებით მაცხოვრის წინაშე გართხმული, მარხვითა და მღვიძარებით ქანცგაწყვეტილი მეუდაბნოე უკანასკნელი ძალების დაძაბვით იღწვოდა; და აი, მის სულში აკიაფდა ღვთიური ნათელი, დაივანა სიმშვიდემ და მდუმარებამ.

საკმაოდ ხანგრძლივი განმარტოების შემდეგ იერონიმემ მოინახულა წმინდა ადგილები, ეწვია სირიისა და პალესტინის განდეგილებს, ანტიოქიაში პრესვიტერად ეკურთხა და შემდეგ კონსტანტინოპოლში ჩავიდა, სადაც აღფრთოვანებით უსმენდა გრიგოლ ღვთისმეტყველს, თან კვლავ და კვლავ უღრმავდებოდა წმინდა წერილს და სხვა წიგნებს. მან თარგმნა ევსები კესარიელის ისტორია. სირიაში ყოფნის დროს წმინდა წერილის უკეთ გასაგებად შეისწავლა ებრაული ენა.

382 წელს, აღმოსავლეთში გატარებული ცხრა წლის შემდეგ, ცოდნითა და სულიერი სიბრძნით გამდიდრებული იერონიმე რომში დაბრუნდა. მასთან ერთად ჩავიდნენ აღმოსავლელი ეპისკოპოსებიც, მათ შორის ეპიფანე კვიპრელი და პავლინე ანტიოქიელი.

რომის ხილვამ ვერაფრით ანუგეშა იერონიმე. არასასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა მისთვის საზოგადოებისა და სასულიერო პირთა სულიერი სიცარიელე, წვრილმანი მისწრაფებები, ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭისთვის ზრუნვა.

რომის სასულიერო დასზე არასასურველ გავლენას ახდენდა პირველი პირის მაგალითიც. მას ეკლესია პატივს მიაგებდა, როგორც დედაქალაქის ეპისკოპოსს, მაგრამ იგი დასავლეთის ეკლესიებზე თავისი ძალაუფლების დადგინებას და „უზენაეს მღვდელთმთავრად“ გახდომას ცდილობდა. პაპი უზარმაზარი სიმდიდრის პატრონი იყო, მის ფუფუნებას წარმართებიც კი კიცხავდნენ. „მეც გავხდებოდი ქრისტიანი, თუ საამისოდ რომის ეპისკოპოსის წოდებას მივიღებდი“ – ხუმრობდა წარმართი პრეტექსტატე. ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა გულისტკივილით ადევნეს თვალი სისხლიან ბრძოლას პაპის ტახტის ორ მაძიებელს – დამასესა და ურსინუსს შორის, რომლებმაც თავიანთი მიზნის მისაღწევად ასოცდაათ კაცზე მეტი გამოასალმეს სიცოცხლეს. ბოლოს გამარჯვება დამასეს დარჩა. წარმართი ისტორიკოსი მარცელინუსი ამ მოვლენათა აღწერისას შენიშნავს: „სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთმა მდიდრულმა სამიზნემ აღძრას პატივმოყვარეთა სურვილები და გახდეს სასტიკი და შეუპოვარი ბრძოლის მიზეზი. ბედნიერი გამარჯვებული დარწმუნებულია, რომ რომაელ მატრონათაგან მირთმეული ძღვენით გამდიდრდება; მისი დახვეწილი შესამოსელი ყველას თვალს მოსტაცებს, როდესაც მდიდრული ეტლით გაივლის რომის ქუჩებში. იმპერატორის ტრაპეზის ფუფუნება ვერც კი შეედრება რომის ეპისკოპოსის სახლში გამეფებულ განცხრომას“.

სასულიერო პირებმა, რომელთა სიხარბე უსაზღვრო იყო, სამიზნეებად აქციეს მდიდარი დედაკაცები: სძალავდნენ მემკვიდრეობას და საჩუქრებს, არღვევდნენ მათ ოჯახურ თანხმობას და დიდძალ ქონებას იხვეჭდნენ. ეს უზნეობა იქამდე მივიდა, რომ ვალენტინიანემ სასულიერო პირებს აუკრძალა, პირადად მიეღოთ მემკვიდრეობა – ამის უფლება მხოლოდ ეკლესიას ეძლეოდა. ამან, რა თქმა უნდა, ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ საუკეთესო ნაწილი და იერონიმეც მათ შორის, იწონებდა ამ განკარგულებას. „მე ბრძანებას არ ვასაჩივრებ, მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ჩვენ იგი დავიმსახურეთ“, – ამბობდა იგი. თვითონ დაუფარავად ამხელდა კლირიკოსთა მანკიერებებსა და სიხარბეს. აღშფოთებით საუბრობდა ქრისტიანთა „მაღალ საზოგადოებაზე“, რომელიც თავისი ცუდმედიდობით, ხორციელი ვნებებითა და განცხრომისადმი სწრაფვით წარმართულს უფრო ჰგავდა და სადაც თითქმის არ ჩანდა ქრისტიანული სათნოებები.

მართლაც, რომის „მაღალი საზოგადოება“, როგორც იმდროინდელი კონსტანტინოპოლისა, ნაკლებად იყო გამსჭვალული ქრისტიანული სულით. ბომონისკენ მიმავალ მდიდარ წარმართებს ზოგჯერ ურიცხვი მონა და მოსამსახურე ახლდა. ისინი ერთმანეთს თავს აწონებდნენ ეტლების მდიდრული აღკაზმულობით, ძვირფასი სამოსით, მსახურთა რაოდენობით... დიდგვაროვანი ქრისტიანებიც ზუსტად ასეთი გამომწვევი თავდაჯერებულობით და მოჭარბებული ფუფუნების გამოფენით მიემართებოდნენ ქრისტეს ეკლესიაში. მდიდარი ბანოვნები უწინდებურად უზარმაზარ თანხას ხარჯავდნენ ჩასაცმელ-დასახურავში. წარმართი დედაკაცები თავიანთ სამოსზე ოქრომკედით ქარგავდნენ ღმერთების გამოსახულებებს, ორფეოსის თავგადასავალს, მდიდრულ თამაშებს, ნადირობის სცენებს და ა.შ. ქრისტიან დედაკაცებსაც უარი არ უთქვამთ ასეთ ძვირადღირებულ ახირებაზე და ტანსაცმელს რთავდნენ სახარებისეული მოტივებით, როგორიცაა განრღვეულის განკურნება, პურთა გამრავლება და ა.შ. რომისა და კონსტანტინოპოლის მქადაგებლები მკაცრად ამხელდნენ ამ წრეგადასულ ფუქსავატობას, მსმენელებს ჩააგონებდნენ, რომ ქრისტეს მოწყალების ამსახველი სურათების სამოსზე მოქარგვის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა საქმით გამოეჩინათ თავი. სამწუხაროდ, ქრისტიანული საზოგადოების დიდი ნაწილი თავისი რწმენის მხოლოდ გარეგნულ აღიარებას სჯერდებოდა.

მაგრამ ქრისტიანობის ჭეშმარიტად შემწყნარებელი საზოგადოება ბოლომდე ვერ გაირყვნებოდა – საბოლოო დაღუპვისგან იგი წმინდა, ზნეობრივი რჯულის ძალას უნდა გადაერჩინა. თუმცა იშვიათად, მაგრამ ხალხის წიაღში ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ხოლმე ღირსეული წევრები ეკლესიისა. მათი მაგალითი განამტკიცებდა გადარჩენის ჭეშმარიტ გზაზე მავალთ, მათით აღფრთოვანებული განდგომილნი ეკლესიას უბრუნდებოდნენ.

სწორედ ასე მოხდა რომში. ამ წარმართული, ფუქსავატი „მაღალი საზოგადოების“ წიაღში თანდათანობით აღმოცენდა მეორე ფენა, რომელიც ქრისტიანული რწმენით იყო განმსჭვალული და ცდილობდა, შეესრულებინა ქრისტეს მცნებები. მათგან გამოირჩევიან ღვთისმსახური დედები. როდესაც ათანასე დიდი რომში იმყოფებოდა, მისმა მონათხრობმა აღმოსავლელ ასკეტთა შესახებ ზოგიერთ რომაელ ქრისტიანს მაღალი მოღვაწეობის სურვილი აღუძრა. ერთმა ახალგაზრდა ქვრივმა, მარცელამ გადაწყვიტა, თავი მთლიანად მიეძღვნა ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის. მარცელას დიდგვაროვნება, სიმდიდრე და სილამაზე ბევრს იზიდავდა, მაგრამ მან მეორედ ქორწინება არ მოისურვა და არჩეული წმინდა ცხოვრების წესის ერთგულება არჩია. ის იძულებული იყო, რომში დარჩენილიყო, რადგანაც დედამისმა არ მოუწონა განზრახვა, სრულად მიეტოვებინა საზოგადოება. სიმდიდრით მოყირჭებულ და განებივრებულ ამ ადამიანებს შორის მარცელა მაინც იცავდა ცხოვრების მკაცრ წესს: სწავლობდა წმინდა წერილს, გამუდმებით ლოცულობდა, დიდძალ ქონებას ხარჯავდა ღარიბთა და ავადმყოფთა დასახმარებლად; სიხარულით იღებდა სტუმრად აღმოსავლეთიდან ჩამოსულ ათანასე და პეტრე ალექსანდრიელებს, მოგვიანებით იერონიმეს, ეპიფანეს და სხვა მამებს, რომლებიც განამტკიცებდნენ მას რჩევებითა და შეგონებებით.

მარცელამ შექმნა უფლისადმი რწმენითა და სიყვარულით შთაგონებული ახალგაზრდა დედების წრე. ეს იყო რომის საზოგადოების ნაღები დიდგვაროვნებითა და სიმდიდრით, მაგრამ მათ სძულდათ ეს ზერელე დიდებულება და მხოლოდ იმას ცდილობდნენ, ღირსეულად ეტარებინათ ამქვეყნად უმაღლესი წოდება – ქრისტიანი. მათ შორის იყო მელანია, პრეფექტის ცოლი, რომელმაც ოცი წლიდან მიუძღვნა თავი ღმერთს; დიდგვაროვანი და მდიდარი პაოლა, მისი და აზელა და ასულები: პაოლინა, ბლეზილა და ეუსტოქია; რომში პირველი საავადმყოფოს დამაარსებელი ფაბიოლა და სხვები, რომელთა სახელები იერონიმეს წერილებიდან არის ცნობილი.

იერონიმე გახდა მოძღვარი და დამრიგებელი ამ ღვთისმსახური დედებისა, რომლებმაც ნებივრობისა და მფლანგველობის ჭაობში ჩაძირულ რომს აჩვენეს სათნო და მკაცრი ცხოვრების ნამდვილი მაგალითი. იერონიმე მათ განუმარტავდა წმინდა წერილს, მათთან ერთად ზრუნავდა ღარიბებსა და სნეულებზე. ამით მან დიდი ნუგეში ჰპოვა იმ უსიამოვნებებისა და იმედგაცრუებების შემდეგ, რისი დათმენაც მოუხდა მასზე გაბოროტებული სასულიერო პირებისგან. მხოლოდ პაპი დამასე იყო მისდამი კეთილად განწყობილი; იერონიმემ მისი რჩევით დაიწყო წმინდა წერილის ზოგიერთი ადგილის განმარტებების წერა და ბიბლიის თარგმნა. მაგრამ რომში დიდხანს დარჩენა ვერ შეძლო და თავისთვის უფრო მახლობელ აღმოსავლეთს დაუბრუნდა.

აქ მან ხელახლა დაიარა პალესტინის ყველა წმინდა ადგილი, რათა უკეთ გაეგო მაცხოვრისა და მოციქულების ცხოვრება. ბოლოს დასახლდა ბეთლემის მღვიმეში და თავი სრულად მიუძღვნა ლოცვასა და სამეცნიერო შრომას. მისი მთავარი საქმე წმინდა წერილის თარგმნა იყო. მანამდე ცნობილი ლათინური თარგმანი, რომელიც იტალიური თარგმანის სახელითაა ცნობილი, ისე დაამახინჯეს გადამწერებმა, იმდენი ჩანართი და შეცდომა იყო მასში, რომ აუცილებელი გახდა ხელახლა გადათარგმნა. იერონიმემ ამ საქმეს მოჰკიდა ხელი, გამოიყენა ენათა ცოდნა, ორიგენესა და წმინდა წერილის სხვა მკვლევარების ნაწერები და ამ შრომას რამდენიმე წელიწადი მოანდომა. მისი შესრულებული თარგმანი დასავლეთში არსებულ ძველ ნიმუშებს ამჯობინეს.[1] გარდა ამისა, მან დაწერა წმინდა წერილის განმარტებანი, აღწერა ცნობილ პიროვნებათა ცხოვრება. მუდმივი მიმოწერა ჰქონდა რომაელ მეგობრებთან, ულმობლად ამხელდა იქაურ ერეტიკოსებს, რომლებიც მონაზვნობის, წმინდა ნაწილებისა და ხატების თაყვანისცემის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. იერონიმე დიდად ანუგეშა თავისი ზოგიერთი სულიერი შვილის ნახვამ – ესენი იყვნენ დედები, რომლებიც აღმოსავლეთს ეწვივნენ წმინდა ადგილების თაყვანისცემისა და მოღვაწეთა ცხოვრების უკეთ გაგების სურვილით.

ღვთისმსახური მელანია ჯერ კიდევ ვალენტის მმართველობის დროს წავიდა აღმოსავლეთში, იქ მოინახულა ნიტრიის უდაბნო და მდიდრული ძღვენი ჩაუტანა განდეგილებს. როდესაც აბბა პამბოს 300 ლიტრი ვერცხლი გადასცა, განდეგილმა თავის მოწაფეს უთხრა:

– ეს მოახმარე ლიბიასა და კუნძულებზე მცხოვრებ ჩვენს ძმებს. ისინი ჩვენზე ღარიბები არიან.

– ბატონო ჩემო, აქ სამასი ლიტრია, – უთხრა მელანიამ.

– შვილო ჩემო, მე არ მჭირდება ამის გაგება. მან, ვინც „აწონა მთანი... და ბორცუნი“ (ეს. 40,12) და არ უარყო ქვრივის ორი კოდრატი, შენი ვერცხლის წონაც იცის, – მიუგო მეუდაბნოემ.

მელანია, რომელსაც დევნამ უდაბნოში მოუსწრო, რამდენიმე დღის განმავლობაში ხუთი ათასამდე მონაზონს აპურებდა. შემდეგ განდევნილებს გაჰყვა პალესტინაში და იქაც ემსახურებოდა და ეხმარებოდა მათ.

მელანია იერუსალიმში დასახლდა და დედათა მონასტერი მოაწყო, სადაც 25 წელიწადი იღვაწა. თავისი უზარმაზარი ქონება ეკლესიებსა და ღარიბებს მოახმარა. იერონიმეს მუდამ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მასთან და რჩევებით ეხმარებოდა. მელანიასთან ასევე მეგობრობდა იტალიელი მღვდელი რუფინუსი, აკვილეადან, რომელიც განმარტოებით ცხოვრობდა ზეთისხილის მთაზე, სენაკში. რუფინუსსა და იერონიმეს თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ შემდგომ, როცა მათ შორის უთანხმოება ჩამოვარდა ორიგენესთან დაკავშირებით, ისინი მელანიამ შეარიგა.

წმინდა მოღვაწე მელანია, უკვე ღრმად მოხუცი, ოჯახის მოსანახულებლად გაემგზავრა რომში, რომელსაც იმ დროს ყოველი მხრიდან ემუქრებოდა მტერი. მელანიამ თავისი ნაამბობით აღმოსავლეთის შესახებ ბევრი მიმბაძველი გაიჩინა; მისმა ვაჟმა, ოცი წლის შვილიშვილმა და სიძემ გაყიდეს უზარმაზარი ადგილ-მამული და მელანიას გაჰყვნენ აღმოსავლეთში, გზად ააგეს სავანეები და გულუხვი შემწეობა დაურიგეს გაჭირვებულებს. იერუსალიმში ჩასვლის შემდეგ მოხუცმა განდეგილმა მალე მიაბარა სული უფალს. საქმე გააგრძელა მისმა შვილიშვილმა, აგრეთვე მელანიამ. მან ზეთისხილის მთაზე სენაკში დაიწყო ცხოვრება, სწავლობდა წმინდა წერილს, ლოცულობდა, უვლიდა ღარიბებსა და სნეულებს. მას და მის მეუღლეს იერონიმესთან ურყევი მეგობრობა აკავშირებდათ. მათ ააშენეს რამდენიმე მონასტერი, გასცეს დიდძალი ქონება და სიღარიბეში აღესრულნენ.

პაოლამაც მიატოვა მდიდრული რომი და აღმოსავლეთს გაემგზავრა. იერონიმესთან ერთად იგი ეცნობოდა წმინდა მოღვაწეებს, გასცემდა მდიდრულ საბოძვარს, ბოლოს დასახლდა ბეთლემში, სადაც დააფუძნა მონასტერი. ბეთლემიდან იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე ააშენა სასტუმრო სახლები მომლოცველთათვის.

მას თან ახლდა უმცროსი ასული, ეუსტოქია, რომელმაც ცამეტი წლიდან მიუძღვნა თავი ღმერთს. დედა-შვილი მთელ დროს შრომასა და ლოცვაში ატარებდნენ, უვლიდნენ ავადმყოფებს; იერონიმეს ხელმძღვანელობით სწავლობდნენ წმინდა წერილს და გული არ სწყდებოდათ იმ ამაზრზენ განცხრომით ცხოვრებაზე, რაც უფლისთვის მიატოვეს. პაოლამ ზეპირად იცოდა თითქმის მთელი წმინდა წერილი და ღვთის სიტყვის უკეთ გასაგებად ებრაული ენაც შეისწავლა. პალესტინიდან მას ხშირი მიმოწერა ჰქონდა რომთან, სადაც ბევრი მეგობარი და სამი გათხოვილი ასული დატოვა. პაოლა ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ!“ (ფს. 25,8).

ჩვენ ვახსენეთ ფაბიოლა, დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი ქალი, რომელიც ადრე გათხოვდა მანკიერ ადამიანზე, შემდეგ გაეყარა და მეორედ იქორწინა. ამ საქციელის გამო სინდისი ქენჯნიდა და მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ საჯაროდ მოინანია შეცდომა; ცხოვრება ღმერთისა და მოყვასის მსახურებას მიუძღვნა და ამით სცადა დანაშაულის გამოსყიდვა. ჯვალოთი შემოსილმა ლატერანში, წმინდა იოანეს ტაძრის სტოაში, მთელი რომის წინაშე აღიარა თავისი ცოდვები და შენდობა ითხოვა. შემდეგ გაყიდა თავისი ვრცელი მამულები და რომში პირველი ქსენონი ააგო, სადაც თვითონ უვლიდა სნეულებს, არ თაკილობდა ნებისმიერ სამუშაოს, რითაც ტანჯულთ მძიმე ხვედრს უმსუბუქებდა.

წმინდა ადგილების თაყვანისცემის სურვილით შეპყრობილი ფაბიოლა აღმოსავლეთმა მიიზიდა. იერონიმე გაოცებული მოგვითხრობს მისი ქველმოქმედებისა და წმინდა წერილის ცოდნის შესახებ. რომში დაბრუნებულმა ფაბიოლამ გარდაცვლილი ასულის მეუღლის თანადგომით ოსტიაში, ტიბრის შესართავთან, უზარმაზარი სასტუმრო სახლი მოაწყო. გამოისყიდა ტყვეები, შემწეობა დააგზავნა იტალიის შორეულ ოლქებში, თვითონ კი სიღარიბეში გარდაიცვალა. მთელი რომი შეიკრიბა ქრისტესთვის გაღატაკებული და ქველმოქმედებით იტალიაში განთქმული ფაბიოლას დასაფლავებაზე.

რა სულიერი გადატრიალება მოახდინა ქრისტიანულმა სარწმუნოებამ!.. რაოდენ განსხვავდებიან თანაგრძნობითა და გულმოწყალებით აღვსილი ქრისტეს ეს თავმდაბალი მსახური დედები ამაყი, წარმართი, რომაელი მატრონებისგან, რომლებიც ნეტარებით შეჰყურებდნენ ცირკში სისხლიან თამაშებს, ნებივრობაში ატარებდნენ ცხოვრებას, მთელს რომს აოცებდნენ თავიანთი ბიწიერებით, სიმდიდრისადმი დაუოკებელი ლტოლვით, ახირებული, ზღვარგადასული თავშესაქცევებით! ქრისტიანობამ კი დედაკაცების გულები სიყვარულით გაათბო და ასწავლა, თუ როგორ უნდა დახარჯონ დრო და შესაძლებლობანი ღირსეულად. ქრისტიანმა დედებმა რომს დაუღალავი შრომის, ლოცვისა და უმკაცრესი ცხოვრების მაგალითი აჩვენეს. ქველმოქმედებისათვის დედაქალაქი არ იკმარეს და მთელს ქვეყნიერებას უხვად მოჰფინეს იგი.

რომაელთა უმრავლესობას არ მოსწონდა სწავლება მიწიერ სიამეთაგან განდგომის შესახებ. ამის გარეშე, მათი აზრით, ცხოვრებას ყოველგვარი მიმზიდველობა ეკარგებოდა. ზოგი შიშით შეჰყურებდა ამ ახალი სწავლების გავლენასა და წარმატებებს, რომელიც წარმართობას საუკეთესო ადამიანებს ართმევდა. რომის ქუჩებში მდაბიონი ხშირად დასდევდნენ ქრისტიან მქადაგებლებს მუქარითა და გაავებული ყიჟინით. მოღვაწე დედებს ცილს სწამებდნენ და დასცინოდნენ. წარმართი მწერლები კვლავ და კვლავ განათლების მტრებად წარმოაჩენდნენ ქრისტიანებს. მათ ის უფრო აბოროტებდა, რომ გუმანით გრძნობდნენ კერპთაყვანისმცემლობის დაუძლურებას, შინაგან რღვევას მაშინ, როცა ქრისტიანობა, პირიქით, იზრდებოდა და ძლიერდებოდა.

გასაგებია წარმართების აღშფოთება, რითაც ისინი თავიანთი მომხრის გაქრისტიანებას ხვდებოდნენ. მათში ასეთი გულისწყრომა აღძრა პავლინე ნოლანელის მოქცევამ და ქრისტეს გამო მიწიერ დიდებაზე უარის თქმამ. პავლინე დაიბადა ქალაქ ბორდოში, საფრანგეთში, მიიღო ბრწყინვალე განათლება ცნობილი წარმართი პოეტის – ავსონიუსის ხელმძღვანელობით. დიდგვაროვნობის, უდიდესი ქონებისა და პირადი ღირსებების წყალობით გზა ხსნილი ჰქონდა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობების დასაკავებლად: ოცი წლის ასაკში უკვე სენატორი იყო; მალევე კამპანიის მდიდარი მხარის მმართველიც გახდა. ჰყავდა ბევრი ერთგული მეგობარი და თანამზრახველი, თავისუფალ დროს პოეზიითა და ხელოვნებით ტკბებოდა, წინ კვლავ უმაღლესი პატივი და წარმატებები ელოდა. მაგრამ ღვთისმოსავი მეუღლის, წმინდა ამბროსი მედიოლანელისა და სხვა ქრისტიანი მეგობრების გავლენით, პავლინე 25 წლის ასაკში მოინათლა, უარი განაცხადა თავის გვაროვნულ წოდებაზე, მამულის უდიდესი ნაწილი ღარიბებს დაურიგა და პირინეაში წავიდა სამოღვაწეოდ. წარმართმა მეგობრებმა მას არ დააკლეს საყვედურები, დაცინვა, ლანძღვა; იმ მონებმაც, რომლებსაც თავისუფლება აჩუქა, ზიზღით დაუწყეს ყურება. მასწავლებელმა ავსონიუსმა მკაცრად გაკიცხა იგი. მაგრამ ამ მძიმე განსაცდელმა ვერ შეარყია პავლინე, რომელსაც სწამდა, რომ არაფერი დაუკარგავს, პირიქით – ყველაფერი შეიძინა, როდესაც თავი ქრისტეს მიუძღვნა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მან მიიღო პრესვიტერის (მღვდლის) ხარისხი და დასახლდა კამპანის მხარეში, ღარიბულ დაბა ნოლაში, იმ ტაძრის მახლობლად, სადაც წმინდა მოწამე ფელიქსის ნაწილები იყო დასვენებული. მოგვიანებით ის ეპისკოპოსად აირჩიეს. პავლინე და მისი ცოლი ტერესია ცხოვრობდნენ მოკრძალებულად, სიღარიბეში. პავლინე თხზავდა ჰიმნებს ღვთის სადიდებლად, თავის მიერ აგებულ ტაძრებს ხატებით განაშვენებდა,[2] ჰქონდა მიმოწერა ქრისტიან მეგობრებთან: ამბროსისთან, ავგუსტინესა და ნათესავ ქალ მელანიასთან. მოყვასისადმი მისი სიყვარული იქამდე მივიდა, რომ იტალიაში ვანდალების შემოსევის დროს მან ყველაფერი დახარჯა ტყვეთა გამოსასყიდად, ბოლოს ერთი ღარიბი ქვრივის ვაჟის გასათავისუფლებლად საკუთარი თავი გაყიდა მონად. როდესაც ეს ვანდალების მეფემ შეიტყო, პატივი სცა მის ხარისხსა და სათნოებას და გაუშვა. პავლინე მშვიდობით აღესრულა 431 წელს.

ქრისტიანული რწმენის ასეთ ძლიერებას ვერაფერს დაუპირისპირებდა წარმართობა, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ ძალას ეყრდნობოდა, მაგრამ ახლა ისიც თანდათანობით ეცლებოდა.

 

[1] იერონიმეს თარგმანი, სახელად „ვულგატა“, არცთუ სასურველი ზოგი ცვლილებით, ტრიდენტის კრების განჩინებით მიღებულ იქნა საყოველთაო გამოყენებისთვის.

[2] ზოგი ვარაუდით, პავლინე ნოლანელმა პირველმა გამოიყენა ზარები ღვთისმსახურების დროს მორწმუნეთა მოსახმობად. სხვები ამ მოვლენის დასაწყისად VII საუკუნეს ასახელებენ.

 

 

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა