martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 40

არიანელთაგან დევნა ვალენტის დროს. კესარიის ეპისკოპოსი ბასილი დიდი.

 

მალე ახალი განსაცდელი დაატყდათ ქრისტიანებს. ვალენტინიანემ (364-375 წწ.), ბევრი თავისი წინამორბედის მსგავსად, საჭიროდ ჩათვალა თანამმართველის არჩევა და, საუბედუროდ, თავის უმცროს ძმაზე – ვალენტიზე (364-378 წწ.) შეჩერდა; მას აღმოსავლეთი ჩააბარა, თვითონ კი დასავლეთის პროვინციებს მართავდა – ხან მილანში ცხოვრობდა, ხანაც ტრირში ან რავენაში.

ვალენტი მონათლა არიანელმა ეპისკოპოსმა ევდოქსიმ და ფიცი ჩამოართვა, მხარი დაეჭირა არიანული სწავლებისთვის. ვალენტიმ სიტყვა შეასრულა და ტახტზე ასვლისთანავე განაახლა არიანელთა კონსტანციუსის დროინდელი ზეობა. მართლმადიდებელი ეპისკოპოსები უმალ არიანელებმა შეცვალეს; დაიხურა ან არიანელებს გადაეცა ტაძრები. გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმად კონსტანციუსისგან განდევნილ და იულიანეს მიერ დაბრუნებულ ყველა ეპისკოპოსს კვლავ უნდა დაეტოვებინა თავისი კათედრა.

არიანელთაგან შევიწროებულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, იმპერატორისთვის ეთხოვათ დახმარება და მასთან გაგზავნეს ოთხმოცამდე ეპისკოპოსი. როდესაც მათი საჩივარი მოისმინა, ვალენტიმ საყოველთაო რისხვის შიშით აშკარად მოქმედება ვერ გაბედა, ბრაზი დაიოკა და ხელქვეითებს უბრძანა, ფარულად დაეხოცათ ისინი. მათაც ჯერ ეპისკოპოსების განდევნის ხმა დაჰყარეს, შემდეგ ისინი აიყვანეს ხომალდზე, რომელიც ღია ზღვაში გასვლისთანავე გადაწვეს. ყველა მღვდელთმთავარი მოწამებრივად აღესრულა.

კათედრებიდან ეპისკოპოსთა ჩამოშორების შესახებ ბრძანებამ უკიდურესად ააღელვა ალექსანდრია. იქ, იობიანეს ბრძანების თანახმად, ახლახანს დაბრუნდა ათანასე და გახარებული ქრისტიანები მზად იყვნენ, სიცოცხლის ფასად დაეცვათ იგი. მაგრამ ათანასემ თავად არ ისურვა, ალექსანდრიას იმპერატორის რისხვა დასტყდომოდა, ფარულად გაეცალა ქალაქს და მშობლების აკლდამაში დასახლდა.

ალექსანდრიის ქრისტიანებმა უკან არ დაიხიეს და გადაჭრით მოსთხოვეს იმპერატორს ათანასეს დაბრუნება. ვალენტის საყოველთაო აღშფოთების შეეშინდა, მით უმეტეს, რომ იმხანად გამოჩნდა მეამბოხე, სახელად პროკოპი, რომელსაც ბევრი მიემხრო. იმპერატორს მეტი გზა აღარ ჰქონდა და დააბრუნა ათანასე. ამის შემდგომ დიდი მღვდელთმთავრის დევნაც შეწყდა.

მხცოვანი ეპისკოპოსი უწინდებური სულიერი სიმხნევითა და სიმტკიცით ჩაუდგა სათავეში ეკლესიას: მოიწვია კრებები, გადმოსცა ეკლესიის სწავლება, დაუკავშირდა სხვა ეპისკოპოსებს და დაარწმუნა, ერთსულოვნად დაეცვათ ჭეშმარიტება. მას მხარში ედგა ბასილი, რომელიც მაშინ პრესვიტერი, ხოლო 371 წლიდან კესარიის ეპისკოპოსი იყო. ათანასე გარდაიცვალა 373 წელს, ოთხმოცი წლის ასაკში. ის 46 წლის განმავლობაში იყო ეპისკოპოსი, საიდანაც 20 წელიწადი დევნულებაში გაატარა. ზოგჯერ მისი ყველაზე მტკიცე თანამოაზრენიც კი ეცემოდნენ სულიერად და ნებდებოდნენ ძალადობას, მაგრამ ათანასე ვერაფერმა შეარყია – გადაიტანა დევნა, ტანჯვა, მაგრამ არასდროს უღალატია თავისი რწმენისა და მოვალეობებისთვის. იგი ქრისტიანული სიმამაცის უთვალსაჩინოესი მაგალითია!..

ამასობაში ბასილი თავის მშვენიერ უდაბნოში განრიდებული ემსახურებოდა ეკლესიას, წერილობით გადმოსცემდა და განმარტავდა მის სწავლებას, ცდილობდა, ერესების გავლენისგან დაეცვა იგი. რამდენიმე ხნის შემდეგ ეპისკოპოსმა ევსებიმ ბასილის კესარიაში უხმო და პრესვიტერად დაადგინა, მაგრამ მალე გაუღვიძა შური მისმა ავტორიტეტმა. ბასილიმ თავი აარიდა უთანხმოებას და თავის უდაბნოში დაბრუნდა. ევსები შემდგომ მიხვდა, რომ ასეთ მძიმე დროს მარტოს არ ძალუძდა ეკლესიის მართვა და ისევ სთხოვა დახმარება. ამ დროიდან (365 წ.) კესარია-კაპადოკიის ეპარქიის მთელი საქმეები პრესვიტერის ხელთ გადავიდა და ისიც სრული თავგანწირვით შეუდგა თავის მსახურებას.

ბასილის მთავარი და საყვარელი საქმე ღვთის სიტყვის ქადაგება იყო. ის გაურბოდა მსმენელისათვის გაუგებარ, რთულ მსჯელობებს, მარტივად უხსნიდა ქრისტიანის მოვალეობას, განუმარტავდა წმინდა წერილს. მისი მხურვალე, სიყვარულით სავსე გულიდან ამოხეთქილი სიტყვები ძლიერად და დამაჯერებლად მოქმედებდა მსმენელებზე. კაცთმოყვარებისა და მოწყალების მაგალითს თავად იძლეოდა – რაც გააჩნდა, ღარიბებს ურიგებდა, ერთნაირი გულისხმიერებით ექცეოდა ქრისტიანებსაც და უცხო რჯულის ადამიანებსაც; თავად უვლიდა ავადმყოფებს; ცხოვრობდა ღარიბულად. მისი ზრუნვით მოეწყო კესარიასა და მის შემოგარენში დიდი ქსენონები, მოგზაურთა დასაბინავებელი სახლები. ყოველივე ამასთან დროსაც ნახულობდა საერთო საცხოვრისის ტიპის სავანეთა დასაფუძნებლად, მონაზონთათვის კანონებისა და ბავშვების აღზრდის წესების შესადგენად; თავის თხზულებებში ამხელდა ცრუსწავლებებს, ჰქონდა ურთიერთობა სხვა ქალაქებში მცხოვრებ ქრისტიან აპოლოგეტებთან, სამსჯავროზე ესარჩლებოდა ღარიბებსა და დაჩაგრულებს.

და მთელი ეს დაუღალავი მოღვაწეობა კიდევ უფრო საოცარი იყო, თუ გავითვალისწინებთ მის სუსტ აღნაგობას და მუდმივ ავადმყოფობას. უფალი განაძლიერებდა მას სასიკეთო მსახურებისთვის და სულიერად განმტკიცებული სძლევდა ხორციელ უძლურებას. ბასილიმ ზეშთაგონებით გადმოსცა საღვთო ლიტურგიის წესი[1] და დაწერა უამრავი ლოცვა.

ევსები კესარია-კაპადოკიელის სიკვდილის შემდეგ, 371 წელს, კესარიაში ეპისკოპოსად ბასილის არჩევა მოისურვეს. ამას ისეთი გააფთრებით შეეწინააღმდეგა არიანელთა ფრთა, რომ არჩევა წარუმატებელი ჩანდა. მაშინ ნაზიანზის ღრმად მოხუცმა ეპისკოპოსმა, გრიგოლის მამამ, უკვე დაუძლურებულმა და სნეულმა, ითხოვა საკაცით წაეყვანათ კესარიაში. მისმა მისვლამ და ხმამ გადაწყვიტა ბასილის არჩევა.

ბასილისთვის ერთობ მძიმე იყო ეს პატივი, მაგრამ ამას არ შეუშინდა და მოღვაწეობა კიდევ უფრო გააფართოვა. კესარიის ეპისკოპოსის მეთვალყურეობის ქვეშ, გარდა კაპადოკიისა, შედიოდა გალატიის, პონტოსა და სომხეთის ეპარქიები. ბასილი თავს არ ზოგავდა, ამოწმებდა ეპარქიებს, წერდა ეპისტოლეებს, ცდილობდა, ყველგან მოეძებნა ბეჯითი თანაშემწენი. მას ეხმარებოდნენ მისი ძმები: გრიგოლ ნოსელი და პეტრე, სებასტიის ეპისკოპოსი, აგრეთვე გრიგოლ ღვთისმეტყველი და ეკლესიის სხვა თავგამოდებული მწყემსები. ბასილი დასავლელ მოძმეებსაც მიმართავდა თანადგომისთვის, უამბობდა აღმოსავლეთში ჭეშმარიტი ქრისტიანების გასაჭირზე. აი, რას სწერდა მათ:

“თქვენ იქნებ მოისურვოთ აღმოსავლეთის ეკლესიების თანადგომა, რამეთუ ჩვენი განსაცდელი მძიმეა და ხანგრძლივი. ქრისტესმიერო საყვარელო ძმებო, იცოდეთ, რომ სიყვარულია სრულყოფილი რჯული. გულთან ახლოს მიიტანეთ ჩვენი გასაჭირი, ნუ მოიმიზეზებთ შინაურ საზრუნავს. საფრთხეშია არა ერთი ან ორი ეკლესია. ქარიშხალი მძვინვარებს ილირიის (მხარე საბერძნეთში) კიდედან თებაიდის უდაბნომდე. დამახინჯებულია ღვთისმსახურების დოგმატები, წარხოცილია ეკლესიის განაწესები; მძლავრობს გაბატონების ვნება, საეკლესიო წინამძღვრობას ჯილდოდ სთავაზობენ უკეთურებისთვის. მწყემსები ღალატობენ ღვთის სამწყსოს და იტაცებენ ღატაკთათვის შესაწირს. გაქრა კანონთა სიმკაცრე; ფართო გზა მიეცა ცოდვას... აღარ არსებობს მართალი სამსჯავრო. ყველა თავის გულისთქმას აჰყოლია... ძალაუფლების მომხვეჭელნი და თავმოთნენი დაემონნენ თავიანთ კეთილისმყოფელებს. ზოგიერთებს მართლმადიდებლობის დაცვა ურთიერთთან ბრძოლის საშუალებად გაუხდიათ. თავიანთი მტრობის დასაფარავად კეთილმსახურებისთვის ბრძოლით ინიღბებიან. სხვები ხალხს აქეზებენ საჩხუბრად, რათა საერთო მანკიერებით საკუთარი უკეთურობა დაფარონ. ხელს უწყობენ ერთმანეთთან შეურიგებელ ბრძოლას.

ამას დასცინიან ურწმუნონი, მერყეობენ მცირედმორწმუნენი... დადუმდნენ ღვთისმსახურთა ბაგენი, ალაპარაკდნენ ღვთის მგმობელნი, წაიბილწა სიწმინდე. კეთილგონიერნი გაურბიან სამლოცველო სახლებს, როგორც უსჯულოების სასწავლებლებს, უდაბნოებს შეკედლებულთ ოხვრითა და ცრემლთა დენით აღუპყრიათ ხელნი უფლისკენ....“

ოცდათორმეტი ეპისკოპოსის მიერ ხელმოწერილი ეს ეპისტოლე წარმოდგენას გვიქმნის აღმოსავლეთის ქრისტიანთა ტანჯვაზე, მაგრამ დასავლელ ეპისკოპოსებს, რომელთაც სპეციალურად გაეგზავნა იგი, დიდი თანაგრძნობა არ გამოუხატავთ. აღმოსავლეთში კი ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მჭიდროდ დაუკავშირდა ბასილის.

ვალენტიმ იცოდა კესარიის ეპისკოპოსის ძალა და დიდი მოწადინებით ცდილობდა მის გადაბირებას. კესარიაში გამგზავრების წინ მან წინასწარ დაავალა პრეფექტ მოდესტს, განეწყო ბასილი არიანელებთან შესარიგებლად. პრეფექტმაც სცადა ეპისკოპოსის დაყოლიება:

– რატომ ეურჩები იმპერატორს, მარტო შენ ჯიუტობ. რატომ არ მისდევ მის სარწმუნოებას?

ბასილიმ აუხსნა, რომ ვერ შეიწყნარებდა არიანელთა ცდომილებებს. მოდესტი მას განდევნით, ქონების ჩამორთმევით, ბოლოს კი სიკვდილით დაემუქრა.

– თუ შეგიძლია, სხვა რაიმეთი დამემუქრე. განდევნის არ მეშინია, მთელი დედამიწა უფალს ეკუთვნის. ქონებას ვერ წაართმევ მას, ვისაც არაფერი აბადია. ჩემს სიკვდილს თქვენი მხრიდან ქველმოქმედებად ჩავთვლი, რადგან ის შემაერთებს უფალთან, ვისთვისაც ვცოცხლობ და ვშრომობ, – მიუგო ეპისკოპოსმა.

– აქამომდე ასე არავის ულაპარაკია ჩემთან! – თქვა მისი დიდებულებით გაოცებულმა პრეფექტმა.

– ალბათ არასდროს გისაუბრია ეპისკოპოსთან, – მშვიდად უპასუხა ბასილიმ.

მოდესტი დარწმუნდა, რომ მუქარით ვერაფერს გააწყობდა და მღვდელთმთავარს ახლა იმაზე დაუწყო საუბარი, თუ რა სარგებელს მიიღებდა ეკლესია მისგან დათმობის შემთხვევაში.

– იფიქრე, რაოდენ მნიშვნელოვანია სამწყსოსთვის შენი თანხმობა დიდ ხელისუფალთან. შენ რა მოგეთხოვება? მხოლოდ ის, რომ სიმბოლოდან ამოიღო სიტყვა „ერთარსი“.

– რა თქმა უნდა, იმპერატორისთვის მეტად მნიშვნელოვანია ეკლესიასთან ურთიერთობა, რადგან იგი სულის გადარჩენაზე ფიქრობს. მაგრამ სიმბოლოდან თუნდაც ერთი სიტყვის ამოღება, ან მასში რაიმეს შეცვლა დაუშვებელია – ამას მე არ დავეთანხმები!..

– ხვალამდე იფიქრე.

– არ არის საჭირო, მე არც ხვალ შევიცვლები!

მოდესტმა ბასილი გაუშვა, მაგრამ როდესაც იმპერატორი კესარიას ეწვია, დავალების წარუმატებლობა აუწყა. კიდევ რამდენჯერმე სცადეს ეპისკოპოსის მიდრეკა, მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა. არიანელებმა ვალენტის ძალის გამოყენება ურჩიეს, მაგრამ მას შეეშინდა მთელი ოლქის რისხვისა, თანაც იმედს არ კარგავდა, რომ როგორმე დაიყოლიებდა ეპისკოპოსს.

ნათლისღების დღესასწაულზე ვალენტი წავიდა ტაძარში, შეიტანა შესაწირი ეკლესიის სასარგებლოდ და გაოგნებული დარჩა მსახურების სიდიადითა და ბრწყინვალებით. იქ ვერ მოახერხა ბასილისთან დალაპარაკება, მაგრამ სხვა დროს საკურთხეველში გაესაუბრა. ჩანს, ეპისკოპოსის სიტყვებმა ძლიერ იმოქმედა, რადგან ამის შემდეგ თავი დაანება მის გადაბირებას.

გარკვეული ხნის შემდეგ არიანელებმა მაინც თავისი გაიტანეს და ვალენტიმ ბასილის განდევნას მოაწერა ხელი. მოულოდნელად იმპერატორის ვაჟი მძიმედ დაავადდა, ვალენტიმ ეს ღვთისგან მოვლინებულ სასჯელად მიიჩნია, სასწრაფოდ გააუქმა განაჩენი და ეპისკოპოსს სთხოვა, შვილისთვის ელოცა. ყმაწვილი გამოჯანმრთელდა. შემდგომში ვალენტის აღარ შეუწუხებია ბასილი და ამის გამო კაპადოკიას, ყველა სხვა ოლქისგან განსხვავებით, დევნა ასცდა.

ათანასე დიდის სახელმა და გავლენამ, როგორც ვნახეთ, ალექსანდრია დაიფარა არიანელთა ძალადობისგან, მაგრამ მისი აღსრულებისთანავე მთელ ეგვიპტეს მოედო უსასტიკესი დევნა. ალექსანდრიის ეკლესიამ ათანასეს მემკვიდრედ აირჩია კეთილმსახური პეტრე, მაგრამ არიანელებმა იგი მოაშორეს და თავიანთი ეპისკოპოსი ლუციუსი მიავლინეს. წარმართებთან და იუდეველებთან ერთად ისინი ძალით იჭრებოდნენ ტაძრებში, ძარცვავდნენ და არბევდნენ მათ; საპყრობილეში აგზავნიდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მსახურს.

მაგრამ, როგორც ათანასემ შენიშნა, თვითონ დევნა იქცა შთამბეჭდავ ქადაგებად არიანელების წინააღმდეგ და მათ მიმართ საყოველთაო სიძულვილი აღძრა. ვალენტის დროს ასკეტთა ქადაგებებმა უდაბნოში მცხოვრები ბევრი სარკინოზი მოაქცია; მათმა დედოფალმა მაბიამ მოისურვა, რომ ეპისკოპოსად დაედგინათ სარკინოზი მონაზონი მოსე, რომელიც ამისთვის ჩავიდა კიდეც ალექსანდრიაში, მაგრამ არიანელი ლუციუსისგან ხელდასხმის მიღებაზე სახალხოდ უარი განაცხადა:

– მე არ ვარ ღირსი ეპისკოპოსობისა; მაგრამ თუკი უფალი მიხმობს ამ წმინდა მსახურებისთვის, არ მსურს ხელნი დამასხას მან, ვინც წმინდანების სისხლშია გასვრილი.

– ნუ განმიკითხავ, სანამ ჩემს მრწამს არ შეიტყობ, – უთხრა ლუციუსმა.

– ვიცნობ თქვენს მრწამსს: საპყრობილეში დამწყვდეული მწყემსები ეკლესიისა, მაღაროებში სამუშაოდ მსჯავრდებულნი, ცეცხლში ჩაბუგულნი – აი, მოწმობანი თქვენი მრწამსისა, – უპასუხა მოსემ.

დევნამ არც მეუდაბნოენი დაინდო. ბევრი, მათ შორის ორივე მაკარი, ველურ კუნძულზე გადაასახლეს. მაგრამ მათ ქადაგებებითა და სასწაულებით იქაც მოაქციეს წარმართები და კიდევ უფრო შორს გაითქვეს სახელი. ამის გამო მდევნელებმა ამ უდიდესი მოღვაწეების უკაცრიელ უდაბნოში დაბრუნება გადაწყვიტეს.

ერთ წარჩინებულ და მდიდარ რომაელ დედაკაცს, სახელად მელანიას, უდაბნოში მყოფს მოუსწრო დევნამ. იგი სრულიად უსახსროდ დარჩენილ ხუთი ათასამდე მონაზონს აჭმევდა პურს ყოველდღიურად, შემდეგ კი განდევნილებს პალესტინაში გაჰყვა. არიანელებს უნდოდათ მელანიას დატუსაღებაც, მაგრამ თავი შეიკავეს, როცა შეიტყვეს მისი სიმდიდრისა და დიდგვაროვნების ამბავი.

როდესაც ედესის მართლმადიდებელი ეპისკოპოსი განდევნეს და არიანელით ჩაანაცვლეს, ყველამ უარი თქვა მასთან ურთიერთობაზე და სალოცავად ღია ცის ქვეშ, უდაბურ ადგილებში იწყო შეკრება. ვალენტიმ უბრძანა პრეფექტ მოდესტს, ძალით გაერეკა ასეთი თავყრილობების მონაწილენი, ხოლო ურჩები დაეხოცა. მკაცრი ზომების თავიდან ასაცილებლად მოდესტმა ეს ბრძანება სახალხოდ გამოაცხადა, მაგრამ შეკრებები მაინც გაგრძელდა. მაშინ პრეფექტი მეომრებთან ერთად გაემართა იმპერატორის ბრძანების შესასრულებლად. გზად შეკრებაზე მიმავალი დედაკაცი შეხვდა, რომელსაც ხელჩაკიდებული ბავშვი მიჰყავდა.

– სად მიდიხარ?! იცოდე, არავის დავინდობ. შენც და შენს შვილსაც იქ სიკვდილი გელით! – დაუყვირა პრეფექტმა.

– ვიცი და ამიტომაც მივიჩქარი, რომ შვილთან ერთად მოწამებრივი სიკვდილის პატივი მეც მხვდეს წილად, – მიუგო დედაკაცმა.

მოდესტმა ვითარება შეატყობინა იმპერატორს და შეევედრა, ბრძანება გაეუქმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი მოსახლეობა უნდა ამოეხოცა. ვალენტიმ შეამსუბუქა ბრძანება და განდევნა არიანელებთან დაპირისპირებული ოთხმოცამდე სასულიერო პირი. განდევნილებს გზად ხალხი აცილებდა და აღმსარებელთა პატივს მიაგებდა. ამან მორწმუნეებში კიდევ უფრო აღანთო ჭეშმარიტი სარწმუნოებისადმი თავდადება.

სამწუხაროდ, არიანულმა ცდომილებებმა შორს გაიდგა ფესვები. დუნაის გაღმა ნაპირზე მცხოვრები გოთები ჯერ კიდევ III საუკუნიდან გააქრისტიანეს ბრძოლების დროს აყვანილმა ტყვეებმა, IV საუკუნეში კი სარწმუნოება ფართოდ გავრცელდა ამ ტერიტორიებზე. დაახლოებით 360 წელს მათმა ეპისკოპოსმა ულფილამ გოთური ანბანი შექმნა და თარგმნა წმინდა წერილის ნაწილი. გოთი მოწამეების: ნიკიტას, საბას და სხვათა სახელებს განადიდებდა ეკლესია. მიუხედავად რომის იმპერიისადმი მტრული დამოკიდებულებისა, გოთების ეკლესიას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა კაპადოკიისა და სხვა ეკლესიებთან.

ჩრდილოეთიდან შევიწროებულმა გოთებმა იმპერატორ ვალენტის თრაკიაში დასახლების ნებართვა სთხოვეს – დესპანთა შორის ეპისკოპოსი ულფილაც იყო. მაშინ დასნეულდა მისი სული არიანული ცრუსწავლებით და დაბრუნებულმა ერესის გავრცელება დაიწყო.

გოთებმა გადმოლახეს დუნაი თრაკიაში დასამკვიდრებლად, მაგრამ ოლქის მმართველთაგან შევიწროებამ და შეთანხმებათა დარღვევამ დიდად განარისხა ისინი, რასაც მალე ომი მოჰყვა.

ვალენტი მეომართა მნიშვნელოვან ნაწილს თავად წარუძღვა გოთების წინააღმდეგ. იმპერატორი გზად წმინდა განდეგილმა, სახელად ისააკმა შეაჩერა და მიმართა: „ხელმწიფეო, ნუღარ ებრძვი უფალს, გახსენი მართლმადიდებლური ტაძრები და ღმერთი აკურთხებს შენს ზრახვას“.

მეფემ ეს სიტყვები ყურად არ იღო, მაგრამ განდეგილი უკან გაჰყვა; მეორე და მესამე დღესაც იმავე თხოვნით მიმართა და უფლის რისხვით დაემუქრა.

– ვერ იმძლავრებ მტერზე, ცეცხლი დაგღუპავს! – აფრთხილებდა იგი.

განრისხებულმა იმპერატორმა ისააკის საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა, რათა დაბრუნებისთანავე სიკვდილით დაესაჯა, თვითონ კი გზა განაგრძო. გავიდა ხანი და ერთხელ დატყვევებულმა ისააკმა იმპერატორის ხელქვეითებს უთხრა: „ის აღარ დაბრუნდება. უკვე ექვსი დღეა, რაც ცეცხლში ნაცრადქცეული მისი ძვლების სიმყრალის სუნი მცემს“.

და მოვიდა კიდეც ამბავი ვალენტის საშინელი აღსასრულისა... ადრიანოპოლისთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ დაჭრილმა გაქცევა სცადა და რამდენიმე მეომართან ერთად დაიმალა მინდორში მდგარ პატარა ქოხში. გოთებს ეჭვიც არ აუღიათ, რომ იქ იმპერატორი იყო და ცეცხლი წაუკიდეს. ასე დაიღუპა ცამეტწლიანი მმართველობის შემდეგ ვალენტი. ისააკი მოგვიანებით კონსტანტინოპოლის მახლობლად დაარსებული სავანის წინამძღვარი გახდა და ცნობილია წმინდა ისააკ დალმატიელის სახელით.

ვალენტის სიკვდილის შემდეგ არიანელთაგან დევნა ჩაცხრა, მაგრამ კესარიის ეპისკოპოსმა დიდხანს ვერ შეძლო მშვიდობით ტკბობა. მისი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა საბოლოოდ შეარყია შრომამ, ზრუნვამ და სადარდელმა. მისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოდგა უკანასკნელი წლები, როდესაც ყველგან არიანელები ზეობდნენ: განიდევნენ რწმენის ერთგულნი, მათ შორის ბასილის ძმა, გრიგოლ ნოსელი და მისი ახლო მეგობარი ევსები სამოსატელი; ზოგმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა სარწმუნოებისადმი სათანადო ერთგულება ვერ გამოავლინა. ბასილი დაშორებული იყო თავის მეგობარ გრიგოლისგანაც, რომელსაც პატარა ქალაქ სასიმის ეპისკოპოსობა შესთავაზეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა სამწყსოს მართვაზე უარი თქვა, რადგან იქ არიანელები იყვნენ გაბატონებულნი, და მამის სიკვდილის შემდეგ წავიდა სელევკიის მახლობლად მდებარე წმინდა თეკლას მონასტერში.

ანტიოქიის ეკლესიაშიც შფოთს ბოლო არ უჩანდა. განდევნილი იყო მელეტი. ბასილის სულ უფრო უჭირდა აღზევებული ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ დასავლეთის ეკლესიის კეთილდღეობის შესახებ ცნობები ანუგეშებდა – იქ ამბროსი მედიოლანელი წარმატებით იგერიებდა არიანელთა შემოტევებს; იერონიმე სტრიდონელი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა რომის საზოგადოებაზე, მარტინ ტურელი გალიაში ავრცელებდა სარწმუნოებას. მოგვიანებით უფრო დაწვრილებით გიამბობთ უფლის ამ თავდადებულ მსახურთა შესახებ.

კესარიის წმინდა ეპისკოპოსი გარდაიცვალა 379 წელს, რასაც საყოველთაო გლოვა მოჰყვა. ხალხი მიიწევდა მისი ნეშტისკენ, ქვითინი ახშობდა საეკლესიო საგალობლებს, სნეულები განკურნებას მის ცხედართან შეხებით ცდილობდნენ. მთელი ეკლესია დასტიროდა უდიდეს მასწავლებელს, ჭეშმარიტების დაუღალავ მსახურს, რომლის სიტყვასაც დამაჯერებლობის უდიდესი ძალა ჰქონდა.

ვალენტიმდე სამი წლით ადრე გარდაიცვალა დასავლეთის იმპერატორი ვალენტიანე და ტახტის მემკვიდრედ ორი ვაჟი: ჩვიდმეტი წლის გრაციანე (367-383 წწ.) და ოთხი წლის ვალენტინიანე II (375-392 წწ.) დატოვა. გრაციანე უკვე ემზადებოდა, წასულიყო ვალენტის დასახმარებლად გოთების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ მისი სიკვდილის ამბავი შეიტყო. მამაცმა და თავმდაბალმა ჭაბუკმა ჩათვალა, რომ ძალა არ შესწევდა, ემართა უზარმაზარი იმპერია და თანაშემწის ძებნა დაიწყო. მისი არჩევანი შეჩერდა ესპანელ თეოდოსიზე, ბრიტანეთსა და აფრიკაში საომარი გმირობებით სახელგანთქმული მთავარსარდლის, ჰონორიუსის ძეზე. ჭაბუკი თეოდოსი მამას ახლდა ლაშქრობებში, შემდეგ თავის მამულში, ესპანეთში, ცხოვრობდა, როდესაც გრაციანემ იხმო და იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის მართვა დაავალა. ეს საუკეთესო არჩევანი იყო – თეოდოსი (379-395 წწ.) სრულიად დამსახურებულად სარგებლობდა საყოველთაო პატივისცემით.

 

[1] ბასილი დიდის ლიტურგია ეკლესიაში წელიწადში 10-ჯერ აღესრულება: ძვ.სტ. 1 იანვარს, წმინდანის ხსენების დღეს; დიდმარხვის პირველ ხუთ კვირადღეს, დიდ ხუთშაბათსა და დიდ შაბათს; შობისა და ნათლისღების წინადღეს.

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა