martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 37

ეგვიპტის, პალესტინისა და სირიის მოღვაწენი.

 

უდაბნოში მოღვაწეობა, რასაც საფუძველი დევნათა დროს ჩაეყარა, IV საუკუნეში სწრაფად გაფართოვდა და განვითარდა. აღმოცენდა ბევრი ხალხმრავალი სავანე, მეუდაბნოეთა და განდეგილთა სენაკები. ამა სოფლისაგან განდგომილი უამრავი მოშურნე ქრისტიანი მიისწრაფოდა უდაბნოსკენ, რათა მოუკლებელი ლოცვით მიემართა ღვთისკენ თავისი ყველა გრძნობა და ზრახვა, მთლიანად მინდობოდა უფლის ნებას. თვითაღკვეთის უმძიმესი გზით ისინი ჭეშმარიტებას უძღვნიდნენ თავს, ადასტურებდნენ თავიანთი სარწმუნოების ძალას. წუთისოფლის უარმყოფელნი უდიდეს ნუგეშს ღმერთთან სულიერი სიახლოვით პოულობდნენ და თავიანთი მაგალითით ღრმა კვალს ტოვებდნენ ადამიანებზე.

ჩვენ უკვე გიამბეთ, რომ ანტონი დიდი მიჰყვა სახარებისეულ სიტყვას ქრისტესთვის კეთილნებობითი სიღატაკის შესახებ, უარი თქვა სიმდიდრეზე და უდაბნოში წავიდა. აქ მან გაიარა არჩეული ცხოვრების ურთულესი გზა და მხოლოდ მრავალწლიანი გამუდმებული ლოცვისა და საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ ჰპოვა სულიერი სიმშვიდე, შეძლო ხორციელ გულისთქმათა დათრგუნვა.

ამ პერიოდისთვის უამრავი მეუდაბნოე მიდიოდა ანტონთან და შესთხოვდა, მათი მუდმივი წინამძღვარი ყოფილიყო, მაგრამ ის დიდხანს უარობდა, რადგან მარტოობას შეეჩვია. ბოლოს მოღვაწეთა დაჟინებულ თხოვნას დაჰყვა, მიატოვა ნახევრად დანგრეული კოშკი, რომელსაც საცხოვრებლად იყენებდა და ოცდათხუთმეტწლიანი განდეგილობის შემდეგ თანხმობა განაცხადა – ყოფილიყო მეუდაბნოეთა წინამძღვარი. ასე ჩამოყალიბდა პირველი მონაზვნური ძმობა. ეს მოხდა დაახლოებით 305 წელს.

ანტონთან ხალხი ნაკადად მიედინებოდა და ისიც ანუგეშებდა და მოძღვრავდა ყველს მათთვის გასაგები, გულითადი სიტყვებით; შთააგონებდა ადამიანებს – ამქვეყნად უმეტეს ყოვლისა ღმერთი ჰყვარებოდათ; ქადაგებდა ზეციურ სიკეთეთა სიდიადესა და ღვთის მოწყალებაზე...

მაქსიმინესგან გაჩაღებული დევნის პერიოდში ანტონმა ალექსანდრია მოინახულა; იქ მარტვილებს აცილებდა სასჯელის ადგილისკენ, ლოცულობდა მათთან ერთად, ყოველდღე საფრთხეში იგდებდა თავს, მაგრამ უფალმა დაიფარა და მშვიდობიანად დააბრუნა უდაბნოში.

როდესაც კონსტანციუსის მმართველობის ბოლოს ღრმად გაიდგა ფესვები არიანულმა ერესმა, ანტონმა ისევ დატოვა უდაბნო, რათა სიტყვით შებრძოლებოდა ცრუსწავლებას. „თავად ბუნება ძრწის, როდესაც ხედავს, თუ ქმნილებასთან როგორ ათანაბრებენ შემოქმედს“. – ამბობდა იგი. მაშინ ანტონი სახელგანთქმული იყო და ალექსანდრიაში მისმა გამოჩენამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე, რომელიც მეუდაბნოეს გარს ეხვეოდა და ხარბად უსმენდა მის შეგონებებს. იგი თამამად ამხელდა ერესს, აღასრულებდა სასწაულებს და მრავალი შეცდენილიც დააბრუნა ჭეშმარიტების გზაზე. წმინდა ათანასე დიდმა, რომელმაც აღწერა ანტონის ცხოვრება, ალექსანდრიაში მისი გამოჩენა მართლმადიდებლობის ზეიმს შეადარა. ანტონი ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს ათანასეს და წერილობითაც იცავდა იმპერატორის წინაშე. მაგრამ მიუხედავად კონსტანტინესა და მისი ვაჟების დიდი პატივისცემისა ანტონისადმი, ამგვარ შუამდგომლობას, სამწუხაროდ, არავინ ათხოვა ყური.

როდესაც ანტონის ირგვლივ ძალიან ბევრმა მოღვაწემ მოიყარა თავი, დაიწყო საერთო საცხოვრისის ტიპის მონასტრების ჩამოყალიბება. ზოგი მოღვაწე უდაბნოს სენაკებში განმარტოვდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ხელსაქმეს მისდევდა: პალმის ტოტებისგან წნავდა კალათებს, ქსოვდა ჭილობებს, რასაც უახლოეს ქალაქებში პურსა და სხვა აუცილებელზე ცვლიდა. ასე ირჩენდნენ თავს მეუდაბნოენი და ხშირად ღარიბებსაც უნაწილებდნენ ლუკმას.

ძმობის წევრებს მეტისმეტად მოკრძალებული მოთხოვნები ჰქონდათ: მკაცრ მარხვას იცავდნენ, მდაბიურად იმოსებოდნენ, საკუთარი არაფერი გააჩნდათ. ანტონი ზოგად კანონებს არ იძლეოდა – მონაზვნური ცხოვრების განაწესი საჭიროებისამებრ უნდა ჩამოყალიბებულიყო. ის მხოლოდ ესაუბრებოდა მამაშვილურად, ცდილობდა, ესწავლებინა უპოვარება, სიმდაბლე, ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე შეგონებამ:

“ცხოვრების ყველა წესის შესაცნობად საკმარისია წმინდა წერილი. მაგრამ უდიდეს სარგებელს მოიტანს, თუ ძმები ურთიერთშეგონებასაც ათხოვებენ ყურს. თქვენ რაც იცით, მე მეუბნებით, როგორც მამას, მე კი თქვენ, შვილებს, მრავალწლიან გამოცდილებას გაუწყებთ.

ვისაც მთელი გულით სურს, ღმერთისკენ მიიქცეს, მას თავად უფალი ასწავლის მისდამი ლოცვას; სულიწმიდა თავის შემწეობას გარადმოუვლენს ღვთისმსახურებისადმი თავდადების მიხედვით; იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერად გრძნობს ადამიანი შემწეობის საჭიროებას და რაოდენ მხურვალედ სურს მისი მიღება.

ილოცეთ შეძლებისამებრ ხშირად, დილით, შუადღით და მწუხრისას იგალობეთ ფსალმუნები, მუდამ ხელთ გქონდეთ წმინდა წერილი. იხსენებდეთ წმინდანთაგან აღსრულებულ ღვაწლს, რათა მათი მაგალითით სული თქვენი აღძრათ სათნოებათათვის და მოზღუდოთ მანკიერებათა მიმართ. იყავით უბოროტონი; ეს მარადიული ცხოვრების სათავეა. დავიმორჩილოთ ენა, რათა უშვერი სიტყვა არ წამოგვცდეს“.

ანტონი და, საერთოდ, ყველა მეუდაბნოე მოძღვარი თავის მოწაფეებს თავმდაბლობას შეახსენებდა, რადგან ყოველგვარ საცდურთან შედარებით მოღვაწისთვის ყველაზე სახიფათოა სულიერი სიამაყე. მოღვაწეს, რომელმაც ყველაფერი დათმო ქრისტესთვის, ადვილად შეეძლო შინაგანად გაამაყებულიყო და ღვაწლი საკუთარ დამსახურებად ჩაეთვალა. ანტონი ამბობდა:

“ჩვენ ამქვეყნად ისეთს ვერაფერს ვიპოვით, ზეციურ სავანეებს რომ შეედრებოდეს. ამიტომ მიწიერი სიკეთეების უარმყოფელთაგან ნურავინ დაიტრაბახებს, რომ ბევრი რამ დათმო.

ვინც თავისთავში ღირსებებს ხედავს და მათით ზვაობს, ცდილობს, საკუთარი საქმეებით თავი გაიმართლოს – შორს არის ღმერთისგან“.

ანტონი ყველა მოღვაწეს მამასავით უყვარდა. ათანასე მის შესახებ წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ანტონი უდაბნოში ცხოვრობდა და იქვე მოხუცდა, არ გამხდარა უხეში, ტლანქი, ყოველთვის ალერსიანი და მზრუნველი იყო. უჩვეულოდ სასიამოვნო და მიმზიდველი სახე ჰქონდა. თუ მასთან უდაბნოში მისულს მანამდე არ ენახა იგი, უამრავ მონაზონთაგან გამოარჩევდა და პირდაპირ მიდიოდა მასთან, ვისაც სახეზე სულის სისპეტაკე და მასში დავანებული სულიწმიდის მადლი ეფინებოდა“.

ანტონი რჩევაზე უარს არავის ეუბნებოდა; მოსულ ღატაკს თავისი შრომით ნაშოვნი პურის უკანასკნელ ლუკმას აწვდიდა. ერთხელ ესტუმრნენ სწავლული წარმართები, რომლებსაც აინტერესებდათ უდიდესი მეუდაბნოის ნახვა. ისინი უარყოფდნენ ქრისტიანობას და დასცინოდნენ უფლის ჯვარს. ანტონმა ის იყო სიტყვებით სცადა მათი დარწმუნება, რომ მასთან მიიყვანეს სნეულები. მეუდაბნოემ ილოცა, გადასახა მათ ჯვარი და ისინიც უმალ განიკურნენ. მაშინ ანტონმა წარმართებს მიმართა: „ნუ გაოცდებით, ამას ჩვენ აღვასრულებთ არა საკუთარი, არამედ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ძალით. ირწმუნეთ და შეიცნობთ, რომ ჩვენი ძლიერება არის „სარწმუნოებაჲ, სიყუარულისგან შეწევნული“ (გალ. 5,6) და არა სიტყვათა ხელოვნება“.

მას შემდეგ, რაც მრავალი წელი იცხოვრა მოწაფეებთან ერთად, ანტონს ისევ მოენატრა განმარტოება. ისიც დაინახა, რომ მის მოწაფეთაგან ბევრმა უკვე შეიძინა გარკვეული სულიერი გამოცდილება, აღარ საჭიროებდნენ მის შეგონებებს და თავადაც შეეძლოთ სხვათა დამოძღვრა. ამიტომაც გადაწყვიტა, იქაურობას გასცლოდა – წაიღო მცირედი პური და მდინარის ნაპირისკენ გაემართა, მაგრამ უცებ მოესმა ხმა: „სად გინდა გაქცევა?“ – „ზემოთ, თებაიდაში“, – მიუგო ანტონმა. – „ზემოთ თებაიდაში გაემართები თუ ქვემოთ ბუკოლიაში (ადგილი ნილოსის შესართავთან) მოსვენებას ვერ ჰპოვებ. გასწიე შიდა უდაბნოსკენ“.

ანტონმა ამ ხმას დაუჯერა და წავიდა აღმოსავლეთით, მეწამული ზღვის მახლობლად მდებარე თებაიდის უდაბნოსკენ. სამი დღე იარა და მაღალ კლდოვან მთას მიადგა, რომლის წვერიდან კარგად მოჩანდა ქორებისა და სინას მთები, ვრცელი უდაბნო და ეგვიპტის ნაყოფიერი ველები. მთის ძირში პალმები ხარობდა და ნაკადული მორაკრაკებდა. ანტონი მთაზე დასახლდა და იქ ვიწრო სენაკი მოიწყო. იქიდან ხშირად მიდიოდა თავისი პირველი მონასტრის, სახელად პისპერის, მოსანახულებლად. თავადაც მნახველებს ყოველთვის გულღიად და სიხარულით იღებდა. როდესაც ძალიან მოხუცდა, რამდენიმე მოწაფე თავისთან დატოვა საცხოვრებლად: ერთი მათგანი ცნობილია პავლე უბრალოს სახელით – ასე მოიხსენებდნენ მას საოცარი სიმდაბლისა და სულიერი სიწრფელის გამო. ის ამ თვისებებით გახდა ღვთისთვის სათნო და სასწაულქმედების ნიჭიც ებოძა. ანტონი თებაიდის უდაბნოში კიდევ ერთ პავლეს შეხვდა.

მოღვაწისთვის იმდენად რთულია, სრულად დაიცვას თავი სიამაყისგან, რომ თავად ანტონი დიდმაც კი ვერ აირიდა ეს საცდური. ერთხელ თავი მთელ ეგვიპტეში პირველ და უსრულყოფილეს მეუდაბნოედ წარმოიდგინა, მაგრამ იმავე ღამეს გაუმხილა უფალმა, რომ ამა და ამ ადგილას ცხოვრობდა ასკეტი, რომელიც მასზე დიდხანს და სათნოდ ემსახურებოდა ღმერთს. თავად ანტონი უკვე სამოცდაათი წელი მოღვაწეობდა უდაბნოში.

როგორც კი გათენდა, ანტონმა კვერთხი აიღო და გზას გაუდგა – უნდა ეპოვნა ის, ვის შესახებაც უფალმა განუცხადა. სამი დღე მიდიოდა გავარვარებულ ქვიშაზე, მაგრამ ადამიანის კვალს ვერსად მიაგნო. ბოლოს, როდესაც თებაიდის უდაბნოს ზღვარს მიაღწია, გაქცეულ აფთარს მოჰკრა თვალი; მიჰყვა მას და მღვიმეს მიადგა. მისი ნაბიჯების ხმის გაგონებისას ვიღაცამ მღვიმის შესასვლელი სასწრაფოდ დახურა. ანტონი მუხლებზე დაეცა და შესძახა: „გევედრები, ქრისტეს მონავ, გამიღე. ვიცი, რომ არ ვარ ღირსი შენი სახის ხილვისა, მაგრამ არ წავალ, სანამ არ მეჩვენები, რამეთუ თავად ღმერთმა მაუწყა შენს შესახებ“.

მღვიმის კარი გაიღო და გამოჩნდა განდეგილი. ორმა მოხუცმა, რომელთაც ერთმანეთი მანამდე არასდროს ენახათ, სახელებით მიმართეს და სიყვარულით გადაეხვივნენ ურთიერთს. თებაიდელი განდეგილი იყო პავლე, რომელიც დეციუსის დროინდელ დევნას გამოექცა. ის ამ უდაბნოში 91 წელიწადი ცხოვრობდა და ამ ხნის მანძილზე ადამიანის სახე არ ენახა. 113 წლის მოხუცი ხალისიანად და მშვიდად გამოიყურებოდა. მან გამოჰკითხა ანტონს იმჟამინდელი საერო ცხოვრების შესახებ, დაინტერესდა, კიდევ თუ არსებობდა კერპთაყვანისმცემლობა, დევნიდენ თუ არა ქრისტიანებს... შემდეგ თავისთავზეც უამბო. ბერები საუბრობდნენ, როცა ყორანი მოფრინდა და მათ წინ პური დადო. „უხვია და მოწყალე უფალი, ის ყოველდღე ნახევარ პურს მიგზავნის, ახლა შენს მოსვლასთან დაკავშირებით მთელი პური გვიბოძა“– თქვა პავლემ.

ბერებმა მთელი ღამე ლოცვასა და საუბარში გალიეს. ბოლოს პავლემ ანტონს მიმართა: „დიდი ხანია, ვიცი, რომ უდაბნოში ცხოვრობ და ვისურვებდი – შენთან ერთად მეღვაწა, მაგრამ ჩემი აღსასრულის ჟამი მოახლოვდა და მე ვმადლობ ღმერთს შენი გამოგზავნისთვის. გევედრები, გაბრუნდი და მომიტანე მოსასხამი, რომელიც ეპისკოპოსმა ათანასემ მოგცა“.

ანტონი გაოცდა, რომ ეს ამბავი პავლესთვის ცნობილი იყო. ოღონდ მისმა სიტყვებმა მოახლოებული აღსასრულის შესახებ ძალიან დაამწუხრა, არ უნდოდა მისი მიტოვება, მაგრამ თხოვნის შესრულებაზეც ვერ უთხრა უარი. იგი საჩქაროდ გაეშურა თავის სენაკში და აიღო მოსასხამი; გაოცებულმა მოწაფეებმა გამოკითხვა დაუწყეს, მაგრამ მან მარტო ეს უპასუხა: „მე მხოლოდ სახელით ვარ მონაზონი. მე ვნახე ილია, ვნახე იოანე უდაბნოში, ვიხილე პავლე სამოთხეში“.

იგი შეუსვენებლივ და სწრაფად მიდიოდა სიცხის ალმურში გახვეულ უდაბნოში. მეორე დღეს საოცარი ხილვა ჰქონდა: მოციქულთა და წინასწარმეტყველთა დასებს შორის დაინახა პავლეს სიხარულით აღსავსე სული, რომელიც ანგელოზებს ზეცად აჰყავდათ. ანტონმა გოდება დაიწყო, მიწაზე დაემხო და შეჰღაღადა: „რატომ მიმატოვე, წმინდა მამაო? რატომ გიცნობდი ასე ცოტა ხანს?!“ შემდეგ გზა მაინც განაგრძო და როცა მღვიმესთან მისულმა მუხლმოდრეკილი, მლოცველი პავლე დაინახა, სიხარულით ათრთოლებული მივარდა და ხელი მოჰკიდა. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ იგი უკვე აღარ იყო ცოცხალი. ანტონმა მოტანილი მოსასხამით შემოსა პავლეს ცხედარი, ცრემლთა ფრქვევით გამოასვენა მღვიმიდან, რათა მიწისთვის მიებარებინა; ანტონს არაფერი ჰქონდა სამარის გასათხრელად, მაგრამ მასთან ორი ლომი მივიდა და ბრჭყალებით ამოთხარა საფლავი. მეუდაბნოე რომ დაასაფლავა, ანტონმა აიღო პალმის ტოტებისგან დაწნული მისი სამოსი და თავის სენაკში დაბრუნდა. იგი ამ ნივთს უფრთხილდებოდა, როგორც სიწმინდეს და საზეიმო დღეებში იცვამდა ხოლმე.

უფალმა ანტონს სასწაულქმედებისა და წინასწარმეტყველების საოცარი ნიჭნი უბოძა. ერთხელ, ალექსანდრიაში არიანელთაგან დევნის დაწყებამდე ორი წლით ადრე, მოძმეებთან ერთად ხელსაქმით გართული ანტონი უცებ სულიერად შეშფოთდა, შემდეგ მუხლებზე დაეცა, დიდხანს ტიროდა და გმინავდა. მოწაფეების შეკითხვაზე, თუ რა დაემართა, მან უპასუხა:

“შვილნო ჩემნო, მირჩევნია, მანამდე მოვკვდე, სანამ ახდება ის, რაც ვიხილე. ეკლესიას ღვთის რისხვა დაატყდება – მას ხელში ჩაიგდებენ პირუტყვის დარი ადამიანები. მაგრამ ნუ დაღონდებით, შვილებო; როგორც განურისხდა უფალი ეკლესიას, ისევე განკურნავს მას და დაუბრუნებს უწინდელ მშვენიერებას. იხილავთ აღდგენილ განდევნილებს. ოღონდ თავს ნუ წაიბილწავთ არიანელებთან ერთობით“.

წმინდა მეუდაბნოე გარდაიცვალა 335 წელს 105 წლის ასაკში. მას უკანასკნელ წლებში აღარ შეეძლო თავის მიერ დაარსებული მონასტრების ხშირად მონახულება, სამაგიეროდ, ძმობას სწერდა შეგონებებს, რომლებმაც ჩვენამდეც მოაღწია – ისინი სიყვარულითა და უდიდესი სიბრძნით სუნთქავენ. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ძალა მოიკრიბა და კიდევ ერთხელ მოინახულა პისპერის მონასტერი, გამოეთხოვა მოწაფეებს, უკანასკნელი დარიგებები მისცა და თავის განმარტოებულ სენაკში დაბრუნდა. ამის შემდეგ მალევე აღესრულა, მანამდე კი მოწაფეებს დაუბარა, არავისთვის ეჩვენებინათ მისი დასაფლავების ადგილი. მეუდაბნოენი დიდხანს გლოვობდნენ თავიანთ მამას, მნახველებს აჩვენებდნენ მის სენაკს, მისი ხელით დარგულ ხეებსა და ამოთხრილ გუბურას.

წმინდა ანტონის საცხოვრებელ ადგილს დღესაც ათვალიერებენ მოგზაურები. იგი გარშემორტყმულია ქვის ყრუ გალავნით, რომელშიც მხოლოდ ერთი სარკმელია გამოჭრილი, სადამდეც ადამიანი გოდრით აჰყავთ. გალავანს იქით ორი პატარა ტაძარი დგას.

როდესაც დევნული ათანასე უდაბნოში თავშესაფრის საძებნელად მივიდა, მას ანტონი ცოცხალი აღარ დახვდა, მაგრამ მთელს უდაბნოში განფენილიყო მისი დიდება და ხსოვნა. აი, როგორ აღწერა ათანასემ ანტონის მიერ დაარსებული სავანეები:

“მთებში იყო მონასტრები. როგორც ტაძრებია სავსე საღვთო დასებით, ასევე ამ სავანეებშიც ტევა არ იყო ადამიანებისა, რომელთა ცხოვრება ფსალმუნების გალობაში, კითხვაში, ლოცვაში, მარხვასა და მღვიძარებაში გადიოდა. ისინი მთელ სასოებას სამომავლო სიკეთეებზე ამყარებდნენ, ცხოვრობდნენ განმარტოებითა და საოცარი სიყვარულით. შრომობდნენ არა იმდენად საკუთარი თავის გამოსაკვებად, რამდენადაც ღატაკთა დასაპურებლად. ეს იყო ამა სოფლისგან სრულად მოწყვეტილი დიდი ქვეყანა, რომლის ბედნიერ ბინადართ სიმართლესა და ღვთისმსახურებაში მოღვაწეობის გარდა სხვა რამ მიზანი არც ჰქონდათ. მათთვის უცხო იყო დრტვინვა და დავა, ბოროტის მიგება. მხოლოდ სათნოებათა ქმნაში ეჯიბრებოდნენ ურთიერთს“.

ეს აღწერა ესადაგება იმ დროის ყველა მონასტერს. თითქმის ყოველი მათგანი მოწყობილი იყო ანტონი დიდის მოწაფეების მიერ მისივე ლოცვა-კურთხევით.[1]

ანტონის საცხოვრებელი ადგილის მახლობლად იყო ნიტრიის უდაბნო და მთა – ეს სახელი აქაურ ტბებში დიდი რაოდენობით გვარჯილის შემცველობის გამო ეწოდათ. იქ IV საუკუნის ბოლოსთვის უკვე ორმოცდაათი მონასტერი იყო, რომლებშიც ექვსი ათასამდე მონაზონი ცხოვრობდა. ამ უდაბნოს ერთ-ერთი პირველი მოღვაწე იყო ამონი.

ამონს, მდიდარი და ცნობილი გვარის შთამომავალს, ყმაწვილობიდანვე სურდა უდაბნოში ცხოვრება, მაგრამ მშობლების სურვილით დაქორწინდა. აღმოჩნდა, რომ მეუღლეც, აგრეთვე, მკაცრი, სამოღვაწეო ცხოვრებისკენ მიილტვოდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან თავის სახლში ქალწულთა საზოგადოება ჩამოაყალიბა. მისი ქმარი – ამონი კი ნიტრიის უდაბნოში დასახლდა. ცოლი წელიწადში ორჯერ ნახულობდა მას რჩევა-დარიგებათა მისაღებად. ამონის ირგვლივ მრავალმა მოღვაწემ მოიყარა თავი. მისი თხოვნით, ანტონმა მოინახულა იგი და მოუნიშნა სენაკების ადგილები ძმებს, რომლებსაც უფრო მეტად განმარტოება სურდათ. ასე მოეწყო ნიტრიიდან ოდნავ მოშორებით კელიების უდაბნო, რაც უმალ გაივსო მონაზვნებით. მათ ამონი მოძღვრავდა; შემონახულია მისი რამდენიმე შეგონება:

“იფიქრე, საყვარელო, რომ უფალმა იესო ქრისტემ, გამოუთქმელი დიდებისა და სიდიადის მქონემ, მოგვცა მაგალითი, რათა მივყვეთ მის ნაფეხურებს. მოგვევლინა მონად, გადაიტანა ყოველგვარი გაჭირვება, შეურაცხყოფა და დამცირება. „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა“ (საქმ. 8,32); ყველა დამცირებასთან ერთად მან ჩვენთვის სიკვდილი იტვირთა; ეს ყოველივე იმისთვის, რომ ჩვენ, თუ დაგვემუქრება განსაცდელი, წამება და სიკვდილიც კი, სულით არ დავეცეთ და უდრტვინველად ავიტანოთ გასაჭირი.

გჯეროდეს, რომ სულისთვის ფრიად სასარგებლოა ქრისტეს გამო მოყენებული ძაგება, გათელვა და დამცირება. ამიტომ ხალისით და მტკიცედ დაითმინე და იფიქრე, რომ საკუთარი ცოდვებისთვის მეტსაც იმსახურებ. შენდამი გამოჩენილ ქველმოქმედებად ჩათვალე, თუ ღირსი გახდები, ქრისტესთვის რაიმე აიტანო და თუნდაც ერთი წუთით შენი უფლის წამების თანაზიარი გახდე. ყოველთვის, როცა გაიხსენებ წყენას, მთელი გულით, წრფელად ილოცე მაჭირვებლებზე, როგორც საკუთარ კეთილისმყოფელებზე და ნურაფერს განიზრახავ მათ წინააღმდეგ.

გახსოვდეს, თუ იესო ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, აღდგა და თავისი სისხლით გამოგვისყიდა, ჩვენც უნდა ვიცხოვროთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ უფლისთვის.

ამიტომაც არ უნდა აჰყვე საკუთარ ნება-სურვილს, არ უნდა გჯეროდეს, რომ შენზე არის რაიმე დამოკიდებული. შენ მონა ხარ უფლისა და მხოლოდ მის ნებას დაემორჩილე.

თუ ვინმესგან შეურაცხყოფილი იგრძნობ, რომ წყენამ და მრისხანებამ დაგრია ხელი, დადუმდი და მანამ ნურაფერს იტყვი, სანამ ლოცვით არ დაიცხრობ გულს. მაშინ უკვე შეგიძლია ძმასთან საუბარი“.

ამონი ანტონზე ადრე გარდაიცვალა. ამ უკანასკნელმა კი მისი სული იხილა, რომელიც ანგელოზებს ზეცად აჰყავდათ.

ნიტრიის უდაბნოს ცნობილი ასკეტები იყვნენ: მაკარი ალექსანდრიელი, სერაპიონი, პაფნუტი, პამბო, პიორი, ქრონოსი...

ამონის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში აუცილებელი შეიქნა მონაზვნური ცხოვრების ზოგიერთი წესის ჩამოყალიბება და ძმობისთვის წინამძღვრის დადგინება, რომლის მოვალეობებიც მოკლედ გადმოსცა მაკარი ალექსანდრიელმა:

“თქვენ, წინამძღვარნო მამანო, სახე ექმენით მართალთ. ხან თვინიერებით, ხანაც სიმკაცრით აღამაღლეთ მოძმეთა სულები მიწიერიდან ზეციერისკენ.

მონასტერში შესულს უპირველესად მოეთხოვება უარყოფა მიწიერ სიუხვეთა, ყველაზე მეტად კი სიამაყისა, რომელიც უპოვრებსაც ახასიათებთ. მთავარია, თავმდაბლობით დამორჩილდეთ, რათა არავინ თქვენს შორის, ძმებო, თავის ნებაზე არ იაროს.

ეს დიდი და ღვთისთვის სათნო მსხვერპლი იქნება. მზად იყავით ყოველი კეთილი საქმისთვის. რა განსაცდელიც უნდა შეგემთხვათ, იყავით მომთმენნი, საქმეში პატიოსანნი, ნურავის გადაუხდით ბოროტებას ბოროტებით, ეცადეთ, ყველას სიკეთე მიაგოთ“.

მონაზვნები ათკაციან და ასკაციან ჯგუფებად იყოფოდნენ. თითოეულის უფროსი იყო მონაზონი, რომელსაც აბბა (მამა) ეწოდებოდა – იგი მთავარ ამბას აცნობდა მიმდინარე მოვლენებს. ცხოვრების წესები სიმარტივით გამოირჩეოდა, განსაზღვრული იყო საათები საერთო ლოცვისა და საქმიანობისა. მონაზვნები ძირითადად კალათებს წნავდნენ და ჭილობებს ქსოვდნენ. მინდვრად სამუშაოების მოძალების დროს უფლება ჰქონდათ, მეზობელ დაბაში ვინმეს დასდგომოდნენ მუშად; საკუთარი ქონება არავის გააჩნდა. საერთო წესის თანახმად, მეცხრე ჟამამდე (შუადღის სამ საათამდე) მონასტრებსა და განმარტოებულ სენაკებში მონაზვნები დროს ლოცვაში, კითხვასა და ხელსაქმეში ატარებდნენ, შემდეგ იკრიბებოდნენ საერთო ლოცვაზე, დასასრულს აბბა შეგონებებს უკითხავდა. შემდეგ კი მაგიდას შემოუსხდებოდნენ, რაზედაც ეწყო საკვებად პური, ბოსტნეული და ხილი, ორმოცდღიანი მარხვის დროს კი მხოლოდ პური და წყალი. მონაზვნები ყოველდღე რაიმეს სწავლობდნენ წმინდა წერილიდან. მწირთა მიღება მათი უწმინდესი მოვალეობა იყო, მანამდე, ვიდრე უდაბნოში მოგზაურთა დასაბინავებელი სახლები, მონასტრებთან კი ქსენონები მოაწყეს.

ასკეტთა შესახებ მრავალ ცნობას გვაწვდის იტალიელი რუფინუსი აკვილეადან. მან თავად ექვსი წელი დაჰყო ნიტრიის უდაბნოში და გაოცებით საუბრობს იქაურ განდეგილთა ღვაწლზე. IV საუკუნის ბოლოს ეს უდაბნო მოინახულა ნეტარმა იერონიმემ, რომელმაც ნიტრიის მთას საღვთო ქალაქი უწოდა.

ნიტრიის ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა მოღვაწემ, პამბომ, მონაზვნად შედგომისას ერთ განდეგილს სთხოვა, მისთვის ზეპირად ესწავლებინა რამდენიმე ფსალმუნი, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. განდეგილმა მას 38-ე ფსალმუნის საწყისი სიტყვები უთხრა: „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“. – „საკმარისია, – შეაწყვეტინა პამბომ, – მე ამ გაკვეთილს შევისწავლი“. ოცი წლის შემდეგ კი, მან ერთ მეგობარს უთხრა: მხოლოდ ახლა ვიწყებ ამ სიტყვების გაგებასო. აი, რაოდენ წინდახედული და ფრთხილი იყო საუბარში. ვიღაცამ რჩევა სთხოვა, რაზედაც პამბომ მიუგო: „მოწყალე იყავ ყველას მიმართ“. თავადაც მზად იყო, ხალისით აეტანა ნებისმიერი გაჭირვება. ყველა განსაკუთრებით აფასებდა პამბოს და მას ღვთის მეგობრად მიიჩნევდა. წმინდა ცხოვრებით გაითქვეს სახელი მისმა მოწაფეებმაც: იოანე მოკლემ და პაისი დიდმა.

მაკარი ალექსანდრიელი ნიტრიისა და კელიის უადბნოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წინამძღვარი იყო. ის ორმოცი წლისა წავიდა ნიტრიის უდაბნოში, მანამდე კი, რაღაც დროის განმავლობაში, უძღვებოდა ალექსანდრიის სასწავლებელს, რაც მის დიდ განსწავლულობას ადასტურებს. იყო მკაცრი მოღვაწე, მაგრამ ძმობასთან მშვიდი ურთიერთობა ჰქონდა. სახელი გაითქვა სასწაულმოქმედებით. გარდაიცვალა ასი წლის ასაკში.

კიდევ უფრო ცნობილია მაკარი ეგვიპტელი, სკიტეს უდაბნოს მონაზვნობის ფუძემდებელი. იგი ღარიბ ოჯახში დაიბადა და ყმაწვილობაში პირუტყვს მწყემსავდა. უკვე მაშინ ეწადა მეუდაბნოეობა, მაგრამ მშობლებმა მისი დაქორწინება მოისურვეს და ისიც დაემორჩილა. მალე ცოლი და მშობლები გარდაეცვალა; ამის შემდგომ მაკარი დასახლდა დაბიდან მოშორებით, ერთი ღვთისმსახური მოხუცის მახლობლად და მასვე დაემოწაფა.

უფალმა დიდი განსაცდელი მოუვლინა – მას ცილი დასწამეს, მაგრამ უდრტვინველად აიტანა ზიზღი, ლანძღვა და რწმენით მიენდო ღმერთს – თუ იქნებოდა მისი ნება, მაკარის უდანაშაულობა გაცხადდებოდა. ასეც მოხდა: რამდენიმე ხნის შემდეგ მაკარის სიმართლე დადასტურდა. მას შემდეგ ყველა უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა. მოსახლეობა განაცვიფრა მისმა სიმშვიდემ და მოთმინებამ.

ამის შემდგომ მაკარმა გადაწყვიტა, საერთოდ მიეტოვებინა ეს ქვეყანა და ნიტრიის უდაბნოში დასახლებულიყო, საიდანაც ხშირად ნახულობდა ანტონს. მოგვიანებით უფრო მკაცრი განდეგილობა მოისურვა და გადასახლდა ნიტრიის უდაბნოდან 24 საათის სავალით დაშორებულ ადგილას – სკიტეში – მკაცრ, ველურ, ქვიშრობ უდაბნოში, სადაც თითქმის არ არსებობდა სასიცოცხლო პირობები, თვით სასმელი წყალიც კი. მაგრამ გაჭირვებამ ვერ შეაშინა ვერც მაკარი, ვერც სხვა ასკეტები, რომლებიც მალე მიჰყვნენ მას. მაკარმა მალე გაითქვა სახელი სასწაულებით, სიბრძნითა და მკაცრი ყოფით. სკიტეს ცხოვრების წესი მეზობელ უდაბნოებთან შედარებით რამდენადმე მძიმე იყო. იქ მიდიოდნენ მოღვაწეები დიდი მარხვის, განსაკუთრებით კი ვნების შვიდეულის დღეებში.

მაკარის შესახებ საკმაოდ ბევრი გადმოცემა შემოინახა: ერთხელ მისმა ერთმა მოწაფემ წარმართ ქურუმს ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რომ გაავებულმა კაცმა კინაღამ მოკლა. შემდეგ მას მაკარი შეხვდა და სიყვარულით დაუწყო შეგონება, ქურუმი კი ბოლოს ფეხებში ჩაუვარდა და შეჰყვირა: „ვხედავ, ღვთის კაცი ხარ, მეც გამაქრისტიანე!“ მაკარი ამ შემთხვევის თაობაზე ამბობდა: „ავი სიტყვა კეთილსაც გააბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტსაც მოალბობს“.

ერთხელ უფალმა გაუმხილა მაკარს, რომ უახლოეს ქალაქში ცხოვრობდა ორი, სათნოებით მასზე სრულყოფილი დედაკაცი. ისიც მათ მოსაძებნად წავიდა, რადგან ეგონა, რომ ისინი რაღაც არაჩვეულებრივ ღვაწლს მისდევდნენ. აღმოჩნდა, რომ ეს დედაკაცები უკვე თხუთმეტი წელი იყო, რაც ძმათა ცოლები იყვნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათ შორის სიყვარული და თანხმობა სუფევდა; თავიანთ მოვალეობასაც გულმოდგინედ ასრულებდნენ. ამ ყოველივემ მაკარზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ღმერთს ევედრებოდა, უდაბნოში ეცხოვრა ისეთი ღვთისმოშიშებით, როგორითაც ეს დედაკაცები იყვნენ დაჯილდოებულნი.

ღირსმა მაკარმა დატოვა 50 საუბრის ჩანაწერი და რამდენიმე ეპისტოლე. ისინი შეიცავენ სწავლებას სულიერი ცხოვრებისა და საღვთო მადლის შესახებ, რომლის მიერ მონიჭებული ძალის გარეშე ჩვენგან სიკეთის ქმნა შეუძლებელია. მაკარი ეგვიპტელის ხსენების დღეა 19 იანვარი.

სკიტეს ასკეტთაგან განსაკუთრებით ცნობილნი არიან: პიმენი, ესაია, პაფნუტი, სისო (ეს უკანასკნელი შემდეგ ანტონის მთაზე დასახლდა), მოსე და გვიანდელთაგან იოანე მოკლე და არსენი. ძნელია ყველა წმინდა მოღვაწის ჩამოთვლა და ღირსეულად აღწერა მათი ცხოვრებისა, რომელიც მთლიანად ღვთისადმი მსახურებას ეძღვნებოდა. მიუხედავად სხვადასხვა ღვაწლისა, უნარისა და მდგომარეობის ნაირგვარობისა, ამ ადამიანთა ერთადერთი მიზანი ღვთისთვის სათნო-ყოფა იყო. ვინ სახელი გაითქვა განსაკუთრებულად მკაცრი თავშეკავებით, ვინ ბრძნული შეგონებებით, ვინ გასაოცარი სიმშვიდით...

არსებობს გადმოცემა სკიტეს ერთ-ერთი მოღვაწის – მოსე ეთიოპიელის ანუ მოსე შავის შესახებ. ის ახალგაზრდობაში ყაჩაღი იყო და თავის ბანდასთან ერთად გამოირჩეოდა სისასტიკით, შეუპოვრობითა და დაუნდობელი შურისმაძიებლობით; თავისი ავკაცობით შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყანას. მაგრამ, უცებ, ღვთის წყალობით მასში სინდისმა გაიღვიძა და გულს სინანული ეწვია. თავისი ბოროტმოქმედებით შეძრწუნებული მოსე უდაბნოში გაიქცა და ძმობას შეეკედლა. მას ყველაზე მკაცრი მორჩილება დააკისრეს, მაგრამ მოსე ყველაფერს უდრტვინველად ასრულებდა. მისი შინაგანი გადატრიალება ტანჯვის გარეშე არ მიმდინარეობდა: მოსეს დიდხანს აწამებდა სულიერი შემუსვრილების სიმძიმე და სინდისის ქენჯნა. მთელი ღამეები ლოცულობდა ცრემლმომდგარი. ხანდახან გული სწყდებოდა უწინდელ თავისუფალ და მხიარულ ცხოვრებაზე, მაგრამ ამ მოგონებებს მძიმე შრომითა და მღვიძარებით ახშობდა. ბოლოს უფალმა შეიწყნარა მისი სინანული და გარდამოუვლინა სიმშვიდე; მისი შინაგანი ქარიშხალი ლოცვამ და უდაბნოს მდუმარებამ დააცხრო – მონანული ავაზაკი უდიდესი მოღვაწე გახდა. მაგრამ ღმერთთან შერიგებული მოსე თავისი უწინდელი ცხოვრებისთვის სასჯელს ადამიანებისგან ელოდა და ხანდახან იტყოდა ხოლმე: „რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ“. და ეს სასჯელიც ეწია – იგი მოკლეს ბარბაროსებმა, რომლებიც თავს დაესხნენ სავანეს. მისი ხსენების დღეა 28 აგვისტო.

IV საუკუნის პირველ ნახევარში ზემო თებაიდაში მოღვაწეობდა პახომი დიდი, რომელმაც მონაზვნური ცხოვრების პირველი წეს-განგება (ტიპიკონი) შექმნა. პახომი წარმართულ ოჯახში დაიბადა, მაგრამ ყმაწვილობიდანვე ეზიზღებოდა კერპთაყვანისმცელობა. კონსტანტინესა და ლიცინიუსის ომის დროს იგი ძალით წაიყვანეს სამხედრო სამსახურში. სალაშქროდ წასული მეომრები განსაკუთრებული სიყვარულით მიიღეს ეგვიპტის ქალაქ ოქსირინქის ქრისტიანებმა. პახომი დაინტერესდა, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც ასე კეთილად და მოწყალედ მოექცნენ; უპასუხეს: ისინი ქრისტიანები არიან, რომელთა ღმერთიც ბრძანებს: მოყვასი საკუთარი თავივით უნდა გიყვარდესო. პასუხით გაოგნებული პახომი შეეცადა, კარგად გაეგო ქრისტიანული რჯულის რაობა. რაც უფრო ღრმად ეცნობოდა მას, მით მეტად უყვარდებოდა ქრისტიანები და მათი სარწმუნოება. ბოლოს აღთქმა დადო – სამსახურიდან გათავისუფლებისთანავე გაქრისტიანებულიყო. როგორც კი ომი დასრულდა და სამხედრო ვალდებულებაც მოეხსნა, ნათელ-იღო.

პახომი მალევე წავიდა თებაიდაში და ერთ ასკეტთან, პალამონთან დასახლდა და უსიტყვო მორჩილება აღუთქვა. პალამონი მკაცრი გამოცდებით ამზადებდა მას უდაბნოში მოღვაწეობისთვის: აკისრებდა მძიმე სამუშაოს, ითხოვდა მისგან საკუთარი ნების სრულად მოკვეთას. პახომი ყოველივეს ხალისით ასრულებდა, მასში სულ უფრო ღვივდებოდა ღვთისადმი სიყვარული. ასე გაიარა ათმა წელიწადმა.

იმ მთის ახლოს, სადაც პალამონი და პახომი ცხოვრობდნენ, უკაცრიელი, ეკალბარდებით დაფარული უდაბნო იყო. პახომი ხშირად დადიოდა იქ ფიჩხის მოსაგროვებლად და მუშაობის დროსაც ჩვეულებისამებრ ლოცულობდა. ერთხელ საკმაოდ შორს წავიდა და მიაღწია ადგილს ნილოსის ნაპირთან, სახელად ტაბენას. შეჩერდა სალოცავად და უცებ მოესმა ხმა: „აქ დასახლდი და მონასტერი ააგე. ბევრ მონაზონს შემოკრებ“. და მან იხილა ანგელოზი ხელში დაფით, რაზედაც მონაზვნური ცხოვრების განაწესი ეწერა.

როდესაც პალამონმა მომხდარის შესახებ შეიტყო, აკურთხა პახომი ცალკე საცხოვრებლად და თავადვე დაეხმარა ტაბენაში სენაკის მოწყობაში. ასკეტის სიკვდილამდე პახომი მისი დარიგებებით ხელმძღვანელობდა.

პახომისთან მალე მისი გაქრისტიანებული ძმაც მივიდა, მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება და მონაზონთა მისაღებად სენაკების მშენებლობას შეუდგნენ. პახომის მტკიცედ სწამდა წინასწარმეტყველური სიტყვებისა. როდესაც ძმა შეეცდებოდა მის დარწმუნებას, დიდ მშენებლობას არ შესდგომოდნენ, ჯერ ბრაზობდა, შემდეგ ნანობდა და ცრემლმომდგარი ევედრებოდა ღმერთს მიტევებასა და შემწეობას: „როგორ უნდა გავკადნიერდე და სხვები დავმოძღვრო, როდესაც საკუთარი თავის ძლევა არ ძალმიძს?! უფალო, შემეწიე! მხოლოდ შენი თანადგომით შევძლებ შენთვის სათნო-ყოფას“ – ღაღადებდა იგი.

ძმის სიკვდილის შემდეგ მარტოდ დარჩენილმა პახომიმ მშენებლობა განაგრძო. მასაც, როგორც ანტონს, უნდა გადაეტანა განმარტოებული ცხოვრების სირთულეები, რათა სულიერად განმტკიცებულს შეძლებოდა სხვათა დამოძღვრა და მართვა. რამდენიმე წლის შემდეგ მასთან მოღვაწეებმა იწყეს თავმოყრა, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა.

როდესაც მონასტერი ხალხმრავალი გახდა, პახომიმ შეადგინა საკმაოდ მკაცრი წეს-განგება, რომლის უპირველესი მოთხოვნა საკუთარი ნების მოკვეთა იყო. მონაზვნები სხვადასხვა მონასტერში გადანაწილდნენ. ორიოდ წელიწადში იქ უკვე ცხრა მონასტერი არსებობდა, მონაზონთა რიცხვი კი ათი ათასს აღწევდა.

თითოეულ მონასტერს თავისი წინამძღვარი ჰყავდა, მაგრამ ყველა ექვემდებარებოდა პახომის, რომელიც მათ რიგრიგობით ნახულობდა. მონასტრისთვის საჭირო ყველა სამუშაოს სხვადასხვა ხელობაში დაოსტატებული მონაზვნები ასრულებდნენ. ტრაპეზისა თუ მუშაობის დროს ძმობა ვალდებული იყო, მკაცრი მდუმარება დაეცვა, შინაგანად ელოცა ან წმინდა წერილის რომელიმე გამონათქვამზე ეფიქრა. წმინდა წერილი ზედმიწევნით ისწავლებოდა.

პახომი უარს ამბობდა ნებისმიერ პატივზე და თავისთავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდა. მმართველობის უფლება მისთვის ყველას მიმართ სამსახურს ნიშნავდა. უფალმა მას მიანიჭა სასწაულმოქმედების, სნეულთა კურნების, იდუმალი ზრახვების ამოცნობის ნიჭი. მაგრამ პახომი ამით არ ქედმაღლობდა, ის მთელი სიცოცხლე ღრმა თავმდაბლობით გამოირჩეოდა.

ერთხელ წარმართებმა პახომის ჰკითხეს:

– თუ მართლაც ღვთის კაცი ხარ და მტკიცედ გწამს უფლისა, გაიარე წყალზე ისე, როგორც ხმელეთზე დადიხარ ხოლმე.

– მე არ ვთხოვ ღმერთს ასეთი სასწაულის აღსრულების ძალას, რამეთუ ეს არ არის ქრისტიანული გულისსიტყვა. მე ღვთის მოწყალების იმედი მაქვს და არა საკუთარი საქმეებისა. ჩემი სურვილი წყალზე სიარული არ არის – მინდა მუდამ ვგლოვობდე საკუთარ ცოდვებს და მივიღო ღვთის შეწევნა, რომ თავმდაბლობით შევძლო გადარჩენა, – მიუგო პახომიმ.

იგი მონაზვნებსაც უშლიდა რაიმე უჩვეულო ღვაწლის აღსრულებას, რაკი ასეთ სურვილს სიამაყისა და პატივმოყვარების გამოვლინებად მიიჩნევდა. დაცემულებსა და შემცოდეებს დიდი სიყვარულით ამხნევებდა. მის სავანეებში ბავშვებსაც იღებდნენ აღსაზრდელად და მათზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ. ნილოსის მეორე ნაპირზე პახომის დამ დედათა მონასტერი დააფუძნა, რომელიც, აგრეთვე, მას ექვემდებარებოდა.

ტაბენა უამრავ ღვთისმსახურს, უმწიკვლო ცხოვრებით სახელგანთქმულ ძმას ითვლიდა. მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პახომის ხილვით ეუწყა, რომ მოგვიანებით ტაბენა თანდათან დაიცლებოდა და ღვთისმსახურებაც შესუსტდებოდა. ამან ძალიან დააღონა მოღვაწე, ცრემლებით ევედრებოდა ღმერთს, აერიდებინა ასეთი ხვედრი სავანისათვის. ლოცვის დროს მან იხილა ქრისტე, რომელმაც პახომის აღუთქვა, რომ მის მიერ ჩათესილი სულიერი თესლი მუდამ იარსებებდა.

პახომი გარდაიცვალა 57 წლის ასაკში 348 წელს. მის მოწაფეთაგან განსაკუთრებით ცნობილნი არიან: თეოდორე განწმენდილი, ორსისი, პეტრონიუსი.

თეოდორე მონასტერში თოთხმეტი წლისა მივიდა, მისი გონება მხოლოდ საიქიო ცხოვრებასა და მარადიულ ნეტარებაზე ფიქრობდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა და სწავლობდა წმინდა წერილს. პახომის მხურვალედ უყვარდა თეოდორე და სულიწმიდით აღვსილ რჩეულ ჭურჭელს უწოდებდა; ხშირად ავალებდა, დაემოძღვრა მონაზვნები. მოგვიანებით თეოდორე ტაბენის კრებულს ჩაუდგა სათავეში.

მკაცრი მონაზვნური ცხოვრება დედაკაცებსაც იზიდავდა – ისინი სიხარულით ტოვებდნენ ამა სოფელს. ბევრი დიაკონისად იყო ეკლესიაში და ღარიბებსა და სნეულებზე ზრუნავდა, სხვები მკაცრ სამოღვაწეო ცხოვრებას ირჩევდნენ და მოთმინებითა და თავგანწირვით მიჰყვებოდნენ ამ რთულ გზას. ამონის ცოლმა, ანტონისა და პახომის დებმა დედათა სავანეები დააფუძნეს. უამრავი ქალწული შრომობდა უდაბნოს სენაკებში. ზოგიერთი დედაკაცი, რომელიც წარმართობაში უზნეოდ და მანკიერად ცხოვრობდა, მოქცევის შემდეგ ცდილობდა, თავისი ცოდვები სინანულით, მძიმე შრომით, მკაცრი აკრძალვებით და მოწყალებით წარეხოცა. ასეთები იყვნენ ღირსი დედები: პელაგია, ევდოქსია და სხვები.

დედათა მონაზვნობის ფუძემდებლად ითვლება სვინკლიტიკია, დაბადებული ალექსანდრიაში, მდიდარ და გავლენიან ქრისტიანულ ოჯახში. პირმშვენიერ ქალწულს შეეძლო ბრწყინვალე მომავლის იმედი ჰქონოდა საერო ცხოვრებაში, მაგრამ ადრეული ასაკიდანვე ყველაზე მეტად ქრისტე შეიყვარა და მუდამ მის სამსახურს ესწრაფოდა. მშობლების სიკვდილის შემდეგ ღარიბებს დაურიგა, რაც გააჩნდა, უხმო პრესვიტერს და თმა მოიკვეცა საერო ყოფიდან განდგომის ნიშნად. სვინკლიტიკიამ თავის უსინათლო დასთან ერთად ერთ-ერთ აკლდამას შეაფარა თავი და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. ბევრმა ღვთისმსახურმა ქვრივმა და ქალწულმა მიჰბაძა და მის მახლობლად დასახლდა. როდესაც სვინკლიტიკიას დარიგებას სთხოვდნენ, ის მიუთითებდა წმინდა წერილზე, როგორც სიბრძნისა და მადლმოსილების ერთადერთ წყაროზე. მოგვიანებით დაჰყვა დედების თხოვნას და წინამძღვარი გახდა. აი, როგორ იწყება მისი ერთ-ერთი შეგონება:

“შვილებო, ყველამ ვიცით, როგორც უნდა გადავრჩეთ, მაგრამ საკუთარი უდებების გამო ხელიდან გვეცლება ცხონება. უწინარესად უნდა დავიცვათ მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22,37,39). ამ ორ მცნებაში ძევს მთელი რჯული და მასშივე დავანებულია მადლის სისავსე. თუმცა გამონათქვამი სულ რამდენიმე სიტყვისგან შედგება, მაგრამ უდიდესია და გამოუძიებელი მისი ძალა. სულისთვის ყოველივე სასარგებლო ამ მცნებათაგან მოდის... ამ ორ სიყვარულშია გადარჩენა“.

მძიმე სნეულებამ დარია ხელი სვინკლიტიკიას – მან სმენა და მხედველობა დაკარგა, სახეზე კიბო განუვითარდა; ტანჯვას მოთმინებით იტანდა და გამუდმებით ადიდებდა და ჰმადლობდა ღმერთს. სიკვდილამდე სამი დღით ადრე მან ზეციური ხილვით შეიტყო თავისი აღსასრული და ღრმად მოხუცმა მშვიდად განუტევა სული.

ათანასე, ანტონი, პახომი და სხვა მამები ქალწულებს უგზავნიდნენ ეპისტოლეებსა და შეგონებებს. ღვთისთვის შეწირულ ქალწულთა რიცხვი უზარმაზარი იყო ეგვიპტეში. მათ ყველა აფასებდა წმინდა ცხოვრებისთვის. ამ დროს დასავლეთში ჯერ კიდევ ნაკლებად იცნობდნენ ასკეტურ მოღვაწეობას. მაგრამ ათანასე, რომში ცხოვრების პერიოდში, თავისი შეგონებებით იქაურ ქრისტიანებშიც აღძრავდა მოშურნეობას, რითაც სათავე დაუდო დასავლურ ასკეტიზმსა და მონაზვნობას.

არსად ისე სწრაფად არ გავრცელებულა, ისეთ მძლავრ ნაკადად არ წამოსულა მონაზვნობა, როგორც ეგვიპტეში. თვალუწვდენელ, გავარვარებულ უდაბნოებში, უძველესი სამაროვნებით სავსე მთებში, მღვიმეებსა და ქვის სამტეხლოებში – ყველგან მოღვაწეები სახლობდნენ. საკერპო ბომონების ნანგრევები თუ აკლდამათა ნარჩენები სავანეებად გადააქციეს. ადგილები, სადაც ადრე კერპთაყვანისმცელობის რიტუალები აღესრულებოდა, განდეგილთა ლოცვითი ღვაწლით განიწმინდა და ახლა ფსალმუნები და სასულიერო საგალობლები ჟღერდა. ლიბიის მთები და ქალაქების: მემფისის, არსინოეს, კანობოსის, ლიკოპოლისისა და ალექსანდრიის შემოგარენი სავსე იყო მონასტრებსა თუ ცალკეულ სენაკებში მცხოვრები მონაზვნებით. ქალაქ ოქსირინქში რუფინუსმა ათი ათასამდე მონაზონი და ოცი ათასამდე ქალწული დათვალა.

პალესტინაში მონაზვნობა გაავრცელა ანტონის ერთ-ერთმა პირველმა და საყვარელმა მოწაფემ, ილარიონმა, რომელმაც განათლება ალექსანდრიაში მიიღო. იგი ჯერ კიდევ ჭაბუკი მივიდა ანტონთან, რათა მისი წინამძღვრობით დაეწყო სამოღვაწეო ცხოვრება. გარკვეული ხნის შემდეგ მშობლიურ პალესტინაში დაბრუნდა; მშობლები ცოცხლები აღარ დახვდნენ და ილარიონმა მთელი ქონება ახლობლებსა და ღატაკებს გაუნაწილა, თავად კი უდაბურ ადგილას დასახლდა. ილარიონი გააფრთხილეს, რომ ამ არემარეს ხშირად იკლებდნენ ყაჩაღები, მან კი უპასუხა: „როცა არაფერი გაბადია, საშიშიც არაფერია. სიკვდილისა არ მეშინია, მზად ვარ ამისთვის“.

მალე ილარიონის წმინდა ცხოვრების შესახებ გავრცელებულმა ხმებმა უამრავ მოღვაწეს მოუყარა თავი მის ირგვლივ. ღაზას მახლობლად მოეწყო სავანე. ილარიონმა რამდენჯერმე სცადა განმარტოება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მან საერთოდ მიატოვა სამშობლო: როდესაც ზეციური ხილვით ეუწყა ანტონის გარდაცვალების შესახებ, სასწრაფოდ მიაშურა მთას, სადაც მისი დიდი მოძღვარი ცხოვრობდა, და გულით გამოიგლოვა იგი. სიცოცხლის უკანასკნელი წლები ილარიონმა მწირობაში გაატარა, გარკველ ხანს დალმაციაში ცხოვრობდა, გარდაიცვალა კუნძულ კრეტაზე.

ილარიონამდე პალესტინაში მონაზვნობას საფუძველი ჩაუყარა ხარიტონმა, აღმსარებელმა, რომელიც დევნულების დროს იტანჯა. ერთხელ, როცა ხარიტონი იერუსალიმში მიდიოდა სიწმინდეთა თაყვანსაცემად, გზად ყაჩაღებმა შეიპყრეს, შეკრეს და მღვიმეში დააგდეს, თვითონ კი სხვა ნადავლის საშოვარზე წავიდნენ. მათ დაბრუნებამდე მოცურდა შხამიანი გველი, წყალი დალია ჭურჭლიდან და ზედ სასიკვდილო შხამი დაანთხია, რამაც დაბრუნებული ყაჩაღები დაგესლა და დახოცა. ხარიტონმა მღვიმეში დიდძალი ნაძარცვი ფული და ძვირფასეულობა იპოვა და ეს ყველაფერი ღარიბთა დასახმარებლად და ეკლესიების ასაგებად გამოიყენა. თვითონ იმ მღვიმეშივე დაიდო ბინა, სადაც ასე სასწაულებრივად გადარჩა; აქ ლოცულობდა და მარხულობდა. მალე მას შეუერთდნენ სხვა მოღვაწეებიც. გაჩნდა სენაკები, თავად მღვიმე კი ეკლესიად გადაკეთდა. ასე მოეწყო სავანე, რომელიც მოგვიანებით ერთობ ცნობილი გახდა ფარანის ლავრის სახელით.

როდესაც ლავრაში ხალხი მეტისმეტად გამრავლდა, ხარიტონი იერიქონის მახლობლად უდაბურ ადგილას განმარტოვდა, მაგრამ იქაც იგივე განმეორდა. მაშინ მესამე ადგილს მიაშურა და იქ დააარსა სავანე. ხარიტონის მიერ დაფუძნებული სამი ლავრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ფარანი დარჩა, სადაც თავად არის დაკრძალული.

ფარანის ლავრა პალესტინის მონაზვნობის ერთგვარ სანერგედ იქცა. იქ მოღვაწეებმა შემდგომ სხვა სავანეები მოაწყეს, ან უდაბნოში, განდეგილთა სენაკებში, განმარტოვდნენ. მალე იორდანეს ნაპირები, კედრონის დამშრალი კალაპოტი, იოსაფატის ველი ასკეტებით აივსო. მაცხოვრის შესახებ მოგონებებით განწმენდილ ადგილებში ადამიანებმა იტვირთეს საკუთარი ჯვარი და ემსახურებოდნენ უფალს შრომით, უპოვარებით და მოუკლებელი ლოცვით.

მძიმე იყო მათი ცხოვრება იმ მხარეში, სადაც საკვებსაც ძლივს შოულობდნენ. იორდანეს ნაპირებზე ლერწმის გაუვალ ჭალებში ლომები, გარეული ღორები და სხვა ნადირი იყო ჩასაფრებული. შემოგარენში ავაზაკები დაძრწოდნენ. მაგრამ ვერაფერი აშინებდა უდრეკ განდეგილებს – ისინი მკვდარნი იყვნენ მიწიერი ცხოვრებისთვის და მთელ სასოებას ღმერთზე ამყარებდნენ. უფალიც არ აკლებდა შემწეობას – მათ ღატაკ ცხოვრებას აცისკროვნებდა მადლის სხივებით, ძალმოსილების ნიშნებით და სასწაულებრივად იფარავდა. ამ ადამიანებს ზოგჯერ მოულოდნელად ეძლეოდათ საზრდო, დახმარება. უდაბნოს მხეცები არაფერს უშავებდნენ, პირიქით, მათ ნებას ემორჩილებოდნენ. სამოღვაწეო ცხოვრება სულ უფრო ძლიერდებოდა პალესტინაში; იქ უფრო განდეგილობა განვითარდა, ვიდრე საერთო საცხოვრებელი მონასტრები. მონასტრული ცხოვრების განაწესი და კანონები გაცილებით გვიან ჩამოაყალიბეს პალესტინის უდიდესმა მოღვაწეებმა: თეოდოსიმ, ექვთიმემ და საბამ.

სამოღვაწეო ცხოვრებამ პალესტინის მეზობელ სირიასა და მესოპოტამიაშიც შეაღწია. მაგრამ უდაბნოში მკვიდრობა იქ ისე ძლიერ და სწრაფად არ განვითარებულა, როგორც ეგვპიტეში.

სირიის დიდმა ეპისკოპოსმა იაკობ ნიზიბიელმა სიყმაწვილიდანვე შეიყვარა უდაბნოს ცხოვრება, რისთვისაც უარი თქვა სიმდიდრესა და ამსოფლიურ პატივზე. მაგრამ მოყვასთა სასარგებლოდ იძულებული გახდა, ჩართულიყო თავისი დროის მოვლენებში. ჩვენ ვნახეთ, როგორ იცავდა იგი ჭეშმარიტებას ნიკეის კრებაზე, მიდიოდა კონსტანტინოპოლში არიანელთაგან ატეხილი არეულობების დროს, ამხნევებდა ჯარსა და ხალხს მაშინ, როცა შაბურმა ალყა შემოარტყა ნიზიბიას.

იაკობის სახელგანთქმული მოწაფე, ეფრემ ასურიც იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა საყვარელი უდაბნო, რათა სხვაგვარად ემსახურა ღმერთისთვის. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ მისი სახელი. ახლა მისი ცხოვრების შესახებ გიამბობთ.

იგი დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში; ეფრემის მშობლები დაბალ ფენას ეკუთვნოდნენ, მათ კეთილ და წესიერ ქრისტიანებად იცნობდნენ, ნათესავთაგან ზოგი მოწამეც იყო.

ერთხელ ეფრემს ქურდობა დააბრალეს და საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც უდანაშაულოდ მსჯავრდებული სხვა ადამიანებიც იყვნენ – ყველა დრტვინავდა და დარდობდა უსამართლობის გამო. ეფრემმაც ეჭვი შეიტანა ღვთის განგებულებაში და დაიწყო ფიქრი, რომ ამქვეყნად ყველაფერი შემთხვევით ხდება, მაგრამ ერთ ღამეს ძილში ჩაესმა სიტყვები: „იყავი კეთილმსახური და შეიცნობ საღვთო განგებას. გადახედე და გაიხსენე ყველაფერი, რაც ჩაიდინე და მიხვდები: ახლა უსამართლოდ დაგატყვევეს, მაგრამ სასჯელი უწინდელი საქციელით დაიმსახურე“. გაღვიძებულმა ეფრემმა ძილში გაგონილი მეგობრებს უამბო. ყველამ დაიწყო წარსულის გახსენება და მიხვდნენ, რომ უდანაშაულოდ არ ისჯებოდნენ.

ამ გარემოებამ ღმერთისკენ მოაქცია ეფრემის ფიქრები. იგი უფრო ჩაუღრმავდა თავისთავს, გაეღვიძა სინანული და ღვთისადმი სასოება. როგორც კი სამსჯავრომ გაამართლა, მაშინვე გაეშურა მოღვაწეებთან და წმინდა იაკობ ნიზიბიელს დაემოწაფა, რომელსაც თან ახლდა ნიკეაში; ისინი ერთად მონაწილეობდნენ ქალაქ ნიზიბიის დაცვაშიც.

იაკობის სიკვდილის შემდეგ, როცა ნიზიბიას სპარსელები დაეპატრონნენ, ეფრემი ედესაში გადავიდა, სადაც თაყვანი სცა მოციქულ თადეოზის ნაწილებს და მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. რადგანაც საარსებო საშუალება არ გააჩნდა, მუშად დაუდგა აბანოს მეპატრონეს, თავისუფალ დროს კი წარმართებს უქადაგებდა ღვთის სიტყვას. გარკვეული ხნის შემდეგ გაეცალა ქალაქს და განმარტოებით დასახლდა მღვიმეში, სადაც განუწყვეტლივ ლოცულობდა და სწავლობდა წმინდა წერილს. თავადაც დაიწყო ხუთწიგნეულის განმარტებების წერა. მალე მრავალმა იწყო მასთან მისვლა: ვინ – რჩევისთვის, ვინ – მასთან დასარჩენად. ხალხმრავლობით შეწუხებულმა ეფრემმა ის იყო გაქცევა დააპირა, რომ სასწაულებრივად გამოეცხადა ანგელოზი და ჰკითხა:

– ეფრემ, საით მირბიხარ?

– მსურს მდუმარებაში ვიცხოვრო, გავურბივარ დიდებასა და ცდუნებას.

– გეშინოდეს, რათა შენზე არ აღსრულდეს წერილის სიტყვები: „ეფრემ, დიაკეული წურთილი, მოყუარე ძლევისა, უკეთესა ზედა ქედისა მისისასა ზედა-აღხდეს“ (ოს. 10,11). ეფრემი ღვთის ნებას დამორჩილდა, დაბრუნდა ედესაში, გახსნა სასწავლებელი და თავგამოდებით იწყო ყმაწვილების განათლება. არც სახარების ქადაგება შეუწყვეტია...

სირიაში ჯერ ისევ მრავლად იყვნენ წარმართები. გარდა ამისა, ქალაქებსა და დაბებში კიდევ მღეროდნენ ბარდესანის გნოსტიკურ ჰიმნებს. საკმაოდ იყო გავრცელებული არიოზის ცრუსწავლებაც. ეფრემი უშიშრად ამხელდა ერესებს: ქადაგებდა, წერდა განმარტებებსა და შეგონებებს, თხზავდა სასულიერო საგალობლებს, რომლებითაც ხალხის მეხსიერებიდან თანდათან გამოდევნა გნოსტიკური ჰიმნები. ეფრემის სახელი ცნობილი გახდა მეზობელ ქვეყნებშიც, მის შეგონებებს კითხულობდნენ ტაძრებში, უწოდებდნენ ასურეთის წინასწარმეტყველს. მაგრამ ეფრემი უაღრეს თავმდაბლობას იცავდა, გამუდმებით იგლოვდა თავის ცოდვებს, ღამეებს ლოცვაში ათენებდა, ღვრიდა სინანულის ცრემლს, თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდა და ძრწოდა ღვთის სამსჯავროს ხსენებაზე. ყველა ეს განცდა აისახა მის თხზულებებში, რომელთაც თითოეული ქრისტიანი კარგად იცნობს. რომელ ჩვენგანს არ მოულბება გული დიდმარხვის დღეებში ეფრემ ასურის ლოცვის წარმოთქმისას: „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწულილველობისასა, მთავრობის-მოყუარებისასა და ცუდად მეტყუელებისასა ნუ მიმცემ მე. ხოლო სული სიწმიდისაჲ, სიმდაბლისაჲ, მოთმინებისაჲ და სიყუარულისაჲ მომმადლე მე, მონასა შენსა. ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვისთა ცოდვათაჲ და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

ერთხელ ედესაში შიმშილობა დაიწყო, რამაც სნეულებების გავრცელებას შეუწყო ხელი. ეფრემი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ტანჯულებს. მანვე დაარწმუნა მდიდრები, ქონებიდან წილი მიეცათ უპოვართათვის, მოაწყო ავადმყოფთა მისაღები სახლები და თავადვე სიყვარულით ზრუნავდა სნეულებაზე. ეფრემ ასური აღესრულა დაახლოებით 380 წელს.

IV საუკუნის მოღვაწეთა შესახებ ჩვენი თხრობის დასასრულს რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, თუ რა გავლენა ჰქონდათ მათ საზოგადოებაზე. თუმც ისინი გულმოდგინედ ცდილობდნენ საკუთარი ღვაწლისა და შრომის დაფარვას, მაგრამ მათი მაგალითი ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებდა და კეთილისმყოფელ ზემოქმედებას ახდენდა მთელს საქრისტიანოზე. მათი გავლენა იმდენადვე უწყობდა ხელს ქრისტიანობის გავრცელებას, რამდენადაც მარტვილთა მაგალითები პირველ საუკუნეებში. მოწამენი საკუთარი სიკვდილით ქადაგებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას; როდესაც სიკვდილს სიხარულით ხვდებოდნენ, ამით უმტკიცებდნენ წარმართებს სულის უკვდავებას, ზეციურ სიკეთეთა სიდიადეს და მაცხოვრის მიმართ თავიანთ შეუძრველ სასოებას. მოღვაწენი კეთილნებობით კვდებოდნენ საერო ყოფისათვის, უარს ამბობდნენ ყველა მიწიერ საცთურზე – რასაც ასე ბეჯითად ეტანებიან ამ საწუთროს მონებად ქცეული ადამიანები – და ასე ამტკიცებდნენ სულიერი ცხოვრებისა და სულიერ სიკეთეთა უპირატესობას. მათი მაგალითი ცხადად მეტყველებდა, რომ ქრისტიანისთვის სააქაოდაც არსებობს ყველა მიწიერ განცხრომაზე დიდი ნეტარება და წარუხოცელი ნუგეში; რომ უფალთან სულიერ სიახლოვეზე აღმაფრთოვანებელი არა არის რა; რომ ის არის ჭეშმარიტად ბედნიერი და თავისუფალი, ვინც ღმერთს მიუძღვნა თავი.

და უფალი განსაცვიფრებელი სიკეთით პასუხობდა მასზე მინდობილ მსახურთ: მარტვილებს განამტკიცებდა ტანჯვისა და აღსასრულის წუთებში, ანიჭებდა უჩვეულო ძალას, სულის სიმხნევესა და ზეციურ ნუგეშს; ასევე განაძლიერებდა უმძიმესი გზით მავალ მოღვაწეთ და ეხმარებოდა, მორეოდნენ საცდურს და სულიერად არ გატეხილიყვნენ: ზოგს მისგან წინასწარმეტყველების ნიჭი ეძლეოდა, ზოგს – მისი სახელით სასწაულების აღსრულების უნარი, ზოგი – მოულოდნელ ნუგეშს ჰპოვებდა მწუხარებისა და სიკვდილის მძიმე წუთებში.

ამასთან მოღვაწეთა შინაგან ძალებს განამტკიცებდა თავად განმარტოება, სულის მუდმივი სწრაფვა ღმერთისკენ, სრულყოფისკენ სავალ გზაზე განუწყვეტელი ბრძოლა საცდურებთან. ასე რომ, უდაბნოში ყალიბდებოდნენ გამოცდილი მოძღვრები ქრისტიანობისა, მტკიცე და ბრძენი მწყემსები ქრისტეს ეკლესიისა. მართლმადიდებლობასა და არიანულ ცრუსწავლებას შორის ბრძოლაში ჭეშმარიტებას ყოველთვის ექომაგებოდა მოღვაწეთა უზარმაზარი დასი, რაც უდიდეს გავლენას ახდენდა მოვლენათა მსვლელობაზე. იმ დროის ერთი ისტორიკოსი წერს: როდესაც ცრუსწავლება აღმოცენდა, „მონაზონთა საქმეებითა და სათნოებებით გაოცებულ ხალხს სჯეროდა მათი სიმართლისა. ამიტომაც განსხვავებულად მოაზროვნეთაგან პირს იბრუნებდნენ, როგორც უკეთური სწავლებით დასნეულებულთაგან. ასე მოხდა ეგვიპტეშიც: ერი თავის მონაზვნებს მიჰყვა და არიანელებს დაუპირისპირდა“.

 

[1] ღირსი ანტონი ითვლება განდეგილური (ანაქორეტული) ცხოვრების ფუძემდებლად. ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში შეიქმნა საერთო საცხოვრისის ტიპის ანუ კინობიალური მონასტრებიც; ზოგიერთი მოსაზრებით მათ დამაარსებლად მიიჩნევენ პახომი დიდს.

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა