martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 35

წმინდა ათანასე დიდი და არიანელთაგან დევნა.

 

კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ იმპერატორებად გამოაცხადეს მისი სამივე ვაჟი. სხვა დანარჩენი ნათესავები მეომრებმა ამოხოცეს მცირეწლოვანი ძმისშვილების – გალუსისა და იულიანეს – გარდა. იმპერატორთაგან უფროსს, კონსტანტინეს, წილად ხვდა გალია, ესპანეთი და ბრიტანეთი – ოლქები, რომელთაც მამის სიცოცხლეშივე მართავდა. ჩვენ ვიცით, რომ ქალაქ ტრირში მან პატივით მიიღო ათანასე და უდიდეს გულისხმიერებას იჩენდა მის მიმართ. მამის სიკვდილიდან ცოტა ხანში მან დაარწმუნა ძმები, დევნულებიდან გამოეხმოთ ალექსანდრიის ეპისკოპოსი, წერილში კი განუმარტა, რომ ამით შესრულდებოდა უკანასკნელი ნება მამა-იმპერატორისა, რომელმაც მხოლოდ იმიტომ გადაასახლა ათანასე, რომ მტრის ხრიკებისგან დაეცვა. კონსტანტინე უმცროსი (337-340 წწ.) ცოტა ხანს იყო იმპერატორი – იგი ბრძოლაში მოკლეს.

მეორე ძმა, კონსტანსი (337-350 წწ.), მართავდა იტალიას, აფრიკასა და ილირიას, ძმის სიკვდილის შემდეგ კი მთელს დასავლეთს. იგი ურყევად მისდევდა ჭეშმარიტ სწავლებას, ბეჯითად იცავდა ათანასეს და არიანელთაგან დევნილ სხვა ეპისკოპოსებს.

მესამე ძმა, კონსტანციუსი (337-361 წწ.), აღმოსავლეთს მართავდა. ის მუდამ ერეოდა ეკლესიის საქმეებში და ამით გაუთავებელ უთანხმოებასა და მღელვარებას იწვევდა. სუსტი ხასიათის, ამასთან ანჩხლი და სასტიკი ადამიანი იყო და ადვილად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ, რითაც ისარგებლეს არიანელებმა და მისი ნდობა მოიპოვეს.

მღელვარებამ ძალიან მალე იჩინა თავი. კონსტანციუსის მმართველობის პირველსავე წელს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდა ალექსანდრე. როდესაც სასულიერო დასმა სიკვდილის წინ მას სთხოვა, დაესახელებინა მემკვიდრე, ეპისკოპოსმა უპასუხა: „თუ ყოფით საქმეებში გამოჩენილი და გამოცდილი ადამიანი გინდათ, მაკედონიუსი აირჩიეთ. თუ სწავლაში დამმოძღვრავი და სამაგალითო ცხოვრების კაცი გსურთ, მაშინ პავლე“.

პავლე, ერთ-ერთი პრესვიტერი, ევსტათი ანტიოქიელთან ერთად დევნილი, გადასახლებიდან ახალი დაბრუნებული იყო. ეკლესიამ არჩევანი პავლეზე შეაჩერა. რაკი მაკედონიუსს არიანელები მფარველობდნენ, უკმაყოფილო იმპერატორმა დაამხო ახლადარჩეული ეპისკოპოსი და კონსტანტინოპოლში ევსები ნიკომიდიელი გადმოიყვანა. ამრიგად, დაარღვია ეკლესიის უძველესი უფლება ეპისკოპოსის არჩევისა და ნიკეის კრების განჩინება, რომლის თანახმადაც, იკრძალება ეპისკოპოსების ერთი კათედრიდან მეორეზე გადაყვანა. ამ უკანონო საქციელმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ კონსტანციუსმა ამას ყურადღება არ მიაქცია. ორი წლის შემდეგ ევსები გარდაიცვალა, მართლმადიდებლებმა ისევ პავლე, ხოლო არიანელებმა მაკედონიუსი აირჩიეს. კონსტანციუსი ისევ ჩაერია საქმეში და გაგზავნა მეომრები პავლეს დასამხობად და დასაპატიმრებლად. მართლმადიდებლები თავის ეპისკოპოსს გამოექომაგნენ, მოხდა შეტაკება, რაზმის უფროსი მოკლეს, კონსტანტინოპოლის ქუჩები სისხლით შეიღება... ეპისკოპოსად მაკედონიუსი დაადგინეს, პავლე კი განდევნეს. შემდგომში ამ ორმა ეპისკოპოსმა კიდევ რამდენჯერმე შეცვალა ერთმანეთი კონსტანტინოპოლში, იმის მიხედვით, თუ მათ მხარდამჭერთაგან რომელი ფრთა იმარჯვებდა.

ათანასე ალექსანდრიაში 338 წელს დაბრუნდა. მას დიდი აღფრთოვანებით შეხვდა მთელი სამწყსო, რომელიც, ორი წელიწადი უეპისკოპოსოდ დარჩენილი, მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. დევნილი მწყემსთმთავარი უფრო მეტად შეიყვარეს მორწმუნეებმა.

მაგრამ არიანელები ათანასეს დაბრუნებას ვერ ეგუებოდნენ. ისინი ახალი იმპერატორის დროსაც გრძნობდნენ თავიანთ ძლიერებას და მოწვეულ კრებაზე დაადგინეს კიდეც, რომ ათანასეს უფლება არ ჰქონდა, თავის კათედრაზე დაბრუნებულიყო, რადგან იგი კრებამ დაამხო. მიაღწიეს კიდეც საწადელს და ალექსანდრიის ეპისკოპოსად არიანელი პისტი აირჩიეს. იმავდროულად იმპერატორებსა და ეპისკოპოსებს დაუგზავნეს ეპისტოლეები, რომლებშიც ხელახლა მიუბრუნდნენ თავიანთ ძველ ბრალდებებს ათანასესადმი და ახალი ცილისწამებებიც არ დააკლეს. ეგვიპტის აღშფოთებულმა ეპისკოპოსებმა თავიანთ მხრივ ყველა ქალაქს აახლეს ეპისტოლე, სადაც საქმის ნამდვილ არსს აცნობებდნენ და მთელი მონდომებით იცავდნენ ათანასეს.

არიანელმა ეპისკოპოსებმა, კონსტანციუსის მხარდაჭერით, 340 წელს მოიწვიეს კრება ანტიოქიაში, რომელსაც თავმჯდომარეობდა კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი, არიანელი აკაკიოსი. კრებაზე უარყვეს ნიკეის სიმბოლო და გადაწყვიტეს ახლის შედგენა. არიანელებს სურდათ მართლმადიდებლების მოზიდვა, სცადეს რამდენიმე გამოთქმის შერბილება და ფრაზების ნამდვილი შინაარსის მიჩქმალვა. ეს ყველაფერი დასრულდა იმით, რომ მათ შეადგინეს დაახლოებით ოთხი სიმბოლო, რომლებიდანაც ამოღებული იყო სიტყვა „ერთარსი“.

მაგრამ არიანელთა მთავარი მიზანი მაინც ათანასეს საბოლოო დამხობა იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. მაგრამ მათ აღარ აკმაყოფილებდათ თავიანთი არჩეული პისტი, ამიტომ მისი განდევნა გადაწყვიტეს და ალექსანდრიაში ახალი ეპისკოპოსის დანიშვნას შეუდგნენ, თანაც მზად იყვნენ, მიზნის მისაღწევად იარაღიც კი გამოეყენებინათ. ბოლოს აირჩიეს ერთ-ერთი თავიანთი მომხრე, გრიგოლი, და ამის შესახებ აცნობეს ალექსანდრიის ეკლესიას. ამ უკანასკნელის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა – იგი მხურვალედ უჭერდა მხარს ათანასეს და, გარდა ამისა, სამართლიანად იცავდა თავის უფლებას ეპისკოპოსის არჩევისა.

დიდი მარხვის დღეებში გრიგოლი ალექსანდრიაში ჩავიდა; მანამდე კი ეგვიპტის მმართველს დაევალა, მხარი დაეჭირა არიანელთა მიერ დადგინებული ეპისკოპოსისთვის. როდესაც მმართველმა დაინახა, რომ მართლმადიდებლები მზად არიან, ბოლომდე დაიცვან თავიანთი ეპისკოპოსი, საშველად იუდეველებსა და წარმართებს მოუხმო და ძალით შეიყვანა გრიგოლი ეკლესიაში; იქიდან კი გამოდევნა მორწმუნეები, შეურაცხყო მონაზვნები და უფლისთვის ქალწულნი. ერთი ტაძარი მთლიანად გაიძარცვა, ამას მოჰყვა მართლმადიდებლების ცემა, წამება, საპყრობილეში ჩამწყვდევა. ეს უკანონო და სასტიკი ქმედებები არც ვნების კვირის წმინდა დღეებში შეწყვეტილა. მაგრამ მორწმუნეებს არ მიუტოვებიათ თავიანთი საყვარელი ეპისკოპოსი. ტაძარი, რომელშიც იგი აღავლენდა ღვთისმსახურებებს, ხალხით იყო გადაჭედილი. ბოლოს ათანასე დარწმუნდა, რომ ალექსანდრიაში ყოფნით მტრებს უფრო განარისხებდა და საფრთხეს უქმნიდა თავის მიმდევრებს. ამიტომ გადაწყვიტა, ქალაქს ფარულად გასცლოდა და თავისი საქმე განსასჯელად მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის მიენდო.

თავისი საიდუმლო თავშესაფრიდან ათანასემ ყველა ეკლესიის ეპისკოპოსს გაუგზავნა მოწოდება, სადაც აღწერა არიანელთა ქმედებები. იგი წერდა: „მარტო მე არ შეურაცხმყვეს, არამედ ჩვენ ყველა. დაირღვა მამათაგან გადმოცემული წესები. ზიანი ადგება უფლისა და მისი მოციქულებისგან ნაქადაგებ სარწმუნოებას. თუ დამნაშავეა ალექსანდრიის ეპისკოპოსი, იგი უნდა განსაჯონ მართლმადიდებელმა ეპისკოპოსებმა და არა ერეტიკოსებმა. თუ მას ტახტისთვის უღირსად ცნობენ, მის ადგილას სხვა უნდა აირჩიონ, ოღონდ იმავე ეკლესიიდან და სამხედრო ძალით გარედან არ შემოიყვანონ ყველასთვის არასასურველი გრიგოლი“.

მაგრამ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის სიტყვები ამაოდ გაისმოდა ქვეყანაში, სადაც არიანელების ძლიერებას იმპერატორი უმაგრებდა ზურგს. ათანასე დასავლეთს გაემგზავრა, სადაც ძლიერი მფარველები ჰპოვა იმპერატორ კონსტანსისა და რომის ეპისკოპოსის, იულიუსის სახით. ამ უკანასკნელმა მის ჩამოსვლამდევე შეიტყო არიანელთა თავაშვებულობის შესახებ ეგვიპტელი ეპისკოპოსებისადმი გაგზავნილი ეპისტოლეებიდან და მოიწვია კრება ამ გაუგებრობათა განსახილველად. ყველა ქალაქს თვითონ გაუგზავნა მოწვევა, მაგრამ დიდხანს და ამაოდ ელოდა არიანელ ეპისკოპოსებს: ისინი არ დაესწრნენ კრებას, მხოლოდ გაკიცხეს იგი დამხობილ ათანასესთან ურთიერთობისთვის და ამას დასჯერდნენ.

ბოლოს იულიუსმა გადაწყვიტა, მათ გარეშე განეხილათ საქმე. 342 წელს რომში მოწვეულ კრებაში მონაწილეობდა ორმოცდაათი ეპისკოპოსი, რომელთა შორის თრაკიიდან, პალესტინიდან და სირიიდან განდევნილებიც იყვნენ. მათ ათანასე გაამართლეს. იგი საცხოვრებლად რომში დარჩა, სადაც დიდ პატივს სცემდნენ. მისგან შეიტყო ხალხმა დასავლეთში ნაკლებად ცნობილი აღმოსავლელი განდეგილების ღვაწლის შესახებ. ათანასეს შეგონებანი ღვთისადმი თავგანწირული სამსახურის სურვილს აღვივებდა ქრისტიანებში.

ღვთის ნებას სრულიად მინდობილი ათანასე მოთმინებით იტანდა თავის ხვედრს, მაგრამ ალექსანდრიიდან მოსული ცნობები ძალიან აწუხებდა. იქაური მართლმადიდებლები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გრიგოლი დაუნდობლად სდევნიდა ყველა მღვდელთმთავარს, ვინც უარი განაცხადა მასთან ურთიერთობაზე. წმინდა აღმსარებელი პოტამონი სასიკვდილოდ გვემეს, უამრავი ეპისკოპოსი გადაასახლეს და ისინი არიანელებით შეცვალეს. ეკლესიას მიკედლებულ ღარიბებს შემწეობა ჩამოერთვათ. განსაკუთრებით ათანასეს ერთგულებაში ეჭვმიტანილები დაზარალდნენ. როდესაც ალექსანდრიაში ათანასეს და გარდაიცვალა, გრიგოლმა მისი დასაფლავებაც კი აკრძალა. ქრისტიანებმა მისი ცხედარი ფარულად მიაბარეს მიწას, რითაც საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდეს საფრთხეში. ყველა ამ უკანონობას ხელისუფლება და სამხედრო ძალა უწყობდა ხელს.

მთელი ხუთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეს უსამართლობა. არიოზის ერესი კი სულ უფრო იკიდებდა ფეხს აღმოსავლეთში. ბოლოს დასავლეთის იმპერატორმა კონსტანსმა გადაწყვიტა, ღიად დაეჭირა მხარი ათანასესთვის, რომელსაც პირადად იცნობდა და პატივს სცემდა; იცოდა, თუ რაოდენ უსამართლოდ დევნიდნენ მას. იგი თავის ძმას შეხვდა და დაარწმუნა, მოეწვია საერთო კრება, განეხილა ბრალდებები და თუ ათანასე გამართლდებოდა, ალექსანდრიაში დაებრუნებინა.

კონსტანციუსი დაეთანხმა. კრება მოიწვიეს ძმების სამფლობელოთა საზღვარზე მდებარე ქალაქ სერდიკაში (ახლანდელი სოფია). შეიკრიბა ას სამოცდაათი ეპისკოპოსი, რომელთა შორის იყვნენ დასავლეთში ცნობილი ღირსეული პირები. ჩავიდნენ ათანასეს მტრებიც, მაგრამ, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ კრების უმრავლესობა ათანასეს უჭერდა მხარს და მათ წინააღმდეგ ძლიერი, უტყუარი მტკიცებულებანი გააჩნდათ, უმნიშვნელო მიზეზის გამო უეცრად მიატოვეს სერდიკა და სხვა ქალაქში მოიწვიეს კრება, რომელზეც ათანასე დამნაშავედ ცნეს. ეს მოხდა ქალაქ ფილიპოპოლში (ახლანდელი პლოვდივი), რომელიც აღმოსავლეთის იმპერატორს ემორჩილებოდა, არიანელები ამიტომაც გრძნობდნენ თავს თავისუფლად და არაფერს ერიდებოდნენ. ეპისკოპოსებს, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, გადასახლებაში აგზავნიდნენ, ათანასეს ბევრი მომხრე სასიკვდილოდ გაიმეტეს... მათ ალექსანდრიაში გააგზავნეს ბრძანება, რომლის თანახმად, სიკვდილით უნდა დაესაჯათ ყველა იქ ჩასული მართლმადიდებელი ეპისკოპოსი. ეს ყველაფერი კონსტანციუსის ნებართვითა და ხელშეწყობით ხდებოდა – იგი ძმის შიშით ვერ ბედავდა ათანასესთან ღიად დაპირისპირებას და ფარულად აქეზებდა მის მოწინააღმდეგეებს.

ამასობაში სერდიკაში მოწვეულმა კრებამ ზედმიწევნით გაარჩია ყველა ბრალდება და სრულად გაამართლა ათანასე, – მეტიც, მისი განჩინებით, ნიკეის სიმბოლოს გარდა სხვა რომელიმე სიმბოლოს მიღება დაუშვებლად გამოცხადდა. კონსტანსმა ძმას დაჟინებით მოსთხოვა ათანასეს დაბრუნება გადასახლებიდან. დაემუქრა, რომ უარის შემთხვევაში იარაღის ძალით აღადგენდა მთელი სამწყსოსთვის სასურველ მღვდელთმთავარს.

ძმის მუქარით შეშინებულმა კონსტანციუსმა ათანასეს წერილი მისწერა და დაბრუნების ნება დართო, მაგრამ ამასთანავე არ გააუქმა თავისი უწინდელი ბრძანებები მართლმადიდებელთა წინააღმდეგ. მღვდელთმთავარი იმპერატორს არ ენდობოდა და გამგზავრებას აჭიანურებდა. კონსტანციუსმა კიდევ ორი წერილი მისწერა ათანასეს და დაბეჯითებით სთხოვა დაბრუნება, თანაც დაარწმუნა თავის კეთილგანწყობაში და უსაფრთხოებასაც დაჰპირდა. გააუქმა ყველა ბრძანებულება მართლმადიდებლების წინააღმდეგ და ეგვიპტის სამოქალაქო მმართველობას დაავალა, დიდი პატივით მოპყრობოდნენ ათანასეს.

ამასობაში გარდაიცვალა არიანელი ეპისკოპოსი გრიგოლი და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა ათანასე ალექსანდრიაში, რაც იქ ნამდვილ ზეიმად იქცა. ხალხი სიხარულის შეძახილებით შემოეხვია მამაც მოწამეს, რომელმაც შვიდ წელიწადზე მეტი დევნულებაში გაატარა. სამწყსო ხარობდა... ანტიოქიაში ათანასე შეხვდა იმპერატორს, რომელმაც იგი სიხარულით მიიღო. ახლა ალექსანდრიის ეპისკოპოსის მოსისხლე მტრებიც კი მლიქვნელურად ცდილობდნენ მასთან შერიგებას, კიცხავდნენ თავიანთ ადრინდელ საქციელს, წერილობით გმობდნენ საკუთარ სწავლებას. ამ ყველაფერს განაპირობებდა შიში და ფარული სიძულვილი, რომელსაც ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა თუ არა, უფრო ძლიერ ამოხეთქავდა.

ათანასე კარგად იცნობდა თავის მეტოქეებს და ცრუ დაპირებებით არ იტყუებდა თავს. მან მთელი თავისი მოღვაწეობა სამწყსოს მიუძღვნა და თავდაუზოგავად ცდილობდა არიანელთაგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრას. იღვწოდა, რათა ჭეშმარიტი სწავლების ძალით მოებრუნებინა გზასაცდენილნი და განემტკიცებინა ქრისტეს ერთგული მსახურნი.

საყვარელმა სამწყსომაც დიდი სიხარული არგუნა ათანასეს: ჭეშმარიტი რწმენისთვის დევნამ მათში უდიდესი თავდადება აღძრა. ეკლესია თითქოს სულიერად განახლდა, იგი მხურვალე ლოცვითა და კეთილი საქმეებით გამოხატავდა თავის სიხარულსა და ღვთისადმი მადლობას. მნიშვნელოვანი შესაწირი გროვდებოდა ღარიბთა შესანახად. ათანასეს უდიდესი სახელი და გავლენა ჰქონდა. ის ჭეშმარიტების საიმედო ქომაგი იყო მთელი საქრისტიანოსთვის. მის სიტყვებსა და დარიგებებს ყველგან კრძალვით იღებდნენ.

იმავე პერიოდში თავიანთ კათედრებს დაუბრუნდნენ სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც. მაგ. პავლემ კონსტანტინოპოლში ისევ შეცვალა მაკედონიუსი.

მაგრამ სიხარული და სიმშვიდე ხანმოკლე აღმოჩნდა. მართლმადიდებელთა ძლიერი მფარველი კონსტანსი 350 წელს გალიაში მოკლა ამბოხებულმა მხედართმთავარმა მაგნენციუსმა, რომელმაც თავი იმპერატორად გამოაცხადა. ყველაფერი უმალ შეიცვალა: არიანელებმა განაახლეს ხრიკები და ისევ დაიწყეს ბრალდებების ძიება ათანასეს წინააღმდეგ. მათ, ვინც ცოტა ხნის წინ დაგმეს საკუთარი შეხედულებები, უტიფრად დაუბრუნდნენ არიანელებს და ათანასეს მოშორება მოითხოვეს.

კონსტანციუსი იძულებული იყო, ისინი დროებით მოეთოკა, რადგან მაგნენციუსთან ბრძოლით დაკავებულმა კარგად ვერ შეისწავლა საქმის ვითარება, ამის გარეშე კი რაიმე გადამჭრელი ზომების მიღებას ვერ ბედავდა. არიანელები უფრო გათამამდნენ და ისევ დაიწყეს მართლმადიდებელი ეპისკოპოსების დევნა. პირველი მსხვერპლი პავლე კონსტანტინოპოლელი იყო – იგი შეიპყრეს და წაიყვანეს სომხეთის ქალაქ კუკუზაში, სადაც საპყრობილეში აშიმშილეს და ბოლოს დაახრჩეს. მის ადგილას ისევ მაკედონიუსი დაადგინეს.

ათანასეს მიმართ არიანელები სიფრთხილეს იჩენდნენ, მაგრამ ჩუმჩუმად მაინც არწმუნებდნენ კონსტანციუსს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსს მის მტერთან, მაგნენციუსთან ჰქონდა კავშირი. რაც შეეხება ათანასეს, იგი მშვიდად განაგრძობდა თავისი სამწყსოს მართვას, არ ეშინოდა საფრთხისა და წერილობით იცავდა თავს ცრუ ბრალდებებისგან.

ომი სამ წელიწადს გაგრძელდა. კონსტანციუსმა გაიმარჯვა და მთელი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. არიანელებმაც დრო იხელთეს და მაშინვე დაუპირისპირდნენ ათანასეს. ის კონსტანციუსსაც სძულდა და მხოლოდ შიშის გამო იჩენდა მისდამი კეთილგანწყობას. ახლა, როგორც კი სრულ ძალაუფლებას მიაღწია, 353 წელს არლში მოიწვია კრება ათანასეს დასაგმობად. დასავლელ ეპისკოპოსებს უბრძანეს, უსიტყვოდ ეღიარებინათ აღმოსავლელ ეპისკოპოსთაგან გამოცხადებული დაგმობა. ურჩებს საპყრობილეში აგზავნიდნენ.

ათანასეს მხარს უჭერდა რამდენიმე ღირსეული ეპისკოპოსი: ლიბერიუს რომაელი, ოსია კორდუბელი და სხვები. ისინი არ დაესწრნენ არლის კრებას და მისი მიმდინარეობით აღშფოთებულებმა დაბეჯითებით მოითხოვეს, ხელახლა განეხილათ საკითხი. მათი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და მოიწვიეს ახალი კრება, რომელიც 355 წელს მილანში შედგა.

არიანელებმა აქაც გაიმარჯვეს, მაგრამ საბოლოოდ გამოაჩინეს თავიანთი სამარცხვინო ბუნება. ხალხმრავალი კრების სხდომები თავდაპირველად ეკლესიაში ტარდებოდა. ერთმა ეპისკოპოსმა, ევსები ვერჩელელმა, რომელსაც ათანასეს დაგმობაზე ხელმოწერას სთხოვდნენ, თქვა: „ჯერ სარწმუნოების საკითხზე უნდა შევთანხმდეთ. მე ვიცი, რომ დამსწრეთაგან ზოგიერთი ერესით არის დაავადებული“, და შესთავაზა ყველას, ხელი მოეწერათ ნიკეის სიმბოლოზე. ის იყო, მილანის ეპისკოპოსს უნდა მოეწერა ხელი, რომ არიანელმა ვალენტემ ხელიდან გამოჰგლიჯა კალამი და გრაგნილი. სხდომა საყოველთაო აურზაურით დასრულდა. ხალხი ხმამაღლა გამოხატავდა თავის აღშფოთებას სარწმუნოების შეურაცხყოფისთვის. ამის გამო გადაწყვიტეს – სხდომები სასახლეში გადაეტანათ და იმპერატორის მეთვალყურეობით ჩაეტარებინათ.

როდესაც არიანული ერესი აღმოცენდა, ჩვენ ვნახეთ, რომ კონსტანტინე დიდმა ეკლესიის წინამძღვრებს მიანდო საღვთისმეტყველო საკითხის განხილვა და არ შეუზღუდავს მსჯელობის თავისუფლება; თავისთვის დაიტოვა მხოლოდ ეკლესიის გადაწყვეტილების აღსრულების უფლება.

მაგრამ კონსტანციუსი სულ სხვაგვარად იქცეოდა. თავს უფლებას აძლევდა, თვითნებურად გადაეჭრა ყველა საღვთისმეტყველო საკითხი, ეკლესიის საქმეები და ძალის გამოყენებით დაეცვა თავისი გადაწყვეტილებები. ახლაც სახალხოდ ბრძანა, ეღიარებინათ მის მიერვე, თითქოსდა ზეშთაგონებით შეთხზული, სინამდვილეში კი არიანელთა კარნახით დაწერილი მრწამსი, რამაც ხალხი ძლიერ აღაშფოთა.

თავად კონსტანციუსი მილანის (იგივე მედიოლანის) კრების სხდომებს ფარდას ამოფარებული ესწრებოდა და თავის ნებაზე მართავდა მას. თუმცა გამოჩნდა რამდენიმე მამაცი ეპისკოპოსი, რომლებიც არ შეუშინდნენ სიმართლის დაცვას. სარდინიის ქალაქ კალიარის ეპისკოპოსმა ლუციფერმა უშიშრად ამხილა ათანასეს ბრალმდებელთა უსინდისობა და გადაჭრით უარი თქვა – განაჩენზე მოეწერა ხელი. მაშინ გაავებული კონსტანციუსი გამოეცხადა კრებას და იყვირა: „მე ვარ ათანასეს ბრალმდებელი, ამიტომ დაუჯერეთ ვალენტის ჩემი ხათრით!“

– ეკლესიის კანონებს არ ეთანადება არმყოფთა დაგმობა და ერეტიკოსებთან ურთიერთობა, – შეეპასუხა ლუციფერი.

– თქვენთვის კანონი ჩემი ნებაა! დაემორჩილეთ ჩემს მოთხოვნას, არადა გადაგასახლებთ ყველას! – შესძახა განრისხებულმა კონსტანციუსმა და მახვილი იშიშვლა.

ბევრმა დაუთმო, მაგრამ ლუციფერ კალიარელი, ევსები ვერჩელელი, დიონისე მედიოლანელი არ შედრკნენ და ამისთვის ისინი შორეულ ქვეყნებში გადაასახლეს, სადაც უმკაცრესად ეპყრობოდნენ.

მილანში არიანელი ეპისკოპოსი ავქსენტი დაინიშნა და ყველა ქალაქის ეპისკოპოსებს გაეგზავნათ ბრძანება დამხობისა და გადასახლების მუქარით, ხელი მოეწერათ ათანასესთვის გამოტანილ განაჩენზე.

რომის ეპისკოპოსი ლიბერიუსი მილანის კრებას არ ესწრებოდა და მტკიცედ უჭერდა მხარს ათანასეს. კონსტანციუსმა მისი გადაბირება მოისურვა და ძღვენი გაუგზავნა საჭურისის ხელით. ლიბერიუსმა საჩუქარი არ მიიღო და დესპანს უთხრა: „დაე, შედგეს მართალი კრება, რომელსაც არ შეეშინდება ამა სოფლის მსაჯულებისა და მხოლოდ ღვთისმოშიშება და მოციქულთა კანონებისადმი კრძალვა ექნება. დაე, მიიღოს ნიკეის სიმბოლო და მაშინ განვიხილავთ ათანასეს საქმეს“.

საჭურისმა ძღვენი მოციქულთა საფლავებზე დაალაგა, ლიბერიუსმა კი მათი გადაყრა ბრძანა, როგორც სისხლის საფასურისა. მაშინ კონსტანციუსმა სხვა ხერხს მიმართა: რომში მღელვარების თავიდან ასაცილებლად ღამით შეაპყრობინა და მილანში, თავისთან მიაყვანინა ლიბერიუსი, რომელსაც ისევ მოსთხოვა, ხელი მოეწერა და დაეგმო ათანასე.

– ხელმწიფეო, ეკლესიის სამსჯავრო მართალი უნდა იყოს, ხოლო მსოფლიო ეკლესიამ ათანასე უდანაშაულოდ სცნო! – მიუგო ეპისკოპოსმა.

– კადნიერდები და მარტო უმხედრდები მთელ ქვეყანას? – უყვირა განრისხებულმა კონსტანციუსმა.

– მარტოც რომ დავრჩე, ჭეშმარიტი რწმენა არ დაიღუპება, ბაბილონში იგი სამმა ყრმამ შეინარჩუნა.

– დამეთანხმე და რომში დაბრუნდები. არა და გადაგასახლებ. სამ დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად!

– მე უკვე გამოვეთხოვე რომაელ მოძმეებს, ვერც სამი დღე და ვერც სამი თვე შემაცვლევინებს გადაწყვეტილებას. გამაგზავნე, სადაც გსურდეს... – იყო ეპისკოპოსის საბოლოო პასუხი.

ლიბერიუსი თრაკიაში გადაასახლეს და მის მაგივრად დანიშნეს ეპისკოპოსი ფელიქსი, რომელიც ხალხმა არ აღიარა; ყოველივე ამის შემდეგ რომში შფოთი და არეულობა დაიწყო. სამწუხაროდ, ეპისკოპოსმა ლიბერიუსმა ბოლომდე ვერ გაუძლო და დევნულებიდან ერთი წლის შემდეგ არიანულ მრწამსს დაეთანხმა, რითაც რომში დაბრუნების ნებართვა იყიდა.

ასეთი სულმოკლეობა გამოიჩინა ოსია კორდუბელმაც, რომელიც იქამდე ათანასეს მტკიცე დამცველად ითვლებოდა. როდესაც კონსტანციუსმა დაგმობაზე ხელმოწერა ურჩია, მან უპასუხა: „ხელმწიფეო, მე მაქსიმიანესგან ვიტანჯე რწმენისთვის; ახლაც მზად ვარ ამისთვის, მაგრამ ხელს არ მოვაწერ ათანასეს დაგმობას, რომელიც ეკლესიამ გაამართლა“.

კონსტანციუსმა ოსია გადაასახლა სირმიუმში (თანამედროვე კარლოვაცი), სადაც ერთი წელიწადი ჰყავდა დატყვევებული. ტანჯვითა და სნეულებებით დაქანცული ასი წლის მოხუცი დათანხმდა, ხელი მოეწერა არამართლმადიდებლურ სიმბოლოზე, მაგრამ ამჯერადაც უარი განაცხადა ათანასეს დაგმობაზე. ლიბერიუსისა და ოსიას დათმობამ დიდად დაამწუხრა მორწმუნეები, მაგრამ მაინც მადლიერებით იხსენებდნენ მათ უწინდელ დამსახურებებს.

ათანასემ, რასაკვირველია, იცოდა, თუ რა საფრთხე ელოდა, მაგრამ ეს ურყევი და შეუდრეკელი, მთელი არსებით თავისი მსახურების ერთგული ადამიანი მშვიდად მართავდა ალექსანდრიის ეკლესიას. ცდილობდა, მოემზადებინა სამწყსო სამომავლო დევნისთვის და დარიგებებით შთააგონებდა სიმტკიცესა და ყოვლისშემძლე ღვთისადმი ურყევ სასოებას.

მილანის კრებიდან ცოტა ხანში ალექსანდრიაში იმპერატორის მოხელე გაგზავნეს, რომელმაც ათანასეს ეკლესიის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ ხელისუფლის წერილობითი ბრძანება ვერ წარმოადგინა. თვითონ ათანასეს ჰქონდა შენახული რამდენიმე წერილი კონსტანციუსისგან, რომლებშიც იგი, ძმის შიშით, ჰპირდებოდა ათანასეს, რომ სიცოცხლის ბოლომდე დატოვებდა ალექსანდრიაში. ამგვარად, ეპისკოპოსს სრული უფლება ჰქონდა, დაყრდნობოდა ამ დაპირებებს, ამიტომ მოხელეს უპასუხა, რომ არ მიატოვებდა სამწყსოს წერილობითი ბრძანების გარეშე.

ქარიშხალი კი ახლოვდებოდა... ეგვიპტის მთავარსარდალმა მიიღო ბრძანება, ხელი შეეწყო ათანასეს წინააღმდეგ მიღებული ზომების გატარებისთვის. მაგრამ სამოქალაქო ხელისუფლებას მისი გაძევების პირდაპირი ბრძანება არ ჰქონდა მიღებული, ამიტომ დროებით მოერიდა გადამჭრელ ქმედებებს. თანაც ეშინოდა ეპისკოპოსის ერთგული ხალხის მღელვარებისა, მთელი ქალაქი ისედაც საფრთხის მოლოდინში იყო.

ასე გაიარა კიდევ ერთმა თვემ... ერთ საღამოს, როცა ეპისკოპოსი ღამისთევის მსახურებას აღასრულებდა, ხუთი ათასამდე შეიარაღებულმა მეომარმა ალყა შემოარტყა ხალხით გაჭედილ ეკლესიას. ათანასე მიხვდა, რომ მის წასაყვანად მოვიდნენ; მოერიდა არეულობას, დიაკონს უბრძანა, წაეკითხა 135-ე ფსალმუნი: „აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი!“, ხალხს კი სთხოვა, ეგალობა და ისე წასულიყო შინ. მაგრამ მრევლმა არ მიატოვა იგი. მეომრები ეკლესიაში შეიჭრნენ, ისრებით დაჭრეს მლოცველები და საკურთხეველთან განლაგდნენ. ხმაურსა და არეულობაში ეპისკოპოსმა მშვიდად განაგრძო ღვთისმსახურება. დასასრულ თავისი საყვარელი მწყემსის ირგვლივ შემოკრებილმა ერმა ერთსულოვნად გაიმეორა ფსალმუნთმგალობლის შთაგონებული სიტყვები. მოძალადეთა თვალწინ ეკლესიამ თავი ინუგეშა და გაიხსენა მარადიული წყალობა უფლისა, რომელმაც ისრაელის ტომი გამოიყვანა ეგვიპტიდან „ხელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა“; რომელსაც არასოდეს ავიწყდება დამდაბლებულნი და იცავს მტერთაგან, „რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი!“

ბოლოს ათანასემ წარმოთქვა განტევების ლოცვა, დაელოდა, სანამ ერი წავიდ-წამოვიდოდა და მხოლოდ ამის შემდგომ გაჰყვა მღვდელმსახურებს. ღამის სიბნელემ და ხალხით სავსე ქუჩებმა დაიფარა იგი მდევართაგან, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ, ცოცხალი ან მკვდარი შეეპყროთ. ათანასე ერთხანს ქალაქის შემოგარენში იმალებოდა, ბოლოს მეგობრების დახმარებით უდაბნოს მიაღწია.

მას ყველგან დაეძებდნენ: იჭრებოდნენ სახლებში, ჩხრეკდნენ ბაღებს, ქალაქის მისადგომებს, აკლდამებსაც კი. ყველგან დაიგზავნა ბრძანება, უმკაცრესად მოპყრობოდნენ ათანასეს მფარველებს, ჯილდოც კი დააწესეს მის შესაპყრობად. თითქოს ამ წმინდა მამის დაჭერაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოს საქმე აღარ არსებობდა. იმპერატორმა აბისინიის მმართველსაც კი მისწერა მოთხოვნა, გადაეცათ მისთვის ათანასე, თუ იგი შეეცდებოდა მის მიერვე დადგინებულ ეპისკოპოს ფრუმენტისთან თავის შეფარებას.

ათანასე კი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა მკაცრ უდაბნოში, სადაც მას განდეგილთა სიყვარული და ერთგულება იცავდა. იმ დროს ეგვიპტის თვალუწვდენელი უდაბნოები, უკაცრიელი მთები და უნაყოფო ველები, თავად ალექსანდრიის შემოგარენიც კი უამრავი მონაზონითა და განდეგილით იყო დასახლებული. ყველა ათანასეს ერთგული იყო და სიკვდილს ამჯობინებდნენ ჭეშმარიტების სახელგანთქმული, ურყევი დამცველის გაცემას. მეომრები ამაოდ ჩხრეკდნენ მონასტრებსა და განდეგილთა სენაკებს – ყველა მონაზონი დარაჯად იდგა, საფრთხის გამოჩენისთანავე აცნობებდა ათანასეს და უდაბნოშივე სხვა ადგილას გადაჰყავდა იგი. ასე შეძლო მთელი ექვსი წლის განმავლობაში დამალვა მდევართაგან. დიდ ეპისკოპოსს უყვარდა უდაბნოში ყოფნა. თავისი მკაცრი ცხოვრებით მან უდიდესი განდეგილები გააოცა და მათი პატივისცემა დაიმსახურა.

ამასობაში ალექსანდრიის მართლმადიდებლებმა იმპერატორს საჩივარი მიართვეს ტაძარში მომხდარის შესახებ და მორწმუნეთა სახელით დაბეჯითებით მოსთხოვეს ათანასეს დაბრუნება. ისინი წერდნენ: „თუ ნაბრძანებია ჩვენი დევნა, მზად ვართ მარტვილობისთვის, მაგრამ გთხოვთ, სხვა ეპისკოპოსი არ დაგვიდგინოთ. ჩვენ სიკვდილამდე დავიცავთ ათანასეს, რომელიც ღმერთმა გვიბოძა“.

ამ თხოვნას ყურიც არავინ ათხოვა. მალე იმპერატორისგან მოვიდა ბრძანება – ყველა ტაძარი გადასცემოდა არიანელებს! და დაიწყო განუკითხაობა. ტაძრებიდან გამოიტანეს წმინდა ნივთები და კარიბჭის წინ დაწვეს, როგორც რაღაც უწმინდურება. მალე ალექსანდრიას ახალი ეპისკოპოსიც მოევლინა, გიორგი – უხეში, უწიგნური, მხოლოდ საკუთარ სარგებელს დახარბებული ადამიანი. ხალხი აშკარა უკმაყოფილებას ვერ მალავდა, რამაც უფრო გააძლიერა მართლმადიდებელთა დევნა. ყველაზე მძიმე ხვედრი ერგო ათანასესადმი ერთგულებაში ეჭვმიტანილებს: ძარცვავდნენ და წვავდნენ მათ სახლებს, სცემდნენ, აგზავნიდნენ გადასახლებაში ან არაბეთის მაღაროებში გაუსაძლის სამუშაოებზე.

ტაძრების გარეშე დარჩენილი ქრისტიანები, როგორც წარმართთაგან დევნის დროს, ღამღამობით სასაფლაოებზე იკრიბებოდნენ ღვთისმსახურებისთვის, მაგრამ გიორგი იყენებდა რა სამხედრო რაზმებს, იქაც ესხმოდა თავს და წამებით სჯიდა, ვისაც ხელთ იგდებდა. ეგვიპტის ყველა ეპისკოპოსი, რომლებმაც უარი განაცხადეს არიანელებთან ურთიერთობაზე, შორეულ ქვეყნებში გადაასახლეს; უმკაცრესი მოპყრობის გამო ბევრი დევნულების ადგილს ვერ აღწევდა, ისე იღუპებოდა გზაში. მათ ეპარქიებში ეპისკოპოსთა კათედრები დაიკავეს არიანელებმა.

გიორგი სარწმუნოების საკითხებს არც ეხებოდა – უვიცი იყო და საეჭვოა, რაიმე წარმოდგენა ჰქონოდა ქრისტიანულ სწავლებაზე. ის მხოლოდ შემოსავალზე ფიქრობდა და ძარცვით მდიდრდებოდა. მაგრამ მისი ორი მეგობრის, აეციუსისა და ევნომიუსის მცდელობით არიანულმა სწავლებამ უკეთურების უკანასკნელ მიჯნას მიაღწია.

ამრიგად, საცოდავ ეგვიპტეს ყველა უბედურება ერთად დაატყდა თავს. ორი წლის შემდეგ მოთმინებადაკარგულმა მოსახლეობამ ამბოხი მოაწყო ალექსანდრიაში. გიორგი, მთელი ამ უბედურების მოთავე, განდევნა, მაგრამ იმპერატორმა იარაღის ძალით ისევ აღადგინა იგი, შედეგად კი მართლმადიდებელთა მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

მართლმადიდებლებს იმპერიის სხვა ოლქებშიც სდევნიდნენ. ყველგან ირღვეოდა ძველთაგან დადგენილი უფლება არჩევისა: ბევრ ქალაქს ორი ეპისკოპოსი ჰყავდა; ეკლესიას უთანხმოებები არყევდა. ქრისტესმიერ სიყვარულსა და მშვიდობას განხეთქილება, ქიშპობა და მტრობა ჩაენაცვლა.

ამ ძნელბედობის ჟამს მღვდელთმთავრებს არ შეეძლოთ, მიეხედათ თავიანთი მოვალეობებისთვის – მათ გამუდმებით იწვევდნენ აქა-იქ მოწყობილ კრებებზე, სადაც მართლმადიდებელი ეპისკოპოსის ხმას წონა საერთოდ არ ჰქონდა – ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. მათ ორი რამ ელოდათ: ან სამარცხვინო დათმობით შეელახათ საკუთარი ღირსება ან ჭეშმარიტების აღმსარებლებად დარჩენილიყვნენ და დევნულებასა და მკაცრ პატიმრობაში გაეტარებინათ სიცოცხლე.

იერუსალიმში, მაქსიმეს სიკვდილის მერე, აირჩიეს რწმენითა და ღვთისმოშიშებით აღსავსე კირილე. თავდაპირველად არიანელებს მისი მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, მაგრამ მალევე მიხვდნენ თავიანთი ვარაუდის უაზრობას და მტრად მოეკიდნენ. კირილე დიდ მოწყალებას იჩენდა ღარიბებისადმი. მას შემდეგ, რაც მთელი თავისი ქონება დაარიგა, შიმშილობის დროს უპოვართა გამოსაკვებად რამდენიმე საეკლესიო ნივთიც გაყიდა. არიანელებმა ეს გამოიყენეს ბრალდებად, კირილე დაამხეს და განდევნეს.

შიდა უთანხმოებები განსაკუთრებით ანტიოქიის ეკლესიას აწუხებდა. ევსტათის განდევნის შემდეგ მისმა მიმდევრებმა ცალკე საზოგადოება შექმნეს ევსტათიანელების სახელწოდებით და უარი განაცხადეს არიანელი ეპისკოპოსის, ევდოქსის აღიარებაზე, არც მათთან ლოცვა მოისურვეს, ვინც იგი მიიღო. მას შემდგომ, რაც არიანელი ევდოქსი კონსტანტინოპოლში გადაიყვანეს და ანტიოქიის ეკლესია გარკვეულ ხანს უმწყემსოდ დარჩა, მართლმადიდებლებმაც და არიანელებმაც ერთად აირჩიეს სებასტიის ყოფილი ეპისკოპოსი მელეტი. მართლმადიდებლები მას ღვთისმსახურ ადამიანად იცნობდნენ, საიმპერატორო კარზეც მოიწონეს ეს არჩევანი, რაკი არიანელები მელეტის თავისიანად თვლიდნენ. ორივე ფრთა მოუთმენლად ელოდა მის პირველ ქადაგებას. მელეტიმ იმპერატორის თანდასწრებით წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მტკიცედ და აშკარად აღიარა მართლმადიდებლური სწავლება.

არიანელებს იმედი გაუცრუვდათ, მაგრამ ძალიან მალე მოახერხეს მელეტის ჩამოგდება – მან სომხეთში წასვლის ბრძანება მიიღო იმპერატორისგან. ამან ააღელვა ხალხი, რომელმაც უკვე მოასწრო მწყემსთმთავრის შეყვარება. როდესაც ქალაქის მმართველს მელეტი მიჰყავდა, ეპისკოპოსი იძულებული შეიქნა, თავისი მოსასხამით დაეფარა ეს მოხელე, რომ ხალხს არ ჩაექოლა. მელეტის არჩევის აქტი სამოსატელ ეპისკოპოს ევსებისთან ინახებოდა; იმპერატორმა ამ ქაღალდის წართმევაც ბრძანა, მაგრამ ევსებიმ უარი განაცხადა. მას ხელის მოკვეთით დაემუქრნენ, რაზეც ეპისკოპოსმა ღირსეულად უპასუხა: „თუ გინდათ, ორივე ხელი მომჭერით, მაგრამ არჩევის დადგენილებას მოგცემთ მხოლოდ მაშინ, თუ ყველა ამომრჩეველი მოითხოვს მას“.

მელეტის ადგილი დაიკავა თავგამოდებულმა არიანელმა ევზოიმ, მაგრამ მართლმადიდებლებმა არ მოისურვეს მასთან ურთიერთობა. მოგვიანებით, მომდევნო იმპერატორის მმართველობის დროს, ეპისკოპოსმა ლუციფერ კალიარელმა მათ მესამე მწყემსთმთავარი პავლინი დაუდგინა, მაგრამ ამით კიდევ უფრო გაძლიერდა განხეთქილება. მელეტის მიმდევრები პავლინს არ ცნობდნენ, ევსტათიანელებს არ სურდათ რაიმე საერთო ჰქონოდათ მელეტიანელებთანაც და პავლინიანელებთანაც. არიანელებმა მეოთხე, ძლიერი ფრთა ჩამოაყალიბეს, საზოგადოება შექმნა ცრუმასწავლებელმა აპოლინარიუსმაც.

სადღა იყო ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისთვის დანაბარები მშვიდობა?!

ჭეშმარიტებისთვის უდრეკ მარტვილთაგან დავასახელებთ ჰილარი პიქტავიელს (პუატიელს) და სერაპიონ თმუნტელს. ორივე გულმოდგინედ იცავდა ნიკეის მრწამსს, ამტკიცებდა ათანასეს უდანაშაულობას. ახალგაზრდობაში წარმართი ჰილარი წმინდა წერილის კითხვით მოიქცა და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ღმერთს. ის ეპისკოპოსად აირჩიეს გალიის ქალაქ პუატიეში, სადაც ბევრი იღვაწა სარწმუნოების გასავრცელებლად. ჰილარი სასულიერო საგალობლებსაც თხზავდა. მას აშფოთებდა რწმენისთვის ადამიანთა შევიწროებისა და ძალადობის ფაქტები, ამიტომ სწერდა იმპერატორს: „ჭეშმარიტი სარწმუნოების სასარგებლოდაც რომ გამოეყენებინათ ამჟამინდელის მსგავსი ძალადობა, ეპისკოპოსები, სახარების სწავლების თანახმად, მაინც აღიმაღლებდნენ ხმას და იტყოდნენ: ღმერთია სამყაროს მეუფე. იგი ჩვენგან მონურ მორჩილებას არ ითხოვს. მისთვის სათნო არ არის იძულებითი თაყვანისცემა“.

ამასობაში არიანელთა სწავლება გაიხლიჩა. მათ შორის თავიდანვე არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მართლმადიდებლებთან ბრძოლით გართულებმა გააერთიანეს თავიანთი ძალები და სადავო საკითხებს აღარ მიჰბრუნებიან. ახლა, როცა ერთი შეხედვით, მათი მტრები დამარცხდნენ, უთანხმოება მძაფრად გამოიკვეთა. ზოგიერთმა არიანელმა, მაგალითად, აეციუსმა და ევნომიუსმა, თავად არიოზსაც გადააჭარბა მკრეხელური აზრებით. ისეთებმა, როგორიც იყო მაკედონიუსი, უარყვეს სულიწმიდის ღმერთობა, სხვები მართლმადიდებლებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ და თავიანთ თავს ნახევრად-არიანელებს უწოდებდნენ. ყველა ეს დაჯგუფება ერთმანეთს ეკამათებოდა, ემტერებოდა, ბრალს სდებდა და გმობდა; ადგენდა და ამხობდა ეპისკოპოსებს იმის მიხედვით, თუ რომელი ფრთა იმძლავრებდა და მოიპოვებდა კონსტანციუსის ან უფრო სწორად, მის კარისკაცთა მხარდაჭერას. ყველა ამ უთანხმოების ფონზე უფრო ნათლად იკვეთებოდა დევნული და ტანჯული სამოციქულო ეკლესიის შინაგანი ერთობა – ეკლესიისა, რომელიც მუდამ იმარჯვებს ჭეშმარიტებისა და თავისთავში დავანებული სულიწმიდის ძალით.

მტრული დაჯგუფებების შესარიგებლად კონსტანციუსმა მოისურვა მსოფლიო კრების მოწვევა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 359 წელს ერთდროულად შედგა ორი კრება: ერთი რიმინში (არიმინში) დასავლელი ეპისკოპოსებისა, მეორე აღმოსავლელებისა ისავრიის სელევკიაში. ურთიერთს ეპაექრებოდნენ არიანელები და ნახევრად-არიანელები, რის გამოც ორივე კრება სამწუხარო შედეგით დასრულდა. არიანელებმა მოიმარჯვეს ორაზროვანი გამოთქმები, დააბნიეს მამები და ხელი მოაწერინეს არამართლმადიდებლურ სიმბოლოზე, სადაც სიტყვა „ერთარსი“ შეცვლილი იყო სიტყვით „მსგავსარსი“. რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც არ დაჰყვნენ მათ მოთხოვნას, გადაასახლეს. იმავე დროს დაამხეს მაკედონიუს კონსტანტინოპოლელიც.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ათანასე უქმად არ ყოფილა თავშესაფარში. ის ადევნებდა თვალს ეკლესიის საქმეებს, რომელთა შესახებაც ცნობებს ერთგული მეგობრები აწვდიდნენ და უდაბნოდან ეხმაურებოდა ყველა წამოჭრილ საკითხს. წერდა შეგონებებს თავისი საყვარელი სამწყსოსადმი. მან ჩამოაყალიბა ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლება სულიწმიდის ღმერთობის შესახებ (“წერილები სერაპიონისადმი“); შთამბეჭდავად ამხილა და დაგმო არიანელთა ცრუსწავლება (“ოთხი სიტყვა არიანელთა წინააღმდეგ“). აღწერა თავისი თანამედროვე მოვლენები, არიანელთა ქმედებები და ზოგიერთი კრების მსვლელობა. მორწმუნეები ხარბად ეწაფებოდნენ მის ყოველ სიტყვას, როგორც ცრუსწავლებაზე გასამარჯვებელ საჭურველს.

ასე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უდაბნოს გულში ათანასე. ვერც ჭეშმარიტებას დააკლო რამე ძალადობამ – ის მაინც ვრცელდებოდა. ათანასე წერდა: „განდევნილმა მწყემსებმა ტყვეობა თავიანთი მსახურების სასარგებლოდ გამოიყენეს. ქალაქებისა და ქვეყნების გავლისას, მიუხედავად იმისა, რომ ბორკილები ედოთ, ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, არიანულ ერესს ამხელდნენ. ამრიგად, თავად მდევნელთა სურვილის საწინააღმდეგო რამ ხდებოდა“.

ასეთი ვითარება იყო 361 წელს, როცა გარდაიცვალა კონსტანციუსი.

შევეხებით ამ ეპოქის კიდევ რამდენიმე მოვლენას.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა