martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 34

კონსტანტინეს მმართველობის უკანასკნელი წლები.

 

ნიკეის კრება დაახლოებით ორნახევარ თვეს გრძელდებოდა. მისი დასრულების შემდეგ იმპერატორმა თავისთან იხმო ეპისკოპოსები და დაბეჯითებით სთხოვა, ეზრუნათ ერთსულოვანებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. დაუბრუნდნენ რა თავიანთ ეპარქიებს, მღვდელთმთავრებმა კრების კანონები მსოფლიო ეკლესიებს აუწყეს.

ნიკეაში უდიდესი და სასიხარულო საქმე აღსრულდა – შეიქმნა სარწმუნოების სიმბოლო, რომელმაც გარკვევით და ნათლად გამოხატა მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის სწავლების არსი მორწმუნეთა ფარად და ზღუდედ. მაგრამ, სამწუხაროდ, მას ყველა გულწრფელად არ დაეთანხმა. არიანული დაჯგუფებები კი მიიმალნენ უფრო ხელსაყრელ გარემოებათა მოლოდინში და მალე ახალი არეულობებიც წამოიწყეს.

კრების ერთ-ერთ მთავარ მონაწილეს, ეპისკოპოს ალექსანდრეს, ალექსანდრიაში დაბრუნების შემდეგ ხუთი თვეც აღარ უცოცხლია. ღრმად მოხუცმა სიკვდილის წინ ისურვა, მის ადგილზე აერჩიათ ჭაბუკი ათანასე, რომელიც თან ახლდა ნიკეაში. ალექსანდრიის ეპისკოპოსმა შენიშნა ჯერ კიდევ ყმაწვილი ათანასეს დიდი ნიჭიერება, დაიახლოვა და მის აღზრდაზე იზრუნა. მოწაფემაც მალე დაიმსახურა მისი სრული ნდობა. ოცდარვა წლის ასაკში მას უკვე მთელი ალექსანდრია მიაგებდა პატივს კეთილმსახურების, განსწავლულობისა და სულიერი სიმტკიცისთვის. ნიკეის კრებაზე ათანასე არიანული ერესის შეუვალ მოწინააღმდეგედ წარმოჩინდა. ამიტომ იყო, რომ ალექსანდრიის ეკლესიამ იგი ერთსულოვნად აირჩია ეპისკოპოსად, თუმცა თავად დიდხანს უარობდა, თავს უღირსად მიიჩნევდა ამ წოდებისთვის, ეშინოდა – ვაითუ, სათანადოდ ვერ შეესრულებინა ეპისკოპოსის მძიმე მოვალეობა. მაგრამ ბოლოს დაჰყვა საერთო სურვილს და მთელი თავისი მოღვაწეობით სრულიად გაამართლა მხარდამჭერთა ნდობა. ეკლესიისთვის შფოთიან და რთულ პერიოდში ალექსანდრიის დიდი ეპისკოპოსი ათანასე მუდამ მედგრად ემსახურებოდა ჭეშმარიტებას.

ამასობაში ყველგან იგებოდა ბრწყინვალე ტაძრები, კონსტანტინე ზრუნავდა ქრისტიანობაზე. დედამისი, დედოფალი ელენე, რომელიც დიდი ხნის ქრისტიანი იყო, გაემგზავრა პალესტინის მოსანახულებლად, სადაც ცხოვრობდა და ეწამა მაცხოვარი. შვილის დავალებით, მან ტაძრების აგება ბრძანა ამ წმინდა მიწაზე, სახარებისეული მოვლენებით ცნობილ ადგილებზე, რომელთა სახელების მეხსიერებიდან ამოძირკვასაც ცდილობდნენ ქრისტიანთმოძულე წარმართები. მათ ქრისტეს საფლავის მღვიმე მიწით ამოავსეს და ზედ საკერპო ბომონი აღმართეს. წარმართთა ღმერთების გამოსახულებები დაიდგა, აგრეთვე, გოლგოთაზე და ბეთლემის მღვიმის თავზე. ელენეს ბრძანებით, ბომონები დაანგრიეს, კერპები დაამხეს და უფლის საფლავის მღვიმე გაასუფთავეს.

კონსტანტინემ სწორედ მღვიმის მახლობლად ჩაუყარა საძირკველი ქრისტეს აღდგომის ტაძარს. ის იერუსალიმის ეპისკოპოს მაკარის და პალესტინის მმართველს სწერდა, ნაგებობის ბრწყინვალედ შესამკობად ფული არ დაეზოგათ. ეკლესიები აგრეთვე აიგო ელეონის მთაზე, ბეთლემის მღვიმის თავზე, მამბრეს მუხნარად წოდებულ ადგილას, სადაც უფალი გამოეცხადა აბრაამს.

ელენეს განსაკუთრებით ეწადა, ეპოვა ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი გააკრეს. ხანგრძლივი ძიების შემდეგ აღმოაჩინეს მიწაში ჩამარხული სამი ჯვარი და დაფა წარწერით. მაგრამ უნდა გაეგოთ, თუ ამ ჯვართაგან რომელზე მიამსჭვალეს უფალი. ეპისკოპოსის რჩევით, ეს ძელები რიგრიგობით შეახეს ერთ სნეულ დედაკაცს, რომელიც უფლის ჯვრის მიკარებისთანავე გამოჯანმრთელდა, ხოლო მიცვალებული, რომელსაც სასაფლაოზე მიასვენებდნენ, ცხოველმყოფელი ძელის შეხებისას გაცოცხლდა.

ამ სასწაულებმა ყოველგვარი ეჭვი გაფანტა – წმინდა ჯვარი აღმართეს შემაღლებულ ადგილზე და ქრისტიანებმა თაყვანი სცეს აღფრთოვანებული შეძახილებით: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ბევრი წარმართი და იუდეველი გაქრისტიანდა. იუდეველთაგან ერთ-ერთი მოქცეული შემდგომ იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა კვირიაკოსის სახელით. „ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისა“ მოხდა 326 წელს. ამ მოვლენას მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად 14 სექტემბერს აღნიშნავს.

ელენემ შვილს საჩუქრად წაუღო წმინდა ჯვრის ნაწილი და მასთან ერთად ნაპოვნი სამსჭვალები. ჯვრის დარჩენილი ძელი კი ჩაასვენეს ვერცხლის სანაწილეში და კრძალვით ინახავდნენ იერუსალიმში. დიდ პარასკევს, როგორც წესი, მას გოლგოთაზე მიასვენებდნენ და თაყვანს სცემდნენ.

ამავე პერიოდში განვითარდა ეკლესიისთვის სასიხარულო სხვა მოვლენებიც. ქრისტეს სწავლების ნათელმა შორეულ ქვეყნებში – ივერიასა და ეთიოპიაში შეაღწია. უფალმა ივერიის განმანათლებლად ამოირჩია ღვთისმოშიში და კეთილმსახური კაბადოკიელი ქალწული, სახელად ნინო, რომელიც ბავშვობიდანვე დედასთან ერთად გლახაკებს ემსახურებოდა. მისი ბიძა იერუსალიმის პატრიარქი იყო. ნინო მშობლებმა საცხოვრებლად იერუსალიმში წაიყვანეს და იქ განაგრძო ქრისტიანული მოღვაწეობა ერთი ღვთისმოშიში ქალის ხელმძღვანელობით. ქალწულმა აღმზრდელისგან შეიტყო ჩრდილოეთის ქვეყნის, ივერიის შესახებ, სადაც მრავალი იუდეველი მკვიდრობდა და სადაც უფლის კვართი ინახებოდა.

ერთხელ ნინოს ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა ივერიაში სამოღვაწეოდ და გადასცა ვაზის ჯვარი.

პატრირქის ლოცვა-კურთხევით ნინო ერთ წარჩინებულ მორწმუნე ქალთან ერთად ეფესოში გაემგზავრა, შემდეგ კი სომხეთში გაყვა ქრისტიან ქალებს, რომელთა შორის იყვნენ რიფსიმე და გაიანე. ეს მორწმუნე ქალები სომხეთის მეფე თრდატმა ქრისტეს აღსარების გამო აწამა, ხოლო ნინო უფლის განგებით სიკვდილს გადაურჩა და საქართველოსკენ გაემართა. ქალწული ჯერ ურბნისში შეჩერდა, შემდეგ მცხეთაში დასახლდა და მალე გაითქვა სახელი შეუბღალავი ცხოვრებით, გაჭირვებულთა დახმარებით... მასთან მიჰყავდათ სნეულები – ისიც სასწაულებრივად კურნავდა მათ. იგი დაუღალავად ქადაგებდა უფლის შესახებ და ყველას მოუხმობდა ქრისტეს რწმენით გადარჩენისკენ. მისი წყალობით ბევრი მოიქცა... ბოლოს მეფის სასახლემდეც მიაღწია ხმამ ნინოს შესახებ. მას სთხოვეს, განეკურნა დედოფალი და მანაც, ქრისტეს სახელით, იხსნა სალმობათაგან. ამის შემდეგ დედოფალი გაქრისტიანდა. მალე მირიან მეფეც მოიქცა და მან, ნინოს რჩევით, იმპერატორ კონსტანტინეს მიმართა თხოვნით – გამოეგზავნა სამღვდელოება. 326 წელს ივერიაში ჩავიდა ეპისკოპოსი სამღვდელოებასთან ერთად. მოინათლა ყველა, ვინც ქრისტე ირწმუნა და ახალმოქცეულ ქვეყანას დაუდგინეს ეპისკოპოსები. მალე აღიმართა ტაძრებიც. ნინომ მოციქულებრივი შრომა კიდევ დიდხანს გააგრძელა, წარმატებით იქადაგა კახეთის მხარეში და სოფელ ბოდბეში აღესრულა. საქართველო დიდი სიყვარულით პატივს მიაგებს თავის განმანათლებელს, რომლის ხსენებასაც 14 იანვარს აღნიშნავს.

ეთიოპია ანუ აბისინია განანათლა ორმა ჭაბუკმა: ფრუმენტიმ და ედესიოსმა. IV საუკუნის დასაწყისში ისინი ჯერ კიდევ ყმაწვილები გაემგზავრნენ ეთიოპიაში ტვიროსელ სწავლულ მეროპიოსსა და სხვა მოგზაურებთან ერთად. გზად ბარბაროსები დაესხნენ მგზავრებს და ყველა დახოცეს ორი ყმაწვილის გარდა, რომლებიც მეფეს მიჰგვარეს. მან თბილად მიიღო ისინი. მისი სიკვდილის შემდეგ ქვრივმა დედოფალმა ფრუმენტისა და ედესიოსს თავისი ვაჟების აღზრდა და სახელმწიფო საქმეთა მართვა ანდო.

უცნობია, ბავშვობიდანვე იყვნენ თუ არა ისინი ქრისტიანები, მაგრამ ახლოს იყვნენ იქაურ მორწმუნეებთან, აგრეთვე, კეთილგანწყობით იღებდნენ სავაჭროდ ჩამოსულ ყველა ქრისტიანს, უწყობდნენ ხელს წმინდა სწავლების გავრცელებას, აგებდნენ ტაძრებს, შედეგად სარწმუნოება სულ უფრო მკვიდრდებოდა აბისინიაში. როდესაც უფლისწული სრულწლოვანი შეიქნა, ფრუმენტიმ და ედესიოსმა ყველა საქმე მას, როგორც მეფეს გადააბარეს და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს.

ედესიოსმა ტვიროსს მიაშურა, ფრუმენტიმ – ალექსანდრიას, სადაც ეპისკოპოს ათანასეს აუწყა, თუ რა წარმატებით ამკვიდრებდნენ რწმენას ეთიოპიაში და იქ ეპისკოპოსის დანიშვნა სთხოვა. იმ დროს ალექსანდრიაში კრება მიმდინარეობდა, სადაც ფრუმენტიც გამოვიდა. მისი მოსმენის შემდეგ ათანასემ დანარჩენ ეპისკოპოსებს ფარაონის სიტყვებით მიმართა: „ვინა ვპოოთ ჩუენ სხუაჲ კაცი ესევითარი, რომლისა თანა არს სული ღმრთისაჲ“ (შესაქ. 41,38). შემდგომ თავად დაასხა ხელი ფრუმენტის აბისინიის ეპისკოპოსად, რომელმაც თავისი კათედრა ქალაქ აქსუმში დააფუძნა და დაუღალავი შრომის წყალობით მალე მოჰფინა ქვეყანას სახარებისეული სწავლების ნათელი. მას ეკლესია განადიდებს, როგორც ეთიოპიის მოციქულს – ხსენების დღედ კი 30 ნოემბერი ითვლება.

ცნობილია, რომ ამ შორეულ ქვეყანაში თავდაპირველად მათე და თომა მოციქულები ქადაგებდნენ, მაგრამ შემდგომ ქრისტიანთაგან ცოტა ვინმე თუ მიდიოდა იქ და შესაბამისად წმინდა სწავლებაც არასაკმარისად ვრცელდებოდა, სანამ ფრუმენტი არ შეუდგა ამ უდიდესი ღვაწლის აღსრულებას.

შეუძლებელია, არ ვახსენოთ ცნობები, რაც კონსტანტინეს მმართველობის დროს ტავრიკეს ნახევარკუნძულზე (ახლანდელი ყირიმი) სარწმუნოების გავრცელებას ეხება. ვიცით, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში იქ იქადაგეს ანდრია მოციქულმა, შემდეგ კი კლიმენტიმ, ეს უკანასკნელი ქერსონესში განდევნეს, სადაც ორი ათასამდე ქრისტიანი დახვდა, თუმც იქ ბევრი იუდეველიც ცხოვრობდა, რომლებიც მორწმუნეებს სდევნიდნენ. მაგრამ ქრისტიანობისთვის თავდადებულნი დროდადრო მიდიოდნენ ქერსონესში, ქადაგებდნენ და სასწაულებს ახდენდნენ, რისთვისაც ხშირად იტანდნენ შეურაცხყოფასა და დევნას, ზოგჯერ სიცოცხლესაც წირავდნენ.

ეკლესია 7 მარტს პატივს მიაგებს ქერსონესის მღვდელთმთავრებსა და უშიშარ მქადაგებლებს: ეფრემს, ბასილის, ევგენის, ელპიდეს, აგათოდორეს, ეთერიოსსა და კაპიტონს. ეს უკანასკნელნი კონსტანტინეს მმართველობის დროს ცხოვრობდნენ. გადმოცემა გვაუწყებს, რომ წარმართებმა კაპიტონს მოსთხოვეს ქადაგების დადასტურება საქმით და ისიც, ღვთისადმი ურყევი სასოებით, უშიშრად ავიდა კოცონზე, ალშემორტყმულმა დიდხანს ილოცა და უვნებელი დარჩა. მაშინ ამ სასწაულის მოწმეებმა ერთხმად შესაძახეს: „ერთ არს ღმერთი – ღმერთი ქრისტიანთა, დიდი და ძლიერი!“ მათგან ბევრი გაქრისტიანდა. წმინდა კაპიტონი რამდენიმე წელს ტავრიკეს ნახევარკუნძულის მთავარი ქალაქის – ქერსონესის ეპისკოპოსი იყო. IV საუკუნიდან ამ ეპარქიას ჰყავდა უწყვეტად დადგინებული ეპისკოპოსები, რომლებიც მონაწილეობდნენ კრებებში და ხელს აწერდნენ განჩინებებს.

ამ პერიოდისთვის სპარსეთში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა. სპარსეთის მეფე შაბურ II კონსტანტინესთან დამეგობრებას ლამობდა და ელჩები გაუგზავნა. კონსტანტინემ კი თავის მხრივ წერილობით სთხოვა მის იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანთა მფარველობა და დაუფარავად აღიარა, რომ ქრისტიანთა ღმერთს სცემდა თაყვანს.

კონსტანტინეს აშკარა კეთილგანწყობა ქრისტიანებისადმი და ახალი სწავლების წარმატებები, რა თქმა უნდა, არ სიამოვნებდათ წარმართებს. მართალია, ზოგი მათგანი ქრისტიანდებოდა მმართველის საამებლად, მაგრამ სხვები თავიანთ აღშფოთებას ვერ ფარავდნენ. ეს განსაკუთრებით ძლიერ იგრძნობოდა რომში. იქ წარმართები კვლავ თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ რელიგიას, რაც ღმერთებისადმი გულწრფელი რწმენით არ იყო გამოწვეული. ისინი რომის დიდებასა და ძალაუფლებას განუყოფლად უკავშირებდნენ ძველ სარწმუნოებას. იმხანად კი რომი აშკარად დაცემისკენ მიექანებოდა, დაკარგული ჰქონდა თავისი უწინდელი მნიშვნელობა: დასავლეთის იმპერატორები მილანში ცხოვრობდნენ, აღმოსავლეთის – ნიკომიდიაში. ეს ყოველივე აღიზიანებდა რომაელებს და ამ უბედურებათა მიზეზად ქრისტიანობას მიიჩნევდნენ.

კონსტანტინე, როგორც ქრისტიანთა აშკარა მფარველი, რომში ნაკლებად უყვარდათ, რაც მან თავადაც იცოდა და იშვიათადაც ჩადიოდა იქ. ბოლოს მან გადაწყვიტა ახალი, ქრისტიანული სატახტო ქალაქის დაარსება, რომელიც არაფრით იქნებოდა წარმართობასთან დაკავშირებული. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად აირჩია ბოსფორის ნაპირებზე განლაგებული ძველი, პატარა ქალაქის, სახელად ბიზანტიის, მდებარეობა და მის ადგილზე იმპერიის ახალი დედაქალაქის დაფუძნებას შეუდგა. იმპერატორმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ქალაქი, ააგო სამეფო სასახლეები, ბრწყინვალე პალატა სენატისთვის, წყალგაყვანილობის სისტემა, მოაწყო ბაზრობები. ეს ახალი ნაგებობები არაფრით განსხვავდებოდა ძველ დედაქალაქში – რომში არსებულისაგან და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ პატარა ბიზანტიის ადგილზე თავად რომი იყო გადმოტანილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ აქ უკვე აღარ აშენებდნენ საკერპო ბომონებს. კოლიზეუმის ნაცვლად, სადაც გლადიატორთა ბრძოლები და გასართობი თამაშები იმართებოდა, იმპერატორის ბრძანებით მოაწყეს არენა ცხენებით რბოლისთვის. ქრისტიანულ დედაქალაქში სისხლიანი გართობები და გლადიატორთა შერკინებანი აიკრძალა. შენდებოდა ბრწყინვალე ქრისტიანული ტაძრები, რომელთა შორის უდიდესი იყო წმინდა სოფიას – ღვთის სიბრძნის სახელზე აგებული ტაძარი. თვითონ ახალი ქალაქი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრად გამოაცხადეს და უწოდეს კონსტანტინოპოლი. მას აგრეთვე ახალ რომსაც უწოდებდნენ.

კონსტანტინე ნიადაგ ზრუნავდა სარწმუნოების გასავრცელებლად, ყველა მის მითითებასა თუ ბრძანებაში სულ უფრო იგრძნობოდა ქრისტიანობის გავლენა. ყველგან ხსნიდა სასწავლებლებს, უკვეთავდა წმინდა წერილის ასლებს, რათა ყველასთვის მისაწვდომი გაეხადა იგი. გულუხვად ეხმარებოდა ტაძრების მშენებლობებს. იმავდროულად, მისი ბრძანებით, დაანგრიეს რამდენიმე წარმართული სამსხვერპლო, სადაც უზნეო რიტუალები ტარდებოდა. იმპერატორი ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ამცირებდა გადასახადებს, ხელს უწყობდა მონების გათავისუფლებას, კვირა დღეს აკრძალა სამსჯავროს, დავის, სანახაობების გამართვა, ვალების მოთხოვნა. უფლის დღეს მხოლოდ ერთი სამოქალაქო ქმედება იყო ნებადართული – მონათა განთავისუფლება, რაც როგორც ღვთისსათნო საქმე ხანდახან ეკლესიაშიც ხდებოდა ეპისკოპოსის თანდასწრებითა და ხელშეწყობით. იმპერატორის სასახლეში იკრიბებოდნენ წმინდა წერილის მოსასმენად, ლაშქრობებშიც კი მიჰქონდა საგანგებოდ მოწყობილი ეკლესია; კონსტანტინეს უყვარდა წმინდა წერილის შესახებ საუბარი, თავადაც თხზავდა შეგონებებს, უდიდეს პატივს მიაგებდა ეპისკოპოსებს და ხშირად ეკითხებოდა რჩევებს.

მიუხედავად ქრისტიანობისთვის ასეთი თავდადებისა, კონსტანტინე არ ჩქარობდა ეკლესიას ნათლისღებით შეერთებოდა და მხოლოდ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიპოვა წმინდა საიდუმლოებში მონაწილეობის უფლება. მაინც რატომ იკავებდა თავს? ზოგი ისტორიკოსის განმარტებით, რომის იმპერატორისთვის ძალიან ძნელი იყო, უცებ გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი წარმართობასთან, რომელსაც მისი ქვეშევრდომების დიდი ნაწილი აღიარებდა, ამ უკანასკნელთ კი იმპერიის დიდება და ძალაუფლება ძველი რელიგიისგან განუყოფლად მიაჩნდათ. შესაძლოა, არსებობდა სხვა მიზეზებიც.

არა მარტო კონსტანტინეს, მის შემდგომ ეპოქებშიც საკმაოდ იყო გავრცელებული ნათლისღების ხანგრძლივად გადადების წესი. ერთნი ასე იქცეოდნენ თავიანთი ცოდვილობის თავმდაბლად შეცნობის, აგრეთვე, უდიდესი საიდუმლოსადმი კრძალვის გამო და აუცილებლად თვლიდნენ ნათლისღებისთვის დიდხანს მზადებას ლოცვითა და სინანულით. სხვები ვერ ბედავდნენ შეჩვეულ ყოფაზე ერთბაშად უარის თქმას და ახალ ცხოვრებაში აღორძინებას. მით უმეტეს, რომ ნათლისღების შემდგომ ცოდვების ჩამდენთ ეკლესია მკაცრად ეპყრობოდა. ამ საიდუმლოს აღსრულებას ბევრი ამჯობინებდა სიკვდილის წინ, რათა ღვთის სამსჯავროზე წარდგომა შესძლებოდა ახალმოქცეულის სიწმინდით.

წმინდა მამები ხშირად ამხელდნენ ასეთ ცრუ შეხედულებას და არწმუნებდნენ გაქრისტიანების მსურველთ, არ დაეყოვნებინათ ეკლესიასთან შეერთება.

ნუთუ შეუძლია კაცთაგან გამორჩეულსაც კი, ოდესმე თავი ქრისტეს წმინდა და უდიდეს საიდუმლოსთან მიახლების ღირსად ჩათვალოს?! მაგრამ მოწყალე ღმერთი გვიხმობს ჩვენ – უღირსებსა და ცოდვილებს, გვთავაზობს მასთან მისასვლელ გზებს. ეკლესიასთან ერთობა და წმინდა საიდუმლოთა მადლმოსილება გვაძლიერებს, რათა ცხოვრების რთულ ხლართებში წარმატებით ვიაროთ, ჩვენივე სისუსტე ლოცვის, სიყვარულისა და რწმენის ძალით დავამარცხოთ.

სარწმუნოა, რომ კონსტანტინეს ასეთი მოქმედების ერთ-ერთი მიზეზი ნათლისღებისთვის ლოცვითა და სინანულით მომზადების სურვილი იყო. განსაკუთრებით მას მერე, რაც მიწას მიაბარა საკუთარი ძე კრისპუსი. ეს ნიკეის კრების შემდგომ მოხდა. კონსტანტინეს მეორე ცოლმა, ფაუსტამ, ცილი დასწამა თავის გერს, ჭაბუკ კრისპუსს. საქმე იქამდე მივიდა, რომ იმპერატორმა ბრძანა შვილის შეპყრობა და სასწრაფოდ მოიწვია სამსჯავრო, რომელზეც მას სიკვდილი მიუსაჯეს. კონსტანტინემ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო კრისპუსის უდანაშაულობის შესახებ და სიცოცხლის ბოლომდე გლოვობდა თავის შეცდომას. მან შვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად აღმართა ქანდაკება წარწერით: „უდანაშაულოდ დასჯილ ძეს მამისგან“.

მრავალთა აზრით, კონსტანტინეს სინდისის ქენჯნა აბრკოლებდა – იგი თავს უღირსად თვლიდა, ქრისტიანის სახელი რქმეოდა ასეთი დანაშაულის შემდეგ და მისი ჩამორეცვხა მრავალწლიანი ლოცვითა და სინანულით ეწადა. ამ პერიოდიდან იმპერატორი უკიდურესი სიფრთხილით ეკიდებოდა დამნაშავეთა დასჯას, ბევრი გადაჭარბებულ ლმობიერებაშიც კი სდებდა ბრალს. მაგრამ მას ყველაზე მეტად უდანაშაულო კაცის დასჯისა ეშინოდა და ამგვარ საყვედურებსაც იოლად იტანდა. ერთხელ, ამბოხის დროს, ხალხმა იმპერატორის ქანდაკებას ქვები დაუშინა. ეს ამბავი კონსტანტინეს მოახსენეს და დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვეს, მაგრამ მან სახეზე ხელი მოისვა და უპასუხა: „მე ტკივილს არ ვგრძნობ“. ასე მიუტევა შეურაცხმყოფლებს.

კონსტანტინე გულწრფელი და მიმნდობი ადამიანი იყო და ამას, სამწუხაროდ, ბევრი უღირსი იყენებდა თავისი ანგარებიანი მიზნებისთვის. ზოგი თავს მოშურნე ქრისტიანად აჩვენებდა, ნდობასაც მოიპოვებდა და შემდეგ ამით ბოროტად სარგებლობდა. სხვათა შორის, ამგვარად მოქმედებდნენ არიანელებიც. ისინი მოხერხებულად მალავდნენ თავიანთ ნამდვილ ზრახვებს და თანდათანობით დიდი გავლენა მოიპოვეს სასახლის კარზე, განსაკუთრებით – კონსტანტინეს მმართველობის უკანასკნელ წლებში.

დედოფალ ელენეს გარდაცვალების შემდგომ კონსტანტინე ძალიან დაუახლოვდა თავის დას კონსტანციას, რომელიც არიანელთა ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მან, სასიკვდილო სარეცელზე მწოლარემ, დაარწმუნა იმპერატორი, რომ არიოზი უსამართლოდ იყო დასჯილი და სთხოვა, გადასახლებიდან დაებრუნებინა არიოზიც და მისი განდევნილი მომხრეებიც, მათ შორის: ევსები ნიკომიდიელი, ევსები კესარიელი, თეოგნოსტე ნიკიელი. ისინი, მართალია, განუდგნენ ცრუსწავლებას, მაგრამ ფარულად მაინც მფარველობდნენ არიანელებს. ევსები ნიკომიდიელმა ძლიერი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე. ამ ცბიერ და ვერაგ ადამიანს სძულდა მართლმადიდებლები და ყოველნაირად ცდილობდა მათ წინააღმდეგ კონსტანტინეს ამხედრებას.

დაბრუნებულმა არიოზმაც მოახერხა მმართველის დარწმუნება, რომ განუდგა თავის ცდომილებებს. კონსტანტინეს გულწრფელად აწუხებდა ქრისტიანთა შორის უთანხმოებები, ამიტომ გაახარა არიოზის ნათქვამმა, დაუჯერა და ათანასეს მოსთხოვა მისი მიღება ალექსანდრიის ეკლესიაში. მაგრამ ათანასე კარგად იცნობდა არიოზს და მისდამი უნდობლობის მიზეზიც ჰქონდა, ამიტომ მტკიცე უარი განაცხადა, ეკლესიაში მიეღო კაცი, რომელიც ქრისტეს ღმერთობას უარყოფდა. კონსტანტინე ათანასეს პატივს სცემდა და ძალა არ დაუტანებია; სამაგიეროდ, არიანელმა ეპისკოპოსებმა, რაკი ათანასე თანამოაზრედ ვერ გაიხადეს, მისი დაღუპვა განიზრახეს.

იმავდროულად ისინი სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსების წინააღმდეგაც ამოქმედდნენ. გადაწყვიტეს, დაემხოთ ჭეშმარიტების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ქომაგი, ანტიოქიის ეპისკოპოსი ევსტათი, რომელსაც მთელი საქრისტიანო პატივს სცემდა. ანტიოქიაში ჩავიდნენ ევსები ნიკომიდელი და ევსები კესარიელი თავიანთ მომხრე რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთად. ევსტათის მათს ბოროტ ზრახვებში ეჭვი არ შეჰპარვია და გულღიად შეხვდა. მათ კი სასწრაფოდ მოიწვიეს კრება და ევსტათი უზნეობაში, ერესისკენ მიდრეკაში დაადანაშაულეს. მოტყუებულმა ხალხმა მღვდელთმთავრის დამხობა მოითხოვა. წმინდა ეპისკოპოსს წოდება აჰყარეს და რამდენიმე პრესვიტერსა და დიაკონთან ერთად თრაკიაში გადაასახლეს. მან ეს ღვთის ნებით მოვლენილ გამოცდად ჩათვალა და სულგრძელად დაითმინა. წმინდა ევსტათიმ დევნულებაში დიდი ტანჯვა გამოიარა და აღესრულა 345 წელს ფილიპოსში.

არიანელთა ხრიკების გამო დაამხეს და განდევნეს ნიკეის დოგმატების დამცველი რამდენიმე ეპისკოპოსიც, მაგრამ ვიდრე ათანასე ალექსანდრიაში იყო, არიანელები ვერ მოისვენებდნენ. თავიანთ უძლიერეს მეტოქედ სწორედ მას თვლიდნენ, მისი ეშინოდათ, აშფოთებდათ მისი გავლენა მთელ ეგვიპტეზე. ალექსანდრიის ეპისკოპოსს ასზე მეტ ეპარქიაზე მეთვალყურეობა ევალებოდა და ეგვიპტის მთელი სასულიერო დასი ათანასეს მხურვალე ერთგული იყო. ამიტომ მიმართეს ყველა საშუალებას არიანელებმა მის წინააღმდეგ: ჯერ შეეკრნენ მელეტიანელებს და წაუყენეს რამდენიმე ბრალდება: მიზეზად დაასახელეს კლიროსისადმი მისი სასტიკი მოპყრობა; არ მოერიდნენ სიცრუეს, თითქოს იგი უკანონო შესაწირს ითვისებდა. ათანასემ იოლად გაიმართლა თავი ამ შეთითხნილი ბრალდებებისგან და იმპერატორმაც იგი პატივით გაუშვა – „ის ღვთის კაცია, შურის გამო დასწამეს ცილი, მაგრამ მაძაგებლებზე ამაღლებული აღმოჩნდა“. – ამბობდა კონსტანტინე.

ამ მარცხმა უფრო გააბოროტა არიანელები და ცოტა ხანში ათანასეს ისევ წაუყენეს ახალი, მაგრამ ამჯერად არა სარწმუნოებასთან დაკავშირებული ბრალდებები. მათ დაარწმუნეს იმპერატორი კონსტანტინე, რომ ათანასეს მის მტრებთან ჰქონდა მუდმივი ურთიერთობა; დააბრალეს მკრეხელობა, ბოლოს განაცხადეს, რომ თითქოს ათანასემ მოკლა ერთი მელეტიანელი ეპისკოპოსი – არსენი, რომელსაც მანამდე ჯადოქრობის აღსრულების მიზნით ხელი მოჰკვეთა. კონსტანტინე დაიყოლიეს, რომ ალექსანდრიის ეპისკოპოსის განსასჯელად მოეწვია კრებები ჯერ კესარიაში, შემდეგ ტვიროსში. კრებაზე თავმოყრილთაგან უმეტესობა ბრალდებულის მტერი იყო, თუმცა გამოჩნდნენ ეპისკოპოსებიც, რომლებმაც უშიშრად დაუჭირეს მხარი ათანასეს. აღმსარებელმა პოტამონმა, რომელმაც სასტიკი ტანჯვა გადაიტანა დევნის დროს, თავი ვერ შეიკავა აღშფოთებისგან, როდესაც კრების დამსწრეთა რიცხვში ევსები კესარიელი იხილა და დაუყვირა: „შენ უნდა განსაჯო უდანაშაულო ათანასე?! მე და შენ დევნის დროს დილეგში ერთად ვისხედით. მე ჭეშმარიტების დასაცავად თვალი დავკარგე, შენ კი სადა გაქვს იარები, როგორ დააღწიე თავი საპყრობილეს?!“ დაბნეულმა ევსებიმ პასუხი ვერ გასცა და კრება დატოვა.

მეორე ცნობილმა აღმსარებელმა პაფნუტიმ კრებაზე მაქსიმე იერუსალიმელს უთხრა: „ჩვენ ერთად ვიტანჯეთ ჭეშმარიტებისთვის. განა ჯეროვანია, უკეთურთა თათბირში მივიღოთ მონაწილეობა?!“ და ორივემ დატოვა იქაურობა.

ათანასეს დიდხანს ვერაფერი მოუხერხეს – იგი იოლად ამხელდა ყველა უსამართლო ბრალდებას. მხოლოდ ერთის გაქარწყლება გაუჭირდა – ეს იყო არსენის მკვლელობის ცილისწამება, რაკი ეს უკანასკნელი ვერსად იპოვეს. ორი წლის შემდეგ ათანასეს მეგობრებმა ტვიროსში ნახეს არსენი, რომელსაც არიანელთა რისხვისა ეშინოდა და თავს სხვა ადამიანად ასაღებდა. ამჯერად კი ვეღარ დაიმალა, რადგან ტვიროსის ეპისკოპოსმა იცნო.

ზუსტად ამ დროს ტვიროსში ახალი კრება მიმდინარეობდა ათანასეს განსასჯელად. მისმა მტრებმა დანაშაულის უტყუარ დადასტურებად ზარზეიმით წარმოადგინეს თითქოსდა არსენის მოჭრილი, გამხმარი ხელი, რომელიც ვითომ ათანასესთან იპოვეს. მან მშვიდად მოისმინა ბრალდება და ერთ-ერთ თანმხლებს რაღაც ანიშნა. ისიც გავიდა, მალევე შემობრუნდა და თავიდან ფეხებამდე მოსასხამში გახვეული ადამიანი შემოიყვანა. „დამსწრეთაგან ვინმე პირადად თუ იცნობს არსენის?“ – იკითხა ათანასემ. ბევრმა თანხმობით უპასუხა. მაშინ მან მოსულს სახე გამოუჩინა და ჰკითხა: „შენ არ ხარ ის არსენი, რომელიც მოვკალი და ხელი მოვკვეთე?!“ შემდეგ მოსასხამი შემოხსნა, მისი ორივე ხელი აჩვენა დამსწრეებს და თქვა: „აი, ორივე ხელი, რომელიც მას უფალმა მისცა. დაე, ბრალმდებლებმა მითხრან, საიდან გააჩინეს მოკვეთილი მესამე“.

ენით აუწერელი იყო ათანასეს მტრების გაცოფება – აშკარა ცილისწამებაში მხილებულნი ეცნენ მას და დაახრჩობდნენ კიდეც, მმართველთან დაახლოებულ დიდებულს რომ არ გამოეგლიჯა ხელიდან. მაგრამ მტრებს არც ამჯერად გადასწურვიათ ათანასეს დაღუპვის იმედი – შეადგინეს ჯგუფი და ეგვიპტეში გააგზავნეს მის წინააღმდეგ სამხილების შესაგროვებლად. ეგვიპტის ეპისკოპოსები – ათანასეს თავგამოდებულ მომხრეთა სასულიერო დასი ალექსანდრიისა, ამაოდ ცდილობდა ათანასეს სიმართლის დამამტკიცებელი საბუთების წარდგენას. ყველაფერი, რაც მის სასარგებლოდ გამოდგებოდა, მტრებმა საგულდაგულოდ გადამალეს, ხოლო ხალხს ცრუ ჩვენებების მიცემას წამებითა და მუქარით აიძულებდნენ. როდესაც ათანასე დარწმუნდა, რომ მართალი სამსჯავროს იმედი არ უნდა ჰქონოდა, ფარულად გაეცალა ტვიროსს და კონსტანტინოპოლში ჩავიდა.

ერთხელ, კონსტანტინე თავისი დედაქალაქის ქუჩებში დადიოდა, უცებ ვიღაც მივიდა, ცხენს აღვირში სწვდა და შეაჩერა. ეს იყო ათანასე, რომელმაც იმპერატორს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მე სამართალს ვითხოვ. დაე, ღმერთი ჩადგეს ჩვენს შორის მსაჯულად, თუ ჩემს ცილისმწამებლებს მიენდობი“. იმპერატორი თავიდან გაწყრა და ის იყო გზის გაგრძელება დააპირა, რომ ათანასემ განაგრძო: „მხოლოდ ერთს გთხოვ, მოუხმე და მოუსმინე ჩემს ბრალმდებლებს“.

ხელისუფალმა თხოვნა სამართლიანად მიიჩნია და მოიწვია ეპისკოპოსები, რომლებსაც, მათ მიერვე მოპოვებული ცრუ ბრალდებების საფუძველზე, ათანასეს დამხობა ჰქონდათ გადაწყვეტილი. კონსტანტინოპოლში ჩავიდა რამდენიმე არიანელი ეპისკოპოსი, მათ შორის ორივე ევსები. ისინი ხვდებოდნენ რა უწინდელი ბრალდებების უსუსურობას, ახალიც მიამატეს და დაარწმუნეს კონსტანტინე, რომ ათანასე, რომელსაც ალექსანდრიაში უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა, ახალ დედაქალაქში ხორბლის შეტანის შეჩერებით იმუქრებოდა.[1] ამ ცილისწამებამ გაჭრა და ათანასე გადაასახლეს გალიის ქალაქ ტრირში. მაგრამ კონსტანტინემ უარი განაცხადა, იგი ვინმეს შეეცვალა ალექსანდრიაში. მას ესმოდა, რომ ეპისკოპოსის განდევნა ერთადერთი საშუალება იყო მისი დახსნისა გაცოფებული მტრებისგან, რომლებიც მის მოწამლვასაც კი აპირებდნენ.

ტრირში ათანასე პატივით მიიღეს, ხელისუფლის უფროსი ძე, გალიის მმართველი კონსტანტინე II, უდიდესი პატივითი ეპყრობოდა და ყოველნაირად ცდილობდა დევნულების ტვირთი შეემსუბუქებინა მისთვის.

არიანელები ზეიმობდნენ – ყველაზე საშიში მეტოქე მოიცილეს. აღდგომის ტაძრის საკურთხებლად იერუსალიმში შეკრებილმა ეპისკოპოსებმა ეკლესიის ერთობაში დააბრუნეს არიოზი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით გათამამებული ალექსანდრიაში ჩავიდა. მაგრამ მისმა გამოჩენამ უკიდურესად აღაშფოთა იქაური ქრისტიანები. სახალხო მღელვარების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა არიოზი კონსტანტინოპოლში მიიწვია და, ეპისკოპოს ალექსანდრეს თანდასწრებით, მოსთხოვა მეორედ დაეგმო ცრუსწავლება. ცბიერმა არიოზმა ამჯერადაც დათმო: იგი დაეთანხმა იმპერატორის მოთხოვნას, ხელი მოეწერა ნიკეის სიმბოლოზე.

– შემომფიცე, რომ ამგვარად გწამს. – მიმართა კონსტანტინემ.

– ვფიცავ, მწამს ის, რაც დავწერე. – მიუგო არიოზმა, რომელსაც ფარულად შედგენილი ჰქონდა მრწამსის თავისი ვარიანტი და ფიცის დროს ის ჰქონდა მხედველობაში.

მოტყუებულმა კონსტანტინემ ალექსანდრეს არიოზის ეკლესიაში მიღება უბრძანა, რამაც ძალიან დაამწუხრა ეპისკოპოსი – მას არიოზის ფიცის არ სჯეროდა და ეკლესიაში ქრისტეს მტრის შეშვებისა ეშინოდა. მის უნდობლობას ყველა მართლმადიდებელი იზიარებდა, მაგრამ ვერაფერი გააწყეს. არიანელები ხმამაღლა იმუქრებოდნენ, რომ არიოზს ძალით მაინც შეიყვანდნენ ეკლესიაში. ქრისტიანებს ერთი იარაღი რჩებოდათ – ლოცვა. ისინი მარხვითა და ლოცვით ევედრებოდნენ უფალს დაეცვა თავისი ეკლესია. კონსტანტინეპოლის მართლმადიდებლების წუხილს იზიარებდა იმ დროს იქ მყოფი წმინდა იაკობ ნიზიბიელიც.

ეკლესიაში არიოზის მიღების წინადღეს – შაბათს – მისი მეგობრები ეპისკოპოს ალექსანდრეს ნიშნისმოგებით ეუბნებოდნენ: „თანახმა ხარ თუ არა, ხვალ არიოზი მაინც იქნება ეკლესიაში“. კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა: „უფალო, ნუ მომასწრებ შენი მემკვიდრეობის შეგინების ხილვას; თუ არიოზი უნდა შეიყვანონ ეკლესიაში, მორწმუნეთა ერთობაში, მაშინ მე წამიყვანე ცოცხალთაგან!“

კვირადღეც დადგა! გახარებული არიანელების მრავალრიცხოვანი ბრბო გარს შემოერტყა თავის ბელადს და საზეიმო მსვლელობით მიაცილა ეკლესიამდე. უცებ არიოზმა თავი ცუდად იგრძნო და მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ მოვლენამ არიანელებს თავზარი დასცა. მორწმუნეებმა კი ეს ამბავი, რასაკვირველია, მიაწერეს უფლის ყოვლისშემძლე მარჯვენას, რომელმაც ეკლესია დაიცვა მავნე ცრუსწავლების გავლენისგან მაშინ, როცა ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევა ფუჭი გამოდგა.

მაგრამ, მიუხედავად არიოზის საშინელი ხვედრისა, არიანელებს თავიანი ძალაუფლება საიმპერატორო კარზე არ დაუკარგავთ. კონსტანტინე სიცოცხლის ბოლომდე ენდობოდა ცბიერ და ვერაგ ევსები ნიკომიდიელს, მაგრამ თავად იმპერატორის დღეებიც დათვლილი იყო. მან ცოტა ხნის წინ იზეიმა თავისი მმართველობის ოცდაათი წელი და განზრახული ჰქონდა პალესტინაში გამგზავრება, რათა იორდანეს წმინდა წყლებში მიეღო ნათლობა. მაგრამ ამ ჩანაფიქრის აღსრულება ვერ შეძლო...

დადგა აღდგომის დღესასწაული, რომელსაც უდიდესი ზეიმით აღნიშნავდნენ. ქალაქის ყველა ქუჩაში ენთო სვეტებად აღმართული ცვილის კელაპტრები, ეკლესიებში მთელ ღამეს ლოცულობდნენ, გამთენიისას იმპერატორი ხალხს ძღვენს ურიგებდა ქრისტეს აღდგომის – ამ უდიდესი და სასიხარულო მოვლენის – აღსანიშნავად. კონსტანტინემ ეს დღესასწაული უკანასკნელად იზეიმა. ცოტა ხანში ის დასნეულდა და ექიმების რჩევით სამკურნალოდ გაემგზავრა თბილ წყლებზე, მაგრამ შვება ვერ ჰპოვა. როცა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, გადასახლდა ნიკომიდიის შემოგარენში, მოიწვია ეპისკოპოსები და სთხოვა, მოენათლათ. ლოცვითა და ცოდვათა აღიარებით მომზადებულ კონსტანტინეს წილად ხვდა პატივი ქრისტიანად წოდებისა. მას სიკვდილამდე აღარ გაუცვლია ახალმოქცეულის თეთრი სამოსი სამეფო ძოწეულზე. ისტორიკოსის სიტყვებით: „სიკვდილის შიში განაქარვა სიხარულმა, რომ ის ქრისტეს შვილებს ეკუთვნის; გულით ხარობდა და სულით ზეიმობდა; მას გულწრფელად აოცებდა ღვთის ძალის მოქმედება“.

კონსტანტინე გარდაიცვალა 337 წელს, სულთმოფენობას. აღსრულებამდე კი სახელმწიფო თავის სამ ვაჟს ჩააბარა.

ერმა და მხედრობამ გულწრფელად იგლოვეს იგი. უდიდესი პატივით გადაასვენეს მისი ცხედარი კონსტანტინოპოლში და დაკრძალეს წმინდა მოციქულთა სახელობის ეკლესიაში, სადაც კონსტანტინემ წინასწარ განიმზადა საძვალე. ქრისტიანობისთვის მის თავდადებას მადლიერებით იხსენიებს ეკლესია, რომელმაც ის და დედამისი, დედოფალი ელენე, მოციქულთა სწორთა დასს მიაკუთვნა.

მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის მმართველობის ბოლო წლებში მართლმადიდებლებს სდევნიდნენ, ვერავინ დააბრალა კონსტანტინეს არიანული ერესისკენ მიდრეკა. არიანელებმა მასზე მოპოვებული გავლენა შეინარჩუნეს სიცრუით, ნამდვილი ზრახვების დაფარვით და ნიკეის დოგმატზე მოჩვენებითი თანხმობით. გულმართალი და პირდაპირი კონსტანტინე ადვილად იჯერებდა მათ ნათქვამს, არიანელები კი, როგორც ვნახეთ, ბოროტად იყენებდნენ ამ ნდობას. ისტორიკოსი შენიშნავს, რომ კონსტანტინეს მმართველობის დროს გამეფებული იყო „ორი მძიმე უკეთურება: სხვისი ქონების დამტაცებელი ხარბი და ვერაგი ადამიანების დამანგრეველი მოქმედება და ქრისტიანის სახელის მატარებელი თაღლითების ენითუთქმელი ორგულობა. კაცთმოყვარე, გულწრფელად მორწმუნე და გულღია იმპერატორს სჯეროდა ცრუქრისტიანებისა, რომლებიც, თვალთმაქცობის ნიღაბს ამოფარებულნი, ცდილობდნენ მისი კეთილგანწყობის მოპოვებას. მათზე მინდობილი ის ზოგჯერ უჯეროდაც იქცეოდა“.

მძიმე სანახავია მტრობისა და სიცრუის ბატონობა საზოგადოებაში, რომლის წევრებსაც ქრისტიანები ჰქვიათ. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა არ არის ამ წოდების ღირსი. ადრე, დევნის დროს, მხოლოდ ჭეშმარიტ მორწმუნეებს ჰყოფნიდათ გამბედაობა, ქრისტიანები ეწოდებინათ საკუთარი თავისთვის და უშიშრად შეჰგებებოდნენ სიკვდილს. ამიტომაც ბრწყინავდა სისუფთავითა და სიწმინდით მათი საზოგადოება. ახლა, როცა ქრისტიანობა საშიში აღარ იყო და, პირიქით, ხელისუფლისგან გარკვეული სარგებლის წყაროდ იქცა, უამრავმა უღირსმა მორწმუნედ წარმოაჩინა თავი. ასეთი ადამიანები ვერ იქნებოდნენ ქრისტეს ერთგულნი და კეთილმსახურნი – ისინი უფალს კი არა, თავიანთ ვნებებს ემონებოდნენ. ეს თვითმარქვიები ეკლესიის წესებს გარეგნულად ასრულებდნენ, სინამდვილეში კერპთაყვანისმცემლებად რჩებოდნენ, რადგან მათი გულები ეკუთვნოდა არა ღმერთს, არამედ ამა სოფელსა და მისგან მიღებულ სარგებელს. ეს ადამიანები ქმნიდნენ თვალთმაქცობისა და სიცრუის გარემოს. თესდნენ უთანხმოებებს ქრისტეს ეკლესიაში, რის გამოც უფლის ერთგულ მსახურებს მძიმე გამოცდის გავლა უხდებოდათ, მათი მდგომარეობა ახლა უფრო რთული იყო, ვიდრე მაშინ, როცა აშკარა მტრებს ებრძოდნენ. ამ განსაცდელისთვის უნდა გაეძლო ეკლესიას, ეღვაწა ერთსულოვნებისა და მშვიდობის გასაძლიერებლად.

ამ ძნელბედობის ჟამს ქრისტეს ეკლესიაში მოღვაწეობდნენ სულიწმიდით გაცისკროვნებული წმინდა მამები, რომლებიც სიყვარულით, შეუპოვრობითა და თავგანწირვით ემსახურებოდნენ ჭეშმარიტებას.

კონსტანტინესა და მისი მემკვიდრეების მმართველობის ეპოქაში, ცრუქრისტიანების მიერ გამოწვეულ სამწუხარო არეულობებთან ერთად, მუდამ ცოცხლობდა ჭეშმარიტი რწმენა. ამის დადასტურებად კი ქრისტეს ერთგულ მსახურთა ცხოვრება და მოღვაწეობა გვევლინება.

 

 

[1] უნდა აღინიშნოს, რომ კონსტანტინოპოლს მხოლოდ ეგვიპტე ამარაგებდა ხორბლით. ცოტა ხნით ადრე სიკვდილით დასაჯეს ფილოსოფოსი სოსიპატრე, რომელსაც დააბრალეს, თითქოს ჯადოქრობით ზურგის ქარს უცვლიდა მიმართულებას და აბრკოლებდა დედაქალაქისკენ მიმავალ ხომალდებს.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა