martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 33

პირველი მსოფლიო კრება ნიკეაში.

 

დონატისტების განხეთქილება, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და მძიმე მოვლენა იყო ქრისტიანებისთვის, მაგრამ თავად ეკლესიისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამავე პერიოდში ალექსანდრიაში დაწყებული დავა. იქ ერთი ცრუმასწავლებელი, სახელად არიოზი, კადნიერად უარყოფდა ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობას. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მელეტიოსმა არეულობა მოაწყო ეკლესიაში, დიაკონი არიოზი მას მიემხრო და დაუპირისპირდა ალექსანდრიის ეპისკოპოსს, როგორც მეტისმეტად მიმტევებელს დაცემულთა მიმართ.

არსებობს გადმოცემა, რომ პეტრე ალექსანდრიელმა წინასწარ განჭვრიტა, თუ ვინ იქნებოდა არიოზი ქრისტეს ეკლესიისთვის. მას ესიზმრა ყრმა იესო თავიდან ბოლომდე გახეული კვართით. „უფალო, ვინ გაკადნიერდა და შეეხო შენს სამოსს?“ – ჰკითხა პეტრემ. – „არიოზმა გახია იგი“ – მიუგო უფალმა. ეს მოხდა დიდი ხნით ადრე, სანამ არიოზი თავისი ერესის გავრცელებას დაიწყებდა. პეტრე მოწამებრივად აღესრულა, მისმა მემკვიდრე აქილემ არიოზი პრესვიტერის ხარისხში აიყვანა და ალექსანდრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტაძარი ჩააბარა. განსწავლულმა და მკაცრი ცხოვრების მიმდევარმა არიოზმა სახელი გაითქვა. მისი გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ ეპისკოპოსად არჩევის იმედი ჰქონდა. მაგრამ მოხდა ისე, რომ აქილეს მემკვიდრედ აირჩიეს ალექსანდრე და არა არიოზი; ამ უკანასკნელმა არ გაამჟღავნა თავისი უკმაყოფილება და ეპისკოპოსს დაუახლოვდა.

ერთხელ, როდესაც მათი საუბარი შეეხო ყოვლადწმიდა სამებას, არიოზმა დაიწყო ალექსანდრეს მხილება და ერესისკენ მიდრეკაში დაადანაშაულა. ამასთან გამოთქვა აზრი, რომ იესო ქრისტე არ არის მარადიული და დაუსაბამო, რომ იყო ჟამი, როდესაც ის არ არსებობდა; რომ ის ღმერთია მხოლოდ სახელით და არა არსით, რადგან ქმნილებაა მამა ღმერთისა. ამ მკრეხელობამ შეაძრწუნა ალექსანდრე. სცადა, არიოზისთვის ასეთი შეხედულებების მცდარობა დაემტკიცებინა და სასაუბროდ ხშირად უხმობდა თავისთან; გარდა ამისა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მსჯელობდა და გმობდა მის თვალსაზრისს. ამ ყოველივეს ალექსანდრე თავშეკავებით აკეთებდა, რადგან კეთილი და მშვიდობისმოყვარე ადამიანი იყო. არიოზი კი ალექსანდრეს ყველგან ერეტიკოსს ეძახდა; ამასთან ჯიუტად ავრცელებდა თავის სწავლებას, ქადაგებდა ეკლესიაშიც და საზოგადოებაშიც. ის მჭევრმეტყველი და მიმზიდველი მოსაუბრე იყო, რითაც მოხიბლა ძალიან ბევრი, რომელთაც გაიზიარეს მისი შეხედულებები.

როდესაც ალექსანდრემ დაინახა, თუ როგორ ვრცელდებოდა ბოროტება, 318 წელს მოიწვია კრება ასზე მეტი ეპისკოპოსის მონაწილეობით. კრებამ ერთსულოვნად დაგმო ცრუსწავლება და განკვეთა არიოზი. მაგრამ იგი არ დაემორჩილა ამ განჩინებას, საჯაროდ გამოთქვამდა უკმაყოფილებას, თითქოს უკანონოდ დასაჯეს, ამან კი ალექსანდრიაში დიდი მღელვარება გამოიწვია. არიოზი მრავალ ეპისკოპოსს სწერდა წერილებს, რომლებშიც თავს უდანაშაულო მსხვერპლად წარმოაჩენდა და რამდენიმე გავლენიანი მფარველის შეძენაც მოახერხა.

თავის მხრივ, ალექსანდრესაც ჰქონდა მიმოწერა და წმინდა წერილზე დაყრდნობით ამხელდა ცრუსწავლებას, ენციკლურ ეპისტოლეებში აღმოსავლეთის ყველა ეპისკოპოსს სთხოვდა თანადგომას საშიში ერესის დასამხობად.

არიოზმა ალექსანდრია დატოვა და თავისი ერესი პალესტინას, მთელ ეგვიპტესა და ლიბიას მოჰფინა. ზოგ ეპისკოპოსს თავისი სწავლების ბუნდოვანებით უხვევდა თვალებს, ზოგი მჭევრმეტყველებით მოხიბლა; ამასთან ყველას აცოდებდა თავს – თითქოს უსამართლოდ დევნიდნენ. ექვსი წლის განმავლობაში იმდენს მიაღწია, რომ მთელი აღმოსავლეთის მხარე ააღელვა. კამათში მარტო სასულიერო პირები არ მონაწილეობდნენ; ხალხი ჯგუფებად დაიყო, დედაკაცების უმრავლესობამ არიოზს დაუჭირა მხარი. თებაიდის უდაბნოში, განდეგილთა მდუმარე სავანეებში თუ ქალაქების ხალხმრავალ მოედნებზე გაისმოდა ცხარე კამათი ქრისტეს ღმერთობასა და დაუსაბამობაზე, თავს იჩენდა შეურიგებელი დაპირისპირებანი. წარმართები ზეიმობდნენ, როდესაც ხედავდნენ ქრისტიანთა უთანხმოებებს და დასცინოდნენ კიდეც. არიოზს მფარველობდა აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი ევსები ნიკომიდიელი, რომელმაც მცირე კრება მოიწვია ბითვინიაში და, მიუხედავად ალექსანდრიის კრების გადაწყვეტილებისა, ისევ მიიღო ეკლესიის ერთობაში არიოზი, რომელიც თავის მიმდევრებთან ერთად დაბრუნდა ალექსანდრიაში და განაახლა მოღვაწეობა.

შეუნელებლად ძლიერდებოდა ბოროტება, ერესი სულ უფრო ვრცელდებოდა...

ლიცინიუსზე გამარჯვებიდან მალე კონსტანტინე ნიკომიდიაში ჩავიდა აღმოსავლეთის ოლქების მოსანახულებლად და რაოდენ გაოცდა და შეწუხდა, როდესაც დაპირისპირების ამბავი შეიტყო, რომლის შესახებაც დასავლეთში თითქმის არაფერი იცოდნენ. მან თავდაპირველად არ მოისურვა საქმეში ჩარევა, ბოლოს გადაწყვიტა ალექსანდრესა და არიოზის შერიგება და ერთი საერთო წერილი მისწერა, რომლითაც ბრალს სდებდა ორივეს, სთხოვდა, მშვიდობიანად დაესრულებინათ დავა და მისთვის „დაებრუნებინათ სასიხარულო დღენი და უშფოთველი ღამეები“.

ჩანს, კონსტანტინე, მიუხედავად ქრისტიანობისადმი ერთგულებისა, კარგად არ იცნობდა ამ სწავლებას, ამიტომაც ბოლომდე ვერ ჩასწვდა მთელს სერიოზულობას საქმისა, რაც თავის წერილში უმნიშვნელო უთანხმოებად და ფუჭ კამათად მოიხსენია. ეკლესია კი ასე იოლად ვერ შეხედავდა საკითხს, რომელიც ქრისტიანის რწმენის არსსა და სასოებას ეხებოდა. შეუძლებელია ქრისტიანებისთვის მაცხოვრის დაუსაბამობა და ღმერთობა ეჭვქვეშ დამდგარიყო. თუ ერთხელ ვიღაცამ გაბედა, სადავო გაეხადა ეს თემა, ეკლესია გულგრილი ვეღარ დარჩებოდა – მას აუცილებლად უნდა გადმოეცა თავისი სწავლება. კონსტანტინეს წერილი ალექსანდრიაში ჩაიტანა დასავლეთში ერთ-ერთმა ყველაზე სახელოვანმა მწყემსმა ოსია კორდუბელმა. ამან მოსალოდნელი შედეგი არ მოიტანა: ოსიამ არიოზს მოუსმინა ალექსანდრიაში მოწვეულ ახალ კრებაზე და სხვა ეპისკოპოსებთან ერთად დაგმო მისი ცრუსწავლება, მაგრამ არიოზი უწინდებურად ჯიუტობდა. ერთ რამეს შეეძლო მღელვარების ჩაცხრობა – მთელ ეკლესიას, თავისი წინამძღოლების პირით, უნდა გადმოეცა ქრისტესა და მოციქულების მიერ ნაანდერძევი სარწმუნოება და გადაეწყვიტა, ეთანხმებოდა თუ არა მას ახალი მოძღვრება, რომელიც ცხარე პაექრობის საგანი გახდა. კონსტანტინეს გადაწყვეტილებით ქრისტიანული სამყაროს ყველა ეპისკოპოსს გაეგზავნა მოსაწვევი სიგელები ბითვინიის ოლქის დედაქალაქ ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზე დასასწრებად.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო კრების მოწვევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაშინ, როცა რომის მთელი უზარმაზარი იმპერია მოექცა გამგებლობაში ერთი მმართველისა, რომელიც ქრისტიანობას ჭეშმარიტ სარწმუნოებად აღიარებდა. ასეთ ვითარებაში ეპისკოპოსებს მსოფლიოს ყველა მხრიდან შეეძლოთ, დაუბრკოლებლად შეკრებილიყვნენ და ეკლესიის საქმეებზე ემსჯელათ.

და დადგა დრო, ეკლესიას განეხილა თავისი ყველა საჭირბოროტო საკითხი. სამასი წლის განმავლობაში იბრძოდა და იტანჯებოდა ეკლესია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის – ქრისტესთვის. მქადაგებლებმა ეს სახელი შორეულ ქვეყნებს გააცნეს, მარტვილნი სიხარულით იხოცებოდნენ მისთვის – ქრისტე იყო მათი სიმტკიცე და სასოება. და აი, ახლა, როდესაც, ერთი შეხედვით, ქრისტიანობის ზეიმის ჟამმა დაჰკრა, იგი შორს განეფინა და ჭეშმარიტ სარწმუნოებად იქნა აღიარებული, გაბედეს მისი არსის უარყოფა და განაცხადეს, რომ ქრისტე მაცხოვარი არ არის დაუსაბამო ღმერთი! ასეთ მოვლენას ეკლესია ყოველგვარ დევნაზე უფრო მეტად უნდა აეფორიაქებინა.

ეპისკოპოსების მოგზაურობისა და ნიკეაში ყოფნის ყველა ხარჯი კონსტანტინემ იკისრა. გზებზე მათთვის სამარქაფო ცხენებიც კი გამზადებული იყო. დანიშნულ ადგილზე ჩავიდნენ ეპისკოპოსები ეგვიპტიდან და პალესტინიდან, სირიიდან და მესოპოტამიიდან, აფრიკიდან, მცირე აზიის ოლქებიდან, საბერძნეთიდან, სპარსეთიდან, სომხეთიდან, მიდიიდან და დაკიიდან – სულ სამასზე მეტი კაცი, რომელთაც ახლდნენ სხვა სასულიერო პირებიც: პრესვიტერები და დიაკვნები. მათ შეემატნენ დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასული რამდენიმე ეპისკოპოსი, აგრეთვე დუნაის იქითა ნაპირზე მცხოვრები, ახალმოქცეული გოთების წარგზავნილები. რომის ეპისკოპოსმა სილვესტრმა ჩამოსვლა სიბერისა და სისუსტის გამო ვერ შეძლო და თავის მაგიერ ორი პრესვიტერი გამოგზავნა. გალიის ეპისკოპოსი, როგორც ვარაუდობენ, წარმოადგენდა ბრიტანეთის ეკლესიასაც, ოსია კორდუბელი – ესპანეთისას. ეს უკანასკნელი ცნობილი მოღვაწე იყო და ხელისუფლის ნდობითაც სარგებლობდა.

ჩამოსულ ეპისკოპოსთაგან ქრისტიანული სამყაროსთვის ბევრი ცნობილი იყო უმწიკვლო ცხოვრებითა და დიდი სიბრძნით, ზოგს ღმერთმა მიჰმადლა სასწაულმოქმედების ნიჭი და ამით განადიდა. ბევრმა სულ ცოტა ხნის წინ, დევნის დროს, გადაიტანა მძიმე ტანჯვა და ჯერ კიდევ ეტყობოდა ქრისტესთვის მარტვილობის კვალი. ქრისტეს ეს მტკიცე და ერთგული მსახურნი სიხარულით ემზადებოდნენ, ისევ ეღიარებინათ მაცხოვარი და ღმერთი, რომელსაც არ განუდგნენ მდევნელთა წინაშე. დავასახელებთ კრების ზოგიერთ მნიშვნელოვან მონაწილეს.

ნიკეაში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა მხცოვანი ალექსანდრე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი, არიოზის პირველი მამხილებელი, მოციქულთა სწავლების შეუპოვარი დამცველი. მას ჩამოჰყვა ჭაბუკი დიაკონი სახელად ათანასე, რომელსაც შემდგომში უნდა გაეთქვა სახელი არიანელებთან გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით.

მეორე გახლდათ ნიკოლოზი, ლიკიის ოლქის ქალაქ მირონის ეპისკოპოსი. იგი განთქმული იყო სათნოებით, ყველა გაჭირვებულისადმი გულმოწყალებით და სასწაულქმედების ნიჭით. გადმოცემა გვაუწყებს, რომ მან ვეღარ მოითმინა არიოზის მკრეხელური სიტყვების მოსმენა და მთელი კრების თვალწინ გაარტყა, რისთვისაც მას ეპისკოპოსის ხარისხი ჩამოართვეს, მაგრამ ზეციური ხილვის შემდეგ ისევ აღუდგინეს.

იაკობ ნიზიბიელი სომხეთის მეფის ნათესავი იყო. მან ადრეული ასაკიდან ყველა საერო პატივსა და დიდებაზე მეტად შეიყვარა ღმერთი და თავი მისდამი მსახურებას მიუძღვნა. დიდხანს ცხოვრობდა უდაბნოში, იტანჯა მაქსიმიანესგან დევნის დროს, ღვთის სიტყვის საქადაგებლად იყო სპარსეთში. ქალაქ ნიზიბიის (მესოპოტამია) ეპისკოპოსად არჩევის შემდგომ თავგანწირვით იბრძოდა სარწმუნოების სიწმინდისთვის. მასთან ერთად კრებაზე ჩავიდა მისი ჭაბუკი მოწაფე, რომელიც შემდგომ ეფრემ ასურის სახელით გახდა ცნობილი.

ევსტათი ანტიოქიელმა, პაფნუტი თებაიდელმა, პავლე ნეოკესარიელმა, ლეონტი კაპადოკიელმა სახელი გაითქვეს, როგორც სარწმუნოების მტკიცე აღმსარებლებმა; მათ მრავალი ტანჯვა დაითმინეს დევნის დროს. პაფნუტიმ მარჯვენა თვალი დაკარგა და კოჭლობდა; პავლეს ხელები ჰქონდა დასახიჩრებული – ისინი, ლიცინიუსის ბრძანებით, გავარვარებული შანთებით დაუწვეს.

სპირიდონი, კვიპროსის მდებარე ქალაქ ტრიმიფუნტის თავმდაბალი მღვდელთმთავარი, წმინდა ცხოვრებით იყო განთქმული. ის ეპისკოპოსად არჩევის შემდგომაც თანასოფლელებთან ერთად მუშაობდა მინდორში, მწყემსავდა ნახირს... ეხმარებოდა ყველას, ვისაც შემწეობა ესაჭიროებოდა, ღვთისგან მონიჭებული ძალით კურნავდა სნეულებს და ახდენდა უდიდეს სასწაულებს.

კრების საზეიმოდ გახსნამდე ეპისკოპოსები ხშირად იკრიბებოდნენ წინასწარ მოსათათბირებლად, უხმობდნენ არიოზს და ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საკუთარი შეხედულებების მცდარობაში. ასეთ თათბირებზე დასწრება უცხო პირებსაც შეეძლოთ. ერთხელ ერთმა წარმართმა ფილოსოფოსმა დაიწყო ქრისტიანული სწავლების განქიქება. სპირიდონი საპასუხოდ წამოდგა, რამაც ბევრი შეაშფოთა, რადგან იცოდნენ, რომ ის უწიგნური ადამიანი იყო. სამაგიეროდ, თავმდაბალ მღვდელთმთავარს რწმენა ძლიერი ჰქონდა და მასთან თანამყოფობდა ჭეშმარიტებაში დამმოძღვრავი სულიწმიდა. მან მტკიცე ხმით მიმართა ფილოსოფოსს:

“სახელითა უფლისა იესო ქრისტესითა, მისმინე. ერთ არს ღმერთი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა და არახილულთა, რომელმაც ყოველივე შექმნა სიტყვით... სიტყვას სხვაგვარად ძე ღვთისა და ღმერთი ეწოდება. მან ლმობიერება გამოიჩინა ადამიანებისადმი, კეთილ-ინება დედაკაცისაგან შობა, კაცთა შორის ცხოვრება, ვნება და სიკვდილი ჩვენს გადასარჩენად. იგი აღდგა და აღდგომა უბოძა მთელ კაცობრიობას და კვლავაც მოვა, რათა მართლად განსაჯოს ყველა და თითოეულს საკადრისი მიაგოს. ეს გვწამს გამომეძიებლობის გარეშე. ამრიგად, ნუ შეიწუხებ ამაოდ თავს და ნუ ეცდები სარწმუნოების ჭეშმარიტებათა დარღვევას, ნუ გამოიძიებ, იყო ასე ეს თუ არა – ეს ყოველივე კაცობრივ გონებას აღემატება. უბრალოდ მიპასუხე, გწამს თუ არა?“ ფილოსოფოსი დუმდა. „გწამს თუ არა?“ – ჩაეკითხა სპირიდონი. „მწამს!“ – სრულიად მოულოდნელად მიუგო ფილოსოფოსმა. მოგვიანებით ის ამბობდა, რომ სპირიდონის სიტყვებში მან რაღაც მისთვის უცნობი და უძლეველი ძალა შეიგრძნო, რომელმაც ქრისტიანობის ჭეშმარიტება შეაცნობინა.

კონსტანტინე ნიკეაში დროულად ჩავიდა. არიოზის ზოგიერთმა მიმდევარმა მასთან დაასმინა მართლმადიდებელი ეპისკოპოსები, მაგრამ კონსტანტინემ საჩივართა ქაღალდები ისე დახია, არც წაუკითხავს. მათ კი უთხრა: საჭიროა, ყველა ეს პირადი შუღლი დავიწყებული იქნეს და მთელი ყურადღება სარწმუნოების საკითხზე გამახვილდესო.

კრება გაიხსნა 325 წლის 19 ივნისს, საიმპერატორო სასახლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პალატაში; ზოგიერთის ვარაუდით, მას თავმჯდომარეობდა ოსია კორდუბელი (სხვათა ვარაუდით, ევსტათი ანტიოქიელი), ხოლო დამსწრეთა რაოდენობა, პრესვიტერებსა და დიაკვნებთან ერთად, ორი ათასს აღემატებოდა. კრებას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. ოთახში მათთვის სკამები კედლების გასწვრივ განალაგეს, ხოლო შუაში, მაგიდაზე ესვენა წმინდა წერილი, როგორც უტყუარი მოწმობა ჭეშმარიტებისა და რომლის თანახმადაც უნდა ყოფილიყო მიღებული კრების გადაწყვეტილებანი. როდესაც ყველა შეიკრიბა, გამოცხადდა იმპერატორი, თავის რამდენიმე ქრისტიან კარისკაცთან ერთად. საზეიმო შემთხვევისთვის მას მდიდრული, საიმპერატორო სამოსი ეცვა. დიდებული კრებულის დანახვისას იგი დაიბნა და მდუმარედ, თავდახრილი მიუახლოვდა მისთვის მომზადებულ ოქროს ტახტს. ეპისკოპოსებმა იმპერატორს ანიშნეს, დამჯდარიყო, შემდეგ თავადაც დასხდნენ.

უპირველესად ევსტათი ანტიოქიელმა და შემდეგ ისტორიკოსმა ევსებიმ, კესარიის მაშინდელმა ეპისკოპოსმა, ღმერთს აღუვლინეს დიდება და სამადლობელი იმპერატორის მფარველობის ქვეშ მყოფი ეკლესიის კეთილდღეობისთვის. შემდეგ კონსტანტინემ წარმოთქვა სიტყვა ლათინურ ენაზე, რაც კრებას ბერძენმა თარჯიმანმა გააცნო. იმპერატორი გამოხატავდა სიხარულს, რომ ხედავდა ეპისკოპოსთა ასეთ დიდებულ თავყრილობას და სთხოვდა, მშვიდობიანად გადაეჭრათ სადავო საკითხები.

დაიწყო პაექრობა: არიოზი ჯიუტად იცავდა თავის სწავლებას, რასაც აშკარად მხარს უჭერდა ჩვიდმეტამდე ეპისკოპოსი, რომელთა შორისაც იყვნენ ევსები ნიკომიდიელი და ევსები კესარიელი. აქ ყველას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ალექსანდრიის ეპისკოპოსთან ერთად ჩასულმა ახალგაზრდა დიაკონმა ათანასემ. მას მჭევრმეტყველებაში ტოლი არ ჰყავდა. მისმა მახვილგონივრულმა და ზუსტმა პასუხებმა გააცამტვერა არიანელთა არგუმენტები.

პაექრობა ცხარე და შეუვალი იყო. კონსტანტინე ცდილობდა მთელი თავისი გავლენის გამოყენებას მხარეთა დასაშოშმინებლად და მშვიდობიანი გადაწყვეტილების მისაღებად, მაგრამ ამაოდ. დავის გაგრძელებასთან ერთად თანდათან ცხადი ხდებოდა, თუ რაოდენ დაშორდნენ არიანელები ჭეშმარიტებას. წაიკითხეს რამდენიმე ნაწყვეტი არიოზის თხზულებიდან და სარწმუნოების არიანული აღიარება, რამაც უდიდესი გულისწყრომა გამოიწვია. კრებამ ეს ნაწერები დახია.

როდესაც არიანელებმა დაინახეს, რომ საკუთარი სწავლების დაუფარავად გადმოცემა საყოველთაო მრისხანებას იწვევდა, ცბიერებას მიმართეს – შეეცადნენ, მოწინააღმდეგენი გამონათქვამთა ბუნდოვანებით ჩაეგდოთ ცდომილებაში – ხან თითქოს ეთანხმებოდნენ მართლმადიდებლების აზრს, შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ გამოთქმულს სულ სხვა, საიდუმლო მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ა.შ. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად მართლმადიდებლებმა გადაწყვიტეს, წერილობით გადმოეცათ სარწმუნოების აღსარება. ეს იქნებოდა ეკლესიის სწავლების არსი მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეზე. შეადგინეს სარწმუნოების სიმბოლო და ყველას შესთავაზეს მასზე ხელმოწერა თანხმობის ნიშნად.

ცხარე დავა გამოიწვია გამოთქმამ – ერთარსი მამისა, რასაც დიდხანს არ თანხმდებოდნენ არიოზის მიმდევრები. მას მცდარ ტერმინად მიიჩევდნენ და ამბობდნენ, რომ იგი არსად გვხვდება წმინდა წერილში. ბოლოს ჩვიდმეტ არიანელ ეპისკოპოსთაგან დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა სიმბოლოს.

არიოზი მაინც არ იხევდა უკან. მისი სწავლება საჯაროდ დაგმეს, თავად არიოზი კი დაამხეს და ილირიაში განდევნეს თავის რამდენიმე თანამზრახველთან ერთად.

მთავარი სადავო თემის მოგვარების შემდგომ კრება სხვა საკითხების განხილვასაც შეუდგა. აღდგომის დღესასწაულის აღნიშნვის დრო ჯერ კიდევ არ იყო გადაწყვეტილი. იგი ზოგიერთ ეკლესიაში იუდეურ პასექთან ერთად აღინიშნებოდა. ამ საკითხზე მოთათბირებისას კრებამ ხმათა უმრავლესობით დაადგინა: აღდგომა უნდა იზეიმონ ყველგან ერთდროულად, სახელდობრ გაზაფხულის ბუნიობის შემდგომი მთვარის აღვსებიდან პირველ კვირადღეს.

შემდეგ კრებამ დაგმო მელეტი თებელი ძალაუფლების უკანონოდ მითვისებისა და საეკლესიო დადგენილებათა დარღვევისთვის. ჩამოაყალიბა ოცი წესი, ანუ კანონი, ეკლესიის მოწყობის შესახებ. ამ კანონებით უწინდელთან შედარებით უფრო ცხადად განისაზღვრა ეკლესიის მსახურთა უფლებანი და მოვალეობანი, ამასთან ეკლესიის დამოკიდებულება დაცემულთა, განკვეთილთა და ერეტიკოსთა მიმართ. კრების ყველა დადგენილების სიმკაცრეს არბილებდა ადამიანური სისუსტეების მიმტევებელი ქრისტიანული სიყვარულის სული. ზოგიერთმა ეპისკოპოსმა დააყენა საკითხი სასულიერო პირების უქორწინებლობის შესახებ, მაგრამ ამას გადაჭრით წინ აღუდგა აღმსარებელი და მეუდაბნოე პაფნუტი თებაიდელი. იგი თავად უქორწინებელი იყო, მაგრამ არ თვლიდა საჭიროდ კლერიკოსებზე ამ ვალდებულების აუცილებელ დაკისრებას და იშველიებდა პავლე მოციქულის სიტყვებს ქორწინების წესიერების თაობაზე. მისმა აზრმა გაიმარჯვა.

კრების კანონებში პირველად ჩნდება წოდება მიტროპოლიტი – დედაქალაქის ეპისკოპოსი, რომელსაც ქვეყნის დანარჩენ ეპისკოპოსებთან შედარებით პირველობა ეკუთვნოდა. ასევე განისაზღვრა მთავარი მიტროპოლიები – რომის, ალექსანდრიისა და ანტიოქიისა, რომლებიც თანასწორნი იყვნენ. მათ უთანაბრდებოდა იერუსალიმის კათედრა.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნიკეის კრების თითქმის ყველა კანონი არ წარმოადგენდა ახალ დადგენილებას. ისინი უფრო ძველთაგანვე არსებული ტრადიციების აღიარებასა და დაკანონებას ემსახურებოდნენ. მაგალითად, დედაქალაქის ეპისკოპოსებს თავიდანვე ჰქონდათ ოლქების ეპისკოპოსებსა და ქორეპისკოპოსებზე (სოფლის ეპისკოპოსი) ზედამხედველობის უფლება. ბევრ ეკლესიაში არსებობდა საეკლესიო საქმეთა განსახილველად წელიწადში კრების ორჯერ მოწვევის ტრადიცია, რაც დააკანონა მსოფლიო კრებამ. ოდითგან იყო მიღებული ფეხზე დგომით ლოცვის წესი; კვირაობით, სულთმოფენობისას, განსაკუთრებით სასიხარულო და საზეიმო დღეებში არ შეიძლებოდა მუხლმოდრეკა. კრებამ ეს ტრადიციაც ჩართო თავის კანონებში.

ამრიგად, ნიკეის მსოფლიო კრებას ახალი კანონები არ დაუდგენია, მან უფრო გარკვევით ჩამოაყალიბა ის, რაც უკვე მიღებული იყო მთელ ეკლესიაში. კრების მთავარი, უდიდესი საქმე – სარწმუნოების სიმბოლო, წარმოადგენდა მთელი ეკლესიის სარწმუნოების ცხად და გარკვეულ გადმოცემას. ჩვენ დავინახეთ, რომ იმთავითვე თითქმის ყველა ერეტიკული სწავლება ეხებოდა უფალ იესო ქრისტეს პიროვნებას და მის დამოკიდებულებას მამა ღმერთისადმი. სამი საუკუნის განმავლობაში ებრძოდა ეკლესია ყველა ცრუსწავლებას, განაქიქებდა მათ უფლისა და მისი მოციქულების მიერ ნაბოძები ჭეშმარიტი სწავლებით. ახლა მთელი ეკლესიის სარწმუნოება ერთსულოვნად იქნა გამოხატული ნიკეის სიმბოლოში. აი, ისიც:

“გვწამს ერთი ღმერთი მამა, ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ხილულთა და არახილულთა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, შობილი მამისაგან, ესე იგი მამის არსებისგან, ღმერთი ღვთისგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, ერთარსი მამისა, რომლის მიერ შეიქმნა ყოველი ცასა და ქვეყანაზე. ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამომხდარი, განხორციელებული და განკაცებული, ვნებული, დაფლული და მესამე დღეს აღმდგარი მსგავსად წერილისა; და ამაღლებული ზეცად და მჯდომარე მარჯვენით მამისა; და კვალად მომავალი დიდებით განსჯად ცოცხალთა და მკვდართა; და მის მეუფებას არ ექნება დასასრული; და სულიწმიდა“.

 

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა