martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 32

კონსტანტინე დიდი. დადგენილებები ქრისტიანთა სასარგებლოდ. ომი ლიცინიუსთან. დონატისტები.

 

მილანში გამოცემული ედიქტით ცხადდებოდა სარწმუნოებათა სრული შემწყნარებლობა – წარმართებს უნარჩუნდებოდათ კერპებისთვის რიტუალების ჩატარების უფლება, ქრისტიანებსაც ნება ეძლეოდათ, თავისუფლად თაყვანი ეცათ ჭეშმარიტი ღმერთისთვის და აეგოთ ტაძრები. მათვე სრულად დაუბრუნეს დევნის დროს ჩამორთმეული ქონებაც. თუ ქრისტიანთა საკუთრებას უკვე სხვა პატრონი ჰყავდა, მას სახელმწიფო ხაზინა უნაზღაურებდა საფასურს, ქონებას კი უწინდელ მფლობელს გადასცემდნენ. თუ ახლო ნათესავები არ გამოჩნდებოდნენ, დაღუპულთა მემკვიდრეობას ადგილობრივ ეკლესიას სწირავდნენ. კონსტანტინე შემთხვევას არ უშვებდა, რათა კეთილგანწყობა დაედასტურებინა ქრისტიანებისადმი; ყოველი თავისი წარმატების შემდგომ ღმერთს სადიდებელსა და სამადლობელს აღუვლენდა. ქრისტიანებთან ხშირმა ურთიერთობამ დაარწმუნა, რომ ისინი სათნო და პატიოსანი, მართალი და მორჩილი ქვეშევრდომები არიან. მეორე მხრივ, მათი მდევნელების საშინელი ხვედრი, ძილში სასწაულებრივი ხილვა და მისი გამარჯვება ჯვრის ნიშნით – ეს ყოველივე მისთვის ქრისტიანთა ღმერთის ყოვლადძლიერებისა და სიდიადის უტყუარი დადასტურება იყო. თუმცა კონსტანტინე ჯერ კიდევ არ იყო ნათელღებული, მაგრამ ბეჯითად სწავლობდა წმინდა წერილს, ესაუბრებოდა ეპისკოპოსებს, ყურად იღებდა მათ შეგონებებს. თავისი უფროსი ვაჟის აღზრდაც ქრისტიან ლაქტანციუსს დაავალა.

ამ პერიოდში კონსტანტინეს მიერ გამოცემულ ბრძანებებში აშკარად იკვეთება ქრისტიანული სწავლების გავლენა: მან აკრძალა ჯვარცმით დასჯა, გააუქმა სისხლიანი სანახაობები ცირკში, დაადგინა კვირადღის საზეიმოდ აღნიშვნა, მფარველობდა ობლებსა და მშობლებისგან მიტოვებულ ბავშვებს, ხვედრი შეუმსუბუქა მონებს... დიდად სწყალობდა ღატაკებსა და ხეიბრებს, რომლებიც წარმართულ საზოგადოებას უპატრონოდ და ულუკმაპუროდ ჰყავდა მიგდებული.

უმძიმესი დევნის შემდეგ მშვიდობა ჰპოვეს ქრისტიანებმა: ყველა ქალაქში დაიწყო ტაძრების განახლება და მათი საზეიმოდ კურთხევა, ირგვლივ გაისმოდა ღვთისადმი სადიდებელი საგალობლები და ლოცვები. ეპისკოპოსები თავისუფლად იკრიბებოდნენ ეკლესიის საქმეებისა და სირთულეების განსახილველად. თავად კონსტანტინე ზოგჯერ ესწრებოდა ამ კრებებს, ერკვეოდა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებში, მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა ქრისტიანთა სასარგებლოდ. მან მღვდელმსახურნი გაათავისუფლა სხვა მოვალეობებისა და გადასახადებისგან (ამ უპირატესობით მანამდე წარმართი ქურუმები სარგებლობდნენ), რათა მათ სრულად მიეძღვნათ თავი უფლის მსახურებისთვის. მან არა მარტო დაუბრუნა ეკლესიას მდევნელთაგან ჩამორთმეული აკლდამები და სხვა მიწები, არამედ ღვთისმსახურებისთვის უბოძა რამდენიმე დიდი ნაგებობა – ბაზილიკები, რომლებშიც ადრე სამსჯავრო იმართებოდა. ამ შენობათა შიდა სივრცის ეკლესიად გადაკეთება იოლი იყო. მაგალითად, რომში კონსტანტინემ ქრისტიანებს ლატერანის სასახლის ბაზილიკა აჩუქა. მისი გულუხვი დახმარების წყალობით ბევრგან აღიმართა ბრწყინვალე ტაძრები...

ევსები კესარიელმა დაგვიტოვა ტვიროსში აგებული ტაძრის დაწვრილებითი აღწერა: წინა კარიბჭე (სტოა) წარმოადგენდა სვეტებით გარშემორტყმულ ადგილს. ტაძარს ამკობდა ნატიფად მოჩუქურთმებული მაღალი სვეტები, მოპირკეთებული იყო მარმარილოთი და გადახურული კედრით. მოხარატებული ტიხარი გამოყოფდა საკურთხეველს იმ ადგილისგან, სადაც მლოცველები იდგნენ. საკურთხევლის უკან ეპისკოპოსებისა და პრესვიტერების დასაბრძანებელი იდგა. ორივე მხარეს მოწყობილი იყო სანათლავები და პალატები ეკლესიის მსახურთა, მონანულთა და კათაკმეველთათვის. ამ ტაძრის კურთხევისას ევსებიმ, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ პრესვიტერი იყო, წარმოთქვა სიტყვა, აღნიშნა ყველა უბედურება, რაც ეკლესიამ გადაიტანა, და სიხარული, რაც ამჟამად ერგო. გაიხსენა წინასწარმეტყველებანი ღვთის ეკლესიის სიდიადისა და შეუძვრელობის შესახებ.

მაშინ, როდესაც დასავლეთში კონსტანტინეს მფარველობის ქვეშ ქრისტიანები კეთილდღეობით ცხოვრობდნენ, სულ სხვაგვარი ვითარება იყო აღმოსავლეთში, რომელსაც ლიცინიუსი მართავდა. მილანში მან ვერ გაბედა კონსტანტინეს სურვილს წინ აღდგომოდა და მასთან ერთად მოაწერა ხელი სარწმუნოების აღმსარებლობის თავისუფლების ედიქტს, მაგრამ გულში სძულდა ქრისტიანები და როგორც კი აღმოსავლეთის სრულუფლებიანი ხელისუფალი გახდა, დაიწყო მათი შევიწროება და ჩაგვრა. მის დაქვემდებარებულ ოლქებში ქრისტიანთა მდგომარეობას ამძიმებდა მისი მოთხოვნა, წარმართული ფიცი დაედო ყველას – იქნებოდა ეს მის კარზე მომსახურე თუ მეომარი. მანვე აუკრძალა ეპისკოპოსებს კრებების მოწვევა; მიიტაცა ქრისტიანების ქონება, შემდეგ კი იმ საბაბით, თითქოს კონსტანტინესთვის ლოცულობდნენ, დახურა ტაძრები და ზოგან დაანგრია კიდეც; დაატყვევა ეპისკოპოსები, ზოგი მათგანი კი სიკვდილით დასაჯა. ისევ გაივსო ქრისტიანთა დასახლებებით უდაბნოები და მთათა ხეობები; ისევ დაიწყო დაკითხვა, წამება და ხოცვა. ბევრმა მოწამემ განადიდა ღმერთი თავისი სიმტკიცითა და ურყევი რწმენით.

ქალაქ სებასტიაში ორმოცი მეომარი, რომელთაც არ ისურვეს ქრისტეს დაგმობა, მმართველის მოთხოვნით აწამეს და დახოცეს. ერთ ღამეს ისინი გაყინულ ტბაში შეყარეს, ნაპირზე კი აბანო გაახურეს. მმართველი იმედოვნებდა, რომ გათოშილი მეომრები ამ საცდურს ვერ გაუძლებდნენ და სარწმუნოებას განუდგებოდნენ. ერთი მათგანი, მართლაც, გატყდა და გამოაკლდა სულიერ ძმებს, სამაგიეროდ მარტვილთა რწმენითა და გაუტეხელობით გაოგნებულმა ერთ-ერთმა მცველმა საბოლოოდ ირწმუნა, როდესაც თითოეული მეომრის თავზე შუქმფენი გვირგვინები იხილა, თავისი ნებით შეუერთდა მათ და მათთან ერთად აღესრულა. ორმოცი სებასტიელი მოწამის ღვაწლი განადიდა ეკლესიამ და მათი ხსენება აღინიშნება 9 მარტს.

მხცოვანი ვლასი, სებასტიის ეპისკოპოსი, რომელიც დიოკლეტიანესგან დევნას გადაურჩა, დაკითხეს და საშინლად გვემეს, რის შემდეგაც მან უფალს მიაბარა სული. იგი იხსენიება 11 თებერვალს. მასთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოებისთვის დახოცეს შვიდი კეთილშობილი მანდილოსანი და ორი ყმაწვილი.

კესარიაში განდიდდა ჭაბუკი მეომარი, სახელად გორდი. მსაჯულის შეგონებები, განდგომოდა რწმენას, ამაო გამოდგა; იგი ვერც ნათესავთა და მეგობართა ხვეწნამ დაიყოლია, მოჩვენებითი განდგომით მაინც გადაერჩინა სიცოცხლე. „განვაგდოთ ყოველგვარი სიცრუე და ვაღიაროთ ჭეშმარიტება“ – ამბობდა იგი. წამების შემდეგ გორდის თავი მოჰკვეთეს. მისი ხსენების დღეა 2 იანვარი.

ქალაქ ჰერაკლიაში აწამეს და ჯვარს აცვეს ქალაქის მხედართმთავარი თეოდორე სტრატილატი. უფლისადმი მისმა მორჩილებამ, რწმენის სიმტკიცემ და მასზე სასწაულებრივად გარდამოვლენილმა ღვთის ძალის ხილვამ მრავალი წარმართი მოაქცია. თეოდორე სტრატილატი იხსენიება 8 თებერვალს.

განსაკუთრებით ძლიერი იყო დევნა პონტოს მხარეში, სადაც ყველაზე სახელოვანი ეპისკოპოსები დახოცეს, მათი სხეულები აკუწეს და ზღვაში გადაყარეს. ვლასი, ამასიის ეპისკოპოსი, რომელმაც თავისი რწმენა აღიარა ლიცინიუსის წინაშე, სასტიკად აწამეს, მაგრამ ქრისტესა და მარადიული ცხოვრებისადმი ურყევმა სასოებამ მიანიჭა მას ძალა, მშვიდად გადაეტანა ტკივილი. მისი სიტყვები იყო: „რაც გინდათ, ის ქენით – ვიდრე პირში სული მიდგას, არ განვუდგები ჩემს შემოქმედს. განსაცდელები, იწროება, წამება, ცეცხლი და სიკვდილი ქრისტეს სიყვარულს ვერ განმაშორებს!“. წმინდა ეპისკოპოსს თავი მოჰკვეთეს. მისი ხსენების დღეა 26 აპრილი.

უსამართლო და ანგარებისმოყვარე ლიცინიუსის მმართველობა საერთოდ მძიმე იყო ყველა მისი ქვეშევრდომისათვის. იგი ხალხს აღატაკებდა მძიმე გადასახადებით, ხშირად სჯიდა უდანაშაულოებს მათი ქონების მისათვისებლად. ევსები წერდა: „რომის იმპერიის ორ ნაწილად გახლეჩა ყველას დღისა და ღამის განყოფად ეჩვენება. აღმოსავლეთის მკვიდრნი ღამის წყვდიადმა მოიცვა, ხოლო სახელმწიფოს მეორე ნახევრის მცხოვრებთ უნათლესი დღის სხივები ეფინება“.

ლიცინიუსსა და კონსტანტინეს შორის მეგობრული ურთიერთობა შეუძლებელი იყო. ვერაგი და გულჩათხრობილი ლიცინიუსი კონსტანტინეს მეგობრობას ეფიცებოდა, ფარულად კი სძულდა იგი; ძირს უთხრიდა, მაგრამ ხრიკები არ გამოსდიოდა. მათ შორის არაერთხელ წამოწყებული ომიდან კონსტანტინე ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, მაგრამ ლიცინიუსის ყალბი დაპირებებით მოტყუებული ისევ უზავდებოდა მას. ბოლოს თავად ლიცინიუსი აღარ ფარავდა თავის ავ ზრახვებს კონსტანტინეს წინააღმდეგ და 323 წელს მათ შორის გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა.

ორივემ მნიშვნელოვან ძალებს მოუყარა თავი. კონსტანტინე ლოცვით ემზადებოდა ბრძოლისთვის, მის ლეგიონებს წინ უძღოდა გადამრჩენი ნიშანი – ჯვარი. ლიცინიუსმა კი შემოიკრიბა ბედის მჩხრეკელები და ქურუმები, ასრულებდა მსხვერპლშეწირვას და ღმერთებს ეკითხებოდა – გაიმარჯვებდა თუ არა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ქრისტიანობა და წარმართობა ერკინებოდა ერთმანეთს. ბრძოლის წინადღით ლიცინიუსმა რჩეული მეომრები და ერთგული მეგობრები შეკრიბა დაბურულ ტყეში, სადაც კერპები იყო აღმართული და აღასრულა წარმართული საზეიმო რიტუალი, იქ მყოფთ კი მიმართა:

“მეგობარნო ჩემნო, აი, მამა-პაპათა ღმერთები, რომელთა წინაშეც გვმართებს კრძალვა, როგორც ამას წინაპრები გვასწავლიდნენ. ჩვენდამი მტრულად განწყობილი ლაშქრის სარდალმა უკუაგდო ტრადიციები, შეიწყნარა ცრუ აზრები და ადიდებს რომელიღაც უცხო და უცნობ ღმერთს. სამარცხვინო ნიშნით სახელს უტეხს მთელ თავის ლაშქარს. მთლიანად მას მინდობილმა იარაღი აისხა არა იმდენად ჩვენი, რამდენადაც ჩვენი ღმერთების წინააღმდეგ. თავად საქმე გამოავლენს, თუ ვინ არის მართალი და ვინ ცდება! თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ცხადი გახდება ჩვენი ღმერთების ჭეშმარიტება; თუ გვძლევს ჩვენგან შეურაცხყოფილი, უცხოტომელთა ღმერთი კონსტანტინესი, დაე, პატივი მიეგოს მას – მაშინ ჩვენც გვმართებს მისი აღიარება. თუ ჩვენი ღმერთები გაიმარჯვებენ, რაც უეჭველია, მაშინ გავილაშქრებთ უღმერთოებზე!“

ამასობაში რაღაც უცნაური წინათმოსწავებანი აღელვებდათ და აშფოთებდათ წარმართებს. ლიცინიუსის ოლქების ბევრ ქალაქში შუადღისას ხედავდნენ კონსტანტინეს გამარჯვებულ მეომართა აჩრდილებს. ზეციური შემწეობის იმედით გამხნევებული კონსტანტინეს ლაშქარი საომრად იყო შემართული. ბრძოლის წინ იმპერატორი განმარტოვდებოდა ხოლმე თავის კარავში, სადაც ლოცვითა და მარხვით ემზადებოდა შერკინებისთვის. წმინდა დროშა ლეგიონებში ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველაზე თავგანწირული შეტაკების დროსაც მტრისგან ნატყორცნი ისრები ვერ ეკარებოდა. გამარჯვების ნიშანს – ჯვარს კონსტანტინეს ლაშქარი კრძალვით, მტრები კი შიშით შეჰყურებდნენ. ლიცინიუსმა ეს იცოდა და თავის მეომრებს არწმუნებდა, თვალი აერიდებინათ მისთვის: „ის – საშინელია თავისი ძალით და მტერია ჩვენი!“[1]

ბრძოლაში გამარჯვება კონსტანტინეს დარჩა. ლიცინიუსმა თავს გაქცევით უშველა, შემდეგ კი ვითომ მოინანია და ზავი ითხოვა, ფარულად კი ახალ ძალებს იკრებდა, დახმარებისთვის ბარბაროსებს უხმობდა. ბოლოს ბრძოლამ ადრიანოპოლისთან და კონსტანტინეს საზღვაო გამარჯვებამ ჰელესპონტთან საბოლოოდ გადაწყვიტა ომის წარმატება. ლიცინიუსი დანებდა. იგი თესალონიკში გადაასახლეს, რამდენიმე ხნის შემდგომ კი სიკვდილით დასაჯეს ხელისუფლის წინააღმდეგ შეთქმულებისთვის. კონსტანტინე რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

ევსები შენიშნავს, თუ როგორი კაცთმოყვარება გამოიჩინა კონსტანტინემ ამ ომში: ბრძოლის დროს ზრუნავდა მტრების გადარჩენაზე, აჩერებდა თავის მეომრებს და არწმუნებდა, დაენდოთ ტყვეები. ხშირად მათ სიცოცხლეს საფასურის გადახდით ყიდულობდა. ამ ყოველივეს ისტორიკოსი, რასაკვირველია, ქრისტიანული სარწმუნოების გავლენას მიაწერს. „რამეთუ კონსტანტინე ღმერთს ყოველივეზე მაღლა აყენებდა და ცდილობდა, ყველაფერში მისი ნებისაებრ ემოქმედა“ – წერს ევსები.

გამარჯვების შემდგომ კონსტანტინემ აღმოსავლეთ პროვინციების ქრისტიანებზეც საჩქაროდ გაავრცელა ის უფლებები, რითაც დასავლეთში სარგებლობდნენ. უკანასკნელმა წარმატებებმა კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა იგი, რომ მიწიერი სიკეთეების მოპოვება და წინსვლა მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემით არის შესაძლებელი. ამ შეხედულებაში კვლავ ძლიერ იგრძნობა ცრურწმენა, მაგრამ, უკვე აშკარად ჩანს, რომ იმპერატორი მოპოვებული წარმატებების გამო, თავმდაბლად ადიდებს ერთ ღმერთს. ერთ-ერთ თავის ბრძანებაში კონსტანტინე აღწერს მდევნელთა დასჯას, იხსენებს თავის გამარჯვებებს და საკუთარ თავს აღიქვამს მხოლოდ მორჩილ იარაღად ღვთის ხელში. იგი წერს:

“სიამაყედ არ ჩამეთვლება, თუ დავიტრაბახებ: შეგნებული მაქვს, რომ კეთილდღეობა უზენაესი არსებისგან მებოძა. ღმერთმა ჩათვალა ჩემი მსახურება თავისი ნების აღსრულებისთვის შესაფერისად. ბრიტანეთის ზღვიდან დაწყებული, უზენაესი ძალის შეწევნით, განვაგდებდი ყველა საშინელებას, რაც წინ მხვდებოდა, რათა ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი კაცთა მოდგმა მომეხმო უწმინდესი რჯულის სამსახურად და უზენაესი არსების წინამძღვრობით ამეღორძინებინა უნეტარესი სარწმუნოება... მე მტკიცედ მწამს, რომ მთელი ჩემი სული, ან რითაც ვსუნთქავ და რაც გონების სიღრმეში მიტრიალებს – ყველაფერი, მმართებს, შევწირო დიად ღმერთს“.

ამ აღიარებას მოჰყვა ბრძანება სარწმუნოებისთვის დატუსაღებულთა გათავისუფლების, წართმეული თანამდებობების აღდგენის, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების, ეკლესიებისთვის მისი კუთვნილი ავლადიდებისა და მოწამეთა აღსრულების ადგილების გადაცემის შესახებ. კონსტანტინე უდიდესი პატივისცემით საუბრობდა მარტვილებსა და აღმსარებლებზე. აი, სიტყვები მისი ბრძანებიდან:

“ვინც დაკარგა ქონება, უშიშრად და ძრწოლის გარეშე განვლო დიდებული და საღვთო გზა მარტვილობისა, გახდა აღმსარებელი და ჰპოვა მარადიული სასოება; ვინც, რაც ებადა, დაკარგა იძულებითი გადასახლებით, რადგან არ დაუთმო მდევნელებს, რომლებიც რწმენის ღალატს სთხოვდნენ – ვბრძანებ, ყველას დაუბრუნდეს ქონება“.

აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც კონსტანტინე ზრუნავდა ტაძრების აგებასა და განახლებაზე; ოლქების მმართველებად უპირატესად ქრისტიანებს ირჩევდა, აკრძალა იმპერატორის სახელით მსხვერპლშეწირვა კერპებისთვის.[2] კონსტანტინეს ქრისტიანული ცნობიერება კიდევ უფრო სრულად ვლინდება პროკურატორებისათვის იმხანად გაგზავნილ რესკრიპტუმში, სადაც იგი ცდილობს ქრისტიანობის ძალისა და ჭეშმარიტების, ხოლო წარმართობის ამაოების დამტკიცებას. კონსტანტინე თავის ფიქრებში მიმართავს უფალს და ღაღადებს: „ახლა შენ გევედრები, დიდო ღმერთო! მოწყალე და კეთილი ექმენ აღმოსავლეთის ერებს და მეც – შენს მსახურს... შენი წინამძღვრობით დავიწყე და დავასრულე გადარჩენის საქმე. ძლევამოსილ ლაშქარს მივუძღოდი და წინ შენი დროშა მიმქონდა ყველგან; საითკენაც მიხმობდა აუცილებლობა, იქით მივყვებოდი ნიშანს შენი ძლიერებისა და ვილაშქრებდი მტერზე. ამიტომაც მოგიძღვენი შენ სიყვარულითა და შიშით გამოწრთობილი ჩემი სული, რამეთუ წრფელად მიყვარს სახელი შენი და კრძალვა მიპყრობს შენი ძალის წინაშე, რომელიც მრავალჯერ გამომიცხადე და რითაც განამტკიცე ჩემი რწმენა... მსურს, რომ მორწმუნეებთან ერთად ამა სოფლის სიამენი და სიმშვიდე იგემონ შეცდომილებმაც, რადგან ურთიერთობის აღდგენას შეუძლია ჭეშმარიტების გზაზე მათი დაყენება. დაე, ნურავინ შეაწუხებს სხვას...

ნურავინ ავნებს სხვას. რაც ერთმა ისწავლა და გაიგო, გამოიყენოს მოყვასის სასარგებლოდ, და თუ ეს შეუძლებელია, თავი დაანებოს ამ ადამიანს. რადგან ერთია – კეთილნებობით იბრძოლო უკვდავებისთვის და მეორე – სასჯელის შიშით გაიძულონ... განვიწმინდოთ სინდისი ყოველგვარი უკეთურებისგან და გამოვიყენოთ წილხვდომილი სიკეთე, ანუ მშვიდობა“.

მაგრამ კონსტანტინე, სამწუხაროდ, ვერ პოულობდა ქრისტიანებში ღვთის შვილთა საკადრის მშვიდობასა და თანხმობას. ლიცინიუსთან ომამდე დიდი ხნით ადრე იგი გააოცა და დაამწუხრა ცნობამ, რომ მისი იმპერიის ერთი პროვინცია – აფრიკა მთლიანად მოიცვა ქრისტიანთა შორის დაპირისპირებამ. კართაგენის ეპისკოპოს მენსურიოსის სიკვდილის შემდეგ მის მემკვიდრედ აირჩიეს ცეცილიანე. ამის წინააღმდეგ გამოვიდა ნუმიდიის ოლქის სამოცდაათი ეპისკოპოსი. მათი აზრით, არჩევა არასწორად მოხდა, რადგან ცეცილიანეს ხელდამსხმელი მოღალატე[3] გამოდგა დევნის დროს. დადასტურდა, რომ ბრალდება ცრუ იყო, მაგრამ უკმაყოფილონი არ დაცხრნენ: მათ არჩეული ეპისკოპოსი ეკლესიიდან განკვეთეს და მის მაგიერ მაიორინე დაადგინეს. მისი სიკვდილის შემდგომ კი აირჩიეს დონატი, რომელიც იმავე სახელის მქონე სხვა პიროვნებასთან ერთად ამ მღელვარების სულისჩამდგმელი იყო.

ეკლესია ვერ შეიწყნარებდა ამ არჩევანს და აღიარებდა მხოლოდ კანონიერად არჩეულ ცეცილიანეს. მაგრამ დონატის ჯგუფმა საშინელი ცილისწამებები გაავრცელა ცეცილიანეს ყველა მომხრეზე და მთელი აფრიკის პროვინცია ააღელვა. ორმა კრებამ, რომსა და არლში, ამხილა დონატისტები და დაასაბუთა ცეცილიანეს არჩევის მართებულობა, მაგრამ ამით დავა არ შეწყვეტილა. დონატისტები კრების დადგენილებას ჯიუტად არ დაემორჩილნენ, მიიღეს ნოვაციანელთა ზოგიერთი კანონი და სრულიად გამოეყვნენ ეკლესიას. დონატისტები ამტკიცებდნენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ უფლება, იწოდებოდნენ ქრისტეს ეკლესიად, რადგან ყველა სხვა ეკლესია განხეთქილებებით და ერესებით არის დასნეულებული. ისინი თავგამოდებით ცდილობდნენ მიმდევართა შემოკრებას და ყველა ახალშემოერთებულს ხელახლა ნათლავდნენ. დონატისტები თავისთვის ადგენდნენ ეპისკოპოსებს, მართლმადიდებლებს ძალით ართმევდნენ ტაძრებს, რომელთაც რეცხავდნენ, ფხეკდნენ; წვავდნენ საკურთხეველს, რადგანაც მას უწმინდური რიტუალებით შებილწულად მიიჩნევდნენ. დონატისტები მოგვიანებით გაიყვნენ სექტებად, რომელთაგან თითოეული ამტკიცებდა, რომ ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესია. დონატისტების განხეთქილება დიდხანს, სამი ასწლეულის განმავლობაში, აღელვებდა აფრიკის მთელ პროვინციას. უგუნურ ფანატიზმს ისინი საშინელ დანაშაულებამდე მიჰყავდა, დაპირისპირებულ მხარეთა შორის სისხლი გამუდმებით იღვრებოდა.

 

 

[1] ევსები, ცხოვრება კონსტანტინესი, წ.2, თ.16.

[2] ევსები წერს, რომ კონსტანტინემ საერთოდ აკრძალა კერპებისთვის მსხვერპლშეწირვა. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება მისსავე გამოცემულ კანონს. სხვა მწერლების განმარტებით, მან აკრძალა მსხვერპლშეწირვა იმპერატორის სახელით და მისი კეთილდღეობისთვის.

[3] ასე უწოდებდნენ მათ, ვინც დევნის დროს წარმართებს საღვთო წიგნები გადასცა.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა