martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 31

IV საუკუნე. ქრისტიანთა მეათე დევნა.

 

გალერიუსი გამუდმებით ცდილობდა დიოკლეტიანეს ამხედრებას ქრისტიანთა წინააღმდეგ; ამაში მას ეხმარებოდნენ ქურუმებიც, რომლებიც არწმუნებდნენ იმპერატორს, რომ დაკარგავდა ღმერთების წყალობას, თუ კერპთმოძულე ქრისტიანებს კიდევ აიტანდა. დიოკლეტიანე ცრუმორწმუნე იყო, სჯეროდა შელოცვებისა და მისნობისა. ერთხელ, როდესაც ცხოველის შიგნეულზე მკითხაობით მომავლის გაგებას ცდილობდა, ქურუმებმა გააფრთხილეს: ქრისტიანთა სიახლოვის გამო შელოცვა ძალას კარგავსო. განრისხებულმა დიოკლეტიანემ თავის სახლეულს ქრისტიანობის დაგმობა უბრძანა, მაგრამ გალერიუსმა არასაკმარისად ჩათვალა ერთეული ზომები და დაჟინებით მოითხოვა ქრისტიანთა წინააღმდეგ საერთო, მკაცრი კანონის გამოცემა. დიოკლეტიანე დიდხანს იკავებდა თავს, რადგან გრძნობდა, ამას საშინელი სისხლისღვრა მოჰყვებოდა.

ამ ეპოქის თანამედროვე ისტორიკოსი ევსები კესარიელი მოგვითხრობს, რომ ქრისტიანთა საზოგადოებას ერთობ გაუნელდა უწინდელი შემართება რწმენისთვის თავგანწირვისა, მასში გულგრილობამ იჩინა თავი და ადრინდელი სიყვარული ურთიერთმტრობამ და შუღლმა შეცვალა. მწყემსები ნაკლებად ზრუნავდნენ მათთვის ჩაბარებულ სულებზე, ეძიებდნენ ძალაუფლებასა და პირველობას. მაგრამ ღვთისგან მოვლენილმა მკაცრმა გამოცდამ ქრისტეს ბევრი ღირსეული მსახური გამოავლინა და ყველგან რწმენისთვის მხურვალე თავგანწირვის წადილი ააღორძინა.

302-303 წლებში, მთელი ზამთრის განმავლობაში, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და თათბირები ნიკომიდიაში. დიოკლეტიანე საკმარისად თვლიდა ისეთი ბრძანების გამოცემას, რომლის თანახმად, ქრისტიანობა აეკრძალებოდათ საიმპერატორო კარზე მოსამსახურეებსა და ლეგიონერებს, გალერიუსი კი უფრო ფართო და დაუნდობელ ღონისძიებებს ემხრობოდა. ბოლოს მისმა ფრთამ გაიმარჯვა და აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე გაიცა განკარგულება: „დაინგრეს ქრისტიანთა ტაძრები, დაიწვას წიგნები, ჩამოერთვათ ქრისტიანებს ყველა სამოქალაქო უფლება და თანამდებობა“.

ნიკომიდიაში უმალ ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ზოგიერთი მწერლის მტკიცებით, ნიკომიდიის ტაძარს ზუსტად აღდგომის დღესასწაულის ღამეს წაუკიდეს ცეცხლი და დაახლოებით ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად დაწვეს. მაგრამ გალერიუსი არც ამას დასჯერდა – მისი ბრძანებით, გადაწვეს ნიკომიდიის სასახლე და ხმა გაავრცელეს, თითქოს ქრისტიანებს გაეჩაღებინოთ ხანძარი. ბევრი მორწმუნე შეეწირა ამ ცილისწამებას.

მალე გამოვიდა მეორე ბრძანებაც: „გამოყენებული იქნეს ყველა ზომა, რათა ქრისტიანები განდგომას დათანხმდნენ; ურჩები სიკვდილით დაისაჯონ!“ ნიკომიდიაში ერთმა ქრისტიანმა ხელი სტაცა ბოძზე გაკრულ ამ ბრძანებას და ჩამოგლიჯა. ის მაშინვე მოკლეს. ამას მოჰყვა საშინელი წამებისა და დასჯის უწყვეტი ნაკადი. ერთ-ერთი პირველი, ვინც შეეწირა ამ დევნას, იყო ახალგაზრდა მეომარი, სახელად გიორგი. მან უშიშრად ამხილა კერპთაყვანისმცემლობის ამაოება; უსასტიკესმა წამებამაც ვერ აიძულა ქრისტესგან განდგომა. ღმერთი ეხმარებოდა ჭაბუკ ქრისტიანს, ღვთიური ძალით კურნავდა მის იარებს და ანიჭებდა სასწაულთქმედების ძალას. საღვთო ძალმოსილების ეს უჩვეულო გამოვლინებები განაცვიფრებდა წარმართებს და ბევრ მათგანს მოქცევისაკენ უბიძგებდა. დიოკლეტიანეს ცოლმა, დედოფალმა ალექსანდრამ, საჯაროდ განაცხადა, რომ ქრისტიანია, რისთვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ მან მახვილის შეხებამდე მიაბარა სული უფალს; ჭაბუკი მეომარი ჩვენს ეკლესიაში განდიდებულია დიდმოწამე გიორგი ძლევაშემოსილის სახელით.[1] იმპერატორის სასახლის კარზე მყოფთაგან ბევრმა დიდგვაროვანმა განდგომას წამება და სიკვდილი არჩია; ასეთები იყვნენ პეტრე, დოროთე, გორგონიუსი და სხვები; ნიკომიდიის ეპისკოპოსს, მხცოვან ანთიმოზს, თავი მოჰკვეთეს.

სწრაფად დაიგზავნა ხელისუფლის ბრძანება იმპერიის ყველა ოლქში. მის მკაცრად შესრულებას აღმოსავლეთში გალერიუსი ითხოვდა, დასავლეთში – ქრისტიანთა მოძულე მაქსიმიანე. საშინელი დევნა გაჩაღდა ეგვიპტეში, სირიაში, პალესტინაში, თებაიდაში, მცირე აზიაში, აფრიკასა და იტალიაში. უზარმაზარი იყო მარტვილთა რიცხვი. მხოლოდ კონსტანციუს ქლორუსის მმართველობის ქვეშ არსებული ოლქები – გალია და ბრიტანეთი იყვნენ გარკვეულწილად მშვიდად. თავად კონსტანციუს ქლორუსი – მშვიდობისმოყვარე და კეთილი მმართველი – კარგად იყო განწყობილი ქრისტიანთა მიმართ და შეძლებისამებრ ამსუბუქებდა ნაბრძანებ ზომებს, მაგრამ უფლება არ ჰქონდა, საერთოდ უარი ეთქვა ხელისუფალთა ბრძანების შესრულებაზე.

ამასობაში ზოგიერთ ოლქში ამბოხი მოეწყო – საიმპერატორო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად აჯანყდა ორი მხედართმთავარი. ასეთი მოვლენები მაშინდელი საერთო აშლილობის დროს ხშირი იყო. გაუთავებლად ჩნდებოდნენ ტახტის მაძიებელნი; მაგალითად, დაახლოებით ამავე პერიოდში ერთდროულად ოცდაათამდე იმპერატორი იქნა გამოცხადებული სხვადასხვა პროვინციაში.

ყოველივე ამისგან შორს იდგნენ ქრისტიანები და არც არასოდეს ყოფილან პოლიტიკურ არეულობებში ეჭვმიტანილნი. მაგრამ მტრებმა ეს მოვლენებიც მათ წინააღმდეგ გამოიყენეს და მალე კიდევ ერთი უმკაცრესი ბრძანება გამოიცა. საპყრობილეები ვეღარ იტევდა დატყვევებულ ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს, დიაკვნებს, მედავითნეებს... ნამდვილი დამნაშავეებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. სისხლი ნაკადად მიედინებოდა! შეუძლებელია წარმოდგენა იმ საზარელი ტანჯვა-წამებისა, რასაც წარმართები იგონებდნენ: ქრისტიანები სიკვდილის პირას მიჰყავდათ მათრახით ცემით, გლეჯდნენ რკინის მარწუხებით და შანთებით, წვავდნენ, ჯვარზე აკრავდნენ, შიმშილით სულს ხდიდნენ... ეგვიპტეში ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ჩვიდმეტი ათასი ქრისტიანი მოკლეს.

თვით თებაიდის უდაბნოც კი ვერ იქცა ქრისტიანებისთვის საიმედო თავშესაფრად – იქაც შეაღწიეს მტარვალებმა და ქრისტეს უამრავი მსახური მხეცურად ამოხოცეს. ევსები კესარიელი წერს: თებაიდაში საშინელი დევნა მძვინვარებდა, ზოგიერთ ქალაქში ყოველდღე კვდებოდა რამდენიმე ათეული კაცი – ზოგჯერ მათი რიცხვი ასს აღწევდა. სასიკვდილო განაჩენის აღსასრულებლად არ ჰყოფნიდათ ჯალათები, რომელთაც წამების იარაღები უბლაგვდებოდათ. თავად ევსები საპყრობილეში ჩააგდეს. იგი ბევრს და დაწვრილებით გვიამბობს სხვების შესახებ, საკუთარ თავზე კი დუმს. ჩვენ არაფერი ვიცით მისი დაკითხვისა და გათავისუფლების შესახებ. მოგვიანებით გავრცელდა ხმა, თითქოს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად ევსები დათანხმდა, კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი.

საშინელი ტანჯვა-წამება და სიკვდილი შიშის ნაცვლად ხშირად უჩვეულო და გადაჭარბებულ თავგანწირვას აღძრავდა ჭეშმარიტ ქრისტიანებში. ეკლესიის მწყემსები იძულებულნი იყვნენ, მოეზღუდათ ბევრი მათგანი და შეეხსენებინათ, რომ თვითნებურად თავის საფრთხეში ჩაგდება და სიკვდილის ძებნა ცოდვად ითვლებოდა. ბევრი თავად გასცემდა თავს, რადგან დიდებად და ბედნიერებად თვლიდა შერთვოდა ქრისტეს ერთგულ მსახურთა დასს. ისინი სიხარულით გაბრწყინებული სახეებით ადიოდნენ კოცონზე, თვინიერად უშვერდნენ კისერს ჯალათის ნაჯახს. ისტორიკოსი წერს: „თუ ერთს გამოუცხადებდნენ განაჩენს, მყისვე აქეთ-იქიდან მასთან მირბოდნენ სხვები და აღიარებდნენ ქრისტიანობას, თანაც სულაც არ აწუხებდათ წამების საშინელება. ღვთისადმი ურყევი რწმენის წყალობით ისინი სიხარულით, ღიმილითა და კეთილგანწყობით იღებდნენ სასიკვდილო განაჩენს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე აღავლენდნენ საგალობლებსა და სამადლობელს ღვთისადმი“.

ხშირად უფალი სასწაულებრივად ეხმარებოდა მარტვილებს. მტარვალთაგან მოფიქრებული ტანჯვა-წამება უძლური გამოდგა საღვთო უძლეველობის წინაშე. ევსები თავად შეესწრო ფინიკიის ტვიროსში მოწამეთა დასჯას – ისინი დასაგლეჯად მიუყარეს მხეცებს, რომლებმაც მსხვერპლს პირი არ დააკარეს. ხუთი ქრისტიანი უიარაღოდ დააყენეს არენაზე და მიუსიეს გამძვინვარებული მხეცები, რომელთა გაავებას გავარვარებული შანთებით ცდილობდნენ. მხეცები არენაზე გაცვივდნენ და ის იყო ქრისტიანებს უნდა სცემოდნენ, რომ რაღაც უხილავმა ძალამ შეაჩერა – ისე გაბრუნდნენ, რომ არაფერი დაუშავებიათ მათთვის. ევსები კიდევ ერთ ჭაბუკზე მოგვითხრობს, რომელიც ოცი წლისაც არ იქნებოდა. იგი არენაზე შეუბორკავი, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული იდგა: „სულით გაუტეხელი და უშიშარი, იგი გულმოდგინედ ევედრებოდა ღმერთს, არ იძვროდა, ფეხს არ იცვლიდა... ამ დროს სიკვდილისმომასწავებელი ღრიალით მისცვივდნენ გაავებული დათვები და ავაზები, ის იყო უნდა სცემოდნენ, რომ საღვთო ძალამ შეუკრა ხახა და უკან გააბრუნა. ხუთი მოწამე, რომლებიც მხეცებმა დაინდეს, მახვილით განგმირეს და მათი ცხედრები ზღვაში გადაყარეს“.

რომში უსასტიკესად გაუსწორდნენ ქრისტიანებს. როცა დიოკლეტიანე ჩავიდა დედაქალაქში თავისი მმართველობის ოცი წლისთავის საზეიმოდ, იქ უკვე უამრავ, სხვადასხვა წოდებისა და ასაკის მარტვილს ითვლიდნენ. მოწამებრივად აღესრულა ეპისკოპოსი მარკელი; ჭაბუკი მეომარი სებასტიანი, სასახლის დაცვიდან, ჯერ ისრებით განგმირეს, შემდეგ კეტების ცემით მოკლეს; დახოცეს ქალწულნი – ცეცილია და აგნია და სხვა უამრავი ქრისტიანი.

არსებობს ძველი გადმოცემა ერთი კომედიანტის, სახელად ჰენესის, სასწაულებრივი მოქცევის შესახებ. მან ხელისუფლის და ერის გასამხიარულებლად სცენაზე წარმოადგინა ქრისტიანული ღვთისმსახურების საიდუმლოები. მისი ოსტატობა წარმართებს მოსწონდა და აცინებდა. უცებ, უფლის გულმოწყალებით, ზეციური მადლის სხივი დაეცა მის სულს და ჰენესმა შეჰყვირა: „მწამს და მსურს მოვინათლო!.“. მაყურებლებს ეგონათ, რომ ქრისტიანების დაცინვა გრძელდებოდა და უფრო გულიანად ახარხარდნენ. მაგრამ მან ისევ გაიმეორა ეს სიტყვები, მიუბრუნდა მეგობრებს და უთხრა: „სულაც არ ვხუმრობ! მსურს ნათელ-ვიღო, რადგან შევიცანი ქრისტიანობის ჭეშმარიტება“.

უმალ ხელისუფალს მიჰგვარეს მოხეტიალე მსახიობი, რომელმაც გაიმეორა, რომ სწამს ქრისტე. მისი სიტყვებით, როდესაც იგი ქრისტიანულ საიდუმლოებს დასცინოდა, საოცარი ხილვა ჰქონდა – გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც მოსანათლავ წყალში განბანა წიგნი, სადაც ყველა მის მიერ ჩადენილი ცოდვა იყო ჩამოწერილი. კომედიანტის სიმტკიცე ვერც დარიგებებმა შეარყია, ვერც მუქარამ და ვერც წამებამ. ბოლოს ის სიკვდილით დასაჯეს.

შეუძლებელია, არ ვახსენოთ წმინდა ანასტასია ბორკილთდამხსნელი, რომელიც განადიდა მოწამებრივმა სიკვდილმა და გულმოწყალებით სავსე ცხოვრებამ. ანასტასია, მდიდარი და სახელოვანი მშობლების ასული, ფარული ქრისტიანი, მიათხოვეს წარმართს. ყმაწვილი ქალი დიდ ტანჯვას განიცდიდა თავისი სასტიკი მეუღლისგან, რომელიც ცუდად ეპყრობოდა. მაგრამ ანასტასიას ავიწყდებოდა საკუთარი გასაჭირი, როდესაც მოყვასს მისი თანადგომა სჭირდებოდა. მისი ერთადერთი ნუგეში სხვებზე ზრუნვა იყო: უხვად ეხმარებოდა ღატაკებს, უვლიდა ავადმყოფებს, საპყრობილეებში ტუსაღებისთვის დაჰქონდა საჭირო ნივთები, ანუგეშებდა, განამტკიცებდა მათ გულებს სარწმუნოებაზე საუბრებით. დაქვრივების შემდგომ ანასტასიამ საკუთარი თავი და ქონება მთლიანად მიუძღვნა მოყვასის დახმარებას. არ ზოგავდა ძალ-ღონეს, დადიოდა შორეულ ქვეყნებში და ყველგან ემსახურებოდა ქრისტეს. საბერძნეთში მას მხარში ამოუდგა ახალგაზრდა ქვრივი თეოდოტია. მაგრამ მათ შესახებ შეიტყო ქვეყნის მმართველობამ, რის შემდეგაც ორივე დააპატიმრეს, ქრისტიანობისგან განდგომა მოსთხოვეს და როდესაც უარი მიიღეს, წამებით დახოცეს.

წმინდა ანასტასიას სახელს უკავშირდება აკვილეას მახლობლად მცხოვრები სამი ქალწულის: ქიონიას, აღათიას და ირინეს ხსენება, რომლებიც მან შეამზადა მოწამებრივი აღსასრულისთვის.

ესპანეთში ამ პერიოდის მარტვილთა შორის განსაკუთრებით ცნობილია ევლალია ქალწული და ბიკენტი დიაკონი. აღმსარებელთა შორის იყო ეპისკოპოსი ოსია კორდუბელი.

ერთხელ კართაგენში მიიყვანეს ორმოცდაცხრა ქრისტიანი, რომლებიც მახლობელ მთაზე შეიპყრეს საზოგადო ღვთისმსახურებაში მონაწილეობისთვის, რაც აკრძალული იყო. მათში ერივნენ განსხვავებული წოდებისა და ასაკის ადამიანები: მღვდელი თავისი ოთხი შვილით, ყველასგან პატივცემული და დიდგვაროვანი მოხელე, ნორჩი ქალწულები... ყველა ერთნაირად იყო ფრთაშესხმული მგზნებარე რწმენითა და ღვთისადმი სიყვარულით. ყველამ მამაცურად გაუძლო წამებას; ისინი ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს, ლოცულობდნენ თავიანთ მტანჯველებზე: „უფალო, შეიწყალენ ისინი! გმადლობ, ღმერთო, მომმადლე მოთმინება, განათავისუფლე მსახურნი შენნი ამა სოფლის მონობისაგან“. მსაჯული არწმუნებდა ქრისტიანებს, გაემხილათ, თუ სად ინახებოდა წმინდა წერილი. „ის ჩვენს გულებშია!“ – პასუხობდა ზოგიერთი.

დაიწყეს მათი დაკითხვა... დაქანცული მსაჯული გულმოდგინედ ცდილობდა ქრისტიანთა დაყოლიებას, მაგრამ პასუხი ერთსულოვანი იყო:

– ჩვენ ქრისტიანები ვართ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ ჩვენი ღმერთის მცნებებს!

– არ მიკითხავს, ხარ თუ არა ქრისტიანი. მე გეკითხები, ესწრებოდი ღვთისმსახურებას და დღესასწაულობდი თუ არა კვირადღეს? – ჰკითხა მსაჯულმა ერთ-ერთ მოწამეს.

– დიახ!.. ერთი კვირადღეც არ გამოგვიტოვებია ზეიმისა და წმინდა წერილის კითხვის გარეშე! – უპასუხა მან.

ამ გაბედულებამ იმდენად განარისხა მსაჯული, რომ მოპასუხე, მისი ბრძანებით, სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით.

– ესწრებოდი თუ არა საკვირაო ღვთისმსახურებას? – ახლა წმინდა წიგნების მცველ ამპელიოსს მიუბრუნდა მსაჯული.

– მოძმეებთან ერთად ვიზეიმე კვირადღე. მაქვს წმინდა წიგნებიც – ისინი ჩემს გულშია! – აი, ასეთი იყო ჭეშმარიტი ქრისტიანის პასუხი.

ერთი ყმაწვილი დაკითხვას აღარ დაელოდა და შესძახა:

– კვირადღე ქრისტიანის სიხარულია! მე მოძმეებთან ერთად ვესწრებოდი ღვთისმსახურებას, რადგან ქრისტიანი ვარ. ვდღესასწაულობდი კვირადღეს, რადგან ქრისტიანი ვარ. დაე, ეს იცოდეთ...

– მე ქრისტიანი ვარ! თავად იესო ქრისტეს სახელის შემდეგ ეს ყველაზე წმინდა სახელდებაა. – მე მაქვს წმინდა წიგნები, ამომგლიჯე გულიდან!

მოწამეთა შორის იყო ბავშვიც – მღვდელ სატორნინეს ძე, რომელმაც გაბედულად შესძახა:

– მეც ჩემი ნებით ვესწრებოდი საკვირაო ღვთისმსახურებას!

ყველა წამებით დახოცეს, მაგრამ ერთმაც კი არ გასცა წმინდა წიგნების ადგილსამყოფელი, არ უარყო მათთვის ძვირფასი სახელი ქრისტიანისა.[2]

სიცილიაში ევილე დიაკონი მაშინ შეიპყრეს, როდესაც სახარებას კითხულობდა და ამ წიგნითვე მიჰგვარეს პროკურატორს.

– ხელთ რატომ გიჭირავს ეს წიგნი?

– ვკითხულობდი, როდესაც შემიპყრეს,

– რაიმე წამიკითხე მაგ წიგნიდან, – უთხრა პროკურატორმა.

ევილემ გადაშალა და წაიკითხა: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“, შემდეგ გადაფურცლა და დაამატა: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და შემომიდეგინ მე“ .

– ეს რა არის?

– ეს უფლის მიერ მოცემული მცნებაა! – ასეთი იყო ევილეს პასუხი. იგი გაიყვანეს და გვემეს; წამების შემდგომ კვლავ დაკითხეს:

– ისევ ჯიუტად აღიარებ ცდომილებებს? – ჰკითხა მმართველმა.

– ვიმეორებ ჩემს აღიარებას, მე ქრისტიანი ვარ და ვკითხულობ წმინდა წერილს!

– იმპერატორმა აკრძალა ამ წიგნების შენახვა. შენ გმართებს, ხელისუფლებას გადასცე იგი.

– მე წმინდა წერილს ვკითხულობ იმიტომ, რომ ქრისტიანი ვარ და ეს წიგნები მარადიული ცხოვრების შესახებ გვაუწყებს. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მოღალატე ვიყო...

ისევ აწამეს... ევილე ყოველივეს უდრეკად უძლებდა და ღმერთს ევედრებოდა შემწეობას.

– დათანხმდი და ღმერთებს თაყვანი ეცი! – ურჩევდენ.

– მე წმიდა სამებას ვეთაყვანები. არ არსებობს სხვა ღმერთი!

– აღასრულე მსხვერპლშეწირვა და ცოცხალი გადარჩები!

– ამაოა თქვენი ძალისხმევა. მე უმალ აღვასრულებ მსხვერპლშეწირვას – საკუთარ თავს შევწირავ იესო ქრისტეს...

ხანგრძლივი წამების შემდგომ ევილეს თავი მახვილით მოჰკვეთეს.

საბერძნეთის მარტვილთაგან განსაკუთრებით ცნობილნი არიან მოხუცი ფილიპე, ჰერაკლიის ეპისკოპოსი, რომელიც პრესვიტერსა და დიაკონთან ერთად ეწამა და წმინდა დიმიტრი, თესალონიკში ვნებული ჭაბუკი მხედარი.

მცირე აზიის ოლქებში ქრისტიანთა სისხლის მდინარეები მოედინებოდა. მმართველები ურთიერთს ეჯიბრებოდნენ მათი წამების ახალ-ახალი ხერხების მოფიქრებაში. შეუძლებელია, ძრწოლამ არ აგიტანოს, როდესაც კითხულობ ქალაქ ტარსოსში პროვოს, ტარასისა და ანდრონიკეს მარტვილობის ამბავს, ან იულიანას წამებას, რომელსაც თვალწინ ჩვილი მოუკლეს. ზოგიერთმა მმართველმა იცოდა, თუ როგორ ეზიზღებოდათ ქრისტიანებს ნაკერპავი, ამიტომ მათი ბრძანებით ბაზარში სურსათზე საკერპო მსხვერპლის სისხლს ასხურებდნენ და ისე ყიდდნენ.

მარტვილთა შორის იხსენიება წმინდა თეოდოტე ანკვირელი, სასტუმროს მეპატრონე, რომელიც მფარველობდა უამრავ ქრისტიანს და ვის სახლშიც ფარულად ტარდებოდა ღვთისმსახურება. თეოდოტე მარხავდა ცხედრებს, რაც სასტიკად იყო აკრძალული. როცა ანკვირაში შვიდი ქალწული შეეწირა რწმენას – ისინი ტბაში დაახრჩვეს – თეოდოტემ მიწას მიაბარა მათი ცხედრები, რისთვისაც თავადაც მოწამებრივი სიკვდილი ერგო.

პალესტინის მმართველნი, ურბანოსი და ფირმილიანე, განთქმულნი იყვნენ ქრისტიანთა მიმართ სისასტიკით. მათი პირველი მსხვერპლი იყო მარტვილი პროკოპი, რომლის ხვედრიც უამრავმა მოწამემ გაიზიარა...

შეუძლებელია ყველა მარტვილის სახელის ჩამოთვლა, ვინც ამ დევნას ემსხვერპლა – მათი რაოდენობა უზარმაზარია. გარდა ამისა, რამდენი მოწამის სახელი დარჩა ჩვენთვის უცნობი!

ფრიგიაში გადაწვეს მთელი ქალაქი, სადაც უამრავი ქრისტიანი ცხოვრობდა. ეგვიპტე და პალესტინა ათასობით მარტვილს ითვლიდა. მართალია, II საუკუნიდან უკვე დგებოდა სიები, ე. წ. დიპტიქონები (საბუთები, სადაც წერდნენ რწმენისთვის წამებულთა სახელებს), მაგრამ ამ აღწერათა უდიდესი ნაწილი, უამრავ საეკლესიო წიგნთან ერთად, ცეცხლში განადგურდა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები მათ გულმოდგინედ, სიცოცხლის ფასად მალავდნენ. ის, ვინც წარმართებს საეკლესიო წიგნს გადასცემდა, მოღალატედ ითვლებოდა და ეკლესიიდან განკვეთა ელოდა. აფრიკის ერთმა ეპისკოპოსმა, რომელსაც წმინდა წიგნების მიტანას აიძულებდნენ, მათ ნაცვლად სხვა წიგნები გადასცა დასაწვავად, მაგრამ ქრისტიანულმა საზოგადოებამ ეს საქციელი მაინც გაკიცხა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ეპისკოპოსს უმალ სიკვდილი უნდა აერჩია, ვიდრე ტყუილით გადაერჩინა მიბარებული საუნჯე.

წამართებს სულ უფრო აოცებდათ ქრისტიანების უჩვეულო სულიერი სიმტკიცე. მარტვილთა ცხოვრების გაცნობისას რწმუნდები, რომ ქრისტიანებს იოლად შეეძლოთ, დევნას წინ აღდგომოდნენ და წარმართთაგან იარაღით დაეცვათ თავი; აჯანყებით რომის უკიდეგანო იმპერიასაც კი დაღუპავდნენ, რომელიც არეულობებითა და შინაომებით იყო დაუძლურებული. მათი უდრეკი სიმამაცის წყარო ღვთისადმი მორჩილება იყო – ის უბიძგებდა, მოთმინებით გადაეტანათ ყოველივე და ბოლომდე დაეცვათ ძვირფასი საუნჯე, რომელიც სიცოცხლეზე ძვირად უღირდათ – სარწმუნოება.

მაგრამ, როგორც ჩანს, წარმართები დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, თუ რა უძლეველ ძალას ფლობდა ქრისტიანული სარწმუნოება. დიოკლეტიანე ქრისტიანთა ხანგრძლივი დევნის შემდგომ უკვე ზეიმობდა მათზე გამარჯვებას და მედლის მოჭრაც კი ბრძანა ქრისტიანობის განადგურების აღსანიშნავად; ესპანეთშიც დაადგმევინა ორი სვეტი წარწერით: „დიოკლეტიანე ავრელიუსს და მაქსიმიანე ჰერკულუსს მისთვის, რომ განავრცეს რომის იმპერია აღმოსავლეთსა და დასავლეთში და ამოძირკვეს ქრისტიანთა – სახელმწიფოს ამ მტერთა – სახელი...“ მაგრამ ქრისტიანობის ამოძირკვას ვერ ეღირსა – პირიქით, დევნის დროს ის ახალ-ახალი ენერგიით აღივსებოდა და სულ უფრო მტკიცდებოდა...

ამასობაში სახელმწიფოში მზადდებოდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რამაც ქრისტიანთა ხვედრზეც იქონია გავლენა. 305 წელს დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ უარი თქვეს ტახტზე. აღმოსავლეთის იმპერატორი გახდა გალერიუსი (305-311 წწ.), ხოლო მისი დისწული მაქსიმინე დაზა (309-313 წწ.) – კეისარი. დასავლეთში საიმპერატორო ძალაუფლება მიიღო კონსტანციუს ქლორუსმა, რაც კეისარ სევერუსთან ერთად გაიყო. ამის შემდეგ დასავლეთში სრულიად შეწყდა დევნა, თუმცა მშვიდობისმოყვარე კონსტანციუსის მმართველობას დაქვემდებარებულ ოლქებში იგი მანამდეც სუსტად მიმდინარეობდა. მას უყვარდა ქრისტიანები და პატივს სცემდა მათ. მოგვითხრობენ, თითქოს ერთხელ კონსტანციუსმა მოისურვა საიმპერატორო კართან დაახლოებულთა გამოცდა და გამოაცხადა: ქრისტიანებს სასახლეში არ გააჩერებდა და ვინც თანამდებობის შენარჩუნებას მოისურვებდა, თავიანთი სარწმუნოება უნდა დაეგმო. ზოგიერთი ასეც მოიქცა და რწმენას ამსოფლიური სარგებელი და პატივი ამჯობინა. მაგრამ უდიდესმა ნაწილმა სამსახურის მიტოვება გადაწყვიტა. ზუსტად ეს უკანასკნელნი დაიტოვა კონსტანციუსმა სასახლის კარზე. მისი სიტყვებით, ხელისუფალს ვერ ექნებოდა ისეთი მოხელეების იმედი, რომლებიც თავიანთი ღმერთის ერთგულნი არ არიან.

დევნა ცოტა ხნით ჩაცხრა აღმოსავლეთის პროვინციებშიც. პროკურატორებმა და ანთიპატებმა საჯაროდ გამოაცხადეს, რომ ხელისუფალთ სურთ მოწყალების გამოჩენა ქვეშევრდომებისადმი და აუქმებენ ქრისტიანთა სიკვდილით დასჯას. სანაცვლოდ დაიწყეს მათი გაგზავნა მაღაროებში, ოღონდ მანამდე მარჯვენა თვალს უწვავდნენ და მუხლზე მყესს უჭრიდნენ. დევნაგამოვლილებს ასეთი საშინელი დასახიჩრებაც კი მოწყალებად ეჩვენებოდათ.

მაგრამ სასტიკ გალერიუსსა და მის ძმისწულ მაქსიმინეს, რომელსაც ბიძამისივით სძულდა ქრისტიანები, ეს დიდხანს ვერ დააკმაყოფილებდა. მათ მალევე განაახლეს დევნა, რომელიც რამდენიმე წელიწადს შეუჩერებლივ მძვინვარებდა. ეკლესიის უღირსეულესმა წინამძღოლებმა მოწამებრივი სიკვდილით დააგვირგვინეს თავიანთი სიცოცხლე: ალექსანდრიაში აღესრულა ეპისკოპოსი ფილე თმუნტელი, რომელიც დიდხანს ჰყავდათ საპყრობილეში. მას ყველა პატივს სცემდა სიბრძნისა და ქველმოქმედებისთვის. ფილე მდიდარი იყო და მთელ თავის ქონებას ღატაკთა დასახმარებლად ხარჯავდა. ქალაქის პრეფექტი დიდხანს ცდილობდა მის დარწმუნებას, შეეწირა ღმერთებისთვის მსხვერპლი, მაგრამ ეპისკოპოსი მტკიცედ პასუხობდა:

– არა ვიქმ ამას, რამეთუ წერილი ბრძანებს: მოისრება ის, ვინც მსხვერპლს შესწირავს სხვას, გარდა ერთი ღმერთისა.

– როგორი მსხვერპლია შენი ღმერთისთვის სათნო?

– წმინდა გული, წრფელი გრძნობა და ჭეშმარიტების სიტყვა.

პრეფექტისთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა ჯვარცმული ქრისტეს ღმერთად ცნობა და თაყვანისცემა. ფილემ აუხსნა:

– ის ჯვარს ეცვა ჩვენს გადასარჩენად. მან წინასწარ უწყოდა, რომ შეურაცხყოფდნენ და ჯვარს მიამსჭვალავდნენ და მაინც სატანჯველად მისცა თავი, რათა ჩვენს მაგიერ დაეთმინა ყოველივე. ამასვე წინასწარმეტყველებს მის შესახებ წმინდა წერილი, რომელიც იუდეველებს აქვთ, მაგრამ არ ასრულებენ დაწერილს. ვისაც სურს, წავიდეს და შეამოწმოს, სიმართლეა ეს თუ არა.

ფილეს გაუტეხელობა პრეფექტს უგუნურებად მოეჩვენა:

– ღატაკი რომ ყოფილიყავი და ასეთ სიშლეგემდე მისულიყავი, მე არც კი ვიზრუნებდი შენზე, მაგრამ ისე მდიდარი ხარ, რომ მთელი ოლქის დაპურება შეგიძლია. გაუფრთხილდი თავს და შესწირე მსხვერპლი ღმერთებს.

– არ შევწირავ და ამით დავიცავ თავს!

– შეხედე, აქ არის შენი საბრალო ცოლი. მისთვის მაინც გაუფრთხილდი სიცოცხლეს.

– მას, ვინც მე მიხმო თავისი დიდების მემკვიდრედ, ძალუძს მისი მოხმობაც.

არა მარტო პრეფექტი, მრავალი მეგობარი, ნაცნობი და ნათესავი ევედრებოდა ფილეს, დაეზოგა სიცოცხლე, მაგრამ იგი შეუვალი იყო. დაკითხვას ესწრებოდა მისი მეგობარი, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მოხელე ფილორომი, რომელიც იქ მყოფთ ეუბნებოდა:

– რად ცდილობთ, ღვთის მოღალატედ აქციოთ?! ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მას თქვენი საუბარი არ ესმის და მხოლოდ სამომავლო დიდებაზე ფიქრობს!..

ფილორომიც გაასამართლეს და ფილესთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა პეტრე, ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ღვაწლისთვის ამხნევებდა არა მარტო საკუთარ სამწყსოს, არამედ მთელი ეგვიპტის, თებაიდისა და ლიბიის მართლებს, საშინელ დევნულებაში ტანჯულთ. მთელი ოჯახები ამოწყდა, ქრისტიანებს ბორბალზე აკრავდნენ, ჯვარს აცვამდნენ, წვავდნენ, შიმშილით სულს ხდიდნენ, მდინარეში ახრჩობდნენ... ზოგს შეეშინდა მძიმე წამებისა და განუდგა რწმენას. პეტრემ ასეთი ადამიანებისთვის გამოსცა „სინანულის კანონი“, რომლითაც დიდხანს ხელმძღვანელობდა ეკლესია.

ამ პერიოდისთვის სხვა სახის არეულობამაც იჩინა თავი. დევნის დროს განდგომილი მელეტიოსი, ლიკოპოლისის ეპისკოპოსი, ალექსანდრიაში ჩავიდა და წინ აღუდგა პეტრეს დადგენილებას, რომელსაც დაცემულების მიმართ მეტისმეტად ლმობიერად მიიჩნევდა. მელეტიოსმა უკანონოდ იგდო ხელთ ძალაუფლება და იწყო პრესვიტერების ხელდასხმა; მიიზიდა რამდენიმე მიმდევარი, რომელთა შორისაც იყო შემდგომში „სახელგანთქმული“ არიოზი. მელეტიოსის ქმედებას ფილეც ამხელდა საპყრობილედან. პეტრემ მოიწვია კრება, რომელზეც დაადანაშაულა და დაამხო თვითმარქვია. 311 წელს პეტრე მოწამებრივად აღესრულა სამ პრესვიტერთან ერთად.

პალესტინაშიც არავის ინდობდნენ, წარმართულ ტაძრებში მიერეკებოდნენ განურჩევლად ყველას, ბავშვებსაც კი, ურჩებს აწამებდნენ... პალესტინის კესარიაში ერთი ჭაბუკი, სახელად ამფიანე, მაშინ მიუახლოვდა პრეფექტს, როდესაც იგი ღმერთებისთვის სურნელოვან ზეთს ასხამდა სამსხვერპლოზე, ხელში სწვდა და კერპთაყვანისმცემლობის ამაოებაზე დაუწყო საუბარი. ჭაბუკი მაშინვე შეიპყრეს, აწამეს და ცოცხალ-მკვდარი ზღვაში გადააგდეს. შემდგომ ასეთივე სიკვდილი ერგო მის ძმას – ედესს. ის სწავლული იყო და რწმენისთვის ბევრი გადაიტანა – დიდხანს მუშაობდა მაღაროებში; მაგრამ არ არსებობდა ტანჯვა, რომელიც მასში, ქრისტიანში, ჩააქრობდა ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულის ნათელს. ალექსანდრიაში დაბრუნებულმა როცა დაინახა, რომ მსაჯული ქრისტიანებს დაკითხვაზე მხეცურად ექცეოდა, რისხვა ვერ შეიკავა და ამხილა იგი. მსაჯულმა მისი დაუყოვნებლივ შეპყრობა და წამება ბრძანა. ედესმა მოთმინებით აიტანა საშინელი ტანჯვა, ბოლოს ის ზღვაში დაახრჩვეს.

ქრისტიანებს შეუდარებლად უფრო მკაცრად სდევნიდნენ, ვიდრე პირწავარდნილ ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს. ერთხელ მაქსიმინემ პალესტინის კესარიაში თავისი დაბადების დღეს თვალისმომჭრელი სანახაობა გამართა ცირკში. მაყურებელთა გასამხიარულებლად სასიკვდილოდ ებრძოდნენ ერთმანეთს გლადიატორები. დასასრულს არენაზე გამოიყვანეს ქრისტიანი, სახელად აღაპი, და წარმართი მონა, რომელსაც ბატონის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. ორივე მხეცებისთვის უნდა მიეგდოთ დასაგლეჯად. მაქსიმინემ „დიდსულოვნება“ გამოიჩინა და მკვლელი შეიწყალა, შემდეგ აღაპს უთხრა, რომ გაათავისუფლებდა, თუ სარწმუნოებას განუდგებოდა. ქრისტიანმა ნაწყალობევ სიცოცხლეზე უარი განაცხადა, მიუბრუნდა შეკრებილ ხალხს და ხმამაღლა გამოაცხადა, რომ სიკვდილით ისჯებოდა არა რაიმე დანაშაულის, არამედ მარტოოდენ ღვთის, სამყაროს შემოქმედის, რწმენის გამო. შემდეგ უშიშრად გაემართა მის დასაგლეჯად გამოშვებული დათვისკენ, მაგრამ ნადირი მას არ მიეკარა. მეორე დღეს მარტვილი ზღვაში გადააგდეს.

ქრისტიანები მაცხოვრის ღირსეული მიმდევრები იყვნენ – წამების დროს მიუტევებდნენ მტრებს, ლოცულობდნენ მათ გადასარჩენად... პალესტინელი მოწამე, პავლე, სიკვდილმისჯილი ხმამაღლა ევედრებოდა უფალს, რომ ქრისტიანთა ეკლესიაში მშვიდობას დაესადგურებინა, იუდეველები, სამარიტელები და წარმართები მოქცეულიყვნენ, ყველას მოჰფენოდა ჭეშმარიტების ნათელი. შემდეგ ილოცა ყოველი დამსწრისა და მსაჯულისთვის, რომელთაც მას განაჩენი გამოუტანეს; ბოლოს უფალს შეევედრა, რომ მისი სიკვდილი ჯალათს ცოდვად არ დასდებოდა. ამ ლოცვამ წარმართებიც კი შეძრა. მისი დასრულებისთანავე პავლემ წყნარად და სიხარულით შეუშვირა კისერი მახვილს. მასთან ერთად დახოცეს ორი ნორჩი ქალწული, რომლებმაც მსხვერპლშეწირვაზე უარი განაცხადეს, ღრმად მოხუცი პრესვიტერი ავქსენტი კი მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად.

ამ ეპოქაში ივნო წმინდა პამფილე, კესარიის ეკლესიის პრესვიტერი, ქრისტიანთა შორის სახელგანთქმული თავისი სათნოებითა და ფართო განსწავლულობით. მან დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ ქალაქ ბერიტოსში, შემდეგ სწავლობდა ალექსანდრიაში, ბოლოს კესარიაში დასახლდა, სადაც პრესვიტერად აკურთხეს. პამფილე თავდადებით ზრუნავდა სარწმუნოების და განათლების გასავრცელებლად, კესარიაში შექმნა საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა. ბევრს იღვწოდა წმინდა წერილის განმარტებაზე და მრავალი თხზულება დაგვიტოვა. მაგრამ ძირითადი შრომა მან გაწია 70 განმმარტებლის მიერ თარგმნილი წმინდა წერილის (სეპტუაგინტას) და ახალი აღთქმის ტექსტების შესასწორებლად, რომლებიც გადამწერთა მიერ იყო დამახინჯებული. პამფილე ღატაკებს უნაწილებდა, რაც ებადა, ყიდულობდა წმინდა წერილის ხელნაწერებს და ამრავლებდა დასარიგებლად. მისი ერთ-ერთი მოწაფე, ისტორიკოსი ევსები, უდიდესი სიყვარულით საუბრობს მის შესახებ. მასწავლებლისადმი მადლობის ნიშნად მისი სახელი დაირქვა და იწოდა ევსები პამფილე კესარიელად.

პალესტინის პრეფექტმა იხმო პამფილე და დიდხანს არწმუნებდა, დაეგმო ქრისტე. როდესაც უარი მიიღო, მისი რკინის მარწუხებით წამება ბრძანა, შემდეგ საპყრობილეში ჩაამწყვდევინა. იქ პამფილემ ორი წელიწადი გაატარა და არ შეუწყვეტია მოღვაწეობა. შემდეგ ის და მასთან ერთად რამდენიმე ქრისტიანი სიკვდილით დასაჯეს. მათ მიემატა კიდევ ხუთი ეგვიპტელი მორწმუნე – ისინი ქალაქის შესასვლელთან შეიპყრეს, როგორც ქრისტიანები. დაკითხვის დროს მათ განაცხადეს, რომ იერუსალიმიდან იყვნენ. ეს სახელი ამ დროისთვის უკვე იმდენად იყო დავიწყებული,[3] რომ მმართველი დაინტერესდა – სად მდებარეობდა ეს ქალაქი და რა ხალხი ცხოვრობდა იქ. მოწამეებმა, რომლებიც ზეციურ იერუსალიმს გულისხმობდნენ, მმართველს აუხსნეს, რომ მხოლოდ ქრისტიანებს აქვთ მისი მოქალაქეობის უფლება, იგი აღმოსავლეთშია და ამომავალი მზის სხივებით არის გაბრწყინებული. მმართველმა წარმოიდგინა, რომ ქრისტიანები სადღაც აღმოსავლეთში ქალაქს აგებენ, სადაც იმედოვნებენ მდევნელთაგან თავშეფარებასო და დიდხანს აწვალა ტყვეები – უნდოდა გამოეტეხა, თუ სად შენდებოდა ახალი დასახლება. ბოლოს ყველას თავის მოკვეთა მიუსაჯა.

როდესაც ტუსაღებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, პამფილეს მსახურმა და აღზრდილმა ყმაწვილმა, სახელად პორფირიმ, ნებართვა ითხოვა, რომ დასჯის შემდგომ მოწამეთა ცხედრები მიწისთვის მიებარებინა. მას მაშინვე ხელი სტაცეს და დაკითხეს. ყმაწვილმა უშიშრად განაცხადა, რომ ქრისტიანია, მამაცურად გაუძლო საშინელ წამებას და სიხარულით სახეგასხივოსნებულმა სიცოცხლე კოცონზე დაასრულა. იმავე დღეს, 308 წლის 16 თებერვალს, მოწამებრივად აღესრულნენ დიაკონი ვალენტი და კესარიაში ახლად ჩამოსული იულიანე; ჯვარს აცვეს პროკურატორის ამალის წევრი თეოდულე.

საწამებლად განწირულთა მიმართ სიბრალულის გამოვლენაც კი საკმარისი იყო, რომ ადამიანი მოეკლათ. მოხუცი მეომარი, სახელად სელევკი, მხოლოდ იმიტომ გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ პამფილეს შეატყობინა პორფირის სიკვდილი და ერთ-ერთ აღმსარებელს ეამბორა.

მოწამებრივი სიკვდილი ერგო ეპისკოპოს ათინოგენე სებასტიელს, რომელიც დევნის დროს მოწაფეებთან ერთად ცხოვრობდა უდაბნოში. მან აღსასრულის წინ იგალობა ის საოცარი საგალობელი, რომელსაც დღესაც ვისმენთ მწუხრის ღვთისმსახურებაზე: „ნათელი მხიარული, წმიდისა დიდებულისა, უკვდავისა მამისა ზეცათასა...“

აღსანიშნავია, რომ მაღაროებში მომუშავე ქრისტიანები მცირედი თავისუფლებით მაინც სარგებლობდნენ. წარმართებსაც კი ებრალებოდათ ისინი და არ უშლიდნენ ღვთისმსახურებებზე შეკრებასა და ეკლესიების მოწყობას. ყველა აღმსარებელს სხეულზე დაკითხვის დროს განცდილი მძიმე წამების კვალი აჩნდა, უდიდესი ნაწილი კი დასახიჩრებული იყო, თუმცა მათგან არავინ მოთქვამდა და დრტვინავდა; ისინი განუწყვეტლივ ჰმადლობდნენ შემოქმედს და სამომავლო ცხოვრების იმედით სულდგმულობდნენ. ერთხელ მაღაროში მომუშავე ქრისტიანები ვიღაცამ დაასმინა მაქსიმინესთან და მანაც ბრძანა, მეთვალყურეობა გაეძლიერებინათ მათზე, ღვთისმსახურებაზე შეკრება აეკრძალათ და სხვადასხვა ქვეყანაში გაეძევებინათ – ასე მიმოფანტეს ეს ადამანები: ვინ კვიპროსზე, ვინ ლიბანის მხარეში და ა.შ. იქაურ მმართველებსაც მიუთითეს – მძიმე სამუშაოთი დაეტვირთათ დევნილები.

ამ უმოწყალო დევნის დროს ორი ღრმად მოხუცი ეგვიპტელი ეპისკოპოსი: ნილოსი და პელეოსი, პრესვიტერები ილია და პატერმოთიოსი კოცონზე დაწვეს. ზოგი აღმსარებელი უკვე იმდენად მხცოვანი იყო, რომ მაღაროებსა და ქვის სამტეხლოებში მუშაობა არ შეეძლოთ; მაგალითად, სილუანი – ერთ-ერთი პირველი აღმსარებელი ამ სასტიკი დევნის დროს – და პრესვიტერი იოანე. ამ უკანასკნელს უჩვეულო მეხსიერება ჰქონდა – ზეპირად იცოდა მთელი წმინდა წერილი, რაც ტუსაღებისთვის დიდი ნუგეში იყო. უსინათლო მოხუცი იოანე დასახიჩრებას მაინც ვერ გადაურჩა – სხვათა მსგავსად მარჯვენა ფეხზე გადაუჭრეს მყესი და ამოუშანთეს ისედაც დაშრეტილი თვალი... ასაკის გამო სამუშაოებიდან გათავისუფლებული მოხუცები უდაბნოში ცხოვრობდნენ, დღედაღამ ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვაში ატარებდნენ და სასოებით ელოდნენ ამა სოფლიდან უკეთეს ცხოვრებაში განსვლას. მაგრამ მშვიდად სიკვდილი არ იყო მათი ხვედრი – მაქსიმინეს გაახსენდა ისინი და ოცდაცხრამეტმა მხცოვანმა აღმსარებელმა შეუშვირა კისერი ჯალათის ნაჯახს. ისინი უკანასკნელი მოწამენი იყვნენ პალესტინაში.

მალე გამოიცა ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის ბრძანება, რომლის თანახმად თავად მდევნელებს საშინელი სასჯელი ელოდათ. ეს მოხდა ქრისტიანთა მფარველის კონსტანტინე დიდის (324-337 წწ.) დროს.

დევნის შესახებ თხრობა გაგვიგრძელდა და მკითხველის ყურადღების მიღმა დავტოვეთ, თუ რა ხდებოდა რომის სახელმწიფოს მმართველებს შორის. იქ ურთიერთმტრობა და ძმათამკვლელი ბრძოლა არ წყდებოდა, რაც მთელი იმპერიის მთლიანობასა და ძლიერებას სცემდა ლახვარს. როგორც აღვნიშნეთ, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს ტახტიდან გადადგომის შემდეგ იმპერატორებად გამოცხადდნენ: გალერიუსი აღმოსავლეთში და კონსტანციუს ქლორუსი – დასავლეთში. მათი თანაშემწენი კეისრის ტიტულით იყვნენ მაქსიმინე და სევერუსი.

მაგრამ ასეთი ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა – კონსტანციუსი თავისი მმართველობის პირველივე წელიწადს ბრიტანეთში დასნეულდა და მოიხმო თავისი ძე კონსტანტინე, რომელიც გალერიუსის ლეგიონში მსახურობდა ნიკომიდიაში. კონსტანტინე მთელს ლაშქარს უყვარდა – თავმდაბლობით, განსწავლულობითა და გონიერებით გამორჩეული კონსტანსტინე, ამ სიყვარულს მართლაც იმსახურებდა; როდესაც ხელისუფლებთან ერთად გამოდიოდა ხალხისა და ლაშქრის წინაშე, ყველას ყურადღებას იპყრობდა; იყო კეთილადაღნაგი, პირმშვენიერი და ძლიერი ჭაბუკი. ამ თვისებათა გამო გალერიუსი მასში მეტოქეს ხედავდა, მისი ეშინოდა და არაერთხელ სცადა მისი თავიდან მოშორება. როდესაც ბრიტანეთში მყოფმა მომაკვდავმა კონსტანციუსმა თავის ძეს უხმო, გალერიუსმა კიდევ ერთხელ ჩაიფიქრა მისი მოკვლა, მაგრამ კონსტანტინემ გაქცევით უშველა თავს და მამასთან ჩავიდა. როგორც კი კონსტანციუსი გარდაიცვალა, ბრიტანეთში მოქმედმა ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს ოცდათორმეტი წლის კონსტანტინე, რომელმაც მშვიდად და სამართლიანად იწყო მართვა, დაადასტურა მამის ყველა ბრძანება ქრისტიანთა დასაცავად და მალე ბარბაროსებზე უდიდესი გამარჯვებებით გაითქვა სახელი.

გალერიუსი უკმაყოფილო დარჩა განვითარებული მოვლენებით, ამიტომ იმპერატორად აღიარა არა კონსტანტინე, არამედ იტალიისა და აფრიკის მმართველი სევერუსი. ამასობაში იტალიაში იმპერატორად გამოაცხადეს მაქსიმიანეს ძე მაქსენციუსი (306-312 წწ.). სევერუსის მხარდამჭერმა გალერიუსმა ჯარი გაგზავნა მაქსენციუსის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელმა კი დახმარება თავის მამას, მაქსიმიანეს, სთხოვა, რომელმაც ცოტა ხნით ისევ დაიბრუნა მმართველობა, სევერუსი დაიმორჩილა და მოკლა. გალერიუსმა სევერუსის ადგილზე იმპერატორად თავისი მხედართმთავარი ლიცინიუსი (308-324) დაასახელა, ჯარმა კი კეისარ მაქსიმინეს დაუჭირა მხარი. ამრიგად, ერთსა და იმავე დროს ექვსი იმპერატორი მართავდა ქვეყანას. ესენი იყვნენ: კონსტანტინე, გალერიუსი, მაქსიმინე, ლიცინიუსი, მაქსენციუსი და მაქსიმიანე. ისინი გაუთავებლად ეომებოდნენ ურთიერთს. მხოლოდ კონსტანტინეს ქვეშევრდომები ტკბებოდნენ მშვიდობითა და კეთილდღეობით.

310 წელს გალერიუსს საშინელი სენი შეეყარა, დაიფარა წყლულებით, სადაც მატლებმა დაიბუდეს, სხეულის ზოგმა ნაწილმა ლპობა დაიწყო... უსაზღვროდ იტანჯებოდა, მთელს სასახლეში ისმოდა მისი გმინვა, ამაოდ ევედრებოდა ღმერთებს დახმარებას, ვერც მკურნალთა ოსტატობა შველიდა... ერთ წელს გაგრძელდა გალერიუსის წამება, რომელიც ბოლოს მიხვდა – ეს მძიმე განსაცდელი მას ქრისტიანებისადმი გამოჩენილი სისასტიკის გამო ერგო. მან მაშინვე ბრძანა დევნის შეწყვეტა, ნება დართო ქრისტიანებს, აეგოთ ეკლესიები და აღესრულებინათ ღვთისმსახურება, ამასთან სთხოვა, მისი გამოჯანმრთელებისთვის ელოცათ. რა თქმა უნდა, მან ეს სინანულით კი არა, შიშისა და სასოწარკვეთილების გამო მოიმოქმედა. ამიტომაც მისი ტანჯვა არ შემსუბუქებულა, მალევე გარდაიცვალა იმავე სენით, რამაც ანტიოქე ეპიფანესა და ჰეროდეს მოუღო ბოლო.

გალერიუსის ბრძანების კვალად ქრისტიანები საპყრობილეებიდან და მაღაროებიდან გაათავისუფლეს და ისინიც დიდ ჯგუფებად დაადგნენ შარაგზას თავიანთი სამშობლოსაკენ, თან უგალობდნენ და ადიდებდნენ ქრისტეს. აღმსარებლებს ყველგან პატივისცემითა და სიყვარულით ეგებებოდნენ – წარმართებსაც კი მობეზრდათ გაუთავებელი ხოცვა-ჟლეტა და კმაყოფილები ხვდებოდნენ მშვიდობის აღდგენას. მრავალმა შეიგნო, რომ სარწმუნოება, რომელიც ასეთი საშინელი და ხანგრძლივი გამოცდის შემდეგაც კი შეუძვრელი დარჩა, ღვთისგან იყო ბოძებული.

მაგრამ ზოგიერთ ოლქში სიხარული მალე ჩაქრა. ბრძანებით დიდად უკმაყოფილო დარჩა სირიისა და ეგვიპტის მმართველი მაქსიმინე, მაგრამ ვერ გაბედა, აშკარად აღდგომოდა წინ ბრძანებას, რომელსაც ხელს აწერდნენ მასზე გაცილებით ძლიერნი: გალერიუსი, ლიცინიუსი და კონსტანტინე. მან თავის ოლქებში საჯაროდ არ გამოაცხადა ხელისუფალთა ნება, მხოლოდ სიტყვიერი განკარგულება გასცა დევნის შეწყვეტისა. გალერიუსის სიკვდილის შემდეგ იგი დაუფარავად დაუპირისპირდა ქრისტიანებს, აუკრძალა ლოცვითი შეკრებები; მოითხოვა – იძულებულნი გაეხადათ ისინი, რომ ყველას უკლებლივ, თვით ყრმებსაც კი, მსხვერპლი შეეწირათ ღმერთებისთვის. ურჩებს გვემა და სიკვდილი ელოდა და აღსრულდა კიდეც ეს მუქარა – უამრავი ქრისტიანი დაასახიჩრეს – გამოსთხარეს მარჯვენა თვალი. ბევრი ცნობილი ეპისკოპოსი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის პეტრე ალექსანდრიელი, მეთოდე ტვირელი და სხვები.

მოწამებრივად აღესრულა ანტიოქიის პრესვიტერი, წმინდა ლუკიანე, რომელმაც მთელ ქრიტიანულ სამყაროში გაითქვა სახელი ღვთისმოსაობითა და განსწავლულობით. იგი ჯერ კიდევ დევნის დასაწყისში გახდა აღმსარებელი. ამჯერად დაკითხვაზე მიყვანილმა მმართველს ქრისტიანთა დასაცავად აპოლოგია გადასცა, მაგრამ ამან არ გაჭრა, ის საპყრობილეში ჩააგდეს და აშიმშილებდნენ, რათა იძულებული გაეხადათ, განდგომოდა რწმენას. ლუკიანე არ შედრკა, ყოველგვარ შეგონებას და წამებას ქრისტეს სახელის აღიარებით პასუხობდა, ბოლოს ღირს-იქმნა მოწამებრივი გვირგვინისა.

მეათე დევნის დროს განდიდდნენ ისეთი წმინდანები, როგორებიც არიან გიორგი ძლევაშემოსილი, პანტელეიმონი, პროკოპი, თეოდორე ტირონი, თეოდოტე ანკვირელი, დიმიტრი თესალონიკელი, ბარბარე, ეკატერინე, ევნომიუსი და მრავალი სხვა.

მაქსიმინე არ სჯერდებოდა ქრისტიანების დევნას, ის ფანატიკურად ერთგული იყო წარმართობისა და სურდა, სრულად ამოეძირკვა ქრისტიანული სწავლება, რისთვისაც ყველაზე ვერაგულ საშუალებებს იყენებდა. მისი ბრძანებით შეადგინეს თხზულებები, სადაც მაცხოვრის ცხოვრება და სწავლება გაუკუღმართებულად იყო წარმოდგენილი. იმ ხანებში გავრცელდა თითქოსდა პილატეს მიერ შეთხზული რაღაც წერილი იესო ქრისტეზე, რომელიც მკრეხელობითა და ცილისწამებით იყო აღსავსე. ნაბრძანები იყო, რაც შეიძლება ბევრი ასეთი წიგნი დაერიგებინათ ხალხში, სკოლის მასწავლებლებს კი ევალებოდათ, ბავშვებისთვის იძულებით ესწავლებინათ მკრეხელური თხზულებები. მიდიოდა როსკიპ დედაკაცთა მოსყიდვა, რომლებიც იფიცებდნენ, რომ ოდესღაც ეკუთვნოდნენ ქრისტიანებს და კარგად იციან, თუ რა გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან ისინი. მოხელენი იწერდნენ მათ ცრუ ჩვენებებს და შეძლებისამებრ ავრცელებდნენ.

გამოჩნდნენ ქრისტიანთა უშიშრად დამცველებიც: ლაქტანციუსი და არნობიუსი თავიანთ წიგნებში ამხელდნენ გავრცელებულ ცილისწამებებს.

უდიდესი მეუდაბნოე ანტონი დიდი მაშინ ჩავიდა ალექსანდრიაში, როცა დევნა მძვინვარებდა. მას სურდა მოძმეთა ხვედრის გაზიარება, მაგრამ არ შეუშვეს საპყრობილეში; სამაგიეროდ, უშიშრად მიდიოდა სამსჯავროზე, ამხნევებდა ქრისტიანებს, ლოცულობდა მათთან ერთად, ხმამაღლა ადიდებდა აღმსარებელთა და მარტვილთა ღვაწლს. ასე გავიდა მთელი ერთი წელი – უფალმა არ ინება მისი მოწამებრივი სიკვდილი. შემდეგ ანტონი ისევ დაუბრუნდა უდაბნოს, სადაც მის ირგვლივ უამრავმა მოწაფემ მოიყარა თავი.

მაქსიმინე ქალაქებში აგებდა ბომონებს, საზეიმოდ ასრულებდა წარმართულ რიტუალებს; ოლქისა და ქალაქის მმართველებს მოუწოდებდა, კერპებისთვის ეთხოვათ „უღმერთო“ ქრისტიანების განდევნა. მისთვის რომ ესიამოვნებინათ, ბევრი დათანხმდა მისი ნების შესრულებას. მაქსიმინე განსაკუთრებული კეთილგანწყობით ხვდებოდა ასეთ მორჩილებას და თითქოს ქვეშევრდომთა სურვილის გათვალისწინებით ამკაცრებდა ქრისტიანებისადმი მოპყრობას. ქალაქებს, რომლებმაც მას ასეთი თხოვნით მიმართეს, დაუგზავნა რესკრიპტუმები, სადაც აქებდა მათ ერთგულებას წინაპართა ტრადიციების მიმართ. ხელისუფლის კეთილგანწყობის მოპოვების ყველაზე საიმედო საშუალება ქრისტიანთა შეურაცხყოფა და შევიწროება იყო.

სხვა ქალაქებთან ერთად ანტიოქიაც მიემხრო ქრისტიანთა განდევნას, იგივე გააკეთა ქალაქმა ტვიროსმა – იქ ბოძებზე გამოაკრეს ასლები წერილისა, რომელშიც იმპერატორი ქება-დიდებას ასხამდა და მადლობას უხდიდა მოქალაქეებს ღმერთებისადმი გამოჩენილი ერთგულებისათვის. მაქსიმინე მიუთითებდა, რომ სწორედ ეს მოიტანდა მშვიდობასა და სიუხვეს: „თვალგაუწვდენელი მინდვრები დაფარულია სამკალით და მოწეული თავთუხით. მდელოები ბალახითა და ყვავილით მორთულა. ჰაერი მშვიდია და კეთილშეზავებული. ყველა ხარობს... ეს ყოველივე უძლეველი არესის[4] ძალმოსილებამ დაბადა თქვენი კეთილმსახურებისთვის, გაღებული მსხვერპლისა და მისდამი აღვლენილი პატივისთვის. იმხიარულეთ, იმედიანად და მშვიდად დატკბით დაურღვეველი სიმშვიდით... რომ იცოდეთ, რაოდენ სასიამოვნო იყო ჩვენთვის თქვენი თხოვნა – კვლავაც ნებას გაძლევთ, ამგვარი განწყობისთვის მთხოვოთ, რაოდენ დიდი მოწყალებაც უნდა გსურდეთ“.

ასეთივე შინაარსის რესკრიპტუმები დაიგზავნა სხვა ქალაქებშიც. ხელისუფალი ირწმუნებოდა: აი, ხომ ხედავთ, ქრისტიანთა განდევნით ყველგან მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგურა...

მაგრამ მალე უფალმა საქმით ცხადყო ამ სიტყვების სიცარიელე. განდევნილები ჯერ კიდევ არ იყვნენ დანიშნულების ადგილამდე მისულნი, რომ ქვეყანაში დაიწყო შიმშილობა, მას მოჰყვა სახადი, რომელმაც მაქსიმინეს ყველა ოლქი თითქმის მოსრა. ამას დაერთო სხვა დაავადებაც – ანთებითი გამონაყარი თვალებში, რის გამოც მრავალმა დაკარგა მხედველობა. ბევრმა შიმშილობისგან თავის გადასარჩენად მთელი ქონება გაყიდა. ბოლოს იმ ზომამდე მივიდნენ, რომ საკუთარი შვილები გაიმეტეს მონებად. ქალაქის ქუჩებში შიმშილისა და სნეულებისგან გარდაცვლილთა გვამები გროვებად ეყარა. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ქრისტიანებმა კაცთმოყვარება და გულმოწყალება გამოიჩინეს; ამის მაყურებელი წარმართები უნებურად აცნობიერებდნენ მათი რწმენისა და ჭეშმარიტი ღმერთის ძალას. მაქსიმინემ ამ უმძიმეს ხანს ჯერ სომხეთთან, შემდეგ ლიცინიუსთან წამოიწყო წარუმატებელი ომი, რასაც თავადვე შეეწირა.

ამასობაში დასავლეთში უდიდესი მოვლენები ვითარდებოდა, რამაც ხელი შეუწყო ქრისტიანული სარწმუნოების აღზევებას. იტალიის ხელისუფალ მაქსენციუსის – უსასტიკესი და ანგარებისმოყვარე ადამიანის – ქვეშევრდომები მძიმე უღელქვეშ იტანჯებოდნენ და განმათავისუფლებელს უხმობდნენ. კონსტანტინემ გადაწყვიტა, შებრძოლებოდა მას და 312 წლის ოქტომბერში მისი ლაშქარი მიადგა რომს. მაქსენციუსი თავდაცვისთვის მზად იყო, მისი ძალები გაცილებით აღემატებოდა მოწინააღმდეგისას; კონსტანტინე გრძნობდა, რომ ზეგარდმო შემწეობა სჭირდებოდა, მაგრამ ვერ გარკვეულიყო, ვისთვის ეთხოვა იგი – უკვე აღარ სწამდა წარმართთა ღმერთებისა, მაგრამ არც ქრისტიანი იყო და აი, შინაგანი განგაშით დაბნეულს უფალმა სასწაულებრივი ხილვით გამოუცხადა ჭეშმარიტება. მზე დასავლეთისკენ მიდრკა და კონსტანტინემ ცაზე სხივოსანი ჯვარი იხილა, რომლის თავზეც ეწერა: „ამით სძლევ!“ მისმა მეომრებმაც დაინახეს ეს საოცრება და შეშფოთდნენ, რადგან ჯვარი სამარცხვინო სასჯელის იარაღად მიაჩნდათ და ავისმომასწავებელ ნიშნად ითვლებოდა.

დაღამდა... კონსტანტინეს ძილში გამოეცხადა თავად ქრისტე და აუწყა – დაემზადებინათ განსაკუთრებული, ჯვრიანი დროშა და მეომართა ფარებსა და მუზარადებზეც ჯვრები გამოესახათ. კონსტანტინემ ბრძანა – გრძელი შუბის ტარზე გადაეჯვარედინებინათ ჯოხი და მასზე მიემაგრებინათ დროშა, რომელსაც დაამშვენებდა ძვირფასთვლებიანი გვირგვინი ქრისტეს მონოგრამით. ამასობაში მან უხმო ქრისტიანებს და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისი ხილვა. მათ უპასუხეს, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთის მხოლოდშობილი ძეა, ჯვარი – სიმბოლო უკვდავებისა და ნიშანი სიკვდილზე გამარჯვებისა, რაც მაცხოვარმა აღასრულა ამა სოფლად მოვლინების დროს. კონსტანტინეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ძილში ნანახმაც და მორწმუნეთა გამარტებამაც. ამ დროიდან მან დაიწყო ჭეშმარიტი ღმერთის პატივისცემა და წმინდა წერილის შესწავლა, ხოლო ეს დროშა, რომელსაც ლაბარუმი ეწოდება, ყველა ლაშქრობაში განუყრელად თან ახლდა კონსტანტინეს.

ცხოველმყოფელი ჯვრის ძალით კონსტანტინემ ზედიზედ დაამარცხა მაქსენციუსის ლაშქარი და რომს მიადგა, სადაც კვლავ მოწინააღმდეგეთა რაზმები დახვდნენ. ბრძოლა მალვიის ხიდზე გაიმართა. კონსტანტინემ საბოლოოდ დაამარცხა მტერი. მაქსენციუსმა სცადა, გაქცევით გადაერჩინა თავი, მაგრამ მდინარე ტიბრში დაიხრჩო. გამარჯვებული კონსტანტინე ტრიუმფით შევიდა რომში... მას უკვე შეგნებული ჰქონდა, რომ ეს გამარჯვება ღვთის შეწევნით ებოძა და ქალაქის შუაგულში წმინდა დროშის აღმართვის განკარგულება გასცა. მოგვიანებით, როდესაც მისი ქანდაკება დადგეს, მისივე ბრძანებით მარჯვენა ხელში დააჭერინეს ჯვარი და წააწერეს: „ამ მაცხონებელი ნიშნით ვიხსენი და განვათავისუფლე თქვენი ქალაქი ტირანის უღლისგან“.

ამ მოვლენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 313 წლის დასაწყისში, კონსტანტინემ თავისი დისა და ლიცინიუსის ქორწილზე, მილანში, დაიყოლია ეს უკანასკნელი – მასთან ერთად ხელი მოეწერა ედიქტისთვის, რომლის თანახმად ქრისტიანებს ენიჭებოდათ უფლება თავიანთი სარწმუნოების აღიარებისა და უბრუნდებოდათ ყველაფერი, რაც დევნის დროს ჩამოერთვათ... ლიცინიუსმა არცთუ დიდი ხალისით მოაწერა ხელი ამ განკარგულებას, რადგან ქრისტიანები ეჯავრებოდა, მაგრამ კონსტანტინესთან დაპირისპირებას მოერიდა. ედიქტი გაუგზავნეს მაქსიმინესაც და სთხოვეს ხელმოწერა, მაგრამ მან უარი განაცხადა და თავის ოლქებში ქრისტიანების დევნა განაგრძო. მისი ძალაუფლების აღსასრული კი ახლოვდებოდა!

313 წელს ჰელიოპოლისის მახლობლად გაჩაღდა ომი ლიცინიუსსა და მაქსიმინეს შორის და ეს უკანასკნელი დამარცხდა. განრისხებულმა სიკვდილით დასაჯა ქურუმები და ჯადოქრები, რომლებმაც გამარჯვება უწინასწარმეტყველეს და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტა ბრძანა. ამ მოვლენებიდან მალევე გამარჯვებული ლიცინიუსისგან დევნილი და შევიწროებული მაქსიმინე ქალაქ ტარსოსში გამაგრდა და გამოსცა ედიქტი, რომლის თანახმად ქრისტიანებს სრული უფლება ეძლეოდათ თავიანთი რწმენის აღიარებისა. შეიქმნა ვითარება, როდესაც ხელისუფალნი ერთმანეთს ასწრებდნენ ქრისტიანთა კეთილგანწყობის მოპოვებას, მაგრამ უფალმა არ გამოიჩინა მოწყალება თავისი სასტიკი მდევნელის მიმართ, რომელიც მხოლოდ შიშის გამო გახდა „სამართლიანი“. მაქსიმინეს საშინელი სასჯელი ელოდა...

მტრის მიერ ალყაშემორტყმული იმპერატორი სასოწარკვეთილებამ მოიცვა. ზოგი ვარაუდით, მან თავი მოიწამლა, რომ მტერს ხელთ არ ჩავარდნოდა. შხამმა საშინელი, მტანჯველი ტკივილები აღუძრა, მოგიზგიზე ცეცხლი უწვავდა შიგნეულობას. ტანჯვითა და სინდისის ქენჯნით გათანგულმა წარმოიდგინა, რომ უკვე უფლის სამსჯავროზე წარდგა და ქრისტიანებისადმი თავისი სისასტიკის გამო ეწამება ასე. იგი შეძრწუნებული ყვიროდა: „მე არა, მე არ ჩამიდენია, სხვებმა მოიმოქმედეს“. ზოგჯერ დანაშაულის გრძნობით შეპყრობილი მაღალ ღმერთს მიტევებას ევედრებოდა. იგი გარდაიცვალა 313 წელს. ხოლო დევნა, რომელიც ათ წელიწადს გრძელდებოდა, ცოტა ხნით ადრე შეწყდა...

ლიცინიუსმა გამარჯვების შემდგომ ამოხოცა მაქსიმინეს, გალერიუსისა და სევერუსის შვილები, რადგან ეშინოდა, მათ ტახტის ხელში ჩაგდება არ ეცადათ. დიოკლეტიანე ამ მოვლენებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის ბოლო წლები მწუხარებით იყო აღსავსე. ცოლი და ასული ლიცინიუსის ხელთ იყვნენ, რომელიც მათ სასტიკად ეპყრობოდა და ბოლოს დახოცა. თვითონ ხანგრძლივი და გამომფიტავი სნეულებით იტანჯებოდა. კონსტანტინეს აღზევებამ ის საბოლოოდ გატეხა. ზოგი მწერალი ამტკიცებს, რომ მან შიმშილით მოიკლა თავი.

313 წლიდან ძალაუფლება კონსტანტინესა და ლიცინიუსის ხელში გადავიდა. პირველი მათგანი იმპერიის დასავლეთ ოლქებს მართავდა, მეორე – აღმოსავლეთს.

 

 

[1] წიგნის მოცულობა საშუალებას არ გვაძლევს, დაწვრილებით ვისუბროთ წმინდანთა შესახებ. მათზე ვრცლად არის მოთხრობილი წმინდანთა ცხოვრებებში. ქართულ ენაზე რამდენიმე ასეთი გამოცემა არსებობს. – მთ. შენ.

[2] Actes des Martyes de Ruinart; Actes de St. Saturnin, St. Datif et autres martyrs d’Afrique. v. II. ხ. 276.

[3] ადრიანეს ეპოქიდან იერუსალიმს ეწოდებოდა ელია და წარმართები მას ამ სახელით იცნობდნენ.

[4] ომის ღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში.

 

 

    

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა