martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 3

პირველმოწამე სტეფანეს აღსასრული. ეკლესიის ზრდა.

 

უკვე აღვნიშნეთ, რომ მორწმუნეები თავიანთ ქონებას ყიდდნენ და საფასურს აბარებდნენ მოციქულებს, რომლებიც ამ საერთო მონაგებიდან თითოეულს აძლევდნენ იმდენს, რამდენიც მას სჭირდებოდა. მოციქულები შეძლებისამებრ იცავდნენ სამართლიანობას, მაგრამ ძმობის გაფართოებასთან ერთად ეს საქმეც თანდათანობით რთულდებოდა და მძიმდებოდა. დაიწყო დრტვინვა ელინ ებრაელებში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ ქვრივებს ნაკლებ შემწეობას აძლევდნენ. ელინ ებრაელებს უწოდებდნენ იუდეური რჯულისა და წარმომავლობის პირებს, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობდნენ სხვა ქვეყნებში და ლაპარაკობდნენ ბერძნულად. ნამდვილი იუდეველები მათ ერთგვარი ამრეზით უყურებდნენ, განსაკუთრებით ემტერებოდნენ იმიტომ, რომ ელინი ებრაელები წმინდა წერილის ბერძნულ თარგმანს იყენებდნენ და მას ებრაულ ენაზე, დედანში, არ კითხულობდნენ.

როდესაც ელინი ებრაელების დრტვინვის შესახებ შეიტყვეს, მოციქულებმა მოიწვიეს მოწაფეები და მთელ კრებულს შესთავაზეს, აერჩიათ თავიანთ შორის შვიდი სანდო ადამიანი, რომელთაც დაავალებდნენ შემწეობის დარიგებას. ამით მოციქულები თავისუფლდებოდნენ და შეძლებდნენ, მთლიანად ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის მიეძღვნათ თავი. ყველამ მოიწონა ეს წინადადება და მორწმუნეებიდან აირჩიეს შვიდი კაცი, რომელთა სახელებიც მიუთითებენ, რომ ისინი ყველა ელინური[1] წარმომავლობისა იყვნენ. აი, ეს სახელები: სტეფანე, ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონა, პარმენა და ნიკოლაოსი. ყველა მათგანი მართალი და მტკიცე რწმენის ადამიანი იყო. ისინი წარადგინეს მოციქულთა წინაშე, რომლებმაც ილოცეს და მათ ხელნი დაასხეს, უწოდეს დიაკვნები და დაავალეს შემწეობის დარიგება. შემდგომ ჩანს, რომ მათ ჰქონდათ უფლება, ექადაგათ ღვთის სიტყვა და მოენათლათ ისინი, ვინც ქრისტე ირწმუნა.

განსაკუთრებით დიად ნიშებსა და სასწაულებს იქმოდა რწმენით აღვსილი სტეფანე, რაც სარწმუნოების გავრცელებას უწყობდა ხელს. მისი ძალისხმევით ბევრი იუდეველი მღვდელიც კი მოიქცა, რამაც სხვათა უდიდესი რისხვა გამოიწვია – სინაგოგებში, სადაც სალოცავად და წმინდა წერილის მოსასმენად იკრიბებოდნენ და რჯულსაც განმარტავდნენ, გაჩაღდა ცხარე დავა ახალი სწავლების თაობაზე. სინაგოგები არსებობდა ყველაზე უმნიშვნელო ქალაქებშიც კი, ხოლო იერუსალიმში მათი რაოდენობა ხუთასს აღწევდა; მათ შორის იყო კვირინელთა, ალექსანდრიელთა, კილიკიელთა, მცირე აზიის იუდეველთა, ლიბერტინელთა[2] სინაგოგებიც (იხ. საქმე 6,9).

ერთ-ერთ ასეთ სინაგოგაში დაუწყეს დავა სტეფანეს, რომელიც ისეთი უდიდესი შემართებით იცავდა ქრისტეს სწავლებას, რომ მტრებმა ვერ შეძლეს „წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი“ (საქმე 6,10). რაკი ვერ მოახერხეს მისი დამარცხება, ცილისწამებას მიმართეს; იპოვეს ცრუ მოწმეები, დაარიგეს – ეთქვათ, თითქოს მოისმინეს, სტეფანე როგორ გმობდა რჯულს. მათი სიტყვებით: „გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან დაარღვიოს ადგილი ესე და ცვალოს სჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე“ (საქმე 6,14). ამან ძლიერ აღაშფოთა უხუცესნი, მწიგნობარნი და თავად ხალხიც, რომელიც ძალიან უფრთხილდებოდა თავის რჯულს. მათ შეიპყრეს სტეფანე და სინედრიონში მიიყვანეს.

ყველამ სტეფანეს მიაპყრო მზერა – იგი მშვიდად იყო, რაკი უფლის სულმა განამტკიცა და თავისი ნათლით გააცისკროვნა.

– ეს სიმართლეა? – ჰკითხა მას მღვდელთმოძღვარმა.

ნაცვლად იმისა, რომ თავი დაეცვა, სტეფანემ უამბო იუდეველთა გადარჩენის საღვთო განგებულების შესახებ. შეახსენა ღმერთის მიერ აბრამისთვის მიცემული აღთქმა, რჩეული ერის ეგვიპტიდან სასწაულებრივად გამოყვანა, სინას მთაზე მიცემული რჯული; ამხილა ისრაიტელთა ურჩობა, რომლებიც ივიწყებდნენ ღმერთს და მის წინასწარმეტყველებს ქვებით ქოლავდნენ. სიტყვის დასასრულს გულისწყრომით აღვსილმა სტეფანემ შესძახა: „ქედ-ფიცხელნო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნიმე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვიდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომლისა-იგი აწ თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით, რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ“ (საქმე 7,51-53).

თავიდან მშვიდად უსმენდნენ, მაგრამ უკანასკნელ სიტყვებზე მსმენელებს ბრაზისაგან თვალთ დაუბნელდათ – ისინი კბილებალესილნი იწევდნენ სტეფანეზე, ის კი, სულიწმიდით გაძლიერებული, მშვიდად იდგა. შემდეგ ახედა ცას, მის მზერას საოცარი ხილვა წარმოუდგა და სიხარულით შესძახა: „აჰა ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა“ (საქმე 7,56).

აქ დამსწრეთ უკვე ვეღარ შეიკავეს აღშფოთება, ყურები დაიცვეს, ყვირილით ეცნენ სტეფანეს და ქალაქგარეთ გაათრიეს, რათა ქვებით ჩაექოლათ, როგორც ღვთისმგმობი.

სტეფანეს მოწინააღმდეგეთა შორის ერია ერთი ყმაწვილი, სახელად სავლე, ტარსოსის[3] მკვიდრი და რომის მოქალაქე. იგი გამალიელმა აღზარდა ფარისეველთა მკაცრი კანონების მიხედვით. სავლეს მგზნებარე სულს უკიდურესად სძულდა ქრისტეს სწავლება და მორწმუნეთა დევნა ღვთისსათნო საქმედ მიაჩნდა. სტეფანეს სიტყვები მან საშინელ მკრეხელობად ჩათვალა და დაუფარავად მიემხრო მის მოკვლას. რჯულის თანახმად, პირველად მოწმეებს უნდა ესროლათ ქვები მსჯავრდებულისთვის; მათ ზედა სამოსი გაიხადეს და სავლეს ფერხთით დააწყეს. სანამ ისინი თავიანთ სასტიკ საქმეს ასრულებდნენ, სავლე ამ ტანსაცმელს სდარაჯობდა. სტეფანეს ქვები დაუშინეს, ის კი ლოცულობდა და ღაღადებდა: „უფალო, შეივედრე სული ჩემი!“; შემდეგ მუხლი მოიდრიკა და დასძინა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას!“ ამ სიტყვების შემდგომ პირველმოწამე აღესრულა. მორწმუნეებმა იგი დაკრძალეს და დიდად იგლოვეს.

იუდეველთა მთავრები ვერ დააშოშმინა ვერც სტეფანეს სიკვდილმა, ვერც მისმა მხნეობამ და სიკვდილისწინა ლოცვამ თავის მტრებზე. დევნა დღითიდღე ძლიერდებოდა... მაგრამ შეცდნენ ისინი, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ამით ღვთის სიტყვის გავრცელებას აღკვეთდნენ.

ნება უფლისა აღესრულება, მიუხედავად ყოველგვარი ადამიანური ძალისხმევისა; ღმერთი თავისი ნებისაებრ წარმართავს მოვლენებს და მათ კეთილი განზრახვის აღსასრულებლად იყენებს. ქრისტეს მტრებს ეგონათ, რომ დევნა ახალი სწავლების წარმატებას დააბრკოლებდა, მაგრამ პირიქით მოხდა – მან სარწმუნოების გავრცელებას შეუწყო ხელი. აქამდე სახარებას მხოლოდ იერუსალიმში ქადაგებდნენ; როდესაც მორწმუნეებს დევნა დაუწყეს და საპყრობილეებში ჩაყარეს, ყველამ, გარდა მოციქულებისა, დატოვა იერუსალიმი. ისინი სხვადასხვა ქალაქში გაიფანტნენ და უფლის სიტყვის ქადაგებას მიჰყვეს ხელი.

ფილიპე, შვიდი დიაკონიდან ერთ-ერთი, სამარიაში ჩავიდა. იუდეველებსა და სამარიტელებს შორის დიდი ხნის მტრობა არსებობდა, რაკი მათი რჯული ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებოდა. ასურეთის მეფისგან ისრაელის სამეფოს დაშლის შემდგომ სამარიაში დასახლდნენ ბაბილონიდან და სხვა ადგილებიდან მოსული წარმართები (იხ. 4 მეფ. 17,24). აქ მათ მოსეს რჯული მიიღეს სამარიტელებისგან, რომლებიც წმინდა წერილად აღიარებდნენ მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეულს, დანარჩენს კი უარყოფდნენ. როდესაც იუდეველები ტყვეობიდან დაბრუნდნენ და ტაძრის განახლებას შეუდგნენ, სამარიტელებმა ამ საქმეში თავიანთი მონაწილეობა შესთავაზეს, მაგრამ იუდეველებმა დახმარებაზე უარი თქვეს. სამარიტელებმაც ყოველნაირად იწყეს მათთვის ხელის შეშლა (იხ. ეზრ. 4,1); შემდგომ კი თავისთვის გარიზიმის მთაზე ააშენეს ტაძარი, რომელიც დაანგრია იუდეველთა მმართველმა და მღვდელთმოძღვარმა იოანე გირკანმა. ამ მიზეზებმა აღძრა მათ შორის შეურიგებელი მტრობა. იუდეველს სამარიტელი წარმართზე უარესად მიაჩნდა – მასთან ერთად საჭმელს არ ჭამდა; არც სამარიტელს სიამოვნებდა, როცა იუდეველი მათ დასახლებას გაივლიდა.

უფალმა თავის მოწაფეებს სამარიაში ქადაგებაც უბრძანა. ფილიპეს სიტყვებს სასწაულები თან სდევდა. სამარიტელებმა სიხარულით მოისმინეს უწყება გადარჩენის შესახებ და მრავალი მათგანი მოინათლა. მათ რიცხვში იყო კაცი, სახელად სიმონი, რომელიც სამარიტელებს გრძნეულებით განაცვიფრებდა და ამით ძალიან ამაყობდა. ბევრს სჯეროდა, რომ იგი იყო „ძალი ღმრთისაჲ დიდი“. ფილიპეს მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა სიმონი დაარწმუნა, მონათლულიყო. მაგრამ შემდგომი მოვლენებიდან ჩანს, რომ ქრისტეს სწავლებამ მის გულში ვერ შეაღწია.

როდესაც იერუსალიმში შეიტყვეს, რომ სამარიტელებმა შეიწყნარეს ქრისტე, მაშინვე მოციქულებმა მათთან პეტრე და იოანე გაგზავნეს. სამარიტელები მხოლოდ უფალ იესოს სახელით მოინათლნენ და მათზე სულიწმიდა ჯერ არ იყო გადმოსული. ამიტომ მოციქულებმა მისვლისთანავე ილოცეს, ხელნი დაასხეს და მათაც მიიღეს სულიწმიდა. ეს რომ სიმონ მოგვმა იხილა, განიზრახა სასწაულთქმედების ნიჭის ყიდვა მოციქულებისაგან. შესთავაზა მათ ფული და უთხრა: „მომეცით მეცა ხელმწიფებაჲ ესე, რაჲთა რომელსაცა დავასხნე ხელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ“ (საქმე 8,19); მაგრამ პეტრემ მიუგო: „ვეცხლი ეგე შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკვიდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა. შეინანე უკუე უკეთურებისა ამისგან შენისა და ევედრე უფალსა, მი-ხოლო თუ-გეტეოს შენ უსჯულოებაჲ ეგე გულისა შენისაჲ“ (საქმე 8,20-22). სიმონმა თავი მოაჩვენა, თითქოს შეინანა და მოციქულებს შეევედრა, მისთვისაც ელოცათ. მაგრამ მას ნათლისღება სუფთა გულითა და რწმენით არ მიუღია, მხოლოდ პატივმოყვარეობა ამოძრავებდა. შემდგომში მან თავისი ცრუ სწავლებითა და მოჩვენებითი სასწაულებით მრავალს აუბნია თავგზა და ბევრი მოწაფეც მიიზიდა. სიმონია, რაც სამღვდელო ხარისხის ფულზე გაყიდვას ეწოდება, მის სახელთან არის დაკავშირებული.

პეტრე და იოანე იერუსალიმში დაბრუნდნენ; გზად, სამარიტელთა დაბებში, სახარება იქადაგეს. ფილიპეს კი უფალმა ანგელოზის პირით უბრძანა ღაზასკენ მიმავალ გზას დასდგომოდა. ეს ქალაქი სამარიის სახრეთით, ზღვასთან ახლოს, მდებარეობდა. ფილიპემ მორჩილად შეასრულა ბრძანება და იმავე გზაზე იერუსალიმში მიმავალი ეთიოპიელი დიდებულის გადარჩენის იარაღი შეიქნა. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ იმ დროს მრავალი უცხოტომელი აღიარებდა მოსეს რჯულს. ერთ-ერთი მათგანი იყო ხსენებული დიდებულიც, ეთიოპიის დედოფალ კანდაკეს საუნჯის მცველი. იგი ეტლში იჯდა და წმინდა წერილს კითხულობდა, როდესაც სულიწმიდამ შთააგონა ფილიპეს, მისულიყო მასთან და ეკითხა, ესმოდა თუ არა წანაკითხი. დიდებულმა ფილიპეს ეტლში ასვლა და მასთან დაჯდომა სთხოვა, რათა წმინდა წერილიდან მისთვის გაუგებარი ადგილი განემარტა. ეს იყო ესაიას წინასწარმეტყველება მაცხოვრის შესახებ: „ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგუარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლითა მისითა სასჯელი მისი მიეღო. ხოლო თესლტომი მისი ვინ-მე მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხორებაჲ მისი“ (საქმე 8,32-33).

– „ვისთვის იტყვის წინაჲსწარმეტყუელი ამას, თავისა თვისისათვის, ანუ სხვისა ვისთვისმე?“ – ჰკითხა დიდებულმა.

ფილიპემ ამ წინასწარმეტყველების მიხედვით იწყო ქრისტეზე ქადაგება. სულიწმიდით შთაგონებული მისი სიტყვები დამაჯერებლად ჟღერდა და ჩანს, დიდებულის გულიც მზად იყო ჭეშმარიტების მისაღებად. ჩვენ ვხედავთ, რომ იგი სწავლობდა წმინდა წერილს, თავმდაბლად ითხოვდა დახმარებასა და განმარტებას, და უფალმაც ეს ადამიანი ეკლესიას შემოუერთა. როდესაც მდინარეს მიადგნენ, დიდებულმა ფილიპეს უთხრა: „აჰა წყალი, რაჲღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად?“.

– „გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ-არს“ – მიუგო ფილიპემ.

– „მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე“ – უპასუხა დიდებულმა.

შემდეგ მანვე ბრძანა, გაეჩერებინათ ეტლი, ჩავიდა მდინარეში და ნათელ-იღო ფილიპესგან (იხ. საქმე 8,34-37). ეს უკანასკნელი ამის შემდგომ მაშინვე წარიტაცა ანგელოზმა, ხოლო წყლიდან ამოსულმა დიდებულმა გზა სიხარულით გააგრძელა. უნდა ვიფიქროთ, რომ სამშობლოში დაბრუნებისას თავადაც ახარებდა თანამოქალაქეებსა და მეგობრებს ქრისტეს შესახებ. ამრიგად, ქრისტეს მტრების მხრიდან დევნისა და ძალისხმევის მიუხედავად ღვთის სიტყვამ მაინც მიაღწია შორეულ ქვეყნებამდე, რათა კაცთათვის მიეტანა მშვიდობა, სიხარული და ესწავლებინა ჭეშმარიტი სარწმუნოება.

ფილიპე უეცრად აღმოჩნდა პალესტინაში, ქალაქ აზოტოსში, საიდანაც გაემართა კესარიაში და გზად მგზნებარედ ქადაგებდა სახარებას. იგი ოჯახთან ერთად კესარიაში დასახლდა; წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ ნახსენებია წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებული მისი ოთხი ასული.

დევნის გამო მიმოფანტულ მორწმუნეთაგან ზოგიერთი ქადაგებდა ფინიკიაში და სირიის დედაქალაქ ანტიოქიაში.

აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანული ეკლესიის არსებობის პირველივე დღეებიდან ქრისტეს მაღიარებელნი მორწმუნეთა კრებულს ნათლისღებით უერთდებოდნენ. წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ ნახსენებია სარწმუნოების აღიარება ნათლისღების წინ. „მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე“ – ასე აღიარებს ეთიოპიელი დიდებული. ამ საიდუმლოს აღსასრულებლად აუცილებელი იყო ქრისტეს რწმენა და ცოდვათა შენანება. „შეინანეთ და ნათელ-იღენ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა“ – ეუბნებოდა პეტრე სულთმოფენობის დღეს იუდეველებს; ჩვენთან ჩვილთა ნათილსღების დროს სარწმუნოების სიმბოლოს ახალშობილის ნაცვლად წარმოთქვამს მიმქმელი (ნათლია).

ეკლესიის საქმეებს მორწმუნეთა კრება აგვარებდა; საეკლესიო ხარისხში აყვანა ხდებოდა მოციქულთა მიერ ხელდასხმით, რომელთაც საამისო უფლება მაცხოვრისგან ებოძათ. ყველაფერი კეთდებოდა ლოცვით, სუფევდა სიმშვიდის, თანხმობისა და სიყვარულის სული. პურის განტეხა, ანუ უფლის სერობა, სიხარულითა და მადლიერებით აღესრულებოდა. შემდგომ მორწმუნეთა შესაწირიდან საერთო ტრაპეზი ეწყობოდა, რომელსაც აღაპეს ანუ სიყვარულის სერობას უწოდებდნენ. ამ დროს საკვების მიღება შეეძლო განურჩევლად ყველას.

ნუთუ საჭიროა, ჩვენს მკითხველს მივუთითოთ, თუ როგორ სასწაულებრივად შეცვალა სულიწმიდის მადლმა მორწმუნეთა გულები?! უმეცარი და გაუბედავი ადამიანებისგან მან შექმნა ბრძენი, უშიშარი მქადაგებლები და ჭეშმარიტების უდრეკი დამმოწმებლები. სამსჯავროს წინაშე თუ სიკვდილის პირისპირ მდგომნი, ისინი უფლის ბრძანებისამებრ, უშიშრად აღიარებდნენ ქრისტეს. მათი გულები სიყვარულით, მოწყალებითა და სიხარულით იყო აღსავსე. ეს გრძნობები მუდამ აისახებოდა ლოცვებსა და საქმიანობაში. სულიწმიდა მორწმუნეებს სასწაულმოქმედების ძალას გადასცემდა, რათა მისი გავლენით ერწმუნათ წარმართებს ქრისტე. სულიწმიდის მყოფობა მორწმუნის ყველა მოქმედებასა თუ მის მთელს ცხოვრებაში ვლინდებოდა მაშინაც და ვლინდება ახლაც. იგი შთააგონებს ქრისტიანს მხურვალე სიყვარულს ღვთისა და მოყვასისადმი, სიმშვიდეს, მოთმინებას, სიმტკიცეს და უფლის სადიდებლად დაუღალავ მოღვაწეობას. ჩვენ ყოველდღე ვევედრებით ზეციურ მამას, მოგვმადლოს სულიწმიდა, რომლის მინიჭებაც მან აღუთქვა ყველას, ვინც ამას რწმენით შესთხოვდა.

მაგრამ ბაგეებით ლოცვისას განა გულითაც ვლოცულობთ?! გვაქვს კი შინაგანად გაცნობიერებული, რომ სულიწმიდის მადლი ყველაზე აუცილებელი და უძვირფასესი ნიჭია და მის გარეშე ღმერთთან მიახლოებას ვერ შევძლებთ?! უფალი გულთამხილველია, ყოველივე უწყის და ხედავს, რაოდენ გულგრილად და უგრძნობლად ვთხოვთ მას ამ ნიჭს, და როგორ მხურვალედ გვწადია მიწიერ სიკეთეთა მიღება. უფალო, შენი სიყვარულით გაათბე და განაცხოველე გულნი ჩვენნი; მოგვეც ნიჭი ლოცვისა და ისმინე ვედრება ჩვენი!

 

 

[1] ელინი ნიშნავს წარმოშობით ბერძენს, მაგრამ იუდეველები ამ სახელს ზოგადად ყველა წარმართს უწოდებდნენ.

[2] სავარაუდოდ, ასე უწოდებდნენ მონობიდან განთავისუფლებულ რომაელ იუდეველებს.

[3] კილიკიის დედაქალაქი

 

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა