martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 26

მეშვიდე დევნა. ალექსანდრიის, მცირე აზიისა და სხვა მხარეთა მოწამენი.

 

მაქსიმინეს დროინდელი დევნის შესახებ ფრიად მწირი ცნობები შემოინახა. იგი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან თავისი სისასტიკით ყველასთვის საძულველი იმპერატორი მოკლეს და ეკლესიაშიც ისევ დაისადგურა სიმშვიდემ. მაქსიმინეს მემკვიდრენი ქრისტიანებს არ სდევნიდნენ – მათთვის არ ეცალათ. რომის იმპერიას ყოველი მხრიდან განსაცდელი ემუქრებოდა და ისიც აშკარად სუსტდებოდა: კანონებს არავინ იცავდა, მეომრები საიმპერატორო ტახტს ფულით ეპატრონებოდნენ. ბარბაროსი ერები ამ არეულობით სარგებლობდნენ და ოლქებს პირწმინდად ძარცვავდნენ, ისინი მიხვდნენ რომის იმპერიის დაუძლურებას და აღარ ეშინოდათ მისი. აღმოსავლეთში დაახლოებით 230 წლიდან შეიქმნა ახალი ძლიერი სამეფო – სპარსეთი, რომელიც ემუქრებოდა რომს და ხშირადაც ავიწროებდა აზიის ოლქებს. ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას ქრისტიანები თითქმის დაავიწყდა. რომის იმპერატორი, ფილიპე (244-249 წწ.), იმდენად კეთილად იყო მათდამი განწყობილი, რომ ზოგიერთი მწერალი მას ქრისტიანადაც კი თვლიდა. მაგრამ ამ ვარაუდს ეწინააღმდეგება შემდეგი ფაქტი: მან წარმართული ზეიმით აღნიშნა რომის დაარსებიდან მეათასე წელი, რასაც ქრისტიანი არ ჩაიდენდა.

როგორ იყენებდნენ ქრისტიანები სიმშვიდის ამ ხანას? როგორც ვნახეთ, ეს იყო ეკლესიის მამათა და მწერალთა უაღრესად ნაყოფიერი მოღვაწეობის ჟამი. ისინი ამხელდნენ ცრუსწავლებებს, მოძღვრავდნენ თავიანთი სამწყსოს, ზრუნავდნენ სარწმუნოების გასავრცელებლად შორეულ ქვეყნებში. დაახლოებით ამ დროს მიმოიარეს გალია მოშურნე მქადაგებლებმა. ერთმა მათგანმა, დიონისემ (იგივე წმინდა დენისმა), ეკლესია დააფუძნა პარიზში, რომელიც მაშინ უმნიშვნელო ქალაქი იყო. მრავალმა წარმართმა სწავლულმა და ფილოსოფოსმა შეიცნო სახარების ჭეშმარიტება და შემდგომ გულმოდგინედ ემსახურა უფალს.

ყველა ამ სანუგეშო მოვლენასთან ერთად, უნდა ითქვას ისიც, რომ ქრისტიანული საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაივიწყა უწინდელი ღვთისმოსაობა. როდესაც ყოველდღე ემუქრებოდათ საფრთხე და ელოდნენ სიკვდილს, მაშინ ქრისტიანები თავს ამა სოფლის მწირებად თვლიდნენ და მიწიერი სიკეთეები არად უღირდათ. ისინი ხალისით თმობდნენ საკუთარ სიცოცხლეს, მთელი სულით მიილტვოდნენ ზეციური სამშობლოსკენ და მხოლოდ იქ ელოდნენ სიმშვიდესა და სიხარულს.

მაგრამ ხანგრძლივი უსაფრთხოების პირობებში ქრისტიანებმა შეიძინეს მიწები, ქონება, ხელი მიჰყვეს ვაჭრობას. ამ მოვლენების თანამედროვე დიდი მღვდელთმთავარი, წმინდა კვიპრიანე, დამწუხრებული გადმოგვცემს, რომ ქრისტიანთა ცოლები ზრუნავდნენ ჩაცმა-დახურვაზე, იცხებდნენ ფერ-უმარილს, ესწრებოდნენ წარმართთა გართობებს; რომ განელდა მოყვასისადმი სიყვარული, ეკლესიის მსახურნიც კი უგულებელყოფდნენ თავიანთ მოვალეობებს და ქონების დაგროვებით იყვნენ დაკავებულნი.

მაგრამ ქრისტიანებს ელოდათ მკაცრი გამოცდა, რომელმაც გამოაღვიძა მათი მოშურნეობა და შეახსენა დავიწყებული უფალი. იმპერატორ ფილიპეს სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ალექსანდრიაში ვიღაც წარმართმა სწავლულმა დაარწმუნა ხალხი, რომ ქრისტიანთა ჟლეტა ღმერთებისთვის სათნო, განმწმენდი მსხვერპლი იქნებოდა; და ბრბოც გააფთრებით დაერია მათ – ქოლავდნენ ქვებით, უცვივდებოდნენ სახლებში, იტაცებდნენ მათ ქონებას, არ აკლებდნენ ლანძღვა-გინებასა და ცემას. ამ მძიმე განსაცდელმა ბევრი უფლის ერთგული მსახური გამოავლინა. მოხუცმა სერაპიონმა, პრესვიტერმა მეტრამ და ორმა დედაკაცმა – კვინტამ და აპოლონიამ, საშინელ გვემას გაუძლეს. ისინი უფლის ერთგულნი დარჩნენ და მოწამებრივი სიკვდილით აღესრულნენ.

ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ საიმპერატორო ტახტზე ავიდა დეციუსი. მალა ოლქებში გავრცელდა მისი ბრძანებაც: სიკვდილით დაესაჯათ ყველა ქრისტიანი, ვინც არ განუდგებოდა თავის სარწმუნოებას! დეციუსს ეგონა, რომ ამით მოიგებდა ღმერთების გულს და თავიდან აიცილებდა განსაცდელს, რაც იმპერიას ემუქრებოდა. ასე დაიწყო ქრისტიანთა მეშვიდე დევნა...

ამ ბრძანებამ ქრისტიანები ააფორიაქა და შეაძრწუნა. უმრავლესობას მიწიერი სიამენი ღმერთზე მეტად შეჰყვარებოდა და უჭირდა მათი დათმობა, თან სიკვდილისა ეშინოდა. ჭეშმარიტი მორწმუნეები კი ნაღვლიანად შესცქეროდნენ, თუ როგორ მიიჩქაროდნენ ქრისტიანები სამსჯავროსა და წარმართული ბომონებისკენ, რათა დაეგმოთ ქრისტე და შეეწირათ მსხვერპლი კერპებისთვის. ბევრი გამოძახებასაც არ უცდიდა და მანამდე მირბოდა. ერთხელ მსაჯულები იძულებულებიც კი გახდნენ, მეორე დღისთვის მოეხმოთ ისინი, რადგან ვეღარ ასწრებდნენ განდგომილთა მოსმენას. ზოგიერთი ქრისტიანი ყიდულობდა წერილობით მოწმობას, ვითომ წარმართული რიტუალი აღასრულა და ამ სულმოკლეობითა და თაღლითობით ინარჩუნებდა სიცოცხლეს.

მაშინ ალექსანდრიის ეპისკოპოსი იყო ღვთისმოსაობით ცნობილი დიონისე. იგი ალექსანდრიის სასწავლებლებს ედგა სათავეში, როდესაც ორიგენეს მოწაფე ჰერაკლასი ეპისკოპოსად აირჩიეს. მისი სიკვდილის შემდგომ დიონისემ დაიკავა ეპისკოპოსის კათედრა და ეკლესიის ისტორიაში შევიდა დიონისე დიდის სახელით. მან ანტიოქიის ეპისკოპოსისადმი მიწერილ წერილში აღწერა, თუ რა გამოიწვია დეციუსის ბრძანებამ ალექსანდრიაში: „ყველა შიშისაგან ძრწოდა. დიდგვაროვანთაგან ბევრი დამფრთხალი თავადვე მიიჩქაროდა სამსჯავროსკენ [ქრისტეს] დასაგმობად. დაიძახებდნენ თუ არა მოსულთა სახელებს, ისინიც სწრაფად უახლოვდებოდნენ უწმინდურ სამსხვერპლოს. ბევრი გაფითრებული იყო და ისე ცახცახებდა, თითქოს მსხვერპლად მასვე სწირავდნენ. გარსშემოკრებილი ბრბო დასცინოდა მათ, რომელთაც სახეზე ეწერათ შიში სიკვდილისა და მსხვერპლშეწირვის შესრულებისა. ზოგიერთები სამსხვერპლოსთან ნაჩქარევად მიდიოდნენ, რითაც სურდათ დაემტკიცებინათ, რომ არასდროს ყოფილან ქრისტიანები; ზოგი გაიქცა... დატყვევებულთაგან ზოგი არ შედრკა საპყრობილეში ჩაგდებამდე, შემდგომ მათაც უღალატა ნებისყოფამ. იყვნენ ისეთებიც, ვინც ბოლომდე ვერ გაუძლო წამებას. მაგრამ ბევრი თავად ღმერთმა გაამხნევა და მათი რწმენის შესაფერისი ძალა მიანიჭა – ისინი ქრისტეს სასწაულებრივ მოწმეებად დარჩნენ“.

მათგან პირველი იყო იულიანე. იგი ნიკრისის ქარით იყო ავად – არც დგომა შეეძლო და არც სიარული, ამიტომ სამსჯავროზე მიიყვანა ორმა ქრისტიანმა, რომელთაგან ერთი მაშინვე განუდგა ქრისტეს. მეორე, რომელსაც ქრონიონ კეთილისმყოფელს ეძახდნენ, და მოხუცი იულიანე არ შედრკნენ და არ უღალატეს ქრისტეს, რისთვისაც ისინი აქლემზე შესვეს და მთელი ქალაქი მოატარეს, შემდეგ სასტიკად სცემეს და მრავალრიცხოვანი ბრბოს თვალწინ კოცონზე დაწვეს. ერთმა ჯარისკაცმა სცადა მათი დაცვა. მაგრამ გაავებულმა ხალხმა ისიც მოკლა. დაწვეს ერთი აფრიკელი, სახელად მეკარი. ხანგრძლივი ტყვეობისა და წამების შემდეგ ასევე ცეცხლს მისცეს ეპიმაქე, ალექსანდრე და მათთან ერთად რამდენიმე დედაკაცი. სხვა ქრისტიანებთან ერთად სამსჯავროზე მიიყვანეს თხუთმეტი წლის ყმაწვილი, სახელად დიოსკორე, რომელმაც ყველა განაცვიფრა სიბრძნითა და სიმამაცით. მრავალმა მეომარმა თამამად აღიარა ქრისტე და ისინიც მახვილით განგმირეს. ზოგმა ქრისტიანმა მთებსა და უკაცრიელ ადგილებს შეაფარა თავი და შიმშილში, სიცივესა და სიღატაკეში ცხოვრობდა. ბევრი მათგანი ყაჩაღებმა გაიტაცეს და მონებად გაყიდეს. მოგვიანებით ისინი ისევ ქრისტიანებმა გამოისყიდეს.

თავად დიონისე სიკვდილს გადაურჩა: როდესაც გაიცა მისი დატყვევების ბრძანება, ის თავის სახლში იყო და მშვიდად ელოდა, როდის მიაკითხავდნენ. მეომრები ყველგან ეძებდნენ, მაგრამ მის სახლში არ შესულან, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის სადღაც სხვაგან იმალებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ დიონისე შეიპყრეს, როდესაც სხვა ქრისტიანებთან ერთად ქალაქის დატოვებას აპირებდა. ეპისკოპოსი უკვე სასიკვდილოდ ემზადებოდა, როდესაც მოულოდნელად შუაღამისას უცნობები დაესხნენ თავს მეომრებს და უკუაგდეს ისინი, დიონისე კი იძულებით წაიყვანეს.

თავის წერილში დიონისე აღნიშნავს, რომ აღმსარებლები სიყვარულითა და გულისხმიერებით იღებდნენ განდგომილებს, რომლებმაც შემდგომ შეინანეს თავიანთი საქციელი. აღმსარებლებს სჯეროდათ, რომ ეს სათნო იქნებოდა უფლისთვის, რომელსაც ნებავს არა სიკვდილი ცოდვილთა, არამედ მხოლოდ მათი სინანული და გამოსწორება.[1]

დევნის დროს აწამეს და პატიმრობაში ამოხადეს სული იერუსალიმის მოხუც ეპისკოპოს ალექსანდრეს. რომის ეპისკოპოსი ფაბიანე მოწამებრივად აღესრულა. უმძიმესი დევნის გამო მისი მემკვიდრის არჩევა დიდხანს ვერ შეძლეს. უმწიკვლო ცხოვრებით განთქმული ანტიოქიის ეპისკოპოსი ბაბილა შეიპყრეს და შებორკილი დაამწყვდიეს საპყრობილეში. იქ მან სამი ყმაწვილი მოაქცია და მათთან ერთად სიკვდილით დაისაჯა.

შემზარავი დრო იყო: ქალაქები იცლებოდა, ქრისტიანები უკაცრიელ ადგილებსა და ტყეებს აფარებდნენ თავს, საპყრობილეები ტუსაღებით იყო სავსე. აღმსარებელთა სიმტკიცის გასატეხად მტარვალები წამების სხვადასხვა ხერხს იგონებდნენ. წარმართები თავიანთ ქრისტიან ნათესავებსაც კი აბეზღებდნენ; მაგალითად, ოცდაორი წლის მდიდარი ახალგაზრდა, სახელად პავლე, ეგვიპტეში ცხოვრობდა თავის დასთან ერთად, რომელიც წარმართზე იყო გათხოვილი. სიძემ მისი ქონების ხელში ჩაგდება მოისურვა და გადაწყვიტა დაესმინა, რომ ის ქრისტიანია. პავლემ დამალვა სცადა – წავიდა მთებში, საიდანაც უკაცრიელ და ქვიშიან თებაიდას უდაბნოში გადავიდა; იქ კლდეში ნაკვეთი მღვიმე იპოვა, რომლის მახლობლად ნაკადული მორაკრაკებდა და ნაყოფით დახუნძლული ფინიკი იდგა. ლტოლვილი იქ დაბინავდა და დიდხანსაც დარჩა. მართალია, დევნა ჩაცხრა, მაგრამ პავლეს ისე შეუყვარდა უდაბნოს მდუმარება, რომ ქალაქში დაბრუნება აღარ მოისურვა. განუწყვეტლივ ლოცულობდა, ფინიკის ნაყოფით საზრდოობდა და პალმის ფოთლებით იმოსებოდა. ასე იცხოვრა 91 წელი სრულ მარტოობაში. წმინდა პავლე თებაიდელი პირველ მეუდაბნოედ ითვლება.

არსად იმდენი ქრისტიანი არ ცხოვრობდა, რამდენიც მცირე აზიაში, სადაც ეკლესიათა უმრავლესობა დააფუძნეს თავად მოციქულებმა და მათმა უშუალო მემკვიდრეებმა. დრო იხელთეს თუ არა, წარმართებმა და იუდეველებმა გააფთრებით დაუწყეს ქრისტიანებს დევნა. ამ განსაცდელმა შეარყია ზოგი მათგანის რწმენა და განუდგა უფალს. მათ რიცხვში იყო სმირნის ეპისკოპოსი ევდემონი, რომელმაც კერპებისადმი მსხვერპლშეწირვის აღსრულებაზე თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვნახეთ, თუ რა მონაწილეობა მიიღეს სმირნაში მცხოვრებმა იუდეველებმა პოლიკარპე სმირნელის დასჯაში. მას შემდეგ სამოცდაათ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ქრისტიანებისადმი მათი მტრობა არ განელებულა – ისეთივე გააფთრებული ყიჟინით ითხოვდნენ ქრისტიანთაგან განდგომის აღიარებას. აქ მოღვაწეობდა პრესვიტერი პიონიოსი, რომელიც ყველას უყვარდა და პატივისცემით ეპყრობოდა. ერთხელ, ზუსტად იმ დღეს, როდესაც მღვდელმოწამე პოლიკარპეს ხსენებას აღნიშნავდნენ, პიონიოსს შეატყობინეს, რომ სამსჯავროზე უნდა წაეყვანათ. პიონიოსმა მტკიცედ გადაწყვიტა არ განდგომოდა უფალს, ილოცა და კისერზე წინასწარ ჩამოიცვა თოკი, რითაც დაადასტურა მზადყოფნა, წასულიყო ციხეში ან სასიკვდილოდ. ასევე მოიქცნენ ქრისტიანი ასკლეპიადი და ერთი დედაკაცი, სახელად საბინა. ყველა მშვიდად იდგა და ელოდა სიკვდილს. მათ მიუახლოვდა წარმართული ტაძრის ერთ-ერთი მთავარი ქურუმი პოლემონი და ჰკითხა:

– განა არ გსმენიათ, რომ ხელისუფალმა ყველა ქრისტიანს უბრძანა ღმერთების თაყვანისცემა?

– ჩვენ ვიცით ღმერთის რჯული – იგი გვიბრძანებს, მას ერთს ვცეთ თაყვანი! – მიუგო პიონიოსმა.

– გასწით მოედანზე და ნახავთ, გაიძულებენ თუ არა მორჩილებას...

– ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთს ვემორჩილებით! – გაიმეორეს ასკლეპიადმა და საბინამ და მდუმარედ გაჰყვნენ ქურუმს.

მოედანზე უკვე დიდძალი ხალხი შეკრებილიყო, წარმართები და იუდეველები გააფთრებულნი ყვირილით ითხოვდნენ, დაესაჯათ ისინი ან იძულებულნი გაეხადათ, დაეგმოთ ქრისტე.

პიონიოსმა ხალხს მიმართა: „თქვენ, სმირნის მცხოვრებნო, რომლებიც ამაყობთ თქვენი ქალაქის სილამაზითა და თქვენი მგოსნის, ჰომეროსის დიდებით;[2] და თქვენც, იუდეველნო, მათქმევინეთ რამდენიმე სიტყვა. თუ რომელიმე ჩვენგანი განუდგება რწმენას და სიკვდილის შიშით დათანხმდება, აღასრულოს მსხვერპლშეწირვა, თქვენ გიხარიათ და დასცინით მას. განა სიცილის ღირსია ის, ვინც ასე მძიმედ შესცოდა? კარგი იქნებოდა, თქვენ, ელინებმა, გაიხსენოთ თქვენი მგოსნის სიტყვები, რომ არ არის კარგი კაცის დაღუპვა გიხაროდეთ! თქვენ კი, იუდეველნო, შეგახსენებთ მოსესა და სოლომონის სიტყვებს: „უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტვირთსა შინა მისსა, არა თანაწარჰხდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა“ (გამოსლვ. 23,5); „უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ ამაღლდები“ (იგავ. 24,17). მე თანახმა ვარ, ავიტანო ყოველგვარი წამება და მოვკვდე, ვიდრე ჩემი ღმერთის რჯულს გარდავიდე. რისთვის გძულვართ, იუდეველნო? თქვენი მტრებიც რომ ვიყოთ, ხომ ადამიანები ვართ?! მაგრამ მითხარით, რა ბოროტება ჩაგვიდენია, ვინ დავჩაგრეთ, ვინ შევავიწროეთ ან ვის დავწამეთ ცილი? როგორ გგონიათ, თუ მუქარით აიძულებთ რომელიმე ჩვენგანს, კერპებს სცეს თაყვანი, ეს მხოლოდ მისი ბრალი იქნება?! განა თქვენ თავად არ სცოდავთ, როდესაც უბიძგებთ, რომ ცოდვა ჩაიდინოს?!“

შემდგომ პიონიოსმა იუდეველებს შეახსენა ღვთისადმი მათი ორგულობა, ხშირი დრტვინვა და რჯულის დარღვევა; რომ მოახლოვდა დღე, როდესაც თითოეული საკუთარ საქმეთა მიხედვით განისჯება და სამართლიან სასჯელს დაიმსახურებს ღვთისადმი თავისი ურჩობის გამო...

იუდეველები მისი მკაცრი სიტყვების მოსმენისას უხერხულად შეიშმუშნენ, ზოგ მათგანში სინანულმაც გაიღვიძა:

– გვერწმუნე, პიონიოს, ჩვენ გვიყვარხარ შენი სიმშვიდისა და სიბრძნისათვის, გვინდა, სიკვდილისგან გიხსნათ. სიცოცხლე ხომ ჭეშმარიტად კარგი რამ არის! – უთხრეს მათ.

– მართალია, სიცოცხლე კარგია, მაგრამ მარადიული ცხოვრება შეუდარებლად მშვენიერია და მისი უხილავი ნათელი მზეზე მეტად ბრწყინავს. არავინ იწუნებს ღვთის ხილულ ქმნილებას, მაგრამ არსებობს სამყარო უხილავი, რომელიც ხილულზე უფრო წარმტაცია.

წარმართებმაც სცადეს პიონიოსის დარწმუნება:

– მაშ გადაჭრით ამბობ უარს? – ჰკითხა პოლემონმა

– მე მხოლოდ მსურდა, დამერწმუნებინეთ, რომ გაქრისტიანებულიყავით – უპასუხა პიონიოსმა. პასუხად ზოგმა გაიცინა:

– სულაც არ გვინდა ცეცხლში დაწვა...

– მაგრამ ეს სჯობს სიკვდილის შემდგომ ჩაუქრობელ ცეცხლში მარადიულ წვას! – მიუგო პიონიოსმა.

შემდეგ მსაჯულმა იწყო ქრისტიანების დაკითხვა, ჩაიწერა მათი სახელები, პასუხები და ბრძანა, საპყრობილეში წაეყვანათ. ბრბო მათ უკან გაჰყვა ლანძღვითა და დაცინვით. ვიღაცამ ასკლეპიადზე მიუთითა და თქვა:

– ალბათ, ეს შეწირავს მსხვერპლს.

– სიცრუეა, ერთი ჩვენგანიც კი არ შეწირავს კერპებს მსხვერპლს! – მიუგო პიონიოსმა.

– ბევრმა თქვენგანმა ხომ უკვე შესწირა?! – შეეპასუხა ერთი წარმართი და განდგომილთა სახელების ჩამოთვლა დაიწყო.

– ეს თითოეულის ნებაა, ჩვენ არ დავგმობთ!

ხალხი ისე იყო გაავებული, რომ მეომრებსაც უჭირდათ ტუსაღების დაცვა. ასე მიაღწიეს საპყრობილემდე, სადაც ქრისტეს ერთგული რამდენიმე ქრისტიანი მშვიდად ელოდა სიკვდილს. ტუსაღთა მოსანახულებლად მოსულ წარმართებს განაცვიფრებდა მათი უშფოთველი და ხალისიანი სულიერი განწყობა. მოდიოდნენ ისეთებიც, ვინც შიშის გამო განუდგა რწმენას. შესაბრალისი სანახავები იყვნენ – სინდისის ქენჯნით გატანჯულნი ტიროდნენ. პიონიოსი ამხნევებდა მათ და შეახსენებდა უფალი ღმერთის სახიერებასა და ძალას: „თქვენ მძიმედ შესცოდეთ, მაგრამ შეინანეთ და მთელი გულით მიეახლეთ ღმერთს. იგი მოწყალეა და გულწრფელად მონანულთ მიუტევებს; სიხარულით მიგიღებთ, როგორც თავის შვილებს“.

პიონიოსის სიტყვებმა და ცრემლებმა განდგომილებში გააღვიძა სინანული, შეწყალების იმედი და – მოაბრუნა ღვთისკენ.

ამასობაში წარმართები ქრისტიანებს აიძულებდნენ, ეღალატათ რწმენისათვის. ხშირად მიდიოდნენ საპყრობილეში, მაგალითად ევდემონ ეპისკოპოსის ამბავს იშველიებდნენ, ემუქრებოდნენ სამსჯავროთი, წამებით. ერთხელ მეომრებს ძალით მიაყვანინეს ისინი საკერპო ბომონთან – კისერზე თოკები შემოუჭირეს და ისე წაათრიეს. ბომონის ახლოს პიონიოსი მიწაზე დაეცა, მეომრებმა ის ხელში აყვანილი შეიყვანეს სამსხვერპლოში, სადაც განდგომილი ეპისკოპოსი ასრულებდა წარმართულ რიტუალს.

– თქვენ რატომ არ გსურთ მსხვერპლშეწირვა? – შეეკითხა ტყვეებს ქურუმი.

– იმიტომ, რომ ქრისტიანები ვართ!

წარმართებმა სიცილი დააყარეს ჯვარცმული ღმერთის თაყვანისმცემელთ, უდიერად მოიხსენიეს ქრისტე; ტყვეებს ძალით დაადგეს თავზე გვირგვინები, რომლებითაც ჩვეულებისამებრ წარმართები ირთვებოდნენ მსხვერპლშეწირვის დროს. ქრისტიანებმა გვირგვინები მოიგლიჯეს და ფეხებით გათელეს. ბრბომ მათ ცემა დაუწყო, ამასობაში ვიღაცამ დაიძახა: „აუცილებლად უნდა ვაიძულოთ!.“.

– გრცხვენოდეთ, ცრუ ღმერთთა თაყვანისმცემელნო! თქვენ საკუთარ კანონებს მაინც დაემორჩილეთ. შეგიძლიათ, დაგვსაჯოთ, მაგრამ უფლება არ გაქვთ, გვაიძულოთ! – მიმართა ბრბოს პიონიოსმა.

ისევ საპყრობილეში დააბრუნეს ქრისტიანები. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქში ჩავიდა ანთიპატი ანუ მთავარი მსაჯული, რომლის გარეშეც განაჩენის გამოცხადების ნება არ ჰქონდათ. მან უხმო პიონიოსს და სცადა დაყოლიება:

– ასე რატომ ისწრაფი სიკვდილისკენ? – ჰკითხა მსაჯულმა.

– სიკვდილისკენ კი არა, მარადიული ცხოვრებისკენ... – მიუგო ტყვემ.

მსაჯულმა მისი ჯვარცმა და დაწვა ბრძანა.

როდესაც სასჯელის ადგილზე მიიყვანეს, პიონიოსმა თავად გაიხადა სამოსი, დაწვა ჯვარზე და ხელები გაშალა; მეომარმა როცა მიამსჭვალა, ისევ შესთავაზეს: „დამორჩილდი, პიონიოს, ამოგაცლით სამსჭვალებს და იცოცხლებ“. პიონიოსმა მშვიდად შეხედა მტანჯველებს და მიუგო:“მსურს დავიძინო, რათა მარადიულ ცხოვრებაში გავიღვიძო“.

ჯვარი აღმართეს და გაამაგრეს, ძირში შეშა და ფიჩხი მიაყარეს და კოცონი გააჩაღეს. მალე ჯვარი ალში გაეხვია. პიონიოსი თვალდახუჭული ლოცულობდა, ზოგს უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ ცოტა ხნის შემდგომ მან თვალი გაახილა, გადახედა ხალხს, სახე სიხარულით გაუბრწყინდა და წარმოთქვა: „უფალო, მიიღე სული ჩემი!“ და აღესრულა. უცნობია, თუ როგორ აწამეს დანარჩენი ქრისტიანები. წმინდა პიონიოსის ხსენების დღეა 11 მარტი.

პერგამონში მსჯავრდებული ღრმად მოხუცი ეპისკოპოსი კარპოსი წამების დროს ღაღადებდა: „ვხედავ განღებულ ზეცას და უფალს ჩემსას დიდებითა თვისითა“. მასთან ერთად ეწამა დიაკონი პაპილე, მისი და აგათონიკა და კარპოსის მსახური აგათოპოდე. ეკლესია მათ იხსენიებს 13 ოქტომბერს.

პროკონსულ ოპტიმუსთან მიიყვანეს ვაჭარი, სახელად მაქსიმე, რომელმაც უარი განაცხადა, განდგომოდა თავის სარწმუნოებას. პროკონსულის შეკითხვაზე, თუ რომელ ფენას ეკუთვნოდა, მან უპასუხა: მე თავისუფალი დავიბადე, მაგრამ მონა ვარ იესო ქრისტესი.

– გამოდის, რომ ქრისტიანი ხარ? – ჰკითხა პროკონსულმა.

– თუმც მხოლოდ მოწაფე, მაგრამ მაინც ქრისტიანი ვარ, – დაუდასტურა მაქსიმემ.

იგი სასტიკად გვემეს, ბოლოს კი ჩაქოლეს. მოწამის ბოლო სიტყვები იყო: „ქრისტესთვის მარტვილობა – ტანჯვა არ არის“.

შთამბეჭდავია ამბავი წმინდა კოდრატე ნიკომიდიელის მოწამეობის შესახებ. ნიკომიდიაში უამრავი ქრისტიანი წარადგინეს სამსჯავროზე. ხალხში ერია წარჩინებული და მდიდარი ახალგაზრდა ქრისტიანი, სახელად კოდრატე. როდესაც მან დაინახა, თუ როგორ თრთოდნენ და კანკალებდნენ ქრისტიანები დაკითხვის დროს, შეეშინდა – არ დაეგმოთ ღმერთი, უცებ გამოეყო ბრბოს, ჩადგა ბრალდებულთა შუაში და მტკიცე, მშვიდი ხმით ყველას მაგიერ უპასუხა: „ჩვენი სახელია ქრისტიანები, წოდება – მონანი ქრისტესი, სამშობლო – ზეცა, სადაც უფალი დაამკვიდრებს მისდამი ყველა მსასოებელს“.

განცვიფრებულმა ანთიპატმა მისი ახლოს მიყვანა ბრძანა. კოდრატე თავად მიუახლოვდა, პირჯვარი გადაიწერა და აღიარება გაიმეორა. შეკითხვებზე, თუ რა ერქვა და რომელ ფენას ეკუთვნოდა, ის მხოლოდ იმეორებდა, რომ მისთვის ყველაფრის მომცველია ქრისტიანის წოდება, და ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს. გაიცა ბრძანება, სასტიკად ეგვემათ იგი. სანამ ბრძანებას ასრულებდნენ, ვიღაცამ მსაჯულს უთხრა, რომ კოდრატე ნიკომიდიის ერთ-ერთი წარჩინებული მოქალაქე იყო. მან მიიხმო ყმაწვილი და ჰკითხა: „ეს რა ჩაიდინე?! როგორ გაბედე ასეთი სამარცხვინო რამ?! როგორ შეგეძლო, დაგევიწყებინა წოდება და კეთილშობილება და ამ სარწმუნოებას მიჰკედლებოდი?!“

კოდრატემ ფსალმუნთმგალობლის სიტყვებით მიუგო: „ვირჩიე მე მივრდომაჲ სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროჲს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა“ (ფსალმ. 83,10). დარწმუნებაც და მუქარაც ამაო გამოდგა. კოდრატემ გაიმეორა: ქრისტიანის წოდება უმაღლესია და მაცხოვრისთვის ტანჯვა ბედნიერებაც არის და პატივიც! მაშინ ანთიპატმა მისი წამება ბრძანა, ხოლო კოდრატემ ხმამაღლა გადაუხადა მადლობა უფალს, რომელმაც თავის ერთგულ მსახურებს მიათვალა. „გევედრები, უფალო აღმავსე სულითა წმიდითა, განმაძლიერე, გონიერ-მყავ შენითა სიბრძნითა, რათა ბოლომდე გიერთგულო!.“. – შეჰღაღადა მან.

უკვე საღამო იყო, როცა კოდრატე საპყრობილეში წაიყვანეს დანარჩენ ქრისტიანებთან ერთად. ანთიპატს ევალებოდა ქალაქებისა და დაბების მიმოვლა და თვალყურის დევნება, თუ როგორ სრულდებოდა ხელისუფლების ბრძანება ქრისტიანების წინააღმდეგ. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ნიკეაში გაემგზავრა და კოდრატეც თან გაიყოლა. ჩასვლისას ბრძანა, ყველაფერი მოემზადებინათ მსხვერპლშეწირვისთვის და ბომონთან მოაყვანინა ქალაქში მცხოვრები ქრისტიანები, რომელთა შორის კოდრატეც იყო.

– შესწირე ღმერთებს მსხვერპლი, – ურჩია ანთიპატმა.

– მე შენს ღმერთებს არ ვემსახურები; მე ქრისტეს მონა ვარ და ჩემს თავს მას ვწირავ მსხვერპლად! – მიუგო კოდრატემ.

– შენ ამით პატივს არ სცემ ხელისუფლის ნებას.

– მე პატივს ვცემ იმპერატორს, ვლოცულობ მისთვის, რომ ღმერთმა შეაცნობინოს ჭეშმარიტება.

– თუ ხელისუფლისთვის ლოცულობ, მისი კანონის შესრულებაც გმართებს. თქვენსავე წერილში ნათქვამია: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“ (მათ. 22,21).

– მართალი ხარ და მეც კეისარს მივაგებ საკადრისს – ვემსახურები და ვუხდი აუცილებელ ხარკს. მაგრამ მოვალე ვარ, ღმერთს ბოლომდე ვუერთგულო. ხელისუფლის ბრძანებით, მსხვერპლი უნდა შევწირო ღმერთებს ან მოვკვდე. მე უკანასკნელს ვირჩევ და მზად ვარ, სიცოცხლე გავიღო ქრისტესთვის.

– მაგრამ ბევრი ქრისტიანი დათანხმდა მსხვერპლშეწირვის აღსრულებას. შენ რა, მათზე უკეთესი ხარ?

– თუ მე ღმერთის ერთგული დავრჩები, უეჭველად განდგომილებზე უკეთესი ვიქნები. შეიძლება, ისინი ვნახო? – ჰკითხა კოდრატემ.

განდგომილნი, მართლაც, ბევრნი იყვნენ. მსაჯულმა ბრძანა მათი მოყვანა, თან იმედოვნებდა, რომ ისინი დაარწმუნებდნენ კოდრატეს, მათი მაგალითისთვის მიებაძა. მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა – პირიქით, კოდრატემ გაამხნევა ეს უბედურები: „რა ჩაიდინეთ?! იქნებ არ გწამთ მიცვალებულთა აღდგომა და მარადიული ცხოვრება, ზეციური სასუფეველი რომ მიწიერ ცხოვრებაზე გაცვალეთ?! იქნებ დაგავიწყდათ მაცხოვრის სიტყვები: „ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა“ (ლუკ. 12,4-5).

განდგომილი ქრისტიანები მუხლებზე დაეცნენ და აქვითინებულებმა შეინანეს თავიანთი სულმოკლეობა. ამან იმდენად განარისხა ანთიპატი, რომ ბრძანა, დაუნდობლად ეწამებინათ კოდრატე, რომელსაც დაცემულთა სინანულმა საკუთარი ტანჯვა დაავიწყა – მხოლოდ მათზე დარდობდა: „უფალო, მიიღე სული ჩემი მათი სულების წილ და შეიწყალე ისინი“.

უცებ უჩვეულო ნათელი მოეფინა ყველა ქრისტიანს; მოწამეს მოესმა, მის ლოცვას როგორ შეუერთდა ანგელოზთა ხმები. ყველა განდგომილმა ისევ აღიარა ქრისტე და სიხარულით შეეგება მოწამებრივ სიკვდილს. ანთიპატი კიდევ დიდხანს დაატარებდა კოდრატეს სხვადასხვა ქალაქში, თან აწამებდა; ეს გზა დასრულდა პელესპონტში (დარდანელის სრუტის სანაპირო), სადაც მას მახვილით მოჰკვეთეს თავი. კოდრატეს რწმენამ და სიმტკიცემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისი ტანჯვის მხილველებზე, ორი მათგანი კი – სატორნინე და რუფინოსი, მოწამებრივად აღესრულნენ. წმინდა კოდრატეს ხსენებას ეკლესია აღნიშნავს 10 მარტს.

ასეთივე შთამბეჭდავი მაგალითია ნიკეაში წმინდა მოწამე ტრიფონის ვნება. იგი უფალმა სასწაულებრივი ძალით განამტკიცა უსაშინლესი წამების დროს. ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სიცილიაზე რწმენისთვის შეიპყრეს ყმაწვილი ქალი, სახელად აღათია, წარჩინებული და მდიდარი მშობლების ასული. ქვეყნის მმართველმა მცდელობა არ დააკლო, რათა უფლისაგან განდგომაზე დაეყოლიებინა იგი. მან ქალწული ერთ მდიდარ დედაკაცთან დააბინავა, რომელიც ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდა. მმართველის ვარაუდით, ფუფუნების მხილველი აღათია დახარბდებოდა მიწიერ სიამეებსა და გართობებს და უკვე ვეღარ შეელეოდა სიცოცხლეს. მაგრამ ამაოდ – არაფერმა გაჭრა! იგი აწამეს და ცოცხალმკვდარი საპყრობილეში დაამწყვდიეს. მოულოდნელად ღამით მას გამოეცხადა პეტრე მოციქული და ქრისტეს სახელით მოუშუშა იარები. იმ დროს დილეგი გაანათა საოცარმა სინათლემ და კარიც თავისთავად გაიღო, მაგრამ აღათიამ უარი თქვა გაქცევაზე, კიდევ ერთ მხეცურ გვემას გაუძლო, ბოლომდე განასრულა თავისი ღვაწლი. და ლოცვით მიაბარა სული უფალს. მისი ხსენების დღეა 5 თებერვალი.

ზოგჯერ უფალი ცხონებისთვის რჩეულთ საოცარი გზებით მოუხმობს თავისთან. სომხეთის ქალაქ მელიტინში ცხოვრობდა ორი მეომარი: ნეარქი და პოლიევქტოსი, რომელთაც ერთმანეთი ღვიძლი ძმებივით უყვარდათ. ნეარქი ქრისტიანი იყო, პოლიევქტოსი – წარმართი. ნეარქი ხშირად წუხდა, რომ მის მეგობარს არ სურდა, ცდომილება ეღიარებინა, და მთელი მონდომებით ცდილობდა მის მოქცევას: ხშირად უკითხავდა წმინდა წერილს, უამბობდა ქრისტეს შესახებ. და აი, დეციუსის ბრძანებამ მელიტინშიც ჩააღწია. ბოძებსა და ნაგებობებზე გააკრეს ქრისტიანთა დასჯის შესახებ ბრძანების ფურცლები. როდესაც ნეარქმა წაიკითხა, მეტად დაღონდა: „თუ აქამდე ვერ დავარწმუნე პოლიევქტოსი, ახლა ხომ საერთოდ აღარ მოიქცევა, როდესაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღიარებისთვის აწამებენ და ხოცავენ?!“ პოლიევქტოსმა შენიშნა მეგობრის უგუნებობა და მიზეზი ჰკითხა:

– ჩვენი განშორება მადარდებს, – მიუგო ნეარქმა.

– როგორ თუ განშორება, რამ უნდა დაგვაშოროს ურთიერთს?! ჩვენ განუყრელი მეგობრები ვართ, მხოლოდ სიკვდილი თუ შეძლებს ამას. – შეეპასუხა პოლიევქტოსი.

– ის, რაც ჩვენ გაგვყრის, სიკვდილზე ძლიერია! – ნაღვლიანად უპასუხა ნეარქმა.

პოლიევქტოსი ჩააცივდა მეგობარს, სთხოვდა, სათქმელი პირდაპირ ეთქვა. ნეარქის პასუხი ასეთი იყო:

– მე ქრისტიანი ვარ და სიკვდილით დამსჯიან ჩემი სარწმუნოებისთვის; შენ კი მიმატოვებ, რადგან წარმართი ხარ.

– მეგობარო ჩემო, ვერაფერი დაგვაშორებს. ამ ღამით გამომეცხადა ქრისტე, რომელსაც ემსახურები. მან გამხადა სამოსი და ჩამაცვა ახალი, რომლის ფასისა და სილამაზის აღწერა შეუძლებელია, და ფრთოსანი ცხენიც მიბოძა, – უთხრა პოლიევქტოსმა.

– გამოდის, განიძარცვავ წარმართულ ცდომილებას და შეიმოსები ჭეშმარიტი სარწმუნოებით – შენ შეიცნობ ქრისტეს! – გაუხარდა ნეარქს.

– განა უკვე არ შევიცანი ქრისტე?! მე ხომ გული მითბებოდა, როდესაც მის შესახებ მესაუბრებოდი და სახარებას მიკითხავდი; განა არ აღმაფრთოვანებდა მისი სწავლება?! ამიერიდან მსურს, მთლიანად ქრისტეს დავემონო და მზად ვარ, ვაღიარო იგი. მინდა ყოველივე მცდარი განვაგდო და ჭეშმარიტს ვემსახურო. წავალ, წავიკითხავ ხელისუფლის ბრძანებას ქრისტიანების და ჩემი უფლის შესახებ.

პოლიევქტოსი მოედნისკენ გაემართა, გზად წარმართთა ბრბო შემოხვდა, რომელთაც კერპები მიჰქონდათ და სამსხვერპლოსკენ მიემართებოდნენ. პოლიევქტოსმა საჯაროდ გამოაცხადა თავი ქრისტიანად და სარწმუნოებისადმი მხურვალე თავდადების ნიშნად გადააყირავა და დაამსხვრია წარმართთა ღმერთების ქანდაკებები.

ამაოდ ევედრებოდნენ მას სიმამრი და ნაცნობები, თავი დაეზოგა, პოლიევქტოსი მათ ეუბნებოდა: „მე ქრისტეს მსახურება მსურს. თავად ქრისტემ მიხმო ჭეშმარიტების შესაცნობად. მისმა ყოვლისშემძლე ხელმა გამომიყვანა უკუნიდან და მიმიყვანა სინათლესთან, სიკვდილიდან – სიცოცხლესთან. მე მინდა მისი მხედარი ვიყო“.

მისი წამების ბრძანება გაიცა. მასთან მისული მეუღლე ცრემლებით ავედრებდა ოჯახს, ის კი თავის მხრივ უქადაგებდა ცოლს, გაქრისტიანებულიყო, და ზეციურ სიკეთეებზე ესაუბრებოდა. ბოლოს დარწმუნდნენ, რომ დაყოლიების ყოველგვარი მცდელობა ამაო იყო და მსაჯულმაც მას სიკვდილი მიუსაჯა. პოლიევქტოსი სიხარულით გაემართა სასიკვდილოდ, თან ერს მიმართავდა: „მე ნათელში მყოფი ჭაბუკი მამხნევებს და მიბრძანებს, დავივიწყო ყოველივე მიწიერი“.

მას თავი მახვილით მოჰკვეთეს. პოლიევქტოსი ქალაქ მელიტინის პირველ მოწამედ ითვლება.

არა თუ ყველა მოწამის ღვაწლის აღწერა, მათი სახელების ჩამოთვლაც კი შეუძლებელია. დევნა ორ წელიწადს გაგრძელდა, მაგრამ მეტისმეტად სასტიკი იყო, რის გამოც ზოგი ქრისტიანი განუდგა რწმენას, მაგრამ ბევრი მხნედ შეხვდა ტანჯვასა და სიკვდილს. მათი მაგალითი ხალხზე უდიდეს ზეგავლენას ახდენდა. უფალი საოცარი ნიშნებით ამხნევებდა და აძლიერებდა თავის ერთგულ მსახურებს – სასწაულებრივად კურნავდა, ზოგჯერ იარებით დაფარული მათი სხეული მოულოდნელად ჯანმრთელი და უვნებელი ხდებოდა. მარტვილებს განამტკიცებდა საოცარი ხილვები, რისი წყალობითაც გვემის დროს სახეები ზეციური აღმაფრენით უბრწყინავდათ. ეს ყოველივე განაცვიფრებდა წარმართებს, ბევრმა შეიცნო ღვთის ძალა და მოიქცა. ასე რომ, ეკლესია კვლავაც იზრდებოდა და ძლიერდებოდა, მიუხედავად მის წინააღმდეგ მიმართული ყველა ბოროტი მცდელობისა.

 

[1] ალექსანდრიაში დევნის შესახებ ყველა მონათხრობი აღებულია ევსები კესარიელის "ეკლესიის ისტორიიდან", წ. 6.

[2] სმირნა ითვლებოდა ცნობილი მგოსნის, ჰომეროსის სამშობლოდ.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა