martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 21

მეოთხე დევნის გაგრძელება. გალიის მოწამენი.

 

აქამდე არ მოგვეცა შემთხვევა, ჩვენს თხრობაში შევხებოდით საფრანგეთს, რომელსაც ძველად გალიას უწოდებდნენ და რომის იმპერიის ერთ-ერთ ოლქს წარმოადგენდა. ძველი დროის ზოგიერთი მწერალი (მაგ., ევსები, ეპიფანე და თეოდორიტე) ამტკიცებს, რომ იქ ქრისტიანული სარწმუნოება იქადაგა პავლე მოციქულის მოწაფე კრისკენტიმ; სხვათა აზრით, გალიაში იმოგზაურა ლუკა მოციქულმა. საერთოდ, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი პირველ მქადაგებელთა წარმატებებზე ამ მხარეში. ზოგიერთ წყაროს თანახმად, მეორე საუკუნის შუა წლებისთვის გალიაში პოლიკარპე სმირნელმა გააგზავნა მქადაგებლები, რომელთაგან განსაკუთრებით ცნობილი არიან პოთინე და პოლიკარპეს მოწაფე ირინეოსი. ღვთის შეწევნით, მქადაგებლებმა მალე მოაქციეს ბევრი წარმართი. პოთინე გახდა გალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის, ლიონის, პირველი ეპისკოპოსი. ლიონის მახლობლად მდებარე ქალაქ ვიენშიც ბევრმა შეიწყნარა ქრისტიანული სარწმუნოება. თავდაპირველად წარმართები გულგრილად უყურებდნენ ახალ სწავლებას, მაგრამ მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ასე მთლიანად განიდევნებოდა კერპთაყვანისმცემლობა და გააფთრებით აღდგნენ თავიანთი ღმერთების დასაცავად. მაგრამ ქრისტიანობას ადამიანთა გულებში უკვე ღრმად გაედგა ფესვები და ღვთისადმი შეუორგულებელი სასოებით გამხნევებული ასობით მორწმუნე მზად იყო, მედგრად და უშიშრად შეხვედროდა დევნას.

მაშინ ჭეშმარიტი სარწმუნოების მტრებმა საშინელი ხმები გაუვრცელეს ქრისტიანებს, აბრალებდნენ სხვადასხვა დანაშაულს, გარყვნილებას, თითქოს ისინი ადამიანის ხორცს ჭამდნენ და ა.შ. მათ ამ ცილისწამებებით ისეთი სიძულვილისა და მრისხანების გამოწვევა მოახერხეს, რომ ხალხი ქრისტიანებს შეურაცხყოფას აყენებდა, მათ საზოგადოებას გაურბოდა, წარმართთა სახლებში არ უშვებდა, სახალხო აბანოებში, თავშეყრის ადგილებში გამოჩენას უკრძალავდა, მოედნებიდან აძევებდა, უსამართლოდ ჩაგრავდა და ავიწროებდა. ახდა მაცხოვრის სიტყვები: „მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყვიდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა“ (იოან. 16,2). ქრისტიანები ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ. მთელი მათი სასოება და გულისთქმა სამომავლო ცხოვრებისკენ იყო მიმართული. ისინი უშიშრად ისმენდნენ გაავებული ბრბოს ყვირილსა და მუქარას, მშვიდად ხვდებოდნენ შეურაცხყოფას, ლანძღვას, ცემას – ყველაფერს, რასაც მტრობის სული ჩააგონებდა წარმართებს მათ წინააღმდეგ.

ბოლოს წარმართებმა მათ სამსჯავროს წინაშე დასდეს ბრალი და მაშინ, 177 წელს, დაიწყო დაუსრულებელი დაკითხვები, წამება და დასჯა. ამ დევნის შესახებ დაწვრილებით იუწყება ეპისტოლე, რომელიც, სავარაუდოდ, დაწერა ირინეოსმა ლიონისა და ვიენის ქრისტიანების სახელით და მიმართულია მცირე აზიის ეკლესიებისადმი. იგი მოჰყავს ისტორიკოს ევსების და ჩვენც მის მიხედვით წარვმართავთ თხრობას.

ბრალის წაყენების შემდეგ ქრისტიანები მოედანზე წაიყვანეს, სადაც მსაჯულმა უამრავი ხალხის თანდასწრებით დაკითხა ისინი. ყველამ მტკიცედ აღიარა თავისი სარწმუნოება, რის გამოც ისინი საპყრობილეში ჩაამწყვდიეს პროკონსულის ჩამოსვლამდე; ის რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნდა და დაკითხვაც განახლდა. იმდენად უხეშად და ცივად ექცეოდა იგი ტყვეებს, რომ ამის მხილველმა ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა, სახელად ვეტუს ეპაგატმა, რომელიც ხალხში იდგა, ვერ მოითმინა, განრისხებული გამოვარდა წინ და ბრალდებულთა დასაცავად რამდენიმე სიტყვის თქმის ნება ითხოვა, თანაც მათი სრული უდანაშაულობის დამტკიცებას დაჰპირდა. ეპაგატი ერთ-ერთი წარჩინებული მოქალაქე იყო და ყველანი პატივს სცემდნენ პატიოსანი და მართალი ცხოვრებისთვის. მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ პროკონსულმა ჰკითხა: თავად შენც ხომ არა ხარ ქრისტიანი, მათ ასე რომ იცავ?! პასუხად ეპაგატმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება. მაშინ პროკონსულმა მას ქრისტიანების შუამდგომელი უწოდა, დაუყოვნებლივ შეაპყრობინა და ბრალდებულად გამოაცხადა. ეპაგატის მაგალითმა ბრბოში მყოფი სხვა მორწმუნეებიც შეაგულიანა – ისინიც გამოეყვნენ ხალხს და განაცხადეს, რომ სწამთ იესო ქრისტე. სამწუხაროდ, მათ შორის აღმოჩნდა ათამდე ადამიანი, რომლებიც წამების შიშით განუდგნენ სარწმუნოებას. ათი დღის განმავლობაში ემატებოდნენ და ემატებოდნენ დატყვევებულებს სხვა ქრისტიანები იქამდე, რომ ქალაქის ყველა საპყრობილე გაივსო. ტუსაღთა შორის იყვნენ ისინიც, რომლებმაც იქადაგეს ამ მხარეში და დააფუძნეს ლიონისა და ვიენის ეკლესიები.

დაიწყო ტყვეთა წამება – ჯერ მსაჯულნი ცდილობდნენ, ქრისტიანებისგან დანაშაულის აღიარება მიეღოთ, შემდეგ მათ ცრუ მოწმეები დაუპირისპირეს – შეიპყრეს რამდენიმე მონა და მათაც წამების შიშით ყალბი ჩვენება მისცეს. მსაჯულებიც ამას ელოდნენ... არ დარჩენილა წამების სახე, მათ რომ ამ მიემართათ ქრისტიანების ნებისყოფის გასატეხად. მაგრამ ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურთა სიმტკიცის ძლევა არაფერს შეეძლო – ისინი ტანჯვის წუთებშიც ადიდებდნენ და უგალობდნენ უფალს. მხოლოდ ერთი რამ აშინებდათ სიკვდილზე მეტად – რომელიმე მათგანი არ ეძლია სისუსტეს და არ განდგომოდა ქრისტეს. მორწმუნენი თავიანთ შესაძლებლობას არ ენდობოდნენ და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, რათა ყოველი მათგანისთვის მოევლინა უფალს თავისი შემწეობა და ძალა დაწყებული ღვაწლის განსასრულებლად.

ტუსაღთა რიცხვში იყო ერთი გოგონაც, სახელად ბლანდინა – ერთ-ერთი ქრისტიანის, აგრეთვე დაპატიმრებულის – მონა. ყველას ეშინოდა, ამ ნორჩსა და სუსტ არსებას არ დაეგმო ქრისტე, რადგან შეუძლებლად ეჩვენებოდათ, მას მედგრად გადაეტანა წამება. მაგრამ უფალი ღმერთი შეეწია უმწეო ქალწულს – უსაშინლესი წამების დროსაც ის მხოლოდ ამას იმეორებდა: „მე ქრისტიანი ვარ, ქრისტიანები კი საერთოდ არ ჩადიან დანაშაულს“. მთხრობელი შენიშნავს: „ჩანდა, რომ ქრისტეს სახელის აღიარება მას ყოველ ჯერზე ახალ, ზებუნებრივ ძალას ანიჭებდა“. ამ საოცარმა გაუტეხლობამ უფრო გაამძვინვარა მტანჯველები. ყველა ქრისტიანი საშინლად ეწამა, განსაკუთრებით: ბლანდინა, მატური, დიაკონი სანქტი და წარმოშობით მცირე აზიელი ატალე. ისინი წამების დროს ლოცულობდნენ, ადიდებდნენ ღმერთს და იმეორებდნენ: ჩვენ ქრისტიანები ვართ!

ამგვარი სიმტკიცის ხილვამ ზოგი მათგანი, ვინც ქრისტეს განუდგა, ისევ მოაქცია. მათ მტანჯველებს განუცხადეს: მზად ვართ, ყოველგვარ წამებას გავუძლოთ, ვიდრე მაცხოვარი დავგმოთ! ამათ შორის იყო დედაკაცი, სახელად ვევლია, ვინც ადრე წამებით აიძულეს, ცრუ ჩვენება მიეცა ქრისტიანებზე. იგი განუდგა სარწმუნოებას, მაგრამ როდესაც მორწმუნეთა ტანჯვა-წამება და თავდადება იხილა, ისევ აღიარა მაცხოვარი და საჯაროდ უარყო ძველი ჩვენება. მსჯავრდებულებს რამდენჯერმე აწამებდნენ: ზოგი ტანჯვის დროს კვდებოდა, სხვებმა ნესტიან და მყრალ საპყრობილეში მანამდე მიაბარეს უფალს სული, ვიდრე სასჯელისთვის დანიშნული დღე დადგებოდა.

დაკითხვაზე გამოიძახეს ლიონის ოთხმოცდაათი წლის ეპისკოპოსი პოთინე. იგი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ხელით შეიყვანეს სამსჯავროზე. წმინდა მოხუცი არ შეუშინდა არც ბრბოს გააფთრებულ ყვირილს და არც პროკონსულის მუქარას; მის შეკითხვას – ვინ არის ქრისტიანთა ღმერთი? მან მშვიდად მიუგო: „თუ ღირსი შეიქმნები, გულისხმა-ჰყოფ“. მაშინ ხალხი გაავებული ეცა მოხუცს, დაუწყო ლანძღვა და ცემა მუშტებითა და კეტებით, ესროდნენ ქვებს. ბოლოს ცოცხალ-მკვდარი წაიყვანეს საპყრობილეში, სადაც ორი დღის შემდეგ აღესრულა.

ბლანდინა, მატური, ატალე და სანქტი ჯერ აწამეს, შემდეგ ხალხის გასართობად ცირკის არენაზე გამოიყვანეს. ბლანდინა ორ გადაჯვარედინებულ ძელზე მიაბეს და მხეცები მიუსიეს, მაგრამ მოხდა სასწაული – მათ პირი არ დააკარეს. ქალწული ისევ საპყრობილეში დააბრუნეს. მატური და სანქტი განგმირეს. ხალხი მრისხანე შეძახილებით ითხოვდა, ატალე მხეცების ლუკმად გაეხადათ, მაგრამ ის რომის მოქალაქე იყო და უზენაესი მმართველობის ნებართვის გარეშე მისი დასჯა არ შეიძლებოდა; მხოლოდ არენის წრეზე ჩამოატარეს, წინ კი დაფა მიჰქონდათ წარწერით: ატალე ქრისტიანია! და ამ სახელს – მორწმუნეთა სასოებასა და დიდებას – მაყურებლებმა ლანძღვა და დაცინვა შეაგებეს. ატალე ისევ დაამწყვდიეს საპყრობილეში, სადაც დანარჩენი მსჯავრდებულებიც ელოდნენ განკარგულებებს რომიდან.

ლოდინი დიდხანს გაგრძელდა, დატყვევებული ქრისტიანები ლოცვებითა და პირადი მაგალითებით ამხნევებდნენ სარწმუნოებისგან განდგომილთ, რომლებიც აღმსარებლებთან ერთად ისხდნენ დილეგებში, რადგან ისინიც დამნაშავეებად ითვლებოდნენ. მათი მდგომარეობა მეტისმეტად შესაბრალისი იყო – წარმართთაგან შეურაცხყოფას ახლა განდგომისთვის სინდისის ქენჯნაც დაერთო. ისინი საბოლოოდ დაეცემოდნენ სულიერად, მოწამეებს რომ არ გაეწიათ სიყვარულით თანადგომა და ღვთის შეწევნით სიცოცხლისკენ არ მოებრუნებინათ. ბევრი მათგანი ნანობდა უწინდელ სულმოკლეობას და კვლავ აღიარებდა იესო ქრისტეს.

ეპისტოლეს ავტორი მოგვითხრობს წმინდა აღმსარებელთა გასაოცარ სიმშვიდესა და თავმდაბლობაზე, დაცემულთა მიმართ მათ შემწყნარებლობაზე. ის წერს: „მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთგზის აღიარეს ქრისტე, ამით მიაღწიეს დიდებას და სხეულზე აჩნდათ სარწმუნოებისთვის წამების ღირსეული კვალი, ისინი ისეთი მოშურნეობით ბაძავდნენ ქრისტეს, რომ დაუმსახურებლად მიიჩნევდნენ, მათთვის მოწამეთა სახელის წოდებას. გვიწყრებოდნენ, როდესაც ჩვენ, ზეპირად თუ წერილობით, მათ მოწამეებად მოვიხსენიებდით. მათი თქმით, ეს წოდება ეკუთვნის იესო ქრისტეს – მკვდრეთით აღმდგარსა და სიცოცხლის დასაბამს. მოწამენი არიან ისინი, ვინც აღიარებისას აღესრულა და რომელთა მოწამეობაც სიკვდილით დაბეჭდა ქრისტემ. ჩვენ კი მარტოოდენ უძლური და მდაბალი აღმსარებლები ვართ, – ამბობდნენ ისინი და ცრემლებით გვისველებდნენ ხელებს, გვევედრებოდნენ – გველოცა, რათა ღვთის შეწევნით განესრულებინათ ღვაწლი. მათ საქმით, მოთმინებით, სიმშვიდითა და სულიერი გაუტეხლობით დაამტკიცეს, რომ სრულად ღირსნი არიან ამ დიდებული წოდებისა... მათ დაიმდაბლეს თავი უზენაესის მტკიცე ხელის ქვეშ, რომელმაც ყოველგვარ მიწიერ სახელოვნებაზე მეტად განადიდა ისინი... სიყვარული და სიბრძნე დამკვიდრებულიყო მათ გულებში. სიყვარული ჰმატებდა ძალას, დაეცვათ ჩაგრულები, შთააგონებდა შემცოდებელთა მიმართ შემწყნარებლობას. ისინი ყველას იცავდნენ და არავის განიკითხავდნენ, ყველას განხსნიდნენ და არავის კრავდნენ. შენდობას მიაგებდნენ მტრებს, ლოცულოდნენ თავიანთ მტანჯველებზე და სტეფანე პირველმოწამესავით ამბობდნენ: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“... ისინი არ ქედმაღლობდნენ დაცემულებთან, უწვდიდნენ დახმარების ხელს, ფეხზე აყენებდნენ, მათ სიღატაკეს თავიანთი სიუხვით ავსებდნენ, უყვარდათ ისე, როგორც ალერსიან და ლმობიერ დედას უყვარს თავისი შვილები; ევედრებოდნენ ზეციურ მამას, სიცოცხლისკენ მოებრუნებინა ისინი. მათ მუდამ მშვიდობა უყვარდათ და მასვე სთავაზობდნენ ყველას, მშვიდობითვე განვიდნენ და ზეციურ მამას მიეახლნენ. არ დაუტოვებიათ მწუხარება დედა ეკლესიის გულში, არც ძმობაში დაუთესიათ მტრობა. მხოლოდ სიხარული, მშვიდობა, ერთსულოვნება და სიყვარული გვიანდერძეს“.

ამასობაში რომიდან პასუხიც მიიღეს – მარკუს ავრელიუსის ბრძანებით, სიკვდილით უნდა დაესაჯათ ყველა, ვინც არ განუდგებოდა ქრისტიანობას, ხოლო ვინც დაგმობდა მას – გაეთავისუფლებინათ. სასჯელის სისრულეში მოყვანის დღედ იმპერატორ ავგუსტუსის პატივსაცემად მოწყობილი დღესასწაული დაინიშნა. ლიონში დიდძალი ხალხი ჩამოვიდა. პროკონსულმა ყველა ტუსაღი იხმო, დაკითხა და როდესაც ყველასგან ერთნაირი პასუხი – ქრისტიანობის აღიარება – მოისმინა, ხმამაღლა გამოაცხადა მათი სასიკვდილო განაჩენი. ის იმედოვნებოდა, რომ ვინც თავდაპირველად განუდგა ქრისტეს, ახლაც გაიმეორებდნენ იმავეს და რაოდენ გაუკვირდა, როდესაც თითქმის ყველამ საპირისპირო განაცხადა: ვაღიარებთ ქრისტეს და მზად ვართ, დავიხოცოთ სარწმუნოებისათვის!

მეორე დღეს დაიწყო განაჩენის აღსრულება. პროკონსულმა ხალხის საამებლად იმპერატორის მითითებასაც კი გადააჭარბა. სიკვდილით დასჯამდე აწამებდა ქრისტიანებს, ან აიძულებდა მოძმეთა სიკვდილით დასჯას დასწრებოდნენ. მაგალითად, ბლანდინა და თხუთმეტი წლის ჭაბუკი, სახელად პონტიკუსი, რამდენიმე დღე ზედიზედ ესწრებოდნენ დანარჩენი ქრისტიანების გვემას. ატალემ საშინელი ტანჯვა გადაიტანა: იგი დააწვინეს ცეცხლში გავარვარებული რკინის გრძელ სკამზე. როდესაც მისი დამწვარი ხორცის სუნი დატრიალდა, მან ხალხს მიმართა: „აი, თქვენზე ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა სხეულებით იკვებებით, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, კი უცხოა ასეთი სისხლიანი ნადიმები“. ყველაზე ბოლოს ბლანდინა და ყმაწვილი პონტიკუსი გაიყვანეს. ხალხის მოთხოვნით ჯერ გვემეს, შემდეგ კერპების წინაშე ფიცის დადება მოსთხოვეს. ბლანდინა განუწყვეტლივ მოუწოდებდა პონტიკუსს სიმტკიცისკენ. მას თავისთავი აღარ ახსოვდა, მხოლოდ ჭაბუკზე დარდობდა. მაგრამ თხუთმეტი წლის ყმაწვილმა მოთმინებით გადაიტანა წამება და ლოცვით მიაბარა სული უფალს. ბლანდინა კიდევ დიდხანს ტანჯეს: მიუგდეს მხეცებს, რომლებიც გასისხლიანებულ არენაზე დაათრევდნენ მის გვემულ სხეულს, ბოლოს კი დანით განგმირეს. თვით წარმართებსაც უკვირდათ მისი უჩვეულო სულიერი სიმტკიცე, არ ესმოდათ, საიდან ჰქონდა ამ ნორჩ და სუსტ ქალწულს ასეთი მოთმინების ძალა.

ქრისტიანთა ჟლეტამ ვერ დააცხრო მტანჯველთა მძვინვარება. მათ დახოცილთა ცხედრებიც შეურაცხყვეს, ნაწილი ძაღლებს მიუყარეს, ნაწილი ერთად მოაგროვეს და დღედაღამ დარაჯობდნენ, რათა მოძმეებს არ მიებარებინათ მიწისთვის; ლანძღავდნენ ქრისტიანებს და დაცინვით ამბობდნენ: „აბა, სადაა მათი ღმერთი, გამოადგათ კი სარწმუნოება, რომლისთვისაც სიცოცხლე გაიღეს?!“ ექვსი დღის შემდეგ დახოცილთა ნეშტები დაწვეს და ფერფლი მდინარე რონაში ჩაყარეს. ფიქრობდნენ, რომ ამგვარად ქრისტიანებს დახოცილ მარტვილთა მკვდრეთით აღდგომის სასოებასაც წაართმევდნენ. „სამომავლო ცხოვრების იმედით ქრისტიანები უცნაურ სარწმუნოებას ქადაგებენ. ისინი არად აგდებენ უსასტიკეს წამებას და სიხარულით იხოცებიან. ახლა ვნახავთ, ისევ აღდგებიან თუ არა; შეუძლია თუ არა მათ ღმერთს, ჩვენგან იხსნას ისინი“ – ნიშნისმოგებით ამბობდნენ წარმართები.

მათ არ ესმოდათ, რომ წამებაც და სიკვდილიც უძლური იყო, მორწმუნეები განეშორებინა ქრისტეს სიყვარულს; რომ ქრისტიანები სიკვდილით იმარჯვებდნენ და იდგამდნენ სიცოცხლის გვირგვინს, რითაც ღმერთი მხოლოდ მისდამი ჭეშმარიტად ერთგულებს აჯილდოებს.

ამ დევნის დროს სარწმუნოებისთვის სიცოცხლე გაიღო ორმოცდარვა მოწამემ. როდესაც იგი რამდენადმე ჩაცხრა, ლიონის ქრისტიანებმა თავიანთ ეპისკოპოსად ირინეოსი აირჩიეს.

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა