martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 18

მესამე დევნის გაგრძელება. ადრიანეს მმართველობა. მოწამენი. აპოლოგიები ქრისტიანების სასარგებლოდ. იუდეველთა ამბოხი და იერუსალიმის საბოლოო დანგრევა.

 

ტრაიანეს მემკვიდრე იყო მისი ძმისწული ელიუს ადრიანე (117-138 წწ.) – წარმართობის ერთგული, რომელსაც, მიუხედავად განსწავლულობისა, ჯადოქრობის, შელოცვებისა და მისნობის სჯეროდა. მასზე ძლიერ ზეგავლენას ახდენდნენ და ამას ქრისტიანთა წინააღმდეგ იყენებდნენ ქურუმები, რომელთაც ახალი სარწმუნოების გავრცელებამ დიდი შემოსავალი დააკარგვინა – დაცარიელდა წარმართული ტაძრები, სულ უფრო იშვიათი და უფერული ხდებოდა მსხვერპლშეწირვები... ქურუმები მთელი მონდომებით ცდილობდნენ, ხალხიც და მთავრობაც აემხედრებინათ ქრისტიანთა წინააღმდეგ და მათ განადგურებას ღმერთებისთვის მოსაწონ ქმედებად წარმოაჩენდნენ.

ჩვენამდე მოაღწია უძველესმა თხრობამ ქრისტიანი დედაკაცის სიმფეროსასა და მისი შვიდი ვაჟის მოწამებრივი აღსასრულის შესახებ სწორედ ქურუმების ხრიკების გამო. თავისი მმართველობის მეორე წელს ადრიანემ აიგო ბრწყინვალე სასახლე ტიბურში[1]. იქვე ცხოვრობდა ერთი ქრისტიანი, სახელად სიმფეროსა, შვიდი ვაჟის დედა. მისი ქმარი ცოტა ხნის წინ მოწამებრივად აღესრულა სარწმუნოებისთვის და ოჯახს დიდძალი ქონება დაუტოვა. ქურუმები დიდხანს ეძებდნენ მიზეზს სიმფეროსას მოსაკლავად, რადგან სძულდათ იგი, როგორც ქრისტიანი, და, ამას გარდა, თვალი ეჭირათ მის სიმდიდრეზე.

როდესაც მშენებლობა დამთავრდა, ადრიანემ აღასრულა ასეთი შემთხვევისთვის დადგენილი ყველა წარმართული რიტუალი და ქურუმთა პირით ჰკითხა ღმერთებს, დიდხანს გაძლებდა თუ არა სასახლე. ცბიერმა ქურუმებმა, ვითომ ღმერთების პირით აუწყეს იმპერატორს: „ხელმწიფეო, პასუხს არ გაგცემთ, სანამ ბოლოს არ მოუღებ შეურაცხყოფას, რასაც ქრისტიანი სიმფეროსა გვაყენებს, იგი ხომ ყოველდღე თავის ღმერთს მოუხმობს. აიძულე, შემოგვწიროს მსხვერპლი და მაშინ გიპასუხებთ“.

ადრიანემ სცადა, დაერწმუნებინა სიმფეროსა, ღმერთების პატივსაცემად აღესრულებინა რიტუალი. მაგრამ ქრისტიანმა მიუგო: „ხელმწიფეო, ჩემმა ქმარმა და მისმა ძმამ, მეომრებმა, შენმა მსახურებმა, სიკვდილი ამჯობინეს სარწმუნოებისგან განდგომას. ისინი საშინლად ეწამნენ, მაგრამ არ დათანხმდნენ, გუნდრუკი ეკმიათ ღმერთებისთვის, რომელთაც შენ სცემ თაყვანს. შეიძლება ადამიანებს მათი სიკვდილი სამარცხვინოდ ეჩვენათ, მაგრამ იგი ღირსეულია ზეციურ ანგელოზთა წინაშე. ახლა ისინი დაუსრულებლად ნეტარებენ და უკვდავი ზეციური მეუფის პირს ჭვრეტენ“.

– ან დაუყოვნებლივ აღასრულებ მსხვერპლშეწირვას, ან შენც და შენს ვაჟებსაც მსხვერპლად შევწირავთ იმ ღმერთებს, რომელთაც შეურაცხყოფ. – უთხრა განრისხებულმა ადრიანემ.

– ბედნიერება იქნება ჩემთვის, რვაჯერ თუ მოვკვდები ჩემი ღმერთისთვის! – შესძახა ქალმა.

– შენი ღმერთისთვის კი არა, ჩემი ღმერთებისთვის შეიწირები მსხვერპლად! – დაემუქრა იმპერატორი.

– მე ისინი არ მიმიღებენ, მიმიღებს უფალი ღმერთი, რომლისთვისაც ვკვდები! – შეეპასუხა ქრისტეს ერთგული.

ადრიანემ კიდევ სცადა მისი დარწმუნება, დაემუქრა კიდეც, მაგრამ ქრისტიანი შეუვალი იყო: „შენი მუქარა ვერ შემაშინებს; მე სიხარულით შევუერთდები ჩემს ქმარს. იგი იესო ქრისტეს აღიარებისთვის მოკვდა, მეც იმავე ღმერთს ვცემ თაყვანს. რაღას უცდი?!“

ადრიანემ განკარგულება გასცა – სასტიკად ეცემათ იგი, მაგრამ დარწმუნდა, რომ წამებით ვერ გატეხდა მის სიმტკიცეს და წყალში დახჩრობა ბრძანა. სიმფეროსას სხეული მდინარიდან ამოიტანა და მიწას მიაბარა მისმა ძმამ, ქალაქის ერთ-ერთმა წარჩინებულმა მოქალაქემ.

მეორე დღეს ადრიანემ მოაყვანინა სიმფეროსას ვაჟები. მათაც ამაოდ არწმუნებდა, განდგომოდნენ ქრისტეს და აღესრულებინათ წარმართული რიტუალი. მათ მიჰბაძეს მშობლების კეთილ მაგალითს და განაცვიფრეს წარმართნი თავიანთი უტეხი სიმტკიცით. უკლებლივ ყველა საშინელი წამებით აღესრულა წარმართული ტაძრის მახლობლად. ადრიანემ ბრძანა, მათი სხეულები თხრილში ჩაეყარათ. ამ ადგილს დიდხანს უწოდებდნენ შვიდი დასჯილის სამარეს. როდესაც დევნა შეწყდა, ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს მარტვილთა ნეშტები (Aცტეს დეს Mარტჰყრს დე ღუინატრ).

რომში აღესრულნენ წმინდა სოფიო და მისი სამი ასული: პისტი, ელპიდე და აღაპი. იმპერატორის წინაშე მდგომი სოფიო ლოცვით ემზადებოდა მარტვილობისათვის და არწმუნებდა თავის ნორჩ ასულებს, სიხარულით გაეღოთ სიცოცხლე ქრისტესთვის: „ჩემო საყვარელო შვილებო, ნუ დაგწყდებათ გული, წარმავალი სიცოცხლე მიუძღვნათ ღმერთს. ნუ დაგენანებათ თქვენი სიყმაწვილე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე შეგმოსავთ უხრწნელებით, მოგანიჭებთ მარადიულ ცხოვრებას. ნუ გაცდუნებთ იმპერატორის მდიდრული საჩუქრები – ყოველივე მიწიერი კვამლივით განქარდება, მხოლოდ ზეციური ძღვენია მარადიული. ნუ შეგაშინებთ ტანჯვა – უფალი მოგივლენთ თავის შემწეობას, გაგაძლიერებთ და გაგამხნევებთ. ჩემო შვილებო, გაიხსენეთ, რომ ტანჯვით გშობეთ, დიდი გაჭირვებით გაგზარდეთ, ახლა ანუგეშეთ მოხუცი დედა და მტკიცედ აღიარეთ ქრისტე“.

დედის ამგვარი ლოცვითა და დარიგებებით შემზადებულმა სამმა ქალწულმა იმპერატორის წინაშე უშიშრად დაიცვა თავიანთი სარწმუნოება. ისინი დედის თვალწინ აღესრულნენ მოწამებრივი სიკვდილით. უფროსი მხოლოდ თორმეტი წლის იყო. სოფიო იმპერატორს არ უწამებია, რადგან მიხვდა, რომ დედა მედგრად გაუძლებდა ყველაფერს მას შემდეგ, რაც შვილების წამება იხილა. მას ნება დართეს, დაეკრძალა ისინი, მესამე დღეს კი თვითონაც ღმერთს მიაბარა სული.

დიდმოწამე ევსტათი პლაკიდაც ადრიანეს დროს შეიქნა მოწამებრივი აღსასრულის ღირსი. ის ტრაიანეს მმართველობის პერიოდში მხედართმთავარი იყო, მაგრამ გაქრისტიანების შემდგომ უარი განაცხადა პატივსა და სიმდიდრეზე და მოისურვა ოჯახით გამგზავრება ქვეყანაში, სადაც შეძლებდა თავისუფლად ემსახურა ღვთისთვის. სხვადასხვა სამწუხარო გარემოებათა გამო მან დაკარგა ოჯახი, გაღატაკდა და იძულებული გახდა, საკუთარი შრომით ერჩინა თავი. ამ ყოველივეს მოთმინებით იტანდა, რადგან იპოვა ფასდაუდებელი საგანძური – ჭეშმარიტი სარწმუნოება, რამაც შეცვალა მისთვის ყველა მიწიერი სიკეთე. მაგრამ გარემოებანი კვლავ იცვალნენ... ევსტათიმ ისევ იპოვა თავისი ოჯახი და იმპერატორის კარზე მნიშვნელოვანი კარისკაცი გახდა.

ერთხელ ადრიანემ დიდი გამარჯვება მოიპოვა მტრებზე და მას წარმართულ ტაძარში უხმო, მაგრამ პლაკიდა არ მივიდა.

– „როგორ, განა შენ არ გმართებს, მადლობის აღვლენა ღმერთებისადმი, რომლებმაც ამდენი სიკეთე მოგანიჭეს, დაგიბრუნეს ოჯახი, სიმდიდრე და გაგამარჯვებინეს მტრებზე?!“ – ჰკითხა მას ადრიანემ.

– „მე ქრისტიანი ვარ და ვმადლობ ჭეშმარიტ ღმერთს. ვერ ვცემ თაყვანს უსულო კერპებს და ვერც ვემსახურები“ – ასეთი იყო პასუხი.

განრისხებულმა ადრიანემ მისი წამება ბრძანა; ასევე აწამეს მისი ცოლი და შვილები, რომლებმაც ევსტათეს მსგავსი სიმტკიცე გამოიჩინეს და მოწამებრივად აღესრულნენ. მათი ხსენების დღეა 20 სექტემბერი.

დიდი ნუგეში მოუტანა ქრისტიანობამ მონებს – ამ უფლებააყრილ ადამიანებს. უკვე აღვნიშნეთ, თუ რაოდენ საშინელი იყო მათი მდგომარეობა წარმართულ საზოგადოებაში. მონები მუდამ საფრთხის მოლოდინით ცხოვრობდნენ, რაკი თავიანთი გულქვა ბატონის საკუთრებად ითვლებოდნენ. მათ გულებში არასდროს კრთებოდა იმედისა და სიხარულის მცირე სხივიც კი. სიკვდილისა და განადგურების გარდა არც არაფერს ელოდნენ ამ უბედური ყოფისაგან... მაგრამ გაბრწყინდა ქრისტიანული სარწმუნოება და მარადისობის ნათლით გააცისკროვნა საცოდავთა ცხოვრება. მართალია, ქრისტიანობას არ შეუცვლია მონათა გარეგნული მდგომარეობა, არ გადაუკეთებია სამოქალაქო კანონები და ურთიერთობები, მაგრამ ასწავლა წესები, რომლებიც ადამიანებს ცვლიდა და მათ სრულყოფისკენ მიუძღვებოდა; მორწმუნეებს ურთიერთისადმი ძმურ სიყვარულს უნერგავდა. ქრისტიანობა ასე შეაგონებდა მონათმფლობელებს: „უფალნი ეგე სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ; უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა უფალივე გივის ცათა შინა“ (კოლ. 4,1); და მონებს: „ერჩდით ყოვლითავე ხორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალთ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტიობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა. და ყოველსავე რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა. უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკვიდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ“ (კოლ. 3,22-24).

ამრიგად, ქრისტიანული სარწმუნოება არ ცვლიდა მონის მძიმე ყოფას, მაგრამ მის შრომას ახალ აზრს აძლევდა: რასაც იგი აქამდე იძულებით აკეთებდა, ახლა ღვთისადმი სიყვარულით იქმოდა; მძიმე მონობა ამსოფლად ქრისტეს მსახურებად გადაიქცა; მონები ამ შრომაშიც უფლისადმი განკუთვნილ ძღვენს ხედავდნენ, ხოლო ტანჯვას აღიქვამდნენ, როგორც გამოცდას. მონური შიშის განცდა შეცვალა ღვთისადმი გულმოდგინე მსახურების მხურვალე, კეთილნებობითმა გრძნობამ. მონას სწამდა, რომ ელოდა საუკეთესო, მარადიული ცხოვრება; რომ როგორც ღვთის საყვარელ შვილს და ზეციური სასუფევლის მემკვიდრეს, განმზადებული ექნებოდა ღვთიური სავანე. ასე აცისკროვნებდა ზეციური ნათელი ადამიანთა ყველაზე მძიმე მიწიერ ხვედრს.

კიდევ შეგახსენებთ ესპერსა და მის ცოლს, ზოიას, რომლებიც მდიდარი რომაელის მონები იყვნენ, ცხოვრობდნენ წარმართულ სახლში და მათ ემსახურებოდნენ მთელი მონდომებით, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები. ჰყავდათ ორი ვაჟი, კვირიაკე და თეოდულე. ყმაწვილებს უმძიმდათ მონობა და ღვთისადმი მოშურნეობით ანთებულები დაუფიქრებლად ნატრობდნენ მოწამეობას. დედა აჩერებდა მათ, სიმშვიდესა და მოთმინებას ურჩევდა; უხსნიდა, რომ წარმართთა შორის ცხოვრების დროსაც შეიძლებოდა ქრისტეს მცნებების აღსრულება და არავის ჰქონდა უფლება, თვითნებურად ჩაეგდო საფრთხეში თავი. მაგრამ ერთხელ პატრონმა ქრისტიანულ ოჯახს მოსთხოვა წარმართული რიტუალის შესრულება, რაზეც აქამდე დამყოლმა, ღვთისმოშიშმა მონებმა უარი განაცხადეს. პატრონის ბრძანებით, კვირიაკე და თეოდულე აწამეს მშობლების თვალწინ, შემდეგ კი ცეცხლში ჩაყარეს ყველანი, რომელთაც ღვთის დიდებაში დალიეს სული. მათი ხსენების დღეა 2 მაისი.

წარმართები გააოგნა მსგავსმა მაგალითებმა. მათ აშკარად დაინახეს ქრისტიანული სარწმუნოების ძალა, რომელიც უძლურებს უნერგავდა უდრეკ სიმტკიცეს, მგლოვიარეებს ნუგეშს ჰფენდა, თავის მიმდევრებს წარმართული სამყაროსთვის უცნობ სათნოებებს შთააგონებდა... ქრისტიანები უშიშრად, სიხარულითაც კი ეგებებოდნენ სიკვდილს, რადგან ურყევად სწამდათ სამომავლო ნეტარი ცხოვრებისა. მათი სასოება საგონებელში აგდებდა წარმართებს და ხშირად არწმუნებდა ქრისტიანული სწავლების ჭეშმარიტებაში.

სამაგიეროდ, ყოველდღიურად იზრდებოდა მისი მტრების: იუდეველებისა და ქურუმების სიძულვილი, რომლებიც ქრისტეს ერთგულ მსახურთ ხან ჭორებს უვრცელებდნენ, ხან ცრუმორწმუნე ხალხს უმხედრებდნენ და საზოგადოების ყველა უბედურების მიზეზად წარმოაჩენდნენ. თუ სადმე შიმშილობა დაიწყებოდა, მიწისძვრა მოხდებოდა, ან სნეულება გავრცელდებოდა, ქურუმები ამ განსაცდელებს აფასებდნენ, როგორც ღმერთების მიერ მოვლინებულ სასჯელს და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ კერპები განრისხებულნი არიან, რადგან ქრისტიანები მათ თაყვანს არ სცემენ; რომ მათი გულის მოსაგებად საჭიროა ქრისტიანთა დასჯა, რითაც ღმერთების გულს მოიგებენ. ხშირად მათგან წაქეზებული მოსახლეობა მიადგებოდა ხოლმე ქალაქის მმართველობას და ყვირილით ითხოვდა, უღმერთოებისათვის (ასე უწოდებდნენ წარმართები ქრისტიანებს) ჭკუა ესწავლებინათ. გასართობი თამაშების დროს, რაც ყველა ქალაქში ხალხის საყვარელი სანახაობა იყო, ქრისტიანებზე გაგულისებული მაყურებელი ერთხმად ბღაოდა ცირკში: „ქრისტიანები ლომებს მიუყარეთ!“; და ქალაქის მმართველობაც ამ მოთხოვნას ასრულებდა. ასე აღესრულა უამრავი ქრისტიანი...

ქრისტიანების მიმართ არანაკლები ბოროტება ჩაიდინეს ცრუმასწავლებლებმაც, რომლებიც ამ დროისთვის მეტისმეტად გამრავლდნენ, ისინი მეტწილად ე.წ. გნოსტიკოსები იყვნენ. ისინი ქრისტეს არ ცნობდნენ ღმერთად; სამყაროს შექმნას მიაწერდნენ ეონებს, ანუ ძალებს, და აღიარებდნენ ორ საწყისს: კეთილსა და ბოროტს, ანუ ნათელსა და ბნელს. სირიასა და ეგვიპტეში თავიანთ ცრუსწავლებებს ჯიუტად ავრცელებდნენ სატურნილე, ბასილიდე, კარპოკრატე. ალექსანდრიაშიც მრავალი მიმდევარი ჰყავდა ამ ერესებს, რომლებიც ხან აღმოსავლურ და ბერძნულ ფილოსოფიურ მოძღვრებებს ერწყმოდნენ, ხან იუდეური სექტების მიკერძოებულ შეხედულებებს ერეოდნენ.

ერთობ საოცარია, რომ უამრავი ერეტიკოსი, რომლებიც ქრისტიანობისთვის მიუღებელ აზრებს ქადაგებდნენ, საკუთარ თავს ქრისტიანებსა და ქრისტიანული სწავლების ყველა საიდუმლოს გამორჩეულ მცოდნეებს უწოდებდნენ; მოძღვრებათა წარმატებით გასავრცელებლად თავიანთ წიგნებს მოციქულების ან ძველი პატრიარქების ნაწერებად ასაღებდნენ; თხზავდნენ ცრუ სახარებებს, რომლებშიც იმოწმებდნენ სხვადასხვა ლეგენდას იესო ქრისტეს ბავშვობაზე, მის ჯოჯოხეთში შთასვლაზე და ა.შ. ამ ერეტიკოსთა დიდი ნაწილი სახარებისეული სწავლების საპირისპირო ცხოვრებას ეწეოდა: ერთნი ქადაგებდნენ, რომ ხორციელზე სულიერის გასამარჯვებლად, თავშეკავების გარდა სხვა სათნოება საჭირო არ არის; მეორენი მიიჩნევდნენ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი. ამ მანკიერი რწმენის საფუძველზე ისინი ყოვლად უწესო და გარყვნილ ცხოვრებას მისდევდნენ და სხვებსაც ასწავლიდნენ, რომ დევნის დროს სარწმუნოების უარყოფა დასაშვებია. გნოსტიკოსთა ასეთი აღვირახსნილობის გამო ქრისტიანებს უსამართლოდ კიცხავდნენ წარმართები, რომლებიც ცრუმოძღვრებასა და სახარებისეულ სწავლებას შორის განსხვავებას ვერ ხედავდნენ; ქრისტიანებსაც ერეტიკოსთა ცხოვრების წესის მიხედვით განიკითხავდნენ და ყველა გარყვნილებაში სდებდნენ ბრალს; ამასთან უვრცელებდნენ ყველაზე გაუგონარ ჭორებს: თითქოს თავიანთ საიდუმლოთა აღსრულებისას ქრისტიანები იმიტომ არ აძლევდნენ დასწრების ნებას უცხოს, რომ თავყრილობებზე ადგილი ჰქონდა წრეგადასულ უზნეობას და საშინელ დანაშაულებს; თითქოს ახალმოქცეულს პურის სახით ფქვილშეფრქვეულ ცოცხალ ჩვილს აწვდიდნენ, რომელიც უნდა დაეკლა, შემდგომად ამისა კი ყველა სვამდა მის სისხლს და ჭამდა ხორცს.

აი, როგორ გადმოსცემდა წარმართთა მახინჯი აზროვნება უსისხლო მსხვერპლშეწირვასა და მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებას! ამ ცრუ ბრალდებებმა და დევნამ ზოგიერთ ქრისტიანს აღუძრა სურვილი, წერილობით დაეცვათ თავიანთი სარწმუნოება, სწავლება და ცხოვრების წესის უზადობა. კოდრატემ, ათენის ეპისკოპოსმა და მოციქულთა მოწაფემ, დაწერა აპოლოგია, ანუ მსჯელობა ქრისტიანთა დასაცავად, და მიართვა ადრიანეს, როცა ამ უკანასკნელმა ათენი მოინახულა. ასევე მოიქცა მეორე ათენელი ქრისტიანი, არისტიდე. ამ აპოლოგიებში უკუგდებული იყო ცილისწამებები ქრისტიანების მიმართ. თავად ადრიანე სწავლობდა ფილოსოფიურ სისტემებს და ყურადღებით უსმენდა სწავლულთა პაექრობებს, ამიტომაც ქრისტიანულ სარწმუნოებას მხოლოდ წარმართებისა და ალექსანდრიელი გნოსტიკოსების შეფასებებიდან იცნობდა. წმინდა სწავლების მართლად გადმოცემამ ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და აკრძალა კიდეც ქრისტიანთა გასამართლება დანაშაულის სამხილის გარეშე.

მალე ქრისტიანების სასარგებლოდ სხვა გარემოებაც გამოჩნდა. ერთმა პატიოსანმა წარმართმა, მცირე აზიის პროკონსულმა სერენიუს გრაციანემ იმპერატორს წერილი მისწერა, რითაც ატყობინებდა, თუ რაოდენ უსამართლოა, აჰყვე ხალხის ყაყანს და სიკვდილით დასაჯო ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანები არიან. ადრიანემ წერილითვე უპასუხა პროკონსულს და მიუთითა, არად ჩაეგდო ბრბოს შეძახილები: „თუ შეუძლიათ, საჯაროდ დაადასტურონ თავიანთი საჩივარი ქრისტიანებზე და მაშინ მიმართონ სამსჯავროს; ყიჟინსა და შეძახილებს კი თავი დაანებონ. თუ ბრალმდებელი დაამტკიცებს, რომ ქრისტიანები არღვევენ კანონს, მაშინ საქმე გადაწყვიტე დანაშაულის ხარისხის მიხედვით. მაგრამ თუკი ვინმე განიზრახავს, ცილი დასწამოს მათ, იგი ბოროტმოქმედად მიიჩნიე და იზრუნე, რომ დაისაჯოს“.

ამ განკარგულებით ბოლო მოეღო ქრისტიანთა მესამე დევნას. ადრიანეც თავისი მმართველობის ბოლო წლებში საკმაოდ კეთილად იყო განწყობილი მათ მიმართ. ერთი ძველი დროის მწერალი ლამპრიდიუსი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ იმპერატორს სურდა, იესო ქრისტე ერთ-ერთ ღმერთად შეერაცხა. ერთი რამ უდავოა – მაშინდელ გამოცემულ ბრძანებებში იგრძნობა ქრისტიანობის გავლენა. აი, თუნდაც ის, რომ ადრიანემ აკრძალა ღმერთებისადმი ადამიანების მსხვერპლად შეწირვა, მფლობელებს ჩამოართვა თავიანთი მონების სიცოცხლის ხელყოფის უფლება და საერთოდ გამოსცა მათი ხვედრის შემამსუბუქებელი რამდენიმე განკარგულება.

ამასობაში საყოველთაო ყურადღება მიიპყრო იუდეაში აფეთქებულმა აჯანყებამ. იუდეველები დიდი ხანია ეძებდნენ შემთხვევას, რათა გადაეგდოთ მათთვის საძულველი რომის იმპერიის უღელი. ტრაიანეს მმართველობის დასასრულს ისინი აჯანყდნენ და ბევრ ქვეყანაში საშინელი ბოროტებანი ჩაიდინეს; მაგალითად, ალექსანდრიაში მოულოდნელად დაესხნენ მოქალაქეებს და ორასი ათას კაცამდე ამოხოცეს წამებით. მათი გააფთრება იქამდე მიდიოდა, რომ დახოცილთა სისხლს სვამდნენ. კვიპროსზეც დაახლოებით ორასორმოცი ათასი ადამიანი გაწყვიტეს. ამ ბოროტმოქმედებათა გამო წარმართებმა საშინლად იძიეს შური. ტრაიანემ ძლიერი ლაშქრით ჩაახშო იუდეველთა ამბოხი.

რაც შეეხება ადრიანეს, მან თავისი მმართველობის დასაწყისში მოინახულა იერუსალიმი და საკერპო ბომონი აღმართა იქ, სადაც ოდესღაც სოლომონის ტაძარი იდგა. უსაზღვროდ განრისხებულმა იუდეველებმა დროებით ჩაიბრუნეს გულში ბოღმა და მრავალი წლის განმავლობაში ფარულად ემზადებოდნენ ხელახალი აჯანყებისთვის: თათბირობდნენ, გაჰყავდათ მიწისქვეშა საიდუმლო გასასვლელები ქალაქის იარაღითა და სანოვაგით მოსამარაგებლად. მათ შორის გამოჩნდა მამაცი და გამჭრიახი ავაზაკი, სახელად ბარ-კოხბა, რაც „ვარსკვლავის ძეს“ ნიშნავს, და სათავეში ჩაუდგა მეამბოხეებს. იგი თავს მესიად ასაღებდა, საამისოდ იშველიებდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებს და მომხრეებს გათავისუფლების დიდ იმედს აძლევდა. ბარ-კოხბამ იუდეის ქრისტიანების მიმხრობაც სცადა, თან მოსთხოვა, ეღიარებინათ მესიად და განდგომოდნენ ქრისტეს, და როდესაც მათგან უარი მიიღო, დაუნდობლად გაუსწორდა.

მისი ბანდა დღითიდღე იზრდებოდა და 135 წელს აჯანყებამ იფეთქა. ადრიანემ მათ დასასჯელად გაგზავნა ძლიერი ლაშქარი, რომელმაც იერუსალიმი, არც თუ კარგად გამაგრებული, მალე აიღო. სამაგიეროდ, მეორე ქალაქი ბეთარა დიდხანს იცავდა თავს. თავიანთი წინამძღოლისადმი ურყევი რწმენითა და თავისუფლების იმედით გამხნევებული იუდეველები ისე მამაცურად იდგნენ, რომ ომმა დაახლოებით ოთხ წელს გასტანა. ბოლოს გამარჯვება რომაელთა მნიშვნელოვნად ჭარბ ძალებს დარჩა. ამ ომში დაიღუპა დაახლოებით ექვსასი ათასი იუდეველი, ბევრიც მონად გაიყიდა. იერუსალიმი კიდევ ერთხელ დაანგრიეს და გუთნით გადახნეს ის ადგილი, სადაც ადრე ტაძარი იყო აღმართული[2]. ქალაქის ნანგრევებზე, უფრო ზუსტად, მის ჩრდილოეთ ნაწილში კვლავ აღმოცენდა ახალი ქალაქი – სხვა სახელითა და სხვა მცხოვრებლებით – ელია კაპიტოლინა, იუდეველებს კი სიკვდილით დასჯის მუქარით აეკრძალათ იქ შესვლა და ძველი სიონის ირგვლივ დასახლება. მათ მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ტიტუსის მიერ იერუსალიმის დანგრევის დღეს, ეძლეოდათ ნებართვა, ისიც საფასურის გადახდით, შორიდან შეევლოთ თვალი ადგილისთვის, სადაც ოდესღაც მათი სიწმინდე იდგა და გაეხსენებინათ წარსული მარცხი და სამუდამო განდევნა.

ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა ქრისტიანებზე, რომლებიც ომში არ მონაწილეობდნენ. მათ საცხოვრებელი ადგილი შეინარჩუნეს და ელიის ეკლესიის ეპისკოპოსიც ყოველთვის პატივით სარგებლობდა დანარჩენ ეპისკოპოსთა შორის. მაგრამ ადრიანემ ქრისტიანებისთვის ძვირფასი ადგილების ხელყოფაც მოისურვა. მისი ბრძანებით გოლგოთაზე, უფლის საფლავსა და ბეთლემის მღვიმის თავზე წარმართული ბომონები აღმართეს.

იუდეური სექტები – ებიონელნი და ნაზორეველნი უფრო მჭიდროდ დაუახლოვდნენ გნოსტიკურ სისტემებს და ამასთან მკაცრად შეინარჩუნეს მოსეს რჯულის წეს-ჩვეულებები.

იუდეველებმა თავიანთი უბედურება მიაწერეს რჯულიდან განდგომას და ხელი მიჰყვეს მის გამოწვლილვით შესწავლასა და გამოძიებას, რისთვისაც ტიბერიადაში რაბინიზმის სკოლაც კი გახსნეს. იქ წმინდა წერილის თითოეული სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობების განმმარტებლები იქამდე მივიდნენ, რომ სრულიად შეცვალეს და დაამახინჯეს საღვთო წერილის არსი. ზემოხსენებულმა განმარტებებმა სათავე დაუდო ახალ რჯულდებით წიგნს – თალმუდს. სხვადასხვა ოლქში მიმოფანტული იუდეველები თავიანთ ორ უმაღლეს მთავარს უწოდებდნენ პატრიარქებს. ერთი მათგანი ცხოვრობდა ტიბერიადაში, მეორე – ბაბილონში.

ჩვენამდე მოღწეული იმდროინდელი ქრისტიანული ნაწერებიდან აღსანიშნავია უცნობი ავტორის ეპისტოლე „დიოგნეტესადმი“, საიდანაც მოვიყვანთ ნაწყვეტს:

“ქრისტიანები სხვათაგან არ გამოირჩევიან არც წარმოშობითა და საცხოვრებელი ადგილით, არც ენით, არც სამოქალაქო ყოფით... ისინი თავიანთ ქალაქებში სახლობენ, როგორც მწირნი; ყველაფერში მონაწილეობენ, როგორც მოქალაქენი, მაგრამ ყოველივეს ითმენენ, როგორც მგზავრები... ცხოვრობენ სხეულში, ოღონდ არა ხორცისთვის; ემორჩილებიან კანონებს, მაგრამ თავიანთი ცხოვრებით მათზე მაღლა დგანან. მათ არ იცნობენ, მაგრამ ცილს სწამებენ; ხოცავენ, მაგრამ მაინც ცოცხლობენ; თავად ღატაკნი სხვებს ამდიდრებენ; არაფერი გააჩნიათ და მარადის კმაყოფილნი არიან... ქრისტიანები მთელ დედამიწაზე არიან განფენილნი. როგორ მოხდა ეს? ეს ღვთიურმა ძალამ მოახდინა და არა ადამიანმა. ვინ არის ქრისტიანული სარწმუნოების მესაძირკვლე? თავად ყოვლისშემძლე ღმერთმა, სამყაროს შემოქმედმა გარდამოავლინა ზეციდან ჭეშმარიტება, წმინდა და გამოუძიებელი სიტყვა თვისი... ჩვენთან მოავლინა სამყაროს განმგებელი, ის, რომლის მიერაც შეიქმნა ზეცა, დაედო ზღვარი წყალს; ვისაც ჰმონებენ სტიქიონები და ვისი წამისყოფითაც მზე გადაადგილდება. ვისაც მორჩილებს ცა და ყოველივე ციური, ქვეყანა და ყოველივე მიწიერი. დედამიწაზე მის მოვლინებამდე არავის უხილავს ღმერთი, არავის შეეძლო სცოდნოდა იგი. ის თავად მოგვევლინა და ახლაც ევლინება სამყაროს. მისი ხილვა რწმენით ხდება შესაძლებელი“.

ავტორი შენიშნავს, რომ ქრისტიანობაში ცოდნა და ცხოვრება მჭიდროდ უკავშირდება ურთიერთს – სპეტაკი ცხოვრების გარეშე სწორი ცოდნა არ მოგეცემა, ვერც ცოდნის გარეშე იცხოვრებ მართლად. იგი აყალიბებს უზუსტეს სწავლებას ძე ღვთისას – სამყაროს მეფისა და მსაჯულის – მიერ ადამიანების გამოსყიდვის შესახებ: „როდესაც მოიწია ღვთის მიერ თავისი სახიერების გამოსავლენად დადგინებული ჟამი... მაშინ იტვირთა მან ჩვენი ცოდვები; მისცა ჩვენი გამოსასყიდის ფასად საკუთარი ძე – წმინდა უწმინდურთათვის, უცოდველი ცოდვილთათვის, მართალი ურჯულოთათვის, უკვდავი მოკვდავთათვის... ენა უძლურია, გამოთქვას შემოქმედის სიბრძნე! მრავალთა სიცრუე დაფარა ერთი ღმერთის სიმართლემ!.. ასე შევიტყვეთ ჩვენი ბუნების სრული უუნარობა და უძლურება, [თავად] დაიმკვიდროს ცხოვრება; ასე შევიცანით მაცხოვარი ჩვენი, რომლის მიერაც შეუძლებელი შესაძლებელ იქმნა“.

ამგვარი ამაღლებული და წმინდა სწავლება განსაკუთრებით აუცილებელი იყო, რადგან გნოსტიკოსები უარყოფდნენ ქრისტეს ღმერთობას და, მაშასადამე, გამოსყიდვასაც. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ადამიანს მაინც არ ძალუძს ბოროტი საწყისის ძლევა და აქედან გამომდინარე უაღრესად გარყვნილი ცხოვრებაც მისაღებად მიაჩნდათ. ნამდვილი ქრისტიანი კი აცნობიერებს თავისი ცოდვილი ბუნების უძლურებას და გამომსყიდველი ქრისტეს ძალითა და სიყვარულით იმარჯვებს ბოროტებაზე.

ადრიანეს მმართველობის დროს ცხოვრობდა ცნობილი ქრისტიანი მწერალი, იუდეველთაგან მოქცეული, ეგეზიპე – ეკლესიის ისტორიის პირველი მემატიანე. მისმა თხზულებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ მის რამდენიმე ნაწყვეტს გვაცნობს ისტორიკოსი ევსები, რომელიც მესამე საუკუნის ბოლოსა და მეოთხის დასაწყისში ცხოვრობდა.

 

[1] ტიბური მდებარეობს ტიბოლთან, რომის მახლობლად. იქ დღესაც მოჩანს ძველი შენობის ნანგრევები; მას "ვილა ადრიანას" უწოდებენ.

[2] რომის კანონების მიხედვით იქ, სადაც გუთნით გადახნავდნენ, აკრძალული იყო რაიმეს აშენება სენატის განსაკუთრებული ნებართვის გარეშე.

 

 

     

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა