martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 14

იუდეველთა ომი. იერუსალიმის დაცემა

 

ახლოვდებოდა ჟამი, როცა საშინელი სასჯელი უნდა მიჰგებოდათ იუდეველებს, რომლებმაც უგუნური გაკერპებით უკუაგდეს ჭეშმარიტება და ცხონება. რომაელთა ქვეშევრდომად ყოფნა სულ უფრო მძიმე ხდებოდა მათთვის, გამუდმებით ღელავდნენ და დღე-დღეზე ელოდნენ მესიის გამოჩენას, რომელიც, მათი აზრით, გაათავისუფლებდა საძულველი უღლისგან და ყველა ერზე მეტად განადიდებდა. რომის მმართველობა იძულებული ხდებოდა, ძალით მოეთოკა ეს მღელვარებანი, რაც კიდევ უფრო განარისხებდა იუდეველებს. მათთვის ყველაფერი ამბოხის საბაბი ხდებოდა. იუდეველები მზად იყვნენ, დაეჯერებინათ ყველასთვის, ვინც გაუღვივებდა დამოუკიდებლობის მოპოვების იმედს, და მიემართათ ყველაზე თავზეხელაღებული წამოწყებისთვის. მოგვები და ჯადოქრები ხალხს აცდუნებდნენ მოჩვენებითი სასწაულებით, რაც თითქოსდა გამოხსნის მოახლოებას იუწყებოდა. ცრუწინასწარმეტყველებს უზარმაზარი ბრბოები მიჰყავდათ უდაბნოში, რათა იქ დალოდებოდნენ მესიის მოვლინებას. ვიღაც ეგვიპტელმა ოცდაათი ათასამდე კაცი შეკრიბა ზეთისხილის მთაზე და მოუწოდა – აქედანვე გაელაშქრათ იერუსალიმზე, რათა გაეთავისუფლებინათ უცხოთა ბატონობის სირცხვილისგან. თან დააიმედა, რომ მის ერთ სიტყვაზე წმინდა ქალაქის გალავანი დაემხობოდა. ამ ბრბოს დაშოშმინება მხოლოდ იარაღის ძალით გახდა შესაძლებელი.

ზილოტები, ანუ მოშურნენი, თავგამოდებით ცდილობდნენ, იუდეველებში აღეძრათ რომაელებისადმი სიძულვილი. ზილოტების სექტა შეიქმნა დაახლოებით ქრისტეს შობის დროს, მაშინ, როდესაც სირიის პროკურატორმა სულპიციუს კვირინიოსმა, იმპერატორის ბრძანებით, ხარკის აკრეფისათვის მოსახლეობის აღწერა წამოიწყო. მაშინ ერთმა გალილეველმა, სახელად იუდამ, მრავალი თანამზრახველი შემოიკრიბა და მიმართა: განა დიდი ცოდვა არ არის, ღვთის ერმა წარმართ იმპერატორს უხადოს ხარკი?! მან ამბოხი წამოიწყო, რის დროსაც თავადვე დაიღუპა, მაგრამ მის მოწოდებებს ძალიან ბევრი გაჰყვა. იუდა გალილეველის ორი ძე ჯვარს აცვეს, როგორც მეამბოხეთა ბანდების მეთაურები. მესამე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მონაწილეობდა იუდეველთა ომში.

ზილოტებმა რჯულისადმი მხურვალე მოშურნეობის საბაბით საშინელ დარბევებსა და შფოთში უამრავი ხალხი ჩაითრიეს. ისინი უზარმაზარ ბანდებად დაეხეტებოდნენ ოლქებში, მათ უერთდებოდნენ ქურდები და ყაჩაღები და დაუსჯელად ძარცვავდნენ ქვეყანას... თავად იერუსალიმში საშინელ ბოროტმოქმედებებს სჩადიოდნენ მკვლელთა ბრბოები. თუ ამასთან გავიხსენებთ იუდეველთა და სამარიტელთა შორის მუდმივ შუღლს, რელიგიური სექტების ურთიერთმტრობას, რომაელებისადმი საერთო უკმაყოფილებას, იუდეველებისა და უცხოტომელების დაპირისპირებას, შეიძლება დაახლოებით წარმოვიდგინოთ, რა საშინელ მდგომარეობაში იყო და როგორ დრტვინავდა მთელი იუდეა.

იმავდროულად ადამიანებს არანაკლებ აღელვებდათ და აშინებდათ უცნაური წინათმოსწავებანი, რომლებიც უდიდესი მოვლენების მოახლოებაზე მიუთითებდნენ. იუდეველები ძრწოლით ლაპარაკობდნენ, რომ ტაძრის კარი, რომელსაც სიმძიმის გამო ოცი კაცი ძლივს ძრავდა, ერთხელ თავისით გაიღო; რომ პასექის დროს ღამით უჩვეულო ნათელმა გაანათა სამსხვერპლო; რომ ერთ საღამოს მთელმა ერმა იხილა იერუსალიმის ცაზე მხედრების შებრძოლება, რომლებიც ქალაქის თავზე დაქროდნენ და ბოლოს ცეცხლოვან გალავნად შემოერტყნენ მას; რომ მეერგასე დღეს მღვდლებმა ტაძარში მოისმინეს ნაბიჯების ხმა და სიტყვები: „აქედან წავიდეთ“.

ომის დაწყებამდე ჯერ კიდევ ოთხი წლით ადრე იერუსალიმში გამოჩნდა ვიღაც მიწის მუშა, სახელად იეშუა, ძე ანანიასი. იგი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე დაეხეტებოდა და ხმამაღლა გაიძახოდა: „ვაი! ვაი! ვაი ტაძარს! ვაი იერუსალიმს! ხმა აღმოსავლეთიდან! ხმა დასავლეთიდან! ხმა ოთხივ კუთხიდან იერუსალიმის წინააღმდეგ!“ იგი შეიპყრეს. ყოველგვარ დაკითხვას, მუქარას და ლანძღვას იეშუა მხოლოდ ამ ავისმომასწავებელი სიტყვებით პასუხობდა. მიჰგვარეს მმართველს, რომელმაც ბრძანა ეცემათ. ის არც აქ ითხოვდა შეწყალებას, მხოლოდ ყოველი დარტყმის შემდეგ შესაბრალისი ხმით მოსთქვამდა: „ვაი, ვაი იერუსალიმს!“. ბოლოს თავი დაანებეს, რადგან შეშლილად ჩათვალეს, მან კი ისევ განაგრძო ქალაქში ხეტიალი, არავისთან საუბრობდა, მხოლოდ დღეღამ ერთსა და იმავეს იმეორებდა. საზეიმო დღეებში უფრო ხმამაღლა და შესაბრალისი ხმით გაჰყვიროდა ამ სიტყვებს. ეს მთელ შვიდ წელიწადს გრძელდებოდა. როდესაც ქალაქი ალყაში მოექცა, იგი გალავანზე გადი-გამოდიოდა და გაიძახოდა: „ვაი, იერუსალიმს!“ უკანასკნელად კი დაურთო: „ვაი მე!“ და მაშინვე რომაელთაგან ნასროლმა უზარმაზარმა ქვამ მოკლა.

მშფოთვარე იუდეველებთან საერთო ენის გამონახვა მეტისმეტად რთული იყო პროკურატორებისთვის, რომლებიც სხვა სარწმუნოებას აღიარებდნენ და ზოგჯერ უნებლიედ, ბოროტი განზრახვის გარეშე, ხელყოფდნენ ერისთვის წმინდა წეს-ჩვეულებებს. რომის დროშა წმინდა ქალაქში, წარმართი მცველები ტაძრის კარიბჭესთან – ეს ყოველივე იუდეველებს თავიანთი სიწმინდეების შებილწვად მიაჩნდათ, რაც სისხლიანი არეულობების გამომწვევი ხდებოდა ხოლმე. პროკურატორთაგან ზოგიერთი ანგარიშს უწევდა დაპყრობილი ერის თავმოყვარეობას და გაურბოდა ისეთ ქმედებას, რაც შეიძლებოდა ხალხს რჯულისა და ტრადიციების ხელყოფად აღექვა. მაგრამ რომიდან მოვლინებულმა ორმა უკანასკნელმა პროკურატორმა – ალბინემ და ჰესიუს ფლორმა იუდეველები სასოწარკვეთილებამდე მიიყვანეს თავიანთი ანგარებისმოყვარებითა და დაუნდობლობით. ჰესიუს ფლორი, ნაცვლად იმისა, რომ ავაზაკთა ბანდები მოეთოკა, ფარულად ხელსაც უწყობდა, რისთვისაც ნაძარცვიდან წილს იღებდა. იგი საშინლად ჩაგრავდა იუდეველებს, რომელთათვისაც მისი მმართველობის დროს არც მართლმსაჯულება არსებობდა და არც კანონი. ერთხელ საჩივარი შეიტანეს მასზე, მაგრამ ამას საერთოდ არავინ მიაქცია ყურადღება; შემდეგ ფლორმა გაძარცვა იერუსალიმის ტაძრის საგანძური და თავის მეომრებს სამი ათასამდე იუდეველი დაახოცინა. ამან ხალხის მოთმინებას ზღვარი დაუდო – გადაწყდა ხელთ იარაღის აღება... და აჯანყება ალივით მოედო მთელ ქვეყანას.

მამაცი და თავგანწირული მეთაურების, უპირატესად ზილოტების, წინამძღოლობით იუდეველებმა აიღეს მასადას ციხესიმაგრე და მასში ჩამდგარი რომაელ მეციხოვნეთა ლაშქარი ამოხოცეს. ზომიერი ფრთა კიდევ ცდილობდა, შეეჩერებინა ერი საბოლოო განხეთქილებისგან რომთან, მაგრამ რჩევებსა და შეგონებებს უკვე აღარავინ უჯერებდა. ზილოტებმა დახოცეს მღვდელთმთავარი ანანაია, რომელიც დანებებას ურჩევდა, მისი მომხრეები და გადაწვეს მეფის სასახლე; შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს არქივს, სადაც ვალების ჩანაწერები ინახებოდა და ამით ბევრი მომხრე შეიძინეს. მალევე აიღეს რომის მთავარი ციხესიმაგრე იერუსალიმში.

ამ აჯანყებამ 66 წელს იფეთქა. ალბათ, იუდეველები უფრო მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწევდნენ, ომის დასაწყისშივე თავი რომ არ ეჩინა მათ შორის განხეთქილებებს, რაც უბედურებათა ძირითადი მიზეზი შეიქნა. მეამბოხეთა მეთაური იყო მანაჰიმი, ზილოტების სექტის დამაარსებლის – იუდა გალილეველის ძე. იგი თავს რჯულის მგზნებარე დამცველად წარმოაჩენდა და რომაელთა წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებდა ერს, რომელზეც უზარმაზარი გავლენა მოიპოვა, რაც პირველმა წარმატებებმა უფრო გააძლიერა. ამის გამო მანაჰიმმა გადაიმტერა ძალაუფლების მეორე მძებნელი, ელეაზარი, მოკლული მღვდელთმთავრის, ანანიას, ძე. იგი, ნაცვლად იმისა, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ გაეერთიანებინა ძალები, მომხრეებს მანაჰიმის ძალაუფლების დასამხობად აგროვებდა. ამას მიაღწია კიდეც – მოულოდნელად დაესხა თავს მანაჰიმს, სიკვდილით დასაჯა იგი და მმართველობა ხელთ იგდო. შემდეგ ალყა შემოარტყა ციხესიმაგრეს, სადაც ჯერ კიდევ იყვნენ გამაგრებულნი რომაელ მეციხოვნეთა ნარჩენები, დაარწმუნა ისინი, იარაღი დაეყარათ, სანაცვლოდ სიცოცხლის შენარჩუნებასა და თავისუფლებას შეჰპირდა. დიდი ხნის ნაშიმშილებმა რომაელებმა დაუჯერეს დანაპირებს, დანებდნენ, მაგრამ იუდეველებმა უკანასკნელ კაცამდე ამოწყვიტეს ისინი.

ეს საშინელი მუხანათობა შაბათ დღეს მოხდა. თავად დამნაშავეებიც კი შეაძრწუნა საკუთარმა ბოროტმოქმედებამ. ადამიანები შიშით ელოდნენ რომაელთა მხრიდან სამაგიეროს გადახდას, ან უფლის რისხვას ჩადენილი სისასტიკისა და წმინდა დღის ხელყოფისთვის. ყველა გრძნობდა, რომ ომი გარდაუვალი იყო.

მალე იერუსალიმში საშინელი ამბავი შეიტყვეს. იმავე დღეს, როდესაც მუხანათურად ამოწყვიტეს რომაელი მეციხოვნენი, კესარიაში მცხოვრები იუდეველები საზარელი ბოროტების მსხვერპლნი შეიქნენ. ისინი იქ დასახლებულ ბერძნულ მოსახლეობას დიდი ხნიდან მტრობდნენ, რაც ხშირად სისხლიანი შეტაკებით მთავრდებოდა. ახლა, როდესაც აჯანყებამ იფეთქა, ჰესიუს ფლორის მფარველობით შეგულიანებული კესარიელები მოულოდნელად თავს დაესხნენ იუდეველებს და ოცი ათას კაცამდე ამოხოცეს. პროკურატორმაც, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავენი დაესაჯა, თავისი რისხვა დაატეხა ცოცხლად გადარჩენილ იუდეველებს და ისინი მძიმე სამუშაოზე გაგზავნა შორეულ ქალაქებში.

როგორც კი ამ ამბავმა იერუსალიმამდე მიაღწია, იუდეველებმა დაიწყეს ზღვარდაუდებელი, დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტა ყველა მეზობელ ოლქში, სადაც ისედაც მუდმივად ემტერებოდნენ უცხოტომელებს, მეტწილად ბერძნებს. ყაჩაღთა უზარმაზარი ბანდები დათარეშობდნენ ქალაქებსა და დაბებში. ცოტა ხანში სირიაში, პალესტინასა და მცირე აზიაში სისხლის ტბები დადგა. არც იქაურებმა დაინდეს იუდეველები: სკითოპოლისში მუხანათურად ამოხოცეს დაახლოებით ცამეტი ათასი, დამასკოში – ათი ათასი, პტოლემაიდასა და ასკალონში – ხუთი ათასამდე ადამიანი. სირიისა და პალესტინის ქალაქები საშინელი სანახავი იყო: იქაურობა გვამებით ივსებოდა, სისხლის მდინარეები მიედინებოდა... ალექსანდრიასა და ეგვიპტეში უამრავი იუდეველი ცხოვრობდა. ჯერ კიდევ ალექსანდრე დიდმა უბოძა მათ ისეთივე უფლებები, როგორიც ადგილობრივ მოქალაქეებს ჰქონდათ, მაგრამ ალექსანდრიელებს სძულდათ ისინი და როგორც კი საშუალება მიეცათ, ხუთი ათასამდე კაცი გაწყვიტეს.

სირიის რომაელმა პროკურატორმა ცესტიუს გალიუსმა ძლიერი არმია დაძრა იუდეისკენ, იოლად დაიკავა გალილეის ქალაქები: ლიდია, ზაბულონი და იერუსალიმიდან რამდენიმე სტადიის[1] მოშორებით შეჩერდა. ამ დროს იერუსალიმში კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მიუხედავად დღესასწაულის სიწმინდისა, იუდეველებმა მნიშვნელოვან ძალებს მოუყარეს თავი და გააფთრებით ეკვეთნენ რომაელებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, დიდი დანაკარგით უკან დაეხიათ. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ცესტიუსი კიდევ უფრო მიუახლოვდა იერუსალიმს, გადაწვა შემოგარენი და ალყა შემოარტყა. იერიშით ალბათ არ გაუჭირდებოდა ქალაქის აღება, რომელიც ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული თავდასაცავად. ამასთან, მცხოვრებნი ორ მხარედ იყვნენ გაყოფილნი: ზოგს სურდა უკანასკნელ შესაძლებლობამდე დაეცვა თავი, მაგრამ უმრავლესობა, ზილოტებზე გაგულისებული, მზად იყო, დანებებოდა რომაელებს. მათ ცესტიუსს ქალაქში ფარულად შეშვებაც კი შესთავაზეს, მაგრამ იგი მოტყუვდა, არ მიიღო ეს წინადადება, უცებ მოხსნა ალყა და გაბრუნდა, რამაც იუდეველთა აუწერელი გაოცება გამოიწვია. გამხნევებულნი უკან მიმავალ ლეგიონებს გამოედევნენ, ხელთ იგდეს საალყე იარაღი და ამოხოცეს რომაელთა უდიდესი ნაწილი. ცესტიუსმა თავისი საამაყო ლაშქრის უმნიშვნელო ნარჩენებთან ერთად ძლივს გაასწრო.

რომაელთა ასეთი უეცარი და მოულოდნელი გაცლა ღვთის უდიდესი წყალობა იყო ქრისტიანებისთვისაც, რომელთაც საშუალება მიეცათ, დაეტოვებინათ იერუსალიმი. როდესაც წმინდა ქალაქის ირგვლივ დაინახეს რომის დროშები, რომლებზეც წარმართული ღმერთები იყვნენ გამოსახულნი, ალბათ, გაახსენდათ მაცხოვრის სიტყვები: „რაჟამს იხილოთ იერუსალემსა გარე-მოდგომილი ერი მხედრებისაჲ, მაშინ გულისხმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოხრებაჲ მისი. მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ“ (ლუკ. 21,20-21). ქრისტიანებმა თავიანთ ეპისკოპოსთან ერთად დატოვეს იქაურობა და წავიდნენ პატარა ქალაქ პელაში, რომელიც მდებარეობდა იორდანეს მეორე ნაპირზე, მთებში. აღსანიშნავია, რომ ამ სისხლისმღვრელ ომში ერთი ქრისტიანიც არ დაღუპულა.

წარმატებით გამხნევებული იუდეველები მონდომებით შეუდგნენ თავდაცვისთვის მზადებას, რადგან ახალ თავდასხმას ელოდნენ. მათ დროებით შინაომებიც გადადეს და შეუდგნენ საერთო საქმეს: აირჩიეს მეთაურები, გულმოდგინედ შეაკეთეს დაზიანებული გალავანი და კოშკები, აღმართეს ახალი სიმაგრეები, აწრთობდნენ იარაღს, იმარაგებდნენ სანოვაგეს, თავს უყრიდნენ ჯარისკაცებს... ყველა ოლქში გაგზავნეს გამოცდილი წინამძღოლები, რომელთაც დაავალეს ქალაქების გამაგრება და მომარაგება ყველაფრით, რაც თავდაცვითი ომისთვის იყო საჭირო. გალილეა ჩააბარეს იოსებ ფლავიუსს, რომელმაც, როგორც თვითმხილველმა, აღწერა აქაური საომარი მოქმედებანი. იუდეველთა ომის შესახებ ჩვენი თხრობაც ძირითადად ჩვენამდე მოღწეული მისი ნაშრომის მიხედვით არის აგებული.

ცესტიუს გალიუსის დამარცხებამ საშინლად განარისხა იმპერატორი ნერონი და იუდეველთა წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გააგზავნა უზარმაზარი ლაშქარი მამაცი და გამოცდილი მთავარსარდლის – ვესპასიანეს მეთაურობით. ამ უკანასკნელმა საომარი მოქმედებები გააჩაღა გალილეაში და მალე მრავალი საგანგებოდ გამაგრებული ქალაქი აიღო, თუმცა იუდეველები ბოლომდე და თავგანწირვით იბრძოდნენ – მათ სიკვდილი ერჩივნათ რომაელების მონობას.

ომი იყო სასტიკი და დაუნდობელი... უამრავი იუდეველი დაიღუპა. იოთაპატის ციხესიმაგრეში გამაგრებულმა იუდეველებმა, იოსებ ფლავიუსის მეთაურობით, დაახლოებით ორი თვე გაუძლეს ალყას, რამაც ორმოც ათასამდე ადამიანი შეიწირა. და როდესაც ქალაქი დაეცა, მოქალაქენი მღვიმეში დაიმალნენ და თავად მოისწრაფეს სიცოცხლე, რათა რომაელებს არ ჩავარდნოდნენ ტყვედ. მხოლოდ მეთაური, იოსებ ფლავიუსი, დანებდა ვესპასიანეს, რომელსაც იმპერატორობა უწინასწარმეტყველა და მისი კეთილგანწყობაც მოიპოვა, თუმც ამ საქციელმა მას სამუდამოდ დაასვა სამარცხვინო დაღი თანამემამულეთა თვალში. ქალაქ გამალაში, რომელიც ხანგრძლივი და მძიმე ალყის შემდეგ აიღეს, გააფთრებულმა რომაელებმა ქალები და ბავშვებიც კი არ დაინდეს, ხუთი ათასამდე იუდეველმა თავი მოიკლა. ტარიქეაში, გენისარეთის ტბის მახლობლად, უამრავი ადამიანი ამოხოცეს და დაახლოებით ოცდაათი ათასამდე მონად გაყიდეს. დანარჩენებმა ნავებით გაქცევა სცადეს, მაგრამ მომხდური დაეწია – გენისარეთის ტბაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. მოკლულთა და დამხრჩვალთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ კიდევ დიდხანს იმ ადგილებს გახრწნილი გვამების სიმყრალისგან ვერავინ ეკარებოდა.

ამგვარად დაიმორჩილა ვესპასიანემ გალილეა, შემდეგ კესარიაში გამოიზამთრა და გაზაფხულზე განაახლა საომარი მოქმედებები. იგი ერთიმეორის მიყოლებით იღებდა გამაგრებულ ქალაქებს, აყენებდა იქ თავის ლაშქარს და მიიწევდა იერუსალიმისკენ. მაგრამ ქალაქის ალყაში მოქცევას არ ჩქარობდა. მისთვის მეტად ხელსაყრელი იყო, რაც იერუსალიმში ხდებოდა: იუდეველები საშინლად მტრობდნენ ერთმანეთს, შინაომებზე ხარჯავდნენ მთელ ძალებსა და საშუალებებს, რაც საერთო მტრის წინააღმდეგ უნდა გაეერთიანებინათ. ზილოტები, რომლებმაც რჯულისა და მამულის მგზნებარე დამცველებად თავის წარმოჩენით უზარმაზარი ძალაუფლება მოიპოვეს, ახლა მას მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის იყენებდნენ, დაუნდობლად ძარცვავდნენ და ჩაგრავდნენ ერს, საპყრობილეში ამწყვდევდნენ ყველაზე მდიდარ და წარჩინებულ მოქალაქეებს, რათა მათთვის ფული გამოეძალათ; ან ადანაშაულებდნენ, თითქოს მათ რომაელებისთვის სურდათ ქალაქის ჩაბარება და, როგორც მოღალატეებს, აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. ზილოტთა დაჯგუფებაში მრავლად იყვნენ მეზობელი ოლქებიდან გამოძევებული ავაზაკები, იქ უსაფრთხო თავშესაფარს ეძებდნენ გალილეის ქალაქებიდან იერუსალიმში მოსული ლტოლვილებიც.

ზილოტების გათავხედება დღითიდღე იზრდებოდა. მათ დაიკავეს ტაძარი, გმობდნენ უწმინდეს კანონებსა და ჩვეულებებს, დაუსჯელად ჩადიოდნენ საშინელ დანაშაულებს. ბოლოს გატანჯული ხალხი მღვდელთმთავარ ანანის მეთაურობით აჯანყდა. გაჩაღდა სასტიკი ბრძოლა, ყოველი მხრიდან შევიწროებული ზილოტები ტაძარში ჩაიკეტნენ. გამძვინვარებული ბრბო ანანმა შეაჩერა, რადგან სისხლისღვრით ტაძრის წაბილწვისა ეშინოდა. მან ნაგებობას შემოარტყა კარგად შეიარაღებული დაცვა და ამით დაკმაყოფილდა, თანაც იმედოვნებდა, რომ ბოლოს და ბოლოს ზილოტები დანებდებოდნენ. მაგრამ გამოჩნდა მოღალატე, რომელმაც ზილოტების დასახმარებლად ფარულად მოუხმო მეზობელ ტომს, იდუმელებს[2] და დაარწმუნა ისინი, თითქოს ანანს განზრახული ჰქონდა, ქალაქი რომაელებისთვის ჩაებარებინა; ზილოტები კი რჯულისა და თავისუფლების ერთადერთ დამცველებად წარუდგინა. ეს რომ შეიტყვეს, იდუმელებმა მაშინვე აისხეს იარაღი და დაახლოებით ოცი ათასი კაცი მიადგა იერუსალიმის გალავანს. ანანმა, რომელიც იმ დროს მართავდა ქალაქს, მათ აუკრძალა იარაღით შესვლა იერუსალიმში, რადგან ახალი არეულობების ეშინოდა. უარით განრისხებულმა და ტყუილებით გაბრიყვებულმა იდუმელებმა გაბრუნებაზე უარი განაცხადეს, ქალაქის გალავნის მახლობლად დაბანაკდნენ და ხელსაყრელ წუთს ელოდნენ შესასვლელად. იმავე ღამეს იერუსალიმს თავს დაატყდა საშინელი ქარიშხალი და მიწისძვრა. ზილოტებმა ისარგებლეს საერთო დაბნეულობითა და ღამის სიბნელით, ჩუმად გამოვიდნენ ტაძრიდან, იდუმელებს ჭიშკარი გაუღეს და ოცი ათასი მეომარი ქალაქში შეუშვეს. ზილოტებმა და იდუმელებმა მცველები ამოხოცეს, ქალაქში მიმოიფანტნენ და მთელ ღამეს, ელვის ნათებისა და ქარიშხლის ღმუილში, განაგრძობდნენ საშინელ სისხლისღვრას, გამძვინვარებულნი ჩეხდნენ ხალხს და არავის ინდობდნენ. დილით მარტო ტაძრის ახლომახლო ცხრა ათასამდე გვამი ეგდო. მაგრამ ამით არ დამთავრებულა უბედურება – მეორე დღეს იდუმელებმა მოღალატედ მიიჩნიეს და სიკვდილით დასაჯეს მღვდელთმთავარი ანანი; შიგ ტაძარში მოკლეს ერთ-ერთი ღირსეული მოქალაქე; ტუსაღებით აავსეს საპყრობილეები; წამებით დახოცეს უამრავი ადამიანი. ამრიგად, რამდენიმე დღის განმავლობაში იდუმელებმა და ზილოტებმა ოცი ათასამდე კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს.

როდესაც იდუმელებმა შეიტყვეს, რომ მოატყუეს, მოკავშირეებს წაეჩხუბნენ და ხალხის ხოცვით დაქანცულებმა ქალაქი დატოვეს, მაგრამ იერუსალიმს ამით შვება არ უგრძვნია. ზილოტები მომძლავრდნენ და უწინდელზე გამეტებით იწყეს თარეში. ყველა ძრწოლასა და უიმედობას შეეპყრო. დახოცილი ნათესავებისა და მეგობრების გლოვას, დასჯილთა გვამების დასაფლავებასაც კი ვერავინ ბედავდა, რადგან ამას ზილოტები სასიკვდილო დანაშაულად თვლიდნენ. ბოლოს თავად ზილოტები წაეჩხუბნენ ერთმანეთს და ორ ჯგუფად გაიყვნენ: ერთი, რომელსაც ელეაზარი მეთაურობდა, ტაძრის გალავნის შიგნით გამაგრდა; მეორემ მამაცი ავაზაკის – იოანე გისხალას წინამძღოლობით, მათ ალყა შემოარტყა. ორივე ფრთას, ურთიერთში ომის მიუხედავად, ღარიბი ხალხის ტანჯვა და ჩაგვრა არ შეუწყვეტია. არსებობდა მესამე ჯგუფიც, რომელიც შემოგარენს ძარცვავდა. მას მეთაურობდა ვინმე სიმონი, რომელმაც თავი მოუყარა ქურდებსა და ყაჩაღებს და ორმოცი ათასამდე კაცი დაიქვემდებარა. სიმონმა რამდენიმე ციხესიმაგრე დაიკავა და თავს ესხმოდა ქალაქებსა თუ სოფლებს. მას შემდეგ, რაც იდუმეა გაძარცვა, იგი იერუსალიმის გალავანთან დაბანაკდა და ქალაქის აღება განიზრახა.

აი, რა საშინელ დღეში იყო იერუსალიმი, როდესაც ვესპასიანე მიადგა მას! საცოდავ ქალაქს შიგნიდან მოქიშპე ჯგუფები გლეჯდნენ, გარედან კი ყაჩაღებმა შემოარტყეს ალყა. ზილოტებისაგან სასოწარკვეთილი მრავალი მცხოვრები რომაელებს, როგორც მხსნელებს, ისე ელოდა. ზოგმა მოახერხა ქალაქიდან გაქცევა და ვესპასიანესთან მიღწევა, რომელსაც შეევედრნენ, ბოლო მოეღო მათი უბედურებისათვის.

ვესპასიანე თითქმის მიადგა იერუსალიმს და უკვე მის ალყაში მოქცევას აპირებდა, როცა იმპერატორ ნერონის სიკვდილი შეიტყო. მან მაშინვე შეწყვიტა ყოველგვარი საომარი მოქმედება და რომიდან განკარგულებებს დაელოდა. იქ ნერონის შემდგომ, ერთიმეორის მიყოლებით, სამი იმპერატორი გამოიცვალეს – თითოეული მათგანი სულ რამდენიმე თვე თუ იჯდა საიმპერატორო ტახტზე. ნერონის სიკვდილიდან წელიწადნახევრის შემდეგ ლაშქარმა ხელისუფლად თავად ვესპასიანე (69-79 წწ.) აირჩია. იგი იძულებული შეიქნა, რომში გამგზავრებულიყო, ამიტომ მთავარსარდლობა თავის ძეს, ტიტუსს, ჩააბარა და იუდეა საჩქაროდ დატოვა.

ამ ხნის განმავლობაში იერუსალიმში ზილოტების სიმხეცით გატანჯულმა ხალხმა განიზრახა, საშველად ეხმო სიმონი და მისი ყაჩაღთა არმია. სიმონმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა, შევიდა ქალაქში, როგორც განმათავისუფლებელი და ხალხის თანადგომით ალყაში მოაქცია ტაძარში გამაგრებული ზილოტები, მაგრამ მათი იქიდან გამოდევნა ვერ მოახერხა; ამასობაში ძალაუფლება ხელთ იგდო და სხვებივით დაიწყო ხალხის ჩაგვრა. დანგრეულ იერუსალიმში წარმოუდგენელი უბედურება ტრიალებდა – მას გლეჯდნენ და ინაწილებდნენ დაჯგუფებები, რომლებიც გაუთავებლად ეომებოდნენ ურთიერთს.

70 წლის გაზაფხულზე, პასექამდე ცოტა ხნით ადრე, იერუსალიმს მიუახლოვდა ტიტუსი უზარმაზარი ლაშქრით. იუდეველებმა მოახერხეს ქალაქიდან გამოსვლა და მრავალი მეომარი დაუხოცეს მომხდურს. მეორე დღეს ტიტუსმა შეკრიბა მთელი თავისი მხედრობა და დაბანაკდა ელეონის მთაზე, კედრონის ხევის გაღმა.

ამ წმინდა სახელების წარმოთქმისას გვახსენდება მაცხოვრის წინასწარმეტყველება – როდესაც იგი ელეონის მთიდან გადაჰყურებდა იერუსალიმს, ცრემლები მოადგა და აღმოთქვა: „უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო. და დაგარღვიონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის, ამისთვის რამეთუ არა გულისხმა-ყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ“ (ლუკ. 19, 42-44).

და ეს დღეებიც დაუდგა იერუსალიმს...

ტიტუსმა ქალაქის გალავნის ირგვლივ მიწაყრილების კეთება დაიწყო და თავისი ჯარით ალყაში მოაქცია იგი. მიუხედავად მოახლოებული საფრთხისა, იუდეველები მაინც არ წყვეტდნენ ურთიერთმტრობას. მართალია, ხანდახან ერთიანდებოდნენ, რათა მომხდურთათვის საალყო სამუშაოები ჩაეშალათ, ან ქალაქიდან გამოდიოდნენ და ფარულად ესხმოდნენ თავს რომაელებს, რომელთაც განაცვიფრებდნენ თავიანთი თავზეხელაღებული სიმამაცით; მაგრამ მიბრუნდებოდნენ თუ არა, ისევ ერთმანეთს დაერეოდნენ. ელეაზარმა, რომელსაც ტაძარი ეკავა, დღესასწაულთან დაკავშირებით იგი მომლოცველებს გაუღო. იოანე გისხალამ ამით ისარგებლა, იქ შეიარაღებული მეომრები შეიყვანა, რომლებმაც ელეაზარის მომხრეები ამოხოცეს და ტაძარი და მისი შემოგარენი დაიკავეს. სიმონი ქალაქის მთელ ზემო ნაწილს მართავდა. მოწინააღმდეგეთა გამყოფი სივრცე მუდამ ცეცხლის ალში იყო გახვეული, სადაც დღედაღამ, შეუსვენებლად მძვინვარებდა დაუნდობელი ომი. იერუსალიმში არ წყდებოდა დაჭრილთა ყვირილი და მომაკვდავთა გმინვა...

მიუხედავად ყველაფრისა, იერუსალიმი იმდენად კარგად იყო გამაგრებული, რომ მტრის ნებისმიერ მოძალებას გაუძლებდა. ორ მთაზე შეფენილ ქალაქს გარს ერტყა ქვის სამმაგი გალავანი, რომლის გასწვრივაც ოთხმოცდაათამდე მკვიდრად ნაგები გოდოლი იყო ჩადგმული. ტაძრის აშენების დღიდან იუდეველები გამუდმებით ზრუნავდნენ, რომ შეძლებისამებრ გაემაგრებინათ ქალაქი, როგორც თავიანთი წმინდა სავანე – საუკუნეთა განმავლობაში არც შრომას იშურებდნენ ამისთვის და არც საფასურს. იუდეის გვიანდელმა მმართველებმა აამაღლეს გალავანი, ხოლო ჰეროდეს ერთ-ერთმა შთამომავალმა ააგო სამი თითქმის მიუდგომელი გოდოლი. ტაძარი თითქმის ქალაქის შუაგულში, მაღალ ბორცვზე, იდგა, ყოველი მხრიდან გალავანი ერტყა და გალერეის საშუალებით უერთდებოდა მტკიცე ციხესიმაგრეს – ანტონიას. თავად ტაძრის შენობას სამმაგი ზღუდე შემოვლებოდა გარს. ამრიგად, მთელი ეს ნაგებობა, თავისი ზღუდეებით, გალერეითა და გალავნით, ასევე შეიძლებოდა გამოეყენებინათ თავდასაცავად – საამისო ყველა საშუალება ტაძართან ახლომდებარე ციხესიმაგრეებში ინახებოდა.

იერუსალიმის ტაძრის ბრწყინვალება და სიმდიდრე ყოველგვარ წარმოდგენას აჭარბებდა – მის შესამკობად უთვალავი ძვირფასეულობა დაიხარჯა. ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები იუდეველები ყოველწლიურად იხდიდნენ შესაწირს ტაძრისთვის; ალბათ, სხვაგან ვერსად ნახავდით იმდენ ოქრო-ვერცხლს, მარმარილოს, მდიდრულ ქსოვილებსა და ძვირფას ჭურჭელს, რასაც განცვიფრებაში მოჰყავდა მნახველი. მას კრძალვით შეჰყურებდნენ ურწმუნო უცხოტომელებიც. და ეს უწმინდესი ტაძარი, რომელშიც, რჯულის თანახმად, წინასწარი განწმენდის რიტუალის გარეშე შესვლაც კი იკრძალებოდა, ახლა ყოველდღიურად იბილწებოდა სისხლისღვრით, მკრეხელობითა და უსაზარლესი დანაშაულებით. ხშირად ტაძარშივე ხოცავდნენ მომლოცველებსა და მღვდელმსახურებს – სისხლი მდინარეებად მოედინებოდა შენობიდან.

ვისი ბრალი იყო ეს ყოველივე, ვინ იყვნენ ამის მოქმედნი? – ვინ და რჯულის თავგამოდებით დამცველი იუდეველები! ისინი გაუთავებლად გმობდნენ სიწმინდეებსა და რჯულს, იმავდროულად ზეგარდმოვლენილი სასწაულის იმედს არ კარგავდნენ და მესიის მოვლინებას ელოდნენ. ცრუწინასწარმეტყველნი განუწყვეტლივ ჰპირდებოდნენ ხალხს, რომ იუდეაში გამოჩნდებოდა წინამძღოლი, რომელიც იუდეველებს არა მარტო გაათავისუფლებდა რომაელთა ქვეშევრდომობისგან, არამედ მსოფლიოს ყველა ერს დაუმორჩილებდა მათ. სახეზეა ცრუ განმარტება წინასწარმეტყველებისა მაცხოვრის შესახებ, რომელსაც სიყვარულის ძალითა და ჭეშმარიტებით ნამდვილად უნდა დაემორჩილებინა და თავისი მეუფების ქვეშ მოექცია ყველა ერი. დაიმედებულმა იუდეველებმა ამაყად უარყვეს ტიტუსის მიერ შემოთავაზებული ყველა წინადადება, რომელიც თითქმის ყოველი წარმატების შემდგომ არწმუნებდა მათ, დანებებოდნენ, სანაცვლოდ კი ყველა მეამბოხეს შეწყალებას და ქალაქისა და ტაძრის ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა.

მიუხედავად იუდეველთა წარმატებული თავდასხმებისა, ტიტუსმა მაინც შეძლო მაღალი გოდოლების აღმართვა, საიდანაც გამუდმებით უშენდნენ ქალაქს ისრებსა და ქვებს, საალყო იარაღებით შეუჩერებლად ანგრევდნენ პირველ გალავანს, რომლის გარღვევაც წარმოუდგენელი ძალისხმევის შემდეგ მოხერხდა. ტიტუსმა შემდეგ მეორე გალავანი გაარღვია, ქალაქის ახალი ნაწილი დაიკავა და იუდეველებს დანებება შესთვაზა. მათ ისევ უარი განუცხადეს და თავგანწირული მამაცობით ეკვეთნენ რომაელებს, დაუნგრიეს საომარი ნაგებობანი, დაწვეს მრავალი საალყო იარაღი და ბანაკამდე მისდიეს მომხდურს. მაგრამ იუდეველებს ახალი და საშინელი მტერი – შიმშილი დაემუქრა. ქალაქიდან გამოპარულებმა ტიტუსს შეატყობინეს, რომ იერუსალიმში შიმშილობა იწყებოდა, მანაც გადაწყვიტა, ქალაქში სანოვაგის შეზიდვის ყოველგვარი საშუალება მოესპო და საბოლოოდ გაეტეხა მცხოვრებნი.

ალყა დაიწყო პასექის მოახლეობის დროს და მაშინვე გამოჩნდა, რომ ქალაქს საკვების მარაგი არ ჰყოფნიდა. დღესასწაულზე იერუსალიმის ისედაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა წარმოუდგენლად იზრდებოდა,[3] რამაც დიდად შეუწყო ხელი გადანახული სანოვაგის სწრაფ დახარჯვას. მალე დაიწყო ისტორიაში უმაგალითო გაჭირვება. ვისაც რაღაც მარაგი შემორჩა, გულმოდგინედ მალავდა, რათა ის და მისი სახლეული შიმშილით არ ამოხოცილიყვნენ. ბაზარზე საკვები პროდუქტები აღარ გამოჰქონდათ, ადამიანებს დაუფქვავი მარცვლეულიც კი ენატრებოდათ – საკმარისი იყო ცეცხლის გაჩაღება, რომ მოვარდებოდა მძარცველთა ბრბო და უბედურ ხალხს იარაღით სტაცებდა უკანასკნელ ლუკმას, მუჭა ფქვილს, თან აწამებდა და ხოცავდა. ადამიანებმა დაიწყეს ბალახის, ფესვების, დამპალი თივის, ღვედების, ვირთხების, ცხენის ხორცის, ყოველგვარი ლეშის ჭამა. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ გარდაცვლილთა გვამებსაც საკვებად იყენებდნენ.

ყოველივე ამისგან საშინელი სნეულებები შეეყარათ, იხოცებოდნენ მთელი ოჯახები. ცოცხლებს მიცვალებულთა დასაფლავების ძალა აღარ შესწევდათ; ქალაქის ქუჩები და მოედნები ცხედრებით იყო სავსე და მათი სიმყრალის სუნი ჰაერს წამლავდა. იერუსალიმს ეპიდემია მოედო და მმართველებმაც განკარგულება გასცეს, ქალაქი გაეწმინდათ გვამებისგან. ორი თვის განმავლობაში ექვსასი ათასამდე ცხედარი იქნა გატანილი. მას შემდეგ, რაც ტიტუსმა ალყა შემოარტყა ქალაქს, გვამებს გალავნიდან ყრიდნენ, ან დაცარიელებულ სახლებში აგროვებდნენ და გავსების შემდეგ კეტავდნენ. ზოგჯერ შიმშილით გაწამებული ადამიანები ახერხებდნენ მცველების მოტყუებას და ქალაქიდან გასვლას, რათა ბალახი ან საჭმელად ვარგისი სხვა რამ ეპოვათ, მაგრამ ხშირად რომაელებს ტყვედ უვარდებოდნენ და ჯვარზე გაკრულნი ამთავრებდნენ სიცოცხლეს. ზოგჯერ დღეში ხუთას კაცამდე იღუპებოდა. ქალაქის გალავანის გასწვრივ ყველგან აღმართულიყო ჯვრები, მათზე მიმსჭვალული იუდეველებით. მალე მორებიც აღარ ყოფნიდათ ადამიანების გასაკრავად.

ეს იყო საშინელი საზღაური ქრისტეს მკვლელობისათვის!

ამასობაში ტიტუსმა დაინახა, რომ ეს სასტიკი ზომები უარესად ამძვინვარებდა იუდეველებს და თავგანწირვისკენ უბიძგებდა, ამიტომ ყველა ლტოლვილის მიღებისა და დაპურების განკარგულება გასცა. მაგრამ ამ საცოდავების დიდი ნაწილი ახლა რომაელთა ბანაკში იხოცებოდა, რადგანაც ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ ისინი უგონოდ ეძალებოდნენ საჭმელს.

ბოლოს ქალაქში გაჭირვებამ, იოსებ ფლავიუსის სიტყვებით, უკიდურეს ზღვარს მიაღწია. შიმშილმა ადამიანებში ჩაახშო სიბრალულის, სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობა. ქმრები ხელიდან გლეჯდნენ საჭმელს ცოლებს, მშობლები – შვილებს... მტაცებელ მხეცებზე უარესად იქცეოდნენ... აღსრულდა მოსეს ყველაზე საშინელი წინასწარმეტყველება, რომელიც „მეორე სჯულის“ წიგნში გვაუწყებს იუდეველთა უბედურებებს. ერთი მდიდარი, ახალგაზრდა დედაკაცი, სახელად მარიამი, იერუსალიმში ავიდა დღესასწაულზე და იქ შეესწრო ომის უბედურებებს. ბოროტმოქმედებმა წაართვეს, რაც გააჩნდა და გაჭირვებითა და შიმშილით სასოწარკვეთილებამდე მისულმა მოკლა და მოხარშა თავისი ახალშობილი, ფარულად შეჭამა და ამ საზარელი საკვების ნაწილი დამალა. ამასობაში სუნმა და კვამლმა მიიზიდა ბოროტმოქმედები, ისინი სახლში შეიჭრნენ და მუქარით მოსთხოვეს საჭმელი. „აიღეთ, ჭამეთ, ალბათ არც დედაკაცზე წუნია იქნებით და არც დედასავით მგრძნობიარე“ – უთხრა მან. თვით ბოროტმოქმედებიც კი ძრწოლით უკუიქცნენ. ამ საშინელმა ამბავმა მთელ ქალაქს და რომაელთა ბანაკს თავზარი დასცა! უბედური მცხოვრებლები ტაძარს შეჰყურებდნენ და ხსნას სიკვდილისგან ელოდნენ. აი, სადამდე მივიდა იერუსალიმი!

ამ საშინელი სიდუხჭირის ჟამსაც კი იუდეველებს გაგონებაც არ სურდათ დანებების შესახებ. სიმონი და იოანე არც ქიშპობას თმობდნენ და არც ბოროტმოქმედებათა შეწყვეტას აპირებდნენ, ამასთან ქალაქსაც გასაოცარი მონდომებით და დაჟინებით იცავდნენ. თუმცა იუდეველებს სულ უფრო უჭირდათ რომაელების ძალებთან ბრძოლა, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით იკავებდნენ გამაგრებულ გოდოლებს. მათ აიღეს მთავარი ციხესიმაგრე, რომელიც გალერეით უკავშირდებოდა ტაძარს და უკვე მზად იყვნენ, ეზეიმათ გამარჯვება, მაგრამ იუდეველებმა შეუპოვარი ხელჩართული ბრძოლით, რომელიც ათ საათს გრძელდებოდა ტაძრის კარიბჭესთან, მტერი განდევნეს. შემდეგ თავადვე დაწვეს დამაკავშირებელი გალერეა, რათა ტაძარი მომხდურის მიერ აღებული ციხესიმაგრისგან გაემიჯნათ.

ამასობაში ტიტუსმა თითქმის მთელი ქალაქი აიღო, მაგრამ ტაძრის დანგრევა დაენანა და ისევ შესთავაზა დანებება. იოანემ უპასუხა, რომ უფალი არ დაუშვებდა თავისი სახლის დათმობას მტრისთვის. მაშინ ტიტუსმა ნაგებობის იერიშით აღება გადაწყვიტა. იუდეველები ტაძრის სახურავიდან უშენდნენ ქვებსა და ისრებს რომაელ მეომრებს, აყირავებდნენ კიბეებს, თავგანწირვით იბრძოდნენ. რომაელმა მეომრებმა დაწვეს ტაძრის კარიბჭე და შეცვივდნენ შიდა გალავანში, სადაც დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა. ბოლოს ერთმა რომაელმა მეომარმა ცეცხლმოკიდებული მორი ტაძრის სარკმელში შეაგდო და იქაც ცეცხლმა იფეთქა. ამაოდ ცდილობდა ტიტუსი, ჩაექრო ხანძარი და გადაერჩინა ტაძარი. გააფთრებულმა მეომრებმა მას ყური აღარ ათხოვეს, ისარგებლეს არეულობით და ძვირფასეულობა და საგანძური დაიტაცეს. ბოლოს მთელი ტაძარი ცეცხლს ემსხვერპლა. ეს მოხდა 70 წლის 10 აგვისტოს – ნაბუქოდონოსორმაც ზუსტად ამავე რიცხვში დაწვა პირველი ტაძარი.

იუდეველთა სასოწარკვეთილების წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ისინი უდრეკად იბრძოდნენ ალმოდებულ ნანგრევებს შორის, ბევრი ცეცხლში ცვიოდა, რადგან სიწმინდესთან ერთად სურდა დაღუპვა. ექვსი ათასი კაცი მიაწყდა ტაძრის ალმოდებულ გალერეას, რადგან დაუჯერეს ვიღაც ცრუწინასწარმეტყველს, რომელმაც აღუთქვა, რომ ზუსტად იქ გამოჩნდებოდა მესია და გადაარჩენდა ქალაქსა და ტაძარს – დაიღუპა უკლებლივ ყველა!

ასე ბრმად მიმნდობი აღმოჩნდა ამ საზარელ წუთებში უბედური ერი, რომელმაც მაცხოვრის მოვლინების დროს არ ისურვა, დაეჯერებინა წინასწარმეტყველებათა აშკარა აღსრულება და თავად ღვთის სიტყვა.

რომაელი მეომრები ცეცხლითა და მახვილით შეესივნენ ქალაქს. ისინი გაამძვინვარა იუდეველთა შეუპოვარმა წინააღმდეგობამ და არავის ინდობდნენ: ხოცავდნენ დედაკაცებს, ბავშვებს, მოხუცებს, წვავდნენ სახლებს, დაძვრებოდნენ მიწისქვეშეთში, სადაც საცოდავი ადამიანები მტრისგან დამალვას ლამობდნენ. ყველგან ტრიალებდა კვამლი, მოედინებოდა სისხლის მდინარეები... რომაელმა მეომრებმა სრულიად დაანგრიეს ტაძარი, თითოეული ქვა ამოაბრუნეს, საძირკველი და მის ირგვლივ მიწა გადათხარეს – აურაცხელი საგანძურის პოვნის იმედით...

ასე აღსრულდა მაცხოვრის წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლის თანახმად, ბრწყინვალე ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩებოდა!

ტაძრის აღების შემდგომ ორი მოქიშპე ფრთის მეთაურებმა: სიმონმა და იოანემ, მახვილით ხელში გაარღვიეს რომაელ მეომართა ალყა და ქალაქის ზემო ნაწილს მიაღწიეს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაეპყრო მომხდურს. იქ მათ რამდენიმე დღე გაძლეს და მამაცურად იცავდნენ თავს რომაელებისგან. მაგრამ ბოლოს ქალაქის ეს ნაწილიც დაეცა. იოანემ და სიმონმა მიმალვა მოახერხეს, მაგრამ როდესაც ალი მთელ ქალაქს მოედო, ისინი რომაელებმა ჩაიგდეს ხელთ – ერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს, მეორე საპყრობილეში ჩააგდეს.

იერუსალიმი მთლიანად დაინგრა, გარდა სამი გამაგრებული გოდოლისა. ტიტუსმა ბრძანა, დაეცვათ ისინი როგორც ძეგლები მისი გამარჯვებისა და რომაელთა სიმამაცისა. სხვათა შორის, იგი იერუსალიმის აღებას თავისი მეომრების სიმამაცეს არ მიაწერდა და ეს გამარჯვება თავადვე უკვირდა. თავდასაცავი ნაგებობების თვალიერებისას მან შესძახა: „ჩანს, იუდეველთა ავკაცობით განრისხებული ღმერთი დამეხმარა, რამეთუ ადამიანური ძალისხმევით ამგვარი ციხესიმაგრის აღება შეუძლებელია“.

ფიქრობენ, რომ იერუსალიმის ალყის დროს მახვილით, შიმშილითა და სნეულებით მილიონ ასი ათასამდე იუდეველი დაიღუპა; მთელი ომის განმავლობაში – დაახლოებით მილიონ ოთხასი ათასი. ასი ათასამდე იუდეველი ტყვედ აიყვანეს, მათგან უდიდესი ნაწილი რომში გაგზავნეს, სადაც აშენებინებდნენ კოლიზეუმს – უზარმაზარ ნაგებობას გასართობი სანახაობებისათვის. უამრავი იუდეველი დაიღუპა ასეთ სანახაობებზე რომში, კესარიასა და სხვა ქალაქებში; ბევრი ეგვიპტეში წაიყვანეს მიწის სამუშაოებზე და უმრავლესობა იქვე გაყიდეს მონებად. ისინი იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ მყიდველს ძნელადღა პოულობდნენ და ამიტომ საოცრად იაფად ყიდდნენ.

ზილოტების ხელში რამდენიმე გამაგრებული ქალაქი რჩებოდა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში რომაელებმა ისინიც აიღეს და მთელი ქვეყანაც დაიპყრეს, მიუხედავად იუდეველების უჩვეულო სიმამაცისა.

დამარცხებულ იუდეველთა მიწები გაყიდეს; ამ მრავალრიცხოვანი ერის საცოდავი ნარჩენები ვესპასიანემ სხვადასხვა ქალაქსა და ოლქში გადაასახლა და ხარკი დაადო. ისინი იძულებულნი იყვნენ, კაპიტოლიუმში[4] შეეტანათ ის შესაწირი, რასაც ყოველწლიურად იხდიდნენ იერუსალიმის ტაძრისთვის.

გადასახლებული იუდეველები ეზიზღებოდათ წარმართებს, მათაც თავიანთი მხრიდან ეჯავრებოდათ ისინი და მათზე მეტად – ქრისტიანები. იუდეველები ვერ თმობდნენ ამპარტავნულ აზრს, რომ მარტო თავად იყვნენ ღვთის რჩეულნი. მთელი არსებით სძულდათ ისინი, ვინც თავს აგრეთვე ღვთის სასუფევლის მემკვიდრედ მიიჩნევდა; იქამდეც მივიდნენ, რომ წარმართებს აქეზებდნენ, ქრისტიანების დევნა დაეწყოთ. იერუსალიმის დაცემამ და ტაძრის დანგრევამ მათ ჭკუა ვერ ასწავლა – კვლავ მესიას ელოდნენ და დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ. ამ მიზეზით და საკუთარი უღონობის გამო გამუდმებით დრტვინავდნენ და შფოთსა და არეულობებს აწყობდნენ, რითაც აიძულებდნენ რომაელებს, მკაცრად დაესაჯათ ისინი. ალექსანდრიაში იუდეველები შეეცადნენ, ხალხი აეჯანყებინათ რომაელების წინააღმდეგ, რის გამოც ბევრი მათგანი სიკვდილით დასაჯეს. უამრავი იუდეველი დაიღუპა კვირენეის[5] უდაბნოში, სადაც ისინი გაჰყვნენ ცრუ წინასწარმეტყველს, რომელმაც მათ ნიშებისა და სასწაულების აღსრულება აღუთქვა. განსაკუთრებით ღელავდნენ იუდეის ოლქებსა და იერუსალიმის შემოგარენში მცხოვრები იუდეველები.

ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ, დაწვრილებით მოგვეთხრო იუდეის ომისა და იერუსალიმის დაცემის შესახებ, თუმცა, შესაძლოა, ეს სულაც არ ეხებოდეს ეკლესიის ისტორიას, რადგან იუდეველები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში შეადგენდნენ ღვთის ეკლესიას დედამიწაზე, უკვე მის გარეთ აღმოჩნდნენ. მაგრამ ქრისტიანი მკითხველი გულგრილი ვერ იქნება იმ ერის ხვედრის მიმართ, რომელიც ამდენი საუკუნის განმავლობაში საღვთო გამოცხადების დამცველი იყო და რომელზედაც მისივე გაკერპებისა და ურწმუნოების გამო ასე შემზარავად ახდა წინასწარმეტყველთა და თავად უფლის სიტყვები. გასაოცარი სიზუსტით აღსრულდა ის საშინელი უბედურებანი, რაც მოსემ აუწყა ისრაიტელებს, თუ არ შეასრულებდნენ უფლის ნებას (იხ. 2 სჯ. თ. 28).

აღვნიშნავთ, რომ იერუსალიმი დაეცა მაშინ, როცა მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილიდან ორმოცი წელი არ იყო გასული. მაშინ, უეჭველია, ჯერაც ცოცხლები იყვნენ ისინი, ვინც ქრისტეს დასჯას ითხოვდა და გაჰყვიროდა: „სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“ (მათ. 27,25).

 

 

[1] სტადია – მანძილის საზომი საბერძნეთში. 1 სტადია=200 მეტრს.

[2] იდუმელნი თავიდან იუდეველებთან მტრობდნენ, მაგრამ ქრისტესშობამდე ცოტა ხნით ადრე მიიღეს მოსეს რჯული და თავგანწირვით ებრძოდნენ რომის ბატონობას.

[3] იოსებ ფლავიუსი გადმოგვცემს, რომ დღესასწაულის დროს იერუსალიმში მარტო მამაკაცების რიცხვი 2 700 000 აღწევდა.

[4] კაპიტოლიუმი იყო რომის მთავარი ციხესიმაგრეც და წარმართთა ღმერთის – იუპიტერის ტაძარიც. წარმართულ ტაძარში შესაწირის მიტანა განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი იყო იუდეველებისთვის.

[5] მხარე და ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აფრიკაში.

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა