martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 13

სხვა მოციქულთა ღვაწლი.

 

თავთა მოციქულთა – პეტრესა და პავლეს – ცხოვრებისა და აღსასრულის გადმოცემის შემდეგ შევეხოთ დანარჩენი მოციქულების მოღვაწეობას. მათ შესახებ ცნობებს გვაწვდიან პირველი საუკუნეების ეკლესიის მწერლები.

უძველესი გადმოცემა იუწყება, რომ სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები რამდენიმე წლის განმავლობაში უპირატესად იერუსალიმში ცხოვრობდნენ და საქადაგებლად ხანგრძლივ მოგზაურობას არ შესდგომიან. როდესაც უკვე მთელმა იუდეამ მოისმინა ღვთის სიტყვა, მხოლოდ მაშინ დაადგნენ ისინი შორეულ გზებს. გადმოცემის თანახმად, მათ ჯერ ილოცეს, შემდეგ კი წილი ყარეს, თუ ვინ საით წასულიყო. არსებობს ცნობები, რომ განშორებამდე მათ ზეშთაგონებით შეადგინეს სამომავლო ქადაგების სიმბოლო, ანუ ყველამ ერთად ჩამოაყალიბა სარწმუნოების მოკლე აღსარება, რომელშიც რამდენიმე სიტყვით იყო ასახული მთავარი ჭეშმარიტებანი. იგი მოციქულთა სიმბოლოს სახელითაა ცნობილი და შედგება თორმეტი წევრისგან:

1. მრწამს ღმერთი, მამა ყოვლისშემძლე, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა; 2. და მრწამს იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი; 3. [რომელი] ჩაისახა სულიწმიდისგან და იშვა ქალწულ მარიამისგან; 4. ივნო პონტოელი პილატეს დროს, ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაეფლა; 5. ჩავიდა ჯოჯოხეთს და აღდგა მკვდრეთით მესამესა დღესა; 6. ამაღლდა ზეცად, მჯდომარე არს მარჯვენით ღვთისა და მამისა ყოვლისშემძლისა; 7. კვალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკვდართა; 8. და მრწამს სულიწმიდა; წმინდა კათოლიკე ეკლესია; 9. ზიარება წმიდათა თანა; 10. მოტევება ცოდვათა; 11. აღდგომა ხორცისა; 12. ცხოვრება საუკუნო.

როდესაც უფალმა იესომ მოციქულებს სახარების ქადაგება უბრძანა, არ დაუმალავს, რომ ამისთვის ადამიანებისაგან დევნა და განსაცდელი ელოდათ; რომ მათ მოიძულებდნენ ქრისტეს სახელისთვის და დაადანაშაულებდნენ ხელისუფალთა წინაშე; მაგრამ უფალმა თავისი ყოვლისშემძლე შემწეობაც აღუთქვა და შეჰპირდა, რომ განუყრელად თავის ეკლესიასთან იქნებოდა. სულიწმიდით აღვსილი მოციქულები მხნედ შეუდგნენ მათთვის დაკისრებულ მძიმე საქმეს; ერთი მათგანიც არ დაუძლურებულა ჯაფისა და განსაცდელების შედეგად – ღვთისა და მოყვასისადმი მხურვალე სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი მოთმინებით იტანდნენ დევნასა თუ ტანჯვას და მოშურნეობით ემსახურებოდნენ უფალს. მალე ყველაზე შორეული ქვეყნებიც კი გააცისკროვნა ჭეშმარიტების ნათელმა.

წმინდა მოციქულები დროდადრო იერუსალიმში ბრუნდებოდნენ, რათა შეხვედროდნენ მოძმეებს და ურთიერთისათვის ემცნოთ მიღწეული წარმატებების შესახებ; ამის შემდეგ ისევ აგრძელებდნენ თავიანთ მოღვაწეობას.

ჩვენ უკვე გიამბეთ იაკობ ზებედეს ძის, იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის – იაკობისა და მათე მოციქულის მოწამებრივი აღსასრულის შესახებ. ახლა სხვა მოციქულებზეც მოგითხრობთ.

ანდრია პირველწოდებული ქადაგებდა იუდეაში, საბერძნეთში, შავი ზღვის პირას მდებარე მცირე აზიის ოლქებში, საქართველოში, შეაღწია სკვითიაშიც. არავის ეხალისებოდა ტლანქ და დაუნდობელ სკვითებთან წასვლა, მაგრამ ხმებმა ველური ქვეყნისა და იქაურთა სისასტიკის შესახებ ვერ შეაშინა მოციქული, რომელსაც დაკისრებული საქმის აღსრულება სიცოცხლეზე ძვირად უღირდა. უძველესი მატიანეები გვაუწყებენ, რომ წმინდა ანდრია ქადაგებდა ტავრიკეს ქერსონესში (ახლანდელი ყირიმის ნახევარკუნძულზე), შემდეგ დნეპრით მიცურდა იმ ადგილამდე, სადაც ახლა კიევია გაშენებული; იქ მთაზე აღმართა ჯვარი და თანამგზავრებს უთხრა: „ამ ადგილზე გაბრწყინდება მადლი ღვთისა, აღიმართება ტაძრები უფლისა და ნათელი ჭეშმარიტი აქედან განეფინება მთელ ქვეყანას“. მოციქული დნეპრს აუყვა და მიაღწია იმ ადგილამდე, სადაც მოგვიანებით ნოვგოროდი აშენდა. ჩანს, წმინდა მახარებელს არ სდევნიდნენ სისასტიკით განთქმული სკვითები. ამასთან უცნობია, თუ რამდენად წარმატებული იყო მოციქულის მოღვაწეობა ამ მხარეში.

წმინდა ანდრია წარმართებისგან იტანჯა შავი ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქ სინოპში. მან დააარსა ქალაქ ბიზანტიონში (მოგვიანებით კონსტანტინოპოლი) ეკლესია და იქ ეპისკოპოსად დაადგინა სტაქე, რომელსაც ახსენებს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში. საბერძნეთის ქალაქ პატრაში ანდრია პირველწოდებულს ერგო პატივი, სიცოცხლე გაეღო თავისი რწმენისთვის. ამ ქალაქში მისმა ქადაგებებმა და მის მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა უამრავი წარმართი მოაქცია, მათ შორის იყვნენ თვით ოლქის მთავრის ძმა და ცოლი. როდესაც პროკონსულმა ეგეატ ანთიპატმა ამის შესახებ შეიტყო, ბრძანა მოციქული ციხეში ჩაემწყვდიათ. მაგრამ საპყრობილეშიც იკრიბებოდნენ მორწმუნენი სალოცავად და მისი სიტყვის მოსასმენად. ქრისტიანთა რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა. ეგეატმა თავისთან იხმო ანდრია და დიდხანს არწმუნებდა, განდგომოდა თავის მასწავლებელს. „როგორ უნდა გწამდე კაცისა, რომელიც ბოროტმოქმედივით აცვეს ჯვარს?!“ – ეკითხებოდა იგი. ამაოდ უხსნიდა მოციქული პროკონსულს, რომ უფალი იტანჯა საკუთარი ნებით, ადამიანებისადმი სიყვარულის გამო; რომ თავისი სიკვდილით შეარიგა ისინი ღმერთთან და უბოძა მარადიული ცხოვრება. ეგეატმა მაინც არ შეიწყნარა ჭეშმარიტება და წმინდა ანდრიას ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯა, რაც მან სიხარულით მიიღო. ჯვარი წარმართებისთვის ყველაზე სამარცხვინო სასჯელის იარაღად ითვლებოდა, მაგრამ ქრისტიანისთვის იგი ქრისტეს სიკვდილით იყო განწმენდილი.

ანდრიას წამება რომ გაეხანგრძლივებინა, ეგეატმა ბრძანა, ჯვარზე დაეკიდათ და არ მიელურსმათ იგი. ადამიანები აღშფოთებით შესცქეროდნენ ამას, რადგან მათ მოესწროთ მოციქულის შეყვარება მისი წმინდა ცხოვრებისა და ჭეშმარიტების ქადაგებისთვის. „რისთვის ეწამება ეს წმინდა ადამიანი, მეგობარი უფლისა?“ – ისმოდა შეძახილები, პროკონსულზე გამწყრალი ბრბო ღელავდა. ჯვარზე დაკიდებული ანდრია კი ხალხს მოუწოდებდა სიმშვიდისკენ, ესაუბრებოდა მოყვასისადმი სიყვარულზე, ცოდვათა მიტევებასა და მარადიულ ცხოვრებაზე. „სიკვდილი არ არის საშიში მათთვის, რომლებიც სიმართლეს ეწირებიან, ისინი ასე ჰპოვებენ ნეტარ სიმშვიდეს. სიკვდილის უნდა ეშინოდეთ მათ, რომლებიც სააქაოში ემონებიან ცოდვას, რადგან საუკუნო სატანჯველში წავლენ. ძმანო, ნუ დაივიწყებთ ჩემს სწავლებას; გიყვარდეთ სარწმუნოება ჭეშმარიტი, დაიმარხეთ მცნებანი უფლისა იესო ქრისტესი“ – ეუბნებოდა იგი. ორი დღე და ღამე ეკიდა ჯვარზე უფლის მოწაფე და თავისი ღვთაებრივი მოძღვრის მსგავსად მხოლოდ სიყვარულსა და მიტევებაზე საუბრობდა; მესამე დღეს მოთმინებადაკარგულმა ხალხმა მუქარითა და ყვირილით მოსთხოვა ეგეატს, რომ ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. პროკონსულს მღელვარების შეეშინდა, თავად მივიდა დასჯის ადგილზე და მეომრებს მოწამის ჩამოხსნა უბრძანა. მაგრამ ანდრიამ უკვე ლოცვით მიაბარა სული ღმერთს. ეს მოხდა დაახლოებით 70 წელს. მოციქულის ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია 30 ნოემბერს აღნიშნავს. მისი წმინდა ნაწილები დასვენებულია იტალიის ქალაქ ამალფში.

წმინდა ფილიპე მოციქული (იგი არ უნდა აგვერიოს ფილიპე დიაკონში, რომელმაც ეთიოპიელი დიდებული მოაქცია) ჯერ გალილეაში ქადაგებდა, შემდგომ საბერძნეთში, სადაც მრავალი სასწაული მოახდინა და უამრავი წარმართი გააქრისტიანა. საბერძნეთში მცხოვრებმა იუდეველებმა მას დევნა დაუწყეს, მაგრამ ფილიპეს უფალი იფარავდა – მაგალითად, ერთხელ მისი მოწინააღმდეგენი უცებ დაბრმავდნენ და მხოლოდ მოციქულის ლოცვით დაუბრუნდათ თვალისჩინი. ამ მოვლენამ დიდად შეუწყო ხელი ქრისტიანობის დამკვიდრებას.

საბერძნეთის დატოვების შემდგომ ფილიპემ მოინახულა შორეული ქვეყნები: არაბეთი, ეთიოპია, პართია. შემდეგ თავის დასთან, მარიამნასთან, ერთად მოიარა მცირე აზია, სადაც შეხვდა იოანე ღვთისმეტყველს და ბართლომე მოციქულს. ეს უკანასკნელი ფილიპესთან დარჩა მის აღსასრულამდე. ისინი ერთად მივიდნენ ფრიგიის ქალაქ იერაპოლში, სადაც სასწაულებითა და სახარების ქადაგებით მრავალი წარმართი მოაქციეს. ამან გამოიწვია ქურუმთა გამძვინვარება, რომელთაც თავიანთი შემოსავლისა და ქალაქის მცხოვრებლებზე გავლენის დაკარგვისა ეშინოდათ. მათ ქალაქის თავს გადასცეს საჩივარი ფილიპეზე, ბართლომესა და მარიამნაზე; ბრალად დასდეს, რომ ისინი ხალხს აბრიყვებენ მავნე არაკებით, ხიბლავენ მოჩვენებითი სასწაულებით და მოითხოვეს მათი დასჯა. მმართველმა ბრძანა, სასტიკად ეცემათ მქადაგებლები, შემდეგ კი ფილიპესა და ბართლომეს სიკვდილი მიუსაჯა. ისინი ჯვარს აცვეს საკერპო ბომონის მახლობლად. ფილიპე თავდაღმა მიამსჭვალეს ჯვარს, მაგრამ უეცრად საშინლად იძრა მიწა, რაც თავზარდაცემულმა მოქალაქეებმა მიაწერეს თავიანთი ღმერთების რისხვას მართალთა დასჯის გამო და მმართველს დაუწყეს ვედრება, ჩამოეხსნა და გაეთავისუფლებინა მოციქულები. მაგრამ ფილიპე თავის მტანჯველებზე ლოცვაში აღესრულა. მისი ხსენების დღეა 14 ნოემბერი, ბართლომე და ბარნაბა მოციქულების – 11 ივნისი.

ბართლომე ცოცხალი იყო, როცა ძელიდან ჩამოხსნეს, მან ჯვარი გადასახა მორწმუნეებს, დაუდგინა ეპისკოპოსი, მიწას მიაბარა წმინდა ფილიპეს ცხედარი და განაგრძო თავისი მწირობა და შრომა – მიაღწია შორეულ ინდოეთამდე – იქ დიდი ხნის შემდეგ იპოვეს მის მიერ დატოვებული მათეს სახარება. ბართლომე მოღვაწეობდა სომხეთშიც, სადაც ღვთის შეწევნით იქაური მეფის ასული განკურნა, რომელიც მძიმე სნეულებით იტანჯებოდა. მადლობის ნიშნად მეფემ უამრავი ძვირფასი საჩუქარი გაუგზავნა, მაგრამ მოციქულმა უკან დაუბრუნა და შეუთვალა: „ძღვენი არ მჭირდება, მე სულებს დავეძებ, რათა ქრისტეს შევძინო ისინი“. მეფემ და ბევრმა მისმა ქვეშევრდომმა ირწმუნა, მაგრამ ქურუმებმა მოიძულეს მოციქული და ერთ სომხურ ქალაქში, ალბანოპოლისში, მის წინააღმდეგ აამხედრეს ხალხი. ბართლომე ჯვარს აცვეს, შემდეგ კი მახვილით მოჰკვეთეს თავი.

წმინდა თომა მოციქულმა წარმართთა მოსაქცევად ქადაგებით მოიარა ინდოეთი, სპარსეთი, მიდია და პართია; დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; მოწამებრივი სიკვდილით აღესულა ინდოეთში. მისი ხსენების დღეა 6 ოქტომბერი.

წმინდა მათე მოციქული თავდაპირველად იუდეაში ქადაგებდა; უფლის ამაღლებიდან მერვე წელიწადს მან პირველმა დაწერა სახარება ებრაულ ენაზე, რაც თითქმის მაშინვე ითარგმნა ბერძნულად (ფიქრობენ, იოანე ღვთისმეტყველის ან იერუსალიმის ეპისკოპოსის – იაკობის მიერ). მათე ჩავიდა სირიაში, მოიარა მცირე აზიის ზოგიერთი ოლქი, იყო სპარსეთში, ინდოეთსა და ეთიოპიაში. მოწამებრივად აღესრულა ქრისტესშობიდან დაახლოებით 60 წელს. ეკლესია მას იხსენიებს 16 ნოემბერს.

წმინდა იაკობ ალფესი მოღვაწეობდა იუდეაში, სირიაში, მესოპოტამიასა და ეგვიპტეში, სადაც ჯვარს აცვეს. მისი ხსენების დღეა 9 ოქტომბერი.

წმინდა იუდა იაკობის ძე ქადაგებდა იუდეაში, სამარიასა და იდუმეაში. პავლე მოციქულსა და შილასთან ერთად მან რამდენიმე ხანი დაჰყო ანტიოქიაში, მოინახულა სპარსეთი და სომხეთი, სადაც, დაახლოებით 80 წელს, ზოგიერთი ისტორიკოსის ვარაუდით, ჯვარს აცვეს და ისრებით განგმირეს. მან დაწერა მოკლე კათოლიკე ეპისტოლე, რითაც დაარიგა მორწმუნეები, იღვაწონ სარწმუნოებისთვის და არ მიიდრიკონ ცრუსწავლებებისკენ. მისი ხსენების დღეა 19 ივნისი.

წმინდა სვიმეონ მოშურნე ღვთის სიტყვას აუწყებდა მესოპოტამიაში, ეგვიპტესა და მავრიტანიაში. ზოგი ვარაუდით, იგი არისტობულესთან (სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი) ერთად მოღვაწეობდა ბრიტანეთში, სადაც აღესრულა მოწამებრივი სიკვდილით.[1] მისი ხსენების დღეა 10 მაისი.

უფლის თორმეტ მოციქულთაგან ყველაზე დიდხანს იცოცხლა წმინდა იოანე ღვთისმეტყველმა. იგი უპირატესად მცირე აზიაში ქადაგებდა და დიდხანს ცხოვრობდა ქალაქ ეფესოში. ჩვენ მის შესახებ უფრო დაწვრილებით სხვა თავში მოგითხრობთ. ახლა შეგახსენებთ სამოცდაათი მოციქულიდან ზოგიერთის ხვედრს, რომელთა შესახებაც ცნობები შემოინახა.

წმინდა ლუკა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყო ერთგული თანამგზავრი პავლე მოციქულისა, რომელიც სიკვდილამდე არ მიუტოვებია. უფლის ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ მან ბერძნულ ენაზე დაწერა სახარება. მანვე წიგნით „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ მოგვაწოდა უძვირფასესი ცნობები ქრისტეს ეკლესიის განვრცობის შესახებ. იგი ქადაგებდა სხვადასხვა ქალაქში და იყო საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის ეპისკოპოსი. ღირს-იქმნა მოწამებრივი სიკვდილისა. ზოგის აზრით, ეს მოხდა ეფესოში, სხვათა სიტყვებით – პატრაში. ლუკა იყო მკურნალი და ფერმწერი. ფიქრობენ, რომ მან პირველმა დაწერა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, პეტრესა და პავლე მოციქულების ხატები.

წმინდა მარკოზი ახლდა პავლე მოციქულს მისი პირველი მოგზაურობის დროს რომში და იქვე მისი წინამძღვრობით ბერძნულ ენაზე დაწერა სახარება. იგი ქადაგებდა იტალიაში, ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქებში: ვენეციასა და აკვილეაში. შემდეგ მოიარა ეგვიპტე, ლიბია, იყო ალექსანდრიის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი. იქვე ჩაუყარა საფუძველი სასწავლებელს, რომელმაც შემდგომ ფრიად დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მარკოზი ამავე ქალაქში წარმართებმა მოწამებრივად მოკლეს, რადგან ცდილობდა, ისინი კერპ სერაპისის თაყვანისცემისგან განერიდებინა. აღსასრულის წინ იგი ღირსყო ქრისტემ თავისი გამოცხადებისა და მანაც სიხარულით მიაბარა სული უფალს. ეს მოხდა ქრისტესშობიდან 68 წელს. ალექსანდრიის ეკლესია დიდ პატივს მიაგებს მოციქულის ხსოვნას. მისი წმინდა ნაწილები ვენეციაშია დასვენებული.

წმინდა ბარნაბა, მეგობარი და თანამგზავრი პავლესი, რომელთან ერთადაც საფუძველი ჩაუყარა ანტიოქიის ეკლესიას, ქადაგებდა კვიპროსზე, რომში, მილანში. მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა ქალაქ სალამინში (კვიპროსი). ჩვენ ვიცი, რომ მან ერთ-ერთმა პირველმა გაყიდა თავისი ქონება, რათა საფასური გაჭირვებულთათვის დაერიგებინა. მას მოციქულები უწოდებდნენ – „ძეს ნუგეშინისცემისას“, რადგან მგლოვიარეთა ნუგეშისცემის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა. ბარნაბა მოციქულის სახელით ცნობილია ეპისტოლე, რომელიც არ შედის ახალი აღთქმის ეპისტოლეთა რიცხვში.

წმინდა თადეოზი მესოპოტამიაში ქადაგებდა. მან განკურნა და მონათლა ავგაროსი, რომლის შესახებაც ძველი საეკლესიო მწერლები შემდეგს გადმოგვცემენ: ავგაროსი იყო ედესის მთავარი. მის ყურამდე მიაღწია ამბებმა უფლის მიერ იუდეაში აღსრულებული სასწაულების შესახებ. მოხდა ისე, რომ იგი კეთრით დაავადდა, ამიტომ მისწერა ქრისტეს, ითხოვა მისი ყოვლისშემძლე შემწეობა და თავის მშობლიურ ქალაქ ედესაში მტრებისა და მდევნელებისაგან თავშესაფარი შესთავაზა. ეს წერილი მან გაატანა ფერმწერს, რომელსაც ქრისტეს ხატის დაწერა უბრძანა. რამდენს არ ეცადა ფერმწერი, მაგრამ ღვთის გამოსახვა ვერაფრით შეძლო. მაშინ იესო ქრისტემ მოითხოვა წყალი და ტილო, დაიბანა პირი, ამ ნაჭრით შეიმშრალა და ფერმწერს გადასცა. ტილოზე მისი გამოსახულება აღიბეჭდა. ამ უძვირფასეს საჩუქართან ერთად უფალმა ავგაროსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღუთქვა სრული განკურნება, ოღონდ მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი მოწაფე ეწვეოდა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდგომ, როდესაც მოციქულები საქადაგებლად წავიდ-წამოვიდნენ, ავგაროსთან თადეოზი გაემგზავრა. მთავარმა ნათელ-იღო და მაშინვე განიკურნა მძიმე სენისგან. ამ მოვლენის აღსანიშნავად მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულით მიაგებს პატივს მაცხოვრის ხელთუქმენლ ხატს. დიდი სამოციქულო მოღვაწეობის შემდგომ წმინდა თადეოზი აღესრულა ქალაქ ბერიტოსში (ახლანდელი ბეირუთი).

მოციქულები თავდაუზოგავად ცდილობდნენ, განევრცოთ ქრისტეს ეკლესია და თითქმის ყველამ მოწამებრივი აღსასრულით დაბეჭდა თავისი სარწმუნოება. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, მიდიოდნენ უშორეს ქვეყნებშიც კი და ქადაგებდნენ სახარებას; უშიშრად იტანდნენ განსაცდელებს, ტანჯვასა და დევნას. მრავალი მათგანი ეპისკოპოსი გახდა: პავლემ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტიტე დაადგინა კრეტაზე, ტიმოთე – ეფესოში; ანანია, რომელმაც პავლე მონათლა, შემდგომ დამასკოს ეპისკოპოსი იყო; ფილიმონი – ღაზას, შილა – კორინთოს, დიონისე არეოპაგელი – ათენის ეპისკოპოსები გახდნენ; ლინუსს, ანაკლეტუსს და კლიმენტის თანმიმდევრობით ეკავათ რომის კათედრა.

 

 

[1] სხვა ცნობებით, სვიმონმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად იქადაგა დასავლეთ საქართველოში. ანდრია შემდგომ სკვითების ქვეყანაში წავიდა, სვიმონი კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად, რომლებმაც იგი ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოპიაში, სოხუმთან ახლოს.

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა