martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტიორნამენტიორნამენტი

თავი 1

როგორი იყო მსოფლიო მაცხოვრის მოსვლამდე

 

ეკლესიის, ანუ სამყაროს გამომსყიდველისა და მაცხოვრის მაღიარებელი საზოგადოების მატიანე იყოფა ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ეკლესიების ისტორიებად. პირველი მათგანი გადმოგვცემს სამყაროსა და ადამიანის შექმნის ამბავს, წარღვნამდელი ადამიანების ცხოვრებასა და იმ ხალხის ხვედრს, ვისაც უფალი გამოეცხადა და ვისთანაც აღთქმა დადო. რა არის ეს აღთქმა და რას ნიშნავდა იგი? აღთქმა ანუ შეთანხმება ეწოდება ღმერთის მოწყალე დანაპირებს – ადამიანებისთვის მოევლინა მესია და ებოძებინა ცხონება. პირველმა ადამიანებმა ურჩობით დაკარგეს მათთვის გამზადებული ნეტარება; შემდგომ კი ცოდვით დასნეულებული და დაუძლურებული მთელი მათი შთამომავლობა მანკიერებათა და სიკვდილის მონად იქცა. უკვე აღარავის უნდა ჰქონოდა იმედი, რომ საკუთარი ძალებით მოიპოვებდა ნეტარებას და დაიმსახურებდა მიტევებას. მაგრამ ადამიანის ცოდვით დაცემისთანავე გამოვლინდა ღვთის უკიდეგანო სახიერება – მან კაცთა მოდგმას მხსნელის მოვლინება აღუთქვა. ღმერთმა საუკუნეთა განმავლობაში არაერთგზის გაიმეორა მოწყალე აღთქმა, განუცხადა ადამიანებს თავისი ნება და სხვადასხვა საშუალებით მოამზადა ისინი მაცხოვრის მისაღებად.

ძველი აღთქმის ეკლესიას შეადგენენ ისინი, ვინც ირწმუნა ღმერთის დაპირება და დაიცვა მისი რჯული. ასეთები იყვნენ: პატრიარქნი, წინასწარმეტყველნი, მართალნი, რომლებიც მაცხოვრის მოვლინებამდე ცხოვრობდნენ. დროდადრო ღვთის ეკლესია მეტად მცირერიცხოვანი იყო. ისრაიტელთა უმრავლესობა ივიწყებდა ღმერთს, კერპთაყვანისმცემლობას უბრუნდებოდა და მანკიერებებში ეფლობოდა; მაგრამ ყოველთვის მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც წმინდად იმარხავდნენ ღვთისგან მიცემულ რჯულს და შეურყეველი რწმენით ელოდნენ აღთქმული მესიის მოვლინებას.

აღსრულდა აღთქმა! ქრისტე, მხოლოდშობილი ძე ღვთისა, გარდამოხდა ქვეყნად, რათა საკუთარი ტანჯვითა და სიკვდილით გამოესყიდა მთელი მსოფლიოს ცოდვები, შეერიგებინა ადამიანები ღმერთთან, ებოძებინა ღვთის სასუფეველი და მარადიული ცხოვრება მათთვის, ვინც მისი ირწმუნა. ახალი აღთქმის ეკლესიას, რომელიც დააარსა იესო ქრისტემ და სულიწმიდის შეწევნით გაავრცელეს მოციქულებმა, შეადგენენ ადამიანები, რომელთაც სწამთ ამა სოფლად მოვლინებული მაცხოვარი, ყოველმხრივ ცდილობენ მისი მცნებების დაცვასა და ნების აღსრულებას და ქრისტეს ბრძანებისამებრ ინათლებიან მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით.

ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიებს შორის არსებობს უწყვეტი, ცოცხალი კავშირი. თავად უფალია თავისი ხალხის რჯულმდებელი; მან მოსეს საშუალებით დაადგინა მსახურების ფორმა და მმართველობა ძველი აღთქმის ეკლესიაში; და სწორედ ამ რჯულში, მსახურების წესებში იკვეთება სამომავლო ეკლესიის სახე. აგრეთვე ძველი აღთქმის მრავალი მოვლენა მოასწავებს აღთქმული მესიის, ანუ გამომხსნელის მიერ ჩვენს სამომავლო გადარჩენას. ზეშთაგონებული წინასწარმეტყველნი გამუდმებით მიუთითებდნენ მაცხოვრის მოვლინებაზე; ახალ რჯულზე, რომელიც ადამიანთა გულებში უნდა ჩაწერილიყო; უდიდეს ნათელზე, რომელიც წყვდიადში მყოფთ განანათლებდა; ქრისტეს ეკლესიის სიდიადესა და შეუძრველობაზე. მათი წინასწარმეტყველება მაშინ ახდა, როდესაც ძე ღვთისა, ქრისტე, გარდამოხდა დედამიწაზე, ივნო კაცთათვის, მისცა მათ თავისი რჯული და დააფუძნა ეკლესია.

ჩვენი თხრობის საგანია ახალი აღთქმის ეკლესიის ისტორია ქრისტეს ამაღლების შემდგომ. შევეცდებით, გიამბოთ, თუ როგორ გავრცელდა და მიაღწია უშორეს ქვეყნებამდე იუდეაში ნაქადაგებმა ღვთის სიტყვამ და როგორ ააღორძინა მისმა ძალამ ახალი ცხოვრებისთვის ისინი, ვინც იესო ქრისტე ირწმუნა.

შევეცდებით, ავსახოთ წმინდა მახარებელთა მოღვაწეობა, პირველი ქრისტიანების ცხოვრების წესი, მარტვილთა სიმტკიცე და გამძლეობა. დაე, ამ მაღალმა მაგალითებმა ჩვენც გვასწავლოს, შთაგვინერგოს სულის სიმხნევე და ურყევი გადაწყვეტილება – ვემსახუროთ სახიერ ღმერთს ყველა იმ უნარით, რაც მან უბოძა თითოეულ ჩვენგანს. რაოდენ განსხვავებული მდგომარეობა, საშუალება და ნიჭიც უნდა გაგვაჩნდეს, ყველაფერი ძალას ერთი და იმავე წყაროდან იღებს – საღვთო შემწეობის გარეშე ჩვენ უსუსურნი ვართ. ღმერთი მისდამი მვედრებელთ აძლევს სიმხნევეს, მოუვლენს სულიწმიდას, რომელიც მათ სიმართლით დამოძღვრავს და სიკეთეს შთააგონებს.

ქრისტიანული ეკლესიის თითოეული წევრისთვის, ყოველი ჩვენგანისათვის, ძალიან სასარგებლოა გულდასმით შესწავლა მისი ისტორიისა, რომელიც კაცობრიობის შინაგანი განვითარებისა და სრულყოფის მატიანეა. როგორც ხალხის, ისე კერძო ადამიანის ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება რწმენა, რჯული, რომელსაც იგი აღიარებს. ქრისტეს სწავლების მიღების შესაბამისად ადამიანთა ცხოვრება უფრო ზნეობრივი ხდებოდა, იწმინდებოდა მისწრაფებები, უმჯობესდებოდა სამოქმედო კანონები, რომლებიც ქრისტიანულ სწავლებაში გამოვლენილ ზნეობრივ სრულყოფილებასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ქვეყნების განათლების დონე განისაზღვრება მხოლოდ მათი კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისობის ხარისხით ქრისტეს რჯულთან, რადგან მარტოოდენ მაცხოვარია წყარო ნათლისა და ჭეშმარიტებისა. ამიტომ არის შეუდარებლად უფრო მნიშვნელოვანი ქრისტეს ეკლესიის განფენისა და დამკვიდრების ისტორია, ვიდრე ხალხთა ცხოვრების ყოფითი მხარეების, მათი ბრძოლებისა და დაპყრობათა აღწერა.

საეკლესიო ისტორია ცხადყოფს ჩვენი ღმერთის ძალმოსილებასა და სახიერებას, რომელიც ყველას მოგვიწოდებს ჭეშმარიტების შეცნობის, გადარჩენისა და მარადიული ცხოვრებისაკენ. მისი ეპიზოდები ნათლად წარმოაჩენს უფლის ერთგულ მსახურთა შრომასა და ტანჯვას; ჩვენ დავინახავთ თავდაპირველად მცირერიცხოვან ეკლესიას, რომელიც უთვალავი მტრით არის გარშემორტყმული; მთავრობებსა და ძალებს, რომლებიც ებრძვიან ეკლესიას და ყველა საშუალებით ცდილობენ მის დაღუპვას – ხან ძალადობასა და დევნას მიმართავენ მის წინააღმდეგ, ხან მისი სწავლების სიწმინდის შებღალვას ლამობენ ცრუ განმარტებებით... მაგრამ მათი ყველა ეს ძალისხმევა ამაოა!.. სულიწმიდით დამოძღვრილი და უფლის ყოვლისშემძლე მარჯვენით დაცული ეკლესია არც დაიღუპება და არც გზას ასცდება. მტრების ყოველგვარი მცდელობა ეკლესიას სასიკეთოდ უბრუნდება და მხოლოდ მის განდიდებასა და გამრავლებას ემსახურება. ზედმიწევნით სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „ყოველსა ჭურჭელსა განხრწნადსა შენდამი არა წარემართოს, და ყოველი ხმაჲ უკუეთუ აღდგეს შენ ზედა საშჯელად, მათ ყოველთა სძლო“ (ეს. 54,17).

კათოლიკე, ანუ მსოფლიო მართლმადიდებელი, სამოციქულო ეკლესია დღევანდლამდე დაურღვევლად იცავს ყოველივეს, რაც ქრისტემ თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო და შემდგომ სულიწმიდამ შთააგონა. ქრისტეს სარწმუნოებამ ყველაზე შორეულ ქვეყნებშიც შეაღწია; ეკლესიამ, მდოგვის პაწაწინა თესლიდან ამოზრდილი მძლავრი ხის მსგავსად, თავისი ტოტები მთელ მსოფლიოს გადააფარა; მორწმუნეებს მიანიჭა ძალა, ნუგეში, სიხარული; აზიარა სულიერი ცხოვრების ყველა სიკეთეს.

ვიდრე ეკლესიის ისტორიის მოვლენათა გადმოცემას შევუდგებოდეთ, აუცილებელია, თვალი გადავავლოთ მსოფლიოს; ვნახოთ, როგორი იყო იგი, როდესაც დედამიწას უფალი ჩვენი იესო ქრისტე უნდა მოვლენოდა. იუდეველების გარდა, რომელთაც ერთი ღმერთის შესახებ გამოცხადებით ეუწყათ, ყველა ერის ზნეობრივი მდგომარეობა ფრიად სავალალო იყო – ისინი კერპებს სცემდნენ თაყვანს. იმხანად უძლიერეს და გაბატონებულ ხალხად რომაელები ითვლებოდნენ; მათ იარაღით დაიპყრეს და თავიანთი ძალაუფლების ქვეშ მოაქციეს თითქმის მთელი მაშინდელი მსოფლიო. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერებისა და დიდების უმაღლეს საფეხურს მიაღწიეს, მათი შინაგანი მდგომარეობა უმძიმესი იყო. რომში – მსოფლიოს ამ მედიდურ და მდიდრულ დედაქალაქში – ბატონობდა ყველაზე გაუგონარი კერპთაყვანისმცემლობა ან სრული ურწმუნოება მდაბიურ და სულელურ ცრურწმენებთან ერთად. რომაელების კერპთმსახურებასა და რელიგიაში არაფერი იყო ისეთი, რასაც შეეძლო ადამიანის სულიერად ამაღლება და მისთვის ზნეობისა და სიკეთის შეგონება. რომში უკიდურეს ზღვარს მიაღწია გარყვნილებამ და სისასტიკემ, განცხრომამ და წარმოუდგენელმა ფუფუნებამ. რომაელთა უმრავლესობა მარტოოდენ ხორციელი სიამოვნებისათვის ცხოვრობდა: სვამდა, ჭამდა, მხიარულობდა და არ ზრუნავდა საკუთარ სულზე; ისინი ყოველდღიურ, წარმავალ და ხშირად სასტიკ გართობებში ხარჯავდნენ გონებისა და გულის მთელ ძალას. მაგრამ ასეთ ფუჭ ცხოვრებას სასჯელიც მოსდევს: უსაზღვრო ფუფუნებაში ჩაფლულ და მიწიერი დიდების სიმაღლეზე ატყორცნილ რომაელებს მოწყენილობა და ნაყროვანება ტანჯავდა. ეს კი იმათი ხვედრია, ვინც სახიერი შემოქმედის მიერ ბოძებულ ძალებსა და უნარს სიკეთეს არ ახმარს.

თავად წარმართებს იმ დროისთვის უკვე ნაკლებად სწამდათ თავიანთი ღმერთებისა, თუმცა მათ პატივსაცემად მაინც აგრძელებდნენ წარმართული კანონითა და ტრადიციით დადგენილი მსახურებებისა და მსხვერპლშეწირვების შესრულებას. მაგრამ ადამიანს აქვს თანდაყოლილი ლტოლვა – სწამდეს უზენაესი ძალისა და შეიცნოს ჭეშმარიტება, რაც პიროვნებას სრული დაცემისაგან იცავს მანამ, სანამ ამ წადილს არ მოაშთობს ცარიელი და ამაო ცხოვრება. რომში ეს მისწრაფება ნაკლებად იჩენდა თავს – იგი ჩაახშო ცხოვრების ხმაურმა და ბრწყინვალებამ.

მაგრამ სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით საბერძნეთსა და აღმოსავლეთში, აღნიშნული ლტოლვა ადამიანთა გონებაში ღვთის შეცნობისა და ბუნების საიდუმლოთა შესწავლის წადილს აღძრავდა. საბერძნეთმა, ოდესღაც ძლიერმა ქვეყანამ, იმ დროისთვის უკვე დაკარგა სამოქალაქო დამოუკიდებლობა და რომაელების მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერიის ერთი ნაწილი გახდა. მიუხედავად რომისადმი დაქვემდებარებისა, საბერძნეთმა მასთან შედარებით უდიდესი უპირატესობა შეინარჩუნა – იგი მთელ მსოფლიოში ყველაზე განათლებული ქვეყანა იყო, სადაც ყვაოდა მეცნიერება და ხელოვნება. საბერძნეთში ყველა ქვეყნიდან ჩადიოდნენ განათლების მისაღებად. ბუნებრივია, განსწავლულ ბერძნებს წარმართთა ღმერთებისადმი ბრმა რწმენა ვერ ექნებოდათ, წარმართული სწავლების მიღმა ისინი ჯიუტად ეძებდნენ ჭეშმარიტებას, ცდილობდნენ ბუნების და სამყაროს შექმნის საიდუმლოებათა ამოხსნას, ადამიანის დანიშნულების გარკვევას. განმარტებათა და დასკვნათა სიმრავლის შედეგად წარმოიშვა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლები და სისტემები. ფილოსოფოსი ნიშნავს სიბრძნის მოყვარულს – ასე უწოდებდნენ სწავლულებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება სიბრძნის შეცნობას მიუძღვნეს. ფილოსოფოსთა ზოგიერთი სწავლება საკმაოდ ამაღლებული იყო, განადიდებდა სათნოებას და, თუმცა ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გადმოსცემდა ცნებებს ღმერთსა და სულის უკვდავებაზე. მაგრამ ზეგარდმო გამოცხადების გარეშე ადამიანს არ ძალუძს უზენაესი ჭეშმარიტების – ღმერთის შეცნობა და ფილოსოფოსებიც, მიუხედავად გონებისა და ნების მთელი ძალისხმევისა, წყვდიადში დაეხეტებოდნენ ეჭვებითა და გაურკვევლობით გაწამებულნი.

ადამიანთაგან შექმნილ მოძღვრებათა უკუნში მხოლოდ იუდეველთაგან წამოსული ჭეშმარიტების სუსტი სხივები კიაფობდა. იმხანად იუდეველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყვნენ გაფანტულნი და უცხო ტომის ხალხებს განუმარტავდნენ ცნებას ერთ ღმერთზე, სამყაროს შემოქმედზე. ამ ერების მრავალმა წარმომადგენელმა მიიღო კიდეც მოსეს რჯული, რასაც ძლიერ შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ ქრისტესშობამდე 280 წლით ადრე წმინდა წერილი ბერძნულ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მაგრამ აღმოსავლეთში იუდეველთაგან გადმოღებულ ცნებებს შეერია ნაირგვარი, უცნაური და გამოგონილი განმარტებანი, რითაც იქაური სწავლულები ცდილობდნენ, აეხსნათ სამყაროს შექმნა და ბუნების მოვლენები.

 ახლა თვალი გადავავლოთ ისრაიტელთა ცხოვრებას – ვნახოთ, დაიცვა თუ არა შეუბღალავად თავად ღმერთის მიერ მათთვის გაცხადებული ჭეშმარიტება ერმა, რომელიც უფალმა ამოირჩია და რომელსაც სიყვარულით უჩვენებდა თავის მართალ გზას? გამოიღო თუ არა მოსალოდნელი ნაყოფი ღმერთის მიერ ამ ხალხისთვის მოვლენილმა ამდენმა ქველმოქმედებამ და სასწაულმა?

 ძველი აღთქმის წიგნებიდან ვიცით, რომ ისრაიტელები ხშირად ივიწყებდნენ უფალს და გულგრილად არღვევდნენ რჯულს – მათ იზიდავდათ ირგვლივ არსებული კერპთაყვანისმცემლობა. უფალი თავის ერს მძიმე განსაცდელებით სჯიდა, მაგრამ მათთვის არ წაურთმევია სასოება მხსნელის მოვლინებისა. ქრისტესშობამდე ბოლო ასწლეულების მანძილზე იუდეველები მუდამ სხვისი ქვეშევრდომები იყვნენ: ისინი ჯერ ბერძნებმა დაიპყრეს, შემდეგ მათზე ეგვიპტელები და სირიელები გაბატონდნენ, ბოლოს კი რომმა დაიმორჩილა. მრავალ განსაცდელგამოვლილ იუდეველებს უკვე აღარ იზიდავდა კერპთაყვანისმცემლობა – პირიქით, ისინი ზიზღითა და ამრეზით შეჰყურებდნენ წარმართულ მრავალღმერთიანობას, განსაცდელებს მოსეს რჯულიდან ხშირი განდგომის სასჯელად მიიჩნევდნენ და მის ზუსტად დაცვას ცდილობდნენ. მაგრამ ეს ერი გულით მაინც ვერ მიუახლოვდა ღმერთს და ამიტომაც დარჩა მისთვის ამოუცნობი თავად რჯულის შინაარსი და სული. ისინი მხოლოდ გარეგნულ წესებს ასრულებდნენ და ამით იმედოვნებდნენ უფლის წინაშე მართლად ყოფნას. ღვთისგან მონიჭებულ სიკეთეებს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და ნაცვლად იმისა, რომ უფლისადმი სიყვარულითა და მადლიერებით გამსჭვალულიყვნენ, გაუჩნდათ ამპარტავნული გრძნობა საკუთარი უპირატესობისა დანარჩენ ერებზე და მათდამი ზიზღით აღივსნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ამ უკანასკნელთ სამუდამოდ განეშორა მადლი ღვთისა და მათი გადარჩენა შეუძლებელია. იუდეველები, როგორც აბრაამის შთამომავლები, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხოლოდ მათ ეკუთვნით დიდება, უპირატესობა და ცხონება; მესიის მოსვლისაგან მხოლოდ გარეგან სიკეთეებს ელოდნენ; მაცხოვარი წარმოედგინათ დიად და ძალმოსილ მეფედ, რომელიც მათ რომაელთა ქვეშევრდომობისგან გაათავისუფლებდა და ყველა ერზე მეტად განადიდებდა. არ ესმოდათ, რომ მაცხოვრის შესახებ წინასწარმეტყველებებში საუბარი იყო სულიერი თავისუფლების, ზეციური სიკეთეებისა და არაამქვეყნიური სამეფოს შესახებ; რომ მესიის მისაღებად საჭირო იყო სინანულით, თავმდაბლობითა და სიყვარულით მომზადება. რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, თუმცა ცოტანი, რომლებიც მზად იყვნენ ქრისტეს მადლით გაცისკროვნებისთვის. გასაგებია, თუ რაოდენ მძიმე იყო იუდეველებისათვის მათთვის საძულველი და საზიზღარი რომაელების ქვეშევრდომობა და როგორ მოუთმენლად ელოდნენ ისინი მხსნელს. თავად იუდეველები მრავალ, ურთიერთისადმი მტრულ სექტებად იყვნენ დაყოფილნი და განსხვავებულად განმარტავდნენ წმინდა წერილის შინაარსს.

ამრიგად, ძველი მსოფლიოს მდგომარეობა ცხადად ადასტურებს, თუ რაოდენ უძლურია ადამიანური შესაძლებლობა, ჭეშმარიტებით განანათლოს კაცი და მის სულს ნუგეში და სიმშვიდე მიანიჭოს. წარმართულმა სამყარომ გონებრივი განვითარებისა და მიწიერი დიდების მაღალ დონეს მიაღწია, მაგრამ რა მოიგო? უგუნური კერპთაყვანისმცემლობა, ბნელი ცრურწმენა და – რაც ადამიანის სულისთვის ყველაზე მძიმეა – მტანჯველი ეჭვები, გარყვნილება და შემზარავი სისასტიკე. იუდეველების მაგალითით უფალმა ცხადყო, რომ ზეციური გამოცხადების ბოძებაც ვერ გიშველის, თუ ღმერთის მიმართ გულს სისასტიკით აივსებ; რომ ჭეშმარიტების მადლმოსილი სხივები მხოლოდ იმ გულებში გაბრწყინდება, რომლებიც მას თავმდაბლად, მადლობითა და სიყვარულით შეიწყნარებენ. ზეციური ჭეშმარიტების მისაღებად საჭიროა კეთილი ნებაც.

თითქოს მთელი მსოფლიო დარდობდა და იტანჯებოდა ნათლისა და გადარჩენის მოლოდინში. იმ დროისთვის მრავალ ქვეყანაში დაირხა ხმა, რომ იუდეას მალე მოევლინებოდა წინამძღოლი, რომელიც მსოფლიოს დაიმორჩილებდა.

და აი, მოიწია ჟამი და იუდეის პატარა ქალაქ ბეთლემში გაისმა ანგელოზთა გალობა, რომელიც ადამიანებს მშვიდობასა და გამოხსნის სიხარულს აუწყებდა: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ!“

ბეთლემში იშვა ქრისტე, ძე ღვთისა, სამყაროს მხსნელი, ღარიბი ქალწულისგან, რომელიც დავითის სამეფო გვარს ეკუთვნოდა. სამყაროს მეუფე იშვა მღვიმეში, საქონლის სადგომში, იგი ჩააწვინეს ბაგაში. ეს უდიდესი მოვლენა ზეციურმა ანგელოზებმა უბრალო მწყემსებს აუწყეს, რომელთაც პირველებმა სცეს თაყვანი მაცხოვარს. ქრისტეს შობის შესახებ მახარებლის საოცარი მონათხრობი თითქოს საიდუმლოდ მოასწავებს ახალი აღთქმის ისტორიის მდინარებას.

სამყაროს მეფე და ბაგა! ღარიბი მწყემსები და ზეციური დიდებით მოსილი ანგელოზები! ზეციური სიდიადე უკიდურესი სიღატაკისა და უმწეობის გვერდით!

ჩვენ არაერთხელ განგვაცვიფრებს ზეციური ძალისა და ადამიანური უძლურების გამუდმებული ურთიერთშეხება. ქრისტეს პირველი მიმდევრები ბრძენი, ძალმოსილი და ამა სოფლად განდიდებული ადამიანები არ ყოფილან. უფალი გამოეცხადა უძლურებსა და თავმდაბლებს – ისინი ღირს-იქმნენ, გამხდარიყვნენ მოწმენი მისი სასწაულებისა, მოესმინათ მისი სიტყვები და შემდგომ მათვე გაევრცელებინათ მაცხოვრის სწავლება მთელ ქვეყანაზე. უფალმა თავი გამოუცხადა არა ამპარტავან, საკუთარი ძალებისა და სიმართლის იმედზე მყოფ ადამიანებს, არამედ მათ, ვინც მდაბალი გულით გააცნობიერა საკუთარი არარაობა და ღვთის შემწეობის საჭიროება.

ასეთებს მოუვლენს უფალი თავის ზეციურ დიდებას, განამტკიცებს, გაამდიდრებს სიკეთეებით და გააცისკროვნებს ნათლით. ამ ყოველივეს წინაშე ამა სოფლის უბრწყინვალესი სიკეთენი, კაცობრივი გონებისა და ძალის საუკეთესო გამოვლინებებიც მწირია და უმნიშვნელო.

აღსრულდა ყოველივე, რაზედაც მიუთითებდა მოწყალე უფალი, დაწყებული ადამიანის ცოდვით დაცემიდან. ძე ღვთისა გარდამოხდა ზეცით, რათა გაენათლებინა და თავისი სისხლით გამოესყიდა დაცემული ადამიანი. მან კაცობრივი ხორცი შეისხა, იცხოვრა ადამიანთა შორის, ასწავლა, სნეულებათაგან განკურნა, ცოდვები შეუნდო, სასოება და ნუგეში შთაბერა ხალხს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი. და მე განგისუენო თქუენ“ – ეუბნებოდა მათ (მათ. 11,28); იგი ადამიანებს გამოეცხადა, როგორც ჭეშმარიტების ნათელი: „მე ნათელი სოფლად მოვივლინე, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ბნელსა შინა არა დაადგრეს“ (იონ. 12,46).

მაგრამ მიწიერ მეუფებაზე პატივმოყვარე ოცნებებით დაბრმავებულმა იუდეველებმა ვერ ამოიცნეს ქრისტე ღმერთი თავმდაბალ და მშვიდ იესოში და, როგორც ბოროტმოქმედი, სასიკვდილოდ გაიმეტეს. აღსრულდა კაცთა მოდგმის გამოსყიდვა ძე ღვთისას სისხლით!.. ის, უდანაშაულო, ჩვენთვის – დამნაშავეთათვის – ივნო; იგი ბოროტმოქმედად მიიჩნიეს, მან კი მხარნი თვისნი შეუშვირა საგვემად და ყვრიმალები საცემად; ჯვარზე გამოისყიდა ადამის ცოდვა და ადამიანები ღმერთთან შეარიგა. ის დაასაფლავეს, მაგრამ მესამე დღეს აღდგა, სიკვდილს სძლია და აღდგომა და ცხოვრება უბოძა ყველას, ვინც იგი შეიწყნარა.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე დიდებით ამაღლდა ზეცად.

მაგრამ ამაღლებამდე უფალმა იზრუნა დედამიწაზე თავისი ეკლესიის მოსაწყობად და განსამტკიცებლად. მან აღუთქვა მოწაფეებს, რომ მუდამ მორწმუნეთა შორის იქნებოდა და ზეციდან გარდამოუვლენდა მადლსა და შემწეობას. მოციქულებს, რომლებიც უფალს დაჰყვებოდნენ და უსმენდნენ, უბრძანა, მისი სწავლება გაევრცელებინათ მთელ დედამიწაზე; მათვე მისცა ცოდვათა მიტევების, ადამიანთა განხსნისა და შეკრვის უფლება, ძალა სასწაულთა აღსასრულებლად. მაცხოვარმა სიკვდილის წინ მოციქულებს ზედმიწევნით განუმარტა თავისი სწავლება: „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარმცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13,34-35). ღვთისა და მოყვასის სიყვარული – აი, რა უნდა ასულდგმულებდეს მორწმუნეებს, განაცხოველებდეს მათ მოღვაწეობას, უნერგავდეს სიმხნევესა და მოთმინებას. უფალი ხედავდა თავისი მოწაფეების სისუსტესა და უძლურებას, უწყოდა, რომ დავალება მათთვის მძიმე იქნებოდა. ამიტომ დაჰპირდა მათ, რომ ამქვეყნად მოავლენდა ნუგეშინისმცემელს, სულს ჭეშმარიტებისას, რომელიც გაუძღვებოდა სიმართლის გზაზე, შეახსენებდა ყოველივეს, რასაც მაცხოვარი ქადაგებდა, მიანიჭებდა სამომავლო საქმეთათვის აუცილებელ სიბრძნესა და ძალებს. უფალმა იცოდა, რომ მის მოწაფეებს დევნა ემუქრებოდა: „...გდევნიდნენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათვის. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად“ (ლუკ. 21,12-15).

ორმოცი დღის განმავლობაში, აღდგომიდან ზეცად ამაღლებამდე, უფალი ეცხადებოდა მოწაფეებს, ესაუბრებოდა ზეციურ სასუფეველზე და, რა თქმა უნდა, აძლევდა ყველა საჭირო დარიგებას სამომავლო მოღვაწეობისათვის. თან აღუთქვამდა, რომ მათი მუდმივი წინამძღოლი და მასწავლებელი იქნებოდა სულიწმიდა, რომელსაც ძის თხოვნით მოუვლენდა მათ ზეციური მამა (იხ. იოან. 14,16-17).

უფალმა მოწაფეებს დაუბარა: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაჲმე სუან, არარაჲ ავნოს მათ; სნეულთა ზედა Pელთა დასდებდენ და განცოცხლდებოდიან“ (მარკ. 16,15-18); „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ; და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28,19-20).

როდესაც უფალმა უკანასკნელად შეკრიბა თავისი მოწაფენი ელეონის ანუ ზეთისხილის მთაზე, გაუმეორა ბრძანება – ეუწყებინათ სახარება და მისი სახელით ექადაგათ სინანულისა და ცოდვათა მიტევების შესახებ. ამასთან უთხრა, არ გასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ ზეციდან მოვლენილი ძალით არ შეიმოსებოდნენ: „და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით“ (ლუკ. 24,49).

მაშინ მოწაფეებს ჯერ კიდევ ნათლად არ ესმოდათ დედამიწაზე მაცხოვრის მოვლინების მთელი მნიშვნელობა და ძალა. ეს მათ თანდათანობით, სულიწმიდის მეოხებით უნდა გაეაზრებინათ. მაშინ, ქრისტეს აღდგომის შემდგომაც კი, ისინი მოელოდნენ, რომ მაცხოვარი ტყვეობიდან გაათავისუფლებდა ხალხს და ისრაელს დიდებასა და თავისუფლებას დაუბრუნებდა. ამიტომაც ჰკითხეს მას: „უფალო, უკუეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა?“ უფალმა მიუგო: „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თვისითა Pელმწიფებითა, არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიას და ვიდრე დასასრულამდე ქუეყანისა“ (საქმე 1,6-8).

ამის შემდგომ მან დალოცა მოწაფეები და ამაღლდა ზეცად. განცვიფრებული ადამიანები დიდხანს შეჰყურებდნენ მას, სანამ ნათლის ღრუბელმა არ დაფარა იგი. უცებ მათ ორი ანგელოზი წარმოუდგა და უთხრა: „გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესუ, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქმე 1,11).

მაშინ მოწაფეებმა დიდად გაიხარეს და იერუსალიმს დაბრუნდნენ. მათი მხიარულების მიზეზი, რასაკვირველია, იყო უფლის აღთქმა, რომ მარადის მათთან იქნებოდა და ყოვლადძლიერ ნუგეშინისმცემელს მოუვლენდა.

ქრისტეს ეკლესიის გავრცელების შესახებ პირველ ცნობებს გვაწვდის ლუკა მახარებელი წიგნში „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ (ამ ეპოქის შესახებ თხრობისას ჩვენ ხსენებული წიგნით ვიხელმძღვანელებთ). ღვთის უდიდესი ქველმოქმედებაა, რომ პირველი პერიოდის შესასწავლად გვაქვს ღვთივსულიერი ნაწერები: „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ და ეპისტოლენი, რომელთა უტყუარობა იოტისოდენ ეჭვსაც არ იწვევს. ჩვეულებრივ, ერის სამოქალაქო არსებობის საწყისები ბურუსით არის მოცული, თუმც ამ გარემოებას საერო ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს; მაგრამ ეკლესიის ისტორიაში ასე არ არის – მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საწყისი. ეკლესია ღვთაებრივი დამაარსებლის მიერ დადებული საძირკვლის ერთგული უნდა დარჩეს თავისი განვითარების პროცესში. ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელი მოციქულთა ეპოქის შესწავლა. დავსძენთ, რომ ამ პერიოდის გაცნობა ჩვენთვის დიდი ნუგეშიც არის – შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც ვეკუთვნით, მართლად დაიცვა ქრისტეს ნაანდერძევი; და რომ იგი ნამდვილად არის „აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესუ“ (ეფეს. 2,20). შევეცადოთ, ვიყოთ ღირსეული წევრები ამ ეკლესიისა...

უეჭველია ისიც, რომ ეპისტოლენი და „საქმე წმიდათა მოციქულთაჲ“ ყველა დადგენილებასა და შეგონებას არ შეიცავს. თავად ეპისტოლეებიდან ვიგებთ, რომ მოციქულები, გარდა წერილობითი დამოძღვრისა, ზეპირადაც ქადაგებდნენ სწავლებას. ამიტომაც ჩვენთვის აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ მოქმედებდა ეკლესია თავისი არსებობის პირველ პერიოდში, მოციქულებისა და მათი უახლოესი მემკვიდრეების ეპოქაში; როგორ ესმოდა და განმარტავდა წმინდა სწავლებას. ამ ყოველივეს წმინდა გადმოცემის საშუალებით ვიგებთ. გადმოცემა არის უწყება ეკლესიის მოწყობის, ღვთისმსახურების წესის, ტრადიციების, სწავლებისა და მართვის შესახებ, რაც ეკლესიის მიერვე იქნა მიღებული მისი არსებობის პირველ საუკუნეებში. იგი შემოინახა ქრისტიანობის პირველი პერიოდის წმინდა მამათა ნაწერებში და საეკლესიო მსახურებათა წესში. გადმოცემა მოიცავს მოციქულთა მიერ შედგენილი წესებსა და მათივე ზეპირ სწავლებას, რომლებითაც წმინდად ხელმძღვანელობდა სამოციქულო ეკლესია.

 

       

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა