„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“ (იოანე 14,6).
– გერონდა, როგორ განიწმინდება გული?
– სიმდაბლით, უწყინარობით, თავგანწირვით, უანგარობით, (ცოდვიანი) აზრების აღსარებით, ღვაწლით, ლოცვით, და რაც მთავარია, იესოს ლოცვით განიწმინდება გული. ლოცვა გულს ყოველგვარი ნაყარ-ნუყარისაგან ათავისუფლებს.
– გერონდა, მხოლოდ ლოცვით არ განიწმინდება გული?
– არა, განწმენდა შეუძლებელია მხოლოდ ლოცვით, თუკი იმავდროულად არ იქნება სიმდაბლე და შესაბამისი ღვაწლი. თუკი ლოცულობ, მაგრამ არ ცდილობ აღასრულო ის, რაც ვთქვი, ეს ამაო შრომა გამოვა. ანდა, თუკი აღასრულებ დანარჩენს და ლოცვისთვის არ იზრუნებ, ესეც ამაო შრომა იქნება. იღვწი და იმავდროულად ლოცულობ, ღვთის შეწევნას ითხოვ ლოცვით, და ამგვარად თანდათანობით განიწმინდება გული. ღვაწლი და ლოცვა ერთად მიედინება.
ღირსი პაისი მთაწმინდელი
გადარჩენა და უბედურებისგან თავის დაღწევა ყველანაირი გზით კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ღვთის მიერ. ამას ვამბობ მათ გასაგონად, ვინც სნეულების დროს შელოცვებს და სხვა გრძნეულებებს მიმართავს ავადმყოფობის შესამსუბუქებლად. ეს ნიშნავს, ეძებო არა გადარჩენა, არამედ დაღუპვა, რადგან ჭეშმარიტი გადარჩენა ის არის, რასაც ღმერთი გვიბოძებს.
წმ. იოანე ოქროპირი
თუკი ადამიანი არ ჰკითხავს მამებს რჩევას იმ საქმის შესახებ, რომელიც კეთილი ჩანს, ამას ცუდი შედეგები მოყვება, და ეს ადამიანი არღვევს მცნებას, რომელიც ამბობს: „განუზრახველად ნურას იქმ“ (ზირაქ. 32,21), და კიდევ: „ჰკითხე მამასა შენსა, გითხრას შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ“ (2 სჯულ. 32,7). და ვერსად იპოვი, რომ (წმიდა) წერილი ვინმეს უბრძანებდეს რაიმეს გაკეთებას საკუთარ თავზე მინდობით. რჩევის უკითხველობა ამპარტავნების მანიშნებელია, და ასეთი კაცი ღვთის მტერი აღმოჩნდება, რამეთუ ღმერთი „ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“ (იგავ. 3,34). (ამის შემდეგ) ვინღა იქნება მდაბალი, თუ არა მხოლოდ ის, ვინც ქედს იხრის სულიერი მამების წინაშე და იღებს მათ რჩევას, ღვთის შიშით.
წმ. ბარსანუფი დიდი
ცუდადმზვაობრობის თვისებებია მაჩვენებლობა და ორგულობა, ხოლო ამპარტავნებისა – შეურაცხყოფა და მრისხანება.
ამპარტავნებას მოსპობს ცრემლით ლოცვა-ვედრება, არავისთვის მიყენება შეურაცხყოფისა და უნებლიეთ მოსული განსაცდელნი.
წმ. აბბა თალასე
ღვინო რაც შეიძლება ნაკლები დალიე. რაც უფრო მცირე რაოდენობით მივიღებთ მას, მით მეტად გაიზრდება მისი კეთილმოქმედება.
წმ. ნილოს სინელი
როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხორციელი და სულიერი ადამიანების ნუგეშები! ისინი ღვინით, ესენი კი სული წმიდით აღივსებიან; მათში ღვინო ხორციელ სიხარულს აღმოაცენებს, ამათში კი სული წმიდა სულიერ, საღმრთო სიხარულს ბადებს; მათ ღვინო ყველანაირი ავხორცობის ჩადენისკენ უბიძგებს, ამათ კი სული წმიდა ღმრთის ქება-დიდებასა და ყოველგვარ სიკეთეს შთააგონებს. ნუგეშინისმცემელო, სული ჭეშმარიტებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორისაც!
... ასეთ დროს ქრისტიანი რაღაც უჩვეულოს განიცდის – რაღაც ჩუმ, ღრმა, უტკბილეს სიხარულს, რომელიც ზოგჯერ სულიერ აღმაფრენაში გადადის. აი, სულიერი თრობაც!
ამგვარ თრობას მოციქული ღვინით თრობის საპირისპიროდ გვირჩევს და სულით აღვსებას უწოდებს მას. აი, ეს ეძიეთ, ამბობს, იმას კი ნუ ეძებთ. ასე რომ, ბრძანება – "აღივსენით სულითა" იმაზე მიგვითითებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ საშუალება მივცეთ სული წმიდას, გამოავლინოს საკუთარი თავი და თვალსაჩინოდ შევიგრძნოთ ჩვენს გულში მისი მოქმედება.
წმ. თეოფანე დაყუდებული
როგორც სიყვარულია ყველა სათნოებაზე აღმატებული, ასევე ყველა ცოდვაზე უმძიმესია ძმის სიძულვილი, რადგან ვისაც სძულს ძმა, ის მკვლელია, როგორც მოციქულმა თქვა (1 იოან. 3,15). ვისაც ძმა სძულს, მას თვითონ ღმერთი სძულს.
წმ. ეფრემ ასური
იტყვი: ნუთუ არ უნდა გვძულდეს თვით მტრებიცა და წარმართებიც? უნდა გვძულდეს არა ისინი, არამედ მათი სწავლება, არა ადამიანი, არამედ მანკიერი ცხოვრება და გამრუდებული ნება. ადამიანი ღვთის ქმნილებაა, ხოლო ცთომილება – ეშმაკისა. ამიტომ ნუ შეურევ ღვთისას ეშმაკისაში.
წმ. იოანე ოქროპირი
ცხონება შესაძლებელია მხოლოდ მოყვასის საშუალებით – „მიუტევეთ და მოგეტევნენ“, და ეს არის სჯულის აღსრულება. (წმ. მაკარი დიდი)
კეთილისყოფა ჩაიწერე სპილენძზე, ხოლო წყენა – წყალზე. (წმ. ისიდორე პელუსიელი)
როცა წყენა შენს გულში ცეცხლს დაანთებს, გაიხსენე ქრისტე და მისი წყლულები, – დაუფიქრდი, რომ შენს მიერ განცდილი ძალიან უმნიშვნელოა მეუფის (ქრისტეს) ტანჯვასთან შედარებით, და მაშინ, როგორც წყლით, ჩააქრობ შენს მწუხარებას. (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
ზიანდება არა ის, ვინც ბოროტებას განიცდის, არამედ ის, ვინც აღასრულებს ბოროტებას. (წმ. იოანე ოქროპირი)
სადაც მტრობა და ღვარძლია, იქ ვერც მარხვა იქნება და ვერც დღესასწაული. (ნეტარი ავგუსტინე)
როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არ განვრისხდეთ, როცა სხვები გვამცირებენ და გვლანძღავენ? ვინც გულში საკუთარ თავს არარაობად მიიჩნევს, მას ვერანაირი დამცირება ვერ შეაშფოთებს, და თუკი საკუთარ თავს შეურაცხყოფ, განსვენებაში იქნები... ყველანაირად ეცადე გაჩუმდე, სანამ განუწყვეტელი ლოცვით არ დამშვიდდება შენი გული; და ამის შემდეგ შეურაცხმყოფელს შენდობა სთხოვე. (წმ. აბბა ზოსიმე)
ბოროტებას, ნაკლოვანებებს ასწორებენ სიკეთით, ალერსით, სიმშვიდით, სიმდაბლით, მოთმინებით. თავი ჩათვალე უპირველესად იმათ შორის, ვინც შენ ცოდვილად გეჩვენება, ან მართლაც ცოდვილია; თავი მიიჩნიე ყველაზე უარესად და ყველაზე ქვემოთ მყოფად. (წმ. იოანე კრონშტადტელი)
აი, რას მიაღწია ეშმაკმა. მან დედამიწა აქცია ლაბირინთად, რომელშიც ჩვენ ერთმანეთის გაგება არ შეგვიძლია... ჩვენ იქამდე მივედით, რომ ჩვენს დროში დედამიწა ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ ვაქციეთ! და ჩვენ არც კი გვესმის, რაშია საქმე. ყველანი გაოცებულები ვართ: „რა დაგვემართა, საით მივდივართ, რატომ მიდიან ჩვენი შვილები, რატომ წავიდნენ საკუთარი სახლებიდან და დაეხეტებიან უმიზნოდ, რატომ მიატოვეს ცხოვრება, რატომ მიატოვეს სწავლა? რატომ ხდება ეს?“ ეშმაკმა მოახერხა საკუთარი თავის დაფარვა და ადამიანებისთვის შთაგონება, რომ სხვა სახელები გამოეყენებინათ. როდესაც ადამიანი იტანჯება, ექიმები, ფსიქოლოგები ხშირად ამბობენ: „ახ, შენ ნევროზი გაქვს! ახ, შენ სტრესი გაქვს!“ – და ამის მსგავსი. ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რომ ეშმაკი ანვითარებს ადამიანში ეგოიზმს...
წმ. პორფირი კავსოკალიველი
ბოროტება ბოროტებას ვერ მოსპობს. თუკი ვინმე ბოროტებას გიკეთებს, შენ მას სიკეთე გაუკეთე, რომ კეთილი საქმით მოსპო სიბოროტე.
წმ. პიმენ დიდი
მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“.
წმ. ანტონი დიდი
წმიდა წერილი ამბობს: „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ. 22,39). ნუ იტყვი: ეს სათნოება დიდია და არ ძალმიძს მისი მოხვეჭა. როგორ შემიძლია შევიყვარო მოყვასი საკუთარი თავივით? მის გაჭირვებებზე როგორ ვიზრუნო ისე, როგორც საკუთარზე, მით უმეტეს მის გულში დაფარულზე, რომელიც არავინ უწყის? ნუ გაგიტაცებს ამგვარი ფიქრები, არამედ ღმრთის სასოებით შეუდექი ამ სათნოების აღსრულებას, უჩვენე უფალს სურვილი და მცდელობა და ღმრთის შეწევნას მიიღებ, რომელიც დაგეხმარება სათნოების აღსრულებაში. წარმოიდგინე ორი კიბე: ერთს ზეცაში აყავხარ, ხოლო მეორეს ჯოჯოხეთში ჩაყავხარ, შენ კი ამ კიბეებს შორის მიწაზე დგახარ. ნუ იტყვი: როგორ ავფრინდები მიწიდან და მივწვდები იმ კიბის თავს? ეს შეუძლებელია და ღმერთი ამას არც ითხოვს შენგან. შენ მხოლოდ თავი დაიცავი, რომ ქვემოთ არ ჩახვიდე. მოყვასს ბოროტებას ნუ გაუკეთებ, ცუდს ნურაფერს ეტყვი, ცილს ნუ დასწამებ, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ. ამგვარად, ნელ-ნელა მას სიკეთესაც გაუკეთებ – სიტყვით ანუგეშებ, თანაუგძნობ, შეეწევი იმით, რასაც საჭიროებს. ასე ახვალ ერთი საფეხურიდან მეორეზე და ღმრთის შეწევნით კიბის თავსაც მიაღწევ. მოყვასის შეწევნაში თანდათანობით იქამდეც მიხვალ, რომ სიკეთესა და წარმატებას მისთვის ისევე მოინდომებ, როგორც საკუთარი თავისთვის. სწორედ ეს არის „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“.
წმ. აბბა დოროთე
ეს საუკუნე სინანულის საუკუნეა, ხოლო ის – მიგებისა; ეს – კეთებისა, ის – გადახდისა; ეს – მოთმინებისა, ის – ნუგეშისცემისა. აწ ღმერთი დამხმარეა მათი, ვინც ბოროტი გზიდან მოიქცევა, ხოლო მაშინ – საშინელი და მიუკერძოებელი გამომეძიებელი კაცთა საქმეებისა, სიტყვებისა და გულისსიტყვებისა. აწ ვსარგებლობთ სულგრძელებით, მაშინ შევიცნობთ მართლმსაჯულებას, როცა აღვდგებით – ერთნი მარადიული სასჯელისათვის, ხოლო სხვები მარადიული ცხოვრებისათვის, და ყველა მიიღებს საქმეების მიხედვით.
წმ. ბასილი დიდი
თუკი უფალმა ვირი აალაპარაკა და მოგვის მიერ სულიერი კურთხევა მიანიჭა [ებრაელებს]; თუკი, ამგვარად, ვირის უსიტყველი ბაგეებით და ბალაამის უწმინდური ენით უფალი უმადური იუდეველებისთვის მოქმედებდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერნი იქნებით, ის ყველაფერს აღასრულებს, რაც საჭიროა, და სული წმიდას გარდამოავლენს, – თუნდაც რომ მღვდლები უკიდურესად ბიწიერნი იყვნენ.
წმ. იოანე ოქროპირი
თუკი ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებს, მაშინ ეშმაკი მას სხვა სამუშაოს გამოუძებნის – სხვების ნაკლოვანებების მოძიებას.
წმ. პაისი ათონელ
სულო ჩემო! რაც უნდა სიმართლე გქონდეს, თუ ძმისგან შეურაცხყოფა და წყენა არ მოითმინე, არა გაქვს ნაწილი იესოსთანა და სახარების მადლისაგან შორს დარჩები.
წვ. ალექსი ბერი, შუშანია
სიახლეები
8 იანვარი 2025
ცხოვრება: წმიდა მამები სიძულვილის შესახებ
25 დეკემბერი 2024
პატერიკები: წმინდა ნიკოლოზ სერბი – ამბავი სიძულვილის ძლევისა
15 აპრილი 2024
ცხოვრება: წმინდა პაისი მთაწმინდელი – სწავლებები
18 ნოემბერი 2023
ისტორია: რატომ გაუქმდა გლადიატორთა ბრძოლები
2 ნოემბერი 2023
საცდურები: წმ. მამები ასტროლოგიის შესახებ
24 ივლისი 2023
მოღვაწეობა: წმიდა მამათა სწავლებების კრებული (ნაწ. 2)
8 დეკემბერი 2022
ცოდვები: წმ. მამები ავსიტყვაობისა და ბილწსიტყვაობის შესახებ
18 ივნისი 2022
განმარტება: წმ. იოანე ოქროპირი – თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ
15 აპრილი 2022
მოღვაწეობა: არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) – სწავლებები
10 აპრილი, 2021
მოღვაწეობა: წმ. იოანე სინელი – კლემაქსი, რომელ არს კიბე (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელის თარგმნილი, შესწორებული გამოცემა)
|