martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ათონის მთაზე პაპისტების თავდასხმის ამბავი

ოცდაექვსი ზოგრაფელი ღირს-მოწამის ვნება

 

იღუმენ თომასი და მასთან ერთად ოცდაერთი მონაზვნისა და ოთხი ერისკაცისა

 

(ხსენება 10 ოქტომბერს, ძვ. სტ.)

 

 

ბიზანტიელმა იმპერატორმა მიქაელ პალეოლოგმა 1261 წელს მოულოდნელად მოახერხა ლათინებისთვის წაერთმია მათ მიერ დაპყრობილი კონსტანტინოპოლი, თუმცა მათგანვე მოელოდა თავისი უკვე არც თუ დიდი და დასუსტებული სახელმწიფოს ხსნას, რომელსაც თავს თურქები, სერბები და ბულგარელები ესხმოდნენ. ამ მოლოდინში მან გადაწყვიტა აღმოსავლური და დასავლური[1] ეკლესიების გაერთიანება, პირველის მეორეზე დაქვემდებარება, ხოლო ერთიანი ქრისტიანული სამყაროს მეთაურად პაპის აღიარება. პალეოლოგი შეცდომით მიიჩნევდა, რომ მხოლოდ ამ გაერთიანებაში იპოვიდა ხსნას; ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდა ამ უგუნური გეგმისკენ სხვადასხვაგვარი დარწმუნებებითა თუ ძალისმიერი ზომებით ქვეშევრდომების ყურადღების მიპყრობას. მაგრამ მას ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს თავისმა ხალხმა (წმ. სინოდმა) და ათონის წმიდა მთის მონასტრებმა, რომლებშიც ამ დროს ბერძნების გარდა ქართველი, სერბი, ბულგარელი და რუსი მონაზვნებიც მოღვაწეობდნენ.

 

მთაწმიდელი მამები იმპერატორისადმი გაგზავნილ წერილებში საფუძვლიანად ამტკიცებდნენ, რომ არც პაპის პირველობასა და მეთაურობას, არც მის ეკლესიებში მოხსენიებას, არც ევქარისტიულ მსახურებას უფუარი პურით, არც რწმენის სიმბოლოში "და ძისაგან" მიმატებას არ მიიღებდნენ. მიქაელს ისინი ერეტიკოსს უწოდებდნენ და სთხოვდნენ ამ მრავალმხრივ შემაშფოთებელი და საშიში წამოწყებისთვის თავი დაენებებინა. ისინი, სხვათა შორის, წერდნენ: "ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ერეტიკოსი ხარ, მაგრამ გემუდარებით: მიატოვე ეს ყველაფერი და დაუბრუნდი იმ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად მიიღე და რომელიც ირწმუნე, და იცი ვისგან ირწმუნე. შეინახე კეთილი წინდი და განაგდე ცრუ ცოდნის უწმინდური, ახალი სწავლება, რომელიც რწმენას ვარაუდებს უმატებს. დაე, შენი დახმარებით უფლის წინაშე მისი მეორედ მოსვლის ჟამს ჩვენც შენთან, შენს მრჩევლებთან და მთელ ქრისტიანებთან ერთად მართლმადიდებელნი და ღვთისთვის სათნონი წარვდგეთ, რათა ცათა სასუფეველში საუკუნო ნეტარების ღირსი გავხდეთ".

 

მიქაელ პალეოლოგი, როგორც ცნობილია, არ უსმენდა მთაწმიდელი მამების შეგონებას. პირიქით, უკან არ იხევდა და უნიის განსამტკიცებლად ყველა ზომას მიმართავდა. ის განსაკუთრებით მძვინვარებდა მონაზვნების წინააღმდეგ. 1274 წელს ლიონის უნიის გამოქვეყნებას უნიის მგმობელთა სიკვდილით დასჯა მოჰყვა, ხოლო 1278 წელს გაიცა ბრძანება, უნია ძალადობის ყველანაირი მეთოდის გამოყენებით განემტკიცებინათ.

 

რომი მიქაელს არ ენდობოდა, რადგან მათთვისაც კარგად იყო ცნობილი მისი ორგულობა და არაგულწრფელობა. მას პაპები მოთხოვნას მოთხოვნაზე უყენებდნენ იმ მიზნით, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად დაექვემდებარებინათ. ბოლოს და ბოლოს, მიქაელი ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადეს. მიქაელს სურდა რომის ეკლესიისადმი თავისი ერთგულება დაემტკიცებინა და პაპის მოციქულებს უჩვენებდა ციხეში გამომწყვდეულ ბორკილდადებულ მართლმადიდებელი ეკლესიის მტკიცე დამცველებს, თავის ნათესავებს ანდრონიკე და იოანე პალეოლოგებს, მანუელ და ისააკ რაულებს. ეს უკანასკნელნი მან სხვა კეთილმსახურ მოღვაწეებთან ერთად დააბრმავა კიდეც. მიქაელის სისასტიკე კიდევ უფრო ძლიერდებოდა იმ ეჭვით, რომ უნიის ყველა მოწინააღმდეგე მისი ტახტიდან ჩამოგდებას შეეცდებოდა, რომელზეც ის დანაშაულებრივი გზით ავიდა. მისი ყველა მცდელობა და მხეცური საქციელი ამაო რჩებოდა: ის ვერაფერს გახდა.

 

მიქაელი, იოანე დუკას ეპირელი თავადის – წინააღმდეგ ლაშქრობისას დასნეულდა და ქალაქ ვერიასთან ახლოს ბანაკში გარდაიცვალა (1282 წ. დეკემბერში). საბოლოოდ მან ვერც პაპისტურ ეკლესიასთან შეერთება მოახერხა და მართლმადიდებელი ეკლესიიდანაც განდგომილი დარჩა. მისი სისასტიკისადმი საყოველთაო გულისწყრომა და ზიზღი იმდენად დიდი იყო, რომ მისმა ვაჟმა ანდრონიკემ ვერ გაბედა მამა მეფის საკადრისად გაესვენებინა, მხოლოდ ის მოახერხა, რომ მისი გვამი ღამით ახლომდებარე მონასტერში დაკრძალა. დაქვრივებული დედოფალი თეოდორა კი იძულებული გახდა ეკლესიის წინაშე საჯაროდ დაედო პირობა, რომ გარდაცვლილ ქმარს არასოდეს მოიხსენიებდა.

 

ასე დასრულდა იმპერატორ მიქაელ პალეოლოგის მცდელობა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ათონის მთაზე თავდასხმის შესახებ ქვემოთ მოთხრობილი ამბავიც.

 

 

 

ათონის მთაზე პაპისტების თავდასხმის ამბავი

 

  

საბერძნეთის მეფის მიქაელ პალეოლოგის მეფობის დროს ლათინებმა ბერძნებს მრავალრიცხოვანი ჯარით ბევრი ქალაქი და სოფელი წაართვეს. ამავე დროს საბერძნეთის იმპერიას ხარკს ახდევინებდნენ ბულგარელები და სხვადასხვა საკამათო საკითხის გამო მათთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდათ. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბერძნები ჰპირდებოდნენ, რომ ბულგარელთა ყველა პირობას დააკმაყოფილებდნენ, ოღონდ კი ისინი ლათინთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდნენ. მათ ბულგარეთის მეფე კალო-იოანე დაეხმარა, ხელთ იგდო ფრიგია და ისინი ლათინთა ტყვეობიდან გაათავისუფლა. ეს გამარჯვება ორივე მეფემ დიდი ზეიმით აღნიშნა, თუმცა ამის შემდეგ საბერძნეთის იმპერატორმა აღარ ისურვა ბულგარეთის მეფის მოთხოვნების შესრულება და მისი მოკვლა განიზრახა. კალო-იოანემ პალეოლოგის მზაკვრობიდან თავის დაღწევა შეძლო და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. მის სახელმწიფოში არსებული აჯანყების დაცხრომის შემდეგ, იოანე ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა, რათა უსამართლო და ცბიერ პალეოლოგზე შური ეძია. როცა მან დრო იხელთა, დიდი ჯარით საბერძნეთში შეიჭრა, ბევრი ქალაქი დაარბია, მოსახლეობა ტყვედ წაასხა და ააოხრა მხარეები: პროპონტიდა, თრაკია, მაკედონია, თესალია, ელადა და პელოპონესიც კი. საბერძნეთის იმპერია სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყოველმხრივ შეზღუდულმა მიქაელ პალეოლოგმა თავისი მოციქულები იტალიაში (პაპთან) გაგზავნა წერილებით, სადაც, სხვათა შორის, ნათქვამი იყო: "ყველაფერში, რაც ბულგარელებმა თქვენ დაგმართეს, უდანაშაულონი ვართ. მათ ეს თვითნებურად გააკეთეს და ჩვენც მათი შიშის ქვეშ ვიმყოფებით. რომის ეკლესიის კვალდაკვალ არც აქამდე გვითქვამს უარი გვერწმუნა, გვეღიარებინა და გვეფიქრა ისე, როგორც თქვენ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ თქვენს თანამოაზრეებს, რადგან ამ საძაგელი ბარბაროსი ბულგარელებისაგან ვიღუპებით. ხოლო თუ არ დაგვეხმარებით, ჩვენი სახელი აღიგვება პირისაგან მიწისა, თქვენ კი ყოვლისმპყრობელი ღმერთისგან დაისჯებით".

 

როგორც კი ელჩებმა იტალიას მიაღწიეს, ყველა დასავლელი კათოლიკე მმართველი ამხედრდა და კონსტანტინეპოლში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ არა იმდენად დასახმარებლად, რამდენადაც უფრო "თანამოაზრე" მიქაელ პალეოლოგის დასაღუპავად. კონსტანტინოპოლისკენ მიმავლებმა ყურადღება წმიდად წოდებულ ათონის მთას მიაპყრეს და იქ მყოფთა დევნა დაიწყეს. ისინი თავდაპირველად წმ. ათანასეს ლავრაში მივიდნენ და იქ მყოფ მონაზვნებს რწმენის გამოცვლა და მათთან შეერთება შესთავაზეს. შეშინებულმა მონაზვნებმა მოციქულთა სიტყვები – "ეცით ადგილ რისხვასა" (რომ. 12,19) მცდარად განმარტეს და ერთი განკვეთილი მღვდლის მეშვეობით მათთან შეერთება გადაწყვიტეს – ამით იხსნეს სავანე. ყოველივე ამის გამო ისინი მხილებული და ღვთისგან დასჯილები დარჩნენ, მაგრამ ჩვენ არ გვსურს მონასტრის განკითხვა და ამიტომ დავდუმდებით. რაც შეეხება ლათინებს, ისინი ივერთა მონასტერში გადავიდნენ და ახლა იქ მყოფთ მოსთხოვეს კავშირი, მაგრამ მონაზვნებმა ეს არ ისურვეს, ლათინები ამხილეს და მოციქულთა სწავლების თანახმად შეაჩვენეს (სიახლეთა შემოტანისთვის). ამის გამო ლათინები განრისხდნენ და სავანიდან ყველანი შეურაცხყოფით გამოიყვანეს. ხანშიშესული ბერები მონასტრის ხომალდზე აიყვანეს და ხომალდთან ერთად ჩაძირეს. ამგვარად, უსჯულოების მოწინააღმდეგე მამებმა აღმსარებლობისა და მოწამეობის გვირგვინი მიიღეს. შედარებით ახალგაზრდა ივერიელი (ანუ ქართველი) მონაზვნები კი, მონასტრის ქონებასთან ერთად, იუდას ხვედრის ღირსმა და მისმა მსგავსმა მწვალებლებმა იტალიაში ტყვედ გაგზავნეს, სადაც გახადეს მონაზვნის სამოსელი და იუდეველებს მიჰყიდეს. ლათინები ივერიის მონასტრიდან ვატოპედში გადავიდნენ, სადაც მხოლოდ სნეული და მოხუცებული ბერები დახვდათ. დამპყრობლებმა მათ დანარჩენების ადგილსამყოფელი ჰკითხეს. ბერებმა უპასუხეს: ისინი უღრან ტყეში იმალებიან, რათა რწმენა შეინარჩუნონ და ღვთის მგმობელებთან ერთად არ შეიბილწონ. ლათინებმა ეს წმიდა აღმსარებლებიც დახოცეს და მონასტრის შემოგარენში გავიდნენ, სადაც იპოვეს სავანის წინამძღვარი და დანარჩენი მონაზვნები. ისინი მამებს მლიქვნელურად არწმუნებდნენ, რომ მათი თანამზრახველები გამხდარიყვნენ. მაგრამ მონასტრის წინამძღვარმა ასე უპასუხა: "სჯობს ქრისტეს გული მოიგო, ვიდრე ანტიქრისტესი". ლათინებმა ჰკითხეს: "განა ჩვენ ანტიქრისტეს მსახურები ვართ და არა ქრისტესი?" წმ. მამამ მიუგო: "დიახ, რადგან ქრისტეს სახარების ყველა მოწინააღმდეგე ანტიქრისტეა და ახლაც სწორედ ის გეხმარებათ. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ნათელს წყვდიადთან? ჩვენ საუკუნოდ არ შევუერთდებით მას". ამის გამგონე მწვალებლები ყურებს იცობდნენ და არათუ დარწმუნდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებაში, არამედ თავიანთი უსჯულო ხელი სჯულის დამცველებზეც აღმართეს და მონაზვნები იმ ადგილას ჩამოახრჩვეს, სადაც იპოვეს. იმ დროიდან ამ ადგილს "ფურკობუნი", ანუ ჩამოსახრჩობი მთა ეწოდება. ამის შემდეგ ლათინებმა მთა გადალახეს და წმ. დიდმოწამე გიორგის ზოგრაფად წოდებულ სავანეს მიადგნენ. ამ მონასტრის მონაზვნების წინამძღვარმა, იღუმენმა თომამ, წმიდა მთაზე ერეტიკოსების შემოსევისა და მათ მიერ დატრიალებული უბედურების ამბავი ამ საოცარი შემთხვევიდან შეიტყო:

 

ერთი წმიდა მამა ზემოთ ხსენებული მონასტრიდან ნახევარი საათის სავალზე, ვენახში ცხოვრობდა. ამ ბერს სენაკში სალოცავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომლის წინაშეც ყოველდღიურად აკმევდა და კითხულობდა აკათისტოს (დაუჯდომელს, ბერძნების მიერ "ჰერეტიზმებად" წოდებულს, საიდანაც მოდის ამ ადგილის სახელწოდება "ჰერევო"). და აი, როცა რომაელები თავიანთი ხომალდებიდან ხმელეთზე გადმოვიდნენ და ათონის მთას ავაზაკურად დაესხნენ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ ჩვეულებრივ ლოცვად მდგარი ბერი "გიხაროდენს" (ბერძ. "ჰერეტე" რედ. შენ.) წარმოთქვამდა. სწორედ ამ დროს მას ღვთისმშობლის ხატისგან ხმა მოესმა: "გიხაროდენ შენც, მამაო! აქედან სწრაფად გაიქეცი, რათა თავს უბედურება არ დაგატყდეს. ძმებს აცნობე, მონასტერში ჩაიკეტონ, რადგან ღვთისმბრძოლი რომაელები ჩემ მიერ გამორჩეულ ადგილს დაესხნენ და უკვე ახლოვდებიან". ბერი ხატის წინ მიწაზე დაემხო და წარმოთქვა: "ღვთისმშობელო, როგორ დაგტოვო აქ შენ, ჩემი მეოხი". პასუხად მოესმა: "ნუ ზრუნავ ჩემთვის, სწრაფად წადი". როცა ეს წმიდა მამა მომხდარის შესატყობინებლად მონასტრისკენ გაემართა, ღვთისმშობლის ხატი ენით უთქმელი ძალით ადგილიდან დაიძრა, ბერს გადაუსწრო და მონასტერში მიბრძანებული კარიბჭის თავზე დაბრძანდა. სავანეში მისულმა ბერმა კარიბჭის თავზე დასვენებული ხატი რომ იხილა, შეძრწუნდა და საოცარი გამოცხადების შესახებ ყველას უამბო. მამებმაც, როცა იხილეს ღვთისმშობლის წმიდა ხატი და მოისმინეს ბერის ნაამბობი, ადიდეს ღმერთი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი.

 

როცა იღუმენმა გამოცხადებიდან მოსალოდნელი უბედურების შესახებ შეიტყო, მონაზვნები დაარიგა, რათა განმტკიცებულიყვნენ და არ შეშინებოდათ: "მამებო და ძმებო! ვისაც ღვთის სული წინაუძღვის, ის ღვთის შვილია, ვინაიდან თქვენ არ მიგიღიათ სული მონობისა შიშით, არამედ მიიღეთ სული შვილებისა. თუ შვილები ვართ, მაშინ მემკვიდრეებიც ვიქნებით, ღმერთის მემკვიდრეები და ქრისტეს თანამემკვიდრეები; თუ მისთვის ვევნებით, ვიდიდებით კიდეც მასთან ერთად, რადგან იმედი მაქვს, რომ აწინდელი დროებითი ტანჯვა-წამება არაფრად ღირს იმ დიდებასთან შედარებით, რომელიც ჩვენში გაცხადდება. ამასვე, მოციქულის თანახმად, მეც გეუბნებით: ვისაც არ ეშინია და მზად არის მოწამეობისათვის, დაე, ჩემთან ერთად დარჩეს სავანეში. მათ კი, ვისაც წამების ეშინია, დაე, აიღონ საეკლესიო ჭურჭელი და აქაურობას გაშორდნენ, სანამ არ ჩაივლის ერეტიკოსთა რისხვა, რათა რწმენისგან განდგომის გამო გმობის ცოდვაში არ ჩაცვივდნენ". ამგვარად, ვისაც წამების ეშინოდა, თავი ტყეებს, გამოქვაბულებსა და ხეობებს შეაფარა. წმ. იღუმენი კი დარჩენილ ბერებთან ერთად კოშკში შევიდა, მაგრამ არა შიშის გამო, არამედ იმისთვის, რომ ერეტიკოსთა უსჯულო ერესის მხილებისათვის დრო გამოეყენებინა. ამასობაში მწვალებლები მონასტერს შემოერტყნენ და კოშკში თავშეფარებულებს დაუძახეს: "გაგვიღეთ, გაგვიღეთ!" მაგრამ ღირსმა მამამ მათ მიუგო: "ჩვენ არ გიცნობთ თქვენ. საიდან ხართ?" მწვალებლებმა უპასუხეს: "ჩვენ ქრისტეს მონები ვართ და მოვედით, რათა მოგაბრუნოთ ჭეშმარიტების გზიდან გადაცდენილნი". ღირსმა მამამ კვლავ მიუგო: "გაგვშორდით, უსჯულოების მოქმედნო, რადგან მოციქული ამბობს: ზეციურმა ანგელოზმაც რომ გამცნოთ ის, რაც ჩვენ თქვენთვის არ გვიმცნია, დაე შეჩვენებულ იქნეს. ვინ ეძიებს სხვა მასწავლებელს? არავინ, იმათ გარდა, ვინც აშკარად უგუნურია. გვიამბეთ თქვენი სწავლების შესახებ და თუ ის ღვთისგანაა, შემოგიერთდებით და მიგიღებთ, როგორც ძმებს; და თუ არა, მაშ, გაგვშორდით". ერეტიკოსებმა უპასუხეს: "ჩვენ ღვთისგან ვართ, გვწამს უფალი იესო ქრისტე და ვასწავლით წმიდა სახარებას. ჩვენ ეკლესიის მეთაურმა, რომის უნეტარესმა პაპმა გამოგვგზავნა, რათა თქვენთვის, უგნურთათვის აგვეხსნა გაუგებარი, რათა მოგემატოთ გონი და ჩასწვდეთ ეკლესიის წესდებას, რათა სწორად წაიკითხოთ წმ. სიმბოლოში, ანუ მრწამსში, რომ ყოვლადწმიდა სული გამოდის მამისაგან და ძისაგან და, რომ წმიდა კვეთაზე მიიტანოთ უფუარი და არა აფუებული პური, რათა თქვენმა ღვთისმსახურებმაც მოიჭრან წვერი და, რომ ამითიც არ სცოდონ ღვთის მსახურებაში, რადგან ისინი ეკლესიის სიძენი არიან. თუ ამ ყველაფერს შეასრულებთ, ყოვლისმპყრობელი ღმერთისგან ცოდვათა მიტევებას მიიღებთ და სინანულისთვის ჩვენც შეგიწყალებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმოწყალოდ მოგსპობთ, რათა ტყუილად არ დაიკავოთ ადგილი დედამიწაზე". მწვალებლებმა ეს და სხვა მრავალიც უთხრეს მონაზვნებს, რომლებიც, თავის მხრივ, პასუხობდნენ: "ჩვენ ჭეშმარიტებას ვეძიებთ და არ ვაქცევთ ყურადღებას თქვენს საცდურებსა და უგნურებას, არ გვეშინია მუქარის, რადგან დაწერილია, რომ უნდა გეშინოდეს არა ადამიანის, არამედ ერთი ღმერთისა და თამამად აცხადებდე: მტერი არარაობაა, თუ ჩვენთან ღმერთი იქნება, რომელიც სამართლიანია და რომელსაც სიმართლე უყვარს. წმ. სახარებაში თვით უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: "ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის" (ინ. 15,26), და კვალად: "ამას გეტყოდე თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ, ხოლო ნუგეშინისმცემელი იგი სული წმიდაჲ, რომელი მოავლინოს სახელითა ჩემითა მამამან, მან გასწაოს თქუენ ყოველი და მოგახსენოს თქუენ ყოველი, რაოდენი გარქუ თქუენ" (ინ. 14,25-26).

 

ამ სიტყვებს ღირსი მამები ხშირად იმეორებდნენ, რათა დაემტკიცებინათ ჭეშმარიტება და დაედუმებინათ ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ სულიწმიდა გამოდის ძისაგანაც. ამ ყველაფერს მათ შემდეგიც დაუმატეს: თუ ამისიც არ გჯერათ, მწვალებლებო, მაშინ ისწავლეთ ნათლისმცემელ და წინამორბედ იოანესგან, რომელმაც იხილა, თუ როგორ გადმოვიდა ზეციდან სულიწმიდა მტრედის სახით და დაადგა ძეს. ხომ ხედავთ, რომ მხოლოდ მამისაგან გამოდის სულიწმიდა. ამას ასწავლის ჩვენი დედა – წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და ასაზრდოებს თავის შვილებს იმით, რაც გამოდის არა ედემიდან, არამედ ქრისტეს ღვთაებრივი ბაგეებიდან, რომელიც ამბობს: "უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16,15-16). და კიდევ: "ამისთვის გეტყვი თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათვის, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათვის, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას" (მთ. 12,31-32), ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველს, მოციქულსა და მასწავლებელს სულიწმიდამ ასწავლა ქადაგება, ისინი ნათლავდნენ და სამყაროს სხვადასხვა კუთხეში ასწავლიდნენ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. მათ გადასცეს მართლმადიდებლებს ეღიარებინათ ოთხი მახარებელი: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ვინც შეჰმატებს მე-5 მახარებელს, შეჩვენებულ იყოს; "ვინც აცდუნებს ერთ ძმას, ამბობს მაცხოვარი, სასჯელის ღირსია", ხოლო ვინც აცდუნებს მთელ სამყაროს, ისე როგორც თქვენ, რა გამართლება უნდა ჰპოვოს მან, დამსახურებულ სასჯელს რომ დააღწიოს თავი? შვიდი საეკლესიო კრებიდან რომელი ამბობს, რომ სულიწმიდა გამოდის მამისაგან და ძისაგან ან რომელმა მათგანმა დააკანონა, რომ მოეტანათ უფუარი პური და მოეპარსათ წვერი, როგორც ამას თქვენ ამტკიცებთ? შვიდი ბოროტი სულით აღვსებულო (შვიდი საეკლესიო კრების საწინააღმდეგოდ), რომელი ქრისტეს რწმენას ასწავლი, მწვალებელო, და იძლევი არა სახარებისეულ, არამედ ანტიქრისტეს სწავლებას. მე-5 მახარებელს ჩვენ ვერ ვხედავთ, გარდა მუჰამედ სარაცინელის, ანტიქრისტეს წინამორბედისა, რომელმაც ჯერ კიდევ თქვენს დამღუპველ ერესამდე წარმოშვა ღვარძლი. ხოლო რაც შეეხება თქვენს უფუარ მკვდარ მსხვერპლს, ეს იუდეური ჩვეულებაა. თქვენ იტყვით: განა, წერილის თანახმად ჯვარცმამდე ქრისტე არ ჭამდა პასექს წელზე სარტყელშემორტყმული და კვერთხით ხელში? დიახ, გეტყვით ჩვენ, ის ჭამდა პასექს, მაგრამ გააუქმა ის, როგორც წინადაცვეთა და მრავალი სხვაც, და შემდეგ, 12 მოციქულთან ერთად მჯდომმა, თავისი პასექი დაადგინა. საიდუმლო სერობისას მან აიღო პური და აკურთხა, განტეხა და მისცა თავის მოწაფეებს სიტყვებით: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი" და ა.შ. აი, ჭეშმარიტი საიდუმლო. ნათქვამია, აიღო პური, ანუ აფუებული და არა უფუარი, როგორც თქვენ აკეთებთ და მსახურებთ არაკანონიერად და აპოლინარის მწვალებლობა გიპყრიათ. წვერის შეჭრა კი ჩვენ არც ძველი და არც ახალი აღთქმიდან არ გვისწავლია, რადგან ძველ აღთქმაში პირველქმნილი ადამიანიდან, ღმერთშემოსილ მამათა და წინასწარმეტყველთაგან მოყოლებული თვით უფალ იესო ქრისტემდე ამის შესახებ არ არის რაიმე დადგენილება. ახალ აღთქმაში კი არც თავად ქრისტე და არც მოციქულები არაფერს ამბობენ ამის თაობაზე. ეს არც წმ. კრების მიერ ყოფილა დადგენილი და არც კანონებით მითითებული; ამის დანახვა ბრმასაც კი შეუძლია. შენ კი, უბადრუკო მწვალებელო, წვერის მაგიერ ჯობს ენა მოიკვეთო, რათა არ აღმოგხდეს გმობა და საცდური და სხვებიც შენთან ერთად არ მიიყვანო დაღუპვის პირას. ასოთაგან ჯობს დალპეს ცუდი და არ დააზიანოს ჯანსაღი. წვერი კი არ ვნებს, არამედ ის, რაც გამოდის მზაკვრული გულიდან, კერძოდ კი ავი ზრახვები, მკვლელობანი, მრუშობანი, ქურდობანი, ცრუმორწმუნეობა და გმობა, ის, რაც თქვენს დაბნელებულ გონებაშია. სწორედ ეს და არა წვერი შეაგინებს ყოველ ადამიანს, განსაკუთრებით კი – ღვთისმსახურს.

 

ეკლესიის სიძე ბევრი არ არის, ერთადერთია ის, ვინც მოვა შუაღამით განსჯად ცხოველთა და მკვდართა: ცოცხალთა – მართლმადიდებელთა, მკვდართა – მწვალებელთა, განსჯად თითოეულისა მათი საქმეების შესაბამისად. თუმცაღა გთხოვთ, ძმებო, შეიმეცნეთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რომელიც არის ჩვენი სულების ცხოვრება და განათლება და მისდიეთ მას ისევე, როგორც მიიღეს ის მოციქულებისგან წმიდა მამებმა და საეკლესიო კრებებმა და გადმოგვცეს და დაგვიკანონეს წმიდა სიმბოლოში (მრწამსში), თან დასძინეს: "თუ ვინმე რაიმეს მოაკლებს ან შეჰმატებს მას, შეჩვენებულ იქნეს". ამ ცოდვის (მრწამსის დარღვევის) მიტევება და განმზადებული სასჯელისგან გათავისუფლება არავის შეუძლია. შეისმინეთ, საყვარელნო, და ბოროტებიდან სიკეთისაკენ გადმოდით, რათა თქვენი სულები საუკუნო სატანჯველს არ მიეცეს.

 

მამების ეს შეგონება უღვთო კათოლიკეებისთვის ისეთივე უსიამოვნო იყო, როგორც მგლებისთვის შურდულიდან ნატყორცნი ქვები. მწვალებლები შეესივნენ მონასტერს და ყოველი მხრიდან წაუკიდეს ცეცხლი. მთელ ამ უბედურებათა მიზეზი უსჯულო პალეოლოგი, ახალი ნაბუქოდონოსორი იყო. ჩვენი ღირსი მონაზვნები კი ცეცხლის ალით გარშემორტყმული სამი ყრმის მსგავსად კოშკში იდგნენ და ასე ლოცულობდნენ:

 

"მეუფეო, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, მხოლოდშობილო ძეო და სიტყვაო ღვთისაო, ვითარცა უბიწო კრავი, ადამიანთა მოდგმისთვის სამსხვერპლოზე მიმცემელო თავისა თვისისა! შენ, უფალო, დასთხიე წმიდა სისხლი შენი ეკლესიისთვის და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. დაიფარე ეკლესია დაღუპვის მოსურნე მგლებისგან. გაამრავლე, უფალო, განძი შენი მთელ დედამიწაზე, კიდითგან კიდემდე; მწვალებლობა ესე დაამხე ძალითა წმიდისა სულისა შენისათა, დაიფარე ყოვლადწმიდისა დედისა შენისა წილხვდომილი მტკიცედ და ურღვევლად საუკუნოდ. მასში მოღვაწენი კი განანათლე და მიეც დიდება შენთან ერთად, შეიწყალე მათთვის მლოცველნი, სისხლი წმიდათა შენთა აღმართე შენს სადიდებელად და ჩვენს მოსახსენებლად. ჩვენი ბაგეებიდან მიიღე სავედრებელი ესე, როგორც საკმეველი კეთილსურნელი და მოიხილე მასზე, როგორც მოიხილე აბრაამის მსხვერპლსა და იეფთაეს ყოვლადდასაწველზე. შეიწირე, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე". ლოცვის დამთავრებისთანავე ზეციდან გაისმა ხმა: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა".

 

ამ მოულოდნელი ხმის გამგონე მწვალებლები შეძრწუნდნენ, მაგრამ გონების თვალებზე გადაკრულმა ბინდმა ხელი შეუშალა მათ გულისხმაეყოთ მომხდარი, რადგან სულიწმიდა, რომელსაც ისინი გმობდნენ, ამ ბნელის გასაფანტად არ გადმოვიდა.

 

ცეცხლის ალში გახვეულმა მონაზვნებმა სული უფალს მიაბარეს. ეს მოხდა ქრისტეშობიდან 1276 წელს. ბერძნული ხელნაწერის მიხედვით კი პროტატის, ივერონისა და ვატოპედის სავანის მკვიდრი მამები 1280 წლის 10 ოქტომბერს აღესრულნენ. მოწამეთა რიცხვი სულ 26 იყო, აქედან 22 მონაზონი და 4 ერისკაცი. ამ უკანასკნელთა სახელები ცნობილი არ არის, მონაზვნების სახელები კი შემდეგია: თომა, ბარსანუფი, კირილე, მიქეა, სვიმეონი, ილარიონი, იაკობი, იობი, კვიპრიანე, საბა, იაკობი, მარტინიანე, კოსმა, სერგი, მინა, იოსები, იოანიკე, პავლე, ანტონი, ექვთიმე, დომეტიანე და პართენი. აქედან პირველი, ანუ თომა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მონასტრის იღუმენი იყო და მწვალებელ ლათინებთან კამათს ძირითადად სწორედ ის წარმართავდა. უკანასკნელი კი, ანუ პართენი, ცეცხლის ალმა კოშკიდან გადმოაგდო და ამის შემდეგ კიდევ 30 დღე იცოცხლა. მომხდარის შესახებ მონაზვნებს სწორედ მან უამბო. უფალს სული მან 10 ნოემბერს მიაბარა და ადრე გარდაცვლილ ძმებთან ერთად მოწამეობის გვირგვინი მიიღო.

 

უსჯულო ლათინები ამის შემდეგ მთელ მთას მოეფინენ. არ დარჩენილა არც მონასტერი, არც კოშკი, არც სენაკი, ან სხვა რაიმე თავშესაფარი, მათ რომ არ დაენგრიათ ან არ გადაეწვათ, ქონება კი არ გაეძარცვათ. თავდაპირველად პროტატის[2] დაპყრობა მათ ვერ შეძლეს და რამდენიმე ცდის შემდეგ დიდი ზარალით აპირებდნენ უკან გაბრუნებას, მაგრამ მოგვიანებით მათ მოახერხეს მცველებზე თავდასხმა და დიდი სისხლისღვრის შემდეგ პროტატიც აიღეს. მრავალრიცხოვანმა მტერმა გაიმარჯვა და იქაურობა ისე გადაწვა და გაანადგურა, რომ ცოცხალი არავინ დატოვა. ღირსი პროტოსი[3] კი მრავალი ტანჯვის შემდეგ მონასტრის წინ, ზღვის მხარეს, "ქალკოსად" წოდებულ ადგილზე ჩამოჰკიდეს.

 

აქედან უსჯულო ლათინები მთის მეორე მხარეს – სამხრეთით გადავიდნენ. იქ მათ რტოებით ხელში ქსიროპოტამის მონასტრის მონაზვნები შეხვდნენ და მიესალმნენ: "მშვიდობა ქრისტესი იყოს თქვენთანა!" – მათ კი უპასუხეს: "არის და იქნება!" ლათინები მაშინვე შევიდნენ მონასტერში და გაძარცვული სიმდიდრის ნაწილი საჩუქრად მიართვეს, თავი კი ამ სავანის გამგებლად გამოაცხადეს. მონაზვნები (ო, როგორი საცდურია!) მწვალებლებს შეუერთდნენ, მაგრამ ღმერთი ხედავს დამნაშავეებს და ლოცვის დროს სიტყვებზე – "მთავარეპისკოპოსისა ჩვენისათვის რომში და ღვთისმოსავი მეფისათვის", შეძრა მიწა იმ ადგილას, სადაც უღირსები იდგნენ, ისე, რომ მონასტრის კედლები და შენობები ისუ ნავეს მეფობის დროს არსებული იერიქონის კედლების მსგავსად დაირღვა. მხოლოდ ერთი კედელი გადარჩა, ისიც გადახრილი, მომავალი თაობისთვის მომხდარის დამამტკიცებლად. მიწისძვრისას ნანგრევებში ბევრი ლათინი დაიღუპა, ისინი კი, ვინც ცოცხლები დარჩნენ, ნაწილი შიშითა და სირცხვილით თავიანთ გემებს დაუბრუნდა, სხვებმა კი შეინანეს, მთებში დარჩნენ და ღირსეული მონაზვნები გახდნენ. რაც შეეხება ქსიროპოტამის მონაზვნებს, ისინი, ღვთისგან შერცხვენილნი, მიხვდნენ თავიანთ დანაშაულს, რის გამოც მწარედ გოდებდნენ, როგორც უბუდოდ დარჩენილი ჩიტები, დადიოდნენ ტყეში და თავის მისადრეკ ადგილსაც ვერ პოულობდნენ, რადგან მონასტერი მათი დანაშაულით დაირღვა. ამასთან იქ მოქმედი სასწაულიც შეწყდა, რომელიც 40 მოწამის სადიდებლად აღესრულებოდა. ეს სასწაული ასეთი იყო:

 

 როდესაც მარადსახსენებელი და ნეტარი მეფე რომანოზის მიერ მონასტერი რიგიანად მოეწყო, მოიწვიეს მღვდელმთავარი. მონასტრის კურთხევის დროს, როცა მღვდელმთავარმა წარმოთქვა: "40 მოწამის სახელზე", მაშინ, ო სასწაული! სამსხვერპლოდან ამოიზარდა დიდი მცენარე "გუბა" თავისი ღეროებითა და ვაშლის მსგავსი 40 თავით, 40 მოწამის შესაბამისად. გუბა გაიზარდა და ტრაპეზს შემოევლო. ასეთი დიდი სასწაულისთვის ყველამ ადიდა ღმერთი და მისი 40 მოწამე. ყველა ავადმყოფი, რომელიც მაშინ სავანეში იმყოფებოდა, განიკურნა, როცა ამ მცენარის გემო გასინჯა. ამ სასწაულის ამბავი მთელ ქვეყანას მოედო. აქ მოსული ავადმყოფები იკურნებოდნენ, ისინი კი, ვისაც სასწაულის ადგილას მისვლა არ შეეძლო, შესაწირს აგზავნიდნენ და მონასტრიდან ეგზავნებოდათ ამ მადლიანი მცენარის ნაწილი, რომლისგანაც ისინი იკურნებოდნენ. ხალხის სიმრავლის გამო მცენარე მთელი წლის განმავლობაში მთლიანად ილეოდა, მაგრამ მარტის მე-9 დღეს 40 მოწამის სადიდებლად ისევ იზრდებოდა, როცა წმიდა ეკლესია მათი ხსენების დღეს დღესასწაულობს. ამ მადლიანი მცენარის სასწაული აღემატებოდა "ცხოვართა საბანელის" სასწაულს. იმ საბანელში იკურნებოდა მხოლოდ ის, ვინც მასში ჩადიოდა, ზემოთ ხსენებული მცენარისგან კი კურნებას ყველა და ყველგან იღებდა, ვინც კი მას იგემებდა. ამდენად მადლის მომცემი იყო ეს სასწაული. მაგრამ ამ სასწაულის შემხედვარე, ოდითგანვე სიკეთის მოძულე და ქრისტიანული მართლმადიდებელი მოდგმის მტერი – ეშმაკი ჭმუნავდა, სანამ სისრულეში არ მოიყვანა თავისი ბოროტი განზრახვა. მან შეაცდინა უბადრუკი მონაზვნები, რომ მწვალებლებს შეერთებოდნენ, რის გამოც სასწაულიც შეწყდა. ღმერთი სჯის ჭეშმარიტების მოძულეებს. უსჯულო მწვალებლებმა უღირს მონაზვნებს მათთან შეერთებისთვის სწორედ ამით მიაგეს, რადგან არ იწირავს ღმერთი ცოდვილთა მსხვერპლს. თუ ისინი ფიქრობენ, რომ რჩეულთა რიგში მოხვდებიან, მაშინ ღმერთი მათ საწინააღმდეგოს უმტკიცებს, რათა უსჯულოებმა არ აიმაღლონ თავი, არამედ ამ ცხოვრებაშიც ისევე იყვნენ შერცხვენილნი, როგორც ქრისტეს მეორედ მოსვლისას იქნებიან. მართლმადიდებლები კი თუმცაღა ევნებიან ამსოფლად, მაგრამ სასყიდლის მიმგებელ ქრისტესგან იმედოვნებენ მიიღონ მათთვის აღთქმული და გამზადებული სიკეთე, რაც ჭეშმარიტად ასე იქნება.

 

უსჯულო მეფე პალეოლოგი, თუმცა კი აპირებდა წმიდა მთაზე მისვლას და იქ მართლმადიდებლობის განადგურებას, მაგრამ ვერ მოასწრო, რადგან მალე მისი მეფობა დასრულდა. მწვალებელთა შიშით დამალული მონაზვნები თავშესაფრებიდან გამოვიდნენ. ყველა თავის ადგილსამყოფელს უბრუნდებოდა, მაგრამ როცა იქაურობას გადამწვარსა და დანგრეულს, მათ თანამოსაგრე მონაზვნებს კი დახოცილებს ხედავდნენ, მწარედ ტიროდნენ. ათონის მთა, რაქილის მსგავსად, თავის შვილებს დასტიროდა. მართლაც, ვინ არ ატირდებოდა ამ ყველაფრის შემყურე? ცამდე აღწევდა გოდება და ღაღადი მომტირალთა, რომლებიც დავითთან ერთად წარმოთქვამდნენ: "უფალო, მოვიდნენ უცხოდმორწმუნენი მიწაზე, რომელიც შენს ყოვლადწმიდა დედას ეკუთვნის, შეაგინეს შენი წმიდა ტაძრები, შენი მონების სხეულები ფრინველებსა და მხეცებს დაუგეს საჭმლად, მათი სისხლი მათივე სენაკების გარშემო წყალივით დასთხიეს და არავინ იყო მათი დამფვლელი. რისხვა მიუვლინე შენს მგმობელებსა და ქვეყნებს, რომლებიც მართლმადიდებელ სარწმუნოებას განუდგნენ. დაე, მალე გვესტუმროს შენმიერი სიუხვე, უფალო, რამეთუ მეტისმეტად დავგლახაკდით; შეგვეწიე, უფალო, მაცხოვარო ჩვენო, შენი სახელის დიდებისათვის; გამოგვიხსენი და შენი სახელისათვის განწმიდე ჩვენი ცოდვები, რათა ოდესმე არა თქვან უცხოდმორწმუნეებმა: სადა არს ღმერთი მათი? და რათა უცხოდმორწმუნეებმა ჩვენს თვალთა წინაშე მიიღონ საზღაური შენი მონების სისხლისათვის. ხოლო ჩვენ, შენი მონები, უკუნითი უკუნისამდე აღგიარებთ და გადავცემთ მომავალ თაობებს ჩვენი მამების სახელოვან აღმსარებლობასა და გადმოცემებს". ასეთი გოდებითა და მწარე მოთქმით ასაფლავებდნენ მთელ წმიდა მთაზე წმიდანებს, ვისაც სად პოულობდნენ.

 

იმ დროს წამებულთა ხსენება ყველა იმ წმიდანთან ერთად აღინიშნება, რომლებიც ათონის მთაზე მოღვაწეობდნენ, ანუ ყოველთა წმიდათა ხსენების მომდევნო კვირიაკეს. მაგრამ ასევე ცალკე იდღესასწაულება ივერიელ მოწამეთა ხსენება – ივერთა მონასტერში, ვატოპედელ მოწამეთა კი – ვატოპედში. ამიტომ სამართლიანი იქნებოდა, რათა ჩვენი მოწამეების ხსენებაც ცალკე აღნიშნულიყო ჩვენს მონასტერში (ამბობს ავტორი ამ მონათხრობისა – მონაზონი ზოგრაფის სავანიდან). რადგან თუკი ასე ჯეროვნად აღნიშნავენ ერთი ღირსი მამა კოსმას ხსენებას, რომელიც მათ შემდეგ მოღვაწეობდა, მაშინ მით უფრო უნდა აღინიშნოს იმ წმიდანთა ხსენება, რომლებიც მასზე ადრე ცხოვრობდნენ. თუკი ეკლესია სინაზე და წმიდა საბას ლავრაში იმ წმიდათა ხსენებას დღესასწაულობს, რომლებიც საკუთარი ნების გარეშე არა მართლმადიდებლობისთვის, არამედ სარაცინებისაგან ევნენ, მაშინ უფრო მართებული იქნება ჩვენს მონასტერში იმ მამათა ხსენების აღნიშვნა, რომლებიც საკუთარი ნება-სურვილით მწვალებელთაგან მართლმადიდებლობისთვის ეწამნენ. ეს თავად ჩვენი მონასტრის ძმებსაც დიდი ხანია სურდათ, თუმცა არც შეიძლება სხვაგვარად ყოფილიყო. ისინი ხომ ლმობიერებით შეჰყურებდნენ წმიდანთა დამწვარ ძვლებს და ამბორს უყოფდნენ მათ, ყოველდღიურად გადიოდნენ იმ კოშკის გვერდით, რომელზეც წმიდა მამებმა თავი დასაწვავად მიიტანეს ისე, როგორც სამსხვერპლოზე, რათა დაეცვათ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატები. ამ ადგილიდან გამოუთქმელი სურნელება გადმოდიოდა. ყოველივე ამის გამო თავიდანვე სურდათ ძმებს, რომ ჩვენს მონასტერში წმიდა მოწამეთა ხსენება აღნიშნულიყო და ახდა კიდეც მათი წადილი. როცა უფლის ნებით, სრულიად მოულოდნელად ჩვენი სავანე იდიორითმიდან საერთო საცხოვრებლად გარდაიქმნა, სწორედ მაშინ დაიწყო წმიდათა ხსენების აღნიშვნა მათი სურვილის შესაბამისად, რაც ბოლო ამოსუნთქვისას ცეცხლის ალში წარმოთქვეს: "აღმართე, უფალო, წმიდათა შენთა სამყოფელნი სადიდებელად შენდა და მოსახსენებლად ჩვენდა".

 

შემუსვრილი გულით შეუვრდეთ დღეს ჩვენ მიერ მოხსენიებულ მხურვალე შუამდგომლებს, 26 მოწამეს, და ამ ლოცვით მივმართოთ: "ო, წმიდანო და სანატრელნო მამანო ჩვენნო, თქვენი უდიდესი სიყვარულით ჩვენდამი, თქვენი უღირსი შვილებისადმი, ცეცხლში მყოფთაც არ გავიწყდებით და მხურვალე ლოცვას აღავლენთ ღვთისადმი ჩვენი ხსნისათვის, განათლების, განდიდებისა და წმიდა მონასტრის კეთილმოწყობისათვის. თქვენ ახლაც – უფლის საყდრის და ჩვენი ღმერთის, იესო ქრისტეს წინაშე წარდგომილნო, დამტკბარნო მისი გამოუთქმელი დიდებით, სილამაზითა და პირისპირ ხილვით, მოგვიხსენეთ თქვენი სამწყსო, თქვენი ხსენების აღმასრულებელნი და გამოითხოვეთ ყოვლად კეთილი მეუფისაგან, რათა მოწყალე ექმნას ჩვენს სისუსტესა და უბადრუკებას, შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენნი ნებსითნი და უნებლიეთნი, დანერგოს ჩვენში მისმიერი საღმრთო შიში და გაგვაძლიეროს თავისი მოწყალებისამებრ ჩვენი მონაზვნური აღთქმის აღსრულებასა და მისი წმიდა და ცხოველსმყოფელი მცნებების შესრულებაში. დააცხროს მისი სამართლიანი რისხვა ჩვენ ზედა მოწევნული. გაფანტოს ჩვენს სავანეზე ჩამოწოლილი მწუხარების ბნელი ღრუბელი, დაგვიფაროს და გვიხსნას მასში მყოფნი და ყოველნი მართლმადიდებელი ქრისტიანენი ხილული და უხილავი მტრებისგან, ყოველი ბოროტისა, მწუხარებისა და მოსალოდნელი და მოულოდნელი უბედურებისაგან, დაგვიცვას მშვიდობით, მყუდროებითა და უშფოთველობით, გვიწყალობოს ბარაქა, რათა თქვენი მხურვალე ლოცვითა და ძლიერი შუამდგომლობით დაფარულნი, ყოველივე უბედურებისა და განსაცდელთაგან განრინებულნი, მშვიდობითა და დაწყნარებით, ყოველ კეთილ საქმეში წარმატებულნი, ღირს გვყოს სიხარულით აღვნიშნოთ ხსენება თქვენი. საუკუნო დიდებით განდიდებულნო, ჩვენც, თქვენი მორჩილი სამწყსო, გევედრებით, მამანო, რათა ჩვენც ღირსნი გავხდეთ თქვენთან ერთად სინანულითა და ღვთისმსახურებით განვვლოთ ცხოვრება. მრავალ არიან შეცოდებანი ჩვენნი, მაგრამ ვსასოებთ გამოუთქმელ მოწყალებასა და კაცთმოყვარებაზე უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელი სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ".

 

...

 

იმ კოშკის ნაწილი, რომელშიც წმიდანები ეწამნენ, 1873 წლამდე თავის ადგილას იდგა. მაგრამ რადგანაც ის მონასტრის განახლებულ ჩრდილოეთის შენობას ფარავდა და ამასთან სიძველის გამო უკვე ინგრეოდა, აუცილებელი იყო მისი აღება. მაგრამ დავიწყებას რომ არ მისცემოდა ადგილი, სადაც წმიდანებმა თავიანთი მოწამეობრივი გმირობა აღასრულეს და მეხსიერებაში ეს ამბავი უკეთ შენახულიყო, ზოგრაფის მონასტრის მთელმა ძმობამ ერთსულოვნად გამოხატა სურვილი, რათა ამ ადგილას ძეგლი დაედგათ. ძმების მოშურნეობით ძეგლის შენება მალე დაიწყო და იმავე 1873 წელს დასრულდა. ყველა სიხარულით მოელოდა წმიდათა ხსენების დღეს, როცა ძეგლის კურთხევა იყო დაგეგმილი. ბოლოს და ბოლოს დადგა დღესასწაულის წინადღე, მონასტრის საკათედრო ტაძარში მზის ჩასვლიდან ერთი საათის შემდეგ ჩვეულებისამებრ დაიწყო ღამისთევის ლოცვა. ღამე იყო წყნარი და უმთვარო, მხოლოდ ვარსკვლავთა მკრთალი შუქით განათებული.

 

შვიდის ნახევრისათვის, შუაღამეს,[4] როცა პირველი ფსალმუნების შემდეგ ცისკარზე "წმიდანთა ცხოვრება და წამება" იკითხებოდა, ეკლესიაში უცბად ჩუმი ხმაური მოისმა. ამ დროს ეკლესიის თავზე ცეცხლის სვეტი გამოჩნდა, რომელმაც მონასტრის მიმდებარე ტერიტორია ისეთი ძლიერი შუქით გაანათა, რომ არამარტო ახლო, არამედ შორს მდებარე საგნების ხილვა შეიძლებოდა. ეს საოცარი სვეტი ეკლესიის თავზე რამდენიმე წუთი შეჩერდა, შემდეგ ძეგლის თავზე გადაინაცვლა და გაჩერდა. ამის შემდეგ სვეტი ზევით აიწია და ბოლოს რგოლის სახე მიიღო, თითქოს გვირგვინი დაედგა ძეგლსა და იმ ადგილს, სადაც წმიდა მამებმა თავიანთი მოწამებრივი გმირობა აღასრულეს. ასე აღსრულდა ეს საოცარი ხილვა, რომელიც 15 წუთამდე გრძელდებოდა და რომლის მოწმეც ბევრი მონაზონი და დღესასწაულზე მოსული ერისკაცი აღმოჩნდა. ამ სასწაულის შემყურენი ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც ასე განადიდა თავისი წმიდანები, მასვე შვენის პატივი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

 

  

თარგმნილია (უმნიშვნელო შემოკლებით) წიგნიდან "Афонский патерик или жизнеописание святых, на святой Афонской горе просиявших", Т.1, М. 1897.

 

[1] აღმოსავლურ ეკლესიაში იგულისხმება მართლმადიდებელი ეკლესია, დასავლურში რომაულ-კათოლიკური. - რედ. შენიშვნა.

[2] პროტატი - ათონის ადმინისტრაციული ცენტრი.

[3] პროტოსი - ათონელი მონაზვნების მიერ არჩეული ათონის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.

[4] ათონელი მონაზვნები ე.წ. ბიზანტიური დროით ცხოვრობენ, რომლის ათვლა მზის ჩასვლიდან იწყება. - რედ. შენიშვნა.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა