martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ნეტარი ყრმა იოანე

ხსენება 19 ოქტომბერს (ახ. სტ. 1 ნოემბერს)

 

ეგვიპტის მთავარ ქალაქში, ბრწყინვალე, მდიდარ და ხალხმრავალ ალექსანდრიაში, ცხოვრობდა მხედართმთავარი, ფარული ქრისტიანი უარი. მას უყვარდა საპატიმროების მონახულება და ქრისტიანი პატიმრების მდგომარეობის შემსუბუქება. მიჰქონდა მათთან საკვები, ხსნიდა ბორკილებს, უხვევდა წყლულებს და ამხნევებდა მათ. უარი თავადაც მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა.

მისი ვნების მოწამე გახდა ერთი ცნობილი ქალი, მხედართმთავრის ქვრივი კლეოპატრა. ეს ქალბატონი წარმოშობით პალესტინიდან იყო, თაბორის მთის მახლობლად მას მამულები ჰქონდა. მაგრამ რადგან მისი ქმარი ეგვიპტეში მსახურობდა და ეგვიპტეში გარდაიცვალა, კლეოპატრა თავის მცირეწლოვან შვილთან, იოანესთან ერთად იქვე დარჩა საცხოვრებლად.

უარის და მისი სათნოებების შესახებ კლეოპატრას ადრეც სმენოდა, და როდესაც ღვთის ნებით მის მარტვილობას შეესწრო, მთელი არსებით უთანაგრძნო მას. ქალაქგარეთ გადაგდებული უარის ცხედარი კლეოპატრამ თავისი მონების დახმარებით თავისთან გადაასვენა, საფლავი გაუთხარა თავის ერთ-ერთ ოთახში და იქ დაკრძალა წამებულის ნეშტი. კლეოპატრა მუდმივად სანთლებს უნთებდა უარს, მას იგი თავის შემწედ და მეოხად მიაჩნდა უფლის წინაშე.

რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც დროებით შეწყდა ქრისტიანთა დევნა, კლეოპატრამ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, თუ როგორ გადაესვენებინა წმიდა უარის სხეული, ასეთი რამ მოიფიქრა: ადგილობრივ მმართველს ძვირფასი ძღვენით ეახლა და უთხრა: "მე ვარ ქვრივი უცხო ქვეყნიდან. ჩემი ქმარი აქ მსახურობდა მხედართმთავრად და აქვე დაიღუპა იმპერატორის სამსახურში. მე ვბრუნდები ჩემს სამშობლოში. მომეცი ნება, საყვარელი მეუღლის ცხედარი წავასვენო, რათა ჩემს მამულში დავკრძალო, რადგან სიკვდილის შემდეგ არ მინდა მასთან განშორება".

ამ ხერხს კლეოპატრამ მიმართა იმიტომ, რომ შიშობდა, ქრისტიანებს არ წაერთმიათ წამებულის წმიდა ნაწილები.

მან ქმრის ნეშტის ნაცვლად უარის წმიდა ნაწილები წაასვენა და პალესტინაში, თაბორის მთის მახლობლად, თავის მამულში, სოფელ ედრაში, საგვარეულო საძვალეში დაასვენა.

კლეოპატრა ყოველდღე მიდიოდა წმიდა საფლავთან, უკმევდა და სანთლებს უნთებდა მას. როდესაც ქრისტიანებმა შეიტყვეს წმიდა ნაწილების შესახებ, იწყეს იქ სიარული. ისინი ემთხვეოდნენ წმიდა ნაწილებს და რწმენისამებრ იღებდნენ კურნებას.

კლეოპატრამ წმიდა უარის საფლავზე ტაძრის მშენებლობა წამოიწყო. ამ პერიოდისთვის წამოიზარდა მისი ერთადერთი ვაჟი, იოანე. დედამ ნაცნობების დახმარებით და გარდაცვლილი მეუღლის დამსახურებების გამოყენებით იმპერატორისაგან თანხმობა მიიღო, მის შვილს ცნობილ ლეგიონში მაღალი წოდებით ემსახურა.

ტაძრის შენება დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც სამეფო სიგელი და ოფიცრის ქამარი მიიღეს. ყმაწვილი ძალიან გახარებული იყო და მოუთმენლად ელოდა რომში გამგზავრებას, სადაც მას ბევრი საინტერესო სიახლე ელოდებოდა. მაგრამ დედამ განუცხადა, რომ არ გაუშვებდა რომში, სანამ არ დასრულდებოდა ტაძრის მშენებლობა და იოანე არ შემოატარებდა მის გარშემო წმიდა ნაწილებს.

საზეიმო ვითარებაში ჩატარდა მოწამე უარის სახელზე აგებული ტაძრის კურთხევა. კლეოპატრამ წმიდა ნაწილებზე მოათავსა ქამარი და სამხედრო საჭურველი, რომლითაც თავისი ვაჟი უნდა შეემოსა. დედა მთელი გულით ლოცულობდა მოწამის წმიდა ნაწილებთან: "გამოსთხოვე უფალს ჩემთვის ის, რაც მისთვის სათნო და ჩემთვის და ჩემი შვილისთვის სასარგებლო იქნება. არ გავკადნიერდები, ვთხოვო იმაზე მეტი, რაც თავად უფალს სურს ჩვენთვის. სთხოვე ჩვენთვის ის, რაც გვესაჭიროება. დაე აღსრულდეს ჩვენზე მისი კურთხეული ნება".

მსახურების შემდეგ ტრაპეზი მოეწყო. იმავე საღამოს კლეოპატრას ვაჟი შეუძლოდ შეიქნა და ლოგინად ჩავარდა. ვინაიდან ტრაპეზზე არც კლეოპატრას და არც მის შვილს არაფერი უჭამიათ, სტუმრების დაშლის შემდეგ დედამ შვილს შეუთვალა, მასთან ერთად ესადილა. მაგრამ მას ასეთი ამბავი მოუტანეს: იოანეს ისე საშინლად სწვავდა შინაგანი სიმხურვალე, რომ არ შეეძლო არც თავის წამოწევა და არც პირის გაღება.

დედა აღელდა. იგი შვილის საწოლთან დაჯდა და შეძლებისდაგვარად ცდილობდა ტანჯვის შემსუბუქებას.

ამაო აღმოჩნდა კლეოპატრას ძალისხმევა. შუაღამისას ყმაწვილმა სული განუტევა. გამწარებული დედა გოდებით დაემხო ტაძარში, წმიდა უარის საფლავზე.

დიდხანს მოსთქვამდა და ტიროდა დედა, წმიდა მოწამე უარს საყვედურობდა, რომ არ გადაარჩინა მისი შვილი. ბოლოს ჩასთვლიმა და ჰქონდა ხილვა.

მის წინ იდგა მოწამე უარი, მას ხელში ეკავა მისი ვაჟი. ორივე მზესავით ბრწყინავდა, მათი კაბები თოვლივით თეთრი იყო. წელზე ოქროს ქამრები ერტყათ, თავზე ოქროს გვირგვინები ედგათ. მათ დანახვაზე კლეოპატრა ფეხებში ჩაუვარდა წმინდანს. მოწამემ ის შემდეგი სიტყვებით წამოაყენა:

– დედაკაცო, რაში მდებ ბრალს? იმაში, რომ მე დავივიწყე შენი სათნოებანი და ყველაფერი რაც შენ ჩემთვის გააკეთე? ხომ არ გგონია, ვერ ვგრძნობდი, რომ შენ ჩემი სხეული, ცხოველთა ლეშებთან დაგდებული, შენს კუთვნილ სასაფლაოზე დაკრძალე? ან არ ჩამესმოდა შენი ვედრება და არ ვლოცულობდი შენთვის უფლის წინაშე? უპირველეს ყოვლისა, მე შენს ნათესავებზე ვლოცულობდი, რომელთა შორისაც დამასვენე აქ, რათა ღმერთს შეენდო მათთვის ცოდვები. ახლა კი შენი ვაჟი წავიყვანე, რათა ზეციური მეფის ლაშქარში ემსახურა. განა შენ არ ლოცულობდი იმაზე, რომ მე ღმერთისთვის მეთხოვა ის, რაც სასარგებლო იყო შენთვის და შენი ვაჟისთვის? და მართლაც, უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და ინება შენი შვილის ზეციურ მეომრად მიღება. შენ ხედავ შენს შვილს ზეციური მეომრის სამოსით შემოსილს. თუ ამით უკმაყოფილო ხარ, წაიყვანე შენი შვილი და გააგზავნე დროებითი, მიწიერი მეფის სამსახურში.

დედა შესცქეროდა ყმაწვილს, რომელიც ახლებური, ზეციური სილამაზით ბრწყინავდა. ყმაწვილი მოწამე უარს მოეხვია და სთხოვა: "დედაჩემს ყურს ნუ უგდებ, ნუ დამაბრუნებ უსამართლობითა და უსჯულოებით სავსე მიწაზე^ ნუ დამაკარგინებ წმინდანთა შორის ცხოვრებით მონიჭებულ ბედნიერებას". შემდეგ დედას მიუბრუნდა და უთხრა: "რატომ ჰგოდებ ასე, დედაჩემო? მე ქრისტეს მეომრად ვარ წარდგენილი, ანგელოზებთან ერთად ღვთის წინაშე დგომის ბედნიერება მომეცა, შენ კი სტირი და გსურს, რომ დიდებიდან ამაოებაში დამაბრუნო".

ნეტარმა კლეოპატრამ თავისი ვაჟი ანგელოზთა დასს შეერთებული რომ იხილა, თქვა: "მეც წამიყვანეთ, რათა მეც თქვენთან ერთად ვიყო".

წმინდანმა უთხრა: – მიწაზე ყოფნითაც ჩვენთან ხარ. მშვიდობით წადი. მოვა დრო, უფალი ბრძანებს და მოვალთ შენს წასაყვანად... ხილვა დასრულდა. კლეოპატრა გონს მოვიდა. გამოუთქმელი სიხარულით აღსავსემ მღვდელმსახურებს ამცნო თავისი ხილვის შესახებ და მათთან ერთად იოანე წმიდა უარის გვერდით დაკრძალა.

ამის შემდეგ ნეტარმა თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა და უარის ტაძართან დაიდო ბინა. დღე და ღამე ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. ლოცვისას მას ყოველდღე ზეციურ დიდებაში მყოფი წმიდა უარი და თავისი ვაჟი იოანე ეცხადებოდნენ.

შვიდი წელი იცხოვრა ნეტარმა კლეოპატრამ წმიდა ცხოვრებით და შემდეგ თავადაც უფალს მიაბარა სული. იგი წმიდა უარის სახელობის ტაძარში მისი შვილის გვერდით დაკრძალეს. სული მისი კი ზეცაშია, მის შვილთან, ნეტარ ყრმა იოანესთან და წმიდა მოწამე უართან ერთად.

 

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა