martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ღირსი სერაფიმე საროველი

ხს. 2 იანვარს და 19 ივლისს (ახ. სტ. 15 იანვარს და 1 აგვისტოს)

 

წმინდა სერაფიმე საროველმა თავი ბავშვობიდანვე ღმერთს მიუძღვნა. მას როცა 19 წელი შეუსრულდა, დედას მონასტერში წასასვლელად კურთხევა სთხოვა. დედამ მონაზვნური ღვაწლისათვის ვაჟიშვილი ბრინჯაოს დიდი ჯვრით აკურთხა. ამ დედისეულ ჯვარს იგი სიკვდილამდე მკერდზე ატარებდა.

საროვის სავანეს, სადაც სერაფიმე მივიდა, ყოველი მხრიდან უღრანი ტყე ეკრა. აქ, შუაგულ ტყეში, მან თავისთვის პატარა ქოხი აიშენა და, ქვეყნისგან მოშორებული, დღედაღამ ლოცულობდა. ხშირად წმინდა სერაფიმეს სიცივის, შიმშილისა და სხვა გაჭირვების ატანა უხდებოდა. ასე გაატარა მან მრავალი წელი. როცა ბოლოს და ბოლოს თავისი სენაკის კარი გახსნა, მასთან ხალხმა იწყო მისვლა. ისინი წმინდა მამას ლოცვას სთხოვდნენ. მასთან ცვილის სანთლები მიჰქონდათ, რათა ისინი ლოცვის დროს ხატების წინ აენთო: სანთლები ხატების წინ ხომ ისევე იწვიან, როგორც ღვთის წინაშე ადამიანთა გულები. ამ პატარა სენაკში დღედაღამ ენთო სანთლები და ამიტომ ყველაზე ყინვიან, ცივ დღეებშიც კი აქ ცხელოდა და ღუმელიც არასდროს ენთო.

– არ შემიძლია ჩემს ლოცვებში რამდენჯერმე ყველას მოხსენიება, რადგან ისინი ბევრნი არიან, – ამბობდა წმინდა სერაფიმე, – მე მათ სანთლებს ვანთებ და ვლოცულობ: უფალო, მოიხსენე ყველა შენი მონა, რომელთა სულებისთვისაც მე უვარგისმა ეს სანთლები და კანდლები აგინთე!

წმინდა სერაფიმე ღვთის მიმართ დაუცხრომელად ლოცულობდა. ამის გამო მისი გული სიყვარულით უფრო და უფრო ენთებოდა, უყვარდა არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ყოველი მისი ქმნილება, მის მიერ შექმნილი ბუნება. ამგვარად, გამუდმებული ლოცვითა და ღვთის ხსოვნით მან თავი ცოდვისაგან განიწმინდა. მისი ცხოვრება სამოთხეში პირველ ადამიანთა ცხოვრებას დაემსგავსა, სადაც მხეცები ადამიანს ემორჩილებოდნენ და არც მას და არც ერთმანეთს არ ვნებდნენ.

ღამით წმინდანის სენაკთან მიდიოდნენ მხეცები: დათვები, მგლები, კურდღლები და მელიები, გველები, ხვლიკები და სხვა ქვეწარმავლებიც მოხოხავდნენ. წმინდა სერაფიმე სენაკიდან გამოდიოდა და მათ თავისი საპურიდან აჭმევდა, სადაც ის კვირის სამყოფ პურს ინახავდა. მრავალი მხეცი მიდიოდა მასთან, პური კი ყველას ჰყოფნიდა.

 

. . .

ღირსი სერაფიმე, თავად სუფთა სულის, მშვიდი და უბოროტო, ბავშვებს განსაკუთრებული სინაზით და ალერსით ეპყრობოდა. ახსოვდა წმინდა ბერს, რომ უფალი "მცირეთა ამათ" ისევე იფარავს, როგორც ის დაიფარა, როცა ბავშვობაში მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა. ეს ამბავი ასე მოხდა: ერთხელ დედამ ბიჭი ტაძრის მშენებლობაზე წაიყვანა და მასთან ერთად სამრეკლოზე, სულ ზემოთ ავიდა. ბავშვი კიდეზე დაუდევრად დადგა (მოაჯირი ჯერ არ იყო) და გადმოვარდა. შეძრწუნებული დედა კიბეზე დაეშვა, იმედი აღარ ჰქონდა, რომ შვილს ცოცხალს ნახავდა. როგორ გაიხარა, როცა დაინახა, რომ ვაჟიშვილი უვნებლად გადარჩა. უფალმა სასწაულით დაიფარა თავისი რჩეული, უწყოდა, მომავალში რამდენ სიხარულს მოუტანდა ადამიანებს.

ერთხელ, ღირსი სერაფიმეს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, როცა ბერი ძლიერ დასუსტდა და მნახველებს ყოველთვის ვეღარ იღებდა, მასთან მომლოცველთა დიდი ჯგუფი მივიდა. წმინდა ბერი სენაკში არ იყო. საროვის მონაზვნებიდან რომელიღაცამ მნახველებს უთხრა: – ტყეში ეძებეთ, ოღონდ ვეჭვობ, რომ იპოვოთ. ბუჩქებში დაიმალება, ბალახში გაწვება, მხოლოდ ბავშვების ხმებს თუ გამოეხმაურება. რაც შეიძლება მეტი ბავშვი წაიყვანეთ და თქვენ წინ ატარეთ.

და აი, მომლოცველთა ჯგუფი საროვის უღრან ტყეში შევიდა. სიღრმეში შესულებს სულ უფრო მაღალი და ხშირი ხეები ხვდებოდათ. ტყის სიჩუმე და სინესტე ყველას ეუფლებოდა. ვეება ნაძვების ქვეშ სრული სიბნელე იყო, მაგრამ უეცრად ხეებს შორის მზის სხივი შემოიჭრა. ყველანი გამოცოცხლდნენ და მალე მზით განათებულ მდელოზე აღმოჩნდნენ.

მდელოზე განცალკევებით მდგარ ხეებთან გაჭირვებით მუშაობდა გამხდარი ბერი. შარიშური რომ გაიგო, სწრაფად წამოდგა, მონასტრის მხარეს გამოიხედა, როგორც შეშინებული კურდღელი ტყეში შევარდა და თვალს მიეფარა.

ბარე ოცმა ხმამ ერთდროულად დავიძახეთ: – მამა სერაფიმე! მამა სერაფიმე! – წერს თავის მოგონებებში ნ. აქსაკოვა, რომელიც იმ ბავშვებში ერია. ბერის ყურს ბავშვების ხმები მისწვდა, ვერ მოითმინა და სულ ერთი წუთის შემდეგ ბალახებში მისი თავი გამოჩნდა. მას თითი პირზე ჰქონდა მიდებული, თითქოს ბავშვებს სთხოვდა არ გაეთქვათ.

წმინდა სერაფიმემ ბავშვებისთვის ბალახში ბილიკი გადაქელა და თავისთან დაგვიძახა. ჩვენ შორის ყველაზე პატარა – ლიზა – პირველი ჩამოეკიდა კისერზე და ლოყა მხარზე ჩამოადო.

– საუნჯეო, საუნჯეო! – ჩურჩულით ამბობდა ბერი და გულში სათითაოდ გვიკრავდა.

მოზარდი მწყემსი ბიჭუნა სიომა მონასტრისკენ ყვირილით გაექანა: "აქეთ, აქეთ! აქაა მამა სერაფიმე! აქეთ!" ჩვენ შეგვრცხვა. ჩვენი წამოძახილები და გულში ჩაკვრა ღალატად მოგვეჩვენა. უკან დაბრუნებისას ის პატარა ლიზა, რომელიც მამა სერაფიმემ პირველი ჩაიკრა გულში, ბავშვური ენით ტიტინებდა: "მამა სერაფიმე მხოლოდ ჰგავს მოხუცს, სინამდვილეში კი ბავშვია".

მრავალი წლის შემდეგ ნ. აქსაკოვა, რომელიც ამ შემთხვევას იხსენებს, წერს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ უნახავს ისეთი ბავშვური, ნათელი თვალები, როგორიც ჰქონდა ღირს სერაფიმეს, არ უნახავს მისნაირი ღიმილი, რომელსაც მძინარე ბავშვის ღიმილს თუ შეადარებ, როცა მას ანგელოზები ეწვევიან.

კიდევ ერთ შემთხვევას გიამბობთ. სერაფიმეს სენაკის დაკეტილ კართან მნახველების ჯგუფი იდგა. მათგან ზოგიერთი ლოცულობდა: "უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალენ ჩუენ!" მაგრამ "ამინ" არ ისმოდა და კარი არ იღებოდა. მაშინ ერთმა ქალმა იქვე მდგომ ბავშვიან ქალბატონს სთხოვა, რომ მის ბავშვს ელოცა: – თქვენმა გოგონამ ლოცვა წარმოთქვას და მაშინ გაგვიღებს!

მართლაც, როგორც კი გოგონამ ილოცა, შიგნიდან "ამინ" გაისმა და კარი გაიღო. როგორი სიხარული იყო, როცა წმინდა ბერი დაინახეს!

საყვარელო ბავშვებო! ცხოვრებაში ბევრი მწუხარება გვხვდება: ვიღაცას სამარემ ნაადრევად წაართვა დედა, სხვებს ზამთრობით თბილი კუთხე არა აქვთ... ყოველი თქვენგანი შესაძლოა ავად გახდეს. კიდევ უარესია, როცა მარჩენალი მამა ხდება ავად ან სამუშაოზე შეემთხვევა უბედურება, ხოლო, როცა ავად ხდება დედა, მაშინ მთელ ოჯახს უმძიმს. თქვენც გაქვთ თქვენი პატარა მწუხარებები: დღეს რთული ამოცანა მოგცეს, იქ გამოცდები გაქვთ ან მეგობრებს წაეჩხუბეთ – ასეთ დროს გაიხსენეთ, რომ უფალს წმინდა სერაფიმე ჰყავს. უხმეთ მას თქვენს ლოცვებში, სთხოვეთ ილოცოს თქვენთვის, შეგეწიოთ! და ის, ასეთი ალერსიანი და თქვენდამი სიყვარულით სავსე, მაშინვე გიპასუხებთ.

"ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად" (იაკ. 5,16).

 

. . .

კეთილმსახური დედის მიერ ღვთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სიყვარულით აღზრდილ სერაფიმეს ღვთის ტაძარში ყოფნა ბავშვობიდანვე უყვარდა. ის განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებოდა დედა ღვთისმშობელს, რომელმაც ის ათი წლის ასაკში თავის სასწაულმოქმედ ხატთან – კურსკა-კორენნაიასთან შეხებით მძიმე სნეულებისაგან განკურნა.

შრომაში დედის გულმოდგინე შემწე წმინდა სერაფიმემ, 17 წლისამ, მისი კურთხევით უღრანი ტყით გარშემორტყმულ საროვის სავანეს მიაშურა. იქ იგი მარხვითა და ლოცვით შეუდგა ღვაწლს და პატარა ქოხში ცხოვრობდა, რომელიც ტყეში საკუთარი ხელით აიშენა.

კვირაში ერთხელ წმინდანთან სავანიდან მწირი საკვები მოჰქონდათ: პურის ნატეხი და ცოტა კომბოსტო. წმინდა სერაფიმე განუწყვეტელ ლოცვაში დღესა და ღამეს ატარებდა და უფალმა სასწაულქმედების ნიჭი მიჰმადლა. მისმა წმინდა ცხოვრებამ შორს გაითქვა სახელი და, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით დაყუდებულ ცხოვრებას თავი დაანება, მასთან მრავალმა ადამიანმა იწყო მისვლა, რომლებიც კურთხევასა და წმინდა ლოცვებს სთხოვდნენ, თან ავადმყოფებიც მიჰყავდათ განსაკურნებლად.

ყოველთვის ნათელი და გახარებული წმინდა ბერი ხალხს ალერსითა და სიყვარულით იღებდა და თითოეულს "ჩემო სიხარულოს" ეძახდა. მისგან ყველანი ნუგეშისცემულნი მიდიოდნენ და ამისთვის მასთან სხვადასხვა ძღვენი მიჰქონდათ, რომელსაც ის იმწუთშივე ღარიბებს ურიგებდა.

ამის შესახებ ბოროტმა ადამიანებმა შეიტყვეს. იფიქრეს, წმინდა სერაფიმეს ბევრი ფული ექნებაო და მისი გაძარცვა გადაწყვიტეს. ერთხელ, როცა ის ტყეში ხეს ჭრიდა, მასთან სამი კაცი მივიდა და ფული მოსთხოვა.

– შენთან ერის ხალხი დადის და ფული მოაქვს, – ამბობდნენ ისინი. მოღვაწე კი პასუხობდა: მე არავისგან არაფერს ვიღებ. მძარცველებმა არ დაუჯერეს. ერთი მათგანი ზურგიდან მივარდა, რომ მიწაზე დაეგდო, მაგრამ თვითონ დავარდა.

ღირსი სერაფიმე ახალგაზრდობიდანვე დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა და ახლაც ცულით აღჭურვილს თამამად შეეძლო თავი დაეცვა, მაგრამ წმინდა მოღვაწეს გაახსენდა მაცხოვრის სიტყვები: "ყოველთა, რომელთა აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ" (მათ. 26,52). მან ცული მიწაზე დადო, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და თქვა:

– გააკეთეთ, რაც გინდათ. – მან დაუმსახურებელი ტანჯვის მოთმენა გადაწყვიტა.

ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ცული აიღო და წმინდა სერაფიმეს ტარი ძლიერად ჩაარტყა თავში. წმინდა მოღვაწეს პირიდან და ყურებიდან სისხლი წამოუვიდა და მიწაზე უგრძნობლად დაეცა. ყაჩაღებმა სენაკისაკენ წაათრიეს და გზადაგზა ცულით და ხის ნაჭრებით სცემდნენ. მძარცველებმა წმინდა სერაფიმეს ხელ-ფეხი შეუკრეს და წინკარში დააგდეს, თვითონ კი მის სენაკში შეცვივდნენ. მეუდაბნოეს ღარიბ ქოხში ყველაფერი ყირაზე დააყენეს, ღუმელი დაამტვრიეს, იატაკი აყარეს და ვერაფერიც ვერ ნახეს... შიშის ზარი დაეცათ, მიხვდნენ, რომ უდანაშაულოდ და ტყუილუბრალოდ სცემეს წმინდა ადამიანი და შეძრწუნებულნი იქაურობას გაეცალნენ.

წმინდა სერაფიმე სასტიკი ცემის შემდეგ გონს ძლივს მოვიდა. ხელ-ფეხი როგორღაც გაიხსნა, ილოცა, რომ ღმერთს მიეტევებინა ყაჩაღებისთვის, ის ღამე თავის სენაკში საშინელ ტანჯვაში გაატარა და დილით მონასტერში წალასლასდა.

წმინდა მოღვაწე საშინლად გამოიყურებოდა: თმა და წვერი აჩეჩილი, სისხლიანი, მტვრით და ნაგვით სავსე ჰქონდა, სახე და ხელები დალურჯებული, რამდენიმე კბილი ჩამტვრეული, გასისხლიანებული სამოსი ზოგან ჭრილობაზე მიხმობოდა. ძმები შეძრწუნდნენ წმინდა სერაფიმე ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახეს. მან მონასტრის მოძღვრის მოყვანა ითხოვა და სუსტი ხმით, გაჭირვებით უამბო, რაც შეემთხვა.

ღირსი სერაფიმე პირველი რვა დღე საშინლად იტანჯებოდა: არც საკვების მიღება შეეძლო, არც სასმელის. ძლიერი ტკივილი არ აძინებდა. სავანეში არ ეგონათ, თუ გადარჩებოდა. წინამძღვარმა მეშვიდე დღეს ექიმების მოსაყვანად უახლოეს ქალაქში კაცი გაგზავნა. მის ლოგინთან ექიმებმა თავი რომ მოიყარეს და ავადმყოფის მდგომარეობაზე მსჯელობდნენ, ღირს მამას ჩაეძინა და საოცარი ხილვა ნახა. მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე და იოანე მოციქულებთან ერთად, ის ავადმყოფის სარეცელთან მარჯვნიდან მივიდა და ექიმებს მიმართა: "რას იღვწით?" შემდეგ წმინდა მოღვაწეს შეხედა და თქვა: "ეს – ჩვენი გვარისაა". ხილვა ამით დასრულდა. ავადმყოფმა გაიღვიძა. ამ დროს წინამძღვარიც მოვიდა და ავადმყოფს ექიმების დახმარება შესთავაზა, მაგრამ ყველასთვის დიდად გასაკვირად ღირსმა სერაფიმემ გადაჭრით უპასუხა, რომ არ სურს დახმარება კაცთაგან და თავის ცხოვრებას უფალ ღმერთსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ანდობს.

სასწაულებრივი ხილვის შემდეგ ღირსი მამა გამოუთქმელი სიხარულით აივსო და მისი აღტაცებული განწყობილება ოთხ საათს გაგრძელდა. შემდეგ ის თავის ჩვეულ სულიერ მდგომარეობას დაუბრუნდა და ავადმყოფობისგან შვება იგრძნო. წმინდანს ნელ-ნელა ძალა უბრუნდებოდა: ლოგინიდან წამოდგა, საღამოს ცხრა საათისთვის სენაკში სიარული დაიწყო, ცემის შემდეგ პირველად მიიღო მცირე საკვები. ამ დროიდან მისმა ჯანმრთელობამ ნელ-ნელა გაუმჯობესება დაიწყო, მაგრამ ცემის კვალი მას სიკვდილამდე შერჩა.

 

. . .

საროვის სავანეში წმინდა სერაფიმე ახალგაზრდა, მოხდენილი და ჯანმრთელი მივიდა. ერთხელ ტყეში მუშაობისას ის მოჭრილმა ხემ ქვეშ მოიყოლა და ბუნებრივი აღნაგობა დააკარგვინა. ახლა კი, მძარცველების თავდასხმის შემდეგ, მხოლოდ ჯოხზე ან ნაჯახზე დაყრდნობით დადიოდა.

წმინდა სერაფიმემ არა მხოლოდ მიუტევა თავის მტანჯველებს, არამედ მთავრობას ევედრებოდა ყაჩაღები არ დაესაჯა. თუმცა ისინი უფალმა დაუსჯელნი არ დატოვა: მათ ქოხები დაეწვათ. შემდეგ, როცა მშვიდ მოხუცთან პატიებისთვის მივიდნენ, მან მთელი გულით მიუტევა თანახმად ქრისტეს მცნებისა: "გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა; აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცევდით მათთვის, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ" (ლუკ. 6,27-28).

 

თარგმნა ნინო გულიაშვილმა

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა