martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მღვდელმოწამე პლატონი, ბანიალუკელი ეპისკოპოსი

   

ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის ეს უდიდესი იერარქი დაიბადა 1894 წელს ბელგრადში. მომავალი ეპისკოპოსის მშობლები, ელენე და ილია, წარმოშობით ჰერცოგოვინადან – ღარიბი, კლდოვანი მხარიდან იყვნენ, სადაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და პატრიოტიზმს ყველაზე მაღლა აყენებენ. ნათლისღებისას ბიჭუნას სახელად დაარქვეს მილივოე. იგი ღვთისმოსავი მშობლების სახლში აღიზარდა, საშუალო სკოლა პატარა ქალაქ ვრანაში დაამთავრა, ხოლო გიმნაზია – ქალაქ ნიშში, სადაც მამამისი გადიოდა სამხედრო სამსახურს. მართლმორწმუნე მშობლებმა გადაწყვიტეს, თავიანთი პირმშო ღმერთისათვის მიეძღვნათ. ყმაწვილი ბელგრადის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა. მის ღვთისმოყვარე გულს მოღვაწეობა ეწადა და ისიც, ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი, მონაზვნად აღიკვეცა პლატონის სახელით – წმ. მოწამე პლატონის პატივსაცემად, რომლის რწმენაში სიმტკიცისა და სიმამაცისადმი იგი განსაკუთრებულ მოწიწებას იჩენდა.

 

მონაზონი პლატონი სულიერად იზრდებოდა ეპისკოპოს მიქაელის, სერბეთის მიტროპოლიტის, მეთვალყურეობისა და მზრუნველობის ქვეშ. წარმატებით დაამთავრა ჯერ ბელგრადის, შემდეგ კი, 1901 წელს, მოსკოვის სასულიერო აკადემიები. სწავლის წლებში ხელდასხმულ იქნა დიაკვნისა და მღვდლის ხარისხებში. ახალგაზრდა და მოშურნე, სამართლიანობისა და სიმართლის გამძაფრებული შეგრძნების მქონე პლატონი არცთუ იშვიათად ხვდებოდა რთულ და უსიამოვნო სიტუაციებში, მაგრამ ღვთის შეწევნით მათგან ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას, თანაც არ მოჰქონდა მძიმე შედეგები საკუთარი თავისთვის და ეკლესიისთვის, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

 

ახალმა მიტროპოლიტმა ინოკენტიმ, რომელმაც მიქაელი შეცვალა, რუსეთიდან დაბრუნებული მღვდელმონაზონი პლატონი დიდი ყურადღებით მიიღო და მაშინვე მიანდო რაინოვაცის მონასტრის წინამძღვრობა. მოგვიანებით პლატონს ეკავა მაღალი თანამდებობანი საეკლესიო და სახელმწიფო განათლების ორგანოებში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ზემო დეჩანის მონასტერზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებისათვის ბრძოლაში.

 

დიდი უნარი გამოავლინა საგანმანათლებლო მოღვაწეობაშიც. მას წუთითაც არ ავიწყდებოდა, რომ იყო არა მარტო მასწავლებელი, არამედ ახალგაზრდა სულების მწყემსიც. იგი უყვარდათ მოწაფეებსაც და იერარქებსაც. მან საკმაოდ მოკლე ხანში განვლო გზა მღვდელმონაზვნიდან არქიმანდრიტამდე.

 

არქიმანდრიტ პლატონის ღვთისმოყვარე სული მეტად ძლიერ იყო გამსჭვალული ჯერ კიდევ ოჯახში ჩანერგილი პატრიოტიზმის გრძნობით. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა პირველი მსოფლიო ომის დროს, ბალკანეთის ომებში, რომელთაც სერბი ხალხისთვის ფაქტობრივად სამამულო, თავდაცვითი ხასიათი ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეთა და ჯარისკაცთა საკვებით მომარაგების გარდა არქიმანდრიტი აქტიურად ეხმარებოდა ღარიბებსა და ობლებს, რომლებიც ომის დროს ყოველთვის მეტისმეტად მრავლად არიან. იგი უზარმაზარი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა, ყოველთვის დროულად და საჭიროების მიხედვით უნაწილებდა შემოსულ შემწეობას თითოეულ ოჯახსა და გაჭირვებულს. ხალხის პატივისცემა და სიყვარული, საეკლესიო წრეებში დიდი ავტორიტეტი მაშინდელი სერბეთის ზოგ პოლიტიკოსში შურს იწვევდა. ამას მოჰყვა ის, რომ არქიმანდრიტი პლატონი აღიარებისა და მადლობის მაგიერ ჩამოაშორეს სამსახურს და პენსიაზე გაუშვეს. მან ეს მიიღო, როგორც თავისი ცხოვრების ჯვარი და ლუკმაპური რომ ეშოვა და საშუალება ჰქონოდა ღარიბებს დახმარებოდა, თავმდაბლად ასრულებდა ნებისმიერ საქმეს, დურგლადაც კი მუშაობდა.

 

რამდენიმე ხნის შემდეგ არქიმანდრიტი პლატონი აღადგინეს საეკლესიო სამსახურში. მას ისევ ჩააბარეს მაღალი საეკლესიო თანამდებობანი, მაგრამ ვერც ამჯერად ასცდა დაბრკოლებებსა და ხრიკებს მოწინააღმდეგეთაგან, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ მის წარმატებებს, ეჭვქვეშ აყენებდნენ მის საქმიანობას და უაღრესად კრიტიკულად ეკიდებოდნენ მის თითოეულ წამოწყებას. 1931 წლის ოქტომბერში არქიმანდრიტი პლატონი აირჩიეს და ხელი დაასხეს სერბეთის პატრიარქის ქორეპისკოპოსად. დიდმა პატრიარქმა ბარნაბამ შენიშნა და სწორად შეაფასა ეპისკოპოს პლატონის პიროვნება. სულით შეიცნო არა მხოლოდ მისი წარსული, არამედ წინასწარმეტყველურად განჭვრტა მისი საოცარი, მოწამებრივი აღსასრულიც. უკვე თავისი მსახურების დასაწყისში მეუფე პლატონმა წამოიწყო მძიმე ბრძოლა კონკორდატთან[1] იგი არა მარტო მონაწილეობდა "სისხლიან მწკრივში"[2] ბელგრადში, არამედ სრემის კარლოვაცში სამონასტრო ტიპოგრაფიის მმართველის თანამდებობაზე შეძლებისდაგვარად აკეთებდა ყველაფერს, რათა სერბეთის საზოგადოებას დროულად და სწორად სცოდნოდა კონკორდატის მთელი დამღუპველობა სერბეთის ეკლესიისა და ხალხისათვის.

 

ქორეპისკოპოსი პლატონი 1938 წელს აირჩიეს ოხრიდ-ბიტოლის ეპარქიის ეპარქიალურ ეპისკოპოსად, ხოლო 1939 წლის დასასრულს – ბანია-ლუკას ეპარქიის ეპისკოპოსად. არც ბიტოლში და არც ბანია-ლუკაში ყოფნას გამოცდისა და დაბრკოლებათა გარეშე არ ჩაუვლია – სიკეთის მტერი, ეშმაკი, შეუსვენებლივ შრომობდა. ბანია-ლუკაში ზოგი პოლიტიკოსი აუმხედრდა ეპარქიაში მეუფის დანიშვნას. მეუფე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა პოლიტიკოსთა რეაქციას და როდესაც კრების არჩევანი სამეფო დეკრეტით იქნა დადასტურებული[3], იგი ზარ-ზეიმისა და პატივის გარეშე ჩავიდა ბანია-ლუკაში და 1940 წლის 1 ოქტომბერს დაიკავა საეპისკოპოსო კათედრა.

 

ბანია-ლუკაში ეპისკოპოს პლატონის ხანმოკლე საეპიკოპოსო მოღვაწეობა (1 ოქტომბერი – 6 მაისი 1941 წ.) მისმა სამწყსომ მადლიერებით შემოინახა მეხსიერებაში. პირველი საეპისკოპოსო ლიტურგია მან ჩაატარა წმიდა სამების საკათედრო ტაძარში პარასკევა სერბის ხსენების დღეს. პირველივე შეხვედრიდან ხალხმა და სასულიერო პირებმა იგი მთელი გულით მიიღეს. მეუფე სიყვარულით ლოცავდა მორწმუნეებს, თანაგრძნობით, ყურადღებით იღებდა და უსმენდა მღვდლებს. მორწმუნენი მაშინვე მიხვდნენ, რომ მისი სახით სულიერი მამა და მწყემსი შეიძინეს. პოლიტიკოსები, რომელნიც მის ჩამოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ და ხალხში შფოთი შეჰქონდათ, განაიარაღა მისმა, როგორც მღვდელმთავრის, გულისხმიერებამ, სიყვარულმა, სიკეთემ.

 

ევროპაში იწყებოდა მეორე მსოფლიო ომი, სერბეთსაც ომის ტრაგედია კარს მოადგა. მეუფეს ცხადად ესმოდა, თუ როგორი საშინელი ბოროტება ემუქრებოდა ქვეყანასა და ხალხს. მან გადაიტანა და ახსოვდა ბალკანეთის ომების მთელი საშინელება და პირველი მსოფლიო ომის განსაცდელები. საკუთარ თავს არ უფრთხილდებოდა – მას გული შესტკიოდა ხალხზე, რომლის ჭრილობებიც ჯერ არ შეხორცებულიყო გადატანილ კატასტროფათა შემდეგ. ესმოდა, რომ მომავალი ომი კიდევ უფრო საშინელი და დაუნდობელი იქნებოდა. მძიმე სულიერმა მდგომარეობამ დააძაბუნა მისი უკვე დიდი ხნის წინ შერყეული ჯანმრთელობა და 1941 წლის დასაწყისში მეუფე სარეცელს მიეჯაჭვა. მიუხედავად ხანმოკლე გამოკეთებებისა, იგი ასეთ მდგომარეობაში დარჩა თავის მოწამებრივ აღსასრულამდე.

 

გერმანული ოკუპაციის შედეგი და პირმშო იყო ე.წ. ხორვატიის დამოუკიდებელი სამეფოს (HDX) შექმნა ანტე პაველიჩის მეთაურობით. ყველგან შიშისა და ძრწოლის ატმოსფერო მეფობდა. დაიწყო დევნა, ძარცვა, მკვლელობები, სიწმიდეთა შეურაცხყოფა. უსტაშები[4] სატანური სისასტიკით შეიარაღდნენ სერბი ხალხისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. იცოდნენ რა, რომ მწყემსის დამარცხებით სამწყსოსაც გაანადგურებდნენ, მათ მთელი თავიანთი სიძულვილი მიმართეს ბანია-ლუკას მწყემსმთავარზე, რომელსაც მოსთხოვეს, მიეტოვებინა სამწყსო, ეპისკოპოსის კათედრა და ეპარქია.

 

მეუფესათვის არ არსებობდა არჩევანი და არც შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან თავის საეპისკოპოსო მსახურებას და აღთქმას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდა, თუმც მშვენივრად ესმოდა, თუ რა განსაცდელი ემუქრებოდა. მან უსტაშ ჯალათს ვიქტორ გუტიჩს უთხრა: "მე სათანადო მთავრობათაგან კანონიკურად და წესისამებრ დადგენილი ვარ ბანია-ლუკას ეპისკოპოსად და როგორც ეპისკოპოსმა აღვუთქვი ღმერთს, ეკლესიასა და ხალხს, რომ მარადის ვიზრუნებდი ჩემს სამწყსოზე, გარემოებათა მიუხედავად. მე სამუდამოდ დავუკავშირე ურთიერთს ჩემი და ჩემი სულიერი სამწყსოს ცხოვრება და ბედი და მასთან, მის სულიერ სადარაჯოზე დავრჩები, როგორც მწყემსი კეთილი, რომელიც თავს დადებს თავის ცხოვართათვის, მანამ უფალი არ მიმიხმობს თავისთან. ასეთი აღთქმა დავდე ეპისკოპოსის ხარისხისა და ბანია-ლუკას ეპარქიის მმართველობის მიღებისას და ამ აღთქმის ერთგული და მასში ურყევი დავრჩები მანამ, სანამ შემეძლება შეგნებულად და დამოუკიდებლად გამოვხატო საკუთარი ნება". ასეთი პასუხი გაუგზავნა უსტაშთა კარდინალსაც. უსტაში ჯალათები გაოგნებულნი დარჩნენ ეპისკოპოს პლატონის პოზიციის სიმტკიცითა და ურყევობით, მაგრამ საკუთარი გეგმები არ შეუცვლიათ. გეგმა კი ნათელი იყო: ისინი მაშინაც ჩაიდენდნენ დანაშაულს, მეუფეს სხვაგვარად რომ ეპასუხა, რადგან მათი ხელობა კაცისკვლა იყო. განა არ ხოცავდნენ სერბებს, რომლებმაც კათოლიკობა მიიღეს?! მათთვის აუცილებელი იყო სერბების შეშინება, მათი დარწმუნება, რომ უსტაშების მეთაურის ყველა მუქარა მკვლელობის, გაკათოლიკებისა და დეპორტაციის შესახებ სისრულეში იქნებოდა მოყვანილი. მეუფე ილუზიებისგან შორს იყო. იგი ხედავდა და იცოდა მტრის სიბოროტე და დაუნდობლობა, მაგრამ მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე – არ მიეტოვებინა ეპარქია. სნეულება ძლიერდებოდა, თავის უკანასკნელ წერილში იგი წერდა: "ჩემთვის აუცილებელია მომაგრება, ძალიან დავიტანჯე და დავუძლურდი... მზერა ცისკენ, ღმერთისკენ მაქვს მიპყრობილი და მის წყალობას ვსასოებ..."

 

1941 წლის 6 მაისის ღამეს უსტაშმა ჯალათებმა დააპატიმრეს მძიმედ სნეული მეუფე და დეკანოზ დუშანთან (სუბოტიჩი) ერთად ქალაქიდან წაიყვანეს. ისინი მხეცურად აწამეს მდინარე ვრბანის ნაპირზე და წყალში გადაყარეს. ორივე მოწამის დასახიჩრებული სხეული ნაპირზე ტალღებმა გამორიყა. მეუფე ფარულად და წესის აუგებლად დაკრძალეს ბანია-ლუკას სამხედრო სასაფლაოზე. ბანია-ლუკაში საკათედრო ტაძრის აშენების მერე მისი წმიდა ნაწილები გადაასვენეს ტაძარში და დაასაფლავეს კანკელის წინ. მღვდელმოწამედ კანონიზაციის შემდგომ ისინი ჩაასვენეს ლუსკუმაში, რომელიც გახსნილი დატოვეს, რათა მორწმუნეებს თაყვანი ეცათ.

 

მეუფე პლატონის მოწამებრივი აღსასრულის მოწმეთაგან არავინ დარჩა ცოცხალი, ან ისინი ჩვენთვის უცნობია. მაგრამ მრავალმა დაინახა მისი დაგლეჯილი, დასახიჩრებული სხეული. თვითმხილველთა ყველა ჩვენება ერთმანეთს ემთხვევა. მეუფეს სახეზე ეტყობოდა საზარელი წამების კვალი – ჯალათებმა მოაჭრეს ცხვირი და ყურები, დააგლიჯეს წვერი. ტანზე აჩნდა დანასერები, მარილით ამოჭმული იარები, დამწვრობის კვალი და სამი ნატყვიარი. მძარცველებმა სხეულზე მხოლოდ საცვლები, ტყავის ქამარი და ფეხსაცმელები დატოვეს.

 

მარტოოდენ უფალმა უწყის სრულად მისი წამებისა და მის მტანჯველთა სისასტიკის შესახებ. ჩვენთვის ცნობილია ერთი რამ: მღვდელმოწამე ბოლომდე შეუორგულებლად დარჩა ერთგული ღვთისა, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სერბეთისა. მისი პიროვნების, მისი წამების სულიერად განჭვრეტისას მუხლს ვიდრეკთ და მთელი გულით ვევედრებით: "მღვდელმოწამე მეუფეო პლატონ, მწყემსმთავარო ბანია-ლუკისა, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის"!

 

 

 

თარგმნა ნინო ბელთაძემ

 

წიგნიდან «Слава и боль Сербии», о Сербских новомучениках, М. 2002.

 

 

 

[1] კონკორდატი – იუგოსლავიის სამეფოს ხელშეკრულება რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულება კათოლიკურ ეკლესიას პროზელიტური საქმიანობისა და სერბეთის ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის წინაამღდეგ ექსპანსიის საშუალებას აძლევდა.

 

[2] "სისხლიანი მწკრივი" – კონკორდატის მოწინააღმდეგე სამღვდელოების მიერ ორგანიზებული ჯვრით მსვლელობა ბელგრადში. ლიტანია დაიძრა კათედრალური ტაძრიდან და მოიარა მთელი ქალაქი. ხელისუფლებამ აქციის ჩატარების ნება არ დართო და მაშინ ბელგრადის ჟანდარმერიამ (იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კათოლიკე მღვდელი) მოაწყო სასტიკი, სისხლისმღვრელი თავდასხმა ლიტანიის მონაწილე ეპისკოპოსებზე, მღვდლებსა და ერისკაცებზე. მაგრამ ღვთის წყალობით კონკორდატს ხელი არ მოეწერა.

 

[3] სერბეთში მონარქია ოფიციალურად არსებობდა 1945 წლამდე, როდესაც იგი გააუქმა სკუპშტინამ (დუმამ), კარაგეორგევიჩების დინასტიას ჩამოერთვა ყველა უფლება და ქონება, მათ იუგოსლავიაში ცხოვრებაც კი აეკრძალათ.

 

[4] უსტაშები – ხორვატი ფაშისტების ნაციონალურ-სეპარატისტული ორგანიზაცია, დაარსდა 1929 წელს. მის წევრებს ბრალი მიუძღვით იუგოსლავიის მცხოვრებთა მასობრივ მკვლელობაში. მათვე შექმნეს ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო. უსტაშების საშუალებით მეორე მსოფლიო ომის დროს პაპისტური იერარქიის წარმომადგენლებმა ხორვატიაში ათასობით მართლმადიდებელი სერბი აწამეს, გადაასახლეს და ძალდატანებით გააკათოლიკეს. – მთარგ. შენ.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა