martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

რა მოაქვს საქართველოსთვის

"იეჰოვას მოწმეების"

 

 

1. კითხვა: რას წარმოადგენს იეჰოველების სწავლება?

 

პასუხი: იეჰოველთა სწავლება არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მწვალებლობა, რომელიც ამჟამად, ჩვენს დროში არსებობს. მწვალებლობა, ანუ ერესი – ცრუ სწავლებაა, დამახინჯებული სწავლება ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი ჭეშმარიტებების შესახებ, რომლებიც სახარებაშია განცხადებული და საეკლესიო გადმოცემაში დაცული. თავის დასაბამს ეკლესია წმინდა მოციქულთაგან – ქრისტეს მოწაფეთაგან იღებს. მისი სწავლება თითქოსდა ერთი მდინარის უწყვეტი ნაკადია, მწვალებელთა სექტებს კი არა აქვთ არც მემკვიდრეობითობა და არც ტრადიცია. ისინი სხვადასხვა დროს ჩნდებოდნენ და წარმოადგენდნენ დამახინჯებულ შეხედულებებს ქრისტიანობაზე ამპარტავნებით შეპყრობილი ცალკეული ადამიანებისა თუ ადამიანთა ჯგუფებისა, რომლებიც მოსწყვეტოდნენ ქრისტეს ეკლესიას და თავიანთი ცრუ შეხედულებანი დაეპირისპირებინათ მისი ჭეშმარიტი სწავლებისათვის.

      

2. კითხვა: საიდან იღებს დასაბამს მწვალებლობა?

 

პასუხი: მწვალებლობა დასაბამს იღებს ადამიანის გონების ამპარტავნებიდან, ეშმაკისმიერი ცდუნებიდან, რომელიც შთააგონებს ცოდვილი ადამიანის გონებასა და გულს თავის ცრუ სწავლებას, შინაარსით მრავალსახოვანსა და წინააღმდეგობრივს, მაგრამ ამავე დროს ერთი მიზნის მქონეს – შეარყიოს და მოსპოს ეკლესიის სწავლება, რომელსაც პავლე მოციქული უწოდებს "სუეტსა და სიმტკიცეს ჭეშმარიტებისას" (1 ტიმ. 3, 15). იეჰოველების სიძულვილი ქრისტეს ეკლესიისადმი იმდენად მძვინვარე და შეურაცხმყოფელი ხასიათისაა, რომ ყურადღებით თუ ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რა სული მოქმედებს მათში. მათმიერი გმობა ქრისტეს ეკლესიის მიმართ აღსავსეა ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა – "სატანა", "ბაბილონის მეძავი" და ა.შ., რის უფლებასაც თავს ურწმუნო ადამიანიც არ მისცემდა.

 

3. კითხვა: როდის და საიდან აღმოცენდა იეჰოველების სექტა?

 

პასუხი: იეჰოველების სექტა აღმოცენდა ამერიკაში, პროტესტანტულ წრეში. თავის დროზე (XI ს.) მართლმადიდებლობას კათოლიციზმი გამოეყო, კათოლიციზმს – პროტესტანტობა (XVI ს.), პროტესტანტობა კი სექტებად ქუცმაცდებოდა; აი, სწორედ ერთ-ერთი ასეთი სექტიდან გამოვიდა იეჰოველობის ფუძემდებელი რასელი, რომელიც პროფესიით კომერსანტი იყო. ამიტომაც იეჰოველობამ გააგრძელა მთელი წყება განხეთქილებათა, განდგომილებათა და მწვალებლობათა.

 

4. კითხვა: როდის წარმოიშვა ეს მწვალებლობა?

 

პასუხი: XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში. ასაკის მხრივ იგი ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა სექტაა, უფრო ახალი, ვიდრე ბაპტიზმი, მოლოკანობა, ადვენტიზმი თუ პროტესტანტული სამყაროს სხვა ნამსხვრევებია.

 

5. კითხვა: ჰქონდა თუ არა რასელს შეძენილი რაიმე საღვთისმეტყველო განათლება?

 

პასუხი: რასელს არ ჰქონდა არანაირი საღვთისმეტყველო განათლება. ის მხოლოდ ვაჭრობასა და ბიზნესს მისდევდა, და დიდ ქონებასაც მოუყარა თავი.

 

6. კითხვა: რით დაიწყო ეს მწვალებლობა?

 

პასუხი: იეჰოველების მწვალებლობაც იმითვე დაიწყო, რითაც თითქმის ყველა სხვა მწვალებლობა იწყებოდა – თვითნებური, უსწორო, თავისუფალი განმარტებით საღმრთო წერილისა, ბიბლიისა. რასელმა ჩამოაყალიბა წრე, რომელიც ასე იწოდებოდა – "ბიბლიის მკვლევარნი". ეს სახელწოდება მან შემდეგში შთამბეჭდავი გახადა და თავის წრეს "ბიბლიის სერიოზული მკვლევარნი" უწოდა. რასელის მემკვიდრეთა ხელში ამ მწვალებლურმა სექტამ საბოლოოდ მიიღო დღევანდელი სახელწოდება – "იეჰოვას მოწმეები".

 

7. კითხვა: რას ნიშნავს თვით სიტყვა "იეჰოვა"?

 

პასუხი: ბიბლიაში გვხვდება მთელი რიგი საღმრთო სახელებისა, როგორიცაა, მაგალითად, "ელოჰიმ", "საბაოთ", "ადონაი", და სხვანი. ღმერთის ერთ-ერთი ასეთი სახელია "იეჰოვა", რაც ებრაულად "მყოფს", "არსებულს" ნიშნავს.

ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო იეჰოველები უარყოფენ ღმერთის დანარჩენ სახელწოდებებს. ეს გამორჩევა ბიბლიის ტექსტში ყველა სექტანტისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ განსაკუთრებით – იეჰოველებისათვის. წინასწარმეტყველი და სჯულისმდებელი მოსე ამბობს: "...უფალი ღმერთი მოშურნე სახელი არს მისი" (გამოსვლათა 34, 14). წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: "ვაქებდე სახელსა ღმრთისა ჩემისასა გალობითა და განვადიდო იგი ქებითა" (ფსალმ. 68, 31), – ებრაულ ტექსტში იგი გადმოცემულია სიტყვით "ელოჰიმ", ბერძნულში – "თეოს", ქართულში – "ღმერთი", რუსულში – "ბოგ".

ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: "უფალი საბაოთ სახელი მისი" (ეს. 48, 2). ამოს წინასწარმეტყველიც ასევე იტყვის: "...იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელ (საბაოთ) სახელი მისი" (ამოს. 5, 27).

როგორც ვხედავთ, იეჰოველები არღვევენ და უარყოფენ საღმრთო პირდაპირ მოწმობას, მათ მხოლოდ ერთი სახელი აირჩიეს ღმერთისა, ხოლო ყველა სხვა, რომლებითაც ღმერთი თავს განუცხადებდა ადამიანებს, უკუაგდეს.

 

8. კითხვა: რატომ დაუშვებს უფალი ღმერთი მწვალებლობებისა და ქტების არსებობას?

 

პასუხი: პავლე მოციქული ამბობს: "...წვალებანიცა ყოფად არიან თქვენ შორის, რათა რჩეულნი იგი თქვენ შორის გამოჩნდნენ" (1 კორ. 11, 19)). უფალმა თავისუფალი ნება მიანიჭა ადამიანს. ცოდვა ამ უდიდესი საბოძვარის ბოროტად გამოყენების შედეგი იყო. მწვალებლობა კი მხოლოდ ნებიდან და გრძნობიდან მომდინარე ცოდვა კი არ არის, არამედ, პირველ ყოვლისა, გონებისმიერი ცოდვაცაა. მწვალებლობის დასაბამია არქონა სიყვარულისა. იგი ვლინდება ამპარტავნებასა და განკერძოებაში. მწვალებლობათა შემომღებნი და "მოძღვარნი", თავიანთ სულიერ სიბრმავეში, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა თანასწორად მიიჩნევდნენ თავს. ეკლესია სიყვარულით იწყება, მწვალებლობანი კი – კრიტიკით, შფოთით, ბრძოლითა და სიძულვილით აღმოცენდებიან. მაგრამ, მეორეს მხრივ, მწვალებლებთან ბრძოლაში მართლმადიდებელი ქრისტიანი ქრისტეს მხნე მხედარი ხდება, და მისი დამოკიდებულებაც ეკლესიისადმი უფრო ღრმა და შეგნებულია, ანუ ადამიანი უფრო სრულყოფილი შეიქმნება და "რჩეულნიც იგი" ჩვენს "შორის გამოჩნდებიან".

 

9. კითხვა: როდის შემოაღწია საქართველოში იეჰოველების ცრუსწავლებამ?

 

პასუხი: არც თუ ისე დიდი ხნის წინ, XX საუკუნის 50-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომის დროს იეჰოველების სექტამ უკრაინაში გაიდგა ფესვები. ჩვენთანაც მისი პირველი მქადაგებლები სწორედ უკრაინიდან ჩამოვიდნენ. იეჰოველები აკრძალულ სექტათა შორის ირიცხებოდნენ. მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს თავიანთი ცრუსწავლება ხალხში გაევრცელებინათ. მეტიც, მათ თავიც მოჰქონდათ როგორც "წამებულთ და სიმართლისათვის დევნილთ", და ამაში მთავრობას კი არ სდებდნენ ბრალს, არამედ – მართლმადიდებელ ეკლესიას.

 

10. კითხვა: რამ შეუწყო ხელი იეჰოველობის გავრცელებას?

 

პასუხი: იეჰოველობის გავრცელებას ხელი შეუწყო იმ დევნა-შევიწროებამ, რაც საბჭოთა მთავრობამ დაიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ და რაც ათწლეულების მანძილზე გაგრძელდა. ამ დევნულობის შედეგად ხალხმა, რევოლუციის შემდგომი ორი თაობის ცხოვრების მანძილზე, დაივიწყა ეკლესიის მართლმადიდებელი სწავლება. მონასტრებისა და ეკლესიების უმრავლესობა დახურეს; ბევრი მათგანი ააფეთქეს და სრულიად გაანადგურეს. სულიერი განათლება აღარსად იყო. ის ადამიანებიც, რომლებიც თავს ქრისტიანად თვლიდნენ, არასდროს არ იღებდნენ ხელში სახარებას. ადრეული ბავშვობიდანვე საბჭოთა ადამიანი ათეისტურ აღზრდა-განათლებას იღებდა. ადამიანებს ასწავლიდნენ ეკლესიის სიძულვილს, სიწმინდეთა შებილწვას, ღმერთის გმობას. ყოველივე ამან ქვეყნის სულიერი ცხოვრება უკაცრიელ უდაბნოდ გადააქცია. იმისთვის, რომ აღვიდგინოთ წარსულის სულიერი ცხოვრება, დროა საჭირო. და აი, ამ სულიერ უდაბნოში იეჰოველები შემოიჭრნენ, თანაც ისე, რომ არანაირ არსებით წინააღმდეგობას არ შეხვედრიან. აბა, რით უნდა შეპასუხებოდა მათ, ვთქვათ, რომელიმე გულუბრყვილო სოფლელი დედაკაცი, რომელმაც მხოლოდ ის იცოდა, რომ ბავშვები უნდა მოინათლონ, აღდგომას კი კვერცხი უნდა შეიღებოს? ადამიანის გული ხომ მარადის ღმერთისაკენ – თავისი შემოქმედისაკენ მიისწრაფის, და ამას მოხერხებულად იყენებდნენ იეჰოველები. ისინი ყველას სთავაზობდნენ, ბიბლიას განგიმარტავთო, სახარებებით მოგამარაგებთო. ხოლო იმ ადგილებში, სადაც იეჰოველთა სექტა დამკვიდრდებოდა, მატერიალურ დახმარებასაც უწევდნენ მის წევრებს.

 

11. კითხვა: კიდევ რა საშუალებას იყენებენ იეჰოველები თავიანთი ცრუსწავლების გასავრცელებლად?

 

პასუხი: ისინი ასწავლიან ამქვეყნიურ ცხოვრებაზე, და არა – ზეციურზე; ქადაგებენ ქვეყნიურ სუფევას, და არა – ცათა სასუფეველს, რომლის დასამკვიდრებლადაც უფალი სინანულად მოგვიწოდებს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ" (მათე 3, 2).

ათეისტურ სახელმწიფოში აღზრდილი ადამიანები, რომელთაც დათრგუნვილი აქვთ სულიერება და რელიგიური გრძნობები, უფრო ადვილად იღებენ სწავლებას ამქვეყნიური ბედნიერი ცხოვრების შესახებ, რომელშიც, ვითომც უხვად იქნება სარჩო-საბადებელიცა და ყველანაირი შვება-სიამეც. იეჰოველები მოხერხებულად იყენებენ ადამიანთა მწუხარებას ახლობელთა სიკვდილის გამო და ჰპირდებიან მათ – იეჰოვა ხელახლა შექმნის მათ, ამქვეყნად დააბრუნებს და თქვენ კვლავ შეხვდებითო ერთმანეთს. ასე სპეკულირებენ ისინი დედობრივ გრძნობებზე. ამგვარი დაპირებების შემდეგ იეჰოველები აცხადებენ, რომ მეორედ შექმნილი ეს ადამიანები კვლავ მოკვდებიან, თუკი დროულად არ მიიღებენ იეჰოველების სწავლებას.

იეჰოველებმა მთელი მსოფლიო თავიანთი ქადაგების ზონებად დაჰყვეს, ყველგან მრავლად აგზავნიან მქადაგებლებს და რეგულარულად იღებენ ადგილობრივი თემებისაგან ანგარიშგებებს: თუ როგორ მიდის ქადაგება, როგორია წარმატებანი, სად რა სიძნელეებია და რა სახის დახმარებაა საჭირო. ეს ანგარიშგებანი იგზავნება ამერიკაში, ბრუკლინში (ნიუ-იორკის ერთ-ერთი რაიონი), სადაც იეჰოველთა მსოფლიო ცენტრი მდებარეობს. აქედან ყველა მიმართულებით ფართო ნაკადად მიედინება სექტის ლიტერატურა, წიგნები და ჟურნალები 100-ზე მეტ ენაზე, მრავალმილიონიანი ტირაჟებით. ეს გამოცემები მდიდრულად არის ილუსტრირებული: იეჰოველები მათზე გახსნილი, ნათელი სახეებით არიან გამოხატულნი, ბედნიერი ღიმილით გაცისკროვნებულნი. მათ სახეებზე სიხარულია აღბეჭდილი იმის გამო, რომ ისინი იეჰოველები გამხდარან. მოწინააღმდეგეთ ისინი ციხიდან გამოქცეულ ბოროტმოქმედებსავით გამოსახავენ, გაბოროტებულთ, დაღვრემილთ, სიძულვილით აღსავსეთ. იესო ქრისტე მათს გამოცემებში გამოხატულია როგორც ვინმე ახალგაზრდა ფერმერი თუ კოვბოი, მიმზიდველღიმილიანი, ხორციელი სიამის მქადაგებელი, ამაქვეყნის მოყვარე... იეჰოველობის ფუძემდებელი რასელი კომერსანტი იყო. ამიტომაც მან კარგად იცოდა რეკლამის ყადრი. და მიუხედავად იმისა, რომ იეჰოველთა წიგნების შინაარსი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებულობით, გარეგნულად ბრჭყვიალა რეკლამა პატარა ბავშვებივით იზიდავს მათკენ ადამიანებს.

 

12. კითხვა: რა ბოროტება მოაქვს იეჰოველობას ადამიანებისათვის?

პასუხი: ყოველგვარი სულიერი სიცრუე უკვე თავისთავად არის დიდი ბოროტება. როგორც არასწორ გზაზე დამდგარი ადამიანი სულ უფრო მოშორდება მიზანს, ასევე ცრუსწავლებას დამონებული ადამიანიც სულ უფრო განეშორება ღმერთს. იეჰოველობა მახვილივით არის მიმართული ქრისტიანობის გულისაკენ. ჩვენი რწმენის საფუძველი, ჩვენი იმედი და სასოება იმაში მდგომარეობს, რომ იესო ქრისტე – ღმერთია, რომელმაც ადამიანური სხეული მიიღო, განკაცდა, რათა გამოესყიდა, ეხსნა კაცობრიობა. ხოლო იეჰოველები ასწავლიან, რომ ჩვენი მხსნელი – იესო ქრისტე ღმერთი კი არ არის, არამედ უმაღლესი ანგელოზია. კვალად ისინი განარჩევენ დიდ ღმერთსა და მცირე ღმერთს. მაგრამ განა შესაძლებელია ღმერთი მცირეც იყოს?! – იგი ხომ დაუსრულებელი და მარადიული სულია! იეჰოველები სიტყვიერ ხრიკებს მიმართავენ, რომელთა მიზანიც ერთია: დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ იესო ქრისტე არ არის თანასწორი და ერთარსი თავისი ღვთაებრივი მამისა, და ამიტომ, თითქოს მისი ჯვარცმა არ ყოფილა სრულყოფილი მსხვერპლი, გაღებული კაცობრიობის ცოდვათა გამოსასყიდად.

ქრისტიანის სახელს ქართველი ხალხი 16 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად ატარებდა, და აი, ახლა, იეჰოველებს სურთ სხვა სახელით შეცვალონ იგი! მაგრამ "იეჰოვას" სახელს ხომ ებრაელებიც (იუდეველებიც) იყენებენ, როცა "იაჰვე"-ს მოუხმობენ, ასევე მუსლიმებიც, როცა "ალაჰ"-ს გაიძახიან! მხოლოდ ქრისტიანის სახელი მოწმობს იმას, რომ ჩვენ იესო ქრისტე გვწამს როგორც ჭეშმარიტი ღმერთი და ჩვენი მხსნელი.

იეჰოველები უარყოფენ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ თვით ქრისტე გვიმოწმებს მის არსებობასა და აუცილებლობას: "...ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16, 18). ხოლო იეჰოველებს არათუ მიაჩნიათ, რომ ეკლესია უკვე დამარცხებულია ჯოჯოხეთის მიერ, არამედ "ბაბილონის მეძავადაც" აცხადებენ მას! ამგვარი გმობა, აქამდე არნახული და წარმოუდგენელი, მხოლოდ ცოფიანის, ბოროტად ეშმაკეულის საქციელია.

იეჰოველები უარყოფენ ქრისტეს ეკლესიის უმთავრეს დოგმატს – ყოვლადწმიდა სამებას და საღმრთო პირთა – მამის, ძის და სულიწმიდის თანასწორობასა და ერთარსობას. ისინი ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა არა საკუთრივი მნიშვნელობით ამ სიტყვისა, არამედ როგორც მხოლოდ მართალი და კეთილმსახური ადამიანი; რომ ღირსებით იგი ანგელოზთა თანასწორია. სულიწმიდა კი იეჰოველებს მიაჩნიათ მხოლოდ გამოსხივებად იეჰოვასი, სინათლისა თუ რადიაციის მსგავს რაიმედ...

საქართველოში ძველთაგანვე განსაკუთრებული მოწიწებით ეთაყვანებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, – ივერია ხომ მისი წილხვედრი ქვეყანაა. ცნობები ამის შესახებ სხვა ხალხების მატიანეებშიც გვხვდება. ამ თაყვანისცემით იყო განმსჭვალული ქართველთა არამარტო სარწმუნოებრივი ცხოვრება, არამედ – საოჯახო-საეროც. უძველესი დროიდანვე ზეციური დედოფლის სადიდებლად სწევდნენ სასმისს ყოველი პურობის დასრულებისას და მისმიერი დალოცვით ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს. იეჰოველებს კი ამ სიწმინდეზეც – ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზეც – მარადის ქალწულ მარიამზეც აღუმართავთ ხელი! ისინი ცრუდ ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც იესო ქრისტე იშვა სულიწმიდისაგან, ღვთისმშობელს, თითქოს, სხვა შვილებიც ეყოლა იოსებ დამწინდველისაგან. თვით იესო ქრისტე ბრძანებს, რომ უქორწინებლობა უმჯობესი ხვედრია ადამიანისათვის, და "რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ!"-ო (მათე 19, 12). ასევე პავლე მოციქულიც წერს: თუკი არ დააქორწინებ შენს ასულს, უმჯობესად იქმო (1 კორ. 7, 38). ხოლო თუკი იეჰოველების ცრუსწავლებას დავუჯერებთ, დედა ღვთისა, რომლისაგანაც კაცობრივი სხეული მიიღო იესო ქრისტემ და რომლის რძითაც იგი აღიზრდებოდა, ზნეობრივი თვალსაზრისით ქრისტეს ბევრ მიმდევარზე დაბლა მდგომი ყოფილა! აი, სადამდე მიდიან იეჰოველები თავიანთ გმობაში! განა შეეძლო სულიწმიდისაგან თავისი პირმშოს სასწაულებრივი ჩასახვისა და უბიწოდ შობის შემდეგ ქალწულ მარიამს მამაკაცისაგანაც ჩაესახა სხვა შვილები?! – ამის გაფიქრებაც ხომ საშინელი მკრეხელობაა! და თუკი იეჰოველების მტკიცებისაებრ, ღვთისმშობელს შვილები ჰყავდა იოსებ დამწინდველისაგან, მაშინ მისი სული ვნებით ყოფილა მოწყლული და ამ ვნებას იგი უსათუოდ გადასცემდა თავის ძესაც; და განა შეიძლება კაცობრიობის მხსნელი იყოს ის, რომელიც თავის შობითვე არასრულყოფილია?! აი რისი ჩაგონება სურთ ადამიანებისათვის იეჰოველ მწვალებლებს! სინამდვილეში კი ისინი, ვისაც სახარებაში იესოს ძმანი ეწოდებათ, იოსებ დამწინდველის შვილები არიან მისი პირველი ქორწინებიდან. იუდეველი ხალხისა და ასევე ბევრი სხვა ძველი ხალხის კანონებით, ასეთი ნათესაობა სისხლისმიერ და-ძმობას უთანაბრდებოდა.

იეჰოველები ხატმებრძოლებიც არიან – უარყოფენ წმიდა ხატებს, მათს თაყვანისცემას, და ამტკიცებენ, ხატები კერპებიაო. მაგრამ როგორც ვიცით, ქერუბიმთა გამოსახულებანი – ეს პირველი ხატები – სჯულის კიდობნის თავზე ჰქონდათ გამოსახული ძველ იუდეველებს, და ისინი ძველი აღთქმის კრეტსაბმელზეც იყო ამოქარგული წმიდათა წმიდაში საკურთხეველში. იმისთვის, რომ გვერდი აუქციონ თავისთვის ამ უსიამო ფაქტს – ბიბლიის მოწმობას სჯულის კარავსა და იერუსალიმის ტაძარში არსებული წმიდა გამოსახულებების შესახებ, იეჰოველები ამბობენ, რომ თითქოს ეს მხოლოდ ნახატები იყო ხალხისთვის, აწინდელი მათი ილუსტრირებული წიგნების მსგავსი. მაგრამ წმიდათა წმიდაში ძველი აღთქმის ტაძრის საკურთხეველში შესვლა მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო, და ისიც – წელიწადში ერთხელ, რათა იქ მთელი ერისთვის აღევლინა ლოცვა-ვედრება და სამსხვერპლო სისხლი ეპკურებინა! ამიტომაც იეჰოველების ეს ახსნა-განმარტება არ შეესაბამება სინამდვილეს. კვალად, იეჰოველები უარყოფენ გარდაცვლილთა მკვდრეთით აღდგომასაც და ამბობენ, რომ ღმერთი, რომელსაც დამახსოვრებული ჰყავს თითოეული ადამიანი, მეორედ შეჰქმნის მათ. ისინი უარყოფენ თვით სულსაც და სულის უკვდავებასაც, ისევე, როგორც მატერიალისტები და ათეისტები. და ეს მაშინ, როცა სახარების იგავში გლახაკ ლაზარესა და მოულოდნელად მომკვდარ უკეთურ მდიდარზე, ქრისტე თვით გვეუბნება სიკვდილზე, როგორც სულისა და სხეულის გაყრაზე შემდგომი არამატერიალური არსებობით სულისა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს გონი, მახსოვრობა, გრძნობები და სიყვარულიც თავისი ახლობლებისადმი (იხ. ლუკა 16, 19-31). იოანეს გამოცხადებაში აღწერილია გარდაცვლილ მოწამეთა სულები, რომლებიც ლოცულობენ უფლის საყდრის წინაშე (6, 9-11). საღმრთო წერილის ყველა ამ მოწმობას იეჰოველები არად აგდებენ და უარყოფენ. მსოფლიოს ყველა ხალხის გადმოცემაში დაცულია მოწმობანი სულის უკვდავების შესახებ, გარდაცვლილთა ურთიერთობაზე ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანებთან. ამ შემთხვევაში იეჰოველები იმეორებენ სადუკეველთა იმ უღმერთო იუდეველთა – სწავლებას, რომელთაც განეკუთვნებოდნენ ქრისტეს ჯვარმცმელი მღვდელმთავარნიანნა და კაიაფა.

იეჰოველები უარყოფენ მღვდლობასაც, თუმცა კი ცნობილია, რომ თვით უფლის წმიდა მოციქულნი ასხამდნენ ხელს და აკურთხევდნენ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს ახალი აღთქმის ეკლესიისათვის (იხ. პავლე მოციქულის ეპისტოლეები ტიტესა და ტიმოთესადმი). წმიდა მოციქულთა იოანესა და პავლეს მოწაფე ეგნატე ღმერთშემოსილი და პეტრეს მოწაფე კლიმენტი რომაელი მოუწოდებენ მორწმუნე ერს, პატივი მიაგეთ ღვთისმსახურთ და ყოველივეში დაემორჩილეთო. ჩვენამდე მოღწეულია სხვადასხვა ქრისტიანი ერების ლიტურგიათა უძველესი ტექსტების ხელნაწერები, რომლებიც გვიდასტურებენ, რომ საზოგადო ღვთისმსახურებას ყოველთვის აღასრულებდნენ ეპისკოპოსები და მღვდლები.

იეჰოველები უარყოფენ საეკლესიო წეს-ჩვეულებებსაც. მაგალითად, სანთლებისა და კანდელების დანთებას. და ეს მაშინ, როცა ცეცხლი აქ თაყვანისცემის საგანი კი არ არის, არამედ მხოლოდ სიმბოლოა. აკი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვიტყვით ხოლმე – სულის ცეცხლიო, გულის მგზნებარებაო, გონების სინათლეო და ა. შ. სანთლის ცეცხლი, ნათელი – ლოცვითი სურვილია იმისა, რომ ჩვენი სიცოცხლეც სიყვარულით იწვოდეს და კეთილი საქმეებით ანათებდეს ღმერთისა და ადამიანთა წინაშე, რათა ღვთაებრივი მადლი სანთლისა თუ კანდელის ნათელივით გვინათებდეს ცხოვრების გზაზე. იოანეს გამოცხადებაში მოხსენიებული შვიდი ანთებული ლამპრის ქვეშ (4, 5) იგულისხმება შვიდი ანგელოზი, ანუ ქვეყნიური ეკლესია, ეს სახეა ზეციური ეკლესიისა.

იეჰოველებს სძაგთ ჯვარი. და იმისთვის, რომ მისი ხსოვნაც კი მოესპოთ, ისინი "თალმუდს" დაესესხნენ ცნობას მასზედ, თითქოს იესო ქრისტე ბოძს მიამსჭვალეს, და არა – ჯვარს!

თავის შვილებს ჯვარით ლოცავდა ყოველი ქრისტიანი დედა: ჯვრებით აცისკროვნებდნენ ჩვენი მამა-პაპების საფლავებს; ჯვრებს აღმართავდა ხალხი მაღალ მთებსა და მიუდგომელ კლდეებზე, რითაც ღმერთს მიუძღვანებდა თავის მიწა-წყალს, ახლა კი ამას შეცდომად და უგუნურთა ჩვეულებად აცხადებენ იეჰოველი მწვალებლები. ჯვრის გამოსახულებები ძველი აღთქმის ეკლესიაშიც იყო; მაგალითად, სწორედ ჯვრის გამოსახულება გააკეთებინა მოსემ, როცა აღმართულ ბოძზე სპილენძის გველი მიაკვრევინა და ხალხს უთხრა, გველი რომ დაგგესლავთ, რწმენით შეხედეთ ამ გამოსახულებას – ჯვარს! – და ღმერთი სიკვდილისაგან დაგიხსნითო, და ამის შემდეგ, მართლაც, ყველა დაგესლილი ცოცხალი რჩებოდა; ჯვრის გამოსახულება იყო ის სისხლიანი ნიშანიც, რომელიც ეგვიპტეში დასვეს ებრაელებმა თავიანთი სახლების კარებებზე, რათა უფლის ანგელოზს მათი ყრმანი არ მოეკლა. და კიდევ სხვა მაგალითების მოყვანა შეიძლება, რომელნიც ჯვარის სიწმიდესა და საღმრთო დანიშნულებას ადასტურებენ ჯერ კიდევ ძველი აღთქმის წიგნებში.

მაჰმადიანები ნებას არ აძლევდნენ ქრისტიანებს ჯვრები აღემართათ ეკლესიების გუმბათებზე. უღმერთონი გულიდან აგლეჯდნენ ჯვრებს ბავშვებს; საბჭოთა არმიაში აკრძალული იყო ჯვრების ტარება, ადამიანს შეეძლო სამსახური და ლუკმა-პურიც დაეკარგა, თუკი მას ჯვარს აღმოუჩენდნენ. ახლა კი იეჰოველებს სურთ ადამიანთა გულიდან ამოგლიჯონ ჯვარი და სასაცილოდ აიგდონ, წაბილწონ იგი!.. ჯვარი უფლისა ის ძალაა, რომლითაც იესო ქრისტემ ჯოჯოხეთს სძლია; ამიტომაც სატანას – ბოროტ სულს – სძულს ჯვარი, ძრწის მის წინაშე და ყველა მანქანებითა და მზაკვარებით ებრძვის მას თავისი მსახურების – იეჰოველი მწვალებლების მეშვეობით.

 

13. კითხვა: ყველაზე მეტად რას ქადაგებენ იეჰოველები?

 

პასუხი: იეჰოველები ქადაგებენ იმას, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს და იტაცებს ადამიანს, ანუ ქვეყნის დასასრულის საშინელ ამბებს. იეჰოველებმა წარსულში რამდენჯერმე დათქვეს ქვეყნის დასასრულის "ზუსტი" თარიღი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა. ამას სულაც არ შეუცბუნებია ისინი, – ყოველთვის გამონახავდნენ ხოლმე თავიანთი შეცდომის "გამამართლებელ" მიზეზს, და ასე იძახდნენ, – ქრისტე ნამდვილად მოვიდა ამქვეყნად ჩვენს მიერ დათქმულ დღეს, ოღონდ ჯერ მხოლოდ "სულიერი სახითო", ანდა ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, "ამ წელს დაიწყო უფლის უხილავი სამსჯავრო მსოფლიოზე"-ო. ამგვარი, "ქრისტეს უხილავი მეორედ მოსვლის" ახსნა შეუძლებელია შემოწმდეს, დამტკიცდეს თუ უარყოფილ იქნას, და იეჰოველებიც იოლად გადიან ფონს.

უკანასკნელად ქვეყნის დასასრულის თარიღად იეჰოველებმა გამოაცხადეს 1956 წელი. ამის შემდეგ კი იეჰოველებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესია მხოლოდ ქვეყნის დასასრულის ნიშნების აღწერით დაკმაყოფილდნენ ხოლმე და არამც და არამც არ გამოაცხადონ ზუსტი თარიღები. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იეჰოველების ლიდერმა დიდებული სასახლე შეიძინა კალიფორნიაში, რათა ქვეყნის დასასრულის შემდეგ, ვითომც, მასში მიეღო მეფენი – დავითი, სოლომონი, სხვა მართალი მორწმუნეები ძველი აღთქმისა.

იეჰოველების ქადაგებებში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი უკანასკნელი მსოფლიო ბრძოლის აღწერას – ე. წ. "არმაგედონს", ანუ იმ ხოცვა-ჟლეტას, რომელშიც მთელი კაცობრიობა უნდა მოისპოს, რა თქმა უნდა, იეჰოველების გამოკლებით! თუმცა კი ახალ აღთქმაში სულ სხვა მოვლენებზეა ლაპარაკი ქრისტეს მეორედ მოსვლისა და ქვეყნის დასასრულის წინ: ანტიქრისტეს გამოჩენაზე, რომელიც ცრუმოძღვარი და ტირანი იქნება, – ადამიანისა, ვინც სატანის განსაკუთრებული ზემოქმედების ქვეშ მოექცევა და ყოველივეში მის ბოროტ ნებას აღასრულებს; აგრეთვე აპოსტასიაზე ღვთისაგან დიდ განდგომილებაზე კაცობრიობის უდიდესი ნაწილისა. იეჰოველები უარყოფენ ეკლესიის სწავლებას ანტიქრისტეზე როგორც ღვთისმბრძოლზე, რომელიც შეეცდება წინ აღუდგეს ქრისტეს, და ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათ მიერ შეცდენილმა ადამიანებმა ვერ შესძლონ მომზადება მომავალ უბედურებათათვის და რომ ისინი უძლურნი შეეგებონ ქრისტეს ეკლესიის დიდ დევნულებას, რაც ანტიქრისტემ უნდა დაიწყოს. თუკი ჩვენ არ გვეცოდინება ჭეშმარიტი სწავლება ანტიქრისტეზე, მაშინ მისი გამოჩენა მოულოდნელი იქნება ჩვენთვის და მისი ცრუ, მოჩვენებითი სასწაულებიც შეგვაცდენს, ჭეშმარიტ, ღვთაებრივ სასწაულებად მივიღებთ მათ.

კვალად, იეჰოველები უარყოფენ იესო ქრისტეს სხეულებრივ მკვდრეთით აღდგომას. მათი შეხედულებით, სხეული ან კვლავაც სადღაც მიწისქვეშა მღვიმეში დევს, ანდა ჰაერს განზავებია და სრულიად გამქრალა. იეჰოველებისათვის არ არსებობს პასექის – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის – დღესასწაული, და ამ ლოგიკით, ისინი არც კვირას – საუფლო დღეს არ აღნიშნავენ. სიტყვები – "ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!" – არ განათბობენ მათს გულებს და არ განანათლებენ მათს სულებს.

 

14. კითხვა: თუ აქვთ იეჰოველებს რაიმე დღესასწაულები? თუ იკრიბებიან ისინი ერთად ლოცვისათვის?

 

პასუხი: იეჰოველებს მხოლოდ ერთი დღესასწაული აქვთ -"ქრისტეს ვნების – ძელზე გამოკიდების" მოხსენიება, რომლის დროსაც გამოაქვთ წითელი ღვინო და პური. ამ "ტრაპეზში" მხოლოდ ისინი მონაწილეობენ იეჰოველთაგან, რომელთაც იეჰოვას "რჩეულებად" მოაქვთ თავი, სხვანი კი, "რიგითნი", ამ დროს დუმილით ადევნებენ თვალს ამ სცენას. ლოცვითი შეკრებების დროს იეჰოველების უფროსი ხმამაღლა კითხულობს "იმპროვიზირებულ" ლოცვას, სხვები კი მხოლოდ უსმენენ.

 

15. კითხვა: როგორ მოქმედებენ იეჰოველები?

პასუხი: იეჰოველები ყოველთვის ძალზე დაჟინებით და ენერგიულად მოქმედებენ. ყოველ მათგანს გეგმა აქვს შემუშავებული, კვირაში რამდენი საათი დაუთმოს ქადაგებებსა და საუბრებს, რამდენი – თავიანთი წიგნებისა და ჟურნალების გავრცელებას. ყოველი წევრი ვალდებულია რამდენიმე ადამიანი მაინც მიიყვანოს სექტაში. ამიტომაც იეჰოველები ხშირად ქუჩაშიც აჩერებენ ადამიანებს და ესაუბრებიან; ასევე სამსახურშიც, ტრანსპორტშიც და ბაზარშიც ელაპარაკებიან ყველას თავიანთი სექტის შესახებ და ცდილობენ მათს "მოქცევას", – სექტაში ჩათრევას. შინაც გეწვევითო, – სთავაზობენ ისინი ადამიანებს, რათა თავიანთი პოზიციებიდან განუმარტონ ბიბლია. მოურიდებლად მიადგებიან ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანებს, ძალით აჩეჩებენ თავიანთ ლიტერატურას. ყოველივე ეს ძალდატანებაა, "კართა მტვრევაა", და იმას, ვინც თუნდაც სულ მცირე ინტერესს გამოხატავს მათი ცრუსწავლებისადმი, იეჰოველები უკვე არ ჰკარგავენ მხედველობის არედან. უმთავრესი საზრუნავი იეჰოველებისა არის ბიბლიის შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება, სემინარების მოწყობა, ასევე ახალ მქადაგებელთა მომზადება. რა თქმა უნდა, ბიბლიის ახსნა-განმარტება ხდება იეჰოველობის პოზიციებიდან, ბრუკლინის ცენტრიდან გამოგზავნილი გეგმების მიხედვით.

 

16. კითხვა: რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი ქმედითად აღუდგეს წინ იეჰოველთა სწავლებას?

      

პასუხი: ამისათვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, სულიერი ცოდნის გაღრმავება და განვრცობა; სახარებისა და საეკლესიო წიგნების შესწავლა სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით; ცხოვრების ქრისტიანული წესისა და რიტმის დამკვიდრება ყოველ ოჯახში, რაც გულისხმობს დილისა და საღამოს ლოცვების აღსრულაბას, კვირაობით ღვთისმსახურებაზე დასწრებას, მონაწილეობას საეკლესიო საიდუმლოებში, უმთავრესად – სინანულისა (აღსარება) და ზიარების საიდუმლოებებში.

ადამიანთა ქრისტიანული განათლება უნდა დავიწყოთ ყველაზე მარტივი ცნებების მიწოდებით, მართლმადიდებელი სარწმუნოების ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გარკვევით. უმთავრესი კი ის არის, რომ ყოველ სოფელში, დაბასა თუ უბანში აღდგეს, აშენდეს თუ ამოქმედდეს ეკლესიები, სამლოცველოები. ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ძალა შესწევს ნებისმიერი ადამიანის სულიერი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს, ყოველი ადამიანის სულიერი წყურვილი დაარწყულოს, როგორც დიდი, წყალუხვი მდინარე დაარწყულებს ყველას, ვინც კი მის ნაპირთან მიდის.

 

17. კითხვა: რა მოაქვს ქართველი ხალხისთვის იეჰოველთა სწავლებას?

      

პასუხი: უპირველესად – ცრუ სულიერი ორიენტირები; ასევე – უარის თქმა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე, რომლებიც განუყრელადაა დაკავშირებული მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან და რომელთა გარეშეც თვით ადამიანებიც სხვაგვარნი ხდებიან.

იეჰოველთა მთელი სწავლება და საქმიანობა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ერთი დიდი საექიმო ოპერაცია, რომელსაც ხალხის გულს უტარებენ. ამ ოპერაციის მიზანია – ამპუტირება, ამოგლეჯა და მოსპობა ყოველივე იმისა, რაც საუკუნეთა მანძილზე ყველაზე ძვირფასი იყო ქართველი ხალხისათვის. ეს კი გამოიწვევდა უარის თქმას საკუთარ ისტორიაზე, თვით საკუთარ თავზეც.

იეჰოველ მწვალებლებს რომ დავუჯეროთ, მაშინ გამოდის, თითქოს, საქართველოს მატიანე მხოლოდ შეცდომების ისტორიაა! დიდებულ ტაძრებსაც, რომლებიც ქართველმა ხალხმა ააგო როგორც ხორცშესხმული გამოხატულება თავისი სიყვარულისა ღმერთისადმი და თავისი ერთგულებისა მართლმადიდებელი სარწმუნოებისადმი, იეჰოველები მიიჩნევენ საკერპე ბომონებად, სადაც მათი აზრით ბოროტი სულები – ეშმაკნი დამკვიდრებულან. ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებსაც, რომლებშიც აღწერილია სასულიერო თუ საერო პირთა მოღვაწეობისა და გმირობის ამბები, ისინი მასიურ შეცდომილებად თვლიან, ხოლო წმინდანთა და რჩეულ მოსაგრეთა სახელებს აუგად მოიხსენიებენ და მათ დემონთა მსახურებად აცხადებენ. იეჰოველები ცინიკურად უწოდებენ წმიდა ხატებს – კერპებს, წმიდა ნინოს ჯვარს, რომლითაც ის საქართველოში შემოვიდა, – ჯოხს; წმიდა დიდმოწამესა და ძლევაშემოსილ გიორგის, რომლის პატივადაც მსოფლიოს მრავალი ხალხის ენებში საქართველოს "გეორგია", ანუ "გიორგის ქვეყანა" ჰქვია, სამხედრო დამნაშავედ ხმობენ, რაკი იგი მხედართმთავარი იყო და ბევრ ბრძოლაშიც მიუღია მონაწილეობა; კვალად, იმ მხედრებსაც, ბრძოლაში რომ დაცემულან რწმენისა და მამულისათვის და ამით ქართველი ერის ისტორიული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა შეუნარჩუნებიათ, ისინი დიდ ცოდვილებად რაცხავენ, რადგან იეჰოველები, საერთოდ, ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს სამშობლოს დამცველებად კი არ მიიჩნევენ, არამედ დანაშაულებრივ ორგანიზაციებად აცხადებენ. მათი შეხედულებით ხომ იარაღის ხელში აღება უკვე თავისთავად არის შეცდომა, ხოლო სამშობლოს დათმობას მტრისათვის ისინი სავსებით დასაშვებ საქმედ მიიჩნევენ, – ეტყობა ფიქრობენ, რომ შემოსეულ მძვინვარე მტერს – მკვლელებსა და მოძალადეებს – შეიძლება უიარაღოდაც შეეწინააღმდეგო, მხოლოდ ცრუ-მოძღვარ რასელის ბროშურებით ხელში. თვით მოსეც, რომელმაც საღმრთო მცნებები მოსცა ადამიანებს – "არა კაც ჰკლა" და სხვანი, ომის ჟამს იარაღს იღებდა ხელში და თავისი ხალხის ლაშქრის მხედართმთავარი ხდებოდა. მაშასადამე, ამ საღმრთო მცნებაში ლაპარაკია სულ სხვა რაიმეზე, ანუ იმაზე, რომ დაუშვებელია ადამიანის მოკვლა შურისძიების, ანგარებისა და ა.შ. მიზნით. საკუთარი ისტორიისადმი გულგრილობითა და ზიზღით აღვსილი ხალხი იმ უდედმამო ბავშვს ჰგავს, რომელიც უპატრონოთა სახლში მიუციათ აღსაზრდელად და რომელსაც არც თავისი სახელი ახსოვს და არც გვარი.

ამგვარად, იეჰოველები, ხალხის სიწმიდეთა ეს შემბილწველნი, მოგვევლინნენ მეორე დამანგრევლებად ეკლესია-მონასტრებისა კომუნისტების შემდეგ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელნი უხეში ძალის გამოყენებით სპობდნენ ყოველივეს, რაც კი სარწმუნოებასთან და სულიერ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, იეჰოველებს კი სურთ თითოეული ადამიანი გადააქციონ ღვთის ტაძრის ნებაყოფლობით დამანგრეველად, – როგორც ქვათაგან აგებულისა, ასევე – სულიერისაც, ანუ საკუთარი სულისაც. გამოდის, რომ იეჰოველები ამ ღვთის საწინააღმდეგო საქმეში სოლიდარულნი არიან კომუნისტებთან და სწორედ მათ ბოროტ საქმეს აგრძელებენ. თუკი ხალხს მის წარსულს წაართმევენ, მას აღარც მომავალი ექნება; იგი გადაიქცევა გაურკვეველ, ამორფულ მასად, რომელსაც, გარედან ზემოქმედებით, ნებისმიერი სახის მიღება შეუძლია.

იეჰოველები უარყოფენ სახელმწიფოს, არმიას, ეკლესიას. რა დაემართებოდა საქართველოს, ასეთ ცრუმოძღვრებას ჭიასავით რომ გამოეხრა მისი სარწმუნოებრივი თუ სახელმწიფოებრივი ცხოვრება? – იგი ერთ წელიწადსაც ვერ გაუძლებდა მტრის შემოსევას, ვერც ისეთი მძლავრი სახელმწიფოებისას, როგორიც წარსულში სპარსეთი და თურქეთი იყვნენ, და ვერც სხვა რომელიმესი, დაე, თუნდაც ნებისმიერი ველური ტომისა!

ქრისტიანობა აღმოსავლეთიდან მოვიდა მსოფლიოში, ახლა კი შავბნელი ღრუბელი იეჰოველთა მწვალებლობისა დასავლეთიდან მოემართება ჩვენსკენ. მართლმადიდებელი აღმოსავლეთი ბრძენია და შემმეცნებელი; ყოველთვის სულიერი სიმდიდრე ერჩია მას მატერიალურ კეთილდღეობას, და ამიტომაც ყოველთვის მარადიულზე, საღმრთოზე ფიქრში იყო ჩაძირული.

დასავლეთმა კი სხვა მოდელი შემოგვთავაზა – ტექნიკური ცივილიზაცია, რომელშიც ადამიანის სულიერი პროგრესი შეცვლილია მანქანური პროგრესით. მაგრამ სულიერებისა და რელიგიურობის მხრივ ის ყოველთვის მართლმადიდებელ აღმოსავლეთზე დაბლა იდგა. ამჟამად დასავლეთს სურს მართლმადიდებელი აღმოსავლეთის მასწავლებელი იყოს, და ავიწყდება, რომ ერთ დროს თვითონ სწავლობდა მისგან.

საქართველოს ისტორია მის მძლავრ მტრებთან მხოლოდ ბრძოლისა და ომების მატიანე კი არ არის, როცა ქვეყნის ცხოვრება სისხლით მოისყიდებოდა, არამედ ეს, უპირველესად, სხვადასხვა სარწმუნოებრივ გამოცდათა, განსაცდელთა მატიანეა.

 ცეცხლთაყვანისმცემლობის ბატონობის ჟამს წარმართები სხვადასხვა პრივილეგიასა და ჯილდოს აღუთქვამდნენ ქრისტიანებს ჭეშმარიტი სარწმუნოების უარყოფისა და წარმართობაში გადასვლის სანაცვლოდ, მაგალითად, ბაჟისა და გადასახადების გაუქმებას, მაღალი წოდებებისა და თანამდებობების მიცემას თავად-აზნაურებისათვის, ხშირად კი პირდაპირ მოსყიდვასაც არ ერიდებოდნენ. მაგრამ ქრისტიან ქართველ ერს ყოველთვის რწმენის ერთგულება ერჩია ყოველგვარ სიმდიდრესა და კეთილდღეობას, და მას არასდროს არ გაუყიდია სული. იმჟამად სპარსელები სპეციალურ სკოლებში, მაგალითად განძაკში, თავიანთი მქადაგებლების მთელ ლაშქარს ამზადებდნენ, რომლებიც შემდეგ საქართველოში მოდიოდნენ ცეცხლთაყვანისმცემელთა ბომონების ასაშენებლად სპარსული ფულით და ქართველ ჭაბუკებს უფასო განათლებას სთავაზობდნენ სპარსეთში. მაგრამ ქართველი ერი ყოველთვის შეურყევლად იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, ხოლო როცა ამის საშუალება ეძლეოდა, როგორც ეს ვახტანგ გორგასლის ზეობისას იყო, ქვეყნიდან განდევნიდა კიდეც ამ წარმართ მქადაგებლებს.

მუსლიმთა ბატონობისას ქრისტიანთა მდგომარეობა მშვიდობიანობის დროსაც კი მძიმე იყო. არაბნი, სპარსნი თუ თურქნი დიდძალი გადასახადებით შეაჭირვებდნენ მათ; ამ გადასახადებს უმალვე უუქმებდნენ იმას, ვინც მაჰმადიანობას მიიღებდა. გარდა ამისა, თავად-აზნაურობას მაღალ თანამდებობებსაც ჰპირდებოდნენ მაჰმადიანურ ქვეყნებში. მაგრამ ქრისტიანმა ქართველმა ერმა ამ განსაცდელსაც გაუძლო – საქართველო კვლავაც ქრისტიანულ ქვეყნად დარჩა და "ჯვარისმტვირთველის" საპატიო სახელწოდებაც დაიმსახურა.

იეჰოველები დიდ მატერიალურ დახმარებას ჰპირდებიან თავიანთი სექტის მომავალ წევრებს. საიდან მომდინარეობს ეს მხარდაჭერა? უანგაროა კი იგი? ბიბლიაში მოთხრობილია, თუ როგორ გაჰყიდა შიმშილით შეწუხებულმა ესავმა თავისი პირმშოობა და მამისეული კურთხევა ერთ ქოთან ოსპის შეჭამადზე. სახარებაში წერია, რომ უკანასკნელ ჟამს, ქვეყნის დასასრულის წინ, გამოჩნდებიან ახალი ცრუსწავლებანი და ცრუმოძღვრები, რომლებიც მრავალთ შეაცდენენ. ცოდვის გამრავლება ამქვეყნად, ურთიერთსიყვარულის გაიშვიათება ადამიანებში, მატერიალურ ინტერესებში ჩაფლობა, რელიგიური უგულისხმობა და უმეცრება – ყოველივე ეს ფართო ასპარეზს გადაუშლის ამ ცრუმოძღვრებს მოქმედებისათვის.

ეშმაკს არ შეუძლია შექმნას რაიმე, ის მხოლოდ ანგრევს, და ეს ადამიანებიც – იეჰოველი ცრუმოძღვრებიც სულიერ მნგრეველებად გვევლინებიან. ისინი გმობენ, ცილს სწამებენ, აბუჩად იგდებენ ყოველივე იმას, რითაც ხალხი საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდა, და სანაცვლოდ ბრუკლინში დაბეჭდილ იმ ბრჭყვიალა სურათებიან ბროშურებს გვთავაზობენ, "კოკა-კოლას" რეკლამას რომ წააგავს. მართლმადიდებელ ქრისტიანებს ისინი ველურ ხალხად, უბირ პაპუასებად მიიჩნევენ, რომელნიც უნდა "განანათლო", და ავიწყდებათ ის, რომ როდესაც ქართველნი თავიანთ ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, მაშინ ბრუკლინის ადგილას ველური ინდიელები თავიანთ ვიგვამებს დგამდნენ.

ზნეობრივი თვალსაზრისით, იეჰოველთა მწვალებლობას მხოლოდ ნიჰილისტის აღზრდა შეუძლია, ანუ ისეთი ადამიანისა, რომელსაც დაკარგული აქვს იდეალები, ტრადიციები, ყოველგვარი სიწმიდეები; იეჰოველები უარყოფენ ყოველივეს, აბუჩად იგდებენ, დასცინიან ყველას და ყველაფერს, არღვევენ, ანგრევენ, თვითონ კი არაფერს არ ჰქმნიან. ამიტომ მათ მიერ აღზრდილი ადამიანიც ასეთია: არა სჯერა სულის, როგორც სხეულისაგან განსხვავებული ბუნების არსებობა, რამეთუ ფსალმუნთმგალობელი დავით მეფის სიტყვით, "ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფსალმ. 48, 13).

იეჰოველები ანტიქრისტიანულ სექტას შეადგენენ, მაგრამ ქრისტეს სახელით ინიღბებიან, რადგან ხალხს უყვარს თავისი მხსნელი – იესო ქრისტე, თუმცა უმრავლესობამ არ უწყის მართლმადიდებლობის საფუძვლებიც კი და, მეტადრე – ღვთისმეტყველება. იეჰოველებს მხოლოდ ერთი რამ სურთ: დაარწმუნონ ადამიანები იმაში, რომ იესო ქრისტე არ არის ჭეშმარიტი ღმერთი; და თუ ისინი ამას მოახერხებენ, მაშინ ამ შეცთომილ ადამიანებს აღარ ეყოლებათ უფალი ჩვენი იესო ქრისტე როგორც კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი.

ამიტომაც იეჰოველთა მწვალებლობასა და ქრისტიანობას შორის ღრმა, გაუვალი უფსკრულია. იეჰოველებთან მისული ადამიანი უკვე ამითვეა უარმყოფელი იესო ქრისტესი, როგორც ღმერთკაცისა. ანგელოზსა და ადამიანს ძალუძთ ერთგულად ემსახურონ შემოქმედ ღმერთს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ კაცობრიობის ხსნა. ქრისტიანობის საფუძველი იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთი ხორციელ-იქმნა და განკაცდა იმისთვის, რომ გამოესყიდა ადამიანები ეშმაკის ტყვეობისაგან, გაეთავისუფლებინა ისინი ჯოჯოხეთისაგან და მიენიჭებინა მათთვის ცათა სასუფეველი, საუკუნო ნეტარი ცხოვრება და ღმერთთან მადლმოსილი ერთობა.

ათეისტები უარყოფენ ქრისტეს; იეჰოველები შესცვლიან მას, სხვას ჰქადაგებენ ქრისტეს სახელით. შედეგი კი ორსავ შემთხვევაში ერთია: მათ მიერ შეცდენილი ადამიანი მარტოდმარტო რჩება თავისი გამოუსყიდველი ცოდვებით დამძიმებული ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს წინაშე.

მაშ, შენ რას ამოირჩევ, მართლმადიდებელო ქრისტიანო, ქართველო კაცო: ჭეშმარიტ ეკლესიას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო, თუ ახალ, დამღუპველ მწვალებლობას, რომელიც გადაშენებას უქადის მას?! წმიდა გიორგის მაცხოვნებელ ეკლესიას, თუ იეჰოველ მწვალებელთა სულისწარმწყმედ კლუბს?! იერუსალიმის ღვთაებრივ ნათელს, თუ ბრჭყვიალა ბრუკლინურ რეკლამებს?! ვისთან ერთად გსურს შენ საუკუნო ცხოვრება: შენს სულმნათ წინაპრებთან ერთად, რომელნიც საკუთარი სისხლით იცავდნენ ქრისტიანობას და მართლმადიდებელი სარწმუნოებაც თავის მძლე საფარველს ჰფენდა მათ, – თუ იმ უღირს ადამიანებთან ერთად, რომლებიც ბოროტ სულს ემსახურებიან და ფეხით სთელავენ შენს საუკუნოვან სიწმიდეებს?!

უფალი ღმერთი, შემოქმედი შენი, ასე მოგიწოდებს:

"მოწამეს-ვჰყოფ დღეს ცასა და ქვეყანასა, რამეთუ ცხოვრებასა და სიკვდილსა დავსდებ თქვენ წინაშე, კურთხევასა და წყევასა. გამოირჩიე შენ კურთხევაჲ იგი, რათა სცხონდე შენ და ნათესავი შენი!" (მეორე სჯული 30, 19), – სცხოვნდე უფალ იესო ქრისტეს მიერ, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულიწმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

თარგმნა ვასილ ბურკაძემ

 

ამავე თემაზე: რატომ მიიღო მართლმადიდებლობა „იეჰოვას მოწმეების“ სექტის ელიტის წევრმა

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა