martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

 

წმ. მამები – სარწმუნო წინამძღოლნი

ჭეშმარიტი ქრისტიანობის გზაზე

 

 

"მოისენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი,

 რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუთა მათ ღმრთისათა,

 და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხოვრებისა მათისასა

და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა...

მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ".

ებრ. 13, 7-9

 

 

არასოდეს გამოჩენილა იმდენი ცრუმოძღვარი, რამდენიც ამ ჩვენს ბედუკუღმართ XX საუკუნეში, ესოდენ მდიდარი რომ არის ტექნიკური სათამაშოებით და ესოდენ ღატაკი – სულით და გონებით. დღეს ყოველ აზრს, თუნდაც სრულიად უგუნურს, თუნდაც ძირშივე უარყოფილს ყველა ცივილიზებული ადამიანის მიერ, თავისი იდეოლოგია აქვს და თავისი "მოძღვარი" ჰყავს. ზოგიერთი "მოძღვარი" – მაგალითად, ოკულტისტები და "ქარიზმატიკოსები" – ადამიანებს აღუთქვამს ან უჩვენებს კიდეც "სულიერ ძალას" და სჩადის ცრუ სასწაულებს. მაგრამ თანამედროვე "მოძღვართა" უმრავლესობას არ ძალუძს არაფრის შემოთავაზება, გარდა საიდანღაც მოტანილი იდეების ცუდად გადამუშავებული ნარევისა ან რომელიმე თანამედროვე "ბრძენისაგან" ნასესხები აბდაუბდისა: ამ ბრძენმა კი ძველებზე მეტი იცის მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩვენს "განათლებულ" დროში ცხოვრობს. შედეგად ათასობით სხვადასხვა ფილოსოფიური მიმართულება ჩნდება, ხოლო "ქრისტიანობაში"- ათასობით სექტა. როგორ უნდა ვიპოვოთ ყოველივე ამაში ჭეშმარიტება, თუ მისი მოხელთება საერთოდ შესაძლებელია ჩვენს არეულ-დარეულ დროში?

არსებობს ერთადერთი ადგილი, სადაც თვით ღმერთისგან გამომავალ ჭეშმარიტი სწავლების წყაროს შეიძლება მივაგნოთ. ეს წყარო განვლილ საუკუნეთა მანძილზე კი არ დაწყვეტილა, არამედ მარად ახალი რჩება, იგი საერთოა ყველასათვის, ვინც სწორად ასწავლის ღმერთის შესახებ, და ყველას, ვინც მას ეწაფება, ცხონებისაკენ მიუძღვის. ეს ადგილი არის ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია, წყარო – სული წმიდის მადლი, ჭეშმარიტი მოძღვრები კი, ამ წყაროსაგან გამომავალი საღმრთო სწავლების მქადაგებელნი – მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამები.

მაგრამ ვაი, რომ ძალიან ცოტა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა იცის ეს და ცოტანი ეწაფებიან ამ წყაროს! რამდენი თანამედროვე მღვდელმთავარია, რომ სულიერი საზრდელის ნოყიერი მდელოებისკენ, ანუ წმიდა მამებისკენ კი არ მიუძღვის თავის სამწყსოს, არამედ თანამედროვე "ბრძენთა" დამღუპველ კვალს მისდევს. ისინი კი რაღაც "ახალს" ჰპირდებიან თავიანთ მიმდევრებს, რათა დაავიწყონ წმ. მამათა ჭეშმარიტი სწავლება, რომელიც სრულიად შეუთავსებელია იმ ცთომილებებთან, დღეს რომ ბატონობენ მთელ მსოფლიოში.

წმ. მამათა სწავლება არ ეკუთვნის რომელიმე დროს – "წარსულს" ან "აწმყოს". იგი მემკვიდრეობითობის უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით გადმოგვეცა მოციქულთა დროიდან დღევანდელ დღემდე, და არასოდეს ყოფილა იმის საჭიროება, რომ "დავიწყებული" მართლმადიდებლური სწავლება თავიდან აღმოგვეჩინა. მაშინაც კი, როდესაც მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი მას არად აგდებდა (როგორც ეს დღესაც ხდება), ამ სწავლების ჭეშმარიტი დამცველნი კვლავაც გადასცემდნენ მას ადამიანებს, ვისაც მისი მიღება სწყუროდა. წარსულში იყო დიდი მამების გამაოგნებელი ეპოქები (მაგალითად, IV საუკუნე) და იყო პერიოდები, როდესაც ქრისტიანებს აღარ ესმოდათ წმ. მამები. მაგრამ ქრისტეს ეკლესიის დაარსებიდან მოყოლებული დედამიწაზე ერთი წამიც არ ყოფილა ისეთი, რომ ეკლესიისთვის წმ. მამათა გარდამოცემას არ ეხელმძღვანელა, არ ყოფილა ეპოქა, თავისი წმ. მამა რომ არ ჰყოლოდა. წმ. ნიკიტა სტითელი, ღირსი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მოწაფე და მისი ცხოვრების აღმწერელი, წერდა: "ღმრთის მოწყალებით თაობიდან თაობამდე არ შეწყდება სული წმიდის მიერ წინასწარმეტყველთა და ღმერთის მეგობართა მომზადება თავისი ეკლესიისათვის".

ჩვენთვის, ბოლო ჟამის ქრისტიანებისთვის, განსაკუთრებით სასარგებლოა თანამედროვე წმ. მამებით ხელმძღვანელობა, ჩვენნაირ პირობებში რომ ცხოვრობდნენ და მაინც უცვალებლად და შეურყვნელად შეინარჩუნეს ის მარად ახალი მოძღვრება, რომელიც დროსა და რასებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მოგვეცა ყველა ეპოქისთვის, ვიდრე სოფლის აღსასრულამდე და ერთი ერისთვის – მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის.

ვიდრე თანამედროვე ორ წმ. მამაზე ვიტყოდე რამეს, მანამდე გარკვევით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, წმ. მამების კითხვა აკადემიური კვლევა-ძიება როდია. საერთოდ, ბევრი რამ იქიდან, რასაც დღეს "პატრისტიკულ აღორძინებად" მიიჩნევენ, სინამდვილეში მხოლოდ არამართლმადიდებელ მეცნიერთა და მათ "მართლმადიდებელ" მიმბაძველთა თავის შექცევაა, რომელთაგან არავისა აქვს გაცნობიერებული წმ. მამათა გარდამოცემის ჭეშმარიტება, რომელსაც მთელ თავის სიცოცხლეს მიუძღვნიდა. ასეთი "პატროლოგია" კი მხოლოდ რაციონალისტური მეცნიერება გახლავთ: ამ მეცნიერების საგანი, მართალია, მამათა სწავლებაა, მაგრამ მასში სრულიად არ არსებობს ცოდნა, რომ მამათა სწავლება შეიცავს ისეთ ჭეშმარიტებებს, რომლებზეც ჩვენი ცხონება-წარწყმედა ჰკიდია. ეს ე. წ. პატროლოგები დროს იმის დამამტკიცებელი საბუთების შეგროვებაში ხარჯავენ, თითქოს წმ. მაკარი დიდი მწვალებელ-მესალიანელი იყო, ამ დროს კი არც ესმით და არც ცდილობენ შეამოწმონ მისი მკაცრად მართლმადიდებლური მოძღვრება; ისინი იმასაც ამბობენ, რომ "ფსევდოდიონისე" განზრახ აყალბებდა წიგნებს, რომელთა მისტიკური და სულიერი სიღრმე აშკარად მიუწვდომელია მათთვის, ვინც მას ამაში ადანაშაულებს; ან თითქოს ღირსი ვარლაამისა და იოდასაფის ღრმად ქრისტიანული მონაზვნური ცხოვრება, რომელიც წმ. იოანე დამასკელმა აღწერა, მხოლოდ "ბუდას ცხოვრების გადმოცემაა". სხვაც ბევრი ამგვარი არაკი არსებობს, "სპეციალისტების" მიერ მალემრწმენი პუბლიკისათვის მოგონილი, იმ პუბლიკისა, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, რა არარელიგიურ ატმოსფეროში კეთდება ამგვარი "აღმოჩენები". ხოლო როდესაც წმ. მამების ტექსტებთან დაკავშირებული მართლაც სერიოზული საკითხები ჩნდება (ასეთი საკითხები კი, ცხადია, არსებობენ), მათი გადაჭრა ამ "ექსპერტებს" არ ძალუძთ, რადგანაც სინამდვილეში მათთვის სრულიად უცხოა წმ. მამათა ტრადიცია - მხოლოდ პურს ჭამენ მის ხარჯზე.

როდესაც "მართლმადიდებელი" მეცნიერები მამათა ამგვარი ცრუ-მკვლევრების დასკვნებს იყენებენ ანდა ასეთივე რაციონალისტური სულისკვეთებით განმსჭვალულ საკუთარ გამოკვლევებს ატარებენ, დასასრული შესაძლოა ტრაგიკული აღმოჩნდეს, რადგანაც ამ მეცნიერებს ბევრი "მართლმადიდებლობის მქადაგებლად" ღებულობს, მათ რაციონალისტურ განსაზღვრებებს კი "ჭეშმარიტად მართლმადიდებლური" მსოფლაღქმის ნაწილად. მაგალითად, ზოგიერთი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ თავისუფალია "დასავლეთის გავლენისაგან", რომელშიც, მათი აზრით, ბოლო სამი საუკუნის ღმრთისმეტყველება იმყოფება[1], თვითონ ხვდება პროტესტანტული რაციონალიზმის ქსელში. ეს კარგად დაამტკიცა ლიტურგიკული ღმრთისმეტყველების საფუძველზე დეკანოზმა მიხეილ პომაზანსკიმ, თანამედროვეობის ამ ჭეშმარიტმა ღმრთისმეტყველმა[2]. სამწუხაროდ, მოგვიხდება რუსულ სიწმინდეთა და წმ. მამათა ცრუმკვლევრის, გ. პ. ფედოტოვის მხილება: მან წარმოიდგინა, რომ ღირსი სერგი იყო "პირველი რუსი წმინდანი, რომელსაც შეგვიძლია მისტიკოსი ვუწოდოთ" (ამით ის არაფრად აგდებს ასეთივე "მისტიკოს" წმიდა მამებს, რომლებიც ღირს სერგიმდე ცხოვრობდნენ რუსული მართლმადიდებლობის პირველ საუკუნეებში); დაკავებული იყო "ორიგინალობის" უაზრო ძიებით ღირსი ნილოს სორელის ლიტერატურულ შრომებში (რითაც ააშკარავებდა, რომ მას ისიც კი ვერ გაუგია, თუ რას ნიშნავს გარდამოცემა მართლმადიდებელთათვის); ჩირქს სცხებდა დიდ რუს წმინდანს ტიხონ ზადონელს და ამბობდა, რომ იგი "უმალ დასავლური ბაროკოს პირმშო იყო, ვიდრე აღმოსავლური სულიერების მემკვიდრე"; ცდილობდა ღირსი სერაფიმე საროველი მხოლოდ რუსულ ფენომენად წარმოედგინა (სინამდვილეში ამ წმინდანს იმდენად ჰქონდა შეთვისებული მამათა გარდამოცემა, რომ შეუძლებელია მისი გარჩევა დიდი ეგვიპტელი მამებისგან), რომელიც თურმე "სტარჩესტვო"-ს პირველი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი იყო", "რომლის მსგავსი მიდგომაც ამა სოფლისადმი აღმოსავლეთის ეკლესიაში ჯერ არ ყოფილა" და რომელიც იყო "სულიერების ახალი ტიპის წინამორბედი, იმ სულიერებისა, უბრალოდ ასკეტური ბერ-მონაზვნობის შემდეგ რომ მოგვევლინება".

სამწუხაროა, მაგრამ ამგვარი ცრუმეცნიერული კვლევის შედეგებს ხშირად შეხვდებით რეალურ ცხოვრებაში. ზერელე ადამიანების ცნობიერებაში, რომლებიც ხელაღებით ენდობიან ამ მრუდე დასკვნებს და იწყებენ მუშაობას პროტესტანტულ ნიადაგზე წარმოშობილ "ლიტურგიკულ აღორძინებაზე", ღირსი სერაფიმე, მაგალითად, რომელიღაც ინდოელ იოგად ან "ქარიზმატიკოსად" იქცევა (ცხადია, ამ დროს გვერდს უვლიან მის "უხერხულ" გამონათქვამებს მწვალებლების შესახებ, რომლებზეც ის ზუსტად იმავეს ამბობდა, რასაც ყველა სხვა წმიდა მამა). თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობის მსგავსად, ისინი მოწიწებისა და შიშის გარეშე ეპყრობიან წმიდა მამებს, როგორც ტოლებსა და სწორებს, და მაშინ წმ. მამათა გარდამოცემა აღიქმება არა ჭეშმარიტი ცხოვრებისა და ცხონებისაკენ მიმავალ გზად, არამედ ეზოთერიზმში ვარჯიშად ანდა რაღაც ინტელექტუალურ თამაშად.

ასეთები როდი არიან ნამდვილი მართლმადიდებელი მეცნიერები, ასეთი როდია ჭეშმარიტი მართლმადიდებლური გარდამოცემა, რომელმაც ჩვენამდე მოიტანა ნამდვილი, უცვალებელი სწავლება ჭეშმარიტი ქრისტიანობის შესახებ – უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით, სულიერი მამებისგან სულიერ შვილებამდე, მასწავლებლიდან მოსწავლემდე, ზეპირად და წერილობით.

ჩვენს XX საუკუნეში ერთი მღვდელმთავარი განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი წმ. მამებისეული სულით. ესაა მთავარეპისკოპოსი თეოფანე პოლტაველი ( 1943), რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი და, ალბათ, მისი უკომპრომისო და ტრადიციული იდეოლოგიის მთავარი შემოქმედი. როდესაც თეოფანე პოლტაველი ამ ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდის თავმჯდომარეს მოადგილეობდა (20-იანი წლები), იგი ცნობილი იყო, როგორც "მამათა გონების" ყველაზე სრულად შემთვისებელი. 30-იან წლებში მან თეოფანე დაყუდებულის მაგალითს მიჰბაძა და განდეგილის ცხოვრებას შეუდგა, და მას მერე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სრულიად მივიწყებულ იქნა. საბედნიეროდ, მღვდელმთავრის ხსოვნას მოწიწებით ინახავენ მისი მოწაფეები, ერთ-ერთმა ყველაზე ერთგულმა მიმდევარმა კი, შემდგომში სირაკუზისა და ტროიცკის მთავარეპისკოპოსმა ამბერკიმ გამოსცა მისი ბიოგრაფია და რამდენიმე ქადაგება. ამ შრომებიდან ნათლად გამოსჭვივის მღვდელმთავარ თეოფანე პოლტაველის მოწიწება და პატივისცემა წმ. მამების მიმართ, ამ მამათა შრომების შესანიშნავი ცოდნა და უდიდესი სიმდაბლე, რომელიც აიძულებდა, არც ერთი სიტყვა არ ეთქვა თავით თვისით, არამედ მხოლოდ წმ. მამათა აზრები და სიტყვები გადმოეცა. მაგალითად, სული წმიდის გარდამოსვლისადმი მიძღვნილ ქადაგებაში იგი ამბობს: "სწავლება სული წმიდის შესახებ არის ქრისტიანული ღმრთისმეტყველების მწვერვალი. ამიტომ არ გავკადნიერდები ხელვყო მისი საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, არამედ ეკლესიის წმიდა და ღმერთშემოსილი მამების - ათანასე დიდის, ბასილი დიდისა და გრიგოლ ღმრთისმეტყველის სიტყვებს მოვიყვან. ჩემი მხოლოდ ბაგეებია, სიტყვები და აზრები კი მათი იქნება. ისინი საღმრთო ტრაპეზს გვთავაზობენ, მე კი ვარ მხოლოდ მსახური მათ საღმრთო ნადიმზე".

ერთ-ერთ სხვა ქადაგებაში თეოფანე პოლტაველი განმარტავს, თუ რატომ აღიქვამს თავის თავს არარაობად წმ. მამებთან შედარებით, რაც, სხვათა შორის, ძალიან დამახასიათებელია მართლმადიდებლური გარდამოცემის მცველთათვის, თვით ისეთ სრულყოფილ ღმრთისმეტყველთათვისაც კი, როგორიც მთავარეპისკოპოსი თეოფანეა - ეს ის თვისებაა, რასაც თანამედროვე საერო "მეცნიერები" ორიგინალობის ნაკლებობად მიიჩნევენ და ათვალწუნებით უყურებენ. 1928 წელს ბულგარეთის ქალაქ ვარნაში წარმოთქმულ ქადაგებაში (მე-6 მსოფლიო კრების წმ. მამათა კვირაზე) მორწმუნეებს იგი სთავაზობს სიტყვას წმ. მამებისა და ეკლესიის მოძღვრების განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. "რაში მდგომარეობს მათი დიდებულება და რით არის განპირობებული მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა? აი შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა ჩვენი ვალია. ეკლესია, ძმებო, არის "ეკლესია ღმრთისა ცხოველისაჲ, სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაჲ"(1 ტიმ. 3, 15). ქრისტიანობის ჭეშმარიტება დაცულია საღმრთო წერილსა და წმ. გარდამოცემაში, მაგრამ იგი სწორ შენახვასა და სწორ განმარტებას საჭიროებს. წმ. მამათა დანიშნულებაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არიან ამ ჭეშმარიტების ყველაზე კანონიერი მცველნი და განმმარტებელნი თავიანთი ცხოვრების სიწმინდის, საღმრთო წერილის ღრმა ცოდნისა და მათში მდიდრად დამკვიდრებული სული წმიდის მადლის მეოხებით". დანარჩენი ქადაგება მხოლოდ წმ. მამების (ათანასე დიდის, ბასილი დიდის, სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის, ნიკიტა სტითელის) შრომებიდან მოყვანილი ციტატებისგან შედგება, რომლებიც ამ აზრს ადასტურებენ.

უკანასკნელი მამა, რომლის გრძელი ციტატაც მოჰყავს წმ. თეოფანეს თავის ქადაგებაში, არის მასთან დროში ახლოს მყოფი რუსი მოღვაწე, ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი. ეს მღვდელმთავარი ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩვენი დროის წმიდა მამაა, მეორეც - ჭეშმარიტების ძიებაში თავის თანამედროვეთა მსგავსი გზა გაიარა და ამით გვიჩვენა, თუ როგორ შეუძლია "ახლანდელ განათლებულ ადამიანს" გათავისუფლდეს დღევანდელი იდეებისა და მსოფლაღქმის ყოვლისმომცველი მონობისგან, დაუბრუნდეს წმიდა მართლმადიდებელი ქრისტიანობის, ჭეშმარიტად წმ. მამებისეული აზრების სამყაროს. ჩვენ უდიდესი შთაგონებით ვივსებით იმის მოსმენისას, თუ როგორ გაწყვიტა სამხედრო ინჟინერმა "თანამედროვე ცოდნის" ჯაჭვები და წმ. გარდამოცემას დაუბრუნდა - არა მარტო წიგნების კითხვის, არამედ უშუალოდ წმ. პაისი ველიჩკოვსკის მოწაფის დახმარებით, თავისი გამოცდილება კი ჩვენ, დღევანდელ ქრისტიანებს გადმოგვცა.

"ჯერ კიდევ სწავლის დროს, – მოჰყავს წმ. თეოფანეს ეპისკ. ეგნატეს სიტყვები, – გულს არ სწყუროდა გართობა და მხიარულება. ეს სოფელი არაფრით მიზიდავდა. ჩემი გონება მთლიანად მეცნიერებების შესწავლით იყო დაკავებული; ამასთან, ძალიან მსურდა გამეგო, სად არის დაფარული ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჭეშმარიტი სწავლება მის შესახებ, თავისუფალი დოგმატური და ზნეობრივი ცთომილებებისგან.

ამასობაში ჩემს წინაშე უმაღლეს მეცნიერებათა, კაცობრივი ცოდნის უკანასკნელი ზღვარიც გადაიშალა. ამ ზღვარს რომ მივაღწიე, მეცნიერებებს შემდეგი კითხვები დავუსვი: "რას აძლევთ თქვენ ადამიანს საკუთრებად? ადამიანი მარადიულია და მისი საკუთრებაც მარადიული უნდა იყოს. მიჩვენეთ ეს მარადიული საკუთრება, ეს მარადიული საგანძური, რომლის თან წაღებასაც სამარის კარს იქით შევძლებდი! აქამდე მხოლოდ ისეთ ცოდნას ვხედავდი, მიწაზე რომ მთავრდება და სულის ხორცთან გაყრის შემდეგ არსებობა აღარ ძალუძს!"

მაძიებელი ყმაწვილი ამ შეკითხვებს რიგრიგობით უსვამდა მათემატიკას, ფიზიკას, ფილოსოფიას, თანაც ამ საგნებში თავის ღრმა ცოდნას ამჟღავნებდა. შემდეგ იმავეს ეკითხებოდა გეოგრაფიას, გეოდეზიას, ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, მაგრამ ბოლოს და ბოლოს დაინახა, რომ ყველა ეს მეცნიერება მხოლოდ მიწიერია. ყველა თავისი მტანჯველი შეკითხვის პასუხად მან იგივე მოისმინა, რასაც ჩვენს კიდევ უფრო "განათლებულ" საუკუნეში ისმენენ ჭეშმარიტების თანამედროვე მაძიებელნი: "მეცნიერებები სდუმდნენ".

მაშინ "დამაკმაყოფილებელი პასუხისთვის, არსებითად საჭირო, სასიცოცხლოდ აუცილებელი პასუხისთვის სარწმუნოებას მივმართე. მაგრამ სად იმალები, წმიდა და ჭეშმარიტო სარწმუნოებავ? მე ვერ შეგიცან ფანატიზმში (რომის კათოლიციზმში – პაპიზმში) – იგი არ არის აღბეჭდილი სახარებისეული სიმდაბლით, პირიქით, განხურვებითა და საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენით სუნთქავს! ვერც თვითნებურ სწავლებაში (პროტესტანტიზმში) დაგინახე, რომელიც განშორებულია ეკლესიისგან, თავისი ახალი სისტემა შექმნა და თანაც ტრაბახობს, რომ ახალი, ჭეშმარიტი ქრისტიანული სარწმუნოება მოიპოვა - და ეს ხდება ღმრთის განხორციელებიდან 18 საუკუნის შემდეგ! რა მძიმე გაურკვევლობაში იყო იმ დროს ჩემი სული! რა საშინლად იტანჯებოდა! ჩემში ეჭვების ნამდვილი ქარიშხალი მძვინვარებდა, რადგან საკუთარი თავის არ მჯეროდა; არ მჯეროდა არაფრის, რაც ხმაურობდა და გრგვინავდა ჩემს გარშემო, ყოველივე ეს კი ჭეშმარიტების უმეცრების ბრალი იყო.

მაშინ ლოცვას მივმართე: ტირილით ვევედრებოდი უფალს, რათა შეცდომის მსხვერპლად არ ვექციე და სწორი გზა ეჩვენებინა, რომლითაც გულისა და გონების უხილავად მისკენ მიმართვა შემეძლებოდა. და მოხდა სასწაული: უეცრად მოვიდა აზრი, რომელსაც გული ისე მიენდო, როგორც მეგობრის მკერდს. ეს აზრი შთამაგონებდა შემესწავლა სარწმუნოება უშუალო წყაროებიდან – წმ. მამათა ნაწერებიდან. იგი თითქოს მეუბნებოდა: "მათი სიწმინდე მათივე სარწმუნოობის საწინდარია, სწორედ ისინი აირჩიე წინამძღვრებად". ვემორჩილები. ვახერხებ ღმრთის წმიდა სათნომყოფელთა ნაწერების მოპოვებას, მოწყურებული ვეწაფები მათ კითხვას და ღრმად გამოკვლევას. ერთ წიგნს რომ დავამთავრებ, მეორეს ვიწყებ: ვკითხულობ, მერე ხელახლა ვკითხულობ, ვსწავლობ. რამ შემძრა ყველაზე მეტად წმ. მამათა შრომებში? ეს არის მათი საოცარი, დიდებული თანხმობა. თვრამეტი საუკუნეა, რაც მათი ბაგეებით ერთხმად ღაღადებს "ერთიანი", ღმრთაებრივი სწავლება!

როდესაც შემოდგომის ნათელი ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ კრიალა ზეცას ვუყურებ (ყოველი ვარსკვლავი ხომ სულ სხვადასხვა სიდიდისაა, მაგრამ ერთ ნათელს გამოსცემს), მაშინ ჩემთვის ვამბობ: სწორედ ასეთები არიან მამათა ნაწერებიც! როდესაც ზაფხულის დღეს ზღვას გავყურებ და უამრავ ხომალდს ვხედავ, რომელთა გაშლილი აფრები გედების ფრთებს წააგავს (ეს ხომალდები ხომ ერთ ქარს მისდევენ ერთი მიზნისკენ და ერთი ნავსადგურისკენ), ვფიქრობ: სწორედ ასეთები არიან მამათა ნაწერებიც! როდესაც კარგად შეწყობილ მრავალხმიან გუნდს ვუსმენ, რომელშიც სხვადასხვა ხმა ჰარმონიულად გალობს ერთ საღმრთო საგალობელს, მაშინაც ამას ვფიქრობ: ასეთებია მამათა ნაწერებიც!

და მაინც, რას ვპოულობ მათთან? ვპოულობ სწავლებას, რომელსაც ყველა მამა იმეორებდა - რომ ერთადერთი გზა ცხონებისა არის წმ. მამათა დარიგებების სრული მორჩილება. "თუ ვინმე ცრუსწავლებისგან შეცდენილი და არასწორად არჩეული მოღვაწეობისგან დაღუპული ნახე, – ამბობენ ისინი, – იცოდე, რომ ის თავის თავს მიენდო, თავის გონებას – და არა მამათა სწავლებას"[3], რომლისგანაც შედგება ეკლესიის დოგმატური და ზნეობრივი გარდამოცემა. და ამ გარდამოცემით, როგორც ფასდაუდებელი საუნჯით, კვებავს ეკლესია თავის შვილებს.

ეს აზრი ღმერთის მოვლენილია, რომლისგანაც ყოველი საქმე სიკეთეა, ხოლო კეთილი აზრი არის დასაბამი ყოველი სიკეთისა. ეს აზრი იყო ჩემთვის პირველი ნავსაყუდელი ჭეშმარიტების ქვეყანაში. აქ ჰპოვა ჩემმა სულმა მოსვენება ღელვებისა და ქარიშხლებისგან! ეს აზრი არის ძვირფასი საჩუქარი ყოვლად სახიერი ღმერთისა, რომელსაც უნდა ყოველი კაცის ცხონება და ჭეშმარიტების შეცნობამდე მისვლა! ეს აზრი გახდა ქვაკუთხედი ჩემი სულის აღშენებისათვის! ის იქცა ჩემს გზამკვლევ ვარსკვლავად! იგი მინათებდა მუდამ უძნელეს და მრავალტანჯულ, ვიწრო, გულისა და გონების უხილავ გზას ღმერთისკენ! და როდესაც რელიგიურ ცხოვრებას ამ აზრის გადასახედიდან გადავავლე თვალი, მივხვდი: ყველა შეცდომის მიზეზი მის არცოდნასა თუ დავიწყებაში მდგომარეობს. მამების კითხვამ დამარწმუნა, რომ ცხონება მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი, რის უნარსაც დასავლეთის ეკლესიები მოკლებულნი არიან, რადგანაც არ შემოუნახავთ ქრისტეს პირველადი ეკლესიის არც დოგმატური, არც ზნეობრივი სწავლება. ამ აზრმა დამანახა, თუ რა მოუტანა ქრისტემ კაცობრიობას, რაში მდგომარეობს ადამიანის დაცემა, რატომ არის აუცილებელი მხსნელი, რა არის ცხონება, რომელიც მოგვანიჭა და რომელსაც ახლაც გვანიჭებს მაცხოვარი. იგივე აზრი ჩამაგონებდა: უნდა განავითარო, იგრძნო, დაინახო შენს თავში ცხონება, რომლის გარეშეც ქრისტეს სარწმუნოება მკვდარია, ხოლო ქრისტიანობა – მარტოოდენ სიტყვა და სახელწოდება თვით ქრისტიანობის ცხოვრებაში განხორციელების გარეშე! მან მასწავლა დამენახა მარადისობა, როგორც მარადისობა, რომლის წინაშეც არარაობაა მიწიერი ცხოვრების ათასი წელიც კი, არათუ ჩვენი, ნახევარი საუკუნით გამოზომილი ცხოვრება. მან მასწავლა, რომ მიწიერი ცხოვრება შეიძლება მარადიულისთვის მზადებაში გავატაროთ... მან დამანახა, რომ ყოველი მიწიერი საქმე, განცხრომა, პატივი, უპირატესობები მხოლოდ სათამაშოებია, რომლებითაც ერთობიან და რომლებშიც მარადიულ ნეტარებას ცვლიან დიდი ბავშვები... ამას სრულიად ნათლად გვიჩვენებენ წმიდა მამები თავიანთ წმიდა ნაწერებში".

თავის ქადაგებას წმ. მამების შესახებ მთავარეპისკოპოსი თეოფანე ამ სიტყვებით ამთავრებს: "ძმებო, დაე ეს კეთილი აზრი (ხელმძღვანელებად წმ. მამების არჩევა) იყოს თქვენი გზამკვლევი ვარსკვლავიც ცხოვრების ზღვაზე მოგზაურობის ჟამს!"

მას შემდეგ ათწლეულები გავიდა, მაგრამ ეს სიტყვები, ისევე როგორც ეპისკოპოს ეგნატეს შთაგონებული სიტყვები, ისევე ჭეშმარიტია, როგორც უწინ. ამ ხნის მანძილზე სოფელმა კიდევ უფრო შორს გადაუხვია ქრისტიანობის გზიდან, დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ ერთადერთი ალტერნატივა ამ დამღუპველი გზისა არის ჭეშმარიტების უკომპრომისო გზა, რომელიც წმ. მამებმა გაკვალეს და მიგვითითეს.

და ჩვენც იმისთვის კი არ უნდა მივმართოთ წმ. მამებს, რათა უბრალოდ "გავიგოთ მათ შესახებ" – სხვაგვარად არაფრით ვიქნებით უსაქმურ ყბედებზე უკეთესნი, ამა სოფლის მკვდარ აკადემიებში რომ სხედან, თუნდაც ეს "მართლმადიდებლური" აკადემიები იყოს, სადაც სწავლული ღმრთისმეტყველები მარჯვედ განსაზღვრავენ და განმარტავენ ყველაფერს, რაც "სიწმინდეს", "სულიერებასა" და "თეოსისს" შეეხება, მაგრამ არასოდეს გამოუცდიათ რაიმე ისეთი, რაც მათ უფლებას მისცემდა მიემართათ ადამიანთა გულებისთვის, მწყურვალი სულებისთვის, რათა აღეძრათ მათში ასკეტური მოღვაწეობის გზაზე შედგომის სურვილი. ისინი არ ფლობენ საკმარის ცოდნას, რომ დაინახონ, თუ რა ღრმად ცდებიან აკადემიური "ღმრთისმეტყველები", რომლებიც ღმერთზე ღვინის ჭიქით ან სიგარეტით ხელში მსჯელობენ, და არ ყოფნით გამბედაობა, რომ "კანონიკურ" იერარქებს ქრისტეს ღალატში დასდონ ბრალი. ჩვენ იმისათვის უნდა მივმართოთ წმ. მამებს, რომ მათი მოწაფეები გავხდეთ, მათგან მივიღოთ სწავლება ჭეშმარიტ ცხოვრებაზე, სულის ცხონებაზე, თუნდაც კარგად გვესმოდეს, რომ ამით დავკარგავთ ამა სოფლის კეთილგანწყობას და მისგან განდევნილნი აღმოვჩნდებით.

თუ მამებს მივმართავთ, დავინახავთ, რომ ეს გზა თანამედროვე აზრის საშინელი ჭაობისგან გვაშორებს, რომელიც მამათა წმიდა მოძღვრების უარყოფაზეა დაფუძნებული. მაშინ მივხვდებით, რომ წმ. მამები განსაკუთრებით "თანამედროვენი" არიან, როდესაც მართლმადიდებელ ქრისტიანთა მოღვაწეობაზე ლაპარაკობენ, როდესაც პასუხებს იძლევიან ყველაზე მთავარ, სასიცოცხლო მნიშვნელობის შეკითხვებზე, რომლებზეც ჩვეულებრივი აკადემიური მეცნიერები არათუ პასუხის გაცემას, მათ დასმასაც კი ვერ ბედავენ. და თუ მაინც მიმართავს ვინმე ამგვარი კითხვით, ისინი რაიმე ზერელე პასუხს გასცემენ, ამ პასუხმა კი მხოლოდ ის შეიძლება დააკმაყოფილოს, ვისაც სწორედ "აინტერესებს" ეს საკითხები, თორემ სულითა და გულით არ სწყურია პასუხის მიღება. მამებისაგან ჩვენ მივიღებთ ნამდვილ დარიგებას, ვისწავლით მათგან სიმდაბლეს და ამაო, ამსოფლიური სიბრძნისადმი უნდობლობას, რომელიც ამ ჩვენს გახრწნილ დროში ჰაერივით ყველგან არის; ვისწავლით მივენდოთ ღმრთის სათნომყოფელებს და არა ცრუ სოფელს. მათში ჩვენ ვპოვებთ ნამდვილ მამებს, ასე იშვიათად რომ გვხვდებიან ჩვენს დროში, როდესაც "განხმეს სიყუარული მრავალთაჲ"(მათე, 24,12), მამებს, რომელთა ერთადერთი მიზანია ღმერთისკენ, მისი ზეციური სასუფევლისკენ გაგვიძღვენ ჩვენ, მათ შვილებს, სადაც მოგველის ამ ანგელოზებრივ ადამიანებთან ერთად სეირნობა, მათთან საუბარი და სულიერი სიხარული.

არ არსებობს თანამედროვე ცხოვრების ისეთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელი იყოს წმ. მამათა ნაწერების ყურადღებით და მოწიწებით წაკითხვის შემდეგ: სულ ერთია, იქნება ეს დღეს ესოდენ მომრავლებული სექტები და მწვალებლობები, განხეთქილებები და "იურისდიქციები", სულიერი ცხოვრების პრეტენზია, რომელსაც "ქარიზმატული აღორძინება" აყენებს, დახვეწილი ცთუნებები კომფორტითა და კეთილმოწყობილი პირობებით; ურთულესი ფილოსოფიური პრობლემები, როგორიცაა, მაგალითად, "ევოლუცია", თუ აბორტების, "შობადობის შეზღუდვის", ევთანაზიის პრობლემა; შეფარული სერგიანული აპოსტასია, ქრისტეს სხეულს საეკლესიო ორგანიზაციით რომ ცვლის, თუ უხეში "განმაახლებლობა", რომელიც კალენდრის გადახედვით იწყება და "აღმოსავლური წესის პროტესტანტიზმით" მთავრდება. ყველა ამ საკითხში ერთადერთ სწორ გზას ეკლესიის მამები და მათი მიმდევრები, დღევანდელი მამები მიგვითითებენ.

ეპისკ. ეგნატემ და სხვა გვიანდელმა მამებმა გვითხრეს ჩვენ, უკანასკნელ ქრისტიანებს, რომელი წმიდა მამები არიან ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანნი და რა თანმიმდევრობით უნდა ვიკითხოთ ისინი. დაე, ამან შთაგვაგონოს, რომ წმ. მამათა სწავლება ქვაკუთხედად დავუდოთ ჩვენს სულებს, რათა საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროთ, ამინ!

 

თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ

 

 

 

[1] ისინი ასე ფიქრობენ თავიანთი უმეცრებისა და ბოლო საუკუნეების მართლმადიდებლური გარდამოცემის უცოდინრობის გამო, რომელიც უფრო მონასტრებშია შემონახული, ვიდრე აკადემიებში (ავტორის შენიშვნა).

 

[2] „ეკუმენიკა მართლმადიდებლური ლიტურგიკის ფონზე“, პროტოპრესვიტერი მ. პომაზანსკი, „მართლმადიდებლური გზა“, 1982.

 

[3] აბა დოროთე, სწავლა მეხუთე.

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა