martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თხრობანი ლიმონარიდან (3)

 

თავი 81

აბბა თეოდოსის სასწაული

 

„სკოპელის“ მამებმა კიდევ ერთი სასწაულის შესახებ მოგვითხრეს:

„– ამ ცოტა ხნის წინ აპამეას მხარეში ერთმა ქრისტესმოყვარე ქალმა ჭის ამოთხრა დაიწყო. ძალიან ღრმად ამოთხარა და დიდი ხარჯიც გაიღო, მაგრამ წყალი არ ჩანდა. ქალი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო: ფულზეც წუხდა და იმაზეც, რომ ამხელა შრომამ უშედეგოდ ჩაიარა. და, აი, ერთ დღეს მას ვიღაც უცნობი მანდილოსანი გამოეცხადა და უთხრა:

– „სკოპელის“ მონასტრიდან აბბა თეოდოსის ხატი მოატანინე და მისი ლოცვით ღმერთი შეგეწევა.

ქალმა ორ მსახურს მოატანინა წმინდანის გამოსახულება და თავისი ხელით ჩაუშვა ჭაში. წყალი მაშინვე გამოჩნდა და ჭა ნახევრამდე აავსო. ის წყალი ჩვენთანაც მოიტანეს. ჩვენ დავლიეთ და ერთხმად განვადიდეთ ღმერთი“.

 

 

თავი 85

სამართლიანი სასჯელი

 

აი კიდევ რა მოგვითხრეს „სკოპელის“ მამებმა:

„– მონასტერში ასეთი წესი გვქონდა: ყოველი წლის დიდ ხუთშაბათს ჩვენთან უამრავი გლახაკი და ობოლი იკრიბებოდა და ყველა მათგანს ვაძლევდით ცოტ-ცოტა ხორბალს, ნაკურთხ პურს, ღვინოს, თაფლს და ხუთ ფოლერას. ერთ წელიწადს ჩვენს მხარეში დიდი მოუსავლიანობა იყო. ხორბალი ძალიან გაძვირდა. დიდმარხვა რომ დადგა, რამდენიმე ბერმა იღუმენს სთხოვა:

– ღმრთის გულისათვის, აბბა, ამ წელიწადს ნუ გავცემთ მოწყალებას. ხორბალი აღარ იშოვება და ძმები მშივრები დარჩებიან.

– ნუ დავარღვევთ, შვილებო, ჩვენი მამის – აბბა თეოდოსის ლოცვა-კურთხევას, – უპასუხა იღუმენმა. – ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ეს მცნება მისი მოცემულია და უფლება არა გვაქვს, დავარღვიოთ. აბბა თეოდოსი თვითონვე იზრუნებს ჩვენს გამოკვებაზე.

მაგრამ ბერები ჯიუტად იმეორებდნენ:

– ჩვენ თვითონ არ გვყოფნის და იმათ რაღა მივცეთ!

ღრმად დამწუხრებული იღუმენი იძულებული გახდა, დაეთმო ბერებისთვის.

– რას ვიზამთ, – თქვა მან, – იყოს თქვენებურად, როგორც ფიქრობთ, ისე გააკეთეთ.

ასე რომ, არც დიდ ხუთშაბათს არც დიდ პარასკევს ჩვენ არავითარი მოწყალება არ გაგვიცია. რამდენიმე დღის შემდეგ იკონომოსი ბეღელში შევიდა და მთელი ხორბალი აყვავებული დახვდა. გამოვიტანეთ და ზღვაში გადავყარეთ. მაშინ კი იღუმენმა გვითხრა:

– აი, სამართლიანი სასჯელიც მიიღეთ მცნების დარღვევისთვის. მოიმკეთ ახლა ურჩობის ნაყოფი! სულ რაღაც ხუთასი მოდი ხორბალი უნდა გაგვეცა და ამით ჩვენი წმინდა მამის – თეოდოსის მცნებას შევასრულებდით, მასაც ვაამებდით და ჩვენს ღარიბ ძმებსაც ვანუგეშებდით. ახლა კი რა სარგებელი მივიღეთ, შვილებო, გარდა იმისა, რომ ხუთი ათასი მოდი ხორბალი ზღვაში გადავყარეთ? თანაც ორმაგი ცოდვა დაგვედო: ჯერ ერთი, ჩვენი მამის – აბბა თეოდოსის მცნება დავარღვიეთ, და მერე – იმედი ღმერთზე კი არ დავამყარეთ, არამედ ხორბალზე. ამ მაგალითით მაინც დავრწმუნდეთ, რომ ღმერთი ზრუნავს თითოეულ ადამიანზე და რომ წმინდა თეოდოსიც უხილავად შეგვეწევა ჩვენ, თავის სულიერ შვილებს“.

 

 

თავი 106

„თეოდულე, წადი და იხილე მისი სარწმუნოება“

 

კვლავ აბბა თეოდულემ მოგვითხრო:

„ფარას შორიახლოს, წმინდა სოფიოსა და წმინდა ფავსტოს ეკლესიებს შორის, არის სასტუმრო. ერთხელ ამ სასტუმროს გამგემ მთხოვა, რამდენიმე დღე მის მაგივრად მემსახურა. დავთანხმდი. მივედი სასტუმროში. იქ დამხვდა ვინმე ასურელი ბერი, რომელსაც ერთი ძაძის, ერთი მოსასხამისა და ცოტაოდენი პურის გარდა არაფერი ჰქონდა თან. იგი სასტუმროს ერთ-ერთ კუთხეში იდგა განმარტოებით და დღე და ღამე ლოცულობდა, ხმას არავის სცემდა. კვირა დღე რომ დადგა, მივედი მასთან და ვუთხარი:

– ძმაო, წმინდა სოფიოს ტაძარში მივდივარ საზიარებლად, ხომ არ წამოხვალ?

– არა! – მიპასუხა მან.

– რატომ?

– მე სევეროსის სწავლებას მივსდევ და ეკლესიასთან ერთობაში არა ვარ.

როდესაც გავიგე, რომ ასეთი დიდი მოღვაწე ბერი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას არ ეკუთვნოდა, გულდამდუღრული შევედი სენაკში, პირქვე დავემხე და სამი დღე ცრემლებით ვევედრებოდი ღმერთს:

– ჰოჲ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან გამოუთქმელითა სახიერებითა შენითა მოსდრიკენ ცანი და გარდამოხედ ცხოვრებისათვის ჩვენისა, რომელმან წმიდისაგან ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაგან ხორცნი შეისხენ, გამომიცხადე, რომელი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი: ჩვენი, ეკლესიის შვილების, თუ სევეროსის მიმდევრების?

მესამე დღეს ჩამესმა ხმა:

– თეოდულე, წადი და იხილე მისი სარწმუნოება.

სენაკიდან გავედი, ბერის მახლობლად დავჯექი და ველოდებოდი, რომ რაღაცა მოხდებოდა. დაახლოებით ერთი საათი თვალი არ მომიშორებია მისთვის. ის იდგა და ასურულ ენაზე ფსალმუნებს გალობდა. და აი, – ღმერთია მოწამე! – ვხედავ, ბერის თავზე შავი მტრედი დაფრინავს: გამჭვარტლული, ჭუჭყიანი და საზიზღარი – თითქოს საკვამურ მილში მოხვდა და იქ გაიმჭვარტლა. მაშინ კი მივხვდი, რომ შავი მტრედი სიმბოლურად სევერიანელთა სარწმუნოებას გამოხატავდა“.

ცრემლითა და სულთქმით გვიყვებოდა ამ ამბავს აბბა თეოდულე – ეს ჭეშმარიტად ნეტარი ბერი.

 

 

თავი 112

„უფროჲსი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“

 

კეთილმორწმუნე იმპერატორ ტიბერიუსის მეფობის ჟამს მე და სოფრონი ოაზისში ჩავედით. იქ ვნახეთ ერთი ბერი: იგი წარმოშობით კაბადოკიიდან იყო და სახელად ლეონი ერქვა. მის შესახებ მამებმა ბევრი საკვირველი რამ მოგვითხრეს. ახლოს რომ გავიცანით ეს წმინდა კაცი, ჩვენ დიდი სულიერი სარგებელი მივიღეთ მისგან. განსაკუთრებით გაგვაოცა მისმა სიმდაბლემ, მდუმარებამ, უპოვარებამ და ყველასადმი უსაზღვრო სიყვარულმა. ერთ დღეს ბერმა გვითხრა:

– დამიჯერეთ, შვილებო, მე მეფე გავხდები.

– რას ამბობ, აბბა, – ვუპასუხეთ ჩვენ, – კაბადოკიელი ჯერ არავინ გამხდარა მეფე. ტყუილად ნუ იფიქრებ ამაზე.

– არა, შვილებო, მე მეფე გავხდები, – კვლავ გაგვიმეორა მან და ვეღარაფრით შევაცვლევინეთ აზრი.

როცა მაზიკებმა მთელი ის მხარე მოაოხრეს და ოაზისშიც შემოვიდნენ, მრავალი მონაზონი მახვილებით აჩეხეს, მრავალი კი ტყვედ წაიყვანეს. მათ შორის იყვნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ყოფილი მკითხველი აბბა იოანე, აბბა ევსტათი რომაელი და აბბა თეოდორე კილიკიელი: სამივე – ხორციელად უძლური. აბბა იოანემ ბარბაროსებს უთხრა:

– წამიყვანეთ ქალაქში და ეპისკოპოსი ჩემს გამოსასყიდად ოცდაოთხ დრაჰკანს გადაგიხდით.

ბარბაროსები დათანხმდნენ და ერთ-ერთმა მათგანმა ქალაქში ჩაიყვანა. იქ დახვდათ აბბა ლეონი და კიდევ სხვა მამები, რომლებიც ტყვეობას გადარჩენილიყვნენ. აბბა იოანე ეპისკოპოსთან მივიდა და სთხოვა, გამოსასყიდი მიეცა ბარბაროსისთვის. მაგრამ ეპისკოპოსს რვა დრაჰკანის მეტი არ აღმოაჩნდა, ბარბაროსი კი რვა დრაჰკანს არ დასჯერდა.

– ან ოცდაოთხი დრაჰკანი მომეცით, ან ჩემი მონაზონი დამიბრუნეთ, – თქვა მან.

სხვა გზა აღარ იყო და აბბა იოანე, მიუხედავად მისი უსაზღვრო მწუხარებისა და ცრემლებისა, ისევ ბარბაროსს ჩააბარეს. სამი დღის შემდეგ აბბა ლეონმა რვა დრაჰკანი აიღო, ბარბაროსებთან მივიდა უდაბნოში და უთხრა:

– აიღეთ ეს რვა დრაჰკანი და გაუშვით მონაზვნები, მათ მაგივრად კი მე დავრჩები. ისინი უძლურები არიან, ვერ იმუშავებენ, და ბოლოს მაინც სამივეს მოკვლა მოგიწევთ. მე კი ჯანმრთელი ვარ და შემიძლია გემსახუროთ.

ბარბაროსები დათანხმდნენ და სამივე მონაზონი გაუშვეს. აბბა ლეონი ტყვედ დარჩა. იგი ცოტა ხანს მიჰყვებოდა ბარბაროსებს, მაგრამ სულ მალე მოუძლურდა და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მაშინ ბარბაროსებმა მას თავი მოჰკვეთეს.

ასე აღასრულა ბერმა წმინდა წერილის სიტყვები: „უფროჲსი ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის“(იოანე 15,13). მაშინ კი მივხვდით, რას გულისხმობდა იგი, როდესაც გვარწმუნებდა, მეფე გავხდებიო. მან მართლაც მიაღწია მეფურ ღირსებას, რამეთუ თავისი სული  მეგობრებისთვის დადო.

 

 

თავი 119

„შენ სასიკეთოდ მოსულს არ ჰგავხარ“

 

ერთ დღეს ჩვენ ვეწვიეთ რაითის ლავრის პრესვიტერს – აბბა ევსევის, რომელმაც გვიამბო, თუ როგორ გამოეცხადა ერთ-ერთ ბერს მონაზვნის სახით ეშმაკი. იგი სენაკის კარზე აკაკუნებდა. ბერმა გაუღო და უბრძანა ლოცვა ეთქვა. ეშმაკმა თქვა:

– აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბერმა სამჯერ უბრძანა ლოცვის თქმა და ეშმაკი სულ იმეორებდა:

– აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასიკეთოდ მოსულს არ ჰგავხარ, – უთხრა ბერმა. – ილოცე და თქვი: „დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“

ამ სიტყვების გაგონებისთანავე ეშმაკი გაქრა.

 

 

თავი 148

„მე ვარ ლეონი, პაპი რომისა“

 

ლიბიის ქალაქ დარნასონის ეპისკოპოსმა, თეოდორემ, მოგვითხრო:

„ერთხელ, როცა ჯერ კიდევ პაპ ევლოგის სვინკელი ვიყავი, ძილში კეთილსახიერი და დიდებული კაცი გამომეცხადა და მითხრა:

– მოახსენე პაპ ევლოგის ჩემი მოსვლის შესახებ.

– ვინ ხარ შენ, უფალო, და როგორ მოვახსენო შენს შესახებ?

– მე ვარ ლეონი, პაპი რომისა, – მიპასუხა მან.

შევედი პაპთან და მოვახსენე:

– უწმინდეს და უნეტარეს ლეონს, რომის ეკლესიის მეთაურს, სურს თქვენი ნახვა.

პაპი იმავე წამს წამოდგა და სტუმარს შეეგება. მათ ერთმანეთი მოიკითხეს, ლოცვა თქვეს და ჩამოსხდნენ. მაშინ ჭეშმარიტად საოცარმა და ღმერთშემოსილმა ლეონმა ასე მიმართა ევლოგის:

– იცი თუ არა, რისთვის მოვედი შენთან?

– არა, – მიუგო ევლოგიმ.

– მადლობის სათქმელად მოვედი: იმისთვის, რომ ასეთი მოშურნეობით დაიცავი ჩემი ეპისტოლე, რომელიც ჩვენს ძმას – კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლაბიანეს მივწერე; ასე კარგად განმარტე ჩემი აზრი და პირი დაუყავი მწვალებლებს. იცოდე, ძმაო, შენი ღვაწლი არა მხოლოდ ჩემთვის არის სათნო, არამედ მოციქულთა თავის – პეტრესთვისაც, და, უპირველესად, თვით ჩვენ მიერ ქადაგებული ჭეშმარიტების – ჩვენი უფლის იესუ ქრისტესთვის.

ეს სიზმარი მეორე და მესამე ღამესაც განმეორდა, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ იგი ღმრთისაგან იყო. მივედი პაპ ევლოგისთან და ყველაფერი ვუამბე. პაპმა ტირილი დაიწყო და ზეცისკენ ხელაპყრობილმა წარმოთქვა:

– გმადლობ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რამეთუ ღირსი გამხადე მე, უღირსი ესე, მექადაგა ჭეშმარიტება, და, შენი ერთგული მსახურების – პეტრესა და ლეონის ლოცვით, შეიწირე ჩემი მცირე ღვაწლი, როგორც ორი მწვლილი ქვრივისა“.

 

 

თავი 149

იერუსალიმის პატრიარქი ამოსი

 

როდესაც აბბა ამოსს36 იერუსალიმის პატრიარქად დაასხეს ხელი, მის თაყვანისსაცემად მრავალი მონასტრის წინამძღვარი შემოიკრიბა. მათ შორის მეც ვიყავი ჩემს იღუმენთან ერთად. და აი, პატრიარქმა მამებს ამ სიტყვებით მიმართა:

– მომიხსენიეთ, მამანო, თქვენს ლოცვებში, რამეთუ დიდი და ძნელად სატარებელი ტვირთი დამედო. მაშინებს ეს საპასუხისმგებლო მსახურება. პეტრეს, პავლეს, მოსეს და მისთანებს შესწევდათ კიდეც ძალა, გაძღოლოდნენ ადამიანთა სულებს. მე კი გლახაკი და ცოდვილი ვარ. მაგრამ, მამანო, ყველაზე მეტად მაინც ხელდასხმის სიმძიმის წინაშე ვძრწივარ. მე წამიკითხავს, რომ ნეტარი ლეონი, რომის ეკლესიის წინამძღვარი, ორმოცი დღე არ მოშორებია მოციქულ პეტრეს საფლავს და მთელი ეს ხანი ლოცვასა და მარხვაში გაატარა. იგი ევედრებოდა მოციქულს, ეშუამდგომლა ღმრთის წინაშე და ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა მისთვის. ორმოცი დღის შემდეგ მას მოციქული გამოეცხადა და უთხრა:

– მე ვევედრე ღმერთს და მან ყველა ცოდვა მოგიტევა, გარდა ხელდასხმისა. ამაზე შენ თვითონ უნდა აგო პასუხი: ნამდვილად ღირსეულები არიან თუ არა შენ მიერ ხელდასხმულნი.

 

 

თავი 151

რომის პაპი გრიგორი

 

„სენაკებში“ ჩვენ მოვინახულეთ აბბა იოანე სპარსი, რომელმაც მოგვითხრო რომის პაპის – ნეტარი გრიგორის38 შესახებ:

„რამდენიმე ხნის წინ წმინდა მოციქულების – პეტრესა და პავლეს საფლავების მოსალოცად რომში ჩავედი და იქ ერთხანს დავყოვნდი. ერთხელ ქალაქის რომელიღაც უბანში დავინახე პაპი გრიგორი, რომელიც ჩემი მიმართულებით მოდიოდა და მალე გამისწორდებოდა კიდეც. გადავწყვიტე, მუხლმოდრეკით თაყვანი მეცა მისთვის და დასაჩოქებლად გავემზადე. როდესაც პაპის ამალის წევრებმა ჩემი განზრახვა შენიშნეს, ყველანი ერთიმეორის მიყოლებით მეუბნებოდნენ:

– აბბა, არ დაიჩოქო!

მაგრამ მე ვერ მივხვდი, რატომ არ უნდა დამეჩოქა პაპის წინაშე, ეს ხომ სრული უპატივცემულობა იქნებოდა. პაპი მომიახლოვდა და როცა შენიშნა, რომ თაყვანისცემას ვაპირებდი – ღმრთის წინაშე ვამბობ, ძმებო! – ის პირველი დაემხო ჩემ წინ მუხლებზე, თაყვანი მცა და მანამდე არ ადგა, ვიდრე მე თვითონ არ ავდექი. მერე მდაბლად, საოცრად მდაბლად მეამბორა და საკუთარი ხელით გადმომცა სამი ნომისმა. აგრეთვე ბრძანა მოსასხამიც მოეცათ ჩემთვის და ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. მოვდიოდი და ღმერთს მადლობას ვწირავდი იმისათვის, რომ ასეთი სიმდაბლით, მოწყალებით და სიყვარულით დაეჯილდოებინა თავისი მსახური“.

 

 

თავი 161

აბბა ისააკი

 

თებაიდაში მდებარეობს ქალაქი ლიკოსი. ამ ქალაქიდან ექვსი მილის მოშორებით არის მთა, რომელზეც მონაზვნები ცხოვრობენ – ზოგი გამოქვაბულებში, ზოგი სენაკებში. აქ ჩვენ მოვინახულეთ აბბა ისააკი, წარმოშობით თებელი. და, აი, რა მოგვითხრო მან:

„იმ ამბის შემდეგ, რასაც ახლა მოგიყვებით, ორმოცდათორმეტი წელიწადი გავიდა. ერთხელ ჩემს ხელსაქმეს ვაკეთებდი: დიდ ბადეს ვწნავდი კოღოებისთვის; მაგრამ რაღაცა შემეშალა და ძალიან შევწუხდი. მთელი დღე ვფიქრობდი და ვერაფრით ვერ მივხვდი, სად დავუშვი შეცდომა. უკვე აღარ ვიცოდი, რა მექნა. უცბად ჩემს სენაკში სარკმლიდან ვიღაც ჭაბუკი გადმოძვრა და მითხრა:

– შეგეშალა. მომეცი, შეგისწორებ.

– წადი! – ვუპასუხე მე. – შორს ჩემგან!

– მაგრამ ასე ხომ საკუთარ თავს დააზარალებ.

– ეს ჩემი საქმეა!

– მეცოდები, ამდენი შრომა წყალში რომ უნდა ჩაგეყაროს.

– ბოროტად ხარ აქ მოსული.

– მაგრამ შენ თვითონ მაიძულე, აქ მოვსულიყავი და ახლა ჩემი ხარ.

– მე რატომ გაიძულე?

– იმიტომ, რომ მეზობელ ძმაზე ძვირისხსენება გაქვს და სამი კვირაა, ასე ეზიარები.

– ტყუილს ამბობ!

– არა, არ ვამბობ ტყუილს. განა ცერცვის გამო არა ხარ მასზე გაბრაზებული? მე კი ძვირისხსენების ეშმაკი ვარ. ასე რომ, ამიერიდან მე მეკუთვნი.

ეს რომ გავიგონე, მაშინვე წავედი ძმასთან, მუხლი მოვუდრიკე და შენდობა ვთხოვე. როდესაც სენაკში დავბრუნდი, დავინახე, რომ ეშმაკს ბადეც დაეწვა და ის ჭილოფიც, რომელზეც ვლოცულობდი. როგორც ჩანს, იგი ჩვენმა შერიგებამ გააბოროტა“.

 

 

თავი 178

„მინდა დამკრძალონ იერუსალიმური წესით“

 

აბბა გიორგიმ, სქოლარიის კინოვიის ხუცესმა, მოგვითხრო:

„სენაკებში ერთი ბერი ცხოვრობდა. ის დიდი მოღვაწე იყო, მაგრამ ძალიან უბრალო რწმენა ჰქონდა და განუკითხველად ეზიარებოდა ყველგან, სადაც მოუხდებოდა. ერთხელ მას ღმრთის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა:

– მითხარი, ბერო, როგორ გინდა რომ დაგასაფლავონ – როგორც ეგვიპტელ მონაზვნებს ასაფლავებენ თუ როგორც იერუსალიმელებს?

– არ ვიცი, – უპასუხა ბერმა.

– მოიფიქრე, – უთხრა კვლავ ანგელოზმა, – სამი კვირის შემდეგ მოვალ და პასუხი მითხარი.

ბერი ერთ-ერთ განდეგილთან მივიდა და ყველაფერი მოუყვა. განდეგილი გააოცა მისმა მონათხრობმა. დიდხანს დაჟინებით მისჩერებოდა, შემდეგ კი, თითქოსდა ზეგარდამო შთაგონებულმა, ჰკითხა:

– სად ეზიარები წმინდა საიდუმლოს?

– სადაც მომიხდება...

– გაფრთხილდი, აღარსად ეზიარო, გარდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა, რომელშიც ოთხი მსოფლიო კრება იხსენიება: ნიკეის – სამას თვრამეტი მამისაგან შემდგარი, კონსტანტინოპოლის – ას ორმოცდაათი მამისაგან, ეფესოსი – ორასი მამისაგან და ქალკედონის – ექვსას ოცდაათი მამისაგან. როცა ანგელოზი მოვა, უთხარი: „მინდა დამასაფლავონ იერუსალიმური წესით“.

სამი კვირის შემდეგ ბერს მართლაც გამოეცხადა ანგელოზი და ჰკითხა:

– რა მოიფიქრე, ბერო.

– მინდა დამკრძალონ იერუსალიმური წესით, – უპასუხა ბერმა.

– კეთილი, – თქვა ანგელოზმა.

და ბემა მაშინვე შეისვენა, ღმერთს მიაბარა თავისი სული. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ბერის შრომას, მის ღვაწლს, ამაოდ არ ჩაევლო და იგი მწვალებლებთან ერთად არ განსჯილიყო“.

 

 

თავი 187

როგორ მოვიპოვოთ სათნოებები?

 

გეთსამანიიდან ჩვენ ელეონის მთაზე ავედით. იქ მდებარეობს ეგრეთწოდებული „აბბა აბრაამის მონასტერი“. ამ მონასტრის დამაარსებელი იყო დიდი აბრაამი, რომელიც ევდოქსის შემდეგ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ახალი კინოვიის იღუმენად დაადგინეს.

იმ დროს, როცა ჩვენ „აბრაამის მონასტერს“ ვეწვიეთ, მისი იღუმენი იყო აბბა იოანე კიზიკელი. ერთ დღეს ჩვენ მას ასეთი შეკითხვით მივმართეთ:

– როგორ მოვიპოვოთ სათნოებები?

აბბა იოანემ გვიპასუხა:

– თუ სათნოებების მოპოვება გვინდა, პირველ რიგში თითოეული სათნოების საწინააღმდეგო ვნება უნდა მოვიძულოთ. სხვა შემთხვევაში სათნოებებს ვერ მოვიპოვებთ. თუ გინდა, ტირილის ნიჭი მოიპოვო, თავდაპირველად სიცილი მოიძულე; თუ გინდა, გახდე თავმდაბალი, ჯერ ქედმაღლობა მოიძულე; თუ თავშეკავება გინდა, ნაყროვანება მოიძულე; თუ უბიწოება გსურს, მოიძულე ავხორცული ტკბობა; თუ გინდა, მიაღწიო უანგარობას, ნივთიერი საგნები მოიძულე; თუ გინდა, მოწყალე გახდე, მოიძულე ვერცხლისმოყვარეობა; თუ უდაბნოს სიმყუდროვეს ესწრაფვი, ჯერ ქალაქი მოიძულე; თუ გინდა, ივარჯიშო მდუმარებაში, მოიძულე მრავლისმეტყველება; თუ გინდა, რომ გაუცხოვდე ყოველივე ამსოფლიურისთვის, მაჩვენებლობა მოიძულე; თუ გინდა, მრისხანების დროს თავშეკავება შეძლო, მოიძულე საერო ცხოვრება; თუ ძვირუხსენებლობას ეძიებ, ძვირის ზრახვა მოიძულე; თუ გინდა, რომ გონების მოკრება შეძლო და აზრი არ გაგეფანტოს, ეძებე განმარტოება; თუ გინდა, აღვირი ამოსდო შენს ენას, შეიკრძალე სმენა, რათა ზედმეტი არაფერი გაიგონო; თუ გინდა, რომ ღმრთის შიში არასოდეს განგეშოროს, მოიძულე ხორციელი განსვენება, შეიყვარე მწუხარება და ყოველგვარი მოკლება, – ამ გზით შენ შეძლებ წმინდა გულით ემსახურო ღმერთს.

 

 

თავი 192

რომის პაპი გრიგორი დიოლოღოსი

 

რომიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა პრესვიტერმა, სახელად პეტრემ, პაპ გრიგორის41 შესახებ მოგვითხრო:

„როცა გრიგორი რომის პაპი გახდა, მან დააარსა ზოგად-საცხოვრებელი მონასტერი, რომელსაც ასეთი წესდება მისცა: არც ერთ ძმას არ უნდა ჰქონოდა არავითარი პირადი საკუთრება – თუნდაც ერთი გროში. ერთხელ ამ მონასტრის ერთ-ერთმა ძმამ თავის ერისკაც ძმას სთხოვა:

– ყავ სიყვარული, შიდა კაბა არა მაქვს და მიყიდე.

– აი სამი ნომისმა, – უპასუხა ძმამ, – და როგორიც შენ გინდა, ისეთი იყიდე.

მონაზონმა ფული გამოართვა, იღუმენთან წავიდა და ყველაფერი მოახსენა. იღუმენმა კი მის უწმინდესობას შეატყობინა ეს ამბავი. ნეტარმა გრიგორიმ მონაზონი ზიარებისგან განაყენა, როგორც მონასტრის წესდების დამრღვევი.

გავიდა რამდენიმე ხანი და დასჯილი ძმა გარდაიცვალა, პაპმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა. ორი-სამი დღის შემდეგ მასთან იღუმენი მივიდა და ეს ამბავი აცნობა. პაპი ძალიან დამწუხრდა იმის გამო, რომ ძმისთვის სასჯელის მოხსნა ვერ მოასწრო. მან ფურცელზე ლოცვა დაწერა, არქიდიაკონს გადასცა და უბრძანა, წასულიყო და გარდაცვლილი ძმის საფლავზე წაეკითხა. ეს იყო ლოცვა, რომელიც ძმას სასჯელისგან ათავისუფლებდა. არქიდიაკონი მონასტერში მივიდა და, პაპის ბრძანებისაებრ, ლოცვა მიცვალებულის საფლავზე წაიკითხა. იმავე ღამეს იღუმენს ძმა სიზმარში გამოეცხადა.

– სად იყავი აქამდე? – ჰკითხა იღუმენმა.

– ჭეშმარიტად საპყრობილეში ვიყავი, – უპასუხა ძმამ, – მხოლოდ გუშინღა გავთავისუფლდი.

მაშინ ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მიცვალებული სწორედ იმ დროს გათავისუფლდა სასჯელისგან, როცა არქიდიაკონმა მის საფლავზე შენდობის ლოცვა წაიკითხა, და, ამგვარად, მისი სული საუკუნო სატანჯველს გადაურჩა“.

 

 

თავი 198

ალექსანდრიის პაპი ათანასე

 

ერთხელ წმინდა ათანასეს, ალექსანდრიის პაპს, ჰკითხეს, ჩაითვლებოდა თუ არა მონათლულად ის ადამიანი, რომელიც რწმენით კი არ მოინათლებოდა, არამედ, გარკვეული მიზეზების გამო, მორწმუნედ მოაჩვენებდა ხალხს თავს და ასე გამოითხოვდა ნათლობას.

– მოუსმინეთ, რას ამბობენ ბერები, – უპასუხა წმინდა ათანასემ. – როცა ძლიერი სიკვდილიანობა იყო, სიკვდილის შიშით მრავალი ადამიანი ინათლებოდა. ამ დროს ნეტარ მღვდელმოწამე პეტრეს ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „როდემდე უნდა აგზავნოთ ჩვენთან ბეჭედდასმული, მაგრამ ცარიელი ტომრები – შიგნით რომ არაფერია?“ ანგელოზის ამ სიტყვებიდან ცხადად ჩანს, რომ ის, ვინც ნათლისღების ბეჭედს ატარებს, თუნდაც რაღაც ანგარების მიზნით მიეღოს ეს ბეჭედი, მაინც ნათელღებულად ითვლება.

 

 

თავი 199

„მაგრამ თქვენ რატომ დუმდით აქამდე?“

 

ერთ-ერთმა მამამ გვიამბო:

„ერთი ბერი, რომელიც ძალიან წმინდად და უბიწოდ ცხოვრობდა, ლიტურგიის აღსრულების დროს ტრაპეზის მარჯვენა და მარცხენა მხარეს ანგელოზებს ხედავდა. ღმრთისმსახურების წესი მან მწვალებლებისგან შეითვისა. თვითონ ის საღმრთო დოგმატებში ვერ ერკვეოდა, ამიტომაც – არა ბოროტგანზრახულად, არამედ თავისი უბრალოების გამო – ლიტურგიის ლოცვებს შეცდომით ამბობდა. ერთხელ, ღმრთის განგებით, მასთან ერთი ძმა მივიდა: იგი დიაკონი იყო და დოგმატებშიც კარგად ერკვეოდა. როდესაც ბერი მასთან ერთად წირავდა, დიაკონმა უთხრა:

– მამაო, რასაც შენ ამბობ, ჭეშმარიტ სწავლებას ეწინააღმდეგება, მწვალებლებისგან არის აღებული.

ამ დროს ბერი, როგორც ყოველთვის, ანგელოზებს ხედავდა, ამიტომაც არავითარი ყურადღება არ მიუქცევია დიაკვნის სიტყვებისთვის. დიაკონი კი განუწყვეტლივ უმეორებდა:

– სცდები, მამაო, ეს მიუღებელია ეკლესიისთვის.

ამ საყვედურებისა და მხილების დროს ბერმა ანგელოზებს ჰკითხა:

– აი რას მეუბნება დიაკონი. ეს სიმართლეა?

– დაუჯერე მას, ის მართალს ამბობს, – უპასუხეს ანგელოზებმა.

– მაგრამ თქვენ რატომ დუმდით აქამდე?

– ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანები თვით ადამიანების მიერ უნდა გამოსწორდნენ, – უპასუხეს ანგელოზებმა.

იმ დღიდან ბერმა გამოასწორა თავისი შეცდომა და ღმერთსაც მადლობას სწირავდა და ძმასაც“.

 

 

თავი 204

კეთილკრძალული ერისქალი

 

აი კიდევ ერთ-ერთი მამის მონათხრობი:

„ერთ მონაზონ ჭაბუკს გველმა უკბინა და სამკურნალოდ ქალაქში ჩავიდა. ერთ-ერთმა კეთილკრძალულმა და ღმრთისმოშიშმა ქალმა იგი თავის სახლში მიიღო და შეუდგა მის მკურნალობას. როგორც კი ტკივილი ოდნავ დაცხრა, ეშმაკმა ძმას სიძვის აზრები მიაწოდა და ერთ დღეს იგი ქალს ხელზე შეეხო.

– არა, მამაო! გეშინოდეს ქრისტესი! – შესძახა ქალმა. – გაიხსენე ის მწუხარება და ტკივილი, რომელიც სენაკში უნდა გადაიტანო ამ ცოდვის მონანიების დროს, ის სულთქმა და ცრემლები, რომელიც მოგელის...

ასე არიგებდა ქალი მონაზონს და ბოლოს ბრძოლამაც გადაიარა. მას უკვე ქალის შეხედვისაც კი რცხვენოდა, უნდოდა გაქცეულიყო მისი სახლიდან. მაგრამ ქალს შეებრალა იგი და უთხრა:

– ნუ შეგრცხვება და ნუ წახვალ, მამაო! შენ ჯერ კიდევ გჭირდება მკურნალობა. ის აზრები შენი წმინდა სულიდან კი არ აღმოცენებულა, არამედ ეშმაკის მზაკვრობა იყო.

როცა მონაზონი სრულიად განიკურნა, ქალმა მშვიდობით გაისტუმრა იგი“.

 

 

თავი 205

„როგორღა შეძლებდი მოგესმინა წმინდა მამების გუნდისთვის...“

 

ერთ-ერთ კინოვიაში ცხოვრობდა მონაზონი, რომელსაც ხშირად აგზავნიდნენ მონასტრიდან სხვადასხვა საქმეებზე. როდესაც სოფელში გავლა მოუწევდა, მას ყოველთვის სიხარულით იღებდა თავის სახლში ერთი კეთილკრძალული ერისკაცი. ამ ერისკაცს ჰყავდა ერთადერთი ასული, რომელსაც ორი წელიწადი გაეტარებინა მეუღლეობის უღელქვეშ და ცოტა ხნის წინ დაქვრივებულიყო. და, აი, ხშირი სტუმრობის მეოხებით, მონაზონს მასზე ხორციელი ბრძოლა დაეწყო. ქალმა შეამჩნია ეს და კეთილგონივრულად ერიდებოდა მას, ცდილობდა, არ მოხვედროდა თვალში. ერთხელ ერისკაცი რაღაც საქმეზე ახლომდებარე ქალაქში გაემგზავრა და თავისი ასული მარტო დატოვა სახლში. სწორედ ამ დროს მონაზონიც მივიდა მათთან. როცა დაინახა, რომ ქალი მარტო იყო, ჰკითხა:

– მამაშენი სად არის?

– ქალაქში წავიდა.

ძლიერი ხორციელი ბრძოლისგან ძმა მღელვარებამ შეიპყრო და უნდოდა ძალა ეხმარა ქალზე. მაგრამ ქალს სულიერი სიმტკიცე არ დაუკარგავს.

– ნუ აღელდები და ნუ გამოხვალ წყობიდან, – უთხრა მან ჭაბუკს, – მამაჩემი დიდხანს არ დაბრუნდება, ჩვენ აქ მარტონი ვართ. ვიცი, რომ მონაზვნები ლოცვის გარეშე არაფერს აკეთებთ. ადექი, ილოცე და რასაც ღმერთი გულზე დაგადებს, ის გავაკეთოთ.

მაგრამ მონაზონი ვერაფერმა დაამშვიდა, მასში ვნების ქარიშხალი მძვინვარებდა.

– აქამდე არავისთან გქონია ხორციელი ურთიერთობა? – ჰკითხა ქალმა.

– არა! – მიუგო მონაზონმა. – და მინდა გავიგო რა არის ეს...

– იმიტომაც ხარ ასე აღელვებული, რომ არასოდეს გიგრძვნია უწმინდური ქალის სიმყრალე...

მრუშობის ვნება რომ ჩაეცხრო მონაზონში, ქალი ცდილობდა, თავი შეეზიზღებინა მისთვის.

– მე ახლა განწმენდის პერიოდში ვარ და ვინც მომეკარება, ყველა იგრძნობს საშინელ სუნს.

ქალის საუბარმა ბოლოს და ბოლოს გონს მოიყვანა ჭაბუკი და იგი ცრემლებად დაიღვარა. როცა შეატყო, რომ მონაზონი დამშვიდდა, ქალმა უთხრა მას:

– აი, ხედავ? შენთვის რომ დამეჯერებინა, ახლა უკვე ცოდვა ჩადენილი გვექნებოდა და განცალკევებით ვისხდებოდით. როგორ შეხედავდი მამაჩემს თვალებში? ან, მონასტერში დაბრუნებული, როგორღა შეძლებდი მოგესმინა წმინდა მამების გუნდისთვის, როდესაც ისინი საგალობელს აღუვლენდნენ შემოქმედს? გევედრები, ამიერიდან მაინც გამოფხიზლდი, რომ, წუთიერ სიამოვნებას დამონებულმა, წყალში არ ჩაყარო მთელი შენი ღვაწლი და შრომა და საუკუნო ნეტარებას არ მოაკლდე.

ამ საუბრის შემდეგ ძმა მონასტერში დაბრუნდა, შეინანა თავისი შეცოდება და ღმერთს მადლობა შესწირა იმისთვის, რომ კეთილგონიერი და უბიწო ქალის მეშვეობით მან საბოლოო დაცემისაგან იხსნა იგი.

ეს ამბავი თვით განსაცდელში ჩავარდნილმა ძმამ მოუთხრო იმ ბერს, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ.

 

 

თავი 210

თავმდაბალი ეპისკოპოსი

 

ერთმა ბერმა მოგვითხრო:

„ერთხელ ორ ეპისკოპოსს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. ერთი მათგანი მდიდარი იყო, მეორე კი უზომოდ თავმდაბალი. მდიდარი შემთხვევას ეძებდა, რომ მისთვის რაიმე ევნო. როდესაც ამის შესახებ თავმდაბალმა ეპისკოპოსმა შეიტყო, მან უთხრა თავის კლირიკოსებს:

– ქრისტეს მადლით ჩვენ გავიმარჯვებთ.

კარგად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.

– ვის შეუძლია, მეუფეო, გაუმკლავდეს ამ ადამიანს? – შეეპასუხნენ კლირიკოსები.

– ცოტა ხანს მოიცადეთ და ნახავთ.

იგი ხელსაყრელ შემთხვევას ელოდა.

ერთხელ, როცა მისი თანამოძმე ეპისკოპოსი წმინდა მოწამეების დღესასწაულს ზეიმობდა, მან თავის სამღვდელოებას გამოუძახა და უბრძანა:

– მომყევით! ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ!

– რას აპირებს? – ეკითხებოდნენ ერთმანეთს კლირიკოსები.

ეპისკოპოსი დღესასწაულის ადგილისკენ გაემართა. და, აი, როცა სახალხო მსვლელობის დროს მას მდიდარი ეპისკოპოსი მოუახლოვდა, იგი მთელ თავის სამღვდელოებასთან ერთად მის ფერხთით დაემხო და უთხრა:

– შეგვინდე, მეუფეო! შენი მონები ვართ...

ამ საქციელმა მდიდარი ეპისკოპოსის გული მოალბო. სულიწმიდის მადლის მოქმედებით, მისი სულიერი განწყობა სრულიად შეიცვალა. ის თვითონაც დაემხო თავისი თანამოძმის ფერხთით და შესძახა:

– შენ ხარ ჩემი მამა და მეუფე!

იმ დღის შემდეგ მათ შორის დიდი სიყვარული და თანხმობა ჩამოვარდა.

– ხომ გითხარით, რომ ქრისტეს მადლით ჩვენ გავიმარჯვებდით? – ეუბნებოდა თავმდაბალი ეპისკოპოსი თავის კლირიკოსებს. – თქვენც ასევე მოიქეცით, როცა ერთმანეთში უთანხმოება გექნებათ, და ყოველთვის გაიმარჯვებთ“.

 

. . .

აი, იმავე ბერის გამონათქვამი:

„თავმდაბალი ადამიანი თვით მეფეზე მეტადაა განდიდებული, რადგანაც მეფეს მხოლოდ პირში აქებენ, თავმდაბალს კი პირშიც და ზურგსუკანაც ყოველთვის აქებენ და განადიდებენ“.

 

 

თავი 213

ეკლესიაში ახლაც ხდება სასწაულები

 

ერთი ბერი გვიამბობდა ღმრთის ეკლესიაში მომხდარი დიდებული სასწაულების შესახებ. ეკლესიაში ახლაც ხდება სასწაულები: იმ მწვალებლობების აღმოსაფხვრელად, რომლებიც დრო და დრო აღმოეცენებიან ხოლმე მის წიაღში, განსაკუთრებით კი აკეფალ სევეროსის დამღუპველი სწავლების აღმოსაფხვრელად. სასწაულები ხდება აგრეთვე სულიერად უძლურ მორწმუნეთა განსამტკიცებლად, ამასთან ერთად კი – თვით მწვალებლების მოსაქცევად, თუკი ისინი ამას მოისურვებენ. ამიტომაც ღირსი მამები და წმინდა მოწამეები ქრისტიანობის დაარსების დროიდან დღემდე აღასრულებენ სასწაულებს ღმრთის ეკლესიაში.

 

 

თავი 214

სასწაული სორუდაში

 

იმ მთის ძირში, რომელზეც დაშენებულია კიანელების ქალაქი, მდებარეობს სოფელი სორუდა. ამ სოფელში არის ემბაზი. ღმრთის განცხადების დღეს მასში წვეთ-წვეთად ჩნდება წყალი და სამ საათში იგი პირთამდე ივსება. ნათლისღების შემდეგ კი ასევე სამი საათის მანძილზე წყალი ნელ-ნელა კლებულობს და ბოლოს სულ ქრება.

თავი 215

სასწაული კედრებატში

 

იმ მთის ძირში, რომელზეც ქალაქი ენოანდაა აღმართული, არის სოფელი კედრებატი. ამ სოფელშიც აქვთ ემბაზი. და თუმცა იგი ერთი მთლიანი ქვისგანაა გამოთლილი, პასექის დღესასწაულზე, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს, უცბად თავისით ივსება წყლით და სულთმოფენობამდე სავსე რჩება, სულთმოფენობის დღესასწაულზე კი წყალი უცბადვე ქრება. ეს ორივე სასწაული აღესრულება ლუკიის მხარეში. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარება, არცთუ დიდი შრომა სჭირდება ლუკიამდე მისვლას, – შეუძლია წავიდეს და დარწმუნდეს ამ მონათხრობის უტყუარობაში.

 

 

თავი 217

ბერის გამონათქვამი

 

ერთ-ერთმა ბერმა თქვა:

„შვილებო, მარილი წყლისგანაა, მაგრამ წყალთან შეერთებისას იგი დნება და ქრება. ასევე, მონაზონი ქალისგან იშვება, მაგრამ ქალთან მიახლოებისას ის მოუძლურდება და არარაობად იქცევა, – ანუ მას უკვე აღარ ჰქვია მონაზონი“.

 

 

თავი 218

ბერი და მიწათმოქმედი

 

აბბა კონსტანტინეს მონასტრის იღუმენმა – აბბა სერგიმ – მოგვითხრო:

„ერთხელ, ერთ წმინდა ბერთან ერთად მოგზაურობისას, გზა აგვებნა და უნებურად, ისე, რომ არც კი ვიცოდით, სად მივდიოდით, დათესილ ყანაში მოვხვდით და ნათესები გადავთელეთ. ყანაში ამ დროს ერთი მიწათმოქმედი მუშაობდა. ჩვენ რომ დაგვინახა, საშინლად განრისხდა და ლანძღვა დაგვიწყო:

– თქვენ მონაზვნები ხართ?! თქვენ ღმრთის შიში გაგაჩნიათ?! ღმრთის შიში რომ გაგაჩნდეთ, ასე არ მოიქცეოდით!

– ღმრთის გულისათვის, ხმა არ ამოიღოთ! – სწრაფად გვითხრა ბერმა. – შემდეგ მიწათმოქმედს მიუტრიალდა და წარმოთქვა:

– მართალი ხარ, შვილო, ღმრთის შიში რომ გაგვაჩნდეს, ასე არ მოვიქცეოდით.

მაგრამ მიწათმოქმედი კვლავ განაგრძობდა ჩვენს ლანძღვას.

– მართალს ამბობ, შვილო, – კვლავაც უპასუხა ბერმა, – ჩვენ რომ ჭეშმარიტი მონაზვნები ვიყოთ, ამას არ გავაკეთებდით. მაგრამ, ღმრთის გულისათვის, გვაპატიე, შევცოდეთ შენ წინაშე.

ამ სიტყვებით შეძრული მიწათმოქმედი ბერის წინ მუხლებზე დაემხო და შესძახა:

– მე შევცოდე, შემინდე! და ღმრთის გულისათვის, თან წამიყვანე!

ის მართლაც გამოგყვა და მონაზვნად აღიკვეცა“.

 

 

თავი 219

„რაჲთა კაცი ყოველსა ჟამსა თავსა თვისსა აბრალებდეს“

 

აი კიდევ რა მოგვითხრო ბერმა:

„რამდენიმე ხანს აბბა გერასიმეს ლავრაში ვცხოვრობდი. იქ იყო ერთი ძმა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე სულის სასარგებლო თემებზე. ერთ-ერთი ასეთი საუბრისას მე გავიხსენე აბბა პიმენის გამონათქვამი: „რაჲთა (კაცი) ყოველსა ჟამსა თავსა თვისსა აბრალებდეს“.

– მამაო, – მითხრა ძმამ, – ამ სიტყვების ძალა და სულიერი სარგებელი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მე ერთი უახლოესი მეგობარი მყავდა – იგი ლავრის დიაკონი იყო. ერთხელ ამ დიაკონს მოეჩვენა, თითქოს რაღაცა ისეთი ჩავიდინე, რაც მას შეურაცხყოფდა, და გულნატკენი იყო ჩემზე. როდესაც შევნიშნე, რომ მოღუშული სახით მიყურებდა, ვთხოვე აეხსნა, რა ხდებოდა. „აი ესა და ეს გააკეთე შენ!“ – მითხრა მან. მე სრულიად უდანაშაულო ვიყავი იმაში, რაშიც ის მადანაშაულებდა, ამიტომაც შევეცადე დამერწმუნებინა, რომ მსგავსი არაფერი მქონდა ჩადენილი. დიაკონმა კი მიპასუხა: „შემინდე, მაგრამ შენი თავის მართლება მე არ მაკმაყოფილებს“. წავედი ჩემს სენაკში და ჩავუღრმავდი საკუთარ გულს: იქნებ მსგავსი რამ მართლაც მქონდა ჩადენილი. მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. ერთ დღეს, როცა დიაკონს ხელში წმინდა ბარძიმი ეჭირა და ხალხის საზიარებლად ემზადებოდა, მე დავიფიცე მის წინაშე და ვარწმუნებდი, რომ ნამდვილად არ მიმიძღოდა ბრალი იმაში, რაშიც ის ბრალს მდებდა; მაგრამ მაინც ვერაფერში დავარწმუნე. კვლავ განვმარტოვდი ჩემს სენაკში და შევეცადე გამეხსენებინა წმინდა მამათა გამონათქვამები. ამან კეთილი გავლენა იქონია ჩემზე და ასე მივმართე საკუთარ თავს: „დიაკონს გულწრფელად ვუყვარვარ და, ამ სიყვარულით აღძრული, პირდაპირ მეუბნება ყველაფერს, რაც გულში აქვს; და მეუბნება იმისთვის, რომ გონს მოვიდე და ვიფხიზლო საკუთარ თავზე და არაფერი უჯერო აღარ ჩავიდინო. დავუშვათ, უბადრუკო სულო ჩემო, შენ არ ჩაგიდენია ის, რაშიც გადანაშაულებენ; მაგრამ ნუთუ არ ჩაგიდენია სხვა უამრავი უჯერო საქმე, და ნუთუ ყველა მათგანი გახსოვს ახლა? სად არის ის საქმეები, რომლებსაც გუშინ აღასრულებდი, ან სამი დღის, ან ათი დღის წინ? გახსოვს კი ყველა მათგანი? აქედან გამომდინარე, ისიც ხომ არ ჩაიდინე, რასაც დიაკონი გაბრალებს, და მერე ეს საქციელიც მიგავიწყდა, როგორც ყველა დანარჩენი?“ ასეთ ფიქრებში ვიყავი და ბოლოს ისე განვაწყვე საკუთარი გული, თითქოს მართლაც ჩამედინოს ის, რაშიც მადანაშაულებდნენ და შემდეგ დამვიწყებოდეს. მე მადლობას ვწირავდი ღმერთს და, ამავე დროს, დიაკონს, რომ მისი მეშვეობით ღმერთმა საკუთარი ცოდვა დამანახა და საშუალება მომცა, შემენანებინა. ამ ფიქრების შემდეგ ავდექი და დიაკონთან წავედი, რათა შენდობა მეთხოვა და მადლობაც გადამეხადა იმისთვის, საკუთარი ცოდვის შეცნობაში რომ დამეხმარა. როგორც კი კარზე დავაკაკუნე, ის მაშინვე გამომეგება და ჩემ წინ მუხლებზე დაემხო. „შემინდე, ძმაო, – მეუბნებოდა, – ეშმაკმა დამცინა და შენ მიმართ ეჭვები ჩამითესა გულში; ახლა კი ჭეშმარიტად თვით ღმერთმა მომიყვანა გონს და შენს უდანაშაულობაში დამარწმუნა“. ამის შემდეგ დიაკონმა მითხრა, რომ უფლებას არ მომცემდა, კვლავ შენდობა მეთხოვა მისგან. „ეს ნამდვილად აღარ არის საჭირო“, – ამბობდა იგი“.

ამ მონათხრობმა დიდი სულიერი სარგებელი მომიტანა და მე ქება-დიდება აღვუვლინე ყოვლადწმინდა სამებას – მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისა არს სუფევა, ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ა მ ი ნ !

 

 

 

შენიშვნები

 

1. ღირსი მამა იოანე მოსხი და სოფისტი სოფრონი ცხოვრობდნენ VI საუკუნის მეორე ნახევარსა და VII საუკუნის პირველ ნახევარში. იოანე მოსხი თავდაპირველად იორდანის მახლობლად, წმინდა ილიას მონასტერში მოღვაწეობდა. შემდეგში მას დაემოწაფა სოფისტი სოფრონი. სულიერი სარგებლის მისაღებად მათ ერთად იმოგზაურეს პალესტინაში, ეგვიპტეში, სირიაში, მცირე აზიაში, კვიპროსსა და რომში. ამ მოგზაურობის დროს სოფისტი სოფრონი მონაზვნად აღიკვეცა, ხოლო თავისი მოძღვრის – ღირსი იოანეს გარდაცვალების შემდეგ იგი დაადგინეს იერუსალიმის პატრიარქად (638-644წწ.). სოფისტი სოფრონის ხსენებას ეკლესია აღნიშნავს 11/24 მარტს.

2. ნეტარი ილია – იერუსალიმის პატრიარქი იმპერატორ ანასტასის მეფობის (491-518 წწ.) დროს. წარმოშობით არაბი. იხ. თავი 35.

3. ევსტოქი – იერუსალიმის პატრიარქი 546– 563 წწ.

4. თეოდოტე – ანტიოქიის პატრიარქი 420 – 426 წწ.

5. თეოპოლისი – იგივე ანტიოქია.

6. ალექსანდრე – ანტიოქიის პატრიარქი 413 – 420 წწ.

7. იხ. სქოლიო #2.

8. იხ. სქოლიო #2.

9. ეფრემი – ანტიოქიის პატრიარქი 527 – 546 წწ. სანამ პატრიარქად აკურთხებდნენ, იგი იყო აღმოსავლეთის მხარის გამგებელი (პრეფექტი).

10. გამგებელი ეფრემი – შემდეგში ანტიოქიის, ანუ თეოპოლისის პატრიარქი, რომელიც მოხსენებულია 36– ე თავში.

11. ექვთიმე – კონსტანტინოპოლის პატრიარქი 490 -504 წწ.

12. მაკედონი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი ექვთიმეს შემდეგ.

13. იხ. სქოლიო #2.

14. ანასტასი – ანტიოქიის პატრიარქი 561 – 569 წწ.

15. გრიგორი – ანტიოქიის პატრიარქი 569 – 584 წწ. სანამ პატრიარქი გახდებოდა, იგი იყო იერუსალიმის ფარანის ლავრის იღუმენი.

16. ღირსი კოზმან საჭურისი – მოღვაწეობდა ფარანის ლავრაში იმ დროს, როცა ლავრის იღუმენი იყო გრიგორი: იხ. სქოლიო #15.

17. ევსტოქი – იერუსალიმის პატრიარქი 544 – 563 წწ.

18. პატრიარქი გრიგორი – იხ. სქოლიო #15.

19. სვინკელი – თანამესენაკე.

20. თალალე – თესალონიკის ეპისკოპოსი VI ს-ის მეორე ნახევარში.

21. დომნინე – ანტიოქიის პატრიარქი 441 – 448 წწ.

22. შემცოდე ძმის შესახებ მოთხრობილია 97-ე თავში.

23. იხ. თავი 95.

24. ტიბერიუს II – ბიზანტიის იმპერატორი 571 – 582 წწ.

25. აბბა ანდრიას შესახებ იხ. თავი 116.

26. მავრიკიოსი – ბიზანტიის იმპერატორი 588 – 602 წწ.

27. იხ. თავი 131.

28. პატრიარქის ტახტი გრიგორის ეპყრა 569 – 584 წწ.

29. იხ. სქოლიო 28.

30. გენადი – კონსტანტინოპოლის პატრიარქი 458 – 471 წწ. ხსენება 31 აგვისტოს, ანუ 13 სექტემბერს.

31. აპოკრისარი (პასუხისმგებელი) – ეს იყო პირი, რომელსაც ევალებოდა ეკლესიის საქმეებზე ზრუნვა.

32. ევლოგი – ალექსანდრიის პატრიარქი 590 – 607 წწ. ხსენება 27 თებერვალს, ანუ 11 მარტს.

33. არქიდიაკონი გრიგორი – შემდეგში რომის პაპი გრიგოლ დიოლოღოსი (590 – 604 წწ.). ხსენება 12/25 მარტს.

34. ლეონ დიდი – რომის პაპი 440 – 461 წწ.

35. ფლაბიანე – კონსტანტინოპოლის პატრიარქი 447 -449 წწ. აღესრულა გადასახლებაში.

36. ამოსი – იერუსალიმის პატრიარქი 594 – 601 წწ.

37. აგაპიტე – რომის პაპი 535 – 536 წწ. ხსენება 17/30 აპრილს.

38. იხ. სქოლიო 33.

39. იხ. სქოლიო 26.

40. ზენონი – ბიზანტიის იმპერატორი 474 – 491 წწ.

41. იხ. სქოლიო 33.

42. აპოლინარიოსი – ალექსანდრიის პატრიარქი 551 წლიდან. აღესრულა 565 წელს.

43. იხ. სქოლიო 32.

44. თეოფილე – ალექსანდრიის პატრიარქი 385 – 412 წწ. იგი ებრძოდა წმინდა იოანე ოქროპირს.

45. სინეზი – ცნობილი ქრისტიანი ფილოსოფოსი, კირენას ეპისკოპოსი. აღესრულა 428 წ.

46. ათანასე დიდი – ალექსანდრიის პატრიარქი 326 -373 წწ. ხსენება 2/15 მაისს (აღსრულების დღე) და 18/31 იანვარს.

47. ალექსანდრე – ალექსანდრიის პატრიარქი 312 -326 წწ.

48. მღვდელმოწამე პეტრე – ალექსანდრიის პატრიარქი 300 – 311 წწ. ხსენება 25 ნოემბერს ანუ 8 დეკემბერს.

49. აქილა – ალექსანდრიის პატრიარქი 311 – 312 წწ.

50. პავლე – ალექსანდრიის პატრიარქი 539 – 542 წწ.

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა