martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

თხრობანი ათონური გერონდიკონიდან

 

ახალ სკიტელი გულმოწყალე ბერი ხარლამპი მძიმე სნეულების გამო საწოლზე იყო მიჯაჭვული.

ის მამა კ.-მ მოინახულა.

– როგორ ხარ მამაო? – შეეკითხა ბერი სტუმარს.

– კარგად, გერონდა, შენი ლოცვით.

– საჭმელი თუ გაქვს?

– მაქვს ცოტაოდენი ორცხობილა.

მაშინ ბერი წამოდგა და რამდენიმე შეუპოვარი მცდელობის შემდეგ, თავისი უძლური ფეხების დაძაბვით, მისწვდა თაროს და ჩამოიღო პური.

– აიღე ეს, ჩემო ძმაო და მამაო, და ილოცე ჩემთვის.

„ამ საქციელმა მაშინ ისე გამაძლიერა, – ჰყვებოდა მამა კ., – რომ ჩემს მეხსიერებაში მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩა. ის მომაკვდავი იყო, მაგრამ ძმაზე ზრუნვა მშვიდად ყოფნის ნებას არ აძლევდა.

 

 

ერთხელ ახალი სკიტის მამები საძვალეს ასუფთავებდნენ და მათთან ერთად იყო ერთი ბერი, სახელად დანიელი, რომელიც ახალი სკიტის კოშკში მოღვაწეობდა და ყველას უდრტვინველად ემსახურებოდა. თავის ადგილზე შრომისას მან გარდაცვლილ მამებს მიმართა და თქვა:

– თქვენ ქვეყანაზე იღვწოდით და ამისთვის გვირგვინოსან-იქმენით და ჩვენს ზეციურ სამშობლოში დამკვიდრდით. ჩვენთვისაც ილოცეთ, წმიდანო მამანო.

და მაშინ საძვალეში ხმა გაისმა:

– თუკი სიყვარული გაქვთ!!! სიყვარულის გარეშე ვერავინ ცხონდება!

 

 

 

ბერმა თქვა:

– ერთხელ ერთი ღვთისმეტყველი მეწვია და მთხოვდა, ხელთუქმნელი ნათლის შესახებ მომეთხრო მისთვის. ვკითხე: „განიწმინდე ვნებებისაგან, რომლებიც რყვნიან სულს? თუ არა, რისთვის გინდა ხელთუქმნელი ნათლის შესახებ მოისმინო?“

 

 

ერთ ბერს ვკითხეთ, რამდენი წელი იყო, რაც უდაბნოში მოღვაწეობდა, რაზეც გვიპასუხა:

– წლები ბევრი მაქვს, მაგრამ წარმატება არანაირი. ტურებიც ცხოვრობენ უდაბნოში, მაგრამ ტურებად რჩებიან!

 

 

ერთი ისიხასტი ბერი ამბობდა:

– გონება და სული არასოდეს განიწმინდება, თუკი მუდმივად ვუყურებთ ამასოფელს და იმას, რაც მასშია.

 

 

ერთი კატუნაკელი მეუდაბნოე სულ იმეორებდა:

– სულო, ის, რაც აქაა – დროებითია, ხოლო რაც იქაა – მარადიულია.

 

 

ბერმა თქვა:

– შვილო, ვერ აგიწერ იმ სიამოვნებას, რომელსაც ჩემი გული განიცდიდა, როცა ადამიანები უსამართლოდ მექცეოდნენ. ვგრძნობდი, რომ ქრისტეს ყვედრების სამოსელით ვიმოსებოდი.

 

 

ერთხელ, გერმანული ოკუპაციის წლებში (1940-1941) გრიგორიუს მონასტრის საწყობებში პური გამოილია. როდესაც მამებმა უკანასკნელი მარცვლები ამოიღეს წისქვილზე გასაგზავნად, მათ ერთი მოხუცი მიუახლოვდა და მიესალმა, ის ერის მღვდელს ჰგავდა.

– აქ რას აკეთებთ, ძმებო? – შეეკითხა მოხუცი ბერებს. – ესაა მთელი თქვენი პური? მეტი მარაგი არ გაგაჩნიათ?

მამებმა უპასუხეს, რომ ეს მართლაც უკანასკნელი პურია, და ახლის ყიდვა ვერ შეძლეს ოკუპაციის გამო. აღსანიშნავია, რომ მონასტერს მონაზვნებისა და მომლოცველების გამოსაკვებად წელიწადში 10 000 ოკა (12,8 ტონა) სჭირდებოდა, ხოლო ოკუპაციის პერიოდში ერთი ოკას ყიდვაც კი შეუძლებელი იყო.

ამ უცნობმა მღვდელმა აიღო რამდენიმე პურის მარცვალი, აკურთხა და უკანასკნელი პურის გროვაზე დააგდო. შემდეგ აკურთხა ქვეყნიერების ოთხი მხარე, მონასტერი, ზღვა და წასასვლელად მოემზადა.

– მამაო, საიდან ხარ? – ჰკითხეს მამებმა. – დაჯექი ჩვენთან, ცოტაოდენ პურსა და ზეთისხილს გაჭმევთ.

– შორიდან ვარ, მირონ-ლუკიიდან, – უპასუხა მოხუცმა და წავიდა.

ამ დროს ერთმა ძმამ სტუმრისთვის საჭმელი მოიტანა, მაგრამ მოხუცი, რომელიც მონასტრის მფარველი იყო (წმ. ნიკოლოზი), გაუჩინარდა. (გრიგორიუს მონასტრის კათოლიკონი – მთავარი ტაძარი – წმ. ნიკოლოზის სახელობისაა). ის ნაკურთხი პური, რომელიც დაახლოებით 150 ოკა იყო, მომავალ მოსავლამდე ეყოთ, ანუ დეკემბრიდან (როცა წმ. ნიკოლოზი გამოეცხადათ) ივლისამდე.

 

 

არაჩვეულებრივი უბრალოებით გამორჩეული ბერი დავითი დიონისიუდან თავის სტუმრებს განკითხვის ზიანზე ეუბნებოდა:

– ყურადღებით იყავი, ნუ ილაპარაკებ: ის ამას შვრება და ეს – ამას. ასე ქრისტეს მადლს დაკარგავ. თუნდაც დაინახო, რომ ვიღაცა ვირივით იქცევა, მაინც ნუ დასცინებ. „შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი“, ასე ამბობს ქრისტე.

 

 

მეუდაბნოე პაპა-ტიხონის (ანუ მღვდელმონაზონი ტიხონის – მთარგმ. შენ.) ნეტარი გარდაცვალების წინა დღეებში მას ემსახურებოდა მოწაფე და მორჩილი ბერი პაისი (ცნობილი პაისი ათონელი – მთარგმ. შენ.). ეს მოხდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის (8 სექტემბერი ძვ.სტ.) წინადღით. მამა პაისი ეწვია ბერს მის სენაკში.

– შენ წმიდა სერაფიმე ხარ? – ჰკითხა სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე პაპა-ტიხონმა.

– რას ამბობთ, მამაო? მე თქვენი არ მესმის.

– აი, – უპასუხა ბერმა, – ამ წუთას აქ იყვნენ ღირსი სერაფიმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად, და ჩვენ ვსაუბრობდით.

– რა გითხრათ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა? – შეეკითხა მამა პაისი.

– მითხრა, რომ წამიყვანს თავისი დღესასწაულის შემდეგ.

და მართლაც, 10 სექტემბერს (ძვ.სტ.) მალევე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის შემდეგ, პაპა-ტიხონი მშვიდობით მიიცვალა ჯვრით ხელში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა პაისიმ ბერს ცხვირთან რეჰანის ტოტი მიუტანა, რომ სურნელება შეეგრძნო.

– მშვენიერი სურნელება აქვს, მამაო, უთხრა მამა პაისიმ.

– ჰო, ჩემო შვილო, მაგრამ სამოთხის სურნელება ბევრად უფრო მშვენიერია!..

 

 

ათონზე გარდაცვლილ ძმას მამები საძვალეში მიასვენებენ, სადაც სულიერი მოძღვრის ბაგეებით ის შენდობას სთხოვს მთელ ძმობას, რადგან შესაძლოა სიცოცხლეში ვინმეს აწყენინა. ამგვარად, პაპა-მინას ამ დროებითი ცხოვრებიდან გასვლისას, ვერ მოიძებნა ვერცერთი ძმა, რომელიც გაიხსენებდა, რომ მან როდისმე აწყენინა. ყველამ დაამოწმა, რომ პაპა-მინა, მართალია ხშირად დაღლილი იყო, მაგრამ არასოდეს უთქვამს უარი იმისთვის, ვისაც რაიმე დახმარება სჭირდებოდა, სულიერი იქნებოდა თუ მატერიალური!

 

 

იყო ორი ძმა, რომლებიც გამუდმებით ლანძღავდნენ ერთმანეთს, რადგან ერთი მათგანი, სახელად ზოსიმე, მეორისგან რაღაც ფულს ითხოვდა. მეორე ძმა ამბობდა, რომ არაფერი მართებს მისი, და ამგვარად სულ ჩხუბში იყვნენ. პაპა-მინამ ეს რომ გაიგო, თავის კალივაში მივიდა და მორჩილს უთხრა:

– ეჰ, კურთხეულო გერო-ონუფრი, ისინი ისევ ილანძღებიან. უნდა ვიშოვო ფული, რომ მივცე იმას, ვინც ითხოვს, რომ ეს ჩხუბი დამთავრდეს.

ამგვარად, ბერმა აიღო მთელი ფული, რაც გააჩნდა და მიუტანა მამა ზოსიმეს ამ სიტყვებით:

– მამა ზოსიმე, აიღე ეს ფული, ის მამა N-მა მომცა, რომელსაც შენი ვალი აქვს. მაგრამ ეს საიდუმლოდ დაიცავი, ხომ იცი, რომ მე სულიერი მოძღვარი ვარ.

ამგვარად ორი ძმის კინკლაობა ბოლოს და ბოლოს დასრულდა.

პაპა-მინას ამქვეყნიდან გასვლის შემდეგ, როდესაც ყველა აქებდა მის სათნოებებს, მამა ზოსიმემ თქვა, რომ ბერმა მას საიდუმლოდ გადასცა ფული ძმისგან, რომელთანაც წაჩხუბებული იყო. მაშინ იმ ძმამ, ეს რომ მოისმინა, წამოიძახა:

– არა, მამა ზოსიმე, მე მისთვის არანაირი ფული არ მიმიცია!

ეს რომ გაიგეს, ყველა მამამ, მოხუცმა და ახალგაზრდამ, შესძახა:

– ჭეშმარიტად დიდი სათნოებების ნიშნებით გადასახლდა პაპა-მინა წარმავალი ცხოვრებიდან მარადიულში!

და ყველამ ადიდა ღმერთი.

 

 

ერთხელ ერთი ღვთისმეტყველი ბერ იოსებ მღვიმელს ეწვია. ბერმა შეიგრძნო მისგან გამომავალი ერთგვარი მყრალი სუნი, რის შესახებაც აუწყა სტუმარს და ურჩია აღსარება ეთქვა. როგორც გაირკვა, სიმყრალის მიზეზი ის იყო, რომ სტუმარს სწამდა დარვინის თეორიისა ადამიანის წარმოშობის შესახებ.

 

 

პატივსაცემ ბერ ათანასეს, წმიდა ანას სკიტის ბიბლიოთეკარს, ცილი დასწამეს და ხელნაწერის ქურდობა დააბრალეს; 1935 წელს ციხეში ჩასვეს, სადაც სამი წელი გაატარა. უდანაშაულო ბერი ამ გამოცდას სულიერი სიმშვიდით, მოთმინებითა და ძვირუხსენებლობით შეხვდა. ის არ დათანხმდა სასამართლოში ეჩივლა ცილისმწამებლებისთვის, ეს საქმე ღვთის მართალ მსჯავრს მიანდო. ნამდვილმა ქურდობის ჩამდენმა, როცა მისი სიკვდილის ჟამი დადგა და სული ხორცს შორდებოდა, აღიარა, რომ წიგნი სკიტის საძვალეში შეინახა.

 

 

ერთი მოღვაწე ბერი ამბობდა:

– პირველ ყოვლისა ეშმაკს სურს ლოცვაში ხელი შეგვიშალოს. როგორც კი ვინმე ლოცვას იწყებს, მტერი ცდილობს მისი გონება აზრებითა და სხვადასხვაგვარი ოცნებებით გაფანტოს. თუკი ამით ვერაფერს მიაღწევს, მაშინ თვითონ გამოჩნდება, რომ შეგვაშინოს და ლოცვის შეწყვეტა გვაიძულოს. ერთხელ, როცა სალოცავად დავიჩოქე, ჩემს უკან ძლიერი ნათება დავინახე. მივხვდი, რომ ეს ეშმაკისგან იყო, ყურადღება არ მივაქციე და უშიშრად განვაგრძე ლოცვა. ჩემგან მარცხნივ, რამდენიმე მეტრის მოშორებით, ორი პატარა ეშმაკი გამოჩნდა, რომლებმაც ცეკვა-თამაში დაიწყეს, რომ ჩემში სიცილი გამოეწვიათ...

 

 

დიდ ასკეტიზმთან ერთად, რომელიც ღვთაებრივ სიმდაბლესთან იყო შეუღლებული, რუს მოღვაწე პაპა-ტიხონს ჰქონდა განუწყვეტელი ლოცვის ნიჭი, და მისი ლოცვა ძილშიაც არ წყდებოდა.

– როცა ლოცულობ, – ამბობდა ის, – ლოცვა გულს იმგვარად უნდა შეუერთდეს, როგორც ერთ საგანს მეორეზე აწებებ.

ის კიდევ ამბობდა:

– სანამ რაიმე საქმეს დაიწყებ, ამ სიტყვებით ილოცე ღვთის წინაშე: „ღმერთო ჩემო, მომეც ძალა და გულისხმისყოფა“. და დასრულების შემდეგ: „დიდება შენდა, ღმერთო“.

 

 

მოხუცი ბერი, გონებითი და გულითადი ლოცვის მოქმედი, ამბობდა:

– ჩვენ ლოცვა არ უნდა მივატოვოთ. უნდა ვლოცულობდეთ, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცემა, რომ გონება ამაოებაში არ მიმოიქცეოდეს. ლოცვაში ის მშვიდდება, ისვენებს და ხარობს. აი, პატარა ბავშვები მთელი დღე დარბიან, ყვირიან, თამაშობენ, ეცემიან, ზიანდებიან, და მხოლოდ საღამო ჟამს მოაქვს მათთვის დასვენება და სიმშვიდე, ისინი ხარობენ, რადგან თავიანთი დედების გვერდით არიან. ასევეა კაცის გონება. დაე ნუ გაედევნება ამაოს, დაე ლოცვით დაკავდეს.

 

 

რა უნდა ვთქვათ და როგორ აღვწეროთ სულიერი მოძღვრის, პაპა-ეგნატე კატუნაკელის სათნოებები?

როდესაც საღვთო ლიტურგია დასრულდებოდა, პაპა-ეგნატეს მოძღვარი ხშირად თათხავდა მას, ის კი არასოდეს ღიზიანდებოდა, არამედ ასე ამბობდა:

– მომისმინეთ, მამებო და ძმებო! როცა ჩვენ, ახალგაზრდებს, გვთათხავენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ ჩვენი მოძღვრები, სრულიად არ უნდა გავღიზიანდეთ. პირიქით, უნდა გვიხაროდეს და დავეხმაროთ მათ ამაში, რადგან ისინი იმისთვის ზრუნავენ, თუ როგორ გაათავისუფლონ ჩვენი გული ეშმაკის სამკაპისგან, ანუ ამპარტავნებისგან, ეგოიზმისგან და აღზვავებისგან. თუკი დღე ისე გავა, რომ ჩემი მოძღვარი ნეოფიტე არ გამლანძღავს და არ გამთათხეს, ძალიან ვწუხვარ და საკუთარ თავს ვეუბნები: „საწყალი პაპა-ეგნატე, დღეს არ გაგლანძღეს, უნდა უფრთხილდე ეშმაკის სამკაპს, რადგან ის უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს შენს გულში“.

 

 

როცა ექიმმა სპირიდონ ლავრიოტმა მორჩილად მიიღო ექიმი მამა პავლე პავლიდისი, უთხრა მას:

– აიღე ქაღალდის ფურცელი, ფანქარი და დაწერე: „მონაზვნური ცხოვრება – ეს არის „მაკურთხე“ და „შემინდე“.

 

 

მრავალი წლის წინ დოხიარიუს მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ძალიან სასიამოვნო ხმის მქონე მგალობელი – მონაზონი სინეზი, ხალკიდიკიდან; მას განსაკუთრებული მოწიწება გააჩნდა წმიდა პარასკევას მიმართ და ყოველდღიურად შესთხოვდა შეწევნას სულის ცხონებაში. ამასთანავე სთხოვდა მას, თუკი რაიმე დამაბრკოლებელი იქნებოდა მისი სულის ცხონებისთვის, წმინდანს ჩამოეცილებინა ეს დაბრკოლება იმგვარად, როგორც თავად უწყოდა.

და მართლაც, წმიდა პარასკევას ერთ დღესასწაულზე (26 ივლისი ძვ.სტ.) სინეზიმ იგრძნო, რომ მისი ხმა ხრინწიანი ხდებოდა. დრო გავიდა და მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ჯანმრთელობა უფრო გაუარესდა. ყველა ლოცულობდა მგალობლის ხმის აღდგენისთვის, მაგრამ ამაოდ. მაშინ წმიდა პარასკევა იღუმენს ძილში გამოეცხადა და უთხრა: „რატომ აწუხებთ უფალს თქვენი ყოველდღიური ლოცვებით სინეზისთვის? ის თვითონ მრავალი წლის განმავლობაში მთხოვდა, რომ გამეთავისუფლებინა იმისგან, რაც ხელის შემშლელი იყო მისი ცხონებისათვის“.

ამის შემდეგ იღუმენმა მოიხმო მგალობელი სინეზი და დარწმუნდა წმინდანის მიერ ნათქვამი სიტყვების სიმართლეში. და მართლაც, როცა სინეზი გალობდა, მისი ხმის მელოდიურობის გამო მასში ცუდმედიდობის აზრები და მზვაობრობა ჩნდებოდა, რადგან ის არ ცდილობდა, რომ ეს ნიჭი მიეკუთვნებინა ყოველი სიკეთის მომნიჭებელი ღმერთის მოწყალებისთვის.

იმ დროიდან, რაც ხმა ჩაეხლიჩა, სინეზი სკვნილზე ლოცულობდა: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“, და შეიქნა სამგზის კურთხეულ და ნეტარ სიმდაბლესთან შეერთებული გონებრივი ლოცვის სარწმუნო და ღირსეულ მოქმედად.

 

 

მცირე ანას სკიტში ცხოვრობდა ერთი ბერი თავის მორჩილთან ერთად. იყო ღვთისმშობლის დიდი დღესასწაული.

– მამაო, წავალ, თევზს დავიჭერ, რადგან ღვთისმშობლის დღესასწაულია; რა უნდა ვჭამოთ?

– შვილო, – უთხრა ბერმა, – ჩვენი მეზობლები მეთევზეები არიან. თუკი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სურვილი იქნებოდა, რომ თევზი გვეჭამა, მას მეზობლები მოგვიტანდნენ; რაკი არ მოგვიტანეს, ეს ნიშნავს, რომ არ ისურვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა.

– არა, მამაო, თევზს შევჭამთ.

– არა, არ მინდა, – უპასუხა ბერმა.

– მე წავალ თევზის დასაჭერად, – თქვა მორჩილმა და წავიდა.

მაშინ ბერი შეწუხდა, რომ მორჩილს რაიმე ძლიერი განსაცდელი არ შემთხვეოდა, ზღვაში არ ჩავარდნილიყო, რადგან ურჩობაში იმყოფებოდა... ბერი თავის სენაკში წავიდა და მორჩილისთვის სკვნილზე ლოცვა დაიწყო.

მორჩილი დაეშვა ზღვასთან, ჩააგდო ანკესი და იგრძნო, რომ ნემსკავს რაღაც მოედო. მან ძლიერად ამოსწია და უეცრად წყლიდან ჰინდო (ეშმაკი) ამოხტა, შავზე შავი, მანათობელი თვალებით, რომელიც მზად იყო სცემოდა მორჩილს, მაგრამ რაღაც ძალა აკავებდა (რადგან ბერი თავისი შვილისთვის ლოცულობდა). შეშინებული მორჩილი გაიქცა, ხოლო ეშმაკი ფეხდაფეხ მისდევდა ზღვიდან წმიდა ანას სკიტამდე, სენაკამდე, სანამ მორჩილმა კარი არ გააღო და შიგნით არ შევარდა. მაშინ ეშმაკმა მიაძახა: „უვარგისო შავოსანო, რას დაგაკლებ, სანამ შენი ბერი შენთვის ლოცულობს? თორემ ზღვაში ჩაგაგდებდი და ჩაგახრჩობდი!“ აი, რას შვრება ურჩობა!

 

 

წმიდა აკაკი კავსოკალიველის გამოქვაბულის ზემოთ მდებარეობს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კალივა, რომელშიც დღეს ცხოვრობს პაპა-სერაფიმე წმიდა ძმობასთან ერთად.

რამდენიმე წლის წინ იქ ცხოვრობდა ბერი ხარლამპი. ის ზომაგადასული მოღვაწეობისკენ მიილტვოდა, როცა ჯერ განწმენდილი არ იყო ამპარტავნებისა და მზვაობრობის ვნებებისაგან; ამ (გაძლიერბული მოღვაწეობის) მიზნით ის დაეყუდა თავის კალივაში და მხოლოდ ორცხობილით იკვებებოდა.

გავიდა ერთი კვირა და ასკეტური საკვები გამოილია. ხარლამპიმ კალივის კარი გააღო და იქვე დაინახა ორცხობილებით სავსე ტომარა. მაშინ ის დარწმუნდა, რომ მისი ღვაწლი და მარხვა სათნოა ღვთისთვის, და უფრო მეტი ზვაობით აღივსო.

გავიდა დაახლოებით ერთი თვე. ერთხელ შუაღამით ხარლამპი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომელს კითხულობდა. როცა მივიდა სიტყვებამდე: „ზღუდე ხარ ქალწულთა, ღმრთისმშობელო ქალწულო...“, გაიგონა კარზე კაკუნი. კარი გააღო და დაინახა კოჭლი მოხუცი თეთრი წვერითა და გაველურებული გარეგნობით.

– მე სულიერი მოძღვარი ვარ, თქვა მან, – და მოვედი, შვილო ჩემო, შენი ღვაწლის სანახავად, რადგან მიყვარს ისინი, ვინც ფარულად მოღვაწეობს თავისი ნებით. მართალია კოჭლი ვარ, მაგრამ მოგიტანე ორცხობილები და კალათა ლირებით (ფულით), რომ ბევრი ორცხობილა იყიდო და საერთოდ არ გამოხვიდე შენი კალივიდან.

ეს თქვა და ხელი გაიწოდა, რომ კალათა გადაეცა. ამ მომენტში ბერმა ხარლამპიმ შეამჩნია, რომ ამ სტუმარს ფრჩხილები მეტისმეტად გრძელი და შავი ჰქონდა.

– თუ გინდა, რომ დაგიჯერო, – უთხრა ბერმა თეთრწვეროსანს, – პირჯვარი გამოისახე და ერთად განვაგრძოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დაუჯდომლის კითხვა.

მაშინ უცნობი გაბრაზდა და დაიყვირა:

– მე შენს დასახმარებლად მოვედი, შენ კი არ მიჯერებ და მეუბნები ვუთხრა იმას... ვინც ჩვენ დაგვწვა, ასეთი სიტყვები! არასოდეს!

გაისმა საზარელი ხმაური, მთელი კალივა შეირყა, აივსო კვამლითა და საშინელი სიმყრალით, ხოლო თეთრწვერა მოხუცის სახით გამოჩენილი დემონი გაქრა.

ბერი ხარლამპი შიშისგან უგრძნობლად დაეცა. გონს რომ მოვიდა, თავისი კალივის კუთხეში მიიკუნჭა და იქ დარჩა, საბანში გახვეული, აკანკალებული და განცვიფრებული. ამ მდგომარეობაში მიუსწრო მას მეზობელმა ბერმა დიონისემ, რომელსაც თანმიმდევრობით მოუყვა რაც მოხდა.

 

 

ერთი მოხუცი ბერი წმიდა ანას სკიტიდან მეუბნებოდა:

– ჩვენ დიდი მოთმინება გვესაჭიროება. მაგალითად, ვხედავ, რომ წვიმისას ჩემი კალივის სახურავიდან წყალი ჩამოდის, და იწყება აზრები – რა კარგად ვცხოვრობდი ერში, რამდენი რამ გამაჩნდა. მქონდა დიდი დარბაზები, მშვენიერი სახლები, თბილი და ვრცელი. მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნები: მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის.

მოდის რომელიმე ძმა და თავისი ერთი სიტყვით მამწარებს, მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ენა გადავყლაპე. რა თქმა უნდა მახსენდება, რომ ერში ყველანი პატივს მცემდნენ, მორიდებით მექცეოდნენ... მაგრამ მე ჩემს თავს ვეუბნები: მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის.

პური გამითავდა და საჭმელი აღარ მაქვს, არავის სურს ჩემი დახმარება, მაგრამ მე ვამბობ: მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის...

 

თარგმნილია არქიმანდრიტ იოანიკე კოცონისის „ათონული გერონდიკონიდან“

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა