martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

ღირსშესანიშნავი ამბები უცნობი ეგვიპტელი ბერების ცხოვრებიდან

ნაწ. 2

 

ერთმა ბერმა თქვა: როდესაც ადამიანზე განსაცდელია დაშვებული, მასზე ყველა მხრიდან მრავლდება თავდასხმა, რათა ის სულმოკლეობასა და დრტვინვაში ჩავარდეს. შემდეგ ბერმა ასეთი ამბავი მოყვა: ერთი მონაზონი სენაკში მდუმარებდა და მასზე დაშვებულ იქნა განსაცდელი: საკუთარ სენაკში მისი მიღება არავის სურდა; თუ ვინმე გზად შეხვდებოდა, პირს იბრუნებდა და არ ესალმებოდა; როდესაც პური სჭირდებოდა, არავინ უნაწილებდა; ძმები მკიდან რომ ბრუნდებოდნენ, არავინ პატიჟებდა სატრაპეზოდ, როგორც იყო ჩვეულება. ერთხელ მკიდან დაბრუნდა და სენაკში ერთი პურიც არ ჰქონდა, მაგრამ მან, როგორც ყოველთვის, ღმერთს მადლობა შესწირა. მისი მოთმინების შემხედვარე ღმერთმა განსაცდელი განაშორა, – და აი, ვიღაცამ კარზე დაუკაკუნა. ეს იყო ეგვიპტიდან მოსული უცხო კაცი, რომელსაც პურებით დატვირთული აქლემი მოჰყავდა. ბერი ატირდა და თქვა: ღმერთო! მცირე განსაცდელის დათმენის ღირსიც არა ვარ. ამის შემდეგ მის მიმართ ძმები თავაზიანები გახდნენ სენაკებშიც და ტაძარშიც, მიპატიჟებაც დაიწყეს საკვებით გასამასპინძლებლად.

 

ერთ განდეგილთან უახლოესი ეკლესიიდან პრესვიტერი მიდიოდა და აზიარებდა. ერთხელ ვიღაცამ განდეგილთან პრესვიტერზე უარყოფითად ისაუბრა. როდესაც პრესვიტერი, ჩვეულებისამებრ, განდეგილის საზიარებლად მივიდა, საცდურით შეპყრობილმა ბერმა მას კარი არ გაუღო. პრესვიტერი წავიდა, განდეგილს კი ხმა ჩაესმა: ადამიანებმა მიიტაცეს ჩემი სამსჯავრო. ამის შემდეგ განდეგილს ასეთი ხილვა ჰქონდა: მან ოქროს ჭა, ოქროს ჭურჭელი, ოქროს თოკი, საუკეთესო თვისებების მქონე წყალი და იქვე ვიღაც კეთროვანი დაინახა, რომელსაც ჭიდან წყალი ამოჰქონდა და ჭურჭელში ასხამდა. განდეგილს დალევა სურდა, მაგრამ თავს იკავებდა, რადგან წყალს კეთროვანი ასხამდა. და კვლავ ჩაესმა ხმა: რატომ არ სვამ? რა მნიშვნელობა აქვს, წყალი ვის ამოაქვს? განდეგილი გონს მოეგო და ხილვის მნიშვნელობას მიხვდა. პრესვიტერი მოიხმო და როგორც ადრე, ახლაც სთხოვა ეზიარებინა.

 

ერთმა ბერმა თქვა: მონაზონი, რომელიც სულიერი მამის მორჩილებას მთელი გულით ეძლევა, უდაბნოში მცხოვრებ განდეგილზე მეტ ჯილდოს მიიღებს. შემდეგ დასძინა: ერთი მამა ჰყვებოდა, რომ ზეცაში ოთხი დასი იხილა: პირველს უფლის მადლობელი სნეულები შეადგენდნენ; მეორეს – მწირთა მიღებითა და მოყვასთა გულმოდგინე მსახურებით დაკავებულები; მესამეს – ადამიანთა საზოგადოებას მოშორებული უდაბნოში მცხოვრებნი; მეოთხეს – უფლის გამო სულიერ მოძღვართა მორჩილებაში მყოფნი. მორჩილთა დასი ოქროს ჯაჭვითა და გვირგვინით იყო დამშვენებული და დანარჩენ სამ დასზე აღმატებული დიდებით გამოირჩეოდა. მე ვიკითხე, ამ დასმა სხვებზე მეტი დიდება რით დაიმსახურა? მიპასუხეს: მწირების გამმასპინძლებელი ამას თავისი ნებით აკეთებს, განდეგილიც საკუთარი ნებით ტოვებს საზოგადოებას, მორჩილებაში მყოფი კი მთლიანად უფალზე და მოძღვარზეა დამოკიდებული, ამიტომაც უფრო მეტ დიდებას იმსახურებს. უფლის სახელით მორჩილება – სათნო საქმეა. შვილნო ჩემნო, ნაწილობრივ მაინც მოიხვეჭეთ ეს სათნოება! მორჩილება მაცხოვნებელია ყველა მორწმუნისთვის. მორჩილება ყველა სათნოების მშობელია. მორჩილება ცათა სასუფევლის კარია. მორჩილება ზეცას ხსნის და ადამიანს მიწიდან ამაღლებს. მორჩილება ანგელოზებთან ცხოვრობს. მორჩილება ყველა წმინდანის საკვებია: ამ საკვებით გამოზრდილებმა, სრულყოფილებას მისი მეშვეობით მიაღწიეს.

 

ერთი ძმა მეორეზე ნაწყენი იყო. როდესაც მეორე ძმამ ამის შესახებ შეიტყო, პირველ ძმასთან შესარიგებლად მივიდა, მაგრამ მან კარი არ გაუღო. მეორე ძმა ერთ ბერთან წავიდა და მომხდარის შესახებ უამბო. ბერმა უთხრა: დაუკვირდი, ამის მიზეზი შენში ხომ არ არის? გულში ხომ არ ფიქრობ, რომ მართალი ხარ? ძმის გამტყუნების და თავის გამართლების განზრახვა ხომ არ გაქვს? ამ მიზეზით არ შეეხო მის გულს უფალი და ამიტომაც ძმამ კარი არ გაგიღო. მაგრამ ახლა გეტყვი, სწორად როგორ უნდა მოიქცე: თუნდაც მართალი იყო, ჩათვალე, რომ მტყუანი ხარ და შენი ძმა გაამართლე; მაშინ უფალი მას შენთან შერიგების სურვილს აღუძრავს. ამასთან ბერმა მას ერთი ამბავი უამბო: იყო ორი ღვთისმოსავი ადამიანი; ურთიერთშეთანხმებით ორივე ბერად აღიკვეცა. დაეშურნენ სახარების სიტყვის აღსრულებას, მაგრამ უგუნურად, თითქოსდა ცათა სასუფევლისთვის საკუთარი ნებით თავი დაისაჭურისეს. ამის გამო მთავარეპისკოპოსმა ისინი ეკლესიიდან განაყენა. მათ კი ეგონათ, რომ კარგად მოიქცნენ, ამიტომაც მღვდელმთავრის გადაწყვეტილებით აღშფოთებულებმა თქვეს: ჩვენ ცათა სასუფევლისთვის დავისაჭურისეთ თავი, მან კი განგვაყენა! იერუსალიმში წავიდეთ! სამართალი იერუსალიმის მთავარეპისკოპოსთან ვეძებოთ. მართლაც გაემგზავრნენ და საქმე იერუსალიმის მთავარეპისკოპოსს განსახილველად წარუდგინეს. მან უპასუხა: მეც განგაყენებთ თქვენ! განაწყენებულებმა ახლა ანტიოქიის მთავარეპისკოპოსს მიმართეს; მანაც ასევე განაყენა ისინი. მაშინ ერთმანეთს უთხრეს: მოდი, რომის პაპთან წავიდეთ, ის დაგვიცავს. რომის მთავარეპისკოპოსთან მივიდნენ, საქმის ვითარება აუხსნეს და უთხრეს: შენთან იმიტომ მოვედით, რომ ყველაზე უფროსი ხარ; პასუხი ასეთი მიიღეს: მეც განგაყენებთ – თქვენ შეცდომილები ხართ.

ყველას მიერ განყენებულები დამწუხრდნენ და თქვეს: ეს ეპისკოპოსები ერთი მეორეს იცავენ და ერთმანეთს უთანხმდებიან; მოდი, ღვთის კაცთან, კვიპროსის ეპისკოპოსთან – წმინდა ეპიფანესთან მივიდეთ, ის წინასწარმეტყველია და მიკერძოებით არ სჯის. როდესაც კვიპროსს უახლოვდებოდნენ, ეპიფანეს ეუწყა მათ შესახებ, მაცნე გაგზავნა და შეუთვალა, რომ ქალაქში არ შესულიყვნენ. მაშინ ისინი დაბრუნდნენ და თქვეს: ჭეშმარიტად ჩვენ ვართ დამნაშავენი; თავს რაღას ვიმართლებთ? დავუშვათ, იმათ ეკლესიიდან უსამართლოდ განგვაყენეს, ნუთუ წინასწარმეტყველიც ასე მოიქცა? მას ხომ ჩვენს შესახებ ღმერთმა აუწყა. და საკუთარ თავს ძალიან კიცხავდნენ. გულთამხილავმა (ღმერთმა) დაინახა, რომ მათ გულწრფელად შეინანეს და ამის შესახებ ეპიფანეს აუწყა. მან კვლავ გააგზავნა მათთან კაცი, თავისთან მოიხმო, დაამშვიდა და ერთობაში მიიღო. შემდეგ ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსს მისწერა: მიიღე შენი შვილები, რადგან გულწრფელად შეინანეს. ბერმა, რომელმაც ეს ამბავი მოყვა, დაურთო: ღმერთს სურს, რომ ადამიანმა თავი დაიდანაშაულოს და უფლის მორჩილებაში იყოს. ამის გამგონე მონაზონი ბერის რჩევის მიხედვით მოიქცა, თავის ძმასთან წავიდა და დაუკაკუნა. ძმამ კარი მაშინვე გაუღო და სანამ ახალმოსული ბოდიშს მოუხდიდა, მთელი გულით გადაეხვია. მათ შორის უდიდესმა მშვიდობამ დაისადგურა.

 

ერთ მონაზონს მეორე უპატივცემულოდ მოექცა. ის ბერთან წავიდა და ამის შესახებ უამბო. ბერმა უთხრა: შენი გულისსიტყვები იმით დაიმშვიდე, რომ ძმას არ სურს შენი შეურაცხყოფა, მაგრამ ამ მდგომარეობაში შენი ცოდვები გაგდებენ. ნებისმიერი განსაცდელისას ნურავის დაადანაშაულებ, ყოველთვის იმეორე: ეს ჩემი ცოდვების გამო მოხდა.

 

ერთმა ბერმა, რომელიც ქალაქ ოქსირნიხის ეპისკოპოსობის ღირსი გახდა, თითქოს სხვისგან მოსმენილი ამბავი გვიამბო; სინამდვილეში ეს ამბავი მას თავად გადახდა. ერთხელ გადავწყვიტე, უდაბნოს სიღრმეში შევსულიყავი, რათა იქ ვინმე ქრისტეს მსახურთაგანი მეპოვა. ოთხი დღის შემდეგ საკვების მარაგი დამიმთავრდა. შევჩერდი, არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ მალე უფალს მინდობილმა გზის გაგრძელება გადავწყვიტე. კიდევ ოთხი დღე მშიერმა ვიარე. ამის შემდეგ ჩემმა სხეულმა უჭმელობასა და გზის სიძნელეს ვეღარ გაუძლო: დავსუსტდი და მიწაზე დავწექი. მაშინ ვიღაც მოვიდა და ბაგეზე თითი შემახო. იმწამსვე ისე მოვძლიერდი, თითქოს არც მემოგზაუროს და არც მეშიმშილოს. გაძლიერებული წამოვდექი და გზა განვაგრძე. ოთხი დღის შემდეგ, დაღლილობისგან, კვლავ დავუძლურდი. ცისკენ ხელები აღვაპყრე და ისევ მოვიდა კაცი, რომელმაც პირველად გამაძლიერა, ისევ ბაგეებზე თითი გამისვა, თითქოს ხაზი გაავლო, და ძალ-ღონე კვლავ აღმიდგინა. უდაბნოში შესვლიდან ჩვიდმეტი დღის შემდეგ ქოხს მივადექი, ქოხთან იყო პალმა და იდგა კაცი, რომელსაც სამოსის მაგივრობას თმა უწევდა. საშინელი შესახედავი იყო. დამინახა თუ არა, მაშინვე ლოცვა დაიწყო. როდესაც ლოცვის ბოლოს წარმოვთქვი – ამინ, მომიახლოვდა, ხელი მომკიდა და მკითხა: აქ როგორ მოხვედი? ქრისტიანების დევნა ისევ გრძელდება? მე ვუპასუხე: ამ უდაბნოში უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურთა ლოცვებისთვის დავეხეტები; ქრისტიანთა დევნა კი შეწყვეტილია. ახლა, გთხოვ, შენ მიამბე, აქ როგორ მოხვედი? მან ტირილითა და ოხვრით დაიწყო საუბარი: დევნა რომ დაიწყო, ეპისკოპოსი ვიყავი, წამებას ვერ გავუძელი და კერპებს მსხვერპლი შევწირე; მერე გონს მოვეგე, ჩემი დანაშაული შევიგნე და ამ უდაბნოში დავიმარხე: უკვე ორმოცდაცხრა წელია, აქ ვცხოვრობ და ღმერთს ჩემი ცოდვის მოტევებას ვევედრები. უფალმა ამ პალმით საკვები გამომიგზავნა, მაგრამ ორმოცდარვა წელი შეწყალების ნუგეში არ მიმიღია, წელს კი მეუწყა, რომ მომეტევა. ამ სიტყვების წარმოთქმისას, მოულოდნელად წამოდგა, სწრაფად გავიდა ქოხიდან და დიდი ხანი ლოცვაში გაატარა, – ალბათ მასთან მოსული ზეციური ძალები იხილა. ლოცვის დასრულების შემდეგ მომიახლოვდა. შევხედე და შიშმა ამიტანა: სახე თითქოს ცეცხლოვანი გაუხდა. მაგრამ მითხრა: ნუ გეშინია, უფალმა ჩემს დასამარხად გამოგაგზავნა. თქვა თუ არა ეს, მაშინვე მიწაზე დაწვა, ხელ-ფეხი გაჭიმა და გარდაიცვალა. ჩემი ტანსაცმელი შუაზე გავხიე, ერთი ნახევარი ჩემთვის დავიტოვე, მეორეში კი წმინდა სხეული გავახვიე და მიწას მივაბარე. მისი დასაფლავებისთანავე პალმაც გახმა და ქოხიც ჩამოინგრა. ბევრი ვიტირე და ღმერთს ვემუდარე, ეს პალმა ჩემთვის ეჩუქებინა, რათა დარჩენილი ცხოვრება აქ გამეტარებინა. ჩემი სურვილი არ შესრულდა; მივხვდი, რომ უფლის ნება არ იყო. უკანა გზა, ადამიანთა დასახლებამდე, ლოცვით გამოვიარე. კვლავ გამომეცხადა ის კაცი, რომელმაც ორჯერ გამისვა თითი ბაგეზე, მან გამაძლიერა და ძმებთან დაბრუნება შევძელი, რომელთაც ეს ყველაფერი ვუამბე, თან ვარწმუნებდი, სასოწარკვეთას არასდროს მისცემოდნენ, არამედ ღმერთი სინანულით მოეპოვებინათ.

 

ერთმა ბერმა მოგვითხრო: იყო ასაკოვანი მონაზონი ქალი, ღვთის შიშში წარმატებული. ვკითხე, როგორ მოვიდა მონაზვნურ ცხოვრებაში. მან  შემდეგი მიამბო: ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, მშობლები რომ დამეხოცნენ. მამა, მშვიდი, მორიდებული კაცი, სუსტი აგებულებისა იყო; სულის ცხონებაზე ზრუნვაში ისე იყო ჩაფლული, რომ თანასოფლელები თითქმის ვერც ხედავდნენ. ხანდახან, როდესაც თავს ჯანმრთელად გრძნობდა, სახლში მისი შრომის ნაყოფი მოჰქონდა, უმეტეს დროს კი მარხვასა და ავადმყოფობაში ატარებდა. იმდენად მდუმარე იყო, რომ უცხო ადამიანს მუნჯი ეგონებოდა. დედაჩემი კი, პირიქით, მოუწესრიგებელ ცხოვრებას ეწეოდა, ჩვენს მხარეში მასზე გარყვნილი ქალი ვერ მოიძებნებოდა. იმდენს ლაპარაკობდა, კაცი იფიქრებდა, მის არსებას მხოლოდ ენა შეადგენდა. დროს გაუთავებელ ჩხუბში, ლოთობასა და თავშეუკავებელი კაცების საზოგადოებაში ატარებდა; ოჯახს რაც გააჩნდა, სრულად გაფლანგა; ქონება ჩვენს საჭიროებებს არ ჰყოფნიდა, მამაჩემმა კი სახლის მართვა დედაჩემს გადააბარა. დედა ისე ბილწად ცხოვრობდა, რომ ჩვენი სოფლის მცხოვრებთაგან ცოტანი თუ გაექცეოდნენ მასთან მრუშობას. ცხოვრებაში თითიც არ წამოსტკივებია, სიბერემდე სრულყოფილი ჯანმრთელობა ჰქონდა. ასე მიედინებოდა ჩემი მშობლების ცხოვრება. მამაჩემი, სნეულებით გათანგული, გარდაიცვალა. მის სიკვდილს სამდღიანი კოკისპირული წვიმა და ჭექა-ქუხილი მოჰყვა. უამინდობის გამო დაკრძალვა სამი დღით გადაიდო. მეზობლები, გაკვირვებულები, ერთმანეთში ამბობდნენ: ღმერთს ეს კაცი ისე არ მოსწონდა, რომ მიწაც კი არ იღებს დასამარხად. სამი დღის შემდეგ, სხეული რომ არ გახრწნილიყო, წვიმის მიუხედავად, როგორღაც დავმარხეთ. მამის გარდაცვალების შემდეგ, დედამ მეტი თავისუფლება იგრძნო, ავხორცობას მეტი გაშმაგებით მიეცა და ჩვენი სახლი გარყვნილების ბუდედ აქცია. ცხოვრება ფუფუნებასა და გართობაში გაჰყავდა. როდესაც გარდაიცვალა, დიდებული დაკრძალვა ეღირსა; გეგონებოდათ, მის სხეულს ჰაერიც კი მიაცილებდა. დედის სიკვდილის შემდეგ, ყმაწვილობის ასაკში, მარტო დავრჩი, ჩემში უკვე ხორციელი გულისთქმები იღვიძებდნენ. ერთ საღამოს ფიქრი დავიწყე, ვისთვის მიმებაძა: ნუთუ მამისთვის, რომელმაც ცხოვრება თავმდაბლობაში, სიმშვიდესა და თავშეკავებაში გაატარა, მაგრამ ავადმყოფობისა და მწუხარების გარდა კარგი არაფერი უნახავს, სიკვდილის შემდეგ კი მისი მიღება მიწასაც არ სურდა. თუკი ასეთი ცხოვრება უფლისთვის სათნო იყო, მაშინ ამდენი უბედურება რატომ დაატყდა თავს? სჯობს ისე ვიცხოვრო, როგორც დედა ცხოვრობდა, – მეუბნებოდა გულისსიტყვა, – მივეცე გულისთქმებს, ფუფუნებას, ავხორცობას. დედაჩემს ხომ ერთი საძაგელი საქმეც არ გამოუტოვებია! მთელი ცხოვრება ლოთობდა, მაგრამ სიკვდილამდე ჯანმრთელი და ბედნიერი იყო. უკეთესი იქნება, ის ვირწმუნო, რასაც საკუთარი თვალით ვხედავ, რაც აშკარაა, სჯობს ამ ყველაფრით დავტკბე, ვიდრე უხილავი ვირწმუნო და ამის გამო ყველაფერზე უარი ვთქვა. როდესაც მე საცოდავმა სულში დედაჩემის ცხოვრების გზის არჩევა გადავწყვიტე, დაღამდა და დამეძინა. სიზმარში მაღალი კაცი გამომეცხადა, მკაცრად და მრისხანედ მითხრა: აღიარე შენი გულის ზრახვები. მე შემეშინდა, მისთვის შეხედვასაც ვერ ვბედავდი. მან კიდევ უფრო ხმამაღლა გაიმეორა ბრძანება – მეთქვა, როგორი ცხოვრება ავირჩიე. დაბნეულსა და შეშინებულს ყველაფერი დამავიწყდა და ვთქვი, რომ ზრახვები საერთოდ არ მქონდა. მაგრამ მან ჩემი ნაფიქრი შემახსენა. მხილებულმა პატიება ვთხოვე და ჩემი არჩევანის მიზეზი ავუხსენი. მან მითხრა: მოდი, ორივე იხილე, დედაც და მამაც,  – და ცხოვრების წესი მერე აირჩიე. ამ სიტყვებით ხელი მომკიდა და ენით აუწერელი სილამაზის, ბაღებით და ნაირ-ნაირი მხსმოიარე ხეებით სავსე დიდ მინდორში მიმიყვანა. იქ მამა შემხვდა და გადამეხვია. მეც ჩავეკარი და მასთან დარჩენის ნებართვა ვთხოვე. მან მიპასუხა: ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ თუ ჩემი გზით ივლი, აქ არც თუ დიდი დროის შემდეგ მოხვალ. როდესაც კვლავ დარჩენა ვთხოვე, ჩემმა მეგზურმა ხელი მომკიდა, წამიყვანა და მითხრა: წამოდი, ახლა გაჩვენო, დედაშენი ცეცხლში როგორ იწვის – რომ იცოდე, რომელი მშობლის მიხედვით წარმართო შენი ცხოვრება. ბნელ, პირქუშ სახლში შევედით, სადაც კბილთა ღრჭენასა და ვაებას დაესადგურებინა. მან დამანახა ღუმელი, სადაც ცეცხლი გიზგიზებდა და კუპრი დუღდა. ღუმელთან ვიღაც საფრთხობელები იდგნენ. შიგნით შევიხედე და დედაჩემი დავინახე: კისრამდე ცეცხლში იყო, კბილებს აღრჭიალებდა, გარშემო საშინელი სიმყრალე იდგა. როგორც კი დამინახა, ქვითინით შეჰყვირა: ვაი ჩემს თავს, შვილო! ეს სატანჯველი ჩემი ცოდვების შედეგია. თავშეკავებას და ყველა სათნოებას დაცინვის ღირსად ვთვლიდი; მეგონა, რომ ჩემი ავხორცი, გარყვნილი ცხოვრება არასდროს დასრულდებოდა; ლოთობა და ღორმუცელობა ცოდვად არ მიმაჩნდა. და აი! გეენია დავიმკვიდრე, ცოდვებით ხანმოკლე ტკბობისათვის სასტიკი ტანჯვით ვისჯები; არაფრის მაქნისი მხიარულობისთვის საშინელი ტანჯვით ვზღავ. აი როგორ ჯილდოს ვიღებ ღმერთის უგულებელყოფისთვის! ყველანაირმა, დაუსრულებელმა უბედურებებმა მომიცვა. ახლა დახმარების დროა! გაიხსენე, რომ ჩემი გაზრდილი ხარ! თუკი ჩემგან როდისმე რაიმე მიგიღია, ახლა მომაგე! შემიბრალე! ეს ცეცხლი მწვავს და ვერ დამწვა. შემიბრალე! ამ ტანჯვაში სასოწარკვეთილება მჭამს. შემიბრალე, ჩემო შვილო, ხელი მომეცი და აქედან გამომიყვანე. როდესაც საშინელი მცველების შიშით უარი ვუთხარი, – კვლავ მოთქმას შეუდგა: დამეხმარე, შვილო! მშობელი დედის ტირილს ნუ უგულებელყოფ! გაიხსენე, რომ ჩემი დაბადებული ხარ! მიშველე, გეენიის ცეცხლში ვიღუპები! მეც ავქვითინდი, მასავით ვკვნესოდი და ვგოდებდი. ამ ტირილმა და ყვირილმა ჩემი შინაურები გააღვიძა; მათ სინათლე აანთეს და ტირილის მიზეზი მკითხეს. მე მათ ნანახი ვუამბე. მაშინ მამის გზა ავირჩიე, რადგან უფლის წყალობით დავრწმუნდი, ბიწიერი ცხოვრებით მცხოვრებთ რა სატანჯველი მოელით.

სწავლებები გამოკრებილია წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის "ოტეჩნიკი"-დან

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა