martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მსოფლიო კრებების, „ავაზაკთა“ კრებებისა და საერთომართლმადიდებლური კრების შესახებ

 

„მწვალებლები არასოდეს მოვლენ ეკლესიაში, თუკი ჩვენ თვითონ დავარწმუნებთ, რომ მათაც აქვთ ეკლესია და საიდუმლოები“.

 

წმ. კვიპრიანე კართაგენელი

 

ეკლესია იწვევდა მსოფლიო კრებებს, როდესაც მისი წევრების სარწმუნოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგებოდა. კრების მიზანი იყო აქტუალური დოგმატური და კანონიკური საკითხების განხილვა, მართლმადიდებლური სწავლების დამტკიცება და ეკლესიაში მშვიდობის დამყარება. კრების ავტორიტეტი არ იყო დამოკიდებული მასში მონაწილე მამების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, ეთანხმებოდა თუ არა მისი დადგენილებები ეკლესიის სწავლებას. ეს შეფასება ხდებოდა გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეკლესიის მთელი სისავსე გამოხატავდა თავის პოზიციას. ცნობილი ბერძენი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი ფილოთეოს ზერვაკოსი († 1980), მსოფლიო კრების სამზადისის შესახებ წერილში წერდა: „კრება, რომელიც არ გაჰყვება მართლმადიდებელი ეკლესიის წესებს, ზნეობას, კანონებსა და ტრადიციას, არამედ, პირიქით, შეეცდება მათ შეცვლას, ვერასოდეს შეძლებს ავტორიტეტის მოპოვებას, ვერც კანონიერ ან მსოფლიო კრებად იწოდება. „ჭეშმარიტი და კანონიერი მსოფლიო კრება ეკლესიის ძველი დადგენილებებიდან არცერთს არ თრგუნავს, არ ასწავლის მათ საპირისპიროდ, არაფერს ადგენს საყოველთაოდ მიღებულის საწინააღმდეგოდ და არ იწყნარებს არანაირ სიცრუეს“ (წმ. მარკოზ ეფესელი)“.

ეკლესიის ისტორიაში ცნობილია ისეთი კრებები, რომლებიც დამსწრეთა რაოდენობით აღემატებოდნენ წმიდა მსოფლიო კრებებს, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კრებებზე ძალადობის, მოსყიდვის ან სხვა რაიმე ამქვეყნიური ძალისხმევის შედეგად გამოტანილ იქნა ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგო დადგენილებები, ისინი გარკვეული დროის შემდეგ ეკლესიამ უარყო. ასეთ კრებებს ზოგადად „ავაზაკთა“ კრებებად მოიხსენიებენ, თუმცა პირველად ეს სახელი ეწოდა ეფესოს 449 წლის კრებას, რომელზეც მონოფიზიტობის მხარდამჭერი დადგენილებები მიიღეს და მართლმადიდებლობის დამცველი წმ. პატრიარქი ფლაბიანე სასიკვდილოდ ჰგვემეს, ის სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამ კრების გარდა „ავაზაკთა“ კრებებად ძირითადად შემდეგი კრებები მოიაზრება: ანტიოქიის 341 წლის კრება, არიოზელობის მხარდამჭერი; მილანის 355 წლის კრება, არიოზელობის მხარდამჭერი; იერიის (კონსტანტინოპოლის გარეუბანი) 754 წლის ხატმბრძოლობის მხარდამჭერი კრება; ფერარო-ფლორენციის 1438-1445 წწ. კრება, კათოლიკებთან უნიის მხარდამჭერი და სხვ.

კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარი, ლიმესოს მიტროპოლიტი ათანასე, მომავალი კრების პროექტის შესახებ თავისი ეკლესიის სინოდისადმი წერილში ამბობს: „ეკლესიის ისტორიაში მრავალი კრება ადგენდა არასწორ და მწვალებლურ დოგმატებს, ხოლო მორწმუნე ხალხმა ისინი უარყო, დაიცვა მართლმადიდებელი სარწმუნოება და გაიმარჯვა მართლმადიდებელმა აღმსარებლობამ. ვერც კრება მორწმუნე ხალხის გარეშე, რომელიც აღავსებს ეკლესიას, ვერც ხალხი ეპისკოპოსთა კრებულის გარეშე, ვერ ჩაითვლებიან ქრისტეს სხეულად და ქრისტეს ეკლესიად და ვერ შეძლებენ ეკლესიის ჭეშმარიტი გამოცდილებისა და სწავლების გამოხატვას“.

რაც შეეხება ამა წლის ივნისში დაგეგმილ საერთომართლმადიდებლურ, „წმიდა და დიდ“ კრებას, მისი მზადება თითქმის ასი წლის წინ დაიწყო. როგორც წმ. იუსტინე პოპოვიჩი პირველი წინასაკრებო კონფერენციის (1976 წ.) შემდეგ სერბეთის ეკლესიის სინოდისადმი მიმართულ წერილში წერდა: „ახალი „მსოფლიო კრების“ მომზადებისა და მოწვევის საკითხი ახალი არაა... ეს საკითხი უკვე დადგა კონსტანტინოპოლის საცოდავი პატრიარქის მელეტი მეტაქსაკისის სიცოცხლეში, რომელიც იყო ცნობილი მზვაობარი მოდერნისტი და რეფორმატორი, რომელმაც მოახდინა განხეთქილება მართლმადიდებლობაში მის ე. წ. „საერთომართლმადიდებლურ კონგრესზე“ კონსტანტინოპოლში 1923 წელს“. როგორც წმ. მამა წერს ამ წერილში, თუკი რაიმე საკითხი უნდა განიხილებოდეს მსოფლიო კრებაზე, ესაა დიასპორისა და ეკუმენიზმის საკითხები. მომავალი კრების დოკუმენტთა პროექტებში მართლაც შეტანილია ეკუმენიზმის საკითხი (იხ. „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“), მაგრამ ის შეფასებულია დადებითად (პუნქტები: 6,7,17,21), მოწონებულია ემს-ის ეგიდით მიღებული დადგენილებები (პ. 21), მაშინ, როდესაც ეკლესიის წევრთაგან თითქმის არავინ იცის, თუ რა წერია ამ დადგენილებებში. 23-ე პუნქტის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესია აცნობიერებს ქრისტიანთაშორისი საღვთისმეტყველო დიალოგის აუცილებლობას და ამასთანავე ეკლესიის საქმიანობა „უნდა გამორიცხავდეს პროზელიტიზმის ყოველგვარ პრაქტიკას“, ანუ ფაქტობრივად პროექტის მიხედვით „წმიდა და დიდი კრება“ მოუწოდებს ეკლესიის წევრებს, თავი შეიკავონ მწვალებლების მოქცევისაგან. ლექსიკონებში სიტყვა პროზელიტი უმთავრესად ნიშნავს ერთი სარწმუნოებიდან მეორეზე გადასულს, პროზელიტიზმი კი მოქცევას, ანუ იმას, რითიც არიან დაკავებული მისიონერები, სარწმუნოების გამავრცელებლები. თუ აქ სხვა რამ იგულისხმება, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. თუმცა, თუ კრების მთავარი ორგანიზატორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს გამონათქვამებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ის სწორედ პროზელიტობის წინააღმდეგია. მაგალითად, 1998 წელს წმ. ანდრია მოციქულის დღესასწაულზე (რომელსაც კათოლიკური დელეგაცია ესწრებოდა) წარმოთქმულ სიტყვაში ის ამბობს: „დიალოგი, რომელიც ცდილობს აღადგინოს ეკლესიათა დაკარგული ერთობა, გულისხმობს, რომ პრაქტიკა თანხმობაშია იმ პრინციპებთან, რომლებიც საზოგადოდ სწორ პრინციპებად ითვლება: ვინაიდან ერთი ეკლესია ცნობს, რომ მეორე ეკლესია საღვთო მადლის საგანძური და ცხონების მიმნიჭებელია, გამორიცხულია მორწმუნეთა მისწრაფება, მოსწყდნენ ერთ ეკლესიას და შეუერთდნენ მეორეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმას, რაც მანამდე ითქვა“ (Εκκλησιαστική Αλήθεια №461).

ტექსტში ცხადად იკითხება პროტესტანტულ-ეკუმენისტური ე. წ. განშტოებათა თეორიის იდეოლოგია, რომლის თანახმად ქრისტეს ეკლესია რაღაც მეორეხარისხოვანი მიზეზებისა თუ გაუგებრობების გამო დაიყო სხვადასხვა ეკლესიებად – განშტოებებად, და ეკუმენისტური მოძრაობის მიზანია ამ განშტოებებს შორის აღადგინოს სრული ერთობა, ანუ ევქარისტიული კავშირი. ამ მწვალებლურმა იდეოლოგიამ ასახვა ჰპოვა პროექტის სულ ბოლო აბზაცშიც (პ. 24): „ჩვენ ვლოცულობთ, რომ ქრისტიანებმა ერთობლივად იღვაწონ, რათა მოახლოვდეს ის დღე, როცა უფალი აღასრულებს მართლმადიდებელ ეკლესიათა იმედს და იქნება „ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოან. 10,16)“. ეს აბზაცი უარყოფაა ამავე პროექტის პირველი აბზაცისა, რომელშიც წერია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვწამს, რომ ერთი მწყემსის, ანუ ღმერთის ერთი სამწყსო არის მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია. თუკი ერთ მწყემსს ჯერ არ ჰყავს ერთი სამწყსო, გამოდის რომ ეს სამწყსო დანაწევრებულია, რაც სწორედ მწვალებლური განშტოებათა თეორიის სწავლებაა. ათონის გრიგორიუს მონასტრის იღუმენი გიორგი კაფსანისი († 2014) წერდა: „ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია არ დაშლილა, რომ შეიძლებოდეს ლაპარაკი ეკლესიათა შეერთებაზე. პირიქით, მიუხედავად დევნისა და მისი წევრების არასრულყოფილებისა, ის აგრძელებს არსებობას, რათა დაიცვას და იქადაგოს იგივე სახარება და იგივე სარწმუნოება, ქრისტესმიერი, მოციქულთამიერი, წმიდა მამათამიერი“ (Η ένωσις των «Εκκλησιών»)

 პროექტში არაფერია ნათქვამი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაგმობილ ბალამანდისა და შამბეზის დოკუმენტებზე, რომელთა შინაარსი მსოფლიო კრებების, მამათა სწავლების და, ზოგადად, ეკლესიის სწავლების საწინააღმდეგოა, არადა რამოდენიმე ადგილობრივმა ეკლესიამ უკვე მოიწონა ისინი. ასი წლის განმავლობაში მომზადებულ, მსოფლიო მასშტაბის კრებაზე დუმილი იმ დოკუმენტებზე, რომლებიც ხელმოწერილია ეკლესიათა წარმომადგენლების მიერ, მოწონებულია რამოდენიმე ეკლესიის მიერ, და რომლებიც წმიდა კრებების ავტორიტეტს უარყოფენ და ეკლესიაში დაპირისპირებასა და განხეთქილებას იწვევენ, ცხადად მეტყველებს, რომ კრების ინიციატორებს მართლმადიდებლობაზე შვიდი მსოფლიო კრების წმიდა მამებისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ და არც წმიდა კრებებზე დამტკიცებული სარწმუნოების დაცვაზე და არც ეკლესიის ერთიანობასა და მშვიდობაზე არ ზრუნავენ. ცხადია, თუ კრება ეკუმენიზმის სულისკვეთებით წარიმართება, თანაც თუ მის გახსნა-დახურვას, როგორც განცხადებულია, ერეტიკოსები დაესწრებიან, ეკლესიაში ერთობის აღდგენის ნაცვლად შფოთისა და ახალი პრობლემების შემომტანი გახდება.

ტექსტებში საუბარია იმაზე, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მოწოდებულია რელიგიათაშორისი და ქრისტიანთაშორისი დიალოგების საწარმოებლად, სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებში მონაწილეობის მისაღებად და ა.შ. მაგრამ არსადაა ნახსენები, რომ ეკლესიის უპირველესი საზრუნავი თავისი დაბრკოლებული წევრების ცხონებაზე ზრუნვაა, არაფერია ნათქვამი იმ მწყემსების პასუხისმგებლობაზე, რომელთა მაცდუნებელმა, წმიდა კრებათა მიერ დაგმობილმა ქმედებებმა (როგორიცაა მწვალებლებთან თანალოცვა, მათი ზიარება, წარმართულ რიტუალებში მონაწილეობა, მწვალებლური სწავლებების ქადაგება და ა.შ.) ათასობით მორწმუნეს უბიძგა მიეტოვებინა მართლმადიდებელი ეკლესია და განხეთქილებაში წასულიყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეკლესიის მთავარი საზრუნავი მწვალებლებთან და სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან გაუთავებელი დიალოგებია, რომლებსაც შედეგად მხოლოდ მორწმუნეთა დაბრკოლება მოსდევს.

ტექსტში „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ დადებითადაა მოხსენიებული მართლმადიდებელთა წევრობა „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში“ (ემს), მისი ეგიდით გამართულ დიალოგებში მონაწილეობა და ა.შ. მაგრამ თუ მომავალი კრება მსოფლიო კრებების ავტორიტეტს და მათი სწავლებისადმი ერთგულებას აღიარებს (პუნქტები: 3,5,18), ისმის კითხვა: რომელი წმიდა მსოფლიო კრების მამები მოაწერდნენ ხელს ემს-ის ე.წ. ბაზისს, რომლის აღიარება სავალდებულოა ამ ორგანიზაციის ყველა წევრისთვის: „ემს არის ეკლესიათა გაერთიანება (თანამეგობრობა), რომლებიც წმიდა წერილის შესაბამისად ღმერთად და მაცხოვრად აღიარებენ უფალ იესო ქრისტეს, და მიისწრაფიან ერთობლივად აღასრულონ საერთო მოწოდება ერთი ღმერთის – მამის, ძის და სული წმიდის სადიდებლად“?

დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის უმთავრესი, პირველი რიგის საწუხარი არის უამრავი მორწმუნე, რომლებიც ეკლესიის სწავლებისადმი ინდიფერენტული მწყემსების ქმედებებით დაბრკოლებულნი განხეთქილებაში იმყოფებიან. ასეთი მდგომარეობაა საბერძნეთშიც, რუმინეთშიც, ბულგარეთშიც, რუსეთშიც, სერბეთშიც, საქართველოშიც, ამერიკაშიც, ევროპაშიც... საკმარისია ადგილობრივი ეკლესიები გამოვიდნენ ემს-დან, უარი თქვან მწვალებლებთან ლიტურგიულ ურთიერთობაზე, დაგმონ მათი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მწვალებლური დოკუმენტები, დაუბრუნდნენ იულიუსის კალენდარს და სავარაუდოდ, განხეთქილებაში მყოფ ერისკაცთა უმეტესობა შეუერთდება დედა-ეკლესიას. ეს უნდა იყოს ეკლესიის მწყემსების უპირველესი სადარდებელი და საზრუნავი და არა იმ მწვალებლებთან ურთიერთობა, რომლებიც უკვე ქალებს და სოდომურ ცოდვაში მყოფებს „სასულიერო პირებად“ იღებენ. ამის საპირისპიროდ, მომავალ კრებაზე ისეთი დადგენილებების მიღებას აპირებენ, რომლებიც აშკარად საპირისპიროა მსოფლიო კრებებისა და ეკლესიის სწავლებისა, რომელთა შორისაა აგრეთვე შერეული ქორწინების დაშვება, რაც რუმინეთის ეკლესიამ უკვე დააკანონა. ეს ყოველივე კი ჭრილობების მოშუშების ნაცვლად ეკლესიაში ახალ, უფრო ღრმა ჭრილობებს გააჩენს, რადგან უკანონობა უკვე აღარ იქნება რომელიმე კონკრეტული იერარქის ან ცალკეული ადგილობრივი ეკლესიის გადაცდომა, არამედ საერთომართლმადიდებლური კრების ავტორიტეტით იქნება დამტკიცებული. დიმიტრი ცელენგიდისი, თესალონიკის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების პროფესორი, წერს: „ჩემი აზრი ამ კრების მოწვევის მიზანთან დაკავშირებით დაიყვანება იმ შეფასებამდე, რომელიც იერარქების მიმართ ჩემს პირველ წერილშია მოცემული. მე მას ისევ წავიკითხავ... „ინიციატორები და მისი შემდგენლები ცდილობენ დააკანონონ „ქრისტიანული სინკრეტიზმ-ეკუმენიზმი“, საერთომართლმადიდებლურ კრებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით“. რას ნიშნავს ეს? რისი თქმა მსურს? ეს კრება ტარდება იმისთვის, რომ ეკუმენიზმს კანონიერება მიანიჭოს“ (Συνέντευξη του Καθηγητη κ. Δημητρίου Τσελεγγίδη στόν κ. Λυκουργο Μαρκούδη).

და ბოლოს, ისევ წმ. იუსტინე პოპოვიჩის მიერ ნახევარი საუკუნის წინ სერბეთის ეკლესიის სინოდისადმი გაგზავნილ წერილს გადავხედოთ, რამეთუ მისი შინაარსი დღეს გახდა ყველაზე აქტუალური: „საჭიროა გულახდილობა: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელთა ქმედებანი ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში იწვევს ისეთსავე არაჯანსაღ მღელვარებასა და ავადმყოფურ სულიერ განწყობას, როგორმაც 15-ე საუკუნეში ეკლესია მიიყვანა ფლორენციის ღალატამდე და სირცხვილამდე... დღევანდელი მდგომარეობა უფრო საშიშია: იმ დროს კონსტანტინოპოლი ცოცხალი ორგანიზმი იყო მილიონობით მორწმუნით, რომლებმაც სწრაფად გადალახეს გარედან თავს მოხვეული კრიზისი და ის საცდური, რომ სარწმუნოება და სასუფეველი ამქვეყნიურ სამეფოზე გაეცვალათ. დღეს კი კონსტანტინოპოლს ჰყავს მიტროპოლიტები ხალხის გარეშე, ეპისკოპოსები, რომლებიც ვერავის მწყემსავენ, და რომლებსაც სურთ ხელთ ეპყრათ მთელი ეკლესია! ... ჩემი სინდისი მაიძულებს კვლავ მივმართო მუდარითა და შვილებრივი ღაღადისით მოწამებრივი სერბეთის ეკლესიის მღვდელმთავართა წმიდა კრებას: დაე, ნუ მიიღებს მონაწილეობას ჩვენი სერბეთის ეკლესია ე. წ. „მსოფლიო“ კრების ნურც მომზადებაში და ნურც თვით კრებაში. რამეთუ თუკი ასეთი კრება, ღმერთმა არ ქნას, შედგება, მისგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა მოველოდეთ: განხეთქილებებს, მწვალებლობებს და მრავალი სულის წარწყმედას“.  

ვლადიმერ წამალაშვილი

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა