martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

 

თანამედროვე "სიკვდილშემდგომი" გამოცდილებების "მისია"

 

და ბოლოს, "სიკვდილშემდგომმა" გამოცდილებებმა ასე რატომ "მოიცვეს ჰაერი" და რა მნიშვნელობა აქვთ მათ, როგორც "დროის სულის" ნაწილს? ჩვენს დროში ამ გამოცდილებათა ფართოდ განხილვის უმთავრესი, აშკარა მიზეზი – უკანასკნელ წლებში "კლინიკურად გარდაცვლილთა" რეანიმაციის ახალი მეთოდების გამოგონებაა, რომელთა წყალობითაც მსგავსი გამოცდილებები ისე ფართოდ გახმაურდნენ, როგორც არასოდეს. უეჭველია, რომ ეს განმარტება ეხმარება "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებებზე ცნობების რიცხობრივი ზრდის ახსნას, მაგრამ ძალიან ზედაპირულია იმისთვის, რომ კაცობრიობაზე ამ გამოცდილებათა სულიერი ზეგავლენა და საიქიო ცხოვრებაზე თვალსაზრისის შეცვლა ავხსნათ.

 

უფრო ღრმა ახსნაც მოიძებნება: ადამიანები სულ უფრო გახსნილნი და მგრძნობიარენი ხდებიან "სპირიტული" და "ფსიქიკური" გამოცდილებებისადმი; ერთი მხრივ, ძალზე გაიზარდა ოკულტური იდეების ზემოქმედება და, მეორე მხრივ, შესუსტდა ჰუმანისტური მატერიალიზმიც და ქრისტიანული რწმენაც. კაცობრიობა კიდევ ერთხელ უახლოვდება "მიღმურ სამყაროსთან" კონტაქტის მიღების შესაძლებლობას.

 

უფრო მეტიც, ეს "მიღმური სამყარო", როგორც ჩანს, თავად "ეხსნება" კაცობრიობას, რომელიც მის განცდას ესწრაფვის. უკანასკნელი წლების "ოკულტური აფეთქება" ყოველი ჯურის "პარანორმალური" გამოცდილებების ეფექტურმა ზრდამ გამოიწვია და, თავის მხრივ, ხელს უწყობდა მის გავრცელებას. ამ გამოცდილებათა სპექტრის ერთ მხარეს "სიკვდილშემდგომი" გამოცდილებები იმყოფებიან, რომლებშიც "მიღმურ სამყაროსთან" კონტაქტს ნებისყოფის უმნიშვნელო დაძაბვა სჭირდება ან ამასაც არ საჭიროებს; ხოლო გამოცდილებათა სპექტრის მეორე მხარეს – თანამედროვე ჯადოქრობა და სატანიზმი იმყოფება, სადაც უკვე კონტაქტის შეგნებული მცდელობა და "მიღმური სამყაროს" ძალთა მსახურებაც კი ხდება; ხოლო სადღაც, ამ ორ უკიდურესობას შორის თანამედროვე ფსიქიკური გამოც­დილების უთვალავი ვარიანტი არსებობს: ური გელერის "კოვზების გაღუნვიდან" და პარაფსიქოლოგიურ "სხეულგარეშე" მოგზაურობით დაწყებული – უცხოპლანეტელ არსებებთან კონტაქტებითა და მათ მიერ მოტაცებებით დამთავრებული. აღსანიშნავია, რომ ამ "პარანორმალურ" გამოცდილებათა დიდი რაოდენობა "ქრისტიანებს" ჰქონდათ, ხოლო ხსენებულ გამოცდილებათა ერთ-ერთი სახე ("ქარიზმატული") ფართოდ არის მიღებული, როგორც ნამდვილი ქრისტიანული მოვლენა.[1] სინამდვილეში კი, ყველა ამგვარ გამოცდილებაში ქრისტიანთა მონაწილეობა მხოლოდ გამაოგნებელი დასტურია იმისა, თუ რამდენად დაიკარგა ჩვენს დროში ქრისტიანული ცოდნა ოკულტურ გამოცდილებებზე.

 

ჩვენი საუკუნის ყველაზე თვალსაჩინო ნამდვილმა მედიუმმა, აწ გარდაცვლილმა არტურ ფორდმა (რომლის მიმართ მზარდი პატივისცემა, როგორც "ქრისტიანთა", ასევე ურწმუნო ჰუმანისტთა მხრიდან, უკვე თავისთავად "დროის ნიშანს" წარმოადგენს), ცხადად მიანიშნა, თუ რას ნიშნავს ოკულტურ გამოცდილებათა მიმართ დადებითი დამოკიდებულების გავრცელება და მათ მიმართ გამოხატული მგრძნობელობა: "პროფესიონალი მედიუმის დღე აღსასრულს უახლოვდება. ჩვენ სასარგებლო ვიყავით, როგორც საცდელი კურდღლები. მეცნიერებმა ჩვენი მეშვეობით ზოგიერთი რამ გაიგეს იმ აუცილებელი პირობების შესახებ, რომელნიც საჭიროა იმისთვის, რომ "სულთა სამყაროსთან" ურთიერთობა შედგეს"; ანუ: ოკულტური გამოცდილება, რომელიც აქამდე რამდენიმე "განდობილთა" წრით შემოიფარგლებოდა, ახლა ხელმისაწვდომი გახდა ათასობით უბრალო ადამიანისათვის. რა თქმა უნდა, ეს, იმდენად მეცნიერებით არ არის გამოწვეული, რამდენადაც – კაცობრიობის ქრისტიანობისადმი სულ უფრო მეტი გაუცხოებით და ახალი "რელიგიური გამოცდილებებისადმი" მისი ლტოლვით. 50-70 წლის წინათ მხოლოდ საზოგადოებისაგან თითქმის განცალკევებულ მედიუმებსა და ოკულტისტებს ჰქონდათ კონტაქტები "ხელმძღვანელ სულებთან". ისინი კულტივირებდნენ "სხეულიდან გასვლას" ან "ენათმეტყველებდნენ". დღეისათვის კი ეს გამოცდილებები გაცილებით გავრცელებულია და საზოგადოების ყველა დონეზე აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი რამ.

 

ამჟამად ასე შესამჩნევი ზრდა "მიღმური სამყაროს" გამოცდილებებისა, უეჭველად, ქვეყნის აღსასრულის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს. წმიდა გრიგოლი დიდი "საუბრებში" საიქიო ცხოვრების სხვადასხვა ხილვათა და გამოცდილებათა აღწერისას აღნიშნავს, რომ "სულიერი სამყარო გვიახლოვდება, თავისთავს ავლენს ხილვებისა და გამოცხადებების საშუალებით... რამდენადაც ქვეყნიერება უახლოვდება აღსასრულს, ეს მარადიული ქვეყანა უფრო ახლოს მოჩანს... ქვეყნიერების აღსასრული ერწყმის მარადიული ცხოვრების დასაწყისს" (VI, 43).

 

წმიდა გრიგოლი დასძენს, რომ ამ გამოცხადებათა და ხილვათა მეშვეობით (რომლებიც ჩვენს დროში ბევრად უფრო ჩვეულებრივია, ვიდრე წმიდა გრიგოლის დროს), ჩვენ მომავალი ცხოვრების ჭეშმარიტებას არასრულყოფილად ვხედავთ, რადგან ნათელი ჯერ კიდევ "მქრქალია და მკრთალი, როგორც მზის ამოსვლამდე განთიადისწინა სინათლე". როგორი ზუსტია ეს ნათქვამი თანამედროვე "სიკვდილშემდგომ" გამოცდილებებთან მიმართებაში! კაცობრიობას ჯერ არასოდეს მისცემია ასეთი შემაძრწუნებელი აშკარა მოწმობანი – ანუ, ყოველ შემთხვევაში, იმის "მინიშნება" – რომ არსებობს სხვა სამყარო, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სხეულის სიკვდილთან ერთად, რომ არსებობს სული, რომელიც არ კვდება და სიკვდილის შემდეგ ნამდვილად უფრო ნათელი ცნობიერების მქონე და ცოცხალია. იმ ადამიანს, ვისაც გარდაცვალების უმალ სულის მდგომარეობის ქრისტიანულ მოძღვრებაზე ცხადი წარმოდგენა აქვს, დღევანდელი ოკულტური გამოცდილებანი მხოლოდ დაუდასტურებენ დაცემულ სულთა საჰაერო სამფლობელოს არსებობასა და ბუნებას.

 

კაცობრიობის დანარჩენ ნაწილს (იმ უმრავლესობის ჩათვლით, რომელიც თავს ჯერ კიდევ ქრისტიანს უწოდებს) თანამედროვე გამოცდილებანი, ნაცვლად ქრისტიანობის ჭეშმარიტებათა დამოწმებისა, სიცრუესა და ცრუმოძღვრებაში დახვეწილად ხელმძღვანელობენ, ანტიქრისტეს მომავალი ბატონობის გასამზადებლად. ჭეშმარიტად, ვინც დღეს "სიკვდილიდან" მობრუნებულა, იმათაც კი არ შეუძლიათ კაცობრიობა დაარწმუნონ სინანულში: "უკუეთუ მოსესი და წინაჲსწარმეტყველთა არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ" (ლუკ. 16,31). ბოლოს და ბოლოს, თანამედროვე გამოცდილებათა ნამდვილი მნიშვნელობის გაგება მხოლოდ იმათ შეუძლიათ, ვინც ერთგულია "მოსესი და წინაჲსწარმეტყველთა", ანუ განცხადებული ჭეშმარიტების სავსებისა. ის, რასაც ამ გამოცდილებებიდან დანარჩენი კაცობრიობა იგებს – სინანული და ღვთის სამსჯავროს სიახლოვე არ არის, არამედ უცნაური, მომხიბლავი ახალი უწყება სასიამოვნო "მიღმური" გამოცდილებებისა და იმის გაუქმება, რაც ღმერთმა დაადგინა ადამიანის გამოსაფხიზლებლად ნამდვილი იმქვეყნიური სამყაროს, ზეცისა და ჯოჯოხეთის სამყაროს რეალობისთვის – სიკვდილის შიშისთვის.

 

არტურ ფორდი სრული გულახდილობით აცხადებს, რომ მედიუმთა მთელი მისია, ისევე როგორც თავისი, იმაში მდგომარეობს, რომ "ჩემთვის მოცემული ყველა განსაკუთრებული ნიჭი იმაში გამოვიყენო, რომ მიწიერ გონებათაგან სამუდამოდ განვდევნო სიკვდილში გადასვლის შიში". ეს არის მისია აგრეთვე დოქტორ კუბლერ-როსისაც, ეს არის აგრეთვე "მეცნიერული" დასკვნაც დოქტორ მუდის მსგავსი მკვლევრებისაც: "მიღმური" სამყარო სასიამოვნოა და მასში შესვლის არ უნდა გვეშინოდეს. ორი საუკუნის წინათ ემანუელ სვედენბორგმა ამის მორწმუნეთა "სულიერება" ასე შეაჯამა: "მე ნება მომეცა დავმტკბარიყავი არა მარტო სხეულისა და გრძნობების სიხარულით დედამიწაზე მცხოვრებთა მსგავსად, არამედ სიცოცხლის ისეთი აღმაფრენითა და სიხარულით ტკბობის ნება მომეცა, რომლის მსგავსიც, დარწმუნებული ვარ, რომ არავის განუცდია დედამიწაზე და რომელიც ყველაფერზე აღმატებული და დახვეწილია, რისი წარმოდგენა და რწმენაც კი შესაძლებელია. მერწმუნეთ, რომ ვიცოდე, ხვალ ღმერთი თავისთან მიმიხმობს, მუსიკოსებს მოვიწვევდი, რათა კიდევ ერთხელ განმეცადა ჭეშმარიტი სიხარული ამქვეყნად".

 

ახლა ამ დამოკიდებულებას დავუპირისპიროთ საუკუნეთა მანძილზე სიკვდილისადმი ნამდვილი ქრისტიანული დამოკიდებულება. და დავინახავთ, თუ რა მომაკვდინებელია სულისათვის "სულიერ გამოცდილებათა" მიმართ განურჩევლობა და ქრისტიანული მოძღვრების გაფრთხილებათა უგულებელყოფა!

 

  

ქრისტიანული დამოკიდებულება გარდაცვალებისადმი

 

საიქიო ცხოვრებაზე ოკულტური სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე შორს არის ჭეშმარიტებისაგან, იწყება უეჭველი ქრისტიანული ჭეშმარიტებით: სხეულის სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის დასასრული არ არის, არამედ მხოლოდ დასაწყისია ადამიანის პიროვნების ახალი მდგომარეობისა, რომელიც სხეულისაგან ცალკე აგრძელებს არსებობას.

 

სიკვდილი, რომელიც ღმერთს არ შეუქმნია და რომელმაც ადამის მიერ სამოთხეში ჩადენილი ცოდვის გამო შეაღწია ქმნილებაში, ყველაზე საკვირველი მდგომარეობაა, რომელშიც ადამიანი ცხადად ხედავს თავისი ბუნების დაცემულობას. მარადისობაში პიროვნების ხვედრი ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ეკიდება იგი საკუთარ გარდაცვალებას და როგორ ემზადება მისთვის.

 

გარდაცვალებისადმი ჭეშმარიტი ქრისტიანული დამოკიდებულება თავის თავში შეიცავს შიშის ელემენტს, დაურწმუნებლობას, სწორედ იმ ემოციებს, რომლის გაუქმებაც სურს ოკულტიზმს, მაგრამ ქრისტიანულ დამოკიდებულებაში არაფერია მდაბალი შიშის მაგვარი, რომელსაც მომაკვდავი მარადიული ცხოვრებისადმი უიმედობით შეიძლება განიცდიდეს. ქრისტიანი დაწყნარებული სინდისით მშვიდად უახლოვდება სიკვდილს, ხოლო ღვთის მოწყალებით – გარკვეული გულდაჯერებითაც კი. ახლა გადავხედოთ V საუკუნის დიდ ეგვიპტელ მოღვაწეთა ქრისტიანულ გარდაცვალებას:

 

"ღირსი აღათონის აღსასრულის დრო რომ დადგა, მან სამი დღე ღრმა თვითჭვრეტაში დაჰყო, არავისთან საუბრობდა. ძმებმა ჰკითხეს: "აბბა აღათონ, სად ხარ?" – "მე ქრისტეს სამსჯავროს წინაშე ვდგავარ", – უპასუხა მან. ძმებმა უთხრეს: "მამაო, ნუთუ შენც გეშინია?" მან უპასუხა: "მე ჩემი ძალისაებრ ვცდილობდი ღვთის მცნებათა დაცვას, მაგრამ მე ადამიანი ვარ და საიდან ვიცი, სათნო იყო თუ არა ღვთისათვის ჩემი საქმეები". ძმებმა ჰკითხეს: "ნუთუ იმედს არ გაძლევს შენი ცხოვრება, რომელიც ღვთის ნებას შეესაბამებოდა?" "არა, – უპასუხა მან, – რადგან სხვაა მსჯავრი კაცისა და სხვა – მსჯავრი უფლისა". კიდევ რაღაც სურდათ ეკითხათ მისთვის, მაგრამ აბბა აღათონმა უპასუხა: "გამოიჩინეთ სიყვარული და ნუ დამელაპარაკებით ახლა, რადგან თავისუფალი არა ვარ". და იგი სიხარულით მიიცვალა. "ჩვენ მას გახარებულს ვხედავდით, – გვიამბობდნენ მისი მოწაფეები, – თითქოსდა ძვირფას მეგობრებს ეგებებოდა" (სკიტის პატერიკი, იხ. ეპისკოპოსი ეგნატე, ტ. 3. გვ. 107).

 

დიდი წმინდანებიც კი, რომელნიც ღვთის მოწყალების ცხადი ნიშნებით მიიცვალებოდნენ, თავიანთი ცხონების მიმართ ფხიზელ სიმდაბლეს ინარჩუნებდნენ. "როდესაც დიდ სისოს გარდაცვალების ჟამი დაუდგა, მას სახე გაუბრწყინდა და მამებს უთხრა: "აი, აბბა ანტონი მოვიდა". ცოტაოდენი დუმილის შემდეგ თქვა: "აი, წინასწარმეტყველთა დასი მოვიდა". შემდეგ უფრო მეტად გაბრწყინდა და თქვა: "აგერ, მოციქულთა კრებული მოვიდა"; კვლავაც უაღრესად გაუბრწყინდა სახე და ვიღაცასთან იწყო საუბარი. ბერები ეკითხებოდნენ, თუ ვის ესაუბრებოდა. მან უპასუხა: "ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანად, მაგრამ ვევედრები, რათა ცოტა ხნით დამტოვონ სინანულისათვის". ბერებმა უთხრეს: "მამაო, შენ აღარ გჭირდება სინანული", ხოლო აბბამ უპასუხა: "ნამდვილად არ ვიცი ჩემს შესახებ, შევუდექი თუ არა სინანულს". ყველამ კი იცოდა, რომ იგი სრული კაცი იყო. ასე ამბობდა და გრძნობდა ჭეშმარიტი ქრისტიანი მიუხედავად იმისა, რომ თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სიტყვით აღადგენდა მკვდრებს და აღვსილი იყო სული წმიდის ნიჭებით. მას კიდევ მეტად გაუბრწყინდა სახე, გაბრწყინდა, როგორც მზე. ყველა შეშინდა. ამბა სისომ უთხრა მათ: "აი, უფალი მოვიდა და თქვა: "მომიყვანეთ მე რჩეული ჭურჭელი უდაბნოდან". ამ სიტყვებით განუტევა სული. იხილეს ელვა და კეთილსურნელებამ აღავსო სენაკი" (სკიტის პატერიკი, იხ. ეპისკოპოსი ეგნატე, ტ. 3, გვ. 110).

 

როგორ განსხვავდება ეს ღრმა და ქრისტიანული დამოკიდებულება ზოგიერთ ახლანდელ არამართლმადიდებელ ქრისტიანთა ზედაპირული პოზიციისაგან, რომელთაც ჰგონიათ, რომ უკვე "ცხონდნენ" და სხვა ადამიანებივით სამსჯავროსაც არ მიეცემიან და ამდენად, სიკვდილის დროს არაფრის არ უნდა ეშინოდეთ. ასეთი პოზიცია ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე პროტესტანტთა შორის, რომელიც, ფაქტობრივად, შორს არ არის ოკულტური იდეისგან: – რომ სიკვდილის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან იქ საუკუნო ტანჯვა არ არის. უეჭველია, ამან შეუწყო ხელი ბოლოდროინდელი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას (თუნდაც უნებურად). ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი (XI ს.) სახარების განმარტებაში წერდა: "ბევრია ისეთი, ვინც მტკიცე იმედებით იცდუნებს თავს და ფიქრობს, რომ ცათა სასუფეველს ეწევა; საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და რჩეულთა დასში რიცხავენ თავს... "მრავალნი არიან წოდებულნი", ანუ ღმერთი მრავალს მოუწოდებს, უფრო ზუსტად – ყველას, მაგრამ "მცირედ არიან რჩეულნი", ცოტანი ცხონდებიან, რომელნიც ღვთივრჩეულობის ღირსნი არიან" (მათეს სახარებისა განმარტება 22,14).

 

შესაძლოა, ოკულტური ფილოსოფიისა და საერთო პროტესტანტული თვალსაზრისის მსგავსება წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რომ ზოგიერთი ევანგელისტი პროტესტანტის მიერ "ბიბლიური ქრისტიანობის" ფონზე თანამედროვე "სიკვდილშემდგომი" გამოცდილებების კრიტიკის მცდელობა ასე წარუმატებელი აღმოჩნდა. თავად კრიტიკოსებმა იმდენი რამ დაკარგეს ტრადიციული ქრისტიანული სწავლებიდან საიქიო ცხოვრებაზე, საჰაერო სამფლობელოზე, დემონთა საქმეებსა და სიცრუეზე, რომ მათი კრიტიკა ხშირად გაბუნდოვანებული და თვითნებურია; ამ სფეროში მათი ცოდნა საერო მკვლევრებისას არ აღემატება და უბიძგებს, მოტყუვდნენ საჰაერო სამფლობელოში მიღებული ყალბი "ქრისტიანული" ან "ბიბლიური" გამოცდილებებით.

 

გარდაცვალებისადმი ნამდვილი ქრისტიანული დამოკიდებულება ამ ცხოვრებასა და მომავალ ცხოვრებას შორის კრიტიკული სხვაობის გაცნობიერებას ემყარება. მიტროპოლიტმა მაკარი მოსკოველმა (ბულგაკოვი) შემდეგი სიტყვებით შეაჯამა ამ საკითხზე ბიბლიური და მამათა სწავლებანი: "გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვარმა თავის იგავში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ ერთმაც და მეორემაც სიკვდილისთანავე მიიღო მისაგებელი. მდიდარს კი, რაც არ უნდა წამებაში ყოფილიყო ჯოჯოხეთში, სინანულის გზით ტანჯვისგან გათავისუფლება აღარ შეეძლო" (ლუკ. 16,26); (მიტროპოლიტი მაკარი, "მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება" ტ. II, გვ. 524).

 

ამიტომაც სიკვდილი სწორედ ის რეალობაა, რომელიც ადამიანს აცნობიერებინებს ამქვეყნიურ და მომავალ სამყაროს შორის სხვაობას და შთააგონებს სინანულითა და სიწმინდით იცხოვროს, სანამ ჯერ კიდევ აქვს ძვირფასი დრო. როდესაც წმიდა აბბა დოროთეს ერთმა ძმამ თავის შესახებ ჰკითხა, თუ რატომ ვარდება იგი უზრუნველობაში სენაკში ყოფნის ჟამს, ბერმა უპასუხა: "იმიტომ, რომ ჯერ არ შეგიცვნია არც მოსალოდნელი განსვენება და არც მომავალი სატანჯველი. შენ ეს მტკიცედ რომ გცოდნოდა, მაშინ მატლითაც სავსე რომ ყოფილიყო შენი სენაკი და ყელამდეც ყოფილიყავი შიგ ჩაფლული, ამას მოუძლურების გარეშე აიტანდი" (აბბა დოროთე, სწავლა 12, "მომავალი ტანჯვის შიშისათვის").

 

მსგავსად გვასწავლიდა, უკვე ახალ დროში, წმიდა სერაფიმე საროველი: "რომ იცოდე, თუ როგორი სიტკბო ელის მართლის სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებითი ცხოვრების მანძილზე ჩვენი სხეული ეჭამათ, მაინც მთელი სურვილით უნდა დავთანხმებოდით ამას, რათა არ დაგვეკარგა ის ზეციური სიხარული, რომელიც ღმერთმა მის მოყვარულებს განუმზადა".

 

პროტესტანტების უშიშრობა, ისევე როგორც ოკულტისტებისა – ეს პირდაპირი შედეგია იმ საკითხებში გაუცნობიერებლობისა, თუ რა მოელით მათ მომავალ ცხოვრებაში და რისი გაკეთება შეიძლება ახლა, რომ მისთვის მოვემზადოთ. ამიტომაცაა ჭეშმარიტი გამოცდილებანი, ანუ საიქიო ცხოვრების ხილვები სულის სიღრმემდე შემძვრელი და (თუკი ადამიანი არ ეწეოდა მოშურნე ქრისტიანულ ცხოვრებას), მთელ მის ცხოვრებას ცვლის სიცოცხლის აღსასრულამდე. როდესაც კიევ-პეჩორელი ღირსი მამა ათანასე გარდაიცვალა და ორი დღის შემდეგ გაცოცხლდა, იღუმენი და ძმები "შეძრწუნდნენ" ცოცხალი რომ დაინახეს იგი. შემდეგ გამოკითხვა დაუწყეს: თუ როგორ გაცოცხლდა? რას ხედავდა და რა ესმოდა იმ დროს, როდესაც სხეულს განშორდა? ყველა კითხვას იგი მხოლოდ ამ სიტყვით პასუხობდა: "თავს უშველეთ". როდესაც ძმები დაჟინებით ევედრებდნენ რაიმე სასარგებლო ეთქვა, მაშინ იგი მორჩილებასა და განუწყვეტელ სინანულს უანდერძებდა. ამის შემდეგ ათანასე გამოქვაბულში დაეყუდა, სადაც ოცი წელი გამოუსვლელად დაყო, დღე და ღამეს განუწყვეტელ ცრემლთადენაში ატარებდა და დღეგამოშვებით მცირედ პურსა და წყალს იღებდა. ამ დროის მანძილზე იგი არავის გასაუბრებია. მისი აღსასრულის ჟამი რომ დადგა, ათანასემ თავშეყრილ ძმებს კვლავ გაუმეორა მორჩილებისა და სინანულის სწავლება და მშვიდობით ღვთივ განისვენა (ეპისკოპოსი ეგნატე ტ. 3, გვ. 129. მისი ცხოვრება იხ. კიევ-პეჩორის პატერიკში; ღირსი ათანასე, პეჩორელი დაყუდებული, ხსენება 2 დეკემბერს).

 

მსგავს ამბავს გვიამბობს დასავლეთში ღირსი ბედა: ნორტუბიის ერთი მცხოვრები, რომელიც მთელი ღამე მკვდარი იყო, სიცოცხლეს დაუბრუნდა და თქვა: "ჭეშმარიტად სიკვდილის მარწუხებიდან აღვდექი და კვლავ მომეცა ადამიანთა შორის ცხოვრების უფლება, მაგრამ ამის შემდეგ მე უწინდებურად აღარ უნდა ვიცხოვრო, არამედ სრულიად სხვაგვარ ცხოვრებას უნდა ვეწიო". მან მთელი თავისი მამული გლახაკებს გაუყო და თავად მონასტერში წავიდა. მოგვიანებით იგი ყვებოდა, რომ ზეცაც იხილა და ჯოჯოხეთიც, მაგრამ ამ ღვთისკაცს უგულისხმო და უზრუნველ ადამიანებთან ამაზე ლაპარაკი არ სურდა, არამედ მხოლოდ მათთან საუბრობდა, ვისაც სასჯელის შიში თან სდევდა ან საუკუნო ცხოვრების იმედი ახარებდა და კიდევ მათთან – ვისაც მისი სიტყვების გულთან მიტანა და სიწმინდეში წარმატება სურდა".

 

ჩვენს დროშიც კი, "ბევრისთვის დაუჯერებელის..." ავტორი ისე იყო შეძრწუნებული თავისი ნამდვილი იმქვეყნიური გამოცდილებით, რომ მთელი თავისი ცხოვრება შეცვალა, მონაზვნად აღიკვეცა და თავის გამოცდილებაზე თხზულება დაწერა, რათა თა­ვისი მსგავსნი გამოეფხიზლებინა, რომელნიც მომავალი ცხოვრებისადმი ურწმუნოების გამო ცრუ უზრუნველობით ცხოვრობენ.

 

მსგავსი შემთხვევები ხშირად გვხვდება წმინდანთა ცხოვრებებსა თუ სხვა მართლმადიდებლურ წყაროებში, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან თანამედროვე ადამიანთა გამოცდილებებისგან, რომლებმაც "ზეცა" და "მიღმური სამყარო" იხილეს და მაინც იმ ცრურწმენით დარჩნენ, რომ უკვე "მზად" არიან სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისთვის და რომ თავად სიკვდილი საშიში არ არის.

 

თუ რა ადგილი უკავია ქრისტიანულ ცხოვრებაში სიკვდილის ხსენებას, შეგვიძლია ვნახოთ ქრისტიანული მოღვაწეობის სახელმძღვანელოში – ღირსი იოანე კიბისაღმწერელის "კიბეში", რომლის მეექვსე თავი სპეციალურად ამას ეძღვნება: "ვითარცა პური უსახმარეს არს ყოველთა უფროს საზრდელთა, ეგრეთვე ხსენება სიკუდილისა უაღრეს არს ყოველთა გულისსიტყუათა და წურთათა... ვერ შემძლებელ არიან კაცნი სიმართლით გარდახდად დღისა ერთისაცა, გარნა ესრეთ, რაჲთა ყოველსა დღესა ვიტყოდეთ თვითოეული, ვითარმედ ესე დღე აღსასრული არს ჟამთა და წელთა ჩემთა" (კიბე 6;5,30). წმიდა წერილი კარგად გვამცნობს: "ყოვლითა საქმითა შენითა მოიხსენე აღსასრული შენი და უკუნისამდე არა ჰსცოდო" (ზირაქ. 7,39). ღირსი მამა ბარსანუფი ღაზელი ურჩევდა ძმას: "დაე, აზრები განგიმტკიცოს სიკდვილის ხსოვნამ, რომლის დადგომის ჟამიც არავინ უწყის. ამქვეყნიდან ჩვენს გასვლამდე დავშვრეთ სიკეთის ქმნაში – რადგან არ ვიცით, რა დღეს მოგვიწოდებენ, – რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და საქორწინო კარს მიღმა არ დავრჩეთ, ხუთ სულელ ქალწულთან ერთდ" (ღირსი ბარსანუფი, პასუხი 799).

 

დიდმა ამბა პიმენმა, როდესაც ეგვიპტელი მოღვაწის, ღირსი არსენი დიდის სიკვდილი შეიტყო, თქვა: "ნეტარ ხარ შენ, არსენ, რადგან შენ დაიტირე თავი შენი მიწიერი ცხოვრების მანძილზე! თუკი აქ არ დავიტირებთ ჩვენს თავს, მარადიულ გლოვაში ვიქნებით. ტირილს ვერ გავექცევით: ან აქ – ნებით, ან იქ, ტანჯვა-წამებით, ჩვენი ნების გარეშე" (სკიტის პატერიკი, იხ. ეპისკოპოს ეგნატესთან ტ. III, გვ. 108).

 

მხოლოდ ასეთი ფხიზელი ქრისტიანული თვალსაზრისის მქონეს შეუძლია გაბედოს და თქვას პავლე მოციქულთან ერთად: "გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად" (ფილ. 1,23). მხოლოდ მას, ვინც ქრისტიანული მოღვაწეობით ცხოვრობდა, ინანიებდა და ტიროდა თავის ცოდვებს, მხოლოდ მას შეუძლია წმიდა ამბროსი მედიოლანელთან ერთად თქვას: "ბრიყვებს სიკვდილის ეშინიათ, როგორც უდიდესი ბოროტებისა, ხოლო ბრძენნი ეძიებენ მას, როგორც შრომის შემდგომად განსვენებას და უბედურებათა დასასრულს" ("გარდაცვალება, როგორც ნეტარება", 8,32).

 

ყოვლადუსამღვდელოესი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) თავის ცნობილ თხზულებას "სიტყვა სიკვდილზე" ასრულებს შემდეგი გამონათქვამით, რომელიც ახლა, ასი წლის შემდეგაც, სიკვდილთან ერთადერთ სწორ ქრისტიანულ დამოკიდებულებასთან დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს, ჩვენი ახლანდელი სულიერი მდგომარეობის ყოველგვარი ვარდისფერი ილუზიის მოცილებით, და აგრეთვე – მომავალ ცხოვრებაზე ყველა ცრუ იმედის უკუგდებით:

 

"სასარგებლოა, რომ ჩვენში სიკვდილის ხსოვნა განვაცხოველოთ სასაფლაოზე მისვლით, ავადმყოფთა მონახულებით, ახლობელთა გარდაცვალებასა და დაკრძალვაზე დასწრებით, ჩვენ მიერ ნანახი და გაგონილი თანამედროვე სხვადასხვანაირი სიკვდილის ხშირი გახსენებით... შევიგნოთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ხანმოკლეობა და ყოველი მიწიერი მონაგებისა და უპირატესობის ამაოება; შევიგნოთ საშინელი მომავალი მათი, რომელნიც მხსნელსა და ხსნას უგულებელყოფენ და რომელთაც თავი სრულიად მიუძღვნეს ცოდვასა და ხრწნილებას, – განვაშოროთ ჩვენი გონებრივი თვალნი ამქვეყნიურ მაცდურ და თავბრუდამხვევ სილამაზეს, რომელიც მარჯვედ იპყრობს ადამიანის სუსტ გულს მისადმი სიყვარულითა და მსახურებით; თვალი მივაპყროთ საშინელ, მაგრამ მხსნელ სანახაობას – ჩვენს მოსალოდნელ სიკვდილს. დროულად ვიტიროთ ჩვენი თავი, განვიწმიდოთ, განვიბანოთ ცრემლებითა და აღსარებით ჩვენი ცოდვები, რომელნიც ჩაწერილნი არიან სოფლისმპყრობელის წიგნებში. მოვიხვეჭოთ სული წმიდის მადლი – ეს ბეჭედი, ეს ნიში რჩეულებისა და ცხონებისა: იგი აუცილებელია საჰაერო სივრცეში თავისუფალი სვლისათვის და ზეციურ კარიბჭესა და სავანეში შესვლისათვის...

 

სამოთხიდან განდევნილნო! ჩვენ დედამიწაზე არც სამხიარულოდ, არც სადღესასწაულოდ, არც სათამაშოდ არ ვიმყოფებით, არამედ – რათა რწმენით, სინანულითა და ჯვრით მოვკლათ ჩვენი მკვლელი – სიკვდილი და დავიბრუნოთ დაკარგული სამოთხე.

 

დაე, მოწყალე ღმერთმა მიანიჭოს ამ სიტყვების მკითხველსა და შემდგენელს მიწიერ ცხოვრებაში სიკვდილის ხსოვნა, რათა მისი ხსოვნით, ყოველგვარ ამაოებაზე უარის თქმით და მარადისობისთვის ცხოვრებით განაგდოს სიკვდილის სისასტიკე, როცა დადგება მისი ჟამი, და მიიცვალოს ნეტარ, მარადიულ, ჭეშმარიტ ცხოვრებაში. ამინ" (ტ. III, გვ. 181-183).

 

 

თარგმნა მარიამ ნიაურმა

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზის წიგნიდან „სული გარდაცვალების შემდეგ“.

 

  

[1] "ქარიზმატული" მოძრაობის განხილვა, როგორც მედიუმური ფენომენისა, შეგვიძლია ვნახოთ მღვდელმონაზონ სერაფიმეს წიგნში "მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია", VII თავი. წმიდა გერმანე ალასკელის მონასტრის გამომცემლობა, 1979 წ.

 

მსგავსი სტატიები

 

რატომ ვერ იქნება ქრისტიანი ოკულტისტი

 

რით განსხვავდება იოგა ქრისტიანული ასკეზისაგან

 

რა აქვს საერთო ასტროლოგიას ქრისტიანობასთან?

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა