martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

მღვდელმონაზონ ნიკონის წერილი დედისადმი

(ოპტინის უდაბნო, 1922 წ.)

 

ქრისტე არს ჩვენ შორის, საყვარელო დედა!

ქრისტესმიერ მშვიდობასა და სიხარულს გისურვებ სულითა და გულით, და შენს წმინდა ლოცვებსა და მშობლიურ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვ.

ჩემზე რა მოგწერო? ცოცხლად და ჯანმრთელად ვარ, განსაკუთრებულად არაფერი მჭირდება, აუცილებელს ყველაფერს მაძლევენ. ვასრულებ მდივნის მორჩილებას, ძალიან დაკავებული ვარ მონასტრის საქმეებით, ვგალობ კლიროსზე და, ბოლოს, ვმსახურობ ღვთის ტრაპეზის წინაშე წმინდა საკურთხეველში.

რაც შეეხება ჩემს შინაგან სულიერ ცხოვრებას, ან სენაკის ცხოვრების წესს, ეს ყველამ როდი შეიძლება იცოდეს. ჩემი სენაკი სიგრძეში 5 არშინია,[1] სიგანეში – 3 არშინი. სენაკი ჩემთვის ყველანაირ მდიდრულ დარბაზებსა და სასახლეებზე უფრო ძვირფასია.

როგორ დაგიხატო ჩვენი საძმოს დღევანდელი ყოფა? ეს ძალიან რთული და ამავე დროს ძალიან მარტივი საქმეა. რთული იმ მხრივ, რომ შეუძლებელია ქაღალდზე გადმოიტანო ის, რასაც ახლა წარმოადგენს ყოფილი მონასტერი, ან კიდევ ის, რასაც ჩვენ განვიცდით და რასაც ჩვენ ვზრახავთ. მარტივი კი იმ გაგებით, რომ „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი“ (ფსალმ. 126,1). დიახ, უნდა მივიღოთ შესაძლო ზომები, ჯანსაღი გონებით ნაკარნახევი, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ქრისტიანულ სულსა და მონაზვნურ ცხოვრებას, მაგრამ ამ ზომებს რომ მივიღებთ, წარმატებას მხოლოდ ღვთის ხელიდან უნდა ველოდოთ.

ადამიანის სიამაყე ამბობს: ჩვენ გავაკეთებთ, ჩვენ მივაღწევთ, ჩვენ ვიწყებთ ბაბილონის გოდოლის შენებას, ვითხოვთ ღმერთისგან ანგარიშს მის მოქმედებებში, გვსურს ვიყოთ მთელი სამყაროს გამგებლები, ვოცნებობთ, რომ ღრუბლებზე დავდგათ ჩვენი საყდარი! მაგრამ არავინ და არაფერი არ ემორჩილება ადამიანს და მისი უძლურება მწარე გამოცდილებით დასტურდება. ვაკვირდები რა ამ გამოცდილებას გარდასრულ დღეთა და თანამედროვეობის ისტორიიდან, მივდივარ დასკვნამდე, რომ ჩვენთვის მიუწვდომელია ღვთის განგებულება, ჩვენ მას ვერ ჩავწვდებით. ამიტომაც აუცილებელია, მთელი სიმდაბლით მივენდოთ ღვთის ნებას.

და კიდევ ერთი რამ: არავის და არაფერს შეუძლია ავნოს ადამიანს, თუ თვითონ არ ავნებს ცოდვის ჩადენით საკუთარ თავს; ვინც ცოდვას არ გაექცევა, მას ათასი გადამრჩენი საშუალებაც კი ვერაფერს უშველის. მაშასადამე, ერთადერთი ბოროტება – ეს ცოდვაა. იუდა მაცხოვრის გვერდით იყო, მაგრამ წარწყმდა, მართალი ლოთი კი სოდომში ცხოვრობდა და ცხონდა. აი, ეს და ამის მსგავსი აზრები მომდის, როცა წმინდა მამების ნაშრომებს ვკითხულობ და როცა გონების თვალით ვუმზერ ყველაფერ იმას, რაც გარშემო ხდება.

რა იქნება? როგორ იქნება? როდის იქნება? თუ ესა და ეს მოხდება, სად მივიდრიკოთ თავი? ვინ მოგვცემს ნუგეშს? ვინ განგვამტკიცებს სულიერად? ჰოჲ, უფალო, უფალო! და საშინელი გაურკვევლობა ისადგურებს სულში, როცა ცდილობ საკუთარი გონებით განსაზღვრო ყველაფერი, ჩაწვდე მომავლის საიდუმლოს, რომელიც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ რატომღაც – შიშისმომგვრელი. უძლურდება გონება, მისი გამოგონილი გეგმები და საშუალებები – ბავშვური ოცნებაა, ტკბილი სიზმარი. გაიღვიძა ადამიანმა და ყველაფერი გაქრა – შეეჯახა რა მკაცრ სინამდვილეს; მისი გეგმები ჩაიშალა. კი მაგრამ, სადაა ხსნა, იმედი? ხსნა და იმედი ღმერთშია.

„უფალი შესავედრებელი ჩემი და მე ვესავ მას“ (შდრ. ფსალმ. 143,2). როცა საკუთარ თავსა და ყველაფერს ღვთის ნებას მივანდობ, სულის სიმშვიდეს ვპოულობ. თუ მე ღვთის ნებას მივანდობ თავს, მაშინ ჩემზე აღსრულდება კიდეც ღვთის ნება, ის კი ყოველთვის კეთილი და სრულია. თუ მე ღმერთს ვეკუთვნი, მაშინ ღმერთი კიდეც დამიფარავს და მანუგეშებს. თუ ჩემივე სარგებლობისთვის განსაცდელი მოიწევა ჩემზე – კურთხეულ არს ღმერთი, რომელიც ზრუნავს ჩემი ცხონებისთვის. მწუხარებების მოზღვავების დროსაც კი ღმერთს შეუძლია მოგვანიჭოს დიდი და დიდებული ნუგეში... აი, ასე ვფიქრობ, ასე ვგრძნობ, ასე ვხედავ და ასე მწამს.

აქედან გამომდინარე, არ იფიქრო, თითქოს ბევრი მწუხარება და განსაცდელი გამოვიარე. არა, მე მეჩვენება, რომ ჯერ კიდევ არ მინახავს მწუხარება. თუ მქონდა კიდეც ისეთი განცდები, რომლებსაც ერთი შეხედვით მწუხარება შეიძლება დაარქვა, მათ ჩემთვის ძლიერი გულისტკივილი არ მოუყენებიათ, ამიტომ მწუხარებებად ვერც კი ჩავთვლი. თუმცა არ ვხუჭავ თვალებს იმაზე, რაც უნდა მოხდეს, არ ვხუჭავ თვალებს მომავალზე – რომ მოვამზადო ჩემი სული განსაცდელისთვის, და რომ შემეძლოს ფსალმუნის სიტყვებით ვთქვა: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფსალმ. 118,60).

მე მოგწერე, რომ ჩვენთან გამოძიება იყო. ჩვენი „საამხანაგოს“ საქმეების რევიზია ჩატარდა. ეს გამოძიება ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, სასამართლო არ ყოფილა. როდის იქნება და რით დამთავრდება – ღმერთმა იცის. მაგრამ უეჭველია, ღვთის ნების გარეშე არც ჩემზე, არც ზოგადად ჩვენს მონასტერზე არაფერი შეიძლება მოიწიოს. ამიტომ მშვიდად ვარ. ხოლო როცა სულში სიმშვიდეა, სხვა რა შეიძლება ვეძიოთ?

ახლა ღამისთევის ლოცვიდან დავბრუნდი და ჯერ კიდევ ღამისთევის წინ დაწყებული წერილის დასამთავრებლად დავჯექი. ღმერთო, რა ბედნიერებაა! რა მშვენიერ სიტყვებს ვისმენთ ეკლესიაში, რა სიმშვიდეა, რა სიწყნარე. სიწმინდის სული აქ ცხადად შეიგრძნობა. ღვთისმსახურება მთავრდება, ყველანი თავ-თავიანთ სენაკებში მიდიან. მეც გამოვდივარ ტაძრიდან.

საოცარი ღამეა, ოდნავი ყინვა. მთვარე ვერცხლისფერ შუქს ჰფენს ჩვენს მყუდრო სკიტს. მივდივარ განსვენებული მამების საფლავებზე, თაყვანს ვცემ მათ საფლავებს, ვითხოვ მათგან ლოცვითს შეწევნას, მათთვის კი მარადიულ, ზეციურ ნეტარებას ვთხოვ ღმერთს. ეს საფლავები ბევრ რამეს აუწყებენ ჩვენს გულსა და გონებას. ამ ცივი საფლავის ქვებიდან თბილ მობერვას შეიგრძნობ. გონების თვალით ვჭვრეტ აწ განსვენებული სულიერი ბუმბერაზების საკვირველ სახეებს.

ამ დღეებში განუწყვეტლივ მახსენდებოდა მამა ბარსანოფი. მე ვიხსენებდი მის სიტყვებს, მის დარიგებას, რომელიც ერთხელ, ან იქნებ არაერთხელაც მომცა. ის მეუბნებოდა: „მოციქული გვამცნებს: „თავნი თვისნი გამოიცადენით, უკუეთუ ხართ სარწმუნოებასა შინა“ (2 კორ. 13,5), – და განაგრძობდა: – ნახეთ, რას ამბობს იგივე მოციქული: „სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი“ (2 ტიმ. 4,7-8). დიახ, დიდი საქმეა შეინარჩუნო, დაიმარხო სარწმუნოება. ამიტომ მეც გეუბნებით: გამოსცადეთ საკუთარი თავი, ხართ თუ არა სარწმუნოებაში. თუ სარწმუნოებას შეინარჩუნებთ, მაშინ შეგიძლიათ იმედი იქონიოთ, რომ თქვენი ხვედრი კეთილი იქნება“.

როცა ყველაფერ ამაზე საუბრობდა აწ განსვენებული ბერი (ხოლო საუბრობდა ლამაზად, აღმაფრენით, რამდენადაც მახსოვს, საღამოს, კანდელის მკრთალ შუქზე, მის ძვირფას, მყუდრო, ბერულ სენაკში), ვგრძნობდი, რომ ის რაღაც მაღალ, საკვირველ, სულიერ საგანს ეხებოდა. ჩემი გული და გონება ხარბად ისრუტავდნენ მის სიტყვებს. მე ადრეც გამეგონა მოციქულის ეს წარმონათქვამი, მაგრამ მას ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება, ასეთი გავლენა არ მოუხდენია.

ასე ვფიქრობდი: რა არის განსაკუთრებული სარწმუნოების დამარხვაში? მე მწამს, და მწამს მართლმადიდებლურად. არავითარი დაეჭვებები სარწმუნოებაში არა მაქვს. მაგრამ ახლა უცბად ვიგრძენი, რომ ამ წარმონათქვამში რაღაც დიდი და ღრმა იმალება, და რომ მართლაც დიდი რამ არის, შენს თავს მოწევნული განსაცდელების, ცხოვრებისეული განცდებისა და საცთურების მიუხედავად, საკუთარ გულში ჩაუქრობლად დაიმარხო წმინდა სარწმუნოების ცეცხლი, ჩაუქრობლად – თვით სიკვდილამდეც კი. რამეთუ ნათქვამია: „სრბაჲ აღმისრულებიეს“ (2 ტიმ. 4,7). ანუ მიწიერი ცხოვრება უკვე გავლიე, დავამთავრე, უკვე გავიარე გზა, რომელიც უნდა გამევლო, უკვე ამქვეყნიური ყოფის ზღვარზე ვდგავარ, გარდაცვალების შემდეგ იწყება სხვა ცხოვრება, მარადიული, რომელიც ჩემმა სარწმუნოებამ განმიმზადა, – სარწმუნოებამ, რომელიც მე დავიმარხე: „სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“. და მამცნო საკვირველმა ბერმა, დროდადრო შემემოწმებინა საკუთარი თავი, ვიმარხავდი თუ არა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებას – რომ შეუმჩნევლად არ გადავხრილიყავი მისგან. მირჩია წამეკითხა მიტროპოლიტ ფილარეტის მართლმადიდებლური კატეხიზმო და გავცნობოდი „აღმოსავლეთის პატრიარქთა სარწმუნოების აღსარებას“.

ახლა, როდესაც შეირყა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საფუძვლები, მე ვხედავ, რაოდენ ძვირფასია ჩემთვის ბერის დარიგება. თითქოს ახლა დადგა გამოცდის დრო: ვართ თუ არა სარწმუნოებაში. და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ სარწმუნოების დამარხვა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც მხურვალედ და გულწრფელად სწამს, ვისთვისაც ღმერთი ყველაზე ძვირფასია. ეს კი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ თავს ყველანაირი ცოდვისგან დავიცავთ და საკუთარი ზნეობის სიწმინდეზე ვიზრუნებთ.

სარწმუნოების შენარჩუნება რომ მხოლოდ კეთილი ზნეობითაა შესაძლებელი, ეს ჩემი აზრი არ არის, ეს სახარებისა და წმინდა მამების სწავლებაა. აი, რას ვკითხულობთ იოანეს სახარების მესამე თავის მე-19–21-ე მუხლებში: „ ... რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. რამეთუ ყოველი, რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან“.

„ნათელს“ აქ იესო ქრისტე საკუთარ თავს უწოდებს. იგი არწმუნებს თავის თანამედროვე იუდეველებს, არ ეძიონ ერთმანეთისგან პატივი და დიდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი ვერ შეძლებს შეინარჩუნოს სარწმუნოება. „ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?“ (იოან. 5,44) და ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვიც, მიუთითებს რა სახარების ზემოთქმულ სიტყვებზე, ამბობს, რომ პატივმოყვარეობის ვნება, ისევე როგორც სხვა ვნებები, ანადგურებს სარწმუნოებას ადამიანის გულში, ქრისტეს სარწმუნოების, ქრისტეს აღმსარებლობის მიღების უნარს ართმევს მას. ამიტომაც მთელი გულით ვითხოვ შენს წმინდა ლოცვებს – რომ ყველანაირი ბოროტებისგან, ანუ ყველანაირი ცოდვისგან, მისი ყველანაირი გამოვლინებისგან დამიფაროს ღმერთმა, – და მაშინ ვერავითარი გარეგნული მდგომარეობა ვერ მომაყენებს ზიანს.

მოკლედ მინდოდა მეცნობებინა შენთვის, რომ ცოცხლად და ჯანმრთელად ვარ, მაგრამ, ყოველგვარი მოლოდინის გარეშე, წერამ გამიტაცა. წერის დროს ძლივს ვასწრებდი, აზრს მივდევნებოდი და ჩამეწერა, რასაც ის მკარნახობდა. ეს ყველაფერი თითქოს უნებლიეთ გადმოიღვარა კალმიდან და ეს არის ჩემი ღრმა რწმენა...

ღმერთი შეგეწიოთ ყველას. ყველასგან ვითხოვ წმინდა ლოცვებს, და მეც, რამდენადაც ძალა შემწევს, ყოველთვის გიხსენიებთ ლოცვებში. შემინდე.

კურთხევა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ.

15/28 – 16/29 ნოემბერი, 1922 წ. ოპტინის უდაბნო.

უკვე ღამის 2 საათია.

 

წიგნიდან: ოპტინის უდაბნოსუკანასკნელი მოძღვრის, ღირსი ნიკონ ბელიაევის დღიური

[1] ერთი არშინი უდრის 0,7112 მეტრს.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა