martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ქრისტიანობის მაგალითები

წმიდა მაკარი დიდი

ერთხელ აბბა მაკარი ნიტრიის მთისკენ მიემართებოდა მოწაფესთან ერთად. მან მოწაფეს უბრძანა წინ წასულიყო. მოწაფე გარკვეული მანძილით რომ დაწინაურდა, კერპების ქურუმს შეხვდა, რომელიც სადღაც მიიჩქაროდა და ხის დიდი ნაჭერი მიჰქონდა. მოწაფემ დაუყვირა: „საით გარბიხარ, დემონო?“ ქურუმი განრისხდა, სასტიკად სცემა მას, ცოცხალ-მკვდარი დატოვა და ნაჩქარევად განაგრძო გზა. ცოტა გზა რომ გაიარა, წმიდა მაკარის შეხვდა, რომელიც ასე მიესალმა: „სალამი შრომისმოყვარევ, სალამი“. გაკვირვებულმა ქურუმმა უპასუხა: „რა ნახე ჩემში კარგი, რომ მომესალმე?“ ბერმა უთხრა: „იმიტომ მოგესალმე, რომ დაგინახე როგორ შრომობდი და ზრუნვით სადღაც მიიჩქაროდი“. ქურუმმა მიუგო: „შენი მოსალმებით გული მომილბა და მივხვდი, რომ ღმერთის დიდი მსახური ხარ. ამის საპირისპიროდ სხვამ, უცნობმა უბადრუკმა მონაზონმა, რომელიც გზად შემომეყარა, გამომლანძღა. ამისთვის ვცემე“. ამ სიტყვებთან ერთად ის მაკარის ფეხებში ჩაუვარდა, მოეხვია და წამოიძახა: „არ მიგატოვებ, სანამ მონაზვნად არ აღმკვეცავ“. მათ ერთად განაგრძეს გზა. როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, სადაც ნაცემი მონაზონი იწვა, ის ხელში აიყვანეს და ასე მიიყვანეს ტაძარში, რადგან სიარული არ შეეძლო.

ნიტრიის მთის ძმებს ძალიან გაუკვირდათ, როდესაც წმიდა მაკარისთან ერთად მიმავალი კერპთა ქურუმი დაინახეს. ქურუმი გაქრისტიანდა, შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. მისი მაგალითით მრავალი კერპთაყვანისმცემელი გაქრისტიანდა.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით აბბა მაკარიმ თქვა: „ამაყი და ბოროტი სიტყვა კეთილ ადამიანებსაც ბოროტებისკენ უბიძგებს, ხოლო მდაბალი და კეთილი სიტყვა ბოროტ ადამიანებსაც სიკეთისკენ მოაქცევს“.

ანბანური პატერიკი

 

აბბა სილუანი

ერთი ძმა (მონაზონი) ლიბიიდან აბბა სილუანთან მივიდა პანეთოს მთაზე და უთხრა:

– აბბა, მტერი მყავს. მან მრავალი ბოროტება გამიკეთა. როცა ერში ვიყავი, მინდორი წამართვა, ხშირად აწყობდა ჩემს წინააღმდეგ ყოველგვარ ხრიკებს და ჩემს მოსაწამლად აქეზებდა. მსურს იგი მმართველს ჩავუგდო ხელში.

– შვილო, ჯობია თავი დაანებო, – ურჩია ბერმა.

– მაგრამ თუკი დასჯიან, მის სულს ეს დიდ სარგებელს მოუტანს, – შეეპასუხა ძმა.

– შვილო, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე მოიქეცი, – უთხრა ბერმა.

– მამაო, მოდი ავდგეთ და ვილოცოთ, და მე მმართველთან წავალ.

ბერი წამოდგა და „მამაო ჩვენო“-ს ლოცვა დაიწყეს. როდესაც მივიდნენ სიტყვებამდე: „და მოგვიტევე ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა“, ბერმა წარმოთქვა:

– და ნუ მოგვიტევებ თანანადებთა ჩუენთა, ვითარცა ჩუენ არ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა.

– მაგრამ ლოცვა ეგრე არაა, მამაო, – შეაჩერა ძმამ ბერი.

– განა ეგრე არაა, შვილო? – შეეკითხა ბერი, – მაგრამ შენ ხომ მმართველთან წასვლა გადაწყვიტე, რომ მან შური იძიოს შენს გამო, და სილუანს არ ძალუძს შენთვის სხვაგვარად ლოცვა.

ძმამ მოინანია და შეუნდო თავის მტერს.

Евергетин. т. 2, гл. 37,4

 

აჭარელი აზნაური ძნელაძე

ლაზისტანის ოსმალნი ლივანაში შემოვიდნენ და აქედგან მაჭახელში. მაჭახელი მათ მაგრად და გულადად დახვდა; მაჭახლის ხალხი მეტად მაგარი და გაუტეხავი ხალხი იყო.ესენი ადვილად არ ჩაბარდნენ მაჰმადიანებს, ბევრი იჩხუბეს, მაგრამ ბოლოს მაინც ვერაფერი გააწყეს და ჩაჰბარდნენ ოსმალებს. ოსმალთ მაჭახლელებს გამაჰმადიანებაც გამოუცხადეს. ეს ამბავი მაჭახლის ხალხს დიდად ეჯავრა. ამის გამო დაიწყეს ჭოჭმანობა და ბოლოს ოსმალოს წინააღმდეგ ჩხუბი ასტეხეს, გამაჰმადიანება არ გვინდაო. ოსმალთ ამაზედ ძლიერ ბევრი მაჭახლელები დახოცეს. მაჭახლელებიც ბევრს ხოცავდნენ ოსმალთ, მაგრამ საქმე მაინც მაჭახლელებს გაუჭირდათ, რადგანაც ოსმალნი თოფ-იარაღით იყვნენ და მაჭახლელებს კი არაფერი ჰქონდათ. ბევრი ხოცვის შემდეგ ოსმალთ სისხლის ღვრას თავი გაანებეს, ამათ სხვანაირის ოსტატობით დაუწყეს გამაჰმადიანება. ვინც არ მაჰმადიანდებოდა, იმას დიდს ხარჯს ადებდნენ, სამართალში უკან აყენებდნენ, მოწმედ არსად იღებდნენ, უბრალო დანაშაულობის გამო სჯიდნენ, სულ უბრალო საქმის გამო მამულებს ართმევდნენ და იმ პირებს აძლევდნენ და ჰმატებდნენ, ვინც ახლად იყვნენ გამაჰმადიანებულნი.

მაჭახელში ძველად საკმარისად გამოჩენილი აზნაურის გვარი იყო ძნელაძეების გვარი. ესენი სცხოვრებდნენ სოფელ ძნელიეთსა და ბაზარეთში. აქ დაბარებულ იქმნა ჩვენი ძველების ერთი უფროსი ძნელაძე, დიდის მამულ-დედულის პატრონი. ამას გამოუცხადეს გამაჰმადიანება იმ პირობით და იმ საჩუქრებით, როგორც სხვები გამაჰმადიანდნენ. ძნელაძემ უთხრა:

– მე არც გავმაჰმადიანდები და არც თქვენი საჩუქარი მინდა; ქრისტიანობას მაჰმადიანობაზედ არ გავცვლი, ეს არასდროს არ იქნება! მე ამას ნუღარ მეტყვით, თორემ ჩხუბი მოხდებაო.

ოსმალთ ძლიერ ეწყინათ და უთხრეს:

– კარგი, მაგრამ ბევრს შეგანანებთო.

ძნელაძემ მიუგო:

– ნება თქვენი გახლდესთ!

რამდენსამე ხნის შემდეგ ოსმალთ აუტეხეს დავა, დაუწყეს ცილისწამება: ჰბრალდებოდა ტყუილად კაცის კვლა, გაქუცვა, ახალგამაჰმადიანებულების შეწუხება და სხვანი. თავს მართლულობდა, მაგრამ უბრალოდ. ოსმალნი ძალიან სჩაგრავდნენ. ასეთი ბრძოლის გამო მას ხელიდგან წაუვიდა თავისი მამულების უმეტესი ნაწილი. ოსმალნი ეუბნებოდნენ:

– გამაჰმადიანდით და ყველაფერს გაპატიებთ, ყველაფერს გაჩუქებთ.

ძნელაძე ეტყოდა:

– გვარად ძნელაძე ვარ და საქმითაც ძნელაძე უნდა ვიქმნე. მე აი ეს ყელი და ენა რომ მომჭრათ, მაინც არ იქმნება, არ გავმაჰმადიანდები! რათ უნდა გავთათრდე? ჩვენმა სჯულმა რა დაგიშავათ, რა გიყოთ? მე ვერ ვიზამ, ჩვენ ფიცი გვაქვს მიცემული, რომ ვიდრე ძნელაძეებს პირში სული გვიდგია, მინამ ჩვენ ჩვენს სჯულს და ქვეყანას არ ვუღალატებთ...

ამ კაცის მეგვარეებს და მოყმეებს დიდი მორიდება ჰქონდათ ამ პირისა; ამისი ჰრცხვენოდათ და ვერ მაჰმადიანდებოდნენ. რამდენისამე ხნის შემდეგ ესენიც გამაჰმადიანდნენ. მალე გამაჰმადიანდნენ ამ კაცის ძმები და შვილებიც, მაგრამ ეს არ გამაჰმადიანდა. ამის გამო შეებრძოლა იგი ოსმალთ და ამ ბრძოლის დროს მთლად დაჰკარგა თავისი მამულები და დარჩა ცარიელი. გაღარიბდა, გაღატაკდა, მაგრამ თათრობა მაინც არ მიიღო. ასეთს სიღატაკეში მყოფი ავად გახდა, სიკვდილზედ მივიდა. ამ დროს მაჭახელი მთლად გამაჰმადიანებული იყო, მღვდლები აღარსად იყვნენ, იქიდგან გარეკეს და ეკლესიებიც დაანგრიეს, ზოგი ჯამედ გადააკეთეს.

სიკვდილის წინად ძნელაძემ შვილები დაიბარა და უთხრა:

– ეს არის, ვთავდები, ვჰკვდები. აქ ბევრი ვეწვალე, ბევრი ვიტანჯე, ჩემის სჯულის გულისათვის დავჰკარგე ყველაფერი, ჩემი მამა-პაპის მამული ოსმალებმა წამართვეს შარებით და მისცეს იმათ, ვინც ადვილად გამაჰმადიანდნენ, თავიანთ სჯულს გადაუდგნენ, საქართველოს უმტრეს და თათრებს მიემხრნენ, მით დაღუპეს მაჭახელი. ეხლა მე ვჰკვდები, ვჰკვდები დიდის მწუხარებით და ჩემი მამა-პაპის სჯულზედ, რომელიც მე დიდის ტანჯვით შევინახე. ეხლა ჩემი მწუხარება ის არის, რომ ჩემის სიკვდილის შემდეგ ჩემი დამარხვა ვაითუ ქრისტიანულის, ქართულის, ჩემის მამა-პაპის წესით არ მოხდეს! თქვენ გამაჰმადიანებული ხართ და მაჰმადიანურად დამმარხავთო.

სიკვდილის დროს ბევრი იტირა მან, ბევრი ეხვეწა თავის ნათესავებს, რომ ქრისტიანულად დამმარხეთო. ამათ ფიცი მისცეს, რომ მღვდელს მოვიყვანთ და ისე დაგმარხავთო. ამ დაპირების შემდეგ ძნელაძე გარდაიცვალა.

მიცვალებულის ძნელაძის ნათესავები წავიდნენ ართვინში და იქიდან მღვდელი მოიყვანეს. მღვდელმა უწირ-ულოცა და როცა მიცვალებული წაიღეს, მაშინ ზოგიერთ ახალგამაჰმადიანებულებმა უყვირეს:

– მღვდელო, უნათე, მღვდელო, უნათეო და სხვანი.

წაიღეს და აი ამ პატარა ეკლესიაში დამარხეს.

ნაამბობი სოფელ ბაზარეთში და ძნელიეთში მოხუცებულ მაჰმადიანის ძნელაძის და სხვა მოხუცებულ მაჰმადიანებისაგან.

ზაქარია ჭიჭინაძის წიგნიდან: „ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში“, თბილისი, 1901 წ.

 

 

წმიდა ილარიონ ქართველი ახალი (ყანჩაველი)

(1776-1864 წ. ხს. 14/27 თებერვალი)

როდესაც მამა ილარიონი ათონზე ბრუნდებოდა გამცილებელთან ერთად, გზაზე თესალონიკში შევიდა. მთელი ქალაქი რომ გაიარეს და იმ უკანასკნელ განაპირა ქუჩებს ტოვებდნენ, რომლებითაც დიდ გზაზე უნდა გასულიყვნენ, უეცრად ხმა მოესმათ: „მამაო, მამაო!“ მამა ილარიონმა მიიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. ხმა ისევ გაისმა და ამ დროს ბერმა ახლომდებარე შენობის კედელში პატარა სარკმელი დაინახა, საიდანაც ხელი იყო გამოშვერილი, რომელიც მას თავისკენ უხმობდა. ამ შენობაში, როგორც ბერმა შემდგომ შეიტყო, დამნაშავეებთან ერთად დატყვევებულები იყვნენ ქრისტიანები, ძირითადად ათონელი მონაზვნები, – ბერძნულ ამბოხებაში მონაწილეობის გამო. პატიმრები შიმშილისა და წყურვილისაგან იტანჯებოდნენ. როდესაც მამა ილარიონი სარკმელს მიუახლოვდა, ხელი ისევ გამოჩნდა, მას ჭიქა ეჭირა, საპყრობილიდან გამომავალი ხმა წყალს ითხოვდა. ბერმა პატიმარს თხოვნა შეუსრულა, მაგრამ იქვე სხვა ხელი გამოჩნდა ჭიქით და ისევ ის თხოვნა განმეორდა, შემდეგ ისევ და ისევ ჩნდებოდა ხელები. ბერი სიხარულით უსრულებდა ყველას თხოვნას და როდესაც გაიგო ვინ იყვნენ საპყრობილეში, დარჩენა გადაწყვიტა, რომ პატიმრებს მომსახურებოდა. მან გამცილებელი ცხენიანად უკან გააბრუნა. ბერმა ასე განსაჯა, რომ სწორედ ამ საცოდავებისთვის დატოვა ღმერთმა ცოცხალი, რომ მათ მომსახურებოდა. ყოველ დღე ის მიდიოდა საპყრობილესთან და მიჰქონდა რასაც სთხოვდნენ: პური, წყალი და სხვა პროდუქტები.

... მამა ილარიონი ფაშას ნებართვით სარგებლობდა და დღე და ღამ დაუღალავად იღვწოდა; მას პატიმრებისთვის მხოლოდ პური და ხილი კი არ მოჰქონდა, არამედ მათ სხვადასხვა დავალებებსაც ასრულებდა და ერთნაირად ემსახურებოდა ქრისტიანებსაც და თურქებსაც. თვითონ რეცხავდა მათ თეთრეულს და მუდმივად დაკავებული იყო, რადგან პატიმრები ბევრნი იყვნენ, ის კი – მარტო.

... მალე პატიმრებს ფული გამოელიათ და გასაჭირში აღმოჩნდნენ. მამა ილარიონს ძველი სამოსის გარდა არაფერი გააჩნდა, ის ღრმად განიმსჭვალა იმ საცოდავების სიბრალულით და თესალონიკის ქრისტიანებში მოწყალების თხოვნა დაიწყო. მის მიერ აღძრულებმა ერთი პურის საცხობი შეისყიდეს იმ პირობით, რომ იქ გამომცხვარი პური პატიმრებისთვის უფასოდ გადაეცათ...

ასე გაატარა მამა ილარიონმა ექვსი თვე პატიმრების სამსახურში.

იმავე საპყრობილეში, განცალკევებულ საკანში ორი პატიმარი თოკებით იყო დაკიდებული, ერთი ქრისტიანი, ხოლო მეორე – მდიდარი თურქი ბანკირი, რომელსაც ფაშა ტანჯვა-წამების საშუალებით ფულს სძალავდა სამთავრობო საჭიროებებისთვის. ისინი ხელებით და ფეხებით იმგვარად იყვნენ ჩამოკიდებულნი, რომ მცირე მოძრაობის შემთხვევაში თოკი იწყებდა ტრიალს და ისინიც ქანაობას იწყებდნენ. მათ მიჩენილი ჰყავდათ განსაკუთრებული დაცვა, რომელსაც მუდმივად მზად ჰქონდა დატენილი თოფები და გაშიშვლებული ხმლები, რომ იმ საცოდავებს არავინ მიახლოვებოდა, მათ არ აძლევდნენ საჭმელ-სასმელს, რადგან შიმშილით სიკვდილი ჰქონდათ მისჯილი, ასეთ საშინელ მდგომარეობაში.

ცხელი დღე იდგა, ჩამოკიდებული პატიმრები აუტანელი წყურვილით იტანჯებოდნენ, მათ ტუჩები დაეწვათ და დაუსკდათ. მამა ილარიონი ხშირად რომ შედიოდა საპყრობილეში, მთელი ყურადღება იმისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომ როგორმე დახმარებოდა ამ საცოდავებს, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა. ბერმა მათარით წყალი მოიმარაგა და ორი დიდი მსხალი აიღო, ის ხელსაყრელ მომენტს ელოდა მათთან მისაახლოებლად. ერთხელაც მან შენიშნა, რომ ორივე მცველი, რომლებიც გაშიშვლებული ხმლებით და თოფებით იდგნენ, კედელს მიეყრდნო და ჩათვლიმეს. ბერმა ფრთხილად გაიარა მათ შორის და ყველას გასაკვირად, მიუხედავად გასასვლელის სივიწროვისა, მცველები არ გააღვიძა. ის ჯერ ერთ პატიმარს მიუახლოვდა, პირში ცოტაოდენი წყალი ჩაასხა, შემდეგ მეორეს და ესე გაიმეორა სამჯერ. ბოლოს ორივეს მსხლები ჩაუდო პირში... ყველა პატიმარი ძრწოლით ადევნებდა თვალს მამა ილარიონს. თავისი საქმე რომ მოამთავრა, მან სასწრაფოდ წასვლა დააპირა და დიდი სიფრთხილის მიუხედავად, ერთ-ერთ მთვლემარე ჯარისკაცს შეეხო. ორივე მცეველს გაეღვიძა, მაგრამ უფალმა, რომელმაც მათ ძილი მოჰგვარა, სასწაულებრივად დაიფარა მამა ილარიონი: თუმცა კი მცველებს გაეღვიძათ და დაინახეს ბერის ნამოქმედარი, ისინი განცვიფრებულები იდგნენ და მამა ილარიონს არაფერი დაუშავეს. ბერის ამ გმირობამ ის საცოდავები სიკვდილისაგან გადაარჩინა, სასიცოცხლო ძალები შეუნარჩუნა.

იმ დღეებში თურქი ბანკირის ნათესავმა ფაშას მისი განთავისუფლება გამოსთხოვა. ეს მოხდა ბერის ათონზე წასვლის შემდეგ. ის ბანკირი ყველას უყვებოდა ბერის გმირობის შესახებ და ამბობდა: „მაჩვენეთ ეგ ადამიანი, მომიყვანეთ ეგ კაცი! მე მას მოვაოქროვებ...“

ზემოხსენებული შემთხვევიდან ცოტა ხანში მამა ილარიონი საპყრობილეში შევიდა თავის მეგობრებთან დასამშვიდობებლად და აუწყა, რომ წინა ღამით ღვთისგან უწყება ჰქონდა, დაეტოვებინა პატიმრების მსახურება და ათონზე გამგზავრებულიყო. თავისით ის არასდროს მიატოვებდა ამ მსახურებას, მაგრამ ღვთის ნებას უნდა დამორჩილებოდა და წასულიყო. მან იპოვა თავისი შემცვლელი, რომელიც მზად იყო მომსახურებოდა პატიმრებს. ღვთისმოყვარე სპანდონიმ ითავა ამ კაცისთვის შრომის საფასურის გადახდა, ხოლო მამა ილარიონმა აუხსნა, რა და როგორ გაეკეთებინა. ბერი ყველას დაემშვიდობა და გზას გაუდგა. მისი წასვლიდან მეორე დღეს ყველამ შეიტყო, რომ ფაშამ ჯალათს უბრძანა თავი მოკვეთა მამა ილარიონისთვის. მაშინ ყველა პატიმარმა ადიდა ღმერთი, რომელმაც დაიფარა თავისი მსახური და მათი მწუხარება ბერთან დაშორების გამო, სიხარულით შეიცვალა.

Иеромонах Антоний (Святогорец), Очерки жизни и подвигов Старца Иеросхимонаха Илариона Грузина. Джорданвилль, 1985.

 

წმიდა ღირსმოწამე ელისაბედი, დიდი თავადის მეუღლე

(1864-1918 წ. ხს. 5/18 ივლისი)

ესერების მებრძოლმა ორგანიზაციამ დიდ თავადს, სერგი ალექსანდრეს ძეს სიკვდილი განუჩინა. ამ ორგანიზაციის აგენტები უთვალთვალებდნენ სერგის და ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ მის მოსაკლავად. ელისაბედ თეოდორეს ასულმა იცოდა, რომ მეუღლეს სიკვდილის საშიშროება ემუქრებოდა. ანონიმური წერილებით მას აფრთხილებდნენ, მეუღლეს არ ხლებოდა, თუკი მისი ხვედრის გაზიარება არ სურდა. დიდი თავადის მეუღლე მით უფრო ცდილობდა, არ დაეტოვებინა სერგი მარტო და შეძლებისდაგვარად ყველგან დაჰყვებოდა.

1905 წლის 5 (18) თებერვალს სერგი ალექსანდრეს ძე მოკლულ იქნა ტერორისტ ივან კალიაევის მიერ ნასროლი ყუმბარით. როდესაც წმ. ელისაბედი აფეთქების ადგილას მივიდა, იქ უკვე ხალხი იყო შეკრებილი. ვიღაც შეეცადა, არ მიეშვა იგი მეუღლის ნეშტთან, მაგრამ წმ. ელისაბედმა თავისი ხელით შეაგროვა საკაცეზე აფეთქების შედეგად მიმოფანტული მეუღლის სხეულის ნაწილები. პირველი პანაშვიდის შემდეგ (ჩუდოვოს მონასტერში) ელისაბედ თეოდორეს ასული დაბრუნდა სასახლეში, ჩაიცვა შავი სამგლოვიარო კაბა და დაიწყო დეპეშების წერა. პირველ რიგში თავის დას, ალექსანდრა თეოდორეს ასულს სთხოვდა, არ ჩამოსულიყო დაკრძალვაზე, რადგან ამ დროს შეიძლება ტერორისტები თავს დასხმოდნენ მეფე-დედოფალს. როდესაც დიდი თავადის მეუღლე დეპეშებს წერდა, მან რამდენჯერმე იკითხა სერგი ალექსანდრეს ძის დაჭრილი მეეტლის ამბავი. მოახსენეს, რომ მეეტლის მდგომარეობა უიმედო იყო და შესაძლოა მალე გარდაცვლილიყო. მომაკვდავი რომ არ დაემწუხრებინა, წმ. ელისაბედმა ისევ ის ლურჯი კაბა ჩაიცვა, რომელიც მანამდე ეცვა და საავადმყოფოში გაემგზავრა. იქ მომაკვდავის სარეცელთან დაიხარა, თავს სძლია, მეეტლეს გაუღიმა და უთხრა: „მან (სერგიმ) გამომგზავნა თქვენთან. მეეტლე ამ სიტყვებმა დაამშვიდა, იფიქრა, რომ სერგი ალექსანდრეს ძე ცოცხალი იყო. ერთგული მეეტლე ეფიმი იმ ღამით გარდაიცვალა.

მეუღლის გარდაცვალებიდან მეორე დღეს წმ. ელისაბედი მივიდა ციხეში, სადაც მკვლელი იყო დაპატიმრებული. მკვლელმა უთხრა: „მე თქვენი მოკვლა არ მინდოდა. მე ის (სერგი) რამდენჯერმე დავინახე, როცა ყუმბარა მზად მქონდა, მაგრამ თქვენ მასთან ერთად იყავით და ვერ გადავწყვიტე მისი მოკვლა“.

– „და თქვენ ვერ მიხვდით, რომ მასთან ერთად მეც მომკალით?“ – უპასუხა წმ. ელისაბედმა. შემდეგ უთხრა, რომ სერგი ალექსანდრეს ძისგან შენდობა მოუტანა და სთხოვა მოენანიებინა. მკვლელმა უარი განაცხადა. წმ. ელისაბედმა ამის მიუხედავად საკანში სახარება და პატარა ზომის ხატი დატოვა, სასწაულის იმედით. როდესაც ციხიდან გამოდიოდა, თქვა: „ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ უკანასკნელ წუთს გააცნობიეროს თავისი ცოდვა და მოინანიოს“. წმ. ელისაბედმა სთხოვა იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს მკვლელის შეწყალება, მაგრამ მისი თხოვნა არ შესრულდა.

 

წმიდა მღვდელმთავარი ნექტარიოს ეგინელი

(1846-1920 წ. ხს. 9/22 ნოემბერი)

არქიმანდრიტი ფილოთოს ზერვაკოსი წმ. ნექტარიოსის შესახებ

მამა ფილოთეოს ზერვაკოსმა (1884-1980) ახალგაზრდობაში, როდესაც ათენში სამხედრო სამსახურში იყო, გაიცნო წმ. ნექტარიოსი, რომელიც რიზარიის (საეკლესიო სკოლის) რექტორი იყო. მან რამდენჯერმე ჩააბარა აღსარება წმიდა მღვდელმთავარს და ისეთი სარგებლობა მიიღო ამ წმიდა ადამიანთან ურთიერთობით, რომ მას შემდეგ მეუფე ნექტარიოსს თავის სულიერ მამად მოიხსენიებდა.

სამხედრო სამსახურის შემდეგ მონაზვნობის სურვილით აღძრულმა რჩევა ჰკითხა წმიდა ნექტარიოსს, რომელმაც ურჩია ლონგობარდის საერთო საცხოვრებელ მონასტერში დამკვიდრებულიყო კუნძულ პაროსზე, სადაც წავიდა კიდეც. მონაზვნად აღკვეცისა და დიაკვნად კურთხევის შემდეგ, მონასტრის ნებართვით, მოინდომა წმიდა მთის მეორეჯერ მოლოცვა. ამის შემდეგ, თურქების ხელში მყოფ თესალონიკში ყოფნისას საშინელი ამბავი გადახდა, როცა მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა, მაგრამ წმიდა დიდმოწამე დიმიტრიმ გადაარჩინა. როდესაც პირეაში მივიდა, ვიდრე პაროსისკენ გაემგზავრებოდა, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეხვედროდა თავის სულიერ მამას რიზარიის სკოლაში. იქ შეიტყო, რომ მოძღვარი უკვე ეგინაზე იმყოფებოდა.

სიტყვა მივცეთ ნეტარ ფილოთეოსს, წარმოშობით ლაკონიიდან: „ავედი გემზე და გავემგზავრე ეგინასკენ. სავანესთან დაახლოებით ორის ნახევარზე მივედი, შუადღეს. აგვისტო იყო, მზე ცეცხლივით წვავდა. შესასვლელ კარს რომ მივუახლოვდი, ვხედავ ვიღაც თეთრწვერიან მოხუცს ღარიბულ ანაფორაში, რომლის კალთები ქამარში აქვს ჩაკეცილი, თავზე ჩალის ქუდი ახურავს, მცხუნვარე მზისგან დასაცავად. ის თოხით მიწას აფხვიერებდა, ნიჩბით პატარა კალათას მიწით ავსებდა და სავანეში შესასვლელის წინ მოსწორებულ ადგილზე გადაჰქონდა. ვიფიქრე, რომ ეს მუშა იყო, რომელსაც ანაფორა მისცეს, რომ ტანსაცმელი არ დასვროდა, ანდა რომ ეს სავანის მოხუცი მორჩილი იყო. მივედი მასთან, მივესალმე და ვუთხარი:

– მოხუცო, მეუფე აქ არის?

– აქ არის, – მიპასუხა.

– სავანეშია? – შევეკითხე.

– დიახ, – მეუბნება.

წადი, – ვეუბნები, – უთხარი, რომ მისი სულიერი შვილი ჩამოვიდა, დიაკონი, და მისი ნახვა სურს.

– კურთხეულ იყოს (ანუ: ვემორჩილები, ვასრულებ კურთხევას – მთარგ.), – თქვა თავმდაბლური სახით, დადო თოხი, მიმითითა ახლად აშენებულ ოთახზე სავანის შესასვლელი კარების წინ და მითხრა: – მიდი ამ ოთახში, მე კი სავანეში შევალ და მოვახსენებ.

ხუთი წუთიც არ გასულა და ვხედავ, ჰოი სიღრმე სიმდაბლის განუზომელი სიმდიდრისა! ვხედავ გაკვირვებული, რომ ის, ვინც მუშა, სოფლელი გლეხი მეგონა და ამაყად და ბრძანებით ველაპარაკებოდი, თვითონ მეუფე იყო. მე ვერ გავითვალისწინე, რომ იმ დროს ყველას ეძინა და ამიტომ არაფერი უნდა მეთქვა, სავანის გარეთ უნდა დავრჩენილიყავი და მოთმინებით დავლოდებოდი მწუხრის ჟამს. მე, მოწაფემ და მორჩილმა, გამოვაჩინე ჩემი უკიდურესი ამპარტავნება, ხოლო ჩემმა მასწავლებელმა და სულიერმა მამამ – უკიდურესი და განუზომელი სიმდაბლე! მე წამით დავმუნჯდი და შემდეგ მუხლებზე დავეცი, ცრემლით ვითხოვდი შენდობას ამპარტავნებისთვის და უღირსი საქციელისთვის. მან კი, როგორც უბოროტომ, მშვიდმა  და გულით მდაბალმა, მაპატია, ჩამოჯდა და როგორც ჩვეულებრივ, დამიწყო დამოძღვრა სათნოების გზისა და უფლის მცნებების აღსრულების შესახებ.

– მამაო, როგორ შევძლებ ღვთისსაძულველი ამპარტავნებისგან გათავისუფლებას? – შევეკითხე. მან სიყვარულითა და სიმდაბლით – ორი დიდი სათნოებით, რომლებითაც ღმერთმა განამდიდრა, – მიპასუხა:

– ჩვენი წმიდა მამები ამბობენ, რომ ყოველგვარი ცოდვა, იქნება ის დიდი და მომაკვდინებელი თუ მცირე და მისატევებელი, იძლევა საწინააღმდეგო სათნოებით. შური სიყვარულით დამარცხდება, ამპარტავნება სიმდაბლითა და გულმოწყალებით, დაუდევრობა მუყაითობით, ნაყროვანება მარხვითა და თავშეკავებით, მრავლისმეტყველება დუმილით, განკითხვა და ავსიტყვაობა თავის გაკიცხვითა და ლოცვით, გარყვნილება, სიძვა-მრუშობა და სხვა ხორციელი ცოდვები სიკვდილის, სამსჯავროს, მისაგებელის, სასჯელის ხსოვნით, და ზოგადად ყოველგვარი ბოროტება დამარცხდება სათნოებებით, როგორც დავითი ამბობს: „მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი“ (ფსალმ. 36,27). წმიდა სულიერი მამისგან ეს და სხვა სასარგებლო რჩევები მივიღე და გახარებული, სულიერი სიხარულით, ჩემი სინანულის სამყოფელში დავბრუნდი სიროსის გავლით 1910 წელს“.

Архимандрит Нектарий Зиомболас, Жизнь и деятельность Святого Нектария.

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა