martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

 

წერილი ათონიდან

(ნაწ. 4)

 

 

 

ღმერთთან მისასვლელი უმოკლესი გზა ადამიანზე გადის...

 

კაპიტალიზმის ნაკლია სიმდიდრის უთანასწორო განაწილება, ხოლო სოციალიზმ-კომუნიზმისა სიღარიბის თანასწორობა!

 

გონიერს ლაპარაკის გარეშე ესმის, უგნურს კი არ ესმის და ლაპარაკობს!...

 

ის, ვინც მადლიერი არ არის, ვერ შეძლებს იყოს ბედნიერი...

 

რამდენად ღირსეული და მშვენიერი იქნებოდა ცხოვრება, რომ მას, ვინც ცდილობს "გამოასწოროს" მსოფლიო, საკუთარი თავიდან დაეწყო!!!

(მონაზონი ვერონიკა)

 

ზღვის ფრინველად რომ იქცე, საჭიროა ზღვაში "ჩაიძირო"...

 

სხვაა საკუთარ თავზე და სხვაა სხვის ღირსებებზე ლაპარაკი. პირველ შემთხვევაში, რაც მეტს ვლაპარაკობთ, მით მეტს "ვკარგავთ", მეორე შემთხვევაში კი, მით მეტს "ვკარგავთ", რაც მეტად ვდუმვართ...

 

აუცილებელი არ არის იყო "დიდი ადამიანი", საკმარისზე მეტია უბრალოდ... ადამიანი იყო.

 

რა უცნაური და სამწუხაროა: ციხე, რომლის კარებიც ჩაკეტილია, დღე და ღამე ხალხითაა სავსე, ხოლო ტაძრები, რომელთა კარიც ღიაა ცარიელი!...

 

წუთისოფელი ერთგვარი კიბეა, ზოგი ადის, ზოგი ჩადის... ზოგიერთები ამ მოძრაობისას შეცდომებს უშვებენ... სინანული არა თავად შეცდომას, არამედ ვინც შეცდა და შეინანა, მას ასწორებს...

 

თითოეული ჩვენგანის მხრებზე ორი "ტიკი" ჰკიდია, ერთი – წინ, რომელშიც სხვების შეცდომებია, და მეორე – ჩვენს უკან, რომელიც ჩვენივე საკუთარი შეცდომებითაა სავსე...

 

შეკუმშული მუშტით მეგობრულად ხელის ჩამორთმევას ვერავინ შეძლებს...

 

გაფლანგული სიმდიდრე აღდგენადია, ჯანმრთელობა იშვიათად და დრო არასოდეს...

 

უზრდელი ენისაგან ბევრი ცუდი რამ მოდის...

 

"წავედი კომუნიზმში ისე, როგორც ვინმე მიდის ჩუხჩუხა წყაროზე და გამოვიქეცი ისე, როგორც ვინმე გამორბის მოწამლული, გვამებით სავსე მდინარიდან". (არტურ კესლერი)

 

მინახავს ბედნიერი ადამიანები მწუხარებაში და სიღარიბეში, ასევე მინახავს უბედური ადამიანები სიმდიდრეში და კეთილდღეობაში...

 

სიყვარული მოქმედებისთვის ყოველთვის საუკეთესო გზას ეძიებს, ხოლო გულგრილობა მუდამ გამართლებას პოულობს...

 

"ცოტანი ვართ" – მითხრა ერთმა ჩემმა მეგობარმა. "ცოტანი" – .. ჩვენ, ქრისტიანები... მაგრამ ეს არ არის მართალი, ნურასოდეს ვიტყვით ამას... ქრისტესთან ერთად ერთი ჭეშმარიტი ქრისტიანიც რომ დარჩეს, ისინი მუდამ "უმრავლესობაში" იქნებიან!

(მონაზონი ვერონიკა)

 

სწორი ქრისტიანული განათლება იმ წვიმას ჰგავს, რომელიც მცენარეებს აცოცხლებს, ხოლო ცუდი განათლება სეტყვას, რომელიც ყველაფერს ანადგურებს...

 

"...არა, არასოდეს მშინებია ადამიანის ძალის... ადამიანის უძლურების შემშინებია...

 

ადამიანები, რომლებიც გონივრულად, სერიოზულად აზროვნებენ, ცდილობენ ჯერ საკუთარი თავი აქციონ უკეთესად და შემდგომ დანარჩენი სამყარო...

 

ის, ვინც არ კვდება ქრისტესთან ერთად, მასთან ერთად სიცოცხლეს ვერ შეძლებს...

 

როდესაც მარტო ხარ, შენს ფიქრებს მიაქციე ყურადღება... როდესაც შენს ახლობლებთან ერთად ხარ, ყურადღება მიაქციე სიბრაზეს... როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ, დაუკვირდი საკუთარ სიტყვებს...

 

"ადამიანი ბერდება მაშინ, როდესაც დედას კარგავს". (პოლ კლოდელი)

 

"ბრბოს აქვს ძალა და არა გონება..."

 

"სიყმაწვილე არა სიამოვნებების მიღებისთვის, არამედ გმირობისთვისაა შექმნილი..."

 

ოდესმე ჩვენი თაობა არა ცუდების სიბოროტისთვის, არამედ "კარგების" დანაშაულებრივი დუმილისა და ფარისევლობისთვის გასამართლდება...

სიბნელის დაწყევლის ნაცვლად ერთი სანთელი მაინც აანთე...

 

"ყოველ კეთილ საქმეზე, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, ვცდილობ საერთოდ არ ვიფიქრო, რადგან მასზე მწუხარებით, დღე და ღამე ეშმაკი ფიქრობს, ამიტომ არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისათვის, რომ ამაზე ორმა ერთდროულად ვიფიქროთ!" (წმინდა ევდილე)

 

ღვთის სასუფეველი სავსე იქნება ცოდვილი მონანულებით, ხოლო ჯოჯოხეთი – ცოდვილი მოუნანიებლებით, აი ეს არის სხვაობა!

 

გვაქვს შეგრძნება, რომ ბევრი რამ გვაკლია? ქრისტე კი გვეუბნება, რომ არაფერი არ გვაკლია გარდა ერთისა! – გვაკლია თავად იგი, უფალი!...

 

გულის სიმშვიდე ის ტანდაბალი სამკურნალო მცენარეა, რომელსაც მხოლოდ წელში მოხრილი თუ გასხლავს...

 

ადამიანის მიერ საკუთარი ძალის რწმენა სარისკოა, ხოლო ღვთის ძალის რწმენა სახეირო...

 

არ არსებობს ადამიანი, რომელიც ღმერთმა მიატოვა, არსებობენ მხოლოდ ადამიანები, რომლებმაც ღმერთი მიატოვეს...

 

ადამიანთა უფლებებისა და გარემოს ყველაზე უმოწყალო გამნადგურებლები არასოდეს ეძლევიან სამართალში, პირიქით, საპყრობილეების გასაღებები ხელში სწორედ მათ უპყრიათ...

 

მსოფლიო მშვიდობისათვის ის ქვეყნები იბრძვიან, რომლებიც ყველაზე მეტ იარაღს აწარმოებენ და ყიდიან!...

 

მოქალაქეებს სამხედროების ეშინიათ, სამხედროებს იარაღის, ხოლო იარაღს ომების სიმცირის...

 

კაცობრიობის დიდ უმრავლესობას არ გააჩნია სხვა "უფლება" გარდა ერთისა უყურებდეს, ესმოდეს და ჩუმად იყოს!...

 

ადამიანის სულის უმთავრესი "საბუთის" – სიყვარულის გარეშე ვცხოვრობთ, ამიტომ პიროვნება, ჩვენს "კულტურულ" დროში მომთაბარედ, ერთგვარ პარაზიტად, ამორფულ მასად, ურწმუნო, მერყევ და უნაყოფო რობოტად იქცა... ყოველივე ეს კი იმიტომ, რომ ღვთის სიყვარულისა და რწმენისაგან შორს ცხოვრობს...

(მონაზონი ვერონიკა)

 

(ერთი დედის რჩევა):

შვილო ჩემო, არ დაივიწყო, რომ ყოველთვის მესამე ხარ... პირველ ადგილზე ღმერთი დააყენე, მეორეზე მოყვასი, შენი ძმა, ხოლო მესამეზე შენი საკუთარი თავი!!!

 

ვნების ჯაჭვები თავიდან ისეთი მსუბუქია, რომ ვერც კი გრძნობ, მაგრამ პირველსავე წელს ისე მძიმდება და ძლიერდება, რომ დამსხვრევა აღარ შეგიძლია! ამიტომ, თავიდანვე დიდი სიფრთხილეა საჭირო ყველაფერში, რაც შესაძლოა რომ ვნებად იქცეს...

(მონაზონი ვერონიკა)

 

 

 "...აუცილებელი რომ იყოს, სხვას ვაწყენინო ან მე მაწყენინონ, ავირჩევდი, რომ მე მაწყენინონ!

(სოკრატე)

 

იმისათვის, რომ მთელს მსოფლიოში ურთიერთგაგება გექნეს, საჭიროა მრავალი ენა იცოდე, მაგრამ თუკი გაღიმება შეგიძლია, მაშინ ყველასათვის გასაგებ ენაზე საუბარი შეგძლებია...

 

ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად აღდგა!

აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არის გამარჯვება ღმერთკაცისა და ასევე, მისი მტრების დაცინვა, რომლებსაც ლოგიკის ყოვლისშემძლეობის და იარაღის ძალის სწამდათ, რომლებიც ცრუსასამართლოს იცავდნენ, რომლებმაც ღვთის კვლის საქმე საკუთარ უსაზღვრო ურწმუნოებაზე დააფუძნეს და იმითაც ტრაბახობდნენ, რომ ეს დანაშაული "უზადოდ" აღასრულეს. მხოლოდ ერთი პატარა წვრილმანი გამორჩათ (რისიც ჩუმად ეშინოდათ კიდეც) – ყოველივე ამაზე ქრისტემ სიცოცხლეშივე იწინასწარმეტყველა!!!

 

ჯვარცმა... დაფლვა... აღდგომა... ეს სამი განსაცვიფრებელი და დიდი მოვლენა ღვთის მოწყალების გამოხატულება და ადამიანის ხსნის უმაღლესი წერტილია...

ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად აღდგა!

 

რამდენ ადამიანს არ უთქვამს სიკვდილის წინ: ვნანობ, რომ ათეისტი, ქრისტეს წინააღმდეგ მებრძოლი ვიყავი...

ეშმაკს სწამს ღმერთის და მის წინაშე კანკალებს... ათეისტი, ეშმაკზე მეტ საშინელებას სჩადის!

 

ურწმუნოება ძირითადად ეგოიზმით არის განპირობებული, რომელიც საკუთარი შეხედულებებისა და აზრების ბრმა, აბსოლუტურ რწმენაზეა დამყარებული.

 

ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს აღმერთებს, არ შეუძლია თაყვანი სცეს ღმერთს, რომელიც მას საკუთარი "მეს" უარყოფას აიძულებს...

 

ურწმუნოების მეორე ძირითადი მიზეზი არასწორი ზნეობრივი ცხოვრებაა. ყოველი თავაშვებული, უზნეო და გზააცდენილი ადამიანი თავს ურწმუნოებას "აფარებს", რათა საკუთარი სინდისის ქენჯნას დაემალოს! იმის ნაცვლად, რომ სინანულისა და შემობრუნების გზას დაადგეს, ურწმუნოებასა და უღმერთობას ირჩევს. ძირითადად ის, ვინც რწმენას უარყოფს, ურწმუნოდ იმიტომ რჩება, რომ თავისი ცხოვრების წესის შეცვლა არ სურს.

ერთმა ასეთმა "ურწმუნომ" კედელზე მიაწერა: "თუ ბოლოსდაბოლოს ღმერთი მაინც არსებობს, ვაი ჩვენს თავს!"

 

ღმერთის შესახებ ათეისტები უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე მორწმუნენი!

 

"ძირითადად და უმთავრესად სატანური ეგოიზმი არის ის, რომელიც სულს რწმენისა და სიმდაბლის გზაზე აბრკოლებს."

(მონაზონი ვერონიკა)

 

მოვუსმინოთ ზოგიერთ "ათეისტს":

ღვთის წინააღმდეგ მებრძოლმა ნიცშემ, რომელმაც განაცხადა, რომ "ღმერთი მოკვდა", ერთხელ თქვა: "...ჩემი ცრემლების წყარონი შენთვის იღვრებიან!... ჩემი გულის ალი შენთვის გიზგიზებს... ოჰ! შემოდი ჩემში უცნობო ღმერთო ჩემო!, ჩემო ტკივილო და ჩემო უკიდურესო ბედნიერებავ... ნურასდროს მიატოვებთ ღმერთის იდეას... რომელიც მე უარვყავი და ამიტომ ჩავეფალი საკუთარი ვნებების მორევში...

...ყველაზე ცუდი ისაა, რომ აღარ მესმის რა მიზნისათვის ვცოცხლობ... ეჰ! რაოდენ მახარებდა სახლის სითბო და სიმშვიდე... ოჰ! ეს საუკუნო და მარადიული სიცარიელე! (და ბოლოს თავი მოიკლა!...)

 

"...მივატოვე ზეცა და მანაც მიმატოვა მე... ვიცი, რომ ახლა არასწორ გზაზე ვდგავარ... სიცარიელემ, რომელიც უღმერთოდ ყოფნამ დამიტოვა, ველურ ნადირად მაქცია... ერთ ჭიქა ვისკის მთავაზობენ, მე კი ათს ვიღებ, რათა ყოველივე დავივიწყო..."

 (ეჟენ იონესკო)

 

"...მომისმინეთ! თქვენ ღმერთის მოწინააღმდეგე მოგმართავთ... თქვენ მე ათეისტი ვოლტერი გელაპარაკებით... ღმერთი რომც არ არსებობდეს, იგი უნდა შევქმნათ!... ამას ფაქტები და ჩემი პირადი გამოცდილება მეუბნება..." (!)

 

"მე ათეისტი ვარ... ათეიზმის დრამა მრავალ ფსიქიურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, რადგან ათეიზმის სიღრმეში მშობლიური მიწა-წყლიდან მოწყვეტილი, გახრწნილი ადამიანის უიმედობა იმალება..."

(.. ჰენრი)

 

"ვქმნით ათეისტს, მაგრამ ერთი პეპლის თვალი და ფრთაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი ურწმუნოება დაიმსხვრეს..." 

(დიდრო)

თავად ათეისტმა და უზნეობით სახელგატეხილმა ფროიდმაც, ერთ ქრისტიანთან გულწრფელ საუბარში თქვა: "შენ ბედნიერი ხარ, ვინაიდან ადამიანები ღმერთთან მიგყავს, რადგან რელიგიური ღვთისმოსაობა ნევროზებს ამარცხებს..."

 

საქვეყნოდ ცნობილი ჟურნალისტი გრეტა პალმერი, ორმოცწლიანი ათეისტური ცხოვრების შემდეგ წერდა: "ბედნიერი ვყოფილვარ, რადგან ორმოცი წლის შემდეგ ათეიზმის კელიიდან გავიქეცი... ახალი სამყარო, რომელშიც მე შევედი, ღვთის სიყვარულითაა სავსე... მთელი ბუნება მის შესახებ ღაღადებს... ქრისტიანი გავხდი! ჭეშმარიტებას ვეძებდი და იგი ქრისტიანობაში ვიპოვე, რადგან იგი მხოლოდ მასში არსებობს... ღვთისადმი რწმენაში ჩვენს წინსვლას გაცილებით მეტი რამ ესაჭიროება, ვიდრე წინსვლას მეცნიერებასა და ხელოვნებაში... ქრისტიანობაში ყველა ჩემი პრობლემის გადაწყვეტის საოცარი გასაღები ვიპოვე... და ეს, რწმენის "საოცარი გასაღები", აღებს კარს, საიდანაც ჩვენს ცხოვრებაში ღვთის უშრეტი ნათელი იღვრება..."

 

ქრისტიანობის წინააღმდეგ მებრძოლი რუსო ერთხელ იძულებული გახდა ეღიარებინა: "...თუკი სოკრატეს სიცოცხლე და სიკვდილი ბრძენის სიცოცხლე და სიკვდილია, მაშინ იესო ქრისტეს სიცოცხლე და სიკვდილიც ღმერთის სიცოცხლე და სიკვდილია..."

 

ერთხელ იულიანე განდგომილმა ქრისტიანებს ირონიით ჰკითხა:

ახლა რას აკეთებს გალილეველი, დურგლის შვილი?

– დურგლის შვილი ახლა კუბოს ამზადებს, – წინასწარმეტყველურად უპასუხა ერთმა ქრისტიანმა, და მართლაც, ცოტა ხანში სპარსელებთან ბრძოლაში იულიანე განდგომილი სასიკვდილოდ დაიჭრა და სანამ სული ამოხდებოდა, დაიბღავლა: "დამამარცხე, გალილეველო!"

 

ოდესღაც სამედიცინო ინსტიტუტის ახალგაზრდა ლექტორი რიგას ნიკოლაიდისი თავის სტუდენტებს ათეისტური იდეებით უტენიდა თავს... გავიდა მრავალი წელი, დიდ პარასკევს სინტაგმას (კონსტიტუციის) მოედანზე გარდამოხსნის გამოსვენების დროს ერთი ასაკოვანი კაცი, ლამპრით ხელში, ხალხის მასაში წინ მიიწევდა... იქ დამსწრეებმა მასში მათი ყოფილი ლექტორი – ნიკოლაიდისი შეიცნეს...

პატივცემულო ლექტორო!... ბატონო ნიკოლაიდი! იცით, გვიკვირს, როგორ ეხამება ის, რასაც უწინ გვიყვებოდით, თქვენს დღევანდელ მდგომარეობას?

ბატონებო, ჩემო შვილებო! ჭეშმარიტი სიცოცხლე მხოლოდ უფლის ტანჯვასა და მის შემდგომ აღდგომაშია! – უპასუხა ლექტორმა...

...შემდგომში მან აღსარება თქვა, ეზიარა და სიმშვიდითა და პატივით გადავიდა მარადისობაში...

 

...ნახეთ ვინ არიან ისინი, რომლებიც ღმერთს უარყოფენ, რომლებმაც ღვთის ჭეშმარიტება ათასნაირი კერპთაყვანისმცემლური სიცრუით შეცვალეს და ნამდვილი შემომქმედის ნაცვლად უსულო მატერიას დაუწყეს თაყვანისცემა. ასეთებს მოციქული პავლე ამხელს და ჩვენც ყოველდღე ვხედავთ მათ, ვინც საკუთარი სული და ხორცი ყოველგვარი უმსგავსოებით, მრუშობით, ცბიერებით, სიხარბით, შურით, მკვლელობით, დაუნდობლობით, მზაკვრობით აავსეს, რომლებიც ფარულ ბრალმდებლებად და თავხედ ცილისმწამებლებად იქცნენ. ისინი ღვთისადმი სიძულვილით, ბილწსიტყვაობით, პატივმოყვარული ტრაბახით, მოჩვენებითობით, უპატივცემულობით არიან აღვსილნი. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ კეთილგონიერება, მათ უსირცხვილოდ შეუძლიათ საკუთარი სიტყვა და შეთანხმება დაარღვიონ. ისინი ჯიუტნი, შურისძიების მოყვარულნი, სხვათა უბედურების მიმართ უგრძნობნი და შეუბრალებელნი არიან, და თანაც, სხვებს – მათივენაირებსაც ტაშს უკრავენ!

განა ყოველ დღე არ ვუძლებთ მათ?

 

"...აცადენ მკუდარნი დაფლვად სთა მკუდართა..." რომელ მკუდართა? ვინ არიან მკუდარნი?

მკვდრები არიან:

ისინი, რომლებიც თავიანთ გარშემო სიკვდილს თესავენ, რათა საკუთარი მმართველობა განამტკიცონ...

– ისინი, რომლებიც პიროვნებების განდიდებისათვის ადამიანებს მკაცრი კანონების შესრულებას აიძულებენ და ყველას, ვინც ამ საქმეში მათ არ ეთანხმება – ანადგურებენ...

ისინი, რომლებმაც ანგარება აბსოლუტურ ღირსებად აქციეს,…

ისინი, რომლებმაც მოყვასისადმი ყოველგვარი თანაგრძნობა ჩაკლეს და სიყვარულის მცნება უგულებელყვეს...

ისინი, რომლებმაც ცხოვრებისეულ კანონად აქციეს მცნება: მრავალთა სიკვდილი მცირედთა სიცოცხლედ ღირს (ეს მცირედნი კი ისინი არიან, რომლებმაც "ეგოიზმი" გააღმერთეს და ისე ცხოვრობენ, თითქოს ჭკვიანები, ძლიერები, მოხერხებულები იყვნენ, მაგრამ სინამდვილეში სულიერად მკვდრები არიან).

ისინი, რომლებმაც ცხოვრებისეულ "დოგმად" დევიზი

"შენი სიკვდილი ჩემი სიცოცხლე!" აქციეს

ისინი, რომლებიც იესო ქრისტესგან, რომელმაც ბრძანა: "მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ", მოშორებით ცხოვრობენ.

 

 

ტკივილი და მწუხარება.

 

"...მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმე 14-22).

(ვწერ მცირედს სხვადასხვა განსაცდელის იმ იარაღის შესახებ, რომელსაც მოწყალე უფალი სიზარმაცისგან, უმოქმედობისგან, გულგრილობისა და სხვა ცოდვებისაგან ჩვენს გამოსაფხიზლებლად იყენებს... რათა დაგვანახოს, რომ უამრავი უსარგებლო და ფუჭი საქმით ვართ დაკავებულნი. განსაცდელები უფლის იარაღი და წამალია იმისათვის, რომ ღვთისკენ მივბრუნდეთ და დავუახლოვდეთ მას).

 

ტკივილი ჩვენი ეგოიზმისა და ქედმაღლობის თანდათანობითი, ჩუმი სიკვდილია, რომელიც რეალურად სულის კეთილისმყოფელია.

სულიერი ადამიანები წარმატებას ტკივილით აღწევენ, რადგან ტკივილი არის ძაფი, რომლისგანაც სიხარულის ქსოვილი იქსოვება. ცხოვრება ტკივილის გარეშე იგივე იქნებოდა, როგორც ნახატი ჩრდილების გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტკივილი ჩვენში ზეცისადმი ტკბილ ნოსტალგიას აღვიძებს. ტკივილი ჩვენი ცხოვრების უდიდესი მასწავლებელია.

რომის იმპერატორი მარკუს ავრელიუსი იტყვის: "ადამიანთა ღირსებები განსაცდელებით ფასდება".

იმ გზაზე, რომლითაც ქრისტიანი იესო ქრისტეს მიყვება, ტკივილის ხარისხი დიდების ხარისხს უტოლდება, რადგან ამ გზაზე რამდენადაც დიდია ტკივილი, იმდენად დიდია სულიერი სრულყოფილებაც. ყველაზე მეტად უფალი იესო ქრისტე ევნო და მას შემდეგ ტკივილიც განწმენდილ იქნა...

საინტერესოა ნაპოლეონის სიტყვები: "უფრო მეტი ვაჟკაცობაა საჭირო იმისათვის, რომ ტანჯვას გაუძლო, ვიდრე მოკვდე..."

მართლაც! თვალები, როდესაც ისინი ტკივილის ცრემლებით არიან სავსე, ღმერთს უკეთესად ხედავენ!

 

ტკივილის მინდორში, ღვთიური სიყვარულის ძალით, ნამდვილი ცხოვრება ხარობს. ტკივილის სკოლაში ნამდვილი, მშვენიერი, წმინდა ადამიანები ყალიბდებიან.

 

ყოველი წუთის მნიშვნელობა უაღრესად დიდია. მარადისობაში არაფერი იკარგება... ერთი ამოოხვრაც კი... ყოველი გაღებული მსხვერპლიც კი არ ხდება ფუჭი. ოჰ! დიახ! ტკივილის ოქროს საბადოში სული ბრწყინავს, სინდისი ნატიფდება, გული მშვენიერდება, აზროვნება მშვიდდება და ადამიანი ადამიანურდება...

 

ადამიანი ქმნის რეზინის ხელკეტებს, მათრახებს, ხმლებს, ტყვიებს, იარაღს, ტანკებს, ბომბებს..., ყოველივე ამას იყენებს და შემდეგ კი, ღმერთს ადანაშაულებს ტკივილისა და უბედურებების გამო!

ადამიანთა ბრმა მოდგმა! მას საღი აზრი არ გააჩნია... მხოლოდ ტკივილის მათრახი თუ ასწავლის რაიმეს!...

 

მწუხარება და განსაცდელები, რომლებიც ჩვენ ავადმყოფობების, სიკვდილის, ეკონომიკური სიდუხჭირის სახით გვეწვევა, სულიერი ძილისა და "აპათიისაგან" გვაღვიძებს, ძირითადად, უსაფუძვლო სულიერი თვითკმაყოფილებისაგან გვაფხიზლებს...

შეუნანებელ ცოდვილებზე ღვთისაგან დაშვებული მწუხარებები "მასწავლებლის წკეპლასავითაა", ხოლო მოღვაწე ქრისტიანებისათვის რწმენისა და მოთმინების გამოცდა.

საგულისხმო და სამაგალითოა წმიდა იობის ცხოვრება. იგი, მიუხედავად საშინელი განსაცდელებისა, სასოწარკვეთილებაში კი არ ჩავარდა, არამედ ბრწყინვალე სიტყვები წარმოთქვა: შიშველი გამოვედ საშოითგან დედისა ჩემისა, შიშველი მივალ დედისა ჩემისა მიწისა მიმართ. უფალმა მომცა, უფალმა წამგვარა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“.

 

თუკი ზღვის ნაპირზე მიმობნეულ ულამაზეს კენჭებს ვკითხავთ, საიდან თქვენი სილამაზეო?

გვიპასუხებენ: ზღვის ტალღების გამუდმებული დარტყმების შედეგადო!

 

ადამიანი – "ხატი" ღვთისა და მისი შემოქმედების მწვერვალი, რომელიც ცხონებისათვის იღვწის, ზეცაში იმ უჭკნობი გვირგვინით დაჯილდოვდება, რომელიც აქ, დედამიწაზე, განსაცდელებისა და მწუხარებების "ეკლებით" იქსოვება...

 

ქრისტიანობის მანათობელმა ვარსკვლავმა პავლე მოციქულმა მრავალი განსაცდელი გადაიტანა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, პირადი გამოცდილების საფუძველზე, გვანუგეშა: "...საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთჳს" (2 კორინთ. 4,17).

 

ამრიგად, მწუხარებისა და განსაცდელების დროს მოთმინება!

 

რაოდენ მანუგეშებელი და სარწმუნოა სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: "...სოფელსა ამას ჭირი გაქვს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (იოვანე 16,33).

 

"...ღმერთკაცი ქრისტე საუკუნეთა მანძილზე კვლავ სამყაროსათვის ულევი სისხლის გამცემად რჩება. ჩუმი სიმდაბლით, უცვლელად, ფხიზლად, რეალურად დგას მიწიერი საზრუნავებით გადაქანცული ადამიანის გვერდით და საკუთარ სისხლსა და ამოუწურავ სიყვარულს უნაწილებს.

უფალი, მის წმიდა და მაცხოვნებელ ეკლესიაში, საკუთარ სისხლსა და ხორცს უწყვეტად გზავნის იმისათვის, რომ ადამიანი მარადიულად ცხონდეს.

მას, ვინც აღიარებს და მოთმინებით აგრძელებს საკუთარ მიწიერ ცხოვრებას ეკლესიაში, შესაძლებლობა აქვს საჩუქრად ქრისტესთან პირადი შეხვედრის ბედნიერება მიიღოს".

საგულისხმოდ შენიშნავს ნეტარხსენებული მამა იუსტინე პოპოვიჩი:

"უტკბილესი უფლის იესოს გარეშე საშინელი და უაზროა ეს მოკლე მიწიერი ცხოვრება და მით უმეტეს, მარადიული და უსასრულო უკვდავება. იქ, სადაც არ იმყოფება ქრისტე, არსებობს სიკვდილი და არ არსებობს სიხარული. ცოდვებში და განცხრომაში მცხოვრები ადამიანები უამრავ უგნურებასა და სიმდაბლეს ცხოვრებისეულ სიხარულად ასაღებენ. და მართლაც, ყოველივე ის, რაც ადამიანს ქრისტესაგან აშორებს – უგნურება და სიმდაბლეა. (არქიმ. იუსტინე პოპოვიჩი, "ადამიანი და ღმერთკაცი").

 

ჩემო საყვარელო შვილებო,

დღეს მსოფლიო გაივსო "ინტელიგენტებით", "განათლებულებით", "მწერლებით", "ხელოვანებით", "ღვთისმეტყველებით", "მისიონერებით", "ფილოსოფოსებით", "დიდი და ცნობილი პიროვნებებით", "ფენომენალური და ქარიზმატული მმართველებით", "სასწაულთმოქმედებით", "მხსნელებით", მაგრამ იცლება... ადამიანებისგან!

დღეს მსოფლიო გაივსო "ჭკვიანი", "ლამაზი", "ფემინისტი", "წარჩინებული" ქალებით, მაგრამ იცლება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიბაძვის მსურველი კეთილშობილი დედებისგან...

 

ჩემო კეთილო შვილებო, თქვენ ქრისტეს სამწყსო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შვილები ხართ და არასოდეს დაივიწყოთ, რომ ჩვენი წმიდა, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს არა მოწამეთა სისხლს, არამედ ზნეობრივი სრულყოფილების დამოწმებას ითხოვს...

 

ღმერთი სიყვარულია. თუ ღმერთი გიყვარს, მაშინ შენც ღვთის სამყოფელი ხარ და მასთან ერთად ცხოვრობ. …

სატანა – ბოროტებაა. როგორც კი ცუდს გაიფიქრებ მოყვასის წინააღმდეგ, იმწამსვე, შენს დასაპყრობად ეშმაკი შენ გულში შემოაბიჯებს. ამიტომ, მუდმივად გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. არ დაუშვა, რომ შენს გულში სიბოროტე თუნდაც ერთი წამით შემოვიდეს. ის იგივე ეშმაკია... ცეცხლივით გეშინოდეს ბოროტების. არანაირი საბაბით არ შეუშვა იგი შენს გულში. სიბოროტე ყოველთის სატანაა, იგი ჯოჯოხეთის შვილია. ზოგჯერ იგი გულში ვითომ ღვთიური მოშურნეობის ან მოყვასის დახმარების საბაბით შემოდის, მაგრამ იცოდე, ეს შენი შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ღარიბების დახმარების საბაბით, იესოს წინაშე იუდა საკუთარი ბოროტების დაფარვას შეეცადა, და შემდეგ, უფალი ოცდაათ ვერცხლად გაყიდა.

რამდენადაც არღვევს ადამიანი ღვთის მცნებებს, იმდენად ემსგავსება იგი ეშმაკს...

ჩემო საყვარელო შვილებო, ზემოთ დაწერილ სიტყვებს სულიერ საგანძურად გიტოვებთ.

 (მონაზონი ვერონიკა)

 

ერთი მღვდელი ჰყვებოდა:

"...როდესაც ტაძარში დამადგინეს, ძალზე ცოტა ბავშვი ეზიარებოდა. საკვირაო სკოლაშიც ცოტანი მოდიოდნენ. მაშინ გადავწყვიტე და სკოლის დირექტორებს ვთხოვე მოსწავლეთა სიები მოეცათ. ყოველი პროსკომიდიის დროს, რიგრიგობით, თითოეული სკოლის მოსწავლეთა მოხსენიება დავიწყე. ეხლა უკვე ბევრი ბავშვი ეზიარება და საკვირაო სკოლაშიც დადის..."

(რამხელა ძალა აქვს მოხსენიებას და ლოცვას!)

 

ლოცვის ძალით შეგვიძლია უფლისაგან ყოველგვარი სიკეთე მივიღოთ, ნებისმიერი ვნება დავძლიოთ, ყოველგვარი ტკივილი და განსაცდელი გადავლახოთ.

 

ყველაზე მონდომებით სიყვარულის ენა შეისწავლეთ, რადგან მის გარეშე უცხო ენების ცოდნა არავითარ რეალურ სარგებელს არ მოგიტანთ...

 

საღმრთო ლიტურგია – პიროვნებებით, ნივთებით, სიტყვებით, ქმედებებით – უფალი ჩვენი იესო ქრისტეს შობის, ცხოვრების, სწავლების, მცნებების, სასწაულების, ჯვარცმის, ვნების, სიკვდილის, აღდგომისა და ზეცად ამაღლების ხილული წარმოჩენაა. საღმრთო ლიტურგიის დროს მღვდლის ხელით, უხილავად, თავად უფალი მოქმედებს და აღასრულებს ყოველივეს...

(მონაზონი ვერონიკა)

 

ჩემს ქრისტესმიერ საყვარელ დას ელენეს.

 

ზურაბისადმი წერილი დავასრულე და ჩემთვის გავიფიქრე: "... თუ შევძლებ, ელენესაც მივწერ-მეთქი..."

შევჩერდი... და ვთქვი: "ცოტას შევისვენებ და მივწერ..."

მაგრამ თავი დამძიმებული მაქვს, ამ წუთს სრულებით არ მიმუშავებს...

ელენე, ვიწყებ ნელ-ნელა და შესვენებებით... შესაძლოა მოგვიანებით ვეღარც შევძლო, რომ მოგწერო... მინდა, რომ ეს წერილი შეინახო... ხანდახან გადაიკითხო და ადამიანის ძირითადი სულიერი და ქრისტიანული მოვალეობები გაიხსენო...

ჩემო კეთილო დაო, ანტონი დიდს ძალზე ბევრი ადამიანი სტუმრობდა, რათა მისგან სულიერი სარგებელი მიეღოთ... მათ შორის იყო ერთი მონაზონი, რომელსაც მისთვის არასოდეს არაფერი უკითხავს.

ერთხელ მამა ანტონიმ მას მიმართა:

ძმაო, ჩემთან ბევრჯერ მოსულხარ, მაგრამ არასოდეს არაფერი გიკითხავს...

ბერმა უპასუხა:

ამბა, ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ შენ გხედავ...!

და რას ხედავდა? ხედავდა არამიწიერ არსებას, ღვთის ხატს..., ღვთის მადლს, ხედავდა ადამიანის ფერიცვალებას...

ოჰ! მუდამ ვევედრები უფალს ჩემი ქრისტესმიერი საყვარელი დის ელენესათვის, რათა კიდევ და კიდევ, უფრო მეტად გაზარდოს თავისი ყურადღება და მოშურნეობა იმისადმი,

თუ როგორ საუბრობს;

თუ როგორ იცინის;

თუ როგორ ჭამს;

თუ როგორ ლოცულობს;

თუ როგორ იქცევა წმინდა ტაძარში;

თუ როგორ ახველებს! (არ ვხუმრობ...);

თუ როგორ იწერს პირჯვარს;

თუ როგორ უსმენს სხვას;

თუ როგორ ესალმება;

თუ როგორ იძლევა რჩევას;

თუ როგორ უყვარს...

თუ როგორ უმზერს სხვას;

თუ როგორ გადასცემს "სინათლეს" იქ, სადაც "სიბნელეა";

თუ როგორ მიმოაფრქვევს სიხარულს იქ, სადაც მწუხარებაა;

თუ როგორ მოიპოვებს სულიერ ძალებს იმისათვის, რომ ყოველთვის თქვას: "გმადლობ, შენ, უფალო ღმერთო ჩემო!",

თუ როგორ ტვირთულობს სხვის "ტვირთს";

თუ როგორ განაგდებს მეყსეულად ყოველგვარ ცოდვილ აზრს;

თუ როგორ თავისუფლდება სიბრაზისა და სურვილებისაგან (წმინდა მამები ამბობენ: თუკი ქრისტიანმა დაამარცხა მრისხანება და სურვილები დაამარცხა თვით ეშმაკი!);

თუ როგორ იკვლევს და სძლევს საკუთარ თავში არსებულ ცუდს;

თუ როგორ შეიმეცნებს იმ აზრს, რომ უდიდესი ბედნიერება იშვება მაშინ, როდესაც სხვას ანიჭებ ბედნიერებას;

თუ როგორ ზრუნავს, რომ თავი დაიხსნას მცირე სისუსტეებისაგან;

თუ როგორ ცდილობს, იყოს მუდამ ოპტიმისტი და ნებისმიერი მდგომარეობიდან იპოვოს გამოსავალი (და პრობლემის გადაწყვეტისას არ შექმნას ახალი პრობლემები!);

თუ როგორ შეიმეცნებს სიღრმისეულად იმას, რომ ჭეშმარიტი სიყვარული მსხვერპლის გაღებას ნიშნავს...

თუ როგორ ახსოვს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერებისა და თავისუფლების "გასაღები" მართლმადიდებელ ეკლესიაში, ქრისტეს ჯვარში ინახება, და რომ სული მხოლოდ იმ წამლით იკურნება, რომელიც იქ მზადდება, სადაც სინანულის ცრემლები გოლგოთის სისხლს უერთდება! ასევე, არ ავიწყდება, რომ "მონა" ქრისტესი ყველაზე თავისუფალი ადამიანია...

თუ როგორ ახსოვს ის აზრი, რომ ვინც არ "მოკვდება" ქრისტესთან ერთად, ვერ შეძლებს მასთან ერთად ცხოვრებას...

თუ როგორ ეთანხმება იმ აზრს, რომ ის, ვინც სხვებს ამარცხებს, არის ძლიერი, ხოლო ვინც საკუთარ თავს – "ყოვლადძლიერი";

თუ როგორ სწამს ის, რომ არ არსებობს დაკეტილი "კარი", რომელსაც სიყვარული და მოთმინება ვერ გააღებს!

თუ როგორ ასრულებს ყოველივე იმას, რასაც სხვებს ურჩევს;

თუ როგორ სწავლობს, რომ ყურადღება მიაქციოს არა იმას, რასაც სხვები მის მიმართ ამბობენ და აკეთებენ, არამედ იმას, თუ თავად რას აკეთებს სხვებისთვის;

თუ როგორ შეეჩვია იმას, რომ ცხოვრებისეული სირთულეების დროს გაექცეს კითხვას "რატომ?" (ყურადღება! კითხვა "რატომ?" – შეცდომაა... იგი ერთგვარი განსაცდელია...);

თუ რას ამბობს მთელი გულით: "უფალო ჩემო, გინდა, რომ მინდოდეს?", თუ ამბობს: "მინდა ის, რაც მინდა"?

თუ როგორ სჯერა და სწამს, რომ ყველაზე დიდი გამარჯვება ესაა გამარჯვება ყოველივე ცუდზე საკუთარ თავში;

თუ როგორ ცდილობს ისწავლოს მოთმინება..., რადგან, თუ ისწავლი მოთმინებას, ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველაფერი გისწავლია!

თუ როგორ ფარავს საკუთარ თავში ტკივილს და როგორ უნაწილებს სიხარულს სხვებს;

თუ როგორ მოიპოვებს და შეიყვარებს თავაზიანობას, რომელიც თავად არაფერი ჯდება, მაგრამ ყველაფერს "ყიდულობს"!

თუ როგორ ახსოვს ის, რომ მუდამ მოუხმოს იესო ქრისტეს სახელს; მრავალსიტყვაობას ამჯობინოს მდუმარება, თავის წარმოჩენას თავის "დაფარვა", მოღუშულობას ტკბილი ღიმილი; განერიდოს ყოველგვარ ცუდ აზრს...

თუ როგორ ამათრახებს ცუდს ისე, რომ გული არ ატკინოს ადამიანს;

თუ როგორ ეხმარება სხვას ისე, რომ არ შეაწუხოს, არ დაღალოს...

არასოდეს ივიწყებს, რომ ეს ცხოვრება მუდმივი მსხვერპლის გაღებაა... (ის, ვინც ვერ შეიყვარა და ვერ თანაუგრძნო მოყვასს, მარად ღატაკად რჩება);

თუ როგორ ეკითხება საკუთარ თავს: ის, რის თქმასაც აპირებს,

არის სიმართლე?

არის სასარგებლო?

არის აუცილებელი?

არის თავაზიანი?

არის ქრისტიანული?

სურს ეს უფალს???

თუ როგორ თანაუგრძნობს სხვებს მათ ტკივილსა და განსაცდელში...

თუ როგორ კვდება ამასოფლისათვის, რათა ქრისტესთვის იცხოვროს...

თუ როგორ თმობს საკუთარ "უფლებებს" ისე, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე, მეგობრობა, წონასწორობა, კარგი ურთიერთობები...

თუ როგორ ხდება ნამდვილად ბრძენი (ამისათვის საკმარისია, რომ თავს ბრძნად არ ვთვლიდეთ!...);

თუ როგორ გამონახავს დროს სიყვარულისათვის... სიკეთისათვის...

თუ როგორ არ ითხოვს, რომ მას გაუგონ და თავად როგორ უგებს სხვებს...

თუ როგორ ითმენს სხვის შეცდომებს...

თუ როგორ ესმის ის, რომ თუკი ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ ცხოვრება არ დაგვიწყია!..

თუ როგორ უნდა იყოს "თავისუფალი", მაგრამ არა მოუწესრიგებელი...

თუ როგორ უნდა იცხოვროს ამასოფელში ისე, რომ ეს სოფელი მასში არ ცხოვრობდეს... მასში მხოლოდ ღვთის სიყვარული, მისი ყოვლადწმიდა ნება და მოყვასის სიყვარული უნდა მყოფობდეს...

თუ როგორ ხედავს საკუთარ სულიერ მდგომარეობას, საკუთარ ნაკლს, საკუთარ მრავალმხრივ ეგოიზმს..., (მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიგებთ, რომ უნდა დავკავდეთ არა სხვების გამოსწორებით, არამედ საკუთარი სულის მკურნალობით...);

თუ როგორ ცდილობს დაემგვანოს ვარდს, რომელიც კი არ ლაპარაკობს, არამედ სურნელს აფრქვევს!

თუ როგორ ცდილობს, შფოთისა და სიბრაზის წუთებს ლოცვითა და მოთმინებით შეხვდეს!

თუ როგორ აქცევს ყურადღებას ყოველდღიურ წვრილმანებს, რადგან ისინი ხასიათსა და სრულყოფილებას აყალიბებენ...

თუ როგორ იმყოფება სულიერ მღვიძარებაში და არასოდეს, არასოდეს ავიწყდება ის, რომ მოწყალე უფალი ცათა სასუფევლისათვის ჩვენგან იმდენ ძალისხმევას არ ითხოვს, რამდენსაც სატანა – ჯოჯოხეთისათვის!!!

თუ როგორ ესაუბრება სიჩუმეს...

თუ როგორ სწავლობს სიმდაბლეს;

თუ როგორ ხდება სამაგალითო ყველასთვის;

თუ როგორ იქცევა მისი ცხოვრება ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრების მაგალითად და ქადაგებად, რათა ყოველმა ადამიანმა, ვინც მას შეხვდება, უთხრას: "საკმარისია, ჩემო ელენე, რომ შენ გხედავ!"

ჩემო კეთილო დაიკო, ის, რაც ზემოთ მოგწერე, არა მხოლოდ შენთვისაა, არამედ შენი შვილების, შენი ახლობლების დახმარებისთვისაც...

 

მახსენდება 1949 წლის ბოლო, როდესაც უდედმამო ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი; მაშინ ბავშვებს ერთი ანეგდოტი მოგვწონდა:

ჩანჩქერ ნიაგარასათან ტურისტები იდგნენ და გაოცებით შესცქეროდნენ მას... ერთი ტურისტი რაღაც ჩაფიქრებული იყურებოდა და თან თავს აქნევდა. როდესაც ჰკითხეს, თუ რა აწუხებდა, მან უპასუხა:

ვწუხვარ ამდენი წყალი უქმად რომ იკარგება...

შე საცოდაო, ამისთვის წუხხარ?

ჰო, ვწუხვარ, რომ ამ წყალს მერძევეები ვერ იყენებენ! (ცნობილი იყო, რომ მერძევეები რძეში წყალს ურევდნენ).

 მახსოვს, თუ როგორ განვცვიფრდით, როდესაც გავიგეთ, რომ ერთმა კაცმა ნიაგარას თავზე გაბმულ თოკზე ველოსიპედით გაიარა! ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როდესაც შევიტყვე, რომ სრულიად სხვა პიროვნება, ასევე, ნიაგარას თავზე გაჭიმულ თოკზე წინ და უკან დადიოდა და თან ურიკას მიაგორებდა... გასაოცარი და შიშის მომგვრელი სანახაობაა! ქვევიდან ათასობით ადამიანი ყიჟინებდა და ამხნევებდა მას. როდესაც იგი თოკის ბოლოში გავიდა, მიწით სავსე ტომარა ურიკაში ჩაიდო და ისევ უკან გამობრუნდა. ყიჟინამ და შეძახილებმა იმატა... შემდეგ, გამხნევებულმა, ხალხს მიმართა: "რამდენს გჯერათ, რომ შემიძლია ერთი ადამიანი ჩავისვა ურიკაში და იგივე გავიმეორო?" ქვევიდან ყველამ ანიშნა, რომ სჯეროდათ. ერთი ახალგაზრდა, რომელიც პირველ რიგებში იდგა, გაიძახოდა: "შეგიძლია! შეგიძლია! შენ ამას გააკეთებ!" მაშინ აკრობატმა პირადად მას მიმართა: "ეი, შენ, მოდი, გელოდები, შენ წაგიყვან!" ახალგაზრდა, ამ სიტყვების გაგონებისთანავე, ხალხს გაერია და გაუჩინარდა!

ასევეა, სამწუხაროდ, ბევრი ქრისტიანიც!... ამბობენ, რომ სწამთ, მაგრამ არ სურთ (ვერ ბედავენ...) ჩასხდნენ ქრისტიანული ცხოვრების "ურიკაში", – ზუსტად იმიტომ, რომ ასვლა და ღვთის "ურიკაში" ჩაჯდომა გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს... გაიხსენე სახარებიდან ის ახალგაზრდა, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იესო ქრისტეს პიროვნებამ და მისმა სიტყვებმა. მან, აღფრთოვანებულმა, შესძახა: "მოძღვარო, მინდა, რომ შემოგიდგე და გამოგყვე!" იესომ უპასუხა: "თუკი ეს მართლაც გსურს, წადი, გაყიდე ყოველივე, რაც გაგაჩნია, და შემომიდეგ"... და ეს ახალგაზრდა მას აღარ გაჰყვა, რადგან ძალზე მდიდარი იყო და არ სურდა ამ თავის სიმდიდრეს განშორებოდა...

გაიხსენე უფლის სიტყვები სახარებიდან: "მოვედით ჩემდა..." მაგრამ, ჩემო ელენე, იმისათვის, რომ მასთან მივიდეთ და მის ჭეშმარიტ მოწაფეებად ვიქცეთ, აუცილებელია უარვყოთ ჩვენი ყველა ის ჩვეულება და საქციელი, რომლებიც უფალთან მიახლოებაში გვაბრკოლებენ...

აი ზოგიერთი მათგანი:

ცუდი გარემოცვა, ტელევიზორი, სამარცხვინო თემებზე საუბარი, სიგარეტის წევა (ერთი წმინდა ათონელი მამა, რომელსაც პირადად ვიცნობდი, ამბობდა: "ნახე სიგარეტი? – გინახავს ეშმაკი!"), სიზარმაცე, ბილწი სიტყვები, ანტიპათია ვინმეს მიმართ, სულიერი მოძღვრისა და მშობლების მიმართ ურჩობა, უყურადღებობა, ქრისტიანული მოვალეობების დავიწყება, სიჯიუტე და ეგოიზმი, დროის კარგვა ფუჭ საქმეებზე (პოლიტიკა, სპორტი, ჭორაობა და ..), ფულის ფრანტვა (წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებდა: ოფლში გაწურვაა საჭირო იმის მოსაფიქრებლად, თუ სად უნდა დახარჯო სულ მცირე თანხაც კი!). მართლაც, დიდი ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ განსაზღვრო, რაში იხარჯება ფულადი თანხა...

ჩემო კეთილო დაო, "მწამს ქრისტესი, მივყვები მას, ვარ მისი ნამდვილი მიმდევარი" – ნიშნავს იმას, რომ მუდმივად მასზე ფიქრით ვცხოვრობ, ვიღვწი ვიყო მასში და იგი ჩემში!

ჩემო ელენე, ერთი დიდი ასკეტი მამა, ნეტარი მარკოზი, გვეუბნება, რომ ვისაც ქრისტე ნამდვილად სწამს, მისთვის იგი ყველაფრად იქცევა.

წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს (საუბრობს უფლის პირით): "...შვილო ჩემო, შენთვის მე ვარ მამა, ვარ ძმა, ვარ თავშესაფარი, ვარ სამოსელი, ვარ ფესვი, ვარ საძირკველი. მე შენთვის ვიღვწი; მოვედი, რათა შენ გემსახურო, და არა შენ მემსახურო...! შვილო ჩემო, მე შენთვის მეგობარიც ვარ, ძმაც და დედაც, მე შენთვის ყველაფერი ვარ... ჯვარზეც შენთვის ავედი, საფლავშიც შენთვის ჩავწექი, შენ მარად ჩემი ძმა, მემკვიდრე, მეგობარი და ჩემი ნაწილი ხარ... კიდევ რა გინდა?..."

ჩემო ელენე, ნუთუ ასეთი უფალი, რომელიც ჩვენთვის ყველაფრად იქცევა, არ არის იმის ღირსი, რომ მისდამი მხურვალე ერთგულება და რწმენა გვქონდეს?

(ჩემო დაო ელენე, ვწერ და ვისვენებ, ვწერ და ვისვენებ, რადგანაც თავში სიმძიმეს ვგრძნობ... ერთადერთი ხსნა თვალების დახუჭვა და დაწოლაა... ძალზე მიჭირს წერა, მაგრამ უფრო მეტად ლაპარაკი მიჭირს... შესაძლოა მდგომარეობა დამიმძიმდეს, თუმცა გაუმჯობესებაც არ არის გამორიცხული... მიუხედავად სირთულეებისა, შენთვის, შენი ზურაბისთვის და შენი ბავშვებისათვის, ჩემო ელენე, კიდევ ცოტას დავწერ... ამრიგად, ეს ერთგვარი გამოსამშვიდობებელი წერილი იქნება... ამას ვხედავ... შესაძლოა, არ არის სწორი ჩემს ჯანმრთელობას ასე რომ ვეპყრობი, მაგრამ ცოტას მაინც კიდევ დავწერ, თუმცა, სამწუხაროდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, და არა ისე, როგორც ვისურვებდი... ჩემო ელენე, გთხოვ მომიტევო ჩემი დაულაგებელი ნაწერის გამო...).

 

ერთი უშესანიშნავესი, ქრისტეშობიდან მეორე საუკუნეში შექმნილი ხელნაწერი ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანის ერთგვარ "ნიშანს", "ბეჭედს" და "ფოტოსურათს" გვაძლევს:

"...ქრისტიანები, როგორც წევრები ეკლესიისა, სხვებისაგან არც წარმოშობით, არც საუბრით, არც წეს-ჩვეულებებით არ გამოირჩევიან... საოცარია მათი ცხოვრების ზნეობრივი გზა... არიან სხვებთან ერთად, მაგრამ ცხოვრობენ, როგორც წარმავალნი და მოგზაურნი!... აქვთ ხორციელი სხეული, მაგრამ არ ცხოვრობენ ხორციელი ცხოვრებით... მკვიდრობენ მიწაზე, მაგრამ ზეციური მოქალაქენი არიან... ყველა უყვართ, მაგრამ თითქმის ყველასაგან განისჯებიან!... "კვდებიან!" მაგრამ არიან "ცოცხლები"!... არიან ღარიბები, მაგრამ ბევრს ამდიდრებენ!... შესაძლოა ბევრი რამ აკლდეთ, მაგრამ ყველაფერი უხვად აქვთ!... მათ შეურაცხყოფენ, მაგრამ ამით ისინი განდიდდებიან!... ემორჩილებიან სახელმწიფო კანონებს, მაგრამ თავიანთი ცხოვრებით კანონებზე იმარჯვებენ! – ანუ მათი ცხოვრება არის ისეთი, რომ სახელმწიფო კანონები მათთვის ზედმეტია!..."

ამ ხელნაწერიდან მინდოდა კიდევ რაღაც დამემატებინა, მაგრამ ძალზე დავიღალე... ხვალ ან ზეგ დავწერ... მინდა კიდევ ერთი კარგი "სულიერი საგანძური" დაგანახო შენ და შენს შვილებს (ახლა ვწყვეტ წერას, სატრაპეზოში უნდა წავიდე ჩემი მცირე მორჩილების შესასრულებლად...).

აი, კიდევ ერთი კარგი მაგალითი, რაზეც ზემოთ გწერდი, ჩემო ელენე:

ადამიანები გამაძღარნი არიან სიტყვებით... მათ კარგი მაგალითები უნდათ... იმისათვის, რომ დღევანდელ სულიერად გამოფიტულ ადამიანებს დავეხმაროთ, აუცილებელია, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანის სიტყვა და საქმე ერთი იყოს... ამბავმა, რომელსაც ახლა მოგითხრობ, იმდენად შემძრა, რომ ალბათ მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში შევძლებ მის დავიწყებას!

დაახლოებით 30 წლის წინ, ჩემს ნაცნობ ბერთან ერთად, სალონიკში ერთ ძალზე ცნობილ ექიმს ვესტუმრე. იგი საავადმყოფოს დირექტორი იყო და ათონის მთასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა... შევედით საავადმყოფოს შენობაში, მოსაცდელი სავსე იყო პაციენტებით... დავსხედით... კუთხეში ერთი ათონელი მღვდელმონაზონი იდგა და საუბრობდა... იგი ყურადღების ცენტრში იყო და, როგორც იტყვიან, ყველა "მონუსხული უსმენდა"... მართლაც შესანიშნავად საუბრობდა... ამბობდა, რომ სულ ახლახანს დაბრუნდა ევროპიდან, სადაც ჰქონდა ბევრი შეხვედრა, საუბრები, ჩაატარა წირვები... ამბობდა, რომ ემიგრანტ ბერძნებს ძალზე სჭირდებათ სულიერი და ეროვნული თანადგომა... ამბობდა, რომ ბევრი რამ მათთან ურთიერთობებში მოუგვარებელია... იმ დროს, როდესაც ათეისტები და მწვალებლები დღე და ღამე მუხლჩაუხრელად იღვწიან, ჩვენ უმოქმედოდ ვსხედვართ... ამბობდა, რომ საჭიროა დროზე გამოვფხიზლდეთ და .. და .... და უცებ საათზე დაიხედა და აღმოხდა: აახ! გარშემო მყოფებს შეხედა და თქვა: "იცით, მაპატიეთ"... კვლავ საათს დახედა... ორჯერ-სამჯერ გაიმეორა "მაპატიეთ... (ყველამ გაკვირვებით შეხედა) იცით, ახლა დროა (საღამოს 9 საათი ხდებოდა)... მაპატიეთ... საფრანგეთი და ესპანეთი თამაშობს, ფეხბურთი ჩემი სისუსტეა... უნდა წავიდე, ტელევიზორს ვუყურო..." და ერთ პატარა კარს იქით გაუჩინარდა (მოგვიანებით გავიგე, რომ იგი იმ ექიმის ახლობელი ყოფილა).

ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო ელენე, მოსაცდელში ყველამ თავი დახარა... ჩამოვარდა სამარისებური სიჩუმე! ის, რაც მისმა მონათხრობმა, გარეგნობამ და შემართებამ მოიტანა, ყველაფერი ერთ წამში დაიმსხვრა!

ჩემო ელენე, გახსოვს, რა ვთქვით?... რომ თუკი თავს არ დავაღწევთ ვნებებს, სისუსტეებს, ცუდ ჩვევებს და არ გავხდებით ნამდვილი მართლმადიდებელი ქრისტიანები – "სიტყვითა და საქმით", – ვერაფერს მივაღწევთ, მხოლოდ სხვებსა და ჩვენს საკუთარ თავს დავცინებთ...

აი, სიტყვისა და საქმის ერთიანობის კიდევ ერთი მაგალითი:

მრავალი წლის წინათ ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის გარეუბანში 3 თუ 4 (კარგად აღარ მახსოვს) ჯარისკაცი ცდილობდა ერთი უზარმაზარი ბოძის ფეხზე დაყენებას... ძალზე წვალობდნენ... ჯარისკაცებს უფროსი ოფიცერი რომ დახმარებოდა, რომელიც მათ თავზე ადგა და მხოლოდ ბრძანებებს იძლეოდა, ისინი ალბათ ამას შეძლებდნენ... და აი, ერთმა გამვლელმა ჯარისკაცების გასაჭირი დაინახა. იგი გასაოცარი მონდომებით მიეხმარა მათ და საქმეც წარმატებით დასრულდა!... კმაყოფილი ოფიცერი მას ეუბნება:

– დიდი მადლობა დახმარებისათვის!

– არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, ჩემს, როგორც ადამიანის, მოვალეობებს რომ აღემატებოდეს – უპასუხა გამვლელმა, – თუკი კვლავ რაიმე დაგჭირდებათ, მზად ვარ დაგეხმაროთ...

სად ცხოვრობ? – ეკითხება ოფიცერი (ელენე, მიაქციე ყურადღება პასუხს).

– "თეთრ სახლში" ვცხოვრობ, – უპასუხა გამვლელმა, – მე ჯორჯ ვაშინგტონი ვარ...(!!!) (იგი აშშ-ს პრეზიდენტი იყო და მიუხედავად მისი მაღალი თანამდებობისა, უპირველეს ყოვლისა პიროვნება იყო... ერთმა კალიფორნიელმა ამერიკელმა, რომელიც ბოლო ხანს ათონზე სტუმრობდა, მითხრა, რომ ვაშინგტონი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრეზიდენტი იყო ამერიკის ისტორიაში...).

ჯარისკაცებს, რაღა თქმა უნდა, ბევრი სმენოდათ და წაეკითხათ პრეზიდენტის შესანიშნავი გამოსვლებისა და მოწოდებების შესახებ, მაგრამ არაფერმა ისე ძლიერად არ იმოქმედა მათზე, როგორც პრეზიდენტის ამ ბრწყინვალე საქციელმა, რომელიც უცბად გახდა ცნობილი მთელს ქვეყანაში.

ჩემო ელენე, რა საოცარი რამაა პირადი მაგალითი! იგი ყველაზე არსებითია!

(ჩემო კეთილო ელენე, რადგანაც ვთქვით, რომ ეს არის ერთგვარი "გამოსამშვიდობებელი" წერილი, ამიტომ შევეცდები ცოტა კიდევ მოგწერო პირადი მაგალითის თემაზე...).

ერთმა ჩემმა ათენელმა ნაცნობმა ასეთი რამ მიამბო:

"...საავადმყოფოში ვიყავი მისული გამოკვლევაზე, ავარიის დროს დაზიანებული ხელი მაწუხებდა... შენობიდან გამოსული, ნელ-ნელა მივაბიჯებდი და თან აქეთ-იქით ვიყურებოდი, რომ ტაქსი მეპოვნა... თუმცა, მოგეხსენებათ, შუადღის შემდეგ ათენში ტაქსის პოვნა ძალზე ძნელია... უცბად ჩემ წინ, თავისი ძვირფასი მანქანით, ერთი ჩემი ძველი მეგობარი გაჩერდა (მე და მისი მეუღლე ერთად ვმუშაობდით).

გამარჯობა შენი! – მომესალმა. – როგორა ხარ, რას შვრები? მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მახსოვხარ...

...ძალიან გამეხარდა... ვიფიქრე დამეხმარება და წამიყვანს-მეთქი, მაგრამ იგი ამ მისალმების შემდეგ მეტეორივით გაუჩინარდა..."

ეჰ, ჩემო ელენე, სიყვარული საქმის, პრაქტიკული განხორციელების გარეშე მკვდარია!

"...მიჩვენე შენი რწმენა და სიყვარული შენი საქმეებით..."

(ვაგრძელებ...)

იყო ერთი კაცი, რომელიც ჩვენს მონასტერში მუშაობდა. იშვიათი ხელოსანი იყო, ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდა... იგი ჩემს მიმართ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას გამოხატავდა, "ჩემო მამაო"-თი მომმართავდა (ელენე, ყურადღება მიაქციე ამ ამბავს, იქნებ ოდესმე ვინმეს გამოადგეს და სულიერად დაეხმაროს... ვეცდები, რამდენადაც შემიძლია, ისე გადმოვცე, როგორც მან გადამიშალა გული...)

"...ჩემო მამაო, ჩემი საცოდავი ცოლი ფიქრობდა, რომ ჩემი ნაკლი მხოლოდ ის იყო, რომ სიგარეტს ვეწეოდი, სინამდვილეში კი ჩემი საშინელი ვნებების რიცხვში ბანქოს თამაში და არყის სმაც შედიოდა... ქორწილის შემდგომი დღეებიდანვე გავაგრძელე იმ დაწყევლილ კაფეში სიარული და ღამისთევები, სადაც ცოლის შერთვამდე დავდიოდი!... ჩემი ხელფასის უდიდესი ნაწილი ყოველ საღამოს ბანქოსა და სასმელში მიდიოდა. სახლში ყოველთვის 12 საათის შემდეგ შევდიოდი... ცოლი მუდამ მოთმინებით მელოდებოდა და სათნო ღიმილით მხვდებოდა...

...ერთ საღამოს ძალზე დავაგვიანე... ის ორიოდე გროში, რაც გამაჩნდა, მთლიანად დავხარჯე... არყისგან მთვრალმა, სახლამდე ბარბაცით ძლივს მივაღწიე... 2 საათს იყო გადაცილებული... ცივი და სუსხიანი თებერვალი იდგა... ჩემი მეუღლე კვლავ მოთმინებით მელოდა... საწოლში დამაწვინა, საბანი დამაფარა... შემდეგ წვნიანი გამიცხელა და დამაპურა... გამოფხიზლება დავიწყე და როდესაც ცოტა გონს მოვედი, გულზე ნაღველი შემომაწვა... საშინლად შემრცხვა და ტირილი დავიწყე... "მაპატიე, ჩემო ...! მე ადამიანი კი არა, ცხოველი ვარ! შენ კი ანგელოზი ხარ, ჩემო ...!"

...და იცით, რა მიპასუხა?

არა, ჩემო იანის, ამას ნუ ამბობ... შენ ისეთი კარგი ხარ..."

ელენე, მიაქციე ყურადღება: მისი ცოლი საკუთარ მშობლებთან რომ წასულიყო და მათთვის ეთქვა: ეს რა საშინელებაა, რა სიმწარეში ვცხოვრობ, არასოდეს დავბრუნდები უკანო! – ხომ ყველაფერი ნამსხვრევებად იქცეოდა? მაგრამ მისმა მოთმინებამ, სიკეთემ, მუდმივმა და მხურვალე ლოცვამ ყველაფერი გამოასწორა! დღეს ესაა ერთი ბედნიერი ოჯახი ექვსი ბავშვით... მახსენდება წმინდა მონიკა წმინდა ავგუსტინეს დედა... სადღაც წაკითხული მაქვს, თუ როგორ ებრძოდა მას "პირველობისათვის" თავისი ქმარი, რომელსაც საშინელი და გარყვნილი ხასიათი ჰქონდა! და მაინც, ამ გასაოცარმა ქალმა, წმინდა მონიკამ, თავისი სიყვარულით, მოთმინებით, ლოცვითა და პირადი მაგალითით საბოლოოდ გაიმარჯვა! თავის გარშემო ყველა ეკლესიის ცოცხალ წევრებად აქცია!

(ვაგრძელებ...)

ერთხელ ერთი დიდი ბერი, წმინდა მაკარი ეგვიპტელი, სკიტიდან ნიტრიის უდაბნოში მიდიოდა... როდესაც დანიშნულების ადგილს მიუახლოვდა, თავის მორჩილს ეუბნება:

 – შენ ცოტა დაწინაურდი, წინ გასწი! (წმ. მაკარის საკუთარი ჩანაფიქრი ჰქონდა).

მართლაც, მორჩილი წინ წავიდა და მალე მას ერთი ქურუმი შემოხვდა. კერპთაყვანისმცემელი თითქმის მორბოდა, ჩანდა, ძალზე ეჩქარებოდა... მორჩილმა დაუფიქრებლად, ხმამაღლა მიაძახა:

ეი, დემონო, საით გარბიხარ?

გაბრაზებული ქურუმი შეჩერდა, თავისი კვერთხით მორჩილს უმოწყალოდ სცემა, თითქმის ცოცხალმკვდარი იქვე დააგდო და კვლავ სწრაფად განაგრძო სვლა... ცოტა ხანში წმინდა მაკარიც შემოხვდა... ამბა მაკარიმ სათნო და ტკბილი ღიმილით მიმართა:

ოჰ, ადამიანო!  ნეტავ ცხონდე! ნეტავ ცხონდე, შრომისმოყვარე ადამიანო!

ქურუმი გაოგნდა! წმინდანის კეთილგანწყობით აღელვებულმა, ჰკითხა:

ამბა, რა დაინახე ჩემში კარგი, რომ ასეთი თბილი სიტყვებით მომმართავ?

ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დაღლილი მეჩვენე და ნიშანიც მივიღე, რომ ფუჭი საქმისათვის იღვწი... – უპასუხა წმინდა მაკარიმ.

ქურუმმა უთხრა:

შენმა სალამმა და კეთილმა სიტყვებმა მეც გული ამიჩუყა, მივხვდი, რომ ღვთის კაცი ხარ... შენამდე ერთი მონაზონი შემომხვდა, რომელმაც შეურაცხყოფა მომაყენა და მეც უმოწყალოდ ვცემე...

 ამბა მაკარი მიხვდა, რომ ეს მის მორჩილს ეხებოდა. ამის შემდეგ ქურუმი წმინდანს ფეხებში ჩაუვარდა და უთხრა:

მამაო, თავს არ დაგანებებ, სანამ ბერად არ აღმკვეც!

და მართლაც, აღკვეცა! აი ასე მიაღწია წარმატებას!

წმინდა მაკარი ბრძანებდა: "ცუდი სიტყვა კარგს ცუდად აქცევს, მაშინ როდესაც კეთილი სიტყვა ცუდსაც აკეთილშობილებს..."

ჩემო ელენე, ღირსეული საქციელი, კეთილი სიტყვა, ღიმილი, მოთმინება... კარგი მაგალითი და გულწრფელი სიყვარული – იცი, რამდენ რამეს აგვარებს?

ჩემო კეთილო დაიკო, გეტყვი ერთ რამეს, რაც შესაძლოა არარეალურად მოგეჩვენოს: გარეულ, ველურ ცხოველებს მხოლოდ ერთი "ენა" ესმით ეს სიყვარულის "ენაა"!

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები: "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას" (იოანე 13,35). მხოლოდ ამ ქრისტესმიერი სიყვარულით შევძლებთ დავეხმაროთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ახლობლებსაც... მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს სიყვარული უნდა გამოიხატებოდეს არა მარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც..., უნდა შევუმსუბუქოთ ერთმანეთს დაღლილობა; უნდა დავეხმაროთ, პატივი ვცეთ, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ერთმანეთს...

ნახე, რას გვეუბნება მოციქული პავლე: "...პატივის-ცემასა ერთიერთსა უსწრობდით" (რომ. 12,10);

დაე, პატივი მივაგოთ ჩვენს მოყვასს, დაე, მსხვერპლი გავიღოთ მისთვის...

ელენე, თუკი არ გვექნება სიყვარული, თუკი ჩვენი გული სრულად არ იქნება მიძღვნილი ქრისტესადმი... თუკი ჩვენი ცხოვრების უმთავრეს მიზნად არ იქცევა სიყვარული და მსხვერპლის გაღება ქრისტესა და მოყვასისათვის, მაშინ ჩვენ ზეციური დიდების ღირსი კი არ გავხდებით, არამედ იმ საფრთხეში აღმოვჩნდებით, რომელშიც უამრავი სხვა ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისაც არ გააჩნდა ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და მოყვასის მიმართ.

ელენე, იცი, რატომ დაეცა იუდა? იმიტომ, რომ მას არ უყვარდა ქრისტე და მოყვასი ისე, როგორც უნდა ჰყვარებოდა.

რატომ დაკარგა ბოლო წამს საპრიკიოსმა მოწამის გვირგვინი? იმიტომ, რომ არ უყვარდა მოყვასი!

რატომ მიატოვა დიმასმა მოციქული პავლე? იმიტომ, რომ არ ჰქონდა გულში ის სიყვარული, რაც ქრისტესა და მოყვასის მიმართ უნდა ჰქონოდა.

აი, ნიკოლოზიც, რომელსაც ხვდა უდიდესი პატივი, პირველ 7 დიაკვანს შორის ყოფილიყო (!), საკუთარი თავის სიყვარულმა და ეგოიზმმა სამარცხვინო მწვალებლობაში ჩააგდო.

მოციქული პავლე თავის სიტყვაში ახსენებს "სიყვარულის ერთობას", რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს, მაგრამ ამ ბრწყინვალე ერთობის შეცნობას ვერაფრით ვერ შეძლებს ის, ვისაც საკუთარი თავი სხვაზე მეტად უყვარს...

თუკი ჩვენ პირველები არ განვახორციელებთ იმას, რასაც ვამბობთ და რასაც სხვებს ვასწავლით – ვერაფერს მივაღწევთ; სარგებლობის ნაცვლად დავზარალდებით.

ადამიანებს, უმეტესად კი უბრალო ადამიანებს, უფრო მეტად საკუთარი თვალების სჯერათ, ვიდრე ყურებისა... ისინი სიკეთისაკენ ცოცხალი, კარგი მაგალითებით წარიმართებიან, და არა მკვდარი, უსულო სიტყვებით...

ელენე, ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ პირუტყვებს, ანუ შინაურ ცხოველებს, ჩვენ თოკით ვაბამთ; ლომებს, ანუ გარეულ ცხოველებს – დიდი ჯაჭვებით; ხოლო ადამიანს, რომელიც ღმერთმა შექმნა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი პიროვნება, – მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით მოვინადირებთ...

ელენე, მინდა, რომ ამასაც მიაქციო ყურადღება:

ჩვენ ვეკუთვნით ევროპას, სადაც 300 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობს... განა რამდენია მათ შორის მართლმადიდებელი? და სახელით "მართლმადიდებლებში" განა რამდენია ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ქრისტიანი?

ამრიგად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ დრამატული ქაოსის, ზნეობრივი დაცემის, ურწმუნოების, უთვალავი ერესის, ეკუმენიზმის, სატანიზმის, სულიერი ინდიფერენტულობის წინაშე?

ჩემო ელენე, ჩემო დაო, ღვთის შეწევნით ძალზე ბევრი კარგის გაკეთება შეგვიძლია! ხოლო, თუკი ჩანს, რომ ბოროტება ზეიმობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ "კარგები"– არაფერს ვაკეთებთ!

ელენე! წმინდა მაქსიმე აღმსარებელი მარტო იყო, მაგრამ საკუთარი ცხოვრებითა და სიწმიდით თითქმის ყველა შეცდომილი კვლავ მართლმადიდებლობაში დააბრუნა!

მარტო იყო წმინდა კოზმა ეტოლიელიც, მაგრამ მთელი საბერძნეთი "გადახნა".

ვიცნობ ერთ პატიოსან სოფლის მღვდელს, რომელმაც მთელი სოფელი, ვბედავ ვთქვა, მიწიერ სამოთხედ აქცია!

წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ საღმრთო მოშურნეობით (.. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით) "ანთებულ" ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მთელი საზოგადოების შეცვლა! (ელენე, ბიზანტიაში ამბობდნენ, რომ სჯობს ჩაქრეს მზე, ვიდრე იოანე ოქროპირიო!).

ამრიგად, ელენე, ღვთის მადლით, ძალზე ბევრის გაკეთება შეგვიძლია... საკმარისია მხოლოდ მოვინდომოთ, საკმარისია ვიღვაწოთ... საკმარისია ჩვენს გულებში ღვთიური სიყვარული ღვიოდეს... და, რა თქმა უნდა, კვლავ გავიმეორებ იმას, რაც უკვე მრავალჯერ ვთქვი: უპირველესად საჭიროა, ყველაფერი საკუთარი თავიდან დავიწყოთ!

ჩემო დაიკო, სადღაც წავიკითხე: "გაეროს შეცვლით შევცვლით მსოფლიოს..."

როგორ შევაფასოთ ეს გამონათქვამი? კომიკურად? უზარმაზარ სიცრუედ? ეჰ, ჩემო ელენე, გასული საუკუნეები გვარწმუნებს, რომ მსოფლიო არ შეიცვლება და არ გამოსწორდება არც სისტემებით, არც იდეოლოგიებით, არც პარტიებით, არც ჰუმანიტარული ორგანიზაციებით, არც ნატოთი, არც სოციალიზმით და არც სხვა ნებისმიერი "იზმით", თუკი ჩვენ, ადამიანები, არ შევიცვლებით; თუკი არ განვიკურნებით ეგოიზმისგან, ვნებებისგან; თუკი არ დავიწყებთ ზნეობრივ, სამართლიან და მოყვასის მოყვარე ცხოვრებას; თუკი არ ვიქცევით სინდისიერ და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად. ყოველივე ამის გარეშე უკეთესობისაკენ არანაირი ცვლილება მოსალოდნელი არ არის...

რაც შეეხება გაეროს შეცვლას, რომელზეც ზემოთ გითხარი, ფრენკ ალენი ირონიულად შენიშნავდა: "გაერო არის ადამიანთა კრებული, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ, როგორც კრებულს, შეუძლია "გადაწყვიტოს", რომ არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია!"

ელენე, ათონის მთაზე მრავალი მომლოცველი ჩამოდის და ყველა ლაპარაკობს "პრობლემებზე"! პრობლემები აქვთ პიროვნული, ოჯახური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ზნეობრივი, სამსახურებრივი, ჯანმრთელობის... კვნესის ამდენი პრობლემის ქვეშ მოქცეული თანამედროვე ადამიანი! მაგრამ, ჩემო კეთილო დაო, რეალურად მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს და ეს, სამწუხაროდ, არის თავად ადამიანი! – ცოდვილი, დაცემული, გულგრილი ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს რწმენა და კავშირი იესო ქრისტესთან, – აი, ყველაზე დიდი "პრობლემა"! როდესაც ადამიანი უკავშირდება ქრისტეს და ხდება მართლმადიდებელი ეკლესიის ცოცხალი წევრი, მაშინ ყველა სირთულე და გადაუჭრელი "პრობლემა" თავისით გვარდება!

ჩემო ელენე, ერთადერთი და უმთავრესი "პრობლემა", რაც ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს და გვაწუხებდეს, არის ის, თუ როგორ წავიწიოთ წინ ქრისტიანულ ცხოვრებაში და როგორ მოვიპოვოთ ჩვენი სულის მარადიული ცხონება!

(ჩემო დაო, მომიტევე, პირადი მაგალითის თემას რომ უნდა მივუბრუნდე...)

 

1955 წელს თესალონიკში, მორწმუნე ქრისტიანების წრეში, ერთი ადვოკატი საუბრობდა. საუბარი პირადი მაგალითის თემას ეხებოდა. იგი ამბობდა, რომ მრავალი წლის წინ ერთ შესანიშნავ ამერიკელ მეცნიერს (გვარად ბეილის, თუ სწორად მახსოვს) იცნობდა, რომელიც ცდილობდა ცხოვრების ძირითადი არსი მეცნიერულად გამოეკვლია... მას მრავალი თეორია, ფილოსოფიური მიმდინარეობა და რელიგია დემონური რელიგიები ჰქონდა შესწავლილი. წაკითხული ჰქონდა უამრავი წიგნი, მაგრამ ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა იპყრობდა...

(ყოველივე ქრისტესა და მისი ეკლესიის გარეთ არის სიბნელე!).

ნახე, ქრისტე როგორ შეიცნო, როგორ მოხდა მისი გარდაქმნა...

ერთხელ იგი ევროპის ერთ დიდ ქალაქში კეთროვანთა საავადმყოფოს ესტუმრა. შენობაში ისეთი მყრალი სუნი იდგა, რომ იგი ცხვირზე ხელაფარებული დადიოდა... მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა ექთანმა, რომელიც, მისი თქმით, პეპელასავით დაფარფატებდა და სახეზე მუდამ ღიმილი ჰქონდა გადაფენილი... ყოველ დაძახებაზე იმწამსვე სიხარულით გარბოდა. მეცნიერი იმდენად მოიხიბლა, რომ ერთი სული ჰქონდა გაეგო, თუ რა იყო მედდის "საიდუმლო", რატომ ემსახურებოდა იგი ასეთი სიყვარულითა და თავგანწირვით ავადმყოფებს. სურდა გაეგო, თუ რა ხელფასს იღებდა(!). რაღაც მომენტში მოახერხა და ჰკითხა:

ქალიშვილო, ამდენ ხანს გაკვირდებით და ვაღიარებ, რომ თქვენმა საქციელმა გამაოცა. რა გაძლევთ სტიმულს იმისათვის, რომ ასეთი კეთილგანწყობილებით, ღიმილითა და თავგანწირვით იმსახუროთ ამ საშინელ გარემოში? ჩემთვის, მაგალითად, დღეში ათასი დოლარიც რომ მოეცათ, შიგნით არც კი შემოვიდოდი...

ჩემთვის კი ათი ათასი დოლარიც რომ მოეცათ, აქ მაინც არ შემოვიდოდი, – უპასუხა ექთანმა.

მეცნიერს გაოცებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა!

მაშ რამდენს იღებთ?

ექთანმა მას ანგელოზებრივი ღიმილით შეხედა, ხელში "რაღაც" მისცა და უთხრა:

აი, მისთვის ვარ აქ!...

ეს "რაღაც" კი ჯვარცმული ქრისტეს პატარა ხატი აღმოჩნდა!

მეცნიერი გაოგნებული დარჩა... მან მიზნად დაისახა შეეცნო ის, ვინც ამდენ ძალას, რწმენასა და ბედნიერებას აძლევს ყველას, ვისაც მისი ჭეშმარიტად სწამს...

...და მან შეიცნო იგი...

ჩემო ელენე, არასოდეს დამავიწყდება მოსაუბრე ადვოკატის სიტყვები: "ჩემო ძვირფასებო, ცხოვრებაში არ შემხვედრია სხვა, ამ ღვაწლმოსილი მეცნიერის მსგავსად თვალებანთებული და სახეგაცისკროვნებული ადამიანი; და მის ამ საოცარ გარდაქმნას ბიძგი ერთი "უბრალო" ექთნის ქრისტიანულმა მაგალითმა მისცა.

მინდა იმ ხელოსნის სიტყვები გავიხსენო, რომელიც ოდესღაც ჩვენს მონასტერში მუშაობდა და რომელიც მისმა ცოლმა საკუთარი წმინდა ცხოვრებით ნამდვილი სულიერი დაღუპვისაგან იხსნა:

"...მამაო, ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს, ჩემი ცოლი ადამიანი იყო თუ ანგელოზი..."

ეჰ, ჩემო ელენე, რა კარგი იქნებოდა, რომ ეს ბრწყინვალე სიტყვები ყოველ მამაკაცს ეთქვა.

 ელენე, მივმართავ ზურაბს: "... ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ"... ხოლო არა ზურაბი...

ჩემო დაო ელენე, ყურადღება მიაქციე: "... ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ"... ხოლო არა ელენე!... და არა – ყოველი ადამიანი.

ადამიანი, თავისი უკვდავი სულით, უფრო მეტია, ვიდრე მთელი სამყარო...და მისთვის, ამ მრავალმხრივ "შელანძღული" ადამიანისათვის, ღირს შრომა და მსხვერპლის გაღება...

ჩემო კეთილო დაო, მომიტევე, თუკი ზოგიერთ რამეს ვიმეორებ...

რომ მომხდარიყო ისე, რომ ყოველივე კარგი და კეთილი ერთად შეგვეკრიბა, ეს სიმდიდრე მაინც ვერ გადაწონიდა მხოლოდ ერთ საღმრთო ლიტურგიას! რადგან ყოველი ლიტურგია, თავისი უსისხლო მსხვერპლით, ჩვენთვის აუხსნელად, გოლგოთის მსხვერპლს იმეორებს...

ყოველი საღმრთო ლიტურგია საიდუმლო სერობის მხოლოდ ისტორიული გახსენება კი არ არის, არამედ უკვე არსებული ზეციური, მარადიული დიდების რეალური შემოჭრაა ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში...

ეკლესია იესო ქრისტეს გამოცხადების ადგილს წარმოადგენს. მართლმადიდებლები ქრისტიანული საიდუმლოებების, საღმრთო ლიტურგიის ამ "საიდუმლოთა საიდუმლოს" – და სხვადასხვა სათნოებების საშუალებით ძენი ნათლისანი, ძენი მადლისანი ხდებიან! და ზეციურ სერობას უერთდებიან...

საღმრთო ლიტურგიით ვუერთდებით და განვიცდით ქრისტეს ცხოვრებას მისი შობიდან ამაღლებამდე... საღმრთო ლიტურგიის დროს ჩვენ წინაშე ვითარდება უფლის დედამიწაზე ყოფნისას მომხდარი უდიდესი მოვლენები (შობა, ნათლისღება, ჯვარცმა, აღდგომა...). ელენე, ყურადღება მიაქციე უაღრესად სერიოზულ რამეს: ყველანი ყოველივე ამას ვესწრებით!…

...ერთხელ, როდესაც წირვის დროს მოსახსენებელს ვკითხულობდი, უეცრად ჩემში არაჩვეულებრივი ცვლილება მოხდა... ღრმა განცდა დამეუფლა... კითხვა შევწყვიტე... თავი გვერდზე მივაბრუნე და... ყველა, ვისაც ვიხსენიებდი, იქ იყო! ყველა შევიგრძენი და დავინახე ენით გამოუთქმელი გზით...

უდიდესი რამაა საღმრთო ლიტურგია! ლოცვა... მოხსენიება... საღმრთო ლიტურგიით ჩვენც, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და წმინდა იოანე მოციქულთან ერთად, ქრისტეს ჯვარცმას ვესწრებით...

ამრიგად,…ამ ცხოვრებაში არ არსებობს იმაზე უფრო დიდი, მნიშვნელოვანი, ღირსეული და სავალდებულო რამ, ვიდრე საღმრთო ლიტურგიაზე დასწრება...

ჩემო ელენე, დაე, უფრო მეტად შევიყვაროთ ეკლესია.

წმინდა კვიპრიანემ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი რამ თქვა: მამად ვერავის ეყოლება ღმერთი, თუკი დედად არა ჰყავს ეკლესია!

ეკლესია ჩვენი სულიერი დედაა!

და არ არსებობს ცხონება ეკლესიის გარეშე!

 

ჩემო ქრისტესმიერ საყვარელო დაო: დაეხმარე... ურჩიე... განანათლე... აკეთე სიკეთე ყველგან და ყველასათვის... "დაიფერფლე" სხვებისათვის...

მაგრამ...

ყველაზე მთავარია, ყოველივეზე მაღლა დგას:

ელენე და მისი უკვდავი სული!

ელენე და მისი ოჯახი!

არასოდეს დაგავიწყდეს უფლის სიტყვები:

"... რაჲ სარგებელ არს კაცისა (ელენე, ზურაბი...), უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?" (მარკოზი 8,36). და ასევე, თვალწინ გქონდეს მოციქულ პავლეს შეგონება ტიმოთეს მიმართ: (ელენე, ზურაბ!) "ეკრძალე თავსა შენსა".

 

გისურვებთ, რომ იესო ქრისტემ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა დაგიფარონ, შეგეწიონ და განგანათლონ, რათა აღასრულოთ თქვენი ცხოვრების ყოველი სათნო განზრახვა...

და მთელი გულით:

კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა ჩვენს მარადიულ სამშობლოში!

 

მთელი ჩემი სიყვარულით

თქვენი ძმა ათონის მთიდან

 

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა