martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი
საინტერესო გამოცემები
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

 

კანდელი

 

 

წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

რვა ძირითადი ვნება თავისი ქვედანაყოფებითა და განშტოებებით

 

1. ნაყროვანება

ნაყროვანება, სიმთვრალე, მარხვის დარღვევა, ფარულად ჭამა, გემოთმოყვარეობა და საერთოდ ყველანაირი თავშეუკავებლობა. არასწორი და გადაჭარბებული სიყვარული საკუთარი სხეულისა, მისი სიცოცხლისა და განსვენებისა, რაც წარმოადგენს თავის მოყვარეობას, ამისგან კი იშვება ორგულება ღმრთისადმი, ეკლესიისადმი და ადამიანებისადმი.

 

2. სიძვა

მრუშული აღგზნება, სხეულის მრუშული შეგრძნებები და სურვილები; სამშვინველისა და გულის მრუშული შეგრძნებები და სურვილები; არაწმინდა აზრების მიღება, მათთან საუბარი, მათით ტკბობა, მათზე დათანხმება, დაყოვნება მათში; მრუშული ოცნებები და ამ ოცნებების ტყვეობაში ყოფნა; დინებით შემწიკვლება; გრძნობების დაუცველობა, განსაკუთრებით შეხების გრძნობისა: ესაა იმგვარი მოურიდებლობა და კადნიერება, რომელიც წარწყმედს ყველანაირ სათნოებას. ბილწსიტყვაობა და ვნების აღმძვრელი შინაარსის წიგნების კითხვა; ბუნებრივი მრუშული ცოდვები: სიძვა, მრუშობა; არაბუნებრივი მრუშული ცოდვები: ჩუკენობა (ხელით დაცემა), მამათმავლობა და სხვა ამგვარი.

 

3. ვერცხლისმოყვარეობა

ფულის სიყვარული; საერთოდ, მოძრავი და უძრავი ქონების სიყვარული. გამდიდრების სურვილი და მის საშუალებებზე ფიქრი, ოცნება სიმდიდრეზე. სიბერის, მოულოდნელი გაღატაკების, დასნეულებისა და გადასახლების შიში. სიძუნწე, ანგარება, ურწმუნოება ღმრთისადმი, მისი განგებულებისადმი არმინდობა. მიჯაჭვულობა, ანუ ავადმყოფური, გადაჭარბებული სიყვარული ხრწნადი საგნებისადმი, რაც სულს თავისუფლებას ართმევს. ამაო საზრუნავით გატაცება. საჩუქრების სიყვარული. სხვისი ნივთების მითვისება. ვახში (ქრთამი, მოტყუება). უწყალოება გლახაკებისადმი. ქურდობა. ძარცვა.

 

4. მრისხანება

სიფიცხე, მრისხანების აზრების მიღება; ოცნება სამაგიეროს გადახდაზე, გულის განძვინება და გონების დაბნელება მრისხანებით: უმართებულო ყვირილი, კამათი, ღვარძლიანი, უხეში, სალანძღავი სიტყვები, ცემა, ხელის კვრა, მკვლელობა. ძვირისხსენება, სიძულვილი, მტრობა, შურისგება, ცილისწამება, განკითხვა, მოყვასის აღშფოთება და განაწყენება.

 

5. ურვა (მწუხარება)

ნაღველი, ურვა, წუხილი. ღმრთის იმედის დაკარგვა, მის აღთქმებში დაეჭვება, მისდამი უმადლობა, სულმოკლეობა, მოუთმენლობა, თავის ბრალობის დატევება, ჭმუნვა, მოყვასზე დრტვინვა. საკუთარი ჯვრის უარყოფა, მისი მოშორების მცდელობა.

 

6. მოწყინება

მცონარება ყველანაირ კეთილ საქმეში, განსაკუთრებით კი – ლოცვაში. საღვთისმსახურო და სენაკის ლოცვითი კანონების, განუწყვეტელი ლოცვისა და სულის სასარგებლო საკითხავების დატევება; უყურადღებობა და სიჩქარე ლოცვაში. დაუდევრობა, უკრძალველობა, უსაქმობა, სხეულის ზედმეტი განებივრება ძილით, წოლით და სხვა სახის განსვენებებით. ადგილიდან ადგილზე გადასვლა. ხშირი გამოსვლები სენაკიდან, გასეირნება და მეგობრების მონახულება. უქმი მეტყველება. ხუმრობა. მკრეხელობა. მუხლმოდრეკებისა და ყველანაირი ხორციელი ღვაწლის დატევება. საკუთარი ცოდვების დავიწყება. ქრისტეს მცნებების შეუსრულებლობა. უგულისყურობა. ღმრთის შიშის დაკარგვა. გულფიცხელობა. უგრძნობელობა. სასოწარკვეთილება.

 

7. მზვაობრობა

ადამიანური დიდების ძიება. თავის ქება. ადამიანთაგან პატივის მიღების სურვილი და ძიება. ლამაზი შესამოსელის, ეკიპაჟების, მოსამსახურეებისა და სენაკის ნივთების სიყვარული. ყურადღების მიქცევა საკუთარი სახის სილამაზეზე, ხმის სიმშვენიერეზე და სხეულის სხვა თვისებებზე. მისწრაფება ამა სოფლის დამღუპველი მეცნიერებებისა და ხელოვნებისადმი, მათში წარმატებების ძიება მიწიერი დიდების მოსაპოვებლად. საკუთარი ცოდვების აღიარების სირცხვილი. მათი დამალვა ხალხისა და სულიერი მოძღვრისაგან. მზაკვრობა. თავის მართლება. კამათი. საკუთარ აზრებში განმტკიცება. თვალთმაქცობა. სიცრუე. პირფერობა. კაცთმოთნეობა. შური. მოყვასის დამცირება. ხასიათის ცვალებადობა. ფარისევლობა. დემონური ყოფა-ქცევა და ცხოვრება.

 

8. სიამაყე

მოყვასისადმი სიძულვილი. საკუთარი თავის სხვებზე უმჯობესად მიჩნევა. კადნიერება. გულისა და გონების დაბნელება და ქვედამზიდველობა, მათი მიმსჭვალვა მიწიერ საგნებზე. გმობა, ურწმუნოება. ხიბლი. აღზვავებული გონება. საღმრთო სჯულისა და ეკლესიისადმი დაუმორჩილებლობა. საკუთარი ხორციელი ნების მიდევნება. მწვალებლური, ურგები ან გარყვნილი შინაარსის წიგნების კითხვა. ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა. გესლიანი დაცინვა. ქრისტესმიმბაძველობითი სიმდაბლისა და მდუმარების დატევება. სიწრფელის დაკარგვა. ღმრთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულის განქარვება. ცრუფილოსოფია. ერესი. უღმრთოება. უმეცრება. სულიერი სიკვდილი.

ასეთია სნეულებები, ასეთია წყლულები, რომლებიც თავის თავში იტევენ ერთ უდიდეს წყლულს – სიძველეს ძველისა ადამისა, წარმოქმნილს მისი დაცემის შედეგად. ამ უდიდეს წყლულზე საუბრობს წმინდა წინასწარმეტყველი ესაია: "ფერხთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგუემი, არცა ბრძვილი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი" (ესაია 1,6). მამების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ წყლული, ანუ ცოდვა, არის არა კერძო, და სხეულის ერთ რომელიმე ასოს კი არ მოიცავს, არამედ მთელს არსებას: მოიცავს ხორცს, მოიცავს სულს, მთავრობს ადამიანის თითოეულ ძალასა თუ თვისებაზე. ამ უდიდეს წყლულს ღმერთმა სიკვდილი უწოდა – როდესაც მან აუკრძალა ადამსა და ევას კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის მიღება: "რომელსა დღესა უკუე სჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოკუდეთ" (დაბ. II, 17). აკრძალული ნაყოფის მიღებისთანავე ჩვენს წინაპრებში გაჩნდა მარადიული სიკვდილის შეგრძნება: მათ გაეხსნათ ხორციელი ხედვა და შეიცნეს საკუთარი სიშიშვლე. სხეულის სიშიშვლის შეცნობაში აირეკლა სიშიშვლე უბიწოების დამკარგველი სულისა, რომელზეც განისვენებდა სულიწმიდა. თვალებში მოქმედებს ხორციელი შეგრძნება, სულში კი – სირცხვილი, რომელშიც ერთიანდება ყველა სახის ცოდვა: სიამაყე, არაწმინდება, მწუხარება, მოწყინება, სასოწარკვეთილება! უდიდესი წყლული – სიკვდილი სულისა! გამოუსწორებელია სიძველე, რომელიც ღმრთის მსგავსების დაკარგვითაა გამოწვეული. უდიდეს წყლულს მოციქული "ცოდვის სჯულს", "სიკვდილის სხეულს" უწოდებს, რადგანაც მოკვდინებული გული და გონება მთლიანად მიწისკენ მიიქცნენ, მონურად ემსახურებიან ხრწნად ხორციელ სურვილებს, დამძიმდნენ, დაბნელდნენ, თვითონაც ხორცად იქცნენ. ამ ხორცს უკვე აღარ შესწევს ღმერთთან ერთობის უნარი (დაბ. VI, 3), ამ ხორცს აღარ ძალუძს დაიმკვიდროს მარადიული ზეციური ნეტარება (I კორ. 15,50). უდიდესი წყლული ადამიანის მთელ მოდგმას მოედო, თითოეული ჩვენგანის ავბედით საკუთრებად იქცა.

მწარე ნაღველი მიპყრობს, როდესაც ვუმზერ ამ ჩემს წყლულს და ვხედავ ჩემს მოკვდინებას! ვერ ვხვდები, როგორ მოვიქცე: იქნებ ძველი ადამის მაგალითს მივბაძო, ღმერთს რომ დაემალა საკუთარი სიშიშვლის დანახვისას; ან იქნებ თავი გავიმართლო მის მსგავსად და მთელი ჩემი დანაშაული ცოდვის მიზეზს მივაწერო? მაგრამ სად გავექცე ყოვლისმხედველის მზერას, როგორ გავიმართლო საკუთარი თავი მის წინაშე, ვინც მარადის სძლევს სჯასა თვისსა? (ფს. 50,4).

არა, სჯობს ლეღვის ფურცლის მაგივრად სინანულის ცრემლებით შევიმოსო, თავის მართლების ნაცვლად გულწრფელად ვაღიარო ჩემი ცოდვები. სინანულითა და ცრემლებით შემოსილი წარვდგები ჩემი ღმრთის წინაშე. მაგრამ სად ვიპოვო ჩემი ღმერთი? სამოთხეში? მე ხომ გამოძევებული ვარ სამოთხიდან და ქერუბიმი, რომელიც დგას მის ბჭესთან, არ მომცემს გზას შესასვლელად! ჩემივე სხეულის სიმძიმით ვეჯაჭვები მიწას, ჩემს საპყრობილეს.

გამხნევდი, ადამის ცოდვილო შთამომავალო! სინათლე მოეფინა შენს საპყრობილეს: ღმერთი ზეცით გარდამოვიდა შენი დევნულების ქვეყანაში, რათა აღგიყვანოს შენ მიერ დაკარგულ მამისეულ ზეციურ სამშობლოში. შენ გინდოდა, სიკეთისა და ბოროტების შეცნობის უნარი მოგეპოვებინა: ის გიტოვებს ამ უნარს; შენ მოისურვე გამხდარიყავი "ვითარცა ღმერთი", და ამით სულიერად ეშმაკს მიემსგავსე, ხორციელად კი პირუტყვის მსგავსი გახდი: ღმერთი თავისთან შეერთებით მადლით ღმერთად გაქცევს, ის ყველა ცოდვას გპატიობს. მაგრამ ეს ცოტაა! იგი შენი სულიდან ბოროტების ფესვს ამოძირკვავს, თვით ცოდვის მწიკვლს, შხამს, ბოროტის მიერ ჩათესილს, და მუდამ სიმრთელეს განიჭებს შენი ამქვეყნიური მწირობის ჟამს – რამდენჯერაც არ უნდა დასნეულდე შენივე უძლურების გამო. ეს სიმრთელე – ცოდვების აღიარებაა. გინდა, განიძარცვო ძველი ადამი? – შენ, რომელმაც წმინდა ნათლისღების მიერ უკვე შეიმოსე ახალი ადამი, მაგრამ საკუთარი უსჯულოებით კვლავ განაღვიძე შენში ხრწნილება და სიკვდილი, სიცოცხლე კი ჩაახშე, ნახევრად მკვდრად აქციე იგი; გინდა, რომ შენ, ცოდვას დამონებულს, ჩვეულების ძალით მისკენ მიზიდულს, კვლავ დაგიბრუნდეს თავისუფლება და ღირსება? – ჩაიძირე სიმდაბლის სიღრმეში, განაგდე შენგან მზვაობრული სირცხვილი, რომელიც გასწავლის, თვალთმაქცობისა და მზაკვრობის მეშვეობით მართლად გამოაჩინო საკუთარი თავი და ამით კიდევ უფრო განაძლიერო და განამტკიცო შენში სულიერი სიკვდილი. მოიკვეთე ცოდვა, დაიწყე მასთან ბრძოლა გულწრფელი მონანიებით. ამ მკურნალობამ უნდა დაასწროს ყველა დანარჩენს. მის გარეშე ლოცვა, მარხვა, ცრემლები და სხვა სახის მკურნალობები არადამაკმაყოფილებელი, არამტკიცე და არასაკმარისი იქნება. მიაშურე, ამაყო ადამიანო, შენს სულიერ მამას, მის ფერხთით დამხობილმა ეძიე ზეციური მამის წყალობა! მხოლოდ აღსარება, გულწრფელი და ხშირი აღსარება გაგათავისუფლებს ცოდვილი ჩვეულებებისგან, ნაყოფიერს გახდის შენს სინანულს, ხოლო შენს გამოსწორებას – მტკიცესა და ჭეშმარიტს.

გულშემუსვრილების უიშვიათეს წუთებში, როდესაც გონების თვალი საკუთარი თავის შეცნობას იწყებს, დავწერე ეს სტრიქონები ჩემსავე დასამოძღვრად, სამხილებლად, შესაგონებლად. შენ კი, ვინც რწმენითა და ქრისტესმიერი სიყვარულით წაიკითხავ ზემოწერილს და მცირედ სარგებელს მაინც ჰპოვებ მასში, გულითადი ლოცვა აღავლინე ცოდვებისგან ღელვა-გვემული სულისთვის, რომელსაც ხშირად უხილავს საკუთარი დანთქმა და სიკვდილი, და რომლისთვისაც ერთადერთ მყუდრო ნავთსაყუდელს ცოდვების აღიარება წარმოადგენს.

 

 

რვა ძირითადი ვნების საპირისპირო სათნოებები

 

1. თავშეკავება

თავის შეკავება ზედმეტი საჭმლისა და სასმელის მიღებისაგან, განსაკუთრებით კი ღვინისგან. ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების ზედმიწევნით დაცვა. სხეულის დამორჩილება ზომიერი და ერთდროული კვებით: აქედან იწყება საერთოდ ყველა ვნების შესუსტება, პირველ რიგში კი – თავისმოყვარეობის, რაც ნიშნავს სხეულის განსვენების სიყვარულს.

 

2. უბიწოება

განშორება ყველა სახის მრუშული საქმისაგან. განშორება მრუშული საუბრებისა და საკითხავებისაგან, აგრეთვე ბილწი, ვნებიანი, ორაზროვანი სიტყვების წარმოთქმისაგან. გრნძობების დაცვა, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენის, ხოლო კიდევ უფრო მეტად – შეხების. მოკრძალება. სიძვის აზრებისა და ოცნებების მოწყვეტა. მდუმარება. ავადმყოფებისა და ხეიბრების მოვლა. სიკვდილისა და ჯოჯოხეთის გახსენება. უბიწოების დასაწყისი – ესაა სიძვის აზრებისგან და ოცნებებისგან შეუძვრელი გონება, მისი დასასრული კი – სიწმინდე, მხედველი ღმრთისა.

 

3. უპოვარება

მხოლოდ აუცილებელი ნივთებით დაკმაყოფილება. სიმდიდრისა და განცხრომის სიძულვილი. გლახაკების შეწყალება. სახარებისეული სიგლახაკის სიყვარული. სასოება ღმრთის განგებულებისადმი. ქრისტეს მცნებების შესრულება. მყუდროება და თავისუფლება სულისა, უზრუნველობა. ლმობიერი გული.

 

4. სიმშვიდე

განშორება მრისხანების აზრებისა და გულისწყრომისაგან. მიდევნება ქრისტესი, რომელიც თავის მოწაფეებს ჯვრის აღებისკენ მოუწოდებს. სიმშვიდე გულისა, მყუდროება გონებისა. ქრისტიანული სიმტკიცე და მხნეობა. შეურაცხყოფის მოთმენა. უბოროტობა.

 

5. ნეტარი გლოვა

ყველა ადამიანისთვის საერთო დაცემულობისა და საკუთარი სულიერი სიგლახაკის შეგრძნება, წუხილი მათ გამო. გონებისმიერი გლოვა, მტკივნეული შემუსვრილება გულისა, ამათგან აღმოცენებული სინდისის სიმსუბუქე, მადლისმიერი ნუგეშინისცემა და სიხარული. ღმრთის მოწყალების იმედი. მწუხარებების დროს ღმრთისადმი მადლიერება, ამ მწუხარებების მორჩილებით მიღება საკუთარი ცოდვების გამო. მზადყოფნა ყველაფრის მოთმენისა. გონების განწმენდა. ვნებების შემსუბუქება. სოფლისთვის სიკვდილი. სურვილი ლოცვისა, განმარტოებისა, მორჩილებისა, თავის დამდაბლებისა და საკუთარი ცოდვების აღიარებისა.

 

6. სიფხიზლე

გულმოდგინება ყველანაირ კეთილ საქმეში. ეკლესიისა და სენაკის კანონების დაუზარებლად შესრულება. ყურადღება ლოცვის დროს. გულდასმით დაკვირვება საკუთარ საქმეებზე, სიტყვებსა და აზრებზე. საკუთარი თავისადმი უკიდურესი უნდობლობა. განუწყვეტელი ლოცვა და ღმრთის სიტყვის შესწავლა. კეთილკრძალულება. მუდმივი მღვიძარება საკუთარ თავზე. თავის დაცვა ზედმეტი ძილისგან, ნებივრობისგან, უქმი მეტყველებისგან, ხუმრობისგან, ენამახვილობისგან. სიყვარული ღამისთევის ლოცვებისა, მუხლმოდრეკებისა და ყველა სხვა სახის ღვაწლისა, რომლებიც სულს სიმხნევეს ანიჭებენ. შეძლებისდაგვარად იშვიათი გამოსვლა სენაკიდან. იმქვეყნიურ, მარადიულ სიკეთეებზე ფიქრი, მათი სურვილი და მოლოდინი.

 

7. სიმდაბლე

ღმრთის შიში, მისი შეგრძნება ლოცვის დროს. შიში, რომელსაც წარმოშობს განწმენდილი ლოცვა, – როცა განსაკუთრებული ძალით შევიგრძნობთ ღმრთის ახლომყოფობას, მის სიდიადეს, – შიში იმისა, რომ არ გავქრეთ, არ ვიქცეთ არარაობად. საკუთარი უბადრუკების შეცნობა. მოყვასის მიმართ შეხედულების შეცვლა: როდესაც მას ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მივიჩნევთ ჩვენზე აღმატებულად. ცოცხალი რწმენისაგან გამოვლენილი უზაკველობა. ადამიანური ქება-დიდების სიძულვილი. განუწყვეტელი თავის ბრალობა. გულწრფელობა და უშუალობა. მიუკერძოებლობა. გულგრილობა ყველაფერი წარმავალისადმი. გულშემუსვრილება. ქრისტეს ჯვრის საიდუმლოს შეცნობა. სურვილი სოფლისა და ვნებებისთვის ჯვარცმისა, მისწრაფება ამ ჯვარცმისადმი. უარყოფა და დავიწყება პირფერული ჩვეულებებისა და იძულებით ან მოჩვენებითად წარმოთქმული თითქოსდა მოკრძალებული სიტყვებისა. სახარებისეული სიცოფე (სიგიჟე). მიწიერი სიბრძნის უარყოფა, როგორც ზეცისთვის გამოუსადეგარისა. მოძულება ყველაფერი იმისა, რაც კაცთა შორის მაღალია და "საძაგელ არს წინაშე ღმრთისა" (ლუკა 16,15). თავის მართლების დატევება. დუმილი ჩვენი შეურაცხმყოფელების წინაშე, როგორც ამას გვასწავლის სახარება. საკუთარი ნააზრევის უარყოფა და სახარებისეულის მიღება. ყველა იმ აზრის დამხობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქრისტეს გონებას. თავმდაბლობა, ანუ სულიერი განსჯა. ეკლესიისადმი შეგნებული მორჩილება.

 

8. სიყვარული

ლოცვის დროს ღმრთის შიშის ღმრთის სიყვარულად გადაქცევა. ღმრთისადმი ერთგულება, რომელსაც ჩვენ ვამტკიცებთ ყველანაირი ცოდვილი აზრისა და შეგრძნების განუწყვეტელი მოკვეთით. ენით უთქმელი, ტკბილი ლტოლვა უფალ იესო ქრისტესადმი და ყოვლადწმიდა სამებისადმი. ღმრთის ხატის დანახვა მოყვასში, ამ სულიერი ხედვიდან გამომდინარე კეთილკრძალული დამოკიდებულება მის მიმართ, მისთვის ყოველმხრივ უპირატესობის მინიჭება. ადამიანებისადმი ძმური, წრფელი, მხიარული, მიუკერძოებელი სიყვარული – თანაბრად განაწილებული მტრებსა და მეგობრებზე. ლოცვად აღტაცება და სიყვარული – გულისმიერი, გონებისმიერი და მთელი სხეულისმიერი. სულიერი სიხარულით ტკბობა. სულიერი სიმთვრალე. სხეულის ასოების მოუძლურება სულიერი ნუგეშინისცემის დროს. გულისმიერი ენის ამეტყველება. ლოცვის შეწყვეტა სულიერი ტკბობის გამო. გონების დუმილი. გულისა და გონების გაბრწყინვება. ლოცვის ძალა, რომელიც ამარცხებს ცოდვას. ქრისტესმიერი მშვიდობა. ვნებების დაცხრომა. ყველანაირი ზრახვის შთანქთმა ქრისტესმიერი უპირატესი გონის მიერ. უხორცო არსებების შეცნობა. მოუძლურება ცოდვილი აზრებისა, რომლებსაც აღარ ძალუძთ გამოისახონ ჩვენს გონებაში. უხვი ნუგეშინისცემა და ტკბობა მწუხარებების დროს. ადამიანთა წეს-განგების ხედვა. უსაზღვრო სიმდაბლე და უაღრესად შეურაცხმყოფელი აზრი საკუთარ თავზე.

იბეჭდება მცირედი შემოკლებით

 

 

isari

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა