martlmadidebloba.ge
 
     
 
თავფურცელი
მრწამსი
განმარტება
ცხოვრება
მოღვაწეობა
ცოდვები
საცდურები
გარდაცვალება
პატერიკები
წმინდანები
ისტორია
დღესასწაულები
გალერეა
კონტაქტი

საინტერესო გამოცემები

 
 
გემი - ეკლესიის სიმბოლო
     
 

ანბანური საძიებელი

აბორტი
აზრები
ათი მცნების განმარტება
ათონის ისტორია
ამპარტავნება
ანბანი
ანბანური პატერიკი
ანგელოზები
ასტროლოგია
აღზრდა
აღსარება
ბედნიერება
ბიოდინამიური მეურნეობა
ბოლო ჟამი
განკითხვა
განსაცდელი
გინება
დიალოღონი
ეკლესია
ეკლესიის ისტორია
ეკლესიური ცხოვრება
ეკუმენიზმი
ესქატოლოგია
ეფრემ ასურის სწავლანი
ვერცხლისმოყვარება
ვნებები
ზიარება
თავისუფლება
თანამედროვე მაგია
თანამედროვე ცოდვები
იესოს ლოცვა
ინდუიზმი
ინკვიზიცია
ინტერნეტი და ბავშვები
ინტერნეტ-დამოკიდებულება
იოგა
იულიუსის კალენდარი
ლიმონარი
ლიტურგია
ლოცვა
მარხვა
მეგობრობა
მეზვერე და ფარისეველი
მისტიკა
მიტევება
მკითხაობა
მოდა, შემკობა
მონაზვნობა
მოძღვარი
მოძღვრობა
მოწყალება
მსხვერპლი
მცნებები
მწვალებლობა
ნათლისღების საიდუმლო
ნარკომანია
ოკულტიზმი
რეინკარნაცია
რელიგიები
როკ-მუსიკა
რწმენა
საზვერეები
საიქიოდან დაბრუნებულები
სამსჯავრო
სამღვდელოება
სარწმუნოება
საუკუნო ხვედრი
სიბრძნე
სიზმარი
სიკეთე
სიკვდილი
სიმდაბლე
სინანული
სინდისი
სინკრეტიზმი
სიყვარული
სიცრუე
სიძვის ცოდვა
სნეულება
სოდომური ცოდვის შესახებ
სულიერი ომი
ტელევიზორი
ტერმინები
უბიწოება
„უცხოპლანეტელები“
ფერეიდანში გადასახლება
ქრისტიანები
ღვთის შიში
ღვინო
ყრმების განსაცდელები
შური
ჩვევები
ცეცხლი
ცოდვა
ცოდვები
ცოდვის ხედვა
წერილი ათონიდან
ხათხა-იოგა
ხიბლი
ხუცური
ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი
 
წმ. აბო თბილელი
წმ. არსენ კაბადოკიელი
წმ. კოლაელი ყრმები
წმ მარკოზ ეფესელი
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წმ ნექტარიოს ეგინელი
წმ. ნინო
წმ. სვინკლიტიკია
 
ხარება
ბზობა
დიდი პარასკევი
აღდგომა
ამაღლება
სულთმოფენობა
ღვთისმშობლის შობა
ჯვართამაღლება
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
შობა უფლისა
ნათლისღება
მიგებება
ფერისცვალება
მიძინება
პეტრე-პავლობა
იოანე ნათლისმცემელის თავისკვეთა
სვეტიცხოვლობა
გიორგობა
მთავარანგელოზთა კრება
ნიკოლოზობა
ნინოობა
 
ათონის მთა
ატენის სიონი
ბეთანია
ვარძია
იშხანი
კაბადოკია
ოშკი
საფარა
სვანური ხატები
ყინწვისი
შიომღვიმე
ხანძთა
ხახული
 

 

კანდელი

 

 

ორნამენტორნამენტორნამენტ

აბბა აპოლოსი, აბბა ათანასე, აბბა ბესარიონი, აბბა გელასი, აბბა გერონტი, აბბა დანიელი

 

აბბა აპოლოს დიდი თავის მორჩილებს ასწავლიდა, ეშმაკისგან შთაგონებული გულისსიტყვები (აზრები) დაუყოვნებლივ აღეკვეთათ, პირველი გამოჩენისთანავე. როდესაც გველის თავი განადგურდება, ამბობდა ის, მაშინ მთელი მისი სხეული კვდება. უფალმა გვიბრძანა: “შენ უმზირდე მისსა (გველის) ბრჭალსა” (დაბ. 3, 15). ეს ნიშნავს: ჩვენ დასაწყისშივე უნდა უარვყოთ, გონებიდან მოვიშოროთ ბოროტი და უსარგებლო აზრები, ბილწი ოცნებები.

 

აბბა აპოლოსი ამბობდა: თუკი შესაძლებელია, მონაზონი ყოველდღე უნდა ეზიარებოდეს. წმიდა ზიარებას მოშორებული, ღმერთს შორდება; ვინც ხშირად ეზიარება, მაცხოვარ ქრისტეს ხშირად იღებს საკუთარ თავში. თავად მაცხოვარმა თქვა: „რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა” (იოან. 6, 56). მონაზვნისთვის სასარგებლოა ჩვენი მხსნელი ქრისტეს ვნებების ყოველდღიური გახსენება და წმიდა ზიარების ღირსეულად მიღებისთვის მუდმივი მზადყოფნა...

 

აბბა ათანასემ თქვა: ზოგი ამბობს, ჩვენს დროში მოწამეობრივი ღვაწლი არ არსებობსო. არ არის მართალი. მოწამეობრივ ღვაწლს კაცი სინდისის ხელმძღვანელობით შეიძლება შეუდგეს. „მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“ (კოლ. 3, 5), და საკუთარი ნებით იქნები მოწამე. მოწამეები მტარვალებს, მეფეებს და თავადებს ებრძოდნენ; შენც გყავს მტარვალი – შენი მტანჯველი ეშმაკი; გყავს თავადები – შენი მდევნელი დემონები. ოდესღაც ეშმაკსა და დემონებს საკერპოებს და სამსხვერპლოებს უგებდნენ, ყოველ კერპს საძაგელ კერპთმსახურებას აღუვლენდნენ. გულისხმაყავ, სულში ახლაც შეიძლება იყოს საკერპოც, სამსხვერპლოც და კერპიც. საკერპო გაუმაძღარი ავხორცობაა, სამსხვერპლო – ავხორცობის ჟინი; კერპი კი ავხორცობის სულია. ვინც სიძვის მსახურია და ავხორცობითაა გატაცებული, იესოს უარმყოფელი და კერპთაყვანისმცემელია, საკუთარ თავში ვენერას ბომონს დ საძაგელ ხორციელ ვნებას ატარებს. ასევე: ვისაც მრისხანება და გაშმაგება ამარცხებს, ვინც ამ მძვინვარე ვნებებს არ იშორებს, მან იესო უარყო, მისი ღმერთი მარსია. მრისხანებას დაუმორჩილო თავი – ეს შეპყრობილობის ნიშანია. ვიღაც ვერცხლისმოყვარეა: ძმას გულის კარს უკეტავს, მოყვასს არ სწყალობს – ამით იესოს უარყოფს, კერპებს ემსახურება, მისი კერპი აპოლონია, შემოქმედის ნაცვლად ქმნილებას ეთაყვანება. ყველა ცოდვის ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა. თუ თავი შეიკავე და მძვინვარე ვნებებს გაუმკლავდი, ესე იგი კერპები გათელე, ცრურწმენა უარყავი, გახდი მოწამე, წმიდა აღმსარებლობა აღიარე.

 

აბბა ბესარიონმა თავის თავზე გვიამბო: ოცდახუთი წლის ასაკში იერუსალიმში წმიდა ადგილების მოსალოცად გავემგზავრე, იქ წმიდა გერასიმე იორდანელი ვიხილე. ხოლო როდესაც ალექსანდრიაში დავბრუნდი, მისი გარდაცვალების შესახებ შევიტყვე, ისიც გავიგე, რომ მის საფლავზე ბრდღვინვით ლომი მომკვდარა. ამ ამბავმა ისე აღმაფრთოვანა, რომ მთელი ჩემი ქონება დავარიგე, მხოლოდ მიწის ერთი ნაკვეთი დავიტოვე, რომელიც ალექსანდრიის მახლობლად არსებული დედათა მონასტრისთვის მინდოდა გადამეცა. მაგრამ ჯერ მამა ისიდორე პელუსიელს გავანდე ჩემი გეგმები, ვუთხარი: აბბა, თუ ღვთის კურთხევა იქნება, მინდა მონაზვნად აღვიკვეცო, ამიტომაც მთელი ქონება დავარიგე, მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი დავიტოვე, დედათა მონასტრისთვის გადასაცემად. ერთი სენატორი კი ამ ნაკვეთში სამოცდაათ ფუნტ ოქროს მთავაზობს; მივყიდო? ბერმა მიპასუხა: თუ ნაკვეთი სამოცდაათი ფუნტი ღირს, ორმოცდაათად მიეცი, ოქრო მონასტერს შესწირე – ასე ღვთისგანაც და ადამიანებისგანაც დიდ ჯილდოს მიიღებ. ხოლო თუ დედებს მიწას გადასცემ, მათ ჭორაობაში, უდებებასა და მცონარობაში ჩააგდებ; აშლილობამ შეიძლება გარყვნილებასაც მიაღწიოს; ერთი სიტყვით, დასაღუპავ უფსკრულში ჩააგდებ მათ. წმიდა ბერის დარიგებას ყური არ ვათხოვე, ჩემი ნებისამებრ მოვიქეცი, დედებს მამული გადავეცი და შეწირულობა ხელნაწერი დოკუმენტით საეკლესიო დასის, პატრიარქისა და იღუმენის თანდასწრებით დავამოწმე. შემდეგ მონაზვნად აღვიკვეცე და სკიტში დავსახლდი. 16 თვის შემდეგ მესიზმრა, რომ ღამე ბეთლემში ლოცვაზე ვიდექი, გაკაშკაშებულ ტაძარში იმყოფებოდნენ მამაკაცები, რომლებიც წმიდა საგალობელს გალობდნენ, და მეწამული სამოსით შემოსილი ენით აუწერელი მშვენიერების ქალბატონი. შიშმა შემიპყრო, წასვლა მოვინდომე, მაგრამ ერთ-ერთი მგალობელი მომიახლოვდა, მკაცრად შემომხედა და მრისხანე ხმით მითხრა: ევსტათე, მითხარი, რა პასუხს მოგვცემ დედათა მონასტრის შესახებ, რომელსაც მიწა გადაეცი და ამით უფალი განარისხე? თუ შენს მიერ გაფუჭებულ საქმეს არ გამოასწორებ, სიკვდილით დაგსჯი. მე ვუპასუხე: ბატონო! მე დედებს მამული, მონები და ხარები დასახმარებლად და არა უფლის განსარისხებლად გადავეცი. მაშინ ძოწეულით შემოსილმა ქალბატონმა თავისი წმიდა ბაგეები გახსნა და მითხრა: შვილო! ღმერთმა მიიღო შენი კეთილი ნება, მაგრამ ჩვენი სულების მოძულე ეშმაკმა ამ საქმეში მონაზონთა სულისა და სხეულის დაზიანების საბაბი იპოვა. მონაზვნებისთვის მამული სასარგებლო რომ ყოფილიყო, უფალი მათ ოქრო-ვერცხლის წვიმას არ მოაკლებდა, ქალაქებსა და სოფლებს დაუქვემდებარებდა. მაგრამ მათთვის, ვინც ზეციური სასუფევლისთვის წუთისოფელი უარყო, ეს სასარგებლო არ არის. ისინი ოფლით, შრომით, თავმდაბლობითა და მდუმარებით უნდა უახლოვდებოდნენ ღმერთს, და არა – ნაყროვანებით, მზვაობრობითა და სიმდიდრით. შემდეგ ხელი იმისკენ გაიწვდინა, ვინც პირველად დამელაპარაკა და მითხრა: ეს იოანე ნათლისმცემელია, მონაზონთა მოძღვარი და მასწავლებელი. მასთან ერთობაში ყოფნის მსურველებმა მის ცხოვრებასა და სათნოებებს უნდა მიბაძონ. ნათლისმცემელმა უთხრა: ღვთისმშობელო! მას შემდეგ, რაც ამ კაცმა მონასტერს მამული გადასცა, მონასტერი უვარგისი შეიქნა, გაქრა ღვთის შიში, სიფხიზლე, განსჯა, ლმობიერება, შრომა, მოკრძალება, მარხვა, მღვიძარება, გულის შემუსვრილება, გულისსიტყვების განხილვა, სიწმიდე, სიმშვიდე. მაშინ წმიდა ღვთისმშობელმა მითხრა: შვილო ჩემო, წადი, მონასტერი გამოასწორე! ამ საქმეში მე დაგეხმარები. შემდეგ იოანე ნათლისმცემელს მიმართა: მის გულზე ჯვარი გამოსახე, რათა გონების თვალით დაინახოს თავისი მტრები და ეს ჩვენება უბრალო ოცნებად არ მიიღოს. ნათლისმცემელმა მარჯვენა ხელი ასწია და ჩემს გულზე ჯვარი გამოსახა. გაღვიძებისთანავე ხელში ჯოხი დავიკავე, მამა ისიდორესთან წავედი და ჩემი ხილვის შესახებ ვუამბე. განა არ გეუბნებოდი, რომ მამული, რომელზეც მეურნეობაა მოწყობილი, საზიანოა მონაზვნებისთვის, განსაკუთრებით კი მონაზონი ქალებისთვის? თუკი მეურნეობის გამო მამაკაცები ხშირად ივლიან მათთან, ეშმაკი ამით ისარგებლებს და ორივე მხარეს დააზიანებს. მონაზვნები, განსაკუთრებით მონაზონი ქალები, არ უნდა მიემსჭვალონ მიწიერ საზრუნავს. ბერთან ერთად მონასტრისკენ გავეშურე. ტაძარში შესვლისა და ლოცვის შემდეგ უპირატესი მონაზვნები მოვიწვიეთ და ვუთხარით: გავიგეთ, რომ მიწა, რომელიც მე თქვენ მოგეცით, მეფის დაახლოებულ პირს სურს საპატრიარქოს გადასცეს. ამიტომ, მოვედით გასაფრთხილებლად, რომ თქვენ მოიფიქროთ, როგორ მოიქცეთ შექმნილ ვითარებაში. მონაზვნებმა გვიპასუხეს: როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, ისე მოვიქცევით. ამაზე ვუპასუხე: არ მაქვს იმის საშუალება, რომ მეფის დაახლოებულ ადამიანთან სასამართლო დავა გავმართო, მაგრამ თუ გნებავთ, მის ჩამოსვლამდე მიწას სენატორს მივყიდი, რომელსაც სურს მისი შესყიდვა;  აღებულ ფულს თქვენ მოგცემთ, ხოლო მეფის რწმუნებულთან თავად სენატორმა გაარკვიოს საქმე. მონაზვნებმა მიპასუხეს: თქვენი რჩევა საფუძვლიანია. მაშინვე წავედით და სენატორს მიწა სამოც ფუნტ ოქროდ მივყიდეთ, მონებს თავისუფლება მივანიჭე, ხოლო ოქრო მონაზვნებს გადავეცი. როდესაც მათგან გამოვედით, აბბა ისიდორეს ვუთხარი: მამაო, ჩემი ურჩობის გამო კინაღამ დავიღუპე. მართალს ამბობენ, რომ ქალებს მოწყალება არ უნდა მისცე. მამა ისიდორემ მითხრა: შვილო, ამას ნუ იტყვი! ასე ფიქრი ცოდვაა. ნამდვილად გეუბნები, თუ ვინმეს მონაზონი დედების დახმარება სურს, დაეხმაროს. მათი დამხმარე ბრმების, კოჭლებისა და კეთროვანების დამხმარეზე მეტად დაჯილდოვდება. მონაზონი ქალები უძლურები არიან, მათ უფლის სიყვარულისთვის წუთისოფელზე უარი თქვეს. მათ ჩვენს მსგავსად ხელსაქმის გასაყიდად ან მოწყალების სათხოვნელად გამოსვლა არ შეუძლიათ. ისინი გამოსვლას უფრთხიან, რათა თავი არ დაიღუპონ და სხვებიც არ დაღუპონ. თუ ისინი მონასტრის ღობეს გაცდებიან, ან თავს დაიზიანებენ ან მოყვასს ავნებენ, ერთ-ერთი აუცილებლად მოხდება. როდესაც უდაბნოს ფურირემი სოფლის მინდორში გამოჩნდება, ყველა მირბის მის სანახავად; ასევე, როდესაც მონაზონი ქალი მონასტრიდან გამოდის, განსაკუთრებით, თუ ის ახალგაზრდაა, ეშმაკი დიდსა თუ პატარას მისკენ აგზავნის. ამას არ ვამბობ ღვთის შიშით დაცულ მხცოვან მმარხველებზე, მათ ვნება არ მიადგებათ და არც თვითონ ავნებენ სხვას. ახალგაზრდებს კი მრავალი განსაცდელი ატყდებათ თავს. როგორც ისრით განგმირული ფურირემი, თუნდაც გაექცეს მონადირეს, მომაკვდინებელი ისრით მაინც დაიღუპება, – სულიც ასევე, თუკი ბიწიანი შეხედვით სიძვის ვნებისგან გულისთქმით მოიწყვლება, – სასიკვდილოდ დაჭრილი, თუნდაც გაექცეს დამაწყლულებელს, ვეღარ გადარჩება, მოკვდება. როდესაც ერისკაცები მშვენიერ მონაზონ დედებს ხედავენ, დაჟინებით უმზერენ მათ და ზიანდებიან; მონაზონი დედების სულებიც ხშირად გაუფრთხილებელი მზერით, თუნდაც საქმით არ შესცოდონ, უკურნებელი სენით ავადდებიან. ამიტომაც, ვინც მათთვის მოწყალებას გაიღებს, ბრმებისა და კეთროვანების ქველმოქმედზე ასჯერ მეტ ჯილდოს მიიღებს, იმიტომ, რომ მონაზვნებმა ღვთის სიყვარულისთვის უარყვეს ამქვეყნიური სიამაყე, შეიძულეს სოფლის ჭორაობა და შფოთი; ქვეყნიურ სიამეებს ქრისტეს მცნებები არჩიეს, თავმდაბლური ცხოვრება შეიყვარეს, დათმეს უსამართლო სიმდიდრე, მომხვეჭელობა, მამულები, ამასოფლის ამაოება, შეეუღლნენ ქრისტეს სიყვარულს, შეურაცხყვეს ოქრო-ვერცხლი, არ მოისურვეს მონებისა და მსახურების ყოლა; პირიქით, ქრისტეს სიყვარულისთვის თავად გახდნენ სხვების მსახურნი. ამიტომაც ვინც მონაზონი დედებისთვის მოწყალებას გაიღებს, უფლისგან დიდ ჯილდოსა და გვირგვინს დაიმსახურებს. ასეთმა ადამიანმა თავი ღვთის შიშით უნდა დაიცვას, რადგან ღვთის შიში სულს მოკრძალებისა და კეთილმოშიშების წესების დარღვევის უფლებას არ აძლევს. ხოლო ის, ვინც მამათა თუ დედათა მონასტერს დასახლებულ მამულებს აძლევს, მონაზვნებს კვლავ ამასოფლის მახეებში აბრუნებს. ვისაც მონაზვნის დახმარება სურს, მისცეს მას პური, ბურღული, ფული, შალი ან სელი. ასეთი მოწყალება მონაზონს საშუალებას აძლევს უშფოთველად მდუმარებდეს თავის სენაკში; ასეთი მოწყალება სრულყოფილია და ის უფლისთვის სათნოა. ეს მითხრა ბერმა და თავისთან დაბრუნდა; მე მას ქედი მოვუხარე და სკიტში გავემართე.

 

ჰყვებოდნენ ძმები აბბა გელასის შესახებ: მას თვრამეტ ოქროდ შეფასებული, პერგამენტის ყდიანი წიგნი ჰქონდა, რომელშიც მთელი ძველი და ახალი აღთქმა იყო ჩაწერილი. წიგნი ეკლესიაში იდო, რომ მისი წაკითხვა შესაძლებელი ყოფილიყო მთელი საძმოსთვის. ბერის სანახავად ერთი უცნაური ძმა მოვიდა, წიგნი დაინახა, ცდუნდა და მოიპარა. ბერმა გაიგო ამის შესახებ, მაგრამ წიგნის დასაბრუნებლად ქურდს არ დაედევნა. ძმამ წიგნი ქალაქში წაიღო და მყიდველის ძებნა დაიწყო. ბოლოს იპოვა მსურველი და წიგნი თექვსმეტ ოქროდ შესთავაზა. მყიდველმა უთხრა: მომეცი წიგნი, ჯერ ვინმე მცოდნეს ვაჩვენებ, თუ დავრწმუნდები, რომ მართლაც ამდენი ღირს, ვიყიდი. ძმა დაეთანხმა. მყიდველმა წიგნი შესაფასებლად მამა გელასის მიუტანა, ისიც უთხრა რამდენად იყიდებოდა. ბერმა მიუგო: იყიდე, კარგი წიგნია და ფასიც შესაფერისია. მყიდველი გამყიდველთან დაბრუნდა, მაგრამ ბერის სიტყვები შეცვლილად გადასცა. ასე თქვა: წიგნი მამა გელასის ვაჩვენე, მან მითხრა, რომ წიგნი ძვირფასია, მაგრამ შენს მიერ დადებული ფასი არ ღირს. ამ სიტყვების გამგონე ძმამ ჰკითხა: ბერს მეტი არაფერი უთქვამს? არაფერი, უპასუხა მყიდველმა. გამყიდველს გული მოულბა, წიგნის გაყიდვაზე უარი თქვა, ბერთან დაბრუნდა, თავისი საქციელი მოინანია, წიგნი დაუბრუნა და პატიება სთხოვა. ბერს წიგნის აღება არ სურდა. მაშინ დამნაშავემ უთხრა: თუ წიგნს არ დაიბრუნებ, სინდისი მთელი ცხოვრება არ მომასვენებს. ამაზე ბერმა უპასუხა: თუ სხვანაირად ვერ დამშვიდდები, მაშინ ავიღებ ამ წიგნს. ბერის მოთმინებით ჭკუანასწავლი ძმა სიცოცხლის ბოლომდე მასთან დარჩა.

 

აბბა გერონტი პეტრელმა თქვა: ბევრი, ავხორცობით განცდილი, ხორციელად არ სცოდავს, მაგრამ გონებით მრუშობს; ხორცის ქალწულებას ინარჩუნებენ, სულის ქალწულებას კი ხრწნიან. ჩემო საყვარელნო, აუცილებლად უნდა მოიკვეთოთ სიძვის გულისსიტყვებითა და ოცნებებით ტკბობა, მათთან ურთიერთობა და ყურადღების მიქცევა; წმიდა წერილი გვასწავლის: „ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ ამათგან გამოსავალნი ცხორებისანი“ (იგავ. 4, 23).

 

აბბა დანიელმა გვითხრა: ბაბილონში ერთი წარმართი კაცის ქალიშვილი ეშმაკის მიერ იყო შეპყრობილი. კაცი ერთ ბერს იცნობდა, რომელიც ეუბნებოდა: შენს ქალიშვილს, ჩემთვის ცნობილი განდეგილების გარდა, ვერავინ განკურნავს, მაგრამ რომ სთხოვო, სიმდაბლის გამო არ მოისურვებენ ამის გაკეთებას. აი, როგორ მოვიქცეთ: როდესაც ისინი ხელნაკეთს სავაჭროდ გამოიტანენ, მყიდველებად წარვუდგეთ და ნაყიდი ნივთებისთვის ფულის მისაცემად სახლში მივიწვიოთ. როდესაც მოვლენ, ვთხოვოთ ლოცვა აღავლინონ; მჯერა, შენი შვილი ასე განიკურნება. მართლაც ბაზარში წავიდნენ, იქ ერთ-ერთი ბერის მოწაფე კალათებს ყიდდა. მათ ფულის მისაცემად ბერი შინ მიიწვიეს. როდესაც იგი სახლში შევიდა, შეპყრობილი გამოვარდა და სახეში გაარტყა, მან კი, მცნების მიხედვით, მეორე ლოყა მიუშვირა. დემონი შეწუხდა და აყვირდა: ვაიმე, ქრისტეს მცნება მდევნის! ქალიშვილი მაშინვე განიკურნა. მომხდარის შესახებ ბერებს უამბეს. მათ ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეშმაკის ამპარტავნება ვერ უძლებს ქრისტეს მცნების სიმდაბლეს.

სწავლებები გამოკრებილია წმ. ეპისკოპოს ეგნატე ბრიანჩანინოვის „ოტეჩნიკი“-დან

თარგმნა ნინო ახალაძემ

 

 

უკან

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ა ს ა წ ყ ი ს ი

martlmadidebloba.ge - საეკლესიო საიტი - მართლმადიდებლური ბიბლიოთეკა